მთავარი,სიახლეები

წელს აჭარაში ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07.05.2018 • 3625
წელს აჭარაში ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს. წინა წლებთან შედარებით დაავადების სტატისტიკა შემცირებულია, თუმცა ბოლო წლებში დაავადებულთა მაჩვენებელი სტაბილურად 400-იდან 500-მდე მერყეობს.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორის, დიმიტრი ცეცხლაძის ინფორმაციით, 2018 წელს ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას გადის 10-იდან 12 წლამდე ასაკის 5 ბავშვიც.

„ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და თუ პაციენტი ბოლომდე არ მკურნალობს, ის დაავადების გამავრცელებელი ხდება.

როცა მკურნალობას შუა გზაზე წყვეტენ, დაავადება უფრო მწვავე ფორმაში გადადის და შემდეგ უფრო რთულია მისი განკურნება“, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.

ტუბერკულოზის ორი ფორმაა ძირითადად გამოვლენილი, ეს არის ფილტვგარეშე და ფილტვის ტუბერკულოზი. ყველაზე ხშირია ფილტვის ტუბერკულოზი.

„ე.წ. რეგულარული ტუბერკულოზის შემთხვევაში მკურნალობის კურსი ექვსიდან რვა თვემდეა. მეორე, უფრო მძიმე ფორმის არსებობის დროს კი, მკურნალობა 24 თვემდე გრძელდება. ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევები გაცილებით მაღალია“, – გვეუბნება დიმიტრი ცეცხლაძე.

მისი თქმით, დაავადების გავრცელების წყარო, ძირითადად, ტუბერკულოზის მატარებელი პირები არიან. „მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა, პაციენტებს მკურნალობა მაინც არ მიჰყავთ ბოლომდე.

როცა კვირაში 5 დღეს უნდა მიიღოს წამალი, ისინი ორჯერ ან სამჯერ თუ მოდიან. ზოგი ოჯახური მდგომარეობის გამო არ მოდის, ზოგი თურქეთშია სამუშაოდ და შემდეგ იქედან ძალიან მძიმე ფორმით ბრუნდება.

პრობლემაა ისიც, რომ თუ პაციენტი ბაცილაგამომყოფია, ის საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანებს. გარდა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა, მათ სხვა პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ“, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.

გარდა იმისა, რომ დაავადების მაჩვენებელი პროგრესირებადია, მძიმე მდგომარეობაშია ტუბსაავადმყოფოს ინფრასტრუქტურაც. შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. პაციენტებს კეთილმოუწყობელ გარემოში უწევთ ვიზიტები.

დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, ორგანიზაციამ – „ექიმები საზღვარგარეთ“, მძიმე ფორმის ტუბერკულოზის მატარებელი პაციენტებისთვის რამდენიმე ოთახი გაარემონტა,  საავადმყოფოს დანარჩენი ნაწილი კი გაურემონტებელია.

„რეაბილიტაციის საკითხი თითქმის ყოველ წელს დგას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ეს საკითხი მაინც ჭიანურდება“, – გვეუბნება დიმიტრი ცეცხლაძე. მისი თქმით, სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ინფექციური და ტუბსაავადმყოფო გაერთიანებულია, თუმცა ისინი სხვადასხვა შენობაშია განთავსებული. „დღემდე ვერ გადაწყდა ეს საავადმყოფოები ერთ შენობა უნდა განთავსდეს თუ ცალკე შენობებში უნდა დარჩეს, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა“, – ამბობს საავადმყოფოს ხელმძღვანელი.

ტუბერკულოზით დაავადებიანობის დინამიკა, აჭარა, 2006-2017 წელი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს რეგიონში რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის  323  ახალი შემთხვევა (ინციდენტობის მაჩვენებელი 95), რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია (2016 წელს აღირიცხა 397 ახალი შემთხვევა);

მათ შორის ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 247 იყო (2016 წელს – ფილტვის ახალი 246 შემთხვევა). მიუხედავად კლებადი დინამიკისა, რეგიონის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სხვა რეგიონის მაჩვენებლებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის 452 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი – 133), მათ შორის ფილტვის ტუბერკულოზის  – 376  შემთხვევა (2016 წელს-397 შემთხვევა). 2017 წელს რეგისტრირებულია ფილტვგარეშე ტუბერკულოზის 76  შემთხვევა, რაც  2 ერთეულით მეტია წინა წელთან შედარებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: