მთავარი,სიახლეები

ბათუმში 170-ნომრიანი სასტუმრო იხსნება

07.05.2018
ბათუმში 170-ნომრიანი სასტუმრო იხსნება

წელს, ივნისში, ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ გაიხსნება. სასტუმროში 170 ნომერი იქნება და წლის ოთხივე სეზონზე იმუშავებს.

„სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორანს, სპა ცენტრს. პროექტის ინვესტიცია 31 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროში 100 ადამიანია ამჟამად დასაქმებული“, – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სასტუმრო კომპლექსი „გაზელი“ [ე.წ. „სემირამიდას ბაღები“] ბათუმში, ზღვისპირას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2013 წლის აგვისტომდე უნდა გახსნილიყო.

„აღნიშნულ ობიექტს ჰქონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“, – აღნიშნა დღეს, 7 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა გამზაევას 2011 წლის ივნისში, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა გამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.

კომპანია „მაფას“ სასტუმროს მშენებლობა კომპანია SW INN LLC-მა დაუკვეთა. კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. სასტუმრო კომპლექსში 130-ზე მეტი ნომერი, დასაქმებულთა 90% კი საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო.

მშენებლობის დამკვეთი შპს „გლორიაა“. „გლორია“ კი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, იგივე SW INN LLC-ია, რომელსაც სახელწოდება 2010 წელს შეიცვალა. კომპანიის სახელწოდების შეცვლასთან ერთად, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა, ზარიფა გამზაევამ კომპანიის კაპიტალში დამატებით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ. ბათუმში, მისამართზე – კ. გამსახურდიას ქუჩა #8-10 [საკონსტიტუციო სასამართლოსთან].

შპს „გლორიას“ წილის 50,8 პროცენტს ზარიფა გამზაევა ფლობს, დანარჩენი წილი კი რეგისტრირებულია ჯამილა და მალახატ ასკეროვებზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ისინი ზარიფა გამზაევას შვილები არიან.

რატომ ვერ მოესწრო სასტუმროს გახსნა 2013 წელს? რა მიზეზების გამო იყო შეჩერებული მშენებლობა და როდის განახლდებოდა? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“, სამი წლის წინ, აზერბაიჯანშიც სცადა და თბილისშიც, სადაც კომპანია „გლორიას“ წარმომადგენლობის ოფისია, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იმ დროისთვის გარკვეული იყო, რომ ზარიფა გამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტის, ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ამასთან, ზარიფა გამზაევა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილთან,  არზუ ალიევასთან ერთად, „Silkway Holding“-ში შემავალი „Silkway Holding“-ის დამფუძნებელია. მილიარდერის მეუღლე ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელს – „გაზელი“.

 

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/10834/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/10826/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: