მთავარი,სიახლეები

რატომ არ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი უმიზეზოდ

27.01.2017
რატომ არ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი უმიზეზოდ

„ნუ დარეკავ უმიზეზოდ, ნუ წაართმევ სხვას სიცოცხლეს,” – ეს არის იმ საინფორმაციო კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელსაც ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს. კამპანიის მიზანია, მოუწოდოს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოიძახონ და არა მაშინ, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ოჯახის ექიმთან ვიზიტითაც შეუძლიათ. აქტივობის ფარგლებში დაიბეჭდა სტიკერები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში განთავსდა.

„გამოძახებების დაახლოებით 60 პროცენტი არ არის გადაუდებელი შემთხვევა“ – ამბობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსი მინდია კახიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა სტაბილურ პაციენტს წნევას ან სიცხეს უსინჯავს და მარტივ რჩევებს აძლევს, სხვა პაციენტი, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება შველა, სასწრაფო დახმარების ჯგუგს ელის.

„300 გამოძახებაში რომ 65 გადაყვანა იქნება საავადმყოფოში, ეს მას ნიშნავს, რომ რეალურად სასწრაფო დახმარება სჭირდება 65 ან პლუს-მინუს – 30 ადამიანს. 60 პროცენტი არასაჭირო გამოძახებების, არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. 37 გრადუს ტემპერატურაზე ან როცა წნევა 130-ია, სასწრაფოს გამოძახება არასწორია. ან კიდევ ქრონიკული პაციენტების მხრიდან სასწრაფოს გამოძახება, რომელთაც აქვთ ოჯახის ექიმის დანიშნულება, იციან რა დროს რა უნდა მიიღონ, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ასეთ დროსაც იძახებენ სასწრაფოს, არასწორია,“ – ამბობს მინდია კახიძე.

ბათუმს ამჟამად სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 ჯგუფი ემსახურება, ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში დამატებულ ორ ჯგუფთან ერთად.

ზამთარში განსაკუთრებით იზრდება გამოძახებები სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. მინდია კახიძის თქმით, იანვრის პირველ ნახევარში სასწრაფო დახმარებას დღეში საშუალოდ 350-400 გამოძახება ჰქონდა, ამჟამად გამოძახების რაოდენობა 230-250-ია.
რატომ მიმართავენ სასწრაფო დახმარების სამსახურს ადამიანები მაშინ, როცა უფასო სამედიცინო დახმარება პოლიკლინიკაშიც შეუძლიათ მიიღონ? ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი პირველად ჯანდაცვაში არსებული პრობლემებისა და საზოგადოების სამედიცინო სფეროში არაინფორმირებულობის გარდა, ისიცაა, რომ პაციენტს სახლიდან გაუსვლელად სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

„შესამუშავებელია რეგულაციები, თუ რა დროს უნდა გავიდეს სასწრაფო დახმარების სამსახური პაციენტთან. ამას სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის ოპერატორები, რომლებიც სწორად განსაზღვრავენ გამოძახების საჭიროებას,“ – ამბობს მინდია კახიძე.

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: