თვეში 50 ლარი ავადმყოფი მეუღლისა და 12 წლის შვილიშვილის მოსავლელად


მაყვალა კობალაძე ციხისძირში, მეცამეტე ქუჩაზე ცხოვრობს. ავადმყოფ მეუღლეს უვლის და 12 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის. ბებია-ბაბუისა და მცირეწლოვანი შვილიშვილისგან შემდგარი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 50 ლარია, რომელსაც შვილიშვილი დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან.

მაყვალა 59 წლისაა, საპენსიო ასაკამდე ერთი წელი დარჩა. პენსიას არ იღებს არც მისი მეუღლე. მათი საცხოვრებელი ორსართულიანი სახლის პირველი სართულის სამი ოთახია. მაყვალა იხსენებს, რომ ერთი წლის წინ მეორე სართულზე მცხოვრებ მეზობელს იატაკი ჩამოენგრა. პირველ სართულზე მცხოვრები მაყვალა და მისი ქმარი ძლივს გადარჩნენ.

„მეზობელმა მთხოვა, მე გავაკეთებ ყველაფერს ჩემი ხარჯით, ოღონდ იატაკის ბეტონით დასხმის საშუალება მოგვეციო. რასაც ხედავთ ამ სახლში, ყველაფერი ჩემი მეზობლის გაკეთებულია“, – ამბობს მაყვალა.

მისი სახლის კედლები შეთეთრებულია, ერთი ოთახის იატაკზე კი კაფელია დაგებული. მაყვალას თქმით, როდესაც სოციალური სააგენტოდან აგენტები შემოწმებაზე მოვიდნენ, ხაზი გაუსვეს იატაკს და ქვის კედლებს, რომლითაც სახლია ნაშენი.

„შეგვამოწმეს, დაინახეს როგორც ვცხოვრობთ. ისიც ვუთხარი, რომ შემოსავალი არ გვაქვს, მაგრამ როცა შეფასება დაწერეს, მაღალი ქულა მოგვივიდა. დახმარება ვერ ავიღეთ. ქობულეთის მერიაში მივედი, დავწერე განცხადება, ვიფიქრე, ერთჯერადი დახმარება მაინც შეიძლება მოგვცენ-მეთქი, მაგრამ არც კი განუხილავთ ჩემი განცხადება“, – ამბობს მაყვალა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მაყვალა კობალაძემ ნამდვილად მიმართა მერიას წერილით. კობალაძე შეშას ითხოვდა ზამთარში გასათბობად.

„გამწვანების სამსახური საქმის კურსშია. როგორც კი გამოჩნდება სანიტარული ჭრისთვის შეშა, გადავცემთ მოქალაქეს“.

მოქალაქე შეშას ზამთარში გასათბობად ითხოვდა. გაზაფხულზე შეშის გადაცემა როგორ შეამსუბუქებს მის ყოფით პრობლემებს? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ იმ დროისთვის სანიტარული ჭრები გათვალისწინებული არ იყო. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებას, მერიაში ამბობენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას  ერთჯერადი დახმარების პროგრამა არ აქვს.

როგორ ცხოვრობს სამსულიანი ოჯახი? – მაყვალა კობალაძის თქმით, რომ არა მეზობლები, თავს ვერ გაიტანდნენ.

„ჩემი მეზობელი ერთ პურს რომ თავისთვის ყიდულობს, მეორე ჩემთვის მოაქვს. საჭმელს ისე არ გააკეთებენ, ჩემთან თეფშით არ გადმოიტანონ. ასე მოვედით აქამდე. „სოციალური“ მაინც რომ მქონოდა, როგორმე გავანაწილებდი და თვიდან-თვემდე თავს გავიტანდი,“ – ამბობს მაყვალა კობალაძე.

მაყვალა ახლა ელოდება როდის გახდება  60 წლის, მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება მის ოჯახში მუდმივი შემოსავალი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი