ვინ ჩაიბარებს ყურძენს

აჭარის მთაში მოსახლეობის ნაწილმა ყურძენი დაკრიფა და გაყიდა კიდეც, მოსავლის ნაწილი კი დასაკრეფია. აქ ყურძის მიმღები პუნქტები არ არის, მაგრამ არის ღვინის საწარმო, რომელსაც წლის განმავლობაში 500-მდე ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. თუმცა, ქედის საწარმო წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ ჩაიბარებს და შესაძლოა არც ცოლიკაური მიიღოს.

აჭარის მთის სოფლებში, ძირითადად, გავრცელებულია ვაზის ჯიშები – ჩხავერი და ცოლიკაური. ამ ყურძენზე მოთხვნა დიდია და ფასიც შესაბამისად მაღალია. იქედან გამომდინარე, რომ ჩხავერი დახრილ ფერდობზე კარგად ხარობს, ვაზის ეს სახეობა აჭარის მაღალმთიან სოფლებში ხშირად გვხდება. ჩხავერი ყველაზე მეტად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისსა და ოქტომბერშია გაშენებული. გარდა ქედისა, ჩხავერი შუახევშიც გამოჰყავთ. რაც შეეხება ცოლიკაურს, ვაზის ეს სახეობა აჭარის მაღალმთიან სოფლებში თითქმის ყველგან გვხდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში მცხოვრებ რომან ფუტკარაძეს ყურძენი წლებია გამოჰყავს, თუმცა საკუთარ მეურნეობაში მოწეული ყურძენი თითქმის არასდროს გაუყიდია. ფიქრობს, რომ ყურძნის საბაზრო ღირებულება დაბალია, ამიტომ ურჩევნია ღვინო დაწუროს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ღვინის რეალიზების პრობლემა არ აქვს და უფრო მომგებიანიცაა.

„110 კვადრატზე სულ 300-მდე ძირი ვაზი მაქვს გაშენებული, ცოლიკაურის, ალადასტურის, უსახელაურის, ჩხავერის საადრეო და საგვიანო ჯიშების ყურძენი გამომყავს. ექსპერიმენტის სახით ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშებიც გავაშენე. ვაზის გაშენება 2005 წელს დავიწყე, ძირითადად, საღვინე ყურძენი გამომყავს. სამომავლოდ სომხეთიდან სასუფრე ჯიშის ყურძნის ჯიშების გაშენებას ვფიქრობ. ადგილობრივ სასუფრე ჯიშის ყურძენს ბევრი წვენი აქვს და ზამთარში თავის შენახვა უჭირს… ჩხავერი გვიან იკრიფება, რაც შეეხება ცოლიკაურს, ნაწილი დავკრიფე, ნაწილი დასაკრეფი მაქვს. რაც დავკრიფე, იმით ღვინო დავაყენე, ღვინო არ ფუჭდება. გასულ წელს ქედაში ქარხანა კი გაიხსნა, მარამ არ ვიცი რამდენად იბარებენ ყურძენს“, – ამბობს რომანი.

რომანისგან განსხვავებით ქედელი ფერმერი მერაბ სურმანიძე ამბობს, რომ მისთვის უფრო მომგებიანი ყურძნის გაყიდვაა, ვიდრე ღვინის.

„მევენახეობას თითქმის 39 წელია ვეწევი. ძირითადად, ჩხავერი და ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი მაქვს გაშენებული. ცოლიკაური ორტონამდე მოვიწიე, ნაწილით ღვინო დავაყენე, ნაწილი კი ადგილზე გავყიდე. რეალიზების პრობლემა არ არის, ქედის ცოლიკაურზე მოთხოვნა დიდია, ერთ კილოგრამში 1,60 ლარი გადამიხადეს, შეიძლებოდა 2 ლარშიც გამეყიდა, მაგრამ ვიჩქარე, რომ გაწვიმებულიყო, ყურძენს გააფუჭებდა. ჩხავერის მოსავალს სამ ტონამდე ველოდები. ვფიქრობ, ჩაბარების ფასი ბაზარზე 3-4 ლარი იქნება. საკუთარი ბაზარი თუ გექნება, შეიძლება მომგებიანი დარჩეს ღვინის დაწურვა-გაყიდვა, მაგრამ ოჯახურ პირობებში დაწურული ღვინო ქარხნულს კონკურენციას ვერ უწევს, საწარმოში ტექნოლოგიურად მუშავდება, ფილტრაცია მეტი აქვს, სტანდარტებიც დაცულია და, შესაბამისად, მოთხოვნაც უფრო მეტია. იყო დრო, როცა წლის განმავლობაში სამ ტონა ღვინოს ვყიდდი – ლიტრა ცოლიკაურის ღვინოს 2 ლარში, ჩხავერისას კი 5-8 ლარში, მაგრამ ახლა მირჩევნია ყურძენი ერთდროულად დავკრიფო და ადგილზე გავყიდო“, – ამბობს მერაბი.

ყურძნის მიმღები პუნქტები აჭარაში არ არის, თუმცა არის ღვინის პირველადი საწარმო ქედაში, რომელსაც წარმადობიდან გამომდინარე წლის განმავლობაში 500 ტონამდე ყურძნის გადამუშავება შეუძლია. ამ საწამოს ყურძენი ჯერ არ მიუღია, მეტიც – აქ ჯერ არც ჩაბარების ფასი აქვთ განსაზღვრული.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის ღვინის საწარმოს მთავარი მეღვინე ზურაბ გათენაძე ამბობს, რომ წელს ქედაში ყურძნის მოსავალი უხარისხოა, საკმარისი შაქრიანობა არ აქვს და ამის გამო საწარმო ცოლიკაურის მიღებაზე უარს ამბობს. რაც შეეხება ყურძნის ჰიბრიდულ ჯიშებს – ის ამბობს, რომ საწარმო წელს არც ამ ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს, რადგან ჰიბრიდული ყურძენი ცოტაა და მისი მიღება-გადამუშავება საწარმოს არ უღირს. საწარმოს მთავარი მეღვინის თქმით, ისინი აპირებენ ჩხავერის მიღებას, თუმცა რა თანხას გადაუხდიან 1 კილოგრამ ჩხავერში, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

„თითქმის ყველა სოფელში შევედით და ყურძნის შაქრიანობა შევამოწმეთ, ყურძენს თუ შაქრიანობა 17%-ზე მეტი არ აქვს, ასეთი ყურძნისგან ღვინო არ დაიწურება, აქ კი ყურძნის შაქრიანობა 17%-ს არ აღემატება. თან წელს ყურძენი უხარისხოა. ამის გამო ვერ მივიღეთ ცოლიკაური. რაც შეეხება ჰიბრიდულ ჯიშებს – ყურძენი აჭარაში ძალიან ცოტაა, მინიმუმ 5 ტონა მაინც უნდა იყოს, რომ გადავამუშაოთ. ეს რაოდენობა არ არის, ამიტომ უარი ვთქვით მიღებაზე. ცოლიკაურის დიდი ნაწილი კი მოსახლეობამ დაკრიფა და გაყიდა. იქედან გამომდინარე, რომ ცოლიკაურს საკმარისი შაქრიანობა არ ჰქონდა, ჩაბარების ფასი ვერ განვსაზღვრეთ. თუ მომივა განკარგულება, რომ ყურძენი ჩავიბარო, ჩავიბარებ. ჩხავერი მოგვიანებით იკრიფება“, – ამბობს ზურაბ გათენაძე.

ზურაბ გათენაძის თქმით, ქედის ღვინის საწარმომ გასულ წელს ადგილობრივი მოსავლიდან 6 ტონა ცოლიკაური და 52 ტონა ჩხავერი მიიღო.

„გასულ წელს ცოლიკაურის მიღება 20 ოქტომბრიდან,  ჩხავერისა კი 17 ნოემბერს დავიწყეთ. ნებისმიერი ხარისხის 1 კილოგრამ ცოლიკაურში 1,50 ლარი გადავიხადეთ,  ხოლო კარგი ხარისხის ჩხავერში – 3 ლარი. საწარმო მზად არის ყურძნის გადასამუშავებლად, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრობლემა ყურძნის ხარისხშია. თუ ექნება საკმარისი შაქრიანობა, მზად ვართ ჩავიბაროთ ცოლიკაური, როგორც კი დავადგენთ ჩაბარების ფასს“, – ამბობს ზურაბ გათენაძე.

ქედის ღვინის საწარმოს მთავარი მეღვინის შეფასებას ყურძნის შაქრიანობასა და ხარისხთან დაკავშირებით ცალსახად არ ეთანხმება ფერმერი მერაბ დიასამიძე, რომელიც ამბობს: „წელს ცოლიკაურის კარგი მოსავალი მოვიდა და შაქრიანობაც კარგი იყო – დაახლოებით 20%-მდე და მეტიც. წელს ძალიან ხარისხიანი ყურძენი მოვიდა“.

თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ეთნომუსიკოსი იცნობს. ოჯახი ადგილობრივ მერისულ ფოლკლორს მღერის და სცენაზე სამი თაობით წარსდგება. თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე „ოჯახის“ ნომინაციაში ლაურეატის წოდება მოიპოვა.

სოფელ მერისში მცხოვრებმა თურმანიძეების ოჯახმა სახელი ძველი მერისული სიმღერების შესრულებით გაითქვა. ოჯახის შვიდი წევრიდან სცენაზე მერისულ ფოლკლორს, ძირითადად, ოთხი წევრი ასრულებს. ფოლკლორულ ფესტივალებსა თუ სიმპოზიუმებზე მაყურებლის წინაშე ოჯახის უხუცესი წევრი, 82 წლის ამირან თურმანიძე შვილთან, ჯემალთან და შვილიშვილებთან, რევაზთან და ბესოსთან ერთად გამოდის. როგორც ოჯახის წევრები გვიყვებიან, მათთვის ხალხური სიმღერების საშემსრულებლო მანერა თუ ტრადიცია ამირან თურმანიძის მამას, რევაზ თურმანიძეს უსწავლებია, რომელიც ლოტბარი და რამდენიმე ანსამბლის ხელმძღვანელი ყოფილა. თურმანიძეების ოჯახში ქართულ ფოლკლორს ოჯახის უმცროსი წევრი, 12 წლის ხატიაც მღერის, მაგრამ ხატია მაყურებლის წინაშე ოფიციალურად ჯერ არ წარმსდგარა.

„შეიძლება ითქვას, ავთენტური სახით ფოლკლორის შესრულება ჩვენი ოჯახის ტრადიციაცაა. ძველ მერისულ სიმღერებს ჯერ კიდევ ბაბუაჩემის მამა რევაზ თურმანიძე მღეროდა. ლოტბარი იყო და სოფელ მერისსა თუ ბათუმში ანსამბლებს ხელმძღვანელობდა, ამავდროულად ფოლკლორს მომავალ თაობას სკოლაშიც ასწავლიდა. დიდი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, სალოტბარო საქმიანობა ჩემმა ბაბუამ, ამირან თურმანიძემ გააგრძელა. ფოლკლორი ჩვენი ოჯახის ტრადიციად იქცა, მამაჩემი მერისულ ანსამბლ „მოყვარეს“ სამხატვრო ხელმძღვანელია.

ბაბუ ოჯახში ხშირად მღეროდა, ძველი სიმღერებს ბავშვებსაც გვასწავლიდა. დღეს, ძირითადად, მერისულ ფოლკლორს ვმღერით, რომელიც არც თუ ისე პოპულარულია _ ჩვენ ვახდენთ მის პოპულარიზაციას. ოჯახის შვიდი წევრიდან დედისა და ბებიის გარდა, ყველა ვმღერით, კარგად მღერის ჩემი და ხატიაც. ვფიქრობ, ის მალე შემოგვიერთდება სცენაზე,“  – ამბობს რევაზი.

თურმანიძეების ოჯახი სცენაზე პირველად ფესტივალ „არტგენზე“ გამოვიდა, რასაც შემდეგ სიმპოზიუმები მოჰყვა და ისინი არამარტო ქართველმა ეთნომუსიკოსებმა გაიცნეს, არამედ ამ ოჯახით განსაკუთრებით უცხოელები დაინტერესდნენ. მერისში თურმანიძეების ხშირი სტუმრები არიან ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესებული უცხოელები.

turmanidzeebi 2
თურმანიძეები

„2004-2005 წელი იქნებოდა, როდესაც პირველად გამოვედით სცენაზე და ზემო აჭარული მაყრული შევასრულეთ. ამას მოჰყვა სიმპოზიუმი, გაგვიცნეს ქართველმა და უცხოელმა ეთნომუსიკოსებმა. ჩვენთან ხშირად ჩამოდიან კანადიდან, ისლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან… ეთნომუსიკოსები, თუ ქართული ფოკლორით დაინტერესებული ადამიანები რჩებიან ჩვენთან, ვუმასპინძლდებით, ვაცნობთ ქართულ კულტურას და ვასწავლით მერისულ ფოლკლორს. რამდენიმე დღის წინ გავაცილეთ ავსტრალიელი და კანადელი ეთნომუსიკოსები. მართალია, მათ არ იციან ქართული ენა, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის მათ ქართული ფოლკლორი ვასწავლოთ, ჩვენ ვიცით ინგლისური,“ – ამბობს რევაზი.

მას შემდეგ, რაც თურმანიძეების ოჯახმა ძველი მერისული სიმღერების შესრულებით სახელი გაითქვა, ნათესავ-მეგობრები შემოიკრიბა და ანსამბლი, სახელწოდებით  „მოყვარე“ ჩამოაყალიბა. ეთნომუსიკოსის ნინო რაზმაძის დახმარებით, ძველი მერისული 20 სიმღერა აღადგინეს და როგორც საკუთარ, ასევე ანსამბლის რეპერტუარში შეიტანეს. როგორც რევაზი ამბობს, ავთენტურობის შენარჩუნება ძალიან ძნელია, მაგრამ ამას ჩანაწერების დახმარებით ახერხებენ.

„მერისული ფოლკლორი, ისევე როგორც მთლიანად ქართული ფოლკლორი, პოლიფონიურია – ორი და სამი ხმით სრულდება; ყველა სიმღერას წინაპრები შრომისა თუ რიტუალების შესრულების დროს მღეროდნენ. როდესაც ოჯახი გამოვდივართ სცენაზე, ჩემი ძმა პირველს, ხოლო მეორესა და მესამე ხმას ხან მე ვმღერი, ხან – მამა. რაც შეეხება ანსამბლში ჩვენს როლებს, იქ სხვაგვარადაა გადანაწილებული, მაყურებელს განსაკუთრებულად ისეთი სიმღერები მოსწონს, რაც ამხიარულებს, ასეთი კი ჩვენს რეპერტუარში სიმღერა „ცაგუნაა“. ნინო რაზმაძის დახმარებით ძველი მერისული სიმღერები: „თირინი, „მერისული“, ჩაღმა ჩაყრილო ვენახო, „ცაგუნა“, „ხინწკალა“… აღვადგინეთ, სულ ბოლოს კი სიმღერა „ჩათხრობილი“ დავამუშავეთ და შევიტანეთ რეპერტუარში.

რთულია სიმღერის აღდგენა, სიმღერის აღდგენა-დამუშავების ხანგრძლივობა ჩანაწერის ხარისხზეა დამოკიდებული. არის სიმღერა, რომლის აღდგენაზეც ერთი თვე დაგვჭირდა, სხვაზე – სამი თვე. პარალელურად ვაუმჯობესებთ, ვრეპეტიციობთ არამარტო ანსამბლთან ერთად, არამედ ოჯახშიც,“ – ამბობს რევაზი.

იქედან გამომდინარე, რომ თურმანიძეების ოჯახს მერისული სიმღერების შესასწავლად ხშირად ათეულობით უცხოელი სტუმარი ჰყავს, ოჯახმა გადაწყვიტა სასტუმრო აეშენებინა – საგრანტო პროექტში მონაწილეობა მიიღო, გაიმარჯვა და საცხოვრებელ სახლთან ახლოს ახლა სასტუმროს აშენებენ.

„ბოლოს ათი ავსტრიელი და ერთი კანადელი ეთნომუსიკოსი გვყავდა, ერთი კვირით დარჩნენ ჩვენთან. რადგანაც ხშირად გვყავს ქართველი თუ უცხოელი სტუმრები, გადავწყვიტეთ საცხოვრებელი გაგვეფართოებინა, საოჯახო ტიპის სასტუმროს ვაშენებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ქართული ფოლკლორით დაინტერესებული ყველა ადამიანი მივიღოთ და ვასწავლოთ. ძალიან მხიარული ხალხია უცხოელები, მაქსიმალური ვცდილობთ კომფორტი შევუქმნათ, როცა ქართული ფოლკლორული სიმღერების სწავლებას მოვრჩებით, მაგიდასთან ვინაცვლებთ, ძალიან მოსწონთ ქართული სუფრა“,  – ამბობს რევაზი.

მიუხედავად იმისა, რომ რევაზი მერისული ფოლკლორის უბადლო შემსრულებელია, მისი მთავარი მიზანი მაინც რადიოფიზიკის დაუფლებაა. ის 23 წლისაა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრია. ამავე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია მისი ძმა ბესოც, ის ინჟინერიას ეუფლება. ორივე მუშაობს – რევაზი ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრში სამედიცინო ფიზიკის განყოფილებაში, ბესო ანსამბლ „მოყვარესთან“ ერთად ბათუმის კულტურის ცენტრის ანსამბლში.

რევაზის თქმით, „სიმღერით ოჯახის რჩენა რთულია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ ჩემს პროფესიას – რადიოფიზიკას გავყვე, ფოლკლორის კუთხით განათლების მიღებას არ ვგეგმავ. ფოლკლორი სისხლში იმდენად გვაქვს, რომ ერთმანეთს შევუთავსებ. მე და ჩემი ძმა სამუშაო დღეებში, ძირითადად, ბათუმში ვართ, სოფელში შაბათ-კვირას ავდივართ, არის პერიოდი, როდესაც გვიწევს სამუშაო დღეებშიც ასვლა, როდესაც ანსამბლს რეპეტიციები აქვს. ზოგჯერ სახლში ვიკრიბებით ანსამბლის წევრები, ზოგჯერ კულტურის ცენტრში“.

გასულ კვირას მერისელი მომღერალი ოჯახი ვენაში, ვენის სამუსიკო უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგიის კვლევის ცენტრის მიწვევით ჩავიდა და იქ საკუთარი რეპერტუარი ვენის უნივერსიტეტში მისულ მაყურებელს გააცნო.

„ვენაში არის ქართული ანსამბლი „ჰარალო“, რომელსაც სილვია ფრანკი ხელმძღვანელობს. სილვია ჩვენთან არაერთხელ ჩამოვიდა, კარგად იცის მერისული ფოლკლორი, თითქმის ყველა ზაფხულში ჩვენი სტუმარია. წელს მიგვიწვია და ექვსი დღის განმავლობაში ვენაში ვიმყოფებოდით მე, მამაჩემი და ჩემი ძმა, ვენის მუსიკის უნივერსიტეტში ვორქშოპი და კონცერტი მოვაწყეთ. ბევრი ქართველი მოვიდა ჩვენს სანახავად. მადლობას გვიხდიდნენ არამარტო ქართველები, არამედ უცხოელები – ძველი ქართული სიმღერები ვიმღერეთ“.

თურმანიძეების ოჯახი წელს გამართულ ფოლკლორის ფესტივალზე ნომინაცია „ოჯახების“ ლაურეატი გახდა.

ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა.

„საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც იყო სახელმწიფო დაინტერესებული, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა. 2014 წელს მოვიდნენ და პირდაპირ ქონების აღრიცხვა დაიწყეს,“ – გვიყვება ირაკლი ჯაყელიძე. ის 293 კვადრატულ მეტრ მიწას და 353 კვადრატულ მეტრ სახლს ფლობდა. ირაკლის სახლთან ბულდოზერები ჯერ არ გამოჩენილან, მაგრამ ელოდება – ქონების მესაკუთრე უკვე სახელმწიფოა. მიმდინარე წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი და მას ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა. „ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე აწერს.

„თანხმობას ვერ მივაღწიეთ. ჩემ გვერდით სხვებსაც შეეხო სახელმწიფოს ინტერესი და მათ შესაბამისი ფული გადაუხადეს. არ ყოფილა არაფერი სადავო. არ მესმის, ჩემი ქონება რატომ შეაფასეს ასე,“ – ამბობს ირაკლი ჯაყელიძე. მისი ადვოკატი კი ალტერნატიული აუდიტის დასკვნას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც იგივე ქონება მინიმუმ 124 ათას ლარადაა შეფასებული. „გზების დეპარტამენტმა სასამართლოზე წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რომელიც 2014 წელსაა შედგენილი. ესეც მიუღებელია, რადგან ბაზარზე ფასები იცვლება… ყოველ შემთხვევაში, რამდენად სამართლიანი კომპენსაცია გადაუხადეს მესაკუთრეს, ამ კუთხით სასამართლოს არ უმსჯელია, “ – გვიყვება ადვოკატი, ირაკლი ჯაფარიძე.

ირაკლი ჯაყელიძის საქმე მხოლოდ ადმინისტრაციული წესით განიხილა სასამართლომ, ანუ დადგინდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ექსპროპრიაციისთვის ნამდვილად არსებობს. ახლა სასამართლოს მხარემ უნდა მიმართოს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კომპენსაციის სამართლიანობის საკითხი გაირკვეს.

თანხმობის მიუღწევლობის მიუხედავად, სასამართლოში ადმინისტრაციული პროცესის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჯარო რეესტრს მიმართა და ქონება სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირა, უკვე ყოფილ მესაკუთრეს კი, კომპენსაცია ჩაურიცხა და მის გამოსახლებას ითხოვს.

ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ამბობს, რომ აუცილებელი იყო მესაკუთრის თანხმობა, ვიდრე გზების დეპარტამენტი მას საბანკო ანგარიშზე კომპენსაციას ჩაურიცხავდა. ის ანალოგიურ შემთხვევას იხსენებს სოფელ განთიადიდან, როცა ასევე მაგისტრალის მშენებლობის გამო მოქალაქეებს არათანაბარი ოდენობის კომპენსაცია გადაუხადეს: „მხარეთა შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ქონების მესაკუთრე ვერ გახდება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მართლზომიერების საკითხია დადგენილი. რადგან მესაკუთრე მიიჩნევს, რომ მის მიმართ გადახდილი კომპენსაცია არაადეკვატურია, მან უნდა ამტკიცოს, რომ ეს ქონება უფრო ძვირია, ვიდრე შეაფასა სახელმწიფომ“.

„ექსპროპრიატორის უფლების მინიჭება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მოქალაქესთან და არა ის, რომ მოქალაქემ იბრძოლოს სასამართლოში საკუთრების დაცვისთვის,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი ჯაფარიძე. იურისტი ამ კუთხით არსებულ სპეციალურ კანონზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც „ყოფილი მესაკუთრე“ ნახსენები არ არის: „ირაკლი ჯაყელიძე კი უკვე ყოფილი მესაკუთრე გამოდის, მისი ქონება სახელმწიფო საკუთრებაა… მოსამართლეს შეეძლო მკაფიოდ განემარტა, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქონება ავტომატურად ადმინისტრაციული ორგანოს ხელში გადადის. ჩვენ მას ცალკე მივმართეთ კიდეც ამისთვის, მაგრამ უარი მივიღეთ. სწორედ ამ ბუნდოვანებით სარგებლობენ ადმინისტრაციული ორგანოები ექსპროპრიაციის დროს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს სამოქალაქო წესით.“

„ასეთ შემთხვევაში, შეიძლება პროცესი ძალიან გაიწელოს და საქმეს შეეშალოს ხელი. ჩვენ ხომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო მოვითხოვეთ ეს,“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ფიქრია კვერნაძე, დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ არაერთხელ შესთავაზეს თანხა  მხარეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს: „ვერ მაჩვენებთ კანონში ისეთ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია სამოქალაქო განხილვის გარეშე ექსპროპრიაციის უფლების გამოყენება“.

ავტომაგისტრალის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ირაკლი ჯაყელიძე და ადვოკატი ირაკლი ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე
ირაკლი ჯაყელიძე და ადვოკატი ირაკლი ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე

ბათუმის კარიბჭესთან მანქანა ამოტრიალდა

მსუბუქი ავტომანქანა ბათუმის კარიბჭესთან, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე ამოტრიალდა. ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლმა, რომელიც მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მძღოლს სავარაუდოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. წინასწარი ვერსიით, მძღოლი ბორდიურს დაეჯა.

ამ კვირაში მანქანის ამოტრიალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. ხუთშაბათს ასევე მსუბუქი ავტომანქანა რუსთაველზე ამოტრიალდა. იქაც მძღოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღ

 

ქართველი მეზღვაური თურქეთის ერთ-ერთ პორტში დაიღუპა

ქართველი მეზღვაური თურქეთის ერთ-ერთ პორტში – ისკანდერუმში დაიღუპა. ინფორმაცია “ბათუმელებს” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისელი მეზღვაური თორნიკე ქავთარაძე გემბანიდან გადმოვარდა. გემი სავარაუდოდ პორტში იდგა.

რომელ კომპანიაში მუშაობდა მეზღვაური, დაწყებულია თუ არა გამოძიება, ან გადმოასვენეს თუ არა მეზღვაურის ცხედარი – სააგენტოში ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ფლობენ. ამ დრომდე დაკავშირება ვერ მოვახერხეთ თურქეთის საკონსულოსთან საქართველოში.

დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედება ბრალი

დისტრიბუტორ ოთარ თ.-ს თანხის მითვისება ედება ბრალად. მას შესაძლოა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ, რადგან დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ოთარ თ.-მ 10 ათასს ლარზე მეტი თანხის მითვისება მოახერხა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება.

“ვაღიარებ, მე გავაკეთე ეს,” – უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე ირაკლი შავაძეს, როცა მან საქმის განხილვის დაწყებამდე დასვა კითხვა:”სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ”. ბრალდებულს ადვოკატი არ იცავს. ბრალის აღიარების შემდეგ, ოთარ თ.-მ თავად დააყენა შუამდგომლობა მოსამართლესთან და პროცესის გადადება მოითხოვა. თქვა, რომ დაზარალებულ სადისტრიბუციო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მიყნებული ზარალის ანაზღაურების შესახებ და ცდილობს საპროცესო შეთანხმების მიღწევას პროკურატურასთან.

ბრალდებულის მოთხოვნას პროკურორი, დავით ჭარბაძეც დაეთანხმა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

განახლდა საქმის განხილვა, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა დაიწყო იაგო ც.-ს საქმის განხილვა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება ედება ბრალად. გასული წლის ბოლოს ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რითაც გაირკვა, რომ იარაღზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები იაგოს ნაცვლად, გივი ა.-ს ეკუთვნოდა. გივი ა. პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტია. საქმის განხილვა გასული წლის დეკემბერში შეწყდა.

დეკემბრამდე იარაღის უკანონო ტარების საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. საქმის განხილვა მას შემდეგ შეწყდა, როცა ეს მოსამართლე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. იმის გამოც, რომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, საქმის განხილვა აქამდე გაჭიანურდა. იაგო ც.-ს საქმეს ამჯერად მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. გუშინ, 21 ოქტომბერს მოსამართლემ ბრალდების და დაცვის მხარის შესავალი სიტყვები ხელახლა მოისმინა. შემდეგ სხომებზე ხელახლა დაკითხავენ მოწმეებს, მათ შორის, გივი ა.-ს, რომელმაც სასამართლოს დახურულ სხდომაზე აღიარა, რომ თითის ანაბეჭდი ნამდვილად მას ეკუთვნოდა და მან მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას იაგო ც.-ს შესახებ.

იაგო ც.-ს ჩვენების მიხედვით, მას, როგორც ტაქსის მძღოლს, მანქანაში ჩაუჯდა გივი ა. და “ხოფის ბაზრობაზე” კონკრეტული პირთან მის ნაცვლად მისვლა სთხოვა. იმავე დღეს იაგოს მანქანა პოლიციელებმა გაჩხრიკეს და იქ იარაღი აღმოაჩინეს.

მას შემდეგ, რაც იარაღზე გივი ა.-ს ანაბეჭდი დადასტურდა, მან სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციის საიდუმლო თანამშრომელია და შემთხვევით შეეხო მანქანაში იარაღს, როცა მას მძღოლმა უთხრა, იარაღით დვდივარ და არაფრის მეშინიაო.

საქმეში მონიტორინგის მიზნით ჩართულია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 700-მდე ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 700-მდე ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 547 –
პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 49 – ნიშანში დგომისთვის, 18 – ტროტუარზე დგომის გამო, 11 –
ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 25 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ძარცვის საქმის განხილვა გადაიდო – ბრალდებულები მეოთხე თვეა პატიმრობაში რჩებიან

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 21 ივლისს პორტატული კომპიუტერის ქურდობისთვის დაკავებული გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კიწმარიშვილის საქმის განხილვა გადადო. ამის მიზეზი პროკურის შეიცვლა გახდა, რადგან ახალმა პროკურომა  საქმის შესწავლის მიზნით დამატებით ერთი კვირის ვადა ითხოვა. თუმცა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა – პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ოთხშაბათამდე დააკმაყოფილა. ბრალდებულები იქამდე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

პატიმრობაში მყოფი გიორგი კაკაბაძის დედა ასმათ  ცენტერაძე,  პროცესის გადადებას  და ძველი პროკურორის   შეცვლას, პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელს ჯემალ ცეცხლაძეს  უკავშირებს – „წინა პროცესზე პროკურორმა ყველანაირად დარწმუნდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ სრულიად მართლები, დღეს უნდა გამოცხადებულიყო გადაწყვეტილება და სავარაუდოდ მოსამართლეს უნდა გამოეშვა ჩვენი ბიჭები პატიმრობიდან… ძველი პროკურორი ზურა კონცელიძე მიხვდა – დღეს სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა  ჩვენი ბიჭები და ჩემი  აზრით პოლიციის  მეს-3 განყოფილების გამომძიებელს ჯემალ  ცეცხლაძეს უჭერენ მხარს და ამიტომ ჭიანურდება გადაწყვეტილების გამოტანა“,  – თქვა ასმათ ცენტერაძემ.

ამავე თემაზე:

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან
ძარცვის საქმის განხილვა სასამართლოში საპროტესტო აქციების შემდეგ

 

საკონვენციო ბიურო აჭარაშიც შეიქმნა

საკონვენციო ბიურო, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვიტარებისთვის იმუშავებს, აჭარაშიც შეიქმნება. დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია ბათუმში ჩაატარა.

საკონვენციო ბიუროს მთავარი ამოცანაა – საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა. რაც გულისხმობს სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფეენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება-სტიმულირებას. ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფომრაციის გავრცელებას.

 

ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

ჩაქვის #1 სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი” სკოლის დირექტორობიდან განთავისუფლებით დაემუქრა, ამის მიზეზად კი არჩევნებში მისთვის მხარის არ დაჭერას ასახელებს: “გუშინ მაცნობეს, რომ ე.წ. “მაღალჩინოსანი” გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე ჩემთან მტრობას აპირებს…. (მიზეზი? – თურმე მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ არჩევნებში). ამ “მაღალჩინოსანს” არ ესმის, რომ სკოლა დეპოლიტიზირებულია… საჯაროდ ვაფრთხილებ ყველას, შეწყვიტეთ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, ეს ეხებათ იმ პატარა ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჩვევიათ მათი უფროსების გასახარად მაამებლური საქმეების კეთება. გრცხვენოდეთ!!! დაწვრილებით თუ ვის ეხება ჩემი გაფრთხილება უახლოეს პერიოდში საჯაროდ გამოვაქვეყნებ! თქვენი მუქარისა და მტრობის არ მეშინია!!!! ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, ვინც ანალოგიურად ჩემს მდგომარეობაშია სასწრაფოდ შემეხმიანეთ” – წერს ტარიელ ქათამაძე.

აღნიშნული ინფორმაცია სკოლის დირექტორმა გუშინ, 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მას კომენტარებშივე გამოეხმაურა ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი, რომელმაც ტარიელ ქათამაძეს, მუქარის ავტორი მაღალჩინოსნის დასახელება სთხოვა და დაპირდა, რომ დამტკიცების შემთხვევაში აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას – “მე ვარ ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში  და შტაბი ასეთ დავალებებს არ აძლევს მაღალჩინოსნებს. თუ ვინმე თვითნებობს მინდა ვიცოდე ვინ არის. სხვა შემთხვევაში არამგონია მართებული იყოს ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება” – წერს ირაკლი ჭეიშვილი.

ტარიელ ქათამაძე “ბათუმელებთან” საუბარში განმარტავს -“სამსახურის დატოვების მუქარა იყო, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეტყვით. თვითონ მხარე – მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მუქარა, რადგან ეს არ იყო პირდაპირ ნათქვამი ჩემდამი, არამედ ირიბად. მე პირადად ასე მივიღე მისი ნათქვამი, მისი სიტყვები, იმიტომ რომ ჩემი მეუღლეც და მეც ვართ ხელმძღვანელები საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორთავეს მხივ იყო ეს მიმართვა”.

ტარიელ ქათამაძის თქმით, მას ირაკლი ჭეიშვილთან საუბარში დასახელებული ყავს ეს პიროვნება. ირაკლი ჭეიშვილი ჯერ-ჯერობით ზარებს არ პასუხობს.

უსკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე,  2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 163 419-მა ამომრჩეველმა მიიღო; მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 585 400 (პროპ.მაჟ.).
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა: მაჟორიტარული – 7 212, პროპორციული – 5 410, ჯამში 12 622, რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4%-ია.
 აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა:
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.89% (1 მანდატი)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.62% (5 მანდატი)
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7% (1 მანდატი)
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 45.13% (8 მანდატი)
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2004, 2008, 2012, 2016 წლების არჩევნების შედეგების სტატისტიკურ მონაცემები, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

დღეს, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 30 ოქტომბერი.
აჭარის  უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები.
უსკოს ცნობით, დამტკიცდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ტექსტები.
დადგენილების თანახმად მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აკრედიტაციის ვადა (რომლებსაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მიეცათ აკრედიტაცია) გაგრძელდა არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოცემამდე. გარდა ამისა (სურვილის შემთხვევაში) მათ შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ დამკვირვებელთა სიები.
 მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმების გამოცემამდე გაგრძელდა ხულოს N73 მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება. (აქ არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გაიმართება).

ხულოს მუნიციპალიტეტში ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.

კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინოფრმაციით, აქციის ფარგლებში პორტატული ულტრაბგერის (ექოსკოპის) აპარატით განხორციელდება მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევაც, ასევე კარდიოექოსკოპიური და ნეოროსონოსკოპიური კვლევები . ასევე ჩატარდება ქალთა გინეკოლოგიური კონსულტაციაც.

პაციენტებზე გაიცემა სამკურნალო დანიშნულებაც და საჭიროებისამებრ მოხდება მათი მიზნობრივი რეფერირება.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
ტელ: (0422) 255 05 05

ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ქვემო ქართლის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ო. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ცნობით გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა, რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა და მას ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი.

შს სამინიტროს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით).

„ჰილტონ ბათუმის“ სტიპენდია ბსუ-ს სტუდენტებს

დღეს, 20 ოქტომბერს, სასტუმრო ჰილტონში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და „ჰილტონ ბათუმის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ტურიზმის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ხუთ სტუდენტს, უნდა წარედგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ ბათუმი აქტიურ ტურისტულ დანიშნულების ადგილად მთელი წლის განმავლობაში“.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საკონკურსო  ჟიურის წევრები აარჩევდნენ სამ გამარჯვებულს, „რომლებსაც ჰილტონ ბათუმი,  ყოველთვიურად გადასცემს სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით მთელი აკადემიური წლის მანძილზე, გარდა ამისა, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა შაბათ-კვირას გაიარონ პრაქტიკა სასტუმრო ჰილტონ ბათუმში, რაც სამომავლოდ მათ წარმატებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს“.

დღეს პრეზენტაცია მხოლოდ ოთხმა სტუდენტმა წარადგინა. მეგი ბეჟანიძე, თეონა ქარცივაძე, თამარ ლომაძე და მარიამ ავალიანი ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სასტუმრო მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გადასცემს სტიპენდიას.  პრეზენტაცია სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე გამართეს, პრეზენტაციის შემდეგ კი ჟიურიმ ოთხივე გამარჯვებულად გამოაცხადა.

„ჰილტონ ბათუმის“ ინფორმაციით, სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებთან და ყველა სტუდენტს აძლევს საშუალებას პრაქტიკა გაიარონ სხვადასხვა დეპარტამენტში. ამ ეტაპზე სასტუმროში პრაქტიკა გავლილი აქვს სულ 50-მდე სტუდენტს.

გამარჯვებული კონკურსანტები
გამარჯვებული კონკურსანტები „ჰილტონ ბათუმში“ გამართულ პრეზენტაციაზე / ფოტო: როინ გუნდაძე

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სამი მსურველი კონკურსს გამოეთიშა

აჭარის ტელევიზიაში დასრულდა მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა დოკუმენტაციის შესაბამისობას განიხილავდნენ კანონმდებლობასთან. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 პრეტენდენტიდან შემდეგ ეტაპზე გადავიდა მხოლოდ – 7. დირექტორობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ თამილა დოლიძე, თეიმურაზ დიასამიძე და გიორგი გიორგაძე.

აჭარის ტელევიზიის იურისტის, გია ქარცივაძის განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების დოკუმენტაცია იყო პრობლემური. მაგალითად – თეიმურაზ დიასამიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, არ ჰქონდა შესაბამისი სამუშაო გამოცდილება: აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მსურველს უნდა ჰქონდეს ხუთწლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, ან ადამიანის უფლებების ან კიდევ პედაგოგოგიურ-სამეცნიერო მიმართულებით.

სხვა ორი კანდიდატს [თამილა დოლიძე, გიორგი გიორგაძე], რომლებიც გამოეთიშნენ დირექტორობისთვის ბრძოლას, როგორც გია ქარცივაძე აცხადებს, “წარმოდგენილი არ ჰქონდათ აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი”.

მეორე ეტაპზე გადასულ შვიდ კანდიდატთან ტელევიზიის ოთხკაციანი მრჩეველთა საბჭო [ნატა იმედაიშვილი, ბეჟან გობაძე, ირაკლი დარცმელიძე და გიორგი ირემაძე] გასაუბრებას გამართავს 23-24 ოქტომბერს. თავის გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით მრჩეველთა საბჭო გამოაცხადებს 24 ოქტომბერს 19:00 საათზე.

თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების სათანადო ოდენობას [ამ შემთხვევაში სამ ხმას], ტელევიზიის ბორდს უფლება აქვს, იგივე კანდიდატებთან, განმეორებითი კენჭისყრა ჩაატაროს 27 ოქტომბრის ჩათვლით.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის შემდეგი შვიდი კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას:

  1. სოსო სტურუა – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი დირექტორი;
  2. გიორგი მოისწრაფიშვილი- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი;
  3. ვლადიმერ ჭელიძე – ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “იბერია და იბერიელების” წამყვანი;
  4. დავით ჩხარტიშვილი – ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  5. ფირუზ ბოლქვაძე – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  6. დავით დიასამიძე – რეჟისორი;
  7. ნათია კაპანაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მენეჯერი, მედიაექსპეტი.

ენმ-ს მორიგი ბრიფინგი არჩევნების გაყალბებაზე

დღეს, 20 ოქტომბერს, ენმ-ს სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს მორიგი ვიდეო მასალა წარუდგინა.

ლევან ვარშალომიძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ბათუმის #68 ოლქის #46 უბანზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კომისიის წევრი ამომრჩეველს ართმევს ბიულეტენს, თვითონ შემოხაზავს, შემდეგ კონვერტში ჩადებს და აგდებს ყუთში,  კომისიის თავმჯდომარეც არაფერს არ მოქმედებს და არც გაფრთხილებას აძლევს… ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ #46 უბანზე, არ აღმოჩნდა ბათილი ბიულეტენი“.

ენმ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საჩივრით საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავთ: „საჩივრით ვერ მივმართეთ, რადგან გასაჩივრების ვადა იყო ორი დღე; ვიდეოები გვქონდა გასაშიფრი და ვეღარ მოვასწარით გასაჩივრება“.

1---
კადრი ვიდეომასალიდან, რომელიც ენმ-ს ბათუმის ოფისში აჩვენეს

ხულოში დაკარგულ ქალს ეძებენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოში 75-წლამდე ქალს ეძებენ, რომელიც 19 ოქტომბერს დაიკარგა.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. „გუშინ საღამოს მოგვმართა ოჯახმა და ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ჩვენი დანაყოფების მიერ“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ქალი რომელსაც ეძებენ, ცხოვრობს სოფელ ძირკვაძეებში: „ჩემი ინფორმაციით ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალბატონი ყოფილა,  გუშინ დილით სახლიდან გასულა, რა მიმართულებით წავიდა, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს“.

სიახლე „ბათუმველოს“ მომხმარებლებს

 

დღეიდან, 20 ოქტომბრიდან, „ბათუმველოს“ მომხმარებლებს სააბონენტო ბარათის შევსება „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდდის აპარატებიდანაც შეეძლებათ.

14808087_1221549131251611_1820416130_o
პაატა დუმბაძე

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის  განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან ბარათების შევსება შესაძლებელი იქნება საკომისიოს გარეშე:  „თანხა ბარათზე აისახება ავტომატურად, ჩარიცხვისთანავე. გადახდის მინიმალური თანხა არის 1 ლარი. აღნიშნული სერვისი შეამცირებს რიგებს საინფორმაციო ცენტრში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს“.

დირექტორის თქმით, მომხმარებლებს სხვა სიახლეებსაც შესთავაზებენ, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამავე თემაზე:

მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები და „ბათუმველოს“ პრობლემები [ვიდეო]

ბაზიერობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ბაზიერობა (დამჭერი   მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობა).“ – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის მიმდინარე წლის 11 ოქტომბრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომიტაშვილი აწერს.

ბრძანება გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა. ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა, ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს – მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

ავტოავარია რუსთაველის ქუჩაზე

რუსთაველის ქუჩაზე BMW-ს ტიპის ავტომანქანა ამოყირავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ავტომანქანის მძღოლი მძიმედ დაშავებული არ არის და იგი ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით გოგებაშვილის ქუჩისკენ მიმავალი მანქანა ჯერ იმავე ზოლში მოძრავ ჯიპს დაეჯახა და მსუბუქად დააზიანა, შემდეგ კი ბორდიურზე ავარდა და პალმას შეეჯახა. ადგილზე შეკრებილებმა “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მძღოლი დაახლოებით 35 წლამდე მამაკაცია და მხოლოდ წელის არეში ჰქონდა მიღებული დაზიანება. BMW-ს მძღოლი მარტო იმყოფებოდა თავისით გადმოვიდა ამოტრიალებული მანქანიდან.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სამართალდამცველები. ამ დროისთვის უცნობია, ამ შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება, თუ სისხლის სამართლის.

avaria 2

avaria 3

სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი

რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ნარკოტესტირებისთვის? – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ არ მოაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევის მიხედვით კი, სახელმწიფო ნარკომომხმარებლის გამოვლენისთვის და შემდეგ მისი დასჯისთვის ყოველწიურად დაახლოებით 18 მილიონს ხარჯს, რეაბილიტაციისთვის – თითქმის არაფერს.

სახელმწიფოს ხარჯი ნარკოტესტირებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეიცვალა, ქუჩაში ნარკოტესტირებისთვის ადამიანების დაკავების პრაქტიკა გრძელდება. შეცვლილი კანონის მიხედვით, ნარკოტესტირება მხოლოდ ნებაყოფლობითია, თუმცა სამართალდამცველებს კვლავ აქვთ „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე პირის დაკავების და მისი 12 საათით განყოფილებაში დატოვების უფლება.

„ყველა ექსპერტიზა ინდივიდუალურია და თავისი მოცულობით, სპეციფიკით, სირთულითა და სიმრავლით განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, კითხვა, თუ რამდენი თანხა იხარჯება სხვადასხვა პირის შემოწმებაზე, დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და შესაბამისად ნარკოლოგიური შემოწმების დანაყოფებს ცალკე გამოყოფილი ბიუჯეტი არ აქვთ. ამდენად სააღრიცხვო სტატისტიკა დეპარტამენტში არ წარმოებს,“ – ნათქვამია წერილში, რომელიც შსს-დან მივიღეთ.

ამავე წერილით უწყებამ მხოლოდ ნარკოტესტირებით გამოვლენილი დადებითი შედეგის რაოდენობა მოგვაწოდა. მონაცემებით ირკვევა, რომ მნიშვნელოვნად მცირდება ნარკოტესტირება საარჩევნო წლებში, მაგალითად:

  • 2012 წელს – 7 627,
  • 2013 წელს – 22 711,
  • 2014 წელს – 14 005,
  • 2015 წელს – 10 894,
  • 2016 წლის პირველ ცხრა თვეში – 6 120.

„არჩევნების დროს ხელისუფლებას არ უნდა იყოს საპროტესტო მუხტი,“ – ამბობს პაატა საბელაშვილი, მოძრაობის „თეთრი ხმაური“ აქტივისტი. ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს ამ კუთხით არსებული საპროტესტო მუხტი შეამციროს: „2013 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნები და მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მაშინ მმართველი ძალა რეიტინგს არ უჩიოდა. წელს მონაცემი მკვეთრად შემცირებულია, თუმცა ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ადამიანების იძულებით გაყვანა ნარკოტესტირებაზე აღარ შეუძლიათ და ასევე მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ“.

ნარკოტესტირების ხარჯზე დეტალური კვლევა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ“ 2012 წელს დადო. ამ კვლევის მიხედვით, სახელმწიფოს წლის განმავლობაში ნარკომომხმარებლის გამოვლენა და მისი დასჯა 17 მილიონ 956 647 ლარი უჯდება. ამ ხარჯში შედის პოლიციის და პროკურატურის ადამიანური რესურსის, ასევე ნარკოლოგიური ექსპერტიზა, სასამართლო და პატიმრობის ხარჯი. ამ კვლევის მიხედვით, ერთი ნარკოტესტირება დაახლოებით 35 ლარი ჯდება და წლის განმავლობაში იგი მილიონ 528 ათას ლარს შეადგენს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ერთი ნარკოტესტირების ფასი 40 ლარია. ამ მოცემულობით, შსს-ს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ დადებითი შედეგის გამოსავლენად ნარკოტესტირებებში 2 მილიონ 454 ათასი ლარი დაუხარჯავს.

რამდენს უხდის ნარკომომხმარებელი სახელმწიფოს

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნარკოტესტირებით გამოვლენილი დადებითი შედეგების რაოდენობა 61 357-ს შეადგენს. კანონმდებლობით, ნარკოტიკის მოხმარების პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით 500 ლარით ისჯება, განმეორებისას – 2 ათასი ლარით. ვინაიდან მოწოდებული ციფრებით შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენი პირი დაისაჯა ნარკომოხმარების პირველი ან მეორე შემთხვევის დროს, საერთო მაჩვენებელი ჩვენ მხოლოდ ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე – 500 ლარზე გავამრავლეთ. გამოდის, რომ 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტში ნარკომომხმარებლებისგან, ყველაზე ცოტა, 30 მილიონ 676 500 ლარი შევიდა.

რას აკეთებს სახელმწიფო ნარკომომხმარებლებისთვის

„დღემდე არ არსებობს ქვეყანაში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ნარკომომხმარებლები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იცხოვრებენ, გაივლიან მკურნალობას, მათთან იმუშავებენ ფსიქოლოგები. რაც მთვარია, იმუშავებენ და შეძლებენ საზოგადოების სრულფასოვან წევრად დაბრუნებას,“ – გვიყვება ზორია წურწუმია, კავშირი „იმედის“ ხელმძღვანელი. ზორიას არაერთხელ უთხოვია ცენტრის გახსნის საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იხსენებს, რომ ბოლოს კითხვა არჩილ თალაკვაძეს საჯარო შეხვედრის დროს ბათუმში დაუსვა.

არჩილ თალაკვაძე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ახლა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ოზურგეთში. „მაშინ შევახსენე, რომ ევროპისკენ მივდივართ თითქოს, მაგრამ რეზოლუციებს არ ვასრულებთ. მითხრა, რომ რეკომენდაციების სრულად გაზიარება ვერ ხდება. როცა დაავალებენ, შემდეგ გააკეთებენ.“

ზორია წურწუმიას თქმით, დღეს სახელმწიფო ნარკომომხმარებელს ალტერნატივას არ სთავაზობს და ჯარიმის გადახდაც მათ ოჯახებს უწევთ: „მხოლოდ მეტადონის პროგრამაში ჩართვა არ არის საკმარისი. აუცილებელია ნარკომომხმარებლების, ან რემისიაში მყოფი პირების რეაბილიტაცია. ეს პროგრამაც დონორებისგან ფინანსდება და ნაწილს თავად ნარკომომხმარებელი იხდის. ეს თვეში 110 ლარია“.

გლობალური ფონდის დაფინანსებით ქვეყანაში მხოლოდ სამი ამბულატორიული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი მოქმედებს: „კამარა“, „საპატრიარქოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სარეაბილიტაციო განყოფილება. სამივე ცენტრის გამტარუნარიანობა ერთდროულად 300-მდე პირს არ აღემატება.

კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ცენტრების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გარდა, პრობლემაა ქალთა საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურება: „მაშინ, როდესაც ნარკომომხმარებელი ქალები ორმაგი სოციალური სტიგმის ზეწოლას განიცდიან. ქალი ნარკომომხმარებლები ხშირად ოჯახური ან გენდერული ძალადობის ობიექტები ხდებიან“.

„სახელმწიფოს ნება არის პრობლემა,“ – თვლის ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ზიანის შემცირების პროგრამის მენეჯერი, მარი ჩოხელი. ის გვიყვება, რომ კიდევ ერთი ცენტრი ახლახან გახსნა თბილისში კავშირმა „თანადგომამ“, თუმცა ეს მოცემულობას მაინც ვერ ცვლის: „წინასაარჩევნოდ ჩვენ რამდენიმე პარტიას შევხვდით და ვთხოვეთ მემორანდუმისთვის მოეწერათ ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებდა ნარკოპოლიტიკის გადახედვას. ვინც ხელი მოაწერა, ის პარლამენტში ვერ მოხვდა. „ქართული ოცნებიდან“ ცალკეული წევრები არიან ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერები, მაგრამ პარტიას ოფიციალურად ეს არ გაუფორმებია… ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს რესურსის პრობლემაზე, როცა ვსვამთ კითხვას სარეაბილიტაციო ცენტრების ამოქმედებაზე. ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება ნარკოტესტირებისთვის. ამ თანხით შესაძლებელია დავეხმაროთ ნარკომომხმარებლებს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქუჩიდან ნარკოტესტირების გასავლელად აღარ მიჰყავთ ადამიანები არათუ ევროპის ქვეყნებში, არამედ თითქმის არსად… ეს არის რეპრესიული მიდგომა“.

რატომ არ შეიძლება მინიმუმ ნარკომომხმარებლებისგან ამოღებული ჯარიმები მათ რეაბილიტაციას  მოხმარდეს? – კითხვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს დავუსვით. ის ნარკოპოლიტიკაზე საუბარს დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

პროკურორს სასამართლო დარბაზში თავს დაესხნენ

პროკურორ გიორგი რამიშვილს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა სასამართლო დარბაზში დაესხა თავს. ქალმა აგრესია პროკურორის მისამართით მას შემდეგ გამოხატა, როცა მოსამართლე ირაკლი შავაძის გადაწყვეტილება მოისმინა. ხულიგნობაში ბრალდებულ ოთხ პირს დღეს, 19 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასმართლომ თითო წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულთაგან ერთს ორი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რადგან მას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდა. გიორგი გ. წარსულშიც ნასამართლევი იყო განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის.

საუბარია მიმდინარე წლის 21 იანვარს, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე, როცა შუაღამით კარაოკე ბართან რამდენიმე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული ექვსი პირია. ბრალდებულები დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა.

ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა, პროკურორმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ბრალდებულები უმკაცრესად დასჯილიყვნენ. გიორგი რამიშვილმა რამდენიმე მოწმის ჩვენებაც გაიხსენა იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არგუმენტირებული იყო.

პროკურორის გამოსვლას ხალხით სავსე სასამართლო დარბაზში რეპლიკები მოჰყვა. მოსამართლის გასვლის შემდეგ კი, ერთ-ერთი მსჯავრდებულის, საბა ჟ.-ს დედამ  პროკურორი სიტყვიერად შეურაცხყო. ის ფიზიკურადაც მიიწევდა პროკურორისკენ, თუმცა ამის საშუალება დარბაზში მყოფმა სხვა პირებმა არ მისცეს. პროკურორს დარბაზი არ დაუტოვებია და არც გამოპასუხებია მხარეს. ქალის დაკავება დარბაზში მყოფ მანდატურის სამსახურს არ უცდია.

 

მადონა ბერიძე: სასურველი იქნებოდა, საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას

საოლქო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოცემას სასამართლო განხილვების დასრულებამდე “სამართლიან არჩევნებში” საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ.

“ჩვენი შეფასებით, სასურველი იქნებოდა საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას,” – უთხრა “ბათუმელებს” მადონა ბერიძემ, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა: “საარჩევნო კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი მუხლის მიხედვით, საოლქო კომისია ვალდებულია დაელოდოს სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულებას, მეორე მუხლის მიხედვით კი, ოლქს ეს ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ ცალსახა დარღვევას ვერ ვხედავთ”

დღეს, 19 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის წევრმა”, პეტრე ზამბახიძემ საოლქო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის იგნორირებაში დაადანაშაულა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებს დღეს განიხილავს, ხოლო ბათუმის საოლქო კომისისიამ შემაჯემებელი ოქმი გუშინ, 18 ოქტომბერს გამოსცა.

 

ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა გასული ორი წლის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. დეპარტამენტმა „ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი ჩაატარა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემზე, ხოლო 2015 წელს – 1 499 869 ლარი, რაც 135 451 ლარით მეტია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემზე.

„მოპოვებული მტკიცებულებებით, არსებობს მაღალი რისკი, ბოტანიკური ბაღის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული რეალური შემოსავლების არასრულად ასახვისა და მიღებული თანხების არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებით,“ –  აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ბოტანიკური ბაღი / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმის ბოტანიკური ბაღი / ადმინისტრაციის შენობა

აქვე მაგალითად მოყვანილია 2015 წლის ივლისში დაფიქსირებული შემთხვევა, როცა  „საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, რამდენიმე დღის განმავლობაში, სალაროდან პირადი მიზნებისთვის გაიტანა 53 541 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის მოძრაობის კონტროლის შესაძლებლობა ჰქონდა, წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ხელმძღვანელობას ეს ფაქტი არ გამოუვლენია… ეს ფაქტი თავიდანვე ცნობილი იყო უფლებამოსილების მქონე სხვა მთავარი სპეციალისტისთვის. არსებული მასალებით, სამართალდამრღვევი პირი ფაქტის გაცხადების შემდეგაც, 2015 წლის 7 აგვისტომდე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ხოლო მეორე პირი დღემდე აგრძელებს საქმიანობას ბოტანიკური ბაღში“.

ბოტანიკური ბაღის გასული ორი წლის ბალანსებში არ არის ასახული ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული არანაკლებ 1,19 მილიონი ლარის ღირებულების 21 დასახელების შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი აქტივები. შესაბამისად, ბოტანიკური ბაღის არაფინანსური აქტივების ორი წლის საბალანსო მონაცემები ჯამურად შემცირებულია არანაკლებ 118 მილიონზე მეტი ლარით;

აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ „შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება ბოტანიკური ბაღის 2014 და 2015 წლების მოგების გადასახადის გაანგარიშების საფუძვლიანობა“. ამასთან, აუდიტი აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მოგების გადასახადის დეკლარაციების თანახმად, შარშანწინ,  ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია 1 128 091 ლარი, ხოლო გასულ წელს 1 328 634 ლარი: „თუმცა ბოტანიკური ბაღის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამოქვითვების ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებული დოკუმენტური მტკიცებულებები, რითაც შეფასდებოდა მოგების გადასახადის გაანგარიშების საფუძვლიანობა“.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, საფინანსო-ეკონომიკურ განყოფილებაში მოლარის თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩატარდა ატესტაცია.  აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მონაწილე 8 მოლარიდან ატესტაცია წარმატებით გაიარა ერთმა, ხოლო 7-მა მოლარემ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რის საფუძველზეც 6 თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავდროულად აყვანილ იქნენ ხელშეკრულებით, დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

მიუხედავად ამისა, საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის რეკომენდაციით, 2016 წელს აღნიშნული პირები დანიშნულ იქნენ მოლარეებად შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. „გამომდინარე აქედან, ატესტაციის ჩატარების მიზანი არ შესრულებულა,“ – აცხადებს აუდიტი.

ბოტანიკურ ბაღს 2012 წელს შეძენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ერთიგონი“, თუმცა ორგანიზაციას 2014-2015 წლებში ბუღალტერია ამ პროგრამით არ უწარმოებია. მიზეზებზე აუდიტის სამსახურმა სათანადო განმარტება ვერ მიიღო.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბოტანიკურ ბაღში გასული წლის აგვისტოში რიგ თანამშრომლებზე პრემია გაცემულია იმ პირობებში, როდესაც მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებიც.

„თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობამ 2014 წელს შეადგინა 424 873 ლარი, ხოლო 2015 წელს – 369 598 ლარი, რაც შესაბამისად, 2 273 ლარით და 44 098 ლარით მეტია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვასთან. ამასთან, ორგანიზაციაში არ არის შემუშავებული პრემიების გაცემის წესი, ხოლო შესაბამისი ბრძანებების დასაბუთება ფორმალურ ხასიათს ატარებს,“ – აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ელექტრონული ტენდერების  საკვალიფიკაციო და ტექნიკური დავალების რიგი მოთხოვნები ფორმალურ ხასიათს ატარებს; ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დაგვიანებით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

გასულ წლებში მოქმედი დებულების თანახმად, ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების სარგებლობაში განკარგვა დასაშვები იყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით. აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, ბოტანიკური ბაღის მიერ არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით სარგებლობაში განკარგვა განხორციელებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე, პირდაპირი განკარგვის ფორმით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, უზუფრუქტუარს ნივთის იჯარით გადაცემისათვის ესაჭიროება მესაკუთრის თანხმობა. თუმცა ბოტანიკური ბაღის მიერ მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში განკარგვაც განხორციელებულია ქონების მესაკუთრის – ბათუმის  მერიის თანხმობის გარეშე. ბოტანიკურმა ბაღმა აუდიტს ვერც საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები წარუდგინა.

ბოტანიკურ ბაღს თავის სანერგეში 2014 წელს რეალიზებული აქვს 413 ძირი ნერგი, ხოლო 2015 წელს – 2 921 ძირი ნერგი. აუდიტმა დაადგინა, რომ `სანერგე მეურნეობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები აღემატება მათი რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს. ამასთან, ბოტანიკური ბაღის ბუღალტერიაში არ ხდება ნერგების მიღების/გამოყვანის ანალიზური აღრიცხვა, რაც წარმოშობს შემოსავლების აღურიცხაობის რისკს“.

ბოტანიკური ბაღის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მერი. ბოტანიკური ბაღის დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად. 2016 წლის აპრილიდან ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ბრძანებით ბოტანიკური ბაღის დირექტორად დანიშნულია ირაკლი არჩაია.

ბოტანიკური ბაღი ფინანსდება როგორც ბათუმის ბიუჯეტიდან, ასევე მას აქვს   საკუთარი შემოსავლები შესასვლელი ბილეთების, ნერგების და სხვა საქონელისა და მომსახურების რეალიზაციიდან.

აუდიტის ინფორმაციით, 2014 წელს ბოტანიკურმა ბაღმა ბიუჯეტიდან 1 093 421 ლარი მიიღო, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან – 1 506 838 ლარი. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი იყო, შესაბამისად, 1 158 208 და 1 685 174 ლარი.

მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 399 ათასი ლარის გარდა, სექტემბრის თვის მონაცემებით ბოტანიკურმა ბაღმა, ბაღის ბუღალტრის, ზინა გელაძის ინფორმაციით, „შიდა შემოსავლების სახით დაგეგმილზე მეტი – 1 მილიონ 630 ათასი ლარი მიიღო“. როგორც ზინა გელაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებიდან 717 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურებაზე იხარჯება. ხელფასებზე დაიხარჯება შიდა შემოსავლებიდან მიღებული  1 მილიონ 9 ათასი ლარიც. ბოტანიკურ ბაღში 187 შტატია. დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 400 ლარია, საშუალო – 600 ლარი, მაქსიმალური კი – 1 650 ლარი.

ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქირავდება 65 კვ/მ გარემონტებული ბინა

ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე  ქირავდება  65 კვ/მ ფართობი გარემონტებული  ბინა.  ფასი 350  აშშ დოლარი.

samaklero.ge

5.

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ქირავდება 80 კვ/მ კომერციული ფართობი

ბათუმში ლერმონტოვის   ქუჩაზე  ქირავდება  80 კვ/მ კომერციული ფართობი.  ფასი 90 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

4.

 

ბათუმში გორგასლის ქუჩაზე იყიდება 92 კვ/მ გარემონტებული ბინა

ბათუმში გორგასლის (ყოფილი ცხაკაია) ქუჩაზე  იყიდება  92 კვ/მ გარემონტებული ფართობი ბინა. ფასი 55 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

3.

 

ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 46 კვ/მ ფართობი ბინა

ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის  ქუჩაზე  იყიდება  46 კვ/მ ფართობი ბინა, ბინაში არის ბუნებრივი გაზი, გათბობა, ინტერნეტი WIFI, ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა. ფასი 60 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

2.

შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს განხილვის დასრულებამდე

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემას აპროტესტებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლის მიხედვითაც შემაჯემებელი ოქმი საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ უნდა გამოიცეს: “ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია საარჩევნო დავებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საოლქო კომისია არაფრად აგდებს სასამართლოს, ან პირიქით, ისინი ერთობლივად მოქმედებენ. ფაქტია, რომ საარჩევნო კოდექსის იგნორირებით მოქმედებს საოლქო კომისია” .

“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის ოლქის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასაც აპირებს. პეტრე ზამბახიძე ვარაუდობს, რომ საოლქო კომისიები ცდილობენ დაჩქარებულად დაასრულონ უკანონო პროცესი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების ძირითად ნაწილს დღეს, 19 ოქტომბერს განიხილავს.

“გუშინ საქართველოში ყველა ოლქმა გააკეთა შემაჯამებელი ოქმი, მათ შორის, ჩვენც,” – უთხრა “ბათუმელებს” ციალა შავაძემ, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ. ის მიიჩნევს, რომ ოლქს კანონი არ დაურღვევია: “ჩვენ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით ვიმოქმედეთ, რომლის მიხედვითაც საჩივრის შეტანა სასამართლოში არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.”

კითხვაზე, რას აპირებს ოლქი იმ შემთხვევაში, თუკი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო “ნაციონალური მოძრაობის”, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს დააკმაყოფილებს, ციალა შავაძე გვპასუხობს, რომ განმარტებებს წინასწარ ვერ გააკეთებს: “მაგას წინასწარ ნუ ვიწინასწარმეტყველებთ… არა მგონია, გავლენა მოახდინოს შედეგზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ. თუკი სააპელაციო დააკმაყოფილებს რომელიმე საჩივარს, შემდეგ გაგცემთ პასუხს”.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიების შემაჯემებლი ოქმების საფუძველზე იღებს შემაჯამებელ ოქმს დარღვევების განხილვის შედეგების გათვალისწინებით. ამავე კოდექსის მიხედვით, საოლქო კომისიამ 11 დღის ვადაში უნდა მიიღოს შემაჯამებელი ოქმი. ეს ვადა საოლქო კომისიებისთვის დღეს, 19 ოქტომბერს იწურება.

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში „წითელი ნუსხის“ 3232 მცენარე მოიჭრება

მცენარეების რაოდენობამ, რომლებიც „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში უნდა მოიჭრას, 3232-ს მიაღწია.

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აქვს უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის მცენარეები:

  • კოლხური მუხა – 1873 ძირი;
  • ჩვეულებრივი წაბლი – 1149 ძირი;
  • კაკლის ხე – 190 ძირი;
  • მცირენაყოფიანი ბალამწარა – 14 ძირი;
  •  უთხოვარი – 6 ძირი.

„საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების [მოჭრის] უფლების მინიჭების წესი და საკომპენსაციო საფასური, საქართველოს მთავრობამ ბოლოს მიმდინარე წლის მაისში განსაზღვრა.

ამ წესის მიხედვით, მაგალითად, მუხის მოჭრისთვის [შესაბამისი  ნებართვით] 1 კუბ/მ-ზე გადასახადი 75 ლარია. კოლხური მუხის შემთხვევაში კი, რომელიც წითელ ნუსხაშია, ეს საფასური ოთხმაგდება. ანუ, „ელექტროსისტემას“, რომელმაც 1873 ძირი კოლხური მუხა უნდა მოჭრას, 1 კუბ/მ მერქანზე 300 ლარი მაინც უნდა გადაეხადა, თუმცა, ის, რატომღაც ამ საფასურის გადახდისგანაც გაათავისუფლა მთავრობამ.

აგროსესხი გამარტივებული პირობებით – თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს

მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ბაღების გაშენება სურს, თიბისი ბანკი საინტერესო სიახლეს სთავაზობს. პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილე ფერმერებს, შეუძლიათ თანხის ნაწილი თიბისი ბანკისგან გამარტივებული პირობებით ისესხონ.  სახელმწიფო პროგრამის „ბაღების კომპონენტი“ მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას გულისხმობს.

ფერმერებს სახელმწიფოსგან შეუძლიათ გრანტის სახით მიიღონ შესაძენი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანამედროვე სარწყავი სისტემის გასამართად საჭირო თანხის 50%.  დარჩენილი თანხის მოზიდვა კი მათ თიბისი ბანკისგან შეუძლიათ, რომელიც პროგრამაში მონაწილე პირებს სესხზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს.

კერძოდ, სესხის თანხა განსაზღვრულია 10 000 ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი 18%-დან, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა შემოსავლების დადასტურების გარეშე, მხოლოდ მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით ან/და შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფის გარეშე მიიღოს ზემოთხსენებული სესხი.

სესხის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ბენეფიციარს მფლობელობაში ჰქონდეს მინიმუმ 1 ჰა მიწის ფართობი საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი. გასაშენებელი მრავალწლოვანი კულტურების ჩამონათვალი დიდია და  შეზღუდვა მხოლოდ ვაზის გაშენებაზე მოქმედებს.

„თიბისი ბანკი 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული აგრო მიმართულების დაფინანსებაში. ჩვენს კლიენტებს არაერთი პროექტი შევთავაზეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რაც  აგრო სექტორში  ჩართულ ადამიანებს  თავიანთი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.

 ამჯერად, შევიმუშავეთ  პროექტი „დანერგე მომავალი თიბისი ბანკთან ერთად“, რაც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად ისარგებლონ აგრო სესხის გამარტივებული პირობებით და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით.

 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებაში და საშუალება მივცეთ ფიზიკურ პირებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს მიმართულებები,“ – აცხადებს ნინო მასურაშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, კერძოდ, მათ შეუძლიათ გაიარონ ტრენინგები და კონსულტაციები.

 „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. ამისათვის აუცილებელია კერძო სექტორისა და საფინანსო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა ისეთი ინოვაციური, მდგრადი და ქმედითი მოდელების განხორციელების პროცესში, რომლებიც სტიმულს მისცემენ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას,“  – აცხადებს მარიანა მორგოშია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი.

პროექტის  „დანერგე მომავალი“ მიზანია საქართველოში გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება  მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ან კონსულტაცია გაიარონ როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით.  

Capture

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე იყიდება 35 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე იყიდება 35  კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომფორტით. ფასი: 40 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

1.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის ათი კონკურსანტი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირდნენ:

  1. სოსო სტურუა – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი დირექტორი;
  2. გიორგი მოისწრაფიშვილი- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი;
  3. თამილა დოლიძე – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე რადიოს მიმართულებით და გენდერის მედიაცენტრის დირექტორი;
  4. თეიმურაზ დიასამიძე – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი;
  5. ვლადიმერ ჭელიძე – ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “იბერია და იბერიელების” წამყვანი;
  6. დავით ჩხარტიშვილი – ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  7. ფირუზ ბოლქვაძე – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  8. გიორგი გიორგაძე -რეჟისორი;
  9. დავით დიასამიძე – რეჟისორი;
  10. ნათია კაპანაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მენეჯერი, მედიაექსპეტი.

კანდიდატების შერჩევა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს პრეროგატივაა. კანდიდატი, რომელიც მრჩეველთა საბჭოს 4 წევრიდან ხმების უმრავლესობას მიიღებს, მაუწყებლის დირექტორი გახდება. მრჩეველთა საბჭოს იურისტ გია ქარცივაძის თქმით, კანდიდატების მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საბჭო 20 ოქტომბრამდე შეისწავლის: „საბუთებს 20 ოქტომბრისთვის ჩანიშნულ სხდომაზე გადაარჩევენ. სხდომიდან ზუსტად 7 დღეში კი კონკურსი ჩატარდება, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს.“

აჭარის ტელევიზიის დირექტორს ირჩევს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ოთხი წევრის შემადგენლობით – ნატა იმედაიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, ბეჟან გობაძე, გიორგი ირემაძე. იმ შემთხვევაში თუ დარეგისტრირებული კანდიდატებიდან დირექტორს ვერ შეარჩევენ, ტელევიზიის ხელმძღვანელობას გააგრძელებს ბოლო დირექტორი სოსო სტურუა, ხოლო განმეორებითი კონკურსი შეიძლება იმავე დღეს, ანუ 20 ოქტომბერს გამოცხადდეს.

დანამატები ხელფასებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით ცვლილება შევიდა „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ უსკოს განკარგულებაში.

უსკოს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე დანამატი გაიცემა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნამუშევარი დღეების შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით.

საუბნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება კი განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომლის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

  • თავმჯდომარე 312,50 ლარი;
  • თავმჯდომარის მოადგილე 287,50 ლარი;
  • კომისიის მდივანი 262,50 ლარი;
  • კომისიის წევრი 225,00 ლარი.

პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარაში 347 უბანი იყო გახსნილი, რომელსაც მოგვიანებით კიდევ ერთი უბანი დაემატა. საუბნო საარჩევნო კომისიაში 13 წევრია თავმჯდომარის ჩათვლით.

Exit mobile version