სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა დარჩა

21.08.2015 • 2684
აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა დარჩა

Jpeg

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ბორდის ორ წევრს: ნატა იმედაიშვილს და გიორგი ირემაძეს.

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ტელევიზიის დირექტორის გადაყენება განიხილებოდა, ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სოსო სტურუას გადაყენებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე ითხოვდნენ.

ბეჟან გობაძე ამბობს, რომ მისთვის დასაწყისშივე გასაგები იყო ბორდის წევრების პოზიცია, რადგან ამ საკითხებზე სხდომის გარედაც ჰქონიათ საუბარი – “მე ვგრძნობდი, რომ თავიდანვე ჰქონდათ ასეთი პოზიცია, უბრალოდ არ ველოდი, არ მინდა ვთქვა რომ გამბედაობა არ ეყოთ. მე ვიფიქრე, რომ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას და მათ პოზიციას დააფიქსირებდნენ და რაღაც კითხვის ნიშნები კვლვაც არ დარჩებოდა იმიტომ, რომ გავიდოდა დავუშვათ სამით ორზე. ახლა ისეთი შედეგია – იმ ორ ადამიანს რომ მიეღო მონაწილეობა, რა იქნებოდა არ ვიცით და მათ სამწუხაროდ არ მიიღეს კენჭისყაში მონაწილეობა. სამწუხაროდ, გარკვეული თეორიული (არ ვამბობ რომ სამართლებრივი) კითხვის ნიშნები დღემდე რჩება დირექტორის დატოვებასთან დაკავშირებით” – თქვა მან.

ნატა იმედაიშვილის თქმით, მისი თავშეკავების მიზეზი ის შესაძლო საფრთხეა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დირექტორის გადაყენების მოთხოვნის პროცესი შეიძლება პოლიტიკური ძალების მიერ იყო ინსპირირებული: “ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ შემეშინდა და საფრთხე ვიგრძენი, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ საჯარო დისკუსია, საჯაროდ განხილვა იმის თაობაზე თუ რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებელში არ მომხდარა და სწორედ ამის გამო მოხდა თავშეკავება ჩემი მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ ორი თვის განმავლობაში ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების პროცესში, ჩვენ უზრუნველვყობთ საჯარო დისკუსიებს და გავიგებთ საზოგადოების მოსაზრებას – თუ რა უნდა მას. საუბარია იმაზე თუ, რამდენად მოსწონს ტელევიზიის თანამშრომლების დიდი ნაწილიდან სოსო სტურუას მუშაობა და რას ელოდებიან მისგან. მე ჩემი მხრიდან გავაკეთე გამოკითხვა თანამშრომლებისა და მათი დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავამართლებ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ შიში და საფრთხე იმისა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამუქრებოდა რაიმე საფრთხე პოლიტიკური პარტიებისგან, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩემი აზრით, სწორედ ეს საფრთხე ავარიდე აჭარის ტელევიზიასა და რადიოს” – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

“დღესა და წინა შეხვედრებისა თუ მსჯელობების დროს, მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ არგუმენტები, რომლებიც ბატონმა ბეჟანმა წარმოადგინა, რომლებშიც იკითებოდა მკაცრი კრიტიკული ნოტა – საგულისხმო და სამართლიანი იყო. თუმცა ჩავთვალე, რომ  არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მიგვეღო უკიდურესი გადაწყვეტილება  დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჩავთვალე, რომ მიუხედავად  რიგი საკითხებისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, არსებობს შესაძლებლობა და რესურსები საიმისიოდ, რომ მენეჯმენტმა მოახერხოს და დასძლიოს ის ლაფსუსები, რომლებმაც ბატონი ბეჟანისა და ბატონი ირაკლის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხის აღძვრა გამოიწვია”- ამბობს გიორგი ირემაძე.

Jpeg

სოსო სტურუა ამბობს, რომ შეეცდება გაამართლოს მრჩეველთა საბჭოს ნდობა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა მრჩეველთა საბჭოსა და ხელმძღვანელის შეთანხმებით უნდა მოხდეს – “მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს ზედმიწევნით კონსტრუქციული, წინააღმდეგ შემთხვევაში შევალთ ჩიხში. უნდა იყოს ურთიერთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შეჯერებული აზრი, რომელსაც უმრავლესობა მიემხრობა და იქნება განხორცილებული. მე ამისთვის მზად ვარ” – ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი