“Street Art“ ფესტივალი წელს ბათუმის გარდა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება

წელს „სტრიტ არტ ფესტივალის“ ფარგლებში კედლებს ბათუმის გარდა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც მოხატავენ. 25 420 ლარზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა და განაცხადების მიღებაც დასრულებულია. სატენდერო პირობების თანახმად, აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში -ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი – საშუალოდ 70 მ2 ფართობი კედლის მოხატვა იგეგმება, მთლიანობაში – არანაკლებ 420 მ 2-ის.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ Street Art ფესტივალში არანაკლებ 2 უცხოელი და 2 ქართველი მხატვარი უნდა მონაწილეობდეს და ფესტივალის თემატიკა და კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს გარემოს ლანდშაფტს და იკითხებოდეს ერთიან კონტექსტში. სატენდერო დოკუმენტაციაში შენიშვნის სახით ასევე აღნიშნულია, რომ „ესკიზი აუცილებელია შეთანხმდეს
შემსყიდველთან“.

„სთრით არტ“ ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ფესტივალი 2016 წლის აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია, არტ სტუდია “Dotcomma” მონაწილეობს, რომელმაც სამინისტროს ფესტივალის ჩატარება 24 990 ლარად შესთავაზა. DOTCOMMA იყო ფესტივალის ორგანიზატორი გასულ წლებშიც.

თავისუფალი პროექტების კონკურსი აჭარის განათლების სამინისტროში

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსს აცხადებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარების, შემოქმედთა ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა; რეგიონში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა.

კონკურსის პირობების თანახმად, წარდგენილ პროექტში ნათლად უნდა ჩანდეს ძირითადი იდეა/მხატვრული კონცეფცია, კარგად უნდა იყოს გამოკვეთილი მიზანი და სრულად ჩამოყალიბებული ამოცანები; პროექტში შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების ყველა მედიის, გამოსახულების (ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, მულტიმედიური, ციფრული და სხვა) გამოყენება. პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე შესაძლებელია ტრადიციული სახელოვნებო (გალერეა, მუზეუმი, თეატრი და ა.შ.) და სხვა საზოგადოებრივი სივრცეების (სამოქალაქო დაწესებულებები, ქუჩა, მოედანი და სხვა) გამოყენება. უნდა იყოს განსაზღვრული მიზნობრივი აუდიტორია – საზოგადოების რომელ სეგმენტზე/ ჯგუფზე არის გათვლილი ეს შედეგები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხელოვნების ნებისმიერ სფეროში მოღვაწე იურიდიულ და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში და სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა უნდა შეადგენდეს საშუალოდ 17 500 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს საკონკურსო კომისია გამოავლენს.

სამინისტროში განაცხადებები მიიღება 1 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, როგორც სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, განაცხადები განიხილება 2016 წლის 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით და გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელს ათი სამუშაო დღის ვადაში.

“ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ” – ინტერვიუ მოსამართლე ირაკლი შავაძესთან

სიტყვა „ნდობა“ მოსამართლე ირაკლი შავაძემ ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა. მიიჩნევს, რომ სასამართლოს ნდობის პრობლემა ისევ აქვს და, პირველ რიგში, თავად მოსამართლეებმა უნდა სცადონ ამის გამოსწორება. ის პრობლემას უფრო მოსამართლეებში ხედავს, ვიდრე ხელისუფლებაში, რომელიც სასამართლო რეფორმების ავტორია. ირაკლი შავაძე უკვე მეხუთე თვეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს და „ბათუმელების“ მხოლოდ ერთი შეკითხვა დატოვა უპასუხოდ. შეკითხვა ლევან მურუსიძეს შეეხებოდა. საუბრის ბოლოს მან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკრიტიკა. იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეა.

ბატონო ირაკლი, მოსამართლეობამდე ადვოკატი იყავით და საჯაროდ აკრიტიკებდით მართლმსაჯულების სისტემას, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებას. როგორ ხედავთ სასამართლო პრობლემებს მოსამართლის პოზიციიდან?

ბუნებრივია, როცა მოსამართლე ხარ, გარკვეულწილად თავს იკავებ კონკრეტული შეფასებებისგან. ადვოკატობის დროს მეტად თავისუფალი ვიყავი გამომეხატა ჩემი აზრი. ფაქტია, ჩვენი ქვეყანა ახალ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფოებრიობის კუთხით. მთლიანად ქვეყანას და, მათ შორის, სასამართლოს ბევრი გამოწვევა აქვს. დრო სჭირდება ყველაფერს, რომ დალაგდეს, მივიდეთ იქამდე, რასაც ჰქვია სამართლიანი სასამართლო და სამართლებრივი სახელმწიფო. ვფიქრობ, აქეთკენ მიდის პროცესი. ბევრი რამ გაუმჯობესდა სისტემაში, მაგალითად, სასამართლო პროცესი ელექტრონული წესით იწერება, ჟურნალისტებს თავისუფლად გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ და გააშუქოთ პროცესები. ცვლილებები მიდის, მაგრამ ვიტყოდი, რომ უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, უფრო ეფექტური რეფორმები უნდა განხორციელდეს, რომ სასამართლოს ჰქონდეს მეტი ნდობა საზოგადოებაში.

კონკრეტულად რის შეცვლის საჭიროებას ხედავთ სასამართლო სისტემაში?

არსებითად ვეთანხმები იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებს სამოქალაქო სექტორი. ეს შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის წესს თუ საქმეთა ელექტრონულად გადანაწილებას. რეფორმის მესამე ტალღის ძირითადი ლოზუნგი არის ის, რომ თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს. თავად მოსამართლეც მოწოდებული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცხოვრობდეს დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანაში.

ხედავთ ამის პოლიტიკურ ნებას? ჯერჯერობით არ შექმნილა მექანიზმი ინსტიტუციის დონეზე, რაც ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის რისკს სასამართლოზე შეამცირებდა.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლებას ჰყავს ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაიცავს თითოეული მოსამართლის უფლებას, თუკი მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშირებით.

იგივე შეგიძლიათ თქვათ ლევან მურუსიძეზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანზე?

ლევან მურუსიძის საქმიანობაზე და მის დანიშვნაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ… ვფიქრობ, ხელისუფლებისგან ნაკლებად სავარაუდოა მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდეს. თუ ასეთი რამ მოხდა, სასამართლოდან წამოსვლა ჩემთვის ტრაგედია არ იქნება. ადვოკატობამდე მოსამართლე ვიყავი და მაშინაც წამოვედი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რის გამოც გავხდი მოსამართლე და არა თავად მოსამართლის მანტია.

ხელისუფლებაზე ადრე სხვანაირად ფიქრობდით: 2014 წლის 25 აპრილს ადვოკატი იყავით და ერთ-ერთ საქმეზე თქვით: „სასამართლო ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში“…

ალბათ, ასე ვთქვი. არც ახლა ვამბობ, რომ იდეალური გარემოა და ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება, ჰქონდეს სასამართლოზე გავლენა. ვხედავ, რომ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები კანონმდებლობის შეცვლის კუთხით. ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება. ოთხი წელი ვინმეს შეიძლება დიდ დროდ მოეჩვენოს და ეგონოს, რომ ყველაფრის დალაგება შეიძლებოდა, მაგრამ ვინც შიდა სამზარეულოში ჩახედულია, იცის, რომ ასე იოლი არ არის, შეცვალო ადამიანების მენტალობა.

ყველაზე მეტ საქმეს ნარკოდანაშაულებზე განიხილავთ. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ კუთხით?

ვფიქრობ, რომ სასჯელები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მკაცრი, თუკი საქმე არ ეხება ნარკოტიკის რეალიზებას, მომხრე ვარ, რომ მოხდეს სასჯელის ლიბერალიზაცია. მარიხუანას მოხმარებაზე ღრმად არ მიფიქრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი რაღაც… უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკა რომ ავიღოთ, სადაც მოხდა დეკრიმინალიზაცია, შემცირდა მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი. ბევრჯერ მქონია განცდა, რომ ადამიანები ხშირად მკაცრად ისჯებიან ნარკოტიკის მოხმარების გამო.

ასევე, ხშირად გიწევთ ოჯახური ძალადობის შემთხვევების განხილვა. ტენდენცია აშკარაა: მსხვერპლი მოდის სასამართლოში და მოითხოვს მოძალადის დაუსჯელობას. სასამართლოც ძირითადად მსჯავრდებულისთვის მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მისჯით შემოიფარგლება. ამ მიდგომით შეიცვლება ძალადობის მაჩვენებელი ქალებზე?

ვფიქრობ, იმ საკანონმდებლო სივრცეში, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს სასამართლო. ერთი საქმე მახსენდება, სადაც ცოლმა გადაუხადა თანხა ძალადობაში ბრალდებულ ქმარს, ოღონდაც გირაოთი გარეთ გამოეყვანა. სასამართლო ითვალისწინებს, როცა ცოლ-ქმარი რიგდება, ჰყავთ შვილები, აღარ ჩხუბობს. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ ხედავს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც სასჯელია და ვფიქრობ, მოძალადე ამ დროს გაიაზრებს სათანადოდ ჩადენილ დანაშაულს.

გააქტიურდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევები. ერთ-ერთმა მოსამართლემ პოლიციის მაღალჩინოსნები ტყუილშიც კი გამოიჭირა. თქვენთვის რის მაჩვენებელია ის, რომ პოლიციელის ჩვენება დამაჯერებლობას კარგავს მოსამართლის თვალში?

ჩემთან ერთი საქმე იყო მხოლოდ ასეთი, მაგრამ ვიდეომასალაც იყო წარმოდგენილი და აშკარად ჩანდა წინააღმდეგობა. არ ვიცი, გაიზარდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევის მაჩვენებელი, სტატისტიკას არ ვიცნობ ამ კუთხით. სასამართლო არ არის ორგანო, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. თუკი ვინმემ მისცა ცრუ ჩვენება, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება.

თქვენი შეფასებით, რატომ არ იყენებენ საგამოძიებო ორგანოები მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, რაც მოწმის აუცილებლად დაკითხვის შემთხვევაში, მოსამართლის დასწრებას ითვალისწინებს? დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთი მოწმეა ამ წესით დაკითხული.

ეს წესი მაშინ მოქმედებს, როცა მოწმე ნებაყოფლობით უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. პროკურატურა ალბათ ფიქრობს, რომ სასამართლოში პირის დაკითხვით მაინც ვერ მიიღებს მისთვის სასარგებლო ჩვენებას.

ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც რა მიგაჩნიათ სასამართლო სისტემაში?

მთავარია, ნდობა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ. ნდობის გაზრდას თავად მოსამართლეებმაც უნდა შეუწყონ ხელი დასაბუთებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებით. ადამიანს კითხვის ნიშნები არ უნდა რჩებოდეს, რატომ დადგა ესა თუ ის განაჩენი. არის საუბარი, რომ უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ პროფესიონალები და ვამუშავოთ მოსამართლეებად. საქართველოში არის ბევრი კომპეტენტური და წესიერი ადამიანი, ვინც შეიძლება იმუშაოს მოსამართლედ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხდება ამ რესურსის გამოყენება. სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ. ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა კვალიფიციურ იურისტებს სურდათ მოსამართლეობა, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ. ბევრი რამეა შესაცვლელი, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც გავლილი უნდა გქონდეს, რომ მოსამართლე გახდე. ამ სკოლაში მიღებაც პრობლემაა. აღარაფერს ვამბობ, რომ პრობლემაა დღემდე მოსამართლის არჩევის წესი. მეც გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ვარ არჩეული.

ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება – ბათუმის საკრებულოს ორი წელი

ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოში ისევ ხმაურობს და აკრიტიკებს ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდი კი ისევ კმაყოფილია. კმაყოფილია გარღვეული ბიუჯეტის, გადათხრილი ქუჩების, ჩაშლილი ტენდერების მიუხედავად, რის გამოც წინა ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. 2016 წლის 14 ივნისს 2 წელი გავა მას შემდეგ, რაც ბათუმმა ახალი საკრებულო აირჩია.

საარჩევნო პროგრამაში, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ მმართველობის დროს თვითმმართველობას მხოლოდ სახელად შერჩა თვითმმართველობა: „მას დღემდე არა აქვს თავისი ბიუჯეტის შევსების ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი წყაროები; სოფლების, თემებისა და ქალაქების თვითმმართველობის გაუქმების გამო თვითმმართველობა იმდენად დაშორდა მოსახლეობას, რომ ვეღარ ახერხებს თუნდაც იმ მცირე მომსახურების გაწევას, რისი უფლება და ვალდებულებაც ჯერ კიდევ შემორჩა…“

„ქართული ოცნება“, რომელმაც არჩევნების გზით ხელისუფლება ჩაიბარა, ამომრჩეველს თვითმმართველობების გაძლიერებას ჰპირდებოდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც მოამზადა კანონპროექტი თვითმმართველობის შესახებ. რა შეიცვალა ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, შეასრულა თუ არა კოალიციამ დაპირება, შეცვალა თუ არა ის, რითაც უკმაყოფილო იყო? – „ბათუმელებმა“ ამ საკითხის გარკვევაზე გასულ კვირას იმუშავა.

ბიუჯეტი და ახალი, არჩეული მერი

ცვლილება, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ განახორციელა, მოგების გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვებას გულისხმობს. თუმცა, ბათუმის მერიას ფულის დახაჯვის პრობლემა უფრო აქვს, ვიდრე უფულობის. ბიუჯეტის შეუსრულებლობა – დაუხარჯავი მილიონები სერიოზული პრობლემაა, მერიაში კი ამ ყველაფერს ისევ კონტრაქტორების მიერ დაშვებული შეცდომებით ხსნიან. საკრებულოს სახელისუფლო გუნდი, „ნაციონალი“ მერის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამო საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს საყვედურობდა, მაგრამ ახლა როლები შეცვლილია – გიორგი კირთაძეს ოპოზიციური ფრაქციიდან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ის პრეტენზიები აქვს, რასაც მანამდე მას უყენებდნენ.

ქონების განკარგვის საკითხი

ძველი მიდგომა შენარჩუნებულია, მაგალითად, ქონების განკარგვის საკითხში: მთავრობა ბათუმის ქონებას ითხოვს, საკრებულო კი აძლევს მთავრობას ამ ქონებას.

საკრებულოს ახლანდელ უმრავლესობას მკაფიო პოზიცია არც მაშინ დაუფიქსირებია, როცა ბათუმელმა ამომრჩეველმა ძველი ბულვარის დასაცავად აქციები გამართა, შექმნა პეტიცია და მთავრობას უთხრა, რომ ინოვაციების ადგილი ბულვარი არ არის.

ექსპერტები ბათუმში არაზომიერ, ქაოსურ მშენებლობებზე საუბრობენ, რაც მათივე აზრით, სამომავლოდ ქალაქს, კონდიცირების გარდა, სხვა უამრავ პრობლემას შეუქმნის. საკრებულოს არჩეული წევრები უმრავლესობიდან ამ საკითხზე არათუ მკვეთრ, არამედ ლოიალურ შეფასებასაც ერიდებიან.

ახერხებს თუ ვერა ხალხის არჩეული საკრებულო სამშენებლო პროცესის კონტროლს? – უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს: „მერიას აქვს არქიტექტურის სამსახური, რომელიც განსაზღვრავს, როგორ, რა და სად უნდა აშენდეს. ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ, რომ არ გვაქვს ქალაქის განაშენიანების გეგმა. ქალაქის დაგეგმარება არ ნიშნავს ფურცელზე გაწერო ამ კვარტალში ხუთსართულიანის აშენება შეიძლება და იმ კვარტალში რვასართულიანის. ეს შრომატევადი პროცესია, რაზეც მერია და საკრებულო ერთობლივად ვმუშაობთ. ჩვენი ფრაქციის წევრი თენგიზ აფხაზავა კი მუშაობს პროგრამაზე, რომელიც დაგვეხმარება ქალაქის დაგეგმარებაზე“.

სანამ საკრებულო ქალაქის განაშენიანების გეგმას დაამტკიცებს, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ბათუმში მშენებლობები 100%-ით ექვემდებარება იმ რეგულაციებს, რაც უკვე გვაქვს.“

ქალაქის გენგეგმის მომზადება ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. არჩევის შემდეგ კი მან თქვა, რომ ამისთვის დონორების მოძიებაა საჭირო. 2016 წლის მერიის ბიუჯეტში 50 000 ლარი გაითვალისწინეს გენგეგმის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, ისიც „რესპუბლიკელების“ დაჟინებული თხოვნით.

ინფრასტრუქტურა

„საკურორტო სეზონი მოდის, ქალაქი კი გადათხრილია“; „ერთი ქუჩა მერამდენედ გადათხარეს“, – ამ ფრაზებს, როგორც საყვედურს, წინა მერის მიმართ საკრებულოს ახლანდელი უმრავლესობის წევრები არასდროს იშურებდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ ეს პლუსია. ფრაზა – „ხომ ხედავთ, რა დღეშია“, ასე შეცვალეს: „ხომ ხედავთ, როგორ კეთდება“.

საკრებულოს წევრი „კონსერვატორებიდან“ დიმა დარჩია ამომრჩევლისთვის სასარგებლოდ სწორედ საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაციის გაგრძელების პროექტს ასახელებს. პროექტი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. დიმა დარჩია „მის გაგრძელებას და უფრო სწრაფად ამუშავებას“ მოქმედი საკრებულოს დამსახურებად მიიჩნევს.

კულტურული მემკვიდრეობა

ეს თემა ხელისუფლების სუსტი წერტილია. მემკვიდრეობის ხელყოფის საკითხი პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. იყო შემთხვევები, როცა ძეგლი მთავრობის თანხმობით დაანგრიეს და ისეთი შემთხვევა, როცა ინვესტორმა ძეგლი ნებართვის გარეშე გაანადგურა. ყველა მსგავს შემთხვევაზე საკრებულო ჩუმად არის. მის არც ერთ წევრს, გარდა კობა ჩხეიძისა და მისი ფრაქციის წევრებისა, ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებიათ, მათ შორის არც „რესპუბლიკელ“ ზაურ ახვლედიანს, რომელიც პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა და, შესაბამისად, ძეგლების დაცვა მისი უშუალო მოვალეობაა.

რატომ ვერ გახდა ზაურ ახვლედიანისთვის საკრებულოს ტრიბუნა დამატებითი ბერკეტი ძეგლების დასაცავად? – ის პასუხობს: „მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, თუმცა ვფიქრობ, რომ სააგენტოდან რეალიზებული ვარ. რაც სუბორდინაციას აღემატება, იმას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ. რაც შეეხება ძველ ბულვარს, დღემდე მიმაჩნია, რომ იქ არც ისეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ისეთი არაფერი ხდებოდა. აქციები კი უფრო პოლიტიზებული იყო, ვიდრე პროფესიონალური. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას 13-ს, ორჯერ შევიტანე პირადად დოკუმენტაცია პროკურატურაში. უფლებამოსილი ვარ გამოვწერო ჯარიმა. დარღვევებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში 180 000-მდე ლარის ჯარიმა მაქვს გამოწერილი“.

მოსაზრებას, რომ ამ ტიპის დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ცოტაა, ზაურ ახვლედიანიც იზიარებს. რატომ არ იყენებს საკრებულოს წევრი იმ ბერკეტს, რაც მის პარტიას პარლამენტში აქვს? [კანონპროექტი ჯარიმის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში წარსადგენად] – ზაურ ახვლედიანი პასუხობს, რომ ამას შემდეგ შეეცდება.

პროექტები, რაზეც ახლა საკრებულოში მუშაობენ

უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის საკრებულო რამდენიმე პროექტზე მუშაობს, ერთი საკურორტო სეზონისთვის ქალაქის ავტოტრანსპორტისგან განტვირთვას ითვალისწინებს. ასევე მუშაობენ კერძო ბაღებში ვაუჩერიზაციის სისტემის შემოღებაზე.

საკრებულოს ღიაობა

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არაკორექტული იყო და ასევე ხშირად აპროტესტებდა დასმული კითხვის შინაარსს საკრებულოს წინა თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ის არასდროს ამბობდა უარს ინტერვიუზე. ირაკლი ჭეიშვილი, ანუ მოქმედი თავმჯდომარე ჟურნალისტებისგან თითქმის იზოლირებულია. ის სხდომების შემდეგ კონკრეტულ საკითხზე კომენტარით თუ შემოიფარგლება, ინტერვიუზე მისი დათანხმება რთულია. წინა მოწვევის საკრებულო იყო ერთ-ერთი ორგანო, რომელიც მიღებულ აქტებს საიტზე დროულად აქვეყნებდა. ახლა ასე არ არის. უკვე რამდენიმე თვეა საკრებულო სხდომის ჩანაწერებსაც აღარ აქვეყნებს – ამას ვებგვერდზე რეკონსტრუქციით ხსნიან.

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში 545 მძღოლი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 2016 წლის 3 ივნისს, ბათუმში, პარკირების წესების დარღვევის 545 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 467, ნიშანში დგომა – 51, ტროტუარზე დგომა – 13, დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 10, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 2,  პარკირების ორგანიზების წესის დარღვევა – 2.

13351129_1295032737193365_783119130_o

IMG_9433

13342235_1295093663853939_2015411081_n

13349052_1295093683853937_1909738515_n

13335345_1295093677187271_1194562662_n

13329761_1295093697187269_956552759_n

13342047_1295093690520603_409620394_n

ფოტოები გადაღებულია 3 ივნისს

დასუფთავების აქცია ჩაქვში [ანონსი]

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაქვში, 5 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), CENN-ის და PMC RC-ის კონსორციუმის წევრების ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეკრების დრო და ადგილი: 2016 წლის 5 ივნისი,  11:00 სთ. ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეზო. მისამართი: ნინოშვილის ქ. 35

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 5 ივნისს აღინიშნება. კონსორციუმის წევრების ორგანიზებით მსგავსი აქციები იმართება თელავსა და ახალციხეში.

ბათუმის ბულვარმა ისტორიული მაგნოლიის ნერგი შემოსაზღვრა [ფოტო]

ახალი ნერგი რომელიც ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე იზრდება, ბულვარის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოსაზღვრა მავთულბადით, რათა სკვერის კეთილმოწყობისთვის დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას ახალი ნერგი არ დაზიანდეს.

ბათუმის ბულვარის ფოტო
ბათუმის ბულვარის ფოტო

ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყაროების მიხედვით, ეს ხე იმპერატორ ალექსანდრე მესამეს დაურგავს. ცოტა ხნის წინ ხის ფესვზე ნერგი გაიზარდა.

ამავე თემაზე: ახალი ნერგი ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე

„სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა“ შშმ პირთა კონვენციის ანგარიში წარადგინა

დღეს 3 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში წარმოადგინა, განათლების ნაწილში.

სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის, განათლების სპეციალისტის თამარ მოსიაშვილის შეფასებით, შშმ პირთა უფლებების კონვენცია საქართველოში 2014 წელს ამოქმედდა. სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა შეისწავლა ამ კონვენციის 24-ე და 27-ე მუხლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ განათლებას შეეხება.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები საქართველოში, არის აღიარებული და ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა ქვეყანამ, მაგრამ იკვეთება ნეგატიური ტენდენციებიც, რომელიც საჭიროებს გადაჭრას. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძნელია კონკრეტული პირის საჭიროებებზე  ორიენტირებული პროგრამების ამოქმედება.

თუ სკოლაში არის ექვსი  შშმ ბავშვი, ამ სკოლას ჰყავს ორი სპეციალური მასწავლებელი და თითოეული ბავშვის საჭიროებას, სახელმწიფო სერვისი არ ითვალისწინებს. შესაძლებელია ბავშვს სჭირდებოდეს დამხმარე, მაგრამ სკოლას ამის საშუალება არ აქვს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ანგარიში, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ანგარიში, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“.

ჩვენი ანგარიშის 70-გვერდიან დოკუმენტში, მოცემულია რამდენიმე რეკომენტაცია. სახელმწიფომ როგორმე უნდა შეძლოს რესურსებზე ორიენტირებული მიდგომიდან გადავიდეს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. ანუ, უფრო მეტად მოხდეს  კონკრეტული ბავშვის საჭიროებების გათვალისწინება“-ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით დღეს სპეციალური მასწავლებლების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა არასაკმარისი და გამოწვევები კიდევ არსებობს.

„სპეციალურ პროგრამებთან დაკავშირებით განსხვავებული მდგომარეობაა დედაქალაქში, ქალაქებში და სოფლად. თუ თბილისში, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული სკოლების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, მაღალმთიან რეგიონებში ეს პროცენტი გაცილებით დაბალია“.

თამარ მოსიაშვილის თქმით, კვლევა გაეგზავნება პრემიერ-მინისტრთან არსებულ საბჭოს, სადაც ცხრა სამინისტროს წარმომადგენელია გაერთიანებული, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველს და ანგარიშის წარდგენა მოხდება ვენაშიც.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა დაფინანსებულია „ღია საზოგადოების ფონდის“  (OSF) მიერ. კვლევის პრეზენტაციას განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასწავლებლების ტრენინგი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვით – ბრიფინგი სამინისტროში

3 ივნისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, 28 მაისს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის ორგანიზებით, სკოლის პედაგოგებისთვის გამართულ ტრენინგკურსზე მოხდა ოდესის გუბერნატორთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი ჩართვა „სკაიპის“ მეშვეობით. ლადო მგალობლიშვილის შეფასებით, ეს იყო „თაღლითური გზით პედაგოგების მიყვანა შეხვედრაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო პიარკამპარიას ეწეოდნენ“. მისივე თქმით, პედაგოგები არ იყვნენ ინფორმირებულები ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვის შესახებ და როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, რამდენიმემ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა.

პედაგოგთა ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვას ადასტურებს ასმათ დიასამიძეც. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, ტრენინგკურსი ვიდეოგაკვეთილების ჩატარების ტექნიკას ეხებოდა და პედაგოგები მოწვევის დროს არ გაუფრთხილებიათ ჩართვის შესახებ, თუმცა, ასმათ დიასამიძის თქმით, ადგილზე ყველას ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა იგეგმებოდა:

„ძირითადად ყველა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო. ჩვეულებრივ გაიმართა პარტიის ლიდერის ვიდეოჩართვა, რომელმაც განათლების სისტემაში დაშვებულ შეცდომებზე, მიღწევებსა და დღევანდელ გამოწვევებზე ისაუბრა. დაწყებამდე ვუთხარით და ვისაც არ უნდოდა, არ დარჩენილა“, -ამბობს ასმათ დიასამიძე.

ბათუმის #26 საჯარო სკოლის პედაგოგი რუსიკო ციმნარიძე ერთ-ერთი მათგანია, ვისი განცხადებების ქსეროასლებიც აჭარის განათლების სამინისტროში ბრიფინგზე დაურიგდათ ჟურნალისტებს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ყველაფერი უკვე დაწერა ახსნა-განმარტებით ბარათში“, რომლის დაწერაც მას დირექციამ სთხოვა. რუსიკო ციმნარიძე ამბობს, რომ ტრენინგის შესახებ კოლეგისგან შეიტყო:

„ტრენერმა დაწყებისთანავე აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო. შეფასებები გააკეთა განათლების სისტემისადმი დღევანდელი მთავრობის მიდგომებზე, კი გამიკვირდა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებაა-მეთქი და დავრჩი. ასმათ დიასამიძემ და ტრენერმა ბატონო პრეზიდენტოო, რომ თქვეს, კარისკენ გავიხედე, მეგონა პრეზიდენტი მოვიდა, მაგრამ მონიტორზე მიხეილ სააკაშვილი რომ გამოჩნდა, ყველაფერი ცხადი გახდა. ვიდრე გონს მოვეგებოდი, რამდენიმე წუთი ვუსმენდი. 50-მდე მასწავლებელი იყო, როგორც მივხვდი, წინა რიგებში მსხდომები ინფორმირებულები იყვნენ, მაგრამ ზოგმა ჩვენსავით არაფერი იცოდა“, – ამბობს ის. პედაგოგმა დასძინა, რომ „უგულოდ“ უსმენდა, თუმცა როგორც გაიგონა, საქართველოს ექ-პრეზიდენტმა ამჟამინდელი ხელისუფლების მიდგომები გააკრიტიკა, ისაუბრა მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდის აუცილებლობაზე და შემდეგ კითხვების დასმა სთხოვა დამწრეებს:

„ვეთანხმები რაც თქვა, რომ მასწავლებლებს ხელისგულზე უნდა ატარებდეს ქვეყანა, მაგრამ ამ რაღაცებს ვერ მოვისმენ ადამიანისგან, რომელიც თვითონ გვექცეოდა უარესად. პროფესორ-მასწავლებლებს რომ ჩარეცხილები გვეძახა, ასე მარტივად ვერ დავივიწყებთ,“ – ამბობს რუსიკო ციმნარიძე.

„ბათუმელების“ კითხვას, 28 მაისს მომხდარ ფაქტს რატომ გამოეხმაურა აჭარის განათლების სამინისტრო რამდენიმე დღის დაგვიანებით, მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა, რომ ყაზახეთში იმყოფებოდა, ჩამოსვლის შემდეგ კი  რამდენიმე დღე მოკვლევისათვის დასჭირდათ, „ცხელ გულზე“ რომ არ გაეკეთებინათ განცხადება.

 

„შემოქმედებითი ევროპა“ – პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს 3 ივნისს, 14 :00 საათზე, ევროკავშირის პროგრამის  პრეზენტაციაა დაგეგმილი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში.  „პროგრამა  ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს ათასობით ხელოვანს, კულტურის, უდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს“.

შემოქმედებითი ევროპა ორ ქვეპროგრამად იყოფა – Culture (კულტურის მხარდაჭერის ქვე-პროგრამა) და MEDIA (აუდიოვიზუალური სექტორის მხარდაჭერის ქვე-პროგრამა „მედია“).

პროგრამა 2020 წლამდე არის გათვლილი და მისი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს.

პრეზენტაციას გამართავენ ლიტვის „შემოქმედებითი ევროპის“ დესკის კულტურის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი, ეგლე დელტუვაიტე და საქართველოში „შემოქმედებითი ევროპის“ დესკის კულტურის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი,  ქეთევან შენგელია.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილება საგრანტო პირობები, პრიორიტეტები და ფინანსური მექანიზმები. „ლიტველი ექსპერტი გაგვიზიარებს წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილებებს და განიხილავს საგრანტო წინადადების იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც პროექტისწარმატების წინაპირობაა.“

 

რამდენი უნდა დავიკლოთ თვეში? – 7 შეკითხვა უსაფრთხო დიეტაზე

თვეში რამდენი კილოგრამის დაკლებაა უსაფრთხო ჯამრთელობისთვის და რა არის წონის ნელი კლების უპირატესობა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორს, ლაშა უჩავას ესაუბრა.

  • არაერთი დიეტაა ცნობილი, რომელიც სწრაფ შედეგს და თვეში 10 და 20 კილოგრამის დაკლებასაც კი ჰპირდება ადამიანს. თვეში რამდენი კილოგრამის დაკლება მიიჩნევა ნორმად და რამდენის დაკლება სცდება დასაშვებ ნორმას, რამდენის დაკლებაა საშიში ჯანმრთელობისთვის?

დიეტა არის სწორი, დაბალანსებული, ჯანსაღი კვება. ჭარბი წონის დროს წონის 5-დან 7 პროცენტამდე კლება უნდა მოხდეს თვის მანძილზე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს. ეს ზიანი აისახება არა მხოლოდ ადამიანის გუნება-განწყობაზე, დეპრესიულ მომენტებზე, არამედ, ზოგადად, ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, შეიძლება მოხდეს წნევის სწრაფი ვარდნა, ბრადიკარდია – გულისცემის შენელება. ასევე, ამ დროს ნაღვლის ბუშტში გროვდება ცხიმოვანი ნაერთება, რაც კენჭოვანი დაავადების გაჩენის რისკს აჩენს.

თითქმის ყველა ორგანოზე მოქმედებს სწრაფი კლება უარყოფითად, ფიზიოლოგიური კლებისგან განსხვავებით, როცა ორგანიზმი ადაპტირებულია და მას ზიანს არ ვაყენებთ. აქედან გამომდინარე, სწრაფი კლება არასოდეს არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი კლებაც, როდესაც იმაზე მეტს ვიკლებთ, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური კლების დროს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ცხოვრების წესით ცხოვრობდა მანამდე ადამიანი და შემდგომ როგორ გადაერთო ცხოვრების ახალ, ჯანსაღ წესზე.

  • ანუ, მძიმე წონის მქონე ადამიანები უფრო ბევრს დაიკლებენ?

რა თქმა უნდა. დიდ წონაზე, უკვე ჩამოყალიბებულ სიმსუქნეზე და, უბრალოდ, ჭარბ წონაზე აბსოლუტურად სხვადასხვა კალორაჟის შემცველი დიეტა ინიშნება. შესაძლებელია იყოს მეტი კალორაჟი სიმსუქნით დაავადებულ პაციენტთან და მან უფრო მეტი დაიკლოს, ვიდრე ჭარბწონიანმა პაციენტმა. ეს დამოკიდებულია ჩვენი ცხიმოვანი ქსოვილის მასაზე. რაც უფრო მეტია ცხიმოვანი სხეულის მასა, მით უფრო მალე იკლებს ადამიანი. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ცხოვრების წესი, თუ სად მუშაობს ადამიანი, როგორი დატვირთვა აქვს, ფიზიკური თუ გონებრივი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს კალორაჟის განსაზღვრა.

  • თუ ადამიანს დასაკლები აქვს 10, 15 ან 25 კილოგრამი, ეს რა პერიოდში შეიძლება მოხდეს ჯანსაღი დიეტის შედეგად ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს?

ეს შეიძლება მოხდეს 4-5 თვის განმავლობაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაზე, როცა ადამიანს ნამდვილად სჭირდება წონის დაკლება და, უბრალოდ, მას ამის სურვილი აქვს – ეს განსხვავებული მომენტებია. 4-5 თვეა საჭირო წონის კლებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე არის ქრონიკული მოცემულობა და შემდგომში მას აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება, პროგრამის განსაზღვრა, რომ პაციენტმა წონაში არ მოიმატოს. ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა წონის კლება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს შემდგომ შენარჩუნების პროცესისათვის არის მნიშვნელოვანი. როცა ხანგრძლივად ხდება წონის კლება და ხანგრძლივად იმყოფება პაციენტი დაბალკალორიულ კვებაზე, ხდება კუჭის კუნთოვანი ქსოვილის დაპატარავება, ეს არის კუჭის დაპატარავება ქირურგიის გარეშე. მნიშვნელოვანია ეს პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობდეს, რომ წონისა და მიღებული შედეგის შენარჩუნება არ გაუჭირდეს ადამიანს და, რა თქმა უნდა, ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს.

  • თუმცა წონის კორექციის ხანგრძლივი პროცესი აშინებთ ადამიანებს, თითქმის ყველას სურს სწრაფი შედეგი…

კი, ნამდვილად ასეა, ყველას სურს სწრაფი შედეგი, რაც ძალიან ცუდია. რეალურად დაბალი პროცენტი მომართვიანობის არის იმის გამო, რომ პაციენტს აწუხებს წონა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მომართვიანობის უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს გარეგნობის შეცვლა სურთ, უნდათ უფრო გამხდარი იყვნენ, რაც არასწორი მიდგომაა – ჭარბი წონა, პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ბევრ გართულებას ორგანიზმში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს კომპლექსურად, იმის მიხედვით, თუ ნივთიერებათა ცვლის რომელი რგოლია დარღვეული ორგანიზმში. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, სტრესი რომ არ მივაყენოთ ორგანიზმს.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი წონის კლებისა და შემდგომ შენარჩუნებისათვის? არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერი არიან მიღწეული შედეგით, თუმცა შემდგომში წონა ბრუნდება.

ფსიქოლოგიური ფაქტორი მნიშვნელოვანია არა მარტო წონის კორექციის, არამედ ნებისმიერი დაავადების დროს. ამ დროს ორგანიზმში გარკვეული ჰორმონალური ცვლილებებიც კი მიმდინარეობს, ჩვენი განწყობის მიხედვით. არსებობს ე.წ. ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი გუნება-განწყობა იყოს ამაღლებული. დიეტის დროს როცა ვიმყოფებით უფრო შიმშილზე, ვიდრე დაბალანსებულ კვებაზე, ვითარდება ამ ჰორმონების დეფიციტი, რაც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა ტიპის გართულებას. სწორედ ამიტომაა, რომ კვებაში არ უნდა იყოს მკვეთრი შეზღუდვები და არ უდნა იყოს შიმშილის მომენტი, რომ გუნება-განწყობა არ შეიცვალოს ადამიანის.

  • თქვენი დაკვირვებით, წონის დაკლების შემდეგ რამდენი პროცენტი ახერხებს წონის შენარჩუნებას?

წონის კლების შემდგომ თუ არ გრძელდება ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, პრობლემა იჩენს თავს. დაახლოებით 50 პროცენტი ახერხებს შენარჩუნებას, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ სიმსუქნის მკურნალობას დიეტის კუთხით, ეს ეხება სიმსუქნის მკურნალობას ქირურგიული ჩარევის შედეგადაც კი. მაშინაც კი, როცა ადამიანი იკეთებს ქირურგიულ ოპერაციას, წონის შენარჩუნება არის ძალიან რთული. რეციდივის რისკი არის ძალიან დიდი, რადგან სიმსუქნე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც მთელი ცხოვრება სჭირდება მკურნალობა. ხშირ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგები ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაზე უკმაყოფილო პაციენტები გვყავს, რადგან თითქმის ყველა ენდოკრინული დაავადება ქრონიკულია.

  • დღეში რამდენჯერ უნდა იკვებოს ადამიანმა და რისგან უნდა შედგებოდეს კვების რაციონი, რომ მოხდეს წონის კლება ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე?

კვების რეჟიმი ადამიანის ცხოვრების რეჟიმზეა დამოკიდებული. რეკომენდაცია არის შემდეგი: აუცილებლად უნდა ვისაუზმოთ დილით, როცა გავიღვიძებთ მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში და შემდგომი ყოველი კვება უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან 2,5-3-საათიანი ინტერვალით. დაძინებამდე ბოლო კვება უნდა იყოს მინიმუმ სამი საათით ადრე. აუცილებლად უნდა იყოს შეზღუდული შაქარი და მარილი, ხილი როგორც საკვები, უნდა იყოს გამოტანილი და არა როგორც დესერტი და რაც შეიძლება ბევრი სითხე უნდა მივიღოთ. რაც შეეხება კვების რაციონს, ეს სეზონზეა დამოკიდებული და ახლა ბევრად უფრო ადვილია სწორი კვება, რადგან გვაქვს ახალი ხილი და ბოსტნეული. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები.

ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს

ისინი სოფელ ტაბახმელაში, ერთ სახლში ცხოვრობენ – ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი. 6-სულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მაინც მოჰყავს და ყოველდღიურად 50 ლიტრა რძეს ამუშავებს. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ოჯახს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოკიდებულ სოფელში ცხოვრობს, სრულიად უზრუნველყოფილია. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – არა სიზარმაცეს, შრომობს ყველა შესაძლებლობის მიხედვით.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელაში მცხოვრები გობაძეების ექვსსულიანი ოჯახი შიდა მეურნეობას წლებია ეწევა. კარტოფილის მოყვანა და მესაქონლეობა ამ ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა. აქ საქმე ოჯახის ყველა წევრზეა გადანაწილებული, ყველამ საკუთარი საქმე იცის. ყოველი დილა გობაძეებისთვის ჩვეული გრაფიკით იწყება.

გობაძეებმა შიდა მეურნეობა 16 წლის წინ დაიწყეს. მანამდე, ისევე როგორც სხვა ოჯახები აჭარაში, ისინიც კოლექტიური საქმიანობით იყვნენ დაკავებული და თამბაქო მოჰყავდათ. მას შემდეგ, რაც კოლექტივი დაიშალა და გლეხებს მიწა პირად სარგებლობაში გადასცეს, ოჯახმა კარტოფილის მოყვანა დაიწყო, პირუტყვი მოამრავლა და საყოველთაო გაჭირვების დროს თავის რჩენაც შიდა მეურნეობით გადაწყვიტა.

„ბავშვობიდან მოყოლებული ვშრომობ, ადრე მშობლებს ვეხმარებოდი, ახლა ძმასთან ერთად ვუძღვები საოჯახო მეურნეობას, მოგვყავს კარტოფილი, ვეწევით მესაქონლეობას, ათი სული პირუტყვი გვყავს, საქონლის გამოსაკვებად თივაში თანხა რომ არ გადავიხადოთ, რამდენიმე ჰექტარზე სათიბი გვაქვს, ვუვლით და დროულად ვცელავთ. ზამთრისთვის თივას ვინახავთ, ზაფხულში კი მთაში გადაგვყავს პირუტყვი, მემთეურობასაც ვეწევით. ამ ყველაფრის ერთდროულად კეთება ადვილი არ არის, ბევრ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ დაუძლეველიც არაფერია, ჩვენს ოჯახში ყველამ თავისი საქმე იცის, თუ კარტოფილი დასარგავია, ყველა ერთად ვრგავთ, თუ ბალახია მოსათიბი, კაცები გავდივართ, ქალები მათ საქმეს აკეთებენ, ერთმანეთსაც ვეხმარებით, მაგრამ ერთადერთი საქმე, რასაც აქ მხოლოდ ქალი აკეთებს, ეს ძროხის მოწველაა,“ – ამბობს თემურ გობაძე.

ძროხის მოწველა გობაძეების ოჯახში თემურის ცოლს, მაყვალას ერგო, ამიტომაც მისი ყოველი დღე დილაადრიან იწყება. მემთეურობასაც ის ეწევა.
„ამან არც დასვენება იცის და არც დღესასწაულები, ყველა დღე სისხამ დილით უნდა ადგე, მოწველო, აჭამო და რძეს თავისი ადგილი მიუჩინო. აი, მაგალითად, დღეს დილით შვიდ საათზე რომ ავდექი, პირდაპირ ბოსელში წავედი, მოვწველე, ვაჭამე… რძიდან ყოველდღიურად ყველს ვიღებ და მერე ვადუღებ, რომ ნადუღი გავაკეთო, რომლისგანაც შემდეგ ყურუთს ვამზადებთ. გარდა ამ საქმისა, კარტოფილის გამოყვანით ვარ დაკავებული, ხშირმა წვიმამ საქმეს ჩამოგვტია, ვერ გავმარგლეთ დროულად კარტოფილი და მთაშიც ამიტომ ვერ წავედი,“ – ამბობს მაყვალა.

მაყვალა დღის განმავლობაში 50 ლიტრ რძეს წველის და ყველსა და ნადუღს ამზადებს. მაყვალას ქმარიც ეხმარება, თუმცა თემურის მთავარი საქმიანობა მაინც მეკარტოფილეობაა. საკარტოფილე ტერიტორიის მომზადება, მცენარის შეწამვლა, ბალახის მოცელვა თემურის და მისი ძმის თენგიზის მოვალეობაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ნიადაგის დასამუშავებელი სპეციალური ტექნიკა შეიძინა, რომელსაც გათოხნის ფუნქციაც აქვს, ეს საქმეც მათზე გადავიდა. თემურსა და თენგიზს ამ საქმიანობაში თენგიზის შვილი, ომარიც ეხმარება.

ომარი მე-11 კლასის მოსწავლეა, უნდა ინჟინერ-არქიტექტორი გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ომარი ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში ყოველდღიურად ეხმარება, ბევრს მეცადინეობს, სწავლასაც ასწრებს და ხატვასაც. ხატვა მისი ჰობია, თავისუფალ დროს ახლობელი ადამიანების თუ ფილმების მთავარი როლის შემსრულებლების პორტრეტებს ქმნის.

„როგორც საუკეთესო მოსწავლეს კომპიუტერი გადმომცეს. მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც ინტელექტუალურ გადაცემაში – „რა? სად? როდის?“ კითხვა გავაგზავნე, რომელიც ვერ გამოიცნეს და 600 ლარი მოვიგე. ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო, რაც სწავლამ მომიტანა ბავშვობაში. კარგად ვსწავლობ და არ მგონია, უნივერსიტეტში ჩაბარება გამიჭირდეს. ვხატავ, ადრე პორტრეტი რომ შემექმნა, ხატვის პროცესში უნდა მეცქირა, ახლა შემიძლია ერთი დანახვით ან აღქმით დავხატო, ჩემებს საოჯახო მეურნეობაშიც ვეხმარები,“ – ამბობს ომარი.

81 წლის ჟუჟუნა გობაძე ამ ოჯახის უხუცესი წევრია. ასაკის მიუხედავად, აქტიურად შრომობს, ბოსტნეულს უვლის. ამბობს, რომ ახლა ბევრი არაფერი შეუძლია, მაგრამ უქმად ყოფნა უჭირს.

„ჩემი ასაკის ქალმა რა საქმე უნდა აკეთო, მაგრამ მიყვარს ლამაზად მოვლილი ბოსტანი რომ ყვავის. კიტრი, ლობიო, პომიდორი, ხახვი და ნიორი გამოგვყავს, მთელი წლის განმავლობაში გვყოფნის და არ ვყიდულობთ. სხვაც რომ არაფერი გავაკეთო, კარტოფილს მაინც გავთლი და ოჯახს ამგვარად შევეხიდები,“ – ამბობს ხანდაზმული ქალი.

სახლის საქმე, სადილის მომზადება, სახლის დალაგება თუ ნამცხვრების მომზადება თენგიზის ცოლსა და ომარის დედას, ხათუნას ერგო.
„საჭმელს ვამზადებ, სახლს ვალაგებ, შიდა საქმეები ჩემზეა, ფიზიკური შრომა არ შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩემი როლი საოჯახო საქმეებში მცირეა. ყანაში სამუშაოდ გასულს საჭმელი ხომ უნდა დახვდეს სახლში? და მეც გემრიელობებს ვახვედრებ საქმით დაღლილებს,“ _ ამბობს ხათუნა.

კარგი მოსავალი რომ მიეღოთ, გობაძეებმა ამისთვის წელს ბევრი თანხა დახარჯეს. მინერალურ და ორგანულ სასუქებთან ერთად დაავადებაგამძლე, ძვირადღირებული კარტოფილის თესლი იყიდეს. დანახარჯის მიუხედავად, ოჯახი კმაყოფილია და კარგ მოსავალს ელოდება. გობაძეები არც მიწის სიმცირეს უჩივიან, ყოველწლიურად კარტოფილს სხვადასხვა ნაკვეთზე, ჯამში, ჰექტარ-ნახევარზე რგავენ. დაახლოებით ამდენივე მიწის ფართობს, როგორც თემური ამბობს, დაუმუშავებელს ტოვებენ.

„ბევრი ნაკვეთი მაქვს, აქაც, სოფლის ბოლოში და ბეშუმთან მისვლამდე, მთა შქერნალზე, სულ სამ სხვადასხვა ადგილზე კარტოფილს სამი წლის განმავლობაში ვთესავ, შემდეგ ორ წელს არ ვამუშავებ, ვასვენებ, მუდმივი დამუშავებით მიწა იფიტება და დასვენება სჭირდება, რასაც ჩვენთან არ აკეთებენ. გარდა ამისა, ნიადაგის გასანოყიერებლად ყოველწლიურად ორგანული სასუქები შემაქვს, წელს 5 000 ლარის ორგანული სასუქი ვიყიდე. საკმაო თანხა გადავიხადე მინერალურ სასუქებში, შხამ-ქიმიკატებშიც. მიწა თუ არ გააძლიერე, მოსავალი არ მოვა, თუ მოვა, არ იქნება ხარისხიანი და ხვავიანი.“

გობაძეების ოჯახი
გობაძეების ოჯახი

გობაძეებს ყოველწლიურად 50 ტონა კარტოფილი გამოჰყავთ. გასულ წელს გავრცელებულმა კარტოფილის დაავადება „ფიტოფთოროზმა“ ეს ოჯახიც მნიშვნელოვნად დააზარალა, 20 ტონით ნაკლები მოსავალი მიიღეს. შესაძლო დანაკლისიც წინასწარ გათვალეს და არსებული კარტოფილი წელს დაავადებაგამძლე ჯიშით ჩაანაცვლეს, რაც 2 000 ლარი დაუჯდათ.

„50 ტონა მოსავალი რომ მომყავდა, გასულ წელს 28 ტონა მივიღე, ჩავარდნა მქონდა. სხვა ორ ჯიშთან ერთად, შარშან „კონდორის“ ჯიშის კარტოფილი მქონდა გაშენებული, ამ ჯიშმა დაავადებას ვერ გაუძლო და დავზარალდი. წელს „ჯელის“ ჯიშით ჩავანაცვლე – 1 კილოგრამ თესლში 1,70 გადავიხადე. ჩვენთან თესლში ამდენს არ იხდიან, ამიტომაც ისეთი მოსავალი ვერ მოჰყავთ, როგორც მე. ზოგს არ სჯერა, რომ 50 ტონა მოსავალი მოგვყავს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი, რაც შემოვიდა ტექნიკა, რომელიც მიწას ამუშავებს – კარტოფილის მიწიდან ამოღება და გათოხნა შეუძლია, ნაკვეთები სრულად ავითვისეთ და ოჯახის შემოსავალიც გავზარდეთ. გარდა კარტოფილისა, წლის განმავლობაში სამ სულ საქონელს ვყიდი, ოჯახში ხორცი მუდამ გვაქვს, არაფერზე გვიჭირს. როცა საქმე გვაქვს, 5 საათზე ნაკვეთში ვართ მთელი ოჯახი, 11 საათამდე ვმუშაობთ. მაშინ, როცა ზარმაცი კაცი იღვიძებს, ჩვენ სახლში ვბრუნდებით,“ – ამბობს თემური.

შემოდგომაზე მოწეული კარტოფილის მოსავალს გობაძეები სპეციალურ სათავსოში ინახავენ და როდესაც ბაზარზე კარტოფილი ძვირდება, მაშინ ჩააქვთ ბათუმში გასაყიდად.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შიდამეურნეობას ეწევა და ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე ცნობილი მეურნეა, მათთვის მნიშვნელოვანია განათლება. თემური გვიყვება, რომ მისი ფიზიკური შრომით ორივე შვილს უმაღლესი განათლება მისცა და ბათუმში ბინის ყიდვაც შეძლო:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სწავლა-განათლება, ყველა ასე ვფიქრობთ ოჯახში, ჩემი ორივე შვილი უმაღლესგანათლებულია, ჩვენი ფიზიკური შრომით და მათი მონდომებით ორივემ უმაღლესი დაამთავრა, ორივე მუშაობს. ბათუმში ბინა ვიყიდეთ, ამჟამად იქ ჩემი ბიჭი, როლანდი ცოლთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ რომ წავიდეთ, იქ რა უნდა ვაკეთოთ? ზოგი ფიქრობს, სოფელში მხოლოდ მუშაობენ და სწავლას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ასე არ არის, თუ ადამიანს არ უნდა, არც ისწავლის და არც იმუშავებს, ჩვენთან კი ეს ორივე ერთდროულად ხდება, ამის მაგალითი ომარია, რომელიც ყველა საქმეში გვეხმარება და სკოლაშიც ფრიადოსანი მოსწავლეა“.

კარტოფილის პლანტაცია
კარტოფილის პლანტაცია

შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში [ანონსი]

3 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. დასწრება თავისუფალია.

2015 წლის 1 ნოემბრიდან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ „ფონდი ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (განათლების ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანგარიშის განხილვა საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლებისა და თემის წარმომადგენლებთან. ანგარიში წარედგინება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს. ანგარიში ასევე წარდგენილი იქნება “კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის” საბჭოს სხდომაზე, ვენაში, 2016 წლის ივნისში.

განხილვების დასრულების შემდეგ ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ: რუსუდან ჭანტურია, სოფიო გორგოძე, თამარ ჩხაიძე, თამარ მოსიაშვილი და სიმონ ჯანაშია.

პროექტი “ღია საზოგადოების ფონდმა” დააფინანსა.

ხანძარი ინასარიძის ქუჩაზე [ვიდეო]

3 ივნისს, დილით, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ინასარიძის ქუჩის 7ა-ში, მეოთხე სართულზე. ბათუმის სახანძრო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის განმარტებით, ნაწილობრივ დაიწვა ერთი ბინა, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ხანძარი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში. თვითმხილველის მიერ მოწოდებული ფოტო.
ხანძარი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში. თვითმხილველის მიერ მოწოდებული ფოტო.

კომისია, რომელსაც ბათუმში ტურისტულ სეზონზე საგზაო მოძრაობაზე უნდა ემსჯელა, ჯერ არ შეკრებილა

ბათუმის საკრებულოში 15 აპრილს შექმნილი კომისია, რომელმაც ორი თვის ვადაში [15 ივნისამდე] უნდა უზრუნველყოს ბათუმში საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის შესახებ წინადადების/კონცეფციის შემუშავება-წარმოდგენა, დღემდე არ შეკრებილა.  როგორც საკრებულოს პრესსამსახურში თქვეს, კომისიის თავმჯდომარე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როცა კომისია შეიკრიბება.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფის შექმნა ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის ინიციატივა იყო.

როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე ამბობს, აღნიშნული კომისია, ტურისტულ სეზონზე, ქალაქში საცობების თავიდან არიდებისა და გზების განტვირთვის  მიზნით შეიქმნა.

„უნდოდათ, რომ ყველა ფრაქცია ყოფილიყო წარმოდგენილი და მეც ჩამსვეს. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს საკითხი სპეციალისტებს უნდა შეესწავლათ და საკრებულოს წევრები ამ კომისიაში არ ვიყავით საჭირო, თუმცა მაინც შეიქმნა ეს კომისია. ამბობდნენ, რომ სპეციალისტის მოწვევა მოხდებოდა, თუმცა ჯერ სამუშაო შეკრებაც არ ყოფილა და ალბათ ასე დასრულდება. ეს ერთ-ერთი კომისიაა იმ ბევრ კომისიათაგან, რომლებიც საკრებულოში ასე იქმნება და შემდეგ დიდი ხანი არაფერს არ აკეთებს“.

საცობი ბათუმში
„საცობი“ ბათუმში

ქედის მუზეუმის დირექტორის სწავლა მუზეუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა

დღეს, 2 ივნისს, ქედის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ, მუნიციპალური ბიუჯეტიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის სწავლა დაიფინანსა.

მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ მან მუნიციპალური ბიუჯეტიდან მიიღო დოქტორანტურის კურსის ნაწილობრივი დაფინანსება – 2250 ლარი. მისი თქმით, აღნიშნული დაფინანსება კანონიერია.

„მუნიციპალიტეტს მივმართე თხოვნით და ნაწილობრივ დამიფინანსა ჩემი სწავლის ხარჯი, 2250 ლარით. ეს სრული გადასახადის დაახლოებით ნახევარია. 20 წელია ვმუშაობ ქედის მუნიციპალიტეტში მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ვარ ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენის ავტორი,  საერთაშორისო ნაშრომის თანაავტორი, არაერთი ძეგლის აღმომჩენი…  მასალები დამიგროვდა საიმისოდ, რომ დამეცვა სადოქტორო ნაშრომი. ნაშრომს ვიცავ ქედის მუნიციპალიტეტის მატერიალური კულტურის ძეგლების – ისტორიულ-არქეოლოგიურ საკითხზე,“ – ამბობს ვაჟა ფარტენაძე და დასძენს, რომ დარჩენილი გადასახადის დაფინანსების თხოვნითაც აპირებს მიმართოს მუნიციპალიტეტს – „მაშინ ხელფასი მომცენ ისეთი, რა შრომაც მე ჩავდე, 320 ლარ ხელფასზე მამუშავებენ დირექტორს, მეცნიერ-მუშაკს. შესაბამისი ხელფასი რომ მქონდეს, აღარ მოვითხოვ დაფინანსებას“.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით, მან დღეს გაიგო, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა დოქტორანტურაში სწავლა დაიფინანსა. თუმცა მისივე თქმით, ა(ა)იპ „ქედის ისტორიულ მუზეუმს“ აქვს ბიუჯეტში გაწერილი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის თანხა და მუზეუმის დირექტორს შეეძლო ამ თანხის მიზნობრივი გამოყენება.

„როგორც აუდიტთან გადავამოწმე, კანონით მას არ ეკრძალებოდა დოქტორანტურის დაფინანსება და მორალურ საკითხზე ვერ ვისაუბრებ მე“, – ამბობს ქედის გამგებელი.

როგორც ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მუზეუმის ბიუჯეტში თავიდანვე იყო გაწერილი თანხა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღელბისათვის. რაც სულ 2250 ლარს შეადგენდა და მთლიანად მისი [ვაჟა ფარტენაძის] დოქტორანტურაში სწავლის დაფინანსებას მოხმარდა. დირექტორის თქმით, მუზეუმმა სულ ორჯერ გამოყო თანხა [1125 ლარი] კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ორივე შემთხვევაში თავად ვაჟა ფარტენაძის დოქტორანტურაში სწავლება დაფინანსდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას შეფასებით, ამ შემთხვევაში დაფინანსების მიზანშეწონილობის პრობლემა არ დგას, თუმცა  კითხვის ნიშნებს იწვევს ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში თანხა გამოყოფილი იქნა უშუალოდ დირექტორის სწავლის დასაფინანსებლად:

„სასურველია, მუზეუმს ჰქონოდა ისეთი პრაქტიკა, რომ სხვა თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც მიმართულიყო თანხები, თუნდაც ეს ყოფილიყო სემინარების, ვორქშოპების, სასწავლებლად მივლინების ან სხვა ტიპის ხარჯების დაფინანსება, რათა დისკრიმანაციული არ იყოს მიდგომა და არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორი ბოროტად სარგებლოს საკუთარი უფლებამოსილებით და ერთპიროვნულად წყვეტს, რომ მისი სწავლის დაფინანსება პრიორიტეტულია მისივე დაქვემდებარაბაში მყოფი ა(ა)იპ-ისთვის“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

საგზაო უსაფრთხოების პროგრამა – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა სატრანსპორტო საშუალებებს, პრესსამსახურების თანამშრომლებმა, უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები დააკრეს. აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას მოიცავს, რომლის მიზანი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იქნება. კამპანიის სლოგანია – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“.

ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს 3 ივნისს დენის მიწოდება დროებით შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აჭარისა და გურიის რეგიონების გარკვეულ სოფლებს, ასევე ქალაქ ბათუმის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

„ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა ხელვაჩაურის ნაწილის, სამრეწველო ზონის, შარაბიძეებისა და მახვილაურის დასახლების, სოფლების: სატეხიას და ვარშალომიძეების 6 000 აბონენტს. 06:00 სთ- დან 07:00 სთ-მდე ბათუმის ქუჩების: ტაბიძის, აღმაშენებელის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, გორგილაძის, გორგასალის, ჰაიდარ აბაშიძის, გენერალ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, ლერმონტოვის, ურეხის და ინჯალოს დასახლების, ხიმშიაშვილის, ინასარიძის ქუჩების 11 137 აბონენტს. 01:00 სთ-დან 06:00სთ-მდე ლანჩხუთის რაიონის სოფლების: შრომის უბნის, სუფსას, ღრმაღელეს, ოზურგეთის რაიონის სოფლების: ნატანების და შეკვეთილის 5025 აბონენტს“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგია მიეწოდება ყველა აბონენტს.

საზაფხულო სკოლა „მედია და ნაციონალიზმი“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Broader Perspective Project-ი ხუთდღიან საზაფხულო სკოლას გამართავს თემაზე: „მედია და ნაციონალიზმი“.

საზაფხულო სკოლა ხუთიდან ათი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ომისა და მშვიდობის დროს მედიასა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთობის შედარება, პროპაგანდის როლი, ბალკანეთის ომი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და ა.შ.

პროექტი აერთიანებს რვა ქვეყნის სტუდენტ-ტრენერებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი და ფლობდნენ B1/B2 დონეზე ინგლისურ ენას. რეზიუმეები მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: summerschool@bsu.edu.ge . დღეს, 2 ივნისს, რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა.

სასკოლო ოლიმპიადები განათლების სამინისტროს რეგულაციებს მიღმა

ბათუმელმა ძმებმა – 11 წლის გიორგი და 10 წლის თორნიკე ვარშალომიძეებმა გასულ წელს ოლიმპიადა „შერლოკში“ გაიმარჯვეს. მათ დღემდე არც დაპირებული ფულადი ჯილდო და არც სერტიფიკატები არ მიუღიათ. ამ ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან თავს მოტყუებულებად მათ მსაგვსად სხვებიც მიიჩნევენ. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს თაღლითობისგან დაიცავდა – ოლიმპიადებს კერძო კომპანიები ატარებენ.

სასკოლო ოლიმპიადებს განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად არაერთი კერძო კომპანია ატარებს. ოლიმპიადები სხვადასხვა სასკოლო საგანში ტარდება და, ძირითადად, შემდეგი პრინციპით მუშაობს: მონაწილეობა პირველ ტურში უფასოა ან გადასახადი მინიმალურია. შემდეგ ტურში გადასული მონაწილეები კი თანხას იხდიან, რომელიც პირველ ტურში გადახდილ თანხას მნიშვნელოვნად აღემატება. ფინალური ტურები ძირითადად უფასოა. საბოლოოდ კი გამარჯვებულები სხვადასხვა ფასიანი და უფასო საჩუქრებით ჯილდოვდებიან. საჩუქრებისა და პრიზების შესახებ მონაწილეებმა ოლიმპიადის დაწყებამდე იციან.

ერთ-ერთი ოლიმპიადა, რომელიც აგრესიული პიარკამპანიით გამოჩნდა გასულ წელს ბაზარზე, „შერლოკი“ იყო. „შერლოკის“ პიარში ისეთი ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამია, გიორგი კეკელიძე და სხვები. „შერლოკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მხარდამჭერთა სიაც სოლიდური იყო: „ილიაუნი“, „წიგნის სახლი“, „ბიბლუსი“ და ა.შ. საბოლოოდ, კომპანია ისე გაუჩინარდა, რომ გამარჯვებულ მოსწავლეთა უმეტესობამ ვერც დამსახურებული სიგელები მიიღო და ვერც ფასიანი საჩუქრები.
პიარკამპანიის შედეგად ოლიმპიადაზე უამრავი მოსწავლე დარეგისტრირდა ქვეყნის მასშტაბით. „შერლოკი“ გასული წლის გაზაფხულზე ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, მაგრამ დაჯილდოება რამდენჯერმე გადაიდო. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველა მიიღებდა დათქმულ ჯილდოს. თუმცა რამდენიმე თვეში გაქრა როგორც „შერლოკის“ ოფიციალური ვებგვერდი, ისე ფეისბუქგვერდი. მშობლები ორგანიზატორებს ვეღარ უკავშირდებოდნენ, სამაგიეროდ ფეისბუქზე შექმნეს გვერდი სახელწოდებით – „მოტყუებული შერლოკელები“.

ამ გვერდის ირგვლივ შეკრებილი საზოგადოების ერთ-ერთი წევრია ნანა სხილაძე. ის ოლიმპიადაში გამარჯვებული ბათუმელი ძმების – 11 წლის გიორგი და 10 წლის თორნიკე ვარშალომიძეების დედაა. ბიჭების ბაბუამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მოძებნა დაიწყო და იპოვა კიდევაც, თბილისში. როგორც ნანა ყვება, ორგანიზაციის ადვოკატსაც დაუკავშირდნენ, რომელიც ყველაფრის გამოსწორებას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით ნანას და სხვა მშობლებს უთხრეს, რომ კომპანია გაკოტრდა და ვერავითარ ჯილდოს ვერ გასცემს: „500-500 ლარი ფულადი ჯილდო ერგებოდათ ბავშვებს, მაგრამ გვითხრეს გაკოტრდა და დავას არ აქვს აზრიო. შევეშვით“.

როგორც ნანა ამბობს, ბავშვებისთვის რთული იყო იმის ახსნა, გამარჯვების მიუხედავად ვერც სიგელს და ვერც ჯილდოს რომ ვერ მიიღებდნენ: „მოგვიწია აგვეხსნა, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, ხანდახან ადამიანები იტყუებიან და ასეთი შემთხვევა იყო „შერლოკი~. ბიჭებმა გაიგეს. ახლა ვცდილობთ ისეთ ოლიმპიადებში მივიღოთ მონაწილეობა, ვისაც ვენდობით“.
ერთ-ერთი მოტყუებული „შერლოკელის“ მშობელია განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშიაც. როგორც მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, მისმა შვილმა გარკვეული პრიზები მიიღო, თუმცა არც საჯარო დაჯილდოების ცერემონიალი ყოფილა და არც საჩუქრები შეესაბამებოდა დაპირებულს. სიმონ ჯანაშიას თქმით, მის მიერ გაკეთებულიო განცხადების შემდეგ „შერლოკიდან“ რამდენჯერმე შეეხმიანენ: „ჯერ დარეკეს, რომ ასე არ არის, ყველაფერი ისეა, როგორც წესით უნდა ყოფილიყოო. შემდეგ ვიღაცები შემეხმიანენ, რომ ჩვენ იქ ვმუშაობდით და თუ გინდათ მოგიყვებით რა როგორც მოხდაო… მაგრამ მე უკვე აღარ მაინტერესებდა“.

ძმები ვარშალომიძეებისგან განსხვავებით, სიმონ ჯანაშიას შვილისთვის ეს პირველი ოლიმპიადა იყო და როგორც თავად ამბობს, ბოლოც აღმოჩნდა: „ჩემს შვილს უნდოდა საკუთარი ძალები მოესინჯა და ყველაფერი ასე რომ დამთავრდა, სხვა ოლიმპიადებში მონაწილეობის სურვილიც გაუქრა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია. იგი ამბობს, რომ დაუკავშირდა გიორგი კეკელიძესაც, რომელიც „შერლოკის“ პიარკამპანიაში იყო ჩართული. „მითხრა, წარმოდგენა არ მქონდა ასე თუ განვითარდა მოვლენები, უბრალოდ, მეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდიო. მხარდამჭერებიც არ იყვნენ კარგად გარკვეულები, როგორც ჩანს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია და მშობლებს ურჩევს, რომ შვილებს მსგავს ოლიმპიადებში მონაწილეობა არ მიაღებინონ. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არსებობს ზოგიერთი ოლიმპიადა, რომელიც წლებია ტარდება და ენდობიან.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კინგსს“, რომელიც მეხუთე წელია სასკოლო ოლიმპიადებს ატარებს საქართველოში. როგორც „კინგსში“ ამბობენ, განათლების სამინისტროს მსგავსი ოლიმპიადებისთვის რეგულაციები არ აქვს. მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ თავიანთი ინიციატივით ჩააყენეს სამინისტრო საქმის კურსში. „კინგსში“ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია რეგულირდებოდეს ეს საკითხი. „ამ ტიპის ორგანიზაციები სწრაფად იხურებიან, თუნდაც „შერლოკის“ მაგალითზე რომ ვთქვათ… რომ რეგულირდებოდეს ეს საკითხი, ყველა ვერ შეძლებდა ოლიმპიადის ჩატარებას და ოლიმპიადების ხარისხიც და კვალიფიკაციაც უფრო მეტად გაიზრდებოდა“, – ამბობს „კინგსის“ მენეჯერი სესილი გელოვანი.

კერძო კომპანიებს ოლიმპიადების ჩასატარებლად ლიცეზია/ნებართვა არ სჭირდებათ და არც რაიმე სხვა რეგულაცია ზღუდავთ. აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ფასიანი სასკოლო ოლიმპიადები კერძო სექტორია და ვერავინ დაუშლის მოსწავლეს ან მშობელს მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც სამინისტრო ვერ აიღებს კერძო ორგანიზატორის ქმედებებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, თავად მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენად სანდოა ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობენ.

რატომ ჩაიჭრა 5 600 მოსწავლე მათემატიკაში

2016 წლის საატესტატო გამოცდებზე გაცილებით მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, ვიდრე გასულ წელს. შარშან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაიჭრა 2 200 მოსწავლე, წელს კი 5 600 მოსწავლე მარტო მათემატიკაშია ჩაჭრილი. ეროვნულ ცენტრს გამოცდებზე ჩაჭრილთა საბოლოო, დაჯამებული ციფრი ჯერ არ აქვს. მას არც იმ კითხვაზე აქვს პასუხი, თუ რატომ გაიზარდა ჩაჭრილთა რაოდენობა მიმდინარე წელს – მიზეზებზე ვერც საჯარო სკოლებში საუბრობენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს საატესტატო გამოცდებზე 47 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. მათ რიცხვში შედიოდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც შარშან ჩაიჭრნენ და ამიტომ საატესტატო გამოცდებზე განმეორებით გავიდნენ.

მათემატიკასა და უცხო ენაში წელს ყველაზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, ბათუმის სკოლებშიც ჩაჭრილთა უმრავლესობამ სწორედ მათემატიკა და უცხო ენა ვერ ჩააბარა.

19-იდან 11 მოსწავლე ჩაიჭრა, მაგალითად, ბათუმის 29-ე საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორის, ნური ჯაფარიძის თქმით, მოსწავლეების უმრავლესობა უცხო ენაში (რუსულში) ჩაიჭრა. რამდენიმე კი ორ საგანში, –  მათემატიკასა და უცხო ენაში.

დირექტორის აზრით, საატესტატო გამოცდების შედეგების გაუარესების მიზეზი მოსწავლეების მიერ გაკვეთილების ხშირი გაცდენაა. „ბავშვი გაკვეთილზე რომ არ გვესწრება, მასწავლებელს რა უნდა ვუთხრა, რა შენიშვნა უნდა მივცე და რა გადახალისება გავაკეთო. მშობელი უწყობს ამას ხელს. ჩვენს სკოლაში ბავშვმა გაკვეთილს რომ მოუსმინოს, იმ შემთხვევაშიც კი ატესტატი აქვს გარანტირებული. ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა და უკვე დავიწყეთ განგაში ერთი საათის გაცდენაზეც კი“.

82-დან 22 მოსწავლე ჩაიჭრა საატესტატო გამოცდაზე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ყველაზე მეტი – 19 მოსწავლე მათემატიკაშია ჩაჭრილი. სკოლის დირექტორის შეფასებით, გამოცდის შედეგი შეიძლება განაპირობა მოსწავლის აკადემიურმა მომზადებამ, ან შეიძლება კითხვები იყო უფრო რთული. „ცხადია, ჩვენმა მოსწავლეებმა მათემატიკაში ბევრი არაფერი იციან და აქილევსის ქუსლია ეს ჩვენი განათლების სისტემის“, –  გვეუბნება სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია.

დირექტორის თქმით, შარშანდელი ჩაჭრილებიდან წელს ათი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. მათგან ხუთმა ჩააბარა, ხუთი კი ისევ ატესტატის გარეშე დარჩა.

მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, 127 მოსწავლიდან მათთან ცხრა მოსწავლე ჩაიჭრა: „აქედან ერთი შარშანდელია. ყველა მოსწავლე მათემატიკაში ჩაიჭრა“. დირექტორის თქმით, „როგორც ჩანს, გაგვეპარა“, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ ჩაიჭრნენ საშუალო დონის მოსწავლეები და „მათ ზღვარი ყველა ვარიანტში უნდა გადაელახათ“.

პირველი საჯარო სკოლის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდაზე მათთან მხოლოდ სამი მოსწავლე ჩაიჭრა, სამივე მათემატიკაში. „აქედან ერთი მეორედ აბარებდა გამოცდას, ერთი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვია და მშობელი არ დათანხმდა იმას, რომ სპეციალური პროგრამით ჩაებარებინა გამოცდა, მესამე კი არ გამოცხადდა“.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს მათემატიკაში 7 პროცენტი იყო ჩაჭრილი, წელს კი ეს მაჩვენებელი12 პროცენტზე ავიდა.

„სხვა საგნებში არსებითი ცვლილება არ არის, ქართულში გასულ წელს 1,7 მეათედი პროცენტი ჩაიჭრა, იგივეა წელსაც, გეოგრაფიაში შარშან 1 პროცენტი იყო, წელს – 0,4 პროცენტი ჩაიჭრა. ბიოლოგიაში შარშან იყო 0.6, წელს – 0,7-ია. ცოტათი გაუარესებულია მაჩვენებელი უცხო ენაში. გასულ წელს 4,5 პროცენტი იყო ჩაჭრილი, წელს 7,2 მეათედია ჩაჭრილი“, – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, შედეგებზე პასუხისმგებლობა სკოლასაც ეკისრება: „დირექტორებთან მქონდა შეხვედრა და ითქვა, რომ ეს ყველა ჩვენგანის ბრალია, სწავლის ხარისხი უკეთესი უნდა გვქონდეს. პრობლემაა ისიც, რომ კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაა“.

რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს –  უკეთესი მდგომარეობა არც აქ არის. ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, მაგალითად, ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში 22 მოსწავლიდან ინგლისურ ენაში თორმეტი მე-12-კლასელი ჩაიჭრა.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით ქართულ ენაში 37 900 აპლიკანტიდან საატესტატო გამოცდებზე 900 ჩაიჭრა, ისტორიაში ტესტირებაზე გავიდა 42 ათასი მოსწავლე, ჩაიჭრა – 2 100, უცხო ენაში 43 ათასი მოსწავლიდან ბარიერი ვერ გადალახა 6 500-მა. 5 600 მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკაში.

რეგისტრირებულთაგან ათასი მოსწავლე გამოცდებზე საერთოდ არ გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის განცხადებით, ჩაჭრილი მოსწავლეების ერთი ჯგუფი ბარიერის დაწევას ითხოვს. ივა მინდაძე ამბობს, რომ ეს შეუძლებელია – მინიმალური ზღვარი საატესტატო გამოცდებზე 5,5-ია.

ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა.

 

შეხვედრა პოეტ ზვიად რატიანთან [ანონსი]

დღეს, 2 ივნისს, 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 44-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პოეტსა და მთარგმნელთან,  ზვიად რატიანთან. შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს ლიტერატურული კლუბი.

ზვიად რატიანი ლიტერატურული პრემია „საბას“ 2010 წლის ლაურეატია. მას დღემდე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და მისი ლექსები ნათარგმნია ხუთზე მეტ ენაზე. თავად ზვიად რატიანი თარგმნის გერმანულ და ინგლისურ პოეზიას.

გიორგი მაისურაძე: ლენინის და ბრეჟნევის პორტრეტები ახლა ხატებით უნდა ჩაანაცვლონ [ვიდეო]

„მე შეიძლება გამიმართლა იმაში, რომ გარდატეხას მოვესწარი – დავიბადე საბჭოთა კავშირში და მახსოვს, კაბინეტებში ლენინის ხატებად ქცეული პორტრეტები. სინამდვილეში არც ის ლენინი არავის არ აინტერესებდა, არც წაეკითხათ არც მარქსი და არც ლენინი… მაპატიეთ და ფეხებზე ეკიდათ. ახლა სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ მაშინ ასე იყო საჭირო და ახლა ასეა საჭირო – ლენინის და ბრეჟნევის პორტრეტები ახლა ხატებით უნდა ჩაანაცვლონ. მათ არც მაშინ სწამდათ იმის და არც დღეს სწამთ ამისა. ორივე შემთხვევაში თვალთმაქცი, უსინდისო და ფარისეველი ადამიანია ვინც ამას აკეთებს. ხატი თუ გინდა, ამისთვის სალოცავი ადგილია ეკლესიაა და წადი, რატომ უნდა დაკიდო კაბინეტში, სადაც ქრთამებს იღებ და განკარგულებებს გასცემ?! ანუ დღესაც გჭირდება, რომ ხატი იყოს ის ავტორიტეტი, რომელიც შენს გარყვნილებაში, უკანონობასა და უსინდისობაში დაგიცავს, არა?! ზუსტად ისევე, როგორც ლენინის პორტრეტი ჰქონდა ჩამოკიდული და ფარისევლობდა: „როგორ შეიძლება მე დამიჭიროს ვინმე, ან რევიზია მოვიდეს, მე ხომ ჭეშმარიტი კომუნისტი ვარ!“, – ამბობდა ის, ამ დროს კი მამაძაღლი და მატყუარა იყო. ზუსტად ასეთივე მატყუარაა, ვინც თვალებში ნაცარს გვაყრის და გვეუბნება: „როგორ მე მორწმუნე ვარ, როგორ შეიძლება არ მენდოთ? ხატები მიკიდია…“ აი, ამ ფონის შექმნა არის ჩვეულებრივი ტესტი სიცრუისა“, –  ასე გამოეხმაურა ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი მაისურაძე საჯარო დაწესებულებებში რელიგიური ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის განთავსების საკითხს შეხვედრაზე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს შედგა. შეხვედრის თემა იყო: „სეკულარიზმი და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“.

პირველ ნაწილში გიორგი მაისურაძემ მოხსენება წაიკითხა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. დაწყებამდე, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სეკულარიზმთან დაკავშირებული რიგი პრობლემები ტერმინის არასწორი განმარტებიდან მომდინარეობს, შესაბამისად, მოხსენების პირველი ნაწილი ტერმინის ეტიმოლოგიისა და მისი დაფუძნების ისტორიას დაეთმო. შემდეგ ნაწილში საუბარი თანამედროვე ქართულ გამოწვევებზე იყო. დისკუსიისას კითხვები შეეხო რელიგიური ატრიბუტიკის საჯარო დაწესებულებებში განთავსების, პოლიტიკურ საქმიანობაში რელიგიური ინსტიტუციის გამოყენებისა და სხვა, რიგ ტენდენციებს, რომლებიც სეკულარიზმს არღვევს.

დისკუსია დაიგეგმა პროქტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის [NED] დაფინანსებით.

ნავთობტერმინალი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ

“ბათუმის ნავთობტერმინალი” სასამართლოში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ედავება. ტერმინალი მიმდინარე წლის 26 თებერვალს ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გამო დააჯარიმეს 65 ათასი ლარით, ხოლო 5 ათასი ლარით – ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის. ნავთობტერმინალი მეორე ჯარიმას ასაჩივრებს. კომპანიის შეფასებით, მათ ინფორმაცია დროულად შეატყობინეს გარემოსდამცველებს

“იმ დილით სამსახურის უფროსმა დამირეკა, რაღაც ლაქები შეინიშნება ზღვაშიო – მოუყვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს მოწმემ, გარემოს დაცვის დეპარტამენტის შავი ზღვის  კონვენციური დაცვის სამმართველოს მთავარმა ინსპექტორმა, ჯუმბერ სარჯველაძემ  – დაახლოებით 9 საათისკენ გავედით ზღვაში კატარღით. ვცდილობდით, დაგვედგინა, საიდან იღვრებოდა ნავთობი. ნისლი იყო და ხილვადობაც ჭირდა. მახინჯაურის არეალშიც გავედით. ზუსტად 10 საათსა და 20 წუთზე შევნიშნეთ პირველ ნავსადგომთან ტერმინალის სპეციალური ნავთობმკრეფი კატარღები ცურავდნენ, უკვე ლოკალიზებაზე მუშაობდნენ”.

“ჩვენ არ ვიცოდით წყარო, საიდან იღვრებოდა ნავთობი” – თქვა სასამართლო პროცესზე თენგიზ გორდელაძემ, “ბათუმის ნავთობტერმინალის” წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, შეტყობინება კომპანიას გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მას შემდეგ უნდა გადაეცა, როცა დაადგენდნენ, საიდან იღვრებოდა ნავთობი ზღვაში.

“თუკი ნავთობი არ იღვრებოდა თქვენი არხიდან, სხვას ემსახურებოდით ამის გაურკვევლად?” – იკითხა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რაზეც ტერმინალის იურისტებმა მიუგეს, რომ ისინი ყოველთვის მუშაობენ ლოკალიზებაზე იმის მიუხედავად, დაბინძურების წყარო ტერმინალია, თუ რომელიმე გემი.

სასამართლოს ჩვენება მისცა ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტანმა, თენგიზ გადელიამ. ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და პირველ რიგში, ინფორმაცია სწორედ ნავსადგურის დისპეტჩერის სამსახურში შედის. კაპიტანმა მოსამართლეს უთხრა, რომ ინფორმაცია დაახლოებით დილის 9 საათისთვის მათთან ნავთობტერმინალისგან შევიდა, მაგრამ მანამდე ნავსადგურის წარმომადგენელმა თავად ნახა ზღვაში ნავთობის ლაქებიც და ტერმინალის მცურავი საშუალებებიც, რომლებიც ნავთობის ამოტუმბვაზე მუშაობდნენ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე შემდეგ სხდომაზე კიდევ ერთ მოწმეს დაკითხავს – კატარღა “ფლორას” კაპიტანს. ეს ის კაპიტანია, ვინც ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან პირველმა [ინფორმაციის შეტყობინების მიღებამდე] შენიშნა ლაქებიც და დაბინძურების ლოკალიზებაზე მომუშავე ტერმინალის თანამშრომლებიც.

 

 

„ჰილტონ ბათუმი“ გიწვევთ აქციაზე – “მსოფლიოს გარშემო ერთ დღეში”

2016 წლის 11 ივნისს “ჰილტონ ბათუმი” და საქველმოქმედო ფონდი “ბილივი” გიწვევთ საქველმოქმედო აქციაზე – “მსოფლიოს გარშემო ერთ დღეში”.

ყოველწლიური აქცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ „ჰილტონის“ ქსელის სასტუმროებს, მიზნად ისახავს რამდენიმე სპორტული აქტივობის ჩატარებას და მსოფლიოს გარშემო მანძილის – 40,075 კმ-ის დაფარვას.

2016 წლის 11 ივნისს „ჰილტონ ბათუმი“ პირველად ჩაერთვება ამ აქციაში. ყველას გიწვევთ შემოგვიერთდეთ და ერთად დავეხმაროთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ბათუმსა და ფოთში.

1

ჩაერთეთ შემდეგ აქტივობებში:

  სეირნობა ტბის გარშემო

  რბოლა კიბეებზე

  სირბილი ბულვარში

  ველორბოლა

ღონისძიებაში მონაწილეობის კატეგორიები:

  1. სტანდარტული ბილეთი – 10 GEL
  2. პრემიუმ ბილეთი – 25 GEL
  3. კორპორატიული პაკეტი – 500 GEL

რეგისტრაციისთვის მობრძანდით „ჰილტონ ბათუმში“ 11 ივნისს, დილის 09:00 საათიდან!

ჩვენ ერთად ვცვლით მომავალს!

  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
  • +995 599 01 83 00; +995 422 22 22 99

მატარებლის დამატებითი რეისები „Maroon5“-ის კონცერტისთვის

“საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა „Maroon 5“-ის კონცერტთან დაკავშირებით. ცნობილი ამერიკული ბენდის კონცერტი ბათუმში, ანბანის კოშკთან, 7 ივნისს გაიმართება. მატარებლები დამატებითი რეისს შეასრულებენ 6, 7 და 8 ივნისს.

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ორი მატარებელი გამოვა 07:20, ასევე 10:25 საათზე.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი მატარებელი გავა 14:00 და 16:35 საათზე.

„ეს ცვლილება ფასზე არ ასახულა და ბილეთების თითქმის 95 პროცენტი გაყიდულია. დარჩენილია ბილეთები, ძირითადად 8 ივნისის რეისზე, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. კიდევ დამატების საჭიროება გამოჩნდა, მაგრამ მეტი რესურსი რკინიგზას არ აქვს” – უთხრა “ბათუმელებს” დაჩი ცაგურიამ, “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის უფროსმა.

„Maroon 5“-ის კონცერტი ბათუმში საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ტარდება. პროექტი მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

სასწრაფოდ იყიდება 50 კვმ ბინა ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ზღვიდან 300 მეტრში, ახალაშენებულ სახლში იყიდება 50 კვ.მ ბინა, შავი კარკასი. ბინა მდებარეობს მეხუთე სართულზე.

სახლი უკვე ჩაბარებულია, შეყვანილია კომუნიკაციები.

ფასი: 31 000 დოლარი.

ტელეფონი: 571 144 134

პირველი ივნისი 6 მაისის პარკში [ფოტო]

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 6 მაისის პარკში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები ბათუმის მერიის მიერაა ორგანიზებული. ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 6 მაისის პარკში / ბათუმი, 01.06.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ინკლუზიური სწავლების ცენტრში

ბათუმში ვიზიტად მყოფმა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ბათუმის ინკლუზიური სწავლების ცენტრი მოინახულა. ცენტრი ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს და იქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 47 მოზარდს სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიას ასწავლიან. სკოლაში ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას.

ანდრეი კისკა და გიორგი მარგველაშვილი ცენტრში არსებულ პირობებს გაეცნენ და ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

დღესვე სლოვაკეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ბათუმში ბიზნესფორუმი გახსნეს, სადაც ორი ქვეყნის ინვესტორები ერთმანეთს შეხვდნენ.

margvelashvili 2

margvelashvili 3
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტოები

სლოვაკეთის პრეზიდენტი: „მე ვიქნები საქართველოს ადვოკატი“

„თქვენ არაფერი გაქვთ საწუწუნო. ალბათ, სლოვაკეთიდან ტურისტები როცა ჩამოვლენ, მათთვის ადგილი აღარ იქნება… მე ვიქნები საქართველოს ადვოკატი,“ – თქვა ბათუმში მყოფმა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ. ბათუმის ბიზნესფორუმზე სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

სტუმართმოყვარეობა, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი და შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა – ამ ფაქტორებს გაუსვა ხაზი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესფორუმზე. წარმოდგენილ ვიდეორგოლში კი ნაჩვენები იყო, რომ აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის, ტურიზმსა და სამშენებლო სექტორში შემოდის. ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ აჭარის რეგიონში უკვე მოქმედებს 11 და მალე 7 ახალი კაზინო გაიხსნება. სამინისტროს მონაცემებით, მარტო 2015 წელს 600 000-მა ადამიანმა ისარგებლა ბათუმში არსებული კაზინოებით.

სლოვაკეთის წარმომადგენლებმა თავიანთ პრეზენტაციაში აღნიშნეს, რომ მათი ეკონომიკის წამყვანი დარგი მანქანათმშენებლობაა, ასევე ელექტრონული და ინტერნეტტექნოლოგიების წარმოება. ბიზნესფორუმს რამდენიმე სლოვაკი ინვესტორი ესწრებოდა. ისინი პირისპირ შეხვდნენ ქართველ ბიზნესმენებს.

„მართალია, ამჟამად სლოვაკური ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გვექნება ინვესტიციები ამ კუთხით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით” – აღნიშნა ბიზნესის ფორუმის ბოლოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ.

preidenti 2

samushao shexvedra
სამუშაო შეხვედრა სლოვაკ და ქართველ ბიზნესმენებს შორის
prezidenti 3
ბათუმის ბიზნესფორუმი. 01.06.2016 / ფოტო: ჯაბა ანანიძე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში პირველად შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა. ანდრეი კისკა გიორგი მარგველაშვილთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად მოინახულებს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

FAB LAB BSU-ში დამზადებული ნივთების გამოფენა უნივერსიტეტში

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – FAB LAB BSU-ში [„ფაბლაბ ბსუ“] დამზადებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დამთვალიერებლებს, „ფაბლაბ ბსუ-სგან“ სამახსოვროდ გადაეცათ სუვენირები, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა სიმბოლო.

ბსუ-ს სტუდენტი მამუკა ჩავლეიშვილი ფაბლაბში გრაფიკასა და კომპიუტერებს კურირებს. მისი თქმით, ფაბლაბში ძირითადად ფანერს იყენებენ, ასევე შესაძლებელია პლასტმასისა და მინის გამოყენებაც. ფაბლაბში მომუშავე სტუდენტების თქმით, მინაზე მუშაობა ჯერ კარგად არ აქვთ ათვისებული. როგორც მამუკა ჩავლეიშვილი ამბობს, მალე ფაბლაბში დამზადებულ ნივთებს გასაყიდად გაიტანენ ბაზარზე.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ფაბლაბს უკვე სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები იყენებენ და მისი დახმარებით სამაგისტრო თუ საბაკალავრო ნაშრომებს ამზადებენ.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტებმა სწორედ ამ ლაბორატორიაში არაჩვეულებრივი აპარატურა შექმნეს. ეს აპარატურა დამონტაჟდება სასათბურე მეურნეობაში და განსაზღვრავს ტემპერატურას და მიწის ტენიანობას. სხვა სტუდენტებმა კი ისეთი  აპარატურა შექმნეს, რომელიც  ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბი 5 დეკემბერს გაიხსნა. იგი ულტრათანამედროვე აპარატურით – 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელითა და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარებით არის აღჭურვილი. 

 

ანდრეი კისკა არჩილ ხაბაძეს შეხვდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობასა და მეგობრობაზე ისაუბრეს:
„არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აჭარაში ჩამობრძანებისათვის და იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობარი ევროპის ქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს. სლოვაკეთისა და საქართველოს სხვადასხვა ფორმატით უკვე წარმატებული თანამშრომლობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში. ასევე ხაზი გაესვა ბათუმში დაგეგმილი ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გააქტიურებას“.

დღესვე, პირველ ივნისს, სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სასტუმრო ჰილტონში ბიზნესფორუმს გახსნიან.

სლოვაკეთის პრეზიდენტი ბათუმშია

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ბათუმშია. პრეზიდენტის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დილის 09:45 საათზე დაეშვა. ანდრეი კისკას ოფიციალურ დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში პირველად შედგა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სლოვაკეთის პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში.

შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძე ოფიციალურ სტუმრებთან ერთად სასტუმრო „ჰილტონში“ დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს გახსნის, სადაც სლოვაკეთიდან საგანგებოდ ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოს და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები. ბიზნეს ფორუმის შემდეგ ანდრეი კისკა, გიორგი მარგველაშვილთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. მოგვიანებით კი,  ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ.

ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

estoneti 2
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტო

წერილი ბათუმის ციხიდან

ოთხი მსჯავრდებული ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დახმარებას ითხოვს. ისინი სამედიცინო მომსახურების მიღებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან:

“მოვითხოვთ მედპერსონალთან შევედრას, რათა მივიღოთ ის მედიკამენტები დანიშნულებით, რაც გვეკუთვნის და არ გვაძლევენ, გექცევიან არაადამიანურად… ყოველ ღამე ისმის განწირული ხმები, როგორი მოსასმენია, როცა იცი, რომ შენსავით პატიმარია და გესმის მისი წუხილი. თითქმის ყველა მსჯავრდებულს აქვს აკრძალული სატელფონო საუბარი, ამანათების მიღება და ასე შემდეგ. ისინი ხელს გვირტყამდნენ, ესენი ფსიქოლოგიურად გვსპობენ. როცა ვწერთ კახი კახიშვილს, ისეთ პასუხებთ ვღებულობთ, თითქოს ისევ ჩვენ ვიყოთ დამნაშავე” – წერია წერილში, რომელსაც პატიმრები “ბათუმელების” გარდა კიდევ 72 პირს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს უგზავნიან.

პატიმრების ამ წერილზე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ “ბათუმელებს” წერილობით უპასუხა: “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულები ფ.ჯ., ზ.გ., ლ.კ და გ.კ, ისევე როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, კანონით მათთვის მინიჭებული ყველა უფლებით სარგებლობენ, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო მომსახურება. ოთხივე მსჯავრდებული კონსულტირებულია, როგორც უშუალოდ დაწესებულებების, ასევე, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების მიერ. ჩატარებული აქვთ გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა დიაგნოზების შესაბამისად”

აქვე სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომელიც ამ მსჯავრდებულებს ეწევათ და მათი თქმით, თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, ამ მსჯავრდებულებს არ აქვთ შეზღუდვები არც სატელეფონო საუბრებზე: “ბუნებრივია, ეს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა და არსებობს წესები. ისინი სარგებლობენ ტელეფონით და რომელიმე მათგანს განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს”

პატიმრების წერილი მიიღეს სახალხო დამცველის აპარატშიც. აქ გვითხრეს, რომ ისინი მსჯავრდებულებს რამდენიმე დღეში მოინახულებენ და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ.

 

მოქმედი თანამშრომელი უფროსს სასამართლოში უჩივის

“არ ვიცი, ვისთვის სამწუხარო იქნება და ვისთვის სასიხარულო, მაგრამ დღეს მე გადაწყვეტილებას არ გამოვაცხადებ. ხელახლა არსებითი განხილვა უნდა დავიწყოთ მტკიცებულებების გამორკვევის ეტაპიდან,” – მიმართა მოსამართლემ გოჩა აბაშიძეს, რომელიც დღეს, 31 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მოსასმენად იყო მისული.

გოჩა აბაშიძე ბათუმის მერიის ა(ა)იპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” თანამშრომელია. ის ამავე სამსახურის უფროსს ედავება სასამართლოში. აბაშიძე სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის  იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს: “ვითომ რეორგანიზაცია გამოაცხადეს და სახელი შეუცვალეს განყოფილებას, რეალურად არაფერი შეცვლილა. ჩემი თანამდებობრივი დაქვეითების უფლება ამიტომაც არ ჰქონდათ,” – ამბობს გოჩა აბაშიძე.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის განმარტებით, უნდა გაირკვეს, ასრულებს თუ არა ვინმე ამ სააგენტოში იმ უფლებამოსილებას, რასაც გოჩა აბაშიძე ასრულებდა: “უნდა ვნახოთ სამართლებრივი აქტი, სადაც გაწერილი იყო თქვენი ფუნქციები და გავიგოთ, ამ ფუნქციებს ამჟამად თუ ასრულებს ვინმე”

“ჩემი კეთილი ნებით დავტოვე გოჩა აბაშიძე სამსახურში,” – უთხრა ბათუმელებს გიგა ჩხეიძემ, “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” ხელმძღვანელმა. ის დღევანდელ პროცესს სასამართლოში არ დასწრებია. გიგა ჩხეიძე ამბობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად საერთოდ გაუქმდა ის განყოფილება, რომელსაც გოჩა აბაშიძე ხელმძღვანელობდა: “ეს იყო განყოფილება, რომელიც თეორიულ დონეზე ახორციელებდა მონიტორინგს, გარკვეულ კვლევებს ატარებდნენ. ჩვენ ორი განყოფილება გავაერთიანეთ. მეორე ისაა, რომელიც პრაქტიკულ დონეზე მუშაობს მონიტორინგის კუთხით”

რეორგანიზაციის შედეგად, “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში” დასაქმებულთა რაოდენობა 81-დან 70-მდე შემცირდა.

“სლავა 2015” კედლის აშენების უფლებას ითხოვს

კედლის აშენების მოთხოვნით ნებართვის მისაღებად კომპანიამ – “სლავა 2015” აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებისთვის “სლავა 2015”-მა უკვე გადაიხადა ჯარიმა – 10 000 ლარი. ორი კვირის წინ კი კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა უკანონოდ მკოწყობილი ღობისთვის, რამაც გზის საფარის დაზიანება გამოიწვია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ნაცვლად, რაც გზის საფარის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას გულისხმობდა, კომპანიას წერილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შეუტანია. ამის შესახებ მირანდა ჩარკვიანმა გვითხრა, სააგენტოს დირექტორმა: “კომპანია ამბობს, რომ ტროტუარის აღსადგენად და მის გასამყარებლად არის საჭირო კედლების აშენება. ეს პირობა პირადად ჩემთვის მიუღებელია და საბჭოსაც ამას მოვუწოდებ, რომ ამას მხარი არ დაუჭიროს. კომპანიას სურს, თითქოს ტროტუარის აღდგენით შემოგვაპაროს მშენებლობა”

რატომ უარესდება ტროტუარის მდგომარეობა კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად? – კითხვაზე პასუხის მიღება “ბათუმელებმა” ვერ შეძლო კომპანიისგან “სლავა 2015”. კომპანიის იურისტი, გურამ ღოღობერიძე სიტუაციის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. იმავე კითხვაზე პასუხს თავი აარიდა ბათუმის მერიის ზედამზედველობის სამსახურმა. “ჩვენს კომპეტენციაში ეს ობიექტი აღარ შემოდის, მთლიანად მასზე პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა,” – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

“სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუკი კომპანია ნებაყოფლობით არ აღასრულებს მოთხოვნას, პროცესში აღსრულების ეროვნული ბიურო უნდა ჩაერთოს” – განმარტავს საია-ს იურისტი, ანნა მდინარაძე.

IMG_0001
ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა

IMG_0003

 

 

 

Exit mobile version