ნეტგაზეთი • RU

„შეეგუეთ რეალობას“ – ბიზნესმენი სუს-ის თანამშრომლისგან ზეწოლაზე

ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. ბიზნესმენის პრობლემით არც ერთი უწყების პირველი პირი არ დაინტერესებულა. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ კომპანიაში, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ერთი წლის წინ 60-მილიონიანი „ანბანის კოშკი“, 20 წლის ვადით, 1 ლარად გადასცა.

თემელ ლომაძეს 2016 წლის 9 იანვარს ტელეფონზე მისთვის უცნობმა პირმა დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა. „მითხრეს, რომ ჩემს სახლთან არიან და მათთან გასვლა მთხოვეს. ერთი მათგანი ეგრევე ვიცანი – ბუბა [ემზარ] ბოლქვაძე იყო, აჭარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხულო-ქედა-შუახევის კურატორი. ზარის ავტორმა კი თავი წარმომიდგინა, როგორც შპს `რეალ მშენის~ დირექტორი ზაურ გოგიტიძე“, – ამბობს თემელ ლომაძე.

ლომაძის თქმით, გოგიტიძემ მას აუხსნა, რომ თავი უნდა დაანებოს ბათუმში, ზუბალაშვილის #39-ში 9-სართულიანი სახლის აშენების პროექტს, რადგან მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურთ ამ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს. „ამხანაგობამ უკვე ჩვენთან გააფორმა ხელშეკრულება, მას თქვენთან აღარ სურს ურთიერთობა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე და კეთილი ინებეთ და შეეგუეთ რეალობას, რომ ამხანაგობის წევრებს არ უნდათ თქვენთან ურთიერთობა – ამიხსნა ზაურ გოგიტიძემ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემელ ლომაძემ.

თემელ ლომაძე ამბობს, რომ თუ მოინდომებენ სამართალდამცავები ამ შეხვედრის ნამდვილობას დაადასტურებენ, რადგან შეხვედრა შედგა მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, სადაც რამდენიმე ორგანიზაციას ვიდეოთვალი აქვს განთავსებული.

თემელ ლომაძე

თემელ ლომაძე

„მე მათ ვუთხარი, რომ არ მიმიღია ამხანაგობისგან ხელშეკრულების შეჩერების დოკუმენტი, ამდენად თქვენი განცხადება ჩემთვის გაუგებარია-მეთქი. ბუბა [ემზარ] ბოლქვაძემ ამის შემდეგ გააგრძელა ჩემი დარწმუნება, რომ მშვიდობიანად გავიდე საქმიდან. მე მათთან დავაფიქსირე, რომ მანამ ვიბრძოლებ, სანამ სტრასბურგში არ წავაგებ. ამას არ ელოდნენ, იფიქრეს, რომ მოვიდა კომიტეტის თანამშრომელი, რაღაც სიმაღლე და ამით შეიძლება შემაშინონ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემელ ლომაძემ.
როგორც ლომაძე ამბობს, მან ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ინერვიულა, რადგან შეურაცხყოფილი დარჩა. „მითხრეს, რომ მე სამი წელია ვერ მოვიპოვე მშენებლობის ნებართვა, მათ კი მალე ექნებათ ეს ნებართვა“.

მართლაც, თემელ ლომაძემ 12 იანვარს მიიღო წერილი ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრები ოჯახების – „ამხანაგობა 13“-სგან, რომელშიც წერია:

„გაცნობებთ, რომ „ამხანაგობა 13“-ის და მისი თითოეული წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შპს `ნიუ ჰაუსთან~ ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. შესაბამისად, შპს „ნიუ ჰაუსი“ არ წარმოადგენს „ამხანაგობა 13“-ის და მისი წევრების ნების გამტარებელს, რისთვისაც გთხოვთ შეწყვიტოთ „ამხანაგობა 13“-ის თუ მისი წევრების სახელით მოქმედება და მათ ქონებაზე სხვადასხვა დაწესებულებაში განცხადების შეტანა“.

წერილში ამხანაგობის წევრები გამოხატავენ უკმაყოფილებას დაწყებული საქმის ბოლომდე მიუყვანლობის გამო. ზუბალაშვილის #39-ის მცხოვრებლებსა და შპს „ნიუ ჰაუს“ შორის ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმებულა.

იმავე შინაარსის განცხადება 12 იანვარს „ამხანაგობა 13“-მა შეიტანა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
თემელ ლომაძის ინფორმაციით, მის პროექტზე სააგენტოში ბოლოს 2015 წლის 11 დეკემბერს იმსჯელეს, მაგრამ განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როცა თემელ ლომაძეს გადაწყვეტილება საბჭოს სხდომიდან ერთ კვირაში ბარდებოდა, გადაწყვეტილება თვენახევრის დაგვიანებით – 25 იანვარს ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილებაში კი ეწერა ის, რის შესახებაც, წესით, 11 დეკემბერს ვერ ეცოდინებოდა სააგენტოს დირექტორს, მირანდა ჩარკვიანს. „სააგენტომ უარი 25 იანვარს იმ მოტივით მითხრა, რომ ამხანაგობამ თქვენთან გაწყვიტა ხელშეკრულებაო. ეს ნიშნავს, რომ იმათ უკვე ერთად ჰქონდათ ნამუშევარი იმაზე, რომ ჩემთვის უარი ეთქვათ“, – ამბობს თემელ ლომაძე.

„ბათუმელებთან“ ზაურ გოგიტიძემ დაადასტურა მისი და თემელ ლომაძის შეხვედრა. მან „ბათუმელებს“ უთხრა: „შევხვდი პირადად და ვესაუბრე. მითხრა, რომ სასამართლო დავა მაქვსო. კარგი მაშინ-მეთქი და მას შემდეგ არაფერი მომიკითხია მაგ საქმეზე. ემზარ ბოლქვაძე მაგ დროს ჩემთან ერთად არ ყოფილა. ისე, ჩემი მეგობარია და სულ ერთად დავდივართ, მაგრამ მაგ თემაზე საუბრის დროს არ ყოფილა. ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის არ მიმიმართავს, რომ მითხრა ამ ადამიანმა ვდავობო, თავი დავანებე“.

ზაურ გოგიტიძის თქმით, მას, უშუალოდ, ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრებლებმა მიმართეს: „მოსახლეობამ მითხრა, ინვესტორს ვეძებთო. ამხანაგობის თავმჯდომარემ მითხრა, რომ 7 წლის წინ, 2010 წელში, უნდა აეშენებინა ვიღაცას და ვერ ააშენაო. ეს ადამიანი შეიძლება აგრძელებს კიდევ-მეთქი. არაო, იმასთან წერილობით ყველანაირად კავშირი გაწყვეტილი გვაქვსო – ასე ამიხსნეს – და რა აზრი აქვს შენ ნახავ თუ არაო. მე ვუთხარი, მაინც ვნახავ, ბათუმი პატარაა-მეთქი. დავადგინე ნომერი და შევხვდი. ამ პიროვნებამ [თემელ ლომაძემ] მითხრა, რომ ამხანაგობამ შეუწყვიტა ხელშეკრულება და დავა აქვს, რომ ნებართვა არ მისცეს. მე ვუთხარი, რომ თუ თქვენ აღარ აგრძელებთ, რამე თუ ხარჯი გაქვთ გაწეული, აგინაზღაურებთ მე თვითონ-მეთქი. უარი მითხრა… ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის არც მიმიმართია. არ ვაპირებ მაქ მშენებლობას“.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა შპს „რეალ მშენის“ დაკვეთით არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე ზუბალაშვილის #39-ის პროექტზე, ზაურ გოგიტიძემ თქვა: „დეკემბერში იყო მოსახლეობასთან საუბარი და ბურჭულაძე იქამდე მუშაობდა პროექტზე, მერე აღმოვაჩინე ეს ადამიანი [თემელ ლომაძე]. ბურჭულაძე ესკიზს ამზადებდა, ოღონდ ეს იყო დეკემბერში. ბურჭულაძეს ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა“.

სხვა ინფორმაცია აქვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს. ის ამბობს, რომ ზუბალაშვილის #39-ის პროექტზე მუშაობის შესახებ საბჭოს წევრმა ზვიად ბურჭულაძემ არა გასული წლის დეკემბერში, არამედ ახლახან განაცხადა საბჭოში.

`ბათუმელებს~ ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრებლებმა ასევე გასულ კვირას დაუდასტურეს, რომ კომპანიას დეტალებზე ესაუბრებიან, თუმცა, უარი თქვეს კომპანიის დასახელებაზე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ მოიკვლია ირაკლი ერისთავმა მისი თანამშრომლის ბიზნესში სავარაუდო ჩარევის შესახებ ინფორმაცია, სუს-ის პრესცენტრში მხოლოდ ეს განმარტეს: „თუ აღნიშნულმა პიროვნებამ შემოიტანა წერილი, გენერალური ინსპექცია აუცილებლად მოიკვლევს ფაქტს, რათა დადგინდეს, რის საფუძველზე აცხადებს აღნიშნული პიროვნება იმას, რასაც აცხადებს“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და სუს-ს თემელ ლომაძემ 30 მარტს მიმართა წერილობით.

მშენებლობა, რომლის წამოწყებასაც თემელ ლომაძე სამი წლის წინ გეგმავდა და ახლახან ჩამოაშორეს საქმეს, თავიდანვე სკანდალური იყო. სწორედ მაშინ დაგეგმა თემელ ლომაძემ ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის #39-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კორპუსის დაშენება. ბიზნესმენს სამი წლის წინ მშენებლობის უფლება მისცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, თუმცა, ნებართვის გაცემისთანავე დაიწყო საზოგადოების მკვეთრი პროტესტი და სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა სასამართლომ ორ კვირაში გააუქმა.

მას შემდეგ სააგენტოში არც თუ ისე ცოტა რამ შეიცვალა, დირექტორის ჩათვლით, მაგრამ ბიზნესმენის თქმით, სააგენტოს მოქმედი დირექტორი, მირანდა ჩარკვიანი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ძეგლზე მშენებლობის უფლებას აუცილებლად მისცემდა, უბრალოდ, „პროექტი უნდა მოეყვანა შესაბამისობაში“. თემელ ლომაძე ამბობს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობის რეკომენდაციების გათვალისწინებით სამი წლის განმავლობაში სააგენტოს ოთხი სხვადასხვა პროექტი წარუდგინა.

„ერთი პროექტი იყო 6500 კვადრატული მეტრი, კვადრატულ მეტრში 7 დოლარს ვიხდიდი. იმის გამო, რომ ოთხჯერ გავაკეთე პროექტი სააგენტოს მოთხოვნით, ჯამურად, სადღაც 25 ათასი კვადრატული მეტრი გამოვიდა, რომელსაც თუ გავამრავლებთ 7 დოლარზე, სოლიდური თანხა გამოდის. გარდა ამისა, ცალკე გავაკეთე რესტავრაციის პროექტი, არქიტექტორები თბილისიდან მოვიწვიე, ასევე მქონდა ოფისის ხარჯებიც. ამას დაუმატეთ ჩემი, როგორც ბიზნესმენის რეპუტაციაც“, – ამბობს თემელ ლომაძე „ბათუმელებთან“.

ბიზნესმენის თქმით, მას ეს თანხა ჯერ არ გადაუხდია, მაგრამ დაახლოებით 200 ათასი დოლარის გადახდაზე აქვს სხვადასხვა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. ის ამბობს, რომ, ჯერჯერობით, დაელოდება პასუხს არჩილ ხაბაძისგან და ასევე სუს-ის ხელმძღვანელობისგან და თუ ამ შემთხვევაშიც ვერაფერს გახდება, სასამართლოს მიმართავს კომპენსაციის მოთხოვნით.
რაც შეეხება „რეალ მშენს“ – ზაურ გოგიტიძე ამ კომპანიაში მხოლოდ დირექტორია. კომპანიას სამი მეწილე ჰყავს: თენგიზ გოგოლაძე (50%), ზურაბ ნასყიდაშვილი (25%) და იმედა მუმლაძე (25%). ამ სამი პირიდან ერთ-ერთი – ზურაბ ნასყიდაშვილი არის 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 33 პროცენტის მფლობელი, ხოლო დანარჩენ 67 პროცენტს ფლობს ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკა. სელმანკა ფლობს ასევე ესპანურ კომპანიაა – „Boost Spain S.I.“-ს.

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – „ანბანის კოშკი~ და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „Boost Spain S.I.“-ს 20 წლის ვადით 2015 წლის ივლისში გადასცა. 1 ლარად მიღებული ქონების მფლობელს გასართობი ობიექტები წლის ბოლომდე უნდა გაეხსნა. ინვესტორმა პირობა ვერ შეასრულა.

რაც შეეხება ზუბალაშვილის #39-ში არსებულ შენობას, აქ მცხოვრებნი მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მისი თავდაპირველი სახით შესანარჩუნებლად კულტურული მემკვიდრეობის დამცველები სამი წელია იბრძვიან.

ზუბალაშვილის #39

ზუბალაშვილის #39

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან