მთავარი,სიახლეები

მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმიდან

10.09.2016 • 2946
მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმიდან

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისას „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პირებზე გააკეთა. არც მათ და არც სხვა პარტიების მიერ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული პირების უმეტესობას, არ აქვს სამპუნქტიანი ჩამონათვალიც კი, რა თემებზე აპირებენ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობას.

ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ფატი ხალვაში წარადგინა. ის საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრია; ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. რა გააკეთა მან ქობულეთელი ამომრჩევლისთვის ოთხი წლის განმავლობაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ დეპუტატის ჩაწერა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. შეთანხმებულ დროს ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. პარლამენტში უფლებამოსილების ვადის ოთხი წლის განმავლობაში ფატი ხალვაში კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა და საპარლამენტო ტრიბუნით მხოლოდ სამჯერ ისარგებლა. მისი გამოსვლები ძირითადად მისი ძმის – ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და „რუსთავი 2“-ს შორის დაწყებულ სასამართლო დავას უკავშირდებოდა. რა დამსახურების გამო დაასახელა სახელისუფლებო გუნდმა ის ბათუმის 68-ე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად? – ამაზე პარტიის ლიდერს, გიორგი კვირიკაშვილს ბათუმში მაჟორიტარების წარდგენისას არ უსაუბრია.

2012 წლამდე ფატი ხალვაში პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ამ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება ფატი ხალვაშის სასარგებლოდ მიიღეს, ირაკლი ჭეიშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში მესამე ნომრად ჩაწერეს.

#68 საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის გულის მოსაგებად „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძე იბრძოლებს. პროფესიით იურისტია და 2004-2005 წლებში ბათუმის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობდა, ამავდროულად ლექციებს კითხულობდა ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 2004-2007 წლებში მირდატ ქამადაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. 2007-2012 წლებში კი სამუშაოდ კერძო კომპანიაში გადავიდა, იურისტის პოზიციაზე. 2012 წელს მან კომპანია „იურიდიული ოფისი“ დააფუძნა. ის ასევე შპს „GLG“-ის დამფუძნებელი და პარტნიორია.

იმავე ოლქში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ნუგზარ ვარშანიძე წარადგინეს. 2004 წლამდე ის საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მოსივე ინფორმაციით, 2004 წლის მარტში ის ასლან აბაშიძემ დააკავა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებაო და ეს იყო მიზეზი, თუმცა ოფიციალურ მოტივად ფინანსური დარღვევები დაასახელეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, გამათავისუფლეს, თუმცა ძალიან მალე, სააკაშვილის ხელისუფლებამ დამაკავა იმ მოტივით, რომ „ასლან აბაშიძის გუნდის წევრი ვიყავი“. ოფიციალური ბრალდება იგივე იყო, რაც აბაშიძის დროს. რამდენიმე თვეში საპროცესო გარიგების საფუძველზე გამათავისუფლეს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

#68-ე სამაჟორიტარო ოლქში „რესპუბლიკელების“ კანდიდატია ირაკლი ჩავლეიშვილი. ის წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. 1991-1996 წლებში ირაკლი ჩავლეიშვილი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, 2006–2010 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი. მაშინ ის ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ ხელმძღვანელობდა და ყოველთვის აკრიტიკებდა ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს. მას არ მოსწონდა ქონების გასხვისებასთან, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფასთან, საკადრო პოლიტიკასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მისი ფრაქცია საკრებულოს სხდომებზე აქტიურად ოპონირებდა. ხელისუფლების შეცვლისა და საკრებულოს თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ, ირაკლი ჩავლეიშვილმა რიგი საკითხების მიმართ კრიტიკული მიდგომები შეარბილა. კრიტიკული პოზიცია მას არც მაშინ დაუფიქსირებია, როცა აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სარეკუნსტრუქციო სამუშაოები წამოიწყო, რასაც მოსახლეობა აპროტესტებდა. თუმცა, მისი ინიციატივით მიიღეს სამშენებლო რეგულაციები ქალაქში, რაც დეველოპერებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და ქალაქის განტვირთვას ითვალისწინებდა.

2004-2007 წლებში ირაკლი ჩავლეიშვილი იყო ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-2012 წლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობდა, იყო პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი. ირაკლი ჩავლეიშვილი პროფესიით ისტორიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია.

პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით ამ სამაჟორიტარო ოლქში ამირან ბერიძე იბრძოლებს. ამირან ბერიძე პროფესიით ინჟინერ ტექნოლოგია და ის ამ დრომდე კერძო სექტორში მუშაობდა.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ #68 უბანში კენჭს იყრის პაატა ცივაძე. ის პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია და 1996-2004 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014-2015 წლებში იყო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი. შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლა.
ბათუმის #69 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ექიმი ნუკრი [ლევან] ბეჟანიძე. ის ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლს ხელმძღვანელობს. მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებამდე ბეჟანიძე პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა და არც სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩეოდა. რის შეცვლას შეეცდება საქართველოს კანონმდებლობაში თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, ის ამაზე „ბათუმელებთან“ არ საუბრობს: „ახლა ვყალიბდებით და მერე მოგახსენებთ“.

„თავისუფალი დემოკრატებიდან“ #69-ე სამაჟორიტარო უბანში პარლამენტში მოსახვედრად ნინო ბერაძე იბრძოლებს. ის ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. მანამდე ნინო ბერაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, უცხოეთში სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ოლქში კენჭს იყრის გიორგი კირთაძე. 2014 წლის 17 ივლისიდან ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2013 წლის თებერვლიდან ფრაქცია ,,ბათუმის მომავლისათვის” თავმჯდომარეა. 2010-2013 წლებში ის იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. პარალელურად ის ხელმძღვანელობს პარტიის აჭარის ორგანიზაციასაც.

გიორგი კირთაძის თავმჯდომარეობის დროს საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები მთავრობას საკუთრებაში ისე გადაეცა, რომ საკრებულოს წევრებისთვის არავის აუხსნია, თუ როგორ აპირებდა მთავრობა მათ განკარგვას. ამ ტიპის დადგენილებებში მაშინ მხოლოდ ერთი განმარტება ეწერა – „ეფექტური პრივატიზების მიზნით“. კითხვების მიუხედავად, ვერც საკრებულოს თავმჯდომარისგან და ვერც მაშინდელი ქალაქის მერისგან საკრებულოს ოპოზიცია პასუხებს ვერ იღებდა. მათ შორის ვერც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისება-განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გიორგი კირთაძეს მაშინ არც ბათუმის ბულვარში ხელისუფლების მიერ დაწყებული 60-სართულიანი მშენებლობა გაუპროტესტებია, რამაც ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერ-სახე მნიშვნელოვნად დააზარალა. მოგვიანებით თავადვე გამოვიდა ინიციატივით ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ახლა ის ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეა და უმრავლესობის გადაწყვეტილებებს ინტენსიურად აკრიტიკებს.

ამ უბანში კენჭს იყრის „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. ის თბილისის საკრებულოს წევრია. მას აქვს აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობის გამოცდილებაც. ხათუნა სამნიძე განსაკუთრებით აქტიურია ქალთა უფლებების დაცვის კუთხით.
„პატრიოტთა ალიანსმა“ იმავე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად რუსუდან სიხარულიძე დაასახელა. ის მსოფლიო ჩემპიონია თავისუფალ ტანვარჯიშში. პოლიტიკურ საქმიანობას ამ დრომდე არც ის ეწეოდა.
პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ უბანში კანჭს იყრის იურისტი ნინო ტავლალაშვილი. ის რამდენიმე წლის განმავლობაში საიას აჭარის ფილიალს ხელმძღანელობდა და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც მუშაობას ადამიანის უფლებების მიმართულებით გეგმავს.

ბათუმის #70-ე სამაჟორიტარო ოლქში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თეიმურაზ ხაბაძე ეცდება არჩევნების მოგებას. ის პროფესიით პედაგოგია და ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის ბიუროს ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად #70-ე ოლქში დაასახელა. მუხრან ვახტანგაძის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის მთავარ ღირსებად სპორტული მიღწევები მიიჩნევა. მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე 2000 წელს სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გახდა. გარდა ამისა, მის სპორტულ კარიერაში არაერთი ჯილდოა, რის გამოც ვახტანგაძე 2000 წელს ღირსების, 2001-2003 წლებში კი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში ის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ჩაწერა. როგორც თავად ამბობს, ეს მასთან შეთანხმებული არ იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არასდროს ყოფილა, თუმცა მაშინ მას საარჩევნო სიაში მოხვედრა არ გაუპროტესტებია.

ვახტანგაძე აბსურდს უწოდებს პარლამენტარ მურმან დუმბაძის ბრალდებებს, როდესაც მან ის ჯერ ასლან აბაშიძის ხელისუფლების, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ზონდერად მოიხსენია.
კითხვას, რისი შეცვლა გსურთ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, მუხრან ვახტანგაძემ უპასუხა: „სპორტსმენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საპატიოდ არ უთვლიან გაცდენებს, როცა ისინი სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. გარდა ამისა, მე მხოლოდ სპორტის სფეროთი არ შემოვიფარგლები, დარწმუნებული ვარ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ბევრი პრობლემა ექნება და მე ამ მიმართულებით ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, შევეცდები სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნას.“

ამ სამაჟორიტარო უბანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია თემურ დუმბაძე, ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი. ის ხელმძღვანელობს პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციას. განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა თეიმურაზ დუმბაძემ 2012 წელს კურორტ ბეშუმში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას გამოიჩინა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური წარწერით – „მე მიყვარს საქართველო“ ეცვა. ამავე წარწერით კეპი, რომელიც გამგებელს თან ჰქონდა, ივანიშვილს დაახურა; მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: „იმათთვის, ვინც ხალხის დაპირისპირებას დააპირებს, ვიქნებით ზონდერიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ხელს შევუშლით ამაში. არ დავუშვებთ რაიმე პროვოკაციას არამარტო ბეშუმში, არამედ მთელ საქართველოში.“

თემურ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი ამავე მუნიციპალიტეტის კახაბრის თემის რწმუნებული იყო. უფრო ადრე, 2000 წლიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, კრიმინალურ დარგში.
დუმბაძის კონკურენტი „რესპუბლიკელი“ ნური ძნელაძე იქნება. ის პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა. 1990 წლიდან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია და პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებით გეგმავს მუშაობას.

„პატრიოტთა ალიანსმა“ კი ამ უბანში პროფესიით პედაგოგი ზაურ გაბაიძე წარადგინა. მას დამთავრებული აქვს ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიც, ინჟინრის კვალიფიკაციით. ბოლო პერიოდში კი იყო „ბი ემ სი გორგიას“ დირექტორი.
ამ უბანში პაატა ბურჭულაძის პარტიიდან არჩევნების მოგებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე შეეცდება.

შეფასებები
ყველაზე მეტი კითხვა ბათუმში მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ გაჩნდა. სოციალურ ქსელში დაფიქსირებული გამოხმაურებების შინაარსის მიხედვით, ამომრჩეველი პოლიტიკოსების დასახელებას ელოდა, შესაბამისად, მმართველი პარტიის შეთავაზებამ ზოგი დააბნია, ზოგი გააკვირვა.
„მე ვფიქრობ, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებისგან ადამიანმა თავი არ უნდა შეიკავოს, რა პროფესიის ადამიანიც არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მთელი ცხოვრება განზე იდექი – უხერხული არ არის პოლიტიკური ცხოვრება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაიწყო?“ – დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ანალიტიკოსმა ნათია ზოიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატებად პოლიტიკოსების არდასახლება მოულოდნელი აღმოჩნდა „თავისუფალ ჟუნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისთვის, ასლან ჭანიძისთვისაც:
„ოცნების“ ცნობილი სახეები აჭარაში არაპოპულარულები არიან, მათ მიმართ საზოგადოებას ბევრი პრეტენზია ჰქონდა, ამიტომ არ დაეყრდნენ პოლიტიკოსებს და არჩევანი გააკეთეს მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია მეორე საკითხი – მე არ მსმენია ამ ადამიანების მოსაზრება, შეფასებები, რაიმე ტიპის პოლიტიკური აქტივობა და საჯარო ინიციატივები. მაგალითად, დაასახელს ექიმები, შესაძლოა, ამით ექიმებისა და პაციენტების გარკვეული ნაწილის გული მოიგეს, მაგრამ არ მახსენდება ამ ექიმებს იგივე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პრობლემებზე გაემახვილებინოთ ყურადღება, მათი საჯარო პოზიცია მე არ მახსენდება.
ერთია, ადამიანი იყოს თავის საქმეში პროფესიონალი და მეორეა – იყოს კარგი კანონმდებელი. წინასწარ ძნელია თქმა, ვინ როგორ იმუშავებს, ეს არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ამომრჩეველს, მირჩევნია, კარგი ექიმი ჰყავდეს საზოგადოებას, ვიდრე ცუდი დეპუტატი, რომლის აქტიურობაც მხოლოდ ხელის აწევაში შეიძლება გამოიხატოს.“

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: