სიახლეები

ცხოველთა მოვლა-მოკვდინების წესები ბათუმში

20.04.2014 • 4373
ცხოველთა მოვლა-მოკვდინების წესები ბათუმში

 

 

ორ თვეში ბათუმში ამოქმედდება საკრებულოს დადგენილება ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესების შესახებ.  ეს წესები აგრეთვე განსაზღვრავს  ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

 

ძაღლის ან კატის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის:


სათანადო კვება და დაწყურვება;

ფიზიკური აქტივობა;

საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება;

მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნა.

დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში.

აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.

აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.

ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურ გამოყოფილ ადგილას (ბიოთერმიულ ორმოში).

მეპატრონემ ცხოველის იდენტიფიკაცია შეიძლება განხორციელოს სამი ძირითადი მეთოდით: მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან/და სპეციალური ყელსაბამით. იდენტი­ფიკაციისათვის მათზე აღნიშნული უნდა იყოს: ცხოველის მეპატრონის სახელი და გვარი, მისი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;

 

ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;

ცხოველის დაავადების ან სიკვდილის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკასა და უფლებამოსილ ორგანოს;

 

უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრო­ნობის მიზნით – მოახდინოს მათი დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარიული ზედამ­ხედველობის განხორციელება. დაუშვებელია ცხოველთა დაჭერა მათთვის ტკივი­ლის, ტანჯვისა თუ სტრესის მიყენების გზით.

ცხოველების შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად;

 

ცხოველის მოკვდინება


მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპე­ტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდ­ი­ნება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.

 

ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული  დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექ­ტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოვე­ლისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.

 

დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:

ა) დახრჩობა;

ბ) გაგუდვა;

გ) მოწამვლა;

დ) ელექტრომუხტის გამოყენება;

ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;

ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.

 

ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებები:

 

 ლისტერიოზი – ძაღლი, კატა;

ტოქსოპლაზმა – ძაღლი, კატა;

ტულარემია – კატა;

ლეპტოსპიროზი – ძაღლი;

ტუბერკულოზი – ძაღლი;

ცოფი – ძაღლი, კატა;

ეხინოკოკოზი – ძაღლი, კატა;

ლეიშმანიოზი – ძაღლი;

პიროპლაზმოზი – ძაღლი, კატა;

დემოდეკოზი – ძაღლი, კატა;

ტეტანუსი – ძაღლი, კატა;

სტაფილოკოკი – ძაღლი, კატა;

სტრეპტოკოკი – ძაღლი, კატა;

მკრეჭავი მუნი – ძაღლი, კატა;

ბრუცელოზი – ძაღლი;

ციმბირული წყლული – ძაღლი;

თურქული – ძაღლი;

სალმონელოზი – ძაღლი.

 

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს მიიღო. დადგენილება ძალაში 1 ივლისიდან შევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: