მთავარი,სიახლეები

არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს

27.02.2018
არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს

„ბათომი“ ვერ მოხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს.

„ბათომი“ დაუპირისპირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს. 23 იანვარს ორგანიზაციას სოციალურ ქსელში არცთუ ისე კონსტრუქციული სტატუსი მიუძღვნა მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც ასე სრულდებოდა: „მე თქვენზე ხელი ჯერ არ ჩამიქნევია“ .

„ხელი ჩაიქნია“ თუ რატომ ვერ მოხვდა „ბათომი“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა? – ვკითხეთ მერიის პრესსამსახურს, სადაც განმარტეს, რომ „ხელის ჩაქნევის დრო ჯერ არ დამდგარა“.

„წერილი მოამზადა აპარატმა, ბათუმში ძალიან ბევრი ორგანიზაციაა და, ბუნებრივია, ყველას ვერ ჩამოწერდნენ, თუმცა ორგანიზაციები შეთანხმდებიან და მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ წარმოადგინონ კანდიდატურა „ბათომიდან“, „ბათომსაც“ შეუძლია წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა,“ – ამბობს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა ჩიჩუა.

მიუხედავად იმისა, რომ  „ბათომს“ არ მიუმართავს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად შეარჩიეს.

სამ კანდიდატს შორისაა ასევე თომა კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“. ეს ორგანიზაცია შშმ პირების უფლებებისთვის მუშაობს.

მესამე კი ნათია აფხაზავაა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს.

ეს არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ათი წევრისგან, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამხანაგობები და  ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები.

მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წინადადებები და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტები.

საბჭომ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ მერს სარეკომენდაციო წერილით უნდა მიმართოს, მერს აქვს უფლება არ გაიზიაროს ის. კანონმდებლობით საბჭო მერისთვის დამაბრკოლებელი ორგანო არ არის.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: