15-16 ივნისს, შაბათ-კვირას, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება.
„ზაფხულის ფესტივალი“ წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა.
უცვლელია ფესტივალის სლოგანიც – „ზაფხული იწყება აქ“.
ფესტივალი 15 ივნისს, 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება.
მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის გაიმართება თითების თეატრის წარმოდგენა, „სთრით არტი“, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცე და გაიმართება ფრანების შოუ.
ფესტივალის აფიშა ასე გამოიყურება:
ორდღიანი ფესტივალისთვის ჯამში 541 060 ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან.
ფესტივალის სივრცის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 218 760 ლარი იხარჯება. ეს თანხა გათვალისწინებულია ანბანის კოშკის მიმდებარე, 2000 მ² ტერიტორიაზე საბავშვო სივრცეების, ფოტო-ზონების, საზაფხულო ინსტალაციების, სივრცითი დეკორაციების, კვებითი ზონების და ლაუნჯების მოსაწყობად, ასევე თეატრალური მსვლელობისა და საზაფხულო განწყობის შემქნელ სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებისთვის. ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, შპს „კრეატივ-ჯგუფი“ მონაწილეობდა.
გარდა ამისა, 220 000 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან მუსიკალური პროგრამისთვის [ადგილობრივი და მოწვეული სოლო შემსრულებლებისა და ბენდების უზრუნველსაყოფად, ასევე საბავშვო გასართობი პროგრამების, თეატრალური წარმოდგენების, ანიმაციური გმირების შოუს, პანტომიმის, ილუზიონისტის შოუს, კოსტიუმირებული მსვლელობების, დრამების შოუსა და საღამოს პროგრამის სასცენო სრული ნაწილის ორგანიზებისთვის]. ეს ტენდერი შპს „მარკამ“ მოიგო.
ასევე, 102 300 ლარი ბიუჯეტიდან ფესტივალის სცენის მოსაწყობად დაიხარჯება. ამ ტენდერში გამარჯვებული ტენდერის ერთადერთი მონაწილე, შპს „ჯითი ჰოლდინგია“.
_____________________________________
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი