მთავარი,მთიანი აჭარა

მხოლოდ 6 დირექტორი ქალი ხულოს 49 სკოლაში

08.04.2016 • 2615
მხოლოდ 6 დირექტორი ქალი ხულოს 49 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლას არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არ ჰყოლია. ღორჯომის თემის შორეულ სოფელში ეს სკოლა არსებობის საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. სკოლამ დღემდე არაერთი დირექტორი გამოიცვალა, თუმცა ყველა მათგანი მამაკაცი იყო და დღესაც წამყვან პოზიციას სკოლაში კაცი ინარჩუნებს.

ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. ქალი დირექტორი მათგან მხოლოდ 6 სკოლას ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში, ძირითადად, სტატისტიკურად ქალი პედაგოგები გაცილებით მეტნი არიან.

მეკეიძეების სკოლის გარდა საუკუნოვანი არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არც ოქრუაშვილების სკოლას ახსოვს. ოქრუაშვილების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზვიად სოლომონიძე 2012 წელს დაინიშნა. სკოლაში 25 პედაგოგი ასწავლის, აქედან 15 ქალია.

სკოლის დირექტორის პოზიციაზე რომ ხულოში ძირითადად კაცები მუშაობენ, ამას ზვიად სოლომონიძე რთული სამუშაოთი ხსნის და ამბობს, რომ დირექტორობა შრომატევადი საქმეა და ქალები დირექტორობის სურვილს ამიტომაც არ გამოთქვამენ.

„სკოლა 100 წელზე მეტი ხანია არსებობს. თავდაპირველად დაწყებითი სკოლა იყო, მერე საბაზოდ გადაკეთდა, ახლა კი 12-კლასიანი სკოლაა. რამდენადაც ვიცი, სკოლას ქალი დირექტორი არასდროს ჰყოლია, დღეს არამარტო ქალებს, კაცებსაც არ აქვთ დირექტორად მუშაობის სურვილი, სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება არ არის. შრომატევადია, 24 საათი სკოლასა და სკოლის პრობლემებზე უნდა იფიქრო და ქალები სურვილს არ გამოთქვამენ დაინიშნონ დირექტორებად. ვერ ვიტყვი, რომ ქალი დირექტორების ნაკლებობა ტრადიციებისა და სტერეოტიპების გამოა,“ – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად სოლომონიძე.

ამავე სკოლის პედაგოგი ნაილე აბაშიძე კაცი დირექტორების სიჭარბეს ასე ხსნის: „ქალს განსაკუთრებით ბევრი მუშაობა უწევს სოფელში, ვფიქრობ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქალებს არ გვსურს სკოლის დირექტორობა. ყანა, ბაღჩა, ოჯახი, ბავშვები… ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული, ქალები სამხედრო წესით ვცხოვრობთ აქ, სისხამ დილას ვდგებით, სახლის საქმეს ვაკეთებთ და მერე მივდივართ სკოლაში. გაკვეთილების შემდეგ ოჯახს ვუბრუნდებით და სამუშაო პროცესი საოჯახო საქმეში ინაცვლებს, დირექტორი კი სკოლაში საღამომდე უნდა იყოს. კაცი მაინც გარეთ გასულია, ალბათ ესაა მიზეზი,“ – ამბობს ნაილე, ოქრუაშვილების სკოლის მუსიკის მასწავლებელი.

სოფელ უჩხოს სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე ქალი პირველად 2005 წელს დაინიშნა – მერი თავართქილაძე ახლაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

„კაცი დირექტორების მრავალრიცხოვნობის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ სკოლები მუნიციპალური ცენტრიდან შორსაა და ზამთარში გადაადგილება ქალებისთვის პრობლემაა,“ – ამბობს მერი.

უჩხოს სკოლაში 26 პედაგოგი ასწავლის, აქედან კაცი მხოლოდ რვა მათგანია.

რესურსცენტრის ინფორმაციით, ხულოში სულ 989 პედაგოგია, აქედან 498 კაცი, 491 კი ქალი. ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე ხულოში დირექტორი კაცების სიმრავლეს ტრადიციით ხსნის.

„ზოგადად, ტრადიციულად ასე იყო, თუმცა ეს მარტივად ასახსნელი თემა არ არის, არის მოცემულობა და ასეა. თუ რატომ – დაკონკრეტებით ვერ გიპასუხებთ, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ქალები უფრო დაკავებული არიან სოფლებში, აქ არ არის ძიძის ინსტიტუტი, თუმცა არავინ უშლის ქალებს იყვნენ დირექტორები. ხშირად არ ჩნდება დირექტორების ვაკანსია, ალბათ, ესეც არის მიზეზი. გამოცდები საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქალს გახდეს სკოლის დირექტორი.“

grafika.indd

ხულოსგან განსხვავებით გენდერული ბალანსის თვალსაზრისით ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა შუახევის სკოლებში. 44 საჯარო სკოლიდან შუახევში სკოლის დირექტორის პოზიციაზე 11 ქალი მუშაობს. 2015 წლის მონაცემებით, შუახევში 845 პედაგოგი ასწავლის, აქედან 485 ქალია.

გენდერული ბალანსი აჭარის მაღალმთიანეთში საჯარო სკოლებში დირექტორის პოზიციაზე მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტშია მეტ-ნაკლებად დაცული. აქ არსებული 29 საჯარო სკოლიდან 14 სკოლაში ქალი დირექტორია, თუმცა სკოლებში ქალი პედაგოგების რაოდენობა გაცლებით მეტია. რესურსცენტრის მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 182 კაცი და 488 ქალი პედაგოგი ასწავლის.

შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ამბობს, რომ წამყვან პოზიციაზე მამაკაცების დანიშვნა სკოლებში ტრადიციებით იყო განპირობებული. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია დირექტორის პოზიციაზე გენდერული „ბალანსის დაცვის მცდელობა არის“.

ედუარდ გოგრაჭაძე: „თუ გადავხედავთ გასული წლების მონაცემებს, ათეულობით წლის წინ რა მდგომარეობა იყო გენდერული კუთხით სკოლებში, ვნახავთ, რომ მაშინ სკოლებში აბსოლუტურად სჭარბობდა როგორც კაცი პედაგოგების, ასევე კაცი დირექტორების რიცხვი. თუმცა დროთა განმავლობაში ეს დაბალანსდა, დიდი სხვაობა დღეს თითქმის აღარ გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგებს, დღეს ქალი პედაგოგის რაოდენობა სჭარბობს, ბოლო დროს ბევრი ქალი დაინიშნა დირექტორის თანამდებობაზე, ორი წელია ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში მარტო ოთხი ქალი დაინიშნა დირექტორად. ამ ეტაპზე დირექტორის პოზიციაზე ქალები უფრო მოდიან, ვიდრე მამაკაცები, კაცები სკოლით არ ინტერესდებიან, ან ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: