მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს

12.08.2017 • 3554
ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, ქართული თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. მეფუტკრეებს თაფლთან ერთად სხვადასხვა დასახელების თაფლის ნაწარმიც აქვთ გამოფენილი.

„120 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ თაფლისგან, ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ამის შესახებ ინფორმირებული, ეს ფესტივალიც დაგვეხმარება ცნობადობის გაზრდაში,“ – გვეუბნება კოოპერატივ „ზირას“ წარმომადგენელი.

თაფლის ფესტივალი ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე

თაფლის ფესტივალი ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე

„ზირას“ ინფორმაციით, თაფლის პროდუქტებიდან ყველაზე ხშირად იყიდება ფუტკრის რძე, თაფლის ძმარი, ჭეო და სხვადასხვა ნაზავი: „თაფლის რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს თითქმის ლარით მაინც ძვირდება პროდუქტი, თუმცა ზოგჯერ მაინც არის რეალიზაციის პრობლემა“.

„ზირას“ წარმომადგენლის თქმით, ისინი ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანის გზებს არ ეძებენ, რადგან რასაც აწარმოებენ, ქართული ბაზრისთვისაც საკმარისია. „არ გვაქვს იმ რაოდენობის [თაფლი], რომ უცხოეთში გავიტანოთ. ქართულ ბაზარს ძვლივს ჰყოფნის,“ – გვეუბნება ის.

ფიჭა. თაფლის ფესტივალი. ბათუმი 2017

ფიჭა. თაფლის ფესტივალი. ბათუმი 2017

თაფლს, თაფლის სანთელსა და დინდგელს ყიდის ქედელი რობერტ მახაჭაძე.  მისი თქმით, ქედის თაფლი ძირითადად წაბლისაა და გასაღების ბაზარი თურქეთში უფრო მეტია.

„საქართველოში 20-25 პროცენტი იყიდება, დანარჩენი თურქეთში გადის. კარგია ევროპის ბაზარი, მაგრამ სადაა. მაგას ბევრი კვლევები სჭირდება, საშულო დონის არის ჩვენი თაფლი, რადგან შხამქიმიკატები ახდენს ცუდ გავლენას“ – გვეუბნება ის.

ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება მუხურის თაფლი. „ახლა გვაქვს უკვე მზად გატანის დოკუმენტი და ვემზადებით თაფლის პოლონეთში გასატანად. შემდეგ ვგეგმავთ ბულგარეთს.  ჯერ არ ვიცით რა რაოდენობის შეკვეთას მივიღებთ და ველოდებით მოთხოვნას,“ – ამბობს ხვიჩა გახარია.

თაფლის სანთელი.

თაფლის სანთელი.

ფესტივალში მონაწილეობს კოოპერატივი „თაფლოვანიც“, რომელიც ათი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  მათ თაფლი გომბორიდან ჩამოიტანეს.

„ყველაზე ხშირად იყიდება თაფლი, ყვავილის მტვერი, თაფლის არაყი. რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. ახლა ლაგოდეხის ნაკრძალში გვყავს ფუტკარი, სადაც ცაცხვის თაფლი მზადდება და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ალპურ ზონაში გვაქვს სკები“ -გვეუბნება დავით ჯიქურაშვილი.

თაფლზე დამზადებული ტკბილეული, თაფლის ფესტივალზე. ბათუმი 2017

თაფლზე დამზადებული ტკბილეული, თაფლის ფესტივალზე. ბათუმი 2017

დავით ჯიქურაშვილის თქმით, ისინი მიწვეული იყვნენ ბაქოში, სადაც მათი თაფლით ალიევების ოჯახი დაინტერესდა: „ძალიან დაინტერესდნენ და წარმომადგენლობის გახსნაც გვთხოვეს, მაგრამ ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს. თუ ვინმე მინიმალურ დახმარებას გაგვიწევს, ალბათ ამასაც გავაკეთებთ“. მისი თქმით, მათი წარმოებული თაფლის ნიმუშები ბალტიისპირეთის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი, სადაც უმაღლესი შეფასება მიიღეს.

ყვავილის მტვერი და თაფლის სანთელი.

ყვავილის მტვერი და თაფლის სანთელი.

რევაზ ქათამაძის თქმით, თაფლის წარმოებას ცუდი ამინდი აფერხებს. „ცოტა ცაცხვმა გადაგვარჩინა, თორემ ცუდად იყო საქმე. ჩვენ გვაქვს გაზაფხულის, წაბლისა და ცაცხვის თაფლი. ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს.

რევაზ ქათამაძის თქმით, ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანა რთულია, რადგან  ევროპულ სტანდარტებს ხშირად თაფლი ვერ აკმაყოფილებს.

ბავშვები თაფლის ფესტივალზე ბათუმში

ბავშვები თაფლის ფესტივალზე ბათუმში

ევროკავშირის ბაზარი ქართული თაფლის მისაღებად მზადაა, თუმცა მეწარმეების ნაწილი ამბობს, რომ პროდუქტის გატანას მაინც ვერ ახერხებენ.

ევროკავშირის ბაზარი ქართული თაფლის მისაღებად მზად არის, თუმცა როგორც მეწარმეები ამბობენ, ისინი პროდუქტის გატანას მაინც ვერ ახერხებენ.

თაფლის ფესტივალი აჭარის აგროსერვისცენტრის მიერ არის ორგანიზებული და ის ბათუმში უკვე მესამედ იმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: