მთავარი,სიახლეები

რას ისწავლიან 14 მილიონ დოლარად პედაგოგები და სკოლის დირექტორები?

04.03.2016 • 2387
რას ისწავლიან 14 მილიონ დოლარად პედაგოგები და სკოლის დირექტორები?

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 20 ათასი ქართველი პედაგოგისა და 2085 დირექტორის გადამზადების მიზნით 14 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი ოთხ წელს გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. რა არის პროექტის მიზანი და რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად? ამ თემაზე „ბათუმელები“ პროგრამის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ირინა, ეს პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების განვითარებას, რა იგულისხმება ამაში, რა უნდა ისწავლონ პედაგოგებმა?

აქ იგულისხმება მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარება. პროექტში მონაწილეობენ მხოლოდ ის პედაგოგები, რომლებიც მე-7 და მე-12 კლასებში ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს, მათემატიკას, გეოგრაფიასა და ინგლისურს. პროფესიული განვითარების კურსის გამჭოლი თემა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით ას საათამდე ტრენინგი და სხვადასხვა პროფესიული განვითარების აქტივობის ჩატარება, დამხმარე და მეთოდური რესურსის განვითარება. ასევე მნიშვნელოვანი აქტივობაა მასწავლებელთა პროფესიული შეხვედრები, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, თუ გამოიკვეთა რაიმე წარმატებული პრაქტიკა, რა გამოწვევებს წააწყდნენ ტრენინგის შემდგომ და როგორ მიუდგნენ ამ პრობლემას. ამ მიზნით, მასწავლებლები კვარტალში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და წინასწარ შემუშავებულ თემებზე მსჯელობენ, ასწავლიან ერთმანეთს. დაგეგმილია უამრავი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა როგორც ზოგად მეთოდიკაში, ასევე კონკრეტული საგნის პედაგოგიკაში. იგეგმება მნიშვნელოვანი კომპონენტის ამოქმედება – საკლასო შეფასება, რომელიც არის მასწავლებლის დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები და მოსწავლეს მისცეს განმავითარებელი შეფასება. ამ მეთოდის გამოყენება ჩვენს სკოლებში ძალიან ჭირს.
კვლევები აჩვენებს, რომ არც მასწავლებლებს ესმით სწორად, რას ნიშნავს განმავითარებელი შეფასება. „ყოჩაღ, დღეს უკეთესი იყავი“, ან „შენ უკეთესად შეგიძლია“, – ეს არ არის საკმარისი.

გარდა ამისა, სკოლებში იკვეთება მკაფიო გენდერული სტერეოტიპები – გოგოების მიმართ არ არის მოლოდინი, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკას უკეთ ისწავლიან, ვიდრე ბიჭები. ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს და ყველა მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს უნარები.
 

ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებში ცდები ფაქტობრივად არ ტარდება. ზოგიერთ სკოლაში ლაბორატორიის პრობლემაა, ზოგიერთში კი – მასალების. რა ეფექტი ექნება მხოლოდ პედაგოგების გადამზადებას, თუ მოსწავლეებს არ ექნებათ პრაქტიკის შესაძლებლობა? სამინისტროსთან ისაუბრებთ იმაზე, რომ ცდების პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას სკოლებში?

მე როგორც ვიცი, დაგეგმილია სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა და პრაქტიკული სწავლების ნაწილზე გადასვლის დროს, იმედია, ეს პრობლემა იქნება გადაჭრილი. ასევე, ვფიქრობთ, რომ გამოვიყენოთ ვირტუალური ლაბორატორიები. ამის ერთეული გამოცდილება უკვე არსებობს, მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ სონღულაშვილს აქვს შექმნილი ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამა, თბილისში ერთ-ერთმა სკოლამ შეიძინა კიდეც ეს ლაბორატორია და იყენებს. როცა პრაქტიკულ კომპონენტზე გადავალთ, მოვიძიებთ ამ ტიპის პროგრამებს და განვიხილავთ სკოლებისთვის მათი შეძენის საკითხსაც, რაც სკოლებს გამოადგებათ პროექტის დასრულების შემდეგაც.

დირექტორები რა მიმართულებით უნდა გადამზადდნენ?

გრძელვადიან კურსს ჰქვია „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“. დირექტორები და ამ პროექტში ჩართული სკოლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორები გაივლიან გადამზადების კურსს სასწავლო პროცესის ლიდერის კუთხით. ამ ჯგუფებს გადავამზადებთ როგორც პედაგოგიკის, ასევე ინკლუზიის, შეფასების, მონიტორინგის მიმართულებითაც. დირექტორმა წარმატებული პრაქტიკა უნდა დანერგოს. როცა იგი კლასში შევა, უნდა მიხვდეს მასწავლებელი როგორ გაკვეთილს ატარებს. კარგი გაკვეთილი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მასწავლებელი უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს სასწავლო პროცესში. კარგი გაკვეთილი ნიშნავს: განსაზღვრა თუ არა მასწავლებელმა სწორად მიზანი, ეფუძნება თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მიაღწია თუ არა იმ მიზანს, რომელიც დასახული ჰქონდა და გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი სწორად. ამის შეფასება დირექტორმა გაკვეთილზე უნდა შეძლოს.
 

ყველა საჯარო სკოლას ერთნაირი რესურსი არ გააჩნია. ვიცით, რომ გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლებიც. როგორ უნდა მოვარგოთ ასეთი სკოლები იმ სტანდარტებს, რის დანერგვასაც ვცდილობთ თუნდაც ამ პროექტით?

ჩვენ შევხვდით ხარისხის განვითარების ცენტრს, რომელიც აპირებს შექმნას სკოლების შეფასების სისტემა, რომ ზუსტად გამოიკვეთოს კონკრეტული სკოლის საჭიროებები. პირველი აპრილიდან შემოგვიერთება პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც გაგვიწევს ექსპერტულ მხარდაჭერას. გვექნება ბევრი კვლევა, ანალიზი და წლიდან-წლამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება ამ საჭიროებებზე მიდევნება. საერთო ჯამში, იდეა არის ის, რომ რაღაც დროში საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა აკადემიური წინსვლა უნდა გვქონდეს. მონიტორინგის გეგმას ეს ჯგუფი შეიმუშავებს.
 

როგორც ვიცი, ფასილიტატორებიც უნდა გადაამზადოთ. რას ისწავლიან ისინი განსხვავებულს, რადგან მასწავლებელთა ცენტრი მათ ისედაც ხშირად უტარებს ტრენინგებს?

ჩვენ მათ სასწავლო პროცესის მართვის უნარების განვითარებაში ვეხმარებით, რადგან ისინი იქნებიან შუამავლები ცენტრსა და სკოლას შორის. ბევრი ინფორმაცია და მასალაა მისაწოდებელი მასწავლებლებისთვის, ამიტომ ფასილიტატორი ჩვენი საყრდენი იქნება სკოლაში. ეს მისთვის იქნება სტიმული იმ თვალსაზრისით, რომ ამ შრომაში ფასილიტატორი მიიღებს კრედიტს. როცა სამუშაოს მოდულები დადგინდება, მაშინ დავაზუსტებთ, რამდენ კრედიტს მიიღებს ამაში ფასილიტატორი.

 ოთხი წლის შემდეგ, როცა პროექტი დასრულდება, რა იქნება 14-მილიონიანი პროექტის წარმატების ან წარუმატებლობის ინდიკატორი?

მონიტორინგისა და შეფასების გეგმაზე სწორედ ახლა ვიწყებთ მუშაობას და ამას გააკეთებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია. მთავარი მოლოდინი მაინც არის ის, რომ ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში უკეთესი შედეგი აჩვენონ ჩვენმა მოსწავლეებმა. ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება სქემაში ჩართული მასწავლებლებლის კარიერული ზრდაც. პროგრამის სრული ეფექტისათვის, საჭიროა სკოლების განვითარების მრავალმხრივი ანალიზი, მხოლოდ მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის პროფესიული განვითარება ვერ იქნება მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების გარანტია, თუმცა წარმოადგენს ამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: