მთავარი,სიახლეები

მაისი აბასთუმანში

06.05.2018 •
მაისი აბასთუმანში

როცა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილი წიწვოვანი ტყეები ყვითელი ყვავილებით დაიფარება, ქუჩებში სქელი, ღია ყვითელი, ნისლივით მტვერი დადგება და ყველაფერს მოედება, ეს ნიშნავს, რომ დაბა აბასთუმანში საკურორტო სეზონი დაიწყო.

უზარმაზარ მთებში ჩაკარგული დაბა ხალხით ივსება, ზამთრობით დაკეტილ სახლებში სიცოცხლე ბრუნდება და მდინარე ოცხეს ხმაურს დასასვენებლად ჩამოსული ბავშვების ჟრიამული ერთვის.

დაბა აბასთუმანი მდინარის სანაპიროზეა გაშენებული. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, პატარა, ერთ და ორსართულიანი ძველი სახლებია, რომლებსაც თავზე უზარმაზარი წიწვოვანი ტყე დაჰყურებს. ზოგი სახლი გზის პირასაა, ზოგიც საერთოდ ტყეშია ჩადგმული. მდინარეზე ათამდე პატარა ხიდია გადებული, მთელ სიგრძეზე მწვანე პარკია გაშენებული და პარკში ალაგ-ალაგ ხეებზე ცხენებია მიბმული. სახლები უმეტესად ლურჯ, ყვითელ და მწვანე ფერშია შეღებილი. თითქმის ყველა აივანი მოჩუქურთმებულია და გიჩენს განცდას, რომ თანამედროვე დასახლებაში კი არა, სადღაც, მე-19 საუკუნეში მოხვდი.

 

მთავარი სიმდიდრე, რაც აბასთუმანს აქვს, ჰავაა და მისი სამკურნალო თვისებები. ნაძვისა და ფიჭვის ყვავილობის დროს დაბაში დასვენება მათთვისაა სასურველი, ვისაც ბრონქიტი და სასუნთქი გზების პრობლემები აქვს. აბასთუმანში ამბობენ, რომ მაისსა და ივნისში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან ჰყავთ სტუმრები, ივლისში კი ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც იწყებენ დამსვენებლები ჩასვლას.

ზაფხულს არ ელოდებიან ბაიკერები, რომლებიც აბასთუმანში ადრე გაზაფხულზე ჩნდებიან ხოლმე და გვიან შემოდგომამდე იყენებენ დაბას სატრანსპორტო დერეფნად.

ბაიკერები აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით იმერეთში გადადიან

აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გადავლით, იმერეთში, საირმეში შეიძლება ჩასვლაა. ზეკარიდან იშლება სუნთქვის შემკვრელი ხედები, საზაფხულო საძოვრებზე შეფენილი მწყემსების ხის ქოხები, ექსტრემალური გზა – ეს ისაა, რის გამოც ამ მარშრუტს ყოველწლიურად ათეულობით ბაიკერი ირჩევს. ამბობენ, რომ ზეკარის უღელტეხილის ყველაზე მაღალი წერტილიდან მზიან ამინდში შავი ზღვის სანაპიროც კი ჩანს. ზაფხულობით, საათში ერთხელ, უღელტეხილისკენ სპეციალური ავტობუსი მოძრაობს. სულ რაღაც ერთ ლარად მსურველს შეუძლია უღელტეხილიდან გადაშლილი ჯადოსნური ხედებით დატკბეს.

ტურისტული მარშრუტებიდან აბასთუმანში ძალიან პოპულარულია საცხენოსნო ტურები. აბასთუმნელ ამირან ჩიქოვანს სამი ცხენი ჰყავს – ლილუ, მერანა და გოგო. ახლახან აზერბაიჯანიდან შოტლანდიური პონი ჩამოიყვანა, რომელსაც მისმა შვილებმა სპირიდონა დაარქვეს. ამირანი ერთ ცხენს დღეში 50 ლარად აქირავებს. ტურისტს თავადაც მიჰყვება ტურში და გიდობას უწევს. დაბაში ბევრი საცხენოსნო მარშრუტია, მაგრამ ყველაზე პოპულარული ზეკარის უღელტეხილი, მახვილოს მთა და თამარ მეფის ციხეა.

დაბა აბასთუმანი

აბასთუმანი დაცულ ტერიტორიებზე ხეტიალის მოყვარულებისთვისაც იდეალური ადგილია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთი შესასვლელი სწორედ აბასთუმანში მდებარეობს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სულ 12 მარკირებული საფეხმავლო ბილიკია, აქედან მხოლოდ ერთი ბილიკი იწყება აბასთუმნიდან და მას ზეკარის უღელტეხილის ბილიკს ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ საფეხმავლო ტური ორდღიანია, რელიეფის გამო საკმაოდ რთული დასაძლევია და კარგი ფიზიკური მომზადება გჭირდება, სანამ მას დაადგები.

ზეკარის უღელტეხილზე ფეხით ასვლა აბასთუმანში, ეროვნული პარკის დაცვის საგუშაგო პოსტიდან იწყება და უხვევს მდინარე ოცხეს ხეობისკენ. ორ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ იწყება ყველაზე რთული მონაკვეთი – ციცაბო ფერდობი, ამ სირთულის დაძლევის და ექვსი კილომეტრის გავლის შემდეგ, შეიძლება ღამე დიდმაღალის ტურისტულ თავშესაფარში გაათიო. მეორე დღეს საფეხმავლო ბილიკი იმერეთისა და აჭარის ქედის გადავლით დასავლეთისკენ მიემართება და ამ გზით მეცხვარე მწყემსების საზაფხულო სახლებთანაა მისვლა შესაძლებელი ნასაბაჯვარში. ნასაბაჯვრიდან ბილიკი მდინარე ოცხეს ხეობისკენ ეშვება და აბასთუმანში გაბრუნებს.

 

აბასთუმანი ერთგვარი სამოთხეა ასტროფოტოგრაფებისთვის. თავისი უნიკალური მდებარეობის გამო, დაბაში ე.წ. „სინათლის დაბინძურების“ დონე დაბალია, შესაბამისად, ასტროფოტოგრაფიის მოყვარულები ხშირად ირჩევენ ამ ადგილს ღამის გადაღებებისთვის.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე, მთა ყანობილზე, 1932 წელს დაარსდა. თუმცა პირველი დაკვირვებები ცაზე ამ ტერიტორიიდან გაცილებით ადრე, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ისევე როგორც აბასთუმნის იერსახე და არქიტექტურული სტილი, დაბაში ასტრონომიული დაკვირვებების დაწყებაც რუსეთის იმპერატორის ძმას, გიორგი რომანოვს უკავშირდება.

ტუბერკულიოზით დაავადებულ, აბასთუმანში სამკურნალოდ ჩამოსულ გიორგი რომანოვს თან ჩამოუყვანია თავისი მეგობარი რუსი ასტრონომი სერგეი გლაზენაპი. გლაზენაპი მცირე ლინზური ტელესკოპით ზომავდა მჭიდრო ორმაგი ვარსკვლავების მდებარეობებს კოშკში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და მას „გლაზენაპის კოშკს“ უწოდებენ.

აბასთუმნის ობსერვატორია

აბასთუმანში ვისაც არ უნდა სთხოვო დაბის ისტორია მოგიყვეს, ყველა ერთ ქალთან, 80 წლის თინა ნათელაშვილთან გადაგამისამართებს. თინა 64 წელია აბასთუმანში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, 1953 წელს სიმონა ნათელაშვილს რომ გაჰყვა ცოლად, იმის შემდეგ დაბას არ მოშორებია.

თინა ნათელაშვილი გვიყვება, რომ აბასთუმნის, როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტის აღმოჩენა ჯარისკაცებს უკავშირდება. სამცხე-ჯავახეთის ოსმალეთისგან გათავისუფლების შემდეგ ბრძოლით დაღლილი ჯარისკაცები მდინარე ოცხეს ხეობაში (რომელსაც მაშინ ოძრხეს ეძახდნენ), ბუნებრივ აბანოებში გაუგზავნიათ. ჯარი კარგა ხანი დარჩენილა ხეობაში. დაჭრილი ჯარისკაცები განკურნებულან. სწორედ მაშინ გამხდარა ცნობილი აბასთუმნის ჰავისა და გოგირდის აბანოების სამკურნალო თვისებების შესახებ.

კიდევ ერთი ლეგენდა აბასთუმნის ეტიმოლოგიას უკავშირდება. თქმულების თანახმად, ერთხელ, თურმე, აბასთუმნის აბანოებში შაჰ-აბასი ბანაობდა, რომელსაც თავს მტერი წამოსდგომია. შაჰ-აბასს ჩაცმა ვერ მოუსწრია და საცვლის ამარა დარჩენილა. ამის დანახვაზე ხალხს სიცილი დაუწყია – „აბასის თუბანი, აბასის თუბანიო!“ „თუბანი“ ოსმალურად ქვედა საცვალს ეწოდება და თითქოს სწორედ აქედან მოდისო დაბის სახელწოდება.

აბასთუმანი

ისტორიული წყაროების თანახმად, 1869 წელს კავკასიაში თბილისის გუბერნიის მინერალური წყლების სამმართველო დაარსებულა, ხოლო 1871 წელს მის უფროსად დაუნიშნავთ გერმანელი ექიმი ადოლფ რემერტი. სწორედ მას დაექვემდებარა ამიერკავკასიის მინერალური წყლები. იყო დრო, როცა აბასთუმანში თითქმის ყველაფერი – ჩანჩქერი, ხიდი, შადრევანი, დასასვენებელი პარკი რემერტის ეკუთვნოდა. 1892 წელს კურორტი რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ შეისყიდა. სწორედ აქედან იწყება რომანოვების ხანა დაბაში. აი, რას იხსენებს თინა ნათელაშვილი გიორგი რომანოვზე:

„გიორგი რომანოვი გართობისა და დროსტარების დიდი მოყვარული ყოფილა. საკუთარი გემი ჰქონია და დასეირნობდა თურმე აქეთ-იქით. ჩასულა ინდოეთში და თავი უგრძვნია ძალიან ცუდად. დაუდგენიათ ტუბერკულოზი. ამ დროს დაემთხვა ისე, რომ ექიმი ადოლფ რემერტი ბევრს მოგზაურობდა და ცდილობდა აბასთუმნის, როგორც კურორტის პოპულარიზაციას. სწორედ მისი მეშვეობით გაიგეს რომანოვებმა აბასთუმნის შესახებ. ჩამოსულა დაბაში გიორგი რომანოვი და ჩამოუტანია იქაური ცხოვრების წესი. ჯერ ბინა ჰქონია ნაქირავები, შემდეგ კი ორი ულამაზესი სასახლე აუშენეს – საზაფხულო და საზამთრო.

იმდენად მოწონებია აქ, აბასთუმნიდან წასვლას არ აპირებდა. ცხენით ჯირითი ჰყვარებია ძალიან, მოაჯდებოდა ცხენს თურმე და დაჯირითობდა ამ თავიდან იმ თავში. მერე ველოსიპედი უჩუქებია მისთვის დედას და ჩამოუყვანია აბასთუმანში. კარგად ვერ ატარებდაო, მაგრამ მაინც არ ერიდებოდა, სიფრთხილეს არ იჩენდა. 1899 წლის ზაფხულის ერთ დილას ტრადიციულად ამდგარა, წასულა ამ ველოსიპედით და ზეკარისკენ მიმავალ გზაზე კლდეს შეჯახებია. ნეკნები გაუტყდა და ფილტვებში შეესოო – ამბობდნენ.

იმ გზაზე ყოველ დილით ერთი მერძევე ქალი დადიოდა, ანა დასაევა ერქვა ამ ქალს. იალაღებიდან რძე, მაწონი და ყველი მოჰქონდა ხოლმე ურიკით, ის წადგომია თავზე გიორგის. გადმოუყრია ამ ხის ურიკიდან ყველაფერი, უფლისწული ასეთ დღეში რომ უნახავს და სულ სირბილ-სირბილით ჩამოუყვანია დაბა აბასთუმანში. ძალიან ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი უშველეს, გიორგი რომანოვი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ ადგილას, სადაც გიორგი კლდეს შეეჯახა, რომანოვებმა თეთრი მარმარილოს ობელისკი დადგეს, ხოლო მერძევე ქალს, რომელმაც გიორგის გადარჩენა სცადა, როშაში (დასახლებაა აქვე) აუშენეს ულამაზესი ყვითელი სახლი. კომუნისტები რომ მოვიდნენ, გიორგი რომანოვის ობელისკი დაანგრიეს და ის დღეს მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი“.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

როგორც ამბობენ, აბასთუმანი ადრე მდიდარი ხალხის კურორტი ყოფილა. მართალია, ახლა დაბაში რუსული სტილით ნაგები, მდიდრული სახლების მხოლოდ აჩრდილებია დარჩენილი, მაგრამ სტილი მაინც იგრძნობა. „აქ დაჩა იყოო, აი, ეს სასტუმრო კი ბენარის ბეგის ფეიზულა ხანის მიერაა აშენებული 1883 წელსო,“ – გვეუბნება თინა ნათელაშვილი და აბასთუმანში გიდობას გვიწევს.

საბჭოთა პერიოდში აბასთუმანში სანატორიუმები იყო, სადაც ტუბერკულოზის და სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები მკურნალობდნენ. აბასთუმნის ყველაზე ცნობილი პაციენტები პოეტი ლადო ასათიანი და კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი იყვნენ.

მოგვიანებით, მათი გარდაცვალების შემდეგ, ის პალატები, სადაც ისინი იყვნენ მოთავსებულნი, ერთგვარ მუზეუმად იქცა. თუმცა 90-იან წლებში ეს „მუზეუმებიც“ განადგურდა.

ტუბერკულოზით დაავადებული ზაქარია ფალიაშვილი ერთი წელი ცხოვრობდა რომანოვების ყოფილ სახლში. იმ პერიოდში კომპოზიტორი შეყვარებული ყოფილა ერთ მომღერალზე. ამბობენ, ფალიაშვილმა აბასთუმანში დაწერა ოპერა „დაისი“ და პირველად მარიას არია სწორედ აბასთუმანში აჟღერდაო.

აბასთუმანში ადრე ხუთი ადგილი ყოფილა, საიდანაც თერმული წყალი ამოდიოდა, დღეს კი მხოლოდ სამი წყაროა დარჩენილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორი წერტილი მიწისძვრის დროს დაიკარგა. თითოეულ გოგირდის აბანოს თავისი სახელი აქვს – გოლიათის წყალი, გველის წყალი და სურავანდის, რომელსაც ადგილობრივები მუნის აბანოსაც უწოდებენ. გოგირდოვანი წყლის ბუნებრივი აბანოებით სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ.

მიუხედავად იმისა, რომ აბასთუმნელები მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად მიიჩნევენ აბასთუმანს, აქ ინფრასტრუქტურა მოძველებული და მოსაწესრიგებელია. რომანოვების მიერ აშენებული სახლები და სასახლეები დიდი ხანია რეკონსტრუქციას საჭიროებს. აბასთუმნის ცნობილი გოგირდის აბანოები კი, ძირითადად, უფუნქციოდ არის დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით ზაფხულობით სხვა ქალაქებიდან ჩასულ დამსვენებლებს.

გირჩის მურაბა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: