მთავარი,სიახლეები

ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულები არც ერთმა კომპანიამ არ დააკანონა

25.12.2017 • 2519
ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულები არც ერთმა კომპანიამ არ დააკანონა

2018 წლის პირველი იანვრიდან ძალას დაკარგავს დადგენილება, რომლითაც მერიამ მშენებლებს ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონების შესაძლებლობა მისცა. დადგენილება #25  კ2 -ის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით, უკანონოდ აშენებულ ერთ კვადრატულ მეტრზე 400 ლარის გადახდის სანაცვლოდ დაკანონებას ითვალისწინებდა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ შესაძლებლობით არც ერთ კანონდამრღვევ მშენებელს არ უსარგებლია.

ბათუმში დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც მშენებლები სანებართვო პირობებს გასცდნენ და პროექტით შეთანხმებულზე ბევრად მეტი სართული ააშენეს.

მაგალითად, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კომპანია „მარდი ჰოლდინგს“ 12 -სართულიანი მრავალბინიანი სახლი ჰქონდა შეთანხმებული და 15-სართულიანი სახლი ააშენა. კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ k2-ის გაზრდა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან იყო შეთანხმებული. მოგვიანებით კომპანიამ პროექტის პირობების დარღვევით აშენებული სამი სართულის დაკანონება შეძლო. „სართულიანობა ჩაჯდა იმ კოეფიციენტში, რაზეც ჩვენ გვქონდა თანხმობა, თუმცა ჩვენ ამ დარღვევისთვის 50 000 ლარზე მეტით დავჯარიმდით“, – გაგვიმარტა კომპანიის იურისტმა, ბექა თვალაძემ.

კანონდამრღვევი კომპანია მაქსიმუმ ექვსი ათასი ლარით ჯარიმდება. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონდამრღვევ მშენებელს ჯერ 1000 ლარით აჯარიმებს და აძლევს მშენებლობის პროექტის შესაბამისობაში მოყვანის ერთთვიან ვადას. თუ ერთ თვეში მშენებელმა მითითება არ შეასრულა, ჯარიმა ორმაგდება და მშენებელს კიდევ ერთთვიანი ვადა ეძლევა, სამი თვის შემდეგ კი ჯარიმა სამმაგდება და საქმე გადაეცემა აღსრულების ბიუროს. ამის შემდეგ კი, პროცესი იყინება. ბათუმში ვერ იხსენებენ პრაქტიკას, როცა სააღსრულებო ბიურომ თავისი მისია შეასრულა და კანონდამრღვევს უკანონოდ აშენებული სართულები მოაშლევინა.

როგორ მიაღწია „მარდი ჰოლდინგის“ ჯარიმამ 50 000 ლარს, ვიდრე კომპანია უკანონოდ აშენებულ სართულებზე მერიასთან შეთანხმებას შეძლებდა? – ზედამხეველობის სამსახურში განმარტეს, რომ ამ შემთხვევაში დაგროვდა ჯარიმა – ზედამხედველობის სამსახური კომპანიას უკანონო მშენებლობის შეუჩერებლობისთვის აჯარიმებდა.

როგორც აღმოჩნდა, ზედამხედველობის სამსახურს იმდენჯერ შეუძლია კომპანია 1000 ლარით დააჯარიმოს, რამდენჯერაც სამსახური უკანონო მშენებლობის გაგრძელების სამუშაოებს დააფიქსირებს. შესაბამისად, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რამდენს მიაღწევს ჯარიმა.

უკანონოდ აშენებულ სართულებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების გარეშე მერია პროექტს ექსპლუატაციაში ვერ მიიღებს. ბათუმში ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებლის ფასი 300 დოლარიდან იწყება და 1000 დოლარს აღწევს. მიუხედავად ამისა, კანონდამრღვევ კომპანიებს არ უცდიათ კვადრატული მეტრის 400 ლარად დაკანონება. „მარდი ჰოლდინგის“ იურისტის თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსები: „ათასი კვადრატული მეტრის შემთხვევაში 400 000 ლარი გამოდის. ამას დაამატეთ თვითღირებულება, ეს არ არის მცირე თანხა. მით უმეტეს, რომ, რამდენადაც მე ვიცი, საუბარი არ ეხებოდა იმ კომპანიებს, რომლებმაც ქალაქში ააშენეს, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებმაც ააშენეს, მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ბინები 350 დოლარზე ძვირად არ იყიდება.“

კიდევ რამდენმა კომპანიამ შეძლო უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონება #25 დადგენილების გვერდის ავლით, ამაზე, ჯერჯერობით, პასუხი მერიისგან არ გვაქვს.

25-ე დადგენილების გაბათილება ბათუმის საკრებულოს საქართველოს მთავრობის იურიდიულმა დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ მოსთხოვა. დეპარტამენტის განმარტებით, #25 დადგენილების მიღებით საკრებულო თავის კომპეტენციას გასცდა. საკრებულოს თავმჯდომარე აპირებს არგუმენტირებული უარი თქვას. ამის შესახებ განკარგულების პროექტს საკრებულო ხვალ, საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: