მსოფლიოს მასშტაბით ორსული ქალების 10 პროცენტს და 13 პროცენტს იმ ქალებისა, რომელთაც ბავშვი გააჩინეს, დეპრესია აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია – 15,6% – ორსულობის დროს და 19,8% – ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] წერს. დედის ასეთი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებაზეც. „მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ დედას შეუძლია შეუქმნას ბავშვს განვითარებისთვის საჭირო პირობები და მისცეს მას ყველა აუცილებელი რესურსი. ეს ის ფრაზაა, რომელიც ბევრ მშობელს აწყებინებს საკუთარ თავზე ზრუნვას და მინიმუმ დეპრესიული ფონის მოხსნისთვის მუშაობას” – ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, ირმა კვაჭაძე.
რა იწვევს დეპრესიას ორსულებში?
დეპრესიას ორსულებში ცხოვრებისეული ცვლილებები და მასთან ადაპტირების სირთულეები იწვევს, მოლოდინებისა და რეალობის განსხვავება, ნაკლები მზაობა, არასაკმარისი ძალა, ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, არასაკმარისი დრო, გარეგნული ცვლილებები, პარტნიორთან ურთიერთობის ფორმა და რაც მთავარია შიში, რომელიც არ არის კონკრეტული და ხშირ შემთხვევაში განზოგადებულია. მშობიარობის შემდეგ რისკები უფრო მწვავდება და დედის ფსიქიკა ბევრად უფრო მოწყვლადი ხდება გარემოს ზემოქმედების მიმართ, ასეთ დროს დეპრესიის ჩამოყალიბების რისკიც საგრძნობლად იზრდება.
როგორია პოსტნატალური დეპრესიის ნიშნები?
უმთავრესად მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკი ყველაზე დიდია ბავშვის გაჩენიდან 3-9 თვის განმავლობაში, ამ პერიოდში დედა ყველაზე გაღიზიანებულია. ასეთი დეპრესიის ამოცნობა მარტივია: უხასიათობა, ცვალებადი ხასიათი, სისუსტე, ტირილის სურვილი, მოტივაციის ნაკლებობა ან მისი საერთოდ არ ქონა, ნებისმიერი მოქმედების შესასრულებლად არასაკმარისი ენერგია, ჭამის მადის დარღვევა – მომატებული ან გამქრალი. დედებს ამ დროს აქვთ უსუსურობის შეგრძნება, დანაშაულის განცდა, რაც ძალიან მტკივნეული გადასატანია. ამ დროს ხშირია ძილის რეჟიმის დარღვევაც, როცა დედებს ეწყებათ უძილობა ან მომატებული ძილიანობა, დარღვეული აქვთ კონცენტრაციის უნარი, უქვეითდებათ მეხსიერება და ჩვეულ გარემოცვაში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. ხშირად უჩნდებათ გარეგნობაში რადიკალური ცვლილებების შეტანის სურვილი (თმის შეღებვა მკვეთრი ფერად, სვირინგის, პირსინგის გაკეთება და ა.შ.), ამის მიზეზი ხშირად საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვაა, ამ დროს ცდილობენ გარემოდან მიიღონ იმის დასტური, რომ ისინი ისევ “არსებობენ”, შინაგანი სიცარიელის შევსებას კომპლიმენტებით ცდილობენ და ზოგჯერ ამას გარკვეული ეფექტიც აქვს.
რა შეიძლება გააკეთოს დედამ პოსტნატალური დეპრესიით, სპეციალისტისთვის მიმართვის გარდა?
პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს, პრევენციაა, რაც გულისხმობს ჯანსაღ შემზადებას – მოსალოდნელი რისკების წინასწარ შეფასებას და მზაობის გაზრდას მომავალი მდგომარეობისთვის. უკვე არსებულ სიტუაციაში, კარგი იქნება საკუთარ თავთან გააზრებული განმარტოება, საკუთარი ემოციების დაფიქსირება, დაუსვით კითხვა საკუთარ თავს – რა ემოცია გაქვთ, არის თუ არა ეს შიში, სირცხვილის განცდა, დანაშაულის შეგრძნება თუ რაიმე სხვა? შეიძლება ეს იყოს ბრაზი საკუთარ თავზე იმის გამო, რომ ამ მდგომარეობაშია, ან ბავშვზე, მაგრამ როდესაც ემოცია გაცნობიერებულია, მისი მართვა ბევრად უფრო ადვილია. ასეთ დროს ძალიან კარგია ვარჯიში, სეირნობა… დეპრესია ბედნიერების ჰორმონის ნაკლებობაა, მთავარია იპოვოთ ისეთი აქტივობა, რომელიც ბედნიერებას განიჭებთ. დედას პოსტნატალური დეპრესიით, შეუძლია იპოვოს სოციალური ტიპის მხარდაჭერა სხვა დედებთან, გაუზიაროს მათ გამოცდილება და იგრძნოს, რომ მარტო არ არის. პოსტნატალური დეპრესია ისეთივე სერიოზული მდგომარეობაა, როგორიც ნებისმიერი სხვა დეპრესია, ამიტომ იგი სათანადო ყურადღებას საჭიროებს. შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალისტის ჩარევა, ასეთ დროს შესაძლოა ნებისმიერი სახის თერაპიის გამოყენება, თუ დროულლად არ მიექცევა ყურადღება დედის მდგომარეობას, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტოზური მკურნალობაც.
პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვა რამდენად ხშირია ასეთი დეპრესიის დროს?
ხშირია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორი არ არის მზად გაიგოს მისი მდგომარეობა იმიტომ, რომ ქალი ამ დროს ძალიან ჩაკეტილია საკუთარ თავში, არ აინტერესებს არაფერი და არავინ, საკუთარი შვილიც კი. პარტნიორის მხრიდან გარკვეული ძალისხმევა აუცილებელია მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
და როგორ შეიძლება დაეხმაროს მას პარტნიორი,ოჯახის სხვა წევრი ან/და მეგობარი?
ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა და მხარდაჭერა. ოღონდ მხარდაჭერა და ყურადღება არ უნდა იყოს ზედმეტი, თავს არ უნდა მოვახვიოთ ზრუნვა. აპათიის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის აუცილებელია განმარტოებით ყოფნის შესაძლებლობა. შეგიძლიათ დაეხმაროთ მას ბავშვის მოვლაში, სახლის საქმეში, ან უბრალოდ ჰკითხოთ, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მას თქვენგან.