კვირის ამბები,სიახლეები

„მონოპიესების ფესტივალი“ ბათუმში

06.09.2016 • 2031
„მონოპიესების ფესტივალი“ ბათუმში

დღეს, ექვს სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება. ფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება და დღეში ორ მონოსპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. ორგანიზაცია „Art Way“ მონოპიესების ფესტივალს ბათუმში მესამედ ატარებს.

წელს ფესტივალს ორი უცხოელი მონაწილე – უკრაინელი დრამატურგი და აზერბაიჯანელი რეჟისორი ჰყავს. მათ ქართველ მსახიობთან ერთად საერთო ჯგუფი შექმნეს, ბიუჯეტის სიმცირის გამო საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ საქართველოში და ფესტივალზეც სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორები – ნინო ჩხაიძე და ოთარ ქათამაძე ამბობენ, რომ ყველანაირად ეცდებიან, მომავალ წელს უკვე ფესტივალი საერთაშორისო გახდეს და მისი დაფინანსებაც ადგილობრივმა მთავრობამ პროგრამულ ბიუჯეტში გაითვალისწინოს. მანამდე კი ფესტივალი წინა წლებთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტით – 9 280 ლარითა და ენთუზიაზმით იმართება. ორგანიზატორებმა ფესტივალისთვის ამ თანხის მოძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსის მეშვეობით მოახერხეს.

უკრაინელი დრამატურგის მონოპიესა ორგანიზატორებმა საკუთარი ძალებით თარგმნეს და მომავალში, თუკი ფესტივალის საერთაშორისო გახდება, ყველა მონოპიესის ქართულად დადგმას გეგმავენ.

„ბიუჯეტის 80% მონაწილეთა ბათუმში ჩამოყვანისა და დაბინავების ხარჯებზე მიდის, დანარჩენი თანხა ორი მოწვეული კრიტიკოსისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებასა და ტრანსპორტირების ხარჯებზე ნაწილდება“, – გვიხსნის ნინო ჩხაიძე. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული იყო ხუთი დრამატურგის მონოპიესის წარმოდგენა, თუმცა ბევრი მსურველის გამო წინა წლების მსგავსად წელსაც დაამატეს ორი დრამატურგი: „ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მონოპიესებზე, მთავარი სწორედ ეს არის, ამიტომ ჩვენ ვარჩევთ და ვიწვევთ დრამატურგებს, ისინი კი თავად ირჩევენ რეჟისორს, რომელსაც მოჰყავს მსახიობი. შესაბამისად ჯგუფში სამი ადამიანია, თუმცა ისეც ხდება, რომ დრამატურგი თავად ითავსებს რეჟისორის ფუნქციას“.

როგორც ოთარ ქათამაძე გვიხსნის, ფესტივალის მონაწილეები ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ერთგვარ ლაბორატორიაში, სადაც მუშაობენ, რეპეტიციებს გადიან, ქმნიან ან ცვლიან მონოპიესების ტექსტებს. წელს ასეთი ადგილი გონიოში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროა. ოთარ ქათამაძის თქმით, ეს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთი ჯგუფის ჩამოყვანა, რომელიც დამწყებმა თბილისელმა დრამატურგმა შექმნა, ვერ მოხერხდა, რადგან „თანხა არ გვეყო და შევთანხმდით, რომ თბილისში იმუშავებენ და ფესტივალის მიმდინარეობის დროს შემოგვიერთდებიან“, – დანანებით აღნიშნა ოთარ ქათამაძემ.

ორგანიზატორების თქმით, მონოპიესები ფესტივალისთვის სპეციალურად იწერება, ან არსებულს პირველად საგანგებოდ დგამენ.
„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული დრამატურგიის განვითარებას და ვცდილობთ, კონკრეტულად მონოპიესები გახდეს აქტუალური. დღესდღეობით საქართველოში ფაქტობრივად არ ბეჭდავენ ახალ დრამატურგებს, მათ არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ და ვინაიდან და რადგანაც ქართული დრამატურგია ავითარებს ქართულ თეატრს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მისახედია სწორედ დრამატურგია. მონოპიესების კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ დიდ ფინანსურ რესურს არ მოითხოვს და დრამატურგს, რომელსაც ყოველთვის ჰყავს ერთი მეგობარი რეჟისორი და რეჟისორი, რომელსაც ასევე შეუძლია ერთი მსახიობის პოვნა, აძლევს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედება აჩვენოს საზოგადოებას“, – ამბობს ოთარ ქათამაძე, მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. იგი დასძენს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დრამატურგი ორგანიზატორებს სთხოვს დახმარებას რეჟისორის შერჩევაში: „მაგალითად, წელს ლია ლიქოკელმა გვთხოვა მისი პიესისთვის რეჟისორის შერჩევა და ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ამ მხრივ, ვცდილობთ დრამატურგებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი“!.

ნინო ჩხაიძის განმარტებით, ფესტივალი კარგ შესაძლებლობას აძლევს ხელოვანებს გაიცნონ ერთმანეთი და ასევე გააცნონ საკუთარი შემოქმედება თეატრალური სფეროს სხვა წარმომადგენლებს:

„წინა წლებში საკუთარი სურვილით ჩამოდიოდნენ კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები თუ ლიტერატურათმცოდნეები და წერდნენ რეცენზიებს, რომლებსაც აქვეყნებდნენ სხვადასხვა გამოცემაში. წელს უკვე ორი მათგანი ოფიციალურად გვყავს მოწვეული, ისინი ყველა სპექტაკლზე მოამზადებენ რეცენზიას და ბოლოს მთლიანად ფესტივალს შეაფასებენ. ასევე ბოლოს გამოვა მონოპიესების კრებულიც, რაც ქართული ლიტერატურისთვის კარგი შენაძენი იქნება“, – ამბობს ნინო ჩხაიძე და აღნიშნავს, რომ გასულ წელს უკვე გამოიცა პირველი ორი წლის ფესტივალებზე წარმოდგენილი მონოპიესების კრებული, სადაც 11 მონოპიესა შევიდა.

ორგანიზატორების თქმით მონოსპექტაკლები ბათუმში, სხვადასხვა სივრცეში გაიმართება და არ იქნება მხოლოდ თეატრის სცენაზე წარმოდგენილი. როგორც ოთარ ქათამაძე ამბობს, მონოპიესებმა სოციალური დატვირთვა შეიძინა და დრამატურგებისთვის სხვადასხვა პრობლემატურ თემაზე საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანისათვის თეატრის სცენა უკვე აღარ იყო საუკეთესო საშუალება:

„რადგანაც ეს გახდა რაღაც ტიპის სოციალური პლატფორმა, ჩვენ გადავინაცვლეთ ღია ცის ქვეშ, პარკინგებზე, მშენებლობებზე… თავისუფალი სივრცეების ათვისება მოხდა, რაც კიდევ უფრო კარგია. თან ადგილებს მონაწილეებთან ერთად ვარჩევთ და ვცდილობთ იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული და მისაწვდომი ყველასთვის“, – ამბობს ოთარ ქათამაძე.

„სულ შვიდი მონოსპექტაკლი დაიდგმება, მაგრამ რადგან ღია ცის ქვეშაც გვაქვს დაგეგმილი წარმოდგენა, დროის ეს შუალედი, 6-11 სექტემბრამდე, ავიღეთ, უამინდობის შემთხვევაში გადადება რომ მოვახერხოთ. რაც შეეხება იმას, რომ დღეში ორი მონოსპექტაკლია დაგეგმილი, სივრცეები და გრაფიკი ისეა შერჩეული, რომ მაქსიმუმ ათი წუთის დაშორებით იყოს ერთმანეთისგან, ასე რომ მაყურებელს ორივე მათგანის ნახვა შეეძლება“, – გვიხსნის ნინო ჩხაიძე.

ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ფესტივალით დაინტერესება იზრდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ორგანიზატორებს აძლევს მოტივაციას, რომ გაორმაგებული ძალებით ეცადონ მომავალი წლისთვის ქალაქის პროგრამულ ბიუჯეტში ფესტივალის შეტანას და მის საერთაშორისო დონეზე ჩატარებას: „თავიდან ასე იყო საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალიც და როცა დაინახეს, რომ გაამართლა, ჩასვეს ბიუჯეტში… იმედი გვაქვს, ჩვენც შევძლებთ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი დღეს ჩვენი საზოგადოებისა და თეატრალური სფეროს განვითარებისათვის“.

იხილეთ ინფორმაცია ფესტივალის გრაფიკის შესახებ.

ფოტო: მონოპიესების ფესტივალი 2014

გადაბეჭდვის წესი