მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტოამბავი]

დღეს, 21 მარტს, აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს.

მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ქურიძის თქმით, შველი გარემოსდამცველებმა სოფელ ახალშენიდან მოიყვანეს:

„სოფელ ახალშენში დაფიქსირდა ცხელ ხაზზე ზარი, ადგილობრივმა იპოვა ეს შველი, დიდი ალბათობით მონადირის ან სოფლის ძაღლების მიერ იქნა ტყიდან გამოდევნილი და დაცულ ტერიტორიებზე გავუშვით,“ – ამბობს ის.

ფოტოზე ჩანს, რომ შველს რქებზე სისხლი აქვს. გიორგი ქურიძის თქმით, სავარაუდოდ შველმა რქები დაიზიანა, თუმცა „ამ ასაკში შველს რბილი რქა აქვს, აქერცლილია და მაგრდება შემდგომში, ამიტომ არ იქნება პრობლემა, თორემ არ გავუშვებდით, წავიყვანდით ზოოპარკში.“

ფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკი

გიორგი ქურიძე ამბობს, რომ ბუნებაში შვლის დაბრუნების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება. ტყის განაპირა სოფლებში შველი ხშირად მონადირე ძაღლებს ჩამოჰყავთ და გარემოსდამცველები ცხოველს მაჭახელას ან მტირალას ეროვნულ პარკში აბრუნებენ.

14-სართულიანი კორპუსი 4 ბელეტაჟის ნაცვლად ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, გორგასლისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე, შპს „ნეოპოლი“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ახალი მშენებლობა ამ ადგილზე ოთხი ერთსართულიანი ბელეტაჟის, ერთი სამსართულიანი სახლისა და ერთი ორსართულიანი სახლის დანგრევას ითვალისწინებს. მათ შორისაა ისტორიული, კრამიტით გადახურული სახლებიც.

დაგეგმილი 14-სართულიანი სახლის მშენებლობის შემდეგ გორგასლის ქუჩის მხარეს არსებული ორსართულიანი სახლები ორ მაღალსართულიან სახლს შორის მოექცევა

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი, რაც  იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილზე მშენებლობის უფლება კომპანიას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობით უნდა მიეღო. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, კომპანიას ზონალური საბჭოსგან თანხმობა მიღებული აქვს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურთან 2016 წელს იყო შეთანხმებული. ბათუმის მერი მაშინ გიორგი ერმაკოვი იყო. მშენებლობაზე ნებართვა კი 2018 წელს გასცეს, ანუ მოქმედი მერის – ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის საკუთრებაში 531 კვადრატული მეტრია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქს კიდევ ერთი მრავალბინიანი სახლი შეემატება, რომელსაც არ ექნება საკმარისი ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის.

შპს „ნეოპოლს“ მიწის ნაკვეთი, რომლებზეც ერთსართულიანი სახლები მდებარეობს, მშენებლობის მომსახურების გაწევის პირობით შეუსყიდია. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული და მას ლაშა ბალაძე [75%] და მირიან დევაძე ფლობენ [25%].

სამშენებლო მოედანი უკვე შემოღობილია, თუმცა ადგილზე გამოკრული არ არის საინფორმაციო დაფა

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის ხარჯზე ჟურნალისტებს ფურშეტი გაუმართა

დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია და ალაფურშეტი გაუმართა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური განმარტავს, ქალაქის მერიაში მიღებაზე ქუთაისში მოქმედი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი მიიწვიეს. წვეულებას ასევე ესწრებოდნენ ყოფილი ჟურნალისტებიც.

ფურშეტის ამსახველი ფოტოები  ფეისბუქზე  ქუთაისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა გაავრცელეს.

“ბათუმელები” დაინტერესდა, რა თანხა დახარჯა ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან აღნიშნული ღონისძიების გასამართად. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, ფურშეტისთვის ქუთაისის მერიამ 1100 ლარი დახარჯა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას. მის განმარტებას მიღებისთანავე, აქვე შემოგთავაზებთ.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი მიღება ყოველწიურად იმართება.

ჟურნალისტებისთვის გამართული ფურშეტი ქუთაისის მერიაში

 

ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

დღეს, 21 მარტს, ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, მათგან ერთი კი ქვეითს შეეჯახა და ავარიის შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ მათ საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს: ქალის დახურული დაზიანებით, ტუჩების ნახეთქი ჭრილობებით და თავზე ნაკაწრებით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამ ადგილას ავტოავარია ხშირად ხდება და მოქალაქეები ე.წ. „მწოლიარე პოლიციელების“ განთავსებას ითხოვენ.

4 მარტს „ბათუმელებს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში უთხრეს, რომ ეს ადგილი შესწავლილია და მერიამ საპატრულოსგან „მწოლიარე პოლიციელების“ მოწყობის ნებართვა უკვე მიიღო. კეთილმოწყობის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ჩაიკოვსკისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში „მწოლიარე პოლიციელის“ მოსაწყობად სატენდერო პროცედურა უკვე დაწყებულია.

მთავარ ფოტოზე: ავარიის ადგილი. თინა ჭკუასელის ფოტო/FB

ამავე თემაზე: 

„ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს“ – ორი ავარია ერთსა და იმავე ადგილას ნახევარ საათში

 

ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს დასრულდება. ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს.

აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია:

[checklist]

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი, მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის ვადაში დაამუშაოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაცია და მიიღოს მშენებლობის ნებართვა. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში დაასრულოს მშენებლობა და გაუშვას ექსპლუატაციაში; არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებით, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს.

[/checklist]

მთლიანობაში, მომავალმა მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასაყიდი ტერიტორია ქობულეთში, ფიჭვნართან ახლოს, დავით აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედაა. მომიჯნავე ნაკვეთები უკვე გასხვისებულია სხვადასხვა კერძო კომპანიებზე: „სის ინვესტი“, ელ&ერ კომპანი“, „არგო ანურია“.

– – – – – –

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში არის ნაკვეთები, რომლებიც დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და რომლებიც „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია განიკარგოს, შესაბამისი საინვესტიციო წინადადებების ფარგლებში, მათ შორის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით“.

ქობულეთში ასეთი მიწის ნაკვეთები განთავსებულია დავით აღმაშენებლის გამზირზე და აბაშიძის ქუჩაზე [საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ].

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორი ნაკვეთიდან ერთი ფიჭვნარია, გამწვანებული ტერიტორია [კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრების მიმდებარედ], რომელსაც დამსვენებლები და ტურისტები ზღვის სეზონზე კემპინგისთვის იყენებენ. თუ ეს ნაკვეთებიც გასხვისდება, ფიჭვნარის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ნაკვეთი აღარ იქნება. 

მეორე ნაკვეთი კი გასაყიდად უკვე გამოტანილია აუქციონზე.

ამ თემაზე: გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

გასაყიდი მიწის ნაკვეთები ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე [ბობოყვათის რეზიდენციასთან]
აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთი ქობულეთში და ნაკვეთი ფიჭვნარში, რომელიც სამომავლოდ გაიყიდება
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთი ქობულეთში / სამინისტროს ფოტო

ნუ დაუყრით ფრინველებს მზესუმზირას და ბატიბუტს

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხე 2006 წლიდან ფუნქციონირებს. აქ ვარხვები, ციცრები, ფარშავანგები, გედები, თუთიყუშები და სხვადასხვა ჯიშის იხვები ბინადრობენ – ეგზოტიკური და დეკორატიული ფრინველები.

ხუჭუჭა ჯიშის ვარხვი, როგორც ზოოკუთხის ზედამხედველი ამბობს, 15 წლისაა და ზედმეტსახელიც აქვს – ,,ბებერო“. ის დღეში 2 კგ – მდე თევზს მიირთმევს.

აქ ბინაადრობენ მუსკუსური სახეობის თეთრი იხვებიც. მათი სამშობლო ლათინური ამერიკაა და ველურ ბუნებაში გვხვდებიან. კაროლინკები და მანდარინკებიც იხვების სახეობაა, რომლებიც ზოოკუთხეში შეგიძლიათ ნახოთ.

სისინა ჯიშის დაუძლურებული გედები გარემოს დაცვის სამსახურმა ჩააბარა ბულვარის ზოოკუთხეს წლების წინ. აქ  მათ მოუარეს და გამოაჯანსაღეს. გედებს სიმინდს, ხორბალს, სტაფილოს და კომბოსტოს  აჭმევენ.

ბულვარის ზოოკუთხე / ფოტო: ბათუმის ბულვარი

ბულვარის ზოოკუთხეს 2005 წლიდან ამირან მურვანიძე ზედამხედველობს. მისი დილა 9 საათზე ფრინველების დათვლითა და შემოწმებით იწყება.

როგორც ის ამბობს, ხშირად ბავშვები და მშობლები ბულვარის ზოოკუთხის ბინადრებს მზესუმზირითა და ბატიბუტით კვებავენ, რაც სასტიკად დაუშვებელია. მარილიანი და შემწვარი მარცვლეული ფრინველებისთვის საზიანოა. ფრინველების მომვლელი გვეუბნება, რომ მზესუმზირა შედის ფრინველების რაციონში, თუმცა მხოლოდ უმარილო და უმი სახით.

ბულვარის ზოოკუთხე / ფოტო: ბათუმის ბულვარი

ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART Campaign-მა ფინკა ბანკს მეორედ მიანიჭა სერტიფიკატი. ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი გადაეცა როგორც მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური.

SMART Campaign-ის აუდიტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფინკა ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის 7 ძირითად პრინციპთან, მათ შორის  არის – მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან, ჭარბვალიანობის პრევენცია, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა, პროდუქტის დიზაინი და გონივრული ფასი.

ფინკა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სერტიფიკატი პირველად 2016 წელს მიიღო. ფინკა ბანკი არის პირველი ქართული საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც SMART სერტიფიკატი გადაეცა. სერტიფიკატი 4 წლიანია, თუმცა მიღებიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ კვლავ უნდა გაიაროს აკრედიტაცია და დაადასტუროს მომხმარებლეთა დაცვის პრინციპების შესაბამისობა. ფინკა ბანკმა ამჯერადაც დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია მომხმარებლების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეფუძნება სამართლიან და ეთიკურ მიდგომებს.

როგორც ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა აღნიშნა, სერტიფიკატის მეორედ მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინკა ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. “მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მივიღეთ SMART სერტიფიკატი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტისთვის, რაც ასე პრიორიტეტულია ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ ფინკა ბანკის საქმიანობა დაფუძნებულია სამართლიანობასა და ეთიკურობაზე და ეს უკვე აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას“.

ფინკა ბანკი 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე მუშაობს და ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს. SMART Campaign მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა საფინანსო სექტორში.

შს სამინისტრომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით ბათუმში გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, გონიოს ხიდთან არსებულ ე.წ. „ბეიკერის ორმოსთან“ დაკავშირებულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ფეისბუქზე გავრცელდა. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ, ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად, ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან.

გუშინ, 20 მარტს, ბათუმში ევროპის მოედანზე აქციაც გაიმართა მოთხოვნით – „შეწყდეს ცხოველების წამება“. ასე მოქალაქეები ფეისბუქზე გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურნენ და ფაქტის შესწავლა და კანონის გამკაცრება მოითხოვეს.

ბათუმში ქუჩაში მყოფი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია ცხოველთა თავშესაფარში ხდება. თავშესაფარი კომპანია CEBEP-ის დაარსებულია და იგი ბოლო ოთხი წელია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს. თავშესაფარში სტერილიზაციისა და ვაქცინაციის შემდეგ ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნონ.

თავშესაფრის დამაარსებელი კომპანია CEBEP-ის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯემალ გოგიტიძე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას და „პროვოკაციას“ უწოდებს. იგი ადასტურებს, რომ „ბეიკერის ორმოში“ მკვდარ ცხოველებს მარხავენ, თუმცა მხოლოდ იმ ცხოველებს, რომლებიც დაავადებულები არიან, ამის გამო მათი ევთანაზია მოხდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. იგი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გახსნეს „ბეიკერის ორმო“, რომელიც ბოქლომით იყო ჩაკეტილი.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

30-ლარიანი „კვების ბარათები“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის – ბარათების გაცემა დაიწყო

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ბარათი დღეიდან ცალკე გაიცემა. საქართველოს 36 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში მშობლები ბანკში კი არ აიღებენ კვებისთვის ჩარიცხულ თანხას, არამედ „კვების ბარათით“ ისარგებლებენ და უშუალოდ სურსათის მაღაზიებში იყიდიან პროდუქტებს ამ ბარათით. მშობლები მხოლოდ ალკოჰოლის და თამბაქოს თანხის გადახდას ვერ მოახერხებენ ბავშვთა კვებისთვის განსაზღვრული ბარათით.

„ეს იყო გაეროს ბავშვთა ფონდის – „იუნისეფის“ რეკომენდაცია. სატესტო რეჟიმი ერთ წელს გაგრძელდება. თუ ეს გაამართლებს, ყველა მუნიციპალიტეტში იმუშავებს ეს სქემა,“ – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრში.

ამ ეტაპზე ძველი სისტემა აჭარის რეგიონში მხოლოდ ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში რჩება.

სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს ის ბავშვი, რომლის ოჯახს 100 001 და ნაკლები ქულა აქვს სოციალურად დაუცველთა ბაზაში. დახმარება თვეში 50 ლარია და მისი აღება მოზარდებს 16 წლამდე შეუძლიათ.

„კვების ბარათზე“ ბავშვებს 30-30 ლარი დაერიცხებათ, დანარჩენი – 20 ლარი კი ისევ საბანკო ანგარიშზე დაირიცხება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მშობლებმა კვების ვაუჩერისთვის გათვალისწინებული საბავშვო ბარათი მათ საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში უნდა აიღონ. ბანკი ბარათს ოჯახის სრულწლოვან პირს გადასცემს, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.

ეს პროგრამა არ ითვალისწინებს ტრანსპორტირების ხარჯებს. მაგალითად, შესაძლოა ოჯახი შუახევის სოფელ ნაღვარევში ცხოვრობდეს. ის ბავშვის კვების ბარათის გასანაღდებლად შუახევის ცენტრში მდებარე მაღაზიაში უნდა ჩამოვიდეს, სადაც ბარათით საკვების შეძენას შეძლებს.

საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია იხილეთ ბმულზე: https://gov.ge/s/551e7

რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს

ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მთის კარიერზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს – აქედან ქვის ლოდებს ეზიდებიან. 13 მარტს მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ასეთი კომისია აჭარის მთავრობაში შექმნილი არ არის. სოფელში სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, ლიცენზიანტ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ  მოსახლეობა კანონიერ საქმიანობაში ხელს უშლის და მათ პრეტენზიებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

„დამიკავშირდა კვირიკეს მოსახლეობა და, როგორც მითხრეს, ხელწერებს აგროვებენ კარიერის დაკეტვის თაობაზე. მოსახლეობა ამბობს, რონ სახლები დაზიანდა, წყალი გაქრა, გზები ნადგურდება… მე ხელშეკრულებასაც არ ვიცნობ და მინდა ჩავიხედო, რა ვალდებულებებით არიან საერთოდ ეს კომპანიები შესული, როცა ვალდებულებებს აძლევენ, იქ გზებიც უნდა აღადგინონ, თუ გარემოს ადგება ზიანი, იქ გარემოს დაცვაც უნდა ჩაერთოს საქმეში და აბსოლუტურად ყველა… სესიებზე ვარ თბილისში, ჩამოვალ და იმ კვირაში ყველა საკითხს გავივლი დეტალურად“, – გვითხრა ქობულეთის მაჟორიტარმა საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძემ.

დეპუტატი 13 მარტს შეხვდა კვირიკეში მოსახლეობას. მაშინ კობა ნაკაიძე „ბათუმელებს“იმაზე ესაუბრა, რას დაჰპირდა მოსახლეობას ქობულეთის მერის მოადგილე – „საკითხი გადაცემულია აჭარის მთავრობაზე, მას შესაბამისი კომისია შეისწავლის და ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებასო“.

ამ თემაზე: სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

დეპუტატის ინფორმაციას, რომელსაც ის ქობულეთის გამგებლის მოადგილისგან ფლობდა, არ ადასტურებენ აჭარის მთავრობაში. აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვირიკეს საკითხზე კომისია შექმნილი არ არის. იგივე განაცხადა ჩვენთან ქობულეთის მერის მოადგილემ.

„კომისია არა, არ არის შექმნილი. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ვუშუამდგომლებთ შესაბამის უწყებებთან, ვისაც კარიერზე ზედამხედველობა ევალება. მოსახლეობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია ამ უწყებებზე და კონტროლზე ჰყავს მერიას ეს საკითხი აყვანილი“, – გვითხრა დავით ვერულიძემ, ქობულეთის მერის მოადგილემ.

მერის მოადგილის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი იმ უწყების, რომელიც სალიცენზიო საქმიანობას აკონტროლებს, მაქსიმალურად ჩართულობა იქნება საჭირო, რომ კარიერი გაკონტროლდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ეს უწყება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

„მოსახლეობის ერთი ნაწილი სამუშაოების გაჩერებასაც ითხოვს, მაგრამ ეს სალიცენზიო საქმიანობაა – კონკრეტულ სუბიექტს ლიცენზია აქვს მოპოვებული და სამართლებრივად მისი სამუშაოები კანონიერია… ვცდილობთ, ეს ურთიერთობა რაღაც ჩარჩოებში მოექცეს და მოწესრიგდეს“, – ამბობს დავით ვერულიძე.

ზედა კვირიკეს მიმდებარედ ანდეზიტო-ბაზალტის საბადოდან 51 000 კუბური მეტრი საღორღე ნედლეულის მოპოვების ლიცენზიაზე აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014  წელს გამოაცხადა. აუქციონი, სადაც ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა, ამავე წლის ნოემბერში დასრულდა. ლიცენზია 1356-ე ბიჯზე, 979 012 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 7 167 ლარი იყო.

ლიცენზიანტი კომპანია არის შპს „ქობულეთი მ“, რომელიც 2013 წელს დააფუძნა ქობულეთში ნუგზარ მახარაძემ. ის კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორია.

„5 წელია ნაყიდი მაქვს და ვალის გარდა არაფერი მრჩება. მოსახლეობა არ გვაძლევს მუშაობის საშუალებას, არადა ნებართვით, ოფიციალურად და კანონიერად ვაკეთებ ყველაფერს აფეთქების ჩათვლით. თან არანაირი გვირაბული, პატარ-პატარა აფეთქებებს ვახდენთ. ხელისუფლებამ მომყიდა ლიცენზია, მოსახლეობა კი გამოდის და – არ გაიაროთ, გზა გაფუჭდა, სახლი დამეშალა… მოსახლეობას პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს და მე მუშაობის საშუალება უნდა მომცენ. გზა სადაც დაზიანდა, ჩემმა კომპანიამ გააკეთა. 1,5 წელი დამრჩა და ასეთ პირობებში როდის გამოვიტან იმ მოცულობის ნედლეულს არ ვიცი. ავტომანქანის ერთ ღერძზე მაქსიმუმ 10 ტონა ტვირთს ვდებთ – რამდენღერძიანიცაა მანქანა, იმის მიხედვით. ეს შეთანხმებულია აჭარის საგზაოსთან და ამასთან ყველა შესაბამის უწყებასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული“, – გვითხრა ნუგზარ მახარაძემ.

ლიცენზიანტს ამჟამად ჰყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია „კონსორციუმი“, რომელიც უშუალოდ ეზიდება ლოდებს ბათუმში, სადაც ზღვის ნაპირდამცავი სამუშაოები ტარდება. კვირიკეს მოსახლეობა ამბობს, რომ ტექნიკური ნორმები დაცული არ არის და მანქანებს 20-30 ტონის ნაცვლად 45-50 ტონა და მეტი ტვირთი გადააქვს.

„ვინ აწონა? ყოველდღიური და ყოველსაათობრივი კონტროლი გვაქვს ტვირთის. მანქანა ყოველდღე ადის სასწორზე, იწონება და rs.ge-ზე [შემოსავლების სამსახური-ავტ.] იტვირთება ყველაფერი – ოფიციალურად გადააქვს ტვირთი. გადაიტანო ზედმეტი და მიუთითო ნაკლები, არ ხდება ასე. მოსახლეობას თუ აქვს პრეტენზია, ჟურნალისტი რა შუაშია, რატომ უნდა გავცე თქვენს კითხვებს პასუხი, ვერ ვხვდები. ხელშეშლაა ის, როცა გვერდზე ვიღაცა რაღაცას იტყვის და ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში გოდეძი გოგიბერიძემ, შპს „კონსორციუმის“ დირექტორმა.

მისივე თქმით, „ასეთი ფაქტი – ზედმეტი ტვირთი გადაჰქონდა მანქანას, რომ ყოფილიყო, ის დაჯარიმდებოდა. მანქანის პატრონიც არ იზამს 30-ის ნაცვლად 40 ტონა დადოს და სასწორზე ნაკლები გაატაროს. ასეთი არ ხდება. არის ისეთი მანქანები 50-და 60 ტონის გადატანა შეუძლიათ, მაგრამ მასეთზე უნდა მივიღოთ სპეციალური ნებართვა საპატრულოში, თუმცა ასეთი მანქანა არ მუშაობს ჩვენთან და არც ასეთი ტვირთი გადის“.

კომპანიის დირექტორს სოფლის გზის დაზიანებაზეც ვკითხეთ. „გზის პრობლემა იყო, აღმოვფხარით და როცა გაფუჭდება, ყოველთვის უნდა გავარემონტოთ. ჯერჯერობით, მთავარია გზა შევინარჩუნოთ სამუშაო მდგომარეობაში. ბოლოს კი, როცა მუშაობას დავამთავრებთ, უნდა აღვადგინოთ, გავაკეთოთ ახალი გზა. ეს ვალდებულება აღებული გვაქვს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით“, – გვითხრა გოდერძი გოგიბერიძემ.

კითხვაზე, როდის დაასრულებს კომპანია მუშაობას? – გოდერძი გოგიბერიძე ამბობს, რომ მას კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს.

„როგორც ვიცით, საპატრულო პოლიცია აკონტროლებს ავტომანქანებზე ტვირთის წონას“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

არის თუ არა შეთანხმება საპატრულო პოლიციასთან, კონტროლდება თუ არა ტვირთის წონა, ან იყო თუ არა დარღვევები – ამ კითხვებზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მეოთხე დღეა ველოდებით.

ტვირთის გადაადგილებას სოფლის გზაზე არ აკონტროლებს არც ქობულეთის მუნიციპალიტეტი. „ჩვენ არ ვაკონტროლებთ. რამდენადაც ვიცი, მათ აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან სპეციალური ზედამხედველი ჰყავთ“, –  გვითხრა მინდია რომანაძემ, ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

მოსახლეობა ამბობს, რომ კვირიკედან ქვა არალიცენზიანტ კომპანიებსაც გააქვთ და არავინ აკონტროლებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვირიკეს კარიერის საკითხი მათ არ ეხებათ.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, ნებისმიერ კარიერს ამოწმებენ როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად. თუმცა, მოიპოვებენ თუ არა კვირიკეს მიმდებარედ ქვას უკანონოდ, ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კვირიკეს მიმდებარედ ნედლეულის მოპოვებაზე ლიცენზია სამ კომპანიას ჰქონდა. ამჯერად იქ მხოლოდ ერთი ლიცენზიანტი, შპს „ქობულეთი მ“ მუშაობს: „კომპანია „ლიბერთიმ“ დაასრულა მუშაობა, ლიცენზია ჰქონდა კიდევ ერთ კომპანიას „ჯორჯტრანსს“, მაგრამ არ უმუშავია და არც მუშაობს. მთის კარიერებს, სადაც ლიცენზია ჩვენი სამინისტროს მიერ არის გაცემული, ზედამხედველობს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება. თუ რაიმე გონივრული ეჭვი იქნება ან შემოვა შეტყობინება, განყოფილება იმ შეთხვევაში სწავლობს საკითხს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქობულეთი მ“ კარიერამდე მისული არ არის: „კომპანიას ამ ეტაპზე კარიერამდე მისასვლელი გზა გაჰყავს. დაახლოებით სამი წლის წინ მოხდა ინსპექტირება ჩვენ მიერ და გზის სამუშაოების მოწყობაზე ეს კომპანია 1000 ლარამდე დაჯარიმდა – გზის საზღვრების 1-1,5 მეტრომდე ცდომილებისთვის“.

საქართველოს შინაგან საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანება:

[checklist]

  • ზენორმატიულად დატვირთულ (მძიმეწონიან) ავტოსატრანსპორტო საშუალებად ითვლება ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას.
  • საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების შესაძლო ნაწილობრივი რეკონსტრუქციის ღონისძიებების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები) ეკისრება გადამზიდველს.
  • გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისათვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

[/checklist]

საქართველოს მთავრობის დადგენილება:

[checklist]

  • ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით (რეკომენდაციით).
  • საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება საპატრულო პოლიციასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებული მარშრუტით.

[/checklist]

მთის კარიერი სოფელ კვირიკესთან / ფოტო სატელიტიდან, 2018 წ.
მთავარი ფოტო: სოფელ კვირიკეში, ძველ მეჩეთთან/ჯამესთან ახლოს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა / 16.03.2019

ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა არ იცის, რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები  

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში მოხვდა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის.

ბსუ-ს რექტორის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები რომ დააწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სანქციების რამდენიმე მიზეზია დასახელებული – მათ შორის, „ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა“, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზების ჩატარება და ხელშეწყობა“, „ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება“, „ყირიმში უკანონოდ ჩასვლა“, „უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება“.

მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ის უკრაინაში არასდროს ყოფილა. მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს, იყო მიწვეული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ანტიკურ პერიოდს შეეხებოდა, თუმცა არ წასულა.

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ის დღეს, 21 მარტს, აპირებს ოფიციალური წერილით მიმართოს საქართველოს საელჩოს უკრაინაში და განმარტება მოითხოვოს.

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით მისთვის უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად არ უცნობებია.

„ახლა გავიგე, როცა „რადიო თავისუფლება“ დამიკავშირდა. 2017 წელს ტავრიის ხერსონესის მუზეუმის ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ხერსონესის ანტიკური რელიქვიები“. ეს იყო სევასტოპოლში.

მე, როგორც ამ პერიოდის ანტიკური შავიზღვისპირეთის მკვლევარსა და ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრს, მქონდა მიწვევა, მაგრამ არ წავედი და არც მოხსენება გამიგზავნია. როგორც ჩანს, ამ მიწვევის გამო მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ეს სანქციები მისთვის სრულიად გაუგებარია: „ამ ბრძანებაში ასევე ნახსენებია არქეოლოგი მირანდა თურმანიძეც, რომელიც, როგორც ვიცი, ასევე, არ არის ნამყოფი უკრაინაში.

ახლა ვამზადებთ ოფიციალურ ტექსტს და მივმართავთ უკრაინაში საქართველოს საელჩოს და ასევე, უკრაინის საელჩოს საქართველოში“, – ამბობს ხალვაში.

„ბათუმელები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე  საქართველოში უკრაინის საელჩოს უნდა მივმართოთ.

„გასული საუკუნის წარმატებული ქალები“ – საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

პარასკევს, 22 მარტს, 12 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია „გასული საუკუნის წარმატებული ქალები“.

ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე მსმენელებს გააცნობენ საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოღვაწე აქტიურ ქალებს – პოლიტიკოსებს, პედაგოგებს, ხელოვანებს, აქტივისტებს, მათ საქმიანობასა და ზოგადად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკას ქალთა საკითხებისადმი.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ფარნავაზ მეფის 33.

2019 წლის მარტში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. კამპანიის ფარგლებში ქსელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა უფლებებისა და მონაწილეობის თემაზე არაერთ ლექციასა და შეხვედრას მართავს. აღნიშნული ლექციაც სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში იმართება.

შსს: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონი ამოიღეს

შს სამინისტრომ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავა.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 21  მარტის 21 საათიდან 22  მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2-7 გრადუსი 
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ ქველიაშვილი

საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას. 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი.

ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ საქართველოს საზღვაო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი დირექტივების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

„საზღვაო ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა, რაც საქართველოს ამჟამად არ გააჩნია და მისი შემუშავება, თავის მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრება სწორი მიმართულებები და შემუშავდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დარგის მდგრად განვითარებას.

პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ დირექტივებზე:

[checklist]

  • ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საზღვაო სტრატეგიის შემუშავება;
  • ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/45/EC დირექტივა სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების შესახებ;
  • ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/96/EC დირექტივა რომლითაც ჩამოყალიბდა სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზებული მოთხოვნები და პროცედურები.

[/checklist]

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმმა ტურიზმის ოსკარების ნომინაციაზე უნდა გაიმარჯვოს

ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის ტიტული შესაძლოა ბათუმმა მიიღოს. ამ ნომინაციაზე ბათუმი World Travel Awards-მა წარადგინა. ამ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე ხმის მიცემა, რის მიხედვითაც გამარჯვებული გამოვლინდება,  28 აპრილამდე არის შესაძლებელი.

ეს ამბავი დღეს, 20 მარტს, ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გააცნო.

“ეს არის მსოფლიო ტურიზმის „ოსკარებად“ წოდებული ნომინაცია. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმმა გაიმარჯვოს ამ ნომინაციაში,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საზოგადოების აქტიური ჩართულობის იმედი აქვს სულხან ღლონტს. მისი განმარტებით, ბათუმმა ყურადღება მზარდი ტურისტული ნიშნულით მიიპყრო, რაც ბოლო წლებში 15 პროცენტია.

კონკურსში ბათუმის კონკურენტები არიან: სოფია [ბულგარეთი], მატერა [იტალია], ბაქო [აზერბაიჯანი], ლუბლიანა [სლოვენია] და კუტნა ჰორა [ჩეხეთი].

გამარჯვებული 8 ივნისს პორტუგალიაში, მადეირაზე გამართული დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.

World Travel Awards-ი ამ კონკურსს 1993 წლიდან ატარებს. ბათუმი ამ ნომინაციაში პირველადაა წარდგენილი.

ხმის მიცემა ბათუმისთვის შესაძლებელია ვებგვერდზე: Worldtravelawards.com/vote

„შეწყდეს ცხოველების წამება“ – საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე

„შეწყდეს ცხოველების წამება“ – ამ მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანების თქმით, უნდა გამკაცრდეს კანონი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცხოველებს და, მათ შორის, ძაღლებს აწამებს.

ბათუმის მერიის სანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით კი, ძაღლებს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაბამისი პროცედურების შემდეგ უკეთებენ ევთანაზიას.

აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე

ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან 18 ათასამდე გაიზარდა – დისკუსია

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებელი 18 ათასამდე გაიზარდა – ამ მაჩვენებელზე დღეს, 20 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა, გოგა ტაბატაძემ ისაუბრა. „შეჩერების მექანიზმზე საუბარი არ არის, მაგრამ არ გვინდა, რომ ამის წინაპირობა შეიქმნას. ამაზე მინდა გესაუბროთ,“ – უთხრა სტუდენტებს გოგა ტაბატაძემ.

უვიზო მიმოსვლის თანამედროვე გამოწვევებზე უნივერსიტეტის სტუდენტებს გოგა ტაბატაძესთან ერთად მიხეილ უკლება შეხვდა, რომელიც დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარია. შეხვედრა ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

მომხსენებლების თქმით, უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი მაჩვენებელია, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

„თანაც ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველო ევროპამ აღიარა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა… უკრაინა, სადაც რუსეთთან კონფლიქტის გამო, თითქმის ყოველდღე კვდება, ან ზიანდება ადამიანი, იქედან არ ითხოვს ამდენი ადამიანი თავშესაფარს. ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა… ბოლო ორი წლის განმავლობაში, 600 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით. ეს 18 ათასი ადამიანი საფრთხეს უქმნის ამ 600 ათასს“ – უთხრა სტუდენტებს მიხეილ უკლებამ.

„იქნებ იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რის გამოც ტოვებენ ადამიანები ქვეყანას. ვფიქრობ, ადამიანებს არ უხარიათ ქვეყნის დატოვება….“ – თქვა სტუდენტმა, ლია ირემაძემ.

მიხეილ უკლება: „თქვენი აზრით, ვის უნდა ყველაზე მეტად, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდეს, რუსეთს ხომ? ასე რომ, არ უნდა დავასხათ წყალი სხვის წისქვილს… თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს“.

სტუდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმაც უპასუხა. გოგა ტაბატაძემ თქვა, რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთში გახშირდა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევები.

„ისინი მიდიან სხვადასხვა დაავადებით და იმ მოტივით, რომ იქ მიიღონ თავშესაფარი… რეალურად იზრდება საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების მაჩვენებელი,“ – აღნიშნა გოგა ტაბატაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მოქალაქეები აღარ ამბობენ, რომ ისინი იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით, ან მაგალითად, სექსუალური ორიენტაციის გამო.

გოგა ტაბატაძე: „ეს აღარ ჭრის, ახალ მიდგომებს იყენებენ, მაგალითად, ახალი ტრენდია ორსული ქალის წასვლა, რომელიც იქ ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, პოლიცია ვერ იცავს მის უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ახალი ტრენდია ასევე მცირეწლოვანი ბავშვების წაყვანა. ევროპის ქვეყნებში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, ბავშვს ქუჩაში ვერ დატოვებენ. საქართველოს მოქალაქეები იქ ეუბნებიან, რომ სისხლის აღების ეშინიათ, თითქოს ბავშვებით ამიტომ გაიხიზნენ ევროპაში…“

საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მონაცემებით, ბოლო პერიოდში დღის წესრიგში აღარ დგას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალის ჩადენის შემთხვევები. გოგა ტაბატაძე ირწმუნება, რომ ეს მაჩვენებელი არც წინათ იყო მაღალი და ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„იყო ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს და შემდეგ გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო… მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ დარტყმა მოეყენებინა ჩვენთვის, ეს იყო რუსული პროპაგანდის ნაწილი,“ – მიიჩნევს გოგა ტაბატაძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს „უსაფრთხო ქვეყნის სტატუსზე“ შეკითხვა სტუდენტმა გიორგი ბოლქვაძემ დაუსვა. „თქვენ რა კვლევებს ეყრდნობით, როცა ამბობთ, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ?  კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ისევ არსებობენ მოწყვლადი ჯგუფები და შევიწროების ფაქტებიც არსებობს…“ – იკითხა მან.

„შესაძლოა, სადმე არსებობს, მაგრამ ასეთი შემთხვევები რომც იყოს, შეუძლებელია ეს 18 ათას აღწევდეს… ეს ძალიან მაღალი ციფრია,“ – უპასუხა მას გოგა ტაბატაძემ.

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს რამდენ მოქალაქეს უთხრეს უარი თავშესაფრის მიღებაზე და რამდენს მისცეს სტატუსი? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე საგარეო საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და იგი მარტის ბოლოსთვის, ანუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ორი წლისთავის გასვლის შემდეგ გვექნება.

სტუდენტმა გიორგი ბოლქვაძემ ასევე დასვა შეკითხვა ხიჭაურის უნივერსიტეტზე, სადაც მიმდინარე წლის 4 მარტს მემორანდუმი რუსულ უნივერსიტეტთან გააფორმეს. სტუდენტს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა უპასუხა, რომ „მუდმივი ომი არ არსებობს“.

„ჩვენ დღეს არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სხვათა შორის, უკრაინას ხუთწლიანი ომის მიუხედავად, აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა… მუდმივი ომი ხომ არ არსებობს. რომ გადახედოთ ევროპის ისტორიას, ნახეთ, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, სულ ომებში იყვნენ, მაგრამ შეიცვალა რეალობა… რუსეთთან მიდის პროცესი ახლა, აღდგა მიმოსვლა, რამდენი რეისია ნახეთ, ბათუმიდან სრულდება ბევრი რეისი, გაიხსნა საავტომობილო მიმოსვლა, ვაჭრობა გაიზარდა – პირველ ადგილზეა რუსეთთან, პარალელურად ტურისტები შემოდიან, მილიონ 400 ათასი რუსი ტურისტი იყო შარშან, თუმცა როდესაც ქვეყანა არის ოკუპანტი, ესეც უნდა გაითვალისწინო, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად…“ – აღნიშნა მიხეილ უკლებამ.

სტუდენტს იქვე მყოფმა მერაბ ხალვაშმაც უპასუხა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა:

„მე დავაზუსტებ, საუბარია ერთ-ერთ უნივერსიტეტზე, რომელმაც გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ შემთხვევაში ეს არ არის დიპლომატიური ხასიათის მემორანდუმი, ეს არის სამეცნიერო და უნივერსიტეტი არის ავტონომიური, მაგრამ აქ დგება უნივერსიტეტის პასუხისმგებლობის საკითხი: სად სხვაგან, თუ არა უნივერსიტეტში, უნდა იყოს უმაღლეს დონეზე ეროვნულობის და სახელმწიფოებრიობის განცდის დაცვა?“

 

რას ფიქრობს ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე აჭარაში რელიგიის სააგენტოს მიერ დანიშნული პირი

დღეს, 20 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ,  აჭარის მთავრობას რელიგიის სააგენტოს რეგიონული კოორდინატორი წარუდგინა. ამ პოსტზე დღეიდან აბესალომ ასლანიძე იმუშავებს, ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და რელიგიას ასწავლის.

აბესალომ ასლანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას რეკომენდატორი არ ჰყოლია და თანამდებობაზე რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ დანიშნა.

„მე ვარ ფილოსოფიის დოქტორი, რელიგიათმცოდნე და წლებია ვმუშაობ რელიგიის პრობლემატიკაზე. სავარაუდოდ, ამ ნიშნით იქნა ჩემი კანდიდატურა შერჩეული“, – გვითხრა მან.

აბესალომ ასლანიძეს ვკითხეთ, უნდა აშენდეს თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთი, რასაც წლებია ითხოვს მუსლიმი აღმსარებლობის თემი. მან გვითხრა, რომ პოზიციას არ დააფიქსირებს, რადგან დავა სასამართლოშია.

„ჩვენ ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, მე როგორც კოორდინატორი და საჯარო მოხელე, დავინტერესდები ამ საკითხებით, გავერკვევი, შევისწავლი, კომუნიკაციას დავამყარებ ამ ჯგუფებთან… ეს არის ხანგრძლივი პროცესი“, – ამბობს ის.

ცნობილია, რომ რელიგიის სააგენტოს მუშაობას რელიგიური დენომინაციები უნდობლობას უცხადებენ – მათი შეფასებით, რელიგიის სააგენტო არ იცავს მათ ინტერესებს, უფრო პირიქით, მათ საზიანო პოლიტიკას ატარებს. ამ ვითარებაში რამდენად წარმატებული იქნება კოორდინატორის მუშაობა რელიგიური უმცირესობების წარმომადგებლებთან აჭარაში და როგორ აპირებს ის ნდობის მოპოვებას?

„უნდა მოხერხდეს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კომუნიკაცია შედგეს“, – ამბობს ის. მისი თქმით, ეს პროცესი კანონმდებლობის ჩარჩოში იქნება მოქცეული.

აბესალომ ასლანიძეს „ბათუმელებმა“ საკუთარი პოზიციის გამოხატვა სთხოვა პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა უნდა შეეხოს ყველა სასულიერო პირს, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა. ეს ინიციატივა  ბევრმა უკვე შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული.

„მე რას ვფიქრობ… ასე დეტალურად არ ვიცნობ ამ კანონპროექტს, ამიტომ დისკრიმინაციული არის თუ არა, თავს შევიკავებ შეფასებისგან.

არის ცალკეული რელიგიები, რომლებსაც თავიანთ მოძღვრებაში აქვთ, რომ ჯარში არ უნდა იმსახურონ, ზოგიერთს პირიქით აქვს, რომ ეს დასაფასებელია და სავალდებულოც არის სამშობლოს სამსახური. მოკლედ, ეს საკითხი არის სათუთიც და ამავე დროს, ეს ინიციატივა შეჩერებულია და აქტუალური აღარ უნდა იყოს“, – ამბობს აბესალომ ასლანიძე.

აბესალომ ასლანიძეს ჯერ დაგეგმილი არ აქვს, რა ფორმატში აპირებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრას და როდის. „დღეს დავიწყე მუშაობა და ჯერ უნდა ჩამოვყალიბდე, ვიმუშაო. ასე უცებ პასუხს ნუ მომთხოვთ“, – გვითხრა მან.

რამდენი იქნება მისი ხელფასი ამ პოზიციაზე? – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი ამბობს, რომ „უფროსი სპეციალისტის ხელფასი რაც იქნება. ვნახოთ“.

აბესალომ ასლანიძის თქმით, ჯერჯერობით არც ოფისის მოწყობის საკითხია გადაწყვეტილი: „ჩემი მუდმივი სამუშაო იქნება ბათუმში. დასამალად არ ვარ ჩამოსული. როცა დავლაგდები, ყველა რელიგიურ კონფესიას შევხვდები“.

მთავარი ფოტო: აბესალომ ასლანიძე

 

ბათუმის ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდება

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბულვარში ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი დღეს, 20 მარტს, გამოცხადდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ხის ატრაქციონების, კაუჩუკის საფარისა და ადაპტირებული სკამ-საქანელას მონტაჟი.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატენდერო პირობები ითვალისწინებს ბავშვთა კუთხის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით მოწყობას და პრეტენდენტის მხრიდან უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატების წარმოდგენას.

საბავშვო ატრაქციონების შესყიდვისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 408 794 ლარია გამოყოფილი.

„ბეიკერის ორმო“ – ხოცავენ თუ არა ქუჩაში მყოფ ცხოველებს გაზაფხულის რეიდებზე ბათუმში

ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ დღეს სწორედ ამ ორმოში იპოვა საკუთარი კატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა.

„ეზოში მყავდა, სახლში რომ არ დაბრუნდა, მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. მერე გავიგე ეს ამბავი, რომ გაზაფხულზე აქვთ „რეიდები“, იჭერენ ცხოველებს, მიჰყავთ და კლავენ. მითხრეს ამ ორმოს შესახებ, გავედი და ვნახე ჩემი თვალით“, – გვითხრა მან.

ბათუმში ქუჩაში მყოფი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია ცხოველთა თავშესაფარში ხდება. თავშესაფარი კომპანია CEBEP-ის დაარსებულია და იგი ბოლო ოთხი წელია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს. თავშესაფარში სტერილიზაციისა და ვაქცინაციის შემდეგ ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნონ.

თავშესაფრის დამაარსებელი კომპანია CEBEP-ის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯემალ გოგიტიძე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას და „პროვოკაციას“ უწოდებს. იგი ადასტურებს, რომ „ბეიკერის ორმოში“ მკვდარ ცხოველებს მარხავენ, თუმცა მხოლოდ იმ ცხოველებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ამის გამო მათი ევთანაზია მოხდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. იგი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გახსნეს „ბეიკერის ორმო“, რომელიც ბოქლომით იყო ჩაკეტილი:

„ალბათ პოლიცია გამოიძიებს, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. ე.წ. „ბეიკერის ორმოზე“ ბოქლომები გვაქვს დადებული, საღამოს ბოქლომი ედო და დღეს იყო გახსნილი. მოვიდეს და მანახოს, რომ ეს კატა ამ ორმოში იპოვა.“

ჯემალ გოგოტიძე ამბობს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც ცხოველების დაჭერაზე მუშაობენ, ანაზღაურება გამომუშავებით აქვთ, ანუ თანხას მათ თავშესაფარი თითოეულ დაჭერილ ცხოველზე უხდის. სწორედ ამ გარემოებას უსვამენ ხაზს მოქალაქეები, რომლებიც ეჭვობენ, რომ თავშესაფრის თანამშრომლების ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი ცხოველი დაიჭირონ ქუჩაში.

ასევე, წერენ იმის შესახებაც, რომ ბათუმის ბულვარში თეთრი ფერის უნომრო ფურგონი გადაადგილდება, რომლითაც გადაჰყავთ ცხოველები. ჯემალ გოგოტიძე ამას კატეგორიულად უარყოფს.

„გისვამთ შეკითხვას, მე რომ უნომრო მანქანა გავუშვა ქალაქში, რამდენ მეტრს გაივლის? ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის პროვოკაცია. ბულვარში ჩვენი მანქანა იმიტომ დადის, რომ არის ბულვარში გამოძახება, იქედან ბირკის გარეშე მყოფი ცხოველები მოგვყავს, კეთდება სტერილიზაცია და ბრუნდებიან ბუნებრივ არეალში. იმედია, გამოძიება დაიწყება და ყველამ აგოს პასუხი, არ შეიძლება ასე“, – ამბობს ის.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიცია ამ ეტაპზე ფაქტს სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა გამოძიება.

შპს „სევერთან“ წელს ბათუმის მერიას 314 000 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებისთვის.

ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპე­ტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდ­ი­ნება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.

ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექ­ტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მთავარი ფოტო გავრცელდა „ფეისბუქზე“, სადაც წერენ, რომ ეს არის „ბეიკერის ორმოსთან გადაღებული კადრები

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/343243/

როგორ მოვუაროთ ზამიოკულკასს ანუ „დოლარის ხეს“ – მებაღის რჩევა

როგორ მოვუაროთ ზამიოკულკასს, რატომ ეძახიან მას „დოლარის ხეს“ და აქვს თუ არა საერთო „ბარაქის ხესთან“ – ამის შესახებ გვესაუბრა ნუნუ ძიძიგური, მებაღე ყვავილების სახლიდან – „ლანტანა“.

ზამიოკულკასი (ლათ. Zamioculcas) – ნიუკასებრთა ოჯახის მონოტიპური სახეობაა, რომლის ერთადერთი წარმომადგენელი – ზამიასებრფოთლიანი ზამიოკულკასი გახლავთ. ზამიოკულკასს საკმაოდ მოზრდილი, ტყავისებური და პრიალა ფოთლები აქვს, რომლებიც სქელ და წვნიან ღეროებზეა განლაგებული. ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა, მომწვანო ბუტკოს ივითარებს, სადაც ღია ფერის (თეთრი ან კრემისფერი) წვრილ-წვრილი ყვავილებია მოთავსებული.

ზამიოკულკასს „დოლარის ხესაც“ ეძახიან, თუმცა ამ მცენარეს ჩვენში „ბარაქის ხედ“ ცნობილ კრასულასთან არანაირი საერთო არ აქვს და ეს სახელწოდება მხოლოდ ფასის გამო შეარქვეს – ზამიოკულკასი საკმაოდ ძვირი ღირს. ზამიოკულკასის ყველა ნაწილი შხამიანია, ამიტომ მცენარე ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს მოარიდეთ, თავად კი მასთან მუშაობისას ხელთათმანები გაიკეთეთ.

უმჯობესია, ზამიოკულკასი კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ, თუმცა არც ნახევრად ჩრდილში მოუვა რამე. უბრალოდ, ნახევრად ჩრდილში ფოთლები გაუღიავდება და ზრდას შეანელებს.

ტემპერატურა

ზამიოკალკუსი დაბალ ტემპერატურაზეც მშვენივრად ძლებს, თუმცა უკეთესია, თუ სითბოში ამყოფებთ. ზამთარში რეკომენდებულია 16-18 გრადუს ტემპერატურაზე მოთავსება.

ჰაერის ტენიანობა

ზამიოკალკუსი ჰაერის მაღალი ტენიანობის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ დროდადრო ფოთლებს სველი ნაჭრით გაუწმენდთ, ზაფხულის ცხელ დღეებში კი ფოთლებზე წყალს შეასხურებთ.

მორწყვა

ზამიოკალკუსი უხვად, მაგრამ იშვიათად უნდა მორწყათ, მხოლოდ ნიადაგის სრულად გამოშრობის შემდეგ. ზამთარში მორწყვა კიდევ უფრო (მინიმუმამდე) შეამცირეთ.

გადარგვა

ზამიოკულკასი ნელა მზარდი მცენარეა, ამიტომ გადარგვა იშვიათად სჭირდება – მხოლოდ მაშინ, როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს. საჭიროების შემთხვევაში, მცენარე გაზაფხულზე უნდა გადაირგას, ახალი ქოთანი კი ძველზე ოდნავ ფართო შეარჩიეთ. კარგი დრენაჟიც არ დაივიწყოთ – ამისთვის ქოთნის ფსკერზე თხელ ფენად კენჭები ან აგურის ნატეხები მოაფინეთ.

ნიადაგი

ზამიოკულკასს ფხვიერი და წყლის კარგად გამტარი ნიადაგი სჭირდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ კორდის მიწას ტორფს, ქვიშასა და ცოტაოდენ დაფხვნილ სფაგნუმს გადაურევთ.

განოყიერება

ზამიოკულკასი განოყიერებას მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში (ფოთლების ზრდის პროცესში) საჭიროებს. ამ პერიოდში მცენარე რეგულარულად – 2 კვირაში ერთხელ, კაქტუსების ან სუკულენტებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით უნდა გაანოყიეროთ.

გამრავლება

ზამიოკულკასის გამრავლება ძალიან იოლია, რადგან ის ნებისმიერი ჯანსაღი ნაწილით მრავლდება – ბოლქვით, ბუჩქის დაყოფით, ღეროს კალმით, ფოთლითა და ფოთლის ნაწილითაც კი.

მავნებლები

ზამიოკულკასს მავნებლები იშვიათად უჩნდება, მაგრამ თუ ისინი მაინც შეამჩნიეთ, მცენარეს ფოთლები რომელიმე სისტემური ინსეკტიციდით შეწამლეთ.

 

მათემატიკის მოყვარული ძმები ბათუმიდან – 5 წლის შემდეგ [ვიდეო]

თორნიკე ვარშალომიძე მეორე საჯარო სკოლაში მერვე კლასში სწავლობს, მისი ძმაც ამავე სკოლაში სწავლობდა, თუმცა გიორგი წელს მე-6 საჯაროში – ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადავიდა. ის მეცხრეკლასელია. „ბათუმელებმა“ მათ შესახებ სტატია ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მოამზადა.

ორივე ძმას ძალიან უყვარს მათემატიკა. თორნიკე ამბობს, რომ  მათემატიკისადმი მისი სიყვარული უფროსი ძმის წარმატებებმაც განაპირობა. „როცა წლების წინ გიორგიმ „ევერესტში“ პირველი ადგილი აიღო, ამან მომცა სტიმული, რომ მეც მიმეღწია წარმატებისთვის“, – გვეუბნება თორნიკე.

თორნიკე ამბობს, რომ პირველი მცდელობისას სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა შემდეგ „შეცდომები გამოასწორა“ და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეროვნულ ოლიმპიადაზე. „ყველაზე მეტად ამ პრიზით ვამაყობ“, – გვეუბნება ის.

ძმების აზრით, მათემატიკისადმი ინტერესს, შემდეგ კი სიყვარულს, მასწავლებელი განაპირობებს. „მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“, – ამბობენ ბიჭები.

ბიჭებს ნაფიქრი აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეაყვარონ ბავშვებს მათემატიკა. გიორგის აზრით, მნიშვნელვანია, რომ პირველივე კლასიდან მათემატიკა ბავშვს მარტივად და გასაგებად მიაწოდონ, თორნიკესთვის კი მნიშვნელოვანია ინტერაქტიული გაკვეთილი.

„გაკვეთილი უნდა იყოს აქტიური, გუნდური შეჯიბრებები საჭიროა კლასშიც. სკოლაში თითქმის ყველა გაკვეთილი ერთმანეთს ჰგავს და ეს მოსაწყენია.“

ამის მიუხედავად, გიორგის და თორნიკეს ინტერესი მათემატიკის მიმართ არ ქრება და რეგიონულ თუ ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობა, ხშირი გამარჯვება მათ ენთუზიამს ჰმატებს.

გიორგი და თორნიკე ვარშალომიძეები ერთად მუშაობის დროს.
ფოტო: ლელა დუმბაძე

გიორგის აზრით, მათემატიკა არავითარ შემთხვევაში არ არის რუტინა: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომა სჭირდება. როცა რაღაც გიყვარს, მისი კეთება, სირთულის მიუხედავად, მაინც მოგწონს.“

თორნიკეს მოსწონს გამრავლება, წილადები, გაყოფა და ცდილობს, ახალ-ახალ მეთოდებსა და ხერხებზე იფიქროს. „კონკურსზე, როცა ცოტა დრო მაქვს, ვცდილობ, მთელი ყურადღება ამოცანაზე გადავიტანო. ყველაზე ნაკლები დრო ნახევარი საათი იყო, როცა საკმაოდ რთული ამოცანა ამოვხსენი“.

გიორგის კი ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა მეგობართან ერთად ამოცანის ამოხსნაზე მთელი დღე იმუშავა, თუმცა ბოლოს მაინც ამოხსნეს. „ასეთ დროს არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ დრო ტყუილად დახარჯე, ეს არ არის დაკარგული დრო, რადგან ამით დიდ გამოცდილებას იღებ“, – გვეუბნება ის.

გაიორგის და თორნიკეს „კინგსის“ და „ევერესტის“ არაერთი დილპომი და სიგელი აქვთ მიღებული, თუმცა ამბობენ, რომ დიპლომები მხოლოდ სტიმულია, „მთავარი კი მაინც გამოცდილების მიღებაა.“

ბიჭებს ვკითხეთ ინტერნეტში გართობაზეც, რადგან თანამედროვე მოზარდების ინტერნეტმიჯაჭვულობა ყველასთვის ცნობილი ამბავია. გიორგი ამბობს, რომ კომპიუტერთან თავადაც უფრო გართობის მიზნით ჯდება, თორნიკე კი youbute-ზე სხვადასხვა შემეცნებით თამაშს უყურებს. „მათ შორის, სხვა საგნებშიც ვეძებ ხოლმე სიახლეებს და თუკი რამეს ვპოულობ, ვცდილობ მეგობრებსაც გავუზიარო“, – ამბობს ის.

თორნიკესა და გიორგის მათემატიკის ეროვნულ და რეგიონალურ ოლიმპიადებში მიღებული ჯილდოები.

თორნიკეს ყველაზე მეტად „ტვინების ბრძოლა“ მოსწონს, რადგან გუნდური თამაშია – „მეტი ინტერაქტივია, აზარტულია და შემეცნებითი“. შარშან „კინგსის“ მოგების შემდეგ ბანაკში წავიდა. „ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი. კარგია ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ბევრს აქვს შენი მსგავსი ინტერესები და შენსავით უყვარს მათემატიკა“, – გვეუბნება თორნიკე.

მხატვარულ ლიტერატურას კითხულობენ, თუმცა ამბობენ, რომ უფრო მეტ დროს მათემატიკას და შემეცნებით დავალებებს უთმობენ.

„ბოლოს წავიკითხე „დარტანიანი და სამი მუშკეტი“. საინტერესო იყო“, – ამბობს თორნიკე, გიორგის საყვარელი წიგნი კი „განძის კუნძულია“.

მომავალ პროფესიაზე ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არიან, თუმცა ორივე ძმას ამ ეტაპზე ინჟინერია აინტერსებს.

თორნიკეს და გიორგის მიაჩნიათ, რომ მათემატიკა ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ის არა მარტო აზროვნებაში, ცხოვრებისეული, პრაქტიკული საკითხების გადაჭრაშიც გვეხმარება. „ამიტომ კარგი იქნება, თუკი სკოლა ბავშვებს მათემატიკას შეაყვარებს და გაკვეთილებს უფრო საინტერესოს გახდის“.

ამავე თემაზე:

სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებული ძმები ბათუმიდან

„ალიანს სიტი“ „მაგნოლიას” აღების საკითხის განხილვას მთავრობასთან გეგმავს

კომპანია „ალიანს სიტიში“, რომელიც გეგმავს „ლუჟკოვის სახლის“ ტერიტორიაზე ახალი კომპლექსის მშენებლობას, აცხადებენ, რომ  მთავრობისთვის „მაგნოლიას“ ნაცვლად ახალი პროექტის შეთავაზების საკითხს განიხილავენ.

ამ იდეის დეტალების გახმაურებას „ალიანს სიტი“ სამომავლოდ გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი პროექტი, რომელიც „მაგნოლიას“ ჩაანაცვლებს, შერწყმული უნდა იყოს ახალ პროექტსან [„ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად რის აშენებასაც გეგმავენ] და გარემოსთან.

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის მერიისგან იმ ადგილისთვის, სადაც „ლუჟკოვის სახლი“ დგას, ზონის სტატუსის შეცვლას და განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდასაც ითხოვს. „ლუჟკოვის სახლი“ „მაგნოლიას“ გვერდით მდებარეობს, შენობებს ერთმანეთისგან ქუჩა ჰყოფს.

მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ალიანს სიტის“ საშუალება ექნება ზღვასთან ახლოს ერთი 50 და ორი 44-სართულიანი შენობა ააშენოს. ერთადერთი, რის გაზრდასაც კომპანია არ ითხოვს, გამწვანების კოეფიციენტია. მეტიც, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, არსებული გამწვანების ფართობი კიდევ უფრო მცირდება.

„მაგნოლია“ თავის დროზე მაია რჩეულიშვილის კომპანია „ცენტრ პოინტმა“ ააშენა.

ამ თემაზე:

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

მთავარი ფოტო: საცხოვრებელი სახლი „მაგნოლია“ / „ბათუმელების“ არქივიდან

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიაში დირექტორის მოადგილე იქნება

ჟურნალისტი ნათია ზოიძე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დირექტორის მოადგილედ წარადგინეს. ნათია ზოიძე საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებას ჩაიბარებს. ის ბოლო დრომდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ანალიტიკოსი იყო.

„არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან აჭარის ტელევიზია ახლა არის ის მაუწყებელი, რომლის სარედაქციო პოლიტიკა – თავისუფალი და მიუკერძოებელი, ჩემთვის მიმზიდველია. ეს ტელევიზია დღევანდელ ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არის თითქმის ერთადერთი, რომელიც ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალია. პროფესიონალიზმი თავისუფლების გარეშე არ არსებობს, ამიტომაც გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვცადო.

მივდივარ იმ განწყობით, რომ ვიმუშავო არსებულ გუნდთან ერთად და ერთად დავძლიოთ გამოწვევები – ჟურნალისტს ყოველდღიურად ასი სხვადასხვა გამოწვევა შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, ახლა მოტივირებული ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განვითარებაში საკუთარი მცირე წვლილიც შევიტანო“.

ნათია ზოიძეს მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება აქვს – ის სხვადასხვა სატელევიზიო და ონლაინგამოცემაში მუშაობდა, როგორც ჟურნალისტად, ისე რედაქტორად.

შენიშვნა: შეიცვალა სტატიის სათაური, ვინაიდან ნათია ზოიძე დღეს წარადგინეს დირექტორის მოადგილედ და მასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას აჭარის ტელევიზია გააფორმებს აპრილის თვეში. თავდაპირველი სათაური იყო „ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიაში დირექტორის მოადგილედ დანიშნეს“.

აჭარის მთავრობა საკრებულოსთან კვადროციკლების მფლობელებს უშუამდგომლებს

“აჭარის მთავრობა საკრებულოსთან გვიშუამდგომლებს, რომ იქ გაიმართოს მორიგი შეხვედრა,”- თქვა აჭარის მთავრობის აპარატში გამართული შეხვედრის შესახებ ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ.

კვადროციკლების რამდენიმე მფლობელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დახურულ კარს მიღმა, საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა.

“დაძაბული საუბარი იყო, საბოლოო უარი არ არის ნათქვამი… შევთანხმდით,  არგუმენტაცია, რაც გაქვთ, განვიხილავთო. ჩვენ მოვითხოვეთ საჯარო განხილვა. შემდეგი შეხვედრა იქნება იმ საკრებულოში, სადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება,”- აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

თამაზ ბაკურიძის თქმით, მას მთავრობოს აპარატში ასევე უთხრეს, რომ ელექტრომობილების აკრძალვის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილმა წერილმა განაპირობა – სტატისტიკის მიხედვით, კვადროციკლებით მოძრაობის დროს სხეულის დაზიანების შემთხვევებმა იმატა.

კვადროციკლების მფლობელები საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბულვარში კვადროციკლებით გადაადგილება პირველი მაისიდან აიკრძალება. აკრძალვის ინიციატორი ბულვარის ადმინისტრაცია იყო.

კვადროციკლების მფლობელებმა დღეს, 20 მარტს, მოითხოვეს, ამ სეზონზე მუშაობის უფლება მიიღონ. ისინი პირობას დებენ, რომ კვადროციკლების რაოდენობას 1200-დან 300-მდე შეამცირებენ და ასევე, შეზღუდავენ ელექტრომობილების გადაადგილების სიჩქარეს.

 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც ძმის ყოფილი მეუღლე ფიზიკურად შეურაცხყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში 1989 წელს დაბადებული რ.ს. დააკავა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი ძმის ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

თვეში 50 ლარი ავადმყოფი მეუღლისა და 12 წლის შვილიშვილის მოსავლელად

მაყვალა კობალაძე ციხისძირში, მეცამეტე ქუჩაზე ცხოვრობს. ავადმყოფ მეუღლეს უვლის და 12 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის. ბებია-ბაბუისა და მცირეწლოვანი შვილიშვილისგან შემდგარი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 50 ლარია, რომელსაც შვილიშვილი დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან.

მაყვალა 59 წლისაა, საპენსიო ასაკამდე ერთი წელი დარჩა. პენსიას არ იღებს არც მისი მეუღლე. მათი საცხოვრებელი ორსართულიანი სახლის პირველი სართულის სამი ოთახია. მაყვალა იხსენებს, რომ ერთი წლის წინ მეორე სართულზე მცხოვრებ მეზობელს იატაკი ჩამოენგრა. პირველ სართულზე მცხოვრები მაყვალა და მისი ქმარი ძლივს გადარჩნენ.

„მეზობელმა მთხოვა, მე გავაკეთებ ყველაფერს ჩემი ხარჯით, ოღონდ იატაკის ბეტონით დასხმის საშუალება მოგვეციო. რასაც ხედავთ ამ სახლში, ყველაფერი ჩემი მეზობლის გაკეთებულია“, – ამბობს მაყვალა.

მისი სახლის კედლები შეთეთრებულია, ერთი ოთახის იატაკზე კი კაფელია დაგებული. მაყვალას თქმით, როდესაც სოციალური სააგენტოდან აგენტები შემოწმებაზე მოვიდნენ, ხაზი გაუსვეს იატაკს და ქვის კედლებს, რომლითაც სახლია ნაშენი.

„შეგვამოწმეს, დაინახეს როგორც ვცხოვრობთ. ისიც ვუთხარი, რომ შემოსავალი არ გვაქვს, მაგრამ როცა შეფასება დაწერეს, მაღალი ქულა მოგვივიდა. დახმარება ვერ ავიღეთ. ქობულეთის მერიაში მივედი, დავწერე განცხადება, ვიფიქრე, ერთჯერადი დახმარება მაინც შეიძლება მოგვცენ-მეთქი, მაგრამ არც კი განუხილავთ ჩემი განცხადება“, – ამბობს მაყვალა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მაყვალა კობალაძემ ნამდვილად მიმართა მერიას წერილით. კობალაძე შეშას ითხოვდა ზამთარში გასათბობად.

„გამწვანების სამსახური საქმის კურსშია. როგორც კი გამოჩნდება სანიტარული ჭრისთვის შეშა, გადავცემთ მოქალაქეს“.

მოქალაქე შეშას ზამთარში გასათბობად ითხოვდა. გაზაფხულზე შეშის გადაცემა როგორ შეამსუბუქებს მის ყოფით პრობლემებს? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ იმ დროისთვის სანიტარული ჭრები გათვალისწინებული არ იყო. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებას, მერიაში ამბობენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას  ერთჯერადი დახმარების პროგრამა არ აქვს.

როგორ ცხოვრობს სამსულიანი ოჯახი? – მაყვალა კობალაძის თქმით, რომ არა მეზობლები, თავს ვერ გაიტანდნენ.

„ჩემი მეზობელი ერთ პურს რომ თავისთვის ყიდულობს, მეორე ჩემთვის მოაქვს. საჭმელს ისე არ გააკეთებენ, ჩემთან თეფშით არ გადმოიტანონ. ასე მოვედით აქამდე. „სოციალური“ მაინც რომ მქონოდა, როგორმე გავანაწილებდი და თვიდან-თვემდე თავს გავიტანდი,“ – ამბობს მაყვალა კობალაძე.

მაყვალა ახლა ელოდება როდის გახდება  60 წლის, მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება მის ოჯახში მუდმივი შემოსავალი.

„ამ ზაფხულს მაინც გვამუშავეთ“ – კვადროციკლების მფლობელების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მხოლოდ ამ ზაფხულს გვამუშაონ და დაწესდეს რეგულაციები“, – ამ მოთხოვნით კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

საუბარია ბათუმის საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის ბულვარში კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება 2019 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება. ინიციატორი ბულვარის ადმინისტრაცია იყო.

„იმიტომ, რომ არავის პასუხი არ მოუთხოვია, გასულ წელს სესხი ავიღე 13 ათასი დოლარი და 8 ახალი კვადროციკლი ვიყიდე. თითოს შეძენა 1200 დოლარი დამიჯდა განბაჟების ჩათვლით… არ გავუფრთხილებივართ, რომ წელს მუშაობა არ იქნებოდა. მაჩვენონ ერთი გაფრთხილების წერილი მაინც. მე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ვმუშაობდი,“ – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ.

კვადროციკლების მფლობელების თქმით, რეგულაციებთან ერთად ლიმიტიც უნდა დაწესდეს და კვადროციკლების რაოდენობა 300-მდე შემცირდეს.

„მზად ვართ გადავიხადოთ გადასახადები და ტექნიკურად კვადროციკლების სიჩქარე 50 კმ/სთ-დან 20-მდე შევამციროთ,“ – ამბობენ კვადროციკლების მფლობელები. მათივე თქმით, კვადროციკლებზე დაახლოებით 250 ადამიანი მუშაობდა და ეს ჯამში 60 პირის ბიზნესი იყო.

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ამ დროისთვის საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილეს ხვდება. კვადროციკლის სხვა მფლობელები გადაწყვეტილებას ისევ მთავრობის სახლთან ელიან.

კვადროციკლის მფლობელებმა საპროტესტო აქცია გუშინ ბულვარის ადმინისტრაციასთან გამართეს. ადმინისტრაციის უფროსმა, ირაკლი ჯინჭარაძემ მათ უთხრა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, რადგან ბულვარი რეკრეაციული ზონაა და იქ ელექტრომობილები არ უნდა გადაადგილდებოდნენ. ასევე არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ბულვარის ადმინისტრაციის კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ კვადროციკლებთან შეჯახების გამო ბაულვარში სასეირნოდ მყოფი ადამიანების ფიზიკური დაზიანების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

რატომ არ რეაგირებდა ბულვარის ადმინისტრაცია აქამდე წლების განმავლობაში და ვინ აგებს პასუხს, თუკი ბულვარში უკვე 1200 კვადროციკლი გადაადგილდება და ეს ადამიანების შემოსავლის წყაროდ იქცა? – ირაკლი ჯინჭარაძემ, ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა, გუშინ “ბათუმელეებს” ამ კითხვის პასუხად უთხრა, რომ წინა ხელმძღვანელების გამო პასუხი მას არ უნდა მოსთხოვონ.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 20.03.2019

ამ თემაზე:

“სამ-სამ კვადროციკლს დავიტოვებთ, მეტს არა” – საპროტესტო აქცია ბულვარში

როგორ ჩატარდება ჩხრეკა ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ

რა პრაქტიკა არსებობს ამ დრომდე, როცა ადამიანს პოლიციელები ჩხრეკენ და რა შეიცვლება ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ – „ბათუმელები“ ამ თემაზე რამდენიმე დამოუკიდებელ იურისტს ესაუბრა. სტრასბურგის სასამართლომ 14 მარტს არჩილ ლობჟანიძის საქმეზე ევროკონვენციით გათვალისწინებული – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამ შემთხვევაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარდა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხრეკის კანონიერება ვერ დადასტურდა.

იურისტებს ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება მოსწონთ და იმედი აქვთ, რომ სასამართლოს მიდგომა ჩხრეკის სტანდარტის კუთხით გაიზრდება. პოლიციის ინსტიტუტის მიმართ ნდობის გაზრდამდე, ადვოკატები ჩხრეკის პროცესში ვიდეო გადაღების აუცილებლობასაც ხედავენ.

„განსაკუთრებით დაბალია სასამართლოში ეს სტანდარტი, როცა საქმე ნარკოდანაშაულს ეხება,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. „ძირითადად ჩხრეკას ატარებს ორი, ან სამი პოლიციელი გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ანუ მათ მოსამართლის განჩინება არ აქვთ. სასამართლოს ჩვენებას ეს პოლიციელები აძლევენ და სასამართლოც ამას ჩვეულებრივ იღებს, როგორც მტკიცებულებას,“ – ამბობს ადვოკატი.
ზაზა პაპიძის თქმით, აქამდე გამოსავალი ე.წ. დნმ ანალიზი იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა გამოსავალი არც ეს აღარ არის.
„ტარდებოდა ექსპერტიზა იმაზე, რომ, მაგალითად, ბრალდებულს არავითარი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ნარკოტიკთან, ან შეფუთვასთან, რაც პოლიციელებმა ამოიღეს… უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, მხოლოდ დნმ ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს იმას, რომ პირს ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია… ხშირად მსგავს სიტუაციაში სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია,“ – აღნიშნავს ზაზა პაპიძე.
ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი გამოსავალს ჩხრეკის დროს ვიდეო გადაღებაში ხედავს. მისი თქმით, ამ გზითაა შესაძლებელი გაიზარდოს ნდობა გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მიმართ.
„ჩხრეკა-ამოღების დროს თუ მოხდება პროცესის ვიდეო ფიქსაცია, რა თქმა უნდა, ეს გაზრდის მტკიცების სტანდარტს და ამით უფრო გამჭვირვალე გახდება ყველა ის პროცესი, რომელშიც სახელმწიფო ძალისმიერი მეთოდით ერევა. უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულზე, ბრალდებულთა მხრიდან, მუდმივად არის აპელირება ე.წ „ჩადებებზე“, ხოლო ამ დროს ძირითადი მტკიცებულება არის იმ პირის ჩვენება, რომელიც ბრალდებულის მხრიდან არის დასახელებული მთავარ მოქმედ პირად. სწორედ ამის გამო, მუდმივად არსებობს ნდობის პრობლემა, რომელიც შემდგომ ჯაჭვურად გასდევს ყველა ინსტიტუციურ რგოლს, რომელიც ჩართულია სამართალწარმოების პროცესში,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩხრეკის სტანდარტის ამაღლების მოლოდინი აქვს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილსაც. ის მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს არ უნდა დაეყრდნოს.
„წესით სასამართლომ უნდა აამაღლოს სტანდარტი: როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი, მხოლოდ ჩხრეკის ოქმისა და პოლიციელების ჩვენებით არ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლო. მოლოდინი უნდა გვქონდეს იმის, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ შემცირდება დაუსაბუთებლად ჩხრეკის ჩატარების ფაქტები და, შესაბამისად, ე.წ. ჩადებების პრაქტიკა,“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.  მისივე თქმით, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ჩხრეკის ვიდეო გადაღებაც არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას და ვიდეო ჩანაწერი ჩხრეკის ოქმის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.
როცა პირადი ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ტარდება, პროკურატურა აცხადებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკას თუ არ ჩაატარებდა, მტკიცებულებას დაკარგავდა.
„ამ არგუმენტს თითქმის ყოველთვის იზიარებს სასამართლო, თუმცა პროკურატურა არ ასაბუთებს, რატომ დაიკარგებოდა მტკიცებულება,“ – დასძენს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის მერიისგან იმ ადგილისთვის, სადაც „ლუჟკოვის სახლი“ დგას, ზონის სტატუსის შეცვლას და განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდას ითხოვს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას საშუალება ექნება ზღვასთან ახლოს ერთი 50 და ორი 44-სართულიანი შენობა ააშენოს. ერთადერთი, რის გაზრდასაც კომპანია არ ითხოვს, გამწვანების კოეფიციენტია. მეტიც, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, არსებული გამწვანების ფართობი კიდევ უფრო მცირდება.

კომპანია მერიისგან ითხოვს საპროექტო ტერიტორიის ზონირების საცხოვრებელი ზონა 6-ის ჩანაცვლებას საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2-ით. ზონირების ჩანაცვლების შემთხვევაში, მართალია, კ2 იზრდება, თუმცა, არა ისე, რომ კომპანიამ 50 და 44-სართულიანი შენობები ააშენოს. ამიტომ ზონის სტატუსის შეცვლასთან ერთად, „ალიანს სიტი“ კ2 კოეფიციენტის გაზრდას 4-დან 15-მდე ითხოვს.

ბათუმის მერიაში კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოებრივ საქმიან ზონაში კ2 კოეფიციენტის გაზრდით შენობების [საპროექტო] ფართობი განისაზღვრება 282 225 კვ.მ-ით. ანუ ახალი შენობების საერთო ფართობი გაიზრდება 8-ჯერ, ვიდრე არსებული შენობაა [„ლუჟკოვის სახლის“ მთლიანი ფართობი 34 817 კვ.მ-ია].

„ალიანს სიტი“ ითხოვს კ1 კოეფიციენტის გაზრდასაც, რითაც არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი 8 994 კვ.მ-დან 13 170 კვ.მ-დე გაიზრდება.

იმ ტერიტორიის გამწვანების ფართობი, სადაც დღეს „ლუჟკოვის სახლი“ დგას, „ალიანს სიტის“ მიერ მერიაში წარდგენილი დოკუმენტით, 3 424 კვ.მ-ია. კომპანია კი, თავისი პროექტის განხორციელებით, ამ გამწვანების ფართობის 1 881 კვ.მ-მდე შემცირებას გეგმავს. მთლიანი მიწის ფართობი, სადაც „ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს და თავისი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რეესტრის მიხედვით, სულ 18 815 კვ.მ-ია.

„საპროექტო ტერიტორიაზე მისი ეკონომიურად მომგებიანი და მიმდებარე გარემოსთან შერწყმის მიზნით განსაზღვრულია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რაც ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველი ოთხი სართულის დონეზე [ყოველი სართული 13 120 კვ.მ ფართობის მქონე] საერთო სარგებლობის ნაგებობით ორი ურთიერთდაკავშირებული 44-სართულიანი მაღლივი და ერთი 50-სართულიანი მაღლივი ობიექტის მშენებლობას“, – აღნიშნულია განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] პროექტში, რომელიც „ბათუმი სიტიმ“ ქალაქის მერიაში წარადგინა.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „განსაზღვრულია მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოპარკინგის მოწყობა“, თუმცა რა ფართობს დაიჭერს ეს პარკინგი და რამდენ ავტომობილზე იქნება გათვლილი, მითითებული არ არის. რენდერის მიხედვით რაც ჩანს, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე 40-მდე ავტომობილის გასაჩერებელი ადგილია სავარაუდოდ მონიშნული.

„საპროექტო ტერიტორია თავისი გაბარიტული პარამეტრებიდან გამომდინარე, საშუალებას გვაძლევს გაზრდილი კოეფიცენტების გამოყენების შემთხვევაშიც შევინარჩუნოთ საპროექტო ტერიტორიის დადებითი მხარეები, კერძოდ: არსებული ერთსართულიანი შენობის დემონტაჟის ჩატარების შემთხვევაში მაღლივი შენობები განლაგდება ისეთნაირად, რომ არ შექმნის ხელოვნურ ფარდას, რათა არ ჩაკეტოს აერაციისა და ვიზუალური აღქმის არეალები. საპროექტო ობიექტები აშენდება და მოპირკეთდება მაღალი კლასის სამშენებლო მასალებით, რაც დადებითად იმოქმედებს ქალაქის ვიზუალური მხარის გაკეთილშობილებაზე“, – აღნიშნულია გრგ-ს პროექტში.

ამ დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ობიექტში მოეწყობა სასტუმრო აპარტამენტები საპროექტო ობიექტის საერთო ფართობის 80% და საპროექტო ობიექტის საერთო ფართობის 20% სხვადასხვა დანიშნულების მქონე საზოგადოებრივი სივრცეები, კერძოდ: საქმიანი ზონა, კომერციული ზონა, გასართობ-გამაჯანსაღებელი ზონა.

„საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება მოხდება ორ ეტაპად: არსებული 11-სართულიანი შენობის დემონტაჟი და ახალი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა. შესაბამისად, სამშენებლო ეტაპები განისაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის დროს“, – აღნიშნულია გრგ-ში.

არსებული შენობა, ანუ „ლუჟკოვის სახლი“ [ზემოთ] და იმავე ტერიტორიაზე „ალიანს სიტის“ მიერ დაგეგმილი შენობა [ქვემოთ] / წყარო: გრგ-ს პროექტი
ნაკვეთზე გრგ-ს დამტკიცების მიზნით მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს გრგ-ს და მერიაში წარადგინოს მოსაზრებები. მერიის განმარტებით, საჯარო განხილვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში.

აღნიშნულ საკითხზე დღეს, 20 მარტს, 15:00 საათზე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. #25] გაიმართება საჯარო განხილვა. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის მერიამ 18 მარტს გაავრცელა.

„ალიანს სიტის“ პროექტი „ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე / რენდერი / წყარო: გრგ-ს პროექტი
„ლუჟკოვის სახლი“ და მიმდებარე ტერიტორია ბათუმში / ფოტო გრგ-ს პროექტიდან

კომპანია „ალიანს სიტი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი „ალიანსის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია, კომპანიის დირექტორი კი – „ალიანსის“ დირექტორი აკაკი სონგულია.

 

მთავარი ფოტო: ხედი ზღვის მხრიდან / რენდერი / წყარო: გრგ-ს პროექტი

 

ბექას ხელნაკეთი ელექტროველოსიპედები

37 წლის მუსიკოსი ბექა ჯანუაშვილი კარგ ამინდსა და სითბოში ქალაქში ველოსიპედით სეირნობს, მაგრამ ჩვეულებრივი ველომოყვარულებისგან განსხვავებით, ის საკუთარი ხელით აწყობილი ველოსიპედით გადაადგილდება. მეტიც, მისი ველოსიპედები ელექტროა და თუ პედლების დატრიალება დაეზარება, ბორბლების ტრიალს მაინც გააგრძელებს მოტოველო  – ასე ეძახის ბექა ჯანუაშვილი აკუმულატორზე მომუშავე ელექტროველოსიპედს, რომელიც დენის წყაროდან ტელეფონივით იმუხტება.

პირველი ექსპერიმენტი სამი წლის წინ ჩაატარა, ჩვეულებრივი სკუტერი იყიდა და ამერიკულ ჩოპერად გადააკეთა. სკუტერი სახლის მესამე სართულზე ჩუმად აიტანა, მეზობლებს რომ ვერაფერი გაეგოთ. ასე მოაწყო პირველი სახელოსნო აივანზე.

ბექას პირველი ინსტრუმენტი რადიალი იყო, ხელსაწყო, რომელიც მხოლოდ მეტალს ჭრის. წელიწად-ნახევრის წინ ბექამ დაფინანსება მიიღო ფონდიდან „აწარმოე საქართველოში“ და ყველა საჭირო დანადგარი შეიძინა, ახლა მას ნებისმიერი დიზაინის ელექტრომოტოს ან ველოსიპედის აწყობა შეუძლია.

ერთი ავტოფარეხი იყიდა, ერთიც  – იქირავა. ერთში ველოსიპედებს აწყობს, მეორეში – აწყობილებს ინახავს. ახლა აქ რამდენიმე ველოსიპედია: წინ დიდი და უკან პატარა ბორბლით, უჩვეულოდ გრძელი საჭით, ზოგიც უჩვეულოდ წაგრძელებული ფორმებით.

„მუსიკოსი ვარ, ფილმების მუსიკალურ გაფორმებაზეც ვმუშაობ, მაგრამ მუსიკას ვერ ხედავ, ვერ ეხები. ეს რეალური შეგრძნებები მაკლდა, გამოვიკვლიე და ერთდროულად ვარ კინესთეტი, აუდიალი და ვიზუალი, სამივე ერთად.

ბაბუა ორთქმავლების ძრავებს ხაზავდა, მამა იუველირია – რკინასთან, მეტალებთან ურთიერთობის სურვილი ალბათ გენეტიკურად გამომყვა.

სულ მინდოდა რამე ხელშესახები მეკეთებინა, თავიდან მანქანებს ვაწყობდი, მაგრამ ამისთვის დიდი ფართობი გჭირდება და მოტოებზე ფიქრი დავიწყე, პატარა ადგილს მოითხოვს“, – ამბობს ბექა.

გრანტი მას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ელექტროველოსიპედების სერიული წარმოება დაიწყოს, მაგრამ სამომავლოდ არც ამას გამორიცხავს, თუ მოტოველოებზე მოთხოვნა გაჩნდება.

როგორც ბექა ამბობს, იდეის, დიზაინის მოფიქრებას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე მოტოველოს აწყობის პროცესს. ბევრი რამ საქართველოში არ იშოვება და ნაწილებს ინტერნეტითაც იწერს.

„სულიერი სიამოვნებაა ჩემთვის ელექტროველოს აწყობა. პროცესში ყველაფერი მავიწყდება, რაც ირგვლივ ხდება. მთელი გონებით აქ ვარ“, – ამბობს ბექა.

31 მარტს ბულვარში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა. ამ დღეს დამთვალიერებლებს ბექა ჯანუაშვილის მოტოველოების დათვალიერებაც შეეძლებათ.

ბექა

 

ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება

შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, 19 მარტის 00:00 საათიდან 20 მარტის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:

[crosslist]

  • ტბელ აბუსერიძის ქუჩას: N39ა-დან, 67ა-ს ჩათვლით;
  • გენერალ აბაშიძის ქუჩას: N3-დან, N15-ის ჩათვლით;
  • ტაძრის ქუჩას N22-ში.

[/crosslist]

„ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით კი, შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

„მაზნიაშვილი – დაუმარცხებელი გენერალი“ – გამოფენა ღია ცის ქვეშ

დღეს, 19 მარტს, ბათუმში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ბათუმისათვის ბრძოლის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „მაზნიაშვილი – დაუმარცხებელი გენერალი“.

ქუჩაში გამოფენილი იყო 1921 წელს ბათუმის ბრძოლებში დაღუპული გმირთა საფლავების გათხრების ამსახველი ფოტომასალა, ქუთაისი სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან წარმოდგენილი იყო მაზნიაშვილის თანამებრძოლების, სარავას და ზაქარიაძის ხმლები.

გიორგი მაზნიაშვილთან დაკავშირებული გამოფენა ბათუმში

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა 1937 წელს. რეპრესიების დროს დახვრიტეს მისი ვაჟიც.  მაზნიაშვილის საფლავი დღემდე უცნობია.

„სამწუხაროდ, გიორგი მაზნიაშვილის ხმალი არ ვიცით სად არის. ჩვენ ის ექსპონატები გამოვფინეთ, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული“ – ამბობს მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნონა ქარციძე.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბათუმში, 1990 წელს ძმათა სასაფლაოს გათხრების დროს ამოღებული საბრძოლო ნივთები, რომელიც აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

„ეს არის დამბაჩები, ხიშტები, ბალთა, საკინძე და ძვლები, რომელიც არის დადასტურება იმისა, რომ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე ნამდვილად ძმათა სასაფლაო იყო, სადაც 84 ცნობილი გვარდიელი იყო დასაფლავებული.

გენერალ მაზნიაშვილის თანამებრძოლების, სარავას და ზაქარიაძის ხმლები.

ჩვენ დაგვრჩა კონსტანტინე გამსახურდიას, გერონტი ქიქოძის, პაოლო იაშვილის მოგონებები გიორგი მაზნიაშვილზე, მისი როგორც საბრძოლო, ასევე პიროვნული თვისებების შესახებ და წყაროებიდან მიღებული ცნობებით ნათლად ჩანს, რომ უაღრესად დიდია მაზნიაშვილის წვლილი ბათუმისთვის ბრძოლებში“- ამბობს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, ნანა ქორიძე.

გამოფენა გიორგი მაზნიაშვილის ქუჩაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე

აჭარის მუზეუმის დირექტორის, თამარ ორაგველიძის თქმით, მუზეუმმა გიორგი მაზნიაშვილთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნა საგანმანათლებლო პროგრამა და ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეებს უფასოდ შეეძლებათ მუზეუმში  მისვლა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან დაკავშირებული ისტორიული მასალების გაცნობა.

გამოფენა გიორგი მაზნიაშვილის ქუჩაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე

1921 წლის თებერვალში გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სოღანლუღის სიმაღლეებს თბილისის მისადგომებთან.

1921 წელს თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა სასულე ორკესტრი.

ამავე თემაზე: 

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

ადვოკატი ექსპერტს: როდის შეხვდით ლავასოღლის და სად?

„მინდია ლავასოღლის მე-7 დაწესებულებაში შევხვდი, 2014 წელი იქნებოდა,“ – მიმართა ადვოკატს ექსპერტმა, ეთერ კუნელაშვილმა. შსს-ს ექსპერტს შეკითხვა ლავასოღლისთან შეხვედრის შესახებ ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ დაუსვა.

ექსპერტმა ეთერ კუნელაშვილმა ხმების ექსპერტიზა ჩაატარა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ და დღეს, 19 მარტს, მოწმის სახით დაიკითხა დისტანციური წესით. ამ საქმეზე ექსპერტი ბოლო მოწმე იყო. რამდენიმე დღეში სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი გასული წლის 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

ექსპერტიზის დასკვნა ამ საქმეში მთავარ მტკიცებულებად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, როცა ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმემ ჩვენება შეცვალა – მოწმეებმა მოსამართლეს არ უთხრეს ის, რაც მანამდე პოლიციელებთან თქვეს. მოწმეებმა აღარ დაადასტურეს, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს წევრობის“ სახელით ფულს სთხოვდნენ.

ექსპერტიზის დასკვნაზე ადრეც ამახვილებდნენ ყურადღებას ადვოკატები. მათი მტკიცებით, დასკვნები გაყალბებულია, რადგან ბრალდებულების სატელეფონო საუბარს, რომლის ჩანაწერი საათობით გრძელდება, სამ დღეში ვერცერთი ექსპერტი ვერ გამოიკვლევდა. ადვოკატების თქმით, საქმეში სულ 297 აუდიო ფაილია.

საქმის მასალების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტს სატელეფონო ჩანაწერები მიაწოდეს და იმ სასამართლო სხდომების ელექტრონული ვერსია, სადაც ბრალდებულების ხმები ისმის.

„ხმის იდენტიფიცირებას არ სჭირდება ბევრი დრო… დაახლოებით 10-წამიანი ჩანაწერი საკმარისია, ამის გამოკვლევა პროგრამულად ხდება. ამ შემთხვევაში მოხდა ხმის იდენტიფიცირება და არა მეტყველების. მეტყველების იდენტიფიცირებას სადღაც 3-წუთიანი ჩანაწერი სჭირდება… ამისთვის საკმარისი მასალა სასამართლოს ელექტრონული სხდომიდან წარმოდგენილი არ იყო,“ – განმარტა ექსპერტმა, ეთერ კუნელაშვილმა.

მეტყველების ექსპერტიზას, ხმის ექსპერტიზისგან განსხვავებით, ლინგვისტი ამზადებს და ის პროგრამაზე დამოკიდებული არ არის.

ექსპერტს აღარ დასჭირვებია ლავასოღლის სასამართლოს სხდომის ჩანაწერი, მასთან წარსულში უშულო შეხვედრის და ხმის ნიმუშის აღების გამო.

ექსპერტის მტკიცებით, ყველა შემთხვევაში დადასტურდა ის, რომ ბრალდებულების ხმებია იმ სატელეფონო ჩანაწერებში, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა.

მინდია ლავასოღლი ამ დრომდე სხდომებს არ ესწრება. ის ძებნილია.

დღევანდელ სხდომას არც ივანე გიგიაძე დასწრებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სასამართლო სხდომა კი პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ბრალდებულმა, შოთა კეკელიძემ დატოვა. მან მოსამართლე დაადანაშაულა პროკურატურის მხარდაჭერაში – ვიდრე ექსპერტის დაკითხვა დაიწყებოდა, ადვოკატებმა მოითხივეს, ექსპერტი სასამართლო დარბაზში ფიზიკურად მისულიყო. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა უარი თქვა, რადგან ექსპერტი თბილისში იმყოფება და მოწმის დაკითხვის ფორმის შერჩევა მხარეს შეუძლია.

მოსამართლეს კითხვა დაუსვა ბრალდებულმა ზაალ ახვლედიანმაც:

„თქვენ უვადოდ ხართ უკვე დანიშნული?“ – იკითხა ბრალდებულმა.

„არა, არ ვარ უვადოდ“, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

„ალბათ, ჩვენი საქმის შემდეგ მოგცემენ….“ – ჩაილაპარაკა ბრალდებულმა. რეპლიკა მოსამართლემ აღარ შეიმჩნია.

მოწმეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა ლავასოღლის ადვოკატმა:

„იქნებ, ნასვამი იყო ლავასოღლი ამ სატელეფონო საუბრის დროს, ან იმიტაციას სხვა ახდენდა?“ – იკითხა სოლომონ კოჩალიძემ.

„ეს შესამჩნევი იქნებოდა… არ დაფიქსირებულა, მოხვდებოდა ესეც დასკვნით ნაწილში“ – თქვა ექსპერტმა.

ექსპერტის დაკითხვა დღეს, დღის 2 საათზე დაიწო და ამ დრომდე [16:35] გრძელდება.

საპენსიო სააგენტო: პირად საპენსიო ანგარიშებზე თანხას საშუალოდ 7% სარგებელი უკვე ერიცხება

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 18 მარტის მდგომარეობით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის ჯამში 107 მილიონი ლარია განთავსებული. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ამ დროისთვის სულ 620 ათას მოქალაქეზეა გახსნილი, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 47 ათასი კერძო კომპანიაა ჩართული.

„ეს თანხა არის მიმდინარე ნომინალურ ანგარიშებზე იმავე ბანკებში, რომელთანაც აქვთ გაფორმებული ფულის მიმოქცევაზე ხელშეკრულებები დასაქმებულებს და ასევე ეროვნულ ბანკში გახნილ ნომინალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს კი სარგებელი დღეს, საშუალოდ წლიური 7%-ის ოდენობით ერიცხება,“ – გვითხრეს საპენსიო ფონდში.

ფონდში აცხადებენ, რომ მთლიანი თანხა სრულადაა გადანაწილებული კერძო ბანკებსა და ეროვნულ ბანკში პროცენტიან ანგარიშებზე და სარგებელი თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე.

ამ თანხის ინვესტირება ამ დროისთვის არ განხორციელებულა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის დაკომპლექტებული საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭო, რომელმაც აღნიშნული თანხა უნდა განკარგოს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სტაბილურად და საიმედოდ გაკეთდეს ყველაფერი. 5 წლის მანძილზე დივერსიფიცირებული ანუ განსხვავებული საინვესტიციო პაკეტები არ იქნება. შემდეგ კი საშუალო, მაღალი და დაბალრისკიანი პაკეტები იარსებებს და მოქალაქეს შეეძლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მათგანში განათავსოს თანხა. ახლა დაბალრისკიან პაკეტში უნდა ჩაიდოს თანხა, რაც ისედაც 7%-ს გულისხმობს. ასეთ 7%-იანში კი უკვე არის ეს თანხა განთავსებული ანგარიშებზე, ასე რომ ამით მოქალაქე არ ზარალობს,“ – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას რაც შეეხება, სააგენტოში აცხადებენ, რომ მომდევნო კვირაში გაიმართება სათათბირო შეხვედრა და გამოცხადდება კონკურსი საბჭოში ვაკანტური ადგილების დასაკომპლექტებლად.

„21 დღეს უნდა იყოს გამოქვეყნებული ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და შემდეგ ხუთდღიანი ვადა აქვს საპენსიო სააგენტოს, რომ განიხილოს ამ ვაკანსიებზე შემოსული განაცხადები. სანამ არ არსებობს აკუმულირებული თანხა, საინვესტიციო საბჭო ვერ დაკომპლექტდებოდა, ანუ, არარსებული თანხის განსაკარგად ხალხს ვერ დავიქირავებდით. ამჯერად, მართალია, არის 107 მილიონი ლარი, მაგრამ დივერსიფიცირებული პაკეტისთვის ეს თანხა არის ძალიან ცოტა. სხვადასხვა ორგანიზაციის ფასიან ქაღალდებში უნდა ჩაიდოს ეს თანხა, რადგან რომელიმე აქციას შესაძლოა შეუმცირდეს ფასი, ზოგს მოემატოს და რამდენიმე კომპანია იმისთვისაა აუცილებელი, რომ ჩადებულმა თანხამ დიდი რყევები არ განიცადოს. ზედა ჭერი არ არსებობს, მაგრამ ეს თანხა, მინიმუმ 5 ორგანიზაციისთვისაც კი, განსაკარგად მინიმალურია. ერთ და ორ კომპანიას კი ვერ ჩავრთავთ,“ – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით საინვესტიციო საბჭო 5 ადამიანისგან უნდა დაკომპლექტდეს. როგორც აღვნიშნეთ, ხუთივე ადგილი ვაკანტურია.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასებში 86,5 ათასი ლარი დაიხარჯა.

სააგენტოში ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის საინვესტიციო საბჭოში დასაქმებულთა ხელფასის ზედა ზღვარიც, ამიტომ, რა თანხა დაიხარჯება სააგენტოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებში, სააგენტოს სრულად დაკომპლექტების შემდეგ დაზუსტდება.

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტში კი, მიმდინარე წელს, საპენსიო სააგენტოსთვის სულ 3 800 000 ლარია გამოყოფილი, აქედან სააგენტოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციაში, ჯამში, 50 ადამიანი იქნება დასაქმებული.

როგორ შევამოწმოთ ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში 

თუ ამ დრომდე არ გადაგიმოწმებიათ საკუთარი საპენსიო ანგარიში, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია . ამისთვის, უნდა შეხვიდეთ შესაბამის გვერდზე მომხმარებლის სახელით [ანუ, თქვენი პირადი ნომრით], დროებითი პაროლით [დროებით პაროლს თქვენი დამსაქმებელი მოგაწვდით] და უნდა შეცვალოთ ეს დროებითი პაროლი ახალი პაროლით [რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ]. ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგიაქტიურდებათ წვდომა თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

თუ დასაქმებულს ჰყავს ერთზე მეტი დამსაქმებელი და დასაქმებულის მიერ რეგისტრაციის გავლამდე დაგენერირდა ერთზე მეტი პაროლი, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად დასაქმებულმა უნდა შეიყვანოს მომხმარებლის სახელი და ერთზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს ორი პაროლი [ორზე მეტი დამსაქმებლის შემთხვევეში საკმარისია ნებისმიერი ორი პაროლის შეყვანა]. ამის შემდგომ, დასაქმებული ვალდებულია შეცვალოს პაროლი.

ამ თემაზე: რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

Exit mobile version