ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 130 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაზარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს.
„შარშან ბიუჯეტი გათვლილი გვქონდა საშუალოდ 13 აპლიკაციაზე, თუმცა, რადგან ჩვენთან დაფინანსების მხოლოდ ზედა ზღვარია განსაზღვრული (10 000 ლარით), იყო აპლიკაციები, რომლებითაც უფრო დაბალ დაფინანსებას ითხოვდნენ და საბოლოოდ 16 პროექტი დაფინანსდა ქვეპროგრამის ფარგლებში. აპლიკაციების რაოდენობა 50-მდე იყო. ამიტომ წელს გაიზარდა ბიუჯეტიც“, – ამბობს ბათუმის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა ბოლქვაძე.
მისი თქმით, „განაცხადებში ხშირადაა პროექტები კულტურის პოლიტიკისა და კულტურის მენეჯმენტის ტრენინგებზე. ძირითადად საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები აქვთ ერთად წარმოდგენილი. ასევე იყო პროექტები პატარა თეატრების ხელშეწყობის მიზნით“.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საპროექტო ინიციატივების მხარდაჭერას. მსურველებს განაცხადის წარდგენა თვეში ორ ეტაპად შეუძლიათ: თვის პირველი რიცხვიდან 15 რიცხვამდე და იმავე თვის 16 რიცხვიდან თვის ბოლომდე. კომისია განმცხადებელს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან ათ დღეში აცნობებს თავის გადაწყვეტილებას.
საპროექტო განაცხადი შეფასდება ექვსი კრიტერიუმის მიხედვით: პროექტის აქტუალურობა, ინოვაციურობა და კრეატიულობა, თანადაფინანსება, საზოგადოების ჩართულობა, ხანგრძლივობა და კონკურსანტის გამოცდილება.
როგორც ლამზირა ბოლქვაძემ უთხრა „ბათუმელებს“, ამ დროისთვის მერიაში მხოლოდ ორი განაცხადია შესული, მათგან ერთი კომისიამ განიხილა და უარი თქვა დაფინანსებაზე, მეორეს განხილვა კი უახლეს დღეებშია ჩანიშნული.
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს იგი და დასრულების შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიიღებს ხარჯების ანაზღაურებას. ასევე შესაძლებელია, გამარჯვებულმა აპლიკანტმა ავანსის სახით მოთხოვნილი თანხის 30 პროცენტი მიიღოს, თუმცა ამისთვის უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.
კითხვაზე, ქმნის თუ არა დაფინანსების ეს ფორმა რაიმე ტიპის პრობლემას დაინტერესებული პირებისთვის, ლამზირა ბოლქვაძე ამბობს, რომ ქვეპროგრამა გასულ წელსაც მსგავსი პრინციპით მუშაობდა და პრობლემა ან უკმაყოფილება დაფინანსების ამ მეთოდს არ გამოუწვევია.
„ჩვენი მიზანია ხელოვანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროექტებში კი არ ჩაერთონ, თვითონ მოიტანონ იდეები. ჩვენ მზად ვართ, ეს იდეები დავაფინანსოთ“, – ამბობს ლამზირა ბოლქვაძე.
კომისიაში, რომელიც პროექტებს აფასებს, რვა წევრია. მერიაში ამბობენ, რომ მათი ვინაობა ანონიმურია. თუმცა ცნობილია, რომ კომისიის წევრებს შორის არიან მერიის, საკრებულოს, აჭარის განათლების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე შეტანილია აგრობარათები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. პროგრამის ფარგლებში გლეხები და ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიწის დასამუშავებლად – სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად მიიღებენ.
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის~ ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში სასოფლო-სამეურნეო, იგივე ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის – ხვნისა და აგრობარათს მიიღებენ. ხვნის ბარათს ფერმერები მიწის დასამუშავებლად გამოიყენებენ, რაც შეეხება აგრობარათს, ამ ბარათით სასუქების, სათესლე ან სანერგე მასალისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების შეძენაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერის მიწის ნაკვეთის დამუშავება ტექნიკით შეუძლებელია – დამრეცი ან ქვაღორღიანია, ფერმერს შეუძლია ბარათი სამინისტროს დაუბრუნოს, რის შემდეგაც ბარათის შესაბამის ქულას აგრობარათზე მიიღებს.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქედის სოფლებში მიწის დასამუშავებლად პროექტების მართვის სააგენტოს 3 765 ბარათი სთხოვა. ქედის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ გამგეობამ სააგენტოსგან 12-ით ნაკლები, მთლიანობაში 3 753 ბარათი მიიღო.
„ხვნის ბარათები 19 თებერვალს მივიღეთ და დარიგება მიმდინარეობს. გარდაიცვალა 12 ბენეფიციარი, ვინც რეგისტრირებული იყო მიმღებთა სიაში და ვის სახელზეც მოდიოდა ბარათი. ოჯახები ბარათების გარეშე რომ არ დარჩნენ, მონაცვლე პირები ჩაენაცვლებიან და რამდენიმე დღეში ისინიც მიიღებენ ხვნის ბარათს,“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.
რაც შეეხება აგრობარათს, სასუქების, სათესლე ან სანერგე მასალისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად ფერმერებს ქულები იმ აგრობარათზე დაერიცხებათ, რომლებიც 2014-2015 წელს „ლიბერთი ბანკში“ მიიღეს.
ხულოს გამგებლის მოადგილე ნოდარ მიქელაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ხულოში 4857 ხვნის ბარათი დარიგდება და დასძენს, რომ 2015 წელს მოსახლეობის 95%-მა ხვნის ბარათი უკან დააბრუნა.
„ხვნისა და აგრობარათის მიმღები სულ 7350 ბენეფიციარი გვყავს ხულოში. თუ ფერმერს მიწის დასამუშავებლად ბარათის გამოყენება არ სურს, შეუძლია ბარათი დააბრუნოს და შესაბამისი ქულა აგრობარათზე დაერიცხება. ხვნის ბარათი დასაბრუნებლად გამგეობაში უნდა მოიტანონ,“ – ამბობს ნოდარ მიქელაძე.
სოფლის მეურნეობის საკითხში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, ჯუმბერ აბაშიძის ინფორმაციით, შუახევში 3125 ოჯახი მიიღებს ხვნის ბარათს. ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად შუახევშიც 2015 წელს მოსახლეობის უმეტესობამ ხვნის ბარათი დააბრუნა.
„არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბარათის გარეშე, რამდენი ბარათის მოთხოვნაც გვქონდა, იმდენი მივიღეთ. იქედან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი დამრეცი და ქვიშიანია, მექანიზატორი ვერ ამუშავებს. ვფიქრობ, ჩვენთან ბარათებს წელსაც დააბრუნებენ“, – ამბობს ჯუმბერ აბაშიძე.
2015 წელს ხვნის ბარათით მიწას აჭარის მთიანეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ამუშავებდა. ქედის მუნიციპალიტეტში კი მექანიზატორთან ერთად მიწის ხვნის ბარათით დამუშავების უფლება ამხანაგობა „ქედას“ ჰქონდა. ვინ დაამუშავებს მიწას ხვნის ბარათით წელს, ჯერჯერობით უცნობია.
2015 წელს აჭარის მთიანეთში მიწის ხვნის ბარათი 11 690 ფერმერმა მიიღო, აქედან 3 747-მა ფერმერმა ქედაში, 4 835-მა – ხულოში და 3 108-მ – შუახევში.
პროგრამის ფარგლებში ფერმერს ხვნის ბარათის გამოყენება პირველ დეკემბრამდე შეუძლია, რაც შეეხება აგრობარათს, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი 2 დეკემბრამდე არ გამოიყენებს მას, ბარათზე დარიცხული ქულები განულდება.
ბენეფიციარები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 50 ქულას აგრობარათზე მიიღებენ. 50 ქულა 50 ლარის ეკვივალენტია. ხოლო ის ბენეფიციარები, ვისაც 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გააჩნიათ და ამ ნაკვეთს ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებენ, მიიღებენ იმავე ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის შესაბამისი ქულის დაანგარიშებით. ხოლო მას, ვისაც 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენებული აქვს მრავალწლოვანი კულტურები და არ გააჩნია ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიწის ნაკვეთი, აგრობარათზე 1 ჰექტარზე 140 ქულა დაერიცხება.
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. „ბათუმელების“ კითხვებს გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ უპასუხა.
ბატონო ივა, რას გულისხმობს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი?
როდესაც აბიტურიენტი/გამოსაცდელი შევა საგამოცდო სექტორში, მას მაგიდაზე დახვდება კომპიუტერი და პასუხების ფურცელი. კომპიუტერით მიწოდებული იქნება კითხვები, ხოლო პასუხების ფურცელზე შეეძლებათ, როგორც აქამდე იყო, შეიტანონ პასუხები. ასევე მიეცემათ ფურცელი შავი სამუშაოსთვის, რაც აქამდე არ ყოფილა.
ვის შეეხება გამოცდების ეს ფორმატი?
გამოცდებს ამ ფორმატით ჩააბარებენ აბიტურიენტები, პედაგოგები, მაგისტრანტობის კანდიდატები და ის სტუდენტები (ეროვნულ გამოცდების ჩაბარების შედეგად ვინც გრანტი ვერ მიიღო), რომლებსაც სურთ სახელმწიფო გრანტის მიღება.
რა ფორმატით იქნება ტესტები ნაჩვენები ეკრანზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ტესტზე მუშაობა, მონიშვნა ან კითხვის გამოტოვება და შემდეგ დაბრუნება?
საგამოცდო სისტემა თიშავს კომპიუტერის ყველა სხვა ფუნქციას. შესაძლებელია მხოლოდ მომდევნო კითხვაზე გადასვლა და შემდეგ გამოტოვებულ კითხვასთან მიბრუნება. ტესტის მონიშვნა ან სხვა მსგავსი ფუნქცია პროგრამას ჯერჯერობით არ ექნება.
როგორ იმუშავებს პროგრამა, რამდენად იქნება ინტერნეტზე დამოკიდებული და როგორ არის მისი უსაფრთხოება დაცული?
ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უზრუნველყო პროგრამის უსაფრთხოება. პროგრამა ჩაიწერება საგამოცდო კომპიუტერებში და ინტერნეტზე არ იქნება დამოკიდებული. ინტერნეტი მხოლოდ ჩართვის პროცესში იქნება საჭირო. შემდეგ ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვქონდა საცდელი გამოცდა ერთ საგანში აპრობაციისათვის და გარკვეული ტექნიკური ცვლილებები შევიტანეთ საწყის პროგრამაში, რამაც გააუმჯობესა მისი მუშაობა.
როგორ შეაფასებდით აპრობაციის შედეგებს და უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე ტიპის ცვლილებებს საგამოცდო პროცესში?
გამოსაცდელ პირებს არ შექმნიათ პრობლემა დროსთან დაკავშირებით. მათი შედეგები საერთო ჯამში შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად. თუმცა ჯერ კიდევ ვგეგმავთ რამდენიმე მსგავს სააპრობაციო გამოცდას, რის შემდეგაც კიდევ უფრო დაზუსტდება დეტალები და გაირკვევა, გახდება თუ არა დროის დამატება საჭირო. ასევე მცირე დეტალები შეიძლება ტექნიკურ მხარეში შევიდეს ცვლილების სახით, რაც გამოსაცდელმა პირებმა, შესაძლოა, ვერც შენიშნონ. მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც ტესტებზე, მათ შინაარსობრივ მხარეზე აისახებოდა, არ უნდა ველოდოთ.
ასევე ცვლილებებია სარეგისტრაციო პროცედურებშიც, რა სახისაა ეს ცვლილებები და რამ გამოიწვია ისინი?
ცვლილებები აღნიშნულმა ნახევრად ელექტრონულმა ფორმატმა გამოიწვია. ახლა რეგისტრაცია არის სამეტაპიანი, პირველი ეტაპი 15 მარტს დასრულდება. ამ ეტაპზე აბიტურიენტებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, აირჩიონ საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა. ხოლო პირველ ივნისამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ საგანთა ჩამონათვალში ცვლილების შეტანა. ეს აქამდე არ იყო შესაძლებელი, რადგან ტესტები იბეჭდებოდა და ამისთვის გარკვეული რაოდენობა ამა თუ იმ საგნის ტესტისა, ადრევე უნდა ყოფილიყო მიწოდებული. ნახევრად ელექტრონული პროგრამა უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ აბიტურიენტმა პირველ ივნისამდე შეცვალოს გამოცდის ენაც. ხოლო შემდეგ უნივერსიტეტებისა და პროგრამების შეცვლა უკვე გვიანობამდე იქნება შესაძლებელი, როგორც ეს იყო მანამდე.
რამ განაპირობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვა და უნდა ველოდოთ თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას?
ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი არის ნაბიჯი ელექტრონული ფორმატის დანერგვის გზაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული ტექნიკური მიღწევები საბოლოოდ უნდა გამოვიყენოთ. ეს გაამარტივებს რიგ პროცესებს. ასევე ეს არის დროისა და ფინანსების დაზოგვის კარგი საშუალება. მოგეხსენებათ, აქამდე ტესტები იბეჭდებოდა საზღვარგარეთ, შემდეგ ჩამოგვქონდა საქართველოში, ვახარისხებდით, ვანაწილებდით საგამოცდო ცენტრებში, რაც დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული. ახალი ფორმატით გამოცდების ჩატარება ამ ხარჯებს მეტწილად შეამცირებს.
900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ.
მუსლიმური პანსიონები ციფრებში
„მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებს ზედამხედველობენ აჭარაში. მათი იურიდიული სტატუსია ან არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ააიპ-ი. პანსიონები არის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე ბათუმში, თბილისში, ახალციხეში… აჭარის ტერიტორიაზე მთლიანობაში 30 პანსიონია.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობაა“, რომელსაც სასულიერო პირი შამილ/რამაზ კაკალაძე ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციას 10 პანსიონი აქვს ბათუმში, ხოლო მისი მეგობარი ორგანიზაცია პანსიონებს ფლობს ხულოსა და თბილისში.
სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებიც პანსიონებში ცხოვრობენ, თუკი თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას, პანსიონი თბილისშიც უზრუნველყოფს მათ როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით.
„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ პანსიონებში ბათუმის მიმდებარედ მთლიანობაში 125 ბავშვი ცხოვრობს, ხულოში არსებულ პანსიონებში კი ორგანიზაციას 150 მოსწავლე ჰყავს. მთის რეგიონის პანსიონებში ძირითადად მაღალი კლასის მოსწავლეები ცხოვრობენ. მათ რელიგიის საათთან ერთად ეროვნული გამოცდებისთვისაც ამზადებენ. ბათუმთან ახლოს მდებარე პანსიონების მოსწავლეებს კი მხოლოდ რელიგიის საათი უტარდებათ.
პანსიონებში ბავშვები უფასოდ ცხოვრობენ და იკვებებიან. პანსიონის ბავშვების ძირითადი მოვალეობა ასეა ჩამოყალიბებული – უნდა ისწავლონ და ილოცონ.
სოფელ ფერიაში არსებული ორი პანსიონიდან ერთში გოგონები ცხოვრობენ, მეორეში – ბიჭები.
პანსიონი გოგონებისთვის
გოგონების პანსიონი
„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ფერიის პანსიონში 30-მდე სხვადასხვა ასაკის გოგო ცხოვრობს. ერთ საკლასო ოთახში თავმოყრილი 10-13 წლის გოგონები ხმამაღალი კითხვით ხვდებიან „ბათუმელებს“. კითხვასაც ყველა ერთად წყვეტს და პასუხიც გუნდური გამოსდით – რომ „პანსიონში ყოფნით ძალიან ბედნიერები არიან“.
წინა მერხთან მჯდომი სალომე ამბობს, რომ როცა სკოლას დაამთავრებს, ჟურნალისტი უნდა გამოვიდეს. „აქ ჩვენი სურვილების ასახდენად ხელს გვიწყობენ. უნდა იცოდე შენი რელიგია, შემდეგში კითხვები რომ არ გქონდეს. სკოლაში 9 და 10 ქულები მაქვს – ისტორია და მათემატიკა მიყვარს, ასევე უცხო ენა. ჯერ უნივერსიტეტში ვისწავლი და შემდეგ შეიძლება სახოჯიოზეც წავიდე“, – ამბობს სალომე.
რამაზ კაკალაძე, რომელსაც სასულიერო განათლებასთან ერთად ექიმის დიპლომიც ჰქონია, მოსწავლის აზრების მოსმენის შემდეგ დასძენს, რომ „გოგო სკოლის დამთავრების მერე უნდა გათხოვდეს და შვილები გაზარდოს“.
გოგონების პანსიონში რელიგიის გაკვეთილებს ქალი მასწავლებლები ატარებენ. პანსიონს ხუთი ზედამხედველი ჰყავს, რომლებიც პანსიონშივე ცხოვრობენ. მასწავლებლებიც, მათი ხელმძღვანელისგან განსხვავებით ამბობენ, რომ ქალმა ჯერ კარიერა უნდა გაიკეთოს და „მერეა გათხოვება“. თუმცა, თავად მასწავლებლების განათლება მხოლოდ საჯარო სკოლით შემოიფარგლება. სასულიერო განათლება კი თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მიუღიათ.
რამაზ კაკალაძის თქმით, მის პანსიონში რელიგიის სწავლებას მხოლოდ ერთი საათი ეთმობა, დანარჩენ დროს, როგორც გოგონები, ისე ბიჭები სასკოლო გაკვეთილებს ამზადებენ. „ბავშვები ფერიის საჯარო სკოლაში დადიან. დისკრიმინაცია და ცუდი მოქცევა არასდროს ყოფილა ამ სკოლაში. სკოლას 200 მოსწავლე ჰყავს, აქედან 80 ჩვენი ბავშვია“, – ამბობს რამაზ კაკალაძე.
როგორც მოსწავლეებს, ისე ქალ მასწავლებლებს თავზე ახურავთ. ბავშვები შენობის გარეთ, სკოლაშიც თავდახურულები დადიან? – ამ კითხვის პასუხად რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს მხოლოდ პანსიონის ტერიტორიაზე აქვთ თავი შეხვეული.
პანსიონი ბიჭებისთვის
პანსიონი ბიჭებისთვის
გოგონების პანსიონის სიახლოვეს ორგანიზაციას აქვს ბიჭების პანსიონიც, სადაც 40 ბიჭი ცხოვრობს. „ბათუმელების“ კითხვაზე, ვის უნდა სასულიერო პირი გამოვიდეს, ახალლოცვადამთავრებულ ბიჭებთაგან მხოლოდ ერთმა აიღო ხელი. აქ ვის ექიმობა უნდა, ვის ტექნოლოგიები აინტერესებს.
კიდევ ერთი ვაჟთა პანსიონი, რომელიც `ბათუმელებმა~ ასევე გასულ კვირას მოინახულა, ადლიაში მდებარეობს. ამ პანსიონის მცხოვრებლები ბათუმის #27 საჯარო სკოლაში დადიანი. პანსიონი არასამთავრობო ორგანიზაცია „მიზანს“ ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელი ომარ ვანაძეა. რელიგია-მითოლოგიის სპეციალისტი ომარ ვანაძე ამბობს, რომ მის პანსიონში 23 ბიჭი ცხოვრობს, მათ შორის არიან სტუდენტებიც, რომლებიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლობენ. „ჩვენ ყურანის ზეპირად მცოდნე 3 ბიჭი გვყავს. ჩვენთან ჰაფიზები [ყურანის ზეპირად მცოდნე] არიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. ჩვენ ეროვნულ გამოცდებზე მოსამზადებლად მასწავლებლებს ვერ ვქირაობთ, მაგრამ ერთი მკაცრი პირობა გვაქვს – ვინც სკოლაში 7 ქულაზე ნაკლებს იღებს, ის ჩვენთან ვერ ჩერდება. შარშან ამის გამო 13 ბიჭი გავუშვით პანსიონიდან“.
ომარ ვანაძის თქმით, გასულ წელს მის პანსიონში 5 აბიტურიენტი ცხოვრობდა. „ხუთივემ ჩააბარა უნივერსიტეტში, მათ შორის ერთმა სამედიცინოზე“, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
„მიზანში“ მცხოვრებ ბიჭებს ყოველდღიურად ერთსაათიანი ყურანის სწავლება უტარდებათ, ხოლო შაბათ-კვირას მოწვეული სასულიერო პირები უკითხავენ ლექციებს ასევე ისლამის შესახებ. ომარ ვანაძის თქმით, ის და მისი ოთხი თანამშრომელი ხელფასს ცენტრალური მეჩეთიდან იღებენ, ხოლო პანსიონში მცხოვრები ბავშვები ყოველთვიურად 50 ლარს იხდიან.
კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელიც პანსიონში მცხოვრები ღარიბი ბავშვების განათლებაზე აკეთებს აქცენტს, პროფესიით სავაჭრო საქონელმცოდნე და უმაღლესი განათლებით თეოლოგი ქემალ ცეცხლაძეა. მას გოგონებისა და ბიჭების ორი პანსიონი დაბა ხულოში აქვს, ერთი – სოფელ სხალთაში: „სხალთაში გვყავს 12 მოსწავლე, ხულოში – 40-მდე ბიჭი და 30-მდე გოგო. ჩვენ ვმუშაობთ აბიტურიენტებზე. ისინი პარალელურად ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურში“.
ქემალ ცეცხლაძის თქმით, ამ მხრივ მათ მაღალი შედეგი აქვთ: `გასულ წელს ხულოს პანსიონის 15 ბიჭიდან 11 ჩაირიცხა თბილისსა და ბათუმის უნივერსიტეტებში. გოგონებიდან აბარა 11-მა და ჩაირცხა – 8. ყინჩაურიდან ექვსი აბარებდა და ექვსივე ჩაირიცხა. ჩვენგან წასულები ხოჯად გახდომას ნაკლებად ირჩევენ, გასულ წელს ასეთი არავინ ყოფილა“.
პანსიონების შემოსავლის წყარო
„ბათუმელებმა“ სამივე პანსიონის მენეჯერს ჰკითხა, რა იყო მათი ორგანიზაციის შემოსავლის ძირითადი წყარო – როგორ ახერხებენ ამდენი ბავშვის გამოკვებასა დ სხვა საჭიროებებისთვის ფინანსების მოძიებას. კონკრეტული შემომწირველების – კერძო პირებისა თუ სახელმწიფოების დასახელება არც ერთმა მათგანმა არ მოისურვა. სამივე მათგანმა თქვა, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ თანხას ნებისმიერი შემომწირველისგან. ასევე სამივე მათგანმა განაცხადა, რომ დაფინანსებას იღებენ ქართველი ბიზნესმენებისგან და ასევე უცხო ქვეყნის, ძირითადად, თურქეთში არსებული შესაბამისი ფონდებიდან.
პანსიონების მფლობელებისთვის ცნობილია იმ კითხვებისა და შიშების შესახებ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს მუსლიმურ პანსიონებთან დაკავშირებით. „ბევრისთვის ჩემი, როგორც ქართველი მუსლიმის არსებობაც კი საქართველოში არის საშიში. რა ვქნა, არ ვიცხოვრო? ჩვენ ერთ რამეს ვუყურებთ – შედეგს, გეუბნებით, რომ შარშან 11-მა მოსწავლემ ჩააბარა ქართულ უნივერსიტეტებში. ჩვენ ამ შიშის გამო ბავშვებს გაუნათლებელს ვერ დავტოვებთ, ვისაც ეშინია, იმან შიშით გააგრძელოს ცხოვრება“, – ამბობს ქემალ ცეცხლაძე.
ქემალ ცეცხლაძეს დიდად არც ის აშფოთებს, რომ მათ საქმიანობას საზოგადოება საქართველოში ზოგჯერ შეიძლება ტერორიზმთანაც აკავშირებდეს: „არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებენ – საფინანსო, საგადასახადო, ასევე სპეციალური სამსახურები, ყველაფერს ამოწმებენ – შესყიდვასაც, ჩამორიცხულ თანხასაც და ხარჯებსაც. კევს ვერ იყიდი უკონტროლოდ. ჩვენი ყველაფერი ხელის გულზე დევს“.
მუსლიმური პანსიონების მფლობელები ქართველი ტერორისტების მუქარაზე
რამაზ კაკალაძე: როდესაც ეს ვიდეო [ISIS-ის ქართველი მებრძოლების მუქარა] გავრცელდა, ბავშვებთან მივედი, მათი აზრი მაინტერესებდა. ისეთი კითხვები დავსვი, თითქოს მე იმათ მხარს ვიჭერდი. ბავშვებისგან სერიოზული წინააღმდეგობა მივიღე – ის აბზაცები, რაც მაგათ წაიკითხეს, მაგას არ ნიშნავსო; სრულად დაგმეს მათი განცხადება. მე ამით კმაყოფილი დავრჩი. ერთი ადამიანის სიცოცხლის განადგურება მთელი სამყაროს განადგურების ტოლფასია, – ამას ამბობს ყურანი. როცა ხელში იღებ იარაღს და ვიღაცას კლავ, ეს არის პოლიტიკა. ვერ ვიტყვი, რომელი ქვეყნები დგანან ამ ყველაფრის უკან, მაგრამ, ჩემი აზრით, მუსლიმი ადამიანი მაგას ვერ ჩაიდენს. რაც შეეხება აქედან წასულებს, რომლებიც გვემუქრებიან, მე ვშიშობ, რომ ესეც პოლიტიკაა.
დღეს ვერავის დააჯერებ, რომ ჯიჰადი არ არის ტერორიზმი, არადა, რელიგიურად ეს მცნება საკუთარ თავთან ბრძოლას ნიშნავს. ვიღაცას კლავ არაფრის გამო, თავს იფეთქებ და ისლამიდან გამომდინარე ვაკეთებო იძახი – ეს დიდი ცოდვაა. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ორგანიზაციის ბავშვებს ასეთი მიდრეკილება არ გაუჩნდებათ. ამას აკეთებს ის ხალხი, ვინც ისლამი არ იცის ან თავის დროზე ისლამი იქ ისწავლა, სადაც რადიკალური განწყობებია. ეს, ძირითადად, არაბული ქვეყნების სკოლებში გვხვდება.
თუმცა, შეიძლება არის ისეთი ორგანიზაციაც, რომელიც კეთილი მიზნებით ჩანს, მაგრამ ბოლოს ბოროტებას ჩაიდენს. ასეთი ორგანიზაციები დროზე უნდა გამოავლინოს შესაბამისმა სამსახურებმა.
ქემალ ცეცხლაძე: ქართველმა ტერორისტებმა ყურანის ერთ-ერთი სურა მოიყვანეს და თქვეს, რომ ისინი ჯიჰადში არიან და საზოგადოებას თავების მოჭრით დაემუქრნენ. მე კითხვას ვპასუხობ კითხვით – ყურანი დაიწერა 1600 წლის წინ. 100 წელზე მეტია, რაც ქართველი მუსლიმი დედა სამშობლოს დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყურანს არ ვკითხულობდით, ვინმემ ვინმეს მოაჭრა თავი? იყო ასეთი პრეცედენტი? იყო შუღლი და მტრობა საქართველოში? – არა. ესე იგი, რადგან არ იყო, ყურანი ასეთ რამეს არ მოუწოდებს.
წასულებს ოდნავი შეხება რომ ჰქონოდათ ჩვენთან, დღეს აქ იქნებოდნენ. ტერორი გაუნათლებლობის ბრალია. ამიტომ ჩვენ ყველამ მეტი უნდა ვიმუშავოთ, მეტი ლიბერალიზაცია, მეტი დემოკრატია გვჭირდება, რომ ადამიანებმა მშვიდად ვიცხოვროთ.
ომარ ვანაძე: მთლიან ქვეყანას, აქაურ მუსლიმებსაც ემუქრებოდნენ. ვფიქრობ, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ აჟიოტაჟი გამოეწვიათ. ყურანის არსი ის არის, რომ ადამიანები ერთი დედ-მამისგან მოდიან. ასევე გვასწავლის, რომ თუ გყავს ქრისტიანი მეზობელი, იმის გამოტოვება და მეორე მუსლიმი მეზობლის დახმარება არ შეიძლება, ანუ პირველი ვინც არის შენი მეზობელი სხვა სარწმუნეობის, გინდა ურწმუნო, ჯერ ის უნდა მოიკითხო.
საერთოდ, მაგ ორგანიზაციას [ISIS] ისლამის გაძულებისთვის, სახელის გატეხვისთვის შექმნილ ორგანიზაციას დავარქმევდი მე.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 466 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 371 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 9 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 36 – ნიშანში დგომისთვის, 40 -ტროტუარზე დგომისთვის, 7 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში
ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ მთავრობის მიმართ:
1. ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა. 2. სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, 3. ქობულეთის ბავშვთა პანსიონატის საკითხის დაუყონებლივ მოგვარება.
აქციის ორგანიზატორია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი.
ციხისძირში, პლაჟზე, ხეების გადატანის მიზნით დროებითი ნავმისადგომი კეთდება. ამ ადგილიდან სამი ძირი ხე ზღვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ხეების გადატანა, უცნობია. ამ ეტაპზე გადასატანად ერთ ხეს ამზადებენ.
ნავმისადგომის მოწყობა ხეების გადატანის მიზნით ციხისძირში / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ბათუმის წყლის დირექტორმა, ალექსანდრე მიქელაძემ, ეს წუთია გადადგომის შესახებ განაცხადა. ალექსანდრე მიქელაძემ თქვა, რომ ის ნებაყოფლობით გადადგა. ალექსანდრე მიქელაძემ თანამდებობიდან გადადგომა იმით ახსნა, რომ არ სურს ხელი შეუშალოს გამოძიებას.
“მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებასა და შესაბამისი უწყებების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებამდე დავტოვო თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იმისათვის, რომ დაცული იქნას ბათუმის წყლის რეპუტაცია და პირადად ჩემი ღირსება”, – თქვა ალეკო მიქელაძემ.
ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უკვე დააკმაყოფილა ალექსანდრე მიქელაძის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.
გადადგომასთან დაკავშირებით ალექსანდრე მიქელაძის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას წინ უსწრებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ბათუმის წყლის დირექტორთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ, რომელიც მედიაში 29 თებერვალს გავრცელდა.
ბათუმის წყლის დირექტორის მოვალეობას თეიმურაზ ბედინაძე შეასრულებს.
ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის, 2016 წლის 2 მარტის ბრძანებით, ბათუმის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საბჭოს თავმჯდომარე იქნება ვლადიმერ ბალაძე – ბსუ-ს სრულო პროფესორი. მისი მოადგილე კი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი ტიტე აროშიძეა.
საბჭოს შემადგენლობაში იქნება 10 წევრი: ომარ მახარაძე და ვლადიმერ ღლონტი (ბსუ-ს პროფესორები), ბელა ქებურია (პოეტი), მაია სურმანიძე (ექიმი), მაყვალა რომანაძე (პედაგოგი), ავთანდილ ცხადაძე (ინჟინერ-ეკონომისტი), ლაშა ნაკაშიძე (გაეროს განვითარების პროგრამა მწვანე ქალაქები), ასლან ჭანიძე (თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი), თამაზ მჟავანაძე (შშმ პირთა უფლებებისთვის), მეგი ზაქარაძე (სტუდენტი).
დებულების მიხედვით, საბჭო იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ბათუმის ბიუჯეტი თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. საბჭოს შეუძლია თავისი რეკომენდაციები გაუზიაროს მერს, მაგრამ მერი არ არის ვალდებული, საბჭოს რეკომენდაციები გაიზიაროს.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს, აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას და მუსლიმთა მიმართ, ბოლო პერიოდებში განხორციელებული უსამართლო ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ.
აქცია ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან დაიწყო და აჭარის მთავრობის სახლისაკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერია ვერანაირ ზომას ვერ მიიღებს მანამ, სანამ საკითხი ბოლომდე არ იქნება შესწავლილი შესაბამისი სტრუქტურების მიერ, ბათუმის წყლის ხელმძღვანელის ალექსანდრე მიქელაძის შესაძლო გადაყენების თაობაზე: – “ყველაფერი განხორციელდება კანონისა და სამართლის ფარგლებში, ჯერ უნდა გამოიკვლიონ, დადასტურდეს ან არ დადასტურდეს მისი [ალექსანდრე მიქელაძის] ბრალეულობა. პრემიერმა მათ მისცა დავალება, რა კუთხით, როგორ, ეს მათ იციან, მთავარმა პირებმა. ჩვენი მხრიდან მთავარი პირი – ბათუმის მერი კი დღის ბოლოს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას”.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესცენტრი პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტავს: – “მინისტრი საქმის კურსშია, დაიწყო ამ საკითხის შესწავლა და დღის ბოლომდე გავავრცელებთ ინფორმაციას”. კითხვაზე, რამდენად არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივა ბათუმის მერიის შპს-ს საქმიანობის მოკვლევა – გვიპასუხეს, რომ მეტს ამ თემაზე ვერაფერს გვეტყვიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და მოითხოვა, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.
დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და მოითხოვა, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გიორგი გოცირიძის შეფასებით, ეს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა: -„თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წყლის მიწოდება წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ კომპეტენციას. თვითმმართველობის ეს უფლებამოსილება ხორციელდება დამოუკიდებლად, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ჩარევა დაუშვებელია. თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს, როგორი წესით იქმნება მუნიციპალური საწარმოები, კერძო სამართლის იურიდიული პირები. მის შექმნას, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მერია, საკრებულოს თანხმობით. ასევე მერია არის პარტნიორი ასეთი ტიპის საწარმოების და ის იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს დირექტორის დანიშვნასთან დაკავშრებით. არც პრემიერ-მინისტრს, არც ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ აქვს მუნიციპალური საწარმოს ხელმძღვანელის დანიშვნის თუ მისი გათავისუფლების უფლება. ეს განცხადება პირდაპირ შეიძლება განვიხილოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში ჩარევად.
საწარმოს ხელმძღვანელს თანამდებობიდან ბათუმში მცხოვრები ადამიანების მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი უნდა ათავისუფლებდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საყოველთაო არჩევნების შედეგად, წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტის მანდატი მიანიჭა ბათუმის მერიას და საკრებულოს, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ამ საკითხში არის ადგილობრივი მოსახლეობის ნების უპატივცემულობა და ეს ძალიან საშიშია დემოკრატიული პროცესებისთვის”, – ამბობს ის.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ეს საკითხი ბათუმის მერიის პრეროგატივაა: – “ალბათ უფრო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, შეიძლება პრემიერმა ჩათვალა, რომ “ბათუმის წყალი” “საქართველოს წყლის” კუთვნილებაა. არ ვიცი, იცოდა თუ არ იცოდა, რომ ის მუნიციპალიტეტის სტრუქტურაა. თუ კანონდარღვევაა და რაიმე გამოსაძიებელია, ამას საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მიხედოს, ისე კი ბათუმის მერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საყვედურს გამოუცხადებს თუ გაათავისუფლებს სამსახურიდან შპს-ს დირექტორს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არანაირ შეხებაში არ არის მასთან, შესაბამისად, მინისტრი ვერაფერს მოიმოქმედებს და ვერანაირ ადმინისტრაციულ აქტს ვერ გამოსცემს ამასთან დაკავშრებით. სამწუხაროდ, ზოგადად, ასეთი მიდგომა არის ხელისუფლებაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათი გაგრძელება ჰგონიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო არაინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე,” – ამბობს კოტე კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ შპს “ბათუმის წყალი” ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია. 2014 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც შპს „ბათუმის წყალი“ მართვაში უნდა გადასცემოდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, თუმცა საბოლოოდ შპს „ბათუმის წყალი“ მუნიციპალურ მართვაში დარჩა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 20 ათასი ქართველი პედაგოგისა და 2085 დირექტორის გადამზადების მიზნით 14 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი ოთხ წელს გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. რა არის პროექტის მიზანი და რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად? ამ თემაზე „ბათუმელები“ პროგრამის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა.
ქალბატონო ირინა, ეს პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების განვითარებას, რა იგულისხმება ამაში, რა უნდა ისწავლონ პედაგოგებმა?
აქ იგულისხმება მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარება. პროექტში მონაწილეობენ მხოლოდ ის პედაგოგები, რომლებიც მე-7 და მე-12 კლასებში ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს, მათემატიკას, გეოგრაფიასა და ინგლისურს. პროფესიული განვითარების კურსის გამჭოლი თემა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით ას საათამდე ტრენინგი და სხვადასხვა პროფესიული განვითარების აქტივობის ჩატარება, დამხმარე და მეთოდური რესურსის განვითარება. ასევე მნიშვნელოვანი აქტივობაა მასწავლებელთა პროფესიული შეხვედრები, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, თუ გამოიკვეთა რაიმე წარმატებული პრაქტიკა, რა გამოწვევებს წააწყდნენ ტრენინგის შემდგომ და როგორ მიუდგნენ ამ პრობლემას. ამ მიზნით, მასწავლებლები კვარტალში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და წინასწარ შემუშავებულ თემებზე მსჯელობენ, ასწავლიან ერთმანეთს. დაგეგმილია უამრავი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა როგორც ზოგად მეთოდიკაში, ასევე კონკრეტული საგნის პედაგოგიკაში. იგეგმება მნიშვნელოვანი კომპონენტის ამოქმედება – საკლასო შეფასება, რომელიც არის მასწავლებლის დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები და მოსწავლეს მისცეს განმავითარებელი შეფასება. ამ მეთოდის გამოყენება ჩვენს სკოლებში ძალიან ჭირს.
კვლევები აჩვენებს, რომ არც მასწავლებლებს ესმით სწორად, რას ნიშნავს განმავითარებელი შეფასება. „ყოჩაღ, დღეს უკეთესი იყავი“, ან „შენ უკეთესად შეგიძლია“, – ეს არ არის საკმარისი.
გარდა ამისა, სკოლებში იკვეთება მკაფიო გენდერული სტერეოტიპები – გოგოების მიმართ არ არის მოლოდინი, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკას უკეთ ისწავლიან, ვიდრე ბიჭები. ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს და ყველა მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს უნარები.
ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებში ცდები ფაქტობრივად არ ტარდება. ზოგიერთ სკოლაში ლაბორატორიის პრობლემაა, ზოგიერთში კი – მასალების. რა ეფექტი ექნება მხოლოდ პედაგოგების გადამზადებას, თუ მოსწავლეებს არ ექნებათ პრაქტიკის შესაძლებლობა? სამინისტროსთან ისაუბრებთ იმაზე, რომ ცდების პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას სკოლებში?
მე როგორც ვიცი, დაგეგმილია სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა და პრაქტიკული სწავლების ნაწილზე გადასვლის დროს, იმედია, ეს პრობლემა იქნება გადაჭრილი. ასევე, ვფიქრობთ, რომ გამოვიყენოთ ვირტუალური ლაბორატორიები. ამის ერთეული გამოცდილება უკვე არსებობს, მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ სონღულაშვილს აქვს შექმნილი ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამა, თბილისში ერთ-ერთმა სკოლამ შეიძინა კიდეც ეს ლაბორატორია და იყენებს. როცა პრაქტიკულ კომპონენტზე გადავალთ, მოვიძიებთ ამ ტიპის პროგრამებს და განვიხილავთ სკოლებისთვის მათი შეძენის საკითხსაც, რაც სკოლებს გამოადგებათ პროექტის დასრულების შემდეგაც.
დირექტორები რა მიმართულებით უნდა გადამზადდნენ?
გრძელვადიან კურსს ჰქვია „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“. დირექტორები და ამ პროექტში ჩართული სკოლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორები გაივლიან გადამზადების კურსს სასწავლო პროცესის ლიდერის კუთხით. ამ ჯგუფებს გადავამზადებთ როგორც პედაგოგიკის, ასევე ინკლუზიის, შეფასების, მონიტორინგის მიმართულებითაც. დირექტორმა წარმატებული პრაქტიკა უნდა დანერგოს. როცა იგი კლასში შევა, უნდა მიხვდეს მასწავლებელი როგორ გაკვეთილს ატარებს. კარგი გაკვეთილი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მასწავლებელი უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს სასწავლო პროცესში. კარგი გაკვეთილი ნიშნავს: განსაზღვრა თუ არა მასწავლებელმა სწორად მიზანი, ეფუძნება თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მიაღწია თუ არა იმ მიზანს, რომელიც დასახული ჰქონდა და გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი სწორად. ამის შეფასება დირექტორმა გაკვეთილზე უნდა შეძლოს.
ყველა საჯარო სკოლას ერთნაირი რესურსი არ გააჩნია. ვიცით, რომ გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლებიც. როგორ უნდა მოვარგოთ ასეთი სკოლები იმ სტანდარტებს, რის დანერგვასაც ვცდილობთ თუნდაც ამ პროექტით?
ჩვენ შევხვდით ხარისხის განვითარების ცენტრს, რომელიც აპირებს შექმნას სკოლების შეფასების სისტემა, რომ ზუსტად გამოიკვეთოს კონკრეტული სკოლის საჭიროებები. პირველი აპრილიდან შემოგვიერთება პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც გაგვიწევს ექსპერტულ მხარდაჭერას. გვექნება ბევრი კვლევა, ანალიზი და წლიდან-წლამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება ამ საჭიროებებზე მიდევნება. საერთო ჯამში, იდეა არის ის, რომ რაღაც დროში საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა აკადემიური წინსვლა უნდა გვქონდეს. მონიტორინგის გეგმას ეს ჯგუფი შეიმუშავებს.
როგორც ვიცი, ფასილიტატორებიც უნდა გადაამზადოთ. რას ისწავლიან ისინი განსხვავებულს, რადგან მასწავლებელთა ცენტრი მათ ისედაც ხშირად უტარებს ტრენინგებს?
ჩვენ მათ სასწავლო პროცესის მართვის უნარების განვითარებაში ვეხმარებით, რადგან ისინი იქნებიან შუამავლები ცენტრსა და სკოლას შორის. ბევრი ინფორმაცია და მასალაა მისაწოდებელი მასწავლებლებისთვის, ამიტომ ფასილიტატორი ჩვენი საყრდენი იქნება სკოლაში. ეს მისთვის იქნება სტიმული იმ თვალსაზრისით, რომ ამ შრომაში ფასილიტატორი მიიღებს კრედიტს. როცა სამუშაოს მოდულები დადგინდება, მაშინ დავაზუსტებთ, რამდენ კრედიტს მიიღებს ამაში ფასილიტატორი.
ოთხი წლის შემდეგ, როცა პროექტი დასრულდება, რა იქნება 14-მილიონიანი პროექტის წარმატების ან წარუმატებლობის ინდიკატორი?
მონიტორინგისა და შეფასების გეგმაზე სწორედ ახლა ვიწყებთ მუშაობას და ამას გააკეთებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია. მთავარი მოლოდინი მაინც არის ის, რომ ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში უკეთესი შედეგი აჩვენონ ჩვენმა მოსწავლეებმა. ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება სქემაში ჩართული მასწავლებლებლის კარიერული ზრდაც. პროგრამის სრული ეფექტისათვის, საჭიროა სკოლების განვითარების მრავალმხრივი ანალიზი, მხოლოდ მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის პროფესიული განვითარება ვერ იქნება მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების გარანტია, თუმცა წარმოადგენს ამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.
„ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ – ამ სლოგანით აპირებს სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას.
სტუდენტები აქციის გამართვას 7 მარტს, 15:00 საათზე გეგმავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტი ვკითხულობთ:
„უკვე მრავალი წელია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია. ისინი ერთპიროვნულად სარგებლობენ საუნივერსიტეტო ფინანსებით, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბრად ეკუთვნის. ამის დასტურია წლების განმავლობაში ყოველ ზამთარს ტრადიციად ქცეული ,,ტრენინგ-გასვლები” თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში, რომელზეც არაადეკვატური თანხები იხარჯება იმ პირობებში, როცა მხოლოდ თსუ-ს რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს განათლების მიღებას. თსუ-ის ხელმძღვანელობაც უარს ამბობს მანკიერი ტრადიციის შეცვლაზე“- ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ტექსტში ჩამოთვლილია თვითმმართველობის მიერ გასულ წელს დახარჯული თანხებიც.
„2015 წლის ზამთარში ბაკურიანის პროექტისთვის, რომელიც საკუთარი თავის დატრენინგებას გულისხმობდა, თვითმმართველობამ 19 000 ლარი დახარჯა. 2016 წლის თებერვალში კი 24 600 ლარი. ეს ყველაფერი კი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილის პროტესტის მიუხედავად მაინც განხორციელდა, რაც სრულიად საუნივერსიტეტო ინტერესების უგულებელყოფაა“-ნათქვამია განცხადებაში.
აქციის ინიციატორთა აზრით, უნდა შეწყდეს სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ის სტუდენტთა რეალურ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.
„ამიტომაც ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოდით ორშაბათს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ერთად გავაპროტესტოთ სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის მმართველების მსგავსი თვითნებობა და საერთო ინტერესების უგულებელყოფა“.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზოგიერთი წევრის მოსაზრების გაგება მხოლოდ იმით შეიძლება, თუ რის ნიშნად წევს ის ხელს მაღლა საკითხის დამტკიცებისას – წინააღმდეგია თუ მომხრე. სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან ან მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლებიან.
საკრებულოს სხდომებზე თითქმის არ ლაპარაკობს საკრებულოს წევრი, პროფესიით ექიმი, თემურ ორაგველიძე. მას არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რომელიმე საკითხზე, რაც საკრებულოს სხდომაზე გავიდა და ბათუმელი ამომრჩევლისთვის იყო მნიშვნელოვანი. მას უმეტესად მერიის მიერ შეტანილი საკითხები მოსწონს და კითხვების გარეშე ეთანხმება მათ. მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ დასვა მან კითხვა ჯანდაცვის საკითხებზე, საკითხის დაზუსტების მიზნით. რატომ არის ის სხდომებზე ჩუმად? – აქვს თუ არა საკითხების ირგვლივ მოსაზრება და როგორ ახერხებს თავისი სამაჟორიტარო უბნის ამომრჩევლის ინტერესების დაცვას? – ამ კითხვებზე მან „ბათუმელებს“ „უდროობის მიზეზით“ ვერ უპასუხა.
პასიურ ხმოსნებს შორის არიან ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა რამიშვილი და საკრებულოს წევრი თეიმურაზ ბასილაძეც. ვაჟა რამიშვილმა ტელეფონს არ უპასუხა. თეიმურაზ ბასილაძემ კი „ბათუმელებს“ სიჩუმის მიზეზი ასე აუხნა -„როცა ჩუმად ვარ, ამ დროს წერტილოვან დარტყმებს ვახორციელებ. ეს ხუმრობით“. სერიოზულად კი – თეიმურაზ ბასილაძე თურმე საკუთარ მოსაზრებებს ფრაქციის სხდომაზე აფიქსირებს.
საკრებულოს წევრი გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ არ უნდა ჩუმად იყოს, მაგრამ იძულებულია. ის ამაში გარკვეულწილად ჟურნალისტებს ადანაშაულებს: „ერთხელ ვთქვი და ატყდა ამბავი, არასწორად გაიგეს. არასწორად გააშუქეს… ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეც ხშირად აკეთებს განცხადებას, მაგრამ თითქოს არ გაუკეთებია. ისე უდგებიან, ვითომ მარტო „თავისუფალი დემოკრატებია“ ოპოზიცია და ჩვენ არა. ისე ლაპარაკსაც გააჩნია, ტყუილად ლაპარაკს რა აზრი აქვს“, – ამბობს საკრებულოს წევრი.
პასიურებს შორის არის ჯუმბერ კახიძეც „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის სხდომაზე იშვიათად გამოდის, როგორც ახალი თემის ან რაიმე საკითხის ინიციატორი და ძირითადად მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლება. ამის მიზეზად საკრებულოს წევრი მთავარი როლის ფრაქციის თავმჯდომარისთვის დათმობით ხსნის და ამ თემაზე საუბრისას საბჭოთა ბელადი, ლენინი ახსენდება: „სულ სამი კაცი ვართ ფრაქციაში და ფრაქციის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას. ხოლო როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ფრაქციის წევრებსაც იგივე მოსაზრება აქვთ. ამბობს ლენინი, პარტია გვყავს წარმოდგენილი – თუ გახსოვთ“.
სხდომაზე გამოტანილი საკითხების მიმართ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებით არც იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი გამოირჩევა. მისი განცხადება უმეტესად უკავშირდება რეგლამენტის წესის შეხსენებას იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის წარმამადგენელი იმაზე დიდხანს საუბრობს, ვიდრე ამის უფლება აქვს. ხშირად ის არც ტელეფონს პასუხობს.
იგივე შეიძლება ითქვას „კონსერვატორ“ დიმა დარჩიაზე. განცხადებები რაიმე საკითხთან მიმართებაში მას საკრებულოს სხდომაზე არ გაუკეთებია და ძირითადად გამოტანილ საკითხებს ეთანხმება.
ჩუმად მყოფებს შორისაა თამაზ თურმანიძეც. ცოტა ხნის წინ მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი `ნაკლებად აქტიურობის~ მიზეზით დაატოვებინეს. საკითხების მიმართ პოზიციას ხმამაღლა ის არც ფრაქციის თავმჯდომარის ამპლუიდან აფიქსირებდა და არც ახლა გამოირჩევა ამ კუთხით.
პასიურობას ვერ დავწამებთ „რესპუბლიკელ“ ზაურ ახვლედიანს. ის, ძირითადად, ბათუმის გენგეგმასა და არქიტექტურულ საკითხებზე აქტიურობს.
პასიურებს შორისაა რამაზ სურმანიძეც. მას ძირითადად საგანმანათლებლო საკითხები აინტერესებს, ან საყვედურს გამოთქვამს სხდომაზე „ზედმეტი ხმაურის“ გამო.
კონსტრუქციულობით გამოირჩევა ფრაქცია „ახალი ოპოზიციის“ თავმჯდომარე გიორგი ცინცქილაძე.
ბათუმის საკრებულოს ჰყავს ისეთი წევრებიც, რომელთაც არასოდეს არ ჰყოფნით რეგლამენტით გათვალისწინებული დრო. ისინი ხმაურობენ, აპროტესტებენ, არ მოსწონთ და უკმაყოფილოები არიან, ზოგიერთი საკითხის გასახმაურებლად ბრიფინგებსაც კი აწყობენ.
„საკმარისია ახლა, აქ ხომ ვერ დავაღამებ“, – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ამ სიტყვების ადრესატები სხდომაზე უმეტესწილად ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე არიან.
საკრებულოს ხმაურიანი წევრები არიან ასევე ირაკლი მიქელაძე „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან და ჯაბა ბერიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ხმაურს არც „ნაციონალი“ ნოდარ დუმბაძე ერიდება.
საკრებულოში არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ საკურატორო სფეროებზე სვამენ კითხვებს, მოსაზრებებით შემოიფარგლებიან ან სხვების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობენ. მაგალითად, ბიუჯეტის საკითხებზე ოპონირებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ლაპარაკს იწყებს მაშინ, როცა ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, იგივე შეიძლება ითქვას საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე, ლაშა სირაბიძეზე. განათლების საკითხებით კი ნინო ბერაძე ინტერესდება.
ამ მოწვევის საკრებულოში მხოლოდ ორი ხმაურიანი განცხადება გვახსოვს საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილისგან. წინა ორი მოწვევის საკრებულოში, როცა ის ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე იყო, რიგი საკითხების მიმართ მეტი კრიტიკულობით გამოირჩეოდა. იგივე შეიძლება ითქვას „რესპუბლიკელ“ თემურ ყურაშვილზეც, ხმაურის გარეშე ის ვერც ახლა ძლებს და ოპონირებს როგორც ოპოზიციას, ასევე კოალიციის შიგნით მყოფი პარტიების წარმომადგენლებსაც, თუმცა უფრო თავშეკავებულია, ვიდრე 2006-2010 წლების საკრებულოში, როცა ის ოპოზიციას წარმოადგენდა. მაგალითად, მან სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის, თანაკოალიციელ ირაკლი ჭეიშვილის რეპლიკაზე: „თქვენ, „რესპუბლიკელებს“, სხვისი ხელით გინდათ საქმის კეთება“ – დუმილი არჩია.
4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა. ექიმი ლ.ა. ადასტურებს, რომ სერტიფიცირებული მართლაც არ არის, მაგრამ „ემერჯენსში“ სერტიფიკატი არავის აქვს.
ჩვილი კლინიკაში თავდაპირველად დედას მიუყვანია. გაბრიელს სახეზე გამონაყარი ჰქონია და ყურები გასივებია. „პირველად ექიმი ლ.ა. მოგვემსახურა, მერე ალერგოლოგ ვ.ბ.-ს დაგვაკავშირა, რაღაც წამლები გამოგვიწერა იმ კაცმა და გამოგვიშვეს. ექიმს თუ არ ენდე, აბა, ვის უნდა ენდო? რამე არ ჭირსო, ასე იძახდნენ, მაგრამ ბოლოს…“ – გვიყვება გაბრიელის დედა, მზექალა შურღაია. დედას ბავშვი სახლში დაუბრუნებია, ქედაში, სოფელ წონიარისში.
ხუთი დღის შემდეგ, ღამით მშობლებმა სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს და გაბრიელი მაღალი სიცხით ისევ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ ჩამოიყვანეს. დილით გაბრიელი გარდაიცვალა.
თავდაპირველად ბავშვს რომ მხოლოდ ალერგიული გამონაყარი ჰქონდა, ადასტურებს ექიმი პედიატრი ლ.ა.-ც. ექიმის განმარტებით, მან ბავშვს მხოლოდ პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწია, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული „გაიდლაინები“ და მშობლებმა ბავშვის კლინიკაში დატოვება არ ისურვეს.
ექიმმა წერილიც გვაჩვენა ჩვილის დედის ხელმოწერით, სადაც ვკითხულობთ: „მიუხედავად შესაძლო რისკისა, ოჯახური პირობების გამო, უარს ვაცხადებ ჩემს შვილს ჩაუტარდეს სტაციონარული მკურნალობა. ვიცი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს“.
გაბრიელის დედა კი ყვება, რომ ექიმი ცრუობს: „პირიქით იყო, გვითხრა, გადავსებულია საავადმყოფო, დასაწოლი ადგილი არ არისო, თან რომ მოგათავსოთ, ისე არიან დავირუსებული ბავშვები, შეიძლება რამე გადაედოს, უმჯობესია, სახლში წაიყვანოთო“.
მზექალა შურღაიას არ ახსოვს, მოაწერა თუ არა ხელი თანხმობას ბავშვის ოჯახში წაყვანაზე: „იმდენ დოკუმენტზე მოგვაწერინეს ხელი, აღარ მახსოვს“.
რატომ შეიძლება წაეყვანათ ჩვილი კლინიკიდან მშობლებს, თუ მას რეალურად სჭირდებოდა კლინიკაში ყოფნა, ან რატომ მიანიჭა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექიმმა მშობლის მოთხოვნას? „მდგომარეობა იყო მხოლოდ საშუალო სიმძიმის. დაავადებას რეციდივი ახასიათებს, ანუ განმეორება და უმჯობესად ჩავთვალე, ბავშვის კლინიკაში გაჩერება მონიტორინგის მიზნით“, _ უთხრა „ბათუმელებს“ ექიმმა ლ.ა.-მ.
გაბრიელის დედა, მზექალა შურღაია ამბობს, რომ ბავშვს შესაბამისი მომსახურება ვერც მეორედ მისვლის დროს გაუწიეს: „ღამის 12 საათზე ჩამოვედით, ერთ საათზე მეტი გვალოდინეს შესასვლელში. ვუთხარი, სხვაგან გადავიყვანთ, თუ აღარაა საშველი-მეთქი. მითხრეს, ბავშვს რამე რომ დაემართოს, თქვენ აგებთ მაშინ პასუხსო. გაბრიელი ძალიან ცუდად იყო. ექიმმა როგორც კი მოიცალა ჩვენთვის, აქეთ გვისაყვედურა, სად გყავდათ აქამდეო და რეანიმაციულ განყოფილებაში წაიყვანეს. დილით შვილი აღარ მყავდა“.
ჩვილის ცხედრისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. მზექალა შურღაია ამბობს, რომ ამის უფლებას არც მისცემდა ვინმეს. ბავშვის მშობლებს არც კლინიკისთვის უჩივლიათ. „ჩივილს რა აზრი აქვს? არც ის მესმის, მარტო ამ ერთ ექიმს რატომ სთხოვენ პასუხს“, – ამბობს გაბრიელის დედა. 4 თვის ბავშვის გარდაცვალებაზე არც გამოძიება დაწყებულა. შსს-ს პრესცენტრის თქმით, მათთან აქამდე შეტყობინება არ შესულა. „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ კი გვითხრეს, რომ საქმის შესწავლის დასრულებამდე არ იციან, იკვეთება თუ არა სამედიცინო პერსონალის ბრალი პატარა გაბრიელის გარდაცვალებაში.
„მოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ ექიმს არ ჰქონდა შესაბამისი სერტიფიკატი, რის გამოც შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი. თუკი სასამართლო ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ის 1000 ლარით დაჯარიმდება, ასევე აეკრძალება „ემერჯენსის“ მიმართულებით მუშაობის უფლება, ვიდრე სერტიფიცირებული არ გახდება“, – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ებრალიძემ, „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ იურისტმა.
„პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში არავის აქვს სერტიფიკატი, – ამბობს რეგულირების სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ექიმი. – ემერჯენსის განყოფილება 2011 წელს შეიქმნა და შესაბამისი კურსების გავლა ჯერ ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 25-წლიანი გამოცდილება მაქვს პედიატრიაში, მაგრამ გადაუდებელი დახმარების მიმართულებით მუშაობას ცალკე სერტიფიცირება სჭირდება. ახლა არის წასული თბილისში ორი ექიმი ჩვენგან სერტიფიკატის მისაღებად. ყველა ერთად ხომ არ წავალთ? ექვსი თვე სჭირდება კურსის გავლას“.
რატომ არ ისჯებიან სხვა ექიმები სერტიფიკატის უქონლობის გამო? „როგორც კი აღმოვაჩენთ, სხვებსაც დავაჯარიმებთ“, – გვითხრა რეგულირების სააგენტოს იურისტმა. რატომ სჭირდება ამას `აღმოჩენა“, გაუგებარია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტისთვის. „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მასთან დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს. თუ სააგენტოს არ აწვდიან ამ ინფორმაციას, ეს უკვე დარღვევაა“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
ჩვენი არაერთი მცდელობისა და პრესსამსახურის დაპირების მიუხედავად, კითხვებს არ უპასუხეს „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“. ამ ცენტრის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სამედიცინო კომპანია „ევექსია“. „ბათუმელებს“ სურდა გაეგო, რატომ მუშაობენ კლინიკაში ექიმები სერტიფიცირების გარეშე და რაში გამოიხატება თავად კლინიკის პასუხისმგებლობა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ მონიტორინგი ფატალურ შედეგზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. „სერტიფიცირების აუცილებლობა კანონითაა განსაზღვრული, განსაკუთრებით იქ, სადაც რისკი მაღალია. სახელმწიფო სერტიფიკატით აღიარებს კონკრეტული პირების კვალიფიკაციას. კანონმდებლობით, როცა ექიმს შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს, პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც ექიმზე, ისე – სამედიცინო დაწესებულებაზე“, – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხემძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტები კი განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა არ დააყენეს, რადგან ორი თვის წინ ამავე კლინიკაში კიდევ ერთი ექიმი დააჯარიმეს სერტიფიკატის არქონის გამო. მაშინ კლინიკაც დაჯარიმდა 5 ათასი ლარით და მიეცა ოთხთვიანი გამოსაცდელი ვადა. სააგენტომ ვერ გვიპასუხა, რატომ ვერ გამოვლინდა ექიმთა შესაბამისი სერტიფიკატების საქმე გეგმიური შემოწმების დროს, რომელსაც სააგენტო რეგულარულად ახორციელებს, ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ე.წ. „ემერჯენსის“ განყოფილება 2011 წლიდან მოქმედებს.
„არც ისე მარტივად ყოფილა საქმე“, – ამ ფრაზით შეწყვიტა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 26 თებერვალს ლ.ა.-ს საქმის განხილვა, როცა მან ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო. მანამდე მოსამართლეს ექიმი მოუყვა, რომ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სერტიფიკატის მოთხოვნა მხოლოდ მიმდინარე წლიდან გააქტიურდა.
ბავშვის კლინიკაში ხელახლა მიყვანისა და მისი გარდაცვალების შესახებ ექიმის ადვოკატისგან ნათქვამი მოსამართლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოსამართლემ აუცილებლად მიიჩნია სხდომაზე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს დასწრება, რომლის წარმომადგენელი სასამართლოში უკვე მეორედ არ გამოცხადდა.
დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლა-პანსიოში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების სამინისტროს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი“, აჭარის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას (სკრინინგი პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციები) ჩაუტარებს.
მემორანდუმის თანახმად ასევე ტარდება:
– აჭარის თვითმმართველი ერთეულების, კერძოდ, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკური შემოწმება – სკრინინგი პედიატრის, ოტო–რინო–ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები.
– პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა.
– პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. დაგეგმილი და ჩატარებული სკრინინგის რაოდენობა შეადგენს გამოსაკვლევი კონტინგენტის არანაკლებ 90%-ს.
აჭარის განათლების სამინისტროს რესურსცენტრების ინფორმაციით, აჭარაში პირველი–მერვე კლასის ჩათვლით 36 858 მოსწავლე სწავლობს, ხოლო მუნიციპალიტეტების გამგეობების ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრიებულია 12 260 აღსაზრდელი (2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით).
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2015 წლის განმავლობაში გამოკვლევები ჩაუტარდა 43 168 ბენეფიციარს. მათ შორის 9744 ბაღის აღსაზრდელს. მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები უკვე დაიწყო. დღეს 9:00 საათიდან ვიზიტი განხორციელდება ბათუმის N1 საჯარო სკოლის მეორე კორპუსში.
დღეს, სამ მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანმა“ თავისი სასწავლო ცენტრის „მომავლის ბავშვების“ დედები სილამაზის სალონში დაპატიჟა.
„ჩვენს ცენტრში 83 ბავშვი სწავლობს, მაგრამ დღეს მხოლოდ 30 ბავშვის დედა მოვიდა. მათთვის მცირე საჩუქარი გავაკეთეთ, ახალი ვარცხნილობები და მაკიაჟი გავუკეთეთ. სალონის შემდეგ ფსიქოლოგმა მაკო ხუნდაძემ დედებს ერთი საათი დაუთმო,“-გვეუბნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.
სალონის შემდეგ სოციალურად დაუცველ ქალებს საქველმოქმედო ორგანიზაცია ტორტით გაუმასპინძლდა.
დღეს, 14 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმის მიძღვნილი კვირეული იმედა მამალაძის სოლოკონცერტით გაიხსნა.
კვირეული 9 მარტს დასრულდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში გაიმართება. კვირეულის პროგრამაში შედის პოეზიის საღამო, საესტრადო მუსიკისა და ფოლკლორული კონცერტები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
„ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს დასკვნით ღონისძიებაზე მრავალშვილიან დედებს გადასცეს ფასიანი საჩუქრები”, – ამბობს შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ბერიძე.
ბათუმის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ფულადი საჩუქრები გადასცა.
მრავალშვილიან დედებს [5 და მეტი შვილი] 1000 ლარი, სოციალურად დაუცველ სამ და ოთხშვილიან დედებს შესაბამისად 300 და 400 ლარი და მარტოხელა დედებს 300 ლარი გადაეცათ.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა ჯიბლაძის თქმით, სულ 540 დედა დასაჩუქრდა. მათ აღნიშნული ფულადი დახმარება გადაეცემათ წელიწადში ორჯერ: სექტემბერში ახალი სასწავლო წლის დაწყებისას და დედის დღეს.
ასევე, დღეს ბონის კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო ღონისძიება და კონცერტი ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. ღონისძიებაზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს სამი მარტი მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს.
“ტელეარხი 25”-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა და დირექტორმა მერაბ მერკვილაძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის მედიაკავშირ „ობიექტივში” საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი იქნება.
მერაბ მერკვილაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო გუნდის დაკომპლექტება და დაახლოებით თვის ბოლოსთვის გავა გადაცემა ეთერში.
„ბათუმელების” შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს და რის გაკეთებას აპირებს “ობიექტივში”, მერაბ მერკვილაძე პასუხობს:
„ვაპირებ ახალი ამბების გამოშვების გაკეთებას, ჩვეულებრივი, სტანდარტებზე ორიენტირებული, კვალიფიციური, რამდენადაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია. გვეყოლება ახალი ჟურნალისტები, ოპერატორები”. მან აქვე დასძინა, რომ „ობიექტივს” აქამდე არ ჰქონია იმ მასშტაბის საინფორმაციო გამოშვება, რასაც ახლა აკეთებენ.
მერაბ მერკვილაძემ 2012 წელს დატოვა 25-ე არხი და მას შემდეგ არც ერთ მედიასაშუალებაში არ უმუშავია ოფიციალურად. მაშინ მერაბ მერკვილაძემ და მისმა პარტნიორებმა არხი გაყიდეს. ასევე მერაბ მერკვილაძის დირექტორობის დროს დაიწყო 25-ე არხმა მედიაკავშირ “ობიექტივის” საკუთარ ეთერში ტრანსლირება. თანამშრომლობა “ტელეარხ 25-“სა და “ობიექტივს” შორის დღემდე გრძელდებოდა. არხის ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ “ობიექტივთან” თანამშრომლობის გარეშე სატელიტის მომსახურების თანხას ვერ გადაიხდიდნენ. ახლახან არხის მფლობელმა განაცხადა, რომ ობიექტივთან თანამშრომლობას წყვეტს, ხოლო საკუთარი ბადის შესავსებად თოქ-შოუების გაკეთებას გეგმავს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საკასო აპარატის – daisy technology და 75 კგ შავი ლითონის პრივატიზების მიზნით, უპირობო ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 50 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 1 ლარი.
ქონების აღწერილობაში მითითებულია, რომ საკასო აპარატი daisy technology სერიული N50328010861 და 75 კგ შავი ლითონი შპს ,,ქობულეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ ბალანსზე ირიცხებოდა ამ კომპანიის ლიკვიდაციამდე.
ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს და ის 2016 წლის 7 მარტის 17:00 საათზე დასრულდება.
ჟურნალისტი ირინა ყურუა, რომელიც აქამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი იყო აჭარაში, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ირინა ყურუამ დაუდასტურა. ტელეარხზე დაბრუნდა სულხან მესხიძეც, „ტელეარხ 25“-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ირინა ყურუას თქმით, სულხან მესხიძე „ტელეარხ 25“-ის კორესპონდენტი და შაბათ-კვირას პროდიუსერი იქნება. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შეთავაზება აჭარის ტელევიზიიდან, ირინა ყურუამ აღნიშნა, რომ ასეთი ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.
ირინა ყურუას თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ხალხის ნდობის შენარჩუნება და გაზრდა იქნება.
“ტელევიზია, როგორც აქამდე, ახლაც ორიენტირებულია ხალხის პრობლემებზე და გასაჭირზე, მათთვის პასუხებისა და პასუხისმგებელი პირების მოძებნაზე, ყველაფერზე, რაზეც ნორმალური საინფორმაციო სამსახური უნდა მუშაობდეს. რადიკალურ ცვლილებებს რა თქმა უნდა არ ვგეგმავ, ჩვენ ვმოძრაობთ იმ ფინანსურ შესაძლებლობებში, რაც აქვს დღეს მაუწყებლობას, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ იქნება ახალი კადრების შემოდინება. რა თქმა უნდა, რამდენიმე ახალი ადამიანი დაგვემატება, ჩემი მოსვლაც ამის დასტურია. მე რაც აქ დამხვდა, არიან გამოსაცდელი ვადით აყვანილი ადამიანები, რომლებსაც ერთი თვე აქვთ იმისათვის, რომ გამოავლინონ თავიანთი უნარები და გადაწყვეტილებაც მიიღება ამის მიხედვით”, – აღნიშნა ირინა ყურუამ “ბათუმელებთან”.
საკადრო ცვლილებებს „ტელეარხ 25“-ში წინ უძღოდა საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მერკვილაძის განცხადება, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებდა ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ზოგიერთმა ჟურნალისტებმა სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად შეაფასა, მათ ტელევიზია დატოვეს.
ირინა ყურუა ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ტელეკომპანია “მაესტროში” მუშაობისას აშუქებდა “ტელეარხ 25”-დან თავისი წინამორბედისა და რამდენიმე ჟურნალისტის წასვლის პროცესს და სვამდა შესაბამის კითხვებს, რაც მის ჟურნალისტურ ნამუშევრებში აისახებოდა.
“თქვენ იცით, რომ სასამართლო პროცესია. მე ღიად, ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ვარ ერთ-ერთი, ვინც ელოდება ამ ადამიანების დაბრუნებას და ასევე საჯაროდ ვაცხადებ, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ ტელევიზიაში. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლოზე. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამ პროცესს მოიგებენ, თუმცა დაბრუნდებიან თუ არა, შემდეგ მათი გადასაწყვეტი იქნება”, – თქვა ირინა ყურუამ.
„ტელეარხი 25“ აპრილიდან განახლებულ ფორმატში აპირებს მუშაობას. როგორც ტელევიზიის დირექტორმა, გია სურმანიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ტელეარხის ეთერი აღარ დაეთმობა მედიაკავშირ „ობიექტივს“ და „ტელეარხ 25“-ზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუების მომზადება იგეგმება.
4 მარტს, 16 საათზე, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე -როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია. თემაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ტავლალაშვილი.
დისკუსია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში.
აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ გასაჩივრებას აპირებს.
მახინჯაურის თემის სოფელ განთიადის სპეციალისტად გულნაზ ლლონტი 2013 წლის 15 თებერვალს დაინიშნა – დროებით მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის ჩატარებამდე, 2014 წლის აგვისტოდან კი თემის რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. როცა ხელვაჩაურის გამგეობამ საერთო ატესტაცია-კონკურსი გამოაცხადა, გულნაზი უკვე ფეხმძიმედ იყო. „რამდენიმე დღეში დეკრეტულ შვებულებაში გავედი. კონკურსი დეკემბერში ჩატარდა და მითხრეს, თუ არ გაივლი, დაკარგავ სამსახურსო“, – უთხრა „ბათუმელებს“ გულნაზ ღლონტმა. ფეხმძიმობის მეცხრე თვეში მან კონკურსში მონაწილეობა მაინც მიიღო, თუმცა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. გასული წლის 5 იანვარს გულნაზ ღლონტს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნადიმ ვარშანიძის მიერ გამოცემული ბრძანება ჩააბარეს. 21 იანვარს გულნაზს შვილი შეეძინა.
„ეს იყო დისკრიმინაცია, რადგან გულნაზს ორსულობის გამო შეზღუდული ჰქონდა შრომისუნარიანობა და ის არ იყო თანაბარ პირობებში კონკურსის სხვა მონაწილეებთან“, – ამ პოზიციას არაერთხელ გაუსვა ხაზი ადვოკატმა დავით ანანიძემ სასამართლო განხილვების დროს.
ამ კუთხით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძის გადაწყვეტილება ახსენდება ანა არგანაშვილს ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“: „იმ საქმეში არსებობდა ორსული ქალის წერილობითი დასტური, რომ თანახმა იყო სამსახურიდან გაეშვათ დეკრეტული შვებულების დროს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა იმაზე, რომ ორსულ ქალს აქვს სპეციფიკური მდგომარეობა და იოლად არის შესაძლებელი მის ნებელობაზე გავლენის მოხდენა. ამ გადაწვეტილებით ითქვა, რომ ორსული ქალისთვის განსაკუთრებით ხელშემწყობი გარემო უნდა შეიქმნას, და არა – პირიქით“.
სასამართლოში გულნაზ ღლონტი ასევე მიუთითებდა მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც „კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე“. დაცვის მხარის მტკიცებით, გამგეობას არ უნდა მიეჩნია ვაკანსიად ის ადგილი, სადაც დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალი მუშაობდა და მის მოვალეობას დეკრეტულის პერიოდის გასვლამდე სხვა პირი ასრულებდა.
ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე კი ამბობს, რომ კონსულტაცია ამ საკითხზე საჯარო რეესტრთანაც გაიარა, როგორც კონკურსის ორგანიზატორთან. გამგებელი ასევე ენდობა თავის იურისტებს. „სამი იურისტი მყავს, ყველა ასე ამბობს. ჩვენ ჯერ არ წაგვიგია ეს საქმე. კანონი მავალდებულებდა მოვალეობის შემსრულებლისთვის კონკურსის ჩატარებას და რა უნდა მექნა? ვფიქრობ, მოსამართლეს ეს ქალი შეეცოდა და ამიტომ დაიჭირა მისი მხარი, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეთი იმედი გაუჩინა“, – ნადიმ ვარშანიძემ ეს დისკრიმინაციული შეფასება „ბათუმელებთან“ გააჟღერა.
საინტერესოა ასევე გამგებლის შეხედულება მოსამართლის დამოუკიდებლობაზე: „კარგია, რომ გაეღვიძა მორალი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს და ეს გააკეთა. აბა, წინა ხელისუფლების დროს მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, თუ გაბედავდა“.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილისთვის გამგებლის ასეთი შეფასებები მიუღებელია: „არ ვეთანხმები ასეთი მეტაფორებით სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას. კი ბატონო, გაასაჩივროს, თუ მისთვის მიუღებელია და ჩვენც ინტერესით მივადევნებთ თვალს ამ პროცესს. როგორც ჩანს, ხელვაჩაურის გამგებელს არ აქვს ინფორმაცია იმ საერთაშორისო კონვენციებზე, რაზეც ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს“.
„ძალიან გამიხარდა. სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. სასამართლო ხშირად თავს არიდებს ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღებას“, – გვითხრა ელენე ფილეევმა, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა: „ეს იყო პრეცედენტული შემთხვევა, რადგან კანონი ზუსტ განმარტებას მსგავს სიტუაციაში არ იძლევა. როგორც ჩანს, მოსამართლე დაეყრდნო იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს ცივილურ ქვეყნებში და ამოვიდა მთავარი პრინციპიდან – არ შეიძლება დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალი გაათავისუფლო სამსახურიდან. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის დირექტორის მოადგილე გაათავისუფლეს, რადგან დირექტორი შეიცვალა. კანონი იძლევა საშუალებას, როცა სკოლაში ახალი დირექტორი ინიშნება, მოადგილეც ავტომატურად შეცვალონ. ამის მიუხედავად, მოვიგეთ საქმე სასამართლოში“.
ხელვაჩაურის გამგეობას გულნაზ ღლონტისთვის განაცდურის სახით დაახლოებით 5400 ლარი აქვს გადასახდელი. ეს თანხა კიდევ გაიზრდება, თუკი გამგეობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ისევ წააგებს. „არაერთხელ ვცადეთ მოლაპარკება გამგებელთან, ამისკენ მოგვიწოდებდა მოსამართლეც, მაგრამ გამგებელი არ შეგვხვდა. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგებოდა“, – ამბობს ადვოკატი დავით ანანიძე.
„ხელისუფლებას არ აქვს მგრძნობელობა ამ საკითხებზე“, – ამბობს ანა არგანაშვილი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი: „ორსულთა დისკრიმინაცია საკმაოდ ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი იცავს. როცა 2013 წელს შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები, ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მომზადდებოდა ცვლილებები გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მაგრამ ასე არ მოხდა. ქალებისთვის დასაქმება ისევ უფრო პრობლემურია, ვიდრე მამაკაცებისთვის, განსხვავებულია მათი ხელფასიც. ამ ფონზე განსაკუთრებით რთულია ფეხმძიმე ქალის შრომითი პირობები. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღები პირები, როცა ამ თემაზე ვესაუბრებით, გვპასუხობენ, რომ ეს მეათეხარისხოვანი პრობლემაა. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ე.წ. „ნეიტრალური კანონმდებლობა“, რომელიც დისკრიმინაციას აღრმავებს“.
გასულ კვირას დაკავებულმა მოქალაქეებმა პოლიციას უარი უთხრეს ნიმუშის ჩაბარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ამას ითხოვდა პოლიცია. რა შემთხვევაში აქვთ მოქალაქეებს უფლება უარი უთხრან პოლიციას ნიმუშის ჩაბარებაზე?
ნიმუშის ჩაბარება ნებაყოფლობითია. პირს ყველა შემთხვევაში აქვს უფლება უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე. უბრალოდ, შესაძლებელია, თუ, მაგალითად, ნარკოლოგიურში გადაყვანაზე პირი უარს ამბობს, იძულებით გადაიყვანონ ადმინისტრაციული დაკავების წესით, მაგრამ იქ მისულს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, უარი თქვას ნიმუშის გაცემაზე. დაუშვებელია, რაიმე სახით ადამიანი აიძულონ, რათა მისგან ნიმუში მიიღონ.
იმ შემთხვევაში, თუ ვიზუალურადაც ჩანს, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, მაშინ რა ხდება – აქვს მას უფლება უარი უთხრას პოლიციას ნიმუშის ჩაბარებაზე?
ადმინისტრაციული წესით დაკავებას არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი, შს მინისტრის ბრძანება… დაკავება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს აქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს გაყოლა ნარკოლოგიურში და გადამოწმება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს უარი თქვას გადამოწმებაზე და არ მისცეს ნიმუში. ანუ ვალდებულია გაყვეს პოლიციას, მაგრამ უფლება აქვს, უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე.
გამოდის, რომ პოლიციას შეუძლია დააკავოს ადამიანი, მაგრამ არ შეუძლია აიძულოს ტესტის ჩაბარება?
ვერანაირად ვერ აიძულებს, დაკავების ვადა კი 12 საათია. შემდეგ დაკავებული უნდა გაუშვან.
ამის მიუხედავად ბიუჯეტში სოლიდური თანხა შედის ნარკოტესტზე დაჯარიმებული ადამიანებისგან. ამის ახსნა როგორ შეიძლება?
არ ვიცი სამომავლოდ პრაქტიკა როგორ განვითარდება და სტატისტიკა როგორი იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში იყო მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ბათუმში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ [საიამ] გავაპროტესტეთ იძულებით ნიმუშის აღება. გარკვეული სახის ხარვეზია კანონმდებლობაში – იძულებით ნიმუშის აღება დაუშვებელია, რადგან ეს ადამიანის მიმართ არაჰუმანურ, არაადამიანურ მოპყრობად მიიჩნევა.
ნებისმიერ დროს შეიძლება პირმა უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე? – სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულზეც ვრცელდება უარის თქმის უფლება, თუ ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეხება?
არა, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულით დაკავების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ იძულებით აიღონ დაკავებულისგან ნიმუში. ამას სისხლის სამართლის საპროცესო კიდექსი ითვალისწინებს, ნიმუშის აღება ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედებაა.
კანონი იძლევა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, რაც ასევე გულისხმობს ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმასაც, მაგრამ ადამიანები ვერ ახერხებენ უთხრან არა პოლიციის ამ მოთხოვნას. ეს რაზე მიუთითებს?
ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ ფლობენ ინფორმაციას. პრაქტიკაში პირველი იყო ბათუმში ეს შემთხვევა და ყველა ვინც იგებს, გაკვირვებულია, ასეთი რაღაც თუ შეიძლებოდა, არ ვიცოდითო. თურმე რა კარგი ყოფილა, კანონი როცა იციო.
რამდენად ართულებს კანონის ეს ნორმა პოლიციელებისთვის მუშაობას? – ისინი ამაზე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
კი, უკმაყოფილება ჩვენს შემთხვევაშიც გამოითქვა პოლიციის მხრიდან, რომ ძალიან გართულდება ამის შემდეგ ამ მიმართულებით მათი მუშაობა, მაგრამ ეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ვნახოთ, სამომავლოდ პრაქტიკა როგორ განვითარდება. შესაძლებელია აქედან გამომდინარე კანონსაც გადახედონ და ცვლილებაც შეიტანონ. ამ ეტაპზე ვერავინ იტყვის რა მოხდება.
როცა პოლიციელებმა იციან, რომ მოქალაქეს უფლება აქვს უარი თქვას ნარკოტესტის ჩაბარებაზე, მაგრამ მაინც აკავებენ მას 12 საათით და ამ გზით ბევრი ადამიანიც დაუჯარიმებიათ, ეს რაზე მიუთითებს?
დაკავების უფლება აქვთ და ისინი ამ უფლების რეალიზებას ახდენენ. მაგრამ დაკავება არ ნიშნავს, რომ 12 საათი იქ უნდა ამყოფო დაკავებული, კანონში არის ჩანაწერი – „არაუმეტეს 12 საათისა“. როდესაც მიიყვანენ ადამიანს ნარკოლოგიურში და ის არ აძლევს თავისი ნებით ნიმუშს, უნდა გაუშვან. ეს არ ნიშნავს, რომ დაკავებული 12 საათი უნდა ჰყავდეთ იქ და 2 წუთი რომ დააკლდება 12 საათს, შემდეგ გაუშვან. თუმცა ამის უფლება მათ აქვთ.
ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნანი გუგუნავას საპატიო ბათუმელის წოდება ბათუმში განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა, ხოლო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ამირან კახიძეს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიური სკოლის დაფუძნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურისა და ტრადიციების აქტიური პოპულარიზაციისთვის. საპატიო ბათუმელის წოდება 2006 წელს დააწესა ბათუმის თვითმმართველობამ. წოდებას საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ანიჭებენ მოქალაქეებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქალაქის განვითარებაში, დემოკრატიის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში, მეცნიერების სხვადასხვა დარგის წინსვლაში, კულტურისა და ხელოვნების სფეროების აღმავლობაში. აღნიშნულ წოდებას 2012 წლიდან ბათუმის საპატიო მოქალაქისა და დამსახურებული მოღვაწის წოდება დაემატა.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები [საწევროების ჩათვლით] 2016 წლის იანვრის თვეში სულ 42 ათას 170 ლარი და 70 თეთრი იყო.
ჩამონათვალში 10 პარტიაა: “დევნილთა პარტია” [3 500 ლარი], “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” [20 520], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [4 200], „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ [9 900], “თავისუფალი საქართველო” [590], “მემარცხენე ალიანსი” [500], “განახლებული საქართველოსთვის” [5], „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ [120], „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ [323,7] და „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ [2 502 ლარი].
რაც შეეხება გასულ, 2015 წელს, 18 პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა ჯამში 1 მილიონ 566 ათას 383 ლარი და 33 თეთრი შეადგინა.
აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 556 000 ლარი [მათ შორის 280 ლარი საწევრო, 10 095 არაფულადი]; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 294 640 ლარი 73 თეთრი , “თავისუფალი დემოკრატები” – 289 210 ლარი [284 710 საწავრო, 4500 არაფულადი]; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 204 870 ლარი 50 თეთრი [198 000,5 ლარი ფულადი, 6870 არაფულადი], “დევნილთა პარტია” – 56 701 ლარი.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისი ბათუმში ისევ გაიხსნება. ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში (ვარდების სკვერთან) მდებარე შენობის მეორე სართულზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უკვე იკრიბებიან. პარტიული ოფისის ოფიციალურად გახსნას ლიდერები რამდენიმე დღეში გეგმავენ.
„ოფისის გახსნა არ უკავშირდება არჩევნებს. პარტიული ოფისი არჩევნების შემდეგაც იმუშავებს,“ -უთხრა „ბთუმელებს“ პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ბიუროს წევრმა ლაშა სირაბიძემ.
„ქართული ოცნების“ პარტიული ოფისი ბათუმში 2014 წლის დასაწყისში დაიხურა.
„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისს ქუჩის მხრიდან ჯერ არ აქვს გამოკრული პარტიული ატრიბუტიკა
9 მარტს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ მოეწყობა დისკუსია თემაზე – „ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება“?
დისკუსია ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. მოწვეული სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი, მხატვარი ლია უკლება, რომელმაც გასულ წელს ქალთა უფლებების დამცველი კატო მიქელაძის პრემია მიიღო და მხატვარი ირინა ტორონჯაძე.
საჯარო დისკუსია 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
7 ვაკანსიაზე კონკურსს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო აცხადებს. განცხადებების მიღება 11 მარტამდეა შესაძლებელი. თითოეულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 825 ლარს შედგენს. სამინისტროს 7 ვაკანსიაზე კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. სამინისტრო, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების აუდიო და ვიდეოჩაწერას აპირებს. კონკურსანტის თანხმობად სამინისტრო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნილ განცხადებას ჩათვლის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 7 ვაკანსიას 6 თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს: ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; საბიუჯეტო დეპარტამენტის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (2 ვაკანსია).