სახელმწიფო აუდიტი: აჭარის მუნიციპალიტეტებში უკეთესი კადრებია საჭირო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 22 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში [ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის] 2014–2015 წლებში ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის შედეგები.

„ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ მუნიციპილალიტეტების, ბათუმის მერიის, საკრებულოს აუდიტს. დასკვნები,  რომლებიც ჩვენი სამსახურის მიერ ქვეყნდება, მოიცავს რეკომენდაციებს როგორ გაიხარჯოს ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე აუდიტის მიზანია ბიუჯეტის მართლზომიერი განკარგვა და ხარვეზების აღმოჩენა“ – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდიას განმარტებით, მთავარი ხარვეზი, რაც აუდიტის შედეგად დადგინდა  ფინანსური ანგარიშგებაა, რომელიც არ წარმოებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მონაცემებიც არარეალისტურია – „იმისთვის რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემა, საჭიროა მუნიციპალიტეტების უკეთესი საკადრო რესურსით უზრუნველყოფა.“

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც აუდიტორმა გაამახვილა ყურადღება შესყიდვების საკითხებთან არსებული ხარვეზებია. პრობლემაა დაუსაბუთებლად გამარტივებული ტენდერებიც. ლაშა თორდიას განმარტებით ფაქტობრივად არ არის დანახარჯების დოკუმენტაცია, რაც უნდა გამოსწორდეს.

კახაბერ კირტავა, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარაში: „აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულია სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, ამასთან, ჩვენ მიერ გაცემული ზოგიერთი რეკომენდაცია გათვალისწინებულია, ნაწილის დამუშავება კი მიმდინარეობს. რეკომენდაციები გაცემულია ფაქტობრივი ხარჯვის წარმოდგენასა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 დასრულდა

დღეს, 22 ივლისს, აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა ბოლო საგანში, ფიზიკაში ჩააბარეს. ამით ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის ინფორმაციით, წელს რეგისტრირებული იყო 38 500 აბიტურიენტი, აქედან გამოცდაზე, დაახლოებით 97 % გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, წელს ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

რაც შეეხება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოყენებას გამოცდებზე, რაც წელს პირველად მოხდა, ივა მინდაძე მიიჩნევს, რომ ამ მეთოდმა გაამართლა. „რაიმე ისეთი ხარვეზები არ ყოფილა, რასაც შეიძლება გამოცდების ჩატარებისთვის ხელი შეეშალა“, – ამბობს NAEC-ის დირექტორი და იქვე განმარტავს, რომ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც გამოცდაზე დააგვიანეს ან არ გამოცხადნენ ობიექტური მიზეზების გამო, წელს გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის საშუალება არ მიეცათ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდების შედეგები ეტაპობრივად, შემდეგი კვირიდან გამოქვეყნდება.

პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 534 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 405 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 78 –  ნიშანში დგომის გამო, 18 – ტროტუარზე დგომისთვის, 14 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 4 კი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე.

 

 

 

ორსართულიანი მატარებელი მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურება

ამ წუთებში,  “ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია Standler Bussnang AG-ის ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში დღეს 17:00 საათზე შემოვიდა. ახალი ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან.

ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.

მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების მიმართულებით დარჩება იგივე.

ორსარტულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი საქარტველოს რკინიგზამ Standler Bussnang AG-ისგან შეიძინა.

ახალი მატარებლები მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე.

პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, კომპანია Standler Bussnang AG-ის გენერალური დირექტორი მარკუს საუერბრახი, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ასევე გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

ახალი ორსართულიანი მატარებლები ბათუმის რკინიგზის სადგურში შემოვიდა

დღეს ბათუმის რკინიგზის სადგურში, საქართველოს რკინიგზის ორი ახალი, შვეიცარიული წარმოების მატარებლები ჩამოდგა.

ორსართულიანი მატარებლები თანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არიან აღჭურვილი. ეს მატარებელი ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.

„საქართველოს რკინიგზამ“ ოთხი ორსართულიანი ელექტრომეტარებელი გამარტივებული შესყიდვის წესით კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენა.

ამ წუთებში ბათუმის რკინიგზის სადგურში, მატარებლების პრეზენტაციისთვის ემზადებიან.

 

Prodigy ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე – ჯაზ-ფესტივალის მეოთხე დღე

21 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს კონცერტი ჩატარდა.

Prodigy-ს კონცერტს უჩვეულოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა და როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჩანდა, ფესტივალის ამ დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა. ფესტივალის წარმომადგენლების თქმით, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 7000 ადამიანი ეტევა.

The Prodigy წლევანდელ ფესტივალზე ჟანრობრივად ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილე იყო. ჯგუფი 90-იანებში გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში და მალევე მოიპოვა Hardcore Dance Music-ის მეფეებისა და Big Beat-ის პიონერების სტატუსი. ჯგუფის მუსიკალური ჟანრი უდავოდ რთული შესაფასებელია, მარტივად რომ ვთქვათ, The Prodigy რეივის, ელექტროინდასთირიალის, ბიგ-ბითისა და ელექტრონული როკმუსიკის ნაზავია.

კარი 20:00 საათზე გაიხსნა, კონცერტი კი დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო.

სცენა კონცერტის დაწყებამდე

ჯგუფმა კონცერტზე, მათი ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა, მათ შორის: BreathePoisonFirestarterVoodoo PeopleSmack my bitch up, Nasty და სხვები.

 

ბასტა რაიმსი ქრის ბრაუნის ნაცვლად – კიდევ ერთი ცვლილება ჯაზ-ფესტივალის მონაწილეთა სიაში

23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, ქრის ბრაუნი ბათუმში თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ ჩამოვა. მათივე ინფორმაციით კომპანია “ისთერნ პრომოუშენმა”  ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.

მას, ვინც ქრის ბრაუნის ბილეთი უკვე შეიძინა, შესაძლებლობა ექნება ამავე ბილეთით ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეთა სიაში კიდევ ერთი ცვლილების შესახებ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც დღეს – 22 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ -ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მომღერალი ჯეიმი კალუმის ნაცვლად კონცერტს ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი – ნიკ ვესტი გამართავს. ორგანიზატორების ცნობით, ჯაზის და პოპის ცნობილი ინგლისელი შემსრულებლის ჯეიმი კალუმის ბათუმში ვერ ჩამოსვლის მიზეზიც –  თურქეთში  ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა.

 

მათ ვისაც ქრის ბრაუნისა და ჯეიმი კალუმის კონცერტზე ნაყიდი ბილეთებით, სხვა შემსრულებლების კონცერტზე დასწრება არ სურთ, შეუძიათ ბილეთები უკან დააბრუნონ. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით – მათ თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.

ბილეთების თანხის დაბრუნება 27 ივლისიდან იწყება. ონლაინ შეძენილი ბილეთების დაბრუნება შემდეგნაირად ხდება: თქვენი მეილი და ტელეფონის ნომერი, რომლითაც ბილეთბი შეიძინეთ უნდა გააგზავნოთ support@tkt.ge -ზე, ტექნიკური ჯგუფი გადაამოწმებს გამოყენებული იყო თუ არა ბილეთი. ბილეთის ვალიდურობის შემთხვევაში 2-3 სამუშაო დღეში დაგიბრუნდებათ თანხა თქვენივე ანგარიშზე.
ფიზიკურ სალაროებში ნაყიდი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად 27 ივლისიდან შეგიძლიათ მიაკითხოთ ფილარმონიისა და ბათუმში ჯაზ-ფესტივალის სალაროებს იმ პიროვნებამ, ვინც შეიძინა ბილეთები პირადობის დამადასტურებელი საბუთით. მას შემდეგ რაც გადამოწმდება იყო თუ არა ბილეთი გამოყენებული კონცერტზე და შესაბამისად მოხდება თანხის ანაზღაურება

ბათუმის არქიტექტურა ქობულეთში

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ქობულეთში არ შეიძლება იყოს მაღალი კორპუსები?“ – კითხვა ქობულეთის მთავარმა არქიტექტურმა შემოგვიბრუნა, როცა ვკითხეთ, რატომ დაუშვეს პრეცედენტი და აშენებენ ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ზუსტად გამგეობის შენობის გვერდით, ზღვის პირას. ასლან ქათამაძემ გვითხრა, რომ რამდენიმე სხვა მშენებლობის ნებართვაც გაიცა, სადაც შენობის სიმაღლე დადგენილ ნორმას ბევრად აღემატება.

ქობულეთის ცენტრში, იქ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, დადგენილი ნორმების მიხედვით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე 18 მეტრი შეიძლება იყოს. საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლე გამგეობის გვერდით – 33.8 მეტრია. გამგეობაში განმარტავენ, რომ თუკი გამგებელი მშენებლობის აუცილებლობაში დარწმუნდება, მას შეუძლია განსხვავებულ სიმაღლეზე გასცეს ნებართვა, მაგრამ მანამდე გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს უნდა შეუთანხმოს.

„ქობულეთის ცენტრს აქვს საზოგადოებრივი ზონის სტატუსი. შესაბამისად, იქ დაშვებულია სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. მთავარია, ჩატარდეს მოკვლევა და განისაზღვროს, რამდენად მისადაგებულია ესა თუ ის მშენებლობა არსებულ რეალობასთან“, – გვითხრა ნუგზარ ძნელაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა. ის მშენებლობის რეგულირების საბჭოს ერთ-ერთი წევრია, რომელმაც ხელი მოაწერა ქობულეთის გამგეობასთან მაღალი კორპუსის აშენებას. ეს გადაწყვეტილება 2014 წლის ივლისში მიიღეს. მაშინ ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე იყო. ის ამჟამად აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

პრეცედენტი წარმატებით აუთვისებია ახალ გამგებელს – სულხან ევგენიძესაც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ასლან ქათამაძემ სხვა მისამართებიც ჩამოგვითვალა, სადაც ასევე გამგებელმა მშენებლობის სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა მოსთხოვა აჭარის მთავრობას. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულა: „ეს არის თამარ მეფის ქუჩაზე, აღმაშენებელზე და რუსთაველზეც… მალე, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმას. განისაზღვრება ზონები, სადაც შესაძლებელი იქნება აშენდეს მაღალი შენობები. ვიდრე ეს გეგმა არ დამტკიცდება, გამგებელმა უნდა ჩათვალოს მიზანშეწონილად სიმაღლის გაზრდა და შეათანხმოს მთავრობასთან. ყველგან რომ გაიცეს ნებართვა, რკინის ფარდას მივიღებთ. მიზანშეწონილობა უნდა განისაზღვროს“.

ქობულეთის მთავარი არქიტექტორის აზრით, „რკინის ფარდას“ ქობულეთში არ მიიღებენ, რადგან ისინი ბათუმის მაგალითით მოქმედებენ: „ზღვის პირასაც შეიძლება აშენდეს, გააჩნია მონაკვეთს. მაგალითად, გამგეობის შენობის მოპირდაპირედ, ფოსტის შენობასთან, არ უნდა აშენდეს მაღალი კორპუსი სწორედ იმიტომ, რომ არ გაგვიჩნდეს რკინის ფარდა. ჩვენ კარგად გავითავისეთ ბათუმის მაგალითი. ასევე ვიყენებთ სივრცითი მოწყობის გეგმას. მერე რა, რომ ჯერ დამტკიცებული არ არის, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ? გვაქვს, ასე ვთქვათ, გარკვეული მონახაზი და იმის მიხედვით ვმოქმედებთ“.

ქობულეთის გამგეობის გვერდით 33 მეტრის სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ჯაბა ანანიძის ფოტო
ქობულეთის გამგეობის გვერდით 33 მეტრის სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ჯაბა ანანიძის ფოტო

რატომ ვერ მოხერხდა დღემდე მუნიციპალიტეტებისთვის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცება, ან დაცვის რა მექანიზმებს ითვალისწინებს გეგმა? – ნუგზარ ძნელაძემ აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან გვითხრა, რომ გეგმაზე ჯგუფი მუშაობდა და ქობულეთის საკრებულოს შენიშვნების გამოსახატავად გეგმა უკვე გადაგზავნილი აქვს.

„არსებობს დასახლებათა მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც არის მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ და ეს მოქმედებს, ვიდრე სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდება… გააჩნია, საკრებულო რას იტყვის, მაგრამ ქობულეთის შემთხვევაში, ცენტრალურ ნაწილს ისევ საზოგადოებრივი სტატუსი ექნება, სადაც მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით, ისევ იქნება შესაძლებელი მაღალი სასტუმროს ან საცხოვრებელი კორპუსის აშენება. მიზანშეწონილობას უკვე მუნიციპალიტეტი განიხილავს, ჩვენი საბჭო დროებითია და მოქმედებს მანამ, ვიდრე სივრცითი მოწყობის გეგმები ყველა მუნიციპალიტეტში არ ამოქმედდება,“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ქობულეთის გამგეობის გვერდით შპს „ამხანაგობა თამარ მეფის 40“ აშენებს. კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. „ლამაზი სახლი იქნება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს…“, – გვითხრა ნოდარ გოგიტიძემ, კომპანიის მენეჯერმა.

რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ბატონო დავით, თქვენ აქტიური პოლიტიკოსი ხართ, აჭარის უმაღლესი საბჭო კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე პასიური საკანონმდებლო ორგანოა. რატომ გადაწყვიტეთ უმაღლესი საბჭოს წევრობა, რას მისცემს რეგიონს თქვენი იქ ყოფნა, ან თქვენს პოლიტიკურ კარიარას ეს რას შეჰმატებს?

მე ვიყავი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 1991-1996 წლებში, მაშინ უმაღლესი საბჭო, „რესპუბლიკელების“ აქტიურობის გამოც, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად დატვირთული, ოპონირების რეჟიმში მომუშავე და ასლან აბაშიძეს უჭირდა ჩვენთან პაექრობა. ასე რომ, მე მაქვს გამოცდილება უმაღლეს საბჭოში აქტიური მუშაობის და 2016 წელს არჩეული უმაღლესი საბჭოც იქნება პოლიტიკურად დატვირთული.

თქვენ აჭარას მეორე პოლიტიკური ფრონტი და თავისუფლების საყრდენი უწოდეთ. საფრთხე ექმნება დღეს თავისუფლებას? კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში, როცა საფრთხეებზე საუბრობთ?

იმ ტიპის პრობლემები, რომლებიც ადრე ყოფილა, ახლა არ არის, ამიტომ არ ველოდები, რომ ისეთი მძიმე საარჩევნო ფონი იქნება, როგორც აბაშიძის მმართველობის დროს იყო, მაგრამ წაცდება ხოლმე ხელი ხელისუფლებებს გასაყალბებლად. 2004 წლის არჩევნებზე ყველაზე პოპულარული იყო სააკაშვილი, მაგრამ უმაღლესი საბჭოს არჩევნები მაინც გაყალბების დოზით ჩატარდა და მაშინაც „რესპუბლიკელებმა“ გავუწიეთ კონკურენცია.

ანუ გაყალბების საფრთხეები არსებობს ამ არჩევნებზე?

მასშტაბური სახის გაყალბებას არც აჭარაში და არც დანარჩენ საქართველოში არ ველოდები, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაკი მე ვაპირებ კენჭი ვიყარო უმაღლეს საბჭოში, ეს ავტომატურად ზრდის ინტერესს აჭარის მიმართ. ტრადიციულად, ბათუმს გარეთ მუნიციპალიტეტებში გაყალბებას არც ერთი ხელისუფლება არ გაურბოდა.

თქვენ ამბობთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, თუმცა გყავთ მოწინააღმდეგეები ლიბერალური კურსის გამო.

1990 წელს მთელ საქართველოში არჩევნებს იგებდნენ „მრგვალები“ ან „წითლები“, ორი დიდი პოლიტიკური გაერთიანება. ერთადერთი ქალაქი, სადაც ორივე ოლქი მოვიგეთ, იყო ბათუმი. მაშინ არ მიიღო ბათუმმა არჩევანი კომუნისტებსა და ულტრანაციონალისტებს შორის და ლიბერალურ-პატრიოტული არჩევანი გააკეთა.

თქვენი აზრით, შენარჩუნებულია დღეს ლიბერალური განწყობები საზოგადოებაში?

რა თქმა უნდა. ბათუმმა პოლიტიკური ქარტეხილები ძალიან მაღალი სტანდარტით დაიწყო. ბათუმში კომუნიზმი დაამარცხა არა ნაციონალიზმმა, არამედ დემოკრატიამ, ლიბერალიზმმა და ეს მნიშვნელოვანია. ასე, რომ ბათუმელების სახელით, ჩემი და თამაზ დიასამიძის ხელმოწერები საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე არ არის არც კომუნისტური და არც ნაციონალისტური, ეს არის სწორედ ლიბერალური, ქართული პოლიტიკური ძალის სახელით ხელმოწერა. ლიბერალიზმი, წინააღმდეგობასთან გამკლავების თვალსაზრისით, სხვაზე ნაკლები კი არ არის. „ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი“ [შენიშვნა: ასე მოიხსენიებდა გრიგოლ ორბელიანი ილია ჭავჭავაძეს] – ილია ჭავაჭავაძე, ჩვენი პოლიტიკური წინაპარია და ასევე ხასან ლორთქიფანიძე, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო აჭარაში და რომელიც უსწრებდა დროს. „რესპუბლიკელებზეც“ ამბობენ, რომ ხანდახან ვუსწრებთ დროს. 2003-2004 წლებში, კამპანია – „ბათუმი აბაშიძის გარეშე“ იყო „რესპუბლიკელების“ მიერ უზრუნველყოფილი წარმატებული კამპანია და ეს ლიბერალი „რესპუბლიკელები“, როგორც აბაშიძე ამბობდა, „საძინებელში ვუვარდებოდით მას“, ანუ უზენაესი საბჭოს მისადგომებთან ძალიან სახიფათო მიტინგს ვმართავდით, რომელიც აბაშიძემ დაარბია და საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. 23 ოქტომბერს დარბეული მიტინგის შემდეგ, აბაშიძე გახდა პოლიტიკური კეთროვანი და ექვს თვეში მას მოუხდა ხელისუფლების დატოვება.

თქვენი კონკურენტები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ არა „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“ ვერასდროს მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. კოალიციაში ყოფნის დროსაც „რესპუბლიკელებმა“ ერთი წევრი შეიყვანეთ უმაღლეს საბჭოში. ეს ფაქტი რამდენად გაძლევთ იმის იმედს, რომ ამ არჩევნებში უკეთესი შედეგი გექნებათ?

მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე ის შედეგები, რაც მიღებული აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“ აჭარაში, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ცხოვრების ლოკომოტივი ვართ აჭარის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდით „ოცნების“ კოალიციის გარეშე, კი, „ოცნების“ გარეშე ვერ მოვიდოდით, ისევე როგორც „ოცნება“, რომელიც ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალა იყო მაშინ და ახლაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვერ მოვიდოდა „რესპუბლიკელების“ გარეშე. „რესპუბლიკელები“ მზად ვართ ოპონირების რეჟიმში სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ როგორც დაძლეულ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ასევე „ქართულ ოცნებას“. მე მივმართე კიდეც ვარშალომიძეს, რომელიც ბათუმში დაბრუნდა, როგორც მთავარი „ნაციონალი“, ასევე მივმართე ხაბაძეს, თუკი ის იქნება პირველი ნომერი, რომ კენჭი ვიყაროთ ბათუმში და ვიქნებით მთავარი კონკურენტები ერთმანეთის. ასე, რომ ჩემი ჩართვა ამ პროცესში იქნება ხელშემწყობი იმისა, რომ მეტი ყურადღება მიექცევა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს.

ბოლო არჩევნებს თუ არ გავითვალისწინებთ, როგორც წესი, საქართველოში უფრო მეტად სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას, იგივე ხომ არ მოხდება ამ არჩევნებზეც?

ახალ გახელისუფლებული პოლიტიკური პარტია წესიერად და კარგად იქცევა პირველ წლებში. როცა მას უჭირს, ის მთლად კარგად აღარ იქცევა. „ოცნებას“ პლუსში აქვს ის, რომ 2012-2014 წლის არჩევნები ჩატარდა სუფთად და ეს გამოწვევა 2016 წლის არჩევნებში აქვს ხელისუფლებას და ეს გამოცდა ჩასაბარებელი ექნება, რადგან ამ არჩევნებში ის აღარ არის ფავორიტი. ბუნებრივია, კონტროლი საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და ქვეყნის შიგნითაც იქნება მაღალი.

თქვენ განაცხადეთ, რომ „რესპუბლიკელებმა“ შეძელით დაგეძლიათ საბჭოთა წარსული და დღესაც ეულად გიწევთ მარათონის გავლა. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე რატომ ვერ იპოვეთ პოლიტიკური თანამოაზრენი ქვეყანაში და ეს ეულად ყოფნა როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის, კომფორტია თუ პრობლემა?

38 წლის წინ შევიქმენით როგორც არალეგალური ორგანიზაცია და ვართ დისიდენტური წარმომავლობის პარტია. აქედან მოყოლებული ჩვენ გვიწევს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პროგრესული იდეების დამკვიდრების მცდელობა. ეს მარტივი საქმე არ არის და ჩვენი პოლიტიკური წინაპრები დასავლური, ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანები იყვნენ. აჭარაში ხასან ლორთქიფანიძის თუ ჰაიდარ აბაშიძის სახით, ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური წინაპარი გვყავდა და ვცდილობთ, რომ ამ იდეების მატარებლები ვიყოთ. ამასთანავე, ჩვენ ვარსებობთ სულ. ქართულ პოლიტიკას ჰყავს ერთი მუდმივი შემადგენელი „რესპუბლიკური პარტიის“ სახით და ბევრი ცვლადი, იქნება ეს სახელისუფლებო თუ არა.

„რესპუბლიკელები“ იბრძოლებთ იმისთვის, რომ უმრავლესობაში მოხვიდეთ უმაღლეს საბჭოში?

ცალკე აღებული რესპუბლიკური პარტია, ისევე როგორც ცალკე აღებული „ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გამორიცხულია, რომ მოვიდეს უმრავლესობით აჭარის უმაღლეს საბჭოში. უმაღლესი საბჭო განწირულია კოალიციურობისთვის. 5-6 სუბიექტის კონკურენტუნარიანობა აშკარაა, აქედან პირველი სამი – „რესპუბლიკელები“, „ოცნება“ და „ნაციონალები“ გამოკვეთილია, მაგრამ როგორი იქნება რიგითობა, ეს დამოკიდებული იქნება საარჩევნო კამპანიაზე. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ „ოცნებაც“ დავამარცხოთ და „ნაციონალებიც“.

როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ფაქტობრივად, ვერც ერთ საკითხზე ვეღარ ხდებოდა შეთანხმება, რის გამოც პოლიტიკური პროცესი შევიდა ჩიხში. ხომ არ შეიქმნება იგივე ვითარება ახალ უმაღლეს საბჭოშიც, თუკი ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მოიპოვებს უმრავლესობას?

ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა, ეს წაადგა პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო უსკოს თავმჯდომარის არჩევნები, როცა ორჯერ ჩააგდო უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძის ორი კანდიდატი და კმაყოფილი ვარ, რომ ამაში ჩვენც ვმონაწილეობდით. სამომავლო კონფიგურაციას რაც შეეხება, არ არის მოსალოდნელი, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა. ამიტომ, ვისთან ერთად ვიქნებით ან არ ვიქნებით „რესპუბლიკელები“ კოალიციის შექმნის მცდელობაში, ეს დამოკიდებული იქნება ამომრჩევლის ნებაზე, თუ რა დოზით ვიქნებით ჩვენ ან სხვა სუბიექტები წარმოდგენილი საბჭოში.

როდის იწყებთ ოფიციალურად საარჩევნო კამპანიას და რა ფინანსურ რესურსს დახარჯავთ საარჩევნოდ?

ჩვენ არ ვართ ფულიანი პარტია და არც ვყოფილვართ. ძალიან ბევრჯერ გვქონია წარმატებები „რესპუბლიკელებს“ და ჩვენი ანგარიში სუფთა იყოს სულ. ამიტომ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები არ იქნება მაღალი, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქში ეს უფინანსობა განსაკუთრებულად არ დაგვეტყობა. დიდი ფული სჭირდება იმათ, ვისაც არ აქვს დიდი ნდობა. ივლისის ბოლოსთვის ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს თითოეული ოლქისთვის საქართველოს მასშტაბით, შემდეგ უკვე მთლიანად ვიქნები ჩართული უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე”

წყვილი ჭიქა, რომელსაც სახის ფორმა აქვს და კოცნას განასახიერებს, ბათუმის ბულვარში მდებარე სუვენირების მაღაზიებში იყიდება. ორი ჭიქიდან ერთს საქართველო აწერია და საქართველოს სახელმწიფო დროშა ახატია, მეორეზე კი ან საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული და აწერია საქართველო, ან სხვა ქვეყანის დროშა/გერბი და სახელწოდებაა გამოსახული. „წყვილი ქვეყნების“ ერთ-ერთი ხაზი საქართველო და რუსეთია. ოკუპანტ ქვეყანასთან დაწყვილებული საქართველოს ჭიქა-სუვენირის ფასი განსხვავებულია. დიდი ზომის ჭიქებს ზოგან ოც, ზოგანაც ოცდახუთ ლარად შეიძენთ.

?„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ნათია აფხაზავა ამბობს, რომ მსგავსი სუვენირების არსებობა საზოგადოების ნაწილის რუსეთისადმი სიმპათიების არსებობაზე მიუთითებს: „როგორც ჩანს ზოგს ისევ უჭირავს თვალის რუსეთისკენ, იმისკენ, რომ სოციალურ პრობლემებს მოუგვარებს რუსეთი“, – ამბობს ის. მისი თქმით ეს სახელმწიფოს რბილი დამოკიდებულებითაა გამოწვეული. მართალია სახელმწიფომ არცერთი ქვეყნისადმი სიძულვილს არ უნდა გასუწიოს პროპაგანდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას: „საგარეო და საშინაო პოლიტიკაშიც სულ ცდილობს სახელმწიფო სიფრთხილე გამოიყენოს, დიპლომატიურად  მოიქცეს, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – რუსეთი ოკუპანტია“.

ნათია აფხაზავა იქვე დასძენს, რომ რაც არ უნდა პათეთიკურად ჟღერდეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საკუთარ სამშობლოში ვერ გადაადგილდებიან: „ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემაა, რომლის ფონზეც ქართულ სივრცეში მსგავსი სუვენირები [რომლებიც რუსეთისადმი თბილ დამოკიდებულებებს გამოხატავს] არ უნდა არსებობდეს“.

ბათუმის ბულვარში მდებარე სუვენირების მაღაზიის ერთ-ერთი გამყიდველი ამბობს, რომ ქვეყნების ურთიერთობა ხალხების ურთიერთობას ხელს არ უშლის, რუს ტურისტებს უყვართ საქართველო და ხშირად ყიდულობენ ამ სუვენირს. ამავე მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, კითხვაზე, რატომ ყიდიან მაღაზიაში სუვენირს, რომელიც საქართველოსა და ოკუპანტი ქვეყნის „სიყვარულზეა“, კითხვითვე პასუხობს: „ამას მაინც არ ?ჯობია?“, – და დახლზე განთავსებულ საქართველო-თურქეთის წყვილ ჭიქაზე უთითებს. იგი დასძენს, რომ ეს ბიზნესია. მაღაზიის მენეჯერის თქმით, იგი თვეში 400-450 ცალ საქართველო-რუსეთის წყვილ ჭიქას ყიდის და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, მყიდველები ძირითადად რუსები არიან, თუმცა მყიდველთა 10% ქართველია.

ბულვარში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში ამბობენ, რომ სუვენირები ჩინეთშია წარმოებული და თბილისში, საბითუმო ბაზრობებზე ყიდულობენ. მათი თქმით, ამ სუვენირს აქამდე არასდროს გამოუწვევია ვინმეს პროტესტი.

?
სუვენირები ბათუმის ბულვარიდან

 

შთაბეჭდილებები ბათუმზე

ნანო სარალიშვილი, სტუდენტი

როცა სიცხე აუტანელ ნიშნულს აღწევს, წლის საბოლოო გამოცდის შემდეგ ავტობუსში ჩახტომა და ბათუმისკენ გამოქცევა იდეალური სცენარია.

ბათუმი დაგხვდება წვიმით, ისეთი წვიმით, რომ გგონია ვეღარასოდეს ნახავ მზეს. მთავარ ეფექტს რომ მოახდენს, მერე გადაიწმინდება, დაწყნარდება და თავის ქუჩებში მშვიდად მიგიღებს. ჩამოხვალ დაღლილი, ნამგზავრი, ჩანთებით ხელში და აღმოჩნდები წიგნების მაღაზიასთან პატარა ლამაზ კონცერტზე. ყველა ერთად მღერის, შენ სულ გავიწყდება, რომ დამღლელი გზა გამოიარე და ყურებამდე გაღიმებული შენც მთელი ხმით მღერი.

 (1)
ნანო სარალიშვილი

ზაფხულში ბათუმი ისეთი მყუდრო არაა, როგორიც სხვა სეზონებზე. ქაოსურად მოძრაობენ ადამიანებიც და მანქანებიც, მაგრამ ამინდია კეთილი: საჭირო დროს იღრუბლება, აცარიელებს სანაპიროს. ზღვა ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, იცი ცურვა თუ არა, გიყვარს ზაფხული თუ არა. ბედნიერებაა ქვიანი სანაპიროც, ტალღების ხმაურიც. ის შეზლონგიც კი ბედნიერებაა, რომელშიც ფული ტყუილად გადაყარე. და ბედნიერება ზედმეტი რომ არ მოგივიდეს, გასახდელები რეალობაში განარცხებს – რეალობაში, სადაც ადამიანებს საერთოდ არ ადარდებთ გარემო და სხვა ადამიანები. კარგი ისაა, ერთხელ რომ მიქარავ, მეორედ აღარ გაიმეორებ: მაგალითად, აღარ გაეკარები გასახდელებს, რომელიც ტუალეტადაა ქცეული.

საღამოს პატარა კაფეში დაგპატიჟებს მეგობარი გემრიელ ბათუმურ ყავაზე, ცოტა ლუდზე, მერე ისევ წვიმა ჩამოვა ღრუბლებიდან. „როგორა ხარ, როგორი ამინდია მაქეთ,“ – კითხვაზე, წვიმსო რომ პასუხობ, სევდანარევი ხმით, იზიარებენ მწუხარებას, არადა, სველ გზებზე ჭყაპუნს თავისი ხიბლი აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, არის მყუდრო ადგილი, სადაც სახლში გაკეთებული სინორი გელოდება.

ამდენი კარგი ამბავის ფონზე შეიძლება ცოტა ხნით დაგავიწყდეს კიდეც, რომ ბათუმშიც არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერნი არ არიან და ადამიანები, რომლებსაც არ ადარდებთ. ფერადი ემოციებიდან რეალობაში სიმინდის გამყიდველი პატარა გოგონა დაგაბრუნებს, ტაქსის მძღოლი დაგაბრუნებს. შეგეშინდება, რომ შენც ის ადამიანი შეიძლება იყო, რომელსაც არ ადარდებს.

ბათუმში სულ ცოტა ხანს ყოფნაც საკმარისია, რომ ბევრი სხვადასხვანაირი ამბით და შთაბეჭდილებით დაუბრუნდე სახლში და ზაფხულის მორიგ თავგადასავალს დაელოდო.

ფოტო: ნანო სარალიშვილი

ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა

დღეს, 21 ივლისს, №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ცესკოს სხვა წევრებთან ერთად აჭარასა და გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სხვა წევრებთან ერთად და აჭარისა და გურიის რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, ცესკოს წარმომადგენლებმა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის შემუშავებული ინსტრუქციები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

თამარ ჟვანიამ შეხვედრა დადებითად შეაფასა: „მთავარია, ვინც დღეს შეხვედრას ესწრებოდა, მათ მიიღეს ის ინფორმაცია და ინსტრუქცია, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა ფუნქციების თვალსაზრისით და ფაქტობრივად ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მოსაზრება ან შენიშვნა არ გამოუთქვამთ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა, მადონა ბერიძე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ცვლილებებმა შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს ძირითადი ოლქებისათვის ადმინისტრირების გართულების თვალსაზრისით,  რადგანაც ძირითადი ფუნქციებით დატვირთულნი სწორედ ისინი არიან:  „ასევე გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით გარკვეულ დროში გაჭიანურების პრობლემას ვხედავთ,  განსაკუთრებით საჩივრებთან დაკავშირებით…  გაძნელდება  საჩივრების განხილვის დროს მოწმეების დასწრების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა მადონა ბერიძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის ფუნქცია-მოვალეობები, რაც უკვე განისაზღვრა,  ინსტრუქციის შესაბამისად ვეღარ შეიცვლება, შესაბამისად, ძალაში დარჩება და იმოქმედებს ამ არჩევნებზე.

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან

დღეს, 21 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავარ პროკურატურასთან, პატიმრობაში მყოფ გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კინწურაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

პატიმრების ახლობლები აცხადებენ, რომ  გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კინწურაშვილი 3 თვეა  უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

„გიორგი და ხვიჩა არიან უკანონო პატიმრები, ისინი ქუთაისის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 2 ქალის ცრუ ჩვენების საფუძველზე,“ – ამბობს ნესტან ცენტერაძე, დაკავებული გიორგი კაკაბაძის დედა.

ახლობლების მონათხრობის თანახმად, დაკავებულებმა 21 თებერვალს კლუბში გაიცნეს ორი ქალი, რომლებმაც ბიჭები წაიყვანეს სახლში და შემდეგ ისინი ნოუთბუქის მოპარვაში დაადანაშაულეს.

„მეორე დილით მოვიდა გამომძიებელი ჩვენს სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ნოუთბუქი ჩვენთან არ ინახა და აღმოჩნდა ისევ იმ ქალების სახლში.  ქალებმა, რადგან  საჩივარი ჰქონდათ დაწერილი, ბიჭებს დააბრალეს ქალის  სუნამოს და 25 დოლარამდე თანხის მოპარვა,“ – ამბობს გიორგი კაკაბაძის დედა.  „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რადგან ნოუთბუქი აღმოჩნდა ისევ ქალების სახლში, გამომძიებელმა გადაწყვიტა სხვა რაღაცის დაბრალება და მოახერხა კიდეც, ბიჭები უკვე სამი თვეა პატიმრობაში იმყოფებიან და 10 დღეა შიმშილობენ,“ – თქვა ნესტან ცენტერაძემ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. მათ პროკურატურას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს.

13717870_1127951613944697_1206062766_o
აქცია აჭარის პროკურატურასთან / როინ გუნდაძის ფოტო

გიორგი პაპუაშვილი: მოსამართლეებს უთვალთვალებენ

„მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე,“ – განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა. მისი განმარტებით, ზეწოლა არ უკავშირდება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ის ამჟამად განხილვაში არსებულ, მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს უკავშირდება. გიორგი პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, ვისგან განხორციელდა ზეწოლა, ან რომელ მოსამართლეზე.

„ზეწოლა გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით და ასევე, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც, ძირითადად, ფალსიფიცირებულია, გასაჯაროვდება… დღეს უფრო დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ,“ – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

გიორგი პაპუაშვილის განმარტებით, ამ განცხადების მიზანი არის პრევენცია, აღიკვეთოს საგანგაშო ფაქტები, რასაც ადგილი აქვს და ამით საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესდეს. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მოსამართლეების ზეწოლის შესახებ მოუყვეს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს.

რა ეღირება თხილი?

ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში 1 კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, მოსახლეობამ გასულ წელს მოწეული მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო.

აჭარის სოფლებში თხილის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება, თუმცა მოსახლეობის უმეტესობას გასული წლის მოსავალი არ გაუყიდია. რამ გამოიწვია თხილის რეალიზაციის პრობლემა?

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში მცხოვრები ჯემალ ანანიძე ერთ-ერთია მათგან, ვისაც გასულ წელს დაკრეფილი ნახევარ ტონამდე ხმელი თხილი სარეალიზაციოდ გამზადებული აქვს და ფასის მომატებას ელოდება. იგი იმედოვნებს, რომ ხმელი თხილის ფასი ახალი თხილის შემოსვლისთანავე გაიზრდება და მაშინ ჩააბარებს, როცა მისთვის მისაღებ თანხას გადაუხდიან.

„2014 წლის ზამთარში 1 კილოგრამი თხილი 8 ლარად ჩავაბარე, წელსაც მსგავსი მოლოდინი მქონდა, ველოდებოდი გაძვირებას და ნედლი თხილი არ გავყიდე, თუმცა პირიქით მოხდა, გაიაფდა. მაშინ ჩავაბარებ, როცა თანხა ჩემთვის მისაღები იქნება, თხილი წონას აღარ მოიკლებს, შევინახავ. როცა თხილი ხმება, 1 კილოგრამ ნედლ თხილზე წონა 200 გრამამდე იკლებს, როგორც შარშან, წელსაც რომ ხმელი თხილი 8 ლარში ჩამებარებინა, მოვიგებდი,“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.

ზესოფელში მცხოვრები თამაზ ანანიძე წლის განმავლობაში ორ ტონამდე თხილს კრეფს. ზამთარში, როცა თხილის ფასი იზრდება, თავად ახდენს მის პირველად გადამუშავებას და ისე ყიდის: „წელს მხოლოდ 500 კილოგრამამდე გავყიდე, ისიც იმიტომ, რომ ფული სასწრაფოდ დამჭირდა. დანარჩენი შევინახე. მე გაურჩეველ თხილს არ ვაბარებ – ვტეხ, ვარჩევ და გათეთრებულს ვყიდი. ასე უფრო მოგებული ვარ. წელს ერთი კილოგრამი გარჩეული თხილის ფასი პირველად 22 ლარი ღირდა, შემდეგ დაიკლო და ახლა 15 ლარი ღირს, როგორც სხვა, მეც გაძვირებას ველოდები“.

გასული წლის ზაფხულში ერთი კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, ახლა კი გამხმარი თხილის ჩაბარების ფასი გაცილებით დაბალი – 3-3,5 ლარია.

თხილის მწარმოებლები თხილის გაიაფებას ქვეყანაში არსებული მონოპოლიით ხსნიან.

„ამბობენ, საქართველოში თხილის მონოპოლიააო, რამდენადაც უნდათ, იმ ფასად შეაფასებენ, გლეხს სხვა რა გზა აქვს, თვითონ ვერ გაიტანს საზღვარგარეთ და რამდენსაც შესთავაზებენ, იმას თანხმდება,“ – ამბობს თამაზ ანანიძე.

მახუნცეთელი ჯემალ ღოღობერიძე კი ამას მეზობელ ქვეყანაში თხილის გაიაფებით ხსნის: „თუ თურქეთში თხილი გაიაფდა, აქ მეტს ვინ გადაიხდის? თურქეთში თხილი გაძვირდება, აქაც ფასი იმატებს, თუ იქ მოიკლებს, აქაც იკლებს“.

თხილის გადამამუშავებელი და გადამზიდავი შპს „დორანის~ წარმომადგენელი დავით ლიპარტელიანი ამბობს, რომ თხილის რეალიზაციის პრობლემა დაბალმა ხარისხმა გამოიწვია, ხარისხის გამო გადამზიდავი კომპანიები თავს იკავებდნენ თხილი ექსპორტზე გაეტანათ:

„შარშანდელი თხილი ჩვენ ექსპორტზე არ გაგვიტანია, ექსპორტზე გატანილი თხილის დაბრუნებაც კი მოხდა, რადგან სტანდარტს არ შეესაბამებოდა. საკითხი უნდა დაისვას ისე, რომ ნაჭუჭიანი თხილი კი არ გაიყიდოს, მისი პირველადი გადამუშავება ფერმერმა განახორციელოს, ამ შემთხვევაში შემოწმებაც გაცილებით ადვილია. თითოეული პრობლემა ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ეს იწვევს იმ შედეგებს, რაც ახლა არსებობს რეალიზაციის კუთხით. შეიძლება გლეხს ლაბორატორიული დასკვნა ვერ მოსთხოვო, მაგრამ მის თვალწინ უნდა გატეხო თხილი, შეამოწმო ხარისხი, პროცენტულად გაიანგარიშო და ამის შესაბამისად მოხდეს თანხის შეთავაზება. თხილის წარმოებაში ეს საერთაშორისო გამოცდილება საქართველომ უნდა გაითვალისწინოს. თურქეთში წარმოების საკითხი მაღალ დონეზეა, იქ ვერავინ მისცემს თავს უფლებას 10%-მდე გაუმშრალი თხილი გაყიდოს. თხილის შენახვასაც თავისი წესი აქვს, გლეხს აქ არანაირი შენახვის საშუალება არ აქვს, ტომრებში ჩაყრილს ნესტიან ადგილებში, საუკეთესო შემთხვევაში, ოთახებში ინახავენ. თუ ჩვენ გვინდა ქართული თხილი ბრენდის სახელით გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე, ამას სჭირდება დიდი მუშაობა ფერმერებთან, მათი ცნობიერების ამაღლება, ამ კუთხით სახელმწიფოს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი“.

49860

თხილის გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი ელდარ მეფორია გასულ წელს შექმნილ რეალიზაციის პრობლემას თხილის დაბალ ხარისხთან ერთად ჭარბი მოსავლითაც ხსნის: „ჩვენ თხილის ექსპორტს ვახდენთ ევროპაში. როცა ბაზარი გაჯერებულია, ბუნებრივია, ფასი მაღალი ვერ იქნება. ჩვენმა კომპანიამ 150 ტონა გარჩეული თხილი გაიტანა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფასი იყო, თავდაპირველად 9 დოლარ-ნახევარი იყო 1 კილოგრამის ფასი, მერე გაიაფდა, ახლა 4-5-ნახევარი დოლარია. ჩვენ ბევრ ქვეყანაში გავიტანეთ: იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში. წელს თხილის ფასი, ვფიქრობთ, 5-6 ლარი იქნება. რაც შეეხება ძველ თხილს, ძნელად გაიყიდება. ერთადერთი პრობლემა ისიც იქნება, თუ ძველს გაურევენ ახალში, ისე ძვირადაც ვერ გაიყიდება და ახალ თხილსაც გააფუჭებს“.

მოსახლეობის მოლოდინს, რომ გასული წლის მოსავალს თხილის აქტიურ სეზონზე [ივლისის ბოლოდან] ძვირად გაყიდიან, არ იზიარებენ გადამზიდავ კომპანიებში. მათი წინასწარი ვარაუდით, წინა წლის თხილის მოსავლის ფასი არ გაიზრდება და ფერმერებს მოუწოდებენ, ძველი თხილი ნედლ თხილში არ გადაურიონ.

„თხილის ახალი მოსავალი რომ მოვა, ვისაც ძველი თხილი აქვს დარჩენილი, ისინი შეეცდებიან ძველი თხილის ახალში შერევას და ამ გზით გაყიდვას. მინდა აღვნიშნო, რომ ახალი თხილის მოსავალი კარგი ჩანს და გადარევით ხარისხი გაფუჭდება. ვფიქრობ, ნედლი თხილის ჩაბარების ფასი წელს 3-4 ლარი იქნება,“ – ამბობს დავით ლიპარტელიანი.

არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ ექსპორტზე გატანილი თხილი უკან დააბრუნონ? ელდარ მეფორიას თქმით, „ამის საშიშროება რეალურად არსებობს, თან კონტროლი რთული პროცესია, ნებისმიერ დონეზე უნდა გაკონტროლდეს“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ჩვეულებრივი თხილის და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ. იგი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის ექსპორტს. როგორც რეგლამენტშია აღნიშნული, მიზანი ექსპორტისათვის განკუთვნილი თხილის რეგულირების პრინციპების განსაზღვრაა. თხილის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვს თვეში თხილს მეოთხე პოზიცია უკავია ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში. სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ თხილია გატანილი საზღვარგარეთ – მისი წილი მთლიან ექსპორტში 7%-ია.

საჯარო მოხელე, რომელმაც სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა

ყოფილი საჯარო მოხელე თემურ ბეჟანიძე სასამართლოში სამსახურში აღგენას მოითხოვს. ის ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში მუშაობდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს.

„უფლება მქონდა, მიღებული გადაწყვეტილება შემეცვალა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ ბეჟანიძე. მან მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სააგენტოს უფროსს უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლა სურდა და შვებულება მოითხოვა: „განცხადება დავწერე და მივუთითე, რომ 18 დღით შვებულებაში გავიდოდი, 19-ში დავბრუნდებოდი და შემდეგ დავტოვებდი სამსახურს. ეს იყო ჩემი პირობა.“

ამ პირობას ადასტურებს გიგა ჩხეიძეც, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი: „ის გავიდა შვებულებაში და რადგან მისი სურვილი იყო გათავისუფლება, მე ეს აღვასრულე და დავწერე გათავისუფლების ბრძანება 5 აპრილს. ის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხელი მეშლებოდა, ამიტომ 15-ში ავიყვანე მის ნაცვლად ახალი თანამშრომელი, ოღონდ იმ პირობით, რომ 19-ში ამოქმედდებოდა დანიშვნის ბრძანება მაშინ, როცა თემურ ბეჟანიძის შესახებ გათავისუფლების ბრძანება შევიდოდა ძალაში“.

თემურ ბეჟანიძე 18 აპრილს სამსახურში დაბრუნებულა და უთქვამს, აღელვებული ვიყავი, აღარ მინდა სამსახურიდან წასვლა, შვებულების პერიოდი ამომეწურა და მეც დავბრუნდიო. „გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე ჩაბარებული მქონდა, მაგრამ იქ ეწერა, რომ 19-დან ამოქმედდებოდა ბრძანება. შესაბამისად, დაბრუნების უფლება მქონდა“, – მიიჩნევს თემურ ბეჟანიძე.

სააგენტოს ხელმძღვანელობამ ყოფილი თანამშრომელი უკან აღარ დააბრუნა: „გავიარე კონსულტაციები იურისტებთან და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ძალიან მაინტერესებს მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, აუცილებლად გავასაჩივრებ“, – გვითხრა გიგა ჩხეიძემ.

„როცა ტოტალური უმუშევრობის ფონზე ადამიანი საკუთარი ნებით ტოვებს სამსახურს, ამ დროს მეტი გულისხმიერებით უნდა სწავლობდეს დაწესებულების ხელმძღვანელი, რა არის რეალურად განცხადების საფუძველი“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას იხსენებს, როცა მოსამართლე ნათია წკეპლაძემ მსგავს სიტუაციაში მიიჩნია, რომ პირადი სურვილით დაწერილი განცხადების დაკმაყოფილება მხოლოდ განცხადების ტექსტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დაწესებულების ხელმძღვანელი უშუალოდ განცხადების დამწერის ჩართულობით და მონაწილეობით უნდა არკვევდეს, რამდენად რეალურია გათავისუფლების სურვილი. „ეს ფაქტობრივი გარემოებები კარგად ჩანს შემდეგ, როცა სასამართლო დავა იწყება. ამიტომ სამსახურის უფროსი გათავისუფლების ბრძანების დაწერამდე უნდა არკვევდეს განმცხადებლის რეალურ მოტივაციას. მით უმეტესს, ამ შემთხვევაში, ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ ის განაწყენებული იყო და აღელვების ნიადაგზე დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
ჯაბა ანანიძე

ზურაბ პატარაძე: რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებთ

15 ივლისს ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა. პატარაძემ ამ პოსტზე არჩილ ხაბაძე შეცვალა. ის ამბობს, რომ „რადიკალური ცვლილებები არ იქნება“, აქცენტს აკეთებს ინვესტიციების გაზრდაზე, ტურიზმზე და დიპლომატიურად ცდილობს აირიდოს თავიდან არასასურველი კითხვები. „ბათუმელები“ მას პოსტზე დანიშვნის შემდეგ ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, შეხვდით იპოთეკით დაზარალებულ პირებს. იპოთეკით დაზარალებული პირები და „ოცნების ქალაქი“ არის „მემკვიდრეობა“, რომელიც თქვენ დაგხვდათ, ეს პრობლემა ვერ მოაგვარა აჭარის მთავრობამ ოთხი წლის მანძილზე. თქვენ რას აპირებთ?

მე მზად ვარ მოვუსმინო ამ ადამიანებს, გავიგო, რა ხდება, რა ვითარებაა, მეტიც, აუცილებლად მივალ ე.წ. „ოცნების ქალაქში“, გავესაუბრები, ადგილზე გავიგებ რა პრობლემებია და ამის შემდეგ გავაკეთებ დასკვნებს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მე არ მინდა წინასწარ დაპირებები გავცე, მინდა ბოლომდე შევისწავლოთ ყველაფერი.

ამ საკითხს აჭარის მთავრობა სწავლობდა არაერთი წლის მანძილზე. იყო კომისიაც. აპირებთ თუ არა გაითვალისწინოთ კომისიის შენიშვნები, თუ თავიდან დაიწყება საკითხის შესწავლა?

რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. ვნახავთ რა სტადიაზეა, როგორ მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ კონკრეტულად ვისაუბროთ, თუ რა ზომებს მივიღებთ.

უკვე ცნობილია მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი [მინისტრთა ძველი კაბინეტიდან ზურაბ პატარაძე ორ მინისტრი შეცვალა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობი ახლა რამაზ ბოლქვაძეა, სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლაშა კომახიძე]. ეს ადამიანები როგორ შეარჩიეთ, ვისთან გაიარეთ კონსულტაცია, დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება? რატომ შეიცვალა სწორედ ეს ორი მინისტრი?

მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ მინისტრებს, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, დღეს ჩვენ ახალი ამოცანების წინაშე ვართ. ვფიქრობთ, რომ ყოფილი მინისტრების პოტენციალი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა მიმართულებით, ხოლო ახალი მენეჯმენტი, რომელიც შემოდის ორ უწყებაში, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტურად განახორციელებს თავის საქმიანობას.

კონსულტაციები გაიარეთ ვინმესთან მათი შერჩევისას?

ბევრი მესმის ბოლო პერიოდში, ხომ არ არის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რას უკავშირდება… პირველ რიგში, მე ვუყურებ პროფესიონალიზმს, ვუყურებ მენეჯმენტს, მქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

თუმცა მაინც არ პასუხობთ კითხვას…

გუშინ ბატონ ვახტანგ ღლონტის და სოფო ხალვაშის საღამო იყო და ბატონმა ვახტანგმა დაუსვა კითხვა სოფოს, რომ არ ყოფილიყავით მომღერალი, სხვა რა პროფესიას აირჩევდითო. სოფომ, არ წარმომიდგენია ჩემი თავი ამის გარეშე, მაინც ამ სფეროში ვიტრიალებდიო – უპასუხა. მე დღეს ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მაგრამ ამავდროულად ვარ დიპლომატი, ეს არის ჩემი პროფესია.

ვინ შემოგთავაზათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი?

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ხელისუფლებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მზად ვარ ამისთვის. მზად ვარ მთელი ჩემი ენერგია და გამოცდილება ჩავდო ამ საქმეში. ვფიქრობ, რეგიონში არაერთი პროექტის განხორციელებას შევძლებთ. ზოგადად ხმამაღალი დაპირებები არ მინდა გამომივიდეს, თუმცა გეგმები ნამდვილად ამბიციური გვაქვს. ორიენტირებული ვიქნებით, რომ ახალი ინვესტიციები შემოვიდეს რეგიონში, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით განხორციელდეს ახალი პროექტები ამ მიმართულებით და გადაიდგას ბევრი ნაბიჯი, რაც გააუმჯობესებს სოციალურ ფონს რეგიონში. რამდენიმე დღეში ვაპირებ მაღალმთიანი რეგიონების მონახულებას და ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ზრუნვა მაღალმთიან აჭარაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტა იმ პრობლემების, რომლებიც დგას მათ წინაშე.

აღნიშნეთ, რომ არ გიყვართ ხმამაღალი დაპირებები, თუმცა თქვენი მოსვლა განპირობებული იყო რეგიონში ცვლილების სურვილით. თქვენ როგორ ხედავთ, რა არის შესაცვლელი? როგორც კი თქვენი კანდიდატურის შესახებ დაიწყო საუბარი, ითქვა, რომ საუბარია ყაზახური ინვესტიციების გამსხვილებაზე. ეს ასეა?

მათ შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ახალი ინვესტიციების მოზიდვა და არსებული პროექტების დროულად დასრულება. ვაპირებ შევხვდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, გავიგო რა აწუხებთ, ხომ არ აქვთ რამე ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული პრობლემები, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში.

უნდა ველოდოთ მსხვილი ყაზახური კომპანიების შემოსვლას?

მოლაპარაკებები არის, გუშინ საღამოს მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან, არ მინდა წინასწარ დავაანონსო, თუმცა მოლოდინი არის.

პოსტზე ოფიციალურ წარდგენამდე პრემიერ-მინისტრს შეხვდით?

დიახ, მე მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან. პრემიერ-მინისტრის გუნდში ვმუშაობ არაერთი წელი და მე მჯერა, რომ მასთან ერთად მივაღწევთ ძალიან კარგ შედეგს.

ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ პირადად?

მე მქონდა მასთან შეხვედრა, როცა ვმუშაობდი თურქეთში, რამდენიმე წლის უკან. ეს იყო მისი ოფიციალური ვიზიტი ოფიციალურ თურქეთის რესპუბლიკაში, მას შემდეგ მასთან შეხვედრა ჯერჯერობით არ მქონია.

პარტიული არ ყოფილხართ, ახლა თუ აპირებთ „ოცნებაში“ შესვლას?

ჯერ ვეცნობი სიტუაციას, პრობლემებს, რომლებიც დგას მთავრობის წინაშე. ჩვენ გვინდა ვიყოთ ეფექტური მენეჯერები რეგიონში, რათა კიდევ ერთხელ დავესესხები [პრემიერ-მინისტრს] და ეს სიტყვები ენერგიას მაძლევს, მე მინდა ჩვენს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან და რეგიონთან ერთად ავაგუგუნოთ ჩვენი ულამაზესი კუთხე.

ვინ იქნება თქვენს გუნდში აჭარაში? მინისტრთა კაბინეტი უკვე წარდგენილია, თუმცა როცა მოდის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, მოდის მისი გუნდიც. ახალ სახეებს უნდა ველოდოთ?

რადიკალურ ცვლილებებს ჩვენ არ ვაპირებთ. დღეს მთავრობაში გვაყვს ძალიან ეფექტური მენეჯერები, გამოცდილი კადრები და ჩვენ მათთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ.

თუ კადრები ეფექტურია, გუნდი კარგია, მაშინ არჩილ ხაბაძეში იყო პრობლემა?

ბატონმა არჩილმა გააკეთა მნიშვნელოვანი საქმეები და მას აქვს ბევრი პერსპექტივა სხვა მიმართულებითაც.

მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, მეორე დილით იყავით ბათუმის ბულვარში. ეს იყო მესიჯი ბათუმის ბულვარის სტატუსთან დაკავშირებით? ალბათ ხართ საქმის კურსში, რა მოვლენებიც განვითარდა უახლოესი თვეების მანძილზე, როცა ბულვარში აპირებდნენ ახალი პროექტის განხორციელებას და საზოგადოება ამას შეეწინააღმდეგა. ეს იყო მესიჯი, რომ ძველი ბულვარი შენარჩუნდება, თუ ბათუმელის ერთგვარი ჟესტი?

ალბათ ყველაფერი ერთად. მეც ბათუმელი ვარ, ამ კუთხის შვილი, აქ დაბადებული და შესაბამისად, მეც განვიცდი რაც ხდება ბულვარში. ბათუმი არის ლამაზი ქალაქი და მინდა, ეს პრობლემები მალე დარეგულირდეს.

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. თუ აპირებთ, რომ მთავრობის პოზიცია შეიცვალოს კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში?

ეს სენსიტიური საკითხია, მე არ მინდა დღეს გავაკეთო განსხვავებული, რადიკალური განცხადებები, თუმცა პირდაპირ გეტყვით, მეც ძალიან მტკივა ეს საკითხი. მექნება ამ მიმართულებით არაერთი შეხვედრა და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ გადავხედავთ ამ სტრატეგიას.

გასულ წლებში ბათუმი იდგა მეჩეთის აგება/არ აგების დილემის წინაშე, იყო ქობულეთში, სასულიერო სასწავლებელზე ღორის თავის მიჭედების ფაქტი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, როგორ ფიქრობთ, რატომ არის რეგიონში ეს პრობლემა?

ამასთან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით გავაკეთოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე აუცილებლად უნდა შევხვდე მოსახლეობას, გავითვალისწინებ ჩვენი მუსლიმი მოსახლეობის ინტერესებს, ყველა რელიგიის და კონფესიის მოსახლეობის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესებს.

მეუფე დიმიტრის შეხვდით, სანამ ამ პოსტზე დაინიშნებოდით. რას უკავშირდებოდა ეს შეხვედრა?

მეუფე დიმიტრის შევხვდი არა როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არამედ როგორც მოქალაქე, მეგობარი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ეს არ უკავშირდება ჩემს სამსახურსა და პოლიტიკას.

აჭარის ბიუჯეტიდან სამი ადგილობრივი ბენდი 68 723 ლარით დაფინანსდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამი ბენდის პრომოუშენს 68 723 ლარით დააფინანსებს. როგორც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამბობს, ბენდები კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

„მოთხოვნა იყო, რომ ბენდები ყოფილიყვნენ აჭარაში რეგისტრირებული, მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილებით, ჰქონოდათ სტუდიური ჩანაწერი, ქმნიდნენ საავტორო მუსიკას და მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული სხვადასხვა ფესტივალებზე და კონცერტებზე“, – აღნიშნა ნათია სირაბიძემ და დაამატა, რომ ეს მოთხოვნები ბენდების მიმართ მათი სტაბილურობის და საქმისადმი სერიოზული მიდგომის განსასაზღვრად გახდა საჭირო.

„ეს ადგილობრივი ბენდები საჭიროებენ მარკეტინგული კონცეფციების შექმნაში დახმარებას, რათა მოხდეს მათი პოპულარიზაცია საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთაც“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

კონკურსში გამარჯვებული ბენდები არიან: The Nemo, Groovephonics და Asea Sool.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამინისტრო მომავალ წელს უფრო ახალბედა, სტუდენტური ან ახალგაზრდული ბენდებისათვის მსგავსი დახმარების გაწევას, ნათია სირაბიძე პასუხობს, რომ ხუთწლიანი გამოცდილების ბენდებიც ახალბედა ბენდებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სამინისტროში პროგრამის გაფართოებაზეც ფიქრობენ და ბედნების რაოდენობის გაზრდაზეც.

ბენდებისთვის მარკეტინგული კონცეფციის შექმნის, მათი პრომოუშენისა და პროდიუსინგისთვის დაფინანსება კომპანია შპს  „EREDELis Art“-მა მიიღო. მას სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. სამინისტროსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 ივნისს გაფორმდა და მომსახურების მიწოდებას პირველი ივლისიდან 30 სექტემბრამდე დროის შუალედში გულისხომობს.

როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, კომპანიამ თითოეული ბენდისთვის უნდა  დაამზადოს ვებ-გვერდი და ვიდეო რგოლები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცისთვის, შექმნას ბრენდ ბუქი და ფორტფოლიო, მაღალი ხარისხით სტუდიურად ჩაწეროს ბენდების სიმღერები. გარდა ამისა, პარალელურად დაფინანსდება აფიშების, პოსტერების დიზაინის შექმნა და სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანია. ასევე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება აღნიშნული ბენდების კონცერტები ქობულეთში, ბათუმსა და გონიო-კვარიათში.

ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთში, ფიჭვნარში არქეოლოგიურ გათხრებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩაატარებს, რისთვისაც 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შესაბამისი ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა.

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ზემოაღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაც ხელშეკრულება 25 ივლისამდე გაფორმდება.

[ახალი შესყიდვის საშუალება – „ტენდერი აუქციონის გარეშე“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას 2016 წლის ივლისიდან დაემატა. სხვა ტენდერებთან შედარებით აქ განსხვავება ისაა, რომ წინადადების ღირებულების წარდგენა ხდება მხოლოდ ერთხელ, ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში და შესაბამისად, არ ხორციელდება ფასების კლება ვაჭრობის დამატებით რაუნდებში. შეთავაზებული ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ, ვაჭრობის ძირითად დროში].

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების წარმოება მუზეუმის მიერ მომზადებული არქეოლოგიური პროექტის შესაბამისად განხორციელდება.

გათხრების შემდეგ სააგენტოს უნდა გადაეცეს: შესწავლილი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემა, კროკები, ასევე არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში.

პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონის დადგენისა და მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე. როგორც „ბათუმელებთან“ სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირანდა ჩარკვიანმა განაცხადა, პროცესი მარტივი არ არის, ამ ეტაპზე მუშაობენ არქეოლოგები და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების შემდეგ მიმართავენ ეროვნულ სააგენტოს.

საია აუდიტის სამსახურს და ბათუმის საოლქო კომისიას მიმართავს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და 79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს. საუბარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე – “სოციალურ სახლებზე”, რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრი, ლევან ვარშალომიძე მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და მათ საცხოვრებელ სახლს უსასყიდლოდ პირდება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ სახელმწიფო აუდიტისთვის და საოლქო კომისიისთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნულია: “ვფიქრობთ, ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და მას უყალიბებს მცდარ მოლოდინებს წინასაარჩევნოდ, რაც ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესების თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში წარმართვას… ხელშეკრულებაში ასახული ინფორმაცია არის წინასაარჩევნო აგიტაციის მატარებელი, რადგან მასში საუბარია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და მის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ამომრჩევლისთვის, მაგრამ ხელშეკრულებაში არსად გვხდება მინიშნება იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებით გეგმავს პოლიტიკური პარტია საჯაროდ გაცხადებული დაპირების განხორციელებას და წარმოადგენს თუ არა ის საბიუჯეტო სახსრების სამომავლო გადანაწილებას. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა.”

გუშინ, 19 ივლისს „საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა სოციალური სახლების შესახებ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ამ ორგანიზაციამ ასევე განცხადებით მიმართა ცესკოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ცესკოში დღეს “ბათუმელებს” დაუდასტურეს, რომ ამ შემთხვევას უახლოეს დღეებში განიხილავენ. ლევან ვარშალომიძეს ორშაბათისთვის ელოდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც. თუკი რომელიმე ორგანო ამომრჩევლის მოსყიდვას დაადგენს, ამას შესაძლოა პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოჰყვეს, ან დაჯარიმება. საბოლოო გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე სასამართლომ უნდა მიიღოს.

რით დაისჯება „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვა დადგინდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდა განსახილველად განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. განცხადებით ცესკოს უწყებათშორისმა კომისიამ მიმართა და იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროგრამას „სოციალურ სახლებს“ ეხება. ამ პროგრამის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი – ლევან ვარშალომიძე მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს დებს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს უსასყიდლოდ პირდება. გუშინ, 19 ივლისს “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ” თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ამ ორგანიზაციამ ასევე განცხადებით მიმართა ცესკოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

„ცესკო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რაც სასამართლოს საქმეა. ცესკო უახლოეს დღეებში შეიკრიბება და განიხილავს ამ განცხადებას. ჯერ ვერ გეტყვით, რა შინაარსის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ცესკომ, ან რა სანქცია შეიძლება გატარდეს“ – უთხრა “ბათუმელებს” ქეთევან დანგაძემ, ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.

ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუმცა მას სარჩელით უნდა მიმართოს ცესკომ, ან რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა, პოლიტიკურმა პარტიამ, ბლოკმა, ან საინიციატივო ჯგუფმა, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. „თუკი ცესკო მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვაა ეს პროგრამა, მას შეუძლია დააჯარიმოს პარტია დაპირებული პროგრამის ღირებულების ათმაგი ოდენობით, ან მოითხოვოს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება. ცესკოს ეს მოთხოვნა უნდა განიხილოს სასამართლომ და მიიღოს საბოლოო გადაწყვეიტლება“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამ დროისთვის ბათუმში იმყოფება. ხვალ ის პოლიტიკური პარტიის წევრებთან აპირებს შეხვედრას, მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

პარტიაში თვლიან, რომ მათი პროგრამა არასწორად გაიგეს და ეს დაპირება არ არღვევს კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. პარტია არ ემიჯნება ლევან ვარშალომიძეს, რომელიც ამ დროისთვის რეგისტრირებული არ არის, როგორც მაჟორიტარი, ან საარჩევნო პარტიული სიის წევრი. „ნებისმიერი დაპირება, რომელიც არის გათვლილი სამომავლო ურთიერთობებზე და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად. ასე ყველა პარტია უნდა დაისაჯოს მაშინ მოსყიდვისთვის, როცა გაიცემა დაპირებები ხელფასების, ან პენსიების გაზრდაზე. ხელშეკრულება უბრალოდ არის ამ დაპირების გამოხატვის საინტერესო ფორმა“, – გვითხრა პეტრე ზამბახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

დღეს, ლევან ვარშალომიძემ „სოციალური სახლების პროგრამის“ ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმება “ოცნების ქალაქში” სცადა, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. „…მე მესმის ხელისუფლების და მათ მიერ მართულ-გააქტიურებული ადამიანების „აგრესიის“, თუმცა ვურჩევ დამკვეთებს, შეეშვან ხალხს“ – წერს ლევან ვარშალომიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

ლევან ვარშალომიძეს ორშაბათისთვის ელოდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სადაც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესწავლა დაიწყეს. თუკი აუდიტი მოსყიდვას დაადასტურებს, მას მხოლოდ ჯარიმის გამოყენების უფლება აქვს. სანქციის ამოქმედებას, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება.

წერილი ბათუმის ციხიდან: „უსაფრთხოების საკანი“, როგორც დასჯის მეთოდი

სამი პატიმარი ბათუმის ციხიდან სამედიცინო მომსახურების ხარისხს აპროტესტებს და მთავარი ექიმის, ინგა სურმანიძის მოპყრობას ღირსების შელახვად აფასებს.

წერილში პატიმრები კონკრეტულ შემთხვევას ასახელებენ, როცა მსჯავრდებული რეგისტრირებულია, როგორც საოპერაციო და ამ დროს მას ე.წ. ანტივანდალურ საკანში ათავსებენ: „დღეს, 14 ივლისს, ეს პატიმარი ექიმის, ინგა სურმანიძის გულგრილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არის მოთავსებული „უსაფრთხოების საკანში“… მისი ქცევა და მიდგომა თითოეული საკითხთან მთავრდება „ანტივანდალურში“ მოთავსებით. ეს ცნება აქ დაფუძნებულია დიდი ხანია, რომ ექიმი თავს არიდებს კონკრეტულ საკითხებს და დასჯის მეთოდებს იყენებს“.

[„ანტივანდალური საკანი“ იგივე უსაფრთხოების საკანია, სადაც ციხის ადმინისტრაცია ათავსებს იმ პატიმარს გარკვეული ვადით, რომელიც საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს, ან საკუთარ თავს. ასეთ საკანში არ არის მაგალითად საწოლი, მაგიდა, სკამი]

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ჯ.მ. ნამდვილად არის რეგისტრირებული, როგორც საოპერაციო და მას უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ოპერაცია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს მსჯავრდებული „უსაფრთხოების საკანში“ არ გადაუყვანიათ და არც ამჟამად იმყოფება. „ეს პრეტენზიები არის უსაფუძვლო. მთავარ ექიმს არ აქვს უფლება, ვინმე დასაჯოს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურიდან.

პატიმრებს ამავე წერილში მაგალითად მოჰყავთ მონაცემები და შეფასებები სახალხო დამცველის ანგარიშიდან, სადაც აღნიშნულია, რომ „უსაფრთხოების საკანი“ არ შეესაბამება სტანდარტებს, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება არის პრობლემა, მათ შორის, ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში. ციალა ქათამიძე სახალხო დამცველის აპარატიდან „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი კონკრეტულად ამ მსჯავრდებულების მდგომარეობას უახლოეს დღეებში შეისწავლიან, ამ დროისთვის კი, რაიმე კონკრეტული მონაცემი რომელიმე მათგანზე არ აქვთ.

ცხოვრება ტბეთის 12-ში [ფოტო]

ბათუმში, ტბეთის ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, სადაც 20-მდე უჯახი, უნებართვოდ ცხოვრობს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. მოსახლეობას, რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის შემდეგ, უფლება მისცეს დარეგისტრირდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დროებით აბონენტებად. ეს ოჯახები აქ მესამე წელია უშუქოდ ცხოვრობენ.

DSCN0120
ბათუმი, ტბეთის ქუჩა 12 / როინ გუნდაძის ფოტოები

DSCN0057DSCN0069DSCN0073DSCN0087DSCN0035DSCN0076DSCN0029DSCN0095DSCN0104 (57)

რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]

ხმაურით შეხვდა „ოცნების ქალაქი“ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აპირებს კენჭისყრას. მოსახლეობის ნაწილმა მასთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ნაწილმა კი აჭარის მთავრობის ყოფილ ლიდერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აგრესიულად მოუწოდა, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტერიტორია.

ლევან ვარშალომიძე დღეს, 20 ივლისს, ე.წ. ოცნების ქალაქში წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული „სოციალური სახლების“ პროგრამის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებას აპირებდა, თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა. ვარშალომიძემ მოსახლეობას პარტიის ოფისში მისვლისკენ მოუწოდა, თუკი ისინი „სოციალური სახლით“ დაინტერესდებიან.

„სოციალური სახლის პროგრამის“ გამო ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიბარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გუშინ, 19 ივლისს, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

 

შიმშილობის 34-ე დღეს გიორგი პაპიძე სასამართლომ გაათავისუფლა

„მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა არ შეიძლება იყოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი, მე ვაკმაყოფილებ ადვოკატის შუამდგომლობას. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიორგი პაპიძე პატიმრობიდან“, – მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას ბრალდებულის ახლობლებმა ტაში დაუკრეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი დღეს სავსე იყო.

ვიდრე მოსამართლე წინასწარ პატიმრობას 10 ათასლარიანი გირაოთი შეუცვლიდა გიორგი პაპიძეს, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ თხოვნით მიმართა სასამართლოს: „ბრალდებული უკვე 34 დღეა შიმშილობს, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შესაძლებელია დადგეს ფატალური შედეგი გიორგი პაპიძის მიმართ, მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს…“. მოსამართლემ აღნიშნა, რომ თხოვნას არ იზიარებს, მაგრამ რადგან ბრალდებულის ნათესავი თანახმაა გირაოს უზრუნველყოფა საკუთარი საცხოვრებელი სახლით მოახდინოს, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას ავლენს.

გიორგი პაპიძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება გამოძიება. მასთან ერთად პოლიციამ კარლო სურგულაძეც დააკავა, მას პირადი ჩხრეკის დროს ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს. კარლო სურგულაძე სასამართლოს წინა სხდომაზე გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე, მიზეზი – ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

ბრალდებული 27 მაისს დააკავეს ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. დაკავების ფაქტი სავარაუდოდ დააფიქსირა „VTB ბანკის“ და „პოლიგრაფ-სერვისის“ ვიდეოსათვალთვალო კამერებმა. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის ინფორმაციით, პოლიციამ იმ დღესვე წაშალა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. პროკურატურას იმავე ჩანაწერის ამოღების შუამდგომლობა არ დაუყენებია. გამოძიება, ძირითადად, სამართალდამცველების ჩვენებებს ეყრდნობა, ვინც გაჩხრიკა და დააკავა ბრალდებულები.

„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში 15-მა წევრმა დატოვა

დღეს, 20 ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს.

„პარტიაში მოხდა მუხანათური საქციელი, რის გამოც ჩვენ დღეს აღმოვჩნდოთ პარტიის გარეთ, ხოლო ის ადამინები ვის გამოც დავტოვეთ პარტია, პარტიის ცენტრალურ თანამდებობზე არიან“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ. ის კონკრეტულ პირებს, თუ ვის გამო დატოვა 15-მა წევრმა პარტია, არ ასახელებს.

მანუჩარ აბაშიძე ასახელებს მათ, ვინც, მასთან ერთად დატოვა პარტია: ირაკლი თებიძე, მირზა აბაშიძე, დურმიშხან შაინიძე, თამილა ხალვაში, გელა გოგელია, რეზო ფარსენაძე, მალხაზ ჟორჟაძე, თემურ ბაუჟაძე, სოსო ჩხაიძე, ლუიზა ბერიძე, გენადი ბერიძე, ზვიად თურმანიძე, ბადრი სარჯველაძე და ელგუჯა სურმანიძე.

პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, მათ არ უნდათ პასუხისმგებლობა აიღონ საზოგადოების წინაშე, „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებებზე.

„ პირადად მე და პარტიის წევრები  ორი  წლის განმავლობაში ინტენსიურად ვეწეოდით აქტიურ მუშაობას მოსახლეობასთან, ვაცნობდით ჩვენ პროგრამას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, პრესით, ტელევიზიით და ვპირდებოდით, რომ ყველა მათ პრობლემაზე ვიზრუნებდით, რომელიც არსებობდა სოფელში თუ ამა თუ იმ რეგიონში. იმისთვის, რომ მოსახლეობასთან ტყუილი არ გამოგვივიდეს, მათ უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დავტოვეთ ამ პარტიის რიგები“- ამბობს მანუჩარ აბაშიძე.

ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მათ ახალი პარტიის შექმნა სურთ: „თუმცა  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვწყვეტთ ბრძოლას. მაგრამ დღეს რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში ვართ, პრაქტიკულად დრო არ დაგვრჩა არჩევნებამდე, რომ დავარეგისტრიროთ ახალი პოლიტიკური პარტია“.

„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში

ბათუმის ცენტრში მდებარე ექვს საზოგადოებრივ სკვერში საპირფარეშო მოეწყობა. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ე.წ. „ბლაგოევგრადის სკვერთან“  მცხოვრებლებმა. მერია აქციის მონაწილეებს საპირფარეშოს მისამართის შეცვლას დაჰპირდა. სხვა სკვერებთან მცხოვრებლებს საპირფარეშოების აშენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

საპირფარეშოებს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერებში ინდივიდუალური მეწარმე თამილა თოფურიძე ააშენებს. ის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. წლის განმავლობაში 6 საზოგადოებრივ ტუალეტში მიღებული შემოსავლიდან ბათუმის ბიუჯეტში თამილა თოფურიძე მხოლოდ 3200 ლარს გადაიხდის. ხელშეკრულების თანახმად, მან საზოგადოებრივი საპირფარეშოს ერთი კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უნდა მოაწყოს. მიწის ნაკვეთები 6 სხვადასხვა სკვერში მერიამ იჯარით გაასხვისა აღნაგობის უფლებით და 15 წლის ვადით.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ მერიას გავურიგდი, ძალიან ცდება. ამ ტუალეტების მოწყობა 40 ათასი დოლარი მაინც მიჯდება. იმიტომ მოვიგე, რომ 12-წლიანი გამოცდილება გვაქვს…“ – გვითხრა რომან კირკიტაძემ, ინდივიდუალური მეწარმის, თამილა თოფურიძის მეუღლემ. ოჯახს ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი უკვე აქვს მოწყობილი ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ პირდაპირ. საპირფარეშოთი სარგებლობა 70 თეთრი ღირს. რომან კირკიტაძის თქმით, საპირფარეშოში სეზონის დროს დღის განმავლობაში დაახლოებით 250 ადამიანი შედის. ტუალეტში შემსვლელ-გამომსვლელს ვიდეოთვალი აკონტროლებს.

„ეს არის ქალაქის განვითარება  და იმიტომ დავთანხმდი, რომ ევროპასთან ცოტა დაახლოებული ვიყოთ, მილიონერი ამით არ გამხდარა არავინ. თან იმდენი ტუალეტი გაიხსნა, ყველა რესტორანს თავისი აქვს, კორტებსაც აქვს, ტურისტებმაც უკვე ყველაფერი იციან… ამას გარდა, იქ თუ მშენებელია ვინმე, ან დამლაგებელი და მეეზოვე, ყველა უფასოდ დადის. 12 წლის წინ მოვაწყვეთ ეს საპირფარეშო, როცა აქ ჯუნგლები იყო,“ – გვიყვება რომან კირკიტაძე.

„ლოგიკური ფასია.  22 ლარია კვადრატული მეტრი პლაჟის წლიური ფასი, შეადარე ახლა პლაჟის და ამის ფასი“ – გვითხრა თენგიზ აფხაზავამ, საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელმა. მას ვკითხეთ, არის თუ არა ადეკვატური 3200 ლარი წლიური გადასახადი 6 საპირფარეშოს მფლობელისთვის, როცა ტუალეტით სარგებლობა ერთჯერადად 70 თეთრი ღირს.  თენგიზ აფხაზავამ გვითხრა, რომ ფასი ტენდერით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ დაადგინა და საკრებულომ მხოლოდ გადაწყვეტილება მიიღო.

„საიჯარო ქირის ოდენობა დგინდება საბაზრო ღირებულების არანაკლებ ხუთი პროცენტის ოდენობის ნამატით. შესაბამისად, აუდიტმა დაადგინა ამ მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასები და გაიტანა საკრებულოზე დასამტკიცებლად,“ – ამბობს გოგა ლომიძე, ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი.

თამილა თოფურიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 6 საპირფარეშო უნდა აშენდეს: მეჩეთთან ახლოს მდებარე სკვერში, გრიბოედოვისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, აბაშიძის ქუჩის სკვერში, ღვთისმშობლის ტაძართან მდებარე სკვერში, 26 მაისის ქუჩაზე, ასევე მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში. თითოეული საპირფარეშოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 8-დან 12 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საპირფარეშოების მოწყობა 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჯერ არც ერთ მისამართზე მშენებელი არ გამოჩენილა.

„შეგვიცვალეს პირობა და ამიტომ არ დავიწყეთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მეწარმე თამილა თოფურიძემ. მისი განმარტებით, რამდენიმე სკვერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მოექცა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და არა მანამდე, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განუხილავს. საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ თავდაპირველად ტუალეტის მოწყობა ტროტუარის გასწვრივ იყო გადაწყვეტილი, სააგენტოს რეკომენდაციით კი, პროექტი შეიცვალა და საპირფარეშოები სკვერში უნდა გაკეთდეს.  „მირჩევნია ყველა ერთად მოვაწყო. მერიისგან უკვე მივიღე თანხმობა და სამი თვით გამიგრძელეს ხელშეკრულება“, – განმარტა თამილა თოფურიძემ.

მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი საპირფარეშო აღარ მოეწყობა „ბლაგოევგრადის სკვერში“. გოგა ლომიძე, ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის პროტესტი გახდა. მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ მოიქცევა მერია, თუკი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს სხვა სკვერების შემთხვევაშიც: „საპირფარეშო ზოგადად საზოგადოებრივ ადგილებში ეწყობა, პარკებში, სკვერებში. ასეა ევროპაში და რატომ უნდა გააპროტესტონ, არ ვიცი.“

აბაშიძის ქუჩაზე, „ბლაგოევგრადის სკვერთან“ შეკრებილებმა თქვეს, რომ სკვერი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იქ საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყოს. გარდა ამისა, ტუალეტი დაეფარება იმ მაღაზიებს, რომელთაც შესასვლელი სკვერის მხრიდან აქვთ.

მერიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ სკვერს შესთავაზებს მეწარმეს „ბლაგოევგრადის სკვერის“ ნაცვლად. „თუ ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში გამომიყვეს ადგილი, სადაც ხალხი არ დადის და მომხმარებელი არ არის, არ მინდა, არ მოვაწერ ხელშეკრულებას ხელს“, – ამბობს რომან კირკიტაძე, თამილა თოფურიძის მეუღლე.

„გაქვთ პროექტი ნანახი როგორი გაკეთდება? იქ არც ქალი იქნება დამჯდარი, არც არავინ, ყველაფერი ციფრულად გამართული იქნება და ავტომატიზებული, თავისი დაცვის სისტემებით, თვითმრეცხებით და ასე შემდეგ. ეს ადგილები მერიამ შეარჩია და წარმოგვიდგინა საკრებულოს დასამტკიცებლად. ჩვენც მხარი დავუჭირეთ. სადღაც ხომ უნდა განთავსდეს საპირფარეშოები და რა პრობლემაა?“ – კითხულობს თენგიზ აფხაზავა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე.

რომან კირკიტაძემ, ვისთან გასაუბრებაც ჩვენ თამილა თოფურიძემ გვირჩია, გვითხრა, რომ ჯერ შერჩეული არ აქვს, საიდან ჩამოიტანს საჭირო ტექნიკას. მიგვანიშნა იმაზეც, რომ მისთვის ხელშეკრულებაში ავტომატიზებული მართვის ვალდებულება არავის ჩაუწერია. ხელშეკრულებაში მხოლოდ ეს წერია: „გათვალისწინებული იქნას 2 ერთეული ავტომატური სალარო აპარატი, უწყვეტი კვების წყაროთი“.

tualetiვალდებულების არქონის მიუხედავად, რომან კირკიტაძე ამბობს, რომ უნდა მოაწყოს ისეთი საპირფარეშოები, რომელთა ანალოგიც აქამდე საქართველოში არ არსებობს: „ხელშეკრულებაში მარტო ის მიწერია, რომ აპარატი უნდა დავდგა, სადაც ხურდას ჩააგდებ და კარი გაიღება, გამოხვალ – დაიხურება. ვესაუბრები ხალხს უცხოეთში, ახლახან ხორვატიაში ვეძებდი ელექტრონული მართვის მოწყობილობას, ძალიან ძვირი ჯდება და არ ვიცი, რას ვიზამ. ჩვენთან პროგრამისტებიც არ არიან, რომ ყველაფრის ციფრულად მართვა მოხერხდეს. მინდა, ევროპული დონის ჰიგიენა მოვაწყო, მაგრამ არა ისე, რომ ძალიან გამეზარდოს ხარჯები. ამ ეტაპზე ვეძებ ალტერნატივას…“

ტურიზმის დეპარტამენტი: საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა.

„ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და ეკოტურიზმით ინტერესდება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა  ტურების შეძენაც შეუძლიათ“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შემდეგი კვირიდან სააგენტოს ყველა საინფორმაციო ცენტრებში შესაძლებელი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა – ეს იქნება მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი თუ ქედაში დამზადებული ჯემები, მურაბები და ფელამუში.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აგრძელებს პროექტს „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. „მომსახურების კვლევა „იდუმალის სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებს რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 20 ივლისს, დილის 4 საათზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი მსუბუქადაა დაჭრილი. საქმეს პოლიციის ბათუმის საქალაქო განყოფილება იძიებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით; დაკავებული ამ დროისთვის არავინაა და მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებზე კონტროლს მიღმა

„მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით“ – ეს პასუხი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ოთხჯერ მოისმინა. ოთხჯერ მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა ბათუმში. ოთხივე დაიღუპა.

ამჟამად მშენებლობაზე ერთი დაშავებული მუშა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელიც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებს არღვევს. ბათუმში წელს მშენებლობებზე მუშების დაშავების ან დაღუპვის არც ერთი შემთხვევის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სახელმწიფოს მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლის ნება არა აქვს.

„პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციის ზოგად განყოფილებაში და იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – ამბობს ექიმი გოჩა აბაშიძე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან. პაციენტი 49 წლის იოსებ შავაძეა, ის 2 ივლისს „DS Group“-ის მშენებლობაზე დაშავდა ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში.
„ზამთარს აქეთ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა, მანამდე არასდროს უმუშავია მშენებლად, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, იქვე მუშაობდა სკოლაში, მეურნე იყო სკოლის…“, – გვიყვება დაშავებულის სიძე, ლევან გურგენიძე.

ის ამბობს, რომ მშენებლობაზე მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს და წამოვიდა, ოჯახს მეტი სჭირდებაო. იოსებს ოთხი შვილი ჰყავს.

იოსებ შავაძესთან ერთად, 2 ივლისს ქარგილის, ე.წ. „აპალოვკის“ დასხმის დროს დაშავდა იოსებ გობაძეც. ის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. „ბოლო ათი წელია მუშაობდა მშენებლად, მანამდე მძღოლი იყო. კოლმეურნეობის დროს ჩაის მკრეფავებთან მუშაობდა,“ – გვიყვება გარდაცვლილის სიძე, დათო გელაძე, „თვითნასწავლი იყო, მაგრამ კარგად იცოდა თავისი საქმე, ბევრ უმაღლეს დამთავრებულს ჯობდა. ბოლოს ავარიაში მოყვა, ფეხს იტკიებდა, არავის ბრალი არ იყო, ასე ვთვლი მე… 54 წლის იყო, ვაჟიშვილი შარშან დააქორწინა, გახარებული დადიოდა.“

38 წლის მერაბ ჭაღალიძე ფიროსმანის ქუჩაზე ჩამოვარდა მშენებლობიდან 24 ივნისს. აქ საცხოვრებელ კორპუსს „Real Palace“ აშენებს. კორპუსში, რომლის მეათე სართულიდანაც მერაბი გადმოვარდა, მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მიიღო. მერაბის ძმა უბედური შემთხვევის დროს და ახლაც ამავე მშენებლობაზე განაგრძობს მუშაობას მშენებლად. მას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

„მე შაქრო ჭაღალიძე ვარ, მერაბი ბიძაშვილია ჩემი, ერთი ბრიგადა ვართ სოფელ ჭალადან, შუახევის რაიონია, გეცოდინებათ… იმ დღეს ერთად ჩამოვედით დასასვენებლად მე-10 სართულზე. მერაბი მოაჯირისკენ წავიდა, იქედან კარგად ჩანდა ყველაფერი და ალბათ, ამიტომ მოუნდა იქ გასვლა, რა ვიცი. მოაჯირს გადააბიჯა, იქ ჩამოჯდომას ცდილობდა, მერე აღარ ვიცი რა მოხდა… 12 წელია ერთად ვმუშაობდით, ყველაზე ფრთხილი და დაკვირვებული მერაბი იყო ჩვენ შორის. ყველას აფრთხილებდა, მაინც მას მოუვიდა ასე… ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მეუღლე და დედ-მამა.“

„რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გამოძიება. შედეგს მე რატომ მეკითხებით? როგორც უყურებთ, გისოსებში არ ვარ. ის თუ მოგიკითხავთ, რა მდგომარეობაში ცხოვრობდა 18 ოჯახი, ვინც მშენებლობის დაწყებამდე იქ ცხოვრობდა? ყოველთვის პრობლემას რატომ ეძებთ…“ – ასე კომპანია „შველას“ წარმომადგენელმა გვიპასუხა, ვისი საკონტაქტო ინფორმაციაც სამშენებლო დაფაზეა გამოკრული და რომელმაც ვინაობა არ დაგვიზუსტა. ბათუმში, „შველას“ მშენებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან მშენებელი მუშა მაისში ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ის 30 წლის იყო. გამოძიება არ დასრულებულა.

კიდევ ერთი მუშა „პორტა ბათუმის“ მშენებლობიდან 8 თებერვალს ჩამოვარდა. მუშა იქაც ადგილზე გარდაიცვალა.

მშენებელი კომპანიების პასუხები იდენტურია. ისინი მუშების დაღუპვაში საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავენ და ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული აქვთ. ამის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში იოლია ნახო მშენებელი სამშენებლო ჩაფხუტის გარეშე, ან კიდევ მშენებლობა – მოაჯირის გარეშე.

მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

„ამ საკითხზე ახლა ვერ გიპასუხებთ. შემიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ შრომის პირობების მონიტორინგი და მისი უზრუნველყოფა შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. იქ უკვე მოქმედებს შრომის ინსპექცია, ეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოეწყო და კომენტარი მათ უნდა გააკეთონ,“ – გვიპასუხა არჩილ თალაკვაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ, რა სირთულის გამო ვერ სრულდება 240-ე მუხლით დაწყებული გამოძიება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, არჩილ თალაკვაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო არ უნდა დაზარალდეს: „საქართველომ უნდა მოახერხოს რეგულირება იმგვარად, რომ დაცული იყოს დასაქმებულის უფლებები და ისიც, რომ ინვესტორებისთვის იყოს ხელსაყრელი გარემო. ეს ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს~ კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში არ მოაწოდა ინფორმაცია, რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მშენებლობებზე უსაფრთოების წესების დარღვევის საფუძვლით, თუმცა ამ უწყებიდან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის~ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, მშენებლობებზე სულ 691 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა – 212. საერთო სასამართლოებმა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევაზე სულ 126 საქმე განიხილეს, სადაც პროკურატურას ბრალი 159 პირის წინააღმდეგ ჰქონდა წაყენებული. ამ სტატისტიკაში არ ჩანს, რა შედეგით დასრულდა საქმის განხილვა სასამართლოებში.

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5-წლამდე, ასევე თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე – კანონის ამ შეზღუდვით არ უსარგებლია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო სამი წლის განმავლობაში. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე სასამართლოს მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის სულ 12 საქმე განუხილავს, თორმეტივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარა და თორმეტივე შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმით დაუღწევიათ დამრღვევებს თავი სასამართლოსგან. 9 შემთხვევაში საპროცესო გარიგება გაფორმდა და მშენებელ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პირობითი მსჯავრი შეეფარდათ ჯარიმებთან ერთად. დანარჩენ 3 შემთხვევაში კი სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა [ჯარიმის მინიმალური ოდენობა 1000 ლარია გამოყენებული, მაქსიმალური – 7 ათასი.] მიმდინარე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხოლოდ ერთი საქმე განუხილავს მშენებლობების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.

„სახელმწიფოს მალე ეყოლება ძლიერი და ეფექტური შრომის ინსპექცია“, – ამბობს ელზა ჯგერენაია, ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას ვკითხეთ, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი, როცა ადამიანები მშენებლობებზე იღუპებიან. შრომის ინსპექციას ამ ეტაპზე მშენებლების შემოწმება მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი მესაკუთრე წერილობით თანხმობას განუცხადებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, უწყებას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლება აქვს.

„ასეა, მაგრამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიტიურია“, – გვარწმუნებს ელზა ჯგერენაია, „შემოწმებული კომპანიებიდან 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, 30 პროცენტს – სრულად, ხოლო 10 პროცენტს, ეს სადღაც 7 კომპანია გამოდის, არ გაუთვალისწინებია რეკომენდაციები. დამსაქმებლების მხრიდან აშკარაა ცნობიერების დაბალი დონე, არ იციან, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რა სტანდარტით უნდა გამოიყენონ შესაბამისი ტექნიკა და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა უფრო ისაა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია დამსაქმებლებს და მოხდეს პრევენცია. გასაგებია, რომ უბედური შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა, მაგრამ აუცილებელია მომზადდეს ნორმატიული ბაზა, რის საფუძველზეც შრომის ინსპექცია გახდება ეფექტური და მას ექნება სანქციების გატარების უფლება. ჩვენ მივყვებით გეგმას. მოგეხსენებათ, ეს პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და ჩვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზეც, რომელიც შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასაც მოიცავს და მას რამდენიმე თვეში შევიტანთ პარლამენტში“.

რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დღემდე შრომის ინსპექციის ამოქმედება და გრძნობენ თუ არა პარლამენტში პასუხისმგებლობას მშენებლობებზე, რომელზეც უსაფრთოხების უზრუნველყოფის ნება ხელისუფლებას აქამდე არ გაუჩნდა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, მანანა კობახიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სამართლებრივი ბაზა ამ კუთხით სრულად მოწესრიგებულია:

„ეს არის, პირველ რიგში, შრომის კოდექსი, სადაც პირდაპირ გვაქვს მითითებული 35-ე მუხლი – უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უფლება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივიღეთ ახალი შრომის კოდექსი, რომელიც მოწონებული იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ის რეალობა, რომელიც მანამდე იყო. შრომის ახალმა კოდექსმა პირდაპირ უზრუნველყო ჯანსაღი გარემოს შექმნა…“.

მანანა კობახიძეს ვკითხეთ, რას გულისხმობდა „ჯანსაღ გარემოში“, ვუთხარით, რომ ბოლო 6 თვეში მარტო ბათუმში მშენებლობებიდან ჩამოვარდნილი 4 მუშა დაიღუპა. გვითხრა, რომ თუკი აღსრულების პრობლემა არსებობს, ეს საკითხი შესაბამისმა დარგობრივმა კომიტეტმა უნდა გაააქტიუროს: „კანონი გვაქვს, საჭიროა მისი სწორად აღსრულება… გარდა ამისა, ყველა საქმე ინდივიდუალურია. საინტერესოა, თვითონ მსხვერპლმა დაიცვა თუ არა უსაფრთხოების ზომები. იქნებ სწორედ საწარმოს მხრიდან ეს ზომები არ იყო დარღვეული? ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ შრომითი უსაფრთხოების ექსპერტი“.

დარგობრივი კომიტეტი ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის კომიტეტია. მისი ხელმძღვანელი – დიმიტრი ხუნდაძეა. იგი თავდაპირველად კომენტარს დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

კიდევ ერთი უწყება, რომელმაც მშენებლობის უსაფრთხოება უნდა აკონტროლოს, მერიის ზედამხედველობის სამსახურია. წესი არსებობს, თუმცა აქ არ მუშაობს ტექნიკური ჯგუფი ან სპეციალისტი, რომელიც შეამოწმებს, არის თუ არა რეალურად დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე: „ასეთი ჯგუფი არ გვყავს. მარტო მაშინ ვრეაგირებთ, როცა ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ მშენებლები. ამ შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას ვაძლევთ გაფრთხილებას. შემდეგი შემოწმების დროს, თუ ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდება, 500 ლარით ვაჯარიმებთ ობიექტს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აღსრულებას მაშინ გადაეცემა საქმე, თუკი ამ დარღვევას სისტემატური ხასიათი აქვს,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

მოითხოვა თუ არა ბათუმის მერიამ რომელიმე მშენებელი კომპანიის მშენებლობის შეჩერება იმის გამო, რომ იქ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო? – ირაკლი მოქიას თქმით, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა რომელი – არ ახსოვს: „DS Group“-ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაც გვქონდა გადაცემული აღსრულებაზე, ოღონდ სამშენებლო პროექტის დარღვევის გამო. აღსრულება არ მომხდარა მაინც.“

მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

მერია და აღსრულების ეროვნული ბიურო უკანონოდ მიჩნეული მშენებლობის შეჩერებას რომ ვერ ახერხებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ირაკლი მოქია ფიქრობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს და აღსრულების ბიურო მხოლოდ წერილობითი შეტყობინებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: „როცა საჭიროა, მაშინვე უნდა ჩაერთოს საქმეში პოლიცია და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც უნდა იყოს შესაძლებელი“.

გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შრომითი უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს დამოკიდებულება სიცოცხლის უფლების ხელყოფად შეიძლება შეფასდეს: „სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობა არის ირიბი მონაწილეობა იმ „დანაშაულში“, რომელსაც ჩადის დამსაქმებელი სამუშაოს წარმოებისას. სახელმწიფო ცდილობს დამსაქმებლებს შეუქმნას კომფორტული გარემო, რასაც არაერთი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება“.

მერია აღიარებს, რომ ვერ აკონტროლებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – კანონს ელოდება, კანონმდებლებმა იციან, რომ კანონი უკვე დაწერილია, შსს-ს უცვლელი გზავნილი აქვს – „მიმდინარეობს ძიება 240-ე მუხლით~. შესაბამისად, გამონაკლისი მშენებელი, თუკი ამ უმოქმედობის მიუხედავად, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ჯარიმას იხდის და ისევ სამშენებლო პოლიგონს უბრუნდება, სადაც უკვე სხვა ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ.

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ი.ა.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია მიმდინარე წლის 17 ივლისს თხილნარის ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაზე, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმეა.

ბრალდებული, ვისაც დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. დღეს, 19 ივლისს პოლიციაში სხვა ახალგაზრდა გამოცხადდა, ვინც თქვა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და თავად უნდა აგოს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ამ პირის გამოკითხვის ოქმი წარუდგინა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი მაინც ამოცნობის ოქმს დაეყრდნო, სადაც ბრალდებულს დაადეს ხელი.

„ამ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო მინიმუმ გირაო შეეფარდებია აღმკვეთის ღონისძიებად, რადგან სხვა პირი ამბობს, დანაშაული მე ჩავიდინეო. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 11 საათზე მოხდა ცეკვის დროს და დაჭრას 20-მდე თვითმხილველი ჰყავს. ისინი დაუდასტურებენ სასამართლოს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა“, – უთხრა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ „ბათუმელებს“.

რას ეტყვის „ოცნების ქალაქი“ ზურაბ პატარაძეს

ყოფილი 53–ე ბატალიონის ტერიტორიაზე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებნი აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მისვლას ელოდებიან. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ მთავრობის ახალი თავმჯდომარისთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი, თუმცა მოსახლეობის აზრი აქ ორად იყოფა, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კადრის მოსვლამ „ოცნების ქალაქში“ ზოგს იმედი გაუჩინა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამით არაფერი შეიცვლება.

თამარ კოკობინაძე „ოცნების ქალაქში“ 2012 წლიდან ცხოვრობს. იგი შვიდ შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს. მისი ყველა უმცროსი შვილი 5 თვისაა.

„გვინდა, რომ ამოვიდეს, ნახოს, თუ რა მდგომარეობაში გვიწევს მცირეწლოვანი ბავშვებით ცხოვრება და შეაფასოს, რამდენად მისაღებია აქ ცხოვრება ბავშვებისთვის, როგორ ვცხოვრობთ, რითი ვარსებობთ. სახლში შიშით ვრჩებით, წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის, გვეშინია, რომ ჭერი არ დაგვენგრეს თავზე.“ – ამბობს თამარი. მისი თქმით, ყოფილმა მთავრობის თავმჯდომარემ მათ დანაპირები არ შეუსრულა, თუმცა ახლა ცდილობს იმედი არ დაკარგოს. კითხვაზე, როგორ უნდა გადაჭრას ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთან პრობლემები, მას საკუთარი შეთავაზებაც აქვს:

„მაგალითად, აგვიშენოს კორპუსები და შეგვასახლოს. აქ უამრავი გაჭირვებული ცხოვრობს სხვადასხვა პრობლემებით, ზოგი სტიქიის შედეგად დაზარალებულია, ზოგი მრავალშვილიანი, მარტოხელა, შშმ პირები, მრავალსულიანიები… იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარება.“

მთავრობის ახალ თავმჯდომარეს 74 წლის ანეტა სურმანიძეც ელის: „ველოდებით სულითა და გულით, გვინდა, რომ დაგვეხმაროს და ბინით თუ ვერა, აქაური პირობები მაინც გაგვიუმჯობესოს.

თუ ბატონი ზურაბი აჭარის ხელისუფლებაში ყოფნას აპირებს, შეგვხვდება ამ გაჭირვებულ გლეხ ხალხს და გულთან მიიტანს ჩვენი გულის ტკივილს. ჩვენ ვითხოვთ დაკმაყოფილებას, როდემდე უნდა ვიყოთ ასე უპატრონოდ? ჩვენი შეთავაზებაა, რომ დაგვეხმაროს ყველას შესაბამისი პრობლემის მიხედვით, მიწით იქნება ეს, ბინით თუ სხვა რაიმე ალტერნატიული საშუალებით. “

ჯამბულ დიასამიძე ომის ვეტერანია. იგი არ არის დარწმუნებული, რომ ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში“ მათთან შესახვედრად მივა, არც ის იცის, შეძლებს თუ არა პატარაძე მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას:

„რითი დაგვეხმარება ეს არ ვიცით, თუმცა ჩვენ გვინდა დახმარება. ხელისუფლებამ ამ დასახლებაში ყველაფერი უნდა შეცვალოს, არის ანტისანიტარიაა, არ არის როგორც საკანალიზაციო სისტემა, ასევე ინფრასტრუქტურა.

შემომსვლელმა ისე არ უნდა შემოგვხედოს, თითქოსდა განსხვავებულია ჩვენგან, მდიდარი და ღარიბი არ უნდა განასხვავოს.
ასევე შევთავაზებდი მას, რომ თუ ვერ გვეხმარებიან, მოგვიზომონ რამოდენიმე კვადრატი მიწის ნაკვეთი და გაგვიფორმონ, სახლებს ჩვენც ნელ-ნელა ავაშენებთ“ – ამბობს ჯამბული.

„ოცნების ქალაქი“ ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს გაშენდა. ამჟამად აქ 1100-ზე მეტი ქოხი მდებარეობს. აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონენი დ ასევე, ეკომიგრანტები არიან. დასახლებას „ოცნების ქალაქი“ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საპატივცემულოდ დაარქვეს აქ ჩასახლებულებმა. ოთხი წლის მანძილზე „ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის მთავრობამ ვერ მოაგვარა.

“გამჭვირვალობა”: ლევან ვარშალომიძის საარჩევნო კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს. „გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რა წყაროებიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

ნორმის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა პროგრამებსა და იდეებზე დაყრდნობით აწარმოონ და არა ფინანსური/მატერიალური დაინტერესების მეშვეობით. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქმედება, შესაძლოა, მიმართული იყოს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეთა ხმების მიღების სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისკენ.

მიგვაჩნია, რომ პარტიის ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიკვლიოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ, ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ამომრჩევლის მხრიდან შეიძლება აღიქმებოდეს მათ მოსყიდვად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„მზე ჩავიდა ბატონებო!“

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა.

სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ დანაშაულის შეგრძნება, რადგან ვერ გაუფრთხილდნენ ბაღს და არაფერი იღონეს მისი შესანარჩუნებლად.

რეჟისორი კალევ კუდუ. ნაზი ბერიძის ფოტო
რეჟისორი კალევ კუდუ. ნაზი ბერიძის ფოტო
სპექტაკლი ბათუმის თეატრალურ სარდაფში ესტონელმა რეჟისორმა, ქალაქ ტარტუში მდებარე თეატრ „ზეროს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, კალევ კუდუმ დადგა.

„ყველაზე მთავარი ამ სპექტაკლში არის ბაღი. ეს უბრალო ბაღი არაა, ეს არის ადამიანობა, აქ მთავარია დრო. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც მე-19 საუკუნის თეატრს ვერ დადგამ. არა აქვს მნიშვნელობა ეს ესტონეთია, ამერიკა თუ საქართველო, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სივრცეში და ისე უნდა დავდგათ სპექტაკლი, რომ დღევანდელ დღეს ეხმიანებოდეს. ალუბლის ბაღში ადამიანები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ, ისინი ერთმანეთის მტრები არიან, სწორედ ისე, როგორც დღეს პოლიტიკოსები, ამიტომ იწყება კრიზისი. ჩეხოვი წერდა კომედიას, მაგრამ ეს იყო შავი კომედია. ამ პიესაში ბაღი გაყიდულია, ანუ გაყიდულია სამშობლო“ – ამბობს რეჟისორი კალევ კუდუ.

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ ბათუმის თეატრალურ სარდაფში წარმოდგენილი პირველი სპექტაკლია. სარდაფი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის შენობაში მდებარეობს. ამ თეატრის დირექტორის მედეა ჩარკვიანის ინფორმაციით პროექტი ხორციელდება ირაკლი გოგიასა (ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და მსახიობ ოთარ ქათამაძის ინიციატივით, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ბაზაზე.

„მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოვიდა. ანტონ ჩეხოვი ყველა თეატრალისათვის ძალიან ცნობილი და საყვარელი დრამატურგია და მითუმეტეს, ჩვენი ესტონელი რეჟისორისთვის კალევ კუდუსთვის. რეჟისორი ამ პიესას დგამს უკვე მესამედ, ოღონდ ყოველ ჯერზე სხვადასხვაა ინტერპრეტაციით. პირველი იყო ესტონეთში, მეორე რუსეთში და მესამე – საქართველოში.

სცენა სპექტაკლიდან. ფოტო ბათუმის თოჯინების თეატრის ფეისბუქგვერდიდან.
სცენა სპექტაკლიდან. ფოტო ბათუმის თოჯინების თეატრის ფეისბუქგვერდიდან.

თვითონ რეჟისორი ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მისი ბიოგრაფია მრავალფეროვანია. ასეთი პროექტების განხორციელება ემსახურება ახალი ხედვის, ახალი კონცეფციის შემოსვლას და დამკვიდრებას თეატრში. გარდა ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრალური სარდაფი ბათუმში, ეს არის ალტერნატიული სივრცე და ექსპერიმენტული სცენა“ – აღნიშნავს მედეა ჩარკვიანი.

სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები: მანანა გოგიტიძე, ანრი ჩაგუნავა და ლევან მიდილიში. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები: მარინა ბურდული და ოთარ ქათამაძე. ასევე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ცაგურია.

სპექტაკლი – „მზე ჩავიდა ბატონებო!“ თეატრალურ სარდაფში დღეს, 19 ივლისს, 20 საათზე იქნება წარმოდგენილი, სპექტაკლზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი.

გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო ლიცენზია მიიღო. წესრიგი, ტექნიკურად ევროსტანდარტების დონეზე აღჭურვილი განყოფილება და პროფესიონალი ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან პაციენტებს გადაუდებელი დახმარება გაუწიონ – ეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაა, სადაც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იდეალური წესრიგია. პაციენტებს აქ მათი ჩივილების მიხედვით ათავსებენ პალატებში, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი.

გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი, გიორგი ლომიძე ამბობს, რომ ამჟამად დღეში საშუალოდ 30 პაციენტს უწევენ გადაუდებელ დახმარებას, თუმცა განყოფილებას მეტი პაციენტის მიღებაც შეუძლია. ზოგიერთი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მოჰყავთ საავადმყოფოში, ზოგიერთი კი თავად მოდის.

„გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეგვიძლია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტი ვმართოთ. გვაქვს რეანიმაციული განყოფილება, ინტენსიური თერაპიის ბლოკი, სხვადასხვა მიმართულების სტაციონარული განყოფილებები და ფაქტობრივად, ყველანაირ პაციენტს შეგვიძლია გავუწიოთ დახმარება,“ – ამბობს გიორგი ლომიძე.

გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში
გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

გადაუდებელი დახმარების ექიმი შედარებით ახალი პროფესიაა, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში დაინერგა. ამ პროფილის ექიმებს მრავალმხრივი ცოდნა, მაღალი კვალიფიკაცია და საგანგებო უნარ-ჩვევები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მათ სახელმწიფო აძლევს შესაბამის ლიცენზიას. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ოთხი ექიმი მუშაობს: ალექსი გოხელაშვილი, გიორგი ლომიძე, პავლე კაკაურიძე და შალვა კუტალაძე. ოთხივე მათგანს აქვს გადაუდებელი დამხარების ექიმის ლიცენზია და ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კვირაში 7 დღეს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გადაუდებელი დახმარების ექიმი გიორგი ლომიძე ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობას ძირითადად კარდიოლოგიური პრობლემები აქვს:

„ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ტკივილით გულ-მკერდის არეში და კარდიოლოგიური მიმართულების პაციენტები, თუმცა ბოლო პერიოდში დაიწყო ტრავმული პაციენტების მომართიანობა, მივიღეთ პაციენტი პოლიტრავმით, ნეიროქირურგიული მიმართულების პაციენტებიც. ჩვენ ადგილზე ყველაფერი გვაქვს, რომ მათ შესაბამისი დახმარება გავუწიოთ და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენივე ჰოსპიტლის სხვა განყოფილებაში გადავიყვანოთ,“ – ამბობს გიორგი ლომიძე.

გადაუდებელი დახმარების ექიმი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხშირად მიმართავენ თვითდინებით მისული პაციენტები, რომლებიც თავად ირჩევენ საერთაშორისო ჰოსპიტალს და კვალიფიციურ ექიმებს ანდობენ თავიანთ ჯანმრთელობას.
„თვითდინებით მოსული პაციენტების რაოდენობის მომატება მეტყველებს ყველაზე მეტად კლინიკის იმიჯზე, მის სანდოობასა და რეპუტაციაზე, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს გიორგი ლომიძე.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

გადაუდებელი დახმარების განყოფილების თანამშრომლები
გადაუდებელი დახმარების განყოფილების თანამშრომლები


ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge

რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში

ბათუმში 220-ზე მეტი ქუჩაა, მათგან 163 ქუჩა საქართველოს ან კონკრეტულად აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მამაკაცების სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელს კი მხოლოდ 9 ქუჩა ატარებს. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ან მთლიანად საქართველოს ისტორიიდან, საზოგადოებამ მხოლოდ 9 ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია.

გენდერული დისბალანსი ქუჩების სახელდებისას მხოლოდ ბათუმის პრობლემა არ არის. გენდერის კვლევების სპეციალისტი, ეთუნა ნოღაიდელი ამბობს, რომ ასეთი ტენდენცია საქართველოსა და ევროპის ქვეყნების სხვა ქალაქებშიც შეიმჩნევა და ქალების ღვაწლის დავიწყება ზოგადად პატრიარქალური კულტურის მახასიათებელი ნიშანია.

„ქუჩების გარდა იგივე ეხება საჯარო სივრცესაც. ძალიან იშვიათად არის ის ქალის სახელობის. ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქალები ძალიან ცოტანი არიან ყველა სფეროში, თუმცა როცა ქალების ისტორიის შესწავლა ქალებმა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სფეროში ყოფილა ბევრი ქალი, მათ შორის ტექნიკურ მეცნიერებებში, ხელოვნებაში თუ სხვაგან. ხშირად, როცა რომელიმე მეცნიერულ მიღწევას ქალი და კაცი ერთად აკეთებდა, ქალს ივიწყებდნენ და ეს აღმოჩენა მხოლოდ კაცს მიეწერებოდა. სწორედ ამასთანაა კავშირში ის, თუ ვინ შევიდა ჩვენი ქალაქის ისტორიაში, ვინ აღიარა საზოგადოებამ. ის, რომ ასეთი ქალების სახელები არ ერქმევა ქუჩებსა თუ საჯარო დაწესებულებებს, რაც ხალხის მეხსიერებაში ამ ადამიანებს სამუდამოდ ჩაბეჭდავდა – პოლიტიკური საკითხია. ასე კიდევ უფრო მყარდება სტერეოტიპი, რომ ქალი მეცნიერები თუ მწერლები ძალიან ცოტანი არიან ისტორიაში“ – ამბობს ის.

ბათუმში ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია განიხილავს, რომელიც დასკვნას საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიაში აგზავნის და იქედან მიღებული კიდევ ერთი დასკვნის საფუძველზე საკითხს უკვე ბათუმის საკრებულო განიხილავს. ინიციატორი, ვისაც კონკრეტული ქუჩისთვის, ამა თუ იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელდების მინიჭება სურს, აუცილებლად უნდა იყოს იურიდიული პირი, გაერთიანება, არასამთავრობო ორგანიზაცია ან სხვა. ასევე შესაძლოა ინიციატორი იყოს სახელმწიფო დაწესებულება, მერია ან საკრებულოს ცალკეული წევრი. „ადრე ერთ პიროვნებასაც შეეძლო შემოეტანა ინიციატივა, მაგრამ იმის გამო, რომ ხშირად იყო მომართვები ოჯახის წევრებზე და ა.შ., ამოვიღეთ ეს ნაწილი დებულებიდან, რათა თავიდან აგვეცილებინა მსგავსი განცხადებები,“ – ამბობს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე.

დებულების მიხედვით, პიროვნება ვისი სახელიც შესაძლოა მიენიჭოს ამა თუ იმ ქუჩას, გარდა ღვაწლმოსილი ბიოგრაფიისა, უნდა იყოს გარდაცვლილი არა უახლეს 20 წლისა, თუმცა ნინო ბერაძის განმარტებით, დებულებაში გამონაკლისებიც არის გათვალისწინებული. ნინო ბერაძე ამბობს, რომ გენდერული დისბალანსის მხრივ გარკვეული ტენდენცია ნამდვილად ჩანს ბათუმის ქუჩების სახელდების საკითხში, თუმცა სურვილი და ინიციატივები, რომ ეს გარემოება გამოსწორდეს – არსებობს.

2014 წლის შემდეგ ბათუმში სულ ორი ქუჩის სახელდების საკითხი განიხილეს, რის შედეგადაც ბულვარში მდებარე ერთ პატარა ქუჩას ქართველი რეჟისორის, სულიკო ჟღენტის სახელი მიენიჭა, მეორე საკითხი კი ევგენი მიქელაძის ქუჩის ერთ-ერთი შესახვევისთვის ციალა სურმანიძის სახელის მინიჭების ინიციატივაა, რომელსაც იქ მცხოვრები 350 მოქალაქე აწერს ხელს. საკითხი უკვე გადაგზავნილია სამთავრობო კომისიაში. ციალა სურმანიძე აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი იყო, იქამდე მეჯინისწყლის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ (1997) დააარსა გლეხთა და ფერმერთა საფინანსო-საკრედიტო კავშირი „მეჯინისწყალი“, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე. იგი ასევე იყო აჭარის ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ციალა სურმანიძე 2013 წელს გარდაიცვალა.

ახლა ბათუმში არსებობს: საქართველოსა და აჭარის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ქსენია ბახტაძის (1899-1979) ქუჩა, რომელიც მწვანე კონცხის უბანში მდებარეობს; ექიმ, მეან-გინეკოლოგ ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩა (1908-1976), რომელიც აეროპორტის ადმინისტრაციულ უბანში მდებარეობს. აჭარელი მფრინავი ქალის – ფადიკო გოგიტიძის ქუჩა, რომლის სახელიც ყოფილ სევასტოპოლის ქუჩას წლების წინ გადაერქვა. ასევე, ბათუმში არსებობს თამარ მეფის გამზირი, დამსახურებული მსახიობის სესილია თაყაიშვილის ქუჩა, პოეტ ანა კალანდაძის ქუჩა – კახაბრის უბანში, წმინდა ნინოს ქუჩა – გონიო-კვარიათის უბანში, ქეთევან წამებულისა და გერმანელი ფემინისტი ქალის – კლარა ცეტკინის ქუჩები.

ბათუმის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ აჭარის ისტორიაში არიან ქალები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით აჭარისა და ზოგადად საზოგადოების განვითარებაში, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხი მათ არ იცნობს.

„ამ საკითხის წამოჭრა ძალიან საინტერესოა, არც ერთი რეპრესირებული ქალის უკვდავსაყოფად არაფერი გაკეთებულა, თუმცა საპატიო ბათუმელის წოდებას ხშირად ვანიჭებთ იგივე კომუნისტურ ელიტას. პირველ რიგში სწორედ ის ხალხია დასაფასებელი, მათზე უნდა ვიზრუნოთ,“ – ამბობს ის.

რამაზ სურმანიძის თქმით, 1937 წელს აჭარაში რეპრესირებულთა შორის 12 ქალია, იგი მათგან რამდენიმეზე ამახვილებს ყურადღებას:

„აღსანიშნავია იმ დროს აჭარის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი ანა დანელია, იგი კიდევ ერთი საზოგადო მოღვაწის ჯემალ ქიქავას მეუღლეც იყო, ორივე მათგანი დახვრიტეს 37 წელს. ასევე, გულიზარ გიგინეიშვილი – 19 წლის, სრულიად ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის მახუნცეთის აწჰესის მშენებლობაში. ის მახუნცეთში ბიძასთან იყო სტუმრაც ჩასული, რომელიც მას სამსახურის პოვნაში დაეხმარა, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ ორგანიზაციის ახალგაზრდებმა ააშენეს მახუნცეთის აწჰესი. აკვედუკი [წყალსატარი] სულ მისი ორგანიზაციის ახალგაზრდების აშენებულია, რაც შეეძლო და რაც მოასწრო – გააკეთა, შემდეგ კი ისიც დახვრიტეს. ასევე, თამარ ებრალიძე ერმილეს ასული – ექიმი ქალი, რომელიც სალიბაურში მუშაობდა, სალიბაურშივე ჩეკას თავისი პუნქტი ჰქონდა, იქ დაიბარეს დაკითხვაზე და იქვე დახვრიტეს ეს ქალი. სწორედ ასეთი ქალების სახელები უნდა უკვდავვყოთ, ქალების, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ თავიანთ მოღვაწეობას,“ – ამბობს რამაზ სურმანიძე.

სულ ახლახან ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო პროექტი, რომელშიც ადლიის დასახლებაში 33 ახალი ქუჩის გაყვანაზეა საუბარი, ასევე, არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე. ვისი სახელები დაერქმევა 33 ახალ ქუჩას და იქნება თუ არა მათ შორის აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე უცნობი თუ ნაცნობი ქალების სახელები, ჯერ უცნობია.

ფოტოზე: ფადიკო გოგიტიძის ქუჩა ბათუმში

Exit mobile version