მთავარი,სიახლეები

შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს განხილვის დასრულებამდე

19.10.2016
შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს განხილვის დასრულებამდე

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემას აპროტესტებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლის მიხედვითაც შემაჯემებელი ოქმი საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ უნდა გამოიცეს: “ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია საარჩევნო დავებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საოლქო კომისია არაფრად აგდებს სასამართლოს, ან პირიქით, ისინი ერთობლივად მოქმედებენ. ფაქტია, რომ საარჩევნო კოდექსის იგნორირებით მოქმედებს საოლქო კომისია” .

“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის ოლქის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასაც აპირებს. პეტრე ზამბახიძე ვარაუდობს, რომ საოლქო კომისიები ცდილობენ დაჩქარებულად დაასრულონ უკანონო პროცესი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების ძირითად ნაწილს დღეს, 19 ოქტომბერს განიხილავს.

“გუშინ საქართველოში ყველა ოლქმა გააკეთა შემაჯამებელი ოქმი, მათ შორის, ჩვენც,” – უთხრა “ბათუმელებს” ციალა შავაძემ, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ. ის მიიჩნევს, რომ ოლქს კანონი არ დაურღვევია: “ჩვენ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით ვიმოქმედეთ, რომლის მიხედვითაც საჩივრის შეტანა სასამართლოში არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.”

კითხვაზე, რას აპირებს ოლქი იმ შემთხვევაში, თუკი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო “ნაციონალური მოძრაობის”, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს დააკმაყოფილებს, ციალა შავაძე გვპასუხობს, რომ განმარტებებს წინასწარ ვერ გააკეთებს: “მაგას წინასწარ ნუ ვიწინასწარმეტყველებთ… არა მგონია, გავლენა მოახდინოს შედეგზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ. თუკი სააპელაციო დააკმაყოფილებს რომელიმე საჩივარს, შემდეგ გაგცემთ პასუხს”.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიების შემაჯემებლი ოქმების საფუძველზე იღებს შემაჯამებელ ოქმს დარღვევების განხილვის შედეგების გათვალისწინებით. ამავე კოდექსის მიხედვით, საოლქო კომისიამ 11 დღის ვადაში უნდა მიიღოს შემაჯამებელი ოქმი. ეს ვადა საოლქო კომისიებისთვის დღეს, 19 ოქტომბერს იწურება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: