ბათუმში ხიმშიაშვილი ქუჩაზე იყიდება 22 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა. ფასი 32 ათასი აშშ დოლარი.
ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე იყიდება გარემონტებული ბინა
ბათუმში ლუკა (ყოფილი ჯაფარიძე) ასათიანის ქუჩაზე იყიდება 64 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა. ფასი 57 ათასი აშშ დოლარი.
ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ქირავდება 65 კვ/მ ფართობი ბინა
ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ქირავდება 65 კვ/მ ფართობი ბინა, ბინაში არის ბუნებრივი გაზი,გათბობა,ინტერნეტი WIFI,ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 300 აშშ დოლარი.
ბათუმში დ. თავდადებულის ქუჩაზე ქირავდება 85 კვ/მ ფართობის ბინა
ბათუმში დ.თავდადებულის ქუჩაზე ქირავდება 85 კვ/მ ფართობი ბინა, ბინაში არის ბუნებრივი გაზი,გათბობა,ინტერნეტი WIFI,ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 500 აშშ დოლარი.
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე წლიურად ქირავდება გარემონტებული ბინა
ბათუმში,კობალაძის ქუჩა N4ში წლიურად ქირავდება 33 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომფორტით. ფასი 500 ლარი.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი
როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები?
კანონმდებლობით დადგენილი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება საკუთრების ობიექტზე დაუზუსტებელი სახით, მიმართავს ამზომველს, მასთან აფორმებს წერილობით ხელშეკრულებას, რის შემდეგ მზადდება მიწაზე შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
შემდეგ ეტაპზე მიწის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, სსიპ საჯარო რეესტრს წარუდგენს: ა) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას; ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს; გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს; დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.
რა ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო?
სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 (ხუთი) ჰექტრის ფარგლებში.
რა ოდენობით განისაზღვრება ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ხარჯები?
ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) 1,5ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით; ბ)1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწაზე -არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.
რა ხარჯებს არ ანაზღაურებს სახელმწიფო?
ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად.
რა ვადაში უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარის მიერ განცხადების წარდგენა?
მიწის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.


პოლონელი ფოტოგრაფის გამოფენა ბათუმში
დღეს 12 სექტემბერს „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პოლონელი ფოტოგრაფის ტომაშ ლაზარის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენის სახელწოდებაა, – „ცხოვრება როგორც თეატრი“.
გამოფენა იმართება ფესტივალის -„ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში.
გამოფენა 19:00 საათზე დაიწყება.
არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში
შეიცვლება თუ არა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი, რომელიც ერთი წლის წინ ქალაქის მერის – გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით გაძვირდა? ვინაიდან ბათუმში რეაკრეაციული ზონების ნაკლებობაა, ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საშუალებაა, სადაც მოსახლეობას მწვანე გარემოში დასვენება შეუძლია.
ბოტანიკური ბაღის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბაღი 213 216-მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 151 239 უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქე კი – 61 977. ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან სტუდენტი 3 933 ვიზიტორი იყო, მოსწავლე კი – 1351. წელს, ფასის გაძვირების შემდეგ, აგვისტოს ჩათვლით, ბოტანიკურ ბაღს 183 665 ვიზიტორი ეწვია. ამასთან, ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფასის გათანაბრების შემდეგ, უცხოელი და ქართველი ვიზიტორების სტატისტიკას ცალ-ცალკე აღარ აწარმოებენ.
„ფასის დადგენა ჩვენი ხუშტურით არ მომხდარა, სახალხო დამცველმა მოითხოვა გათანაბრება, რადგან მიიჩნია, რომ უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის განსხვავებული ფასი დისკრიმინაციული იყო“, – გვეუბნება ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ჯემალ წულუკიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ადმინისტრაციას საფასურის გათანაბრება სურდა, რატომ დატოვა მაღალი ფასი – 8 ლარი და არა 3 ლარი? – ჯემალ წულუკიძე ამბობს:
„3 ლარი რომ დაგვეტოვებინა, ეს იქნებოდა წამგებიანი, რადგან შემოსავალი ვეღარ გასწვდებოდა იმ ხარჯებს, რომელიც ბოტანიკურ ბაღს სჭირდება. ჩვენი ეკონომიკური გათვლა არის უცხოელებზე.“
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 399 ათასი ლარით ფინანსდება. იყო თუ არა მიზანშეწონილი დაბალი ტარიფის შენარჩუნება გადამხდელების სასარგებლოდ? საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ კი.
„განსხვავებული ფასის დადგენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნორმალურია, ბევრ სახელმწიფოში მინახავს განსხვავებული ფასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ასეთი პრაქტიკა არსებობს, მათ შორის მეზობელ თურქეთშიც და ეს არ არის დისკრიმინაციული, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, ევროპელი და ამერიკელი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაცილებით მაღალია.
არსებული ტარიფი უნდა გადაიხედოს და სიმბოლური ფასი დადგინდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – გვეუბნება ის.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დაუჭირა საკრებულომ ფასის ზრდას მხარი? საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ამბობს, რომ ფასი საკრებულოს ჩარევით კი არა, მერის ბრძანებით გაიზარდა:
„იმდენად მიუღებელი ამბავი იყო, რომ „თავისუფლმა დემოკრატებმა“ ბიურომდეც კი არ მივატანინეთ საკითხი. ეს, ზოგადად, ბათუმის პრესტიჟზე იმოქმედებდა, თუმცა ამის შემდეგ მერმა გამოსცა ბრძანება და ასე გააძვირა ფასი“.
თვითმმართველობის ახალი კოდექსი მერს აძლევს ტარიფების ერთპიროვნულად განსაზღვრის უფლებას. კობა ჩხეიძის თქმით, საკრებულო ფასების დადგენის საკითხში მხოლოდ რეკომენდაციას გასცემს, რასაც მერი ან გაითვალისწინებს, ან არა.

საკრებულოს კიდევ ერთი წევრის [„ნაციონალური მოძრაობა“], გიორგი კირთაძის აზრით, ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაადეკვატურია:
„საკრებულომ მოუწოდა მერს, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც მიიღო გაძვირების გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია ისევ მივცეთ მერს რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს ეს საკითხი და დადგინდეს ის ფასი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი“.
საკრებულოს წევრი, საფინანსო და ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელი თენგიზ აფხაზავაც მიიჩნევს, რომ ტარიფის დაწევა მიზანშეწონილია:
ჩემზე რომ იყოს, ადგილობრივებისთვის საფასურს დავწევდი… ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელობას ვთხოვე, გადაეხედათ ტარიფისთვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაინც შეიცვალოს ფასი“.
„ბათუმელებს“ ამ თემაზე ქალაქის მერის პოზიცია აინტერესებდა, თუმცა პრესსამსახურიდან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, არჩილ ვანაძესთან გადაგვამისამართეს, „მიდგომა იყო ისეთი, რომ გაგვეთანაბრებინა ფასი, თუმცა გაგვეფართოვებინა შეღავათების წრე ადგილობრივებისთვის. ამიტომ შემოვიღეთ სააბონენტო სისტემა, თუმცა მე იმ პოზიციაზე ვარ, რომ არც განსხვავებული ფასი იყო პრობლემა,“ – აღნიშნა არჩილ ვანაძემ.
ჯემალ წულუკიძის თქმით, ადმინისტრაცია მოსახლეობას შეღავათიან სააბონენტო მომსახურებას სთავაზობს: „ვინც ხშირად დადის ბოტანიკურ ბაღში, თვეში 30-ლარიან პაკეტს ვთავაზობთ, არის ორკაციანი – 45-ლარიანი და საოჯახო – 60-ლარიანი პაკეტი“.
ბოტანიკური ბაღის ბუღალტრის, ზინა გელაძის ინფორმაციით, ბათუმის ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 399 ათასი ლარის გარდა, ბოტანიკურმა ბაღმა წელს „შიდა შემოსავლების სახით დაგეგმილზე მეტი, ანუ 1 მილიონ 630 ათასი ლარი მიიღო“.
ზინა გელაძის თქმით, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებიდან, 717 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურებაზე იხარჯება. ხელფასებზე დაიხარჯება შიდა შემოსავლებიდან მიღებული 1 მილიონ 9 000 ლარიც. ბოტანიკურ ბაღში 187 შტატია. დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 400 ლარია, საშუალო – 600 ლარი, მაქსიმალური კი – 1 650 ლარი.
„რეკორდი“ ქობულეთის საოლქო კომისიაში და გადაცდომისთვის დასჯილთა დაწინაურება
ქობულეთის N81 საოლქო-სააჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი 3 აგვისტოს გამოცხადდა. განაცხადების შეტანის ვადა 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე დასრულდა. სულ 555 განაცხადი შევიდა. საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება 19 აგვისტოს, კონკურსის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო და დასრულდა კიდეც. კომისიამ 555 კანდიდატის ბიოგრაფიებისა და გამოცდილების შემოწმება რეკორდულ ვადაში – ერთ დღეში მოახერხა.
ქობულეთის საოლქო კომისიის მუშაობის ასეთმა ტემპმა დამკვირვებელ ორგანიზაციებს კითხვები გაუჩინა. მათ კითხვები ქობულეთის საოლქო კომისიასთან იმაზეც აქვთ, თუ რატომ გააკეთა არჩევანი საოლქო კომისიამ იმ პირებზე, რომლებსაც წინა არჩევნებზე გადაცდომების გამო ადმინისტრაციული სახდელები ჰქონდათ დაკისრებული. ეს მაშინ, როცა სერტიფიცირებულ მოხელეებს, რომლებსაც გადაცდომები არ ჰქონიათ, კომისიამ უარი უთხრა. რამდენიმე დამრღვევი პირიქით, დააწინაურეს – მათ საუბნო კომისიაში თავმჯდომარის, მოადგილის თუ მდივნის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
ქობულეთის N81 საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ დაკომპლექტებული საუბნო-საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში ფიქსირდებიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებსაც წინა წლებში `საარჩევნო კანონმდებლობის უგულებელყოფისთვის“ დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური სახდელები, კერძოდ: N71.81.06 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრები: მედეა ჯიჯავაძე და გიუზელ ნიჟარაძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე უბანზე მუშაობდნენ და დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება. თუმცა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გიუზელ ნიჟარაძე ქობულეთის 81-ე ოლქის N6 საუბნო კომისიის თავმჯდომარე იქნება. ამავე უბანზე დანიშნული კომისიის წევრი ნონა მოწყობილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დანიშნული იყო ოლქის მიერ და ასევე მიღებული აქვს გაფრთხილება.
N71.81.08 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი აკაკი ანანიძე ამავე უბანზე დანიშნული იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ასევე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მას ორივე შემთხვევაში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება; ამჯერად ის N8 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.
N71.81.19 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრები: თინათინ ცეცხლაძე და სულიკო გირკელიძე დანიშნული იყვნენ ამავე უბანზე კომისიის წევრებად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება;
N71.81.28 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი ჟუჟუნა წულუკიძე 2013 და 2014 წლის არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე უბანზე და ორივე არჩევნების პერიოდში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება; ამჯერად ის N48 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.
N71.81.31 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი მზია კომახიძე ამავე უბანზე დანიშნული იყო საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა; მზია კომახიძე N31-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.
N71.81.38 საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი მანანა ნოღაიდელი 2013 და 2014 წლის არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე უბანზე კომისიის წევრად და ორივე არჩევნების პერიოდში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა; ახლა ის N38-ე საუბნო კომისიის მდივანია.
N71.81.62 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი ნანა ჭყონია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე კომისიაში და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება. ახლა ნანა ჭყონია N62 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა. ამავე უბანზე დანიშნული კომისიის წევრი სალომე ქათამაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დანიშნული იყო ამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა.
ქობულეთის N81 საოლქო-საარჩევნო კომისიაში სხდომის მიმდინარეობისას პარტიების წარმომადგენლებმა მოიპოვეს სიები და ისინი ამტკიცებენ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია სწორედ ამ სიით ხელმძღვანელობდა საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას და ეს სიები საოლქო საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული საუბნო-საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების სია და პარტიების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული სია სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განსხვავებას.
ქობულეთის N81 საოლქო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე ყველა ბრალდებას გამართლებას უძებნის და ამბობს, რომ კომისია განაცხადებს ეტაპობრივად არჩევდა, რასაც ტყუილს უწოდებს ამავე კომისიის წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სალომე ზაქარიაძე: „არაფერი შეურჩევიათ, მათ იხელმძღვანელეს წინასწარი სიით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუგზავნა. ჩვენ მოვახერხეთ და წავართვით ეს სია, შემდეგ კი შევადარეთ და ყველაფერი დაემთხვა“.
რაც შეეხება იმ პირების შერჩევას, რომლებსაც წინა რამდენიმე არჩევნებში მონაწილეობისას გადაცდომები ჰქონდათ, გელა ხახნელიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა მათ საარჩევნო ადმინისტრაციებში მუშაობას არ უკრძალავს. ამას საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეც ეთანხმება, თუმცა გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, დამრღვევ პირებზე აქცენტის გაკეთება, როცა ბევრი განაცხადია და საოლქო კომისიას საშუალება აქვს იმათ მიანიჭოს უპირატესობა, რომლებსაც ადრე კანონი არ დაურღვევიათ, ეჭვქვეშ აყენებს კომისიის მუშაობის ლეგიტიმაციას.
სტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ლიტერატურული ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს – „ზე-კართან“ უმასპინძლებს. ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება.
ლიტერატურული ფესტივალი შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, 2013 წელს დაფუძნდა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში.
ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის მიზანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და პოპულარიზაციის გაზრდაა.
2013 წელს ფესტივალი აჭარის განათლებისა და სამინისტრომ დააფინანსა. იმ წლის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი, სადაც მხოლოდ ის ნაწარმოებები შევიდა რომელიც შუახევს შეეხებოდა.
2014 წელს კი დაიბეჭდა მეორე კრებული. ფესტივალის ორგანიზატორები მესამე წიგნზეც მუშაობენ.
ლიტერატურული ფესტივალი 17 სექტემბერს შემდეგი ღონისძიებებით გაიხსნება:
12:00 საათი – ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ფესტივალის მონაწილეთა შეხვედრა;
15:00 საათი – ნიგაზეულის მუზეუმისა და სელიმ ხიმშიაშვილის საფლავის მონახულება;
18:00 საათი – ფურტიოს თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პოეზიის საღამო და ფოლკლორული კონცერტი.
18 სექტემბერი
12:00 საათი – სხალთის ეკლესიის დათვალიერება;
16:00 საათი- ხულოს მუზეუმის, გალერიის მონახულება;
18:00 საათი – ხულოს თეატრში პოეზიის საღამო;
ფესტივალი 19 სექტემბერს დაიხურება.
11:00 საათი – ოთოლთას ციხის მონახულებაა დაგეგმილი,
13:00 საათზე – ხაბელაშვილების ეთნოგრაფიული ხიდის მინახულება პოეზიის საღამო;
16:00 საათზე ფესტივალი შუახევის კულტურის ცენტრში კონცერტით დაიხურება, სადაც საპატიო „ზეკარელებს“ ყაბალახით დააჯილდოვებენ.
მუნიციპალურ ტრანსპორტში სავარძლებს ცვლიან
მუნიციპალურ ტრანსპორტში დაზიანებულ სავარძლებს ახლით ჩაანაცვლებენ.
შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ინფორმაციით, ავტობუსებში დაზიანებული სავარძლები ეტაპობრივად შეიცვლება: „ახალი სავარძლები არის ერთი მთლიანი კონსტრუქციის, რაც შეამცირებს ვანდალური ფაქტების რაოდენობას და ამასთანავე დაფარულია რბილი ტყავის შემცვლელი მატერიით, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის“.
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სავარძლების შეძენაზე ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა, საწყისი სატენდერო თანხით – 118 400 ლარი. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან 23 ივნისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „კონტროლ-ა“ „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 800 სავარძელს მიაწვდის 77 976 ლარად. ტენდერში 10 კომპანია მონაწილეობდა.
ამავე თემაზე:
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ელექტრონულ ავტობუსებზე: ეს არის მხოლოდ სურვილი
ავტობუსი ზაფხულში
ახალი ავტობუსები ბათუმისთვის იბიარდის სესხით

ქედის გამგეობა 10 ფოტოაპარატის შეძენას აპირებს
ქედის გამგეობამ 10 ცალი ციფრული ფოტოაპარატის შესასყიდად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 8 სექტემბერს გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 6 000 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქედის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში 10 კომპაქტური, 20.2 MP ფოტოაპარატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 გბ მეხსიერების ბარათი და არანაკლებ ერთწლიანი გარანტია.
ქედის გამგეობამ ფოტოაპარატების შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა, რადგანაც იგივე ფუნქციისა და ოდენობის ციფრული ფოტოაპარატების შესასყიდად ქედის გამგეობის მიერ 25 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ ციფრულ ფოტოაპარატებს გამგეობა თემის რწმუნებულებისთვის ყიდულობს: „მაღალმთიანეთში მცხოვრების სტატუსი რომ მიანიჭო პიროვნებას, საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტო სჭირდება, ტელეფონით გადაღებულ სურათს კი ეფექტი არ აქვს. ამიტომ დარჩა საჭირო გამგებლის წარმომადგენლებისთვის ფოტოაპარატები გვეყიდა. გარდა ამისა, შეიძლება სოფელში მეწყერი განვითარდეს, რასაც რწმუნებული დააფიქსირებს“.
ქედის მუნიციპალიტეტში სულ ცხრა ადმინისტრაციული თემია. რწმუნებულების გარდა ვინ ისარგებლებს დარჩენილი ერთი ფოტოაპარატით, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ციფრული ფოტოაპარატების შესასყიდად გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 14 სექტემბერს 12 საათზე დასრულდება.
სარკინიგზო ვაგონის ძარა ხიდებად აჭარაში
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. საკითხი ეხება „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ დეპარტამენტზე უსასყიდლოდ გადაცემული 20 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარის დემონტაჟსა და ტრანსპორტირებაა ქალაქ ბათუმამდე, რაშიც დეპარტამენტი 96 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

„აღნიშნული ვაგონ-ბაქნის ძარები გამოიყენება ხიდებისა და სახიდე გადასასვლელების სწრაფად აღსადგენად. ამჟამად აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მიმართულებით გზები და ხიდები, რის გამოც შეუძლებელია რიგ შემთხვევებში სკოლის მოსწავლეების მისვლა სკოლამდე, მოსახლეობის გადაადგილება, საშემოდგომო სამუშაოებისათვის ტრანსპორტის გადაადგილება [მათ შორის ციტრუსის გატანა], აღნიშნულიდან გამომდინარე ძალზე დიდია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ხიდების რეაბილიტაციის დროულ განხორციელებაზე“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ხუთივე მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისაგან დაზიანდა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის ხიდები, რომლებიც საჭიროებს სასწრაფოდ აღდგენას ან ახალის მშენებლობას. აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დადგენილებით ეთხოვა საქართველოს მთავრობას 1 157 000 ლარის გამოყოფა, რეგიონის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისათვის.
„მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე ხიდების მშენებლობის ღირებულება და ვადები საგრძნობლად მცირდება რკინიგზის ვაგონ-ბაქანის ძარების გამოყენებით. იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ხიდების რეაბილიტაცია და არ მოხდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება, მაღალმთიანი აჭარის კლიმატისა და რელიეფის გათვალისწინებით შესაძლებელია სამუშაობის დაგვიანების შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელი გახდეს სამუშაოს წარმოება. აღნიშნული ვაგონ ბაქნების უსასყიდლოდ გადმოცემის შესახებ დეპარტამენტს ეცნობა მიმდინარე წლის 09 სექტემბერს, შესაბამისად დეპარტამენტი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების საკითხს მანამდე ვერ განიხილავდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში.
გზების დეპარტამენტის გათვლებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან დაიწყება დემონტაჟი და ტრანსპორტირება ეტაპობრივად და სრულად განხორციელდება 50 დღის განმავლობაში. შესყიდვების სააგენტომ დეპარტამენტს 16 სექტემბრამდე უნდა უპასუხოს, თანახმაა თუ არა შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდეს.
სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული 20 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარის დემონტაჟი და ტრანსპორტირება ქალაქ ბათუმამდე – ხარჯთაღრიცხვა:
ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია.
მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია.
ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშებმა დღეს, 11 სექტემბერს, “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან აღდგენითი სამუშაოებისთვის დაიქირავეს: „გვითხრეს, ერთ კვირაში უნდა დასრულდეს სამუშაოებიო… მხოლოდ ღობე უნდა მოვაწყოთ, სახლის მშენებლობას ჩვენ არ ვეხებით”.
“ფშაველას 13-ზე ნებართვა არ გაგვიცია… პარასკევს შემოიტანა კომპანიამ და საბჭომ უნდა განიხილოს,” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი. ის განმარტავს, რომ ქუჩის აღდგენა, ძირითადად, მერიას ეხება, მაგრამ არსებობს გარკვეული ნაწილი, რაზეც სააგენტომ უნდა გასცეს ნებართვა. “ალბათ მერიამ გასცა უკვე ნებართვა და ისე აკეთებენ… თუ რამე სხვა კეთდება, ამას დააკვირდება მერიის ზედამხედველობის სამსახური და მე არ ჩავიბარებ სამუშაოებს, ისევ დავაჯარიმებ,” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი, რომელიც დღეს ქუჩის აღდგენითი სამუშაოების მონახულებას აპირებს.
სააგენტომ ივნისშიც მიიღო “სლავა 2015″-სგან პროექტი დაზიანებული ქუჩის აღდგენაზე. მაშინ მას სააგენტომ უარი უთხრა. „იქ იყო ეშმაკური გათვლა. რეალურად ქუჩის აღდგენის პარალელურად, ფუნდამენტს ჩამოასხამდა. ამიტომაც ვუთხარით უარი,” – გვითხრა მირანდა ჩარკვიანმა.
გასცა თუ არა ნებართვა მერიამ ქუჩის აღდგენით სამუშაოებზე? – მერიის პრესსამსახურს და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ვერ დავუკავშირდით. თუკი მერია ქუჩის აღდგენით სამუშაოზე ნებართვას გასცემდა, იგი ავტომატურად გადაეცემეოდა ზედამხედველობის სამსახურს. “ასეთი ნებართვა ვაჟა-ფშაველას 13-ში არ მიგვიღია პარასკევის ჩათვლით და შაბათ-კვირას არ ვმუშაობთ. თქვენგან გავიგეთ ეს ამბავი. ჩვენი მორიგეები მოინახულებენ სამუშაოებს და გეტყვით, რა როგორ არის” – გვითხრა ზაალ მამუჭაძემ, ზემდახედველობის სამსახურის უფროსმა.
კომპანია “სლავა 2015”-ის დირექტორმა მურმან ჯინჭარაძემ “ბათუმელებთან” გასაუბრებაზე უარი თქვა. კომპანიის იურისტმა, გურამ ღოღობერიძემ კი გვითხრა, რომ ქუჩის აღდგენას გზების დეპარტამენტი ახორციელებს. კომპანიის იურისტმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია სამუშაოების ნებართვის შესახებ.
ქალაქის ქუჩების აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი არ ახორციელებს. ბათუმის მერია კი მსგავს შემთხვევაში ტენდერს აცხადებს.

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში დამატებით 1051 კოლხური მუხა მოიჭრება
მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამჯერად მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1057 ძირი მცენარე. აქედან 1051 ძირი კოლხური მუხაა (Quercus hartwissiana Stev.), ხოლო 6 ძირი კაკლის ხე ( Juglans regia L.].
საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 16 აგვისტოს გამოსცა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებიდან ამოღების უფლება „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ადრეც რამდენჯერმე მიეცა:
აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება
220 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში 500-ზე მეტი წაბლი და მუხა მოიჭრება
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.
აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.
აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი
კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ქალაქ ბათუმის გაზიფიცირება [ცენტრალური მაგისტრალებით ქალაქის დაქსელვა] დასრულებულია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, ბათუმში გაზიფიცირება წელს 1546 აბონენტს უნდა შეხებოდა, ხოლო 2017 წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია ზედა მახინჯაურში.
რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს, კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული იმფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 316 185 გრძ.მ-ის სიგრძის ქსელის მშენებლობა. ამ დროისთვის აქედან აშენებულია – 104 203 გრძ.მ.
სამუშაოები, კომპანიის მონაცემებით, მიმდინარეობს/დაგეგმილია ხელვაჩაურის სოფლებში: კაპრეშუმი, ზედა ახალშენი, განახლება, ახალშენი, ხეღრუ, სამება, ქვედა სამება; ასევე ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათი, ქვედა დაგვა, დაგვა, ბობოყვათი [რეზიდენციამდე მიმავალი], ხუცუბანი, ნაკაიძეები და ქვედა სამება.
აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების 2016 წლის გეგმა და შესრულებული სამუშაოს მაჩვენებელი ამავე წლის 11 სექტემბრის მონაცემებით [მოწოდებულია კომპანია „სოკარის“ მიერ]:
ამავე თემაზე:
გაზიფიცირების პრობლემები ქედასა და ქობულეთში
ბათუმის რკინიგზის სადგურში პოლიციელი დაჭრეს
ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სადგურში მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა.
“შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორს, გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ვ.მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ–ს 353–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობაზე რამდენიმე დეკორატიული თაღი მუშებმა დააზიანეს
სასტუმრო “პრინცესას” რამდენიმე დეკორი მუშებმა პროტესტის ნიშნად დააზიანეს. საუბარია ყოფილი ფოსტის შენობაზე, სადაც სამუშაოებს ამჟამად კომპანია “მეტრო სითი” ახორციელებს.
“დავანგრევ, ჩემი გაკეთებული რაცაა, ის უნდა გავანადგურო… აქედან არ ჩამოვალ, სანამ ხელფასს არ მომცემთ,” – ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა მუშამ სასტუმროს ეზოში მყოფ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. რამდენიმე მშენებელი მეორე სართულზე, შენობის გარე ფასადზე იმყოფებოდა და ხის ხელკეტით აზიანებდა დეკორატიულ თაღებს. სასტუმროს ამ ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა “ბათუმელებთან” გასაუბრებაზე უარი თქვეს. რამდენიმე წუთში მუშები შენობაში შებრუნდნენ. დაცვის თანამშრომლის თქმით, ისინი შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა შეიყვანეს. “ბათუმელებს” შემთხვევის ადგილას არ დაუფიქსირებია პოლიციელი, ან პოლიციის მანქანა.
ექსცესთან დაკავშირებით კომპანიაში “მეტრო სითის” პრესსამსახურმა მოკლე კომენტარი მოგვაწოდა: “ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული დავალიანებების დაჯამება. ამის შემდეგ გაიცემა თანხა”.
რატომ დაუგროვდა დავალიანება კომპანიას, რა დროში გაიცემა ხელფასი – ამ კითხვებს კომპანიაში არ უპასუხეს.
“მეტრო ჰოლდინგის” [ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტია “მეტრო სითი”] მიმართ ხელფასების გაუცემლობა რამდენჯერმე გააპროტესტეს კომპანიაში დასაქმებულებმა:
„მეტრო მეფისგან“ კუთვნილ თანხებს ითხოვენ
“ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ”
კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, გალიფ ოზთურქს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. „მეტროსითის“ ვებგვერდის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, საქართველოს პრემიერმა ბათუმში მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს „სოლიდარობის ფონდში“ გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.
ყოფილი ფოსტის შენობის მეპატრონედ თურქული კომპანია „აქთივ ბათუმი“ რჩება, რომელსაც თავის დროზე „ფოსტის შენობა“ გარკვეული პირობებით მიყიდეს. მშენებლობას “მეტრო სითი” ასრულებს.

მეტლახი XX საუკუნის დასაწყისში დაგებული იატაკის ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. შენობა ბათუმის მერიას ეკუთვნის და აქ ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისი უნდა განთავსდეს, თუმცა ძველ ბათუმში მდებარე შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მერიაში ეს არ იცოდნენ.
ზვიად გამსახურდიას #-6-ში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. ჯერ კიდევ გუშინ, 9 სექტემბერს, აქ ძველი ბათუმური სახლებისათვის დამახასიათებელ, მოზაიკური ტიპის იატაკზე ახალ მეტლახს აგებდნენ. ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქის მერის წარმომადგენელმა ირაკლი დევაძემ “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ იატაკი ისეა დაზიანებული, რომ სხვა გამოსავალი არ იყო:
“მაქ იყო იატაკის სამი ფენა, ჯერ იყო ლინოლეუმი, შემდეგ იყო ზემოდან გადაგებული პარკეტი და ზემოდან ლამინატი. პლუს ამას ყველაფერი იყო გიფსოკარდონში შეფუთული, დიზაინი რაც იყო გათვალისწინებული, თავიდან ბოლომდე შევცვალე, რომ აღმოვაჩინე, რომ კედლის სვეტები იყო და დაგებული ძირს, [ძველი მეთლახი] რადიალით ამოვაჭრევინე. რომელიც ვარგოდა, ძველი, წაღებული მაქვს რესტავრატორებთან და მინდა, რომ სვეტზე, რომელიც აღმოვაჩინეთ [მას შემდეგ რაც გიფსოკარდონი მოიხსნა], ეს ყველაფერი დავამონტაჟო.”
კითხვაზე, რატომ დაასკვნეს, რომ იატაკი დაზიანებული იყო, ირაკლი დევაძე ამბობს, რომ როდესად “იატაკი ამოიღეს რადიალით, იფშვნებოდა და აზრი არ ჰქონდა”:
“იატაკი ნესტისგან იყო დაზიანებული და სხვანაირად არ გამოვიდოდა. მოვიყვანე ჩემი მეგობრები, რესტავრატორები და დიზაინერები, ჩვენ ამას ხელშეკრულებით არავინ არ გვავალებდა, უბრალოდ მე, როგორც ხელოვნებათმცოდნემ, ბათუმელმა, გავაკეთე ეს.”
მსგავსი იატაკი აქვს გვერდით მდებარე შენობასაც, რომელიც ბათუმის მერიამ საინიციატივო ჯგუფს – “თავისუფალ სივრცეს” გადასცა ადაპტირებული, სოციალური კაფეს მოსაწყობად. მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის იატაკის მსგავსად, აქაც იატაკს რამდენიმე ფენა ჰქონდა გადაგებული, თუმცა მოხალისეებმა იატაკი გაასუფთავეს და შეინარჩუნეს.

9 სექტემბერს “ბათუმელებმა” დაათვალიერა შენობა გამსახურდიას #6-ში. იატაკის მცირე ნაწილი შესასვლელში დაზიანებულია, თუმცა შენობის იმ ნაწილში, სადაც იატაკი ჯერ კიდევ შემორჩენილია, იატაკზე დაზიანების აშკარა კვალი არ აღინიშნება. შენობაშივე ალაგია ირანული წარმოების მეტლახი, რომლის გადაგებაც იგეგმება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაგებულ იატაკზე.



ირაკლი დევაძე ირწმუნება, რომ იატაკი ნამდვილად დაზიანებულია, თუმცა სპეციალისტის დასკვნა იმის შესახებ, რომ იატაკი რესტავრაციას არ ექვემდებარება, მას არა აქვს:
“დასკვნა არსებობს თუ არა, შეეკითხეთ მირანდა ჩარკვიანს [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი], მე არ გეუბნებით, რომ დასკვნა არ არსებობს, იქნებ არსებობს.” კითხვაზე, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ იყო, ამის შესახებ იცოდა თუ არა, ირაკლი დევაძე ამბობს, რომ ამაზე მას კი არა, მირანდა ჩარკვიანს უნდა ვესაუბრობთ.
დასკვნა ნამდვილად რომ არ არსებობს, მეტიც, მერიას რომ საერთოდ არ გაუთვალისწინებია შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რესტავრაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვაა საჭირო, ამას მირანდა ჩარკვიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ადასტურებს:
“ახლა გააჩერეს ყველაფერი, პროექტს მოამზადებენ და საბჭოზე გავიტანთ, მივუთითებთ, რა როგორ უნდა გააკეთოს.
პირველ ეტაპზე, კანონდმებლობის თანახმად, ვაძლევთ გაფრთხილებას, რომ შეაჩერონ სამუშაოები და მოიყვანონ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. თუ არ შეაჩერეს, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და შემდეგ გადავდივართ სანქციებზე” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი. კითხვაზე, როგორ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რემონტი სააგენტოს თანხმობის გარეშე, მირანდა ჩარკვიანი პასუხობს, რომ მერიას ხელი არ მიუწვდება ბაზებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
ირაკლი დევაძე კი ამბობს, რომ კარგი საქმის გაკეთება უნდოდათ და კითხვას სვამს: სად იყვნენ ის ადამიანები, [ვინც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა ფეისბუქზე] მაშინ, როცა მან შენობას გიფსოკარდონი და მეტოლოპლასტმასი მოხსნა. მას საკუთარი შეხედულება აქვს მოქალაქეობრივ პოზიციაზეც:
“კარგი მოქალაქეობრივი პოზიცია ზუსტად ის არის, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ და რისი გადარჩენაც ჩვენ შევძელით, ტელევიზიების გარეშე შევძელით რესტავრირება და ამის დემონსტრირებას მოვახდენთ, როცა კედელზე დავამონტაჟებთ ყველაფერს. აი, ეს არის მოქალაქეობა და არა ის, რომ მიხვალ გადაიღებ ფოტოებს და მთავარია, რომ ჩირქი მოცხე. მე რატომ არ დამირეკეს?” – ამბობს ირაკლი დევაძე. იგი ასევე ამბობს, რომ “კარგი საქმის გაკეთებაში მათ ვერავინ შეუშლის ხელს”, თუმცა შენობაში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და “შენობის გასაღები მას აქვს ჯიბეში”.
საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან
დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის პროკურატურასთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მინდია ოჯახიშვილი 6 სექტემბერს ღამით დააკავა პოლიციამ, მაგრამ დროებითი მოთავსების იზოლატორმა ღამით მის მიღებაზე უარი თქვა – დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოდან იზოლატორში მოთავსებულმა ოჯახიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით იარაღი ჩაუდეს.
მინდია ოჯახიშვილის ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მინდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს: „მხოლოდ იარაღის შეძენა- შენახვას გვედავებოდნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც გვედავებიან და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასაც, რაც ტყუილია და აბსურდი. მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ უაპელაციოდ არ მიიღოს ის მტკიცებულებები, რომელსაც აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო,” – განაცხადა მინდია ოჯახიშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ საპროტესტო აქციაზე ყურადღება გაამახვილა პირის ძალადობრივი გზით დაკავებაზე: „გვეგონა, რომ სისტემა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი და ძალადობაზე აგებული, დაინგრა, მაგრამ არ ინგრევა, მივმართავ მთავარ პროკურორს, რომ უშუალოდ დაინტერესდეს ამ საქმით”.
მინდია ოჯახიშვილის პატიმრობისგან განთავისუფლების მოთხოვნით, აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ახალგაზრდებიც, რომლებმაც განაცხადეს რომ, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე მინდია ოჯახიშვილს არ გაათავისუფლებენ.

უსკო წარმომადგენელს ოლქში 1000 ლარს გადაუხდის
მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმიდან
ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისას „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პირებზე გააკეთა. არც მათ და არც სხვა პარტიების მიერ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული პირების უმეტესობას, არ აქვს სამპუნქტიანი ჩამონათვალიც კი, რა თემებზე აპირებენ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობას.
ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ფატი ხალვაში წარადგინა. ის საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრია; ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. რა გააკეთა მან ქობულეთელი ამომრჩევლისთვის ოთხი წლის განმავლობაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ დეპუტატის ჩაწერა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. შეთანხმებულ დროს ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. პარლამენტში უფლებამოსილების ვადის ოთხი წლის განმავლობაში ფატი ხალვაში კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა და საპარლამენტო ტრიბუნით მხოლოდ სამჯერ ისარგებლა. მისი გამოსვლები ძირითადად მისი ძმის – ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და „რუსთავი 2“-ს შორის დაწყებულ სასამართლო დავას უკავშირდებოდა. რა დამსახურების გამო დაასახელა სახელისუფლებო გუნდმა ის ბათუმის 68-ე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად? – ამაზე პარტიის ლიდერს, გიორგი კვირიკაშვილს ბათუმში მაჟორიტარების წარდგენისას არ უსაუბრია.
2012 წლამდე ფატი ხალვაში პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება ფატი ხალვაშის სასარგებლოდ მიიღეს, ირაკლი ჭეიშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში მესამე ნომრად ჩაწერეს.
#68 საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის გულის მოსაგებად „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძე იბრძოლებს. პროფესიით იურისტია და 2004-2005 წლებში ბათუმის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობდა, ამავდროულად ლექციებს კითხულობდა ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 2004-2007 წლებში მირდატ ქამადაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. 2007-2012 წლებში კი სამუშაოდ კერძო კომპანიაში გადავიდა, იურისტის პოზიციაზე. 2012 წელს მან კომპანია „იურიდიული ოფისი“ დააფუძნა. ის ასევე შპს „GLG“-ის დამფუძნებელი და პარტნიორია.
იმავე ოლქში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ნუგზარ ვარშანიძე წარადგინეს. 2004 წლამდე ის საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მოსივე ინფორმაციით, 2004 წლის მარტში ის ასლან აბაშიძემ დააკავა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებაო და ეს იყო მიზეზი, თუმცა ოფიციალურ მოტივად ფინანსური დარღვევები დაასახელეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, გამათავისუფლეს, თუმცა ძალიან მალე, სააკაშვილის ხელისუფლებამ დამაკავა იმ მოტივით, რომ „ასლან აბაშიძის გუნდის წევრი ვიყავი“. ოფიციალური ბრალდება იგივე იყო, რაც აბაშიძის დროს. რამდენიმე თვეში საპროცესო გარიგების საფუძველზე გამათავისუფლეს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
#68-ე სამაჟორიტარო ოლქში „რესპუბლიკელების“ კანდიდატია ირაკლი ჩავლეიშვილი. ის წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. 1991-1996 წლებში ირაკლი ჩავლეიშვილი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, 2006–2010 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი. მაშინ ის ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ ხელმძღვანელობდა და ყოველთვის აკრიტიკებდა ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს. მას არ მოსწონდა ქონების გასხვისებასთან, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფასთან, საკადრო პოლიტიკასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მისი ფრაქცია საკრებულოს სხდომებზე აქტიურად ოპონირებდა. ხელისუფლების შეცვლისა და საკრებულოს თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ, ირაკლი ჩავლეიშვილმა რიგი საკითხების მიმართ კრიტიკული მიდგომები შეარბილა. კრიტიკული პოზიცია მას არც მაშინ დაუფიქსირებია, როცა აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სარეკუნსტრუქციო სამუშაოები წამოიწყო, რასაც მოსახლეობა აპროტესტებდა. თუმცა, მისი ინიციატივით მიიღეს სამშენებლო რეგულაციები ქალაქში, რაც დეველოპერებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და ქალაქის განტვირთვას ითვალისწინებდა.
2004-2007 წლებში ირაკლი ჩავლეიშვილი იყო ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-2012 წლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობდა, იყო პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი. ირაკლი ჩავლეიშვილი პროფესიით ისტორიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია.
პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით ამ სამაჟორიტარო ოლქში ამირან ბერიძე იბრძოლებს. ამირან ბერიძე პროფესიით ინჟინერ ტექნოლოგია და ის ამ დრომდე კერძო სექტორში მუშაობდა.
„პატრიოტთა ალიანსიდან“ #68 უბანში კენჭს იყრის პაატა ცივაძე. ის პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია და 1996-2004 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014-2015 წლებში იყო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი. შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლა.
ბათუმის #69 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ექიმი ნუკრი [ლევან] ბეჟანიძე. ის ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლს ხელმძღვანელობს. მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებამდე ბეჟანიძე პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა და არც სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩეოდა. რის შეცვლას შეეცდება საქართველოს კანონმდებლობაში თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, ის ამაზე „ბათუმელებთან“ არ საუბრობს: „ახლა ვყალიბდებით და მერე მოგახსენებთ“.
„თავისუფალი დემოკრატებიდან“ #69-ე სამაჟორიტარო უბანში პარლამენტში მოსახვედრად ნინო ბერაძე იბრძოლებს. ის ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. მანამდე ნინო ბერაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, უცხოეთში სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ოლქში კენჭს იყრის გიორგი კირთაძე. 2014 წლის 17 ივლისიდან ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2013 წლის თებერვლიდან ფრაქცია ,,ბათუმის მომავლისათვის” თავმჯდომარეა. 2010-2013 წლებში ის იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. პარალელურად ის ხელმძღვანელობს პარტიის აჭარის ორგანიზაციასაც.
გიორგი კირთაძის თავმჯდომარეობის დროს საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები მთავრობას საკუთრებაში ისე გადაეცა, რომ საკრებულოს წევრებისთვის არავის აუხსნია, თუ როგორ აპირებდა მთავრობა მათ განკარგვას. ამ ტიპის დადგენილებებში მაშინ მხოლოდ ერთი განმარტება ეწერა – „ეფექტური პრივატიზების მიზნით“. კითხვების მიუხედავად, ვერც საკრებულოს თავმჯდომარისგან და ვერც მაშინდელი ქალაქის მერისგან საკრებულოს ოპოზიცია პასუხებს ვერ იღებდა. მათ შორის ვერც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისება-განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გიორგი კირთაძეს მაშინ არც ბათუმის ბულვარში ხელისუფლების მიერ დაწყებული 60-სართულიანი მშენებლობა გაუპროტესტებია, რამაც ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერ-სახე მნიშვნელოვნად დააზარალა. მოგვიანებით თავადვე გამოვიდა ინიციატივით ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ახლა ის ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეა და უმრავლესობის გადაწყვეტილებებს ინტენსიურად აკრიტიკებს.
ამ უბანში კენჭს იყრის „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. ის თბილისის საკრებულოს წევრია. მას აქვს აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობის გამოცდილებაც. ხათუნა სამნიძე განსაკუთრებით აქტიურია ქალთა უფლებების დაცვის კუთხით.
„პატრიოტთა ალიანსმა“ იმავე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად რუსუდან სიხარულიძე დაასახელა. ის მსოფლიო ჩემპიონია თავისუფალ ტანვარჯიშში. პოლიტიკურ საქმიანობას ამ დრომდე არც ის ეწეოდა.
პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ უბანში კანჭს იყრის იურისტი ნინო ტავლალაშვილი. ის რამდენიმე წლის განმავლობაში საიას აჭარის ფილიალს ხელმძღანელობდა და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც მუშაობას ადამიანის უფლებების მიმართულებით გეგმავს.
ბათუმის #70-ე სამაჟორიტარო ოლქში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თეიმურაზ ხაბაძე ეცდება არჩევნების მოგებას. ის პროფესიით პედაგოგია და ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის ბიუროს ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად #70-ე ოლქში დაასახელა. მუხრან ვახტანგაძის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის მთავარ ღირსებად სპორტული მიღწევები მიიჩნევა. მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე 2000 წელს სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გახდა. გარდა ამისა, მის სპორტულ კარიერაში არაერთი ჯილდოა, რის გამოც ვახტანგაძე 2000 წელს ღირსების, 2001-2003 წლებში კი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში ის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ჩაწერა. როგორც თავად ამბობს, ეს მასთან შეთანხმებული არ იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არასდროს ყოფილა, თუმცა მაშინ მას საარჩევნო სიაში მოხვედრა არ გაუპროტესტებია.
ვახტანგაძე აბსურდს უწოდებს პარლამენტარ მურმან დუმბაძის ბრალდებებს, როდესაც მან ის ჯერ ასლან აბაშიძის ხელისუფლების, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ზონდერად მოიხსენია.
კითხვას, რისი შეცვლა გსურთ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, მუხრან ვახტანგაძემ უპასუხა: „სპორტსმენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საპატიოდ არ უთვლიან გაცდენებს, როცა ისინი სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. გარდა ამისა, მე მხოლოდ სპორტის სფეროთი არ შემოვიფარგლები, დარწმუნებული ვარ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ბევრი პრობლემა ექნება და მე ამ მიმართულებით ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, შევეცდები სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნას.“
ამ სამაჟორიტარო უბანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია თემურ დუმბაძე, ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი. ის ხელმძღვანელობს პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციას. განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა თეიმურაზ დუმბაძემ 2012 წელს კურორტ ბეშუმში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას გამოიჩინა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური წარწერით – „მე მიყვარს საქართველო“ ეცვა. ამავე წარწერით კეპი, რომელიც გამგებელს თან ჰქონდა, ივანიშვილს დაახურა; მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: „იმათთვის, ვინც ხალხის დაპირისპირებას დააპირებს, ვიქნებით ზონდერიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ხელს შევუშლით ამაში. არ დავუშვებთ რაიმე პროვოკაციას არამარტო ბეშუმში, არამედ მთელ საქართველოში.“
თემურ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი ამავე მუნიციპალიტეტის კახაბრის თემის რწმუნებული იყო. უფრო ადრე, 2000 წლიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, კრიმინალურ დარგში.
დუმბაძის კონკურენტი „რესპუბლიკელი“ ნური ძნელაძე იქნება. ის პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა. 1990 წლიდან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია და პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებით გეგმავს მუშაობას.
„პატრიოტთა ალიანსმა“ კი ამ უბანში პროფესიით პედაგოგი ზაურ გაბაიძე წარადგინა. მას დამთავრებული აქვს ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიც, ინჟინრის კვალიფიკაციით. ბოლო პერიოდში კი იყო „ბი ემ სი გორგიას“ დირექტორი.
ამ უბანში პაატა ბურჭულაძის პარტიიდან არჩევნების მოგებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე შეეცდება.
შეფასებები
ყველაზე მეტი კითხვა ბათუმში მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ გაჩნდა. სოციალურ ქსელში დაფიქსირებული გამოხმაურებების შინაარსის მიხედვით, ამომრჩეველი პოლიტიკოსების დასახელებას ელოდა, შესაბამისად, მმართველი პარტიის შეთავაზებამ ზოგი დააბნია, ზოგი გააკვირვა.
„მე ვფიქრობ, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებისგან ადამიანმა თავი არ უნდა შეიკავოს, რა პროფესიის ადამიანიც არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მთელი ცხოვრება განზე იდექი – უხერხული არ არის პოლიტიკური ცხოვრება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაიწყო?“ – დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ანალიტიკოსმა ნათია ზოიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატებად პოლიტიკოსების არდასახლება მოულოდნელი აღმოჩნდა „თავისუფალ ჟუნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისთვის, ასლან ჭანიძისთვისაც:
„ოცნების“ ცნობილი სახეები აჭარაში არაპოპულარულები არიან, მათ მიმართ საზოგადოებას ბევრი პრეტენზია ჰქონდა, ამიტომ არ დაეყრდნენ პოლიტიკოსებს და არჩევანი გააკეთეს მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია მეორე საკითხი – მე არ მსმენია ამ ადამიანების მოსაზრება, შეფასებები, რაიმე ტიპის პოლიტიკური აქტივობა და საჯარო ინიციატივები. მაგალითად, დაასახელს ექიმები, შესაძლოა, ამით ექიმებისა და პაციენტების გარკვეული ნაწილის გული მოიგეს, მაგრამ არ მახსენდება ამ ექიმებს იგივე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პრობლემებზე გაემახვილებინოთ ყურადღება, მათი საჯარო პოზიცია მე არ მახსენდება.
ერთია, ადამიანი იყოს თავის საქმეში პროფესიონალი და მეორეა – იყოს კარგი კანონმდებელი. წინასწარ ძნელია თქმა, ვინ როგორ იმუშავებს, ეს არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ამომრჩეველს, მირჩევნია, კარგი ექიმი ჰყავდეს საზოგადოებას, ვიდრე ცუდი დეპუტატი, რომლის აქტიურობაც მხოლოდ ხელის აწევაში შეიძლება გამოიხატოს.“
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ვინ არის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ათეულის შემდეგ
პარტია “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მეორე ათეული ასე გამოიყურება.
11. თამაზ სალუქვაძე – ბათუმის მერია, წარმომადგენელი თამარის უბანში
12. ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
13. ნათია თხილაიშვილი – ქობულეთის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
14. ლევან კინწურაშვილი – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
15. მანანა ჯორბენაძე – აჭარის უმაღლესი საბჭო, საკადრო განყოფილების უფროსი
16. ნაზი თურმანიძე – ბათუმის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
17. ზაალ მიქელაძე- სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი
18. გიორგი ბერიძე- უმაღლესი საბჭო, საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
19. ზვიად მელიქაძე – შპს “სავაჭრო ცენტრი 2009”-ის დირექტორი
20. გელა გოგიტიძე – ქობულეთის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირვეული ათეულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. პროპორციული სიიდან დეპუტატის მანდატი მაქსიმუმ 16-მა კანდიდატმა შეიძლება მიიღოს. 6 სავარძელი საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატებს ეკუთვნით.
ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში
ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას?
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტში. ერთი მაჟორიტარი ეყოლება სამივე მუნიციპალიტეტს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. ამ დროისთვის მაჟორიტარი კანდიდატი მმართველ გუნდთან ერთად რამდენიმე პარტიამ დაასახელა.
მმართველი გუნდის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძეა, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი პარლამენტში ორივეჯერ „ნაციონალების“ კვოტით მოხვდა, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმრავლესობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეადგინა, ანზორ ბოლქვაძემ პოლიტიკური არჩევანი შეცვალა და დღეს ის მმართველი გუნდს, „ოცნებას“ წარმოადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევების თანახმად, ანზორ ბოლქვაძე პასიური დეპუტატია და ამავე ორგანიზაციის კვლევების თანახმად, მას 2014 წელს პარლამენტში არც ერთი ინიცირება არ ჰქონია.
კითხვაზე, რა გააკეთა და რის გაკეთება ვერ მოასწრო მან ორი მოწვევის პარლამენტში რვა წლის განმავლობაში ხულოს მოსახლეობისთვის, ანზორ ბოლქვაძემ ასე უპასუხა:
„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე, აჭარის მთისთვის „მთის სტატუსის“ მინიჭებაა. პროექტი, რომელიც მთავრობამ შემოიტანა განსახილველად, შეღავათების დაწესებას მხოლოდ ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზემოთ მცხოვრებლებლებზე ითვალისწინებდა, ჩვენი მოთხოვნა იყო მთიან აჭარაში ამ შეღავათით ყველას ესარგებლა ზღვის დონიდან სიმაღლის განუსაზღვრელად. მნიშვნელოვანი იყო შუამდგომლობა მთავრობასთან, რომ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულიყო პაციენტთა მკურნალობის თანხები. ვერ მოვასწარი ხულო-ადიგენის გზის გაკეთება და ეს უნდა გავაკეთო, რთული თემაა ქედის, ხულოსა და შუახევის გაზიფიცირების საკითხი, თუმცა მე რაც შემიძლია გავაჟღერებ, წლები გავა და სათბობი შეშაც აღარ იქნება, აუცილებლია მოხდეს გაზიფიცირება“.
ანზორ ბოლქვაძეს აჭარის მაღალმთიანი სოფლების მთავარ პრობლემად სასოფლო გზები და სასმელი წყალი მიაჩნია. კითხვაზე, რატომ ვერ შეძლო სასმელი წყლისა და გზის პრობლემების მოგვარება რვა წლის განმავლობაში ხულოს სოფლებისთვის და სამომავლოდ როგორ შეძლებს სამივე მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის გადაჭრას, იგი პასუხობს, რომ სხვა ბევრი რამ გააკეთა და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსახლეობის ზარზე არ ეპასუხოს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შუახეველი ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძეა, ის დამფუძნებელი და მეწილეა ორი სამშენებლო კომპანიის – „ჩემი სახლი“ და „დუპლექსის სამშენებლო კომპანია“.
„ჩვენი მთავარი მიზანი სოფლის გამაგრებაა. ვხვდებით მოსახლეობას და ამავდროულად ვაკეთებთ ჩანაწერებს, თუ კონკრეტულ სოფლებში რა პრობლემებია, რომ საკითხის გადაჭრაზე ვიმუშაოთ,“ – ამბობს ხვიჩა შარაშიძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი ირაკლი ჯორბენაძე დაასახელა მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ~. ირაკლი ჯორბენაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრია, მანამდე მას საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ირაკლი ჯორბენაძეს ქედის, ხულოსა და შუახევის სოფლების მთავარ პრობლემად შიდა სასოფლო გზები, სასმელი წყალი და არსებული ინფრასტრუქტურა მიაჩნია.
`ყველაფერს გავაკეთებ პარლამენტის ტრიბუნიდან იმისთვის, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს სოციალურად დაუცველთათვის,“ – ამბობს ირაკლი ჯორბენაძე. მისი თქმით, ამომრჩეველმა მას ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უნდა მისცეს, რადგან პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, `შეჩერებულ პროექტებს აამუშავებს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახევის ყოფილი გამგებელი ნუგზარ ამაღლობელია.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარტიის მაჟორიტარად საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიანეთიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თემურ ავალიანი, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი ხულოს ყოფილი გამგებელი და ასოცირებული პროფესორი ოთარ ცეცხლაძე წარადგინა. ოთარ ცეცხლაძეს ხულოს გამგებლის პოზიცია 2004 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა.
„თავისუფალი დემოკრატები“ მოსახლეობას მიწისა და ტყის რეფორმის გატარებასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას ჰპირდებიან.
„გლეხს, ნამდვილ მეურნედ და პროდუქციის მწარმოებლად ვაქცევთ, ზემო აჭარაში მეთამბაქოების აღდგენისთვის პროგრამა უნდა შემუშავდეს, მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ზემო აჭარაში უნდა გაიხსნას პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო-პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და ამოქმედდეს პანსიონები, საზაფხულო სკოლები, ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ტურისტული ბანაკები,“ – ამბობს თემურ ავალიანი.
წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ აბულაძე დაასახელა მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში ახლახან ჩამოყალიბებულმა პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „საქართველოს განვითარების ფონდი“, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად ქედის ყოფილი გამგებელი დავით გათენაძე წარადგინა.
„მე ძალიან კარგად ვიცნობ მაღალმთიან აჭარას, ვიცი როგორ მძიმე პირობებში უწევს ოჯახებს თავის გატანა, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დაუსაქმებელი ახალგაზრდა კადრები და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. ვიცი რა ინფრასტრუქტურული პრობლემებია, გზები, წყლები… ჩვენ ყველა ამ პრობლემის მოგვარებას ვპირდებით მოსახლეობას, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ოჯახებს ვპირდები, რომ ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში დახმარებას არავინ მოუხსნის,“ – ჰპირდება ამომრჩეველს მინურ აბულაძე.
მაღალმთიან აჭარაში კი არჩევნების მიმართ საკმაოდ ნიჰილისტური განწყობაა. „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ მიზანს, რატომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე, ვერ ხედავენ. რის მიზეზადაც ძირითადად შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებს ასახელებენ.
„წინა არჩევნებზე ვიყავი და შედეგად რა მივიღე? რატომ მივიდე? მე რა ხეირი მაქვს? გსმენიათ პარლამენტარს სოფელი გახსენებოდეს და ჩვენზე ეფიქრა?“ – ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტაში მცხოვრები მერი დიასამიძე.
ჩაჭრილი პედაგოგები და ახალი ეროვნული სტრატეგია სკოლაში
საქართველოს განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სკოლებში 2017 წელს ამოქმედდება. საბაზო სწავლების ეროვნული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, აქცენტი კეთდება შედეგების მიღწევაზე და „მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე“. ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 3941 პედაგოგიდან საგამოცდო ბარიერი მხოლოდ 31-მა პედაგოგმა დაძლია, 917 მასწავლებელი კი გამოცდაზე არ გამოცხადდა. შეძლებენ თუ არა ახალი სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას თავიანთ საგნებში ჩაჭრილი პედაგოგები და შეცვლის თუ არა ახალი ეროვნული გეგმა განათლების ხარისხს სკოლებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ ისაუბრა.
ქალბატონო მარიამ, არის თუ არა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებითი ცვლილებები და რაზეა ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმა?
არსებითი ცვლილება საგნობრივ შედეგებს შეეხო. თუ აქამდე მოსწავლის შეფასება ხდებოდა წლიურად, ახალი სტანდარტის მიხედვით, საგნობრივი შეფასება, თუ რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს, მოხდება ოთხწლედის ბოლოს. ასევე გაგრძელდება საბაზისო საფეხურზეც. შედეგები ფორმულირებულია უნარების ენაზე. მაგალითად, პატრიოტიზმი შეიძლება ასწავლო ვაჟას ნაწარმოებითაც და ილიას ნაწარმოებითაც. შედეგი არის ის, რომ მოსწავლეს გაუღვივდეს სამშობლოს სიყვარული. თუ ადრე ეს თემა კონკრეტულ ნაწარმოებზე იყო მიბმული, ამ შემთხვევაში ასე არ იქნება.
გვინდა აქცენტი გავაკეთოთ სიღრმისეულ და არა ზედაპირულ სწავლებაზე, რადგან რაც უფრო ბევრია ტექსტი, სწავლებაც უფრო ზედაპირულია. თუმცა, ეს შემცირება არ მოხდება მნიშვნელოვანი თემების ხარჯზე. ერთი მხრივ, ეს მასწავლებელს აძლევს ძალიან დიდ შემოქმედებით თავისუფლებას და მთლიანად მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული როგორ აქტივობებს დაგეგმავს და როგორ ამუშავებს ბავშვებს ამ შედეგების მისაღწევად.
თუმცა ვიცით, რომ სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს განათლების სისტემაში და მხოლოდ ამის ამარა ვერ დავტოვებდით პედაგოგებს, ამიტომ ამ სტანდარტების გარდა ჩვენ გავაკეთეთ წლიური პროგრამები, სადაც ნაჩვენებია დეტალურად, თუ როგორ უნდა ამუშაო მოსწავლე და მიხვიდე შედეგებამდე. მაგრამ ეს არის სარეკომენდაციო და თუ სკოლას, პედაგოგს არ აქვს სურვილი გაჰყვეს ამ გზას, ამის უფლებაც ეძლევათ.
თუკი პედაგოგს არ აქვს ამ პროგრამების გამოყენების ვალდებულება, მაშინ რისთვის შეიქმნა ეს პროგრამები? გარდა ამისა, მეორე მხრივ, კითხვის ნიშნები არსებობს პედაგოგების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ვერ აბარებენ საგნობრივ გამოცდებს, ამიტომ თუ არ იქნება ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზანი მიღწეული, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?
ამ შემთხვევაში მხოლოდ თავის ნებაზე არ იქნება მიშვებული პედაგოგი. თუ ის უარს იტყვის ჩვენი პროგრამების გამოყენებაზე, სკოლამ სამინისტროში უნდა შემოიტანოს ის პროგრამები, რომლებითაც აპირებენ მუშაობას და ჩვენ დავადგენთ მის შესაბამისობას ეროვნულ სტანდარტთან, ნამდვილად არის თუ არა შესაძლებელი ამ განსხვავებული გზით შედეგებზე გასვლა.
რა ვადაში უნდა წარმოადგინონ ეს პროგრამები და რა დრო დასჭირდება ხარისხის დადგენას?
ახალი სასწავლო გეგმა მომავალ წელს შედის ძალაში, ამიტომ სკოლას და პედაგოგებს მთელი წელი აქვთ მოსამზადებლად. სასწავლო გეგმის ვერსიები და პროგრამები ორჯერ გაეგზავნათ სკოლებს, ვებგვერდზეც გვიდევს და იქაც შეუძლიათ ნახონ და იფიქრონ იმაზე, შეუძლიათ თუ არა განსხვავებულის მომზადება.
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აქცენტი კეთდება ღირებულებებზე, რომელიც უნდა იყოს მიღწეული. რა ღირებულებებზეა საუბარი, იქნებ განმარტოთ?
ყველა საგანს აქვს თავისი მიზნები და ამოცანები, თავისი შედეგები, საზოგადოებრივ მეცნიერებებს თავისი _ თუ როგორ უნდა აღვზარდოთ მოქალაქე და ა.შ
სამინისტრომ ცხარე დისკუსიის და სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად დაამტკიცა ახალი საგანი `მე და საზოგადოება~, რომელიც 3-4 კლასში ისწავლება. ეს არის ასევე საგანი, რომელიც სწორედ მოქალაქის ჩამოყალიბებაზე და გარკვეულ ღირებულებებზეა ორიენტირებული. იყო დისკუსია იმაზეც, რომ სკოლაში არ არიან საკმარისი კვალიფიკაციის პედაგოგები, რომლებიც ამ საგანს სტერეოტიპებისა და სტიგმების გარეშე ასწავლიან. რა გაკეთდა ამ მიმართულებით პედაგოგების გადასამზადებლად?
ეს ნამდვილად გასათვალისწინებელი მომენტია. ამ მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გეგმავს ტრენინგებს და შესაძლებელია ჩვენც ჩავერთოთ. ამ საგანმა პილოტირება გაიარა თბილისის რამდენიმე სკოლაში, შედეგი წარმატებული იყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე დამტკიცდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია სახელმძღვანელოების შინაარსი. ჯერ არ დაწყებულა გრიფირების პროცესი. პედაგოგები უკმაყოფილონი იყვნენ წინა სახელმძღვანელოებით, რადგან ამბობდნენ, რომ სწორედ წიგნები არ იძლეოდა სიღრმისეული ცოდნის გადაცემის შესაძლებლობას. ავტორები კარგად იცნობენ ეროვნული გეგმის სტანდარტებს? ხომ არ იქნება აცდენა სახელმძღვანელოებსა და გეგმას შორის?
როცა პირველადი ვერსიები მოვამზადეთ, მაშინ შევხვდით სახელმძღვანელოების ავტორებს და დეტალურად გავიარეთ ეს საკითხები და მათი აზრიც გავითვალისწინეთ სტანდარტების წერის პროცესში. 2016 წლის იანვარ-თებერვლიდან სტანდარტები ატვირთულია ვებგვერდზეც. დამტკიცებამდე ნიუანსები იცვლება, მაგრამ არსებითი ცვლილება არ ხდება. როცა გამოცხადდება გრიფირება, ჩვენ კონსულტაციებს კიდევ ერთხელ ვაპირებთ საგნების მიხედვით, რომ ყველაფერი ცხადი გახდეს და რაიმე გაუგებარი არ იყოს.
ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში ნათქვამია, რომ ცვლილებებია სკოლის კულტურასთან დაკავშირებით. რა შეიცვალა?
აქ საუბარია იმაზე, რომ საგნის სწავლების პროცესში, სკოლა როგორც ერთიანი გუნდი, ისე უნდა მოქმედებდეს. სპორტული, სახელოვნებო კლუბები იქნება თუ სხვა, ყველაფერი ხელს უნდა უწყობდეს გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების სწავლებას. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და ტოლერანტობის დამკვიდრება, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება და ა.შ
პრიორიტეტებში ნახსენებია სამეწარმეო და ბიზნესინიციატივების წახალისება. რა უნდა ისწავლონ ამ მიმართულებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა?
„მე და საზოგადოებაში“ არის ასეთი მიმართულება, სადაც მოსწავლეს შეგვიძლია ვასწავლოთ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა, რომ მხოლოდ გართობაზე არ იყოს ორიენტირებული, ენერგორესურსების დაგეგმვა და დაზოგვა, რომ რა შეიძლება ვიყიდოთ ამ დაზოგილი ფულით და ამ მიმართულებით მივაჩვიოთ ბავშვი აზროვნებას. ზედა კლასებში ფინანსური წიგნიერება სერიოზულად გვინდა შემოვიტანოთ და ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთანაც ამ მიმართულებით, რომ სესხებთან დაკავშირებით მოზარდებს ფინანსური განათლება მივცეთ.
პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ჩაიჭრა. როგორ ფიქრობთ, რამდენად კვალიფიციურად შეძლებენ ეს პედაგოგები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მიღწევას?
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგები დაიგეგმოს ზუსტად და სწორად. გვინდა ინტენსიური მუშაობის დაწყება სკოლებთან, სკოლა-სკოლა უნდა ვიაროთ, შევხვდეთ კათედრებს. რეგიონში თითო სკოლა მაინც უნდა არსებობდეს ისეთი, რომელიც მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას სხვა სკოლებს გაუზიარებს.
მომავალ წელს აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების გაზრდა იგეგმება
დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის პროგრამების საჯარო განხილვა მოაწყო. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრეს, რაც მომავლი წლიდან არსებულ პროგრამებს უნდა დაემატოს.
ერთ-ერთი ასეთი სიახლეა “მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა”, რომლის მიზანია პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა. პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, შშმ პირები, ომის ვეტერანები და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილე პირები. დაფინანსების წლიური ლიმიტი ერთ ადამიანზე 5000 ლარს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 2017 წლის პროექტებში, ღვიძლის ტრანსპლანტაციას შეეხო – „თუკი აქამდე ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა მხოლოდ 10 000 ლარით ფინანსირდებოდა ჩვენ ვცდილობთ, მომავალი წლისთვის მოვნახოთ საშუალება მინიმუმ 5 პაციენტი დავაფინანსოთ 50 000 ლარით“ – აღნიშნავს ლევან გორგილაძე. მისივე თქმით, მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტი სავარაუდოდ ერთი მილიონი ლარით გაიზრდება.
კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს ესაა „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამა. პროგრამის მიხედვით 2017 წელს, ბენეფიციერებად დაემატება ყველა შშმ პირი (მკვეთრად შეზღუდული შშმ პირები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები 200 000 სარეიტინგო ქულით).
შეხვედრაზე ასვე აღინიშნა რომ 2017 წელს პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გამო ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარით გაიზარდება.
როგორც შეხვედრაზე ითქვა 2017 წელს გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყველა მოქმედი პროგრამა და გარდა ამისა, ორსულ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობაც დაუფნანსდებათ – „ჩვენ გვქონდა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში, როგორც სამიზნე ჯგუფში, ამას დაემატა მედიკამენტოზური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში ორსულს გადაეცემა მედიკამენტის სამკურნალო დოზის გარკვეული მარაგი“ – თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ნიჟარაძემ.
დღეს, საღამოს, ბათუმის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
დღეს, 18:00-დან 22:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე აბონენტებს გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთამდე და ლორიას ქუჩის ნაწილს.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, შეფერხების მიზეზია სამუშაოები, რომლებიც წყალმომარგების მაგისტრალურ ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების მიზნით ტარდება.
პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 563 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის – 465 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 57 – ნიშანში დგომისთვის, 20 – ტროტუარზე დგომის გამო, 8 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 11 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზედგომისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.
ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები
ამომრჩეველი აჭარაში [ზოგადად ქვეყანაში] მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, აირჩევს შესაბამის ოლქებში, რომელთა საზღვრები შეცვლილია. აჭარის ტერიტორიაზე 6 მაჟორიტარული ოლქია: 68, 69, 70, 71, 72 და 73.
71-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა. ეს ადგილობრივი ოლქები შედის N68 [ბათუმის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში.
72-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქს.
73-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მთლიანად და ასევე ქედის მუნიციპალიტეტს, ოღონდ, მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით [ეს ადგილობრივი ოლქი შედის N72 [ხელვაჩაურის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში].
2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქიდან მოსახლეობა არჩევანს სამი [68-ე, 69-ე და 70-ე] მაჟორიტარული ოლქის მიხედვით გააკეთებს.
უსკოს ცნობით რეგისტრაცია 5 საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
ცოტა ხნის წინ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
გუშინ ირაკლი ჭეიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-3 ნომრად დასახელდა.
არჩილ ხაბაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” საპარლამდენტო სიაშია. არჩილ ხაბაძე მმართველი პარტიის პროპორციული სიის 21–ე ნომერია.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბაც. ის სამთავრობო პარტიის საარჩევნო სიაში რიგით 38–ეა.
საერთაშორისო ფესტივალი ოდესა/ბათუმი ხვალ გაიხსნება
საერთაშორისო ფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები” 10 სექტემბერს 19 საათზე თიბისი გალერეაში გახსნება. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, ღია კონკურსის წესით შერჩეული ფოტოები თემაზე „ტერიტორია/სივრცე“.
გამოფენაში მონაწილეობენ ფოტოგრაფები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ირანიდან და სხვა.
ფესტვალის ფარგლებში მომდევნო გამოფენა 12 სექტემბერს 19 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი ტომაშ ლაზარი წარადგენს სერიას „ცხოვრების თეატრი“. არტისტი ორი დღის განმავლობაში ხელოვნების უნივერსიტეტში დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარებს სემინარს, რომელიც თეორიის გარდა პრაქტიკულ კურსსაც მოიცავს.
ტომაშ ლაზარის გარდა 10 და 13 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ცნობილი პალესტინელი და კორეელი ფოტოგრაფები აჰლამ შიბლი და კენგ ჯუკი გამართავენ სემინარებს.
13 სექტემბერს 19 საათზე კი აჭარის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო სივრცე დაეთმობა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის – შალვა ალხანაიძის საოჯახო ფოტო არქივს „მეხსიერება შუშაში“.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ირაკლი ძნელაძის ინფორმაციით, ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება – „ხუთი დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეებში გამოფენები, ლექციები, მასტერკლასები და ღამის ჩვენებები გაიმართება. გამოფენა იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, თანამედროვე ფოტოგრაფიაში“ – აღნიშნავს ის.
აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თეონა ბერიძე, ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, რომ ამ ფორმატის სახელოვნებო პროექტი ფოტოხელოვანთა პროფესიულ ზრდას ეხმარება, რეგიონს და კერძოდ ბათუმს კი საფესტვალო ქალაქის იმიჯის გამყარებაში.
„ეს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ორ ქვეყანას აერთიანებს, ორ ქალაქს შავი ზღვისპირეთში. ეს გამოფენა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ეს არის უფასო პლადფორმა ფოტოგრაფებისთვის. მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სხვადასხვა ფოტოგრაფების ფოტოებს“ – აღნიშნავს ფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორის კატერინა რადჩენკო.
ამავე თემაზე: „ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით
“ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
დღეს, 9 სექტემბერს, პარტია “ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მედეა ვასაძის განცხადებით, ამ კანდიდატებმა გაიარეს ტესტი სამშობლოს სიყვარულზე, პრინციპულობასა და ერთგულებაზე.
ბათუმის #70 ოლქში კენჭს იყრის მედეა ვასაძე – “არ იქნებოდა მედეა ვასაძე და უმაღლესი საბჭო დარჩებოდა ეტიმოლოგიის, VIP ჯიპისა და ქოლგის ამარა. მედეა ვასაძემ წარმოშვა ოთხწლიანი უმაღლესი საბჭო, მედეა ვასაძე იყო კანონმდებელი, მედეა ვასაძე იყო სიმტკიცე და ბურჯი უმაღლეს სამჭოში”, – ასე დაახასიათა მურმან დუმბაძემ მაჟორიტარობის ეს კანდიდატი.
#69 ოლქი – ბიძინა აფხაზავა, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.
#68 ოლქი – ლია აბულაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი.
ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება მალხაზ ხიმშიაშვილი, რომლის წარდგენისას პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა სამ მუნიციპალიტეტს ერთი კანდიდატი ეყოლება უმაღლეს საბჭოში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი არის ბიძინა დუმბაძე, ქობულეთის კი ნოდარ ხახუტაიშვილი.
“როცა თქვენ მოგცემენ გაშლილ ქაღალდს არჩევნებზე, არ წაიკითხოთ არც ერთი ნომერი, პირდაპირ ჩადით ბოლოში, სადაც წერია #41 და წყევლის ახალი ვარიანტით – “ფუი ეშმაკს” გადადით #32–ზე, შემოხაზეთ, ჩაუშვით ურნაში და თქვენ მოიგებთ, რეგიონი მოიგებს და საქართელო მოიგებს”, – თქვა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მურმან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება ურთიერთობა ცენტრალურ და რეგიონის ხელისუფლებას შორის: “ცენტრალურმა მთავრობამ ისე შეადგინა უმაღლესი საბჭოს პარტიული სია, რომ მთავრობის თავმჯდომარეს წარმოდგენა არ ჰქონდა სიის შესახებ. ქოლგიან ბერიძეს გუშინ საღამოს რვა საათამდე ჰქონდა იმედი, რომ იქნებოდა ამ სიაში. ასეთია ცენტრალური ხელისუფლების მიდგომა რეგიონის მიმართ. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა დავასრულოთ, დავამთავროთ ბუტაფორიული ქაღალდის ავტონომია და შევქმნათ რეალური ტერიტორიული ავტონომია”.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მურმან დუმბაძის პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
l. მურმან დუმბაძე;
2. მედეა ვასაძე;
3. ნუგზარ კეკელიძე;
4. ამირან ცეცხლაძე;
5. ბიძინა აფხაზავა;
6. ლია აბულაძე;
7. ნოდარ ხახუტაიშვილი;
8. მალხაზ ხიმშიაშვილი;
9. ბიძინა დუმბაძე;
10. ნაზი დვალიძე.
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული:
1. ცინცქილაძე გიორგი – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ოპოზიციის“ თავმჯდომარე. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე;
2. ჭეიშვილი დიმიტრი – 69-ე [ბათუმის] მაჟორიტარულ ოლქში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო მოძრაობა „ახალგაზრდა ბათუმელების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, „სახალხო კრების“ ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე. 2011 წლის 21-26 მაისის მოვლენების დროს დააკავეს ოპოზიციური აქტივობების გამო. 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით აღიარებულ იქნა პოლიტპატიმრად;
3. მახარაშვილი გიორგი – ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. 2000 წლიდან 2004 წლამდე იყო აჭარის პარლამენტის სპიკერის თანაშემწე. 2006-2007 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. 2008 წლიდან იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი. დღემდე არის ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
4. თაფლაძე ლიანა – სამართალმცოდნე, აჭარის მთავრობაში მუშაობდა 2008 წლამდე. უპარტიო;
5. გამარჯობაძე ხვიჩა – 71-ე [ქობულეთის] მაჟორიტარულ ოლქში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი; გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წყავროკას საჯარო სკოლაში პედაგოგად. ისტორიკოსი. 2011 წლის მაისის მოვლენების მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი. დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
6. მახარაძე დალი – ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი,ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი;
7. დუმბაძე გიორგი – ფინანსისტი. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი;
8. ბრუნჯაძე შუქრი – 72-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხელვაჩაური] აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს პედაგოგად სხვადასხვა სკოლებში;
9. კუნჭულია ლია – ოპერატორი [შპს “ბათუმიტექსი”]. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი;
10. რიჟვაძე მინდია – ხულოს საკრებულოს წევრი, პარტიის ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი.
ლადო მგალობლიშვილი თანამდებობიდან გადადგა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა, ცოტა ხნის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
გუშინ ლადო მგალობლიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-6 ნომრად დასახელდა.














