მთავარი,სიახლეები

საია, ჩერნოვეცკის კანდიდატურის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას ითხოვს

05.09.2016 • 1829
საია, ჩერნოვეცკის კანდიდატურის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის  კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას სთხოვს.

კიევის ყოფილი მერი, რომელიც რამდენიმე წელია ქობულეთში ცხოვრობს,  2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეტალურად შეისწავლა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ლეონიდ ჩერნოვეცკის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და გვაქვს  საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის რეგიტრაციას მაჟორიტარობის კანდიდატად, საფუძვლად უდევს დაინტერესებული პირის (ლეონიდ ჩერნოვეცკის) უკანონო მოქმედება, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი“-ნათქვამია საიას განცხადებაში.

ლეონიდ ჩერნოვეცკი

ლეონიდ ჩერნოვეცკი

საია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ სამართლებრივ გარემოებებზეც.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. უდავოა, რომ სუბიექტი, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს პარლამენტის წევრი, ვალდებულია აკმაყოფილებდეს იმ ცენზს, რომელიც დადგენილი არის კანონმდებლობით.

ლოგიკურია ასევე ისიც, რომ ქართული ენის ცოდნის სავალდებულობა გამოწვეულია იმ ფუნქციური როლიდან გამომდინარე, რომელსაც ასრულებს პარლამენტის წევრი. ამიტომ წარმოუდგენელია პარალმენტის დეპუტატმა, რომელიც ვერ ფლობს ქართულ ენას აქტიურად განახორციელოს სადეპუტატო მანდატის ფარგლებში მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები.

ლეონიდ ჩერნოვეცკისთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია არაერთი ვიდეო სიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს რუსულ ენაზე გამომდინარე აქედან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ვერ ფლობს ქართულ ენას, რაც გამორიცხავდა მის რეგისტრაციას მაჟორიტარობის კანდიდატად.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ ქართული ენის ფლობის ფაქტი არ გადაუმოწმებია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს სააარჩევნო კოდექსის 111-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო დაიწყოთ ადმინისტრაციული საქმის წარმოება #81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 27 აგვისტოს N07/2016 განკარგულების კანონიერების შესწავლის მიზნით და განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“.

„ბათუმელები“ ლეონიდ ჩერნოვეცკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ საკითხზე ჯერ–ჯერობით ვერ ისაუბრებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: