Batumelebi | “უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე “უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე – Batumelebi
RU | GE  

“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე

8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

„პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც დიდ სირთულეს წარმოადგენს მათთვის. უფრო ზუსტად, პიესა ვნებებზეა – იმაზე, თუ რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან, ეჯახებიან ისეთ შეგრძნებებს, რომელთა კონტროლიც მათ არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ პიესა 90-იან წლებშია დაწერილი, იგი დღესაც თანამედროვე და აქტუალურია,“ – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე.

პიესის ოთხი მოქმედი გმირის როლს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები: დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, მერი ნაკაშიძე და მარინა ბურდული ასრულებენ. პატრიკ მარბერის პიესა ქართულ სცენაზე პირველად დაიდგმება.

ბათუმში დრამატული თეატრის „ახალი სცენა“ დაახლოებით რვა თვის წინ, თეატრის ყოფილ სადურგლოში გაიხსნა და ამ დროის მანძილზე აქ უკვე 10 სპექტაკლი დაიდგა. ერთსართულიანი შენობის თანამედროვე და პომპეზურობას მოკლებული გარემო, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის თქმით, ხელს უწყობს უფრო დემოკრატიული ჟანრის სპექტაკლების დადგმას.

„აქ არის მეტის საშუალება ამ მხრივ, მაგრამ ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ „ახალ სცენაზე“ აკადემიური ხასიათის სპექტაკლის დადგმა შეუძლებელია. მიხეილ ჩარკვიანმა დადგა „ჩურჩული და კივილი“ [ინგმარ ბერგმანის კინოსცენარის მიხედვით], ახლა ნინი ჩაკვეტაძე დგამს პატრიკ მარბერის პიესას და ისიც საკმაოდ თამამი სპექტაკლია, მაგრამ ამავდროულად არ არის გამორიცხული აქ ვაჟა-ფშაველას და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები დაიდგას,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე. მისივე შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ „ახალმა სცენამ“ ახალგაზრდა მაყურებელიც მოიზიდა დარბაზში:

„თეატრებში ზოგადად არსებობს ახალგაზრდა მაყურებლის არ ყოლის პრობლემა, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ახალ სცენაზე“ ახალგაზრდა მაყურებლის რაოდენობა მატულობს.

ბათუმში იყო პერიოდი, როცა თეატრი მხოლოდ ნომინალურად არსებობდა, თუნდაც ბავშვთა ოპერის შემთხვევა ავიღოთ, რომელსაც დიდი ყურადღება ექცეოდა და ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა დრამატული თეატრის ხარჯზე. ანუ ბათუმში არის მთელი თაობა მშობლების, რომელთაც არ უვლიათ თეატრში და შესაბამისად არც მათ შვილებს უვლიათ. ძალიან დიდი წყვეტაა მაყურებელთა თაობებს შორის და სწორედ ამ წყვეტის ამოვსებაში, ქალაქსა და თეატრს შორის იმ ხიდის აგებას ემსახურება ჩვენი ეს საქმიანობა და ტენდენცია არის დადებითი,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე.

რაც შეეხება ზოგადად მაყურებელთა რაოდენობას, „ახალი სცენის“ დარბაზში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მათ ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია აქვთ რეგიონებში: „თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენ [„ახალი სცენა“] პირველ ადგილზე ვართ რეგიონებში მაყურებლის დასწრების მიხედვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ 90-მდე ადგილი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცოტა უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე თეატრი, სადაც 400 ადგილია. თუმცა ამ მაჩვენებელსაც თავისი არითმეტიკული სისწორე გააჩნია. უკვე ხშირია, როცა ზედმეტი აგიტაციის გარეშე, პირდაპირ ქუჩიდან მოსული მაყურებელი თავისით ყიდულობს ბილეთს,“ – ამბობს ის.

წელს „ახალ სცენაზე“ იგეგმება დადგმა ლიტველი რეჟისორისა და ინგლისელი სადადგმო ჯგუფის მონაწილეობით. გარდა ამისა, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ხელშეკრულება გააფორმა პოლონურ დასთან, რომლის ფარგლებშიც, პროექტების გაცვლა და ერთობლივი პროექტის შექმნაა დაგეგმილი.

„ახალ სცენაზე“ სტუდენტებიც ხვდებიან, ძირითადად მსახიობების ამპლუაში. ანდრო ენუქიძის განმარტებით, სტუდენტური პროექტების განხორციელება უახლოესი მომავლის პერსპექტივაა.

ამ ეტაპზე ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობას ფონდი „ქართუ“ უტარებს რეაბილიტაციას. სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც თეატრის ძველ შენობას კიდევ ერთი – ექსპერიმენტალური სცენა შეემატება, 2017 წელს დასრულდება და თეატრს საკუთრებაში უკვე სამი სცენა ექნება: ძირითადი შენობის დიდი სცენა, ექსპერიმენტული სცენა და „ახალი სცენა“. ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ მაშინ უფრო ფართოდ გაუღებენ კარს ახალგაზრდა რეჟისორებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან