„ბათომის“ მიმართვა ბათუმის მერიასა და საკრებულოს – გონიოს ციხე

ავტორი: ნინო ინაიშვილი – საზოგადოება „ბათომი“

მოგმართავთ გონიოში მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობასა და მასთან დაკავშირებით სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გაჭიანურებული და მტკივნეული პროცესი წარიმართოს და გადაწყდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად ყველა მხარის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

ჩვენ ვაცნობიერებთ აღნიშნული საკითხის სირთულეს, რაც, ჩვენი აზრით, სხვადასხვა დროს სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებების, უწყებებს შორის შეუთანხმებლობისა და მოქალაქეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობითაა გამოწვეული. იმისათვის, რომ მოგვარდეს ეს კონფლიქტი, კომისიას მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა – კომპრომისებისა და სამართლებრივი გზების ძიება, რომელიც ყველა მხარის ინტერესს გაითვალისწინებს. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში დარგის სპეციალისტთა და ფართო საზოგადოების ჩართულობაც.

გამოვყოფთ ორ უმთავრეს საკითხს, რაშიც სახელმწიფოს არა აქვს უფლება დაუშვას შეცდომა, ვინაიდან ამას მოჰყვება გამოუსწორებელი შედეგები კულტურული მემკვიდრეობისათვის, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობა, როგირც მოგეხსენებათ, არაგანახლებადი რესურსია, კერძოდ:

  1. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ტერიტორიის (გონიოს ციხის ირგვლივ 100 მეტრი რადიუსში) კერძო საკუთრებაში გადაცემა. ამ ტერიტორიაზე საკუთრების დაკანონებაზე სამართლიანი პრეტენზიის მქონე მოქალაქეეებისათვის მოიძებნოს ალტერნატიული მიწის ფართობი.
  2. გონიოს არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიურ დამცავ ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოქმედი კანონმდებლობით საკუთრების აღიარება მოხდეს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიისადმი 2014 წლის 12 დეკემბრის წერილში. წერილში ხაზგასმულია, რომ, იმისათვის, რომ თავიდან აცილებული იქნას აღიარებული საკუთრების მართვასთან და განკარგვასთან (დავამატებდით ძეგლის არქეოლოგიურ და მულტიდისციპლინარულ კვლევასთან) დაკავშირებული შემდგომი გართულებები, საკუთრების აღიარების პროცედურების განხორციელებისას აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს (ამ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტი) მიერ უზრუნველყოფილი იქნას დაინტერესებული პირის ინფორმირება იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ 36-ე და 40-ე მუხლები, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის #57 დადგენილება) ითვალისწინებს ძეგლის ინდივიდუალური დაცვისა და არქეოლოგიური დაცვის ზონაში განსახორციელებელ სამუშაოებთან მიმართებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეორე რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა უნდა განხორციელდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ობიექტურად და სხვადასხვა მხარის ინტერესების შეჯერებით მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც არ იქნება საზიანო ეროვნული მნიშვნელობის არქოლოგიური ძეგლისთვის. გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ კომპლექსს აქვს პოტენცია წარდგენილი იქნას ნომინაციაში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოსაპოვებლად. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოპოვება კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი  სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია მისი შესაფერისი სამართლებრივი და ფიზიკური დაცვა. ნუ დაუკარგავთ გონიო-აფსაროსს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიღების შანსს. თავის მხრივ ეს მაღალი სტატუსი, როგორც ამას მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ტურიტების მოზიდვის და საერთოდ რეგიონის და პირველ რიგში გონიოს მაცხოვრებლების, ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება. მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის გარეშეც, ისეთი მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი, როგორიც გონიო-აფსაროსია, სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იქნას ისე, როგორც ამას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დოკუმენტები და ქარტიები ითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტებზე საქართველოს სახელმწიფოს ხელი აქვს მოწერილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დოკუმენტი არქეოლოგიურ მემკვიდრეობას განიხილავს, როგორც საერთო ფასეულობას მთელი კაცობრიობისათვის (წერილს თან ვურთავთ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ე.წ. ლოზანის ქარტიის ქართულ თარგმანს).

ჩვენი ორგანიზაცია მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს საჯარო მოხელეთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ნებართვების გაცემაზე გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ზონის ფარგლებში, მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას და ძეგლისათვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში დააყენებს კონკრეტულ საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხს.

გონიოელები საკრებულოსგან პასუხის მოლოდონში

ბათუმის საკრებულოსთან ისევ რჩება კარავი და ლეიბები, სადაც გონიოელები მანამდე მორიგეობის პირობით რჩებიან, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისია დღეს, 12 საათზე უნდა შეკრებილიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. რა მიზეზით გადაიდო სხდომა ამაზე საკრებულოში პასუხი არ აქვთ. ხვალ თავად გააკეთებს ამაზე განხადებას კომისიის თავმჯდომარე – განგვიმარტეს საკრებულოს პრესამსახურში.

საპროტესტო აქცია ბათუმის საკრებულოსთან
საპროტესტო აქცია ბათუმის საკრებულოსთან

გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი მორიგეობა 14 ივნისს დაიწყეს. ისინი არ აპირებენ დაშლას, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია სხდომას არ გამართავს და გონიოს მიწების საკითხს არ განიხილავს. საკრებულოს წინ გაშლილ ლეიბებზე გაწოლილი რამდენიმე გონიოელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შიმშილობასაც დაიწყებენ.

ათი ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში – ხულოს გამგეობა ინვესტორს ეძებს

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთსართულიან სახლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სახლი, სადაც ათი ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია.

სახლი რუსთაველის ქუჩაზე იმდენად ძველია, რომ ერთი შეხედვით რთულია დაიჯერო, აქ ვინმე ცხოვრობს.

სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, აქ მცხოვრებმა სევიე თავდგირიძემ დიდი ხანია იცის. სევიე ფიცრული სახლის ბოლოს, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ ორ ოთახში 15 წელია ცხოვრობს. მოხუცს, რომელსაც თავი სახელმწიფო შემწეობით გააქვს, არც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, უსაფრთხო გარემო რომ შეიქმნას და არც ფიცრულის დამოუკიდებლად შეკეთება შეუძლია.

მოხუცებულის შემოსავალი პენსია და 50 ლარი სოციალური დახმარებაა. იგი ამბობს, რომ პენსიას მთელი წლის განმავლობაში შეშის საყიდლად ზოგავს.

„ზამთარში რომ არ გავიყინოთ, პენსიიდან ფულს ვზოგავ და შეშას იმით ვყიდულობ, აქვე ვასაწყობებ, რადგან სარდაფში შეშას ნესტი ედება და აღარ იწვის. ადრე დახმარების იმედი გვქონდა, ახლა იმედიც აღარ გვაქვს. აი ასეთ პირობებში ვცხოვრობ,“ – მიყვება მოხუცი და დამპალ იატაკსა და ჟანგმოდებულ ნიჟარას მაჩვენებს. მას არც ელექტროქურა აქვს და არც მაცივარი.

შენობაში, რომელსაც აქაურები ყოფილი ფაბრიკის სახლს ეძახიან, სევიე თავდგირიძესთან ერთად ცხრა ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველია.

სევიეს გვერდით მადლენა დავითაძე ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ წელს, ზამთარში, ხელისუფლებამ აქ მცხოვრებ ყველა ოჯახს დროებით ქირით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მხოლოდ ორი ოჯახი დათანხმდა. „სახურავი დამპალი და დაზიანებული რომაა, გათოვდება თუ არა ხელადვე ვწმენდთ, წელს, ზამთარში, გვითხრეს, რომ უსაფრთხო გარემოში გადაგვიყვანდნენ, მაგრამ სახლი იმის შიშით არ დავტოვე, რომ სხვა უსახლკარო ოჯახი არ შემოჭრილიყო და სულ უსახლკაროდ არ დავრჩენილიყავი, ან თოვლს არ დაეზიანებინა. ვთხოვთ დაგვეხმარონ, ჩვენ აქ ისეთი ოჯახები ვცხოვრობთ, ვისაც ძალიან უჭირს“, – ამბობს მადლენა.

შენობა რომ დეფორმირებულია, ამას ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურშიც ადასტურებენ. როგორც სამსახურის უფროსი რამაზ შავაძე ამბობს, 2015 წელს გეოლოგების მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ შენობა სიძველის გამოა დეფორმირებული. სამსახურის უფროსი აქვე იმასაც განმარტავს, რომ სპეციალისტებმა სახლის მდგრადობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება.

ხულოს გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის თქმით, გამგეობა მუშაობს ინვესტორის მოძიებაზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც მოისურვებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას და ათ ოჯახს საცხოვრებელ სახლს უსასყიდლოდ გადასცემს, გამგეობა მას 700 000-მდე ლარით დააფინანსებს.

„დაგიდასტურებთ, რომ შენობა საცხოვრებლად შეუსაბამოა, ვეძებთ ინვესტორს. თუ ინვესტორი გამოჩნდება, გამგეობა ნაწილობრივ აიღებს ვალდებულებას, რომ ეს ოჯახები დროებით უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანოთ. კორპუსის ასაშენებლად ინვესტორს შიგა თუ გარე კომუნიკაციების საკითხების მოგვარებაში დავეხმარებით, ეს იქნება წყლის მიყვანა, კანალიზაციის გაყვანა თუ ელექტროენერგიით მომარაგება. გამგეობამ ამ ოჯახებს საცხოვრებელი სახლი ვერ აუშენებს, ამის ფინანსური რესურსი არ გვაქვს,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტს სიძველით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით მიზნობრივი პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებში გამგეობა ასეთ ოჯახებს 10 000 ლარით ეხმარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოჯახებმა პროგრამით მხოლოდ იმიტომ ვერ ისარგებლეს, რომ შენობას მრავალსაცხოვრებლიანი სახლის სტატუსი აქვს, რაც პროგრამაში ხულოს გამგეობას არ აქვს გათვალისწინებული.

ფოტოზე: სევიე თავდგირიძე. ეკა ბარამიძის ფოტო

საბავშვო ბაღების ალტერნატივა აჭარის მაღალმთიან სოფლებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების შორეულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მსგავს ცენტრებს – „ალტერნატიულ ჯგუფებს” ხსნის. ასეთი ცენტრი ქედის ორ, ხოლო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ოთხ-ოთხ სოფელში მოეწყობა.

„ალტერნატიული ჯგუფი“ – ასე ეწოდება სკოლამდელი განათლების ცენტრებს, რომლებიც სამი მუნიციპალიტეტის ათ სოფელში სექტემბრის თვიდან გაიხსნება. „ალტერნატიულ ჯგუფებს“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტის ფარგლებში – „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხრადაჭერა“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, მაღალმთიან სოფლებში ასეთი ცენტრების გახსნის ძირითადი მიზანი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა. ის ჩვეულებრივი, სტანდარტული საბავშვო ბაღის სტრუქტურისგან ბევრად განსხვავებული იქნება.
„ალტერნატიული ჯგუფები~ მუშაობას დილით დაიწყებს და სასწავლო პროცესი ოთხ საათს გაგრძელდება. აქ ბავშვებს არც კვება ექნებათ და არც ძილის საათებია გაწერილი. თითო ცენტრს მხოლოდ ერთი აღმზრდელი ეყოლება და მაქსიმუმ 3-5 წლის 20 ბავშვს მიიღებს.

ასეთი ცენტრი ქედაში სოფლებში – ზუნდაგასა და ზედა ბზუბზუში მოეწყობა. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აიშე თებიძე ამბობს, რომ ეს სოფლები საჭიროებიდან გამომდინარე შეარჩია.

„მას შემდეგ, რაც დაიგეგმა ალტერნატიული ჯგუფების მოწყობა, არასამთავრობო ორგანიზაციას ეს სოფლები შევთავაზე. ზუნდაგიდან და ზედა ბზუბზუდან ბავშვები ზუნდაგის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. ეს სოფლები ცენტრს რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული, თანაც ამ სოფლებში ბავშვთა კონტინგენტი დიდია. პროგრამის მიზანია მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური განათლების მიღება. ბავშვებისთვის ერთი ოთახი მოეწყობა, სადაც განთავსდება საჭირო ინვენტარი“, – ამბობს აიშე თებიძე.

ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი რიჟვაძემ თქვა, რომ მან ის სოფლები შეარჩია, სადაც ბავშვთა დიდი კონტინგენტია და ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაღის გახსნა არ იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრში ბავშვის ტარების სურვილს 20-ზე მეტი მშობელი გამოთქვამს, გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ ბავშვთა მიღებისას განმსაზღვრელი ასაკი იქნება, “ჯგუფი სასკოლო ასაკის ბავშვებს მიიღებს“, – ამბობს ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი.

„ალტერნატიული ჯგუფები~ ხულოში სოფელ აგარაში, ბეღლეთში, ბოძაურსა და ზემო ვაშლოვანში გაიხსნება.

ქედისა და ხულოს სოფლებისგან განსხვავებით, შუახევის მუნიციპალიტეტში სამ ალტერნატიულ ჯგუფთან ერთად ერთი სკოლამდელი ჯგუფიც გაიხსნება, სადაც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებს მიიღებენ.

„დაბაში სკოლამდელი ჯგუფი გაიხსნება სოფელ ხაბელაშვილებში. ნენიასა და ოლადაურში კი ალტერნატიული ჯგუფები“, – ამბობს შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე.

სოფლებში გახსნილ „ალტერნატიულ ჯგუფს~ საჭირო ინვენტარს, საკანცელარიო ნივთებსა თუ საგანმანათლებლო წიგნებს ერთი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია შეუძენს, ასევე ერთი წლის განმავლობაში აქ დასაქმებულს გადაუხდის ხელფასს, საშემოსავლოს დაქვითვის გარეშე, დაახლოებით 100 ევროს ოდენობით.

პროგრამის ფარგლებში ერთი წლით გახსნილი ცენტრები გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას, ამას თვითმმართველი ორგანოები გადაწყვეტენ. აიშე თებიძე იმედოვნებს, რომ ალტერნატიული ცენტრები ქედაში შესაძლოა გაფართოვდეს და სტანდარტული საბავშვო ბაღის სახეც კი მიიღოს.
ვიდრე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ბაღების გაერთიანებებმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ის აღმზრდელებიც შეარჩიეს და თბილისში გადაამზადეს, ვინც შერეული ასაკის ბავშვები სოფლებში სკოლამდელი განათლებით უნდა მოამზადონ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgias“ სკოლამდელი განათლების პროგრამების მენეჯერი ალექსანდრე კალანდაძე ამბობს, რომ „ალტერნატიული ცენტრები“ ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების მიღებაზეა ორიენტირებული:

„საქართველოს ბევრ სოფელში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არ არის. შესაბამისად, იქ მცხოვრებ ბავშვებს ამ ტიპის განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ჩვენი ორგანიზაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლონეთში არსებულ პარტნიორ ორგანიზაცია „Edukator“-თან ერთად ასეთ სოფლებში ალტერნატიულ სკოლამდელი განათლების ცენტრებს ხსნის.

ჩვენ აქცენტს ბავშვის ჭამასა და დაძინებაზე არ ვაკეთებთ, მთელი აქცენტი გადატანილი გვაქვს განათლებაზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ისინი გამოყოფენ ფართობს, სადაც შეგვაქვს ინვენტარი, თვალსაჩინოებები და ერთ ოთახში ვაწყობთ მინიმალურ სასტარტო პირობებს, რომ ბავშვებმა მიიღონ განათლება. ადგილზე შეირჩევა პედაგოგი, რომელსაც გადავამზადებთ და გავაცნობთ იმ მეთოდოლოგიას, რითაც უნდა ვასწავლოთ. პროგრამა ექსპერტების მიერ არის შემუშავებული და შეთანხმებულია განათლების სამინისტროსთან“, – ამბობს პროგრამის მენეჯერი.

ალექსანდრე კალანდაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია Civitas Georgia-ს 200-მდე ალტერნატიული ცენტრი აქვს გახსნილი. წელს აჭარის რეგიონის გარდა ასეთ ცენტრებს სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებშიც გახსნის.

ფოტოზე: ქედა, სოფელი ზედა ბზუბზუ, სკოლის შენობა, აქ უნდა გაიხსნას „ალტერნატიული ჯგუფი“. ალექსანდრე კანდელაკის ფოტო.

სტუდენტები სტადიონის დასაცავად, ენთუზიასტი მწვრთნელი და მთავრობა

სტუდენტები ჩაქვის ამორტიზებული სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. სტადიონი დაბა ჩაქვის ცენტრალური მაგისტრალის მოპირდაპირედ, ზუსტად იმ მონაკვეთზეა, სადაც უმაღლესი საბჭოს შენობა მდებარეობს. გზის მარცხნივ სტადიონია, მარჯვნივ კი უმაღლესი საბჭოს შესასვლელი. მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა დახმარების თხოვნით არც უმაღლეს საბჭოს, არც დაბა ჩაქვისა და არც ქობულეთის გამგებელს არ მიმართეს: „მათ ამ პრობლემის შესახებ წლებია იციან და მის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებიათო“. სტუდენტები შიშობენ, რომ ზღვასთან ახლოს მდებარე სტადიონი ხელისუფლებამ შეიძლება გაყიდოს.

ბალახით დაფარულ სტადიონზე შესასვლელი ჭიშკრის მოვალეობას ძველი რკინის მოაჯირის ნაწილი ასრულებს. მეორე მხრიდან კი სტადიონს ღობე არ აქვს, ამიტომ პირუტყვი იქაურობის ხშირი სტუმარია. სტადიონს შუაში ერთი გრძელი ორმო ჰყოფს. „კიდევ ბევრი ორმოა, მაგრამ შუაში რაცაა, ეს ყველაზე ღრმაა“, – ამბობენ სტუდენტები.

ქართლოს დათუნიშვილი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც ჩაქველ ფეხბურთის მოყვარულ მოზარდებს ამ სტადიონზე ავარჯიშებს: „მეტი არ გვაქვს და რა ვქნათ“. ამ დროისთვის ქართლოს მასწავლებელს 69 მოსწავლე ჰყავს. უფროსი ასაკის ჯგუფი კი დაითხოვა: „მათ მოთხოვნებს ეს სტადიონი ვეღარ აკმაყოფილებდა“.

მწვრთნელი ამბობს, რომ „სტადიონი დანაღმულია“, ამიტომ ის მეცადინეობისას ბავშვებს დაახლოებით ასეთი ტექსტებით მიმართავს: `გადააწოდე, გაიქეცი, ნაღმს მოერიდე, ორმოს მოერიდე, გაიქეცი ორმოში არ ჩავარდე, ნაღმზე ფეხი არ დაადგა“… „ნაღმს“ მწვრთნელი პირუტყვის დანატოვარ ფეკალურ მასებს ეძახის, რომლისგანაც სტადიონის გაწმენდას თამაშის დაწყებამდე ყოველთვის ვერ ახერხებენ.

ქართლოს დათუნიშვილი C კატეგორიის მწვრთნელია – დასაქმებული არ არის და ბავშვებს ანაზღაურების გარეშე უკვე წლებია ამეცადინებს. ნიჭიერებს ეძებს, გზაზე რომ დააყენოს: „მეამაყება, რომ ჩემი ორი მოსწავლე უკვე ბათუმის გუნდში ძირითადში თამაშობს“.

გასულ წელს პატარების ჯგუფი ადგილობრივ ჩემპიონატზე გაიყვანა. „ეს ჩემპიონატი დიდი არაფერია, მაგრამ მინდოდა ბავშვებს ენახათ, რას ნიშნავს წესიერ სტადიონზე თამაში“, – ამბობს ქართლოს დათუნიშვილი. ახლა ბავშვებს სკოლებში გამოცდები აქვთ და სტადიონზე მისასვლელად არ სცალიათ, ამიტომ დროებით შესვენება გამოაცხადა. ის სტადიონზე „ბათუმელებთან“ შესახვედრად ჩაქველი ახალგაზრდების თხოვნით მოვიდა.
მწვრთნელი ფიქრობს, რომ მთავრობა მათი პრობლემებით დაინტერესდება, „ბევრჯერ სცადეს და არ გამოვიდა“. ჩაქველ ახალგაზრდებს კი სჯერათ, რომ ამჯერად გამოუვათ. მათი მცდელობა ასე დაიწყო:

ბათუმის საზღვაო აკადემიის ხუთმა სტუდენტმა ლექტორისგან დავალება მიიღო. ჯგუფს სოციალური პროექტი უნდა მოემზადებინა. მათ უნდა აერჩიათ თემა, წარმოეჩინათ პრობლემა და დაესახათ მისი გადაჭრის გზები. სტუდენტებმა ჩაქვის სტადიონი აირჩიეს, რადგან მიიჩნევენ, რომ პრობლემა აქტუალურია. „ეს ბევრ ახალგაზრდას ეხება. როცა სტადიონი იქნება, ბავშვები ქუჩიდან სტადიონზე შემოვლენ და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც შევუწყობთ ხელს“, – ამბობს სტუდენტი გიორგი ჭაღალიძე.

პროექტი მოამზადეს და ლექტორისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს, თუმცა ახლა ამაზე გაჩერება არ უნდათ. გადაწყვიტეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

სალომე ზოიძე: „მოსახლეობაში სტადიონის განახლების მსურველთა 1042 ხელმოწერა შევაგროვეთ და გადავუგზავნეთ როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერ კვირიკაშვილს. ახლა მათ პასუხს ველოდებით. ამბობენ, რომ ეს ადგილი ზღვასთან ახლოსაა და შეიძლება გაყიდონ. ჩვენ არ გვინდა, რომ მთავრობამ სტადიონი გაყიდოს. ვითხოვთ, დარჩეს სტადიონად და მას მთავრობამ გაუკეთოს რეაბილიტაცია“.

სტადიონის რეაბილიტაციისთვის მებრძოლი სტუდენტების ჯგუფში სამი სტუდენტი გოგონაა – ანა შაინიძე, ია ართმელაძე და თეონა მიქელაძე. მწვრთნელი ამბობს, რომ თუ შედეგს მიაღწევენ, გოგონების გუნდის ჩამოყალიბებაზეც იზრუნებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჩაქვის სტადიონი, რომელიც 15058 კვ/მ-ია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.

სტადიონი
სტადიონი
სტადიონი
სტადიონი

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქობულეთის გამგებელი უხელფასოდ მუშაობს

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ზუსტად ორი წელია, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელია. როგორც გამგებელს, სულხან ევგენიძეს უკვე მეორედ აქვს საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ქონებრივი დეკლარაცია შევსებული. დეკლარაციის მიხედვით სულხან ევგენიძე ერთადერთი ნივთის მფლობელია, მას ეკუთვნის 1992 წელს გამოშვებული „ოპელ ასტრა“, რომლის ძრავის სიმძლავრე 1.6 ყოფილა.

ქობულეთის გამგებელს, სულხან ევგენიძეს დეკლარაციის სავალდებულოდ შესავსებ გრაფაში – „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“ – უწერია, რომ შემოსავლები სახით ამ პერიოდში მიღებული აქვს 12 432 ლარი, როგორც ენერგო-პრო ჯორჯიას ქობულეთის მომსახურების ცენტრის უბნის მენეჯერს.

შემოსავლების ნაწილში ქობულეთის გამგებელს ზუსტად იგივე მონაცემები უწერია 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც – 12 432 ლარი, როგორც ენერგო-პრო ჯორჯიას ქობულეთის მომსახურების ცენტრის უბნის მენეჯერს. სულხან ევგენიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის, როგორც ქობულეთის გამგებელი ანაზღაურებას არ იღებს, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის შევსების პერიოდში არ ჰქონია აღებული.

ნამდვილად უხელფასოდ მუშაობდა თუ არა სულხან ევგენიძე დეკლარაციის შევსების ეტაპზე? – „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია მუნიციპლიტეტის პრესცენტრში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ “ეს ტექნიკური ხარვეზი და შევსების დროს დაშვებული შეცდომაა”.

ქობულეთის გამგებლის დეკლარაციაში ასევე არაფერი წერია სულხან ევგენიძის მეუღლის – ნინო ნოღაიდელის წლიურ შემოსავლებზე, არადა მას, ასევე დეკლარაციის მიხედვით, რესპუბლიკა ბანკში სახელფასო ანგარიში აქვს  გახსნილი.

„პაატა გავიდოდა“ – უსკოს თავმჯდომარის ასარჩევი მორიგი რაუნდი

აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა იმაზე, რომ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ მას წარადგენს, უკვე დარწმუნებით საუბრობენ.

„არ დარეგიტრირებულა? ეგ არაფერია. ხუთშაბათს ექვსს რომ ხუთი წუთი დააკლდება, მაშინ დარეგისტრირდება“, – უთხრა წყარომ „ბათუმელებს“ მთავრობიდან.

თავად პაატა ჯალაღონია „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. „შეიძლება არა, შეიძლება კი“, უთხრა მან „ბათუმელებს“. მოგვიანებით კი დააკონკრეტა, რომ „უფრო კისკენ იხრება“.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უმაღლეს საბჭოში კანდიდატის დამტკიცებისას, თუ არჩილ ხაბაძე მართლა წარადგენს პაატა ჯააღონიას კანდიდატურას? – წინა კანდიდატების განხილვისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე ხშირად ამბობდა, რომ პაატა ჯალაღონიაც კი, რომელიც ხაბაძის აპარატში მუშაობს, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მათ პარტიაზე პირდაპირ დაქვემდებარებული პირის გაყვანა სურდათ. „პაატა გავიდოდა“, – ამბობდა პეტრე ზამბახიძე.

ამ პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი უმაღლეს საბჭოში, რობერტ ჩხაიძე ამბობს, რომ მისაღებია თუ არა მათთვის პაატა ჯალაღონიას კანდიდატურა, ამაზე ჯერ ფრაქციაში შეჯერდებიან და შემდეგ გვიპასუხებენ. „ყველაფერი შედარებითია და ალბათ პეტრე ამ შედარების საფუძველზე ამბობდა. რა პოზიცია გვექნება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა რობერტ ჩხაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ პაატა ჯალაღონია მთავრობის აპარატის წევრია, შესაძლოა ის მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდეს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. ფრაქციის ხელმძღვანელის, სულხან ღლონტის თქმით, „პაატას განვლილი საქმიანობიდან გამომდინარე“ ისინი მხარდაჭერაზე იფიქრებენ.

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირების ვადა ხუთშაბათს, 23 ივნისს იწურება. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირდნენ: მურად ბერიძე, ოთარ დავითაძე, ზებურ იაკობაძე და დავით ფარტენაძე.

უსკოს წევრობის კანდიდატად კი 14 პირი დარეგისტრირდა.

ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას მანქანიდან გაექცა

„გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ იჩხუბა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მოქალაქე ღია ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციითვე, ამ კონფლიქტის დროს ბრალდებულმა, მოქალაქე ლერი შ-მ დანით დაჭრა მეორე მამაკაცი – გია ბ.

ორივე მოქალაქე გადაყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დანაშაულის ჩადენის ბრალდებით პოლიციამ ლერი შ. დააკავა.

20 ივლისს, ღამის საათებში დაკავებული პოლიციას გადაჰყავდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად. დაკავებული სწორედ ექსპერტიზის ბიუროს ეზოში მისვლის შემდეგ გადახტა გაჩერებული მანქანიდან და გაიქცა.

შს სამინისტროს განმარტებას ამ საკითხზე მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც უწყების პრესცენტრი მოგვაწვდის ინფორმაციას.

ახალი ჯიხურები, როგორც სახიფათო ადგილი მყიდველისთვის

ბათუმის ქუჩებში ახალი მოსაცდელები დადგეს, რომლებსაც თან ახლავს რეკლამის განთავსების ადგილები და კვების ობიექტები. ჯიხურების შესასვლელი, ანუ კარები ქუჩის მხარეს აქვს. თუ ვინმე ჯიხურში საკვების შეძენას გადაწყვეტს, მას ქუჩის იმ ნაწილზე მოუწევს გაჩერება, სადაც მანქანები მოძრაობენ. ჯიხურში უკვე განთავსებულია ბლინების საცხობი აპარატი და შუშის მაცივარი ცივი სასმელებით. ჯიხურის გამყიდველის თქმით, თვითონაც ფიქრობს, რომ მყიდველისთვის შესაძლოა ჯიხურთან დგომა სახიფათო იყოს, თუმცა ამბობს, რომ ის მხოლოდ გამყიდველია და არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

ახალი ჯიხურები ბათუმის ქუჩებში
ახალი ჯიხურები ბათუმის ქუჩებში

ფოტოს გადაღებისას „ბათუმელებს“ ავტობუსის მძღოლი რეპლიკით გამოხმაურა: „გადაიღეთ კაცო, ასე როგორ შეიძლება, გადაწიონ მაქედან“.

2

ბათუმის საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ჯიხურები არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ სხვა მხრივაც საფრთხის შემცველია: „ეს არის ავტობუსის გაჩერების ადგილი, შესაბამისად, ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გამონაბოლქვია. რამდენად იქნება უსაფრთხო ამ ჯიხურში გამომცხვარი ბლინები, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა, ასევე იმ რეკლამის შინაარსიც, რაც იქაა განთავსებული. ამას ვამბობ ქართული ენის პატივისცემის თვასაზრისით.“

ჯიხურები შპს „ ფორტუნა მედიამ“ განათავსა, რომელმაც ბათუმში ჯიხურების განთავსების უფლება მერიისგან აუქციონის წესით მოიპოვა. კითხვაზე ვინ აგებს პასუხს უსაფრთხოებაზე? – მერიიდან კომპანიაში გადაგვამისამართეს. კომპანიას კი პასუხი არ აქვს. „ უცხოეთში ვარ და ერთ კვირაში დამირეკეთ“, – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა გიგი კერძოამ.

1

ომარ როდონაია ისევ ღია ცის ქვეშ რჩება

ომარ როდონაია, რომლისთვისაც ბინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რამდენიმე მოხალისემ ერთობლივად იქირავა, შეიძლება ისევ ღია ცის ქვეშ დარჩეს. მეპატრონე ბინის გაქირავებას ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სხვა პირობებით გეგმავს, როდონაიას კი ბინის დასატოვებლად ვადა მხოლოდ თვის ბოლომდე აქვს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა სხვა მოხალისეებთან ერთად ომარ როდონაიასთვის ახალ ბინას ეძებს, თუმცა როგორც მალხაზი ამბობს, ბინის ნახვა ძალიან ჭირს, რადგან ქალაქში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო:

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას რამდენიმეჯერ მივამართეთ, ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი თუ რას უპირებენ ამ ადამიანს და რატომ ვერ მოხერხდა ერთი პატარა ოთახის გამონახვა სველი წერტილებით, რომელიც ამ ადამიანს გამოადგებოდა. მას შესაბამისი პირობები სჭირდება, რადგან შშმ პირია. მთავრობამ ჩვენი წერილი მუნიციპალიტეტში გადაამისამართა. ვიცით, რომ დიდი გულისხმიერება გამოიჩინა ამ ადამიანის მიმართ საკრებულოს თავმჯდომარემ და გარკვეული სამუშაო ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს და ის ხვალ შეიძლება ისევ გარეთ დარჩეს. გთხოვთ გაავრცელოთ, რომ გვჭირდება მისთვის ოთახი სველი წერტილებით პირველ სართულზე, რაშიც 350-მდე ლარს გადავიხდით“.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ როდონაის შესაფერისი პირობები მერიის საკუთრებაში არსებულ თავშესაფარში შეთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა: „ჩვენ შევთავაზეთ თავშესაფარში ეცხოვრა, რადგან ის არის ლტოლვილი და არ არის აჭარაში რეგისტრირებული პირი. ჩვენ არ გვაქვს სხვა პროგრამა, რომლითაც ის ისარგებლებდა. თავშესაფაზე უარი თქვა. ის ითხოვს ფართობს საკუთრებაში, რასაც ჩვენ ვერ შევთავაზებთ მანამ, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმები.

ომარ როდონაიამ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ თავშესაფარი მერიამ ნამდვილად შესთავაზა, თუმცა მას იქ ცხოვრება არ სურს: „იქ ვერ შევძლებ ცხოვრებას, თავშესაფარს ის მიწური მირჩევნია, სადაც ვცხოვრობდი”. ის ამბობს, რომ ძალინ პატარა ფართობი უნდა საკუთრებაში, სველი წერტილით.

ომარ როდონაია მიწური სახლის, ე.წ. „ბარაკის“ ერთ ოთახში ცხოვრობდა. მის საცხოვრებელ პირობებზე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბინა  სწორედ მაშინ დაუქირავეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ორგანიზებით, რომელსაც სხვა მოხალისეებიც შეუერთდნენ. დღემდე სწორედ ეს მოხალისეები იხდიან ომარ როდონაიას ბინის ფულს.

ამავე თემაძე:”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ”

რას გეგმავს მერია ბათუმში ტბის გადასარჩენად

ბათუმში ნურიგელის ტბის მოწამვლის შემდეგ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერია მდგომარეობის შესასწავლად მსოფლიო დონის სპეციალისტებს დაუკავშირდება. ეს მაშინ, როცა მერიის დაქვემდებარებაში მომუშავე სპეციალისტი ამ შედეგის დადგომას 2013 წლიდან ვარაუდობდა და დროული რეაგირების საჭიროებაზე საუბრობდა. ამაზე „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა. მერია, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრობლემის წარმოჩენის შემდეგ, ყოველ ჯერზე, პირობას დებდა, რომ იზრუნებდა, თუმცა შედეგი საპირისპიროა. ამჯერად რას გეგმავს მერია ტბის გადასარჩენად დ რამდენად რეალურია დაპირებები? – „ბათუმელების“ კითხვებს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე თევზაძემ უპასუხა.

ბატონო ალექსანდრე, როგორც ვიცით, ნიმუშები ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი, რა დადგინდა, ამ დროისთვის რა მდგომარეობაა ტბაში?

პასუხები ჯერჯერობით არ არის. ნიმუშები გაგზავნილია, თუმცა დადგენას რამდენიმე დღე კიდევ სჭირდება. მათი მიღების შემდეგ ჩვენ უკვე გავაკეთებთ ანალიზს, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემაზე იმსჯელებს. ჯგუფში გაერთიანდებიან ეკოლოგები თემატიკის მიხედვით. ასევე მივმართავთ წამყვან სპეციალისტებს საერთაშორისო დონეზეც. ამ პროცესებში ვართ, რომ ეს ყველაფერი თანდათან რეგულირებადი გახდეს.

ადგილობრივი სპეციალისტებიც ვარაუდობდნენ, რომ თუ არ იქნებოდა შესაბამისი რეაგირება, შეიძლებოდა დამდგარიყო ეს შედეგი, თუნდაც შავი ზღვის კვლევის ცენტრი, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში მუშაობს. რატომ არ გახდა მათი შეტყობინება ამ პროცესის დაწყების საფუძველი. მათი არ გჯერათ?

ძალიან ცუდი, თუ არ გახდა. მე ახლა ვარ ამ პოზიციაზე და ბოლო თვეების განმავლობაში მესმის, რომ ტბას ეს პრობლემები ჰქონდა. ჩვენ ამისთვის ზომებიც მივიღეთ. მაგალითად ის, რომ გვქონდა ამისთვის გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტში. ვიცოდით, რომ ტბა იყო საფრთხის წინაშე. თუ ვინმემ არ მოუსმინა სპეციალისტებს, ეს ცუდია. დღეს კი პირველი, ვისაც დავუკავშირდი, იყო კვლევითი ცენტრი. შეხვედრა დაგეგმილი გვაქვს და ვიმსჯელებთ რა განრიგით ვიმუშავებთ ამ მოცემულობაში – საკითხის გადაწყვეტისთვის დამიკავშირდნენ მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში, მე ალექსანდრე თევზაძეს, თუ ვინმეს გააჩნია კომპეტენცია და მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ყველა გავვერთიანდეთ, რომ მოვძებნოთ გამოსავალი.

მსგავსი საფრთხის წინაშე მანამდეც დადგა ეს ქალაქი რამდენჯერმე, მაშინაც დებდნენ რეაგირების პირობას მერიის წარმომადგენლები, მაგალითად, გვახსოვს გიორგი ერმაკოვი აპირებდა იმ სახეობის თევზის გაშვებას, რომელიც უზრუნველყოფს ჭაობის წმენდას მოჭარბებული წყალმცენარეებისგან და ასე შემდეგ. თუმცა ასე არ მოხდა. შემდეგ თქვეს, რომ ეს იქნებოდა არამიზნობრივი ხარჯი. იმავე გზას ხომ არ გავდივართ?

სააირაციო სისტემის პროექტის მომზადებას ერთ-ერთი მე ვხელმძღვანელობდი. ამაზე სასაუბროდ მზად ვარ, პროექტიც შემიძლია გაჩვენოთ. პროექტი დასრულებული და შეთანხმებულია ყველა დონეზე. თანხა გამოყოფილია და სულ რაღაც ორ დღეში გამოცხადდება ტენდერი.

პირდაპირი წესით რატომ არ ყიდულობთ? სპეციალისტების თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა სწრაფად არის საკითხი გადასაწყვეტი.

მაინც იგივე დრო დაიხარჯება, ამიტომ მოდით ეს იყოს გამჭვირვალე პროცესი. ყველას ექნება დრო და საშუალება მიიღოს მონაწილეობა. ეს ტენდერი გათვლილია იმაზე, რომ ტბამ მიიღოს პრობლემისა და მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტი. აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა იყოს დამონტაჟებული გამწმენდი შადრევნები. მთავარია იმ დრომდე თავიდან ავიცილოთ თევზის მასობრივი გაგუდვა.

გაქვთ ინფორმაცია სპეციალისტებისგან, რომ ეს შესაძლებელია?

ახლა ვმუშაობთ ამის დადგენაზე, თუ რა მეთოდებით და როგორ მოვახერხოთ ეს. გავეცანით ინფორმაციას, თუ როგორ აგვარებენ ანალოგიურ პრობლემებს სხვა ქვეყნები. კომპლექსური მიდგომებია. სპეციალურ ბაქტერიას ან თევზს უშვებენ, აირაციას ახმარენ ან წყლის ნაკადს უმატებენ. ჩემი დაკვირვებით საჭიროა სამი ფაქტორი: ჟანგბადის მიწოდება, თევზის მიწოდება, რომელიც ამ წყალმცენარეებით იკვებება და ზღვასთან რაღაც დონეზე კავშირის აღდგენა. ტუმბოებისა თუ სხვა საშუალებით ეს სამი ფაქტორი უკვე ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს. დამატებით თუ არის საჭირო რაღაც ზომების გატარება, ამასაც გავაკეთებთ, ეს არის სპეციალისტებთან ერთად მოსაფიქრებელი. აქ არ არის გამოუვალი მდგომარეობა და რაიმე ისეთი, რაც მარტო ჩვენ გვჭირს.

ამ დრომდე ყურადღება არავინ მიაქცია სპეციალისტების მოსაზრებებს და ტბა დადგა რისკის წინაშე. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მერიის მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია?

გეთანხმებით ეს არის უპასუხისმგებლობა. ეს არის დანაშაული. შინაგანადაც უნდა გვქონდეს ეს მოვალეობა, რადგანაც ეს ტბა არის ბათუმისა და ბათუმელების, სტუმარიც ჩამოდის და სახეა მთელი ბათუმის. ამას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელე, არამედ ყოველი მოქალაქე. ჩვენ ავკრძალეთ ტბაში თევზაობა, ამას გაგებით უნდა მოეკიდოს მოსახლეობა. მე არ ვიცი ვინ არ მიაქცია ყურადღება ამ ამბავს, მაგრამ ეს უპასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა.

წინასწარი ინფორმაციით, რა თანხა დასჭირდება პრობლემის მოგვარებას?

რაც აირაციას შეეხება, სადღაც 235 000 ლარიდან იწყება სატენდერო წინადადება – კონკურენციის პირობებში რამდენს დაიკლებს, ამას გვიჩვენებს კონკურსი. შემდეგ, ალბათ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი თევზის შესყიდვა იქნება საჭირო. ესეც კვლევის საგანია. რაღაც თანხას დავხარჯავთ, მაგრამ ეს არ იქნება გადაყრილი თანხა და ეს იქნება დიახაც, მიზნობრივი ხარჯი.

ადვოკატის ცემის ფაქტი შსს-ს ექსპერტიზამ დაადასტურა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს ადვოკატ ირაკლი ზაქარიაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ის აღმკევთის სახით შეფარდებული გირაოს – 1000 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა. ადვოკატი ცემაში, ნივთმტკიცების განადგურებასა და სხვისი ნივთის დაზიანებაშია ბრალდებული. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულის თხოვნა, რომ მან სოციალური პრობლემების გამო ვერ შეძლო გირაოს თანხის გადახდა.

ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიღებული აქვს. “ირაკლი ზაქარიძეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს”, – აღნიშნულია დასკვნაში, რომელსაც ექსპერტი მამუკა მეტრეველი აწერს ხელს.

გამოძიების ვერსიით, ირაკლი ზაქარიაძე გონივრული ეჭვის საფუძველზე გადაიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში ნარკოტესტის გასავლელად, რა დროსაც მან თავისი ნებით ჩაბარებული ბიოლოგიური მასალა გაანადგურა, ასევე დაამტვრია ფანჯრის მინები.

ნივთმტკიცების განდაგურებაში ბრალდებული ადვოკატი კი ყვება, რომ ის პოლიციის მთავარ განყოფილებაში ექსპერტმა ირაკლი თედორაძემ სცემა: “ჩემი ნებით ჩავაბარე ნიმუში. ექსპერტმა თქვა, აქ არ აღმოჩნდა ნარკოტიკი, მაგრამ ამას თბილისში გავაგზავნითო. ავღელდი, წავიკამათეთ და ამ დროს წაიქცა ბოთლი, რაშიც ბიოლოიგური მასალა იყო მოთავსებული. ამ დროს დამარტყა სახეში ირაკლი თედორაძემ”.

ირაკლი ზაქარიაძემ სასამართლოს ასევე წარუდგინა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ შედგენილი სამედიცინო ისტორიები, ამათგან ერთი წინასწარი დაკავების იზოლატორშია შევსებული. ბრალდებულის თქმით, ის რესტორან “არ დაიდარდოში” ბათუმის მე-7 განყოფილების გამომძიებელმა ზაზა იმნაძემ და კიდევ ერთმა თანამშრომელმა – ბადრი გელაძემ სცემეს: “ამ ფაქტზე პროკურორს შევხვდი, ირაკლი ჯაშს, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა, ძიება არ დაწყებულა, არც ის ვიდეო კადრები ამოუღიათ, სადაც გამოჩნდებოდა, როგორ მომექცნენ”.

პოლიციის მე-7 განყოფილებას საჯარო ინფორმაცია არ მიუწოდებია სახალხო დამცველის აპარატისთვის. ომბუდსმენმა ამ განყოფილებას განმეორებით მიმართა. წერილში აღნიშნულია: “დაიწყო თუ არა გამოძიება პოლიციის მე-7 განყოფილებაში ირაკლი ზაქარიაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში: ა) რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული ბ) რა ეტაპზეა გამოძიება დღეისთვის.”

ომბუდსმენი ასევე დაინტერესდა, ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა რესტორან “არ დაიდარდოში” და მის მიმდებარე ტერიოტორიაზე განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

“ამ ფაქტზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს, რადგან მიმდინარეობს საქმის განხილვა სასამართლოში”, – უთხრეს “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

გადათხრილი ქუჩები, სადაც სამუშაოები არ სრულდება

ლერმონტოვის ქუჩაზე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის შენობის წინ, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ქუჩაზე ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილება უჭირთ. ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ადგილზე სპეციალისტები, ან ტექნიკა არ მუშაობს, მაგრამ თვეების განმავლობაში სამუშაოს დასრულება და გზის გარკვეული მონაკვეთის მოასფალტება არ ხდება. ადგილობრივების თქმით, კონკრეტულად მერიის წინ ქუჩა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მსგავს სიტუაციაშია.

„ექსკავატორი რომ ვერ დაინახეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში. მისი განმარტებით, მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ დროისთვის კი კონკრეტულ ადგილებზე, იგივე მერიის შენობის წინ, სისტემის ტესტირება ხორციელდება.

„2 კვირაა, რაც დაწყებულია ტესტირება ლერმონტოვზე. არ ვიცი, როდის დასრულდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, აღმოჩნდება თუ არა ხარვეზი“ – ამბობს ჯაბა ტუღუში.

ე.წ. ჭაობის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულდეს.

IMG_0008
ლერმონტოვის ქუჩა, ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ
IMG_0001
26 მაისის ქუჩა

 

შესაძლოა, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდეს

გამომცემლობა „რადარამი“ ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთის“ დადგმას გეგმავს.

როგორც „ბათუმელებს“ გამომცემლობის დისტრიბუციის კოორდინატორმა, დათო სიხარულიძემ უთხრა, პარკის ადმინისტრაციასთან წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიარეს და მალე ოფიციალურადაც მიმართავენ.

მინი-ბიბლიოთეკა ყუთი ორი
მინი-ბიბლიოთეკის ყუთის ესკიზი, რომელიც 6 მაისის პარკში დაიდგმება. ყუთი შეიღებება ბათუმთან დაკავშირებულ თემტურ ფერებში.

„ეს იქნება „მინიბიბლიოთეკის ყუთი“, სადაც ჩვენი და სხვა გამომცემლობის წიგნები განთავსდება. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მივიდეს და აიღოს სასურველი წიგნი, წაიკითხოს და დააბრუნოს, ან სახლში წაიღოს და სხვა წიგნი დატოვოს და ა.შ.“, – ამბობს დათო სიხარულიძე.

გამომცემლობა „რადარამის“ დისტრიბუციის კოორდინატორის თქმით, ივლისის მეორე ნახევრიდან, მსგავსი „მინიბიბლიოთეკის ყუთების“ განთავსება იგეგმება ფოთში, ქუთაისში, თელავსა და გორში.

პროექტს „რადარამი“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი – საქართველოსთან“ ერთად.

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო. ახლახან „ჰესტოკ ბათუმმა“ „კაისა“ მიმდებარე ტერიტორიით „სვეტი ჯგუფს“ მიჰყიდა, რომელმაც აქ „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა ააშენოს.

სვეტის ოლიმპიური ქალაქის ესკიზი
სვეტის ოლიმპიური ქალაქის ესკიზი

კომპანია „სვეტი ჯგუფმა“ ბათუმის მერიას მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 18 მაისს მიმართა, თუმცა, როგორც მერიაში გვითხრეს: „აღმოჩენილი იყო ხარვეზი და პირველ ეტაპზე არ გაიცა ნებართვა. ხელახლა კი კომპანიას მერიისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს“.

„მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ხარვეზი იყო, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით. ჩვენი არქიტექტორები არკვევენ მაგ საკითხს,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „სვეტი ჯგუფის“ დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ.

„სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ თამარის დასახლებაში, დაახლოებით 30 000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე უნდა გაშენდეს. ეს ტერიტორია [3295კვ/მ შენობა-ნაგებობებთან ერთად, „კაისას“ ჩათვლით] „სვეტი ჯგუფმა“ მიმდინარე წლის აპრილში კომპანია „ჰესტოკ ბათუმისგან“ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიიღო. კომპანიაში თანხის ოდენობას არ ასახელებენ.

20160611_130419
„კაისა“

„ჰესტოკ ბათუმის“ დირექტორის, გიორგი აბაშიძის განცხადებით, მათ აწ უკვე გაყიდულ ტერიტორიაზე კონკრეტული პროექტის განხორციელება დაგეგმილი არც ჰქონდათ: „ეს ტერიტორია სახელმწიფოსგან გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ მივიღეთ. საბაგიროს გაკეთება, 15 წელი მისი ექსპლუატაცია, ასევე გასართობი ცენტრის მშენებლობა [„არგო“], საქართველოს მოქალაქეების დასაქმება და საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა – ეს იყო პირობა, თუ არ ვცდები 2009 წელს, ჩვენსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ და ტერიტორია გავყიდეთ“.

გიორგი აბაშიძის თქმით, „სვეტთან“ მიმდინარეობდა პირდაპირი მოლაპარაკებები და პირობებზე შეთანხმდნენ: „არაერთი კომპანია იყო დაინტერესებული, მათ შორის უცხოური, თუმცა ადგილობრივი ვარჩიეთ“.

გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა, „ჰესტოკ ბათუმმა“ ე.წ. ფერიის მთაზე [გასართობ ცენტრთან ახლოს, სადაც სახელმწიფომ მშენებარე ეკლესია დაანგრია] ახალი ეკლესია საკუთარი სახსრებით ააშენა. „ეს ჩვენ თვითონ, ჩვენი სურვილით გავაკეთეთ,“ – ამბობს გიორგი აბაშიძე. რაც შეეხება „კაისას“ და მიმდებარე ტერიტორიას, ის „სვეტის“ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამდე, „ჰესტოკ ბათუმს“ იპოთეკით აქვს დატვირთული.

თორნიკე ჯანელიძის თქმით, რომელიც კომპანია „სვეტის“ ერთ-ერთი დირექტორია, „სვეტს“ „ჰესტოკ ბათუმთან“ თუ კომპანიის დამფუძნებლებთან, არავითარი სხვა ბიზნესკავშირები არ აქვს.

კომპანია „სვეტი ჯგუფი“, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „სვეტს“ 2015 წლის ივნისში დაუფუძნებია. თავად შპს „სვეტი“, ასევე რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2014 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული. ამ კომპანიას ჰყავს ოთხი დამფუძნებელი შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: გიორგი კამლაძე – 40%, ბესიკ კვიჟინაძე, პაპუნა სანაძე და ლაშა ჭელიძე, თითოეული 20-20%. „სვეტი ჯგუფის“ დირექტორი თორნიკე ჯანელიძესთან ერთად არის გივი ჯიბლაძე, ხოლო „სვეტში“ – გიორგი კამლაძე და თორნიკე ჯანელიძე. ამ კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს აქვს პოლიტიკური გამოცდილებაც, ათი წლის წინ ის ქუთაისის ვიცე-მერი იყო, ხოლო ხუთი წლის წინ ქუთაისის საკრებულოს წევრი. გარდა ამისა, გივი ჯიბლაძის წილობრივი მონაწილეობით 2015 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა შპს „სვეტი დეველოპმენტი“, რომლის დირექტორებიც არიან თორნიკე ჯანელიძე და გივი ჯიბლაძე. თუმცა, გივი ჯიბლაძე ამ შემთხვევაში „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა და საერთო წილის 46%-ს ფლობს. გივი ჯიბლაძის პარტნიორი ამ კომპანიაში სწორედ შპს „სვეტი ჯგუფია“ [29%] და ასევე ერეკლე ჭიჭინაძე [25%].

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, N43-ში „სვეტი“ ხუთი ელიტარული ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს და ბინებს 10-წლიანი უპროცენტო შიდა განვადებით უკვე ყიდის [ფასი ხედებისა და სართულების მიხედვით: 1კვ.მ. – 600-800-1000 აშშ დოლარი]. კომპანიის ინფორმაციით, 3 ჰექტარზე გაშენებულ მრავალფუნქციურ კვარტალს ექნება საკუთარი სანაპირო ზოლი, იახტკლუბი, საცურაო აუზი და გამწვანებული ბულვარი. ასევე ზღვაში, პირსზე განთავსებული გასართობი ობიექტები.

თორნიკე ჯანელიძის თქმით, „პროექტი მზად არის, უბრალოდ, თანხმდება ახლა მერიასთან. არ გვაქვს არანაირი სურვილი და ინტერესი, რომ დავამახინჯოთ ადგილი. არსებული პროექტი ტოვებს სარეკრეაციო და გამწვანების ადგილებს… თუმცა, რა და როგორ იქნება, ეს დამოკიდებულია მერიის პოზიციაზეც“.

სანაპირო „კაისას“ მიმდებარედ
სანაპირო „კაისას“ მიმდებარედ

რაც შეეხება სანაპირო ზოლს, ამ დროისთვის ის მერიის საკუთრებაშია, თუმცა, როგორც ჩანს, „სვეტი ჯგუფს“ სანაპიროსთან დაკავშირებითაც აქვს გარკვეული გეგმები. თორნიკე ჯანელიძე თავიანთ გეგმებს ასე აყალიბებს: „საკუთარი სანაპირო, იახტკლუბი ეს მარკეტინგული გათვლაა. როგორც იქვე ახლოს სანაპირო დაცვის პირსია, ასეთივე გაკეთდება აქაც. პირსის პროექტის მომზადებაში გვეხმარება აჭარის მთავრობა, მათ აქვთ გამოცდილება, რომელსაც გაგვიზიარებენ და შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ. ზოგადად, ეს საკმაოდ დიდი ინვესტიციაა…“

რაც შეეხება „კაისას“ შენობას, რომელიც თავის დროზე იმ მიზნით აშენდა, რომ ჭადრაკის სასახლე უნდა ყოფილიყო – მას, ფაქტობრივად, არც ვიზუალი შეუნარჩუნდება და არც სახელი. აქ ოლიმპიური ბაზა უნდა გაკეთდეს.

„კაისას“ შენობაზე დაისმება საკითხი მიშენების, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარება მოხერხდეს. შენობა გადაკეთდება. სარემონტო სამუშაოები ნაწილობრივ დაფინანსდება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ და ნაწილობრივ დავაფინანსებთ ჩვენ. მუშავდება პროექტი, რომელსაც შევიტანთ მერიაში, რომ მოგვცენ მშენებლობის ნებართვა. გარემონტებული შენობა გვინდა მიბმული იყოს სვეტის ოლიმპიურ ქალაქთან და აღქმული იყოს ერთიან ჭრილში და არა რაღაც ცალკე მდგომი“.

ამ შენობის [სამომავლოდ კი ოლიმპიური ბაზის] საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისთვის [სეოკ] გადაცემაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ თორნიკე ჯანელიძემ „კაისაში“ გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, თუმცა ჯერჯერობით ის კვლავაც „სვეტი ჯგუფის“ საკუთრებაში რჩება.

„უგულშემატკივრე საქართველოს“ - ღონისძიება „კაისაში“ / ფოტო: sca.ge
„უგულშემატკივრე საქართველოს“ – ღონისძიება „კაისაში“ / ფოტო: sca.ge

სეოკ-ის პრესსამსახურის უფროსის, მარიკა კირვალიძის განცხადებით, ღონისძიება „კაისაში“, ეს იყო კამპანია „უგულშემატკივრე საქართველოს“ ფარგლებში. „სვეტი“ ჩვენი ერთ-ერთი გენერალური სპონსორია, რომელიც „სვეტის ოლიმპიურ ქალაქში“ ოლიმპიადის ლიცენზიანტებს აჭარიდან გადასცემს ბინებს. ბინები გადაეცემა ასევე მას, ვინც რიოს საზაფხულო ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდება საქართველოს ნაკრებიდან. ეს არის „სვეტის“ კეთილი ნება და მომავლის პერსპექტივა, რაზეც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ბაზაც გადმოგვეცემა… თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს სარგებლობაში მაქ არაფერი არ არის“.

თორნიკე ჯანელიძის თქმით, კომპლექსის მშენებლობა 4 ან 5 წელიწადში მთლიანად უნდა დასრულდეს. სვეტის ოლიმპიური ქალაქი შენდება თბილისშიც, კომპანია ახორციელებს სხვა პროექტებსაც.

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე ბათუმში კონფერენცია ჩატარდება [ანონსი]

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და საქართველოს შემოსავლების სამსახური ხვალ, 21 ივნისს, ბათუმში გახსნიან ორდღიან კონფერენციას, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს მიზნად.

„კონფერენციას 70-ამდე მონაწილე ესწრება 17 ქვეყნიდან, მათ შორის მთავრობების, საბაჟო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენცია გაიხსნება სამშაბათს, 21 ივნისს, 9:15 სთ, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში .

ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს ქვეყნებს მარტივი, ეფექტიანი, და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის ზრდას და ამავდროულად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები“ – აღნიშნულია  ორგანიზაციის განცხადებაში.

14-16 ივნისს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა [IFC] და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში კონფერენცია საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ჩატარდა.

ძალოსნები უშუქოდ და ცივი შხაპით სხვის შენობაში

დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე არაერთი წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არავის აწუხებს, გარდა სპორტსმენებისა, რომლებმაც დასახმარებლად გაზეთ „ბათუმელებს“ მომართეს. სპორტსმენებს ასევე აინტერესებთ რამდენი თანხა გამოიყოფა მათთვის და რამდენი ხმარდება მათ.

რატომ არ უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში ელექტროენერგია სპორტდარბაზს? – ამ საკითხით და იმით, თუ რამდენი თანხაა გამოყოფილი ძალოსნობის ფედერაციის დარბაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის, ზოგადად, სპორტის ამ სახეობისთვის, „გაზეთი ბათუმელები“ დაინტერესდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ზუსტად 25 დღის წინ გამოვითხოვეთ ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციები. სამინისტრომ „ბათუმელების“ წერილი გადაამისამართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში. ამ დეპარტამენტმა, როგორც ჩანს, თავის მხრივ, წერილი გადაუგზავნა აჭარის ძალოსნობის ფედერაციას, საიდანაც რედაქციას აცნობეს, რომ: „დაბა ჩაქვში არსებული შენობა-ნაგებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და აქედან გამომდინარე ვერ ხერხდება დენის მრიცხველის დამონტაჟება და შენობის შეკეთება~. წერილს ხელს აწერს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი აბესალომ ბასილია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დაბა ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩის #17-ში არსებული შენობა-ნაგებობა მათ ბალანსზე არ ირიცხება და არც არასდროს ირიცხებოდა. მათგან ასევე შევიტყვეთ, რომ ქონებას, სავარაუდოდ, განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„ბათუმელებმა“ ამ უკანასკნელთანაც სცადა გაერკვია 21-ე საუკუნეში სიბნელეში რატომ უნდა ვარჯიშობდნენ სპორტსმენები მხოლოდ იმის გამო, რომ დარბაზში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია [შენობა, სადაც დარბაზია განთავსებული არ ირიცხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტად – ავტ]. ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხზე ზეპირსიტყვიერი განმარტების გაკეთება არ მოისურვეს. შესაბამისად, „ბათუმელები“ იძულებული გახდა ამ უწყებისთვისაც წერილობით მიემართა – სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე „ბათუმელებმა“ წერილი 13 ივნისს ატვირთა. ეკონომიკის სამინისტრომ ეს შეტყობინება თავის მხრივ გადაუგზავნა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ლალი ჭელიძემ 15 ივნისს წერილობით გვაცნობა, რომ 10 დღე სჭირდებოდა იმის დასადგენად, შენობა-ნაგებობა ჩაქვში, მიგინეიშვილის #17-ში არის თუ არა მათ მფლობელობაში. მეორე დღეს კი იმავე ლალი ჭელიძემ კანონის სრული უგულებელყოფით შემდეგი გვამცნო:

„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული კორესპონდენციით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს ქონების იდენტიფიკაციისთვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს [საჯარო რეესტრის მონაცემი, ორთო-ფოტო, მდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები და სხვა] სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა. ასევე გაცნობებთ, რომ სსიპი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მზად არის მოამზადოს შესაბამისი ინფორმაცია, თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის დაზუსტების შემთხვევაში [იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა] უძრავი ქონება აღმოჩნდება სახელმწიფო საკუთრება ან/და სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონება“.

მოგვიანებით, რაც „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პრესცენტრში გააპროტესტა საჯაროობის პრინციპის მსგავსი უგულებელყოფა, პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ქამუშაძემ სატელეფონო კომენტარში განაცხადა: „ქონება არის სახელმწიფო საკუთრება. ეკონომიკის სამინისტროს უფლება აქვს სახელმწიფო საკუთრება გაასხვისოს ან განკარგოს, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს მივმართოთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩაქვში არსებული შენობა-ნაგებობის გამრიცხველიანების მიზნით“.

ნიკა ქამუშაძისვე განმარტებით, „ამ საკითხზე ძალოსნობის ფედერაციას მომართული აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მონაცემების დაზუსტება მოვთხოვეთ, რის შემდეგაც მათი წერილი ჩვენთან აღარ შემოსულა… ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა უნდა მოითხოვოს სამინისტროსგან აღნიშნული ქონება. ჩვენ გვაქვს უფლება, ეს ქონება გადავცეთ სარგებლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს, რის შემდეგაც მას შეეძლება მიმართოს `ენერგო-პრო ჯორჯიას~ გამრიცხველიანების თხოვნით“.

შეკითხვაზე – ხომ არ იგეგმება ქონების გასხვისება და სპორტსმენები საერთოდაც ქუჩაში ხომ არ აღმოჩნდებიან, სააგენტოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უპასუხეს: „ამ ეტაპზე არ იგეგმება გასხვისება, მაგრამ თუ გამოჩნდება ინვესტორი, შეიძლება ქონება, მაგალითად, სპორტული დარბაზის აშენების პირობით გადავცეთ“.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ამ განცხადების შემდეგ „ბათუმელები“ კვლავ დაუკავშირდა აჭარის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს, აბესალომ ბასილიას, რომელმაც სრულიად საპირისპირო რამ განაცხადა. `მე სამინისტროსთვის არასდროს მიმიმართავს. მე მეუბნებოდნენ, რომ ხალხი ზემოთ არ უნდა შემეწუხებინა. ქვევით შეაწუხეო. ვის არ მივმართე, ჯერ ლევან ვარშალომიძეს, ახლა არჩილ ხაბაძეს, სამინისტროს… არაფერი გამოვიდა“, – ამბობს გენერალური მდივანი, რომელიც ამავე დროს აჭარის ნაკრების წევრ ძალოსნებს ავარჯიშებს.

მიგინეიშვილის ქუჩის #17, სადაც მოძველებული შენობა-ნაგებობა დგას და სადაც ძალოსნები ვარჯიშობენ, ზღვის სანაპიროს რამდენიმე ასეული მეტრით არის მოშორებული. რეგიონის საინვესტიციო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქონებას სპორტსმენებს არ დაუტოვებენ.

სპორტსმენებს, რომლებიც აქ ვარჯიშობენ, მათთვის გამოყოფილი ფინანსების განკარგვის დეტალებიც აინტერესებთ. ისინი ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. სწორედ აქედან გამომდინარე „ბათუმელებმა“ აჭარის განათლების სამინისტროს ძალოსნობის ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის შესახებაც სთხოვა ინფორმაციის მოწოდება: აბესალომ ბასილიას ხელმოწერილი წერილით ვიგებთ, რომ „აჭარის ძალოსნობის ფედერაციას, დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი აქვს 50 000 ლარი, რომლითაც ფინანსდება აჭარის ნაკრების სპორტსმენების სხვადასხვა რანგის ტურნირში მონაწილეობა, აჭარის პირველობის, ჩემპიონატებისა და სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ქვეპროგრამის `ერთჯერადი ჯილდოების~ თანხით, დეპარტამენტის მიერ 2016 წლის მაისის თვის ჩათვლით დაჯილდოვდა 23 სპორტსმენი [17 800 ლარი] და 6 მწვრთნელი [3 500 ლარი].

აბესალომ ბასილიას ინფორმაციით, აჭარაში არსებობს ძალოსნობის ოთხი სექცია, სადაც მთლიანობაში 110 სპორტსმენი გადის წვრთნას.

აბესალომ ბასილიასვე ინფორმაციით, სპორტსმენები, რომლებიც დაბა ჩაქვში არსებულ შენობა-ნაგებობაში გადიან წვრთნებს [ძალოსნობის სექციის მწვრთნელები და სპორტსმენები] ირიცხებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში.

„ბათუმელებმა“ სპორტის ამ სახეობაში გაღებული ხარჯების დასადგენად ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც მიმართა. მათგან კი შემდეგი შევიტყვეთ: „`დაბა ჩაქვში მეცადინეობისათვის გამოყოფილი დარბაზი მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, შესაბამისად, მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხები არ არის მიმართული…

ძალოსნობის სექციას ცალკე ბიუჯეტი არ გააჩნია და არც ცალკე ხელმძღვანელი ჰყავს. მიმდინარე წელს ძალოსნობისთვის ქობულეთის სასპორტო სკოლაში 20 712 ლარი არის გამოყოფილი. აქედან სამწვრთნელო ხელფასებში იხარჯება 10 200 ლარი, მწვრთნელების მივლინებისთვის – 1 347 ლარი, ძალოსნობის რესპუბლიკურ ტურნირში მონაწილეობისთვის – 7 448 ლარი, ადგილობრივი ღონისძიების ორგანიზებისთვის – 1270 ლარი, ხოლო ინვენტარის შესაძენად – 420 ლარი“.

ძალოსნობის ფედერაციას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩათვლით, მინიმუმ 5 სახელმწიფო დაწესებულება უწევს ზედამხედველობას, მაგრამ ფაქტია – ამდენი ზედამხედველის პირობებში, არავინ შეწუხებულა ჩაქვის ძველ დარბაზში შეხიზნული სპორტსმენების ყოფით – თუნდაც იმით, რომ ისინი სიბნელეში ვარჯიშობენ, შემდეგ კი გაოფლილები ცივი წყლის შხაპს იღებენ. მათ ელექტროენერგიის მრიცხველის დამონტაჟების თხოვნით ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიმართეს ხელისუფლებას „ბათუმელების“ მეშვეობით, მაგრამ დღემდე მრავალრიცხოვან ზედამხედველთაგან არც ერთს იმის გარკვევაც კი არ უცდია, ვის ბალანსზეა მიგინეიშვილის #17.

ამავე თემაზე: ივარჯიშე სანამ დაღამდება – დენის გარეშე დარჩენილი ძალოსნები [ფოტო | ვიდეო]

რუსუდან ჯაში: წამალი არ არის ყოველთვის გამოსავალი

პედიატრია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში პედიატრიული მიმართულება გაიხსნა, რომელსაც მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პედიატრი და ფარმაკოლოგი, კლინიკური ფარმაკოლოგიის ასოციაციის დამაარსებელი,  რუსუდან ჯაში ხელმძღვანელობს. მისი მიდგომა: ნაკლები მედიკამენტები, სწორი და დაბალანსებული კვება – პედიატრიასა და ფარმაკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება.

რუსუდან ჯაში იმ ექიმთა შორისაა, რომელთა პაციენტები კაბინეტს მედიკამენტების გრძელი სიით არ ტოვებენ. პედიატრი, რომელიც ამავდროულად ფარმაკოლოგიცაა და მრავალი წელია მომავალ ექიმებს ასწავლის ფარმაკოლოგიას, ამბობს, რომ მისი მთავარი პრინციპია პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია გამოჯანმრთელების პროცესის მართვის შესახებ, დანიშნოს მკურნალობის სწორი კურსი და ასე დაიცვას პატარა პაციენტების ორგანიზმი. იგი ამბობს, რომ საქართველოში ექიმები ზედმეტად ბევრ მედიკამენტს უნიშნავენ პაციენტებს, რაც შემდგომში პაციენტისვე ჯანმრთელობაზე აისახება, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსურ დანახარჯებზე.

რუსუდან ჯაში, პედიატრი
რუსუდან ჯაში, პედიატრი

„წამალი არ არის ყოველთვის გამოსავალი, ადამიანებს ზოგჯერ უნდათ,  რომ ერთმა აბმა მოხსნას პრობლემა, ეს ასე ვერ მოხდება. ჯერ კიდევ როდის აქვს პარაცელსს ნათქვამი – ყველა ნივთიერება შხამია და დოზა აქცევს მას წამლად. როგორ შეიძლება  დოზა არ გაიზარდოს, როცა ხუთ, ათ და მეტ წამალს იღებს ადამიანი ერთდროულად, მითუმეტეს – ბავშვი. გარდა იმისა, რომ ვარ პედიატრი, ვარ კლინიკური ფარმაკოლოგი, ფარმაკოლოგთა ევროპული და ამერიკული  ასოციაციების წევრი და მინდა გითხრათ, რომ ზედმეტი წამლების გამოყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ფარმაციის ინდუსტრიის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ბაზარი გაფართოვდა და გაჩნდა პროდუქციის გაყიდვის ინტერესი. განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია ებრძვიან ამას, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში, ეს ბრძოლა ძალიან ნელი ტემპით მიდის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულები და ბავშვები, სწორედ მათ არ უნდა მიიღონ დიდი ოდენობით წამლები. ზედმეტი დოზით მიღებულმა თაფლმაც კი შეიძლება აწყინოს ადამიანს, მიუხედავად მისი უამრავი სასარგებლო თვისებისა და წარმოიდგინეთ წამალი, რომელსაც აქვს გვერდითი ეფექტები. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ დიდი რაოდენობის წამლების დანიშვნას, განსაკუთრებით ბავშვებში,~ _ ამბობს რუსუდან ჯაში.

ექიმი ყურადღებას ამახვილებს ანტიბიოტიკების მიღების გავრცელებული პრაქტიკის უარყოფით მხარეზეც:

„რაც შეიძლება მოჰყვეს ანტიბიოტიკების ხშირ მიღებას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი ეს არის ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის განვითარება ანუ რეზისტენტობა. დღეს არსებობს უამრავი საშუალება, რომ გავაძლიეროთ ორგანიზმი, მით უმეტეს ბავშვებში, რომლებიც ადვილად მოგყვებიან, თუ კი სწორად უდგება ექიმი და მშობელი.

მაღალი ტემპერატურა სულაც არ არის ანტიბიოტიკის დანიშვნის მიზეზი. ვირუსს კლავს ტემპერატურა, ეს ორგანიზმის ერთგვარი თავდაცვაა, თუ ტემპერატურას ჩვენ უცებ დავწევთ დაბლა, მაშინ ვირუსი აგრძელებს სიცოცხლეს. სიცხე არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, ისევე, როგორც ბავშვის ხველა არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, ხველით ორგანიზმი შეჭრილ მიკრობს აძევებს და ამას რომ ანტიბიოტიკით დათრგუნავ, იმას ნიშნავს, რომ ტოვებ მიკრობს ორგანიზმში.

წამლების გამოწერაზე მარტივი არაფერია, ჩამოწერ უამრავ წამალს და ამით მორჩება ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. საჭიროა ორგანიზმის გაძლიერება, პაციენტების ინფორმირება, სწორი მიმართულების მიცემა. ეს არის მკურნალობა და არა აბების დიდი რაოდენობით დანიშვნა, რომელმაც დროებით შეიძლება მოხსნას პრობლემა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზმს უფრო მეტ ზიანს მოუტანს,“ – ამბობს რუსუდან ჯაში.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ხორციელდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გამოკვლევა და მკურნალობა, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მეთვალყურეობა, ბავშვის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ეფექტური და ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

პედიატრიული მიმართულებით ხორციელდება:

  • ახალშობილთა პატრონაჟი;
  • მწვავე და ქრონიკული დაავადებების პაციენტთა გამოკვლევა და მართვა;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ.
BIH LOGO - PNGმისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge

 

საბაგირო სამი დღით დაიკეტა

20 ივნისს, ბათუმში საბაგირო „არგო“, სამი დღით, დაიკეტა.

როგორც „არგოს“ დირექტორმა, გიორგი აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, საბაგირო გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა. მისი თქმით, საბაგიროს 11 ახალი კაბინა დაემატა, რომელთა დამონტაჟების შემდეგ, ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს. შემოწმებას ავსტრიიდან მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ.

„ამავდროულად, საბაგირო გზა თავიდან პროგრამირდება.  ახლა სხვანაირი ინტერვალები და სიჩქარეები აქვს, რასაც თავიდან სჭირდება პროგრამირება. უფრო ადრე გვინდოდა ამ სამუშაოების განხორციელება. კაბინები შეკვეთილი გვქონდა, მაგრამ ამას თავისი დამზადების, ტრანსპორტირების პერიოდი აქვს. ცოტა შეფერხებებიც გვქონდა, თუმცა სეზონის დაწყებამდე მაინც ხერხდება“, – ამბობს გიორგი აბაშიძე. მისივე თქმით, საბაგირო 23 ივნისს ამოქმედდება.

საბაგირო ვიზიტორებს პირველი ივნისიდან გაზრდილი ფასებით ემსახურება.

 

ირლანდიის კორკის საგრაფოს დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 21-23 ივნისს კორკის საგრაფოს (ირლანდია) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

თანამშრომლობის მემორანდუმი ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სტუმრებს 21 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ შეხვდება და მათ რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

ქალაქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე მდინარე ლის სანაპიროზე. კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია.

კორკის პორტი, ირლანდია

ქალზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის მუხლით იძებნება

„ბრალდებული დადგენილია, იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ძებნა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაისუბანში ჩადენილი ქალზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 10 ივნისს, ყოფილმა ქმარმა, 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

დაზარალებულის თქმით, ის ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად თამარის დასახლებაში ცხოვრობს. შემთხვევა ჩაისუბანში დაახლოებით საღამოს 11 საათზე მოხდა. იგი გამვლელმა უგონო მდგომარეობაში იპოვა მეორე დილით.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 126-ე მუხლით – ოჯახური ძალადობა.

სარფში, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

18 ივნისს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სარფის დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

რა ელის გონიოს ციხის არქეოლოგიურ ზონას, თუ ის მოსახლეობის საკუთრებაში გადავა

მიწის ნაკვეთების უმრავლესობა, რომელზეც გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ სამშაბათს, 21 ივნისს უნდა მიიღოს, გონიოს ციხის არქეოლოგიური დაცვის ზონაში მდებარეობს.

კანონი „კულტურული მემკვდირეობის დაცვის შესახებ“ კრძალავს ნებისმიერი სახის მშენებლობას არქეოლოგიურ ზონაში [ციხის გალავნიდან 500 მეტრის რადიუსი] მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მისი მესაკუთრე. უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არქეოლოგიური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა გონიოელები ამბობენ, რომ მათ სახლების აშენების უფლებას მისცემენ, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობს.

ბათუმის საკრებულოში გვითხრეს, რომ კანონის მოთხოვნას დაიცავენ და თუკი გონიოელებს სადავო მიწა დაუბრუნდებათ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში მშენებლობის უფლება მათ არ ექნებათ. კანონის მიხედვით, ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონაში ნებადართულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და არქეოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.

„დაახლოებით 170 ოჯახის მიწის ნაკვეთი არის მოქცეული ამ 500 მეტრის რადიუსში. გარდა ამისა, არსებობს უშუალოდ ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა, რომელიც 100 მეტრის რადიუსს მოიცავს. ეს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და ციხისთვისაა გადაცემული. არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როცა მიწა გადაცემული იყო მოქალაქეებისთვის ციხიდან 100 მეტრის დაშორებითაც. ამ ოჯახებს, ბუნებრივია, მიწა საკუთრებაში ვერ დაუბრუნდებათ“- ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე – ლევან კინწურაშვილი.

„თანახმა ვართ, ამ ფორმით გადმოგვცენ, მაგრამ მაქვს იმედი, რომ მშენებლობაზეც ვერ გვეტყვიან უარს“ – ამბობს გონიოს მკვიდრი, ენვერ ირემაძე. მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ციხიდან 250 მეტრში მდებარეობს და იქ ხის სახლიც უდგას. გონიოლები არ გამორიცხავენ დისკრიმინაციის გამო სასამართლოს მიმართონ, თუკი მათ დაბრუნებულ საკუთრებაში სახლის აშენების უფლებას არ მისცემენ.

„რამდენიმე სახლია უკვე აშენებული ციხიდან 500 მეტრში. ერთი სახლი, რომელიც ნებართვით აშენდა გალავნიდან 280 მეტრის შიგნითაა. მას მისცეს მშენებლობის ნებართვა, რადგან კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნიეს. ვიდრე ხელვაჩაურის კომისია წინა მფლობელს მიწას ჩამოართმევდა, მან მიწის გაყიდვა მოასწრო“ – გვიყვება ენვერ ირემაძე.

„უკანონოდ აშენებულია ის სახლიც. რამდენადაც ვიცი, დღემდე არ აქვს მას ნებართვა. მახსოვს ღამის საათებში შენდებოდა. თუ აქვს ნებართვა, შესაბამისად, ამაზე უნდა იზრუნოს ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. გარდა ამისა, გამონაკლისი რომც არსებობდეს, სად ერთი და სად 200 ოჯახი“ -ამბობს ლევან კინწურაშვილი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მირანდა ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ ძეგლის დაცვის ზონაში მშენებლობაზე გამონაკლისი დაიშვა: „შეიძლება არის გამონაკლისი, არ ვიცი, მაგრამ ძირითადად მათზე ნებართვა გაცემული არაა. ისინი დაჯარიმებული არიან და გადაცემულია ეს საქმეები აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის“.

„გონიოს ციხის გარეთ იმდენია სამუშაო და საკვლევი, თაობებს ეყოფა“ – გვითხრა გონიო-აფსაროსის მუზემ-ნაკრძალის მმართველმა, ისტორიკოსმა შოთა მამულაძემ. სპეციალისტი განმარტავს, რომ ციხის გარეთ, ჩრდილოეთის მიმართულებით ჯერ კიდევ არის აღმოსაჩენი უძველესი იპოდრომი და თეატრი, რომლის მხოლოდ ნაწილია აღმოჩენილი. არქეოლოგები დღემდე ციხის არქეოლოგიური დაცვის ზონაში ვერ მუშაობენ: „მოსახლეობა არ გვაძლევს ამის საშუალებას. ისინი მიწის ნაკვეთებს იყენებენ. ჩვენც გაღიზიანებას ვერიდებით“ – გვითხრა შოთა მამულაძემ.

გონიოელებმა საპროტესტო აქცია ბათუმის საკრებულოს შენობასთან 14 ივნისს დაიწყეს. მათ 24-საათიანი მორიგეობა აქვთ დაწესებული, გაშლილი აქვთ კარვებიც. გონიოელები დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ბათუმის საკრებულოს შესაბამისი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

IMG_0005
გონიოელების საპროტესტო აქცია ბათუმის საკრებულოს შენობასთან

უსკო საარჩევნო დავების ერთიან რეესტრს ქმნის

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საარჩევნო დავების ერთიან რეესტრს ქმნის. რეესტრი უსკო-ს ინტერნეტგვერდზე იქნება განთავსებული და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება არჩევნების დროს დაწერილი საჩივრები, ასევე ინფორმაცია საჩივრებზე რეაგირების შესახებ. უსკო-ს საჩივრების შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ოლქები მიაწვდიან. რეესტრის შექმნაზე თანხმობა უკვე გასცა თამარ ჟვანიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უსკო-ს წევრებთან შეხვედრის დროს.

“მისი თანხმობა საჭირო იყო, რადგან საჩივრების ელექტრონული ვარიანტი უნდა მოგვაწოდონ ოლქებმა, რომლებიც უშუალოდ ცესკო-ს ექვემდებარებიან. რეესტრი განსაკუთრებით იქნება მნიშვნელოვანი მათთვის, ვისაც აჭარის რეგიონში დაწერილი საჩივრები აინტერესებს,” – ამბობს “ბათუმელებთან” არჩილ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

საარჩევნო დავების ერთიანი სისტემის შექმნის საკითხი დაისვა 2012 წლის არჩევნებზეც. „მაშინ არ იყო საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების გამოცდილება,“ – განმარტავს არჩილ მიქელაძე.

საარჩევნო დავების ერთიანი რეესტრის შექმნას, უსკო-ს ინფორმაციით, დამატებითი ფინანსები არ დასჭირდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

თინათინ ხიდაშელი: საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენ მაგივრად

ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს… არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს თავისუფალი ევროპა, არ არსებობს მშვიდობიანი ევროპა მშვიდობიანი და უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად ქცეული საქართველოს გარეშე“ –  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტისას, ამერიკის ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ  შეხვედრაზე ეს სიტყვები წარმოთქვა.

მინისტრმა ნატოს გაფართოების თემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ის ძირითადი მიზეზები, რომლის გამოც დღეს საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს  წევრი სახელმწიფო: თქვენ უფრო მეტად უნდა იყოთ დაინტერესებული ნატოში ჩვენი მიღებით, ვიდრე საქართველოა. თქვენ საქართველო იმაზე კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ დღეს გვჭირდება ნატოში გაწევრიანება. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენ მაგივრად.  რადგან ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი – არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს.

ის, თუ რა სარგებელი აქვს თავად ალიანსს გაფართოების თვალსაზრისით, მინისტრის ემოციური გამოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა: ნატომ მხოლოდ დადებითი შედეგები მიიღო გაფართოებიდან და მხოლოდ გაძლიერდა გაფართოების ყოველი ეტაპის შემდეგ. იგივე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ, რა ტაქტიკას მივმართოთ ამის მისაღწევად.  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ტაქტიკა გადამწყვეტ ქმედებებს ითვალისწინებდეს და გაბედული ნაბიჯები გადავდგათ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ივნისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ატლანტიკური საბჭოსმიერ ორგანიზებულ  შეხვედრის გარდა არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის იყო შეხვედრა თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილეს, ევრილ ჰეინსთან, სადაც საუბარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეხო. „კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტზე, საქართველოს პერსპექტივებსა და ამ პროცესში აშშ-ში პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და რჩება ერთ-ერთ გადამწყვეტად.  „საქართველო, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პარტნიორებს კიდევ უფრო გაუადვილოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღება, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

viziti amerikashi

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

პროპაგანდასთან ბრძოლა – რჩევების სერია საზოგადოებას

რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ
პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ, როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?

პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს.

პირველობის ეფექტი

არ ენდოთ პირველივე წყაროს – ხშირად პროპაგანდის საუკეთესო იარაღს წარმოადგენს პირველობის ეფექტის გამოყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ აქცევს ყურადღებას ერთ თემაზე გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას და ძირითადად ენდობა იმ ფაქტებს, რომელიც სულ პირველად იქნა მიწოდებული. ანუ თუ ადამიანი იგებს, რომ სეტყვა იქნება, იგი მყისიერად იწყებს მზადებას მასთან საბრძოლველად და არ უსმენს მეორე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სეტყვა კი იქნება, მაგრამ ხვალ, ან სეტყვა კი იქნება, მაგრამ დასავლეთ და არა აღმოსავლეთ საქართველოში. ასე, რომ ნუ ენდობით პირველივე წყაროს და ეცადეთ დაელოდოთ სხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და დააზუსტოთ დეტალები.

ეშმაკი დეტალებში იმალება _ დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტი დეტალია ინფორმაციაში მით უფრო მაღალია მისი სანდოობის ხარისხი.  პროპაგანდისტები წამიერ ეფექტზე ორიენტირებული ადამიანები არიან, შესაბამისად, ისინი იშვიათად ქმნიან დეტალურ ინფორმაციას. დეტალებს კი სიზუსტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ანუ რაც უფრო ნაკლები დეტალია მოცემულ ინფორმაციაში, მით უფრო მეტია საფრთხე იმისა, რომ თქვენ საქმე პროპაგანდისტულ მასალასთან გაქვთ.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

მითების დეტექტორი

მტკიცება, თითქოს NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია

მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოს ნატო-ს წევრობის საფასურად ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მოუწევს, უსაფუძვლოა.

მსგავსი ტიპის განცხადებებს სხვადასხვა დროს ის პოლიტიკური ძალები და მედიაპლატფორმები აკეთებდნენ, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან და ამ გზავნილმა ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო.

აღნიშნული გზავნილის უსაფუძვლობას შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:

 ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ტერიტორიების დათმობას არ მოითხოვს

ნატო დროშანატო-ს წესდებაში, მით უმეტეს მეხუთე მუხლში, არსად არის მითითებული, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოგვარებული. ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი განმარტავს კოლექტიური უსაფრთხოების ფორმას: თავდასხმა ერთ-ერთ წევრზე ნიშნავს თავდასხმას – ალიანსზე. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ურთიერთობის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიები არასდროს განხილულა, როგორც გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი.

გერმანია მაგალითია იმისა, რომ მსგავსი სახის წარმოდგენები მცდარია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ალიანსის წევრი აღმოსავლეთ გერმანიის ოკუპაციის პირობებში 1955 წელს გახდა. ალიანსში გერმანიის გაწევრიანებას ნატო-სა და საბჭოთა კავშირს შორის ომი არ გამოუწვევია.

 საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მიზეზი არის რუსეთი და არა – ნატო. სწორედ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთის ღია აგრესიას თუ ცალკეული ჯგუფების სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერას მოწმობს სამხედრო დაპირისპირებები ცხინვალის რეგიონში (1990, 2004), აფხაზეთის ომი (1992-1993) და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი (2008 წელი), როდესაც განხორციელდა პირდაპირი ინტერვენცია. საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს.

სამხედრო კონფლიქტების შედეგად აფხაზეთში განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, დევნილი გახდა 300 000-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღესაც იზღუდება ქართული ენა, ზიანდება კულტურული თუ რელიგიური ძეგლები.

ნატო-საქართველოს ურთიერთობა 1994 წლიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის იურისდიქცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე აღარ ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, ტერიტორიული პრობლემები არ ყოფილა/არის ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ტერიტორიული პრობლემების მოგვარება გაწევრიანების წინაპირობად არასდროს დასახელებულა. წინაპირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ და არ აღიარებს დასავლეთი

ერთადერთი ძალა, რომელმაც გადახედა საქართველოს აღიარებულ საზღვრებს არის რუსეთი.  2008 წლის 26 აგვისტოს, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები (რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება #1260 და #1261). რაც შეეხება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად უჭერენ მხარს არაღიარების პოლიტიკას.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის რუსეთი ფინანსებს ხარჯავს

სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას რუსეთის გარდა სამი ქვეყანა აღიარებს – ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნებს შორის იყვნენ ტუვალუ და ვანუატუ, თუმცა მათ თავიანთი გადაწყვეტილებები შეცვალეს. რუსეთის მხარეს 3,25 მლრდ დოლარი დაუჯდა ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. მხოლოდ ვენესუელას მხარდაჭერის მოპოვებისთვის კი რუსულმა მხარემ 2.2 მლრდ დოლარი დახარჯა.

წყარო:
www.eurocommunicator.ge

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ინტერვიუ აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლის მონაწილე ოთარ კალმახელიძესთან

ოთარ კალმახელიძე აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შინდისის ბრძოლის მონაწილეა. უმძიმესი დღეები გამოიარა. საუბარი დღესაც უმძიმს, მაგრამ მზად არის  კიდევ ერთხელ გაიხსენოს ყველა დეტალი. იმისთვის, რომ ქვეყანა იცნობდეს მის თანამებრძოლებს, გმირებს. გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირეს…

უხარისხოა ძალიან და იქნებ შიგნით ჩაჯდეს
ოთარ კალმახელიძე

ოთარ კალმახელიძე: დღემდე ძალიან რთულია ჩემთვის იმ დღეების გახსენება. ოთახის, სადაც ბიჭებთან ერთად ვიყავი. მათგან ზოგიერთი ჩემ თვალწინ ბრძოლაში დაიღუპა. როდესაც რუსულ აგრესიას ებრძოდნენ. დღე ისე არ ჩაივლის, იმ შემზარავი დღის კადრები თვალწინ არ გადამეშალოს. საკუთარ თავს არც ვიხსენებ. მაშინაც და ახლაც – ვერ ვეგუებოდი ორ რამეს, როგორ იპყრობდა რუსეთი ჩემს ქვეყანას და როგორ მიკლავდა მეგობრებს, ქართველ ჯარისკაცებს, თანამედროვეობის გმირებს.

თითქოს, არაფრით განსხვავებული დღე იყო. ყველა მხრიდან თანაბრად ვიგერიებდით მოწინააღმდეგის იერიშს. ცხინვალის გადარჩენას ვცდილობდით.  რუსული თვითმფრინავი ძალიან ახლოს დაფრინავდა. ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე და თვალები დავხუჭე. როგორც მეუბნებიან, დაახლოებით 10 წუთი უგონოდ ვეგდე. თვალი ჯოჯოხეთში გავახილე. ვგრძნობდი სისხლისგან ვიცლებოდი, მაგრამ საკუთარ თავზე არც მაშინ მიფიქრია. ჩემ გვერდით ერთ-ერთ ჯარისკაცს არტერია ჰქონდა გადაჭრილი,  ზოგს ხელები ჰქონდა მოგლეჯილი, ხმები ბუნდოვნად მესმოდა… ბიჭები შველას ითხოვდნენ, დანარჩენებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. ვისაც ფიზიკურად შეეძლო, ბოლო წუთამდე იბრძოდა. დაჭრილები ერთმანეთის გაყვანას ვცდილობდით. ბოლო ძალებს ვიკრებდით, რომ ქვეყანა დაგვეცვა.

საჰაერო დაბომბვა ნახევარ საათს გაგრძელდა. ბევრი თანამებრძოლი  დაგვიჭრეს. მეორე შეტაკების შემდეგ ხელის მტევანი დავკარგე, გადავიხვიე და ერთ-ერთი მაღაზიის შენობაში შევედი. სიცოცხლისთვის ძალიან საშიში დაზიანებების მიუხედავად, მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი – რუსს ქართველი სამხედრო ვერ უნდა მოეკლა. რამდენიმე დღე სარდაფში ვიცხოვრე. ზემოთ არ მიშვებდნენ… მე კი მხოლოდ ის მინდოდა, იარაღი ისევ ამეღო და ჩემი ქვეყნის დასაცავად ბრძოლა  გამეგრძელებინა.

მითხრეს, რომ ტელეფონით გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს, ქართველი სამხედროები როგორ მივმართავთ რუსებს – არ დაგნებდებით, არ დაგითმობთ ჩვენს ქვეყანას. ვიღაცას ვიდეოზე აღუბეჭდავს ის გულწრფელი ემოციები, რაც იმ კრიტიკულ სიტუაციებში გვქონდა. ვცდილობ მოვიპოვო ეს ვიდეო და როდესაც მექნება აუცილებლად გავასაჯაროებ.

როგორც ვიცი, ოჯახმა ისიც არ იცოდა, აგვისტოში საკუთარ ქვეყანას იარაღით რომ იცავდით…

დიახ, დედაჩემმა არ იცოდა. როდესაც დამჭრეს და შემდეგ გონს მოვედი, დარეკვას ვცდილობდი, მაგრამ ტელეფონი გატეხილი იყო. მეგობრის ტელეფონით დავურეკე, მისი ხმის მოსმენა მინდოდა. თურმე 4 დღე-ღამე დივანზე ტელევიზორის წინ იჯდა და ახალ ამბებს ისმენდა. გვერდით ტელეფონი ედო და ჩემს ზარს ელოდა. იცოდა, რომ რეზერვში ვიყავი და ძალიან ნერვიულობდა. როდესაც დავურეკე, სიხარულისგან დაიბნა და მისაყვედურა – ამდენ ხანს როგორ არ გამოჩნდიო.

იცით, ახლა რა გამახსენდა?  ჩემი მეგობრის, რუსების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ერთ-ერთი ჯარისკაცის უკანასკნელი სიტყვები – „რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა ჩემს ოჯახს ბოლოჯერ ჩავხუტებოდიო…

რა იყო შემდეგ?…

შემდეგ იყო სარეაბილიტაციო პერიოდი, რომელსაც დღემდე გავდივარ. საბედნიეროდ, ხელის გადარჩენა შეძლეს, გამიწიეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც, რისთვის დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ახლა ნელ-ნელა ფორმაში ჩადგომას ვცდილობ და ისევ განვაგრძობ აქტიურ სამხედრო საქმიანობას. საერთაშორისო მისიაში მინდა მონაწილეობა და ვემზადები.

თუმცა, არ მტოვებს ემოციები, რომელიც საკუთარ თავში სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ აღმოვაჩინე. ბევრს ვფიქრობ ბიჭებზე, ვინც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. მენატრებიან და რაც მთავარია, თითოეული დააკლდა საქართველოს. აგრესორის მიზანიც ხომ ეს იყო- ქართველი ჯარისკაცები უნდა მოეკლა, ქართული მიწა უნდა წაეღო.

დღესაც ხომ არიან ადამიანები საბჭოთა კავშირს რომ მისტირიან. ყველას დიდ პატივს ვცემ მაგრამ იცით რა არის?

ჭამდნენ, სვამდნენ, სამსახური ჰქონდათ მაგრამ არ ჰქონდათ მთავარი საკუთარი თავის უფლება – თავისუფლება. ჩემი, ერთი რიგითი ჯარისკაცის სურვილია – ამაზე დაფიქრდნენ.

საქართველოს ნეიტრალიტეტიო ხშირად მესმის. ზოგი პოლიტიკური ქულების დაწერასაც ცდილობს. იცით ამაზე ვინ საუბრობს? ვინც რუსულ აგრესიას ვერ იაზრებს. ნეიტრალიტეტი მახეა – რუსეთის დაგებული მახე.  როგორ უნდა დავუმეგობრდეთ რუსებს, როდესაც მათ როგორც მეგობრები არ ვჭირდებით?! რუსეთი ჩემი მტერია! ჩვენ რუსების  მოსაკლავი ქართველები არ გვყავს! რუსების მოსაკლავი გმირები არ გვყავს!

ჩემი ქვეყნის გვერდით, ჩემი ქვეყნის დასაცავად ბოლომდე ვიდგები.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

სმენადაქვეითებულთა პრობლემები აჭარაში [ვიდეო]

სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე მოქალაქეების პრობლემებსა და შესაძლებლობებზე “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი პალინა ჯაღათაშვილია. ის არსებულ რეალობაზე საუბრობს და დაბრკოლებებზე, რომელიც გადალახა. სიუჟეტში აღწერილია, რა შესაძლებლობა აქვთ სმენაშეზღუდულ ადამიანებს მიიღონ განათლება და დასაქმდნენ. სიუჟეტი ელზა ლემსაძემ და ქეთი ადეიშვილმა მოამზადეს და ის ჟესტურ თარგმანსაც შეიცავს.
სიუჟეტი მომზადდა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, NED-ის დაფინანსებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის  განცხადება ANAKONDA-16-თან დაკავშირებით

თინათინ ხიდაშელი: აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას. დისკუსია აბსურუდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს

რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეითმა ასეულმა საერთაშორისო სწავლება – ANAKONDA-16-ში?

  1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები იყო მოგვარებული. ფრენა გრაფიკით გათვალისწინებული, აეროპორტი პოლონეთში – დაჯავშნილი და ა.შ.

შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რამე ვერ მოესწრო ან ლოგისტიკურად გაუმართავი იყო, უსაფუძვლო და ტყუილია.

  1. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ვირუსული ინფექცია – ჩუტყვავილა“ ჰქონდა. ორივე, ასეულთან ერთად იყო მთელი პერიოდის განმავლობაში ხოლო, „ჩუტყვავილა, როგორც მოგეხსენებათ, ადვილად ვრცელდება. შესაბამისად, სამწუხაროდ, სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ რადგან ინკუბაციის ვადები გრძელია და რისკი მაღალი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან პოლონეთში ამ ასეულის გაგზავნა.

სამწუხაროდ, ექიმები მართლები აღმოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობით ინფექციის უკვე 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

  1. ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატოს.

ნაცვლად იმისა, რომ დაგვემალა ეს ფაქტი და რისკის წინაშე დაგვეყენებინა ჩვენი ბიჭებიც და იმ ამერიკული ბატალიონის პირადი შემადგენლობაც, ვისთან ერთადაც უნდა გაგვევლო წვრთნები. გადაწყვეტილება მივიღეთ მაღალი პასუხისმგებლობით, რაც შესაბამისად შეფასდა პარტნიორების მხრიდან.

  1. დასტურად იმისა, რომ აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრია “ქართველების არ დაშვება, ან რჩევა ქართველებისთვის არ მიეღოთ მონაწილეობა, გენერალი და ორივე მიმართულების სარდალი მიემგზავრებიან „ანაკონდაზე“ დასასწრებად.
  1. საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ბევრი წელია მუდმივად მონაწილეობენ ნატოს და პარტნიორების წვრთნებში, „ანაკონდა“ ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც ჩვენები ყოფილან ჩართული და მომავალშიც იქნებიან.
  1. ასეულს ვერ ჩავანაცვლებდით, რადგან, პრაქტიკულად, დრო აღარ გვქონდა, რომ შესაბამისი პროცედურები გაგვეტარებინა ახალი პირადი შემადგენლობისთვის.

ვერ ჩავანაცვლებდით კიდევ იმიტომ, რომ ეს არ არის სწავლება ნებისმიერი ასეულისთვის. მასში მონაწილოების მისაღებად OCC-ის ასეული მიდიოდა.

რადგან ამხელა ნიაღვარი წამოვიდა უნდა განვმარტო:

OCC (Operational Capability Concept) ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი ორი ასეულია ჩართული. მათგან ერთი, „ალფა, როგორც იცით, უკვე სერტიფიცირებულია Noble Partner-ის დროს და NRF-ის სტატუსი მიიღო. მას დასრულებული აქვს სწავლებების ციკლი. მეორე, „ჩარლი“ მიდიოდა პოლონეთში. მას სწავლებების ციკლი ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს, თანმიმდევრობა არის ერთი ჩვენთან, ერთი გარეთ. ცუდია, რომ ამ სწავლების გამოტოვება მოუწიათ, მაგრამ, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ. სხვა ასეული, უბრალოდ, ვერ წავიდოდა.

  1. ბუნებრივია, ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, მაგრამ, ცალსახად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდე უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტის თანდასწრებით. არაფერი იმისგან განსხვავებული, საიდუმლო ან დახურულ კარს მიღმა განსახილველი, რაც აქ დავწერე, არ მაქვს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას პირადად ჩემი და გენერალური შტაბის უფროსის სახელით, რომ ნებისმიერ ფორმატში წარვდგეთ მოხსენებით, თუმცა, ეს არის საკითხი, სადაც დასამალი და საიდუმლო არაფერია და, შესაბამისად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდა.

  1. ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას, და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს.

poloneti6 ivnisi anakonda2016 saertashoriso swavleba

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო], 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარაში მოქმედი 6 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სია გამოაქვეყნა.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები არიან: ირაკლი გვარჯალაძე – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ნინო შაქარაძე – №80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ბადრი ღაღაიშვილი – №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; რომან დარჩიძე – №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; კობა სალუქვაძე – №83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი და რამაზ აბულაძე – №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი.

უსკოს მონაცემებით, აჭარაში 6 მაჟორიტარულ ოლქში მთლიანობაში 306 091 ამომრჩეველია.

სენატორი ბენ კარდინი: „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ“

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ინტენსივობა გაზარდოს, – ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის  მდივნის მეორე თანაშემწემ, მაიკლ კარპენტერმა რამდენიმე დღის წინ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში  მოსმენაზე გააკეთა.

გამოსვლისას მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის აგრესიით საქართველოში და 2014 წლის სამხედრო ინტერვენციით უკრაინაში, არა მარტო ევროპულ უსაფრთხოებას დაემუქრა, არამედ  საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია, რომლებიც განმტკიცებულია ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტებში, როგორიცაა გაეროს ქარტია, ჰელსინკის დასკვნითი აქტი და პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის.

რუსეთი მსგავს თავხედურ უპატივცემულობას გამოხატავს,   საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მის მიერვე ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის და მინსკის 2015 წლის  თებერვლის  შეთანხმებების მიმართ, – აღნიშნა თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწემ.

ჩვენი მიზანია ნატოს არაწევრი ჩვენი პარტნიორ ქვეყნების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება ისე, რომ წარმატებით გაუმკლავდნენ კონვენციურ და არაკონვენციურ საფრთხეებს. „ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივამ,  საშუალება მოგვცა, ამერიკული და მოკავშირე ძალების უკეთ გასაწვრთნელად გამოგვეყო ფინანსები სასწავლო-საწვრთნელი ცენტრების დონის ასამაღლებლად. ასევე, გაგვეუმჯობესებინა ერთობლივი წვრთნისა და სწავლების ხარისხი ჩვენს მთავარ პარტნიორებთან – უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან.

ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებთან ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მაგალითი კონგრესის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდის დამტკიცებაა, რომელიც 600 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ჩვენ მომდევნო წლებშიც განვაგრძობთ მუშაობას უკრაინელ პარტნიორებთან, რომ მათ ჰყავდეთ  უფრო მომზადებული და პროფესიული ძალები,  რომლებიც გარე აგრესიისგან უკრაინის დაცვას შეძლებენ.

მართალია, უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მასშტაბი უნიკალურია, მაგრამ ჩვენ თითქმის ანალოგიურად ვეხმარებით სხვა პარტნიორებს.

მაგალითისთვის, 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, საქართველომ უსაფრთხოების მხარდაჭერის ორმხრივი ფონდის მეშვეობით 480 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ასეთი ტიპის დახმარებები მომავალშიც  შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორებს გაუმკლავდნენ უცხო ქვეყნის ზეწოლასა და ძალადობას, – აღნიშნა მაიკლ  კარპენტერმა.

მოსმენისას ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწეს შეკითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა. დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი დაინტერესდა რა ისწავლა შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის თავზე.

ბენ კარდინი, სენატორი, „დემოკრატიული პარტია: მე მინდა საქართველოზე გესაუბროთ. მაინტერესებს რა ვისწავლეთ 8 წლის თავზე? რუსებს გაყინული კონფლიქტების შექმნის მდიდარი ისტორია აქვთ, სადაც სამშვიდობო ხელშეკრულების გარეშე, ყველაფერი თითქოს ნორმალურად ვითარდება. გავრცელდა ხმები, რომ მომავალ წელს, საქართველოს ერთ-ერთ, ცხინვალის­ რეგიონში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც რუსეთი მათზე ზემოქმედებს და ეს მე, სერიოზულად მაწუხებს. ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა თქვა, რომ ქართველი ხალხის მიერ დასავლეთთან ინტეგრაციისა და შიდა რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, რუსული აგრესიისა და ზეწოლის რისკი იზრდება.

შარშან სერბეთს ვსტუმრობდი და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელს შევხვდი. მან გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ. რა ვისწავლეთ ამ რვა წლის განმავლობაში პრინციპულობისა და სიმტკიცის კუთხით? ვიცი, რომ ჩვენი სამხედროები ამერიკის შტატ ჯორჯიიდან საქართველოში იმყოფებოდნენ და თუ შეიძლება ამის შესახებაც გვითხრათ. ასევე, რა კეთდება თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან საქართველოზე  რუსული აგრესიისა და ზეწოლის შესაკავებლად? ასევე რა ვისწავლეთ საქართველოს და შემდეგ  უკრაინის ყირიმის მოვლენების შედარებით?

მაიკლ კარპენტერი, თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწე: გმადლობთ სენატორო. სრულად ვიზიარებ შეფასებას, რომ რუსეთი სხვადასხვა საშუალებით ზეწოლას განაგრძობს. დღეისათვის, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონი (მოსახლეობის მნიშნველოვანი ნაწილიც) აქვს ოკუპირებული და ეს ადმინისტრაციული საზღვრები, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით, საქართველოს უფრო მეტი ტერიტორიის მისათვისებლად განაგრძობს გადმოწევას. რუსეთი ზეწოლის სხვა საშუალებებსაც მიმართავს. მათ შორის არის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის მიერ გახმოვანებული სურვილი _ რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. 2008 წლის რუსული აგრესიის შემდგომ, ჩვენი მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და რუსული აგრესიის მიმართ მოწყვლადობის მაქსიმალური შემცირებაა. ამ კრიზისის შემდეგ ჩვენ, დაახლოებით 480 მილიონი დოლარი დავხარჯეთ უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს დასახმარებლად.

ბენ კარდინი, სენატორი
ბენ კარდინი, სენატორი

ორიოდე კვირის წინ ვიყავი თბილისში, „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც საქართველოსთან ერთად ვატარებთ. მასში დაახლოებით 650 ამერიკელი, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნებისას სადესანტო საპარაშუტო გადმოხტომები განხორციელდა, საქართველოში გვყავდა აბრამსის და ბრედლის ტიპის საბრძოლო საშუალებები. ამ წვრთნებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში ვეხმარებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც დღემდე საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ, მეორე ქვეყანაა სამხედროების რაოდენობის თვალსაზრისით…

მათ გაიღეს დიდი მსხვერპლი. განიცადეს საგრძნობი დანაკარგი – დაკარგეს 32 სამხედრო მოსამსახურე. დაიჭრა 282 მებრძოლი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენი წვრთნების უმრავლესობა ემსახურებოდა ავღანეთისა და ერაყისთვის ქართველი სამხედროების მომზადებას. ახლა კი ვაპირებთ მეტი ყურადღება დავუთმოთ ქართველი სამხედროების გაწვრთნას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.

ბენ კარდინი, სენატორი, „დემოკრატიული პარტია: ამრიკელი სამხედროები მუდმივად თუ გვყავს საქართველოში?

მაიკლ კარპენტერი,  თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწე: ჩვენ არ ვაპირებთ მუდმივად გვყავდეს სამხედროები საქართველოში, თუმცა წვრთნებისა და ტრენინგების ტემპის გაზრდას ნამდვილად ვგეგმავთ.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი – ნაწილი II

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ

ნაწილი II  

[ნაწილი I იხილეთ ბმულზე]

ქართული ეკლესიის, კულტურული ძეგლებისა და ქართული ენის, როგორც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენის განადგურების მცდელობა რუსეთის იმპერიის გარდა საბჭოთა ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილიც იყო. ბოლშევიკური რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა ქართველი ერი საბოლოოდ დაემორჩილებინა, რისთვისაც სარწმუნოებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა, ეკლესია-მონასტრები დახურა, მღვდლები და მონაზვნები მონასტრებიდან გამოაძევა და ღვთისმსახურება აკრძალა. ქართული ეკლესიის დაქვემდებარება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენდა, ვინაიდან მისი მეშვეობით, იდეოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს რუსეთის იმპერიაში ასიმილაციას შეუწყობდნენ ხელს. საჭირო იყო მისი დასუსტება, მით უმეტეს, რომ რუსული ეკლესიისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, საქართველოს ეკლესია ეკონომიკურად დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენდა. 1921 წლის 14 აპრილს  საქართველოს რევკომის #21 ბრძანება მიიღეს „სახელმწიფოსგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ, რის საფუძველზეც საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიას მთელი უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვა.  ბრძანებაში ვკითხულობთ:

„არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. საქართველოს რესპუბლიკაში არსებულ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად“ -საქართველოს რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი №21, 1921 წლის 14 აპრილი“.

1921 წლიდან ქართული ეკლესიის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბოლშევიკ აქტივისტებს ეკლესია-მონასტრებიდან გაჰქონდათ საეკლესიო ქონება, ანადგურებდნენ ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს. რუსმა ეგზარქოსებმა ქართული ეკლესიებიდან 137 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. ამ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ხმა პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ აიმაღლა, რომელმაც 1922 წელს, გენუის კონფერენციას (საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური პრობლემები განიხილებოდა) მემორანდუმით მიმართა და საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა.

ამბროსი ხელაია - რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში
ამბროსი ხელაია – რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში

„ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ ცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რუსები კი ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმიდათა-წმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია.“

ამ მიმართვის გამო, ამბროსი ხელაია იმავე წელს დაპატიმრებულ იქნა „ჩეკა“-ს (საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური – чрезвычайная комиссия) მიერ.

ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ეკლესიების დაკეტვას ხშირ შემთხვევაში ქართველი მოსახლეობაც უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა ბოლშევიკური პარტიის წევრები მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ. ქართული ეკლესიის მიმართ რეპრესიები გრძელდებოდა. ამ პერიოდში მრავალი ეკლესია დაანგრიეს და მათ ადგილას პარტიული და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები ააშენეს. 1923 წლისთვის საქართველოში 1212 ეკლესია დაიკეტა.

შესაბამისად, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდგომ საბჭოთა კავშირის მიერ ხორციელდებოდა ერთგვარი კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული იდენტობის, ენის, დამწერლობის, ხელოვნების ნიმუშების და სულიერი ერთობის მოსპობა იყო.

დღეს, რუსეთი სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარი პროპაგანდის მთავარ შემადგენელ ნაწილად ისევ იყენებს „ერთმორწმუნეობას“ და დღემდე ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო მართმადიდებლურ ფასეულობებს, ერთმორწმუნეობის საკითხებს. რელიგია გამოყენებულია როგორც რუსული რბილი ძალის“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურულ თუ რელიგიურ მსგავსებებზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ იყენებდა ის ერთმორწმუნეობის ნარატივს წარსულში და რა გამოცდილება მიიღო საქართველოს კულტურულმა, ეროვნულმა თუ ენობრივმა თვითმყოფადობამ რუსეთის მიერ გატარებული „ერთმორწმუნეობის“ პოლიტიკით.

წყარო:
www.damoukidebloba.com
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამები მიმდინარეობს

დღეისათვის  1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა, ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით,  დღეს არსებული კოოპერატივების წარმატებული მომავალი მეტწილად დამოკიდებულია მათ გამსხვილებაზე რათა მიეცეთ საშუალება მხოლოდ პირველადი პროდუქციის მწარმოებლებად კი არ ჩამოყალიბდნენ არამედ ე.წ. მეორე დონის კოოპერატივებად ჩამოყალიბებით მათ შექმნან სრული საწარმოო ციკლი კოოპერაციის ფარგლებში და ბაზარს მიაწოდონ საბოლოო პროდუქცია, რაც  მათ  დამატებით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

კოოპერატივების მხარდასაჭერად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო არაერთ პროგრამას ახორციელებს. მეფუტკრეობისა და რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში რეგისტრაცია პარალელურად ონლაინ რეჟიმში  მიმდინარეობს.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი – ხის სკა (რუტი, დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) – კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს ლაბორატორიულ შემოწმებას უფასოდ ჩაუტარებს.
პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების (როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული) აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, რაც ხელს შეუწყობს მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.

მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7 588 სკა.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპის შედეგად, 51 კოოპერატივს 3 609 სკა გადაეცემა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ თაფლის საწურს და ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია  დისტანციურად   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის  დადგენილი პირობების დაკმაყოფილების  შემთხვევაში რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმო,  რომლებიც აღჭურვილი იქნება  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები,ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.

როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშლაძე აცხადებს, მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით კოოპერატივების ეძლევათ შესაძლებლობა დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი პროდუქტი აწარმოონ, ასევე  პროგრამის ფარგლებში საფუტკრეებს უკვე მიეცემათ საშუალება მიკვლევადი გახდეს მათი წარმოებული პროდუქცია რაც ხელს შეუწყობს  საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანას.

მესაქონლე კოოპერატივებს  კი  ეძლევათ საშუალება სტანდარტების დაცვით მოახდინონ რძის მიღება ერთის მხრივ ერთობლივად მიაწოდონ რძის საწარმოებს მაღალხარისხიანი რძე რაც გაზრდის კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლებს და კოოპერატივების კონკურენტსუნარიანობას მეორეს მხრივ კოოპერატივების ეძლევათ შესაძლებლობა მისი  მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და აწარმოონ რძის პროდუქტები რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით და საბოლოო პროდუქციის ზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ვაშლარა“ 2015 წელს, ვანში დაფუძნდა  და მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობს, კოოპერატივის თავმჯდომარის მინდია ქავთარაძის  თქმით  სახელმწიფო პროგრამის დახმარებით გავზარდეთ სკების რაოდენობა, რამაც გაგვიზარდა თაფლის პროდუქტიულობა და შესაბამისად გაგვეზარდა შემოსავალიც.  ჩვენთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკა, გვეძლევა ჩვენი ცოდნის გაუმჯობესების საშუალება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვეცნობით თანამედროვე ტექნოლოგიებს.“

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე, ხოლო რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდეა შესაძლებელი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საქართველოში კოოპერატივების მნიშვნელობა ან უგულებელყოფილი იყო ან არასწორად იყო გაგებული. კოოპერატივს ხშირად ძველ, საბჭოთა კოლმეურნეობასთან აიგივებდნენ. დღეს მდგომარეობა სრულიად შეცვლილია და სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი ბევრად უკეთაა აღქმული. ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დასახმარებლად მომუშავე ევროკავშირისა და FAO–ს (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ექსპერტების ძალისხმევის შედეგია.

კოოპერატივის მიზანი პროდუქციის მოცულობის გაზრდაში ფერმერთა დახმარებაა, სასოფლო–სამეურნეო მასალის – თესლი, სასუქი და ა. შ. – ერთად მოპოვებისა და ბაზარზე ერთობლივად გასვლის გზით. ამდენად, წარსულში მოქმედი მოდელის გაცოცხლების ნაცვლად, კოოპერატივი ფერმერებს ღია საბაზრო ეკონომიკით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. დღევანდელ მსოფლიოში ვაჭრობა უმეტესწილად დიდ მოცულობებს, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის რთული სტანდარტების დაცვას მოითხოვს. თუ მცირემასშტაბიანი ფერმერული მეურნებები თანამშრომლობასა და პროდუქციის ერთობლივად გაყიდვას ვერ შეძლებენ, ბაზარზე გაღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

ევროკავშირი ამაყობს საქართველოში კოოპერატივების პოზიტიური მიმართულებით განვითარებაში შეტანილი წვლილით. ბევრი წლის წინ, როდესაც ამ საკითხს ყურადღებას თითქმის არავინ უთმობდა, ევროკავშირმა მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან წამოიწყო დიალოგი იმ როლის შესახებ, რომლის შესრულება შეეძლოთ კოოპერატივებს საქართველოში მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარების პროცესში.“ – განაცხადეს  ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

12052646_992764177465492_7552483659086829453_o

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge
Exit mobile version