ახალი წელი ახალ საჭიროებებთანაა დაკავშირებული. იქნება ეს სადღესსწაულო სუფრა, ტექნიკის განახლება, საჩუქრები ახლობლებისთვის, ამ დღის განსხვავებულ გარემოში აღნიშვნა, უცხოეთში გამგზავრება და ა.შ. მსგავსი სურვილების ასასრულებლად სოლვა გრძელვადიან სამომხმარებლო სესხს გთავაზობთ.
სოლვაში თქვენ შეგიძლიათ 3000 ლარამდე ექსპრეს სესხი აიღოთ, 12 თვემდე ვადით. სწორედ ასეთ პირობებს გთავაზობთ სამომხმარებლო სესხების კომპანია Solva. ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.
როგორ ავიღო?
საიტზე რეგისტრაციისას საკონტაქტო ინფორმაციის მითითება (მობილურის ნომერი, ელ.ფოსტა)
ტელეფონის ნომერის დადასტურება (SMS შეტყობინება)
პირადი ინფორმაციის მითითება
განაცხადის დადასტურება, ხოლო მისი განხილვის შემდეგ სესხის მიღება
როგორი პირობებია?
საზოგადოებაში არსებობს მითი, რომ ონლაინ სესხების გამცემი ყველა კომპანია მომხმარებლებს კაბალურ პირობებს სთავაზობს. თუმცა, ეს არ ეხება მიკროსაფინანსო კომპანია სოლვას, რომლის საქმიანობას ეროვნული ბანკი აკონტროლებს. მაგალითად, თუ თქვენ 1000 ლარს სამი თვით ისესხებთ, თვეში მხოლოდ 374 ლარის გადახდა მოგიწევთ.
როგორ განისაზღვრება თანხის რაოდენობა?
სოლვას საქმიანობის ქვაკუთხედი – პასუხისმგებლობაა. კომპანია ადგენს სეხის რეალური საჭიროებას იმ ოდენობით თანხას გასცემს, რომლის გადახდაც მომხმარებელს შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ სოლვა მინიმალურ თანხას გთავაზობთ. პირიქით, საჭიროებების დადგენის შემდეგ – სოლვა მომხმარებელს მიკრო კრედიტს იმ შემთხვევაშიც აძლევს, თუ კლიენტისთვის საჭირო თანხა ორჯერ აღემატება ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიმიტს.
სოლვას სისტემის მიხედვით, სესხი არ გაიცემა
21 წლამდე პირზე.
პირზე, რომელსაც შემოსავალი არ აქვს.
პირზე, რომელსაც გადახდის უნარიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს.
შპს “სოლვა” სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელიც ახალ პროდუქტსსთავაზობს ონლაინ სამომხმარებლო სესხების ქართულ ბაზარს.
შპს “სოლვა” წარმოადგენს “აი დი ფაინანსი” – ს ჯგუფის ნაწილს და საქრთველოში ავითარებს გრძელვადიანი სესხების პროდუქტს. შპს “სოლვა” 2016 ივლისიდან მოღვაწეობს და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც გადახდისუნარიან მომხმარებელს სწრაფი სამომხმარებლო სესხის მოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. კომპანიის ახალი აუდიტორია საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით.
“აი დი ფაინანსი” არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულისმინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებსდა რისკებს.
ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის ვებგვერდებზე, ტრადიციის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 25 დეკემბრამდე ყოველდღე ქვეყნდება 1990 წელს ორბიტაზე გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლის მიერ გადაღებული თითო ფოტო.
ნასას სპეციალური, ჰაბლის მისიის გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც მოცემულ მომენტში ხედავს ტელესკოპი და დაათვალიეროთ კადრები.
როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა და დედამიწის მიღმა სამყარო მთელი წლის მანძილზე?
გამჭვირვალე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, სიურეალისტური, ვარსკვლავური მტვრისგან შექმნილი ნისლის ბურთები – 2017 წელს ჰაბლის მიერ 25 დეკემბრამდე გადაღებული საუკეთესო ფოტოები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა უცნაურ და მშვენიერ სამყაროში ვცხოვრობთ. ფოტოები ტელესკოპ NASA / ESA Hubble -ითაა გადაღებული.
1.NGC 7635-ის სახელით ცნობილი ნებულა. კასიოპეას თანავარსკვლავედიდან 8000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, ბურთი ვარსკვლავური მტვრისგან შედგება. ფოტო ამავე ტელესკოპის კოსმოსში გაშვებიდან 26-ე წლის აღსანიშნადაა გადაღებული.
ფოტო: NASA, ESA, Hubble Heritage Team
2. ახალწარმოქმნილი ვარსკვლავები.
ფოტო: ESA / Hubble & NASA
3. გიგანტური გალაქტიკა NGC 7049. დედამიწიდან 100 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.
NASA, ESA and W. Harris – McMaster University, Ontario, Canada
4.გალაქტიკების გროვა. თითოეული ობიექტი ცალკე გალაქტიკაა, რომელიც მილიარდობით ვარსკვლავისგან შედგება.
ფოტო: NASA, ESA, and J. Lotz, M. Mountain, A. Koekemoer, & the HFF Team
5. დორადოს ჯგუფის სპირალური განლაგება. დორადოს თანავარსკვლავედი დედამიწისგან 40 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.
ფოტო: ESA / Hubble & NASA, Flickr user Det58
6. ასობით ცისფერი ვარსკვლავის სადღესასწაულო პორტრეტი. R136 – ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავების წარმომქმნელი ყველაზე დიდი რაიონი. ამ ახალდაბადებული ვარსკვლავებისგან ბევრს მზეზე 100-ჯერ მეტი მასა აქვს.
ფოტო: NASA, ESA, and F. Paresce, INAF-IASF, Bologna, R. O’Connell, University of Virginia, Charlottesville, and the Wide Field Camera 3 Science Oversight Committee
7.ორიონის თანავარსკვლავედის მტვერსა და გაზში გახვეული ცხენის თავის ნისლეული, რომელიც დედამიწისგან 1300 სინათლის წელიწადით არის დაშორებული.
ფოტო: NASA, ESA, and the Hubble Heritage Team, AURA / STScI
8.გალაქტიკა მბრწყინავი გულით. სპირალური გალაქტიკა NGC 1433 ჩვენგან დაახლოებით 32 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ეს სეიფერტის სახელით ცნობილ, აქტიური გალაქტიკის ტიპს მიეკუთვნება. მათ ძალიან ნათელი, კაშკშა გული აქვთ. კაშკაშაგულიანი გალაქტიკები ასტრონომების დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მათი ნაწილის შუაგულში შავი ხვრელია მოთავსებული.
ფოტო: Space Scoop / ESA / Hubble & NASA, D. Calzetti, UMass and the LEGU.S. Team
9.მისტიური მთები
ფოტო: NASA, ESA, M. Livio and the Hubble 20th Anniversary Team, STScI
10.გიგანტური გალაქტიკური ჰიბრიდი. გალაქტიკა UGC 12591, დედამიწისგან 400 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ერთ-ერთი ყველაზე მასიური გალაქტიკაა და ბრუნავს ძალიან სწრაფად: 1,8 მილიონი კილომეტრით საათში.
ფოტო: ESA / Hubble & NASA
11. 2006 წელს ჰაბლი ჩვენი გალაქტიკის შუაგულში, 26 000 სინათლის წელიწადით შორს გაემგზავრა. სწორედ ამ შუაგულიდანაა გადაღებული ეს ვარსკვლავთგროვა. კადრზე ტელესკოპის მიერ ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული დაახლოებით 200 000 მილიონი ვარსკვლავია ასახული.
ფოტო: ESA / A. Calamida and K. Sahu, STScI and the SWEEPS Science Team / NASA
12.ნისლეული PN M2-9. დაახლოებით 4000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული დედამიწას. ნათელი მაგალითია ბიპოლარული პლანეტარული ნისლეულის, რომელშიც მთავარია არა ერთი ვარსკვლავი, არამედ ორი სისტემა ერთდროულად. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ნისლეული დროთა განმავლობაში იზრდება.
ფოტო: ESA, Hubble & NASA, Acknowledgement: Judy Schmidt
13. ბეჭდის ნისლეული. ოდესღაც წითელი, გიგანტური ცენტრალური ვარსკვლავი ძალიან დასუსტდა დროთა განმავლობაში და თეთრ ჯუჯა ვარსკვლავად იქცა.
ფოტო: NASA, ESA, and C. Robert O’Dell, Vanderbilt University
14. NGC 5256 გალაქტიკის წყვილი, რომლისგანაც 350 მილიონი სინათლის წელიწადი გვაშორებს.
ფოტო:ESA / Hubble, NASA
15. გალაქტიკები ვარსკვლავებს შორის. NGC 6791-ის ახლოხედი. კადრის მარცხენა, ზედა კუთხეში ვარსკვლავებს შორის ორი გალაქტიკაც მოჩანს მკაფიოდ.
2018 წლის პირველი იანვრიდან ძალას დაკარგავს დადგენილება, რომლითაც მერიამ მშენებლებს ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონების შესაძლებლობა მისცა. დადგენილება #25 კ2 -ის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით, უკანონოდ აშენებულ ერთ კვადრატულ მეტრზე 400 ლარის გადახდის სანაცვლოდ დაკანონებას ითვალისწინებდა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ შესაძლებლობით არც ერთ კანონდამრღვევ მშენებელს არ უსარგებლია.
ბათუმში დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც მშენებლები სანებართვო პირობებს გასცდნენ და პროექტით შეთანხმებულზე ბევრად მეტი სართული ააშენეს.
მაგალითად, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კომპანია „მარდი ჰოლდინგს“ 12 -სართულიანი მრავალბინიანი სახლი ჰქონდა შეთანხმებული და 15-სართულიანი სახლი ააშენა. კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ k2-ის გაზრდა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან იყო შეთანხმებული. მოგვიანებით კომპანიამ პროექტის პირობების დარღვევით აშენებული სამი სართულის დაკანონება შეძლო. „სართულიანობა ჩაჯდა იმ კოეფიციენტში, რაზეც ჩვენ გვქონდა თანხმობა, თუმცა ჩვენ ამ დარღვევისთვის 50 000 ლარზე მეტით დავჯარიმდით“, – გაგვიმარტა კომპანიის იურისტმა, ბექა თვალაძემ.
კანონდამრღვევი კომპანია მაქსიმუმ ექვსი ათასი ლარით ჯარიმდება. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონდამრღვევ მშენებელს ჯერ 1000 ლარით აჯარიმებს და აძლევს მშენებლობის პროექტის შესაბამისობაში მოყვანის ერთთვიან ვადას. თუ ერთ თვეში მშენებელმა მითითება არ შეასრულა, ჯარიმა ორმაგდება და მშენებელს კიდევ ერთთვიანი ვადა ეძლევა, სამი თვის შემდეგ კი ჯარიმა სამმაგდება და საქმე გადაეცემა აღსრულების ბიუროს. ამის შემდეგ კი, პროცესი იყინება. ბათუმში ვერ იხსენებენ პრაქტიკას, როცა სააღსრულებო ბიურომ თავისი მისია შეასრულა და კანონდამრღვევს უკანონოდ აშენებული სართულები მოაშლევინა.
როგორ მიაღწია „მარდი ჰოლდინგის“ ჯარიმამ 50 000 ლარს, ვიდრე კომპანია უკანონოდ აშენებულ სართულებზე მერიასთან შეთანხმებას შეძლებდა? – ზედამხეველობის სამსახურში განმარტეს, რომ ამ შემთხვევაში დაგროვდა ჯარიმა – ზედამხედველობის სამსახური კომპანიას უკანონო მშენებლობის შეუჩერებლობისთვის აჯარიმებდა.
როგორც აღმოჩნდა, ზედამხედველობის სამსახურს იმდენჯერ შეუძლია კომპანია 1000 ლარით დააჯარიმოს, რამდენჯერაც სამსახური უკანონო მშენებლობის გაგრძელების სამუშაოებს დააფიქსირებს. შესაბამისად, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რამდენს მიაღწევს ჯარიმა.
უკანონოდ აშენებულ სართულებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების გარეშე მერია პროექტს ექსპლუატაციაში ვერ მიიღებს. ბათუმში ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებლის ფასი 300 დოლარიდან იწყება და 1000 დოლარს აღწევს. მიუხედავად ამისა, კანონდამრღვევ კომპანიებს არ უცდიათ კვადრატული მეტრის 400 ლარად დაკანონება. „მარდი ჰოლდინგის“ იურისტის თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსები: „ათასი კვადრატული მეტრის შემთხვევაში 400 000 ლარი გამოდის. ამას დაამატეთ თვითღირებულება, ეს არ არის მცირე თანხა. მით უმეტეს, რომ, რამდენადაც მე ვიცი, საუბარი არ ეხებოდა იმ კომპანიებს, რომლებმაც ქალაქში ააშენეს, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებმაც ააშენეს, მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ბინები 350 დოლარზე ძვირად არ იყიდება.“
კიდევ რამდენმა კომპანიამ შეძლო უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონება #25 დადგენილების გვერდის ავლით, ამაზე, ჯერჯერობით, პასუხი მერიისგან არ გვაქვს.
25-ე დადგენილების გაბათილება ბათუმის საკრებულოს საქართველოს მთავრობის იურიდიულმა დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ მოსთხოვა. დეპარტამენტის განმარტებით, #25 დადგენილების მიღებით საკრებულო თავის კომპეტენციას გასცდა. საკრებულოს თავმჯდომარე აპირებს არგუმენტირებული უარი თქვას. ამის შესახებ განკარგულების პროექტს საკრებულო ხვალ, საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალური დაცვის პროგრამებით 2 683-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
ოფიციალური ინფორმაციით, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით 625-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით – 257-მა ბენეფიციარმა, გაიცა 1850 ვაუჩერი. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით 700-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, გაიცა 3466 ვაუჩერი.
სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამით 20-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსდა რეაბილიტაციის 40 კურსი.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა-პროგრამით 215-მა ადამიანმა ისარგებლა. 469 სმენადაქვეითებულ მოქალაქეს სმენის აპარატები გადაეცა. 36-მა 100 წელს გადაცილებულმა მოქალაქემ ერთჯერადი დახმარების პროგრამით ისარგებლა.
ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამით 70-მა ოჯახმა ისარგებლა. წელს აჭარაში 150 ტყუპი დაიბადა, ოთხ ოჯახში 3-3 ტყუპი.
2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება-დაღუპული ჯარისკაცების 20 ოჯახს და შშმ პირის სტატუსის მქონე ჯარისკაცის 3 ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცათ.
სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცების 21 დედასა და მეუღლეს გადეცა 1000-1000 ლარი, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამით ოცმა მოქალაქემ – ცხრა დედამ და 11 ბავშვმა ისარგებლა.
ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამით გაიცა 53 ვაუჩერი. „პროგრამაში ამჟამად ჩართულია 38 ბენეფიციარი.“
სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში შეძენილი იყო 13 ავტომანქანა, სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების ფარგლებში მომსახურება გაეწია 129 946 პაციენტს, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 111 საცხოვრებელი სახლი იქნა შეძენილი,“-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს, სარეზერვო ფონდიდან, სტიქიით დაზარალებულ 198 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 2 966 981 ლარის ოდენობით. სტიქით დაზარალებულ 243 ოჯახს კი საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართობი.
ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის ანგარიშსაც აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამებით 7 937-მა მოქალაქემ ისარგებლა.
„სამედიცინო რეაბილიტაციისთვის 400, ხოლო, გულის ქირურგიისთვის 673 ვაუჩერი გაიცა. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაზე გაიცა 1 287 ვაუჩერი, ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით სამედიცინო მომსახურებაზე კი – 1 453 ვაუჩერი.
ასევე, მოსახლეობის ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებაზე გაიცა 2 288 ვაუჩერი, სახსრების ენდოპროთეზირებისთვის – 106 ვაუჩერი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევისთვის – 1 722 , ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარული მკურნალობაზე კი გაიცა რვა ვაუჩერი“.
მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ამ უბანში მცხოვრებ 10 ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა.
შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა იწმინდება და საავტომობილო მიმოსვლა მთლიანად აღდგება.
„გზის გაწმენდა მიმდინარეობს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეფერხება არ არის, საუბარია მხოლოდ საუბნო გზაზე, სადაც მეწყერი ხშირად ვითარდება, აქ მეწყერი ორი დღის წინაც ჩამოვიდა, გავწმინდეთ და ისევ განმეორდა მეწყრული პროცესები. ეს გზა რისკის შეცველია, საგზაო დეპარტამენტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. მართალია, მეწყრული პროცესები საცხოვრებელს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მეწყერი გზის ჩაკეტვას იწვევს,“ – აცხადებს ფრიდონ ფუტკარაძე.
მთავარი ფოტო: მეწყერმა სოფელ კობალთაში გზა ჩაკეტა / შუახევის მერიის ფოტო
28 დეკემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენას მოაწყობს. „გამოფენა ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება გირჩების მრავალსახეობა და ასევე გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები, რომელთა შეძენას ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს“.
ადმინისტრაციის განცხადებით, გამოფენაზე უახლოესი შესასვლელი არის ჩაქვის მხრიდან (მე-3 სალარო). გამოფენაზე დასწრება უფასოა.
ბათუმის ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აანთებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე დაკიდულია და ფერებს იცვლის. ახალი ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ბათუმის ბულვარმა 148 ათასი ლარი დახარჯა. „საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული თაღი, ასევე ლედპროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. საახალწლო აქსესუარებით საუცხოოდ მოირთო „ბამბუკების ხეივანი“.
ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები (sound lab live).
ახალი განათებები ბათუმის ბულვარში
გაიმართება ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტოკუთხეები. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ.
თოვლის ბაბუა პატარებს საახალწლო ტკბილეულს დაურიგებს. ღონისძიების განმავლობაში ყავის დაგემოვნება სტუმრებისთვის იქნება უფასო,“-ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე სსე-ის კუთვნილ ქვესადგურ „ბათუმი-220“-ზე 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით ქალაქ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ამარაგებს. 2017 წელს, ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს 10/35კვტ. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის უხარვეზოდ მიწოდებას. გარდა ამისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით დაასრულა პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვტ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი, რომლის საშუალებითაც შუახევის 178 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური ბათუმის ქვესადგურს დაუკავშირდა.
„ეს ქვესადგური ელექტროენერგიით სრულად ამარაგებს ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკას, სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც აქ განხორციელდა. განახლებული ქვესადგური სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას აქვს და ელექტრო ენერგიის მიწოდებაშიც ხარვეზების რაოდენობა მინიმუმამდე დავა“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს 10/35კვტ. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის უხარვეზოდ მიწოდებას.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას და ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობა „რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის“ ფარგლებში შედგა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა.
ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს.
„მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ჩამოიშალა მიწა, გზის გაწმენდის წინააღმდეგი წავიდა. დღეს შევხვდები მოქალაქეს, გავიგებ მისი წინააღმდეგობის მიზეზს და შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდა,“ – ამბობს გოჩა მელაძე.
საციხურის თემის [რომლის ადმინისტრაციულ შემადგენლობაშია სოფელი პანტნარი] რწმუნებულის, ბეჟან ბოლქვაძის თქმით, ოჯახი ფიქრობს, რომ მიწის მასის გაწმენდა მეწყრის განმეორებას გამოიწვევს, რითაც შესაძლოა საცხოვრებელ სახლს შეექმნას საფრთხე და ამიტომ წავიდა წინააღმდეგი.
რწმუნებულის თქმით, მეწყერმა, რომელიც ბეჟან ფასანიძის საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით 100 მეტრში განვითარდა და 40-კომლიან სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა, ფარსენაძეების საცხოვრებელი სახლის მცირე დაბზარვა გამოიწვია. „ფასანიძეებმა საცხოვრებელი სახლი გასულ წელს ააშენეს, პირველი სართული ქვაა, მეორე სართული – ხე. საცხოვრებელ სახლებზე ბზარები შეინიშნება,“ – ამბობს რწმუნებული.
ბეჟან ბოლქვაძის თქმით, პანტნარში 40 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მუდმივი მცხოვრები 30-მდე ოჯახია.
მთავარი ფოტო: მეწყერი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღეს აღნიშნავს. საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში გუშინ, საღამოს, 22:00 საათზე დაიწყო. პასტორმა ვარლამ რამიშვილმა შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შობა ეს არის ღვთიური საიდუმლო, რომლის არსი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული.
„პავლე მოციქული ღმერთის ხორცში გამოჩენას დიდ სასწაულს უწოდებს. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, ეს სასწაულია, რომელიც საიდუმლოდ განიხილება ღვთის განგებულობაში, რადგან არ შეუძლია ჩვენს გონებას გაიაზროს, სრულად გამოთქვას ამ სასწაულის საიდუმლო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულიწმინდის დახმარებით ჩვენ არ უნდა შევეცადოთ მის გააზრებას და ჩაწვდომას,“-ამბობს ის.
ღვთისმსახურებაზე შესრულდა საშობაო საგალობლები, ბავშვებმა წარმოადგინეს საშობაო პერფორმანსი.
შობის ღამეს ჩაისუბნის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის საშობაო საჩუქრები შეაგროვეს, რომლებსაც დღეს, 25 დეკემბერს, ბავშვებს პერსონალურად გადასცემენ.
24 დეკემბრის საღამოს საშობაო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაშიც ჩატარდა. კათოლიკეებმა წირვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძარის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს იზეიმებს.
შობის ღამეს ბავშვებმა საშობაო პერფორმანსი წარმოადგინეს
ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილით საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიჰყავდათ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში შემდეგ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა“.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო წირვის დიდი ნაწილი ბათუმელმა კათოლიკეებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს:
„ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან ახლოს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეზობლები ვართ [ბათუმის კათოლიკური ეკლესია სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მდებარეობს]. რადგან შობის დღესასწაული არის სიცოცხლის დღე, იესო ქრისტე იბადება, ჩვენი სურვილი იყო, მივსულიყავით იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, თანაგრძნობის გამოსახატად. ამიტომ გადავწყვიტეთ იქ ჩაგვეტარებინა წმინდა წირვის პირველი ნაწილი, შემდეგ შემოვედით აქ, ეკლესიაში.“
ხვალ, 25 დეკემბერს, კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს. დღეს, ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს:
„ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან ახლოს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეზობლები ვართ [ბათუმის კათოლიკური ეკლესია სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მდებარეობს]. რადგან შობის დღესასწაული არის სიცოცხლის დღე, იესო ქრისტე იბადება, ჩვენი სურვილი იყო, მივსულიყავით იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, თანაგრძნობის გამოსახატად, ამიტომ გადავწყვიტეთ იქ ჩაგვეტარებინა წმინდა წირვის პირველი ნაწილი, შემდეგ შემოვედით აქ, ეკლესიაში.“
ჯონ ბეტსი ბრიტანელი მხატვარი და ფოტოგრაფია. იგი ბევრს მოგზაურობს და მის ფოტოობიექტივში განსაკუთრებით ხშირად ხვდება ველური ბუნება და ცხოველთა სამყარო. ფოტოგრაფი ამავდროულად გარემოს დამცველია. „ველური ბუნების შენარჩუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია ხელი შეუწყოს პრობლემების გააზრებას“ – წერს ჯონ ბეტსი თავის ვებგვერდზე.
ეს ფოტოები ფოტოგრაფმა 2012 წლის ზამთარში, შოტლანდიაში გადაიღო.
ფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Bettsფოტო: John Betts
ბათუმის მერია „ბათუმელების“ ფოტორეპორტაჟსგამოეხმაურა, რომელზეც იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებული ტერიტორია იყო ასახული. მერიაში განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ უკვე აცნობეს შესაბამის სამსახურს და ტერიტორია დასუფთავდა.
ფოტო: ბათუმის მერიაფოტო: ბათუმის მერიაფოტო: ბათუმის მერია
26 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, „ფაბრიკაში“, ფოტოგამოფენა – „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ გაიმართება. ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“.
გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა.
„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ 20 ნოემბერს ჯერ ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართა, თუმცა მისი ჩაშლა ბათუმის მერიამ სცადა, იმ მოტივით, რომ ფოტოგამოფენა არ იყო შეთანხმებული მერიასთან.
ხვალ, 25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ.
ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი – 11 მეტრი.
ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.
საახალწლო კონცერტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ. მათ შორის იქნებიან ჯგუფები: Groovephonics-ი, Saund Lab-ი, Sea Side, Strowberry filds-ი, Fourth Season-ი, asea sool-ი, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band-ი და Geoplanet-ი.
წელს ბათუმის საახალწლო განათებაში, მათ შორის ნაძვის ხეების, ქუჩების, სკვერების მორთვასა და შემდგომ დემონტაჟში 1 მილიონ 509 ათასი ლარიდა იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.
ჯუმბერ ალიმოვი 19 წლისაა და ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ცხოვრობს. ის ამ დასახლებაში პირველი ბოშაა, ვინც საჯარო სკოლას ამთავრებს და უმაღლესში ჩაბარებას აპირებს. ჯუმბერს იურისტობა უნდა. ბოშების უფლებები უნდა დავიცვა და საჭიროა კანონების ცოდნაო, – ამბობს ის.
ჯუმბერი არ არის ერთადერთი, ვინც ქობულეთის ბოშათა დასახლებაში გეტყვით, რომ იურისტობა სურს. ქუჩებსა თუ ეზოებში მოთამაშე სხვა ბოშა ბავშვებიც ამბობენ, რომ იურისტობა უნდათ. შეხვდებით გოგონას, ვისაც მოსამართლეობა სურს; ბიჭს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართულის მასწავლებელი გახდება და ბოშებს აუცილებლად ასწავლის ქართულს… შეხვდებით ბავშვებსაც, რომლებიც არ გეტყვიან, რა სურთ, რადგან ისინი აღარ დადიან სკოლაში. მშობლებმა გადაწყვიტეს ასე.
„უნდა გავხდე უფლებათა დამცველი“
„გამარჯობა, მე მქვია ჯუმბერი,“ – მითხრა მან, როცა დირექტორის კაბინეტის კარი შემოაღო და ღიმილიანი მზერა შემოგვაგება.
„…გასულ წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა გამოცდა ქართულში, ჯუმბერმა 40-დან 38 ქულა აიღო, ყველა ქართველ თანაკლასელს აჯობა. იმედი მაქვს, აწი აღარ გაზარმაცდება,“ – გვიყვება ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი. საუბარში ეტყობა, ბოშა ბავშვების თემა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბავშვივით უხარია, ჯუმბერის ჩასაწერად რომ მივედით.
სკოლის დირექტორს დროებით ვემშვიდობებით. მე და ჯუმბერი ერთ-ერთ დაცარიელებულ საკლასო ოთახში გავდივართ.
„უფლებათა დამცველი უნდა გავხდე, ეთნიკური უმცირესობები მინდა დავიცვა, განსაკუთრებით – ბოშები,“ – დაიწყო ჯუმბერმა. – „ინფორმაცია არ აქვთ ბევრ რამეზე, არ იციან, რის უფლება აქვთ, განცხადების დაწერაც უჭირთ. არჩევნებზე მიდიან, ხმას აძლევენ, მაგრამ არ იციან, რატომ… არც ინფორმაცია აქვთ კანდიდატებზე. არ იციან ჩვენს თემში როგორ მივიდნენ, მაგალითად, საბავშვო ბაღში, ქართული ენის ცოდნაც პრობლემაა… ამიტომაცაა მერე, რომ სწავლას ანებებენ თავს ბოშა ბავშვები. წარმოიდგინე, ენა არ იცი, შენი თანაკლასელები წინ მიდიან, შენ კი ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნი, არაკომფორტულად გრძნობენ თავს, აბა, რა.
მეც არ ვიცოდი თავიდან კარგად ქართული ენა, მაგრამ სულ მინდოდა, რომ მესწავლა, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე… თბილისში ვცხოვრობდით. მერე მამამ თქვა, ქობულეთში უკეთესიაო და წამოვედით. ბაბუა და ბებია მანამდეც აქ ცხოვრობდნენ. თბილისში ევანგელისტების საკვირაო სკოლაში დავდიოდი და იქ ვისწავლე ცოტა ქართული. ოჯახში ბოშურად ვსაუბრობთ ყველა. ისტორია მიყვარს ძალიან, ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკა… 7 წლის წინ მოვედი ამ სკოლაში, რამდენიმე კლასი ექსტერნად გავიარე. თავიდან კლასში შვიდი ბოშა ვიყავით, ახლა მარტო მე ვარ. ქართველ ბავშვებთან თავიდან მიჭირდა ურთიერთობა, ენა არ ვიცოდი და გავურბოდი. მერე შევეჩვიე ყველაფერს. ახლა ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ერთად ვერთობით, ზღვაზე დავდივართ…
დედაჩემი ყოველდღე ვაჭრობს. დილით საჭმელს გვიმზადებს და მიდის, საღამოს ბრუნდება. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ სოციალურ დახმარებას ვიღებთ… მამა სახლშია და ჩვენ გვივლის. სამი და მყავს, მაგრამ ორი ავადაა, უსინათლოები არიან, მესამე და დანარჩენებს უვლის და, ძირითადად, სახლშია, ის სკოლაში არ დადის. უფროსი ძმა სახლშია, ახლა არ მუშაობს. კიდევ ერთი პატარა ძმა მყავს. პირველ კლასშია და მასაც უყვარს სწავლა. მინდა, რომ მანაც დაამთავროს სკოლა.“
გასულ წელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქობულეთში ჩატარებულ ესეის კონკურსში ჯუმბერ ალიმოვის ნამუშევარმა გაიმარჯვა. ესეიში ჯუმბერი წერს:
„…ჩვენი ეკლესიის მწყემსი, რომა ამბობს, რომ ღმერთს ყველა უყვარს და ჩვენც ყველა უნდა გვიყვარდესო. ჩემს მუსლიმ თანაკლასელ ზურას რამდენიმე წლის წინ უხერხული სიტუაცია შეექმნა – მედრესეში ბავშვებს ახალ შენობაში არ უშვებდნენ. დაკლული ღორის თავი მიუჭედეს სასწავლებლის კარზე. განვიცადეთ და გვეტკინა. ალბათ უკეთესი იქნებოდა იქ, მედრესესთან მივსულიყავით დასახმარებლად, მაგრამ გაბრაზებული ხალხის შეგვეშინდა…“
„ისევ გვეუბნებიან მშობლები, „ციგანთან“ არ დასვა ჩემი შვილიო“
„სინამდვილეში ჯუმბერს ბევრ რამეში სჭირდება დახმარება, ყველაფერს არ მოგიყვებოდათ, გაგებული გექნებათ, განსაკუთრებულად ამაყები არიან ბოშები,“ – მითხრა ნარგიზ ჯინჭარაძემ, როცა ჯუმბერი გაკვეთილს დაუბრუნდა და მე ისევ დირექტორთან შევედი.
„ოჯახს ძალიან უჭირს სოციალურად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ორ ოთახში რვა სული. გარემოც არ აქვს ჯუმბერს, რომ იმეცადინოს. ინგლისურში მომზადება სჭირდება… მე ვთხოვე ჩვენს ერთ პედაგოგს, რომ დაეხმაროს. ვნახოთ, რა გამოვა. ჯუმბერი წელს ვარშავაში წავიყვანეთ, ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის შესახებ ისმენენ ანგარიშებს. სიტყვით გამოვიდა. ყველა გაისუსა, ბოშა ბავშვი საუბრობსო და ყურადღებით უსმენდნენ. მან განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე ისაუბრა, სახელმწიფო ენის ცოდნაზე… იქ გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ჯუმბერმა უნგრეთში მიიღოს უმაღლესი განათლება. ამისთვის ინგლისური ენის კარგად ცოდნაა საჭირო. ოჯახს შევთავაზე ჯუმბერის პანსიონში გადაყვანა, მაგრამ წინააღმდეგი არიან. ასეთი არიან ზოგადად, რაც არ უნდა უჭირდეთ, შვილებს აჭმევენ, თვითონ არ შეჭამენ და შვილს არ მოიშორებენ…“ – გვიყვება ნარგიზ ჯინჭარაძე.
[red_box]ბოშა ბავშვები პირველად ქობულეთის #5 სკოლაში 2008 წელს მიიყვანეს. მაშინაც სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე იყო. ახლა ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მცხოვრები ბოშებიდან ყველაზე აქტიურად სკოლაში ქობულეთელი ბოშები დადიან. ქობულეთში სულ 220 ბოშა ცხოვრობს. 75 ბოშა ბავშვი სკოლის მოსწავლეა, თუმცა ტენდენცია საერთოა – მეექვსე-მეშვიდე კლასის დასრულების შემდეგ ბოშები სწავლას თავს ანებებენ.[/red_box]
„რომ მიხვიდეთ მშობელთან, გიპასუხებს, რომ თვითონ ბავშვს აღარ უნდა სწავლაო. არადა ვიცით, რომ არაა ასე,“ – საუბარში ელისო სამხარაძე ერთვება, ის #5 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა. – „გეტყვიან, რომ ბავშვები უკვე მუშაობენ, არ სცალიათ. გოგონების შემთხვევაში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მეტი სწავლა გოგოსთვის საჭირო არ არის… მთავარი პრობლემა ისევ ენის არცოდნაა. იციან, მაგრამ კარგად არა. ბოშები ქართველებს დიდად მაინც არ ერევიან. მეც აქ გავიზარდე, ამ უბანში. მახსოვს, არ ვთამაშობდით ბოშა ბავშვებთან. მშობლებიც გვეუბნებოდნენ, არ ითამაშოთ მაგენთან, სუფთა არ არიანო და არ ვეკარებოდით. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა, მაგრამ ახლაც არსებობენ მშობლები, რომლებიც გეტყვიან, ციგანთან არ დასვა ჩემი ბავშვიო. თავად ბოშებშიც არსებობენ, ასე ვთქვათ, დაწინაურებული ოჯახები. ერთი „დაწინაურებული“ ბოშა მშობელი ამას წინათ მეუბნება, არ მინდა, ბოშასთან დასვა ჩემი შვილიო.“
ნარგიზ ჯინჭარაძე: „გაგიკვირდებათ, ზოგჯერ ისეთი მშობელი მოდის, განათლებული რომაა, თავი მოსწონს და გეტყვის, რომ თუ კლასში ბოშა იქნება, ბავშვს არ შემოიყვანს, ციგნებისგან ბავშვი კარგს რას ისწავლისო. მეც ჯიუტად ვპასუხობ, რომ კლასში ბოშები იქნებიან. ბევრი მშობელი მიდის ამის გამო. არსებობს ერთგვარი იარლიყიც, რომ ეს „ციგნების“ სკოლაა.“
ქობულეთის #5 სკოლის ადმინისტრაცია ამჯერად ცდილობს ზუსტად დაადგინოს, რის გამო ტოვებენ ბოშა ბავშვები სკოლას და რატომაა ჯუმბერი გამონაკლისი. ნარგიზ ჯინჭარაძე ფიქრობს, რომ ბარიერს ძირითადად ქართული ენის ფლობის დონე იწვევს – ბოშა ბავშვები ქართველებს ვერ ეწევიან.
„სპეციალურად გადავემზადე, ცალკე გამოცდა ჩავაბარე და პირველ კლასში შევედი მასწავლებლად,“ – განაგრძობს სკოლის დირექტორი. -„ქართველ ბავშვებს ბოშებისგან განსხვავებით უკვე გავლილი აქვთ საბავშვო ბაღი, რაღაცები უკვე იციან, ბოშა ბავშვებთან კი ოჯახშიც არ საუბრობენ ქართულად. ამიტომ წელს ასე გადავწყვიტეთ, რომ ბოშა პირველკლასელებს ცალკე უტარდებათ ქართულში გაკვეთილი. ეს დარღვევაა, ასე არ შეიძლება, მაგრამ სასწავლო გეგმაში დავასაბუთე, რომ ეს საჭიროა. თუკი ბოშა ბავშვების ქართული ენის ცოდნის დონე ქართველი მოსწავლეების ცოდნას გაუთანაბრდება, ვფიქრობ, ბარიერიც აღარ იარსებებს,“ – დასძენს ნარგიზ ჯინჭარაძე.
ინტეგრაციის პრობლემის დასაძლევად საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში მხოლოდ „სოციალური ინკლუზიის პროგრამას“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში ქობულეთის სკოლაში თეატრის, ცეკვისა და კითხვის კლუბებია გახსნილი. ბოშა და ქართველი ბავშვები ერთად ატარებენ თავისუფალ დროს.
რა არის საჭირო ბოშათა თემში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? – ნარგიზ ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ბოშებისთვის სოციალური სახლის აშენებაზე უნდა იზრუნოს, რადგან მათი უმრავლესობა ნაქირავებში ცხოვრობს და უჭირს.
„მაგალითად, შაბანოვების სახლი რომ ნახოთ, იქ იმდენი ადამიანი ცხოვრობს ერთად, იფიქრებ, აქ ფეხზე დამდგარი როგორ ჩერდებიანო. იქ რა უნდა ისწავლოს ბავშვმა? ხშირად მოზარდს სთხოვენ, მუშაობა დაიწყოს, ან უმცროსი და-ძმების მოვლას ავალებენ… მქონდა იდეაც, რომ თვითმმართველობას შეექმნა მობილური ჯგუფი, სადაც სოციალური მუშაკებიც იქნებიან, ფსიქოლოგებიც, გამგეობის წარმომადგენელი და სკოლა. სხვადასხვა პრობლემაა, მაგალითად, ბოშა მშობლები. აცრებს დღემდე არ უკეთებენ ბავშვებს. თვითმმართველობიდან დიდად დაინტერესება არ ჩანს…“ – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.
„საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ამ უბანში ცხოვრობს, ეს სკოლა დაამთავრა და ისიც არ ინტერესდება,“ – დასძინა ელისო სამხარაძემ.
„როგორ არა, იყო მოსული ჩვენთან, 41-ე ნომერია ეგ“, – თქვა ჯუმბერმა, რომელიც გაკვეთილის დასრულების შემდეგ შემოგვიერთდა.
რამდენად ინფორმირებულნი არიან ბოშები წინასაარჩევნო პროცესზე – ამ თემაზე სიუჟეტი „ტელეარხ 25“-ს ჰქონდა, სადაც ჩანდა, რომ ბოშებმა არ იცოდნენ, ვინ არიან ქობულეთში მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები. ამ სიუჟეტის შემდეგ მისულან ბოშათა დასახლებაში კანდიდატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „გზას გაგიკეთებთ, სტადიონსაცო, ასე თქვეს და რა ვიცი…“ – დაასრულა ჯუმბერმა.
„მინდოდა, დამემთავრებინა სკოლა, მაგრამ…“
ბოშების დასახელების მხიარულმა ბავშვებმა მაშინვე დამალვა სცადეს, როგორც კი მათკენ მიმართული ფოტოაპარატი დააფიქსირეს. შორიდან გამოგვძახეს, მშობლები შინ არ არიან და უცხოებთან ლაპარაკის უფლება არ გვაქვსო.
დასახლებაში სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე – ელისო სამხარაძე გაგვყვა. წინასწარ ვიცოდით, რომ მათთვის სანდო ადამიანის გარეშე არ დაგველაპარაკებოდნენ. ელისომ გვითხრა, რომ ბოშა ბავშვები ხშირად აცდენენ სკოლას, რადგან წვიმაში შესაბამისი ტანსაცმელი არ აქვთ. დედები დღისით ვაჭრობენ, მამები კი, ძირითადად, სახლში არიან, ბავშვებს აჭმევენ, სკოლაში აკითხავენ…
ასლანოვების სახლთან გავჩერდით. ბავშვებმა გვითხრეს, რომ გაგვეცნობიან, „ვიდრე მამას სძინავს“.
მიშა ასლანოვი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაგალითად, მეოთხეკლასელმა მიშა ასლანოვმა გვითხრა, რომ კარგად სწავლობს, უნდა, რომ იურისტი გახდეს და აუცილებლად იმუშავებს, როცა დიდი გაიზრდება.
გარეთ გამოგვხედა ქრისტინა ასლანოვამაც. ჯერ პატარა ძმის საუბარს უსმინა, მერე სევდიანი მზერით მაგრძნობინა, რომ სათქმელი მასაც ჰქონდა. თქვა, რომ 15 წლისაა და სკოლაში აღარ დადის. გაჩუმდა და ჭიშკრის ძირს მიაჩერდა. რამდენიმე კითხვას პაუზით შეხვდა, მერე მიპასუხა, ოღონდ ისევ მიწისკენ მიმართული მზერით:
„მერვე კლასში უნდა ვიყო ახლა… სწავლა მიყვარს. მინდოდა დამემთავრებინა სკოლა… არავინ არ მიშლის, მაგრამ აღარ დავდივარ, რა ვიცი. ბავშვს ვუვლი. ჩემს დას მეორე ბავშვი შეეძინა და მე მომაბარეს“.
ქრისტინა ასლანოვა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მერვე კლასშია ნანა მელემედოვა. ის სახლის ეზოში დაგვხდა, სარეცხს რეცხავდა და უცებ გაუშტერდა მზერა, როცა სასწავლო ნაწილის გამგეს მოჰკრა თვალი. სახლი წვიმისგან დატბორილი დაგვხდა. აქ სულ 20 ბოშა ცხოვრობსო, გვითხრა ელისომ.
„ნანა, რატომ არ იყავი დღეს სკოლაში?“ – გაუმეორა კითხვა ნანას ელისო სამხარაძემ.
„ვერ მოვახერხე, მას, ბევრი საქმე მქონდა,“ – თქვა მან და ჟურნალისტების მისვლის მიზეზით დაინტერესდა.
„დედა და მამა სახლში არ არიან. ჩემი ძმაა სახლში, ვოვა. მაგან მიატოვა სწავლა და ცოლი მოიყვანა. უკვე ბიჭი ჰყავთ. მე ვერ ვმეცადინეობ, არ მაქვს საშუალება… მინდა, რომ სკოლა დავასრულო. მოსამართლე უნდა გავხდე,“ – მითხრა ნანამ რუსულად. ქართული აქამდე კიდევ ვერ ვისწავლეო, დასძინა.
ნანას დაჟინებული და პირქუში მზერა მაშინ შეეცვალა, როცა ვკითხე, მოსამართლეობა რატომ გინდა-მეთქი. „როცა ამდენი დანაშაული ხდება ყველგან“, – მიპასუხა მან.
დიალოგს ნანას ძმა, ვოვა და მისი ცოლი ალბინა მელიასანოვა შემოუერთდნენ. სახლს გვათვალიერებინებენ, თან გვიყვებიან.
ვოვა მელემედოვი: „კარგად ვერ ვსწავლობდი, ამიტომ დავანებე სწავლას თავი. ტანსაცმელი არ მქონდა, ვერ ვმეცადინეობდი, სახლში სულ ხმაური იყო. ქართული წერა-კითხვა ვიცი, ისე…“
ალბინა მელიასანოვა: „მე თბილისში ვსწავლობდი სკოლაში. მე-11 კლასს ვამთავრებდი, როცა გამათხოვეს. ბაბუამ თქვა, ასეა საჭიროო. მეც მინდოდა გათხოვება. მე მინდოდა ჯარისკაცი გავმხდარიყავი… ჩემი შვილი როცა გაიზრდება, ბაღშიც მივიყვან და სკოლაშიც. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ვის ვახსოვართ… სოციალური მუშაკები მოდიან, გვიღიმიან და მიდიან“.
ოთახში, სადაც გახუნებული ჭრელი ნოხები ბევრგან ეკიდა, კიდევ ერთი ბიჭი შემოვიდა. გვითხრა, ინტერვიუ უნდა მოგცეთო:
„მე რუსლან მელიასანოვი ვარ, ალბინას ძმა. ჩემით ვმეცადინეობ, არავინ მეხმარება. მე ქართულის მასწავლებელი გავხდები და ბოშებს ვასწავლი ქართულს. მე აქამდე მუშა ბიჭი ვიყავი. ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით და ჯართს ვაგროვებდით ქუჩაში. ახლა აქ ნაქირავებში ვცხოვრობთ, მაგრამ კარგად ვართ. დედა და მამაც წასულები არიან სამუშაოდ, მე აღარ ვმუშაობ იმიტომ, რომ არ მცალია. „ბრეიქ დანსსაც“ გადასარევად ვცეკვავ, ფეხბურთზეც უნდა წავიდე წელს. 9 წლის ვარ, მალე ათის გავხდები. შეგიძლიათ წინასწარ მომილოცოთ“.
რუსლან მელიასანოვი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
განათლების სამინისტრო: ვინც სკოლაში აღარ დადის, შეუძლია სპექტაკლში ითამაშოს
„ეს მათი ცხოვრების წესია და ჩვენ ამას ასე უცებ ვერ შევცვლით. ასეთია მათი ტრადიცია, კულტურა და მენტალიტეტი საუკუნეების განმავლობაში,“ – გვითხრა რუსუდან სალუქვაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის დირექტორის მოადგილემ. მას ვკითხეთ, აქვს თუ არა სააგენტოს ინფორმაცია ბოშა ბავშვებზე, რომლებზეც მშობლები ძალადობენ და სკოლაში წასვლის უფლებას არ აძლევენ.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ, ზოგადად, არის ეს შემთხვევები, როცა ბოშა ბავშვები სკოლაში სწავლას წყვეტენ. ჩვენ მივდივართ და ვმუშაობთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ შედეგს მივაღწიეთ… იყო ერთი შემთხვევა ბათუმში, როცა ბავშვის მინდობით აღზრდაში, სხვა ოჯახში გადაყვანა ვცადეთ. მთელი თემი ერთად შეიკრიბა და მოვიდა სააგენტოში, ამას არ დავუშვებთო, ვერაფერს მივაღწიეთ“, – აცხადებს რუსუდან სალუქვაძე.
„არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. მარტივია იმის თქმა, რომ არ გამოდის, მივედით, სიტუაცია შევისწავლეთ და ხელები დავიბანეთ ამ საქმიდან,“ – ამას ელენე პროშიკიანი ამბობს. ისიც ბოშაა და ამ თემის კოორდინატორია „ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში“.
ელენე ამბობს, რომ ბოშებს სკოლაში სიარულის ტრადიცია საერთოდ არ ჰქონდათ და თუ სახელმწიფო კანონს აგრძნობინებს ბოშებს ცალკეული მაგალითებით, მთლიანად თემის მიდგომა მალე შეიცვლება.
„ასე იყო, როცა საერთოდ არ დადიოდნენ სკოლაში. ქობულეთში ნარგიზ ჯინჭარაძემ იმდენი იმუშავა და ისე მალე მოიპოვა ბოშათა თემის ნდობა, რომ ყველაზე მეტი ბავშვი იქ დადის სკოლაში. საუბარია საჭირო და მუშაობა. ქვემო ქართლში მისაუბრია ბოშა ქალებთან, რომ ვალდებული არიან შვილებს მისცენ განათლების უფლება, რომ უნდა ატარონ ბაღში და ასე შემდეგ. ისინიც ამბობენ, არ მინდა, ჩემი ბავშვი ქუჩაში იყოსო. მართლა არ უნდათ. ფინანსური გაჭირვებაა წამყვანი ფაქტორი და ინტეგრაციის პრობლემა. ბოშა ოჯახებში მიჩვეულები არიან, რომ მოზარდმა უნდა იმუშაოს, ან უმცროს და-ძმებს უნდა მოუაროს. ჯერ კიდევ არსებობს ნაადრევი ქორწინების პრობლემაც. მე მესმის, რომ ამ თემთან მუშაობა არის რთული, მაგრამ ისე არაა, რომ არ გამოდის“, – დასძინა ელენე პროშიკიანმა.
„თქვენ თუ კარგად გამოკითხავთ დირექტორს, ნახავთ, რომ მანამდეც არ დადიოდნენ სკოლაში,“ – ეს ლელა ცქიტიშვილის რეაქციაა, როცა მას ბოშა ბავშვის ძალადობის შესახებ ვკითხეთ. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტია. ლელა ხელმძღვანელობს სკოლებში „სოციალური ინკლუზიის“ პროგრამას, რაც ყველა იმ სკოლაშია, სადაც ბოშები სწავლობენ.
„ამ პროგრამის უპირატესობა არის ის, რომ სკოლაში შექმნილ კლუბში შეიძლება ჩაერთონ სკოლიდან გასული ბოშებიც. ეს იქნება ხელგარჯილობა, თეატრი, ცეკვა, ინგლისური თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვეუბნებით ბავშვებს, რომ კი ბატონო, შესაძლოა, გაკვეთილზე არ შედიხარ, მაგრამ მოდი ჩვენთან, ერთად დავხატოთ, ვიცეკვოთ, ვიკითხოთ, ანუ სოციალიზაციის გზით ცდილობს განათლების სამინისტრო შედეგის მიღწევას. ამ კლუბებში ბოშა ბავშვებთან ერთად არიან ქართველი ბავშვები. ქობულეთის სკოლაში არის სპექტაკლების კლუბი. ჩვენი რეჟისორი ჩავა ქობულეთში ამ დღეებში და იმ მოსწავლეს, რომელიც სკოლაში აღარ დადის, შეუძლია სპექტაკლში ითამაშოს,“ – დასძინა მან.
ლელა ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი ბავშვი სპექტაკლში ითამაშებს, მას გაკვეთილზე დაბრუნების სურვილიც გაუჩნდება. განათლების სამინისტროს წარმომადგენელს შევახსენეთ, რომ ბავშვზე ძალადობასთან გვაქვს საქმე და ქრისტინა ასლანოვა გამონაკლისი არაა. ლელა ცქიტიშვილმა გვითხრა, რომ სამინისტრო ძალადობის შესახებ ოფიციალურად ინფორმირებული არ არის.
სოციალური მომსახურების სააგენტოსგან განსხვავებით, განათლების სამინისტროში მშობლებთან გასაუბრების ეფექტურობის სჯერათ.
„საჭიროა მშობლებთან ტრენინგი. დედოფლისწყაროში გვქონდა არაერთი შეხვედრა მშობლებთან, რომ მათ შვილებს უნდა ევლოთ საბავშვო ბაღებში. შედეგს მივაღწიეთ. ეს უცებ არ კეთდება. ამას სჭირდება იდეაზე თავგადაკლული ადამიანები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ. მშობლები აუცილებლად დაიჯერებენ, რომ განათლება აუცილებელია. დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაიჯერებენ ამას,“ – ამბობს ლელა ცქიტიშვილი.
„განათლების პოლიტიკა უნდა იყოს ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილი და შეფარვითი. ბოშები ამაყი ხალხია. ამ ფაქტორზეც შეიძლება მუშაობა,“ – მიიჩნევს სკოლის ფსიქოლოგი, ირმა ფეიქრიშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბოშების დიდმა ნაწილმა რეალურად დაინახა პირადობის მოწმობების ქონის, ასევე განათლების საჭიროება. „იგრძნეს, რომ მხოლოდ ვაჭრობით თავს ვეღარ გაიტანდნენ და მინიმუმ წერა-კითხვის ცოდნა აუცილებელი გახდა,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
რატომ ვერ სწავლობენ ბოშები ქართულ სკოლებში ქართულს
ქართული ენის სწავლა ქართულ სკოლებში ბოშა ბავშვებისთვის რომ პრობლემაა, ეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაშიც წერია. სტრატეგია 2015 წელს შეიმუშავეს სამთავრობო უწყებათშორისმა კომისიამ და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
„ეს გეგმა ჩვენ ერთად შევიმუშავეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ვერ ხორციელდება. არ ვიცი, რატომ. მონდომება სხვადასხვა უწყებიდან არ არის. ვფიქრობ, არსებობს მგრძნობელობის პრობლემაც,“ – ამბობს ელენე პროშიკიანი, ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის კოორდინატორი.
ელენე პროშიკიანი ფიქრობს, რომ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი ქართული ენის არცოდნაა. გვიყვება, რომ ამ საკითხზე განათლების სამინისტროში ჰქონდა შეხვედრა და სპეციალურად ბოშებისთვის კლასკომპლექტების შექმნა მოითხოვა.
„უარი მივიღე. მითხრეს, რომ ეთნიკურობის ნიშნით ვერ გამოვარჩევთ ვერავისო. შესაძლოა, მართლაც არ იყოს მართებული, რასაც ვამბობ. მე, უბრალოდ, ის ვიცი, რომ სპეციალური პროგრამაა საჭირო ბოშებისთვის, რომ განათლება მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. განათლება კი, მოგეხსნებათ, ყველაფერია, აქედან იწყება ყველაფერი…“, – აღნიშნავს ელენე პროშიკიანი.
ირმა ფეიქრიშვილი, სკოლის ფსიქოლოგი: „ვფიქრობ, შედეგიანი იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პროგრამა. ბოშა ბავშვებმა ქართველებთან ერთად უნდა ისწავლონ ქართულიც, მაგრამ შეფასება არ უნდა იყოს. ყურადღება უნდა გამახვილდეს საგაკვეთილო პროცესში ბოშა მოსწავლის ძლიერ მხარეზე, აი, მაგალითად, შენ როგორი კარგი ხარ მათემატიკაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ და არა იმაზე, რომ მას ქართულის სწავლა უჭირს. ვფიქრობ, ქართულ ენაში დამატებითი საათის არსებობაც გამაართლებს“.
„ძალიან ცალმხრივი იქნებოდა, ჩვენ რომ მხოლოდ ქართული ენის შესწავლაზე გაგვეკეთებინა აქცენტი. ენის სახლები ისედაც არსებობს და შეუძლიათ იქ იარონ,“ – გვიპასუხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, ლელა ცქიტიშვილმა.
სად უნდა იარონ ბავშვებმა ქობულეთში, სადაც ენის შესწავლის სახლი არ არსებობს? – განათლების სამინისტროს თანამშრომელი ამ კითხვაზე დაგვეთანხმა, რომ, მაგალითად, ქობულეთში ეს პრობლემაა.
ლელა ცქიტიშვილი: „ვიცით, რომ პრობლემა არსებობს და ამიტომ ავამოქმედეთ სოციალური ინკლუზიის პროგრამა. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებში განათლების მოტივაცია გავზარდოთ არაფორმალური განათლების გზით. ვცდილობთ, თანატოლებთან ურთიერთობის გზით გაიზარდოს სახელმწიფო ენის ცოდნის მოტივაცია, რომ მას მეგობრები ჰყავს ქართველები, სჭირდება ქართული ენა. გეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტი პროგრამა ექნება განათლების სამინისტროს ამ კუთხით, მით უკეთესი იქნება. ყველა კითხვაზე მე ნუ გამაცემინებთ პასუხს…“
ლელა ცქიტიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ თუკი კონკრეტულ მოსწავლეს სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა აქვს, სკოლის დირექციას შეუძლია განათლების სამინისტროს მიმართოს და სწავლების ინდივიდუალური გეგმა შედგეს.
როგორ სრულდება სახელმწიფო სტრატეგია, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ენის სწავლების დონე უნდა გაუმჯობესდეს? – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გვითხრეს, რომ სტრატეგია ეტაპობრივად სრულდება და შედეგები შეგვიძლია ვიხილოთ შესრულების ოფიციალურ ანგარიშში.
„მცირერიცხოვანი და მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა“ – ასეა დასათაურებული 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში ბოშათა პრობლემები. ამ კუთხით შესრულებულ ანგარიშს სულ ორი გვერდი უკავია და წერია, რომ:
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მცხოვრები ბოშათა თემის მდგომარეობის, მათი პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტილების გზების ძიებას…“
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს საჯარო სკოლებში სულ 225 ბოშა ბავშვი სწავლობდა. 2011-2016 წლებში მოქალაქეობა დაუდგინდა 14 ბოშას, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი მიიღო 16-მა და დაფიქსირდა დაბადების 37 ფაქტი.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 604 ბოშა ცხოვრობს. ელენე პროშიკიანი ამბობს, რომ ეს ციფრი არ არის ზუსტი და მისი ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ბოშაა.
სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების ანგარიშში ხაზგასმულია „სოციალური ინკლუზიის პროგრამა“, რაზეც განათლების სამინისტრო გვესაუბრა. აქვე წარმატებულ მაგალითად არის მოყვანილი ბათუმში მცხოვრები ბოშა – სურაჯ ალიმოვი.
სურაჯ ალიმოვმა ბათუმის #16 საჯარო სკოლა მესამე კლასის დასრულების შემდეგ მიატოვა.
„მას შემდეგ სკოლაში აღარ მივლია, ოჯახიდან საშუალება არ იყო, რომ მესწავლა,“ – გვიყვება სურაჯ ალიმოვი. – „2015 წელს გავიგე, რომ ქობულეთის სკოლაში სპექტაკლს დგამდნენ. მონაწილეობა მივიღე და დავინტერესდი ისევ სწავლით. მერე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გავიცანი, დამეხმარნენ და ექსტერნად ჩავაბარე გამოცდები. ახლა საატესტატო მაქვს ჩასაბარაბელი, ხუთი გამოცდა. შარშან გავედი, მაგრამ სამის ჩაბარება მოვახერხე მხოლოდ. პროფესიულ სასწავლებელში კომპიუტერული ტექნოლოგიები ვისწავლე, ახლა მზარეულობის შესწავლას ვაპირებ. ჯერ მუშაობა არ დამიწყია, რადგან მთავარი ამოცანაა, სკოლა დავასრულო“.
გელაური. მანანა ქველიაშვვილის ფოტო
„მინდოდა გაპროტესტება, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე“
„ტრადიციული არ ვარ საერთოდ. რასაც ცხოვრება მოითხოვს, იმის მიხედვით უნდა იცხოვრო, ასე ვფიქრობ,“ – მითხრა ჯუმბერმა, როცა სკოლიდან მისი სახლისკენ მიმავალ გზას გავუყევით.
„არ მომწონს, მაგალითად, ის, რომ ბოშა ქალი სხვა ეროვნების კაცთან არ უნდა დაქორწინდეს, ან პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. არც ის მომწონს, რომ კაცები ძირითადად სახლში არიან და დედები მუშაობენ, ვაჭრობენ… ძირითადად ქალებზე ხდება ძალადობა. არ მომწონს ის ტრადიციაც, რომ გათხოვილმა ქალმა აუცილებლად გრძელი კაბა უნდა ატაროს… მინდოდა გაპროტესტება, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე“, – თქვა ჯუმბერმა და ძველი სახლის კარი შეაღო.
სახლში ჯუმბერის უფროსი ძმა და დები დაგვხვდნენ. ჯუმბერი ამბობს, რომ საჩვენებელი არაფერია და კუთხეში დგება.
ნაქირავებ სახლში ჯუმბერის რვასულიანი ოჯახი ორ ოთახში ცხოვრობს. ერთ ოთახში კედელთან შეწყობილია რვა ადამიანის ქვეშაგებელი, იქვეა მაგიდა და რამდენიმე სკამი, ტანსაცმლის პატარა სათავსო… ჯუმბერის და მიხსნის, რომ დასაძინებლად ქვეშაგებელს იატაკზე გვერდიგვერდ აწყობენ. მეორე ოთახში სამზარეულოს ნივთებია. ერთ კუთხეში – პატარა და ფერადი საბავშვო სამეცადინო მაგიდა.
შენ სად მეცადინეობ-მეთქი, ვეკითხები ჯუმბერს. ის პატარა მაგიდასთან ღიმილით ჯდება. „აი, აქ. მე და ჩემი პირველკლასელი ძმის საზიაროა ეს მაგიდა“, – მპასუხობს ის.
„მეც კი მინდოდა სწავლა, მაგრამ არ მივლია საერთოდ. აგერ, ჯუმბერი ისწავლის ჩვენ მაგივრად ყველაფერს,“ – ამბობს ჯუმბერის უფროსი და და სიყვარულით სავსე მზერას ღიად დატოვებულ კარში აპარებს.
ბათუმში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე ტერიტორია ისევ დაბინძურებულია. ამ ტერიტორიაზე ძირითადად სამშენებლო ნაგავი ყრია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც შეხვდებით. იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ ზაფხულშიც გამოქვეყნა.
რატომ ევროპა და არა რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაა საჭირო ევროპის ისტორიისა და პოლიტიკური მოვლენების განხილვა. უბრალოდ, საჭიროა ობიექტური თვალით შევადაროთ არსებული დემოკრატიული რეალობა რუსეთსა და ევროპაში. შედარების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ ევროპა დემოკრატიული თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე რუსეთი.
დღეს საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ როგორ გვინდა წარვმართოთ ჩვენი სამომავლო პოლიტიკა. დღევანდელ რეალობას რომ ვუყურებ, განცდა მეუფლება, რომ საზოგადოებას დაკარგული აქვს აღქმის უნარი, რადგან მას არ შეუძლია აირჩიოს ორ რადიკალურად განსხვავებულ მხარეს შორის საუკეთესო. ქართველების დიდი პრობლემა გახლავთ ის ფაქტი, რომ უჭირთ ობიექტური შეფასება, სუბიექტურად აფასებენ, რადგან ქვეყანაში გავრცელებული მითები მათ ამის საშუალებას აძლევს. ჩვენ, ქართველები, გაუთვითცნობიერებლად ვცხოვრობთ. მივყვებით და გვჯერა საუკუნის წინ აღიარებული მითების, რომლებიც ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლებში ყოველთვის განსხვავებული აზრია, რადგან იქ შემორჩენილია გაიდიალებული წარსული, რომელიც რუსეთს კარგი ეპითეტებით აღწერს. ზოგიერთი მითი ისეთი აბსურდია, დაჯერება კი არაა, გააზრება მიჭირს. აქედან გამომდინარე, შევეცდები განვიხილო თითოეული შემთხვევა, ვიპოვო გადაჭრის გზები და სათანადო არგუმენტებით დავადასტურო რეალობა.
მოსახლეობას ჰგონია, რომ ევროპასთან დაახლოება ჩვენ ტრადიციებს, სარწმუნოებასა და ქართველობას წაგვართმევს, ამიტომ გვიჯობს ერთმორწმუნე რუსეთი. ასეთი მითის არსებობა, რა თქმა უნდა, უცოდინრობის ბრალია – საზოგადოება არაა სათანადოდ ინფორმირებული. ამ მითს მარტივად ვუპასუხებ: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ შეიცავს კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შემლახველ დებულებებს, რადგან კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ხელშემწყობია თვით ევროკავშირი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ქართველებს, ვერავინ წაგვართმევს ქართველობას. ვერავინ შეგვიცვლის სისხლით მონაპოვარი ისტორიას და ვერავინ გვაიძულებს შევიცვალოთ ქართული იდეოლოგიის კურსი.
რუსეთი ჩემს თვალში ყოველთვის დარჩება ოკუპანტად. ის ვერასდროს იქნება ჩვენი თავისუფლების გარანტი, რადგან ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. რაც მთავარია, დღეს რუსეთი ურთიერთობის გასამყარებლად არაფერს აკეთებს, აგრესიით ცდილობს საქართველოში თავის დამკვიდრებას. რუსეთისგან განსხვავებით, ევროპამ გადმოდგა ნაბიჯები საქართველოსკენ. ამის ნათელი მაგალითია ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ ქვეყნებს.
არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ამის კარგი საშუალებაა საკუთარი თვალით ვიხილოთ ორივე მათგანი. ვიზალიბერალიზაცია იმიტომაა კარგი, რომ ჩვენ შევძლებთ ევროპის გაცნობას, შევადარებთ ჩვენს სამოქალაქო განათლების დონეს სხვა ქვეყნებთან. საკუთარი თვალით როდესაც ვიხილავთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, მაშინ აუცილებლად შეიცვლება ჩვენი მხედველობა. მივხვდებით, რომ ევროპა მართლაც სჯობს რუსეთს, რადგან რუსეთში მხოლოდ ბიუროკრატია და კორუფცია სუფევს, მაშინ, როცა ევროპაში დემოკრატიაა გამეფებული. ევროპაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რუსეთში კი მოსახლეობა შეზღუდვებით ცხოვრობს, რადგან იქ კვლავ პოპულარულია ცენზურა. რაც მთავარია, ევროპაში დემოკრატიის მთავარი იარაღი ხალხია, საზოგადოება გაიდიალებული და თანასწორუფლებიანია. თანასწორუფლებიანი საზოგადოება რუსეთისთვის უცხოა, რადგან იქ ჯერ კიდევ შეინიშნება დიქტატორული მმართველობის ნიშნები.
მინდა კითხვა დავუსვა იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რუსეთი წარმოგვიდგინონ მეგობარ სახელმწიფოდ. მე მაინტერესებს ისინი თუ დამისახელებენ ისეთ ქვეყნებს რუსეთთან გაერთიანების შემდეგ რომ განვითარდნენ. ასეთი ქვეყნები მე არ მახსენდება და ვფიქრობ არც არსებობს, მაგრამ შემიძლია ჩამოვთვალო ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ უფრო განვითარდნენ. ესენია: ჩეხეთი, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი და პოლონეთი. აქედან შემიძლია დავასკვნა, რომ რუსეთი კი არ ეხმარებოდა ქვეყნებს, უფრო უშლიდა ხელს განვითარებაში.
ჩემი აზრით, ვერ ვიქნებით დაცული იმ სახელმწიფოში, რომელიც ყოველთვის ცდილობს შეგვავიწროვოს და ჩაკლას ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები. უნდა ვაღიაროთ, რომ ანტიდასავლური მედია „დიდ საქმეს“ აკეთებს, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა დღეს საზოგადოებას ცრუ ინფორმაციები რომ აქვთ ევროპის შესახებ. ისინი ყოველდღიურად ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ცდილობენ ხალხს თვალები აუხვიონ, სამუდამოდ დაგვამონონ რუსეთს, მაგრამ ასე მარტივიც არაა ქართველ ხალხში ჩაკლა დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენი პატრიოტული სულისკვეთება იმდენად დიდი იყო, რომ გავუძელით უსაზღვრო ტკივილს და გავთავისუფლდით რუსეთისგან. ახლა კი უნდა შევეცადოთ ფეხი ავუწყოთ დემოკრატიას, რადგან სწორედ დემოკრატიული აზროვნება დაგვეხმარება შევიდეთ ევროპულ ოჯახში.
მინუსები ევროპასაც გააჩნია, მაგრამ, ევროპა გაცილებით განვითარებულია, მისთვის მნიშვნელოვანი სამართალია, რუსეთში კი ქრთამი, ძალადობა და კრიმინალი სუფევს. წარსულს თუ გადავხედავთ, მაინც ვერ შევძლებთ რუსეთზე დადებითის თქმას, რადგან ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არა ხსნა, არამედ მონება იყო.
„ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“. – ჯერ კიდევ როდის თქვა ილიამ ეს სიტყვები და როდის სურდა ევროპული ღირებულებების დანერგვა საქართველოში? ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სიტყვა დიდი აზრის მატარებელია.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით არ მინდა რუსეთი დავაკნინო, რადგან არ მსურს ჩემი აზრი მოვახვიო სხვას. ადამიანმა თავად უნდა შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება. სწორი არჩევანი კი დაგვეხმარება სახელმწიფოს განვითარების სწორი გზის პოვნაში.
„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა.
რა არის ევროპა? რა ღირებულებები გააჩნია მას? რას გვთავაზობს ის? კითხვები, რომლებზეც საქართველოს საზოგადოების ნაწილმა პასუხი არ იცის და არც სურს, რომ გაიგოს, ვინაიდან ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ღირებულებებითა და იდეოლოგიით ცხოვრობენ. ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ ცდილობენ მათი ეს უაზრო, სრულიად არასასურველი და არაფრის მომტანი იდეოლოგიით შეიპყრონ მომავალი თაობის გონება.
2017 წლის ზაფხულში მოსკოვიდან სტუმრად მეწვია მეგობარი, რომელთანაც პოლიტიკაზე, რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობასა და ევროპულ ღირებულებებზე მომიწია საუბარი, თუმცაღა ამას კამათს უფრო დავარქმევდი. მან დაიწყო რუსეთის მაღალფარდოვანი სიტყვებით დახასიათება და მისი ღირებულებების აღფრთოვანებით გადმოცემა. მაგრამ აი, დადგა ჩემი დროც და როდესაც რეალური, ობიექტური და ზუსტი არგუმენტები ჩამოუყალიბე, მან რუსეთი მხოლოდ ერთი რამის გამო აღიარა ევროპაზე უკეთესი ღირებულებებისა და ცხოვრების მომცემად – მან თქვა, რომ რუსეთში ნებისმიერ ადგილას შეუძლია თავისი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც ევროპაში შეუძლებელია. მის მიერ მოყვანილ მაგალითს კი ამტკიცებდა, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების აკრძალვა (ქუჩაში) ადამიანის უფლებების დარღვევაა, რასაც თითქოსდა ევროპა ჩადის.
საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რუსი ქალების, 37 მანეთის, ქართველების, საქართველოს სიყვარულისა თუ მეორე რუსეთის შესახებ მითები. ამ ყოველივეს კი თან ერთვის წინა თაობის ნაწილის უაზრო სიყვარული რუსეთის მიმართ, ისინი ჯერ კიდევ მისტირიან საბჭოთა კავშირს, იაფ საჭმელს თუ უფასო ბინებს და დაუსრულებლად ჰყვებიან იმ სიკეთეების შესახებ, რომელიც ,,კეთილმეზობლური ურთიერთობის“ დროს გვქონდა რუსეთთან.
როდესაც ვიწყებთ ევროპაზე საუბარს, ბევრ რამეს უარყოფითად აღვიქვამთ და ევროპას წარმოვისახავთ, როგორც თითქოსდა ძალას, რომელიც გვართმევს ტრადიციებს, სარწმუნოებას, ქართველობას და ამ დროს აღფრთოვანებით გვჯერა ერთმორწმუნე რუსეთის, ქვეყნის, რომელიც ცდილობს გააქროს თითოეული ის ტრადიცია, ღირებულებები და ისტორია, რაც საქართველოს უკავშირდება. მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მთელი ძალით ცდილობს ქართული კვალის წაშლას, ღებავს უძველეს ფრესკებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თავზე რუსულ გუმბათებს ადგამს და ანადგურებს, მაშინ, როდესაც არაერთი ქართული ტაძარი, არქიტექტურის ნიმუში თუ რელიქვია, სწორედაც ევროპის მხარდაჭერით, უშუალოდ კი მათი ფინანსებით რესტავრირდება და უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს.
ჩვენ, ქართველებს ევროპა გარყვნილების ბუდედ წარმოგვიდგენია, სადაც ოჯახში თითქოსდა არანაირი პატივისცემა არ გამოიხატება, სადაც ოჯახის წევრებს ერთმანეთი არ უყვართ და შვილებს 18 წლიდან უშვებენ სახლიდან, დამოუკიდებელი ცხოვრების შესასწავლად. ჩვენთან კი, 30 წლის ადამიანები დედასთან ცხოვრობენ. ჯერ კიდევ დედიკოს ბიჭებს რეალურ ცხოვრებაში თავი მაინც მაგარ ბიჭებად წარმოუდგენიათ. ამავდროულად, თუ საყვარელი არ ჰყავთ, არათუ სხვებს, არამედ თავადაც კი ეჭვი ეპარებათ თავიანთ მამაკაცურობაში – საყვარელი ხომ მათთვის მამაკაცურობისა და სიძლიერის ნიშანია. არადა სახლში ცოლ-შვილი ჰყავთ, რომლებიც არა ქმრის/მამის შრომით, არამედ დედის ან ე.წ. მაყუთიანი მამამთილის გასქელებული ჯიბით ირჩენს თავს.
მიგვაჩნია, რომ ევროპასთან მიახლოვება გვაიძულებს ერთსქესიანთა ქორწინებას. აი, ამ ტერმინის გაგონებაზე სისხლი გვიდუღს, რელიგიას ამოფარებულები გავრბივართ ქუჩაში არარსებული გეების დასახოცავად, ქართველობის დაცვის ეგიდით. ვეწინააღმდეგებით ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისე, რომ შიგნით არასდროს ჩაგვიხედავს, არ ვიცით რის უფლებას ან სხვებისადმი რისი მოთხოვნის შესაძლებლობას გვაძლევს ის.
ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სკოლებში სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაციის შეტანას. ადამიანს ვტოვებთ გამრავლების შესახებ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებში არსებულ თემებს, თითქოსდა სექსი არ არსებობს, ამაზრზენად ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც 1000-კაციანი ქორწილის გადახდის და საქორწინო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის (მოწმობის) გარეშეც ცხოვრობენ ერთად, იმავდროულად კი სიხარულით ვთანხმდებით 15-16 წლის არასრულწლოვნების ქორწინებაზე და რუსეთის აღვირახსნილ ცხოვრებაზე მუდმივად ვოცნებობთ.
სინამდვილეში ევროპა თავისუფლებაა, მაგრამ განსხვავებულ ღირებულებებსა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებული. ევროპა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, მაშინ როდესაც, რუსეთში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ტერორში ცხოვრობენ. ევროპა, ეს არის დემოკრატიული ღირებულებები ჰარმონიზაციის სივრცე.
თუნდაც ავიღოთ მედია და შევადაროთ რუსეთისა და ევროპის მედიასაშუალებებს: ევროპაში მედია თავისუფლებაა, ის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, მაშინ როდესაც რუსეთში ჟურნალისტურ საქმიანობას აკონტროლებენ. საქართველოშიც პოლიტიკურ პარტიებს დანაწილებული აქვთ სატელევიზიო არხები – ეს არის პარტიები თავიანთი ტელევიზიებით.
საქართველოში გინახავთ პარლამენტში დებატები, რომელიც წინა ხელისუფლების ლანძღვისგან შორს დგას და მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს? ალბათ არა.
ევროპა მაგალითია იმის, როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, როგორ ავაშენოთ და გავაძლიეროთ ის, როგორ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების უფლებას არ მისცემს. ევროპა მაგალითია იმის, თუ როგორ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ დავიცვათ ის, როგორ შევქმნათ ბედნიერი მომავალი და, იმავდროულად, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფნიც თავისუფლები იყვნენ.
რატომ გვწყუროდა უვიზო მიმოსვლა? იმიტომ, რომ ეს მოგვცემდა საშუალებას გვენახა რა არის ევროპა, გვენახა როგორია ორგანიზებული, გამწვანებული, მოწესრიგებული და თავისუფალი მოძრაობა, მშვიდი და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხარისხიანი პროდუქტი, რაც მთავარია, კეთილგანწყობილი ხალხი. გვენახა, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგაც არსებობს, რომ 51 წლის ქალსა თუ მამაკაცს ისევე შეუძლია კლუბში გართობა, როგორც ასაკით ბევრად ახალგაზრდებს, გვენახა 51 წლის ადამიანები ნათელ ფერებში გამოწყობილნი, ხოლო უკან დაბრუნებულებს ჩვენც გაგვჩენოდა მსგავსი გარემოს შექმნის სურვილი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი მამა-შვილი გადაიყვანეს. მამა-შვილს ჭრილობა დანით აქვთ მიყენებული. მათ ოპერაცია უტარდებათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ბენზეს დასახლებაში.
შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ „გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები“.
ხეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გააქვთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ზენითისა და ალამბრის საზღვარზე მდებარეობს. მიწა, საიდანაც ხეებს იღებენ, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაა, ანუ სახელმწიფო საკუთრებაა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელში უთხრეს.
შესაბამისად, ორივე სოფლის ოფიციალურ პირებს ვკითხეთ, რა დოკუმენტის საფუძველზე თხრის კომპანია ხეებს და რა თანხის სანაცვლოდ. მათ თქვეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
სოფელში ამბობენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო.
ამ დროისთვის ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გააქვთ ქობულეთის კიდევ ორი სოფლიდან – ხუცუბნიდან და კვირიკედან.
„ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ დროისთვის ქუთაისში, ინტერვენციულ ცენტრში გადაყვანილი“, – გვითხრა ბობოყვათის სკოლის დირექტორმა გია ქათამაძემ.
ბობოყვათის საჯარო სკოლის ხელმძღვანელის თქმით, მეორე კლასელი ბიჭი თავის თანატოლებთან ერთად ცოტა ხნის წინ ქობულეთიდან სახლში, ბობოყვათში ბრუნდებოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. „ბავშვები, 50-მდე ბავშვი ქობულეთში კონცერტზე იყო წასული. მასწავლებელიც ახლდათ თან. უკან როცა დაბრუნდნენ მასწავლებელმა ბავშვები გზის მეორე მხარეს, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა და თვითონაც წავიდა. აი, ამ დროს მოულოდნელად მოხდა ეს შემთხვევა“, – გვითხრა გია ქათამაძემ.
მძღოლი, რომელიც მეორე კლასელი ბიჭს დაეჯახა, უკვე პოლიციის განყოფილებაშია.
ისლანდიაში საშობაოდ ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. დღესასწაულის ღამეს კითხვა და შოკოლადის მირთმევა ისლანდიური ტრადიციაა, ისლანდიაში წიგნების უმრავლესობა სექტემბერსა და დეკემბერში იყიდება, საახალწლო საჩუქრების შერჩევის პერიოდში. შუასუკუნეებისდროინდელი საგები თანამედროვე ისლანდიურ ლიტერატურაში ყველაზე გავრცელებული ფორმაა. „უწიგნობას უფეხსაცმლობა სჯობს“ (it is better to be without shoes than without a book) – ამბობს ისლანდიური ანდაზა.
ისლანდიური ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ ბრინჯიოს პუდინგის, შებოლილი ცხვრის ხორცის, ვაშლისა და ნაღების ნამცხვრის, რძისა და ყურძნისგან შედგება. შობის ღამეს, ვისაც ბრინჯის პუდინგში ნუშის გული შეხვდება, იმისთვის საგანგებოდ შერჩეული საჩუქარი აქვთ გადანახული.
ყველა ოთახი სანთლებით, ტკბილეულით, ვაშლებითა და თხილით ირთვება. ბავშვები და მოზრდილები ნაძვის ხესთან იკრიბებიან, მღერიან და ცეკვავენ, ოჯახში შობა ღამეს ხშირად ხმამაღლა კითხულობენ ნაწყვეტებს ბიბლიიდან. ისლანდიაში ფიქრობენ, რომ ახალი წლის ღამეს ნაძის ხესთან სათამაშოდ და სამღერად შეიძლება ეშმაკიც გეწვიოს, მაგრამ ამ დღეს მასაც კი უნდა გაუმასპინძლდე. ტრადიციის მიხედვით ყოველ ახალ წელს ერთსა და იმავე ადამინებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად უნდა შეხვდე.
ისლანდია
ისლანდიაში ამერიკული სანტა კლაუსის ტრადიციაა დამკვიდრებული, მაგრამ მასთან ერთად ახალ წლამდე ცამეტი დღით ადრე ისლანდიელებს სჯერათ, რომ მთებიდან ჩამოდის 13 გნომი, რომლებიც იტაცებენ ცელქ ბავშვებს და საახალწლო სამზადისს ურევენ ოჯახებს, თუმცა გნომებს უწყინარ არსებებად მიიჩნევენ.
ცამეტივე გნომს თავისი სახელი და საახალწლო მისია აქვს: Stúfur – თოვლის კაცი; Stekkjastaur – ის, ვინც საახალწლო ცხვარს გალიაში კეტავს და გასაღებს მალავს; Faldafeikir – ის, ვინც ქალებს უწევს კაბებს; Skyrgámur – ყველიჭამია გნომი; Bjúgnakrækir – ის, ვინც სოსისებს იპარავს; Gáttaþefur – ვინც კარებთან ხვრინავს მთელი ღამე; Ketkrókur – ის, ვინც ხორცს იპარავს; Kertasníkir – ის ვინც ანთებულ სანთლებს აქრობს და ა.შ.
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს მენტორ-მასწავლებლის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, არსებულ ხელფასზე იქნება 1000 ლარი, წამყვანი მასწავლებლის კი, ასევე სრული დატვირთვის შემთხვევაში – 700 ლარი.
აღნიშნული ინფორმაცია “ბათუმელებმა” საქართველოს განათლების სამინისტროსგან ოფიციალურად მიიღო.
2018 წლიდან მასწავლებლების ნაწილს სახელფასო დანამატი რომ გაეზრდებოდა, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 20 დეკემბერს განაცხადა.
„2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავიყვანთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ“ – აღნიშნამიხეილ ჩხენკელმა.
პრემიის გაცემის რაოდენობითა და პროცენტულობით აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ლიდერობს. აქ, ამ დრომდე, პრემია ოთხჯერ გაიცა, ოთხივეჯერ სახელფასო სარგოს 100%-ით. პრემიას ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საახალწლოდაც აიღებენ, ისევ ხელფასის 100%-ის ოდენობით, ანუ ხელვაჩაურში წლის განმავლობაში პრემია ხუთჯერ გაიცემა.
ხელვაჩაურის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, სახელფასო სარგოს 100%-ის ოდენობის პრემიას საახალწლოდ თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებიც მიიღებენ. 2017 წლის განმავლობაში აიპ-ებსა და შპს-ებში პრემია ამ დრომდე ერთხელ გაიცა, ხელფასის 100%-ის ოდენობით.
საახალწლოდ ხელფასის 50%-ის ოდენობით პრემიის გაცემას გეგმავს ხულოსა და ქობულეთის მერიაც.
წლის ბოლომდე მესამედ აიღებენ პრემიას ხულოს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. რაც შეეხება აიპ-ებს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული აიპ-ების თანამშრომლები პრემიას, ხელფასის 50%-ის ოდენობით 2017 წლის განმავლობაში პირველად მიიღებენ.
ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, ნადიმ ვასაძე განმარტავს, რომ ხულოს საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის პრემიის გაცემა ბიუჯეტით სამჯერ ჰქონდა გაწერილი. რაც შეეხება აიპ-ებს, აქ პრემიების გაცემა გეგმით მხოლოდ ერთხელ იყო გაწერილი და ისიც სახელფასო სარგოს 50%-ის ოდენობით, ამ დროისთვის კი ბიუჯეტში საკრებულო-მერიისა და აიპ-ების თანამშრომლებისთვის საპრემიო ფონდში ფინანსები არის, რადგანაც მერია-საკრებულოში პრემია ორჯერ გაიცა, ხოლო აიპ-ებში ჯერ არ გაცემულა.
„საპრემიო კომისია შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდი ალბათობით გაიცემა პრემია, რისთვისაც საჭირო ფინანსური რესურსი ბიუჯეტში არის“, – ამბობს ნადიმ ვასაძე.
ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიას ქობულეთში ხელფასის 50%-ის ოდენობით საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან ერთად აიპ-ებისა და შპს-ეების თანამშრომლებიც მიიღებენ, ოღონდ ერთი განსხვავებით – საახალწლოდ პრემიას არ აიღებენ ქობულეთის მერი და მისი მოადგილეები.
2017 წელს ქობულეთში პრემია საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებზე სამჯერ გაიცა, ორჯერ ხელფასის 100%-ით, ერთხელ – 50%-ის ოდენობით.
საახალწლოდ პრემიის გაცემას არ აპირებენ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები. ქედის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში საახალწლო პრემიის გაცემა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. ქედის მერიასა და საკრებულოში წელს პრემია ორჯერ გაიცა, ორივეჯერ ხელფასის 100%-ით. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის, თეიმურაზ კილაძის თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტში საახალწლოდ პრემიის გასაცემად საჭირო ფინანსური რესურსი არ არის:
„პრემიის საახალწლოდ გაცემა არ იგეგმება, ბიუჯეტში საშუალება არ გვაქს, კორექტირება თუ შევიტანეთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ 80%-ით პრემიის გაცემა ვერ მოხერხდება“.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა 2017 წელს პრემია ხელფასის 50%-ის ოდენობით ოთხჯერ აიღეს. რაც შეეხება შპს-ებსა და აიპ-ებს, პრემია ხელფასის 50%-ის ოდენობით ორჯერ მხოლოდ საბავშვო ბაღებსა და ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა აიღეს, სხვა აიპ-ების თანამშრომლებისთვის პრემია შუახევის მერიას 2017 წლისთვის არ გაუთვალისწინებია.
ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, გასცემს თუ არა საახალწლოდ პრემიას ბათუმის მერია. მერიის თანამშრომლებმა პრემია 2017 წლის განმავლობაში ერთხელ, სააღდგომოდ, ხელფასის 100%-ის ოდენობით აიღეს. რაც შეეხება აიპ-ებს, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპ-ებში პრემია კვარტალურად გაიცემა. პრემიის ოდენობა აიპ-ებში განსხვავებულია.
355 მილიონი ლარია აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი. გასულ წელთან შედარებით 19 მილიონით გაიზარდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება. გასულ წელს უწყების ბიუჯეტი 26 მილიონი ლარი იყო, მომავალ წელს 45 მილიონი ლარი იქნება. მათ შორის მომავალ წელს მილიონი ლარი მოხმარდება რეგიონის საინვესტიციო პრომოუშენს. 3 მილიონ 270 000 ლარით დაფინანსდება ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, 2017 წელს ეს პროგრამა 460 000 ლარით იყო დაფინანსებული.
3 მილიონ ლარს დახარჯავს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მომავალ წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 12-დან 25-მილიონამდე გაიზარდა საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაც.
15 მილიონია გამოყოფილი მომავალი წლის ბიუჯეტში გაზიფიცირების პროგრამის გასაგრძელებლად. ბათუმის ბულვარის მოვლა-შენახვა კი მომავალ წელს 9 მილიონი ლარით დაფინანსდება.
4 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, გასულ წელს უწყების ბიუჯეტი 46 მილიონი იყო, მომავალ წელს 50 მილიონი იქნება. მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებისთვის 2 მილიონი ლარი გაითვალისწინეს.
არ იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, უწყებას ისევ 15 მილიონი ექნება.
არ იზრდება არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი – ამ უწყებას მომავალი წლისთვის 12 მილიონი შეხვდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსება გაიზარდა ორი მილიონი ლარით, მიმდინარე წელს ამ სტრუქტურის ბიუჯეტი 7 მილიონ 441 000 ლარი იყო, 2018 წელს კი 9 მილიონ 764 000 ლარი იქნება. ნამატი თანხა, ძირითადად, რეგიონის ტურისტული ადგილების მარკეტინგს უნდა მოხმარდეს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.
მომავალ წელს 5 მილიონი ლარი იქნება შპს „ჰიგიენას“ ბიუჯეტი, ამ ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ე.წ. გაყინული პროექტის, ბათუმის ნაგავსაყრელის მშენებლობა.
მომავალ წელს 65 მილიონს განკარგავს შპს „სტადიონი“, კურორტ „გოდერძის“ ბიუჯეტი კი 3 მილიონი ლარი იქნება.
20 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას აგინა. პარლამენტში სიტყვიერ დაპირისპირებას წინ უძღოდა მწვავე კამათი კვირიკაშვილსა და მელიას შორის. აქამდე მშვიდი პოლიტიკოსის იმიჯის მქონე გიორგი კვირკაშვილის გინებას ინტერნეტში ქუბებით და სახალისო ფოტოებით გამოეხმაურნენ.
საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ფრენბურთის გუნდ „ბათუმის“ წევრი ანა დიასამიძე ბათუმში 2017 წლის წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს. ანა მე-12 კლასის მოსწავლეა. „ბათუმელებთან“ თავად ანა ყვება, როგორი იყო მისი სპორტული გზა.
ანა, 2017 წლის წარმატებული სპორტსმენი გახდით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?
ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტიტულით. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. შარშან და შარშანწინაც დამასახელეს საუკეთესო სპორტსმენად. ჩემი აზრით, ეს მოტივაცია რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ფრენბურთი აღარ გამეგრძელებინა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია მსგავსი ჯილდო.
რომელი წლიდან ვარჯიშობთ?
2011 წელს დავიწყე. თავიდან ჩემი დეიდაშვილი შევიდა ფრენბურთზე. მე ვიყავი ძალიან პატარა, 11 წლის და ყველაფერში ვბაძავდი მას. ჩემზე უფროსი იყო. არ ვიცოდი, საერთოდ, რა სპორტი იყო, უბრალოდ, შევედი. მერე მოეწონა მწვრთნელს ჩემი მონაცემები. სიმაღლე არ მიწყობს ხელს, მაგრამ ჩემი ხასიათი, თუ როგორ ვთამაშობ, ეგ შეამჩნია მწვრთნელმა. ამით დაიწყო ყველაფერი. 2012 წელს მონაწილეობა მივიღე ბულგარეთში გამართულ თამაშზე და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერა. შემდეგ მოვხვდი საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში, რომლის კაპიტანიც ვარ. კარიერის მანძილზე სხვადასხვა ჩემპიონატში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2017 წელს უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება მოვიპოვე. ნაკრების ყველაზე პატარა წევრი ვარ.
კლასიკური ფრენბურთის გარდა ვვარჯიშობ პლაჟის ფრენბურთსაც. სამგზის ჩემპიონი ვარპლაჟის ფრენბურთში.
რამდენად რთულია მუდმივად ფორმაში ყოფნა – ყოველდღიურად რამდენ საათს ვარჯიშობთ?
სამწუხაროდ, ახლა ტრავმა მაქვს და ვერ ვვარჯიშობ აქტიურად. ისე, კვირაში ექვსი დღე ვვარჯიშობ, ერთი დღე ვისვენებ. ვარჯიში ორი-სამი საათი გრძელდება ხოლმე. ძალიან რთულია მუდმივად იყო ფორმაში. სწავლის მხრივაც რთულია. ძირითადად, შეკრებაზე გვიწევს საზღვარგარეთ და თბილისში. გამოდის, რომ ბათუმში არ ვართ, მაგრამ სპორტსმენობისთვის, მე მგონი, ღირს.
ფრენბურთს უფრო დიდ დროს ვუთმობ, ვიდრე სწავლას. სწავლაში კი მიშლის ხელს, რადგან ძალიან ბევრი გაცდენა მიწევს როგორც სკოლის, ასევე კერძო გაკვეთილების. 2018 წელს საზღვარგარეთ მინდა წასვლა, იქ გავაგრძელო ჩემი კარიერა და, ძირითადად, აქცენტი მაინც ფრენბურთზე მაქვს. ჩემი აზრით, კი, სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე მაქვს სწავლა და პირველზე ფრენბურთი. ჩემი აზრით, თუ ადამიანი მოინდომებს შეძლებს ორივეს – სწავლასაც და ფრენბურთსაც. რა თქმა უნდა, შეიძლება ორივეში კარგი ვერ იყო, მაგრამ ორივე შესაძლებელია ერთად. რომ ამბობენ ან სწავლა, ან ფრენბურთიო, ეგ ჩემთვის მიუღებელია – მე ვიცი სპორტსმენები, რომლებიც სპორტშიც დიდ წარმატებას აღწევენ და სწავლაშიც.
ოჯახი თუ გეხმარება და მისი მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია?
მშობლების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ყველა მიწყობს ხელს. ძალიან ბევრჯერ მქონია ისეთი მომენტი, რომ უთქვამთ – სწავლა, სწავლა, სწავლა… მაგრამ ახლა ოჯახში ისეთი სიტუაცია მაქვს, რომ იციან – ფრენბურთზე წინ ვერასდროს ვერაფერს ვერ დავაყენებ. ყველაფერში მეხმარებიან. მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა. საქართველოს არ აქვს ისეთი შესაძლებლობები, რომ ყველაფერი დააფინანსოს ან აჭარამ დააფინანსოს.
სპორტსმენისთვის რამდენად ძვირადღირებულია სპორტის ეს სახეობა?
იაფი სპორტი არც ერთი არ არის, მაგრამ იმასაც ვერ იტყვი, რომ ძალიან ძვირია. აჭარის ნაკრებიც გვაფინანსებს, მაგრამ მე რადგან საქართველოს ნაკრებში ვარ, სპორტულები, ჩანთები, ქურთუკები საქართველოს ნაკრებიდან გვაქვს. ჩემი აზრით, ბევრი რამ არის მწვრთნელზე დამოკიდებული. ძალიან ბევრჯერ ყოფილა კვების ფული არ გვქონია და საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მივდიოდით, მაგრამ ხათუნა გიორგაძეს და თამრი ლატარიას – ჩვენ მწვრთნელებს, მოუხერხებიათ და წავსულვართ.
თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს სპორტსმენს ბათუმში?
წინა წლებში ფრენბურთს არ ჰქონდა პერსპექტივა, თუნდაც აჭარაში. ჩვენმა მწვრთნელებმა მოახერხეს ის, რომ რამდენიმე საფეხურით ეს სპორტი წინ წასწიეს. ჩემი აზრით, თუ ადამიანი მოინდომებს, სადაც არ უნდა იყოს, სოფელშიც რომ ცხოვრობდეს, მაინც მიაღწევს წარმატებას. დავდივართ საზღვარგარეთ და ვაკეთებთ შედარებას, იქ როგორ ვარჯიშობენ და ჩვენთან რა ხდება. ჩვენი „ბასკოში“ ვარჯიში არის, აი, არ ვიცი, მართლა საშინელი ადგილია სავარჯიშოდ. მაგრამ მაინც მოვახერხეთ და გავხდით ჩემპიონები. ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად არის მიზანდასახული.
რა თქმა უნდა, უკეთესია საზღვარგარეთ წახვიდე და იქ გააგრძელო, ყველა სპორტში ეგრეა, მაგრამ ბათუმი დასაწყებად კარგია. საზღვარგარეთ წასვლა სპორტსმენს გეხმარება – იქ არის ძალიან ბევრი თამაში, კლუბები. შეიძლება მოეწონო მწვრთნელებს და მერე ისეთ ქვეყანაში წახვიდე, რომ საოცრება იყოს ქართველისთვის. წელს მინდა ჯერ სკოლა დავამთავრო, მერე ან თურქეთში წავალ ან პოლონეთში. თურქეთი ბევრად სჯობს, მაგრამ ვნახოთ როგორ გამომივა.
რა არის მთავარი მიღწევა ქართველი ფრენბურთელისთვის კარიერაში?
მთავარი მიღწევა ფრენბურთელისთვის საქართველოში არის ის, რომ მოხვდე ახალგაზრდულ ნაკრებში და შემდეგ ეროვნულში. მე დავიმსახურე და მოვხვდი ჯერ ახალგაზრდულში, 2017 წელს ეროვნულ ნაკრებშიც. ჩემი აზრით, დამრჩა ერთ-ერთი საფეხური, რომ წავიდე საზღვარგარეთ და ვითამაშო იქაურ კლუბებში, რადგან საქართველოში იმდენად განვითარებული არაა ფრენბურთი, როგორც სხვა ქვეყნებში. ერთადერთი მიზანი მაქვს წავიდე საზღვარგარეთ და იქ გავაგრძელო კარიერა. ესაა ჩემი ოცნება და იმედია გამომივა. თითქმის რვა წელია ყოველ დღე ორ-სამ საათს ვვარჯიშობ. ყველაზე მეტ დროს, ოჯახზე და სწავლაზე მეტ დროს ფრენბურთს ვუთმობ. ფრენბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება არ წარმომიდგენია. ყველაზე კარგია ის მომენტი, როდესაც დგახარ მოედანზე, სულ მალე თამაში უნდა დაიწყოს და ტანში გაჟრიალებს. ამის შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სპორტსმენს – ყველამ უნდა განიცადოს ეს გრძნობა.
როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს.
ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს კამათის დროს შეაგინა. შემდეგ კი თავი იმართლა იმით, რომ მან ამით საკუთარი ღირსება დაიცვა. მაშინ, როცა საუბარია იმაზე, რომ მოზარდებში გაიზარდა ძალადობის, ჩაგვრის შემთხვევები და ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა ინსტიტუციის ჩარევით აკონტროლოს მოზარდები, რა მაგალითს იძლევა ხელისუფლება?
უნდა ვთქვათ, რომ იმ ინციდენტმა, რაც პარლამენტში მოხდა, ძალიან გააშიშვლა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ წლებია ვლაპარაკობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მაღალ აგრესიულ ფონს პოლიტიკური ფიგურები და საჯარო მოხელეები აბრალებენ ხოლმე უბრალო მოქალაქეს და ამბობენ, რომ სოციალური სიდუხჭირეა, მოქალაქეები ვერ აკონტროლებენ თავს, არ იციან და ა.შ. მაგრამ ამ ინციდენტმა კარგად დაგვანახა, რომ აგრესიული ფონი რეალურად კრიტიკულ ზღვარზეა თავად იმ ადამიანებში, რომლებიც ვალდებულნი არიან პრობლემაზე იზრუნონ. პირველ რიგში, პრობლემა მათშია და, შესაბამისად, ლოგიკური გაგრძელება აქვს საზოგადოებაში.
პრემიერის ეს გამოსვლა უაღრესად გასაკრიტიკებელია და ამაზე დებატიც არ უნდა შედგეს. ეს არის, ერთი მხრივ, სამარცხვინო, პრესტიჟის თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს იმაზე, თუ რა არის მორალი, ღირსება და რას ნიშნავს მართავდე ქვეყანას.
„ღირსების“ სახელით აგრესიის გამართლებით დანაშაულის ლეგიტიმაცია ხდება?
ამ ადამიანებს ვერ გაუანალიზებიათ რა პოზიციებზე არიან. მათ არ იციან მათი ვალდებულებები, დაახლოებით ისეთი თემაა, სამსახურში დასაქმებული რომ ვალდებულებას არ ასრულებდეს. მინიმუმ ასეთი ტიპის ვალდებულება დაარღვია პრემიერმა. პირველი ის, რომ უცენზურო სიტყვები არ უნდა გამოიყენო საჯაროდ და, საერთოდ, საკანონმდებლო ორგანოში და მეორე არანაკლები თანმდევი პრობლემა, რაც ამას მოჰყვა არის ის, რომ პრემიერმა ამით საზოგადოებას უთხრა -თუ შეგაგინებენ ან შეურაცხგყოფენ სიტყვიერად, სრული ლეგიტიმაცია გაქვთ ყველას, ბავშვებიდან დაწყებული დიდებით დასრულებული, რომ უპასუხოთ მსგავსი აგრესიით.
ჩვენ გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, რომელიც ასევე ამართლებდა ძალადობას ე.წ. „ღირსების“ სახელით. რატომ ვერ გამოდის ხელისუფლება ამ რიტორიკიდან?
ეს არის როლმოდელი. ხვალ ბავშვი, მოზარდი აიღებს მაგალითს პრემიერისგან, მასწავლებელი აიღებს მაგალითს და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი. ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის ლეგიტიმაცია არაეთიკური საქციელის, რომელიც დაკავშირებულია შემდგომ დანაშაულთან. განსაკუთრებით ბავშვებშია ეს თემა მნიშვნელოვანი, რადგან მათ ვერ მოვთხოვთ აკონტროლონ ქმედება იმგვარად, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას მხოლოდ სიტყვიერად უპასუხონ. მათი ემოციური კონტროლი განსხვავებულია, მაგრამ მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად მწვანე შუქი აქვს ანთებული მსგავს მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან.
პრემიერმა სცადა მობოდიშება ამ ყველაფრის გამო, მაგრამ კიდევ უფრო უარესი გააკეთა, როდესაც ღირსებასთან გაათანაბრა უცენზურო სიტყვების გამოყენება. ეს არც საზოგადოებრივად მისაღები ქცევაა და არც სამართლებრივად.
პოლიტიკური გუნდი ამართლებდა პრემიერის საქციელს…
პოლიტიკური გუნდის ნაწილი, რომელიც ამას იმეორებს, პრაქტიკულად ხაზს უსვამს იმას, რომ მათ ყველას ერთად აღებულს, გუნდს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა. მათ არ აქვთ გააზრებული რა პოზიციაზე იმყოფებიან და რა ვალდებულებები გააჩნიათ საზოგადოების წინაშე.
ის, რომ საკანონმდებლო ორგანოში, სატელევიზიო გადაცემებში თუ პერსონალურ ურთიერთობებში ადამიანები აგრესიული მეთოდით ურთიერთობენ, ეს მთლიანობაში აფუჭებს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხს. როცა აგრესია უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მოდის, ამას კიდევ უფრო მეტი დამაზიანებელი დატვირთვა აქვს, რადგან ისინი არიან მაგალითები და ამ მაგალითით აგრესიის კულტივირება ხდება. ამ მაგალითს, როგორც გამართლებას, აუცილებლად გამოიყენებს უმცროსი თაობაც.
ჩვენ გვახსოვს „ღირსების სახელით“ მოკლული ქალები, გვახსოვს დაუსჯელი ადამიანებიც, მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების სახელით“ დანაშაულის გამართლებას კანონი არ იცნობს. ასეთ ვითარებაში რა გამოწვევის წინაშე დგას საზოგადოების უსაფრთხოება?
როცა მთელი პოლიტიკური გუნდი ამ რიტორიკით საუბრობს, შემდეგ აღარავის უნდა უკვირდეს ძალადობის გამოვლინება სხვადასხვა ჯგუფში. „აგრესია დასაშვებია“, – ეს არის ხელისუფლების მესიჯი. და მოჰყვება შემდეგ ამას – „აგრესია დასაშვებია“ თუ: იეჭვიანე, თუ შეურაცხგყვეს, თუ არაღიარებული გენდერული როლი მოირგე და ა.შ. ყველაზე საშიშია ის, როცა აგრესიის მძიმე შედეგებს ადამიანები ხშირად ამართლებენ „ღირსების“ სახელით. ყველაზე ადეკვატური იქნებოდა, თავად პოლიტიკურ გუნდში ყოფილიყო ღია, საჯარო კრიტიკა. ეს იქნებოდა აზრთა გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი გამოხატულებაც და ინდივიდუალური მუშაობის კარგი მაგალითიც. ბოლოს და ბოლოს ადამიანებს ექნებოდათ ალტერნატიული აზრი, რომ გუნდში ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ პირიქით.
მე როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას გვახასიათებს ძალადობრივი კომუნიკაცია და ამის გათანაბრება მხოლოდ სოციალურ სიდუხჭირესთან არ არის ძლიერი არგუმენტი. ჩვენ გვახსოვს ისტორიაში პერიოდი, როდესაც ეკონომიკურად შედარებით ნორმალურ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა ურთიერთობები ბავშვებთან, ქალებთან იყო მუდმივად არაეთიკური, ძალადობაზე ორიენტირებული, უხეში. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცით ზრდილობიანი და ეთიკური კომუნიკაცია. ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს ბრაზი და აგრესია, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი ვითარდება, სწავლობს აგრესიის მართვას.
ამიტომ ვითხოვთ ამდენი ხანია, რომ სკოლაში ასწავლონ ბავშვებს, მოზარდებს, როგორ მართონ აგრესია, როგორ სცენ პატივი ერთმანეთს და როგორ მოითმინონ, პატივი სცენ განსხვავებულ მოსაზრებას ისე, რომ აგრესიასა და ძალადობაში არ გადავიდეს. ეს არის ალბათ ის, რისი მაგალითიც უნდა მივცეთ ბავშვებს, სწორედ მათზე უნდა სწორება, რადგან მომავალში ისინი იქნებიან მინისტრები და პრემიერები.
სახელი „ევროპა“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ევროპა ფინიკიის მეფის ასული იყო, რომელიც ზევსმა ევროპის მამას მოსტაცა. ბერძნულ ევროპასა და ევროპის კონტინენტს, სახელის გარდა, ბევრი საერთო რამ ახასიათებთ. ისევე როგორც ქალიშვილი ევროპა, ევროკავშირიც ბევრი მითითაა მოცული და ფინიკიის მეფის მსგავსად, ის საქართველოსაც მოსტაცეს.
როგორ მოგვტაცეს ევროპა? ვინ წაგვართვა ევროპელობა?
სინამდვილეში ევროპა ჩვენთვის არავის წაურთმევია. შეუძლებელია წაგართვან ის, რაც უკვე ხარ. თუმცა, შესაძლებელია შენი ვინაობის დავიწყება, ისტორიის სხვაგვარად გადაწერა და სიმართლის უგულებელყოფა. საქართველოში, რომელიც პირველი ევროპელების სამშობლო და ღვინის ევროპული კულტურის აკვანია, ევროპული იდენტობა დავივიწყეთ. დავივიწყეთ იმიტომ, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში „ევროპული“ კულტურა მხოლოდ ჩრდილოეთის გზით, რუსეთის იმპერიიდან შემოდიოდა. ორასი წლის მანძილზე რუსული იმპერიალიზმის იდეები მკვიდრდებოდა და ისინი დღესაც ცოცხლობენ ქართველი ხალხის აზროვნებაში.
ამბობენ: „ევროპა გარყვნილია, რუსეთი კი მორალური სახელმწიფოა“, ან რუსეთზე თუ არაფერს ამბობენ, ევროპის გარყვნილების აღნიშვნა არ ავიწყებდათ. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ევროპა საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. მართალია, ღრეობასა და მთვრალი ხალხის ჩხუბს ევროპა მხარს არასდროს დაუჭერს, მაგრამ ქართული სუფრის პირველადი იდეა ზუსტადაც რომ ევროპულია – ძველად, სუფრას იყენებდნენ მტრების მოსარიგებლად და შინაგანი უთანხმოებების ასარიდებლად. მოკლედ, ჩვენი წინაპრები ევროპული დიპლომატიის მეთოდებით სუფრასთან აგვარებდნენ უთანხმოებას, როდესაც ეს შესაძლებელი იყო.
ევროპა მხარს არც ეკლესიისთვის ქონების გადაცემას ამარლებს. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყნის უმრავლესობა გაღატაკებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელები „უღმერთოები“ ან „ურჯულოები“ არიან. ევროპული სახელმწიფოები სულდგმულობენ რწმენაზე დამყარებულ იდეებით – თავისუფლებით, ტოლერანტობითა და სეკულარიზმით. საინტერესოა ისიც, რომ თუკი საქართველოსა და რუსეთში ეკლესია კორუმპირებულ საქმეებში ეხვევა, ევროპაში, ფულის მიღების სანაცვლოდ, რელიგიური ორგანიზაციები ქველმოქმედებით არიან დაკავებული და სახელმწიფოსგან გასამრჯელოს არ იღებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპაში რელიგია პოზიტიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და არ ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში, ხოლო სახელმწიფო, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა რელიგიის უფლებების დაცვას.
შესაბამისად, დასკვნის გამოტანა მარტივია: ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ნამდვილ ქართულ ტრადიციებთან, თუმცა რუსული შოვინიზმის პრაქტიკა და გადაკეთებული “ქართული” რიტუალები ევროპისთვის უცხოა ისევე, როგორც საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ავირჩიოთ – რელიგიურად მრავალფეროვანი, ქველმოქმედი ევროპა, ან “ერთმორწმუნე” მეზობელი, რომლისთვისაც რელიგიური ტოლერანტობის ფენომენი უცხოა.
რა თქმა უნდა, ქართულ ტრადიციების დაცვა ევროპის მოწინააღმდეგეთა ერთადერთი სატკივარი არ არის. ბევრ მოქალაქეს რუსეთი ევროპაზე უფრო სანდო მოკავშირე, მდიდარი და განვითარებული ქვეყანა ჰგონია.
ეს არც არის გასაკვირი: ერთი შეხედვით, რუსეთის ხსენებაზე მდიდარი, კაშკაშა ცათამბჯენებით გადაპრანჭული მოსკოვის ქუჩები წარმოგვიდგება. ამ ქუჩებში, ალბათ, მოდური მაღაზიების ტევა არ არის. ამ მაღაზიებში კი საუკეთესო დიზაინერთა მიერ დამზადებული ტანსაცმელი, ძვირფასი ხიზილალა და ალმასის თვლებით მოჭედილი გულსაკიდები იყიდება. თუმცა საკმარისია, გავცდეთ მოსკოვს და გადავხედოთ უზარმაზარი ქვეყნის რეგიონებს, რომ მოსკოვური სიდიადე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდება, მოქალაქეთა სიღატაკე კი გაგვაოცებს.
მეორე მხრივ, იტალიის ან დანიის ყველაზე პატარა ქალაქი, შეიძლება, ნაკლებად კაშკაშებს, მაგრამ განვითარებით უსწრებს რუსეთის ფარისევლურად გადაპრანჭულ ქუჩებს. ხოლო იგივე მოდური ტანსაცმელი ევროპაში სამჯერ უფრო ნაკლებადაა დაფასებული, ძვირფასი ხიზილალა კი სულაც არ არის სიმდიდრის სიმბოლო და მისი ყიდვის შესაძლებლობა ყველას აქვს.
ვივარაუდოთ, რომ საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, ევროპული, რეალური პროგრესი რუსულ მოჩვენებით სიმდიდრეს ურჩევნია.
ჩემთვის ევროპა არის კულტურა, რადგან ის იცავს ჰუმანურ წეს-ჩვეულებებს და უარყოფს ცრუ ტრადიციებს.
ჩემთვის ევროპა არის პროგრესი, რადგან ევროპის ყველაზე ვიწრო ქუჩაშიც კი მეტი განვითარება იგრძნობა, ვიდრე მთლიანი რუსეთის ბოროტების იმპერიის ტერიტორიაზე. ამიტომაც ვირჩევ ევროპას.
ჩემთვის ევროპა არის საქართველო, ხოლო საქართველო – ევროპა.
პირველი წლები სკოლაში, უბრალოდ, საშინელება იყო. ერთი ახალგაზრდა დამრიგებელი გვყავდა, ქალი. ამ ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენ – მის მოსწავლეებს გაგვიჩნდა ბევრი კომპლექსი. ბავშვები ვერაფერს ვბედავდით. საერთოდ ვერაფერს. და ძალიან გვეშინოდა (თითქმის ყველა მასწავლებელი ასეთი იყო).
ერთი ბიჭი გვყავდა კლასში, ამ მასწავლებელმა ეს ბიჭი უბრალოდ ამოიჩემა – სულ ეუბნებოდა, მიდი კითხვა დაუსვი შენს კლასელსო. ბიჭს რაღაც შეეშლებოდა. მასწავლებელი ჯერ ორ ქულას უწერდა ჟურნალში, შემდეგ კი ნახევარი საათი ლანძღავდა.
კლასში მოსწავლეების ორი კატეგორია ვიყავით, ვინც სწავლობდა და ვინც არ სწავლობდა. ვინც არ სწავლობდა მთელი დღე ჩუმად იყო, მხოლოდ მაშინ აქტიურობდნენ, როდესაც საჭმელზე გვეძახდნენ ან სპორტის გაკვეთილი გვქონდა. ვინც სწავლობდა ერთი სული ჰქონდა სუსტი თანაკლასელი ჩაეჭრა. ამის გამო კლასი სამ ჯგუფად ვიყავით დაყოფილი. ყველა ჯგუფს თავისი ლიდერი ჰყავდა ( ყველაზე მეტად მათ ვერ ვიტანდი).
ვისაც ყველაზე კარგად ეცვა, ყველაზე პოპულარული იყო ( ეს ეგრეთ წოდებული პოპულარულები მაგარი გაუნათლებლები იყვნენ) – რამე ახალს ისწავლიდნენ და მთელი წელი მაგით ამაყობდნენ. თუ მათთან არ იმეგობრებდი გაბულინგებდნენ, მაგალითად, ჩაცმაზე დაგცინოდნენ.
იყო დრო, როდესაც მეც მინდოდა მათ დავმსგავსებოდი. იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა. მოვახერხე და მათი ჯგუფის წევრი მართლაც გავხდი (არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა). მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი – სხვისი დაჩაგვრა ძალიან მაგარი იყო. მერე მქონდა ის პერიოდი, როდესაც მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა და ჯგუფიდან წამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ ისე ვიყავი მათ ამბებში ჩაფლული, ვერაფერს ვაწყობდი…
ახლა უკვე ვიცი, რომ როგორიც ხარ ისეთი უნდა იყო და არაა საჭირო ვინმეს დაემსგავსო, მით უფრო პოპულარობის მოსახვეჭად.
ამ ყველაფერს ჩემი მასწავლებლები ახალისებდნენ: სხვებს ასე ეუბნებოდნენ – ამას მიბაძეთ თქვე ჩერჩეტებოო. ზოგჯერ უარესებსაც.
ჩემი აზრით, სკოლებში ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს. დიახ, ახლა VII კლასში ვარ და მსიამოვნებს, როდესაც მაქებენ, ხშირად მაქებენ, მაგრამ ხანდახან წარმოვიდგენ ჩემს თავს ზოგიერთი ჩემი კლასელის ადგილას და ვფიქრობ, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ.
მე მიხარია, რომ იმ საშინელ სკოლას უკვე დავაღწიე თავი – ახალი მეგობრები და მასწავლებლები გამიჩნდა. მართალია, ამ სკოლაშიც დღე არ გავა კლასში დირექტორი ან დირექტორის მოადგილე არ შემოვიდნენ და არ დაგვიწყონ ზრდილობაზე ლაპარაკი (ზოგჯერ ერთ საათს გველაპარაკებიან. ყოველ დღე ერთი და იგივე ძალიან მომაბეზრებელია), მაგრამ მაინც უფრო მეგობრული გარემო გვაქვს, ვიდრე ის ჯოჯოხეთი იყო.
დარწმუნებული ვარ ევროპაში ასეთი სიტუაცია არ არის. ევროპა განვითარდა, მაღალ დონეზე დგას.
,,ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს… იმათ ბევრი უშრომიათ ბევრი უმეცადინებიათ, ბევრნაირი საცადი უსინჯავთ, სანამ ახლანდელ თავიანთ მდგომარეობას, მღიმარე ბედს მოიპოვებდნენ“, – წერს ნიკო ნიკოლაძე 1871 წელს,[1] ; „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო, ჯერჯერობით, დასავლეთი ევროპა არის“[2] – ამბობს სერგეი მესხი.
საქართველოს ევროპისკენ სვლას კიდევ უფრო ღრმა ფესვები და დიდი ხნის ისტორია აქვს, ხოლო ამ ქართველი საზოგადო მოღვაწეების სიტყვები ნათლად მიუთითებს, რომ ქართველი უდიდესი მოაზროვნეები ევროპული ღირებულებების მხარდამჭერები იყვნენ. ევროპამ მართლაც თავისი ხანგრძლივი, სისხლიანი ისტორიის მანძილზე მრავალი გარდაქმნის და რევოლუციის, მშრომელი და გონიერი ხალხის წყალობით შექმნა პატარა სამყარო, რომელიც სამაგალითო გახდა განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, არ მიეცა საშუალება თავიდანვე არჩეული გზისკენ პირდაპირ ევლო. შემოსევებისა და დაპყრობების შედეგად საქართველოს ამ გზაზე შეჩერება და ხშირ შემთხვევაში გადახვევაც უწევდა. მიუხედავად დამპყრობელის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა, ქართველ ხალხში მუდამ იყო ევროპისკენ სწრაფვის სურვილი, ამიტომ იქმნებოდა ისეთ გაზეთები, როგორიც იყო „დროება“, „ივერია“, „კრებული“, „ცისკარი…“ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებასა და არაევროპული იდეოლოგიის განდევნის მცდელობას შეეწირა ილია ჭავჭავაძეც. ,,მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი…“ – ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც თავის შემოქმედებაში ჩადებული ანტირუსული იდეოლოგიების გამო სტალინის ,,დიდი წმენდის“ მსხვერპლი გახდა.
რატომ ევროპა?
დროსთან ერთად თავისთავად შეიცვალა და კიდევ უფრო განვითარდა ევროპა. მათ არ დაუკარგავთ ისტორია, კულტურა და ტრადიციები – პირიქთ, მათ საფუძველზე შექმნეს ცივილიზაცია, მათ საფუძველზე შექმნეს ევროპული – ჰუმანური ღირებულებები და ფასეულობები. რატომ ევროპა? ევროპა არის ჰუმანიზმზე და ლიბერალიზმზე დაფუძნებული სახელმწიფოთა ერთობა, იმ ფასეულობებზე, რაც ყველაზე ადამიანურია, ფასეულობები, რომლებიც ადამიანთა ურთიერთგაგებას, პატივისცემას და სოლიდარობას ემსახურება. მათთვის უფლებების თვალსაზრისით ამოსავალი წერტილი ინდივიდია. მათ არ აქვთ თავიანთი ინდივიდუალურობის გამოხატვის შიში, მათ იციან გასხვავებულის მიღება, ევროპელი საზოგადოება არის ტოლერანტული და ამასთან ერთად სოლიდარულიც. ევროპის სახელმწიფოები ადამიანთა თანასწორობის პრინციპზეა აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოები ქმნიან გარემოს, რაც შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ევროპულმა საზოგადოებამ იცის თავისუფლების ფასი და აფასებენ როგორც საკუთარს, ასევე სხვის თავისუფლებას. ევროპაში მოხუცებს ღირსეული სიბერე და ხალხს თავიანთი შრომის შესაფერისი შემოსავალი აქვთ.
ევროპა არის ცოდნის აკვანი: სოკრატე, არისტოტელე, ჟან ჟაკ რუსო, გალილეი ნიუტონი, ჰეგელი, კანტი, ჰობსი, ლოკი, ადამ სმიტი, კელზენი, – ეს იმ უდიდეს მოაზროვნეთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ევროპამ გამოზარდა და თავადაც შეუწყვეს ხელი ევროპის განვითარებას, ინოვაციების შემოტანას. ევროპაა განათლების უმნიშვნელოვანესი კერა, თავისი მრავალსაუკუნოვანი უნივერსიტეტებითა და, ზოგადად, განათლების სისტემისადმი მიდგომით. სწორედ მათი განათლებისადმი დამოკიდებილებაა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ევროპის უწყვეტი განვითარებისა.
ევროპაში მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მედია პლურალიზმი და მედიის დამოუკიდებლობა უმთავრესი ფასეულობაა. ევროპა მხოლოდ საკუთარ წინსვლაზე არ არის ორიენტირებული. ევროპის ღირებულებაა ისიც, რომ თავისი გამოცდილების გაზიარებით შეძლონ სხვა სახელმწიფოების დახმარება და წვლილის შეტანა განვითარებაში, რათა ერთიანი ძალით დაამყარონ მსოფლიოში წესრიგი. ამ ყველაფერს კი ერთ დასკვნამდე მივყავართ – ევროპა ნამდვილ დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოთა ერთობაა, სადაც დემოკრატია თავისი სიკეთეებით უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და პიროვნების განვითარებას.
საქართველოც იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომლებსაც გეზი ევროპისკენ აქვთ აღებული. ევროპეიზაციის პროცესსში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ადამიანის უფლებათა დაცვის თუ საერთოდ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მხრივ. დღეს, როგორც არასდროს, საქართველო კიდევ უფრო მჭიდრო კავშირშია ევროპასთან, საქართველო მიილტვის, რომ დაუბრუნდეს თავის ფესვებს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. თავის დროზე ნოე ჟორდანიასაც უთქვამს ევროპაზე: „ის არის სისხლი სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი-ხორცთაგანი ჩვენი“. სწორედ ამ ფონზე, რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ძლიერდება ანტიდასავლური მოქმედებები. ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება იყოს ევროპა მიუღებელი? პირველ რიგში, ამის მიზეზი წარსულია. საქართველოს უახლესი წარსული დაკავშირებულია განვითარების პროცესის თითქმის 70-წლიან შეჩერებასთან. მართალია, ,,გაწითლებულ“ საქართველოში კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია „ყვაოდა“, მაგრამ გაქრა პიროვნების, ინდივიდის გაგება. საქართველომ პოლიტიკურად და ერმა ზნეობრივად თავისუფლება საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს დაკარგა. საბჭოთა სისტემამ თითქმის დაუკარგა ქართველებს თავისუფლების არსის გაგება – კომუნიზმა შექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც დაპყრობილ ხალხს მოჩვენებითი თავისუფლება მისცეს. დროთა განმავლობაში საზოგადოება უნებურად გახდა კომუნიზმის მორჩილი და ცრუ თავისუფლების ფონზე საკუთარ მონობას ვეღარც ამჩნევდა. საზოგადოება მოექცა ერთ დიდ შემოსაზღვრულ სივრცეში. ამ ყველაფერმა კი, რა თქმა უნდა, იმოქმედა ადამიანების ცნობიერებასა და მსოფლმხედველობაზე. სამწუხაროდ, წარსულის კვალი თანამედროვეობასაც ეტყობა და საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს ნოსტალგია საბჭოთა დროისადმი, ჯერ კიდევ მისტირიან 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენის შესაძლებლობას, მისტირიან იმდროინდელ „წესრიგს“ და ა.შ. სწორედ ეს ნოსტალგია და საბჭოთა კავშირის ,,სიკეთეში“ დარწმუნებულობაა მიზეზი, რატომ მოქმედებს დღეს საქართველოში ასე აქტიურად ანტიევროპული და, შესაბამისად, პრორუსული პროპაგანდა. მეორე მხრივ კი, ამას თავისთავად რუსეთი უწყობს ხელს, მათ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ევროპასთან დაკავშირებით მალევე იტაცებს ევროპისადმი ისედაც ნეგატიურად განწყობილი საზოგადოება და იყენებს თავისი იდეოლოგიის გავრცელების სასარგებლოდ. თავისმხრივ რუსეთის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დაიბრუნოს მსოფლიო ჰეგემონობა, რომელიც არც არასოდეს ჰქონია. ევროპის ფასეულობებისა და ღირებულებებისგან სრულიად საწინააღმდეგო იდეოლოგიის მქონე რუსეთი თავისი ჩარევით ცდილობს შუღლის გაღვივებას, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას.
მედია პროპაგანდა
დემოკრატიული პოლიტიკის სფეროში, ხშირად, სიტყვებს უფრო დიდი რეზონანსი აქვს, ვიდრე მოქმედებებს. სწორედ ამიტომ დეზინფორმაციის/პროპაგანდის გავრცელება უმეტესწილად მედიით ხდება. მედია ქმნის დღის წესრიგს. მედია ყველაზე დიდი იარაღია პროპაგანდის გასავრცელებლად. საქართველოში არაერთი მასობირივი კომუნიკაციის საშუალება ახორციელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას, დაწყეუბული სამაუწყებლო არხებით, დამთავრებული მედიაში გავრცელებული ყოველდღიური პატარ-პატარა დეზინფორმაციებით. ამ მხრივ მძიმე ვითარებაა აჭარაშიც, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კერაა ერთი მხრივ ანტიდასავლური პროპაგანდის, მეორე მხრივ კი პრორუსული პროპაგანდის გავრცელების.
ანტიდასავლური პროპაგანდის განხორციელების მხრივ მედიასაშუალებებიდან აღსანიშნავია ,,ობიექტივის“ როლი აჭარაში. „ობიექტივი” ადგილობრივი “25-ე არხის” საეთერო დროის 8 საათს ყიდულობს. „ობიექტივი“ ის მედია კავშირია, რომელშიც დაუფარავად ჩანს ანტიდასავლური პროპაგანდა და რუსული ნარატივები. „ობიექტივში“ ანტიდასავლური დეზინფორმაციები ვრცელდება როგორც მოწვეული სტუმრების, ასევე თავად წამყვანების და პირდაპირ ეთერში მობილურით ჩართული მაყურებელთა საშუალებით. ცალკეული მაგალითები კი ასეთია: პატრიოტთა ალიანსის წევრის დავით თარხან-მოურავის განცხადება ,,ჩვენ რა უნდა გვიშველონ ამათმა [ნატომ]? აი, იმ საწვრთნელ ცენტრებასაც არ გახსნის, სადაც ვიღაც მეამბოხეები უნდა მოვამზადოთ და აფხაზეთში სიტუაცია ტრაგიკულად შეიცვლება“.[3];
ვალერი კვარაცხელია: „როდესაც ლაპარაკობ, რომ მართლმადიდებელი ვარ და არ მინდა მე აი, ეს შემოვუშვა და მივიღო, მაშინ კეთილი უნდა ინებო და თქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ ნატოსკენ, არ მივდივართ ევროპისაკენ. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა და მივდივართ მართლმადიდებლურ ქვეყანასთან ჰარმონიზირებული ურთიერთობისკენ“[4]. მსგავსი ფრაზები ხშირად ჟღერდება „ობიექტივის“ ეთერში, რაც თავისთავად აისახება ისედაც პრორუსულად განწყობილ მოსახლეობაზე.
თურქოფობია აჭარაში
საქართველოში თურქოფობიას მრავალი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ეს პრობლემა დღეს ყველაზე მეტად აჭარაშია გამოხატული. ამის მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობაა, რომლის გამოც აჭარის რეგიონი ყველაზე მჭიდრო კავშირშია თურქეთთან და ეროვნებით თურქ მოსახლეობასთან. თურქოფობიის კონტექსტში აჭარაში და აჭარასთან მიმართებით არაერთი მითი ვრცელდება. მაგალითად 2016 წლის 15 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის განცხადებამ, რომელშიც ბათუმი და საქართველო ისტორიული წარსულის კონტექსტში ახსენა და როგორც მეგობარ ქვეყანაზე ისე ისაუბრა, რუსულ საიტებზე მოდიფიცირება განიცადა და გავრცელდა თითქოს „კვიპროსი, ალეპო, ბათუმი, ერბილი, მოსული, ვარნა, სალონიკი თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცნენ“[5][6]. ეს დეზინფორმაცია ქართულ საიტებზეც გავრცელდა[7][8]და ხელი შეუწყო თურქოფობიის გავრცელებას განსაკუთრებით ბათუმში. რა მოხდა სინამდვილეში? ერდოღანმა ისაუბრა თურქეთის ისტორიულ კავშირებზე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდ.აფრიკის ქვეყნებთან, ისაუბრა რეგიონში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზეც. გამოსვლაში პრეზინდენტმა ახსენა საქართველო, უკრაინა, ყირიმი, აზერბაიჯანი, ყარაბახი, ბალკანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იმის აღსანიშნავად, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან თურქეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ისტორიული ურთიერთკავშირების გამო. მან რიტორიკული კითხვა დასვა: „შესაძლებელია ბათუმის რიზესგან გამოყოფა“? „შესაძლებელია ედირნეზე ფიქრი სალონიკისგან განცალკევებით?“. ამ შეკითხვებით ერდოღანმა კულტურულ კავშირებს გაუსვა ხაზი და ახსნა, თუ რატომ არის რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობა თურქეთისთვის და თურქი ხალხისთვის პრიორიტეტული.
თურქოფობიული განცხადებების მაგალითი უამრავი გვაქვს ქართულ პრესაში. სხვადასხვა პარტიის და დამოუკიდებელი პირების მიერ თურქოფობიულ განცხადებებს ხშირად ავრცელებს ონლაინგამოცემა saqinform.ge. მაგალითად, საიტზე ვკითხულობთ ,,პარტია ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებას ,,დღეისათვის აჭარაში ძალიან სერიოზულად აქვს ფეხი მოკიდებული თურქულ გავლენას, რეალურად რეგიონის ისლამიზაციას აქვს ადგილი.”[9] თურქოფობიური განცხადებებით ხშრად გამოდის ,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დავით თარხან-მოურავიც: ,,წაიკითხეთ თურქული საიტები, სადაც წერია, რომ 2021 წელს თურმე აჭარაში ცხოვრებს 100 000 თურქი და ისინი მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას აჭარის თურქეთში დაბრუნების თაობაზე“[10]. ეს ერთ-ერთია იმ ასობით დეზინფორმაციიდან, რომელსაც თარხან-მოურავი ავრცელებს აჭარის და აჭარაში თურქეთიზაციის პროცესზე.
თურქოფობიასთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ესეც ანტიდასავლური და პრორუსული განწყობილების ერთ-ერთი გამოხატულებაა. პოლიტიკოსების ნათქვამის მედიით გავრცელებით კი, გავლენა, პირველ რიგში, აჭარის საზოგადოებაზე ხდება. ამიტომაცაა, რომ აჭარის ეროვნებით ქართველ მოსახლეობაში თურქოფობია და თურქი მოსახლეობის მიმართ სიძულვილი იმატებს.
პრორუსული = ანტიდასავლურს
პრორუსული აქტივისტები უცხო არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მათი აქტიურობა (დედაქალაქის გარდა) მძაფრად შეიგრძნობა აჭარაში. ამ მხრივ აღსანიშნავია სახალხო მოძრაობა ,,სოციალისტური საქართველო“, რომელიც აჭარაში დაფუძნდა. სახელიდან გამომდინარე დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, თუ რა მიმართულების მოძრაობაა და რა იდეოლოგიის მატარებლები არიან მისი წევრები. 2017 წლის 26 ივლის მათ შეხვედრაც მოაწყვეს ბათუმში. დარბაზში, სადაც ყრილობა ჩატარდა, საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის სურათი და ბანერები იყო გამოფენილი რუსულენოვანი წარწერებით – „რუს ხალხთან ერთად“, „არ გვჯერა ზღაპრების ევროკავშირზე“, „საქართველო მხარს უჭერს ევრაზიის კავშირს“. გაჟღერდა საბჭოთა საქართველოს ჰიმნიც[11]. მართალია, აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ შეხვედის უმეტეს ნაწილს მოხუცი და საშუალო ასაკის ადამიანები არიან, მაგრამ ეს მაინც არ არის უყურადღებოდ დასატოვებელი ფაქტი, რადგან ასეთი ,,სტალინისტების“ და ,,პუტინისტების“ მეშვეობით ხდება ანტიდასავლური განწყობების და მითების თავსმოხვევა საზოგადოებაზე.
სხვა მითები
დეზინფორმაციული მითების თვალსაზრისით რეგიონებს შორის დიდი განსხვავება არაა, აჭარაშიც ის ძირითადი მითებია გავრცელებული, რაც საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. თვითონ მითები კი მრავალფეროვანია: ევროპა გარყვნილებაა – „გარყვნილების ბუდე“; ,,ევროპა ჰომოსექსუალიზმს ქადაგებს“ – ეს და მსგავსი ფრაზები ანტიდასავლურად განწყობილი საზოგადოების საყვარელი ფრაზებია. ,,სექსუალური პათოლოგია მძიმე დაავადებაა, რომელსაც ერის განადგურება და ხალხის გადაგვარება შეუძლია“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ქართულ მართლმადიდებლურ საიტზე.[12] ,,ევროპის საბჭო- ჰომოსექსუალური გარყვნილების შემომტანი საქართველოში“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს zneoba.ge[13] ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას საქართველოს შესახებ, სადაც ევროპის საბჭო მთავრობას რეკომენდაციებს სთავაზობს ლგბტ თემის შესახებ. ევროპა გარყვნილებაა აჭარის მოსახლეობის ნაწილისთვისაც (ძირითადად, მოხუცი თაობისთვის), მათთვისაც გამოსავალი ერთმორწმუნე რუსეთია.
მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? მაშინ, როცა ევროპაში გეი აღლუმები იმართება, რომლებიც აბსოლუტურად მშვიდობიანი შინაარსისაა და ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ პოზიტიური გამოვლინებაა, ერთმორწმუნე რუსეთში გარყვნილება ყველაზე მასშტაბურ სახეს იღებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევის მიხედვით, რუსეთში ნახვის რაოდენობით არასრულწლოვანთა პორნოგრაფია პირველ ადგილზეა[14], რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთში, ზოგადად, პროსტიტუციის მასშტაბების შესახებ.
დასკვნა
ქართულ სინამდვილეზე დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ანტიევროპული დეზინფორმაცია და მითები ვრცელდება როგორც მედიით, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების, საჯარო თუ კერძო პირების მიერ. ეს ყოველივე აისახება მოსახლეობის აზროვნებაზე და ღვივდება ანტიდასავლური განწყობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ იმუშაოს დასავლური ღირებულებების გავრცელების კუთხით, ასახოს საქართველოს და ევროპას შორის მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი რეალური მოვლენა. ამ მხრივ კი კარგ მაგალითს წარმოადგენს batumelebi.ge-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც გაბათილებულია მითები ე.წ ,,თურქულ უბანზე“.[15] თავად საზოგადოებაში კი მნიშვნელოვანია ამაღლდეს მედიაწიგნიერების დონე, რაც ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ყოველივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგონებში, რომლებშიც დასახლებულები არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და ესაზღვრებიან სხვა ქვეყნებს. სწორედ ამ საზოგადოებაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ანტიდასავლური დეზინფორმაციის თუ მითების წინააღმდეგ და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.
[1] პუბლიცისტური წერილი ,,კრებულის დანიშნულებაზედ“(1871)