აჭარის განათლების სამინისტრომ „სტუდენტთა დახმარების“ კონკურსი გამოაცხადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2014-2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.  ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 %-სა.

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;

დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.

სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ  სამინისტროში 2017  წლის პირველი აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით. შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4;  ტელ.: 24 53 78.

ბათუმში გაზგასამართი აფეთქდა – დანგრეული და დამწვარია ექვსი სახლი

ხანძარი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ჩააქრეს. ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, აფეთქებულია გაზგასამართი სადგური, დანგრეული და დამწვარია 6 სახლი, დამწვარია გაზგასამართი სადგურის სამი და კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანა.

ადგილზე მისულმა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ გაზგასამართი სადგური ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 147-ში უნებართვოდ და კუსტარულად იყო მოწყობილი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ხანძრისგან დაზარალებულებს ბინის ქირას გადაუხდიან, გამოძიების დასრულების შემდეგ კი, ზარალს ის აანაზღაურებს, ვისი ბრალეულობაც დადგინდება.

გაზგასამართი სადგური ასლან აბაშიძის ქუჩაზე სამი წელია მუშაობს. ადგილობრივების თქმით, ხანძარი გასულ წელსაც გაუჩნდა გაზგასამართ სადგურს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთი კლინიკა „მედინაში“ მძიმე დამწვრობით გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

gazgasamarti

xanzari gazi

xanzari bolo

 

xandzari 1

xanZari 3
მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

 

ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი სამედიცინო კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

„ძალიან მძიმე ხარისხის დამწვრობაა, დაახლოებით სხეულის 90 პროცენტი დამწვარია, რაც ფაქტობრივად სიცოცხლესთან შეუთავსებელია. პაციენტი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და ტარდება შესაბამისი სამედიცინო პროცედურები,“ – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ, სამედიცინო კლინიკა „მედინას“ ხელმძღვანელმა.

ახალგაზრდა კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე სხვადასხვა სამედიცინო დახმარება რამდენიმე პირს აღმოუჩინეს, მაგრამ საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ. სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ-ერთ მეხანძრესაც, მას დიდი ოდენობით კვამლი ჰქონდა ჩაყლაპული.

ხანძრის ჩაქრობა აბაშიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

 

ბათუმში ხუთი სახლი იწვის

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ხუთი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ხანძარია ასევე ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ქუჩაზე რამდენიმე საწყობი იწვის.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დაშავებული არავინ არის და საავადმყოფოში არც ერთი პირი არ გადაუყვანიათ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

სამაშველო და სახანძრო სამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა.

ხანძარი ლერომონტოვის ქუჩაზე

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა გუშინ ღამით ბრალდებული დააკავეს. საუბარია 14 აგვისტოს შემთხვევაზე, როცა 30 წლის ქობულეთელი მამაკაცი ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილავს

„ჩვენ მოვითხოვთ დისკრიმინაციული ნორმის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განსხვავდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკური პლატფორმის „ახალი საქართველოს“ ლიდერმა. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს, 16 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა.

სარჩელის მოთხოვნაა  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობა. ეს მუხლი ადგენს მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკს – 65, ქალებისთვის კი – 60 წელს. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ასაკი ორივე სქესისთვის 60 წელი უნდა იყოს.

„ჩვენი დასაბუთება ეყრდნობა ევროპულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი ერთმანეთისგან არ განსხვავდება,“ – დასძენს გიორგი ვაშაძე.

 

 

პატიმარი: დამსაჯეს, რადგან სახალხო დამცველს მივწერე

„ბავშვობიდან ვიცი, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭკუა, თუნდაც მცირედი, ოღონდ საკუთარი, ესეთი პოლიტიკა არ გამიგია – არც საჩივარი დაწერო და არც გიმკურნალებთ, მაგრამ ერთ საკანში დაგტოვებთო. თუ არ დათანხმდები, დაშლიან საკანს, მარტო ერთ პატიმარს განათავსებენ საკანში, გამწარების ათასნაირი მეთოდი აქვთ…“ – გვწერს პატიმარი დავით ხ. ბათუმის ციხიდან. მსჯავრდებულის თქმით, ის საკანში მარტო მას შემდეგ დატოვეს, როცა სახალხო დამცველის აპარატს თავისი პრობლემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„214 საკნიდან დამიძახეს საადვოკატურო ოთახში, სადაც დამხვდნენ დირექტორის მეორე მოადგილე გოგა, სარეჟიმო განყოფილების უფროსი კახა და ულტიმატუმის ენით და მუქარით, თუ დავთანხმდებოდი თეიმურაზ ქორიძესთან დოკუმენტაციის გაგზავნას, მომათავსებდნენ ცალკე საკანში მარტო და თუ არ გავგზავნიდი და უარს ვიტყოდი, 214-ე საკანში დამტოვებდნენ. მე ვუთხარი, გაეგზავნათ და წამოვედი. დაახლოებით ნახევარ საათში 214-ე საკნიდან გადამიყვანეს 220-ე საკანში მარტო…“

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას პატიმრის საკანში მარტო დატოვების შესახებ: „აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პენიტენციურ სისტემაში ყველა მსჯავრდებული, მათ შორის დ.ხ. სარგებლობს შეუზღუდავი შესაძლებლობით მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს,“ – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ პატიმრისგან მიმართვა მიიღეს და საკითხს სწავლობენ.

პატიმრის თქმით, ჯანმრთელობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაუზიანდა და ციხეში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს. დავით ხ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ აწუხებს თავის ტკივილი, დაბალი წნევა, ხოლო სამედიცინო პერსონალმა ვერ დაადგინა, რის გამო აქვს ტკივილი. პატიმარი ტომოგრაფიის გადაღებას ითხოვს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ დავით ხ. სრული სამედიცინო სერვისით არის უზრუნველყოფილი:

„მსჯავრდებული დ.ხ., რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 2013 წლიდან იმყოფება, სრული სამედიცინო სერვისით არის უზრუნველყოფილი. სასჯელის მოხდის პერიოდში, საჭიროებისა და ჩივილებიდან გამომდინარე, ის მრავალჯერ არის კონსულტირებული სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის, მათ შორის ნევროლოგის, რევმატოლოგის, ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის მიერ, ასევე, ჩატარებული აქვს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტური გამოკვლევები, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დ.ხ.-ს კონსულტაციის, რენტგენოგრაფიისა და ექოსკოპიური გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, სპეციალისტის რეკომენდაციის შესაბამისად, დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც ამჟამადაც უგრძელდება. ამ ეტაპზე, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში დავით ხ.-თან ერთად, მსჯავრდებული კახა მ. იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართავენ და ადვოკატის გამოყოფას ითხოვენ. პატიმრები ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებენ.

„მივიღეთ წერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მსჯავრდებულები ვერ აკმაყოფილებენ კატეგორიას, ვისაც შესაძლოა უფასოდ დაუნიშნოს სახელმწიფომ ადვოკატი. მათ მხოლოდ სამართლებრივი კონსულტაცია გავუწიეთ,“ – გვითხრა იამზე ზანდარაძემ. ის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელია. მისი განმარტებით, პატიმრებს უფასო იურიდიული დახმარებით იმ შემთხვევაში შეუძლიათ სარგებლობა, თუკი პატიმარი სოციალურად დაუცველია, ან საქმე მემკვიდრეობით და საოჯახო დავას უკავშირდება.

კახა მ-მ. და დავით ხ-მ. მათი პრობლემებით დაინტერესება 8 აგვისტოს სთხოვეს ცოტნე ანანიძესაც, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პატიმრების წერილის მიღების შემდეგ კონკრეტულად არაფერი გაურკვევია. ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ პატიმრებს კვირის ბოლოს მოინახულებს.

 

 

 

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, დაახლოებით 44 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსის, ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, დაზარალებული მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა:

„აღენიშნებოდა სეროზული დაზიანებები, ჰქონდა სისხლდენა, იყო კონტაქტური. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] .“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

BIAFF-ის კონკურსი ბლოგერებისთვის

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი [BIAFF] აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის. კონკურსის მთავარი მოთხოვნა კინოფესტივალის ინტენსიურად და საინტერესოდ გაშუქებაა.

ფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 25 აგვისტომდე უნდა შეავსონ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/dLbGGc.

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება.

კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალზე დასწრება. ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება [საიტზე გადასასვლელი ბმულით]  კინოფესტივალამდე ერთი ბლოგპოსტის მომზადება, კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით.

ფესტივალი  კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს აკრედიტაციას, რაც მათ საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალზე დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას. დაესწრონ ასევე ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ  ფესტივალის სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები. ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი. ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიას (ასევე დახურვის ბანკეტს), რომელიც ლიმიტირებულია. ყველა ბლოგერს გადაეცემა  ფესტივალის კატალოგი და მაისური ფესტივალის ლოგოთი.

სამი ბლოგერი, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებენ ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებენ  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს.

საუკეთესო სამ ბლოგერს  BIAFF-ი დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით –  #1 ადგილი –  აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება (5 ღამე);   #2 ადგილი –   აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი –  აკრედიტაცია, განთავსება.

გარდა ამისა, სამ საუკეთესო ბლოგერს გადაეცემა  ორდღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის.

კინოფესტივალების ორგანიზატორების ინფორმაციით, ბლოგერების კონკურსს აგვისტოს ბოლომდე დაემატება ასევე სხვა პრიზებიც, სხვადასხვა კომპანიასთან მოლაპარაკების შემდეგ.

საკონტაქტო ინფორმაცია: ზვიად ელიზიანი (ფესტივალის მენეჯერი) – ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 599-48 21 81

 

„დარ ბილდინგმა“ ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის ნებართვა მიიღო

კომპანია „დარ ბილდინგმა“  ბათუმში,  ბარათაშვილის 24-26-ში მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ მას იცავდა ჩანაწერი კანონში ძეგლის დაცვის ზონაში არსებული შენობების შესახებ.

სახლის დანგრევის შემდეგ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ კომპანიამ შენობა ბარათაშვილის 24-26-ში ნებართვის გარეშე უკანონოდ დაანგრია. 

კომპანია ბარათაშვილის #24-26 ში 7-სართულიანი, მრავალფუნქციური სახლის აშენებას გეგმავს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტერიტორია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის.

კომპანია „დარ ბილდინგი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

განათლების სამინისტროს გაფრთხილება აბიტურიენტებს

საქართველოს განათლებისა სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს, სწავლის გაგრძელებამდე დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.

ინტერნეტსივრცეში, ბოლო დროს, აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო მეტად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სხვადასხვა სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს. მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა – ავტორიზაცია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.

ავტორიზაციას არ ექვემდებარება: ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:

 

ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი; ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი; ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;
ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

 

ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე დასჯადია”.

44 799 ლარი – კახა ბექაურისა და ეკა ბერიძის ყოველთვიური ხელფასი

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის [GNCC] თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, გასული 2016 წლის იანვრიდან  დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, 233 988 ლარი მიუღია, რაც თვეში 19 499 ლარია. ამის შესახებ კახა ბექაური თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს.

კახა ბექაურმა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 5 მაისს შეავსო. დეკლარაციის შევსებამდე სამი დღით ადრე, ანუ 2017 წლის 2 მაისს კახა ბექაური ამავე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც თავმჯდომარის შემოსავალი წელს კიდევ უფრო გაიზარდა.

კახა ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითვე, შარშან გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონია მის მეუღლეს, ეკა ბერიძეს. ყოფილი ჟურნალისტი, ეკა ბერიძე  წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ [GWP] პიარს ხელმძღვანელობს. მანამდე ის ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. ეკა ბერიძეს 2016 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 303 575 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში 25 300 ლარია.

კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი 2014 წლიდან არის. 2012 წელს კი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანიას „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, კომისიის თავმჯდომარეს კი – სამი წლის ვადით თავად კომისია ირჩევს. კომისიის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.

რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – ამ კომპანიის კრედიტორები სახელმწიფო სტრუქტურები არიან, კომპანიის მესაკუთრე კი არის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზი“.

 

 

ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე  მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში  2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს.

ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და თანამედროვე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა.

აღნიშნულ პროექტში ინვესტორმა არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.


ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ერთ-ერთი იყო იმ 21 ობიექტიდან, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ „სილქ როუდ ჯგუფს“ მიჰყიდა. „ქობულეთი“ და სხვა ქონება იმავე წელს ყაზახურ ბანკ „ტურანალემში“ იპოთეკით დაიტვირთა.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება 2016 წელს გააფორმა და „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა.

ახალი ხელშეკრულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული, მათ შორის ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“.

„სილქ როუდ ჯგუფში“ კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დარჩენილი აქვთ 10 ობიექტი, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, აქვთ ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც.

„დაბრუნებული ქონების“ ჩამონათვალში იყო ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაურიც“, რომლებიც კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „სტატოტელის“ თხოვნაზე სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია: „ჯერჯერობით მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“.

გერმანული წარმოების უახლესი მიკროსკოპი „ნიუ დენტ XXI“-ში – არ გადადოთ ვიზიტი სტომატოლოგთან

Cj -optik varioFocus – გერმანული წარმოების, უახლესი მოდელის მიკროსკოპია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, საფუძვლიანად ვუმკურნალოთ კბილს, კისტებს; დავინახოთ ფესვი და იდეალური სიზუსტით მოხდეს კბილების ორთოპედიული დამუშავება ვინირებისთვის, გვირგვინებისა და ჩანართებისთვის. 

 20862387_1528598613830017_1079111486_o

ეწვიეთ „ნიუ დენტ XXI“-ის გვერს ფეისბუქზე – New Dent XXI – ღიმილის საამქრო და თავად ნახეთ, როგორ აფასებენ კლინიკას მადლიერი პაციენტები.

არ გადადოთ ვიზიტი სტომატოლოგთან, დარეკეთ დღესვე:

577 21 00 04 , 577 21 00 44

მისამართი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა #68.

 

ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის დაზიანებული ფრესკების აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში იმყოფებოდნენ ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს.

სააგენტოს დრიქტორის შეხვედრა ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლებთან
სააგენტოს დირექტორის შეხვედრა ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლებთან

შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად დაგეგმავს შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებს, რაც ითვალისწინებს სახურავის შეკეთებას და კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციას.

ოზურგეთში ქობულეთელი მამაკაცი მოკლეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში  მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. მოკლული პირის ვინაობა ცნობილია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქობულეთის მკვიდრია და ნაღობილევში სტუმრად იმყოფებოდა. „რამდენადაც ვიცი, სვამდნენ და  შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა“, – გვითხრა ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელმა მერიაში. ნაღობილევი მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

სამაშველო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ სარფში მაშველებმა 35 წლამდე ქალი ზღვიდან ამოიყვანეს.  ქალი გარდაცვლილია. „დილით შემოვიდა შეტყობინება ჩვენთან და მყვინთავებმა ერთ საათში იპოვეს და ამოიტანეს ნაპირზე, “ – განაცხადეს სამაშველო სამსახურში.

სამაშველოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი იდენტიფირებულია, – „ადგილობრივი არ არის, “- უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თვენახევრით დაგვიანებული ვერტიკალური გამწვანება ბათუმში

ბათუმის მერიის ლანდშაფტური დაგეგმარებისა და გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში რუსთაველის, მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩები ვერტიკალურად გამწვანდა. „ძირითადად ის ქუჩები გამწვანდა, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილებია,“- უთხრა „ბათუმელებს“ სამსახურის უფროსმა,  ლევან ჭანუყვაძემ.  მისი თქმით, სულ 270 ქოთანში დაირგო ყვავილები, ერთ ქოთანში მინიმუმ 5 ძირი და დაგეგმილია 300 ქოთნის გამწვანებაც.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ეს ქუჩები ვერტიკალურად პირველად გამწვანდა. „უფრო ადრე გვინდოდა გამწვანება, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მეორე კომპანიამ უჩივლა, ამიტომ პროცედურები ერთ თვეს გაიწელა. ამ ყვავილების დარგვა სატენდერო პროცედურების გამო თვენახევარი გაიწელა, ამის გამო მოგვიწევს ზედმეტი დანახარჯის გაღება, რომ მცენარეები შევინარჩუნოთ. ამ დროისთვის მცენარეებს ინტენსიურად უნდა ეყვავილა,“- ამბობს ჭანუყვაძე.

მისი თქმით, აღნიშნული ქუჩები ეკონომიის ხარჯზე გამწვანდა. „დაახლოებით 60 ათასი ლარი გვქონდა ეკონომია და 35 ათასის იყო ეს მცენარეები“.

შსს: ზღვაზე მაშველებმა წელს საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5- ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს… შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ ბათუმში 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაშველები შსს-
მაშველები / ფატო: შსს

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, ქართული თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. მეფუტკრეებს თაფლთან ერთად სხვადასხვა დასახელების თაფლის ნაწარმიც აქვთ გამოფენილი.

„120 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ თაფლისგან, ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ამის შესახებ ინფორმირებული, ეს ფესტივალიც დაგვეხმარება ცნობადობის გაზრდაში,“ – გვეუბნება კოოპერატივ „ზირას“ წარმომადგენელი.

თაფლის ფესტივალი ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე
თაფლის ფესტივალი ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე

„ზირას“ ინფორმაციით, თაფლის პროდუქტებიდან ყველაზე ხშირად იყიდება ფუტკრის რძე, თაფლის ძმარი, ჭეო და სხვადასხვა ნაზავი: „თაფლის რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს თითქმის ლარით მაინც ძვირდება პროდუქტი, თუმცა ზოგჯერ მაინც არის რეალიზაციის პრობლემა“.

„ზირას“ წარმომადგენლის თქმით, ისინი ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანის გზებს არ ეძებენ, რადგან რასაც აწარმოებენ, ქართული ბაზრისთვისაც საკმარისია. „არ გვაქვს იმ რაოდენობის [თაფლი], რომ უცხოეთში გავიტანოთ. ქართულ ბაზარს ძვლივს ჰყოფნის,“ – გვეუბნება ის.

ფიჭა. თაფლის ფესტივალი. ბათუმი 2017
ფიჭა. თაფლის ფესტივალი. ბათუმი 2017

თაფლს, თაფლის სანთელსა და დინდგელს ყიდის ქედელი რობერტ მახაჭაძე.  მისი თქმით, ქედის თაფლი ძირითადად წაბლისაა და გასაღების ბაზარი თურქეთში უფრო მეტია.

„საქართველოში 20-25 პროცენტი იყიდება, დანარჩენი თურქეთში გადის. კარგია ევროპის ბაზარი, მაგრამ სადაა. მაგას ბევრი კვლევები სჭირდება, საშულო დონის არის ჩვენი თაფლი, რადგან შხამქიმიკატები ახდენს ცუდ გავლენას“ – გვეუბნება ის.

ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება მუხურის თაფლი. „ახლა გვაქვს უკვე მზად გატანის დოკუმენტი და ვემზადებით თაფლის პოლონეთში გასატანად. შემდეგ ვგეგმავთ ბულგარეთს.  ჯერ არ ვიცით რა რაოდენობის შეკვეთას მივიღებთ და ველოდებით მოთხოვნას,“ – ამბობს ხვიჩა გახარია.

თაფლის სანთელი.
თაფლის სანთელი.

ფესტივალში მონაწილეობს კოოპერატივი „თაფლოვანიც“, რომელიც ათი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  მათ თაფლი გომბორიდან ჩამოიტანეს.

„ყველაზე ხშირად იყიდება თაფლი, ყვავილის მტვერი, თაფლის არაყი. რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. ახლა ლაგოდეხის ნაკრძალში გვყავს ფუტკარი, სადაც ცაცხვის თაფლი მზადდება და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ალპურ ზონაში გვაქვს სკები“ -გვეუბნება დავით ჯიქურაშვილი.

თაფლზე დამზადებული ტკბილეული, თაფლის ფესტივალზე. ბათუმი 2017
თაფლზე დამზადებული ტკბილეული, თაფლის ფესტივალზე. ბათუმი 2017

დავით ჯიქურაშვილის თქმით, ისინი მიწვეული იყვნენ ბაქოში, სადაც მათი თაფლით ალიევების ოჯახი დაინტერესდა: „ძალიან დაინტერესდნენ და წარმომადგენლობის გახსნაც გვთხოვეს, მაგრამ ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს. თუ ვინმე მინიმალურ დახმარებას გაგვიწევს, ალბათ ამასაც გავაკეთებთ“. მისი თქმით, მათი წარმოებული თაფლის ნიმუშები ბალტიისპირეთის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი, სადაც უმაღლესი შეფასება მიიღეს.

ყვავილის მტვერი და თაფლის სანთელი.
ყვავილის მტვერი და თაფლის სანთელი.

რევაზ ქათამაძის თქმით, თაფლის წარმოებას ცუდი ამინდი აფერხებს. „ცოტა ცაცხვმა გადაგვარჩინა, თორემ ცუდად იყო საქმე. ჩვენ გვაქვს გაზაფხულის, წაბლისა და ცაცხვის თაფლი. ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს.

რევაზ ქათამაძის თქმით, ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანა რთულია, რადგან  ევროპულ სტანდარტებს ხშირად თაფლი ვერ აკმაყოფილებს.

ბავშვები თაფლის ფესტივალზე ბათუმში
ბავშვები თაფლის ფესტივალზე ბათუმში
ევროკავშირის ბაზარი ქართული თაფლის მისაღებად მზადაა, თუმცა მეწარმეების ნაწილი ამბობს, რომ პროდუქტის გატანას მაინც ვერ ახერხებენ.
ევროკავშირის ბაზარი ქართული თაფლის მისაღებად მზად არის, თუმცა როგორც მეწარმეები ამბობენ, ისინი პროდუქტის გატანას მაინც ვერ ახერხებენ.

თაფლის ფესტივალი აჭარის აგროსერვისცენტრის მიერ არის ორგანიზებული და ის ბათუმში უკვე მესამედ იმართება.

ქობულეთში პოლიციამ ოთხი დამსვენებელი დააკავა  

ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით ოთხი ახალგაზრდა პირის საქმეს განიხილავს. 166-ე მუხლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც 100-ლარიან ჯარიმას ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 173-ე მუხლი კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 250-ლარიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით. დაკავებული პირებიდან სამი თბილისის მცხოვრებია, ერთი კი – გორის. ისინი ქობულეთში ისვენებდნენ.

აღნიშნული პირები პოლიციამ 12 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქობულეთში, კლუბ „ატლანატას“ და კლუბ „სტრეპტოციტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებულები ამბობენ, რომ გუშინ ეროვნული გამოცდების შედეგები გაიგეს და გამოცდის ჩაბარებას აღნიშნავდნენ.

„მეგობართან ერთად ვიყავი, ცოტა დავლიეთ, რადგან აბიტურიენტები ვართ და გამოცდების ჩაბარებას აღვნიშნავდით. კლუბში სიცხე იყო და მაისური გავიხადე, დაცვის პოლიციამ მითხრა, რომ შიშველი ყოფნა არ შეიძლება და ჩაიცვიო. ჩემს მეგობარსაც ჰქონდა გახდილი მაისური. ჩემმა მეგობარმა ნ.ჯ-მ მაისური უკუღმა ჩაიცვა და ამის გამო ისევ გაიხადა. ამ დროს მოვიდა დაცვა და უხეშად მოგვცა შენიშვნა“, – განაცხადა 1989 წელს დაბადებულმა ნ.ღ-მ სასამართლო სხდომაზე.

დაკავებულები აღიარებენ, რომ კლუბის კარებთან ისინი დაცვას ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ადასტურებენ.

„მე, პირადად, არ შემიგინია“, – ამბობდა ნ.ღ. ერთი-ორჯერ შეგინებას კი ნ.ჯ. ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არ ყოფილა კონკრეტული პირისკენ მიმართული.

„ამ კამათის დროს მოვიდა პოლიცია და ჩამსვა მანქანაში, შემდეგ ჩემი მეგობარიც მომისვეს გვერდით“, – ამბობს ნ.ჯ.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას უარყოფს კიდევ ერთი ბრალდებული ზ.ნ, რომელიც პოლიციამ ასევე 12 აგვისტოს დააკავა.

„კლუბში არ ვყოფილვარ და, შესაბამისად, არც ის ვიცი, ამ ბიჭების შემთხვევაში რა მოხდა. გარეთ ვიყავი მეგობრებთან ერთად, ნასვამი ვიყავი, ბორდიურს ფეხი წამოვკარი და დავეცი. არ ვიცი, საიდან მოვიდა პოლიცია. წამოდგომაში დამეხმარა და როცა ავდექი, ბორკილები დამადო. არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ ყოფილა“, – უთხრა მან მოსამართლეს.

„მე ამ ბიჭებს არ ვიცნობ, მათთან არ ვყოფილვარ და არც ის ვიცი, რა მოხდა მათი დაკავების დროს. კლუბში ვიყავი მარტო, ლუდის კათხა მეჭირა ხელში და ვიღაც დამეჯახა. მას ლუდი გადაექცა და ამის გამო დამიწყეს გარჩევები. მე მარტო ვიყავი, ისინი – ბევრი. ხმამაღლა იმიტომ ვლაპარაკობდით, რომ ირგვლივ ყველგან კლუბებია და მუსიკაც ხმამაღლაა ჩართული. თუმცა ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე უმისამართოდ შევიგინე.

პოლიციისთვის წინააღმდეგობას რაც შეეხება, უბრალოდ, უხეშად ვუთხარი არ წამოვალ-მეთქი, სხვა არაფერი ყოფილა“, – ეს განუმარტა კიდევ ერთმა დაკავებულმა ბ.კ-მ მოსამართლეს.

მოსამართლის განცხადებით, დაკავებულ პირებს ალკოჰოლზე ტესტირების დროს სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობა დაუდგინდათ.

როგორც სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მასალებიდან გაირკვა, დაკავების ოქმი ავთანდილ თურმანიძემ და თემურ დიასამიძემ შეადგინეს, თუმცა ეს პოლიციელები სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ. მოსამართლემ ბრალდების მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა და ოქმის შემდგენელი პირების სასამართლოზე გამოცხადება მოითხოვა.

„ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას არ აღიარებენ. თქვენ მხოლოდ ბრალდების მხარის წარმომადგენლები ხართ, არ ყოფილხართ თვითმხილველები და არც ოქმი შეგიდგენიათ, აქედან გამომდინარე თქვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ვერ იმსჯელებს“, – განაცხადა მოსამართლემ სალიხ შაინიძემ.

სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო.

 

 

 

ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი ძარცვის მუხლითაც წაუყენეს

40 წლამდე მამაკაცს, რომელიც ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული, სამართალდამცავები ძარცვაშიც ადანაშაულებენ. ბრალდებული ადრეც ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით უკვე წაუყენეს.

საუბარია 2017 წლის 31 ივლისს მომხდარ ფაქტზე, როცა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან თანხა გაიტაცეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულმა მარკეტში საღეჭი რეზინა იყიდა, ხურდის დაბრუნების დროს კი, მოლარის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მოახერხა სალაროდან 55 ლარის აღება და გაქცევა. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

ამ ფაქტიდან მეოთხე დღეს, 2017 წლის 4 აგვისტოს, ბრალდებულმა ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ქალი ყელის არეში დანით დაჭრა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულს სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. ის ამ კუთხით ადრე პერიოდულად მკურნალობდა კიდეც.

„ელოდებიან მოსამართლის განჩინებას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასანიშნად“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ბათუმში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე [ანგისაში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარედ], ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ორი, საშუალო ასაკის მამაკაცი, რომლებიც გადაყვანილნი არიან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 12 აგვისტოს, დილით მოხდა.

ამ დილით კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, კლინიკა „მედინასთან“. აქ ავტომანქანა ხეს დაეჯახა. მსუბუქად დაშავებული მამაკაცი, ავტომანქანის მძღოლი, „მედინაში“ გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

20767820_1832470123733326_2139221629925503580_n

ავტოავარია / ბათუმი/ ანგისის დასახლება / 12.08.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები
ავტოავარია / ბათუმი/ ანგისის დასახლება / 12.08.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

 

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობაზე 66,5-მილიონიანი ტენდერი არ შედგა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არ შედგა. შპს „სტადიონმა“ 66,5-მილიონიანი ტენდერი 2017 წლის 18 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„სტადიონმა“ კომპლექსის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი დღეს, 11 აგვისტოს, გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება.

პირველად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“ იყო.

„ამ ვადებში შესაძლებელია კომპლექსის მშენებლობა, რადგან მშენებლებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხარისხის გარანტიები ჩადებულია სატენდერო პირობებში,“ -განაცხადა შპს „სტადიონის“ დირექტორმა, სულხან ხალვაშმა „ბათუმელებთან“ 17 ივლისს.

ხელახლა გამოცხადებული ტენდერის პირობებით კი 11-თვიანი პერიოდი 16 თვემდეა გაზრდილი.

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები ფიროსმანის ქუჩაზე [არდაგანის ტბასთან] ხელისუფლებამ „ორბი ჯგუფს“ მიჰყიდა. აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 646 355 ლარს გადაუხდის. აქ შესაბამისი ტენდერი 18 აგვისტოს დასრულდება.

„გზა დაუთმე ქვეითს“ – აქცია-პერფორმანსი ბათუმში

შსს-ს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

„ზებრა-გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, რომელზეც განთავსებული იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სტიკერები და წარწერები: „ისარგებლე ზებრა-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა- გადასასვლელს“ ასახავდა.

აქციის განმავლობაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვა. აქციას ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, ასევე, გამვლელები შემოუერთდნენ და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამა მოიცავს სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ამავე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, დაინერგა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება, ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანისა და საგზაო უსაფრთხოების წესები.

ვაშლები შერჩევით – ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი ინიციატივა

საქართველოს განათლების მინისტრმა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ბავშვებს კვირაში ერთხელ ვაშლს დაურიგებენ. „ჩემი ოცნებაა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგეს,“-ამის შესახებ ჯეჯელავამ განცხადება ჯერ კიდევ 3 მაისს გააკეთა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის განცხადების ირგვლივ ჟურნალისტებს შეკითხვები არ დაუსვამთ, „შესაბამისად, არც მინისტრს გაუკეთებია განმარტება, თუ ვინ იყიდის დასარიგებელ ვაშლებს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ვაშლები მხოლოდ იმ სკოლებში დარიგდება, სადაც ათასი ბავშვი სწავლობს. „ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში, ალბათ, მანდატურებსაც ჩავრთავთ და შესაძლოა, მათ დაურიგონ ბავშვებს ვაშლები“, – განაცხადა მინისტრმა.

პრესსამსახურის თქმით, შეხვედრაზე არ განუმარტავთ, ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან შეისყიდიან ვაშლს, რადგან  2017 წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია და მსგავსი შესყიდვა იქ არ ფიგურირებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მხოლოდ ათასბავშვიანი სკოლები და 700 ან 800-ბავშვიანი, რატომ მხოლოდ თბილისის სკოლებში და არა, ვთქვათ, სხვა ქალაქების სკოლები? – პრესსამსახურში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ. თუმცა, მოგვიანებით გვიპასუხეს, რომ პროექტი საპილოტეა და ვაშლს ამიტომ შეისყიდიან მხოლოდ ცალკეული სკოლებისთვის.

განათლების ექსპერტი, რეზო აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მინისტრმა ალბათ იხუმრა. „არ შემიძლია ამაზე სერიოზული შეფასება გავაკეთო, რადგან მინისტრმა ალბათ იხუმრა. ჩემი აზრით, განათლების სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელი უნდა იყოს და არა ასეთი ინიციატივების. ვაშლი კარგია, მაგრამ სამინისტროს იმდენი პრობლემა აქვს და იმდენ საქმეშია ფული დასახარჯი, ვაშლი ამ პრიორიტეტებში მერამდენე ადგილზეა,  არ ვიცი“.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის [10 ლარი] გადახდის დამადასტურებელი ქვითარი [დედანი].

მონადირეებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2017-2018 წლების ნდირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გასულ, 2016 წელს, 20 აგვისტოს დაიწყო.

ფოტო: მონადირეთა  ვებგვერდიდან  BAZIERI.GE

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეებს იწვევენ და 760 ლარ ხელფასს სთავაზობენ

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35-წლამდე ასაკის მოქალაქეების მიღება 2017 წლის 5 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში, როგორც სამინისტროში აცხადებენ, „მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ“.

მაღალ ანაზღაურებად კი სამინისტროში 760 ლარი მიაჩნიათ: „რიგითი სამხედროსათვის მინიმალური ხელზე ასაღები თანხა 760 ლარიდან იწყება. სახელფასო ანაზღაურება იზრდება სამხედრო წოდების მატებისა და სამსახურის ვადის ზრდის შესაბამისად“.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ „მაღალი ანაზღაურების გარდა, სამხედრო მოსამსახურეს კარიერული განვითარების შესაძლებლობაც აქვს. მას შეუძლია პროფესიული მომზადების დონე ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, უცხო ენა აითვისოს და მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში მიიღოს“.

სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა სურთ, ძირითადად, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (GDRP) ფარგლებში ჩართულ ბატალიონებში იმსახურებენ. გადაწყვეტილია, რომ საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შეიარაღებულ ძალებში ახლადმიღებულ სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს კვალიფიციური ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები ერთობლივად გაწვრთნიან“.

თავდაცვის უწყება ვალდებულებას იღებს სამხედრო მოსამსახურე თანამედროვე აღჭურვილობით, საყოფაცხოვრებო პირობებითა და კვებით უზრუნველყოს; ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურება, ასევე სოციალური და სამართლებრივი დაცვა შესთავაზოს. სამინისტროში განიხილება სამხედრო ნაწილების რეგიონული პრინციპით დაკომპლექტების საკითხიც.

ქედაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მახუნცეთში აღნიშნავენ

12 აგვისტოს, დღის 17 საათზე,  მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ მინისპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ინფორმაციას  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატითაა დაგეგმილი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ტურისტებს შეეძლებათ ჩაერთონ მოწვეული ანიმატორების მიერ გამართულ სხვადასხვა გასართობ შოუპროგრამებში და კონკურსებში, ნახონ დიჯეის, ფრანებისა და ფეიერვერკების შოუები და ა.შ.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ღონისძიება წელს მეხუთედ აღინიშნება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მუხტის შექმნა და სტიმულის ამაღლება. პროგრამის ბიუჯეტი 1800 ლარია. ახალგაზრდების ტრანსპორტირებას ქედის გამგეობა უზრუნველყოფს.

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. კონფერენციის თემაა – „სოფლის ტურიზმის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები“.

სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს, მოხსენებებსა და სემინარებს ორი დღის განმავლობაში. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე.

კონფერენციის წინასწარი პროგრამა:

[checklist]

  • დღე 1 – ჩამოსვლა, ტრანსფერი ბათუმში, დაბინავება სასტუმროში. ქალაქის გაცნობითი ტური და სადილი;
  • დღე 2 – 10:00 – 16:00 კონფერენციის სამუშაო საათები მაღალი კლასის სასტუმროში, ქალაქ ბათუმში. გალა ვახშამი;
  • დღე 3 – გამგზავრება მაღალმთიან აჭარაში. 10:00- 13:00 კონფერენციის სამუშაო საათები. გაცნობითი – პრაქტიკული ვიზიტი სოფლად.
  • დღე 4 – გამგზავრება, ტრანსფერი.

[/checklist]

ღონისძიების ჩატარების პერიოდია 2017 წლის 7-10 სექტემბერი. უშუალოდ კონფერენციის ჩატარების თარიღი კი – 8-9 სექტემბერი.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ღონისძიების ორგანიზებაში 50 ათას ლარს გადაიხდის. ორგანიზატორის შესარჩევად კი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც 18 აგვისტოს დასრულდება.

სხვადასხვა მოთხოვნასთან ერთად გამარჯვებული პრეტედენტი ვალდებულია:

[crosslist]

  • უზრუნველყოს პრეზენტატორების, ექსპერტებისა და სხვა მოწვეული სტუმრების დაბინავება, ტრანსპორტირება და კვება კონფერენციის ფარგლებში;
  • კონფერენციის ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი (ტრანსპორტი, სასტუმრო, გიდები, კვება, თარჯიმანი, სინქრონი), მათ შორის ტექნიკური მხარე შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • გამოყოს მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდში ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებული გეგმის შეუფერხებლივ განხორციელებას;
  • უზრუნველყოს კონფერენცია მაღალი ხარისხის სინქრონული თარგმანით და გამართული აპარატურით.
  • შემოთავაზებული საჭმლის მენიუ უნდა იყოს მდიდარი  და მრავალფეროვანი. თითოეული მენიუ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
  • გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების მიმდინარეობის მთელ პერიოდზე, განახორციელოს მისი მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი, ღონისძიებების მიმდინარეობისას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

[/crosslist]

ზოგი მომსახურების ჩამონათვალი:

[checklist]

  • საკონფერენციო დარბაზი მაღალი კლასის სასტუმროში მთელი დღით ქალაქ ბათუმში, 150 ადამიანისათვის.
  • საკონფერენციო სივრცის მოწყობა აჭარული ღვინის სახლში [ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი], ეზოში არსებულ გადახურულ სივრცეში 80 სტუმარზე.
  • 15 სტუმრის განთავსება მაღალი კლასის სასტუროში. 5 ორადგილიანი და 5 ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი  სამი ღამით, საუზმით.  ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით; 30 სტუმრის განთავსება სასტუმროში სამი ღამით , საუზმით.  ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით
  • კვება: პირველი დღე – სადილი 35 სტუმარზე; მეორე დღე – გალა ვახშამი 150 სტუმარზე [მენიუ, ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით]; მესამე დღე – ღვინის დეგუსტაცია, ჩურჩხელის ამოვლება, ყავაზე შესვენება, სადილი ადგილობრივ ღვინის მარანში [ქედა].
  • მუსიკალური ბენდი გალა ვახშამზე, ფოლკლორულ მომღერალთა და მოცეკვავეთა ანსამბლები, ფოლკლორ შოუს ორგანიზება.
  • ღვინო, სუვენირი [ჩანთებს უზრუნველყოფს შემსყიდველი] და სხვ.

[/checklist]

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, ააიპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ 2010 წელს დააფუძნა.

ამავე თემაზე:

აჭარის მთიანეთის საოჯახო სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ

ტურისტული სეზონი მახუნცეთის ჩანჩქერთან

სოფლის ტურიზმის ფესტივალი საღამომდე გაგრძელდება

 

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 490 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 409, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 1, ორმაგი პარკირებისთვის – 2, ნიშანში დგომის გამო – 61, ტროტუარზე დგომის გამო – 9 და დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 9.

შინდისის გმირების სახელობის სკვერში 17 ნერგს დარგავენ

11 აგვისტოს, დილის 11 საათზე, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში [საპატრულო პოლიციასთან] შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სკვერში შეკრებილები „შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. ამასთან, შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე პარკში 17 ნერგი დაირგვება. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველწლიურად, 11 აგვისტოს განხორციელდება“.

„ღონისძიებას დაესწრებიან რეგიონის მთავრობისა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე შინდისთან დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები, რომლებიც 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

შინდისის გმირების სახელობის სკვერის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სკვერი გასული წლის აპრილში გაიხსნა, თუმცა მეორე დღესვე სკვერში ვანდალიზმის ფაქტიც დაფიქსირდა. განსხვავებული კონცეფციით მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება… ჩვიდმეტივე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დედები თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოვა.

ბათუმის ბულვარი ჭადრაკისა და შაშის ფიგურებს ყიდულობს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას შპს „ივანა“ ჭადრაკისა და შაშის ფიგურებს 9992 ლარად სთავაზობს. ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერის, რომელიც ბულვარმა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 11 254 ლარი იყო.

ბულვარის ადმინისტრაციას გამარჯვებული ჯერ არ გამოუვლენია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარკვეული მონაცემების დაზუსტება.

ტენდერში გამარჯვებულმა ბულვარის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს ქარხნული წარმოების ახალი ფიგურები, რომლებიც ბულვარში მდებარე „ჭადრაკის დაფაზე“ განთავსდება.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ძველი ფიგურები იმდენად დაზიანდა, რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა.

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი / ჭადრაკის დაფა / თედო ჯორბენაძის ფოტო

 

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრმა ავტოპარკის განახლებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრმა 6 ახალი ავტომანქანის შეძენაზე [9 ძველი ავტომანქანის ჩანაცვლების პირობით] ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ცენტრის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამჯერად სატენდერო თანხა 56 ათას 100 ლარით გაიზარდა და 480 ათასი ლარის ნაცვლად 536 ათას 100 ლარია.

ამასთან, შესყიდვა განხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის ფორმით, სადაც სავარაუდო ღირებულების 10% გათვალისწინებული იქნება 2018 წლის ბიუჯეტში.  ჩანაცვლების გზით შესასყიდი სპეციალური დანიშნულების ავტომანქანის ტექნიკური დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მიმდინარე ტენდერი 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.

„ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ სულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ჯგუფია.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ ზამთარში გრიპისა და ზაფხულში ზღვის სეზონზე, ქალაქს კიდევ 3 ბრიგადა ემატება: „წელს 1-ელი ივლისიდან დაგვემატა სამი თვით – სექტემბრის ჩათვლით“.

ბათუმში, პლაჟზე, შაუმიანის ქუჩის დასაწყისში, ასევე განთავსებულია მოძრავი ამბულატორია, რომელიც ზღვის სეზონზე დილიდან საღამომდე მორიგეობს.

სასწრაფო დახმარება

Exit mobile version