ბათუმში კორონავირუსი მესამე პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ბათუმის კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი გუშინ ღამით გადაიყვანეს. კორონავირუსი მათგან ერთ-ერთს დაუდასტურდა.

ბათუმში კორონავირუსი 21 მარტის მდგომარეობით უკვე სამ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქვეყნის მასშტაბით დღეს ახალი კორონავირუსი კიდევ 5 პირს დაუდასტურდა. დღეს 22 საათის მონაცემებით ვირუსით ინფიცირება ქვეყანაში 49 პირს აქვს დადასტურებული.

მსოფილიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 ათასს უახლოვდება. მათ შორის 90 ათასამდე პირი უკვე განიკურნა.

რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ

„ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, დღეს შაბათია და ვისვენებთ. ორშაბათიდან არ ვიცი, რა იქნება… გუშინ ტანსაცმელის კერვაზე ვიმუშავეთ ყველამ, რადგან დოლბანდი არ იყო და მაგას ველოდებით. სადეზინფექციო ხსნარები გვაქვს, სხვა არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს ერთ-ერთი მკერავი ქალი, რომელიც „აჭარა ტექსტილში“ მუშაობს.

ამ საწარმომ 500 ათასი პირბადის დამზადება დააანონსა. მკერავები, რომლებიც პირბადეებს კერავენ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ – ისინი შიშობენ, რომ შრომის უსაფრთხოება სამკერვალოში დაცული არ არის. მათ ვინაობის გამხელა არ სურთ.

„აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკები ბათუმში, ბობოყვათსა და ფოთში აქვს. ასობით მკერავს საერთო სივრცეში უწევს მუშაობა. მკერავები მიიჩნევენ, რომ პირდაბედეების მომზადება ახლა საჭირო და მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ პანდემიის პირობებში უსაფრთხოების კუთხით სპეციალური ზომები საწარმოს არ მიუღია, მით უფრო, რომ პირბადეების მომზადებასთან ერთად, მკერავთა კონკრეტული ბრიგადები ისევ ტანსაცმელს კერავენ.

საწარმოში რომ ამ ეტაპზე დოლბანდს ელოდებიან, ამას ადასტურებს გია ლომინაძე, „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი. მან „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურა, რომ მკერავების ნაწილი ისევ ტანსაცმელს კერავს, რადგან „ამ გზით საწარმოს თანამშრომლების შენარჩუნება სურს“. რაც შეეხება უსაფრთხოებას: გია ლომინაძე ირწმუნება, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები საწარმოში სრულად დაცულია.

„კრიტიკულ სიტუაციაში ვართ ახლა ყველა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საკითხს, ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების ყველა ღონისძიება: პირბადეებით მუშაობენ, სადეზინფექციო ხსნარს ვიყენებთ, გვაქვს თერმოკამერები, რომლის საშუალებითაც ვამოწმებთ ყველა თანამშრომელს დილით, სამსახურში გამოცხადების დროს. ნაწილი აღარ დადის, მაგალითად, ხანდაზმული ვინცაა… ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი იმყოფებოდა ჩვენს საწარმოში და მას პოზიტიური შეფასება ჰქონდა, ეს ტელევიზიითაც თქვა,“ – გვითხრა გია ლომინაძემ, „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა.

გია ლომინაძემ ჩვენთან საუბარში დააკონკრეტა, რომ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელმა ფოთის სამკერვალო ფაბრიკა მოინახულა. რა ხდება ბობოყვათის და ბათუმის სამკერვალოებში?

„იგივე პროცედურაა ყველგან. დღეს შაბათია და ორშაბათს შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, ბობოყვათში რა სიტუაციაა,“ – ამბობს გია ლომინაძე.

რაც შეეხება დოლბანდებს, საწარმოს ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ 20 ათასი მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უკვე დამზადდა, დოლბანდის გარკვეული რაოდენობა მოძიებულია და რამდენიმე დღეში გაიზრდება საწარმოო ხაზების რაოდენობა.

„მკერავები ტანსაცმელზეც მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გადავერთოთ მთლიანად პირბადეების წარმოებაზე, ჩვენ შესაძლოა უფრო მეტი პირბადის დამზადება მოგვიწიოს, ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი,“ – დასძინა გია ლომინაძემ.

საწარმოში დასაქმებული რამდენიმე მკერავის თქმით, თუკი მკერავი სამსახურში არ გამოცხადდება, მას თითოეულ გაცდენილ დღეზე 40 ლარს ჩამოაჭრიან. გია ლომინაძე ამ ინფორმაციასაც არ ადასტურებს. იგი განმარტავს, რომ ხელფასი სხვადასხვა ბონუსისგან შედგება და თუ რომელიმე მკერავი პანდემიის გამო სამსახურში არ გამოცხადდება, დასაქმებულს ერთჯერადად ჩამოაჭრიან გარკვეული ოდენობის თანხას.

„ანუ ხელფასი რამოდენიმე ბონუსისგან შედგება და თუ ადამიანი არ დაესწრება, შეიძლება  რაღაც ბონუსებზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება. მთლიანად  თვის ხელფასში ერთხელ მოხდება, თუ მოხდება ესეც. ამასაც გადამოწმება უნდა, რომელი ბონუსი რაზე ახდენს გავლენას. ასე რომ, მაგაშიც ნაწილობრივ შეიძლება დაგეთანხმოთ, ოღონდ მხოლოდ ერთხელ და ეს არ მიიღებს სისტემატურ ხასიათს,“ – გვითხრა „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა.

გია ლომინაძის თქმით, საწარმოში ხანდაზმული თანამშრომლები, ძირითადად, აღარ დადიან. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თანამშრომელი აგრძელებს მუშაობას სამკერვალოში, სადაც პირბადეების დასამზადებლად შესაბამის მასალას ელიან.

ბათუმის საბავშვო ბაღებში მშობლები ორშაბათიდან პროდუქტს მიიღებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა ორშაბათს, 23 მარტიდან დაიწყება. აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში კი, არსებული მარაგის გაცემა უკვე დაიწყეს.

ბათუმის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის შეფუთვას ყველა მშობელი მიიღებს, რომლის შვილიც საჯარო საბავშვო ბაღში დადის. შეფუთვები ბაღებში გაიცემა დილის 10-დან დღის 4 საათამდე.

„ნებისმიერი ბავშვის დედას, ან მამას გადავცემთ შეფუთვას. პროდუქტის გაცემა სამ დღეს გაგრძელდება,“ – გვითხრა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მამუკა შამილიშვილმა.

საკვების თითოეულ შეფუთვაში შედის: შვრიის ფანტელი – 0,5 კგ, მაკარონი-1 კგ, წიწიბურა-0,8 კგ, ბრინჯი -0,8 კგ, შაქარი-1 კგ, ზეთი-1 ლიტრი, კვერცხი -10 ცალი, პური -2 ცალი, რძე-1 ლიტრი, ვაშლი-1 კგ, ბანანი -2 ცალი.

მამუკა შამილიშვილის თქმით, შესაძლებელია საკვები პროდუქტი აპრილშიც გაიცეს, თუმცა ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ქობულეთის საბავშვო ბაღებში არსებულ მარაგს უკვე გასცემენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე. საკვებ პროდუქტს მიიღებენ ის ბავშვებიც, ვისი დედაც მარტოხელაა, ასევე ოჯახი, რომელსაც 37 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვს სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.

„ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ იმ კვირიდან დაიწყება, თითოულ ბავშვს გადავცემთ საკვებ პროდუქტებს,“ – ამბობს ია ხალვაში, ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მომწოდებლებისგან ფასების დაზუსტებას ელის და ქობულეთის მერიაში ამის შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

ქედის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა ჯერ არ დაუწყიათ. ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ გვითხრა, რომ მალფუჭებადი პროდუქტი ჩამოწერეს, ხოლო არსებულ მარაგს ყველა ბავშვს დაურიგებენ სოციალური სტატუსის მიუხედავად.

„ორშაბათს გვექნება თათბირი და დაზუსტებულ ფასებს მოგვაწვდიან, ის, რაც უნდა მოეწოდებიათ, მოგვაწვდიან სავარაუდოდ ოთხშაბათს და შემდეგ გავცემთ ბაღებში დღეს არსებულ მარაგთან ერთად. ბაღში ახლა ის პროდუქტებია დარჩენილი, რაც არ გაფუჭდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან გორგილაძემ.

ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოს მერიებში კი ერთნაირად გვიპასუხეს – „არსებული მარაგის გაცემა დაწყებულია ყველა ბავშვზე თანაბრად“. პრესსამსახურებში ასევე განმარტეს, რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, განხორციელდება თუ არა შესყიდვა და მიიღებენ თუ არა ბავშვები საკვებს აპრილშიც.

დახურული სასტუმროები ბათუმში – ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა დროებით დაიხურა. ბათუმში ახლა მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო.

მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ქალაქში არ მუშაობს არცერთი კაზინო, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. სასტუმროებსა და კაზინოებში დასაქმებული ადამიანების ნაწილი უკვე შემოსავლის გარეშე დარჩა, ან დარჩება. მსხვილ სასტუმროებში ასობით ადამიანია დასაქმებული.

სასტუმროების მეპატრონეებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება – რა იქნება მომდევნო თვეებში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში მატულობს, პრეზიდენტმა კი 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სასტუმროებისა და კაზინოების მუშაობა ბათუმში, ძირითადად, უცხო ქვეყნის ვიზიტორებზეა დამოკიდებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზით კი სახელმწიფომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრები გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. შეზღუდულია ავიამიმოსვლაც.

ბათუმში 3 მარტს გაიხსნა სასტუმრო Le Méridien-ი, რომელმაც სასტუმროში რესტორანი და სპა-ცენტრები დახურა. სასტუმრო, როგორც აქ გვითხრეს, ოპერირებს, თუმცა გახსნიდან მალევე ყველა ჯავშანი გაუქმდა, შემდეგ კი არავის დაუჯავშნავს. რაც შეეხება თანამშრომლებს, Le Méridien-ში ამბობენ, რომ თანამშრომლების ნაწილს ინარჩუნებენ, ნაწილი კი უფასო შვებულებაში გაუშვეს.

ბათუმში მუშაობა მთლიანად შეაჩერა სასტუმრო „რადისონ ბლუმ“. რაც შეეხება დასაქმებულ პერსონალს – რა პირობებით დაითხოვეს ისინი, სასტუმროდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

მუშაობა შეწყვიტა სასტუმრო „ველმონდმაც“ [ყოფილი „ლეოგრანდი“]. თანამშრომელთა ანაზღაურების საკითხის შესახებ კი, როგორც სასტუმროში გვითხრეს, დეტალური ინფორმაცია თვის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ექნებათ.

„ეუფორიას“, „ინტურისტის“ და მეტრო ჰოლდინგის სხვა სასტუმროებში აცხადებენ, რომ მარტის თვის ხელფასს ყველა თანამშრომელი ჩვეულებრივად მიიღებს და უფასო შვებულებაში არავინ გაუშვიათ. რა იქნება აპრილის თვიდან – ამ სასტუმროებში ვერ აკონკრეტებენ.

სასტუმრო „ჰილტონში“ კი ამბობენ, რომ სასტუმრო ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას, დაკეტილია რესტორანი და სპა-ცენტრი.

თანამშრომლების დროებით დათხოვნას და პირობებს რაც შეეხება – „ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი. მაქსიმალურად ვცდილობთ პროცესი უმტკივნეულო იყოს“ – გვითხრეს „ჰილტონში“.

ჯავშნები გაუქმებულია და 21 მარტის მდგომარეობით მხოლოდ ერთი სტუმარი ჰყავს სასტუმრო „შერატონს“ ბათუმში.

„თუმცა, სასტუმრო მუშაობს, მარტის თვის ხელფასს ყველა თანამშრომელი მიიღებს სრულად, არ დაგვითხოვია არავინ. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას – გვაქვს აპრილის თვის გეგმაც შემუშავებული და ამ გეგმით გათვალისწინებულია, რომ სტაფი სრულად შევინარჩუნოთ. აპრილის თვეში დაგეგმილი გვაქვს ასევე თანამშრომლებს გვერდით დავუდგეთ და გარკვეული პროცენტი ხელფასის მივცეთ, რათა მინიმალურად, საარსებო საშუალება ჰქონდეთ. რა იქნება შემდგომ, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული თუ რა ვითარება იქნება“ – გვითხრეს „შერატონში“

„მსოფლიოში პანდემიაა, სახელმწიფო ახლა იბრძვის იმისთვის, რომ შეაჩეროს ვირუსის გავრცელება, ამიტომ ბიზნესმა რა უნდა მოთხოვოს სახელმწიფოს… იქეთ სჭირდება დახმარება. ჩვენი მხრიდან დახმარება სახელმწიფოსი იქნება ის, რომ ყველა ჩვენს თანამშრომელს ექნება ხელფასი.

ვცდილობთ, არსებულ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ყველა და გადავუხადოთ იმდენი, რომ სახლში თუ იქნება, პურის ფული მაინც ჰქონდეს. ხვალ და ზეგ ვნახოთ რა და როგორ განვითარდება. ჩვენს შემთხვევაში ბიზნესი ნულის დონეზეა, შემოსავალი არ არის, თუმცა ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას ივნისიდან მაინც და არ ვეუბნებით არავის – სახლში წადით.

მართალია, არის მოწოდება #დარჩისახლში და ჩვენი თანამშრომლების უმეტესობაც სახლშია, მაგრამ თუ საჭირო იქნება დაუძახებს კომპანია და მოვა. არის მაგის  რეკომენდაციაც, როგორ იმუშაონ უსაფრთხოდ.“ – გვითრა ნოდარ ხინიკაძემ, „შერატონის“ ფინანსურმა მენეჯერმა.

რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ გადასახადები გადაუვადოს ბიზნესს, ნოდარ ხინიკაძის თქმით, ეს ნებისმიერი ბიზნესისთვის არის კარგი:

„საერთოდ გაუქმებას ვერ მოთხოვ, შემდეგ, ვთქვათ, პენსია რით გასცეს მთავრობამ… სასტუმრო, ზოგადად ბიზნესი უნდა შეეცადოს და შეინარჩუნონ, უხელფასოდ არ უნდა დატოვონ რიგითი თანამშრომლები.  უმეტესობა ასე აკეთებს, რომ თანამშრომლებს ხელფასის რაღაც ნაწილი მისცენ, რომ ამ სიტუაციაში იარსებონ, თორემ კანონი გაძლევს საშუალებას უფასო შვებულებაში გაუშვა. ვიცი, რომ ასეთებიც არიან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხელფასის რაღაც ნაწილიც მისცეს, ზოგმა პრემიის სახით გასცა რაღაც თანხა. ჩვენს შემთხვევაში წლებია ეს თანამშრომლები გვემსახურება  და ვცდილობთ შევინარჩუნოთ. აპრილი-მაისის შემდეგ იმედი გვაქვს დალაგდება ყველაფერი“.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობა ტურისტულ [და არა მარტო] ბიზნესს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. კონკრეტულად, მთავრობა ოთხი თვით საშემოსავლო და ქონების გადასახადს გადაუვადებს ბიზნესს. როგორც 13 მარტს, გამართულ სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე შეასუსტოს.

ამ თემაზე:

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მას დღეს, 21 მარტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს შეკრებისთანავე. საგანგებო მდგომარეობა იმ შემთხვევაში უქმდება, თუკი პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს.

„იმედია, შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდება მისი გამკაცრება… ჩვენ გვმართეს პასუხისმგბელობა, სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნება, მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ თემაზე:

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობით

საიზოლაციო ან საკარანტინო რეჟიმის დამრღვევი პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საიზოლაციო, ან საკარანტინო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი, პირს სისხლის სამართლის წესით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო კი, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი.

სანქციები ანალოგიურ დარღვევებზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებისა და დეკრეტის ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდება.

პრემიერმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით დღეს, 21 მარტს პრეზიდენტს მიმართა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს და მას პარლამენტი ამტკიცებს. გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 21 აპრილამდე მოითხოვა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალაში რჩება ის შეზღუდვები, რაც მთავრობას აქამდე ჰქონდა დაწესებული კორონავირუსის პანდემიის დროს:

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობით

21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგანაც ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 1966 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობით

პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით დღეს, 21 მარტს პრეზიდენტს მიმართა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს და მას პარლამენტი ამტკიცებს. გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 21 აპრილამდე მოითხოვა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალაში რჩება ის შეზღუდვები, რაც მთავრობას აქამდე ჰქონდა დაწესებული კორონავირუსის პანდემიის დროს.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ ისაუბრა სანქციებზე, რომელიც ელოდება ადამიანებს, ვინც საიზოლაციო, ან საკარანტინო რეჟიმის პირობებს დაარღვევს. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 ათასი ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის წესით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს ასევე 10 კაცზე მეტი პირის თავშეყრის შეზღუდვას. ძალაში რჩება საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვა. მთავრობას ასევე ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს საკუთრების უფლებაში.

საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობა მოახდენს მედიკამენტების და პირველადი საკვები პროდუქტების ფასების რეგულარიებას. სხვა სახის შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების კუთხით, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

ბრიფინგზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „არ დგინდება საკომენდატო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები“.

საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიის მუშობას.

„ერთადერთი მოთხოვნა იქნება პირადი უსაფრთხოება და ის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე,“ – დასძინა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საგანგებო რეჟიმის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება. მუშაობას განაგრძობს საფინანსო სექტორიც.

პოლიციამ კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა იძულებით კარანტინში 

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

ამავე თემაზე: 

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

 

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

„აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“ – ასეთ მარტივ და მოკლე ვადაზეა გათვლილი ცალკეული ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებისა და გენერალური მენეჯერების სტრატეგია თანამშრომლების შენარჩუნებაზე. ამ კომპანიებს მარტის მესამე კვირაში ოფისების დაკეტვა მოუხდათ კორონავირუსის გამო. კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილებას დისტანცირების აუცილებლობაზე ძალაში დატოვებს აპრილშიც, ან უფრო დიდ ხანს, ამ კომპანიების უმრავლესობას პასუხი არ აქვს.

არიან ისეთებიც, რომლებიც არსებულ სიტუაციაში გაცილებით მოქნილები აღმოჩნდნენ და უფრო დრამატული სცენარის შემთხვევაში პროდუქტის მოდერნიზებაზე დაიწყეს ფიქრი. ისინი მოქმედების  განვითარების რამდენიმე გეგმას მოიაზრებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ „გლობალურად დაზარალდნენ “ და გრძელვადიანი კრიზისის პერსპექტივაში თანამშრომლების სრული შემადგენლობის შენარჩუნების საკითხი მათთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ყველაზე უიმედოდ საშუალო და მცირე ბიზნესია განწყობილი, მათი უმრავლესობა კრიზისის ამ ფორმის მოკლე ვადით გაგრძელებასაც შიშით უყურებს და შიშობს, რომ ბაზრიდან „საერთოდ გაქრება“. ამ ტიპის ბიზნესების კრახი შესაძლოა ქვეყნისთვის უფრო მძიმე ტვირთად იქცეს, რადგან ისინი ბაზარზე მცირე დანაზოგებით ოპერირებენ და უმეტესწილად სწორედ ამ სექტორში არიან დასაქმებული მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

19 მარტს გამართული მთავრობის  ბრიფინგის შემდეგ  გიორგი ც. რომელსაც საკუთარი გვარის დასახელება დამსაქმებელთან უხერხულობის თავიდან ასაცილებლად არ სურს, ამბობს, რომ 20 მარტს, დილით, სამუშაოს ორი კვირით შეჩერების შესახებ შეატყობინეს. ის მშენებლობაზე მუშაობს:

„სამუშაო ნივთებს ვალაგებთ, რომ შევინახოთ და მივდივართ სახლებში“ – გვითხრა გიორგიმ. მისივე თქმით, დამსაქმებელმა მარტის თვის ხელფასი სრულად გადაუხადა: „აგვინაზღაურა შესრულებული სამუშაოს თანხა და იმისაც, რაც ამ დღეებში უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ვერ მოვასწარით“.

გიორგი დამსაქმებლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, მაგრამ იცის, რომ თუ აპრილში ვერ იმუშავებს უხელფასოდ დარჩება:

„ჩვენთან ისედაც ასეა, როცა კორონავირუსი არ იყო, მაშინაც ასე ვიღებდით ხელფასს – ასრულებ კონკრეტულ სამუშაოს და შემდეგ გიხდიან. აპრილში თუ ვერ ვიმუშავებ, ვერც ხელფასს ავიღებ, ეს სერიოზული პრობლემაა ჩემთვის. მართალია, სესხი შევიჩერე, მაგრამ ქირით ვცხოვრობ და საფასური ხომ უნდა გადავიხადო“.

გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სამშენებლო ჰიპერმარკეტების კონსულტანტები და მენეჯერები, ასევე, დისტრიბუციის თანამშრომლები. მათ მარტის თვის ხელფასები გადაუხადეს და უთხრეს, რომ ჩერდებიან: „სხვა განმარტებები არ მოუციათ“.

რამდენიმე სამშენებლო ჰიპერმარმარკეტის ვებგვერდს თუ თვალს გადავავლებთ, ჩანს, რომ ისინი დისტანციურად ცდილობენ მიიღონ ონლაინ შეკვეთები და  პროდუქტის ადგილზე მიტანით, კონტაქტის გარეშე, მოემსახურონ მომხმარებელს. თუმცა ამავე ვებგვერდების მიხედვით, ამ შეთავაზებაზე მომხმარებლის გამოხმაურება დიდი არაა.

ჰიპერმარკეტი „მოდუსი“  ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ქსელია, რომელსაც სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალები შემოაქვს. კომპანიამ ყველა ფილიალი დაკეტა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მარტის თვის ხელფასი ყველა თანამშრომელს გადაუხადეს, მაგრამ რას გადაწყვეტენ იმ შეთხვევაში, თუ შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდება, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ეს პასუხი აქვთ – „აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“.

იგივე  ვითარებაა „გორგიაშიც“.

დაიკეტა ქარხნებიც. ამ დროისთვის ხელვაჩაურის ეკონომიკურ ზონაში, სადაც ბეტონსა და ქვიშა-ღორღს აწარმოებენ, ყველა ქარხანა გაჩერებულია.

ამ დრომდე აქტიურად განაგრძობდა მუშაობას სამშენებლო სექტორი, შეზღუდვების დაწესებისა და დისტანციურ მუშაობაზე  ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ მათ მხოლოდ ოფისები დაკეტეს, ხოლო  სამშენებლო პროცესი არ გაუჩერებათ:

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. კომპანიამ შეზღუდა მომხმარებელთან საქმიანი შეხვედრები, მივლინებები და გასვლითი აქტივობები. რაც შეეხება სამშენებლო პროცესს, „ალიანს ჯგუფის“ ყველა მშენებლობაზე სამუშაო პროცესი ნაწილობრივი შეზღუდვით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის, ასევე ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ხორციელდება. სამშენებლო ტერიტორიაზე დასაქმებული პერსონალისთვის დაცულია უსაფრთხოების ნორმები“ – ეს პასუხი კომპანიამ წერილობით 18 მარტს მოგვაწოდა.

იგივე გვითხრეს „ორბი ჯგუფშიც“.

„სამშენებლო პროცესის შეჩერების მოთხოვნა ჯერ არ გვქონია და შესაბამისად, გავაჩერეთ მხოლოდ  ტურისტული ობიექტი „ანბანის კოშკი“-  გვითხრა შპს MRMU INTERNATINAL-ის დირექტორმა ზურა ნასყიდაშვილმა. იგი ამბობს, რომ მარტის თვის ხელფასი ყველა თანამშრომელს გადაუხადეს და შეზღუდვის აპრილში გაგრძელების შემთხვევაშიც გადაუხდიან:

„ჩვენ ამ გუნდის შექმნას წლები მოვანდომეთ, ამიტომ  შევეცდებით შევინარჩუნოთ თანამშრომლები, შესაბამისად, შეზღუდვის გაგრძელების შემთხვევაშიც, ხელფასის რაღაც პროცენტს მაინც დავურიცხავთ.“

ზურა ნასყიდაშვილი მიიჩნევს, რომ ის შეღავათები, რაც მთავრობამ აამოქმედა ამ პერიოდისთვის, მნიშვნელოვანია და ბიზნესს გარკვეულწილად დაეხმარება: „ჩემი აზრით, ვიდრე გაირკვევა რა მოხდება, ბიზნესმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა მიმართოს იმისთვის, რომ არ გაჩერდეს“.

ზურა ნასყიდაშვილი შეეცადა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უფრო ოპტიმისტური სცენარით განხილვას, თუმცა საუბრის დასასრულს ფრაზა – „მერე არ ვიცი რა იქნება“, მანაც გამოიყენა.

შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს და როგორც სამშენებლო, ასევე ტურიზმის სექტორში ოპერირებს. კომპანიამ თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა, „ნაწილი კი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მუშაობს“ – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნონა ხუჯაძე.

„ნებისმიერი შრომის ხარჯს კომპანია ეწევა, იქედან გამომდინარე, რომ ეს შრომა ქმნის კონკრეტულ ღირებულებას, რომელიც იყიდება ბაზარზე. თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვექნება მოცემულობა, რომ ეს შრომა ფიზიკურად ვეღარ შექმნის ღირებულებას, არ ვიცი რა მოხდება. სახელფასო ფონდი რამდენიმე მილიონი ლარია და თუ კრიზისი  დიდხანს გაგრძელდება, ძალიან გართულდება ბიზნესმა ეს საკუთარ თავზე აიღოს გრძელვადიან პერიოდში.“

მეორეს მხრივ  ნონა ხუჯაძე ამბობს იმასაც, რომ შექმნილ ვითარებაში რისკის გადანაწილებას ბიზნესი საკუთარ თავზეც იღებს:

„ვემზადებით, რომ თუნდაც ორი-სამი თვით შევინარჩუნოთ თანამშრომლები ასეთ რეჟიმშიც კი – ეს უკვე არის ჩვენი პასუხი რეალობაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე დრამატულად არ განვითარდება მოვლენები… სხვა შემთხვევაში ალბათ ვიფიქრებთ პროდუქტის მოდერნიზებაზეც“.

მთავრობას კერძო სექტორის დასახმარებლად კონკრეტული წინადადება ჯერ არ აქვს. ზუსტი ინფორმაცია არც იმასთან დაკავშირებით არსებობს, თუ როგორ გადაანაწილებს მთავრობა ტურისტული სექტორისთვის გამოყოფილ მილიარდ ლარს.  20 მარტს, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა  განაცხადა, რომ პრემიერმა გახარიამ ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. ეს გარკვეული გადასახადების ოთხი თვით გადავადებას ეხება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე საქართველოში ლარი ისევ გაუფასურდა.

ბათუმში კორონავირუსზე 3 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით კარანტიდან 3 პირი გადაიყვანეს, მათი ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს, 21 მარტს ელოდებიან.

„მათი მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობენ ის პაციენტებიც, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ,“ – გვითხრა დავით მურვანიძემ, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერმა.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა ბათუმში გუშინ, 20 მარტს დადასტურდა.

21 მარტის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება – 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.

 

 

პირველ აპრილამდე N2 მუნიციპალური ავტობუსი ახალშენის ცენტრამდე იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ აპრილამდე, მოსახლეობის მოთხოვნით N2 მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს ახალშენის ცენტრამდე 30-წუთიანი ინტერვალით.

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პირველ აპრილამდე გაგრძელდება ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთან, მუნიციპალურ ავტობუსებში, პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრების დისტანცირება სპეციალური წითელი ლენტის საშუალებით ხდება, მძღოლს ეკრძალება წინა კარის გაღება, მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის მიზნით. მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა ხორციელდება უკანა კარის საშუალებით.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ მოძრაობს. მიკროავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შეზღუდული.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფოტოები

 

„მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო“ – სტუდენტის ცხოვრება ვენის საგანგებო რეჟიმში

სალომე სალაძე საქართველოდან ვენაში 14 მარტს გაფრინდა „ვიზეარის“ ბოლო რეისით, რის შემდეგაც ავსტრიასთან საზღვარი ჩაიკეტა.

როგორც სალომე გვიამბობს, ავსტრიაში მცხოვრები იმ ქართველი სტუდენტების 98% -მა ვისაც თავად იცნობს, ავსტრიაში დარჩენა გადაწყვიტა კრიზისის მიუხედავად. სალომე თავადაც სტუდენტია, 5 წელია, რაც ავსტრიაში ცხოვრობს და ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ის გვიყვება, საიდან დაიწყო ავსტრიაში ეპიდაფეთქება, რას გულისხმობს საგანგებო რეჟიმი ავსტრიაში და როგორ ცხოვრობენ ამ რეჟიმში იქ დარჩენილი ქართველი სტუდენტები. 

სალომე სალაძე, სტუდენტი: 

ავსტრიაში ეპიდემია ტიროლის ოლქიდან გავრცელდა და შესაბამისად, ეს ოლქი ყველაზე მეტად დაზარალდა. ტიროლი იტალიას ესაზღვრება, მისი სამხრეთი ნაწილი იტალიის შემადგენლობაშია, მაგრამ დასახლებულია ავსტრიელებით. ოჯახის წევრები ჰყავთ როგორც იტალიაში, ასევე ტიროლში, ავსტრიულ მხარეში. ხშირმა მიმოსვლამ ვირუსის სწრაფი გავრცელება გამოიწვია იტალიიდან ავსტრიაში.

ტიროლის ოლქშია ეპიდაფეთქების მეორე ზონაც – ზამთრის პოპულარული ავსტრიული კურორტი იშგლი. დაინფიცირებული ბარმენისგან ასობით ადამიანს გადაედო ვირუსი. კურორტი დაიკეტა. დამსვენებლებს სასწრაფოდ დაატოვებინეს იშგლი. ზოგი ტურისტის ფრენა 2 დღის შემდეგ იყო, ზოგის 3 და ა.შ. ეს ხალხი კურორტიდან ყველაზე დიდ, უახლოეს ქალაქ ინსბრუკში ჩავიდა, დარჩნენ სასტუმროებში და სასტუმროს პერსონალიც დაინფიცირდა. ამ ერთი კერიდან გავრცელდა მთელ ტიროლში ვირუსი. დღეს ეს ოლქი ავსტრიაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. კარანტინია გამოცხადებული ოლქის 279 თემში, ყველაფერი დაკეტილია, პატრულირებენ პოლიციელები და სოფლიდან სოფელში გადაადგილებაც კი იზღუდება. 

დღევანდელი მონაცემებით [20 მარტი] 2202 ადამიანია ავსტრიაში ინფიცირებული. მათი რიცხვი 24 საათში 360-ით გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით 6 გარდაიცვალა, მაგრამ მედიაში 10 ადამიანზე საუბრობენ, გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9. 

სულ რაღაც 16 დღის წინ ავსტრიაში სულ რაღაც 18 ადამიანი იყო ინფიცირებული. ბოლო 2 კვირაში ეს რიცხვი წარმოუდგენლად გაიზარდა.

5-6 დღის წინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მაშინ, როცა მდგომარეობა დამძიმდა

მუშაობს მხოლოდ ფოსტა, აფთიაქი და სასურსათო მაღაზია. ყველაფერი დაკეტეს და ხალხს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე დღეა უკვე ამ რეჟიმს ვემორჩილებით და იმედი გვაქვს, ეს შეამცირებს ვირუსის სწრაფი გავრცელების ტემპს.

დღეს დილით კანცლერმა თქვა, რომ მინიმუმ სამი კვირით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები. ტრანსპორტი დადის, მეტროც მუშაობს, მაგრამ ხალხი ძალიან იშვიათად გადის გარეთ. ყველა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს სოციალური კონტაქტები, თუმცა გარეთ გასვლა კანონმდებლობის დონეზე არ აუკრძალავთ. ექიმები, ექთნები და ა.შ. ვინც მუშაობას ვერ შეწყვეტს, ცხადია გადიან გარეთ.

კარგ ამინდში, გაზაფხულზე, როცა მზე ანათებს, ძნელია აუკრძალო ავსტრიელებს გარეთ სეირნობა, ვარჯიში და სირბილი, ამიტომ კანცლერმა გამოვიდა და თქვა, რომ დასაშვები იყო ბავშვების გასეირნება, ოჯახის წევრების ერთად გასეირნება, არაუმეტეს 5 ადამიანისა ერთად და საჭირო დისტანციის დაცვით.  ამან ცუდი შედეგი გამოიღო. მეორე დღეს ათასობით ადამიანი იყო პარკებში, მდინარის პირას და გუშინ, საღამოს შუადღის 4 საათიდან ღამის 2-მდე დაახლოებით 200-მდე შეტყობინება შევიდა პოლიციაში საჩივრით, რომ ვიღაც დისტანციას არღვევდა, ან 5 ადამიანზე მეტი ერთად გადაადგილდებოდა და ა.შ.

სალომე სალაძე

საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაშვებულია ვარჯიში, სირბილი დილით და ველოსიპედით გადაადგილებაც, ოღონდ მკაცრად დისტანციის დაცვით. რადგან ამ ყველაფრის აკრძალვა იგივეა, რაც გერმანელს ლუდის დალევა აუკრძალო.

თუ სასეირნოდ გადიან, აუცილებლად ერთ ჭერქვეშ უნდა ცხოვრობდნენ, ასევე, 5 ადამიანზე მეტს არ შეუძლია ქუჩაში ერთად გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გიჩივლონ, დაგაჯარიმონ და რამდენიმე ათასი ევროს გადახდა მოგიხდეთ.

ისიც კია გათვალისწინებული, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას შესაძლოა ვირუსი შეეყაროს. კანცლერის აპარატში ადაპტირებული საკარანტინე ზონებია მოწყობილი ქვეყნის მართვაში ჩინოვნიკებს ხელი რომ არ შეეშალოთ, დაინფიცირების შემთხვევაშიც კი.

სამწუხარო ამბავია, რომ ავსტრიაში დაფიქსირდა ინფექციის საავადმყოფოში გავრცელებაც. ზალცბურგის საავადმყოფოში, მაგალითად. 200-მდე თანამშრომელი, ექიმები, მომვლელები თვითიზოლაციაში არიან. ვირუსმა იფეთქა ვენის საავადმყოფოშიც.

ვიცით, რომ მინიმუმ ერთი თვე მაინც გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ მოვიცდით. სხვა გზა არ გვაქვს.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს შემთხვევათა ისეთი ტემპით ზრდას, რასაც უძლებს იტალია, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი. ამიტომ აუცილებელი ვისწავლოთ ევროპის შემთხვევებზე. მივესალმები მეტ აკრძალვას საქართველოში. თუ იქნება 100, ან ასზე მეტი ინფიცირებული, უამრავი ადამიანი კარანტიში და კლინიკებში, ვეღარ შევძლებთ ჩვენი რესურსებით გავწვდეთ მკურნალობას, გადადების ჯაჭვის პოვნას და ა.შ.

ავსტრიაში ყველა რელიგიური რიტუალი და ღვთისმსახურება შეწყდა.

სტუდენტებს უამრავი რაღაც სჭირდებათ: ბინის ქირა, დაზღვევა და ა.შ. მუშაობის შეჩერების პირობებში ძალიან ცოტას აქვს დანაზოგი და ეს მათთვის პრობლემებს ქმნის. 30-მდე ქართველი სტუდენტი დამიკავშირდა, ვისაც რაღაც ჰქონია გადანახული და სურთ დაეხმარონ იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ვეღარ მუშაობენ საგანგებო მდგომარეობის გამო. ისინი მზად არიან ასევე უმასპინძლონ ავსტრიაში ჩარჩენილ ქართველ ტურისტებს, სანამ ეს საჭირო იქნება. ისეთი ამაღელვებელი იყო ასეთი სოლიდარობა მძიმე დღეებში …

ჩემი უნივერსიტეტი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. სპეციალურ ბაზაში იდება მასალები, ლექტორი გვიგზავნის ფაილებს, ვმეცადინეობთ, დავალებებს ვასრულებთ და მხოლოდ სემინარებისას ვერთვებით ონლაინლექციებზე, როცა ჩვენი ზეპირი ჩართულობაა საჭირო. დავალებებს სხვა დროსაც ელექტრონულად ვასრულებდით და ვგზავნიდით, ეს ჩემთვის სიახლე არ ყოფილა, დიდი ხანია დისტანციური სწავლების მეთოდს ვიყენებთ, როგორც სწავლების ერთ-ერთ ფორმას, ახლა უბრალოდ მთლიანად ამ სისტემაზე გადავედით. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის დისკომფორტია, პირიქით. სახლში მშვიდად ვარ და ვიცი, რომ დაცული ვარ.

საზოგადოებაში არის აზრი, რომ ავსტრიას უფრო სწრაფად, უფრო ადრეც უნდა დაეხურა საზღვარი სხვა ქვეყნებთან, მაგრამ რახან ეს სატრანზიტო ქვეყანა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ერთბაშად ვერ მოხერხდა. ორშაბათიდან ფრენა შეწყდა ისეთ ქვეყნებთან, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება: საფრანგეთთან, გერმანიასთან და ესპანეთთან, შვეიცარიასთან. ჩაიკეტა საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან, დარჩა ერთადერთი სლოვენია და უნგრეთი, მაგრამ დღეს იკეტება ეს საზღვრებიც. ერთადერთი ფრენა რაც სრულდება, მხოლოდ იმისთვის, რომ ავსტრიამ თავისი მოქალაქეები ჩამოიყვანოს სხვა ქვეყნებიდან.

მგონია, რომ მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი როგორიც იყო. გვექნება სულ სხვა პრიორიტეტები ცხოვრებაში, სხვა შეხედულებები, ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობებს, ქვეყნები ერთმანეთთან დამოკიდებულებას გადახედავენ. ჩვენ, მსოფლიო მოსახლეობას, მოგვიწევს პრიორიტეტების გადალაგება, ღირებულებების გადაფასება.

ბიუჯეტის დაფინანსების თვალსაზრისითაც შეიძლება ქვეყნებმა უფრო მეტი ჩადონ ჯანდაცვაში და ა.შ. საწყის ეტაპზე მთავარია ყველაფერმა ნაკლები მსხვერპლით ჩაიაროს, ბევრ რამეს ვისწავლით ამ ყველაფრისგან.

თუმცა უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი იქნება კარგად. უფრო გაურკვეველია ჩემთვის მომავალი დღეის გადმოსახედიდან, ვიდრე შეიძლება ომის დროს ყოფილიყო.

ზიხარ სახლში, არ იცი როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, არ იცი, როგორ დასრულდება. იმედია მსოფლიო მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.

რა შემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით მეწარმე, რომელსც საქმიანობა შეჩერებული აქვს

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, ექნებათ შეღავათით სარგებლობის უფლება.

შეღავათი გულისხმობს 4 თვის ვადით, 2020 წლის 1 ნოემბრამდე, დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მიმართა 400-ზე მეტმა გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება [საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ქონებაზე ყადაღის დადება] არ განხორციელდება, ხოლო საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე, შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები და კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისათვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი.

20 მარტს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რის მიხედვითაც გატარდება დამატებითი ღონისძიებები, ბიზნესის მხარდასაჭერად.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/436101/

2020 წლის 21 მარტის დილიდ მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა – 47,
  • მათ შორის გამოჯანმრთელდა – 1,
  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1966,
  • ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 259 პირი.

 

9 გარდაცვლილი და 670 ინფიცირებული ბოლო 24 საათში – კორონავირუსი თურქეთში

670 ინფიცირებული, 9 გარდაცვლილი – თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში გაიზარდა. ოფიციალური მონაცემები თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

“ჯერჯერობით 9 ადამიანი დავკარგეთ. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო. დავიცვათ ჩვენი მოხუცები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოქნილობა ამ ბრძოლაში,” – დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა ტვიტერზე.

ოფიციალური მონაცემებით 19 მარტს თურქეთში კორონავირუსი 359 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული. ხოლო ვირუსით 4 ადამიანი იყო გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 627 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა,  ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა  4 032 ადამიანია. 20 მარტს კორონავირუსით ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 47 021 ადამიანს აქვს.

ყველაზე მეტი, 2 549 ადამიანი კორონავირუსით ლომბარდიის რეგიონშია გარდაცვლილი, 640 ემილია-რომანიაში, ხოლო 209 პიემონტეში. ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული სამხრეთის რეგიონებში. იტალიის 21 რეგიონიდან, ერთადერთი რეგიონი ბაზილიკატაა, სადაც დღემდე არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიის რეგიონების მიხედვით

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

დღეს, 20 მარტს, ბათუმში კორონავირისით ინფიცირება მეორე ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება დღეს, 19 საათზე გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ორივე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი. პირდაპირ საბაჟოდან ის გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში და შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში, ამიტომ მას არც ნათესავებთან და არც სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის თქმით, კორონავირისით ინფიცირებული პირების მდგომარეობა არის მართული და ცნობილია ყველა შესაძლო ახლო კონტაქტი, რომელიც შესაძლოა ჰქონოდათ აღნიშნულ პირებს საბაჟოზე შემოსვლიდან სასტუმროში განთავსებამდე. „ყველა მათგანს უტარდება ტესტი“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

პაციენტი, რომელსაც დღეს COVID-19-ით დაინფიცირება დაუდასტურდა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 დადასტურებული შემთხვევაა.

როგორ დაეხმარება აჭარის მთავრობა covid19-ის გამო უმუშევრად დარჩენილებს – რიჟვაძის განცხადება

დღეს, 20 მარტს, 10:00 საათზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  განცხადება გააკეთა კორონავურისით გამოწვეულ შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე და აღნიშნა, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„კარგად გვესმის, რომ  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არის უამრავი ყოფითი პრობლემა, კარგად გვესმის, რომ მძღოლები, რომლებსაც შევუზღუდეთ მუშაობა, ისინი და მათი ოჯახის წევრები, დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ასევე, ფიზიკურ პირებს, მოქალაქეებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, აწუხებთ კომუნალური გადასახადები, ასევე, სტუდენტებს უჭირთ და გამოწვევის წინაშე დგანან სწავლის გადასახადის გამო, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა ეს ადამიანი, რომ მთავრობის შიგნით მიმდინარეობს ამ საკითხებზე მსჯელობა და უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გაგაცნობთ გადაწყვეტილებებს.

აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის აპარატში, ასევე სამინისტროებში სამივლინებო თუ წარმომადგენლობითი ხარჯისთვის გათვალისწინებული თანხები მოხმარდეს გამოწვევებს.“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. თუმცა ამ ეტაპზე მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით შეიძლება აუნაზღაურდეთ სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ფინანსური ზარალი.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა პირველადი მედიკამენტების ბაზა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში გადაეცემა ყველაზე მოწყვლად რისკჯგუფებს.

„ასევე, სარეზერვო ფონდიდან მოხდება პირველადი სასურსათო კალათის შეძენა და გადაეცემა 4 600-ზე მეტ ადამიანს. ამ ჯგუფში შედიან: შშმ პირები, მარტოხელა დედები და საწოლსმიჯაჭული ადამიანები,“ – ამბობს რიჟვაძე.

მისივე თქმით, მედიკამენტებისა და სასურსათო კალათის დარიგებაში მთავრობას „ახალგაზრდული ცენტრი“ დაეხმარება.

აუცილებელია ბავშვების ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კორონავირუსის გავრცელების პირობებში, ბავშვთა გეგმიურ ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს:

„პრინციპულად აუცილებელია გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.

კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.

თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებსა და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია, გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინეთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას.

შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.

ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან” – აღნიშნულია განცადებაში.

ტესტები კორონავირუსზე უფრო ხელმისაწვდომი იქნება – ფასს სახელმწიფო დაადგენს

დღეს, 20 მარტს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე უფრო გაიზრდება, რათა ეს პროცესი ხელმისაწვდომი იყოს კლინიკებისა და მოსახლეობისთვის.

„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 80% კერძოა, მათ საკმაოდ კარგი ლაბორატორიები აქვთ – იქნება ეს PCR ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიაზე დამზადებული ტესტირება თუ სწრაფი ტესტების ჩატარება. მათ თავისუფლად შეუძლიათ ეს,” – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, განსაზღვროს კერძო ლაბორატორიებში ჩასატარებელი ტესტის ფასი, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის.

„პრემიერ-მინისტრმა მისცა დავალება ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დადგინდეს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, იმიტომ, რომ ეპიდემიების დროს ტესტირებების კომერციალიზაცია არ ხდება. დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში. ამ დროს ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ტესტირება იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, რაც არის დღეს ბაზარზე: სწრაფი ტესტის, ანტიგენზე დამყარებულის, ანტისხეულზე დამყარებულის, PCR-ის და შესაბამისად, ყველა ლაბორატორიას, რომელსაც შეუძლია ტესტირების ჩატარება, ამის უფლება ექნება და ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა,” – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა საქართეველოში ახალი, სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშიერებით:

„ამ საკითხებზე მიღწეული იქნა კონსესუსი დღეს დამსწრე ექსპერტებთან, მათ შორის, რამდენიმე კერძო ლაბორატორიის წარმომადგენელთან. ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ რაც შეიძლება სწრაფი რეჟიმით მოხდეს მათი იმპორტირება ქვეყანაში, რომ ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სამედიცინო ქსელში, რადგან ტესტის გაკეთება ექვემდებარება რეცეპტის გამოწერას და ტესტი უნდა ჩაუტარდე იმას, ვისაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რომ გაიტესტოს”.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეისთვის გამოკვლეულია 1126 ნიმუში და არც ერთ შემთხვევაში, უარი არ თქმულა ტესტის ჩატარებაზე, როცა ეს საჭირო იყო და ტესტების რესურსი საქართველოს აქვს.

„გასაგებია ჩემთვის, რომ მოსახლეობისგან მოთხოვნა უფრო მეტია და ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანას, გარდა PCR ტექნოლოგიებისა, ჰქონდეს სწრაფი ტესტები და ამასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიდის, რომ სწრაფად იქნეს რეგისტრირებული და შემოტანილი ქვეყანაში ეს ტესტები. ყოველდღე შემოდის ათამდე განცხადება კომპანიებისა, ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს მათ, ეს ინფორმაცია გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად მთელი რიგი ტესტების შეძენას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და კორეასთან. ჩინეთმა გვაჩუქა გასულ კვირას ძალიან სერიოზული აპარატურა PCR ტექნოლოგიების და მომავალ კვირაში ამ დახვეწილი ტექნოლოგიების 1000 ტესტს გადმოგვცემს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275.

საფინანსო სექტორის სერვისები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც არ შეიზღუდება – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] განცხადებით, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები.

„ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 20 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს ყველა დიდი სავაჭრო ობიექტი და  ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო), სესხის გამცემი სუბიექტები (სგს) და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტგადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას. ბანკებს, სგს-ებს, მისოებს და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვისცენტრებში მომსახურე პერსონალსა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. მათ, ასევე, უნდა უზრუნველყონ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 მარტის საღამოს [17:45 საათის] მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 43,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1,
  • კარანტინის რეჟიმშია – 1925,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 271 პირი.

https://netgazeti.ge/news/435947/?fbclid=IwAR0weStwLbT4E-5oWL_L5Hyr5ycjb9ZGmBJ1G9IH6VFbqvoOYtoPuh5aNT0

„ბუსსს ანრის“ სტუდენტები 6-თვიან პრაქტიკას გაივლიან შორეულ ნაოსნობაში, VI-ZA SUN-ის კუთვნილ გემებზე

დღეს, 20 მარტს, „ბუსსს ანრიში“ გაიმართა მორიგი შეხვედრა მე-3 კურსის სამანქანე განყოფილების სპეციალობის სტუდენტებთან, რომლებიც პრაქტიკაზე მიდიან შორეულ ნაოსნობაში.

დღევანდელ შეხვედრაზე პრაქტიკის დაგეგმარების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტაცია უნდა აწარმოონ სტუდენტებმა პრაქტიკაზე ყოფნისას, ასევე კიდევ ერთხელ, დეტალურად იქნა გაცნობილი record Book-ში მუშაობის პრინციპები და ყოველდღიური ანგარიშის წარმოება გემზე ყოფნისას.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ორიენტირებულია სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებასა და პრაქტიკაში მის სრულად გამოყენებაზე. პრაქტიკა კი სტუდენტებს აძლევს დიდ გამოცდილებას, რაც უმნიშვნელოვანესია დამწყები მეზღვაურებისთვის, და ზოგადად,  მეზღვაურის პროფესიაში.

„ვერ ვხვდები, რატომ არიდებენ თავს თვითიზოლაციას და კარანტინს“ – სტუდენტი

პარიზიდან თბილისამდე დასაბრუნებელი რამდენიმე სხვადასხვა ბილეთი იყიდა იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მაინც არ გაუქმდებოდა და საქართველოში ჩამოაღწევდა. მაგდა ფურცხვანიძე არ არის ერთადერთი სტუდენტი, ვინც კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის ფონზე ცდილობდა უცხოეთიდან ჩამოსვლას, სანამ საზღვრები დაიკეტებოდა.  მან შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისისკენ უკანასკნელ თვითმფრინავს მიუსწრო და დაბრუნდა. ახლა საირმეში, სასტუმროს ნომერში ატარებს კარანტინის დღეებს.

მაგდა ფურცხვანიძე

მაგდა ფურცხვანიძე, სტუდენტი: 

„ორშაბათს გამოვიდა მაკრონი და თქვა, რომ მეორე დღეს ფრენები წყდებოდა 12 საათზე. ზუსტად მეორე დღეს, 12 საათზე, მოფრინავდა ჩემი უკანასკნელი თვითმფრინავი პარიზიდან თბილისამდე. პრეზიდენტის განკანგულებით შეიზღუდა გადაადგილება შიდა გზებზეც, შესაბამისად ველოდი, რომ ტაქსი, რომელიც წინასწარ მქონდა დაჯავშნილი, აღარ მომაკითხავდა და ჩავრჩებოდი პარიზში.

მეგონა, ჩემ გამო საფრთხეში არავინ ჩაიგდებდა თავს, რაც ნორმალური იქნებოდა. მძღოლს დავურეკე და ვუთხარი, ალბათ ვეღარ მოხვალთ-მეთქი, რაც ნიშნავდა, რომ უკანასკნელ ფრენაზე ნაყიდი ბილეთიც მიუქმდებოდა. აუცილებლად მოვალ, უბრალოდ ერთი საათით ადრე გავიდეთო. დიდი პრობლემა შეიქმნა, ბევრს მოუნდა უცებ წამოსვლა და სხვებიც ჩაისვა ავტომანქანაში, ამ დისკომფორტისთვის თანხა დამიკლო და არაფრით არ აიღო, რაზეც შეთანხმებული ვიყავით. ქართველი იყო, მითხრა, ამით ყავას მაინც მიირთმევო, გაოგნებული ვიყავი.

პარიზის აეროპორტში პირბადეც კი არ ეკეთა არავის, სადეზინფექციო საშუალებებსა და გელზე ზედმეტია საუბარი. საქართველოში ბევრად მობილიზებული იყო გარემო, ადამიანები.

ჩამოფრენისას თბილისის აეროპორტში ყველა სპეცტანსაცმლით დაგვხვდა, გვიზომავდნენ სიცხეს და ხელებზე გვასხამდნენ სადეზინფექციო ხსნარს. ვისაც სიცხე 37 და თუნდა 2 ხაზი ჰქონდა, ცალკე გაჰყავდათ, ცოტა ხნით აყოვნებდნენ და მერე ისევ უზომავდნენ – სამჯერ დროის გარკვეული ინტერვალით.

პატრულის ყველა თანამშრომელი ფორმით და სკაფანდრით იდგა. კორდონი აქვთ, გაკონტროლებენ, როგორ მიჰყვები რიგს, ჩაიწერეს ჩვენი მონაცემები, საქართველოში ჩვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ყველაფერი.

გარეთ ორსართულიანი ავტობუსი გველოდა. ყველა სკამზე მაკდონალდსის დიდი პარკები დაგვხვდა საკვებით. ჩვენი წინა ნაკადი „შატო მერეში“ გაანაწილეს, მე საირმე ავირჩიე, ქუთაისში ვცხოვრობ და ახლოსაა. ვინც თბილისში ცხოვრობდა, კახეთში არჩია კარანტინი.

ავტობუსში დომინოს პრინციპით დაგვსვეს: თუ მე ფანჯარასთან ვიჯექი, ჩემ უკან, კიდეში, უნდა მჯდარიყო სხვა, მინიმუმ ერთი მეტრით ვიყავით დაშორებული ერთმანეთს.

გზაში პატრული მოაცილებდა ჩვენს ავტობუსს – ერთი მანქანა წინ, ერთიც – უკან. მართლა არ ველოდი ასეთ მობილიზებას. თბილისიდან საირმემდე დიდი გზაა და როცა გზაში გაჩერება მოგვინდა, არ გაგვაჩერებინეს დასახლებულ პუნქტში. სხვაგან ჩამოგვსვეს ცოტა ხნით.

სასტუმროშიც სკაფანდრებით დაგვხვდნენ, ხელების დეზინფექცია გაგვიკეთეს და პირდაპირ გაგვიშვეს ნომრებში. გზაშივე გვირეკავდნენ და გვანაწილებდნენ, რომ ადგილზე ჩასულებს დახურულ სივრცეში დიდხანს ხალხმრავლობა არ შეგვექმნა.

მშვენიერი ნომერი მაქვს, კომფორტული, სუფთა თეთრეულით, სამჯერადი კვებით, კვება კომბინირებულია და სრულიად საკმარისი ერთი ადამიანისთვის, მთელ პურს ვერც მოვერიე დღის განმავლობაში და ჩემი ფანჯრის წინ ძაღლები და ძროხაც დავაპურე.

მაგდა ფურცხვანიძის ნომერი კარანტინში
მაგდა ფურცხვანიძის ნომერი კარანტინში
მაგდა ფურცხვანიძის ნომერი კარანტინში

შეგვიძლია დავრეკოთ რეგისტრატორთან და ვთხოვოთ თანხის გადახურდავება. ცალკე ნომერზე ვურეკავთ მარკეტს, მარკეტიდან მოაქვთ რაც გვსურს დამატებით. ოჯახის წევრებს შეუძლიათ გამოგიგზავნონ ყველაფერი, რაც დაგვჭირდება: სამოსი, პირადი ნივთები და ა.შ.

როგორც ვიცი, სასტუმრო დაიცალა და კარანტინში მყოფი ხალხის გარდა არავინაა. სასტუმროს პერსონალიც შენიღბულია, სპეციალური სამოსი აცვიათ და კართან გვიტოვებენ საკვებს. ჩვენც კართან უნდა დავუტოვოთ ნაგავი და შიგნით არ შემოდიან. ოთახსაც თავად ვასუფთავებთ. ყველანაირი ჰიგიენური საშუალება დაგვხვდა: სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა, ჯაგრისი, სადეზინფექციო სითხე და ა.შ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, უმადური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, რამე არ მომწონს-მეთქი, დღეში რამდენჯერმე მირეკავენ, მეკითხებიან, სიცხე ან რაიმე სხვა სიმპტომი ხომ არ მაქვს, ვერ ვხვდები რატომ არიდებს ხალხი თავს თვითიზოლაციას და კარანტინს.

საუზმე კარანტინში

სადილი კარანტინში

საფრანგეთში თებერვლის დასაწყისში წავედი გაცვლითი პროგრამით და მაისის ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავი ვერსალის უნივერსიტეტში. დღითიდღე რთულდებოდა მდგომარეობა, მუნიციპალური არჩევნები იყო კვირას და ამის შემდეგ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ელოდნენ, რაც არა და არ ხდებოდა. სწავლაც შეწყდა. დისტანციურზე გადავიდა თუ არა სასწავლო პროცესი, ესეც არ ვიცით ჯერ, უბრალოდ მაკრონის გადაწყვეტილებით შეწყდა და ახალი განკარგულება უნდა გამოსცეს, რა ფორმით გაგრძელდება პროცესი.

ტრანსპორტის დეზინფექცირებაც კი არ ხდებოდა ბოლო დღეებამდე, მიუხედავად მსხვერპლის და კორონავირუსის შემთხვევებისა. უნივერსიტეტშიც მხოლოდ სველი წესით ალაგებდნენ აუდიტორიებს, როგორც მანამდე. მდგომარეობა ძალიან გაართულა კვირა დღეს დანიშნულმა მუნიციპალურმა არჩევნებმაც, რომელიც არ გააუქმეს. ძალიან მაღალი აქტივობა იყო, საფრანგეთში ყველა აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში. ამ დღეს ხალხი სკვერებსა და ბაღებში იყო გამოფენილი, ფრანგ სტუდენტებსაც უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ, მიიჩნევდნენ, რომ სახლში დარჩენისკენ მოწოდება მათი უფლებების დარღვევაა და დემოკრატიას ასე პრობლემები ექმნება.


მაგდა ფურცხვანიძე კარანტინში 18 მარტს გადაიყვანეს, სადაც მან  14 დღე უნდა გაატაროს.

EMC-ი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთავრობას უსახლკაროების დაცვისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმიანება ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობას უსახლკარო და სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფების უსაფრთხოების დაცვისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„უსახლკაროთა ჯგუფები (მათ შორის, ქუჩაში, თავშესაფრებსა თუ საცხოვრისის სხვა სერვისებში, ასევე, არასათანადო გარემოში – მაგალითად, საჯარო და კერძო შენობებში თვითდახმარების მიზნით მცხოვრები პირები) განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ეპიდემიის პირობებში – ერთი მხრივ, ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ მოკლებულნი არიან წყალთან და ჰიგიენასთან წვდომას, ასევე ვერ ახერხებენ იზოლაციას და დაინფიცირების პირდაპირი რისკის ქვეშ დგებიან, ხოლო, მეორე მხრივ, არასათანადო გარემოში ცხოვრების გამოცდილების გათვალისწინებით, მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რაც, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აყენებს.

განსაკუთრებით ქუჩაში მცხოვრები პირების  მოწყვლადობას კიდევ უფრო აძლიერებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის არარსებობა/მკვეთრი არასაკმარისობა, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,” – წერს EMC.

არსებული საფრთხეების პარალელურად, გამოწვევაა ამ ჯგუფების სათანადო ინფორმირება. საინფორმაციო საშუალებებზე მათი წვდომის ნაკლებობის გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი ინფორმირებულობის დონე, ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან და, მეორე მხრივ, უშუალოდ დაავადების სიმპტომებთან და შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით.

„ზემოაღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, ცალკეულმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საცხოვრისის მრავალფეროვანი სერვისებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები მოამზადეს, რომელიც მათი ბენეფიციარების უსაფრთხოების შენარჩუნებას (მათ შორის, უსახლკარო ჯგუფებისათვის დამატებითი ფართობის უზრუნველყოფის გზით), რისკების/ინფიცირების ადრეულ გამოვლენასა და შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას ემსახურება.

აღნიშნული ჯგუფებისათვის უსაფრთხო პირობების შექმნის პარალელურად, ყურადსაღებია იმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც საცხოვრისებიდან გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან. ასეთ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ადამიანები, რომელთა გამოსახლების აღსრულების პროცედურები უკვე დაწყებულია, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი, ვინც, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამსახურის დაკარგვის ან სხვა მიზეზების გათვალისწინებით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს ვერ იხდიან და ერთადერთი საცხოვრისის დაკარგვისა და უსახლკარობის რეალური საფრთხის წინაშე დგებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებში გამოსახლების პოლიტიკის, სულ მცირე, დროებითი მოდიფიცირების, მათ შორის, გამოსახლებებზე მორატორიუმის დაწესების, ასევე, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების, აუცილებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩანიშნული გამოსახლებები 2020 წლის 1-ელ აპრილამდე გადავადდა, თუმცა, მოცემული დროის გასვლის შემდეგ, უცნობია გამოსახლებას დაქვემდებარებული პირებისა და შინამეურნეობების ბედი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს შექმნილ ვითარებაში უსახლკარო და სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მუნიციპალიტეტებს:

  • უმოკლეს დროში, პროაქტიურად მოახდინონ უსახლკარო, განსაკუთრებით, ქუჩაში მცხოვრები პირების იდენტიფიცირება, მათთვის უსაფრთხო, თავშესაფრის დანიშნულების ფართის მოძიება და გადაყვანა, სადაც აღნიშნულ პირებს ექნებათ წვდომა საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ პირობებსა და სამედიცინო სერვისებზე;
  • სულ მცირე, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ სტაბილურობის მიღწევამდე, გაგრძელდეს უძრავი ქონების მიმართ აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება;
  • მუნიციპალიტეტებმა უმოკლეს დროში მოახდინონ არაკონვენციური დასახლებების (მაგალითად, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ და არაკონვენციურ ობიექტებში მაცხოვრებელი პირების) პროაქტიური შემოწმება, რომელიც მიმართული იქნება ასეთ დასახლებებსა და ობიექტებში მცხოვრები ოჯახების საჭიროებების შესწავლისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისაკენ;
  • უმოკლეს დროში მოხდეს  განცხადებაში მითითებული ჯგუფების ინფორმირება, ერთი მხრივ, ეპიდემიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და, მეორე მხრივ, დაავადების მიმდინარეობისა და სიმპტომების შესახებ, მათთვის მისაწვდომ ფორმატში;
  • სახელმწიფომ მიიღოს ყველა ეფექტიანი ზომა უსახლკარობისა და განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის მდგომარეობაში მყოფი პირების მხარდასაჭერად, მათ შორის, მიიღოს გადაწყვეტილება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებისა და მათი საჭიროებების შესაბამისი დამატებითი რელევანტური სოციალური პაკეტების უზრუნველყოფის მიმართულებით”.

სატვირთო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს თბილისი-ფოთის მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია გავრცელებამდე შეძლეს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად დაიღუპა შუახნის მამაკაცი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა ბათუმში – დიაგნოზი ზუსტდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის ერთი სავარაუდო შემთხვევაა, რაზედაც მოგვიანებით კომენტარს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გააკეთებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს, ანალიზის საბოლოო პასუხი კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი მკურნალობს. ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს.

საქართველოში კორონავირუსი დღეს, 20 მარტს, კიდევ 3 პირს დაუდასტურდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ პაციენტებს აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ახლოს საკარანტინო ზონები მოეწყობა. საუბარია ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

20 მარტის 12:50 საათის მონაცემებით, საქართველოში

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 43,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1,
  • კარანტინის რეჟიმშია – 1925,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 271 პირი.

 

აჭარაში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 20 მარტს, აჭარის 4 მუნიციპალიტეტში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

ხელვაჩაურში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-17:00 საათამდე შეუწყდება სოფლებს: ქედქედი, ჩიქუნეთი, აჭარის აღმართი და მიმდებარე სოფლებს.

ქობულეთში 11:00-16:00 საათამდე სოფლებს: ბუკნარი, საჩინო, შუაღელე, ჩაისუბანი, გორგაძეები და მიმდებარე სოფლები. ასევე, დაბა ჩაქვის ნაწილს.

ქედაში, 11:00 -17:00 საათამდე, ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ სოფლები: მერისი, მეძიბნა, გუნდაური და მიმდებარე სოფლები.

შუახევში გაეთიშება ასევე ელექტრონერეგია 12:00-17:00 საათამდე შემდეგ სოფლებს: ჭვანა, ბარათაული, შუბანი, ტბეთი და მიმდებარე სოფლებს.

როგორც „ბათუმელებს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში” უთხრეს, ელექტროენერგიის გათიშვა გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსზე – Reuters-ი ევროკავშირის დოკუმენტზე 

„მიმდინარეობს რუსული მედიის და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია COVID 19-თან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დოკუმენტში წერია:

„კრემლის დეზინფორმაციის მიზანს დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება წარმოადგენს“.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 იანვრიდან ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ძირითადი ნაწილი ეხება იმას, რომ კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების ბიოლოგიური იარაღია, ასევე, მაგალითად, რუსულმა მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ლიტვაში ჩასახლებული ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც ინფიცირებული და ჰოსპიტალიზებულია.

„რუსული კამპანია, რომელიც ყალბ ამბებს აქვეყნებს ინტერნეტში ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე, იყენებს ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და მავნებლურ ინფორმაციას იმისთვის, რომ ევროკავშირს გაურთულოს პანდემიაზე რეაგირება“, – წერს Reuters-ი.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა ამ საკითხის კომენტირებაზე უარი თქვა, ხოლო კრემლმა უარყო ბრალდებები და მას „უსაფუძვლო“ უწოდა.

იძულებით კარანტინში თვითიზოლაციის დამრღვევი კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

„თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.“ – აცხადებს შსს.

20 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 43,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1,
  • კარანტინის რეჟიმშია – 1925,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 271 პირი.

 

ბათუმში პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, თავს კარგად გრძნობს

ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს.

„პაციენტი, რომელსაც დადასტურებული აქვს კორონავირუსული ინფექცია, თავს ძალიან კარგად გრძნობს, თვითშეგრძნება მშვენიერია, ჩივილები არ გააჩნია. ყველა ანალიზი ნორმალურია.  ბოლო დღეებია მას პრაქტიკულად ტემპერატურა არ ჰქონია“ – განაცხადა თავიდ მურვანიძემ დღეს, 20 მარტს, ჟურნალისტებთან.

ბათუმში კორონავირუსი პაციენტს 15 მარტს დაუდასტურდა. დავით მურვანიძის თქმით, პაციენტი გაეწერება, როგორც კი ორი კვირის გასვლის შემდეგ, კორონავირუსზე ორი უარყოფითი პასუხი იქნება და პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდება.

„რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც შემოჰყავთ ჩვენთან კარანტინის ზონიდან, ეს რიცხვები ცვალებადია, გუშინ ექვსი პაციენტი შემოიყვანეს, ოთხის პასუხი უარყოფითი იყო და ორის პასუხს დღეს ველოდებით, საღამოს ხუთი საათის შემდეგ ალბათ გვექნება პასუხები. ისინი კარანტინიდან შემოიყვანეს, აღენიშნებოდათ მომატებული ტემპერატურა 37,7-37,3“ – განაცხადა დავით მურვანიძემ.

20 მარტის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.

სახმელეთო საზღვრის რისკის შემცველი მონაკვეთების დაცვა გაძლიერდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთების დაცვა გაძლიერდა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით აკრძალულია სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.

„საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკების შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკებისა და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები. სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლს მესაზღვრეების გაძლიერებული შემადგენლობა საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ახორციელებს,“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, მესაზღვრეები პოტენციური დამრღვევის დაკავებისას იმოქმედებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური რეკომენდაციების დაცვით და გამოიყენებენ შესაბამის აღჭურვილობას.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

20 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევაა; კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი; კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1575, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 ადამიანი. 

ფოტო: შსს

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა

დღევანდელი, 20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა გვაქვს. დღეს COVID-19 კიდევ 3 პირს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 1 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1575, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 ადამიანი. 

კორონავურუსის საფრთხის გამო გუშინ, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი და საბანკო ობიექტებისა.

საჯარო სამსახურები, მათ შორის, სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

 

359-მდე გაიზარდა თურქეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი

359 ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი – თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.  თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით 19 მარტს ტესტი 981 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 168 ტესტზე პასუხი დადებითი იყო.

მინისტრის განცხადებით ოთხი ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. კორონავირუსით გარდაცვლილთა შორისაა თურქეთის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი აითაჩ იალმანი.

ბათუმში თვითიზოლაციის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში გადაიყვანეს

ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე დღეს, 19 მარტს, საღამოს პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ერთი პირი იძულებით გადაიყვანა კარანტინში.

მეზობლების თქმით, პირი, რომელიც კარანტინში გადაიყვანეს, თურქეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა წესი დაარღვია, რის გამოც პოლიციამ იძულებით გადაიყვანა.

ბოლო მონაცემებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 28 პირი გადაიყვანა კარანტინში იძულებით.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი.

3 405 – იტალიაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ვიდრე ჩინეთში

კორონავირუსით იტალიაში დღეს, 19 მარტს,  427 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილია 3 405  ადამიანი. ბოლო 24 საათში იტალიის მასშტაბით 4 480 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 41 035 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

415 ადამიანით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ვირუსის დამარცხებაა 4 440 ადამიანმა შეძლო.

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

 

„დაკეტეთ ყველაფერი, სხვა არჩევანი არ არის” – ჩინეთის წითელი ჯვარი იტალიელებს

 

მარკეტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტისა და ბენზინგასამართების გარდა სავაჭრო ობიექტები იხურება

საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი და საბანკო ობიექტებისა – ამის შესახებ დღეს, 19 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„კონსულტაციების შედეგად სულ უფრო და უფრო ვრწმუნებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულიები ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გამკაცრების:

ყველა სავაჭრო ობიექტი, ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე, საბანკო განყოფილებებისა, უნდა იყოს დახურული იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ის 40 შემთხვევა, 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262 პირი. 

 

მუსლიმთა სამმართველო ქვეყნის მასშტაბით მეჩეთებში ლოცვას აჩერებს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მეჩეთში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა,“ – ნათქვამია მუსლიმთა სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განმარტავს, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება:

“ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ვინაიდან ახალი კორონა ვირუსის გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ზემოთ ხსენებული ლოცვების ჯამაღეთით შესრულების ვალდებულება დროებით მოხსნილია. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის.

Exit mobile version