ოჯახში ძალადობის სამი თვის სტატისტიკა

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობის 407 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც ამდენივეა.

ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,  –  2598 შემთხვევა, სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებულია 2015 წელს.

1989 წლის 9 აპრილი – ფოტომასალა არქივიდან

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია.  თბილისში მშვიდობიანი აქცია,  საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იმართებოდა.

9aprili2

საარქივო მასალების მიხედვით, მაშინდელმა საბჭოთა რუსეთის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა „ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები“.  დარბევის დროს 21 დემონსტრანტი დაიღუპა,  ათეულობით  ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის უმრავლესობა იყო ქალი.

 

9-aprili

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მშვიდობიან აქციას, დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა. მათ შორის იყვნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია.

 

saqartvelo

„ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“

ბათუმში 14 წლის მოზარდი ანრი გოგიტიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დეიდის თქმით, ის თანატოლებმა მოკლეს. თუმცა დანაშაულის გამომწვევი ოფიციალური ვერსია გამოძიებას არ გაუვრცელებია. რა მიზეზები განაპირობებს მოზარდთა სისასტიკეს და რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა ან ოჯახი მოზარდთა დანაშაულის პრევენციას?

 

შარაბიძეების საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მოზარდი, რომელსაც თანატოლის მკვლელობაში გარდაცვლილის ახლობელი ადანაშაულებს, მის სკოლაში სწავლობს. დირექტორის თქმით, მოსწავლე გულჩათხრობილი იყო და ბოლო პერიოდში გაკვეთილებსაც აცდენდა: „სწავლით არ გამოირჩევა, მაგრამ რაგბის გუნდში დადის და ფიზიკურად ძლიერი ბავშვია. საერთოდ, თავისებური, გულჩათხრობილია. მე ამას ოჯახურ პრობლემას ვუკავშირებ“.

 

შეეძლო თუ არა მას თანატოლის გამეტება? „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თანატოლების მიმართ დამოკიდებულებაში აგრესია არ შეგვიმჩნევია. როცა გაკვეთილების გაცდენა დაიწყო, მანდატურის სამსახურიც ჩაერია. მეც ვიყავი მშობელთან და გვქონდა ამაზე საუბარი. მწვრთნელებსაც ვთხოვე, ბავშვი კალაპოტში ჩაგვიჯინეთ, რომ ხელიდან არ გაგვექცეს-მეთქი,“ – ამბობს დირექტორი. მისი მოსაზრებით, მოზარდს ოჯახში ყურადღება აკლდა.  – „ჩემი აზრით, ფსიქოლოგის დახმარებაც სჭირდებოდა და ოჯახური სითბოც“.

 

არაოფიციალური ვერსიით, მოზარდი, რომელიც, როგორც დეიდა ამბობს, მოკლეს, წლების წინ მშობლებმა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში სწორედ ბულინგის გამო გადაიყვანეს. თუმცა მოქმედი დირექტორი ამბობს, რომ ანრის სკოლიდან გასვლის მიზეზი მისთვის უცნობია.

 

„ითქვა, რომ ამ ბავშვების ოჯახებს ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა ერთმანეთთან. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მეგობრობდნენ ეს ბიჭები. რეალურად რა მოხდა არ ვიცი,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

 

14 წლის ანრის ვერ იხსენებს შარაბიძეების სკოლის ყოფილი დირექტორი ნესტან დიასამიძეც: „არ მახსოვს ეგ ბავშვი. რაც შეეხება მეორეს, რომელსაც ბრალს სდებენ, ჩემი მოსწავლეა. ცოტა ზედმეტი ქცევები კი ჰქონდა. მეოთხე კლასიდან თითქოს დაჩაგრული ბავშვების დაცვას ცდილობდა, იყო საქმის გარჩევების შემთხვევებიც…“

 

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია დღეს სკოლას გაარკვიოს არის თუ არა მოზარდი თანატოლთან კონფლიქტში ან ბულინგის მსხვერპლი? ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია დღეს მხოლოდ სკოლის შიგნით მომხდარ კონფლიქტზე რეაგირებს; რა ხდება სკოლის გარეთ, ამის კურსში ნაკლებად არის.
რა განაპირობებს მოზარდების ანტისოციალურ ქცევას და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?

 

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, ამას თავისი მიზეზები აქვს, რადგან ადამიანები სასტიკებად არ იბადებიან: „ამ კონტექსტში მოზარდებზე საუბარი მიჭირს, რადგან მათი „სისასტიკის“ მიზეზი ყოველთვის გარეთაა, ანუ –  გარემოში“. ფსიქოლოგის აზრით, ბავშვი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, რომელსაც შეურაცხყოფენ, არ ესმით მისი საჭიროებები (იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური განვითარებისთვის), უგულებელყოფილია, მარტოა საკუთარ პრობლემებთან და უფროსი ადამიანები მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით შემოიფარგლებიან, შესაძლოა სასტიკი გახდეს.

 

„ბავშვის სისასტიკის მიზეზი ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ. მოზარდის ქცევითი პრობლემები, სირთულეები სწავლაში, ემოციური გართულებები – ეს ერთგვარი ძახილია დახმარებისთვის. ჩვენ კი არ ვართ მზად დახმარებისთვის, რადგან არ გვესმის მათი ხმა, ან არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ,“  –  ამბობს მაია ცირამუა.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მოზარდის ანტისოციალურ ქცევას, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოდის, ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მხოლოდ სკოლის ან ოჯახის დადანაშაულება არ არის სწორი.

 

„ეს არის კომპლექსური პრობლემა. დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ თავისებურებებს, იმას, როგორია განათლების პოლიტიკა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საკითხები ქვეყანაში და ა.შ. თუ კლასის დონეზე ვისაუბრებთ, რომელიც მიკროსოციუმია მოსწავლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს დამრიგებლის მგრძნობელობასაც“.

 

მაია ცირამუას აზრით, დამრიგებელმა უნდა შეძლოს მოსწავლის ემოციური მდგრადობის დანახვა და სახიფათო ნიშნების ამოცნობა. „როცა საქმე გვაქვს ბულინგთან, აუცილებელია სკოლამ გამოიყენოს შეტყობინების მექანიზმი და საქმის კურსში ჩააყენოს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც მოზარდის გარდა მშობელთანაც იმუშავებს. თუ სკოლის მიმართვის შემთხვევაში მშობლის ჩართულობა მინიმალურია ან რჩება რეაგირების გარეშე, საქმეში უნდა ჩაერიოს სოციალური მუშაკი. თუკი არსებობს ქცევითი აშლილობის ხელშემწყობი რისკები, დროულად უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა.“

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ რისკების არსებობის შემთხვევაში შეტყობინების მიუხედავად, სკოლა ვალდებულია პროცესს ბოლომდე მიჰყვეს. „თუ ასე არ ხდება, ეს არის გულგრილობა და პროფესიული ეთიკის დარღვევა“.

 

ფსიქოლოგის აზრით, მნიშვნელოვანია იმის ანალიზიც, თუ რა კეთდება იმისთვის, რომ მოზარდები თავისუფალი იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის გავლენისგან. „ასეთ მსჯელობებს მე ნაკლებად ვხედავ. შეიძლება იყოს ცალკეული ინიციატივები, თუმცა ესეც ლოკალური ხასიათისაა. აქ არის საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხიც. ახლახან იყო შემთხვევა, როცა ადამიანების ჯგუფი ძალადობდა ერთ ახალგაზრდაზე, ამას ხედავდა ბევრი ადამიანი, თუმცა რეაგირება არავინ მოახდინა. ამიტომ, თუ შენ გვერდით თანატოლს ან ვინმეს ჩაგრავენ და შენ არ იღებ ხმას, ეს უკვე გლობალური პრობლემაა“.

 

ფსიქოლოგის აზრით, გარდა სკოლისა და საზოგადოებისა, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ინფორმირება: „მშობელმა უნდა იცოდეს ვისთან მეგობრობს შვილი, როგორია მათი ღირებულებები, აღიარებულია თუ არა იმ წრეში, რადგან ამ ასაკში მოზარდი თანატოლის ღირებულებებს უფრო იზიარებს, ვიდრე მასწავლებლის ან მშობლის, იცოდეს მისი რუტინა, რით არის დაკავებული, როგორ სწავლობს, შეიცვალა თუ არა მისი ემოციური ქცევები, სად ატარებს დიდ დროს და ა.შ.“

 

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2016 წლის იანვარში პენიტენციალურ სისტემაში 20 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია, 7 –  ბრალდებული. თებერვლის მონაცემებით კი, ბრალდებულია 9 არასრულწლოვანი, 24 კი  – მსჯავრდებული. 2015 წლის მონაცემებით, პენიტენციალურ სისტემაში სულ 35 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

9 აპრილი ბათუმში

დღეს 9 აპრილს, ბათუმის ბულვარში  აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და მოსწავლეებმა ცხრა აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ცერემონიაზე არ მოსულა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი.  მერიის პრესსამსახურში გვითრეს რომ მიზეზი არ იციან. ცხრა აპრილის მემორილათან არც მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თბილისში იმყოფება.

DSCN8823

„ბატონი არჩილი არის ეკონომიკური საბჭოს წევრი და გუშინ ეკონომიკურ საბჭოზე იმყოფებოდა, ამიტომ ვერ მოხერხდა მისი ჩამოსვლა“- ამბობს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სოფო გუჯაბიძე.

ცხრა აპრილის მემორიალთან მოვიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. „ცხრა აპრილი არის ორმაგი დატვირთვის დღე. ერთი ის რომ ადამიანები დაგვეღუპა და რუსეთის პირსისხლიან იმპერიას შეეწირა ისინი, მათ შორის უფრო მეტი იყვნენ ქალები, რამაც შეკრა მთელი ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით და ყველა დანარჩენი ამის გამოძახილი იყო.

მეორე მნიშვნელობა ცხრა აპრილის ის არის რომ 91 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რეფერენდუმის შედეგი ოფიციალურად გაფორმდა და ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის პირობებში ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა“- განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ

 

DSCN8835

ცხრა აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

 

DSCN8839

მილიონი ლარი ბათუმის მე-17 სკოლის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის N17 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის რეაბილიტაციასა და სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობაში აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონ 64 ათასი ლარი დაიხარჯება. მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა დაიწყოს. სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეისყიდის.

სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი სრული სახით ტენდერში გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით „სამუშაოები უნდა განხორციელდეს 120 დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება სამინისტროს მიერ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიმწოდებლისათვის ჩაბარების ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის მომენტიდან ან შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. [სამუშაოების დაწყების სავარაუდო დრო: 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდი]. შესაძლებელია ასევე განისაზღვროს თითოეულ ობიექტებზე სხვადასხვა თარიღიც“.

ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მე-17 სკოლის შენობის რეაბილიტაცია სამინისტროს ქვეპროგრამის – „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში განხორციელდება, ხოლო სკოლის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობა ქვეპროგრამა – „სპორტის განვითარების ხელშეწყობა სკოლებში“ ფარგლებში.

ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება.

„ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. თუკი აზიის განვითარების ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსებას და გახდება ამ მშენებლობის დონორი, ამის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყება სატენდერო პროცედურები მშენებლობის შესყიდვაზე,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა რუსუდან ხუბულავამ.

რა შენიშვნებია არსებულ პროექტთან დაკავშირებით დეპარტამენტში, არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ამ დეტალებს ახლა არკვევენ; „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავარი პრობლემა განსახლების გეგმას უკავშირდება.

ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი
ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

[გეგმის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის ზემოქმედების ქვეშ ექცევა 3 529 პირი. არსებული გეგმისა და წინასწარი შეფასებით, რომელიც კვლავ უნდა გადაიხედოს, განსახლების საერთო ღირებულება 25 265 287 აშშ დოლარია].

დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განსახლებასთან დაკავშირებით პრობლემები მათ ადრეც ჰქონდათ, ვინაიდან „წინასწარ იყო პროექტი გაკეთებული, არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან, შემდეგ უკვე მოსახლეობა იწყებდა ამ თემაზე ვაჭრობას, მათთან ხელშეკრულებები ვერ ფორმდებოდა და ამის გამო პროექტი ჭიანურდებოდა. ასეთი პრობლემები რომ არ იყოს, ამიტომ ყველა პროცედურა მშენებლობამდე უნდა დასრულდეს. ეს კი გარანტია იქნება იმისი, რომ მშენებლობის მიმდინარეობისას არ წარმოიშვას პრობლემები და არ შეფერხდეს პროექტი“.

დაკორექტირებულ პროექტს თბილისში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ და ამის შემდეგ იტყვიან, დააფინანსებენ თუ არა მშენებლობას. თუ ბანკი უარს იტყვის პროექტის დაფინანსებაზე, მაშინ სახელმწიფოს სხვა დონორის მოძიება დასჭირდება.

„დონორი, როგორც ასეთი, არსებობს თეორიულად – ურთიერთობიდან და სხვა პროექტებში პარტნიორობიდან გამომდინარე ბანკი გახდება ალბათ დონორი,“ – მიაჩნიათ საგზაო დეპარტამენტში. ბანკის დონორობის შემთხვევაში გზის მშენებლობისთვის გამოიყოფა შეღავათიანი სესხი ძირითადად იმ პირობებით, რა პირობებითაც სესხი სხვა პროექტებისთვისაა გამოყოფილი.

ბათუმის შემოვლითი გზის [ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე 16,2 კმ-იანი მონაკვეთი] დაფინანსების საკითხის გადაჭრის შემდეგ დაიწყება დონორის მოძიება მდინარე ჭოროხიდან სარფამდე ახალი მაგისტრალის ასაშენებლად.

არსებული პროექტის მიხედვით, ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში მაგისტრალი დაახლოებით ასეთი მარშრუტით გაივლის: მწვანე კონცხი, მახინჯაური, სალიბაური, სამება, განახლება, მახვილაური და მეჯინისწყალი. ეს მარშრუტი უცვლელი დარჩება, აცხადებენ დეპარტამენტში.

ამ ეტაპზე სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აქ სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პარალელურად დაიწყება გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სამუშაოები: „მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები… რაც საშუალებას მოგვცემს მოლაპარაკებები დავიწყოთ დონორებთან ამ მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე“.

აჭარაში [48,4 კმ სიგრძის] ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით [500 მილიონი აშშ დოლარი] დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

საგზაო დეპარტამენტის მონაცემებით, 2007-2015 წლებში ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, ჯამში, დაგებულია 153,35 კმ. გზა.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E-60 – ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი და E-70 – ფოთი-ბათუმი-სარფი] მშენებლობის დასრულების ვადა დამოკიდებულია დარჩენილი მონაკვეთების პროექტირება-მშენებლობისათვის დაფინანსების მოძიებასა და, შესაბამისად, მათი მშენებლობის დაწყება-დასრულების ვადებზე,“ – აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.

ქობულეთის შემოვლითი გზა / ეკა ბერიძის ფოტო
ქობულეთის შემოვლითი გზა / ეკა ბერიძის ფოტო

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 463 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის ყველაზე ბევრი – 406 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის. 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 34 – ნიშანში დგომის გამო, 11 – ტროტუარზე დგომისთვის, 7 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ოთარ დანელია აფხაზეთში დაღუპული 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავისაფეთქებისას დაღუპული  12  მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე,  9 აპრილს  სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 43-ვე ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია. 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტცხედარს გადმოასვენებენ.

sameba
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

ბათუმში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტი გამოვლინდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით ბათუმში  ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ეთერ ჟორდანიას თქმით, საქმე ეხება ბათუმში ერთ-ერთ ახალგახსნილ ავტორიზებულ აფთიაქს.

“კონტროლის შედეგად გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტები, სათანადო რეცეპტის გარეშე. ასევე გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების აღრიცხვის წესის დარღვევა. ნაწილ ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებზე ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სახეზე გვაქვს ფორმა #3-ის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის ფაქტები, დარღვეულია შენახვის და აფთიაქის სანებართვო პირობები” – ამბობს ეთერ ჟორდანია.

მისივე თქმით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, მეწარმეს 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი წლის განმავლობაში პერმანენტულად მიმდინარეობს.

რიგგარეშე სხდომა არ შედგა – რეგისტრაცია ხუთმა დეპუტატმა გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 8 აპრილს რიგგარეშე სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ შედგა. დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი უსკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების [დავით კვაჭაძე, მამუკა ჯაში] ფარული კენჭისყრა უნდა გამართულიყო.

სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 21-დან მხოლოდ ხუთმა წევრმა: ავთანდილ ბერიძემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, სვეტლანა კუდბამ, აკაკი ძნელაძემ და ანზორ თხილაიშვილმა.

ის, რომ კვორუმის არარსებობის გამო რიგგარეშე სხდომა არ შედგებოდა, ფაქტობრივად, წინასწარ იყო ცნობილი.

უმაღლესი საჭოს წევრი მედეა ვასაძე ორშაბათს, 11 აპრილს, 11:30 – საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს ბრიფინგს – „პოლიტიკური ვითარება უმაღლეს საბჭოში უსკოს არჩევნებთან დაკავშირებით“.

უსკოს თავმჯდომარისა და წევრის ასარჩევად, აჭარის უმაღლეს საბჭოს ვადა 15 აპრილამდე აქვს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომდევნო რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხი ჯერ გარკვეული არ არის. პრესსამსახურისვე ინფორმაციით, გამორიცხული არაა 15 აპრილამდე პლენარული სხდომაც ჩატარდეს, თუმცა შევა თუ არა დღის წესრიგში უსკოს თავმჯდომარისა და წევრის არჩევის საკითხი, ამ ეტაპზე არც ეს არის ცნობილი.

მობილური ექსტენცია კახეთის რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.

IMG_9660მეცნიერ-თანამშრომლები შეხვდნენ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს და კონსულტაციები გაუწიეს მეფუტკრეობის, მეთევზეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით.

IMG_9608

შეხვედრების განმავლობაში  ფერმერებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

IMG_9687

აღნიშნული შეხვედრები სისტემატიურად გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციონისტი მეცნიერ-თანამშრომლები  კონსულტაციას გაუწევენ  ფერმერებს რეგიონებში არსებული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ.

IMG_9771

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

ბათუმში ველობილიკებს გადაღებავენ

მეორე დღეა ბათუმში ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.  ა(ა)იპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” ჯგუფმა გრიბოედოვის ქუჩაზე უკვე გადაღება ველობილიკი.

სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.

ბათუმში ველობილიკების ფართობი სულ 20 ათასი კვ.მეტრია. სამღებრო სამუშაოები იმ მონაკვეთებზე ჩატარდება, რომლებიც განახლებას საჭიროებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ველობილიკების შეღებვა ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

მშობლიური უცხო ენა

საქართველოს მოსახლეობის 1% იმ ლინგვისტურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელთა ენაც ნაციონალური ნიშნით არ არის განსხვავებული. ეს სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებული ადამიანები არიან, რომლებიც ერთიან ქართულ ჟესტურ ენაზე საუბრობენ. ენაზე, რომელსაც ინდივიდუალური გრამატიკული სისტემა აქვს და რომელიც სამეტყველო ენის პარალელურად, მუდმივად ვითარდება.

ქართული ჟესტური ენის პირველ ლექსიკონში, რომელიც ერთი წლის წინ გამოიცა,  4000 ჟესტია შესული. ამ ლექსიკონის ვიდეოფორმატით გამდიდრებული ვერსია ონლაინრეჟიმშიც არის ხელმისაწვდომი.

დახმარება - ჟესტურ ენაზე

ლექსიკონის ავტორის, ლინგვისტის, პროფესორ თამარ მახარობლიძის განმარტებით, ჟესტურ ენაში არსებობს არსებითი სახელებისა და ზმნების გამომხატველი ჟესტები: “ადამიანების, გეოგრაფიული თუ სხვა კერძო დასახელების, ასევე ახალი სიტყვების გამოსახატად კი ჟესტური ანუ დაქტილური ანბანი გამოიყენება. “საბჭოთა კავშირში იყო რუსულზე დაფუძნებული საერთო ანბანი და ერთიანი „საბჭოთა ჟესტური“ ენა, მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიწყო ჟესტურ ენათა რეინტეგრაციის პროცესი, ბუნებრივია, ქართული ჟესტური ენისაც. სხვაობა რუსულსა და ქართულ ჟესტურ ენებს შორის თავიდანვე არსებობდა, თუმცა საფუძველში ბევრი საერთო აქვთ. ეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი არ ხარჯავდა რესურსს იმისთვის, რომ საბჭოთა რესპუბლიკათაგან რომელიმე ცალკეულ ქვეყანაში განევითარებინა ეს დარგი”.

დაქტილური, იგივე თითების ანბანი, ზეპირმეტყველებაში გამოსაყენებელი ანბანია, ის არ არის დამწერლობა, მაგრამ ყველა ცდილობს ჟესტური ანბანი მათივე ენის დამწერლობას ჰგავდეს. დღეს მსოფლიოში 40-მდე დაქტილური ანბანი არსებობს.რაც შეეხება ქართულ დაქტილურ ანბანს, რომელიც დღესაც გამოიყენება, უმეტესწილად რუსული დაქტილური ანბანის გამეორებაა, განსხვავებულია მხოლოდ ქართულისთვის დამახასიათებელი, რამდენიმე განსხვავებული ასო [თ, ქ, ღ, ყ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ].

სმენის არმქონე თემთან მუშაობის შედეგად, თამარ მახარობლიძემ 2012 წელს ქართული დაქტილური ანბანიც შექმნა, რომელიც ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა თემში, რადგან რამდენიმე ასოსთან დაკავშირებით აზრები კვლავაც იყოფა ავტორს, “საქართველოს ყრუთა ასოციაცასა” და თემის წევრებს შორის.

პალინა ჯაღათაშვილი - ჟესტური ენის გაკვეთილი

პალინა ჯაღათაშვილს, რომელიც უკვე ორი წელია ჟესტური ქართული ენის პედაგოგია, ენა მშობლებმა ასწავლეს, რადგან სახლში სწორედ ამ ენაზე უწევდათ კომუნიკაცია. იგი ამბობს, რომ თემის ნაწილს უჭირს ასეთი სიახლეების მიღება, მაგრამ საერთო ჯამში ცვლილებებისთვის მაინც მზად არიან: “ძველი  თაობისთვის ადვილი არ არის ძველი ჟესტის დავიწყება და მათი ახლით ჩანაცვლება, მაგრამ აჭარაში, სადაც მე ვასწავლი, ყველას დიდი სურვილი აქვს ამ სიახლეების მიღების”.

თამარ მახარობლიძე ახლა ახალი ქართული დაქტილის ფონტზე მუშაობს, რაც  ქართველ, სმენის არ მქონე ადამიანებს ენის შესწავლის პირველ ეტაპს გაუმარტივებს – “მაგალითად, როცა სმენის არ მქონე ბავშვს ეუბნებიან, რომ ეს არის ასო “გ” და ახსნის დროს, თუ როგორ იწერება ის – უჩვენებენ სხვა დაქტილს – რუსულ “Г”-ს, რომელიც უხეშად რომ ავხსნათ პისტოლეტს გავს.  (ეს არ არის საჭირო, ვთქვათ, რომ სრულიად განსხვავებული გრაფემაა) განსხვავებული ვიზუალის დაქტილის  და გრაფემის შესწავლა პირველ ეტაპზე, ძალიან ართულებს სწავლის პროცესს. ახალ ქართულ დაქტილურ ანბანში, დაქტილემა და ქართული ანბანის  გრაფემული ფორმა ძირითად შემთხვევაში მოხაზულობით ერთნაირია” – აბობს თამარ მახარობლიძე.

ჟესტური ენის შესწავლა, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით ხელმისაწვდომია. ამ ცოდნის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ენის შესწავლა შესაძლებელია როგორც “საქართველოს ყრუთა კავშირის” ოფისებში [თბილისი, ფოთი, ბათუმი], ისე განათლების სამინისტროს საპილოტე პროგრამის ფარგლებშიც, რომელსაც “მასწავლებლის სახლი” ახორციელებს. “აქ ჟესტურ ენას უფასოდ ოთხი კატეგორიის ადამიანებს ასწავლიან: მშობლებს, პედაგოგებს, თარჯიმნებსა და თავად სმენის არმქონე ადამიანებს, რომელთაც არ უსწავლიათ ჟესტური ენა სკოლაში. ასეთი ძალიან ბევრია”, – ამბობს “ყრუთა კავშირის” ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე. თამარ მახარობლიძე ამბობს, რომ იგი ჟესტური ენის გაკვეთილებს “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც” ატარებს. გარდა ამისა, ჟესტური ენის მოკლევადიანი კურსი ტარდება ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებშც, სადაც ქართულ ჟესტურ ენას, სმენის მქონე ახალგაზრდები სწავლობენ. გაკვეთილი კვირაში ერთხელ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება.

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის - ჟესტური ენის გაკვეთილი ბსუ-ში

პალინა ჯაღათაშვილის თქმით, ბათუმში მცხოვრები სმენადაქვეითებული ან სმენის არმქონე ადამიანების უმეტესობა ჟესტების ენაზე საუბრობს, მაგრამ აჭარის რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიანეთში, სმენადაქვეითებულ მოსახლეობას, ეს ცოდნა არ აქვს. იგივე ხდება საქართველოს სხვა კუთხეებშიც: “ჟესტური ენის სწავლებასა და განვითარებას ყურადღება მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია მიექცა. ადრე არ იყო მხარდაჭერა არც საზოგადოებისა და არც ხელისუფლების მხრიდან”.

დღეს საქართველოს კანონმდებლობაში განსაზღვრულია, რომ ნებისმიერ სკოლაში, სადაც სწავლობს ასეთი საჭიროების მქონე მოსწავლე, უნდა იყოს ჟესტური ენის პედაგოგი და ჟესტური ენა სასწავლო პროცესში უნდა იქნეს გამოყენებული.

მაია მეტონიძის თქმით, ამ ეტაპზე განათლების სამინისტრომ მუშაობს გარკვეული სასწავლო პროგრამების ადაპტირებაზე ჟესტურ ენასთან. რამდენიმე პროფესიული კურსი ახლაც ხელმისაწვდომია ამ ადამიანებისთვის.

განათლების სამინისტროს ცნობით, 2013-2014 სასწავლო წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12 სმენის არმქონე მოზარდი ჩაირიცხა. ისინი პროფესიულ განათლებას ჟესტური ენის თარჯიმნების დახმარებით იღებენ.

თამარ მახარობლიძის თქმით, საქართველოში არ არსებობენ უმაღლესდამთავრებული სმენის არ მქონე ადამიანები, ამის მიზეზი კი ის არის, რომ გასულ წლებში ჟესტური ენის განვითარებასა და შესწავლას, არასათანადო ყურადღება ეთმობოდა. ქართველი სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ადამიანების განათლებისთვის ასევე აუცილებელია საერთაშორისო ჟესტური ენის ლექსიკონის შექმნა.

“ეს იგივეა, როგორც სამეტყველო ინგლისურია მიღებული დღეს. ქართველმა სმენის არმქონე ადამიანებმა უნდა ისწავლონ საერთაშორისო ჟესტური, რათა ფრანგ, გერმანელ თუ ამერიკელ სმენის არმქონე ადამიანებს დაელაპარაკონ, გაიგონ მათი გამოცდილება. მე ვფიქრობ  ამ ლექსიკონის შექმნას,  მაგრამ არ ვიცი, ვინ დააფინანსებს. ამ თემის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობოები რატომღაც უფრო სხვა პრობლემებზე არიან ფოკუსირებული, მეცნიერული მიდგომები არ აინტერესებთ და ეს ძალიან აზარალებს თემს”, – ამბობს თამარ მახარობლიძე.

იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები, სმენადაქვეითებული ან სმენის არმქონე ადამიანები, თავიანთი თანამემამულეებისთვის “უცხო ენაზე” საუბროენ, დიდ სირთულეებს აწყდებიან მომსახურების სფეოში. სმენის არმქონე ადამიანები უმეტესად ბაგეების მოძრაობით ამოიცნობენ რაზე ესაუბრებიან მათ, მაგრამ უკუკავშირი ვერ მყარდება. პალინა ჯაღათაშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა საბაზისო ჟესტური ენა იცოდნენ სულ მცირე იმ ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივ  სამსახურებში – პოლიციაში, საავადმყოფოში, აფთიაქში, ბანკში და სხვა. რათა სმენადაქვეითებულმა და სმენის არმქონე ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლონ მათთან კომუნიკაციის დამყარება და პრობლემების თავისით მოგვარება”.

მხოლოდ 6 დირექტორი ქალი ხულოს 49 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლას არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არ ჰყოლია. ღორჯომის თემის შორეულ სოფელში ეს სკოლა არსებობის საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. სკოლამ დღემდე არაერთი დირექტორი გამოიცვალა, თუმცა ყველა მათგანი მამაკაცი იყო და დღესაც წამყვან პოზიციას სკოლაში კაცი ინარჩუნებს.

ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. ქალი დირექტორი მათგან მხოლოდ 6 სკოლას ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში, ძირითადად, სტატისტიკურად ქალი პედაგოგები გაცილებით მეტნი არიან.

მეკეიძეების სკოლის გარდა საუკუნოვანი არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არც ოქრუაშვილების სკოლას ახსოვს. ოქრუაშვილების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზვიად სოლომონიძე 2012 წელს დაინიშნა. სკოლაში 25 პედაგოგი ასწავლის, აქედან 15 ქალია.

სკოლის დირექტორის პოზიციაზე რომ ხულოში ძირითადად კაცები მუშაობენ, ამას ზვიად სოლომონიძე რთული სამუშაოთი ხსნის და ამბობს, რომ დირექტორობა შრომატევადი საქმეა და ქალები დირექტორობის სურვილს ამიტომაც არ გამოთქვამენ.

„სკოლა 100 წელზე მეტი ხანია არსებობს. თავდაპირველად დაწყებითი სკოლა იყო, მერე საბაზოდ გადაკეთდა, ახლა კი 12-კლასიანი სკოლაა. რამდენადაც ვიცი, სკოლას ქალი დირექტორი არასდროს ჰყოლია, დღეს არამარტო ქალებს, კაცებსაც არ აქვთ დირექტორად მუშაობის სურვილი, სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება არ არის. შრომატევადია, 24 საათი სკოლასა და სკოლის პრობლემებზე უნდა იფიქრო და ქალები სურვილს არ გამოთქვამენ დაინიშნონ დირექტორებად. ვერ ვიტყვი, რომ ქალი დირექტორების ნაკლებობა ტრადიციებისა და სტერეოტიპების გამოა,“ – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად სოლომონიძე.

ამავე სკოლის პედაგოგი ნაილე აბაშიძე კაცი დირექტორების სიჭარბეს ასე ხსნის: „ქალს განსაკუთრებით ბევრი მუშაობა უწევს სოფელში, ვფიქრობ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქალებს არ გვსურს სკოლის დირექტორობა. ყანა, ბაღჩა, ოჯახი, ბავშვები… ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული, ქალები სამხედრო წესით ვცხოვრობთ აქ, სისხამ დილას ვდგებით, სახლის საქმეს ვაკეთებთ და მერე მივდივართ სკოლაში. გაკვეთილების შემდეგ ოჯახს ვუბრუნდებით და სამუშაო პროცესი საოჯახო საქმეში ინაცვლებს, დირექტორი კი სკოლაში საღამომდე უნდა იყოს. კაცი მაინც გარეთ გასულია, ალბათ ესაა მიზეზი,“ – ამბობს ნაილე, ოქრუაშვილების სკოლის მუსიკის მასწავლებელი.

სოფელ უჩხოს სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე ქალი პირველად 2005 წელს დაინიშნა – მერი თავართქილაძე ახლაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

„კაცი დირექტორების მრავალრიცხოვნობის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ სკოლები მუნიციპალური ცენტრიდან შორსაა და ზამთარში გადაადგილება ქალებისთვის პრობლემაა,“ – ამბობს მერი.

უჩხოს სკოლაში 26 პედაგოგი ასწავლის, აქედან კაცი მხოლოდ რვა მათგანია.

რესურსცენტრის ინფორმაციით, ხულოში სულ 989 პედაგოგია, აქედან 498 კაცი, 491 კი ქალი. ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე ხულოში დირექტორი კაცების სიმრავლეს ტრადიციით ხსნის.

„ზოგადად, ტრადიციულად ასე იყო, თუმცა ეს მარტივად ასახსნელი თემა არ არის, არის მოცემულობა და ასეა. თუ რატომ – დაკონკრეტებით ვერ გიპასუხებთ, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ქალები უფრო დაკავებული არიან სოფლებში, აქ არ არის ძიძის ინსტიტუტი, თუმცა არავინ უშლის ქალებს იყვნენ დირექტორები. ხშირად არ ჩნდება დირექტორების ვაკანსია, ალბათ, ესეც არის მიზეზი. გამოცდები საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქალს გახდეს სკოლის დირექტორი.“

grafika.indd

ხულოსგან განსხვავებით გენდერული ბალანსის თვალსაზრისით ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა შუახევის სკოლებში. 44 საჯარო სკოლიდან შუახევში სკოლის დირექტორის პოზიციაზე 11 ქალი მუშაობს. 2015 წლის მონაცემებით, შუახევში 845 პედაგოგი ასწავლის, აქედან 485 ქალია.

გენდერული ბალანსი აჭარის მაღალმთიანეთში საჯარო სკოლებში დირექტორის პოზიციაზე მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტშია მეტ-ნაკლებად დაცული. აქ არსებული 29 საჯარო სკოლიდან 14 სკოლაში ქალი დირექტორია, თუმცა სკოლებში ქალი პედაგოგების რაოდენობა გაცლებით მეტია. რესურსცენტრის მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 182 კაცი და 488 ქალი პედაგოგი ასწავლის.

შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ამბობს, რომ წამყვან პოზიციაზე მამაკაცების დანიშვნა სკოლებში ტრადიციებით იყო განპირობებული. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია დირექტორის პოზიციაზე გენდერული „ბალანსის დაცვის მცდელობა არის“.

ედუარდ გოგრაჭაძე: „თუ გადავხედავთ გასული წლების მონაცემებს, ათეულობით წლის წინ რა მდგომარეობა იყო გენდერული კუთხით სკოლებში, ვნახავთ, რომ მაშინ სკოლებში აბსოლუტურად სჭარბობდა როგორც კაცი პედაგოგების, ასევე კაცი დირექტორების რიცხვი. თუმცა დროთა განმავლობაში ეს დაბალანსდა, დიდი სხვაობა დღეს თითქმის აღარ გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგებს, დღეს ქალი პედაგოგის რაოდენობა სჭარბობს, ბოლო დროს ბევრი ქალი დაინიშნა დირექტორის თანამდებობაზე, ორი წელია ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში მარტო ოთხი ქალი დაინიშნა დირექტორად. ამ ეტაპზე დირექტორის პოზიციაზე ქალები უფრო მოდიან, ვიდრე მამაკაცები, კაცები სკოლით არ ინტერესდებიან, ან ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ.“

დღეს უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშლება

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა უნდა დაიწყოს. სხდომაზე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ. დადასტურებული ინფორმაციით, სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ორი წევრი. ამ ფორმით ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის მეორედ წარდგენას აპროტესტებენ. დეპუტატები არც უსკოს წევრად უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილის – მამუკა ჯაშის შესაძლო არჩევას ეთანხმებიან.

სხდომას არც ახალი ფრაქციის თავმჯდომარე ასმათ დიასამიძე და მისი ფრაქციის წევრი მურმან ბერიძე დაესწრებიან. სულ ახლახანს გახდა ცნობილი “ბათუმელებისთვის”, რომ სხდომას არც მედეა ვასაძე დაესწრება.

თუ მედეა ვასაძე სხდომას არ დაესწრება, სხდომა ჩაიშლება, რადგან „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ცხრა დეპუტატითაა წარმოდგენილი, რაც ქვორუმისთვის საკმარისი არ არის.

და ბოლოს, “ბათუმელების” ინფორმაციით, სხდომაზე დასწრებას აპირებს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთი წევრი – ჯემალ ფუტკარაძე.

 

აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 9 აპრილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს.

დოკუმენტები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა გამოითხოვა. დოკუმენტები წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ინახებოდა აშშ-ის სახელმწიფო არქივებში.

IDFI-ის ცნობით, დოკუმენტები, ეხება არა მარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. “ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნდება შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტები საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ” – აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში.

დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს:

დოკუმენტი 1. 1989 წლის 6 აპრილი – „პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით
დოკუმენტი 2. 1989 წლის 7 აპრილი – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია; თბილისში დემონსტრაციები გრძელდება”
დოკუმენტი 3. 1989 წლის 8 აპრილი – „საქართველოს რესპუბლიკაში ეთნიკური კონფლიქტი იწყება“

ასევე, 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი თანმხლები მოვლენების ანალიზი:

დოკუმენტი 4. 1989 წლის 10 აპრილი – „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“
დოკუმენტი 5. 1989 წლის 11 აპრილი – „საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია“
დოკუმენტი 6. 1989 წლის 12 აპრილი – „საქართველოში დაძაბული სიმშვიდეა“
დოკუმენტი 7. 1989 წლის 15 აპრილი – „საქართველოს კომპარტიის ახალი მდივანი“

დოკუმენტი 8. 1989 წლის 26 აპრილი – „პროტესტის კონტროლისთვის თბილისში მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს“
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან, რომელშიც ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენებაა, გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი (დოკუმენტი 9. 1989 წლის 27 მაისი – “საუბარი ქართველ დისიდენტთან“). საუბრის ჩანაწერის მიხედვით, გამსახურდიამ ღიად გააკრიტიკა იმ დროინდელი საბჭოთა მთავრობა, მათ შორის პრეზიდენტი გორბაჩოვი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, და ორივე მათგანი მოიხსენია, როგორც საქართველოს მტრები.

დოკუმენტის მიხედვით – “გამსახურდია ირწმუნებოდა, რომ მთელი თბილისი მოწამლული იყო ქიმიური ნივთიერებით, რომელიც 9 აპრილის აქციის დასაშლელად გამოიყენეს. მისი თქმით, ეს საკითხები საქართველოს სამედიცინო საგამოძიებო კომისიისა და გაეროს ყურადღების ქვეშ მოექცა.

9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამსახურდია ამბობდა, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხედროების მიერ ხალხის დიდი მასის სამხედრო ნიჩბებით დარბევის დროს. 450-ზე მეტი ჰოსპიტალიზებულ იქნა, მათგან 200 კი 27 მაისსაც საავადმყოფოში იმყოფებოდა გაზით მოწამლვისა და სამხედრო ნიჩბებით მიყენებული ზიანისა და ჭრილობების გამო. გამსახურდიას თქმით, ცნობილი 21 მსხვერპლის გარდა იგი ვერ დაასახელებდა სხვების ვინაობას, რადგან ხელისუფლებამ დააშინა მსხვერპლთა მშობლები, რათა ამ გზით დაეფარა სამხედრო დანაშაულის მასშტაბები” – წერია IDFI-ის ანგარიშში.

 

IDFI-ის ცნობით დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს.

9 აპრილის ტრაგედიაზე აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტების უკეთ გასაცნობად გადადით ბმულზე.

 

ვინ რამდენი პრემია მიიღო საახალწლოდ ბათუმის საკრებულოში

წინასაახალწლოდ გაცემული პრემიები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განხილვის საგანი რამდენჯერმე გახდა. ამაზე საუბარი საკრებულოს წევრმა გიორგი კაკაბაძემ დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა მას დაახლოებით ასე უპასუხა: ვწუხვარ მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოს რიგით წევრზე პრემია არ გაიცემა. კაკაბაძის განმარტებით კი, მისი კრიტიკა „ზედმეტად მაღალი პრემიების მიღებას უკავშირდებოდა.“

„ბათუმელებმა“ 2015 წლის დეკემბერში, ანუ საახალწლოდ გაცემულ პრემიებზე ინფორმაცია გამოითხოვა. დოკუმენტის მიხედვით, ერთ თვეში საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებზე, პრემიის სახით, 59 400 ლარია გაცემული, ხოლო კვარტალური პრემიის სახით – 20 370 ლარი. შესაბამისად, 25-წევრიან ბათუმის საკრებულოში პრემია შეხვდა თანამდებობის 12 პირს და აპარატის 37 თანამშრომელს (პრემია არ შეხვდა საკრებულოს 13 რიგით წევრს).

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დეკემბერში საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიის სახით 2750 ლარი მიიღო. მოადგილეებს კი, თითოეულს, პრემიის სახით 2350 ლარი დაერიცხათ. 2000-ლარიანი პრემია მიიღეს საახალწლოდ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებმა.

„შეეგუეთ რეალობას“ – ბიზნესმენი სუს-ის თანამშრომლისგან ზეწოლაზე

ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. ბიზნესმენის პრობლემით არც ერთი უწყების პირველი პირი არ დაინტერესებულა. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ კომპანიაში, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ერთი წლის წინ 60-მილიონიანი „ანბანის კოშკი“, 20 წლის ვადით, 1 ლარად გადასცა.

თემელ ლომაძეს 2016 წლის 9 იანვარს ტელეფონზე მისთვის უცნობმა პირმა დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა. „მითხრეს, რომ ჩემს სახლთან არიან და მათთან გასვლა მთხოვეს. ერთი მათგანი ეგრევე ვიცანი – ბუბა [ემზარ] ბოლქვაძე იყო, აჭარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხულო-ქედა-შუახევის კურატორი. ზარის ავტორმა კი თავი წარმომიდგინა, როგორც შპს `რეალ მშენის~ დირექტორი ზაურ გოგიტიძე“, – ამბობს თემელ ლომაძე.

ლომაძის თქმით, გოგიტიძემ მას აუხსნა, რომ თავი უნდა დაანებოს ბათუმში, ზუბალაშვილის #39-ში 9-სართულიანი სახლის აშენების პროექტს, რადგან მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურთ ამ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს. „ამხანაგობამ უკვე ჩვენთან გააფორმა ხელშეკრულება, მას თქვენთან აღარ სურს ურთიერთობა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე და კეთილი ინებეთ და შეეგუეთ რეალობას, რომ ამხანაგობის წევრებს არ უნდათ თქვენთან ურთიერთობა – ამიხსნა ზაურ გოგიტიძემ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემელ ლომაძემ.

თემელ ლომაძე ამბობს, რომ თუ მოინდომებენ სამართალდამცავები ამ შეხვედრის ნამდვილობას დაადასტურებენ, რადგან შეხვედრა შედგა მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, სადაც რამდენიმე ორგანიზაციას ვიდეოთვალი აქვს განთავსებული.

თემელ ლომაძე
თემელ ლომაძე
„მე მათ ვუთხარი, რომ არ მიმიღია ამხანაგობისგან ხელშეკრულების შეჩერების დოკუმენტი, ამდენად თქვენი განცხადება ჩემთვის გაუგებარია-მეთქი. ბუბა [ემზარ] ბოლქვაძემ ამის შემდეგ გააგრძელა ჩემი დარწმუნება, რომ მშვიდობიანად გავიდე საქმიდან. მე მათთან დავაფიქსირე, რომ მანამ ვიბრძოლებ, სანამ სტრასბურგში არ წავაგებ. ამას არ ელოდნენ, იფიქრეს, რომ მოვიდა კომიტეტის თანამშრომელი, რაღაც სიმაღლე და ამით შეიძლება შემაშინონ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემელ ლომაძემ.
როგორც ლომაძე ამბობს, მან ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ინერვიულა, რადგან შეურაცხყოფილი დარჩა. „მითხრეს, რომ მე სამი წელია ვერ მოვიპოვე მშენებლობის ნებართვა, მათ კი მალე ექნებათ ეს ნებართვა“.

მართლაც, თემელ ლომაძემ 12 იანვარს მიიღო წერილი ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრები ოჯახების – „ამხანაგობა 13“-სგან, რომელშიც წერია:

„გაცნობებთ, რომ „ამხანაგობა 13“-ის და მისი თითოეული წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შპს `ნიუ ჰაუსთან~ ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. შესაბამისად, შპს „ნიუ ჰაუსი“ არ წარმოადგენს „ამხანაგობა 13“-ის და მისი წევრების ნების გამტარებელს, რისთვისაც გთხოვთ შეწყვიტოთ „ამხანაგობა 13“-ის თუ მისი წევრების სახელით მოქმედება და მათ ქონებაზე სხვადასხვა დაწესებულებაში განცხადების შეტანა“.

წერილში ამხანაგობის წევრები გამოხატავენ უკმაყოფილებას დაწყებული საქმის ბოლომდე მიუყვანლობის გამო. ზუბალაშვილის #39-ის მცხოვრებლებსა და შპს „ნიუ ჰაუს“ შორის ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმებულა.

იმავე შინაარსის განცხადება 12 იანვარს „ამხანაგობა 13“-მა შეიტანა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
თემელ ლომაძის ინფორმაციით, მის პროექტზე სააგენტოში ბოლოს 2015 წლის 11 დეკემბერს იმსჯელეს, მაგრამ განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როცა თემელ ლომაძეს გადაწყვეტილება საბჭოს სხდომიდან ერთ კვირაში ბარდებოდა, გადაწყვეტილება თვენახევრის დაგვიანებით – 25 იანვარს ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილებაში კი ეწერა ის, რის შესახებაც, წესით, 11 დეკემბერს ვერ ეცოდინებოდა სააგენტოს დირექტორს, მირანდა ჩარკვიანს. „სააგენტომ უარი 25 იანვარს იმ მოტივით მითხრა, რომ ამხანაგობამ თქვენთან გაწყვიტა ხელშეკრულებაო. ეს ნიშნავს, რომ იმათ უკვე ერთად ჰქონდათ ნამუშევარი იმაზე, რომ ჩემთვის უარი ეთქვათ“, – ამბობს თემელ ლომაძე.

„ბათუმელებთან“ ზაურ გოგიტიძემ დაადასტურა მისი და თემელ ლომაძის შეხვედრა. მან „ბათუმელებს“ უთხრა: „შევხვდი პირადად და ვესაუბრე. მითხრა, რომ სასამართლო დავა მაქვსო. კარგი მაშინ-მეთქი და მას შემდეგ არაფერი მომიკითხია მაგ საქმეზე. ემზარ ბოლქვაძე მაგ დროს ჩემთან ერთად არ ყოფილა. ისე, ჩემი მეგობარია და სულ ერთად დავდივართ, მაგრამ მაგ თემაზე საუბრის დროს არ ყოფილა. ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის არ მიმიმართავს, რომ მითხრა ამ ადამიანმა ვდავობო, თავი დავანებე“.

ზაურ გოგიტიძის თქმით, მას, უშუალოდ, ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრებლებმა მიმართეს: „მოსახლეობამ მითხრა, ინვესტორს ვეძებთო. ამხანაგობის თავმჯდომარემ მითხრა, რომ 7 წლის წინ, 2010 წელში, უნდა აეშენებინა ვიღაცას და ვერ ააშენაო. ეს ადამიანი შეიძლება აგრძელებს კიდევ-მეთქი. არაო, იმასთან წერილობით ყველანაირად კავშირი გაწყვეტილი გვაქვსო – ასე ამიხსნეს – და რა აზრი აქვს შენ ნახავ თუ არაო. მე ვუთხარი, მაინც ვნახავ, ბათუმი პატარაა-მეთქი. დავადგინე ნომერი და შევხვდი. ამ პიროვნებამ [თემელ ლომაძემ] მითხრა, რომ ამხანაგობამ შეუწყვიტა ხელშეკრულება და დავა აქვს, რომ ნებართვა არ მისცეს. მე ვუთხარი, რომ თუ თქვენ აღარ აგრძელებთ, რამე თუ ხარჯი გაქვთ გაწეული, აგინაზღაურებთ მე თვითონ-მეთქი. უარი მითხრა… ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის არც მიმიმართია. არ ვაპირებ მაქ მშენებლობას“.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა შპს „რეალ მშენის“ დაკვეთით არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე ზუბალაშვილის #39-ის პროექტზე, ზაურ გოგიტიძემ თქვა: „დეკემბერში იყო მოსახლეობასთან საუბარი და ბურჭულაძე იქამდე მუშაობდა პროექტზე, მერე აღმოვაჩინე ეს ადამიანი [თემელ ლომაძე]. ბურჭულაძე ესკიზს ამზადებდა, ოღონდ ეს იყო დეკემბერში. ბურჭულაძეს ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა“.

სხვა ინფორმაცია აქვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს. ის ამბობს, რომ ზუბალაშვილის #39-ის პროექტზე მუშაობის შესახებ საბჭოს წევრმა ზვიად ბურჭულაძემ არა გასული წლის დეკემბერში, არამედ ახლახან განაცხადა საბჭოში.

`ბათუმელებს~ ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრებლებმა ასევე გასულ კვირას დაუდასტურეს, რომ კომპანიას დეტალებზე ესაუბრებიან, თუმცა, უარი თქვეს კომპანიის დასახელებაზე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ მოიკვლია ირაკლი ერისთავმა მისი თანამშრომლის ბიზნესში სავარაუდო ჩარევის შესახებ ინფორმაცია, სუს-ის პრესცენტრში მხოლოდ ეს განმარტეს: „თუ აღნიშნულმა პიროვნებამ შემოიტანა წერილი, გენერალური ინსპექცია აუცილებლად მოიკვლევს ფაქტს, რათა დადგინდეს, რის საფუძველზე აცხადებს აღნიშნული პიროვნება იმას, რასაც აცხადებს“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და სუს-ს თემელ ლომაძემ 30 მარტს მიმართა წერილობით.

მშენებლობა, რომლის წამოწყებასაც თემელ ლომაძე სამი წლის წინ გეგმავდა და ახლახან ჩამოაშორეს საქმეს, თავიდანვე სკანდალური იყო. სწორედ მაშინ დაგეგმა თემელ ლომაძემ ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის #39-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კორპუსის დაშენება. ბიზნესმენს სამი წლის წინ მშენებლობის უფლება მისცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, თუმცა, ნებართვის გაცემისთანავე დაიწყო საზოგადოების მკვეთრი პროტესტი და სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა სასამართლომ ორ კვირაში გააუქმა.

მას შემდეგ სააგენტოში არც თუ ისე ცოტა რამ შეიცვალა, დირექტორის ჩათვლით, მაგრამ ბიზნესმენის თქმით, სააგენტოს მოქმედი დირექტორი, მირანდა ჩარკვიანი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ძეგლზე მშენებლობის უფლებას აუცილებლად მისცემდა, უბრალოდ, „პროექტი უნდა მოეყვანა შესაბამისობაში“. თემელ ლომაძე ამბობს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობის რეკომენდაციების გათვალისწინებით სამი წლის განმავლობაში სააგენტოს ოთხი სხვადასხვა პროექტი წარუდგინა.

„ერთი პროექტი იყო 6500 კვადრატული მეტრი, კვადრატულ მეტრში 7 დოლარს ვიხდიდი. იმის გამო, რომ ოთხჯერ გავაკეთე პროექტი სააგენტოს მოთხოვნით, ჯამურად, სადღაც 25 ათასი კვადრატული მეტრი გამოვიდა, რომელსაც თუ გავამრავლებთ 7 დოლარზე, სოლიდური თანხა გამოდის. გარდა ამისა, ცალკე გავაკეთე რესტავრაციის პროექტი, არქიტექტორები თბილისიდან მოვიწვიე, ასევე მქონდა ოფისის ხარჯებიც. ამას დაუმატეთ ჩემი, როგორც ბიზნესმენის რეპუტაციაც“, – ამბობს თემელ ლომაძე „ბათუმელებთან“.

ბიზნესმენის თქმით, მას ეს თანხა ჯერ არ გადაუხდია, მაგრამ დაახლოებით 200 ათასი დოლარის გადახდაზე აქვს სხვადასხვა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. ის ამბობს, რომ, ჯერჯერობით, დაელოდება პასუხს არჩილ ხაბაძისგან და ასევე სუს-ის ხელმძღვანელობისგან და თუ ამ შემთხვევაშიც ვერაფერს გახდება, სასამართლოს მიმართავს კომპენსაციის მოთხოვნით.
რაც შეეხება „რეალ მშენს“ – ზაურ გოგიტიძე ამ კომპანიაში მხოლოდ დირექტორია. კომპანიას სამი მეწილე ჰყავს: თენგიზ გოგოლაძე (50%), ზურაბ ნასყიდაშვილი (25%) და იმედა მუმლაძე (25%). ამ სამი პირიდან ერთ-ერთი – ზურაბ ნასყიდაშვილი არის 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 33 პროცენტის მფლობელი, ხოლო დანარჩენ 67 პროცენტს ფლობს ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკა. სელმანკა ფლობს ასევე ესპანურ კომპანიაა – „Boost Spain S.I.“-ს.

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – „ანბანის კოშკი~ და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „Boost Spain S.I.“-ს 20 წლის ვადით 2015 წლის ივლისში გადასცა. 1 ლარად მიღებული ქონების მფლობელს გასართობი ობიექტები წლის ბოლომდე უნდა გაეხსნა. ინვესტორმა პირობა ვერ შეასრულა.

რაც შეეხება ზუბალაშვილის #39-ში არსებულ შენობას, აქ მცხოვრებნი მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მისი თავდაპირველი სახით შესანარჩუნებლად კულტურული მემკვიდრეობის დამცველები სამი წელია იბრძვიან.

ზუბალაშვილის #39
ზუბალაშვილის #39

აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

9 აპრილიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები იწყება.

პირველი აქცია ხვალ, 9 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში ჩატარდება. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობა ადგილზე მიიღებს ოფთალმოლოგის, ქირურგის, უროლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, პედიატრის, გინეკოლოგის და კარდიოლოგის მომსახურებას. აქცია 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

მორიგ სამედიცინო აქციას 16 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში, შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 23 სამედიცინო ბრიგადის გასვლა.

კომიქსის პროექტი სოციალური ცვლილებებისთვის საქართველოში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო კომიქსის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანს, რომელიც აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ნიჭიერი მხატვრებისა და მწერლების ჯგუფის ჩამოყალიბება  წარმოადგენს, რომელიც შექმნის კომიქსს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე.

პროექტში მონაწილეობისათვის, ორგანიზატორები იწვევენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ხატვა/წერა და სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ან/და მიიღონ გამოცდილება კომიქსების შექმნაში. კომიქსისათვის მწერლისა და მხატვრის პოზიცია ანაზღაურებადია და პრეტენდენტები შეირჩევიან სპეციალური სააპლიკაციო ფორმით, რომელიც მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ 15 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის მისამრთზე: geocomicbook@gmail.com.

მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ტრენინგებს, მაისსა და ივნისში, რომლებსაც ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩაატარებენ მხატვარი დეივიდ მეკი, მწერალი ვან ჯენსენი და ქართული კომიქსის „ამირანი“ შემქმნელი ნიკოლოზ ხომასურიძე.

 

მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს.

„მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. ამიტომ, აჯობებს რამდენიმე საათი ბავშვები არ გაიყვანონ პარკში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე.

მისივე თქმით, ბათუმში შხამქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. 6 მაისის პარკში ხე-მცენარეების შეწამვლა 8 აპრილს დილის 9 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე მცენარეების შეწამვლის პროცესი ბათუმში ამით დასრულდება.

ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ხე-მცენარეებს  წელიწადში ოთხჯერ წამლავენ.

6 მაისის პარკი ბათუმში
6 მაისის პარკი ბათუმში

20 წლის ბაჩო ცხომელიძის გადასარჩენად ბსუ-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

8 აპრილს, 15 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის, ბაჩო ცხომელიძის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

20 წლის ბაჩო ცხომელიძეს ლიმფური ჯირკვლის სიმსივნე აქვს. იგი ამ ეტაპზე თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მკურნალობს.

ბსუ-ს სტუდენტები საქველმოქმედო კონცერტის ბილეთებს ყიდიან
ბსუ-ს სტუდენტები საქველმოქმედო კონცერტის ბილეთებს ყიდიან

„ბაჩო ჩვენი კურსელია, აპარატზე იყო შეერთებული, ახლახან  მოვიდა გონს, მაგრამ ოპერაციისთვის 30 000 დოლარი ესაჭიროება. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია, ვატარებთ საქველმოქმედო კონცერტს, რომელზე დასასწრებ ბილეთებსაც 5 და 10 ლარად ვყიდით“, – ამბობს ბსუ-ს მენეჯმენტის მეორე კურსის სტუდენტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან გორგილაძე. მისი თქმით კონცერტის ორგანიზებაში ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ეხმარება.

ლევან გორგილაძის თქმით, სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებასა და ბათუმის მერიისათვის დახმარების თხოვნით მიმართვას აპირებენ.

საქველმოქმედო კონცერტზე იმღერებენ და იცეკვებენ ბათუმელი მომღერლები და უნივერისტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.

ბილეთების შეძენა მსურველებს უნივერისტეტის ეზოში შეუძლიათ. კონცერტი ბსუ-ს სააქტო დარბაზში ჩატარდება.

ბაჩო ცხომელიძის დასახმარებლად შექმნილია შემდეგი საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკი [BANK OF GEORGIA]:

GE36BG00000000722160700

ბანკი რესპუბლიკა [BANK REPUBLIC]:

GE49BR00 0001 0151 5880 81

 

დისკუსია ღია მმართველობის თემაზე

ხვალ, 8 აპრილს, 16 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ ჩაატარებს საჯარო კონსულტაციებს  ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“  განცხადებით, შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს,“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო, მსოფლიოს 69 სახელმწიფოსთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია. ინიციატივის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადგენენ ორწლიან სამოქმედო გეგმას, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით.

„საქართველომ დაასრულა მე-2 სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია 2015 წლის ბოლოს და ამჟამად მუშაობს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2016 წლის ივნისში დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით და გაიგზავნება ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოში, ვინაიდან პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია: ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საჯარო კონსულტაციების სამუშაო ჯგუფი შედგება სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

პარტნიორული პროექტი საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებს შორის

7 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა პროექტს „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“. პროექტი წარმოადგენს შვიდ  უნივერსიტეტს  (საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის) შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მდგრადი ტურიზმის სწავლების მიმართულებით.

თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის  სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის  ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და მდგრადი ტურიზმის  სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას.

პროექტი ოთხწლიანია და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ბათუმის საზღვაო აკადემია და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტი აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ  ნორვეგიის უნივერსიტეტში (USN)  გაემგზავრება.

„მორალისტობა მორწმუნის იმიჯით ამორალურია“

ყველაზე აგრესიული და გამაოგნებელი კომენტარი, რომელიც ფეისბუქში დაწერეს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის 15 წლის შვილის მისამართით იყო – „ნეტა მოკვდეს“. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. „ღირსია შორენა“, „დაჯექი ახლა შორენა, ისწორე ძუძუები და ილაპარაკე სექსზე“, – ეს კომენტარებიც სოციალურ ქსელში დაიწერა. ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი შვილები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარან განკიცხვის მსხვერპლნი. რა განაპირობებს მათ მიმართ ასეთ სიძულვილს? – თემაზე „ბათუმელები“ ქალთა ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში, ნანა ფანცულაიას ესაუბრა.

ქალბატონო ნანა, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სიძულვილი ასეთი ძლიერი იმ ადამიანების ან მათი შვილების მიმართ, ვისთანაც მხოლოდ ვირტუალური შეხება გვაქვს და რეალურად ნაკლებად ვიცნობთ მათი ცხოვრების დეტალებს? 

ცნობილი ადამიანების შვილების კრიტიკით, რეალურად დარტყმები მათ მშობლებზე, კონკრეტულად კი დედებზე მოდის. სამიზნე, ძირითადად, ქალია, ან შვილი, გოგონა. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი აღიქმება როგორც სიამოვნების ან დაკვირვების ობიექტი და არა როგორც პიროვნება, ინდივიდი. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი არ არის თანასწორუფლებიანი და მიიჩნევენ, რომ ქალის წარმატებას მისი გარეგნული სილამაზე, სხეულის ფორმები განაპირობებს. როცა ქალები ასეთ კონკურენციის პირობებში არიან ჩაყენებული, ისინი ვერ იქნებიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.

წარმატებულ ქალს, რომელიც ხმამაღლა ამბობს, რომ შეყვარებულია, ან აქვს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, მაშინვე თავს ესხმიან, ანუ ამას ვერ პატიობენ მათ და ეს აგრესია გადადის შვილებზეც?

როგორ უნდა „აპატიოს“, როცა ამის უფლება ჩვენს საზოგადოებაში აქვს მხოლოდ კაცს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ქალის დაშანტაჟება შეყვარებულით უფრო ადვილია, ვიდრე კაცის. ის ფარული ჩანაწერებიც სწორედ ამ მოტივით გავრცელდა სწორედ ქალებზე და არა კაცებზე. ქალის სექსუალობა ამ ქვეყანაში გაკონტროლებულია. აბსურდამდეც კი მივდივართ, რადგან, ერთი მხრივ, ხაზს ვუსვამთ ქალის სექსუალობას, მეორე მხრივ, კი ვცდილობთ მისი სექსუალობა ვაკონტროლოთ. ჩვენი კულტურა არ უშვებს ქალის სექსუალურ თავისუფლებას თავისი სურვილის მიღმა. იმას, რაც დასაშვებია კაცისთვის, არ უშვებს ქალისთვის. ამიტომ, ძლიერი და პროფესიონალი ქალიც ხდება თვალთვალისა და კონტროლის ობიექტი.

თქვენ თქვით, რომ ქალს არ პატიობენ წარმატებას და თავისუფლებას. მხოლოდ ქალის მიმართ არის აგრესია თუ, ზოგადად, წარმატებული ადამიანების მიმართ?

ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება უფრო აგრესიული იყო პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვს, ან წინა პრეზიდენტის მიმართ, რომლის სექსუალურ ისტორიებზეც ხშირად საუბრობდა საზოგადოება, ვიდრე წარმატებული ქალების მიმართ. პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიძლება თქვეს, რომ არ არის კარგი, როცა პრეზიდენტი თავის სექსუალურ ცხოვრებაზე საუბრობს, თუმცა საზოგადოება გაცილებით ტოლერანტულია კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ, ვიდრე ქალის. ქალი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს განცხადება იქნებოდა ბევრად უფრო დიდი სკანდალი. „ეს კიდევ პოლიტიკაშია?“ – მსგავსი კითხვა არასოდეს გაჩნდებოდა კაცის მიმართ, თუკი მისი პირადი ცხოვრების დეტალები გასაჯაროვდებოდა, როგორც ეს მოხდა ქალი პოლიტიკოსის შემთხვევაში.

ქალი პოლიტიკოსების მიმართ ფარული კადრების გავრცელება ხომ არ უკავშირდება ქალთა მოძრაობას – „მეტი ქალი პოლიტიკაში?“

პოლიტიკაში ყოფნა ძალაუფლების ქონას ნიშნავს, რომელიც საქართველოში, ძირითადად, კაცების ხელშია. როცა ბევრი აქტიური ქალია პოლიტიკაში, შინაგანად ეს არის ძალაუფლების დათმობის, ძალაუფლების გადაცემის საფრთხე კაცებისთვის. ჩვენი საზოგადოება კი მიჩვეულია ქალის ჩაგვრას, ამიტომ არ უნდათ მეტი ქალი პოლიტიკაში. ამიტომ ხდება წარმატებული და პროფესიონალი ქალების დისკრედიტაცია. კაცს არასოდეს ეტყვის კაცი სარკასტულად – „მოგესალმებით შეყვარებულო“ ესა და ესაო. როცა კაცის დისკრედიტაცია უნდათ სექსუალურ ნაწილში, იქ, ძირითადად, საუბარია ხოლმე მის სექსუალურ ორიენტაციაზე და არა იმაზე, რომ მას საყვარელი ჰყავს, ან ვინმეზე შეყვარებულია.

„შორენას მოეკითხა ცოდვების გამო“ – იყო ასეთი კომენტარიც ფეისბუქში, როცა მას შვილი ჰყავდა ცუდად. რა კატეგორიის ხალხია ე.წ. მორალური პოლიცია ფეისბუქში, რომლებიც ადამიანებს კიცხავენ „გარყვნილი“ ცხოვრების გამო?

ეს პოსტსაბჭოური მოვლენაა, რომელიც იყო ე.წ. ყალბი მორალის მქადაგებელი და ამისგან ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა. მათ ჰგონიათ, რომ ვიღაცის პირად ცხოვრებაზე რაღაც ეთქმით. მორალისტობა მორწმუნის იმიჯით უფრო ამორალური მგონია. ლანძღო ადამიანები, მათი შვილები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს მათი ცხოვრების წესი, უბრალოდ, სიბნელეა. მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ ღმერთი ვის მოკითხავს ცოდვებს, ეს მისი საქმე არ არის. ერთი მოსამართლე ამბობდა: „ჩვენ წმინდა წერილით ვხელმძღვანელობთო“. თუ მართლა ხელმძღვანელობ, მაშინ მორალისტი ვერ იქნები, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება ამბობს – „არ განიკითხო“. დემოკრატიული კატეგორიებითა და კონსტიტუციით თუ მელაპარაკები, მაშინ მით უფრო არ გაქვს უფლება, სხვისი თავისუფლება შეზღუდო.

სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დაწერა ფეისბუქსისასტიკეზე. ის ფიქრობს, რომ ამ სიძულვილით ადამიანები ვერ გასცდნენ ინსტინქტს, – „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. ბავშვების მიმართ სიძულვილიც ინსტინქტია, თუ კიდევ სხვა რამ?

მე უფრო სოციალური მოვლენა მგონია, რომელიც მყარად არის კონსტრუირებული. ადამიანებმა მორალისტური ფრაზების მიღმა, რაღაც მეტი უნდა იცოდნენ. მაგრამ დღესაც, საზოგადოების დიდი ნაწილი – „რას იტყვის ხალხით“ ცხოვრობს. როცა ადამიანის პირადი ცხოვრება კონტროლდება, ის შემდეგ სხვისი ცხოვრების კონტროლს იწყებს. შინაგანი თავისუფლების დეფიციტია ქვეყანაში. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, განათლება და საკუთარ თავზე ბევრი ფიქრი გვჭირდება. თუ ვიქნებით თვითკრიტიკულები, ნაკლებად სარკასტულები ვიქნებით სხვების მიმართ.

 

“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე

8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

„პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც დიდ სირთულეს წარმოადგენს მათთვის. უფრო ზუსტად, პიესა ვნებებზეა – იმაზე, თუ რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან, ეჯახებიან ისეთ შეგრძნებებს, რომელთა კონტროლიც მათ არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ პიესა 90-იან წლებშია დაწერილი, იგი დღესაც თანამედროვე და აქტუალურია,“ – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე.

პიესის ოთხი მოქმედი გმირის როლს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები: დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, მერი ნაკაშიძე და მარინა ბურდული ასრულებენ. პატრიკ მარბერის პიესა ქართულ სცენაზე პირველად დაიდგმება.

ბათუმში დრამატული თეატრის „ახალი სცენა“ დაახლოებით რვა თვის წინ, თეატრის ყოფილ სადურგლოში გაიხსნა და ამ დროის მანძილზე აქ უკვე 10 სპექტაკლი დაიდგა. ერთსართულიანი შენობის თანამედროვე და პომპეზურობას მოკლებული გარემო, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის თქმით, ხელს უწყობს უფრო დემოკრატიული ჟანრის სპექტაკლების დადგმას.

„აქ არის მეტის საშუალება ამ მხრივ, მაგრამ ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ „ახალ სცენაზე“ აკადემიური ხასიათის სპექტაკლის დადგმა შეუძლებელია. მიხეილ ჩარკვიანმა დადგა „ჩურჩული და კივილი“ [ინგმარ ბერგმანის კინოსცენარის მიხედვით], ახლა ნინი ჩაკვეტაძე დგამს პატრიკ მარბერის პიესას და ისიც საკმაოდ თამამი სპექტაკლია, მაგრამ ამავდროულად არ არის გამორიცხული აქ ვაჟა-ფშაველას და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები დაიდგას,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე. მისივე შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ „ახალმა სცენამ“ ახალგაზრდა მაყურებელიც მოიზიდა დარბაზში:

„თეატრებში ზოგადად არსებობს ახალგაზრდა მაყურებლის არ ყოლის პრობლემა, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ახალ სცენაზე“ ახალგაზრდა მაყურებლის რაოდენობა მატულობს.

ბათუმში იყო პერიოდი, როცა თეატრი მხოლოდ ნომინალურად არსებობდა, თუნდაც ბავშვთა ოპერის შემთხვევა ავიღოთ, რომელსაც დიდი ყურადღება ექცეოდა და ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა დრამატული თეატრის ხარჯზე. ანუ ბათუმში არის მთელი თაობა მშობლების, რომელთაც არ უვლიათ თეატრში და შესაბამისად არც მათ შვილებს უვლიათ. ძალიან დიდი წყვეტაა მაყურებელთა თაობებს შორის და სწორედ ამ წყვეტის ამოვსებაში, ქალაქსა და თეატრს შორის იმ ხიდის აგებას ემსახურება ჩვენი ეს საქმიანობა და ტენდენცია არის დადებითი,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე.

რაც შეეხება ზოგადად მაყურებელთა რაოდენობას, „ახალი სცენის“ დარბაზში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მათ ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია აქვთ რეგიონებში: „თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენ [„ახალი სცენა“] პირველ ადგილზე ვართ რეგიონებში მაყურებლის დასწრების მიხედვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ 90-მდე ადგილი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცოტა უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე თეატრი, სადაც 400 ადგილია. თუმცა ამ მაჩვენებელსაც თავისი არითმეტიკული სისწორე გააჩნია. უკვე ხშირია, როცა ზედმეტი აგიტაციის გარეშე, პირდაპირ ქუჩიდან მოსული მაყურებელი თავისით ყიდულობს ბილეთს,“ – ამბობს ის.

წელს „ახალ სცენაზე“ იგეგმება დადგმა ლიტველი რეჟისორისა და ინგლისელი სადადგმო ჯგუფის მონაწილეობით. გარდა ამისა, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ხელშეკრულება გააფორმა პოლონურ დასთან, რომლის ფარგლებშიც, პროექტების გაცვლა და ერთობლივი პროექტის შექმნაა დაგეგმილი.

„ახალ სცენაზე“ სტუდენტებიც ხვდებიან, ძირითადად მსახიობების ამპლუაში. ანდრო ენუქიძის განმარტებით, სტუდენტური პროექტების განხორციელება უახლოესი მომავლის პერსპექტივაა.

ამ ეტაპზე ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობას ფონდი „ქართუ“ უტარებს რეაბილიტაციას. სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც თეატრის ძველ შენობას კიდევ ერთი – ექსპერიმენტალური სცენა შეემატება, 2017 წელს დასრულდება და თეატრს საკუთრებაში უკვე სამი სცენა ექნება: ძირითადი შენობის დიდი სცენა, ექსპერიმენტული სცენა და „ახალი სცენა“. ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ მაშინ უფრო ფართოდ გაუღებენ კარს ახალგაზრდა რეჟისორებს.

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს მოწვეულია უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგში ერთი საკითხია: აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარისა და წევრის ფარული კენჭისყრით არჩევა.

უსკოს თავმჯდომარე და წევრი უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში მეორედაა წარდგენილი დავით კვაჭაძის კანდიდატურა [რომელიც „ქართული ოცნების“ სასურველ კანდიდატად განიხილება];  წევრობის კანდიდატებად კი საბჭოს წარედგინა მამუკა ჯაში და რუსუდან მიქელაძე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა [ის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა].

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა.

უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს. უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე დიაბეტის თემას ეძღვნება

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით წელს ეს დღე დიაბეტს ეძღვნება, რადგან დიაბეტის გავრცელება სწრაფად იზრდება მსოფლიოში და ზოგ ქვეყანაში დიაბეტის ეპიდემიაა – მიიჩნევს ჯანმო.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით შაქრიანი დიაბეტით ავადობის ტენდენცია 2008-2014 წლებში მზარდია.

„2014 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე წინა წელთან შედარებით 1.4-ჯერ მომატებულია და 586.5-ს შეადგენდა. ბოლო წლებში გამოვლენილი ინციდენტობის მატება, სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურ ფუნქციონირებას, მაღალ მოცვასა და შესაბამისად, გამოკვლევების გახშირებას უკავშირდება. საქართველოში დიაბეტის სიკვდილიანობის სტანდარტიზირებულ მაჩვენებლებს აქვს საკმაოდ გამოხატული მზარდი ტენდენცია ევროპის რეგიონისაგან განსახვავებით, სადაც პირიქით, მაჩვენებლები იკლებს. დიაბეტის ჰოსპიტალური ლეტალობა გარკვეულად დაკავშირებულია დაავადების მძიმე ფორმების ხვედრით წილთან, გართულებების სიხშირესა და სტაციონარული მომსახურების ხარისხთან. 2014 წელს ჰოსპიტალიზირებულთა შორის დიაბეტით ლეტალობა 2.8%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.2-ჯერ მეტია“. – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მომზადებულ ბუკლეტში.

2016 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის ამოცანებია:

დიაბეტის შემთხვევათა რაოდენობის ზრდის, დიაბეტის გლობალური ტვირთისა და გართულებების შედეგების გაცნობიერება განსაკუთრებით საშუალო და მცირე შემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის მიერ.

ეფექტური ქმედებების განხორციელება, რაც გულისხმობს დიაბეტის პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკას, დიაბეტით დაავადებული ადამიანების მკურნალობასა და მათზე ზრუნვას.

დიაბეტზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება.

შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა. ითვლება, რომ მრავალ განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყანაში დიაბეტმა ეპიდემიის ხასიათი მიიღო, მას სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეოთხე-მეხუთე ადგილი უჭირავს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზ ეგამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დიაბეტის შემთხვევათა დიდი წილის პრევენცია შესაძლებელია. დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკისა და დაავადების გადავადებისათვის ძალიან ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა. სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი საკვები ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს.

4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა.

ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. მაშინ „ბათუმელებთან“ ოჯახის მეზობლებმა თქვეს, რომ ბავშვი სისტემატური ძალადობის მსხვერპლი არ იყო და არც ამჯერად უნდა დაისაჯოს მამა შვილის ცემისთვის. სასამართლო დარბაზი ბრალდებულის მეზობლებით და ახლობლებით გაივსო.

„დავუშვათ, ისევ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მოექცა ბრალდებული და ისევ სცემა ბავშვს, როგორ შეიძლება სასამართლომ თავი დაიზღვიოს?“ – იკითხა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა ის ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავდა.

„ბავშვი უკვე გამოიკითხა. თვეზე მეტია ბრალდებული პატიმრობაშია, ის არის ამ ბავშვისთვის დედაც და მამაც [ნაცემი ბავშვის დედა გარდაცვლილია]. ბავშვი მამის სურათებს ხატავს და ენატრება… ყველა მეზობელი და ახლობელი ადასტურებს, რომ მამა შვილისთვის საფრთხეს არ ქმნის“, – დაახლოებით ამ სიტყვებით დაასაბუთა ადვოკატმა მერი ცინარიძემ ბრალდებულის გათავისუფლების აუცილებლობა.

„ვიდრე ჩამოვიდოდი დარბაზში, კიდევ ერთხელ ვფიქრობდი ნაცემ ბავშვზე. მთავარი არის არასრულწლოვნის ინტერესები, მაგრამ მგონი ეს დრო, რაც პატიმრობაში ხართ, საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ შვილის ცემას არავითარი გამართლება არ ექნება“, – ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შვილთან ურთიერთობა მამას არ ექნება.

სასამართლო არსებით განხილვაზე აღარ დაკითხავს ბრალდებულს და შვილს [ამ ორი მოწმის გამოკითხვის მასალები ორივე მხარემ უდავოდ მიიჩნია].

მ.მ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ედება ბრალი, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. ეს მუხლი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

“რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი”

„დღეს სხვა ვითარებაა და საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ კონკურენციაზე გააკეთეს აქცენტი. „რესპუბლიკური პარტია~ და პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რამდენად ცვლის პოლიტიკურ რეალობას მმართველი პოლიტიკური პარტიების განაცხადი – არჩევნები ცალ-ცალკე მოიგონ? „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან ჩაწერა.

ვახტანგ ძაბირაძე: პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ „რესპუბლიკელები“ რჩებიან უმრავლესობაში, მათი გასვლა არასასურველ სიტუაციას და არასტაბილურ გარემოს შექნიდა. ჩნდება იმის საშუალებაც, რომ დაიწყოს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე საკმაოდ რთულია ამ პროცედურის მიყვანა, ეს ოპოზიციას აწყობს. ამიტომ უმრავლესობის დატოვება გამოიწვევს სახელისუფლებო რყევებს და საზოგადოებაში იმის განცდას, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა. ამის გამოყენებას ქვეყნის გარეთაც შეეცდებიან. სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც „რესპუბლიკელები“ ამბობენ, რომ ისინი არ დატოვებენ უმრავლესობას. ვფიქრობ, „რესპუბლიკელებს“ და „ეროვნულ ფორუმსაც“ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა და ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ.

თუკი „რესპუბლიკელები“ უმრავლესობაშიც დარჩებიან და მინისტრებსაც შეინარჩუნებენ, რა გაზრდის მათ პოლიტიკურ აქტივს?

აქტივებს ვეღარ მოიპოვებს პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო. რას იტყვის, ოთხი წელი ქვეყანა ინგრეოდა და ჩვენ მაინც უმრავლესობაში ვიყავითო? ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ასევე ფაქტია, რომ სტრატეგიულ საკითხებში ისევ უნდა დაეთანხმონ ერთმანეთს. შესაბამისად, „რესპუბლიკელები“ აშკარად ეცდებიან მოძებნონ ახალი ნიშა. ჩემი აზრით, ისინი, ძირითადად, ისაუბრებენ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. შექმნილ რეალობას კი, თუ ადეკვატურები უპასუხებენ, ამას დააფასებს ამომრჩეველი.

რა გამოჩნდა ამ პროცესით, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ დაიწყეს?

ჯერ კიდევ შემოდგომაზე თქვეს „რესპუბლიკელებმა“, რომ საჭიროა თამაშის წესების შემუშავება, რომ ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებსო. მერე ისინი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ესეც ჩაიშალა, ვისი მიზეზით და რატომ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩაიშალა. ანუ რაღაც საფუძველი შეიქმნა. პარტია „ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა ეს, აქამდე გააკეთებდა. „რესპუბლიკელებმა“, როგორც ჩანს, გარკვეული ნიადაგი მოსინჯეს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. კონკრეტულად რა, ჯერ არ ვიცი.

ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას ელოდებით?

არაფერია გამორიცხული.

ჯერჯერობით ყველა აცხადებს, ცალ-ცალკე მივდივართ არჩევნებზეო, მაგრამ არჩევნები როცა მოახლოვდება, უფრო ნათლად დაინახავენ პოლიტიკოსები ამის საჭიროებას. ჩემი შეფასებით, „რესპუბლიკელებს“ და კოალიციის სხვა სუბიექტებსაც, პარტია „ქართული ოცნების“ გარდა, ყველას დაახლოებით ერთნაირი შანსი აქვთ. ამ მოცემულობით არც ერთს არ აქვს საარჩევნო ბარიერის გადალახვა გარანტირებული, თუმცა შანსი აქვთ.

ჩვენი ელექტორატი არ არის მყარი.გვინახავს არჩევნები, სადაც წინა დღით გამოსვლას რადიკალურად გადაუწყვეტია ამომრჩევლის ნება, ასევე არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებს.

ამ ბოლო ცვლილებებმა რამდენად შეიძლება შეცვალოს ამომრჩევლის განწყობა?

ყველაფერი პოლიტიკური სპექტრის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ერთი რამ ვიცი: „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული არ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ არჩევნებს არ იგებს ფული, როგორც ეს ბევრს ჰგონია. არჩევნებში წარმატება ორ რამეს მოაქვს: ძლიერ პარტიულ სტრუქტურას და პროგრამას. ჩვენს შემთხვევაში, პარტიული სტრუქტურა რაიონებში შედარებით „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი.

არსებულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად, ბათუმში პარტია „ქართული ოცნების“ ოფისიც კი ახლახან გაიხსნა, რამდენად შესაძლებელია დარჩენილ დროში პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და პროცესის ისე გააქტიურება, რომ ამან ამომრჩევლის არჩევანი შეცვალოს?

„ქართულ ოცნებას“ პლუსი აქვს იმ კუთხით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობები ჰყავს და ამას ამუშავებს, დანარჩენი პარტიები რას იზამენ, არ ვიცი. თუ არ იმუშავა, გააქტიურდა პოლიტიკური სპექტრი, ამომრჩეველი არ წავა არჩევნებზე, როგორც ეს ახლა კვლევებში ჩანს. ჯერ ადრეა ამ კუთხით ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჯერ კიდევ 60 პროცენტი ან არ მიდის არჩევნებზე, ან არ იცის, ვის მისცეს ხმა.

ფოტო: რადიო “თავისუფლება”

ხანძარი ბათუმში [ფოტო]

ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო

ხანძარი  დღეს, 7 აპრილს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, დაახლოებით 8:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საწყობები იწვის

როგორც  ხანძრის ადგილზე მყოფი “ბათუმელების” ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია – იწვის სხადასხვა კომპანიის საწყობი, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებთან ერთად განთავსებულია საოჯახო ტექნიკა და კომპიუტერები. ხანძარს გადარჩენილ ნივთებს შორის ჩანს შპს “სავარძელის” ავეჯი.

12939714_10210025274334671_1894144263_nხანძარი დიდ ფართობზეა გაკიდებული. ადგილზე იმოფება სახანძრო და სააშველო სამსახურები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სახანძრო სამსახურს არ აქვს.

წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მასშტაბურია.

ხანძარი  დღეს, 7 აპრილს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, დაახლოებით 8:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

2-3 აპრილს გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „წიგნის კუთხეს“ მესამე და მეოთხე მერვედფინალური თამაშები. კონკურსში კითხვები დაისვა შემდეგი ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ:

  • ვაჟა-ფშაველა – “ალუდა ქეთელაური”;
  • ორჰან ფამუქი – “თოვლი”;
  • ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”;
  • პროსპერ მერიმე – “მათეო ფალკონე”;
  • ერნესტ ჰემინგუეი – “მოხუცი და ზღვა”;  

მესამე მერვედფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა [მარიამ ანანიძე, მეგი დოლიძე, ანა დუმბაძე] და სკოლა „ნიკეს“ [მარიამ მიქელაძე, ივა ვარშალომიძე, გიგი დიასამიძე] გუნდები. აღნიშნული თამაშის შედეგებით მეოთხედფინალურ ეტაპზე სკოლა „ნიკეს“ გუნდი გადავიდა, ანგარიშით 8:5.

მეოთხე მერვედფინალური თამაში ბათუმის მე-20 [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე] და მე-7 [გია დავითაძე, ლერი ქონიაძე, თამთა მახარაძე] საჯარო სკოლების გუნდებს შორის გაიმართა. ამ გუნდებიდან მეოთხედფინალურ ეტაპზე, ანგარიშით – 11:5 გადავიდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის გუნდი.

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. უკვე გასულ კვირაში შედგა „წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

გადაცემა კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გამარჯვებული გუნდები კი დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

მოქალაქეები მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ (ვიდეო)

იცით თუ არა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეთ მოსამართლის თანდასწრებით? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი ახალ წესს იცნობს, თუმცა არ იცის, როგორ იმოქმედებს, თუკი თავად დაიბარებენ მოწმის სახით. მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის მოსამართლის დასწრება გამორიცხავს ზეწოლას პროკურატურისგან, ნაწილი კი თვლის, რომ სასამართლოს ჩართულობა ამ პროცესში არაფერს შეცვლის.

ახალი წესის მიხედვით, თუკი მოწმე დაკითხვაზე უარს ამბობს, პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს მოწმის დაკითხვის აუცილებლობა და მიმართოს სასამართლოს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, პროკურორი მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 20 თებერვლიდან მოქმედებს. დღემდე, ბათუმში მხოლოდ ერთი მოწმეა დაკითხული ამ წესით. თაღლიოთობის საქმეზე პროკურატურამ მოწმე 30 მარტს, მოსამართლე დავით მამისეიშვილის თანხმობით დაკითხა.

ბათუმისა და ბაქოს უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„ეს არის აზერბაიჯანში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტი, საკმაოდ წარმატებული, დიდი ტრადიციების მქონე და მათ აქვთ ძალიან ფართო ურთიერთობები, მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის შესაბამის უნივერსიტეტებთან, ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება“, – ამბობს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.

09615623-d500-4730-b788-089bc0cb7197მერაბ ხალვაშის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ამ ეტაპზე იქნება საუბარი გაცვლით პროგრამებზე, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. საბოლოო ჯამში კი მემორანდუმის მიზანია ერთობლივი თანამშრომლობა  აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში.

 

მემორანდუმის გაფორმება მოხდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა, გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში რაშად ისმაილოვი, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, ნარგიზა აბდულაევა და პროფესორი ფაილა ისმაილოვა.

უსკოს წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა. ვარაუდობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძეს დაუჭერდა მხარს, რომლის არჩევასაც მანამდე ამ პარტიამ მხარი არ დუჭირა.

„ჩემი არჩევა არ არჩევის საკითხი სალაპარაკო გახდა. თითქოს მე არ მქონდა უფლება უსკოს წევრი გავმხდარიყავი, რადგან ჩემი მეუღლე ნაციონალური მოძრაობის წევრია. მე თავად უპარტიო ვარ და უსკოში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს.“

რუსუდან მიქელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რაულ თავართქოლაძის მეუღლეა.

დავით კვაჭაძე „ქართული ოცნების“ სასურველ კანდიდატად განიხილება. მისი კანდიდატურა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეორედ წარადგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრის კანდიდატურები 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე: დავით კვაჭაძე ისევ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია
უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭს ხელახლა უყრიან
დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით

Exit mobile version