1343 ბავშვი მინდობით აღზრდაში

საქართველოში, 674 ოჯახში, მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 197 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს, საკმარისია თუ არა სოციალურ მუშაკთა რაოდენობა და რა წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მინდობით აღზრდის შესახებ? „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა.

რატომ ხვდებიან ბავშვები მინდობით აღზრდაში

ბოლო მონაცემებით, 100 ბავშვი აჭარაში საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. ეს ბავშვები მინდობით აღზრდის პროგრამაში არიან ჩართული და მათზე ზრუნავენ სხვა მიმღები ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფო ამისათვის ფულს უხდის. მათგან 70 ბავშვი ბათუმში, 13-13 – ქობულეთისა და ხელვაჩაურის, სამი –  ქედის ხოლო ერთი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. აჭარაში, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების უმრავლესობა 6-დან 16 წლამდე ასაკისაა.

მინდობით აღზრდის პროგრამაში ბავშვები სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან: ობლობა, მშობლების ან მშობლის ქმედუუნაროდ ცნობა, მშობლისათვის უფლების ჩამორთმევა ან შეჩერება – ეს მიზეზების არასრული ჩამონათვალია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ბავშვზე ზრუნვის პროგრამის უფროსი სოცმუშაკი ნინო ცეცხლაძე, რომელიც 15 წელია ამ მიმართულებით მუშაობს, ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა მშობელი თავად წერს განცხადებას და სახელმწიფოს სთხოვს ბავშვზე ზრუნვას, ან ბავშვს ტოვებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამის შესახებ მეზობლების, მოქალაქეების ან საავადმყოფოსგან იღებენ ინფორმაციას. ასევე შესაძლებელია ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან და მინდობით აღზრდაში გადაყვანა. ბოლო, ასეთი გახმაურებული შემთხვევა ქობულეთში მოხდა, სადაც დედას ბავშვის ცემისთვის ორივე შვილი დროებით ჩამოართვეს და მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართეს.

ბავშვის მიმღები ოჯახის მოტივაცია

„აღმზრდელების მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვების რთული ქცევის მართვისა და პრევენციისათვის დასაშვებად მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ძალადობას (მაგ. ყვირილი, დაშინება)… მონიტორინგის პროცესში შესწავლილ საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეპროგრამის ბენეფიციარები აღმზრდელთან/სოც. მუშაკთან შეთანხმების გარეშე ტოვებდნენ მიმღებ ოჯახებს ან/და გარბოდნენ ოჯახებიდან. მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ქცევა ძირითადად გამოწვეულია ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების სააღმზრდელო გარემოსთან შეუთავსებლობით ან/და ვლინდება ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებში. აღნიშნულ შემთხვევებში, ბავშვის მიმღებ ოჯახში დაბრუნების შემდეგ, აღმზრდელები დასჯის ზომად იყენებდნენ უგულებელყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას…“ – ეს ამონარიდია სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშიდან, რომელიც მინდობით აღზრდას ეხება.

სანამ სახელმწიფო მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართავდეს ბავშვს, მანამდე მიმღებ ოჯახს შეისწავლის. ბავშვის მინდობით აღზრდაში აყვანის მსურველი ოჯახები თავად უკავშირდებიან სოციალურ სააგენტოს. სოციალური მუშაკები სწავლობენ მათ მოტივაციასა და საცხოვრებელ პირობებს და თუ პირობები დამაკმაყოფილებელია, ოჯახი ბაზაში რეგისტრირდება გადაუდებელ ან რეგულარულ მინდობით აღზრდის  კატეგორიაში, ან ორივე კატეგორიაში ერთდროულად.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში პოტენციურ, მიმღებ მშობლად 1000-მდე ოჯახია დარეგისტრირებული, რომელთა შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ასაიდუმლოებს. შეკითხვას, ძირითადად რა მოტივაცია აქვთ მიმღებ ოჯახებს, ნინო ცეცხლაძე პასუხობს: „მოტივაცია არის ის, რომ ქალი სახლში ზის, ჰყავს ამ ასაკის ბავშვები, ან ბაღის ასაკის, თვითონ დაუსაქმებელია, უნარიანია… ხვდებით?! და მოტივაცია დასაქმებაა, რა თქმა უნდა“.

იგი იქვე განმარტავს, რომ ხშირად, თანხა, რასაც სახელწიფო მიმღებ ოჯახს უხდის, არასაკმარისია ბავშვების მოვლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაძლოა ყოველკვირეულადაც კი სჭირდება დედაქალაქში ჩაყვანა.

მინდობით აღზრდის გადაუდებელ და რეგულარულ კატეგორიაში მიმღები ოჯახები სახელწიფოსგან ყოველდღიურ ანაზღაურებას იღებენ. ანაზღაურება პირველ შემთხვევაში დღეში 20 ლარს, მეორე შემთხვევაში კი, დღეში 15 ლარს შეადგენს. რეგულარული მინდობითი აღზრდის შემთხვევაში, თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ეს თანხა 20 ლარამდე იზრდება. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში ოჯახში ბავშვი 90 დღის განმავლობაში რჩება, შემდეგ კი ან ბიოლოგიურ ოჯახში ბრუნდება, ან რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადადის, სადაც ვადა სრულწლოვნებამდე [გაშვილებამდე ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებამდე] განსაზღვრული არ არის.

ქვეპროგრამა ასევე მოიცავს ნათესაურ მინდობით აღზრდას – როდესაც მიმღებს ბავშვთან ნათესაური კავშირი აქვს. ამ შემთხვევაში ანაზღაურება ყოველთვიურია და 200 ლარს [შშმ პირის შემთხევაში 300 ლარი] უდრის. მინდობით აღზრდის პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 6 769 000 ლარია.

როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს

აჭარაში სულ 17 სოციალური მუშაკია. სწორედ მათ მოვალეობაში შედის კონტროლი, თუ როგორ, რა პირობებში ცხოვრობს ამჟამად მინდობით აღზრდაში მყოფი ასი ბავშვი. ეს მათი ერთადერთი საქმე არ არის, პარალელურად, სოციალურ მუშაკებს ათამდე მიმართულების საქმიანობაც აკისრიათ, მაგალითად, ისინი მუშაობენ პენსიონერებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და ა.შ.

ნინო ცეცხლაძის თქმით, სოცმუშაკებს მანქანა არ ემსახურება და საკუთარი ხარჯებით გადაადგილდებიან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სააგენტოს უფროსს გადაჰყავს მანქანით. სოცმუშაკი ბავშვის მიმღებთან შეყვანის პირველი თვის განმავლობაში, თვეში არანაკლებ 4-ჯერ ახორციელებს ვიზიტს, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში – მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ვიზიტები წინასწარი შეთანხმების გარეშე იგეგმება და მათ შეუძლიათ შეამოწმონ როგორც მაცივარი, ასევე ნებისმიერი სხვა დეტალი.

მიმღები ოჯახი მინდობით აღზრდის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებზე იღებს შენიშვნას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში უწყდება კონტრაქტი და კარგავს მიმღებად რეგისტრაციის უფლებას.

ნინო ცეცხლაძე ასევე აღნიშნავს, რომ თავის ანგარიშებში ყოველთვის მიუთითებს სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე: „მაგრამ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მე ვერ ვწყვეტ, დაამატებენ თუ არა სოცმუშაკებს“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ საქართველოში მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი იმყოფება. რამდენი სოცმუშაკია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ის არ აზუსტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის და  „სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა სოცმუშაკების დამატებაზე.“

სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეც: `საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანი არაერთხელ გახდა სოციალურ მუშაკთა სიმცირე და ასევე, სოციალურ სამსახურში მომუშავე ფსიქოლოგთა არასაკმარისი რაოდენობა. საქართველოს სახალხო დამცველი გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებს სოციალური მუშაკების გაძლიერებისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რადგან მათი სიმცირისა და დატვირთვის პირობებში ეფექტიანი მუშაობა რთული წარმოსადგენია“.

სახალხო დამცველის მიმდინარე წლის სპეციალურ ანგარიშში კი საუბარია იმაზე, რომ ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის  შემთხვევაში, შემოწმებული მიმღები ოჯახების ნაწილი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაშია დარეგისტრირებული. ამ ოჯახებში არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელია სველი წერტილები. ანგარიშის მიხედვით, შემოწმებული ნათესაური მიმღები ოჯახების 40%-ს ესაჭიროება საცხოვრებლის რეაბილიტაცია.

მიუხედავად ამისა, მინდობით აღზრდის პროგრამაში ნათესაური მინდობით აღზრდას სპეციალისტები უპირატესად მიიჩნევენ.

„სიღარიბე არ ნიშნავს, რომ ოჯახი ჯეროვნად ვერ მოუვლის ბავშვს. შესაძლოა ამ ოჯახმა გაცილებით დიდი სითბო და სიყვარული გამოხატოს ბავშვის მიმართ, რადგან მათ ბიოლოგიური ნათესაობა აკავშირებთ,“ – ამბობს ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. მას სააგენტოს აჭარის ფილიალის ბავშვზე ზრუნვის პროგრამის უფროსი სოცმუშაკი,  ნინო ცეცხლაძეც ეთანხმება: „ბავშვი საკუთარ ბიძიასთან, ბებიასთან, ბაბუასთან თუ სხვა ნათესავთან გაცილებით სტაბილურადაა და მას სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენა არ ემუქრება.“

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაღლდეს მინდობით აღმზრდელთა უნარ-ჩვევები და შეიქმნას მათი გადამზადების სისტემა, რომელსაც კოორდინაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაუწევს. ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის შესახებ ახალი კანონის შემუშავებაში UNIჩEF-ი ეხმარება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღზრდის ნაწილში ძირითადი ცვლილება უნდა იყოს მინდობით აღზრდის პროფესიონალიზაცია:

„ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სანამ მინდობით აღმზრდელი ოჯახში განათავსებს ბავშვს, აუცილებელი წესით იყოს დატრენინგებული, რომ მან იცოდეს ბავშვის განვითარების ეტაპები, ბავშვთან ურთიერთობის მეთოდები, პოზიტიური აღზრდის მეთოდები, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ არანაირი ძალადობრივი მეთოდებით არ აღზრდის ბავშვს. მიმღებმა უნდა იცოდეს ის კანონმდებლობა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს და ასევე მინდობით აღზრდის სტანდარტები, რომელიც უკონკრეტებს მინდობით აღმზრდელს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა ვალდებულებები ეკისრება მას. ამის შემდეგ მას ეცოდინება, რომ ეს არის მისი პროფესია, რისთვისაც იღებს გარკვეულ ანაზღაურებასაც“, – ამბობს ქეთევან მელიქაძე.

ნინო ცეცხლაძე გვიხსნის, რომ აკრძალულია დედმამიშვილების სხვადასხვა ოჯახში გაშვილება ან მინდობით აღზრდაში გადაყვანა, გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც, ისინი თავიდანვე ცალ-ცალკე იზრდებოდნენ. თუმცა ასევე არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ერთ ოჯახში არასრულწლოვანთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს შვიდს: „ანუ თუ ცოლ-ქმარს სამი საკუთარი შვილი ჰყავს, მინდობით აღზრდაში შეუძლია აიყვანოს მაქსიმუმ ოთხი“. ამის გამო აჭარაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როცა და-ძმები დააშორეს: „რვა და-ძმა იყო, ბავშვების მამამ დედა მოკლა და თავიც მოიკლა. რადგან ერთ ოჯახში ვერ შევიყვანდით ყველას, გვერდიგვერდ ოჯახები შევარჩიეთ და გადავანაწილეთ“, – იხსენებს ნინო ცეცხლაძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების მინდობით აღზრდაში აყვანა ბევრს არ უნდა, ისეთ ოჯახებში, ვინც ამაზე უარს არ ამბობს, ბევრი ბავშვი იყრის თავს, „თუმცა ამ ოჯახებს აქვთ დიდი სახლი, ეზო, ბაღ-ბოსტანი, ძროხა და 50 ფრთა ქათამი… ხშირად ჩვენი მოთხოვნაა, მანქანაც ჰყავდეს, რომ ბავშვები წაიყვანოს და მოიყვანოს“.

კანონით, 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. ამასთან, მინდობით აღსაზრდელსა და დედობილ/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წელი.

რეინტეგრაცია, რომელიც ხშირად ვერ ხერხდება

მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვს, სურვილის შემთხვევაში, მშობელი პერიოდულად ნახულობს, მიმღებ ოჯახთან და სოცმუშაკთან შეთანხმებით. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგისას გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ბიოლოგიურ მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ ბავშვის ნახვის უფლება, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ისინი ბავშვზე მავნე ზეგავლენას მოახდენდნენ, კერძოდ, ანგარიშის თანახმად, იყო შემთხვევები, როცა მშობელი ბავშვს სახლიდან გაქცევას და დაუმორჩილებლობას ურჩევდა. კვლევის თანახმად გაირკვა, რომ შესწავლილ შემთხვევათა 60 პროცენტის შემთხვევაში, ბიოლოგიური მშობლები ბავშვებს საკმაოდ იშვიათად ნახულობენ, რამდენიმე თვეში – ერთხელ.

სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება და ბავშვის სახლში დაბრუნებაა. ნინო ცეცხლაძე ამბობს, რომ ეს ხშირად ვერ ხერხდება: „მშობელს ვთავაზობთ პროფესიულ მომზადებას უფასოდ, ან ვეძებთ მათთვის შესაბამის სამსახურს, თუმცა  ხშირ შემთხვევაში ისინი  არ თანამშრომლობენ ჩვენთან~.

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე 900 ბავშვი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში. ბავშვის ოჯახში დაბრუნების შემდეგ სოციალური მუშაკები ოჯახთან კვლავ აგრძელებენ მუშაობას. ბიოლოგიურ ოჯახს ეძლევა გარკვეული ანაზღაურება [90 ლარი თვეში] და ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა: დღის ცენტრით სარგებლობა, პროფესიული გადამზადების კურსები, კვების ვაუჩერი და ა.შ. თუმცა როგორც ქეთევან მელიქაძე აღნიშნავს, ეს სერვისები რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არ არის მისაწვდომი, რაც რეინტეგრაციის პროცესს ართულებს.

სად დადიან ტურისტები

რომელი ადგილებით ინტერესდებიან ბათუმში ტურისტები ყველაზე ხშირად? – ბათუმში , ტურისტულ ობიექტებზე რეგისტრირებულ ვიზიტორთა სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე რეიტინგი თითქმის უცვლელია: პირველ სამ ადგილს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე იყოფენ.

ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარე ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა რომ არის, ამას ვიზიტორთა სტატისტიკაც მოწმობს. გასულ წელს ბოტანიკურ ბაღს 212 610 ვიზიტორი ეწვია. ბაღის დათვალიერების საფასური 8 ლარია. როგორც ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯემალ წულუკიძე ამბობს, ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ: ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახების წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

ტურისტებს შორის კვლავაც პოპულარულია ბათუმის დელფინარიუმი. დელფინების შოუს ნახვის მსურველთა რიგებს დელფინარიუმის სალაროებთან  ხშირად შენიშნავთ. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, გასულ წელს დელფინების შოუს დაესწრო 131 896 მაყურებელი. ინტერაქტივში კი (დელფინებთან ერთად  ცურვა) მონაწილეობა მიიღო 3 184-მა ადამიანმა. 2016 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით  შოუს დაესწრო – 101 404, ხოლო ინტერაქტივს – 1854 ადამიანი. დელფინების შოუზე, დღის სეანსებზე (4 საათზე და 7 საათზე), ბილეთის ფასი 15 ლარია, ხოლო საღამოს სეანსზე (9 საათზე) – 20 ლარი. შოუზე უფასო დასწრების უფლებით სარგებლობენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები. დელფინთან ერთად ცურვის საფასური 3-16 წლამდე ბავშვებისთვის 100 ლარია, ხოლო 16 წელს გადაცილებული პირებისთვის – 150 ლარი.

ტურისტები ხშირად ინტერესდებიან გონიო აფსაროსის ციხე-ნაკრძალითაც. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრეს გასულ წელს ჯამში  60 642 ვიზიტორი ეწვია. გონიოს ციხის დათვალიერების ფასი 10-კაციანი (და მეტი) ჯგუფის შემთხვევაში ერთი ადამიანისთვის 2 ლარია, ინდივიდუალურად  – 3 ლარი, სტუდენტისთვის და მოსწავლისთვის ბილეთის ფასი კი 1 ლარს შეადგენს.

პოპულარული ადგილია ბათუმის აკვარიუმიც. გასულ წელს  აკვარიუმს სულ 28 422 ტურისტი ეწვია და არც წელს აკლია დამთვალიერებლები (იხილეთ ინფოგრაფიკა).  აკვარიუმში ბილეთის ფასი 2 ლარია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა.

პოპულარული ადგილების ჩამონათვალში ბათუმის ზოოპარკიც მოხვდა. აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, ვაჟა მეგრელიძის ინფორმაციით, ზოოპარკს 2015 წლის მონაცემებით 17 125 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წლის მონაცემებით კი – 7045. ზოოპარკში 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლა უფასოა, ხოლო 6  წელს გადაცილებულთათვის – 2 ლარი ღირს. ვიზიტორთა რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იზრდება და ისინი, ძირითადად, უცხოელები არიან.

„ბათუმელები“ ბათუმში ყველაზე ცნობილი მუზეუმების სტატისტიკითაც დაინტერესდა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის  დირექტორის ოთარ გოგოლიშვილის განცხადებით წელს, მარტამდე, სარემონტო სამუშაოების გამო მუზეუმს ვიზიტორები არ ჰყავდა, 22 მარტიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე კი მუზეუმი 8 365-მა ვიზიტორმა დაათვალიერა. ვიზიტორების უმრავლესობა  თურქები, რუსები, უკრაინელები და ირანელები არიან. მუზეუმში ბილეთის ფასი უფროსებისთვის 3 ლარია, სტუდენტებისთვის – 1 ლარი, ბავშვებისთვის კი – 50 თეთრი. ექსკურსიის ფასი 5 ლარს შეადგენს.

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გასულ წელს 7 664 ვიზიტორი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით – 4 977 ვიზიტორი. ბილეთის ფასებია:  ზრდასრული მოქალაქეებისთვის – 2 ლარი, სტუდენტებისათვის – 1 ლარი და მოსწავლეებისათვის – 50 თეთრი.

სასკოლო  პერიოდში მუზეუმს ძირითადად სკოლის მოსწავლეები ათვალიერებენ, ხოლო ზაფხულში – უცხოელები, განსაკუთრებით დამსვენებლები უკრაინიდან და რუსეთიდან.

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს 6 653 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2016 წლის მონაცემებით – 2 964 ვიზიტორი, ამასთანავე – 1544 დელეგაცია. ფასები არქეოლოგიურ მუზეუმში იგივეა, რაც ბათუმში მდებარე სხვა მუზეუმებში.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს მუზეუმს 1980 ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2016 წლის 18 აგვისტოს მონაცემებით – 3736 ადამიანი.

უსკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს

ხვალ, 5 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს.

ამ წესის შესაბამისად კი, შემდგომში გაიმართება წილისყრა, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებაზე, თუმცა როდის, თარიღი უცნობია.

ხვალ, უსკო, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის, დაფინანსების წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებაც იმსჯელებს.

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიანიჭა.

დაზიანებული და მოპარული ქოლგები – „ბათუმობა 2016“

გუშინდელი წვიმისა და ქარის გამო რამდენიმე ადგილზე დაზიანდა ქოლგები მემედ აბაშიძის ქუჩაზე. დილით, ქუჩის ბოლოში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან, რამდენიმე ტროსი გაწყვეტილი იყო, რომლებზეც ქოლგები იყო დამაგრებული.

„დილით ადრე მოვედი სამსახურში, წვიმას და ქარს ასფალტზე ჩამოეყარა ქოლგები და ხალხი შესეოდა, ვიფიქრე, ისევ თოკზე უნდა ჩამოკიდონ და გული ამიჩუყდა, მარა როგორც აღმოჩნდა ყველა თავისთვის ეჯაჯგურებოდა. თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს, ხალათებით და სარაფნებით გამოეფინენ ქალები, იღლიაში დანებით და ყველას მიჰქონდა თავისი წილი 2-3 ქოლგა“ – წერს ერთ-ერთი მოქალაქე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

sqrini

ა(ა)იპ ქ. ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ „დაკარგული 5 ქოლგა თუ იქნება, დანარჩენი დავამაგრეთ, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე იყო, არამედ ქუჩის გასწვრივ“.

კითხვაზე, თუ რას უპირებენ ქოლგებს ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჯონი საბაშვილი პასუხობს, რომ ეს ქოლგები არ შეუსყიდია კულტურის ცენტრს და ხელშეკრულების მიხედვით ისინი ეკუთვნის კერძო კომპანიას.

რაც შეეხება დღეს, 4 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებებს, ამინდის გაუარესების გამო ყველა აქტივობა გადატანილია ბულვარში, საზაფხულო თეატრში. დასწრება, მერიის ინფორმაციით, უფასოა და ღონისძიებები 14 საათიდან დაიწყება. ეს არ ეხება გალა კონცერტს, რომელიც გეგმის მიხედვით, დღეს, საღამოს 19 საათზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ ჩატარდება.

 

IMG_20160904_113156
დაზიანებული ქოლგები, მემედ აბაშიძის გამზირი, ბათუმი / 4.09.2016 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20160904_113312IMG_20160904_113349

IMG_20160904_112958IMG_20160904_113241

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას?

ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ბიუჯეტის შემოსულობებში. შესაბამისად, ყოველი ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში   დგება გასაყიდი ქონების ჩამონათვალი.

იმ ქონების საერთო, სავარაუდო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წელს გეგმავდა, 18 მილიონზე მეტი ლარი იყო. სამინისტრომ „2016 წელს გამოსაცხადებელ  სავარაუდო ობიექტთა ნუსხა“  შარშან, რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს დაურთო.

„2016 წელს გამოსაცხადებელი სავარაუდო ობიექტთა ნუსხაში“, რაც რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ სამინისტროდან, 14 გასაყიდი ობიექტია [სავარაუდო ფასების გარეშე], ძირითადად, მიწის ნაკვეთები და ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის N40-ში.

ზურაბ ჭურკვეიძე
ზურაბ ჭურკვეიძე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე განმარტავს, რომ კანონი სავარაუდო საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, როგორც ასეთს, არ ითვალისწინებს. შესაბამისად, განიხილება ნებისმიერი ქონების პრივატიზება, რომლის გასხვისებასაც კანონი არ კრძალავს. გარდა დაინტერესებისა, სამინისტრო თვითონ უზრუნველყოფს ინიციატივას ამა თუ იმ ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოტანის თაობაზე და აცხადებს აუქციონს.

„როგორც წესი, დაინტერესებული პირი მოგვმართავს განცხადებით ამა თუ იმ ქონებასთან დაკავშირებით. განაცხადში არის მითითებული ქონების გადაცემის სასურველი ფორმა [აუქციონი/პირდაპირი მიყიდვა], შესყიდვის ფასი, ვადები, ინვესტიციის მოცულობა და ა.შ. რის შემდეგაც იწყება მიმოწერა სამინისტროსა და დაინტერესებულ პირს შორის. ამ გზით ზუსტდება დეტალები. სამინისტროს ინიციატივა არ არის პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისოს ქონება, რაც შეეხება აუქციონს – არის როგორც პირობიანი, ასევე უპირობო. რაც შეეხება პირდაპირ მიყიდვას – ამ საკითხს მთავრობის თავმჯდომარე წყვეტს,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.

მიმდინარე წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ანუ აუქციონისა და ვაჭრობის გარეშე აჭარის მთავრობის მიერ პრივატიზებულია 15 ერთეული ქონება. აქედან 4 არასაცხოვრებელი ფართობი და 2 ბინა თითო ლარადაა გადაცემული ექვს ოჯახზე ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი, ძირითადად, მიწის ნაკვეთებია, მათ შორის ერთ ლარად გასხვისებულიც.

„მართლზომიერ მფლობელებთან, ასევე ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სამდონიანი კომისია არსებობს. ამ კომისიების რეკომენდაციის საფუძველზე კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს პირდაპირი მიყიდვის ბრძანების პროექტს და შემდეგ ხდება ოჯახებზე ფართობებისა თუ ბინების საკუთრებაში გადაცემა. რაც შეეხება 1 ლარად ქონების გადაცემას, გამონაკლის შემთხვევაში, ესეც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ხდება,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.

1 ლარად არის გადაცემული მიმდინარე წლის მაისში ქონება [6172 კვ/მ მიწის ნაკვეთი] ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში, კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიაზე“.

კომპანიამ აქ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობი – სასტუმრო, არანაკლებ 100 ნომერი, კვების ობიექტები, არანაკლებ 40 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი – 20 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს, რაშიც არანაკლებ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს; ამასთან, უნდა დაასაქმოს  არანაკლებ 60 მოქალაქე, მათ შორის 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. „მეტრო ატლას ჯორჯია“ ვალდებულია ასევე დასაქმებულთა რაოდენობა და სასტუმროს პროფილი ობიექტის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, ეს პირობები, ფაქტობრივად, ინვესტორის წინადადება იყო და „ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ქონება უკან დაბრუნდება. 1 ლარად გასხვისების მიზანი კი გოდერძის უღელტეხილზე საინვესტიციო გარემოს განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ორი კარგი სასტუმრო რომ ამუშავდეს გოდერძიზე, ეს ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს სხვა ინვესტორებისთვის, ფასებიც გაიზრდება და მიმზიდველობაც ამ ადგილების. შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარე ზოგჯერ იღებს გადაწყვეტილებას 1 ლარად გაასხვისოს ქონება გარკვეული პირობებით, წაახალისოს ინვესტორი და ამით ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს განვითარებას ამა თუ იმ ადგილებში“.

1 ლარად გასხვისდა ივნისში 915 კვ/მ შენობა და 3 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში [კოლომბერი] შპს „ROYA“-ზე. ეს ქონება მუნიციპალიტეტმა აჭარას გასულ წელს უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნულმა კომპანიამ აქ არანაკლებ 20 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა ააშენოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 22 თვეში; შენობის ნაწილში ღვინის სახლი [მარანი] უნდა მოაწყოს და აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 950 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მასვე ევალება არანაკლებ საქართველოს 10 მოქალაქის დასაქმება 2 წლის ვადით და სასტუმროს პროფილის არანაკლებ 5 წლით შენარჩუნება.

სამინისტროს ორი „მსხვილი“ ობიექტი აქვს ბათუმში, რომლებიც, არაერთი აუქციონის მიუხედავად ვერ გაყიდა. ერთია საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და მეორე – ეროვნული ბანკის ასევე ყოფილი შენობა. ორივე ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარეობს, 40 და 25 ნომრებში და ორივეს ძეგლის სტატუსი აქვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 40 / როინ გუნდაძის ფოტო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 40 / როინ გუნდაძის ფოტო

„საგარეოს ყოფილ შენობას ღირებულება, როგორც ძეგლს, ჩემი აზრით დაკარგული აქვს, ვინაიდან აქ დაწყებული იყო შენობის მშენებლობა, რომელიც დაუსრულებელია.  ვინაიდან სტატუსი აქვს, მყიდველმა უნდა მოახდინოს რეკონსტრუქცია და პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინოს შენობა, გააფორმოს ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან – ეს არის აუცილებელი ვალდებულება. თუ სტატუსი მოეხსნა, უფრო დიდი ინტერესი იქნება აქ, ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შეისწავლონ უნდა სპეციალისტებმა და თუ დაკარგული აქვს ღირებულება ძეგლის, უნდა მოეხსნას სტატუსი, ინვესტორებიც გამოჩნდება და შედეგიც აუცილებლად დადგება,“ – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.

აღნიშნული ქონება [664,8 კვ/მ შენობა-ნაგებობა და 1128 კვ/მ მიწის ნაკვეთი] ბოლოს, აუქციონზე 2 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გამოტანილი. პირობებს შორის იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მოწყობა და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის შენობას, ის ბოლოს აუქციონზე 6 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გატანილი [ადრე კიდევ უფრო ნაკლებად]. ამ ქონებაში მომავალმა მესაკუთრემ უნდა მოაწყოს და აამოქმედოს სასტუმრო – არანაკლებ 25 ნომერი, სამორინე და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.

აუქციონი, მიუხედავად თავდაპირველი დაინტერესებისა, არც ერთ შემთხვევაში არ შედგა. დაინტერესებულმა პირებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უფლება აქვს ცვალოს საწყისი გასაყიდი ფასები, მაგრამ „კანონის შეზღუდვა არის ის, რომ ქონების ღირებულებაზე ნაკლები არ უნდა იყოს საწყისი გასაყიდი ფასი [თუმცა, ასეთი რამ, გამონაკლის შემთხვევაში მთავრობის თანხმობით შესაძლებელია]“.

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 25 / როინ გუნდაძის ფოტო
ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 25 / როინ გუნდაძის ფოტო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს ინფორმაციით, 4,5 მილიონ ლარადაა შეფასებული აუდიტის მიერ, ხოლო ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის თვითღირებულება დაახლოებით 14,5 მილიონი ლარია.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება ამ შენობების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისება, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ „არა, იმიტომ, რომ დაინტერესებაც არ არის“.

კითხვაზე, თუ რომელი ქონებით არიან ამ ეტაპზე დაინტერესებულნი, ზურაბ ჭურკვეიძე გვპასუხობს: „ჩვენ ქონების შესახებ ინფორმაცია ბიზნესფორუმებზე გაგვაქვს, რომ ინვესტორები დავაინტერესოთ. ამ ეტაპზე დაინტერესება არის ბათუმის ტერიტორიაზე, ასევე მახინჯაურში, ძირითადად, მიწის ნაკვეთებზე~.

რაც შეეხება „აჭარის კურორტების“ ნაწილს, სადაც ყაზახური ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო და რომელიც სახელმწიფომ დაიბრუნა, სამინისტროში აცხადებენ, რომ როგორც კი გაჩნდება ინტერესი, დაბრუნებულ ქონებას მაშინვე გაიტანენ აუქციონზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ქონების ნაწილი – ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორია სამინისტრომ უკვე გაიტანა აუქციონზე, თუმცა, არც ეს აუქციონი შედგა. აუქციონის პირობის მიხედვით, ზღვისპირა ტერიტორია 3 მილიონ ლარად იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

„სადაც არის გამოხატული ინტერესი, გამოგვაქვს ქონება და მიდის ვაჭრობა, თუმცა ხშირად ხდება, რომ არის დაინტერესება, მაგრამ შემდეგ აღარ მონაწილეობენ აუქციონში. „მზიურის“ შემთხვევაში ინვესტორმა, ვინც იყო დაინტერესებული, არ მიიღო მონაწილეობა, რაც შემდეგ ფინანსური პრობლემებით ახსნა,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე – „რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ ქონებით დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაციას, კონფიდენციალურია“.

მიმდინარე წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, პირობებიანი აუქციონების შედეგად, აჭარაში გაყიდული ქონების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 820 380 აშშ დოლარი და 11 101 650 ლარი; უპირობო აუქციონით – 292 900 აშშ დოლარი და 13 300 ლარი. ამასთან, ძირითადი საშუალებების [ავტომანქანები, ჯართი და სხვა] გაყიდვით ბიუჯეტში ჩაირიცხა 6779 დოლარი და 124 ლარი.

„მახოს მარანი“ ვაიოში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები გორგილაძეების ექვსსულიანი ოჯახი საოჯახო ბიზნესს წლებია ეწევა, სახლის პირველ სართულზე მოწყობილ მარანში ყოველდღიურად ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს იღებს და ოჯახში დაწურული ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდება. საოჯახო ბიზნესთან ერთად გორგილაძეები შიდა მეურნეობასაც ეწევიან.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან, აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე შეფენილ სოფელ ვაიოში, სოფლის ცენტრში აბრაა წარწერით: „მახოს მარანი“, აბრიდან რამდენიმე მეტრში, გორგილაძეების სახლთან მისვლამდე კი ბოლო ნიშნულია – „ღვინის გზა“, საიდანაც გორგილაძეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოჩანს.

გორგილაძეებმა საოჯახო ბიზნესი შიდა მეურნეობიდან დაგროვებული თანხით ოთხი წლის წინ წამოიწყეს და სახლის პირველ სართულზე სათავსო მარნად აქციეს.  დღეს აქ  გორგილაძეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს ოჯახური ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდებიან.

მარანში არსებული ყველა ნივთი ქართული მეღვინეობის ტრადიციასთან ასოცირდება: ფიალები, ყანწები, თიხის დოქები, სუვენირები… მარნის ერთ მხარეს თიხის ჭური, ხოლო მეორე მხარეს – ქართული ეროვნული სამოსია გამოფენილი, იქვეა ბუხარიც. მარანში ჯამში 30-მდე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

ოჯახში ყოველი დღე სისხამ დილით იწყება და გვიან ღამით სრულდება. გარდა იმისა, რომ მარანი აქვთ, გორგილაძეები შიდა მეურნებასაც ეწევიან, მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და საზამთროც კი. ეწევიან მეთამბაქოეობასაც და წლის განმავლობაში ათეულობით კილოგრამი თამბაქო მოჰყავთ.

„ყველა დღე დილის 6-7 საათიდან იწყება, ყველა საქმეს თანმიმდევრობით ვაკეთებთ,  ვერ ვიტყვი, რომ ადვილია ამდენი  რამის ერთდროულად კეთება, რთულია, მაგრამ  ბავშვებს განათლება სჭირდებათ, განათლებას – ფული, ამიტომაც ვმუშაობთ ამდენს ფიზიკურად. თუ შრომა გიყვარს, ყველგან ირჩენ თავს, ერთ პატარა სოფელშიც კი, მთავარია ისეთი რამ მოიფიქრო, რაც შედეგს მოგიტანს. მარნის გახსნის იდეა ნათესავებმა მოგვაწოდეს, ამ სფეროში არიან დასაქმებული, ქმრის დას გესტჰაუსი აქვს სოფელ გობრონეთში, სწორედ მან გვირჩია მარანი გაგვეხსნა სახლში, რადგანაც საოჯახო ბიზნესი სოფლად უფრო მომგებიანი იყო და ჩვენც იდეა რეალობად ვაქციეთ,“ – ამბობს ოჯახის დიასახლისი, თამარ ბერიძე.

14113950_1090546611041044_1869528732_o
მალხაზ და მაგდა გორგილაძეები. ეკა ბარამიძის ფოტო

მალხაზ გორგილაძე ამბობს, რომ საოჯახო ბიზნესით სოფელში ადამიანი „მილიონერი ვერ გახდება“, თუმცა თავის რჩენას თავისუფლად შეძლებს.

„ამით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ არც გაჭირვებული და წყალწაღებული იქნები. მოსახლეობას ვურჩევ გააშენოს ვაზი, მოაწყოს მარანი, ამისთვის ხელსაყრელი ადგილი შეარჩიოს და ნუ იქნება სხვაზე დამოკიდებული, წლებია ფუნქციონირებს ჩვენი მარანი, მაგრამ ყველაზე მეტი ტურისტი წელს გვეწვია, 400-ზე მეტი ვიზიტორი მივიღე, ეს არ არის ცოტა,“ – ამბობს მალხაზი.

გორგილაძეები სოფელში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს ძირითადად ადგილობრივი პროდუქციით დამზადებული კერძებითა და ოჯახში დაწურული ღვინით უმასპინძლდებიან.

„ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან ყველაზე ძვირადღირებული ყურძენი ცოლიკაური, ჩხავერი და ალადასტური მაქვს გაშენებული, ყოელწლიურად ვწურავ ღვინოს და ოჯახში დაწურული ღვინით ვუმასპინძლდები ტურისტებს. რატომ უნდა იყიდო ღვინის დასაყენებლად ყურძენი ქედაში, მაშინ როდესაც განსაკუთრებული, საღვინე ჯიშის ვაზი  ხარობს ჩვენთან?!“ – ამბობს მალხაზი.

თამარსა და მალხაზს სამი შვილი ჰყავთ: 22 წლის გიორგი, 20 წლის მარიამი და 16 წლის მაგდა. გიორგი ბათუმში მუშაობს და საოჯახო ბიზნესში ნაკლებადაა ჩართული. მარიამი სტუდენტია, მშობლებს საოჯახო საქმიანობაში  მაშინ ეხმარება, როდესაც უნივერსიტეტში არდადეგებები ეწყება. საოჯახო საქმეებში თამარს ძირითადად 16 წლის მაგდა ეხმარება. მას ყოველდღიურად მარნის დასუფთავება და სტუმრების გამასპინძლება უხდება. მაგდა ამბობს, რომ ეს ზაფხული მისთვის ძალიან დამღლელი იყო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ინგლისურის შესწავლა დაისახა მიზნად და პრაქტიკას საკუთარ ოჯახში გადის, ამით კმაყოფილია.

„შეიძლება ითქვას, სახლში მსოფლიოს გავეცანი, მოდიან აზერბაიჯანელი, თურქი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი ტურისტები… სანამ მარიამი დაიწყებდა სწავლას, ორივე ვეხმარებოდით მშობლებს, ახლა ძირითადად მე მიწევს მარნის დალაგება, სტუმრის გამასპინძლება. და-ძმის მსგავსად მეც მინდა უმაღლესი განათლება მივიღო. ჩვენთან მოსული ტურისტების ნაწილი ინგლისურად საუბრობს და სურვილი გამიჩნდა ინგლისური შევისწავლო, რაღაც დონეზე ვიცი, პრაქტიკასაც საკუთარ სახლში გავდივარ, შეიძლება ითქვას, ალღო ავუღე,“ – ყვება მაგდა.

საოჯახო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული მალხაზის დედა, დარეჯან გორგილაძე. ის თამბაქოს ასხმითაა დაკავებული და ყოველდღიური მუშაობით 71 წლის მოხუცი ოჯახს ეხმარება.

„მახოს მარანში“ ასულ ტურისტებს თამარი ხაჭაპურს, სინორს, ბორანსა და სხვა ადგილობრივ კერძებს უმზადებს. ერთი სტუმრის გამასპინძლების ფასი 25 ლარია, რაშიც შედის სასმელის ღირებულება ვიზიტორს შეუძლია ამ თანხით ადგილზე დასალევად იმდენი ღვინო მოითხოვოს, რამდენიც უნდა.

„კერძების დასამზადებლად მხოლოდ ხორცეულს ვყიდულობ, რძის ნაწარმი და ბოსტნეული ჩემი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების დიდი ნაწილი „კაიმაღს“ მოითხოვს, მე არასდროს მიყიდია, რადგან ბევრი რამე საკუთარ მეურნეობაში გამომყავს, ეს მიტოვებს მოგებას. თუ ბოსტნეული და რძის ნაწარმი ვიყიდე, რაღა მოგება დარჩება? მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში დასვენების დრო არ მაქვს, სულ საქმეში ვარ. ჩვენი ოჯახის შემოსავალი სეზონურია, მოსავალი კიტრით იწყება, გასაყიდი მოგვყავს, მას მოჰყვება თამბაქო და შემდეგ ტურისტული სეზონი იწყება, ყველაზე მეტი შემოსავალი მაინც ტურისტებიდან გვრჩება,“ – ამბობს თამარი.

როგორც მალხაზი გვიყვება, უცხოელ ვიზიტორებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიდგომა: „მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ მოექცე ტურისტებს. ყველას თავისი ხასიათის მიხედვით უნდა მიუდგე. არ არის ეს მარტივი, მაგრამ არც გადაულახავია.“

ოჯახი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. ახლა გორგილაძეები კოტეჯს აშენებენ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, როგორც მალხაზი ამბობს, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისისთვის კოტეჯი  უკვე დაჯავშნულია.

„ერთოთახიანი იქნება, მაგრამ ერთდროულად ხუთ ადამიანს დაიტევს. კოტეჯის მოთხოვნა ტურისტებისგან წამოვიდა, ამ დროისთვის ერთს ვაშენებ, ვნახავ, როგორ გაამართლებს, თუ გაამართლა, მეორეს და მესამეს შევუმატებ. ეს საცდელია, გეგმის მიხედვით პირველი დამსვენებელი კოტეჯში სექტემბრის ბოლოს უნდა მივიღო, გვყავს ვიზიტორები, რომლებმაც დაკვეთა მოგვცეს და ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის პერიოდში უნდა მოვიდნენ.“

Batumi Ladies Open 2016-ის გამარჯვებული ბათუმელი მარიამ ბოლქვაძეა

ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა.

პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი.  „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა პოსტელოვამ დაიკავა.

„Batumi Ladies Open” ბათუმში 1997 წლიდან ტარდება. იგი ჩასმულია საერთაშორისო კალენდარში და ყოველწლიურად სექტემბრის დასაწყისში ტარდება. საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს ჯილდოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად გადასცა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

14195272_1239484509404433_8267604016711349008_o
ალექსანდრა პოსტელოვა და მარიამ ბოლქვაძე /„Batumi Ladies Open 2016” / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

დღეს 3 სექტემბერს, ბათუმში მემედ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, პოლიციამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან ბრალდებულები, რომელიც  ხულიგნობას გულისხმობს.

„წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ წესრიგს“- აცხადებენ შს სამინისტროში.

 

ბათუმში „მონოპიესების ფესტივალი“ იწყება

6 სექტემბრიდან ბათუმში, მონოპოიესების ფესტივალი იწყება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი – „მე მქვია ლალი“, რომელსაც მსახიობი მეგი კობალაძე წარმოდგენს.  სპექტაკლი  საზაფხულო თეატრში 22:00 საათზე გაიმართება.

7 სექტემბერს ნაჩვენები იქნება დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის სპექტაკლი – „პატარა“. სპექტაკლი რეჟისორი თემურ კუპრავაა, მსახიობი კი სოფი ჩალაშვილი. სპექტაკლი 20:30 წუთზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

7 სექტემბერს  ასევე წარმოდგენილი იქნება „ჰალუციანაცია“. დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი, გეგა გაგნიძეა. წარმოდგენილის ადგილი  კაფე BK. მემედ აბაშიძის ქუჩაზე. დასაწყისი 22:00 საათზე.

8 სექტემბერი. წარმოდგენილი იქნება დარამტურგ ლია ლიქოკელის პიესა, „ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის“. რეჟისორი ნინო შოთაძეა, მსახიობი კი მარინა ბურდული. წარმოდგენა გაიმართება „ახალი სცენა“-ზე.

ამავე დღეს, ანუ 8 სექტემბერსვე იქნება წარმოდგენილი დრამატურგ ზურაბ პაპიაშვილის ნამუშევარი, – „სადღეგრძელო“. რეჟისორი ირაკლი გურგენიძეა, მსახიობი კი დავით წერეთელი. წარმოდგენა გაიმართება ლიტერატურულ კაფეში. 21:30 წ-ზე.

„მონოპიესების ფესტივალი“  9 სექტემბერს დაიხურება. 20:30 წუთზე „თავისუფალი სივრცე“ უმასპინძლებს ირაკლი კაკაბაძის პიესას „ჩემი მეგობარი ჰაშიში“. რეჟისორი ირაკლი გოგია, მსახიოგი გიორგი ცხადაძე.

ფესტივალის ბოლოს, საღამოს 22:00 საათზე, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში წარმოდგენილი იქნება დარამატურგ ნატალია ბლოკის პიესა,  – „წრეზე“. რეჟისორი ტურალ ვაგიფოღლუ. მსახიობი ნინო ციმაკურიძე.

მონოფიესების ფესტივალი ბათუმში მესამედ გაიმართება.

დავით ბერძენიშვილი: „ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს, კორექტული ურთიერთობებისთვის“

დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“-ზე  „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. მან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად  გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„ბათუმელებთან“ საუბარში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაზნიაშვილის მეომრების საფლავთან „რესპუბლიკელების“ გამოჩენა ბუნებრივია:

„ეს საფლავები ჩვენი გათხრილია, ჩვენი აღმოჩენილია,  აქ იდგა საოლქო კომიტეტის შენობა, მთელი კგბ და კომუნისტების დროს, მათი წინააღმდეგობის ფონზე ირაკლი ჩავლეიშვილმა და გია თავამაიშვილმა დაიწყეს აქ გათხრა. 50 მეომარი, რომელიც აქ არის დაკრძალული, ხელმეორედ ვიპოვეთ. ასე, რომ ეს ადგილი ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“

დავით ბერძენიშვილი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან
დავით ბერძენიშვილი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რაზე ესაუბრა ზურაბ პატარაძეს, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ  დაელაპარაკო ოპონენტს, ამას პოლიტიკური კულტურა მოითხოვს:

„პოლიტიკური კულტურა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო სათანადო, ზურაბ პატარაძე ჩემი ოპონენტია და მას ტელევიზიით მივმართავ ხოლმე და დებატებშიც ვიწვევ, ისევე როგორც ლევან ვარშალომიძეს თუ დავით თარხან-მოურავს, რაც შეეხება ურთიერთობებს, ქართული პოლიტიკა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ძალიან მკვეთრი ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს ჩვეულებრივი კორექტული ურთიერთობებისთვის“.

მთავრობის წარმომადგენლების და საარჩევნო სუბიექტების გარდა, გმირთა მემორიალი  ყვავილებით უცხოელმა სტუმრებმაც შეამკეს.

„ბათუმობა“ [ვიდეო]

წელს „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 4 ათასი ლარი, ღონისძიებების სცენარისთვის არის გათვალისწინებული.
„ბათუმობა“ დღეს, 3 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.

უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით – „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა.

„2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ რეგისტრაციაში გატარების ერთ ერთი საფუძველი ბათილად იქნა ცნობილი.

პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციის ბათილად ცნობამ გამოიწვია საარჩევნო ბლოკის „კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო“ რეგისტრაციის გაუქმების აუცილებლობა. რადგან, კანონმდებლობის შესაბამისად თუ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, უსკოს თავმჯდომარის N41 განკარგულებით რეგისტრაცია გაუუქმდა საარჩევნო ბლოკს – „კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო“ (გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ და „ნეიტრაული საქართველო“). მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ კი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს“ – აღნიშნულია უსკოს განცხადებაში.

3 სექტემბრის მდგომარეობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 4 საარჩევნო ბლოკი [გაერთიანებული 9 პარტია] და 16 პოლიტიკური პარტია.

საარჩევნო ბლოკები:

  • პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ [გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: “ახალი მემარჯვენეები,” “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის,” და “სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო”];
  • „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ [გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „თოფაძე – მრეწველები“ და „ჩვენი სამშობლო“];
  • „ჩვენები – სახალხო პარტია“[გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები:“სახალხო პარტია“ და „ჩვენები“];
  • „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“[გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“].

„ბათუმობა 2016“ დაიწყო

დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“ გაიხსნა, რომელიც ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.  მემედ აბაშიძის ქუჩა ფერადი ქოლგებით მოირთო. ქუჩაში ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე როგორც ფერწერული ნამუშევრების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება.

„ბათუმობა“ 2016
„ბათუმობა“ 2016
„ბათუმობა“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე
„ბათუმობა“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე

ოფიციალურმა პირებმა, 12:00 საათზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაია და სხვა ოფიციალური პირები. „ბათუმობას“ უცხო ქვეყნის დელეგაციებიც ესწრებიან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად, „ბათუმობაზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად, „ბათუმობაზე.

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილზე დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფების კონცერტი, რომელიც მოგვიანებით გაიმართება.  ქუჩის მსვლელობებს აცოცხლებს სასულე ორკესტრი.  ევროპის მოედანზე გაიმართა ფლეშმობი.

„ბათუმობა“ 2016
„ბათუმობა“ 2016
„ბათუმობა“ -სთან დაკავშირებული ღობისძიებები ბათუმში
„ბათუმობა“ -სთან დაკავშირებული ღობისძიებები ბათუმში

IMG_20120101_044658

 

 

 

„ბათუმობა 2016“ – აფიშა

3 სექტემბერი [ოფიციალური ნაწილი]

10:30 საათი – სასტუმრო „ჰილტონი“ და „შერატონი“
ჩამოსული დელეგაციების წევრების ჩასხდომა [37 დელეგატი – 11 ქალაქი] გადაადგილდებიან ღიაავტობუსებით ,,ვერტიგოს“ მიმართულებით.

11:00 საათი – სასტუმრო ,,პალმ აპარტმენტი“ – ვერტიგო
შეხვედრა დელეგატებთან, მისასალმებელი სიტყვა – ქალაქის მერი.

12:00 საათი – გმირთა სკვერი –
საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგება [ყვავილებით შემკობა].

ფეხით მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე კოლონადებამდე

4 სექტემბერი

13:00 საათი – გმირთა ხეივანი – ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნა
4 სექტემბერი – 6 მაისის პარკი [სტარტი] – ანბანის კოშკისაკენ მძლეოსნური გარბენი

ბათუმობა 3 -4 სექტემბერი
დაგეგმილი ღონისძიებები
გამოფენები 12:00 დან 19:00 საათამდე
ფოტოკონკურსის – “ჩემი ბათუმი” გამარჯვებულების ფოტოგამოფენა „აპოლოს“ წინ; დაჯილდოვება 4 სექტემბერი
ფოტოგამოფენა – “ცეკვა და თანამედროვეობა” – ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი. ფოტოგრაფი რადეკ პოლაკი, ერას მოედნის გაზონი;
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი “Life N Style”-ის ქუჩის გალერეა;

ფოტოგამოფენა „ბათუმი ჩემი სიყვარულია“;

მახინჯაურის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა;

ირმა ტრაპაიძის ნამუშევრების გამოფენა;

ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა;

ესმა მამულაძე – თანამედროვე ქართული ტანისამოსი;

ლია სახიაშვილი – ხელნაკეთი ნივთები;

მარინა კაცოშვილი – ხელნაკეთი ნივთები;

ნანა საყვარელიძე – ხელნაკეთი ნივთები;

ბათუმელი ბენდების კონცერტი – მემედაბაშიძის ქუჩა;

კულინარიული გამოფენა;

წიგნების გამოფენა.

კოლონადებთან საბავშვო კონცერტი (6 მაისის პარკი)
12:00-19 :00 საათამდე მონაწილეობენ:
1. ლიმპოპო
2. ბასტი-ბუბუ
3. ვახტანგ ტატიშვილი
4. ნუგზარ კვაშალი
5. სტუდია „ლალე“
6. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები
7. მაქსილენდი

კონცერტები/შოუები/აქტივობები მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩებზე
მონაწილეობენ: 

  • ბათუმელი ბენდების კონცერტი – აბაშიძის ქუჩა;
  • პოეტების კუთხე ,,პოეზია ბათუმში“ – დუმბაძისქუჩა;
  • ჯაზბიგბენდი – დუმბაძის ქუჩა;
  • დრამ სქული;
  • კოსტუმირებული მსვლელობა ოჩოფეხები;
  • თოჯინების თეატრთან საბავშვო წარმოდგენა.

13:00 საათიდან 16 :00 საათამდე:

  • გოგონათა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ტრიო, კაპელა;
  • ანსამბლი ბათუმელები – კაფე პრინცესას აივანი

„ბათუმობა 2016“-ის აფიშა ქ. ბათუმის მერიამ გაავრცელა.

ბათუმში 2 სექტემბერს პარკირების წესების 502 დარღვევა დაფიქსირდა

ა(ა)იპ-„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მონაცემებით, 2016 წლის 2 სექტემბრის 18 საათისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევის 502 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან:

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 399 ფაქტი, დარღვეულია დგომის მეთოდი – 8, ორმაგი პარკირება – 1, ნიშანში დგომა  – 60, ტროტუარზე დგომა – 13, ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობა – 8, დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 2, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 11.

14139126_1164181316988393_1831031017_o
ფოტოები ბათუმის ქუჩებში გადაღებულია სხვადასხვა დროს

14203603_1164181323655059_1204109102_o14163777_1164181163655075_1788669166_o14215393_1166420793431112_1547619530_o14191796_1167397173333474_1922931976_oIMG_20160902_093215IMG_20160902_093248

„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა:

ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ტარიელ მამულაიშვილი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – პაატა ცივაძე;

ბათუმის 69-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული ჟღენტი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – რუსუდან სიხარულიძე,

ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში:  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – არჩილ მამულაძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ზაურ გაბაიძე,

ქობულეთის 71-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ავთანდილ ხაბაზი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ია მესხიძე,

ხელვაჩაურის 72-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ლევან ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – მალხაზ მხეიძე,

ქედის, შუახევისა და ხულოს 73-ე მაჟორიტარულ ოლქში: საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე.

პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა ბათუმში დაასახელა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩოხატაური/ ლანჩხუთის მაჟორიტარულ ოლქში – გურანდა მანაგაძე.

ქედის, შუახევისა და ხულოს 73-ე მაჟორიტარულ ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატი ამ ეტაპზე ალიანსს არ დაუსახელებია.

14215497_1167289333344258_936966616_o
დავით თარხან-მოურავი

დავით თარხან მოურავის თქმით,  ის იქნება პატრიოტთა ალიანსის სიის პირველი ნომერი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში: „ჩვენი ამოცანა არის გავიყვანოთ აჭარის უმაღლეს საბჭოში 11 დეპუტატი, თუ ჩვენ შევძლებთ რომ 11 კაცი გვყავდეს უმაღლეს საბჭოში, გვექნება შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ფორმირების, მე თვითონ ჩავუდგები სათავეში აჭარის მთავრობას და გადმოვალ საცხოვრებლად აჭარაში“.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა, გასულ თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიცია.

საბჭოს სხდომას ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე.

არჩევნებზე გიორგი ირემაძემ ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ბეჟან გობაძემ საკუთარი თავი წარადგინა თავმჯდომარეობის კანდიდატად და აღნიშნა, რომ მას არჩევნებამდე ჰქონდა კულუარული შეთავაზება გიორგი ირემაძესთან, რომ ირემაძეს თავისი კანდიდატურა დაეყენებინა, თუმცა გიორგი ირემაძემ უარი განაცხადა, რის შემდეგაც ბეჟან გობაძემ საკუთარი კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტა თავმჯდომარის პოსტზე.

საბჭოს წევრმა ირაკლი დარცმელიძემ ნატა იმედაიშვილს გუშინ ტელევიზიით მოუწოდა თავი შეეკავებინა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისგან, რადგან იგი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის [პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი კობა ჩხეიძე] მეუღლეა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაზე. ამასთან დაკავშირებით გიორგი ირემაძემ სხდომაზევე განმარტა, რომ ეს ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა ნატა იმედაიშვილს წევრად არჩევის, შემდგომში უკვე თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის დროსაც და ამას მის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

კენჭისყრამდე კანდიდატებმა 5-5 წუთიანი რეგლამენტით ისაუბრეს საკუთარ ხედვებსა და გეგმებზე საბჭოს მუშაობაში. ნატა იმედაიშვილის თქმით, მრჩეველთა საბჭოს მუშაობა ამ დროის განმავლობაში იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული და მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას:

„საბჭოს აქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, იმ თვალსაზრისით, რომ პრიორიტეტების შესასრულებლად ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად მობილიზებული, უფრო მკაფიო პოზიცია გვქონდეს მენეჯმენტთან, ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იყოს უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი მონიტორინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ მგონია, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვენმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ისე უნდა ასახოს, როგორც მოითხოვს ამას დემოკრატია და პლურალიზმი… და მე მგონია, რომ საბჭოს ყველა წევრთან ერთად ვიქნები სწორედ ფარი ამის დასაცავად“, – განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.

ბეჟან გობაძემ თავისი გამოსვლა ნატა იმედაიშვილის კანდიდატურისადმი წინააღმდეგ წასვლის მოტივის ახსნით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ მან ერთხელ უკვე დააყენა ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა ამ პოზიციაზე და როგორც შემდეგ გაირკვა ნატა იმედაიშვილმა იმ არჩევნებზე საკუთარი თავის წინაამღმდეგ მისცა ხმა: „ქალბატონმა ნატამ ეს პასუხისმგებლობა მაშინ ვერ აიღო თუ ვერ აიღო“, – განაცხადა ბეჟან გობაძემ და დასძინა, რომ მან ნატა იმედაიშვილის მხარდაჭერა ვერც ტელევიზიის დირექტორის გადაყენების მოთხოვნის დროს მიიღო, – „მაშინ დირექტორის გადაყენების მოთხოვნა დავაყენე მე და ქალბატონმა ნატამ ამ პროცესებში მონაწილეობაც არ მიიღო. თუ მაშინ ჩემს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მქონდა ეჭვები, ახლა ერთი წლის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ სწორად დავაყენე დირექტორის გადაყენების საკითხი, რაშიც ვერ მივიღე ქალბატონი ნატას მხარდაჭერა და მასაც ვუთხარი, რომ მე მას მხარს, კიდევ ერთხელ, აღარ დავუჭერდი“.

ბეჟან გობაძე გამოსვლაში კრიტიკული იყო საბჭოს ბოლო სამი წლის მუშაობის შესახებაც: „რიგი საკითხები, რასაც კანონი გვავალებდა, ვერ მოესწრო და არ გაკეთდა, რაც მიუთითებს აპარატის და მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის სუსტ მუშაობაზე“, – განაცხადა მან და ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე აქტიური საბჭოს მუშაობის პროცესში ამ ხნის მანძილზე თავად იყო და თავმჯდომარეობის შემთხვევაშიც ასე გაგრძელდებოდა. ბეჟან გობაძემ ასევე ისაუბრა დაფინანსების გაზრდის, პროგრამული ბიუჯეტის, სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და კონკურსის წესით თანამშრომლების აყვანის საჭირობების შესახებ.

საბოლოოდ ფარული კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა 2-2 ხმა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო თავმჯდომარის გარეშე აგრძელებს მუშაობას, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი კვლავ ნატა იმედაიშვილი რჩება.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გაიმართება თავმჯდომარის არჩევნები. თუმცა როგორც საბჭოს წევრებმა განმარტეს, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, თავმჯდომარის არჩევნების გამართვა საბჭოს ამავე შემადგენლობითაც შეუძლია.

აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის ხუთწევრიან სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა დარჩა

 

 

კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება.

ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“.  პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, პეტრო განჯა გათავისუფლებამდე ერთი კვირის განმავლობაში სამსახურში  უმიზეზოდ არ ცხადდებოდა.

როგორც ლელა ბჟალავა აღნიშნავს,  მოსარჩელე  მხარე ითხოვდა  უკანონოდ გათავისუფლებული პეტრო განჯას სამსახურში აღდგენას. ბრძანება, რომელიც გამოსცა შპს „ლიმონი 2009“-ის დირექტორმა პეტრო განჯას გათავისუფლების თაობაზე, აბსოლუტურად უკანონო იყო. „პეტრო განჯა არის უკრაინის მოქალაქე მუშაობდა დილერად აღნიშნულ კაზინოში, სადაც ასეთი წესია: ვინმე თუ რამეს დააშავებს, ხელფასიდან ექვითება თანხა. ეს ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, როცა სამსახურში პეტრო განჯამ მიიღო გაფრთხილება და ხელფასიდანაც თანხა ჩამოეჭრა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ,  აღნიშნული გაფრთხილების საფუძველზე, რატომღაც კაზინომ გადაწყვიტა პეტრო განჯა  და მასთან ერთად ორი თანამშრომელი გაეთავისუფლებინა,“-აცხადებს ლელა ბჟალავა. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კაზინოს ადმინისტრაცია.

„ბათუმელები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კაზინო „ივერიასაც“ დაუკავშირდა,  თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს.

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19-23 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ განხორციელება იგეგმება.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება.

„ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები წყვილში. შესაბამისად, პროექტში მონაწილეობა აღნიშნული საგნის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ“- ნათქვამია ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

აღნიშნული პროექტი საქართველოში მეორედ ხორციელდება. გასულ წელს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ საქართველოს 30-მდე საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიული ლიდერები რეგიონში

კანონპროექტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ამ მოწვევის პარლამენტმა უარი უთხრა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ მიმართულებით  კანონში ცვლილების საჭიროებას ხედავს „თავისუფალი დემოკრატების“ ბათუმის #69 ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბერაძე. ის „ბათუმელებს“ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ხედვებზე ესაუბრა: „ვიცით, რომ ნარკოტიკების შენახვა იქნება ეს, მოხმარება თუ გადაზიდვა, ყველა რგოლი დასჯადია  დღეს. არსებობს საკმაოდ მკაცრი კანონი. ასე დგას საკითხი: ნარკოტიკი და ნარკოდამოკიდებულება განვიხილოთ სისხლის სამართლის დანაშაულად თუ როგორც ავადმყოფობა, როგორც არის საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ გადავიდეთ პრაქტიკაზე, როცა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს. მე ვგულისხმობ მოხმარებას და ასევე, მცირე რაოდენობით საკუთარი მოხმარებისთვის შენახვა-შეძენას, ეს რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კანონით დადგენილი. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ პარლამენტში.“

ანალოგიური პოზიცია აქვთ „რესპუბლიკელებს“. პარტიის რეგიონული ლიდერის ზაურ ახვლედიანის განმარტებით, პარტიის პოზიციაა, რომ კანონში შევიდეს ცვლილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით: „ეს არ არის დანაშაულებრივი ქმედება და ამაზე არსებობს სამედიცინო დასკვნები. ამიტომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს.“

„გირჩმა“ პარტიული ორგანიზაციის დამოკიდებულება იმაზე, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა, წინასაარჩევნო კლიპშიც გამოხატა.  ამ მოსაზრების მომხრეა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯემალ ბერიძეც. „ჩემი აზრი პარტიის აზრს ემთხვევა. დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ჰოლანდიაში მოხმარება არ არის დასჯადი, მაგრამ ეს პრობლემებს არ ქმნის. თუკი დასჯადი არ იქნება, არ იმუშავებს პრინციპი – აკრძალული ვაშლი გემრიელიაო,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის მოსაზრებით, მარიხუანას მომხმარებლის ციხეში ჩასმა არ არის სწორი. მისი მოსაზრებით ამ მიმართულებით ცვლილება კანონში უნდა შევიდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრიდონ ბრეგვაძე ამბობს, რომ დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა მან „ბათუმელებს“ ისიც გაუმხილა, რომ არ გაუხარდება თუ მარიხუანას მოხმარებას მისი შვილიც დაიწყებს:   „ეს არც კრიმინალია და არც არაფერი, მაგრამ ჩემს შვილს არ მივცემდი ამის საშუალებას. მაინც ნარკოტიკია, ჩემი გაგებით. თუმცა მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს. მარიხუანა არც ისეთი მავნეა, ლეგალიზაციაც რომ გააკეთონ და სადმე ბარებში იყოს, კარგიც იქნება, რადგან ჩუმად აღარაფერს გააკეთებენ. პარტიაშიც ასე ფიქრობენ ალბათ, რადგან სწორი ფიქრი ეს არის.“

მარიხუანას დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე. ის მიიჩნევს, რომ შესაცვლელია მიდგომები, რითაც სახელმწიფო ნარკოტიკების მომხმარებლებს ებრძვის: „ის შეურაცხმყოფელი მიდგომები და რაც მოხდა სამტრედიაში [დემურ სტურუას თვითმკვლელობა. სტურუამ, სიკვდილის წინ დაწერილი წერილის თანახმად, პოლიციელის ზეწოლის გამო მოიკლა თავი. პოლიციელი რომას მარიხუანას მომხმარებლების დასახელებას აიძულებდა], თუ ეს მართლა ასე იყო, დაუშვებელია. მომხმარებელი არ უნდა დავაკავოთ, მაგრამ უნდა იყოს სხვა სახის ჯარიმები და შეზღუდვები, რაც მოხმარების წახალისებას შეუშლის ხელს,“ – მიიჩნევს „კონსერვატორების“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი.

„ეროვნული ფორუმის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ანანიძე ამ მხრივ კანონის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია პარტიაში სხვაგვარადაც ფიქრობდნენ:

„თუ ჩვენ  შევალთ პარლამენტში, ეს თემა პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი იქნება. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, საქართველოში ამის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ ფაქტობრივად დანაშაულისკენ ვუბიძგებთ ამ ხალხს, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნები. მე მაქვს სასამართლოში და პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება და ვიცი საით მიდის ეს ყველაფერი. ნორმალურმა ერმა ეს არ უნდა დაუშვას, მითუმეტეს საქართველოში  როცა ტყეებშიც კი არის ეს ბალახი. ეს ახალგაზრდებს გადაიყვანს კიდევ სხვა ტიპის ნარკოტიკების მოხმარებისკენ და საქართველოში კრიმინალი გაიზრდება,“ – ამბობს დავით ანანიძე.

2015 წლის მარტში საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა  დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მცირე ოდენობით კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების განსახორციელებლად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა კანონპროექტი 47 ხმით 21-ის წინააღმდეგ ჩავარდა. პარლამენტმა მხარი არც მისგან გამომდინარე ცვლილებებს დაუჭირა მხარი. კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე 36 ხმით 17-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მოხმარება ისჯება 500-ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“

ბათუმის სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეს განიხილავს

„იმ დღეს როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას დაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო… ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო… მე ორი წლის ბავშვი მეჭირა ხელში. მეც მიმკრა ხელი მამაჩემმა. მერე ეზოში გაგრძელდა ჩხუბი… ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, ბებიაც,“ – ასე აღწერა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის პირისპირ მყოფმა სოფო ზ.-მ საკუთარ დედაზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ამბავი. გოგონამ ისტორიის მოყოლა რამდენჯერმე შეწყვიტა მორეული ცრემლის გამო.

გამოძიება ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ თემურ ზ.-ს, ასევე მასთან ერთად მცხოვრებ დას და დედას ოჯახში ძალადობას ედავება, რომელიც არაერთგზის განხორციელდა ჯგუფურად მცირეწლოვნის თანდასწრებით. დაზარალებული ქალი თემურის ყოფილი ცოლია, რომელსაც ის რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად გაშორდა. განქორწინების შემდეგ ისინი საერთო საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. დედამ ორ შვილთან ერთად განაგრძო ცხოვრება, სახლის მეორე მხარეს კი, ყოფილი მეუღლე, დედამთილი და მული დარჩა. რამდენიმე მოწმის ჩვენების მიხედვით, ოჯახში კონფლიქტები მას შემდეგ გააქტიურდა, როცა თემურმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად – საკუთარი გათხოვილი შვილის მული.

„ასე იყო. მეც მინდოდა სცოდნოდა ლიკა კ.-ს ვის მიყვებოდა ცოლად. ლიკა ჩემი მულია. მასთან დაოჯახდა მამაჩემი,“ – უთხრა სოფო ზ.-მ მოსამართლეს. მისი თქმით, მამა, ბებია და მამიდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემას ხელოვნურად უქმნიდნენ დედას, რომ მას სახლი დაეტოვებინა და წასულიყო.

საკუთარი მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა სასამართლოს სოფოს ძმამაც, რომელიც სავარაუდო ძალადობის დროს მცირეწლოვანი იყო. გოგიტა ზ.-მ დის მსგავსად თქვა, რომ მამასთან ერთად დედას ბებია და მამიდაც სცემდნენ: „მე გაშველებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა…“

„ეს იყო ბევრჯერ… პოლიცია ვინ იცის, რამდენჯერ გამოვიძახეთ, მაგრამ არ გვაქცევდნენ ყურადღებას. ბოლოს თოვლში რომ სცემეს დედაჩემი და სასწრაფოს გამოძახება დარჩა საჭირო, მერე აღიძრა საქმე,“ – თქვა სოფო ზ.-მ. მას ჩვენების მიცემის დროს აღელვებულმა მამიდამ დაფიცება სთხოვა იმის დასადასტურებლად, რომ ის დედამისს ნამდვილად სცემდა. მოსამართლემ ბრალდებულს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამ დროს გოგონა კიდევ ერთხელ ატირდა.

„აშკარაა, რომ კონფლიქტი უკავშირდება ბრალდებულის მიერ ახალი ოჯახის შექმნას და ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. იგივე და-ძმას არ ახსოვთ ზუსტად დღის რომელ მონაკვეთში მოხდა ძალადობა, როცა ისინი თოვლში ცემას აღწერენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. დაკითხვის დასრულებისთანავე მოწმედ დაკითხულმა და-ძმამ სასამართლო დარბაზი დატოვა.

პროკურატურა სამივე ბრალდებულს  ოჯახში ძალადობას  ორ ეპიზოდში ედავება. რა ნახეს ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა – ამას ისინი მოსამართლეს შემდეგ სხდომაზე მოუყვებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თითოეული ბრალდებული დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით – ერთიდან სამ წლამდე.

ძალადობა
ბრალდებულები ადვოკატთან ერთად სასამართლო პროცესის შემდეგ / ფოტო: ჯაბა ანანიძე

ხელვაჩაურში სტიქიამ 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა  სოფელ ზედა თხილნარში. მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია, რომელიც საკუთარი საკალმახე მეურნეობის გაწმენდისას ადიდებულმა წყალმა ჩაიყოლა.

დაკარგულ მამაკაცს დილიდან ეძებდნენ მაშვლები. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ  ახალგაზრდა მამაკაცის, ცხედარი, რომელიც დღეს დილით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ გამორიყა, თხილნარში დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნის.

ილია მეორე გონიოში ჩავიდა

დღეს, პირველ სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე გონიოში ჩავიდა. პატრიარქი იმ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელიც ზღვაში დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად იმართება.

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

საქართველოს პრემიერ-მიმისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა ადგილობრივი ძალებით გაგრძელდება. 

14163883_1166261930113665_971806652_o
გონიო, 1.09.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

14233699_1166262046780320_788630154_o14182678_1166229380116920_1899422993_n

14203572_1166290926777432_1992603128_o14233393_1166290850110773_76133928_o

“კაბელების საქმის” და უგულავას სარჩელის განხილვა არ შედგა

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, პირველ სექტემბერს დანიშნული არსებითი განხილვა ე.წ. “კაბელების საქმეზე” და გიორგი უგულავას სარჩელზე, არ შედგა. განხილვა დღის სამი საათისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ მხარეებს სასამართლოს ადმინისტრაციამ აცნობა, რომ განხილვა არ შედგებოდა. სასამართლოს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. დღევანდელ სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, ე.წ. “კაბელების საქმეს”, საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი უგულავას სარჩელთან ერთად განიხილავს. დავის საგანი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ნორმატიული შინაარსია, რაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხება.

“მოსამართლეები ანგრევენ კონტიტუციურ მართლწესრიგს,” – უთხრა “ბათუმელებს” სასამართლო სხდომის დარაბზში ბექა ბასიალაიამ, ის გიორგი უგულავას ადვოკატია. ბასიალაია კოკნრეტულ მოსამართლეებსაც ასახელებს, ვინც, მისი ინფორმაციით, დღეს საქმის განხილვაზე უარი თქვა: “ესენი არიან ტურავა, სიჭინავა, ფაფიაშვილი და თავაძე. ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს ცდუნებას და შანტაჟს და დადიან “შატალოზე”. ისინი ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, რომ უგულავა არ გათავისუფლდეს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე. რეალურად მოსამართლეების ასეთი მოქმედება იძლევა მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის დასმის საშუალებას, მაგრამ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უკვე ჯიბეში უდევს ხელისუფლებას.”

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დასკვნითი სიტყვების ეტაპი სასამართლოში მეორედ გადაიდო. “იგივე მერაბ ტურავა, მოსამართლეა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ჩვენ დასკვნითი სიტყვა მისი ნაშრომების მიხედვითაც დავწერეთ, ამიტომაც არ უნდათ მათ ამის მოსმენა. ეს დამოკიდებულება აზიანებს არა კონკრეტულ პატიმრებს, არამედ ქვეყნის საგარეო იმიჯს,” – ამბობს ლევან სამუშია.

როდის გაიმართება საქმის არსებითი განხილვა – თარიღი ჯერ უცნობია.

ზღვაში დაკარგულ სამხედროებს პატივს მიაგებენ

დღეს, გონიოში ზღვის სანაპიროსთან, სადაც წვრთნების დროს ორი სამხედრო ზღვაში დაიკარგა, ღონისძიება გაიმართება. ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივს მიაგებენ და ტრადიციისამებრ, ზღვაში გვირგვინებს ჩაუშვებენ. ადგილზე უკვე იმყოფებიან მესამე ქვეითი და სპეციალური ძალების შემადგენლობის წარმომადგებნლები.

ღონისძიება რამდენიმე წუთში დაიწყება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქ ელოდებიან დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

14163661_1166190483454143_405775095_o
გონიო, 1.09. 2016 / როინ გუნდაძის ფოტო

რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით

იპოთეკარების საპროტესტო აქციები ბათუმში განახლდა. აქციები იანვრიდან შეწყდა, როცა პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით არაფერი შეცვლილა – ისევ ასახლებენ. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა სარჩელი, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვენ.

საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი მოქალაქე გია ნოდიაა. მას საჯარო აუქციონის გზით შეუძენია საცხოვრებელი ბინა თბილისში, თუმცა ყოფილი მესაკუთრე ბინას არ ათავისუფლებს: „გიას მსგავსად სხვა, კანონიერ მესაკუთრესაც ამ წესის მიხედვით უწევთ სასამართლოსთვის იმის მტკიცება, რომ ისინი არიან მესაკუთრეები. კანონში ჩაიწერა, რომ ამ ტიპის საქმე სასამართლომ ერთ თვეში უნდა განიხილოს, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდება და არც მოლოდინი გვქონდა ამის. გია ნოდიას საქმის განხილვა წელიწადზე მეტია გრძელდება სასამართლოში,“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოში გია ნოდიასთან ერთად, ბიზნესასოციაციის და საბანკო ასოციაციის ინტერესებს იცავს.

იპოთეკით დაზარალებულებმა სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე იცავს: „კანონის შეცვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ სასამართლო გაარკვევდა, აქვს თუ არა ადამიანს სხვა საცხოვრებელი, თუ ის ღია ცის ქვეშ რჩება. შემცირდა თუ გაიზარდა პირის გადახდისუნარიანობა და სამართლიანია თუ არა, რომ ახალი ვადები დაუწესდეს მას აღებული სესხის დასაფარად. რეალურად მივიღეთ ის, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალურად განიხილავს ქონების ჩამორთმევის საკითხს და მაინც მივდივართ გამოსახლებამდე. მეორეა თაღლითობის შემთხვევები, რომლის გამოძიებაც გაჭიანურებულია და არ ასრულებს პროკურატურა“.

თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე დაახლოებით 10 შემთხვევა განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ათივე შემთხვევაში გამოსახლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მხოლოდ ერთი ოჯახის გამოსახლება მოხერხდა. „სხვა ოჯახები არ გამოდიან ნებით, იძულებით აღსრულებაზე კი, ჯერ არ მისულა საქმე“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

სამი მოვალის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ლელა ბჟალავა იცავდა. მისი შეფასებით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: „აღნიშნული გადაწყვეტილებით ნათქვამია, რომ ბანკმა უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად იქნება შესაბამისობაში მოვალის ინტერესებთან და არ მოახდინოს ქონების რეალიზება, თუკი არსებობს უფლების დაკმაყოფილების ალტერნატივა. საფინანსო ორგანიზაციამ, თუ მევახშემ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მსესხებელს და უძრავი ქონების გაყიდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვოს, როცა თანხის ამოღების ყველა სხვა გზა ამოწურულია“, – ამბობს ლელა ბჟალავა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავს ბიზნესზე, ვიდრე ფიზიკურ პირებზე. მათი რეალური ინტერესების დამცველი ისევ არ არსებობს, ბანკები კი ორგანიზებულად ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას“, – გვითხრა ლია ელიავამ, ეკონომიკის ექსპერტმა. ის ერთ-ერთია, ვინც საკანონმდებლო ცვლილებისგან პოზიტიური მოლოდინი ჰქონდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ იყო და რეალურად სასამართლოს „გამოსახლების საქმეები“ ხელისუფლებამ სათანადო საკანონმდებლო ბაზის გარეშე გადააბარა. „ჩვენთან ჯერ კიდევ არ განუხილავთ კანონი, რომელიც ყველა ცივიზილებულ ქვეყანაში მოქმედებს – ესაა ფიზიკური პირის გაკოტრება. როცა ადამიანს აღარანაირი საშუალება არ აქვს სესხის დაფარვის, არის შემთხვევები ევროპის ქვეყნებში, როცა სასამართლო მთლიანად ჩამოაწერს მას ვალს და ეს გადადის მსესხებლის ზარალში. შესაძლებელია, ადამიანს სახელმწიფომ მნიშვნელოვნად შეუმციროს გადასახადები, დაუწესოს სესხის დაფარვის ახალი განრიგი, ასევე აძლევს უფლებას იცხოვროს სახელმწიფო სოციალური სახლებით“.

ეკონომიკის ექსპერტი რამდენიმე მიმართულებას ასახელებს, რაც მისი შეფასებით კანონმდებლებს უნდა აესახათ კანონმდებლობაში: „ფაქტია, როცა სესხს იღებ, ის უნდა დააბრუნო უკან, მაგრამ მეორეა ამ სფეროს რეგულირება, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენთან იმიტომაა მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომ პატიოსან მოქალაქეს სჯიან რისკებით, იქნებ ვინმემ ვერ გადაიხადოს საპროცენტო, ან სესხი ვერ დაფაროსო. რეალურად ეს რისკი პატიოსან, გადახდისუნარიან მოქალაქეზე აისახება. უნდა არსებობდეს ასევე გირაოს შესახებ კანონი, ასევე საპროცენტო განაკვეთის რეგულირება. პრობლემურია დღემდე უძრავი ქონების შეფასებაც. დღეს ქონების ღირებულებას თავად ბანკები საკუთარი მადის მიხედვით აფასებენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მინიმუმ არაკომპეტენტურია. პროფესიონალურია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შეფასება, მაგრამ ბანკები მათ შეფასებისთვის იშვიათად მიმართავენ. მოქალაქეები ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ, რომ მომსახურება ძვირია“.

„ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ის არის ორიენტირებული იმაზე, რომ ფულით გააკეთოს უფრო მეტი ფული“, – პასუხობს განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებს ლევან ალაფიშვილი, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორების ინტერესების დამცველი. მისი თქმით, მოვალეებს საქართველოში გაცნობიერებული არ აქვთ მარტივი მოცემულობა, რომ სესხს დაბრუნება სჭირდება: „როცა ფულს იღებდი ბანკში, მაშინ არ იცოდი, რომ უკანონო ხელშეკრულებას აწერდი ხელს? მე უფრო მეტს გეტყვით: ამ პროცესით საბოლოო ჯამში, ისევ იპოთეკარები და ჩვეულებრივი მოქალაქეები ზარალდებიან. საფინანსო ორგანიზაციებმა უკვე იციან, რომ უძრავი ქონებიდან პირის გამოყვანა გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზეა დამოკიდებული. რისკი გაიზარდა, გაიზარდა – საპროცენტო განაკვეთი. იპოთეკარებმაც რა მოიგეს? სასამართლო მაინც აკმაყოფილებს კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნას. მათ დროის ხარჯვის და ენერგიის გარდა, დამატებით სახელმწიფო ხარჯის დამატებაც უწევთ. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმი. მაშინ მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავდნენ იპოთეკარები და ამით თითქოს გააჩუმეს“.

„არაფერიც არ შეიცვალა“, – გვიპასუხა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა კითხვაზე, რა შედეგი მოიტანა იპოთეკარების მოთხოვნების შემდეგ კანონმდებლობის შეცვლამ. გიორგის შეფასებით, შედეგი არის ის, რომ პროცესი დროში გაიწელა, კიდევ უფრო გადაიტვირთა სასამართლოები და გამოსახლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიცია. „ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულება და წინასაარჩევნო დაპირება, რომ ის ამ პრობლემას ეფექტურად გადაწყვეტდა, შეუსრულებელია“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„შეხვედრები მაქვს, ვმუშაობ, არ მცალია. კანონის მიღებით დაფიქსირებულია უკვე ჩემი პოზიცია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – ამ მოკლე პასუხის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ტელეფონი გაგვითიშა. ის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და კანონმდებლობაში გამოსახლების შესახებ შესული ცვლილების აქტიური მხარდამჭერი იყო.

ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, პირველ სექტემბერს, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ვინაობა დადგენილია და ცხედარი არ ეკუთვნის ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცებიდან არც ერთს.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სადაც  მიწის მასა ჩამოიშალა რამდენიმე სოფელში და მეწყრული მოვლენები განმეორდა.

დაზიანდა კერძო სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. უხვმა ნალექმა დააზიანა სოფლებში: ზემო წინსვლაში, ფერიაში, ავგიაში, თხილნარსა და სამებაში რამდენიმე ოჯახი. სოფელ ფერიაში, ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი;  დაზიანდა საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი.

შვიდამდე ოჯახი დაზარალდა და ერთი საფრთხის წინაშე დგას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაქვსა და ჩაისუბანში.

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის გამგებელი დაზარალებულ ოჯახებს მოინახულებს:

„საჭიროების შემთხვევაში მოხდება ოჯახის სახლიდან გამოყვანა და დროებით თავშესაფარში გადაყვანაც, თუმცა არამგონია ეს საჭიროება დადგეს“, – განაცხადეს ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში.

„ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა ბათუმის ცენტრალური ქუჩების ნაწილი და მახინჯაურის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ჭაობის დასახლების ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ივანიშვილის პროგნოზი: 15-მდე დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, 100-მდე პარლამენტში „ოცნებიდან“

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ 15-მდე, ხოლო საქართველოს პარლამენტში 100-მდე დეპუტატის ხილვას პროგნოზირებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. მან ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„პლუს-მინუს 10%, ვერ წარმომიდგენია 90 დეპუტატზე ნაკლები იყოს საქართველოს პარლამენტში, ეგ უფრო ნაკლებად წამომიდგენია, ვიდრე 115“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება ბოლო 200-300 წლის განმავლობაში და უკანასკნელი 25-30 წლის გამოცდილება არასაკმარისია სახელმწიფოს მართვისა და შეფასების კარგად სასწავლად. ივანიშვილის თქმით, „ჩვენს მოსახლეობას აქვს პრობლემები შეფასებაში“ და მას რეგიონულ მედიასთან შეხვედრებით, სურს „მათ ვისაც სჯერა ბიძინა ივანიშვილის“, დაეხმაროს ანალიზში და სწორედ ამ ანალიზში გამოიკვეთება, თუ რატომ უნდა შევიდეს „ქართული ოცნების“ ასი დეპუტატი პარლამენტში, ხოლო 15 აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21, ხოლო საქართველოს პარლამენტში სულ 150 წევრია, როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარული წესით არჩეული.

მეწყრული პროცესები საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ ცხმორისში, ჩარგაულარის უბანში საუბნო გზაზე მეწყრის შედეგად ჩამოსულმა მასამ 12 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის 3 მთას, პირველი მაისის ორ სოფელსა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულს.

„მობილიზებულია მობილური ჯგუფები, ტექნიკა და შესაბამისი უწყებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხი მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები. სასმელი წყალი მიეწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. სიტუაცია მართვადია. ქედაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

უამინდობა ბათუმში: გადაკეტილი წყლის სათავე ნაგებობები, დატბორილი ქუჩები და სადარბაზოები

ბათუმში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. უხვი ნალექის გამო, შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დროებით გადაიკეტა ჩაისუბნისა და ჩაქვის სათავე ნაგებობები და წყლის მიწოდება შეუწყდათ: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, ბენზეს, გარადოკის, განთიადის, თამარის და ბარცხანის დასახლებებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნონეშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

წყლის მიწოდება დღეს დილიდან უნდა აღდგენილიყო, მაგრამ „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ უხვი ნალექის გამო წყლის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე თქმით, სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს და ცხელ ხაზზე შესულ ყველა ზარზე გასულია ბრიგადები:

„კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი არ გვაქვს, მაგრამ გასულია ბრიგადები, ტარდება ამოტუმბვითი სამუშაოები“, – თქვეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში და აღნიშნეს, რომ ოფიციალურ განცხადებას შპს „ბათუმის წყალი“ დღის ბოლოს გააკეთებს.

ბათუმში ამ დროისათვის დატბორილია რამდენიმე ქუჩა; ასევე დატბორილია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე მაღაზია.

ადიდებული მდინარე მეჯინისწყალი ავტომაგისტრალსა და მიმდებარე ქუჩებში გადმოვიდა. უამინდობამ ავტომაგისტრალის ჩაქვი-ქობულეთის მონაკვეთზე [უღელტეხილი] საცობი გამოიწვია.

მოსალოდნელი უამინდობის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

ადიდებული მდინარე მეჯინისყალი, გზის სავალ სავალ ნაწილზე / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ადიდებული მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი და დატბორილი გზის სავალი ნაწილი / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ადიდებული მდინარე მეჯინისყალი, გზის სავალ სავალ ნაწილზე / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ადიდებული მდინარე მეჯინიწსყალი, გზის სავალ ნაწილზე / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
20160901_093115
აღმაშენებლის ქუჩაზე მაღაზიებში წყალი ჩავიდა / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
20160901_093155
აღმაშენებლის ქუჩა / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
20160901_093137
აღმაშენებლის ქუჩა / ფოტო: ირმა დიმიტრაძე

20160901_093151

მაიაკოვსკის ქუჩა / ფოტო: შორენა ამაღლობელი
მაიაკოვსკის ქუჩა / ფოტო: შორენა ამაღლობელი
მაიაკოვსკის ქუჩა. დატბორილი სადარბაზო / ფოტო: შორენა ამაღლობელი
მაიაკოვსკის ქუჩა. დატბორილი სადარბაზო. აქ მცხოვრებლებს „ბათუმის წყალში“ უთხრეს, რომ ამოსატუმბ მანქანებს ვერ გამოუშვებენ, „სამაშველო სამსახურში“ კი ეუბნებიან, რომ ყველა მანქანა გამოძახებაზეა  / ფოტო: შორენა ამაღლობელი

ქირავდება დღიურად ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 50-კვ.მ ბინა

ქირავდება დღიურად ბათუმში, ზვიად გამსახურდიას (ყოფილი ორჯონიკიძის) ქუჩაზე  50-კვ.მ ბინა. ფასი: 100 ლარი.

samaklero.ge

5.

Exit mobile version