მთავარი,სიახლეები

რატომ ევროპა? – იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება ჩვენ შეგვეძლოს

23.12.2017 • 5620
რატომ ევროპა? – იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება ჩვენ შეგვეძლოს

ივერი შაინიძე, მე-11 კლასის მოსწავლე

რატომ ევროპა და არა რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაა საჭირო ევროპის ისტორიისა და პოლიტიკური მოვლენების განხილვა. უბრალოდ, საჭიროა ობიექტური თვალით შევადაროთ არსებული დემოკრატიული რეალობა რუსეთსა და ევროპაში. შედარების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ ევროპა დემოკრატიული თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე რუსეთი.

დღეს საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ როგორ გვინდა წარვმართოთ ჩვენი სამომავლო პოლიტიკა. დღევანდელ რეალობას რომ ვუყურებ, განცდა მეუფლება, რომ საზოგადოებას დაკარგული აქვს აღქმის უნარი, რადგან მას არ შეუძლია აირჩიოს ორ რადიკალურად განსხვავებულ მხარეს შორის საუკეთესო. ქართველების დიდი პრობლემა გახლავთ ის ფაქტი, რომ უჭირთ ობიექტური შეფასება, სუბიექტურად აფასებენ, რადგან ქვეყანაში გავრცელებული მითები მათ ამის საშუალებას აძლევს. ჩვენ, ქართველები, გაუთვითცნობიერებლად ვცხოვრობთ. მივყვებით და გვჯერა საუკუნის წინ აღიარებული მითების, რომლებიც ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლებში ყოველთვის განსხვავებული აზრია, რადგან  იქ შემორჩენილია გაიდიალებული წარსული, რომელიც რუსეთს კარგი ეპითეტებით აღწერს. ზოგიერთი მითი ისეთი აბსურდია, დაჯერება კი არაა, გააზრება მიჭირს. აქედან გამომდინარე, შევეცდები განვიხილო თითოეული შემთხვევა, ვიპოვო გადაჭრის გზები და სათანადო არგუმენტებით დავადასტურო რეალობა.

მოსახლეობას ჰგონია, რომ ევროპასთან დაახლოება ჩვენ ტრადიციებს, სარწმუნოებასა და ქართველობას წაგვართმევს, ამიტომ გვიჯობს ერთმორწმუნე რუსეთი. ასეთი მითის არსებობა, რა თქმა უნდა, უცოდინრობის ბრალია –   საზოგადოება არაა სათანადოდ ინფორმირებული. ამ მითს მარტივად ვუპასუხებ: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ შეიცავს კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შემლახველ დებულებებს, რადგან კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ხელშემწყობია თვით ევროკავშირი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ქართველებს, ვერავინ წაგვართმევს  ქართველობას. ვერავინ შეგვიცვლის სისხლით მონაპოვარი ისტორიას და ვერავინ გვაიძულებს შევიცვალოთ ქართული იდეოლოგიის კურსი.

რუსეთი ჩემს თვალში ყოველთვის დარჩება ოკუპანტად. ის ვერასდროს იქნება ჩვენი თავისუფლების გარანტი, რადგან ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. რაც მთავარია, დღეს რუსეთი ურთიერთობის გასამყარებლად არაფერს აკეთებს, აგრესიით ცდილობს საქართველოში თავის დამკვიდრებას. რუსეთისგან განსხვავებით, ევროპამ გადმოდგა ნაბიჯები საქართველოსკენ. ამის ნათელი მაგალითია ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ ქვეყნებს.

არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ამის კარგი საშუალებაა საკუთარი თვალით ვიხილოთ ორივე მათგანი. ვიზალიბერალიზაცია იმიტომაა კარგი, რომ ჩვენ შევძლებთ ევროპის გაცნობას, შევადარებთ ჩვენს სამოქალაქო განათლების დონეს სხვა ქვეყნებთან. საკუთარი თვალით როდესაც ვიხილავთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, მაშინ აუცილებლად შეიცვლება ჩვენი მხედველობა. მივხვდებით, რომ ევროპა მართლაც სჯობს რუსეთს, რადგან რუსეთში მხოლოდ ბიუროკრატია და კორუფცია სუფევს, მაშინ, როცა ევროპაში დემოკრატიაა გამეფებული. ევროპაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რუსეთში კი მოსახლეობა შეზღუდვებით ცხოვრობს, რადგან იქ კვლავ პოპულარულია ცენზურა. რაც მთავარია, ევროპაში დემოკრატიის მთავარი იარაღი ხალხია, საზოგადოება გაიდიალებული და თანასწორუფლებიანია. თანასწორუფლებიანი საზოგადოება რუსეთისთვის უცხოა, რადგან იქ ჯერ კიდევ შეინიშნება დიქტატორული მმართველობის ნიშნები.

მინდა კითხვა დავუსვა იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რუსეთი წარმოგვიდგინონ მეგობარ სახელმწიფოდ. მე მაინტერესებს ისინი თუ დამისახელებენ ისეთ ქვეყნებს რუსეთთან გაერთიანების შემდეგ რომ განვითარდნენ. ასეთი ქვეყნები მე არ მახსენდება და ვფიქრობ არც არსებობს, მაგრამ შემიძლია ჩამოვთვალო ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ უფრო განვითარდნენ. ესენია: ჩეხეთი, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი და პოლონეთი. აქედან შემიძლია დავასკვნა, რომ რუსეთი კი არ ეხმარებოდა ქვეყნებს, უფრო უშლიდა ხელს განვითარებაში.

ჩემი აზრით, ვერ ვიქნებით დაცული იმ სახელმწიფოში, რომელიც ყოველთვის ცდილობს  შეგვავიწროვოს და ჩაკლას ჩვენი დემოკრატიული  ღირებულებები. უნდა ვაღიაროთ, რომ ანტიდასავლური მედია „დიდ საქმეს“ აკეთებს, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა დღეს  საზოგადოებას ცრუ ინფორმაციები რომ აქვთ ევროპის შესახებ. ისინი ყოველდღიურად ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ცდილობენ ხალხს თვალები აუხვიონ, სამუდამოდ დაგვამონონ რუსეთს, მაგრამ ასე მარტივიც არაა ქართველ ხალხში ჩაკლა დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენი პატრიოტული სულისკვეთება იმდენად დიდი იყო, რომ გავუძელით უსაზღვრო ტკივილს და გავთავისუფლდით რუსეთისგან. ახლა კი უნდა შევეცადოთ ფეხი ავუწყოთ დემოკრატიას, რადგან სწორედ დემოკრატიული აზროვნება  დაგვეხმარება შევიდეთ ევროპულ ოჯახში.

მინუსები ევროპასაც გააჩნია, მაგრამ, ევროპა გაცილებით განვითარებულია, მისთვის მნიშვნელოვანი სამართალია, რუსეთში კი ქრთამი, ძალადობა და კრიმინალი სუფევს. წარსულს თუ გადავხედავთ, მაინც ვერ შევძლებთ რუსეთზე დადებითის თქმას, რადგან ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არა ხსნა, არამედ მონება იყო.

„ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“. – ჯერ კიდევ როდის თქვა ილიამ ეს სიტყვები და როდის სურდა ევროპული ღირებულებების დანერგვა საქართველოში? ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სიტყვა დიდი აზრის მატარებელია.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით არ მინდა რუსეთი დავაკნინო, რადგან არ მსურს ჩემი აზრი მოვახვიო სხვას. ადამიანმა თავად უნდა შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება. სწორი არჩევანი კი დაგვეხმარება სახელმწიფოს განვითარების სწორი გზის პოვნაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: