მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სამი მსურველი კონკურსს გამოეთიშა

20.10.2016
აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სამი მსურველი კონკურსს გამოეთიშა

აჭარის ტელევიზიაში დასრულდა მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა დოკუმენტაციის შესაბამისობას განიხილავდნენ კანონმდებლობასთან. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 პრეტენდენტიდან შემდეგ ეტაპზე გადავიდა მხოლოდ – 7. დირექტორობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ თამილა დოლიძე, თეიმურაზ დიასამიძე და გიორგი გიორგაძე.

აჭარის ტელევიზიის იურისტის, გია ქარცივაძის განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების დოკუმენტაცია იყო პრობლემური. მაგალითად – თეიმურაზ დიასამიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, არ ჰქონდა შესაბამისი სამუშაო გამოცდილება: აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მსურველს უნდა ჰქონდეს ხუთწლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, ან ადამიანის უფლებების ან კიდევ პედაგოგოგიურ-სამეცნიერო მიმართულებით.

სხვა ორი კანდიდატს [თამილა დოლიძე, გიორგი გიორგაძე], რომლებიც გამოეთიშნენ დირექტორობისთვის ბრძოლას, როგორც გია ქარცივაძე აცხადებს, “წარმოდგენილი არ ჰქონდათ აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი”.

მეორე ეტაპზე გადასულ შვიდ კანდიდატთან ტელევიზიის ოთხკაციანი მრჩეველთა საბჭო [ნატა იმედაიშვილი, ბეჟან გობაძე, ირაკლი დარცმელიძე და გიორგი ირემაძე] გასაუბრებას გამართავს 23-24 ოქტომბერს. თავის გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით მრჩეველთა საბჭო გამოაცხადებს 24 ოქტომბერს 19:00 საათზე.

თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების სათანადო ოდენობას [ამ შემთხვევაში სამ ხმას], ტელევიზიის ბორდს უფლება აქვს, იგივე კანდიდატებთან, განმეორებითი კენჭისყრა ჩაატაროს 27 ოქტომბრის ჩათვლით.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის შემდეგი შვიდი კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას:

  1. სოსო სტურუა – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი დირექტორი;
  2. გიორგი მოისწრაფიშვილი- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი;
  3. ვლადიმერ ჭელიძე – ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “იბერია და იბერიელების” წამყვანი;
  4. დავით ჩხარტიშვილი – ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  5. ფირუზ ბოლქვაძე – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  6. დავით დიასამიძე – რეჟისორი;
  7. ნათია კაპანაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მენეჯერი, მედიაექსპეტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: