სიახლეები

“მოერიდეთ მზეზე გასვლას 12-დან 5 საათამდე”

27.07.2017
“მოერიდეთ მზეზე გასვლას 12-დან 5 საათამდე”

ცხელ ამინდებთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელსაც ზაფხულის სეზონზე 3 ბრიგადა დაემატა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ ბათუმს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ბრიგადა ემსახურება, ზამთარში გრიპისა და ზაფხულში ზღვის სეზონზე კი, ქალაქს კიდევ 3 ბრიგადა ემატება: “ბოლო 5 წელია ასეა, სეზონურად გვემატება სამი ბრიგადა. წელს 1-ელი ივლისიდან დაგვემატა სამი თვით (სექტემბრის ჩათვლით), შარშან 15 ივნისიდან, სეზონი როგორ იწყება, იმის მიხედვით ხდება”, – ამბობს ის.

გარდა ამისა, პლაჟზე, შაუმიანის დასაწყისში, განთავსებულია მოძრავი ამბულატორია, რომელიც დილიდან საღამომდე მორიგეობს. “თუ ჩვენი ბრიგადა გამოძახებაზეა ან გადაჰყავს პაციენტი, იქ ადგილზე ყოველთვის რჩება ექთანი, რომელიც უწევს დახმარებას საჭიროების მქონე სხვა ადამიანს”, – ამბობს ბადრი პაქსაძე.

მისივე თქმით, ტურისტულ სეზონზე გადატვირთული მოძრაობის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს გადაადგილების პრობლემა ექმენაბთ. “აგვისტოში რუსთაველზე, გორგილაძეზე, ცხაკაიასა და ტელმანზე გავლა შეუძლებლია. რუსთაველზე განსაკუთრებით – დელფინარიუმიდან თეატრთან ჩასვლას შეიძლება ნახევარი საათიც დასჭირდეს. ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ”, – ამბობს ის.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, სეზონზე ყოველთვის მატულობს გამოძახების რაოდენობა. “თუ ჩვეულებრივად დღეში 230-250 გამოძახება გვაქვს, სეზონისთვის (განსაკუთრებით აგვისტოში) 400-მდეც ავდივართ.  სეზონის დასაწყისისთვის უმეტესად გვაქვს ასეთი შემთხვევები – სითბური დაკვრა, მზის დამწვრობა და ა.შ. შემდეგ უფრო ჩვეულებრივი გამოძახებებია: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ნევროზი დ ა.შ. ბოლო 2 დღის განმავლობაში  მზის დაკვრის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა”, – ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება რეკომენდაციებს ცხელ ამინდში, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბადრი პაქსაძე მოსახლეობას სთხოვს, რომ მოერიდონ მზეზე სიარულს და მით უმეტეს მზეზე გარუჯვას – 12 საათიდან 17:00 საათამდე, ანუ მაშინ, როცა განსაკუთრებულად მწველი მზეა. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია გარეთ გასვლა, გადაადგილდნენ ქუდით ან ქოლგით. ასევე აუცილებელია, მიიღონ  დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით, ბავშვებმა, მოხუცებმა და ორსულებმა. ამავე დროს აუცილებელია, მოერიდონ ალკოჰოლის მიღებას.

შესაძლოა მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე გაიზარდოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: