ბათუმის მერია: მერიის ანსამბლის წევრები რუსეთში არ მიდიან

ბათუმის მერია არ არის იმ ღონისძიების პარტნიორი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით რუსეთში ტარდება. „ეს არის დეზინფორმაცია და ვაპირებ უახლოეს პერიოდში დავუკავშირდე ამ პორტალის ადმინისტრაციას და მოვთხოვო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.

საუბარია ფორუმზე – „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ“, რომელიც რუსეთში, კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში ტარდება. ინფორმაცია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ბათუმიდან და რუსთავიდან – პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციის კულტურის მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11-18 აპრილს „პეტროზავოდსკს, კონდოპოგსა და მედვეჟეგორსკს ბათუმიდან და რუსთავიდან ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ეწვევიან. ბათუმის მერიის მუსიკალური ცენტრის ანსამბლის სოლისტების მიერ შესრულდება კავკასიის ხალხების მელოდიები და ცეკვები “.

„ბათუმის მერია არ არის დამფინანსებელი ამ პროექტის და მერიის ანსამბლის წევრები იქ არ მიდიან“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციის კულტურის მართვის სამსახურის ინფორმაციით, „პროექტის პარტნიორები არიან პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ადმინისტრაცია, კარელიის რესპუბლიკის ნაციონალური და რეგიონალური პოლიტიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ რუსთავის რუსული კულტურის საზოგადოება „როდნიკი“ [„Родник“]“.

პეტროზავოდსკის ადმინისტრაციის კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელის, სერგეი სალავიოვის სიტყვებით, „ეს პროექტი არის გაგრძელება სერიისა რუსული კულტურის დღეები საქართველოში, რომელიც 2014 წელს დიდი წარმატებით ჩაატარეს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში პეტროზავოდსკელმა არტისტებმა, ფილოლოგებმა და მუსიკოსებმა. პროექტი განხორციელდა ფონდი „რუსული სამყაროს“ «Русский мир» გრანტის მხარდაჭერით“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ „არანაირი ურთიერთობა ამ ქალაქის ადმინისტრაციასთან თუ მის სამსახურებთან [თუნდაც კულტურის სფეროში] მერიას არ აქვს. ბათუმი და პეტროზავოცკი დაძმობილებული ქალაქები არ არიან. არ ვიცით, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია“.

ამის მიუხედავად, პროპაგანდისტულ ტექსტში წერია:

„ამა წლის მაისში კულტურული ატაშე პეტროზავოდსკიდან კვლავ ეწვევა სტუმართმოყვარე საქართველოს, მზიან აჭარაში წარადგენს კარელიის მუსიკალურ, ლიტერატურულ და მატერიალურ ტრადიციებს. იმედი გვაქვს, რომ კულტურული კავშირები პეტროზავოდსკსა და საქართველოს ქალაქებს შორის ყოველ წელს უფრო განვითარდება და ჩვენ უფრო ხშირად ვიხილავთ ქართველ არტისტებს ჩვენს ჩრდილოეთ მხარეში. ჩვენ კი, თბილ დახვედრას გპირდებთ“.

მთავარი ფოტო: რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროპაგანდისტული ფოტო

 

ბათუმში საუბნო კავშირების შექმნა დაიწყო

საუბნო კავშირების შექმნასთან დაკავშირებით დღეს, 7 მარტს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკრებულოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. საუბნო კავშირები საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან დაკომპლექტდება ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ამ კავშირებმა მერიას კონკრეტულ პრობლემებზე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია.

„ეს იქნება საშუალება მეტი ჩართულობისთვის,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე ბათუმის მერმა. ლაშა კომახიძის თქმით, წლების განმავლობაში ბიუჯეტს მიღმა რჩება წვრილმანი საკითხები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება.

„ცალკეული მოქალაქეები კი მიმართავენ მერიას, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. ერთი სიტყვით, ბიუჯეტს ამ ნაწილში სჭირდება მეტად დაბალანსება. საუბნო კავშირებმა უნდა მოაგროვონ პრობლემები, ფორმულირება გაუკეთონ მათ და მიაწოდონ მერიის შესაბამის სამსახურებს,“ – თქვა ლაშა კომახიძემ.

საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების აკადემია“ განახორციელებს. ამ ორგანიზაციამ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე მოიგო და მასთან 22 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება 32 414 ლარზე.

„მიმდინარეობს წესდების დამუშავების პროცესი… ჩვენ შევხდებით თითოეული ამხანაგობის თავმჯდომარეს,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ, „განვითარების აკადემიის“ წარმომადგენელმა.

ტენდერის გამოცხადების დროს მერიის ეს ინიციატივა „ევროპულმა საქართველომ“ გააპროტესტა. ამ პარტიამ სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც მოსახლეობის ნაცვლად ამომრჩეველი იყო მითითებული. „ევროპულმა საქართველომ“ მაშინ განაცხადა, რომ საუბნო კავშირებს რეალურად ამომრჩევლების მობილიზებისთვის ქმნის ბათუმის მერია.

ვის შეუძლია 100 ათასლარიანი გრანტის მიღება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციებს ატარებს.

საგრანტო პროგრამა სტარტაპების დაფინანსებას ითვალისწინებს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა იმ  მოქალაქეს შეუძლია, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს ინოვაციური იდეა და შეუძლია ეს იდეა ეკონომიკურად მომგებიანი გახადოს. კერძო და მცირე საწარმოების რეგისტრაციიდან, რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, ორ წელზე ნაკლები უნდა იყოს გასული. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი, თუ ისინი შეირჩევიან, მათი დარეგისტრირება მეწარმე სუბიექტად კონტრაქტის გაფორმებამდე მოხდება.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ შეხვედრა ბათუმში დღეს გამართა, რომელსაც ახალი ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება წარმოდგენილი პროექტები, არის რამდენად ინოვაციური და მაღალტექნოლოგიურია იდეა და მეორე – რამდენად ძლიერია გუნდი, რომელიც ამ იდეის განხორციელებას აპირებს. ეს მნიშვნელოვანია.  იდეები არც ერთ ქვეყანაში, არავის მიერ არ ფინანსდება. ჩვენ ვაფინანსებთ იდეებს. თქვენ უნდა დაგვანახოთ, რომ კარგი იდეა გაქვთ, ხართ საუკეთესო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამ იდეას ყველაზე უკეთ განახორციელებს და მიაწოდებს მომხმარებელს,“ – თქვა შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მსოფლიო ბანკის პროექტ „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად საქართველოს 2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. 2018 წელს სულ 20 სტარტაპი 10%-იანი თანადაფინანსების პრინციპით დაფინანსდება. თითოეული გამარჯვებულისთვის 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამას გარდა, თითოეული გამარჯვებული უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მენტორშიფით და საერთაშორისო კონსულტანტებით. საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 6 აპრილია. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ ლინკზე შეუძლიათ.

პროფესიონალები სილიკონის ველიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან დაეხმარებიან გამარჯვებულებს, რომ  სწორად  დახარჯონ ის თანხები, რასაც ბიზნესის გასავითარებლად მიიღებენ.

განახლებული „ჯივილი“ – დედების საუკეთესო არჩევანი

1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილი თანამედროვე კონცეფციის საბავშვო მაღაზია, სასიამოვნო გარემო, ღიმილიანი და კომპეტენტური კონსულტანტები, სუფთა და მოწესრიგებული გასახდელები, მრავალფეროვანი, გემოვნებიანი, ეკოლოგიურად სუფთა, 0-14 წლამდე საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, საწოლები, ეტლები, სათამაშოები – ეს იმის არასრული ჩამონათვალია, რაც მომხმარებელს ბათუმში, გორგილაძის ქუჩა #88-ში, „ჯივილის“ ახალ მაღაზიაში დახვდება.

საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია „ჯივილ – Civil“ ბათუმში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მაღაზია, სადაც ბრენდული საბავშვო ტანსაცმელი იყო წარმოდგენილი. გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს, ახალ მაღაზიას გაცილებით მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე ყველა ამ ტიპის მაღაზიას ერთად აღებულს მთელ ქალაქში. უცვლელია ბრენდის დაპირებაც – აქ სასურველ ტანსაცმელს ყიდულობს ყველა, ყველასთვის მისაღებ ფასად.

„ჯივილი“ გთავაზობთ მრავალფეროვან ასორტიმენტს ახალგაზრდა დედებისთვის, 0-14 წლამდე საბავშვო ტანსაცმლის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს, ბავშვთა ორთოპედიულ ფეხსაცმელს, საწოლებს, ჩანთებს, ეტლებს, ქვეშაგებს [ლეიბები, საბნები, თეთრეული და ბალიშები], მოვლისა და აბაზანის საშუალებებს.
მაღაზიაში არსებულ შემოდგომა-ზამთრის სრულ კოლექციაზე ამჟამად სალიკვიდაციო ფასი მოქმედებს.

ტანსაცმლის ფასი აქ 5-7 ლარიდან იწყება, ქურთუკების-19-ლარიდან, საბავშვო საწოლები ხარისხისა და მწარმოებლების მიხედვით თვითღირებულების ფასად იყიდება – მაგალითად, 239-ლარიანი საწოლი 139-ლარად და 1499-ლარიანი ეტლი 569 ლარად. საბავშვო საწოლების ფასები 82 ლარიდან იწყება.

„მომხმარებელთა ცნობიერებისა და გემოვნების ზრდამ მოგვცა სტიმული, რომ გაგვეფართოვებინა და მომხმარებლისთვის წარმოგვედგინა „ჯივილი“ სრული კონცეფციით, რაც ჩვენს ქალაქსა თუ ქვეყანაში ბრენდის განვითარებასა და ზრდას შეუწყობდა ხელს, განსაკუთრებით ჩვილების განყოფილება. ახლა „ჯივილში“ მხოლოდ ჩვილების პროდუქციას 300 კვადრატული მეტრი სივრცე ეთმობა. ეს კიდევ არ არის სრული სურათი, რასაც სეზონის შეცვლასთან ერთად მივიღებთ,“ – ამბობს ქართული „ჯივილის“ დამფუძნებელი, ტარიელ მიქელაძე.

ახალი „ჯივილის“ ყველა დეტალი – დიზაინი, მუსიკა, განათება თუ გასახდელი ოთახები მომხმარებლის, განსაკუთრებით დედებისა და ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. განათება სპეციალურად ტანსაცმელზეა მიმართული და არ ხვდება თვალს მკვეთრი შუქი – ორსულებს ან მცირეწლოვან ბავშვებს თვალი რომ არ დაეღალოთ. მეძუძური ან მცირეწლოვანი შვილების დედებისთვის სპეციალური ოთახია გამოყოფილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შეძლებენ გამოუცვალონ ბავშვს ან ბუნებრივად გამოკვებონ.

„Civil“ თავისი კონცეფციით არის როგორც სავაჭრო, ასევე მწარმოებელი ბრენდი. ის თურქულ კონკურენტულ ბაზარზე საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მიმართულებით გაყიდვების ათ პროცენტს ფლობს და სწრაფად მზარდი კომპანიაა. ამასთან, ონლაინგაყიდვებით ის ლიდერია და ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე.
„ჯივილი“ ბათუმში დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. შესაბამისად, ბათუმელ მომხმარებელსაც მრავალფეროვანი ფასდაკლების აქციები და სხვადასხვა პრომოაქტივობა ელოდება. ამ ეტაპზე ბათუმის მაღაზიაში არსებული პროდუქციის ნაწილი უფრო იაფად იყიდება, ვიდრე თურქეთის „ჯივილის“ ქსელში და, ზოგადად, ის არასდროს არის იმაზე ძვირი, ვიდრე თურქეთში.

ტარიელ მიქელაძე: „ქართველი მომხმარებელი ნაკლებად ანიჭებს უპირატესობას ტრადიციულ ღია ბაზრობებს, დღითი დღე იზრდება მოთხოვნა კეთილმოწყობილ და ბრენდულ მაღაზიებსა და ახალი მოდელის საქონელზე. შოპინგს დღევანდელ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და იგი აუცილებლად კომფორტული, სასიამოვნო და ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ხშირად ჩვენთან ფასდაკლებებისა და აქციების დროს ფასები უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე თუნდაც ღია ბაზრობებზე.

ჯივილის“ მაღაზიები თურქეთში ასოცირდება ბავშვთა მხიარულ, ფერად-ფერად განწყობასთან, ჟრიამულსა და ჟივილ-ხივილთან. იმედია, ასეთივე სივრცედ ვაქცევთ ჩვენი მომხმარებლისთვის მაღაზიას, როგორც სახელით, ასევე უამრავი ფასდაკლებისა და გართობის აქციით. გვსურს ჩვენთან სტუმრობა მომხმარებლებისთვის ნამდვილ დღესასწაულად ვაქციოთ“.

და ბოლოს, „ჯივილიში“ შეძენილი ყველა ნივთის გადაცვლა ან დაბრუნება არის შესაძლებელი, გარდა ჰიგიენური პროდუქციისა. ნივთის დაბრუნების დროს მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად უნაზღაურდება.

ქალი, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო

„ქალატვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა ჰემატომები, ნაკაწრები…“ – ეს ექიმებმა ჩაუწერეს მ.ტ.-ს, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. ექიმთან იგი მას შემდეგ მივიდა, როცა მონობას თავი დააღწია. სასამართლო დაახლოებით სამი საათი ისმენდა მსხვერპლის ჩვენებას. თქვა, რომ აშინებდნენ მცირეწლოვანი შვილის დაკარგვით, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დატოვა, ასევე მამით, რომელიც სასულიერო პირია და ის სექსუალურ ინდუსტრიაში ჩართვას არ აპატიებდა. მსხვერპლმა ასევე უთხრა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, რომ მას ამ ორი წლის განმავლობაში ხშირად სცემდნენ და ერთხელ დანაც დაარტყეს.

„უზბეკეთში საავადმყოფოში ვმუშაობდი სანიტრად. ქმარს დავშორდი, მეზობლის ქალმა დ.ს.-მ შემომთავაზა, ბათუმში წაგიყვან, კარგი კონტაქტები მაქვს, საავადმყოფოში იმუშავებ იქაც მედდად და თვეში 500 დოლარი გექნებაო. შვილი დავტოვე და წამოვედი… როცა ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მიმიყვანა, მოკლე კაბები მომაყარა, ესენი ჩაიცვი, დაივიწყე საავადმყოფოო. გავაპროტესტე, მცემა. 10 ათასი დოლარი გაქვს ჩემი ვალი და მაშინ ის დამიბრუნეო“, – თქვა ტრეფიკინგის მსხვერპლმა სასამართლოში.

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, მას აიძულეს სექსუალური მომსახურების გაწევა და პერიოდულად აშინებდნენ იმით, რომ მისი ოჯახის წევრები სინამდვილეს გაიგებდნენ.

„ერთხელ თითქოს პურის საყიდლად ჩავედი მაღაზიაში და გავიქეცი გზაზე. ის ზვიადის ტაქსით დამეწია და მომაბრუნა. გზაში პოლიციის თანამშრომლები დამანახა და დამემუქრა, ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუ კიდევ გაიმეორებ, აღარ გაპატიებო,“ – აღნიშნა დაზარალებულმა.

სასამართლოს ჩვენება მისცა ზვიად ბ.-მაც, ტაქსის მძღოლმა, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში დაასახელა მსხვერპლმა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ბევრჯერ უნახავს თვალცრემლიანი მსხვერპლი. „ისინი მანქანაში ხშირად ჩხუბობდნენ. უზბეკურად ლაპარაკობდნენ და მე არ მესმოდა, მაგრამ ვხდებოდი, რომ ამ ქალს ეს არ სურდა,“ – თქვა ტაქსის მძღოლმა.

რამდენიმე თვეში ქალი, რომელმაც მ.ტ. ჩამოიყვანა ბათუმში და სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ავად გახდა და უზბეკეთში დაბრუნდა. წასვლამდე მან ბათუმის ოქროს ბირჟაზე ტაქსის მძღოლის, ზვიადის ნათესავთან იყიდა 1600 დოლარის სამკაულები იმ პირობით, რომ ფულს ბათუმში დარჩენილი მსხვერპლი – მ.ტ. გადაიხდიდა.

მ.ტ.-ს თქმით, ის ბათუმში მარტო დარჩა უფულოდ და საცხოვრებელი ბინის გარეშე. ამ დროს გაიცნო ვინმე გ.თ. რომელიც იხდიდა მისი ბინის ფულს და თავიდანვე ურჩია, რომ პოლიციისთვის მიემართა. ტელეფონით მას მუდმივად ეკონტაქტებოდა დ.ს. და ფულის გაგზავნას აიძულებდა: „ერთხელ მამაჩემიც მალაპარაკა, რომ შემშინებოდა… მერე ვუთხარი, რომ ფულის გაგზავნას აღარ ვაპირებდი მისთვის. რამდენიმე თვეში დაბრუნდა და მნახა. მაშინ გამოიყენა დანა, ნაკაწრები ახლაც მემჩნევა… გ.თ. მირჩევდა, რომ პოლიციაში დამერეკა და ფული არ გადამეხადა. თავიდან მეგონა, რომ ისიც მოგზავნილი იყო და ახალ ხაფანგს მიგებდნენ. საბოლოოდ პოლიციას დავურეკე,“ – აღნიშნა მსხვერპლმა.

ტრეფიკინგის საქმეზე დ.ს.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამინდის პროგნოზი: ხვალ საღამომდე ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

დღეს და ხვალ ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღისით 13-18 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი – 5-10 გრადუსი. სინოპტიკოსები წვიმას და ქარს ხვალ საღამოს ელიან.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტს, საღამოდან ორი დღის განმავლობაში იწვიმებს, პერიოდულად – ძლიერად. ქარის სიჩქარე 15-20 მეტრი იქნება წამში, 5 ბალამდე მოიმატებს ზღვის ღელვა.

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა. მთაში ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით – 5-10 გრადუსი, ღამით 0-5 გრადუსი სითბო.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ბათუმში კვირას, 11 მარტს გამოიდარებს.

შსს-მ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად, რამდენიმე მეთოდის არჩევით, შედიხართ სპეციალურ სისტემაში ბმულზე.

საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

2017 წლის 1-ელ ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:
  • სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;
  • საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
  • თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
  • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
  • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge;
  • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
  • ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
  • ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.
  • მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით.

სამინისტროს განცხადებით, ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა. მათზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება police.ge-ზე.

ნათია სირაბიძე საზმაუს ბორდის წევრობაზე: ხელს არ ავუწევ იმას, რასაც არ ვეთანხმები

ნათია სირაბიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობას აპირებს. ის ახლა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მანამდე იყო აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე და აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ნათიას აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებაც. ნათია სირაბიძემ ჟურნალისტიკა ისწავლა საქართველოში და აშშ-ში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტსა და ბსუ-ში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის პრაქტიკული სახელმძღვანელოს – “წარმატების გასაღები” – ავტორი.

ნათია, რატომ გადაწყვიტეთ შესთავაზოთ თქვენი კანდიდატურა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ასარჩევად?

საკუთარი გამოცდილებიდან. სადაც არ ვყოფილვარ, მუდმივად მედიის მხარდამჭერი ვიყავი, მისი განვითარების ხელშემწყობი. პიარში როცა ვიყავი, მაშინაც ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა მაქსიმალურ დონეზე გვქონდა. როცა სამინისტროში ვმუშაობდი კულტურის მიმართულებით, იქაც ხელმისაწვდომობა გვქონდა ინფორმაციაზე გაზრდილი. სადაც არ უნდა ვიყო, მუდმივად მედიის, ჟურნალისტების მხარდაჭერაზე ვფიქრობ. დიდი ხანია ვარ მედიატრენერი, კომუნიკაციების სპეციალისტი. ჩემი სადისერტაციო თემაც მედიას უკავშირდება. ვფიქრობ, ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

მიზეზია ისიც, რომ კარგად ვიცნობ საზოგადოებრივ მაუწყებელს. სტაჟირება გავლილი მაქვს საფრანგეთში ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც ჯიპაში ვსწავლობდი. მაშინ იწყებოდა საზმაუს განვითარებაზე ფიქრი და ჩართული ვიყავი იმ კომისიაში – დამწყები ჟურნალისტი ვიყავი და, ბუნებრივია, იქ აზრს ვერ გამოვთქვამდი, მაგრამ ვისმენდი. ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, რადგან დღესაც აქტიური კონტაქტი მაქვს მედიასაშუალებებთან ამერიკაში და ვიცი, ისინი როგორ მუშაობენ.

გარდა იმისა, რაც კანონით არის განსაზღვრული, კიდევ რისი ცვლილების აუცილებლობას ხედავთ, რა იქნება თქვენი რეკომენდაციები არჩევის შემთხვევაში?

კანონი ხშირად ავალდებულებს, მაგრამ თუ კეთილი ნება არ არსებობს, ძალიან რთულია იმ მოთხოვნების შესრულება, რაც აქვს მაუწყებელს. ჩემი შეთავაზებაა რეგიონული ბიუროების გაძლიერება, სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება, ეფექტური გამოსახვითი საშუალებები, მოქალაქეების ჩართულობა. სხვადასხვა უმცირესობის, მათ შირის შშმ პირების ჩართულობა უნდა იყოს როგორც გადაცემებში მონაწილეობის მხრივ, ასევე მათ უნდა მოამზადონ გადაცემები. ამით მაუწყებელი მოიპოვებს ნდობას და რეპუტაციას, ანუ ის ნიშა, რაზეც უარს ამბობენ დღეს ეროვნული მაუწყებლები, უნდა შეავსოს საზმაუმ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს მრავალფეროვანი და მაინსპირირებელი.

ჩემს კონცეფციაში ხაზი გავუსვი იმას, რომ უმნიშვნელოვანესია მარკეტინგი და პრომოუშენი, პროდუქცია უნდა შეიფუთოს სათანადოდ – შეიძლება არაჩვეულებრივი გადაცემა ჰქონდეს საზმაუს, მაგრამ ვერ მოხერხდეს ამ გადაცემების ფართო ჯგუფებისთვის ჩვენება, რადგან არ ფიქრობენ, რომ საზმაუზე მათზე მორგებული გადაცემები გადის. პრომოუშენი საჭიროა სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით. გადაცემები, რომლებიც მზადდება თუნდაც კონკრეტული ჯგუფისთვის, იმ ჯგუფმა მაინც უნდა იცოდეს ამის შესახებ. ასევე მთავარია ფორმები – თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ, მაყურებელი დღეს მიეჩვია გამოსახვით საშუალებებს, კადრების ხშირ ცვლას. ეს ყველაფერი უნდა იყოს მორგებული არამხოლოდ შინაარსზე, არამედ ფორმაზეც.

საზმაუს ბორდის ერთ თუ ორ წევრს აქვს გაცხადებული, რომ მოქმედ ბორდს მაუწყებლის ხარისხის გაუმჯობესება არ ანაღვლებს. ვთქვათ აგირჩიეს, როგორ აპირებთ ეს ორგანო გახადოთ თქვენი ხედვების მხარდამჭერი?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარები და ასევე დიპლომატია. მთავრობაში იმ პერიოდში ვმუშაობდი, როცა ყველა მიჩვეული იყო უფრო დიქტატურას, ვიდრე თავისუფლებას. ჩვენ მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, არჩილ ხაბაძის [აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტარი] მეცადინეობით, რომ მაშინ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი გვექცია საზოგადოებრივ მაუწყებლად. ასევე მოვახერხეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, რომელსაც ასრულებს დღემდე ყველა სტრუქტურა, რომელიც აჭარის მთავრობაშია.

საზმაუს ბორდში არის მოქმედი წევრი, რომელმაც რეგიონული მედია საჯაროდ მხოლოდ იმიტომ შეურაცხყო, რომ ის რეგიონული მედიაა. მაშინ ბორდის წევრების სრულ უმრავლესობას არ გასჩენია სურვილი გამიჯნოდა მის ამ განცხადებას. თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანისთვის რეგიონიდან ამ განწყობის ბორდთან ურთიერთობაში მხოლოდ დიპლომატია საკმარისი იქნება?

დიპლომატია და, რა თქმა უნდა, საქმის კეთების მაქსიმალური სურვილი. სხვათა შორის, მსგავს დამოკიდებულებას ბევრჯერ შევხვედრივარ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ვფიქრობ, რეგიონზე შეყვარებული და მასზე მზრუნველი ადამიანი უნდა იყოს ბორდში, რომელიც შეძლებს ამ სტერეოტიპების მსხვრევას. ასეთად მე განვიხილავ ჩემს თავს და ბესოსაც [ბესიკ ლილუაშვილი].

თავად თქვენ როგორ აფასებთ მოქმედი ბორდის მუშაობას? 

რასაც გარედან ვაკვირდები, საშუალოდ შევაფასებდი ბორდს. მაუწყებლის სანდოობა რომ ამაღლდეს, ამას ბორდიც უნდა უწყობდეს ხელს, თითოეული მათგანი უნდა იყოს მაუწყებლის სახე. ერთიანად თუ არ იმუშავე, წარმატებას ვერ მიაღწევ.

კვლევების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულია. მაუწყებელს აქვს დაბალი რეიტინგი. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის შედეგი?

მე ვისაუბრებ საკუთარი გამოცდილებით: 2006 წელს, როცა ვმუშაობდი პირველ არხზე, მთავრობაც იმდენად ფიქრობდა პირველ არხს არავინ უყურებს, რომ სრულიად თავისუფალი ვიყავი ცენზურისგან, არც ერთ პროდიუსერს არ უთქვამს, ეს გააკეთე ან არ გააკეთოო. და მეორე, როცა ვმუშაობდი აჭარის მთავრობაში, მახსოვს, პირველი არხის ჟურნალისტის მოყვანა უფრო მიჭირდა ღონისძიებაზე, ვიდრე სხვისი. არ ყოფილა, რომ აუცილებლად მთავრობის პოლიტიკა გაეტარებინა – თუ თვლიდნენ, რომ საინტერესო იყო, ამბავს მაშინ აშუქებდნენ.

GDS-ის თანამშრომლების გადაყვანა მაუწყებელზე არის თუ არა პრობლემა თქვენთვის?

ვიცი, რომ გადაიყვანეს, მაგრამ მე ამ ადამიანების გამოცდილება არ შემისწავლია, შეიძლება არიან პროფესიონალები… თუ რომელიმე სახეს მაყურებელი გადმოყვება, რატომაც არა. ზოგჯერ ერთგულების ნიშნითაც არჩევენ ადამიანებს…

ფაქტია, რომ GDS-ის სახეებს საზმაუზე მაყურებელი არ გადაჰყოლია… ამას რომ თავი დავანებოთ, რას ფიქრობთ, აჭარის უმაღლესი საბჭო თქვენ დაგიჭერთ მხარს თუ თქვენს კონკურენტს?

საზოგადოებაში ზოგადი განწყობა ის არის, რომ რადგან ბესო [ის პროფესიონალია] მთავრობის კადრია, ამიტომაც გავა ბესო და არა მე. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბუნებრივია, იმედი რომ არ მქონოდა, არც შევიტანდი. ვნახოთ, გასაუბრება იქნება.

მთავრობასთან კავშირები თქვენც გქონდათ ხომ?

მთავრობის პრესსამსახურის უფროსი ვიყავი…

კონსულტაციები თუ გქონდა ვინმესთან, მაგალითად იმათთან, ვინც უნდა აგირჩიოთ?

ჩემს სამეგობრო წრესთან უფრო, ადრე ვინც მუშაობდა მთავრობაში მათაც დავეკითხე და იმათაც მითხრეს, რომ კი – რატომაც არა. კონსულტაციები, ძირითადად, ჟურნალისტებთან გავიარე – ვთქვათ, რა ფორმით მომემზადებინა კონცეფცია. უფრო კურსელებთან.

ერთია, რომ თქვენ სთავაზობთ მაუწყებელს თქვენს თავს. მეორე მხრივ, ეს არის ორგანო, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ…

სხვათა შორის, გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მითხრა, რატომ გინდათ ბორდში ყოფნა, ყველა აგინებსო. მე სადაც ვყოფილვარ, ყველგან ჩემი კვალი დამიტოვებია, რაღაც შემიცვლია. ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა, მოვახდინო პოზიტიური ცვლილებები. თუ შევძელი ცვლილება, ძალიან კარგი, თუ არა და პენსიონერობა არ არის ჩემს ხასიათში, უბრალოდ, არ დავჯდები და ხელს არ ავუწევ იმას, რასაც არ ვეთანხმები.

რაც შეეხება ხელფასს, ხელფასი მოტივატორი ჩემ შემთხვევაში არასოდეს ყოფილა, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურები დამიტოვებია. ჩემთვის მოტივაცია არის ცვლილებების განხორციელება. მე ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა ჩემს ახლანდელ სამსახურშიც, როგორც ამიხსნეს, ინტერესთა კონფლიქტი არ მაქვს.

 

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში [ინფოგრაფიკა]

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა ამ თვალსაზრისით, 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა.

ქვეყნის მასშტაბით გოგონების დეფიციტის 29% მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც დეფიციტი 19%-ს უტოლდება. მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონების რაოდენობის 57% სამ რეგიონზე – ქვემო ქართლზე, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთზე მოდის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი 1,28 თეთრით გაეზარდათ [ინფოგრაფიკა]

?„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი ყოველ მოხმარებულ 1კვტ/სთ-ზე 1,28 თეთრით გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. პარალელურად ძალაშია ტარიფები საფეხურების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა [ინფოგრაფიკა]

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ზოგი პირობით [მწვანე კონცხზე], ზოგიც უპირობოდ [ციხისძირში].

ბათუმში შემოწმებული 11 სილამაზის სალონიდან ყველგან დარღვევები გამოვლინდა

ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. წლის ბოლომდე მათი შემოწმება ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებას ევალება. წელს ბათუმში სულ 11 სილამაზის სალონი შეამოწმეს. გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, დარღვევები 11-ვე მათგანში დაფიქსირდა.

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ზედამხედველობას უწევს დაწესებულებებს, სადაც ტარდება ისეთი ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები, როგორიცაა: თმის მოვლა/პარსვა, მანიკიური და პედიკიური, პირსინგი, ტატუირება და მიკროპიგმენტაცია, აკუპუნქტურა, ელექტროლიზისი და ვაქსინგი.

ეს პროცედურები სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის პროცედურებად ფასდება.

ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, სალონებისა თუ კოსმეტიკური კაბინეტების შემოწმება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური კითხვარით,  შერჩევითი მეთოდით ხდება. „მიმდინარე წელს 11 ობიექტი გვაქვს შემოწმებული. შემოწმებები გაგრძელდება. გავაფრთხილეთ 11-ვე ობიექტი. მათ მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის, რის შემდეგაც ისინი კვლავ გადამოწმდება. შესაბამისად, შეიძლება ერთი და იმავე ობიექტი რამდენჯერმე შევამოწმოთ. ამაში შეზღუდული არ ვართ. თავისთავად შემოწმდება ახალი ობიექტებიც,“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება დათქმულ ვადაში არ გამოასწორებს დარღვევას, იგი დაჯარიმდება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით: − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 100 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 500 ლარის ოდენობით.

ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, ბათუმის სილამაზის სალონებში გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა ხასიათისაა, მათ შორის არის დეზინფექციის წესების დარღვევა, სტერილიზაციის პროცედურების დარღვევა, სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა და სხვა.

სილამაზის სალონები 2017 წელსაც შემოწმდა, მაშინ შერჩევითი წესით 30 ობიექტი შეამოწმეს, რომელთაგან 10 დაჯარიმდა.

როგორც გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, შემოწმებებს პერიოდულობა არ აქვს, შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესს კი კანონი არეგულირებს.

შერჩევით კონტროლს ექვემდებარება სერვისის მიმწოდებელი თუ:

[checklist]

  • არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესების ან ხარისხთან მიმართებაში სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;
  • იგი წარმოადგენს ფილიალს;
  • საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;
  • ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სალიცენზიო/სანებართვო პირობებს ან ბადებს საფუძვლიან ეჭვს;
  • სააგენტოს მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა და ა.შ.

[/checklist]

2016 წელს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, სადაც ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება, შემოწმება ლაბორატორიული მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდებოდა.

„პირველი შემოწმებები ამ კითხვარით გასულ წელს განხორციელდა, როცა 30 ობიექტიდან 10 ობიექტზე შევადგინეთ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს ვერ გეტყვით წინასწარ, საინფორმაციო კამპანია ვაწარმოეთ, დავარიგეთ ბევრი ბუკლეტი… ბევრი ყიდულობს ახლა სტერილიზაციის აპარატს, წლის ბოლოს გვეცოდინება შედეგი,“  – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

ამავე თემაზე: სილამაზის სალონების შერჩევითი კონტროლი

მენტორი მასწავლებელი სქემაში ცვლილებების შესახებ

ის ერთადერთი მენტორი მასწავლებელია აჭარაში. ეს სტატუსი მან გასული წლის სექტემბერში მიიღო. საქართველოში ამ სტატუსს მხოლოდ ცხრა მასწავლებელი ფლობს. მასწავლებელს მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მცდელობა არ სჭირდება, სტატუსი მუდმივია. რა გზა გაიარა მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის მისაღებად და რას ფიქრობს სქემის ხშირ ცვლილებაზე, – „ბათუმელებთან“ სალიბაურის მე-2 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, ხათუნა ხალვაში  საუბრობს.

ქალბატონო ხათუნა, რა დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ პედაგოგის ყველაზე მაღალი სტატუსისთვის მიგეღწიათ და რამდენად რთულია ეს პროცესი?

2014 წელს ჩავერთე სქემაში და მაშინვე მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. აუცილებელი 25 ქულის ნაცვლად 32 ქულა დავაგროვე.

თუ იყო ისეთი აქტივობები, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ სტატუსის მისაღებად და რა იყო ეს?

ეს იყო კვლევა, სამოდელო გაკვეთილები და რესურსის შექმნა. მე ონლაინრესურსები გავაკეთე ბავშვებისთვის ტესტირების სახით. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ეს რესურსი და სხვა მასწავლებლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ. ერთი სუსტი მხარე აქვს ამ რესურს – პირდაპირ გაკვეთილზე არ შეგვიძლია ამის განხორციელება, ინტერნეტსიხშირის გამო. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე იმაში, რომ შებრუნებული გაკვეთილის მოდელი გავაკეთე, უფრო რთული გავაკეთეთ გაკვეთილზე და უფრო იოლი მივეცი შინ. შემდეგ შევდივარ და ონლაინში ვნახულობ დავალებების.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ბავშვი კლასში უფრო დატვირთულია, რადგან მასწავლებელთან ერთად მუშაობა უფრო კომფორტულია და უკეთ გაიგებს ყველაფერს, მაგრამ ბავშვი სახლში ინდივიდუალურ მუშაობასაც უნდა შეეჩვიოს.

ის, რომ ინტერნეტის დაბალი სიხშირის გამო რესურსს კლასში ვერ იყენებთ, ვისი გადასაჭრელი პრობლემაა?

ეს პრობლემა მარტო ჩვენს სკოლას არ აქვს. ყველას სატკივარია კომპიუტერების გაუმართაობა, არასაკმარისობა და ინტერნეტის დაბალი სიხშირე.

მენტორების ერთ-ერთი ფუნქციაა, რომ დაეხმაროს სხვა პედაგოგებს. კონკრეტულად რაში სჭირდებათ მათ დახმარება?

მენტორებს სქემა არ ავალდებულებს სტატუსის შენარჩუნებას. ეს სტატუსი ჩვენ გვრჩება და ეს ცვლილება ჯეჯელავას [განათლების ყოფილი მინისტრი] დროს მოხდა. მიუხედავად ამისა, მენტორი მუდმივად აქტიურ რეჟიმშია. მე ვარ ფასილიტატორიც და ნებისმიერ დროს ვეხმარები მასწავლებელს. აქტიურად განვიხილავთ სამოდელო გაკვეთილის მასალებს, ვაძლევ კონსულტაციებს და „კრიტიკული მეგობრის“ ამპლუაში ვესწრები გაკვეთილებს.

როგორც პედაგოგები ამბობენ, სქემა ხშირად იცვლება, რაც მათთვის პრობლემაა. რეალურად რამდენად ხშირია ეს ცვლილებები და რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, კონკრეტულად რომ გვითხრათ?

მე 24 წელია ვმუშაობ, სტაჟიანი მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ, რომ სქემის ახლანდელი მოდელი ყველაზე უფრო კომფორტულია. კომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდას აბარებს მასწავლებელი და ამავე დროს სხვა პედაგოგებიც აფასებენ. ადრე იყო სკეპტიკური დამოკიდებულება და ფიქრობდნენ, რომ ეს შეფასება შესაძლებელია არ ყოფილიყო ობიექტური, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მიგრძვნია.

ხშირად მესმის პედაგოგებისგან, რომ სქემა საბუთებისთვის რბოლაა და როდის მივხედო მოსწავლეს. თუმცა, როცა სისტემაში მოგყავს ეს ყველაფერი, მაშინ არ არის რთული – უნდა ჩაატარო ღია ან სამოდელო გაკვეთილი, რომელიც გულისხმობს ორიგინალობას, ინოვაციურობას და განსაკუთრებულობას. ამ პროცესში მასწავლებელიც სწავლობს ძალიან ბევრს და მოსწავლეც. კრედიტები და საქმე სულაც არ არის ცალ-ცალკე ცნება. ამიტომ არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სქემა მხოლოდ დოკუმენტებია.

რისი გაკეთება უჭირთ სქემაში პედაგოგებს ყველაზე მეტად?

მე მჯერა, რომ პედაგოგები საქმეს უფრო მეტად აკეთებენ, მაგრამ დოკუმენტურად მოწესრიგება ცოტა ქართული ბუნებაა, ალბათ. ვინც სიღრმეში წვდება სქემას, ყველა კითხვის პასუხი არის იქ. თუ რაიმე გაუგებარია, ცხელი ხაზი არსებობს და არაერთხელ დაგვირეკავს შეფასების ჯგუფს და დაგვიზუსტებია. თუმცა, ყველა კითხვაზე პასუხს რომ იძლეოდეს, ასეთი მოდელი მე არ მეგულება.

რამდენად ხშირია სქემაში ცვლილება და არის თუ არა ეს ცვლილებები არსებითი?

თითქმის ყველა ექვს თვეში გამოდის ცვლილებები. ახლაც იყო ცვლილება, ჩემს შემთხვევაში ათი სამოდელო გაკვეთილი მქონდა ჩასატარებელი შარშან, თებერვალში შეიცვალა და ჩავატარე ოთხი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ სქემა გართულებისკენ მიდის. სქემა იხვეწება ისე, რომ მოერგოს მასწავლებელს.

ბოლო ცვლილების დროს, სტანდარტიზებული გაკვეთილის მოდელის შეფასებაში ჩაამატეს საგნობრივი კომპეტენცია, რადგან მეთოდიკა ერთია და საგნობრივი ცოდნა – მეორე. მე  პრობლემას ვერც ამაში ვხედავ.

თვითშეფასების კითხვარს  როცა ავსებენ პედაგოგები, რას წარმოაჩენენ ხოლმე სუსტ ან ძლიერ მხარეებად?

თვითშეფასების კითხვარში აღნიშნავენ, რომ სურთ მეტი ტრენინგი. წერენ, რომ დარეგისტრირებულnი არიან და პასუხები არ მისვლიათ, პედაგოგებისთვის საკმარისი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ პრობლემაა ხელმისაწვდომობა – ძირითადად ინგლისურ ენაზეა ეს რესურსები. ჩემთვისაც პრობლემაა ეს, რადგან ინგლისური არ ვიცი კარგად და რუსულად ვცდილობ ინფორმაციის მიღებას.

პედაგოგების დატრენინგებაზე საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება. თუმცა გაკვეთილების ხარისხი რეალურად არ იცვლება. როგორ ფიქრობთ, რატომ?

პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ უნდა იყოს ღია სიახლეების მიმართ და პროფესიული ზრდისთვის გადადგას ნაბიჯები. კრედიტების დაგროვებით პედაგოგი წინ მიიწევს.

ხომ არ ხდება ისე, რომ ფურცელზე ასახული გაკვეთილი და რეალობა არ შეესაბამება ერთმანეთს?

ალბათ შესაძლებელია. თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ სქემა და გაკვეთილი ერთმანეთისგან განყენებული არ იყოს. როცა საქმის და დოკუმენტის შერწყმას ისწავლის მასწავლებელი, მაშინ ასეთი სურათი აღარ იქნება. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან არის ხელშეწყობა, ამიტომ მასწავლებელიც უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან.

სასურველია, რომ გაიზარდოს სკოლების მატერიალური ბაზა, ყველაფერი იყოს იმისთვის, რომ მოსწავლეს შეექმნას სიახლის შეგრძნება. მასწავლებელსაც უნდა უყვარდეს სიახლეები და ექსპერიმენტები, უნდა იყოს შემოქმედებითი და ამისთვის სკოლისგან უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა.

პედაგოგები არ არიან კმაყოფილი ანაზღაურებით და ამაზე ღიად საუბრობენ. ეს უკმაყოფილება ამართლებს მასწავლებელს, რომ არ იყოს გახსნილი სიახლეების მიმართ?

ვფიქრობ, აქ საკამათო არაფერია. თუ მასწავლებელი ბუნებით არ არის პედაგოგი, არ უყვარს ბავშვები, ის შედეგზე ვერ გავა და დაბალი ანაზღაურება მას ამის უფლებას არ აძლევს. მაშინ ის სხვა სამსახურში უნდა წავიდეს. ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ პენსიონერი პედაგოგები ღირსეული პენსიით გაუშვას სკოლიდან.

მე საპატრიარქოს უნივერსიტეტშიც ვასწავლი და ვცდილობ, სტუდენტებს პედაგოგის პროფესია შევაყვარო. არის მათი მხრიდან დაინტერესება, მაგრამ სკოლებში ადგილები არ არის, პენსიონერები არ მიდიან, ახლები კი სკოლაში ვერ შედიან.

 

 

ბილ გეითსი: “კრიპტოვალუტა კლავს ადამიანებს”

„კრიპტოვალუტა პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ადამიანებს“,- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ციფრულ ვალუტას, კერძოდ კი ბიტკოინს, აქტიურად იყენებენ ფენტალინის – ქიმიური სინთეზით მიღებული ნარკოტიკის საყიდლად.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ ინტერვიუში ბილ გეითსი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის ანონიმურობა ნიშნავს მის უშუალო ფინანსურ კავშირს ნარკოტიკებსა და ტერორიზმთან.

„კრიპტოვალუტის მთავარი მახასიათებელი ანონიმურობაა, რაც ვფიქრობ, კარგი არ არის, ეს არის ტერორიზმის დაფინანსებისა და გადასახადებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება, ხელისუფლების გამოწვევაა შეისწავლოს და გამოიკვლიოს ეს საკითხი. კრიპტოვალუტით ყიდულობენ არა მხოლოდ ფენტალინს, არამედ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებსაც, ციფრული ვალუტა არის იშვიათი ტექნოლოგია, რომელსაც ძალიან სწრაფად მოყვება ფატალური შედეგები,“- განაცხადა ბილ გეითსმა.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსს სხვაგვარი შეხედულება ჰქონდა ციფრულ ვალუტაზე 2014 წელს, როცა Bloomberg TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ „ბიტკოინი საუკეთესო ვალუტაა“.

ბილ გეითსს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი ცუდად ერკვევა ტექნოლოგიურ სიახლეებში. ზოგი მიიჩნევს, რომ Microsoft-ის გავლენიანი დამფუძნებელი ამ ფორმით ცდილობს მსოფლიო ბაზარზე ზემოქმედებას.

_______________

 

წყარო: BBC

ვინ დაკარგავს და ვინ შეინარჩუნებს სამსახურს ბათუმის მერიაში – რეორგანიზაცია

პირველი მაისიდან ბათუმის მერია ახალი სტრუქტურული ერთეულებით დაიწყებს მუშაობას. ამ დროიდან მერიაში რამდენიმე სამსახურისა და მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი უსამსახუროდ დარჩება. მერმა სამსახურის უფროსების შეცვლის და მოსალოდნელი კონკურსის შესახებ უკვე დაანანონსა, რომელსაც 30 ვაკანსიაზე გამოაცხადებენ. კონკურსი პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე, მათ შორისაა, ვისი თანამდებობაც სტრუქტურულ ცვლილებას შეეწირება. თანამდებობებს დატოვებენ მერიის ა(ა)იპ-ების: „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსა და „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელებიც. ამ სამსახურებთან ერთად ერთ ინფრასტრუქტურულ სამსახურში გაერთიანდება კეთილმოწყობის სამსახურიც.

ზაალ მამუჭაძემ  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პირველ მაისამდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, შემდეგ სადაც შესთავაზებენ, იქ იმუშავებს. მისი სამსახურის განყოფილებებში დასაქმებული ადამიანები კი, ახალ სამსახურში გადანაწილდებიან. ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამ დრომდე 32 ადამიანია დასაქმებული.

ზაალ მამუჭაძე ბათუმის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2014 წელს დააწინაურეს, მანამდე ის მუნიციპალური ორგანიზაციის, შპს „სანდასუფთავების“ მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. ბათუმში ზედამხევდელობის სამსახურის მუშაობის ხარისხს ხშირად აკრიტიკებდნენ.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თენგიზ პეტრიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ვიცე-მერად დანიშნა. ლაშა კომახიძემ მერად მუშაობის ასი დღის შეფასებისას კიდევ ერთი მოადგილის შესაძლო დანიშვნის შესახებაც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და კულტურის საკითხებს გაუწევს კურირებას, თუმცა ამ დრომდე არ ასახელებს ვის დანიშვნას განიხილავენ.

ა(ა)იპ „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ალექსანდრე თევზაძე  ხელმძღვანელობს. აქვს თუ არა მას მერიისგან შეთავაზება სხვა სამსახურში გადასვლაზე, იგი ამაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ  უფრო მნიშვნელოვანია რეფორმები, რაც მერიას მომავალში წარმატებულად მუშაობისთვის სჭირდება.

ა(ა)იპ ტურისტული ობიექტების მართვის სამსახურში 133 ადამიანია დასაქმებული. ახლა მერიაში იმაზე მსჯელობენ, ამ ადამიანებთაგან ვინ შეინარჩუნებს სამსახურს. ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ახალ სამსახურს შეიძლება დასჭირდეს ზოოპარკის მომვლელი, მაგრამ არ დასჭირდება რამდენიმე ბუღალტერი ან იურისტი: „ამაზე მიდის ახლა მსჯელობა და მეც ვარ ჩართული ამაში. ხოლო იმაზე, მე დავსაქმდები თუ არა, ამაზე საუბარი არ არის.“

უქმდება ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსიც“, შესაბამისად, სამსახურის გარეშე დარჩება მისი ხელმძღვანელი დავით კასრაძეც. „ბათუმელები“ მას ვერ დაუკავშირდა.

მერიის ახალი სქემის მიხედვით, იქმნება მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, რომელიც მუნიციპალური პოლიტიკის რისკების მართვისა და მონიტორინგის, საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის, საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილებებს გააერთიანებს.

ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხები მუნიციპალური ქონებისა და სერვისების სამსახურის პრეროგატივა იქნება. ამ სამსახურში გაერთიანდება ქონების პოლიტიკისა და განკარგვის, გარე ვაჭრობის, რეკლამისა და საჯარო ნებართვების, ასევე ადმინისტრაციული ნებართვების განყოფილებები – ამ დრომდე ქონების მართვის საკითხებს გოგა ლომაძე კურირებდა. შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას ის მერიაში, ეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა მერმა ასი დღის მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა, რომ სამსახურის ხელმძღვანელების შეცვლას გეგმავს.

მერიის ახალი სქემის მიხედვით, ქალაქგანვითარებისა და ურბანული განვითარების სამსახური გააერთიანებს ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის, საპროექტო და სამშენებლო, სამშენებლო ზედამხედველობისა და ისტორიული განაშენიანების ზონის განყოფილებებს. ისტორიული ზონის განყოფილება ბათუმის მერიას ამ დრომდე არ ჰქონია, მისი შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ ბათუმში ისტორიული ზონის დასამტკიცებლად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ვინ უხელმძღვანელებს ამ განყოფილებას, მერიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

ამ დროისთვის მერიაში არქიტექტურის სამსახურს მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი ხელმძღვანელობს. ვიდრე სამსახურის უფროსის თანამდებობას ირაკლი ახალაძე დატოვებდა, მირიან მეტრეველი სამსახურის უფროსის მოადგილე და ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო. შესაბამისად, მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმ სამშენებლო პროექტებზე, რომელთა ნებართვებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მერია გასცემდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მირიან მეტრეველი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის მხარდაჭერით სარგებლობს. მერიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის სამსახურის უფროსადაც მოევლინოს ქალაქს. იმ შემთხვევაში კი, თუ ასე არ მოხდა, ის თანამდებობას მაინც შეინარჩუნებს. არქიტექტურის სამსახურში, ურბანული დაგეგმვისა და ნევართვების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს მირიან მეტრეველის მეუღლე, სალომე თოიძე. წინასწარი ინფორმაციით, მას მეუღლის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან ცოლ-ქმრის ერთ უწყებაში საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტია. იურისტი სალომე თოიძე სულ დატოვებს მერიას, თუ სხვა სამსახურში გადაიყვანენ, ჯერ უცნობია. 

ბათუმის მერიაში გადასვლამდე მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქალაქმშენებლობის დეპარტამენტში მუშაობდა.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახურს, რომელიც ოთხ განყოფილებას: კულტურის ცენტრს, საბავშვო ბაღებს, საჯარო ბიბლიოთეკასა და სპორტულ კლუბებს აერთიანებს, მერაბ ქიძინიძე ხელმძღვანელობს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანმდებობიდან წასვლა-არწასვლის თაობაზე მერს მასთან კონსულტაცია არ ჰქონია.

ჯანდაცვის სამსახური თავისი განყოფილებების გარეშე უზრუნველყოფს სოციალური სააგენტოს, სასწრაფო დახმარებისა და ა(ა)იპ სასაფლაოების მართვას. ჯანდაცვის სამსახურს ამ დრომდე სოფიო მიქელაძე ხელმძღვანელობს.

თითქმის უცვლელი რჩება მერიის საფინანსო, შიდა აუდიტისა და სამხედრო აღრიცხვის სამსახურები, ერთი განსხვავებით – გაუქმდა მერიის შესყიდვების სამსახური და ის მერიის საფინანსო სამსახურთან გაერთიანდა, როგორც ერთ-ერთი განყოფილება. საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, მერიაში საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ ისურვა.

ამ დროისთვის ვაკანტურია მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. ადმინისტრაცია რვა განყოფილებას აერთიანებს. ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მერაბ ქიძინიძე განათლების სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.

მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელ თანამდებობებზე გეგმავს მერი კონკურსის გამოცხადებას. თუმცა პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ სამსახურის უფროსების შეცვლასთან დაკავშირებული განცხადებისას მერმა ახალი სამსახურები იგულისხმა და არა ის სამსახურები, რომლებსაც ცვლილებები არ ეხება. ცვლილებები არც ამ მიმართულებით არის გამორიცხული: „არაფერს გამოვრიცხავთ, მხოლოდ იმას ვაზუსტებთ, რომ მერმა მაშინ გაკეთებული განცხადებისას იგულისხმა ახალი სამსახურები და განყოფილებები, რომლებიც რესტრუქტურიზაციის შედეგად იქმნება.“

ვის და რა პირობით მიჰყიდეს მიწები ქობულეთის სანაპიროზე – სამი კომპანია

აჭარის მთავრობამ ქობულეთში, ზღვის პირას, აუქციონზე კიდევ სამი ნაკვეთი გაყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 71 197 კვ/მ-ია. ქონება საწყის ფასთან შედარებით, 105 ათასი ლარით მეტად გაიყიდა. ნაკვეთები ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირსა და მეგობრობის ქუჩაზე მდებარეობს.

მიწის ნაკვეთები პირობებიან აუქციონზე იყიდეს „ალიანსმა“, „კრისტალ ბილდინგმა“ და „არომა ნეომ“.

[highlight color=”red”]შპს „ალიანსის“ [/highlight] დირექტორი და 12%-წილის მფლობელია აკაკი სონგულიაა. ის იმ კომპანიის მეწილეცაა, რომელიც ბათუმში, დელფინარიუმის წინ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. აქ, რამდენიმე სართულზე სასტუმრო „მარიოტი“ განთავსდება.

[highlight color=”red”]შპს „კრისტალ ბილდინგის“[/highlight] გენერალური დირექტორია ვანო ლომაძე, ხოლო წილის 50-50%-ს აზერბაიჯანის მოქალაქეები ფლობენ.  „კრისტალ ბილდინგი“ ქობულეთში ერთ სასტუმრო კომპლექსს უკვე აშენებს, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ამ პროექტის ფარგლებში კომპანია 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანია ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან აქ დამატებით პარკის ნაწილს ითხოვს.

[highlight color=”red”]შპს „არომა ნეოს“[/highlight] 100% წილის მფლობელი და დირექტორი, ბსუ-ს ყოფილი რექტორი, ალეკო ბაკურიძეა. ალეკო ბაკურიძეს კომპანია 2015 წლის აგვისტოში აქვს დარეგისტრირებული.

რა აშენდება აუქციონზე გაყიდულ ნაკვეთებზე:

ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, N313-ში მდებარე 9 212,9 კვ.მ შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული 37 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე 2,5 მილიონ ლარად იყო გატანილი. ქონება „კრისტალ ბილდინგმა“  2 მილიონ 550 ათას ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების თანახმად კომპანიის ვალდებულებაა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [რომელიც მოიცავს რეაბილიტაციის და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე რეკრიაციულ ზონას] მშენებლობის დაწყება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში შენობა-ნაგებობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება; 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება;
  • მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები.

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე, N42-ში მდებარე 7 482 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 1065,90 კვ.მ შენობა-ნაგებობების საწყისი საპრივატიზაციო ფასი 406 ათას 500 ლარი იყო. ეს ქონება „არომა ნეომ“ 416 ათას 500 ლარად იყიდა. კომპანია ვალდებულია:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში მიიღოს მშენებლობის ნებართვა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში დაიწყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრის, კვლევითი ლაბორატორიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, დერმატოლოგიის, ორთოპედ-ტრავმატოლოგიის ოთახების] რეკონსტრუქცია-რემონტი/მშენებლობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში კი დაასრულოს და ექსპლუატაციაში გაუშვას; 20 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს. აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ 3 000 000 ლარის ინვესტიცია ჩადოს;
  • მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 1 თვის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 15 საქართველოს მოქალაქე.

1 მილიონ 423 ათას 500 ლარი იყო იმ ქონების საწყისი გასაყიდი ფასი, რომელიც ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, N291-ში მდებარეობს [26 213 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი]. ქონება „ალიანსმა“ 1 მილიონ 468 ათას 500 ლარად იყიდა. კომპანიას ევალება:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება [მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს სასტუმროს – არანაკლებ 200 ნომერი, სპა ცენტრს, ბავშვთა გასართობ სივრცეს, ღია სპორტულ მოედანს, კვების ობიექტებს და ა.შ];
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში მშენებლობის დაწყება, 48 თვის ვადაში დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება. ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში არანაკლებ 200 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • მშენებლობის პროცესში არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმება, ხოლო სასტუმროს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმება პროფილის შენარჩუნების ვადით [20 წელი], სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.

კომპანიებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ჯერჯერობით, მიწის ნაკვეთები ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რჩება.

 

ხუთი ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარიდან

6 მარტს ბათუმში გამართულ 23-წლამდელთა საქართველოს პირველობაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხუთმა სპორტსმენმა აჭარიდან პირველობა მოიპოვა. ხულოს საკრებულოს ცნობით, ოთხი მათგანი ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა.

საქართველოს ჩემპიონები ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდნენ:

ირაკლი შავაძე [60 კგ.]

ლერი აბულაძე [63 კგ.]

ოთარ აბულაძე [67 კგ.]

გელა ბოლქვაძე [82 კგ.]

რამაზ ზოიძე [72 კგ]

პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

_______________

მთავარ ფოტოზე: ლერი აბულაძე, საქართველოს ჩემპიონი 63 კგ წონით კატეგორიაში 

ბათუმში ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვარი ამოაქვთ [ფოტოამბავი]

ბათუმში, სანაპიროსთან, ბადეში გახვეული მკვდარი დელფინი იპოვეს. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

ედო მჟავანაძის ფოტო

ედო მჟავანაძის ფოტო
ედო მჟავანაძის ფოტო
ედო მჟავანაძის ფოტო

რა შემთხვევაში აღარ დაისჯებიან ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები პატიმრების წამების საქმეზე

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსის, გიორგი ვეკუას და რეჟიმის უფროსის, ზაზა ჯიქიას საქმეზე თითქმის ერთი წელია სასამართლო პროცესი აღარ განახლებულა. ამ პირებს პროკურატურა პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 წლის წინ – 2014 წლის 4 მარტს დაიწყო.

116 მოწმიდან ამ ეტაპზე დაახლოებით 40 მოწმეა დაკითხული. თუკი 2019 წელს ციხის უფროსებს სასამართლო განაჩენს ვერ გამოუტანს, ვეკუაც და ჯიქიაც პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდნენ. იმ ტემპით თუ გაგრძელდა მართლმსაჯულების განხორციელება, რაც აქამდე იყო [სასამართლომ 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 40 მოწმის გამოკითხვა მოახერხა], მაშინ შემდეგი 9 თვის განმავლობაში დარჩენილი 76 მოწმის გამოკითხვა, წესით, ვერ უნდა მოესწროს.

„ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბოლო სხდომა ამ საქმეზე დაახლოებით ერთი წლის წინ – 2017 წლის 30 მარტს გაიმართა.

მოსამართლის თანაშემწეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რატომ არ ტარდება წამების საქმეზე სასამართლო სხდომები. სასამართლოში გვითხრეს, „რომ რადგან ეს არის არასაპატიმრო საქმე, პერიოდულად ვნიშნავთ და ახლა ვაპირებთ კიდევ, რომ ჩავნიშნოთ“.

თანაშემწემ ასევე გვითხრა, რომ შემდეგი სხდომის თარიღიც უცნობია.

გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან, ისინი ბათუმის სასამართლომ ოთხი წლის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებულია 2 წლის ვადაში დაასრულოს იმ საქმის განხილვა, სადაც ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ეს წესი მხოლოდ იმ საქმეებზე ვრცელდება, რომლის განხილვაც სასამართლომ 2016 წლიდან დაიწყო.

რა ხდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც 2016 წლამდე დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა? – „ამ საქმეების განხილვის დასრულების ბოლო ვადაა 2019 წლის პირველი იანვარი. ამ ვადაში საქმის განხილვა უნდა დასრულდეს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

იურისტი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2015 წლის 8 ივლისს შევიდა ცვლილება და დადგინა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სპეციალური ვადები. ცვლილება 2016 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში.

რა მოხდება, თუკი წლის ბოლომდე მოსამართლე დავით მამისეიშვილი ამ საქმის განხილვას ვერ დაასრულებს? – საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს: „ამ კუთხით, არც საკანონმდებლო რეგულაცია გვაქვს და არც პრაქტიკა.“

 

კომპანია: ვფიქრობთ, ბათუმის ესტაკადა ივლისში აშენებული იქნება

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობა მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებელი კომპანია ძირითადი სამუშაოების დამთავრებას ივლისში ვარაუდობს.

„მაგ დროისთვის, ვფიქრობთ, ესტაკადა უკვე მოწყობილი გვექნება. დარჩენილი იქნება გარკვეული სამუშაოები. ამასთან, ივლისში, შესაძლოა ავტომობილების მოძრაობა, თუ ორმხრივი არა, ესტაკადაზეც იყოს ცალმხრივი. თავად ესტაკადაც ორმხრივია, ორი ხიდია, ასე ვთქვათ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლევან ტრაპაიძემ, „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორმა.

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 მილიონ 370 ათასი ლარია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადის საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში ერთკილომეტრიანი იქნება“.

მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ ასაქცევი გზის თითქმის ნახევარი გაკეთებულია და მაისში ეს მონაკვეთი მთლიანად დასრულდება.

პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს  ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას.

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის გამო მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: ბათუმის ესტაკადის მშენებლობა / ფოტო: აჭარის მთავრობა

ავტობუსის დაზიანებული მოსაცდელი ბათუმში – როგორ მოვიქცეთ?

ბათუმში, ავტობუსის 27-ე გაჩერება, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #47-ში, საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარეობს, მთლიანად დაბზარულია. შემინული გაჩერების მასიური, დაბზარული მინა ერთი შეხედვით საფრთხეს უქმნის მგზავრებს, რომლებსაც აქ ლოდინი უწევთ. გაჩერებაზე მუდმივად ხალხმრავლობაა. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა სანაპირო ზოლს მიუყვება და ძლიერი ქარი ამ ადგილზე ჩვეულებრივი მოვლენაა.

ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის შესყიდვების მენეჯერი, ამირან შაქარაძე აცხადებს, რომ დაზიანებულ გაჩერებებს მონიტორინგის სპეციალური სამსახური აღნუსხავს და შემდეგ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს გადასცემენ კონკრეტულ მისამართებს, სადაც გაჩერებები დაზიანებულია.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით ბათუმში არც ერთი გაჩერება არ არის სიცოცხლისთვის საშიში. გაჩერებებზე დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზზე: 0422 24 76 76

თამარ ნერგაძის ფოტო

ამირან შაქარაძის ინფორმაციით, ეს არის სპეციალური მინა, რომელიც დაბზარვის შემთხვევაში არ იფშვნება და მინა მოქალაქეებს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა ამირან შაქარაძე აცხადებს, რომ მინა ნამდვილად გამოსაცვლელია და 15 დღიდან 1 თვემდე ვადაში ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანია  ამაზე იზრუნებს.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე, მსჯავრდებული მერაბ ღოღობერიძე საპატიმრო დაწესებულებიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის და ირაკლი ჩხვირკვია უდოს კომისიამ [ვადაზე ადრე გათავისუფლების] პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლა.

მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მათ დღეს შეატყობინეს. „გუშინ ვიყავით კომისიაზე და დღეს გაგვათავისუფლეს. სახლში მოვდივარ უკვე“, – თქვა მერაბ ღოღობერიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკვიას 1.6 წლის ვადით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სახელმწიფო ორივე მსჯავრდებულს 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებას ედავებოდა.

ზურაბ პატარაძე: მახუნცეთის ჩანჩქერთან სასტუმროების მშენებლობა იგეგმება

მახუნცეთის ჩანჩქერთან ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. არიან თუ არა ამ ადგილით დაინტერესებული ინვესტორები და იგეგმება თუ არა მოსახლეობის განსახლება ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან? ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს 3 მარტს, ქედაში.

ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობაა დაგეგმილია. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განსახლებას, ზურაბ პატარაძე ამას არ გამორიცხავს.

„მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია არაჩვეულებრივი ადგილია, მიმზიდველი ტურისტებისთვის, ნამდვილად დაგეგმილია რიგი სასტუმროების მშენებლობა, რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი სასტუმრო ააშენოს, ამავდროულად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საქართველოს საპარტნიორო  ფონდთან. მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს უფრო კონკრეტული ხედვა და უახლოეს პერიოდში მოგაწვდით ამ ინფორმაციას.

რაც შეეხება მოსახლეობის განსახლებას, გააჩნია რა მოთხოვნა იქნება, თუ ამის აუცილებლობა დადგება, რა თქმა უნდა – კი,  ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ სამი საცხოვრებელი კორპუსია, სადაც 63 ოჯახი ცხოვრობს.

იმიტირებული გამოცდა 5 ლარად – გამოცდების ეროვნული ცენტრის კომერციული პროექტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ასევე, ყველა სხვა მსურველს, გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლას სთავაზობს ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. იმიტირებული გამოცდები ფასიანია, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, კომერციულ პროექტს ცენტრი ახორციელებს. ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასურია 5 ლარი.

იმიტირებული გამოცდების გავლა აბიტურიენტებს თითქმის ყველა საგანში შეეძლებათ. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენა; ისტორია; ქიმია; ბიოლოგია; ფიზიკა; გეოგრაფია.

„ტესტირება ჩატარდება ქართულ ენაზე. ერთი საგნის ტესტირებაში მონაწილეობა ერთ მსურველს შეუძლია მაქსიმუმ 3-ჯერ. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები,“-ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ტესტირება  2018 წლის 15 დეკემბერს  დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.  პროექტი გასულ წელს ამოქმედდა, თუმცა აბიტურიენტები ნაკლებად დაინტერესდნენ.

„დაახლოებით ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა შარშან, წელსაც, რაც უფრო მოახლოვდება გამოცდები, ალბათ უფრო გაიზრდება აბიტურიენტების დაინტერესებაც,“- ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არის პროექტი ფასიანი, ივა მინდაძე ამბობს, რომ  მის შექმნაზე გარკვეული ფინანსური რესურსი დაიხარჯა. „უფასო რომ ყოფილიყო, მაშინ საერთოდ არ შეიქმნებოდა. შემოსული თანხები ისევ ცენტრის და სხვა პროგრამების განვითარებას მოხმარდება.“

ცენტრის განმარტებით, იმიტირებული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ჯერ თანხა უნდა გადაიხადონ  ბანკში, შემდეგ კი შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება დაიწყება საგნის არჩევისთანავე.

„თუ რაიმე მიზეზით ტესტირების გაგრძელებას ვერ ახერხებთ, ტესტირების შეწყვეტიდან 30 წამის გასვლის შემდეგ, სისტემა მომდევნო შესვლისას იმ ადგილიდან მოგცემთ გაგრძელების საშუალებას, სადაც შეწყვიტეთ ტესტირება.

რეკომენდებულია გამოიყენოთ Google Chrome ბრაუზერის ბოლო ვერსია,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

 

წითელას შემთხვევათა სტატისტიკა აჭარაში ისევ იზრდება

ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 6 მარტის ჩათვლით, წითელას 221 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო კვირის მონაცემებით, ჯერჯერობით, არ არის დაფიქსირებული წითელას შემთხვევათა იმდენი რაოდენობა, რამდენიც წინა კვირებში იყო. მაგალითად, 27 თებერვლიდან 6 მარტამდე წითელას ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარაში წითელას შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა, 40 პროცენტი, 0-5 წლამდე ბავშვებზე მოდის.  32 პროცენტი კი – 15-29 წლამდე ადამიანებზე.

წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

წაიკითხეთ ამ თემაზე: რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკრედიტაცია გაიარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თარგმანმცოდნეობის და ტექნოლოგიური ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამებს აკრედიტაცია შვიდი წლით მიენიჭა.

მიმდინარე წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხოლოდ 1 პროგრამას უთხრა უარი აკრედიტაციაზე.

რაც შეეხება  სამაგისტრო და სხვა პროგრამებს, როგორც ბსუ-ში გვეუბნებიან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი  ეტაპობრივად გეგმავს პროგრამების აკრედიატაციას მიმართულებების მიხედვით: „ამ ეპატზე აკრედიტაციის გავლა ამ პროგრამებს უწევდა.“

რისთვის არის საჭირო მიწის ნორმატიული ფასის დადგენა – ბათუმში ფასები არ შეცვლილა

მიმდინარე წლის 5 მარტს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ძალაში შევიდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა. „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილება საკრებულომ 27 თებერვალს სხდომაზე მიიღო, თუმცა მიწის ნორმატიული ფასი ზუსტად იგივე დარჩა, რაც გასულ წელს იყო დადგენილი.

ყოველწლიურად [თებერვლის ბოლომდე] მიწის ნორმატიული ფასის დადგენას მუნიციპალიტეტებს შესაბამისი კანონმდებლობა ავალდებულებს. ნორმატიულ ფასს კი მუნიციპალიტეტი ძირითადად ქონების გადასახადის დაწესების დროს ითვალისწინებს. რაც შეეხება მიწის იჯარით გაცემას ან მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვას, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ შემთხვევაში ქონებას აფასებს აუდიტი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება საწყისი საიჯარო თუ გასაყიდი ფასი. ეს ფასი საბაზროსთან უნდა იყოს მიახლოებული.

ბათუმის მერიას უფლება აქვს, იჯარით გასცეს ან გაყიდოს აუქციონზე ქონება [გარდა გაუსხვისებელი ქონებისა – პარკი, სკვერი და ა.შ.], მაგრამ არ აქვს უფლება, ქონება გაასხვისოს პირდაპირი წესით, პირობებით აუქციონის გარეშე. თუმცა ბათუმის მერს უფლება აქვს, იჯარით გასცეს მიწის ნაკვეთი ამა თუ იმ პირზე უფასოდ, ოღონდ მხოლოდ ორი წლით და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით.

1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი ყველაზე მაღალია ცენტრალური ზონის პირველ ქვეზონაში და შეადგენს 405 ლარს, ხოლო ყველაზე დაბალია პერიფერიული ზონის მეოთხე ქვეზონაში – 20 ლარი და 25 თეთრი. შუალედურ ზონაში კი ნორმატიული ფასი 108 ლარია.

1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი ბათუმში:

[highlight color=”red”] ცენტრალური ზონის I ქვეზონის საზღვრები:[/highlight] საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გასწვრივ  ს. ჟღენტის ქუჩამდე და ს. ჟღენტის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის კუთხემდე. ნინოშვილის ქუჩა ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა „შავი ზღვის ტბამდე”, ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ჟილინის არხამდე.

[highlight color=”blue”]პერიფერიული ზონის IV ქვეზონის საზღვრები: [/highlight]მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარე ბათუმი სარფის საავტომობილო გზიდან შავი ზღვის სანაპირომდე, შავი ზღვის სანაპირო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიჯნამდე, აეროპორტის მიჯნა ბათუმი-სარფის საავტომობილო გზამდე.

სხვა ქვეზონების საზღვრები შეგიძლიათ იხილოთ დადგენილებაში ბმულზე.

ბათუმის ზონირების გრაფიკული ნაწილი

 

 

რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენებს წლების განმავლობაში ყრიან. სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ახლა აქ პლასტმასის ქილები, საბურავები და სხვადასხვა სახის ნაგავია მიმოფანტული.

ნახეთ ამ თემაზე: ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა კონტროლდება, სამშენებლო ნარჩენებს კი, როგორც ადგილობრივები, ისე სამშენებლო კომპანიები, ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან. საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების მართვაზე მუნიციპალიტეტებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ.

ქედა, სამშენებლო ნარჩენები. ეკა ბარამიძის ფოტო
ქედა, სამშენებლო ნარჩენები. ეკა ბარამიძის ფოტო

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ახლა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა აკრძალულია, რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, ამბობენ, რომ ამ ტიპის ნარჩენებს მხოლოდ იმის გამო ყრიან, რომ ტერიტორიის მოსაპირკეთებლად მისი ამაღლებაა საჭირო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალთან, დამცავი კედელი მოეწყო, ტერიტორია უნდა ამაღლდეს, სწორედ ამის გამო ბალასტი თუ სხვა სამშენებლო ნარჩენები შეგვაქვს, რომლებიც ტერიტორიას არ ანაგვიანებს, აღნიშნული ტერიტორიის მოსაპირკეთებლად პროექტი მზადაა, ვმუშაობთ საჭირო თანხის მოძიებაზე.

პროექტით აღნიშნულ ტერიტორიაზე განათება და ბილიკი უნდა მოეწყოს, თუმცა მანამდე, როგორც აღვნიშნე, ტერიტორია უნდა ამაღლდეს, რის შემდეგაც მდინარისგან დამცავ კედელზე ერთი მეტრი სიმაღლის მოაჯირი გაკეთდება,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე, ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

იგი ამბობს, რომ სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც დაბა ქედაში სასპორტო სკოლის, პარკისა და სკვერის მიმდებარედ იყრება, საფრთხის შემცველი არ არის.

„ეს არის ჩვეულებრივი სამშენებლო ნარჩენები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს და საფრთხის შემცველი არ არის, თუ აღნიშნულ ტერიტრიაზე აგურს დააწყობ და შემდეგ მიწით დაფარავ, გასწორდება და არც ძვირი დაუჯდება მუნიციპალიტეტს მისი ამაღლება“.

ქედა, სამშენებლო ნარჩენები. ეკა ბარამიძის ფოტო

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ივნისში ახალი გადასახედი გაკეთდება

ზაფხულში ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ახალი სივრცე შეემატება, სადაც თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურის მქონე გადასახედი მოეწყობა. 

ბოტანიკური, ახალი გადმოსახედი

რეკრეაციულ ზონაში გაკეთდება მოსასვენებელი და დაირგვება მცენარეები. ტერიტორია უკვე მზად არის სამუშაოების დაწყებისათვის. 

პროექტის ავტორი ბაღის ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო გამხოშვილია. ბათუმის მერიის ცნობით, სამუშაოები ივნისში დასრულდება.

ტენდერი ბოტანიკურმა ბაღმა დასასვენებელი ადგილის (სკვერი) მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა 6 500 ლარზე.

ლილუაშვილი საზმაუს ბორდის წევრობაზე: იქნებ მეც დამარწმუნონ, რომ გარანტირებულია ჩემი არჩევა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის სურვილი წელს მხოლოდ 14-მა ადამიანმა გამოხატა. აჭარის კვოტით გათვალისწინებული ერთი ადგილის მოსაპოვებლად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – ნათია სირაბიძე და ბესიკ ლილუაშვილი. ბესიკ ლილუაშვილი აქამდე აჭარის მთავრობის აპარატში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. მან პარლამენტში შექმნილ კომისიას კონცეფცია უკვე გაუგზავნა, მაგრამ „ბათუმელებს“ ამ კონცეფციის მოწოდებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ არ არის დარწმუნებული, თუ აქვს კონცეფციის გასაჯაროების უფლება.

ბატონო ბესიკ, რატომ გაგიჩნდათ სურვილი გამხდარიყავით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი? აქამდე მუშაობდით მთავრობის აპარატში. რა უპირატესობა აქვს თქვენთვის ბორდში ყოფნას? 

პირველ რიგში, მეურვეობაზე კანდიდატის წარდგენის საფუძველი გახდა ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა სხვადასხვა სფეროში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ტელევიზიით. აქ განიხილება რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, კინო, სცენარისტობა, პროდიუსინგი, ასევე ვკითხულობდი ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიას. მთელი ეს გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა, ჩავთვალე, რომ არის ის, რაც დღეს სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის განვითარებას.

ხშირად ისმის კრიტიკა მაუწყებლის მისამართით. თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა და რა ქმნის ამ პრობლემას?

დღეს რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს არის საზოგადოების ნდობა, მთლიანად ორიენტირებულობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად ეროვნების, რელიგიის, სქესის და ასე შემდეგ. კერძო ტელეკომპანიები დამოკიდებული არიან იმაზე, რომ შექმნან პროდუქცია, რომელიც მარტივად გაიყიდება, რეიტინგზე იქნება გათვლილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველ რიგში, დამოკიდებული უნდა იყოს ყველა მოქალაქეზე იმიტომ, რომ ის არის ყველასი.

ეს კანონში წერია. რატომ ვერ ახერხებს დღეს ამ ფუნქციის შესრულებას საზოგადოებრივი მაუწყებელი?

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს დაწყებული იქედან, რომ ის არის მემკვიდრე იმ პირველი არხისა, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ კომუნიზმის ეპოქაში.

არის  თუ არა ერთ-ერთი პრობლემა პოლიტიკური მიკერძოებულობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ?

ახლა მთლად ბოლომდე ასე ვერ ვიტყოდი. წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. ვიტყვი იმას, რომ იგი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან და იყოს ორიენტირებული ხალხზე. მთავარი არის ნდობის აღდგენა. კონცეფციაშიც მიწერია, რომ უნდა ჩატარდეს საზოგადოებრივი კვლევები, რათა წინასწარ ვიცოდეთ, რა მოთხოვნები და მოლოდინები აქვს საზოგადოებას მაუწყებლისგან.

ვთქვათ, გახდით ბორდის წევრი, პირველად რა რეკომენდაციას გასცემდით? 

აუცილებლად მთავარი პრინციპი უნდა იყოს შემეცნება და არა მხოლოდ ინფორმირებულობა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იმუშაოს ისეთ თემებზე, რომლებზეც კომერციული მაუწყებლები ვერ მუშაობენ, რაღაც მიზეზების გამო… საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ერიდებოდეს ექსპერიმენტებს, ფორმების, კუთხის ძიებაში უნდა იყოს და ცდილობდეს შექმნას საინტერესო პროდუქტი. ამის არაერთი მაგალითი არსებობს უცხოეთში, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქცია ყურებადიც არის, მაღალი რეიტინგი აქვს და ნდობა. ასეთ გადაცემებზე უნდა იყოს სწორება.

პოლიტიკური გავლენა რომ გამოირიცხოს, ამისთვის რა უნდა გაკეთდეს? 

ეს არ არის მარტო ჩემი გადასაწყვეტი… ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ვის ეკუთვნის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ალბათ დამეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლა გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე წლების განმავლობაში იყო. ეს, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარისხით კმაყოფილი ხართ?

კმაყოფილება უფრო სუბიექტური ფაქტორია, რა გითხრათ.

გვაინტერესებს ბესო ლილუაშვილის სუბიქტური შეხედულება, რადგან მას ბორდის წევრობა სურს.

მე მაქსიმალისტი ვარ. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, ტექნიკური ბაზა გაძლიერდა, უნდა გაიზარდოს მუშაობა კიდევ და კიდევ. მაგალითად, საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის, ასევე კინოდოკუმენტალისტიკა მივიწყებულია. ასევე უნდა გაძლიერდეს ვებპლატფორმა, ის უფრო მოქნილი უნდა იყოს, ვიდრე სატელევიზიო ნიუსი. ვფიქრობ, ბლოგინგის სისტემა არ იქნებოდა ურიგო, რადიო უნდა გაძლიერდეს. ინფორმირებულობის გარდა, კანონით გათვალისწინებულია და ყველა უცხოურ რეკომენდაციაშიც წერია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იფიქროს გასართობი ტიპის გადაცემების შექმნაზე. ესეც მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. მარტო ინფორმირებულობა და შემეცნება არა, უნდა იყოს გართობა.

როგორ აფასებთ სამეურვეო საბჭოს მუშაობას დღემდე? მაგალითად, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა საჯაროდ შეურაცხყო რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. 

ყველა ადამიანი სუბიექტურია თავის შეფასებებში, ყველა ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს განცხადება, მე თავს შევიკავებ ვინმეს განცხადების შეფასებისგან. რაც შეეხება ბორდის მუშაობას, შემიძლია ვისაუბრო იმაზე, მე როგორი ვიქნები. ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად ღია ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საზოგადოების წევრებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებით.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს, როგორ აფასებთ არსებული ბორდის მუშაობას. ამაზე იქნება დამოკიდებული, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას თქვენგან.

მე დაახლოებით 10 წუთი გელაპარაკებით რას შევცვლიდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

თქვენ რაც ჩამოგვითვალეთ, ეს კანონშიც წერია და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კანონი შეასრულოს.  

წერია, მაგრამ არის რაღაცები, რაც უნდა იყოს და არ არის. თუ ამირჩევენ, რომ გავა რაღაც პერიოდი, მერე შემიძლია ამაზე გაგცეთ პასუხი.

აჭარის ტელევიზიასთან“ დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომელსაც ადვოკატირება უნდა გაუწიოთ არჩევის შემთხვევაში. კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მინიმუმ 15 პროცენტი ეკუთვნის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. თქვენ რა პირობას დებთ, ეს პროცენტული მაჩვენებელი რამდენით გაიზრდება?

მე როგორც მახსოვს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დაადასტუროს რაში სჭირდება ეს თანხები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე რაც ვიცი, აჭარის ტელევიზიის პრობლემებიდან, ეს არის შენობის პრობლემა, რაც წლებია საკმაოდ მწვავედ დგას. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია. რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა დადგეს. მიზნობრიობას გააჩნია, რას მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელი. წინასწარ ამის თქმა გამიჭირდება.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, წარუდგინოს თუ არა თქვენი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თქვენ აქამდე მუშაობდით აჭარის მთავრობაში და ხართ ზურაბ პატარაძის გუნდის წევრი. გუნდურობის პრინციპის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს ამ ხელისუფლებას, უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერის მოპოვება, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ. ითქვა, რომ თქვენი სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა აჭარის კვოტით ფაქტობრივად გადაწყვეტილია. თქვენ რას ფიქრობთ, დაგიჭერენ მხარს?

ძალიან მინდა, ვნახო ის ადამიანები, ვინც ამას ამბობს. იქნებ მეც დამარწმუნონ, რომ გარანტირებულია ჩემი არჩევა. გარანტირებული აბსოლუტურად არაფერი არ არის. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება.

ზურაბ პატარაძესთან არ გქონდათ კონსულტაციები, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდით?

გამომდინარე იქედან, რომ მე წამოვედი, წამოსვლამდე ვუთხარი, რომ ამის სურვილი მაქვს და უნდა წავიდე. სხვა საუბარი მე არ მქონია. მე ვარ აბსოლუტურად თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან.

აქამდე იყავით მაღალ თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის მთავრობაში და თუ ახლა გახდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რა გამორიცხავს პოლიტიკურ ბმას?

ასე ჩვენ შეგვიძლია ჰიპოთეტურად ბევრ რამეზე ვისაუბრებ, არაფერი არ გამორიცხავს. იმაზე აპელირება, რომ გადაწყვეტილია ჩემი არჩევა, მგონი ათწლეულების განმავლობაში მიღებულ  ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას აკნინებს. ისე გამოდის, თითქოს მე არ ვარ კომპეტენტური და მხოლოდ ის “მქაჩავს”, რომ აქ ვმუშაობდი მთავრობაში.

თუ არ აგირჩევენ სამეურვეო საბჭოს წევრად, დაბრუნდებით აჭარის მთავრობაში? 

არა, დავუბრუნდები ძველ საქმიანობას. ვგულისხმობ კინოს მიმართულებით არსებულ პროექტებს.

 

 

109 ათასი ლარი 9 აპრილის მემორიალისთვის ბათუმში – ესკიზი ცნობილია

ბათუმის ბულვარში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მოწყობისთვის ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტში 109 ათას 300 ლარი აქვს გათვალისწინებული.

„9 აპრილის ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი მემორიალის მოწყობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის“ სამუშაოებს მერია ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება-შეწყვეტის ვადა 14-19 მარტია.

მემორიალია გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღეში უნდა მოეწყოს.

9 აპრილის მემორიალი / ფოტომონტაჟი / „წარმოდგენილი ესკიზი წარმოადგენს 4-მეტრიან დეკორატიული მტრედის ქანდაკებას კვარცხლბეკის ჩათვლით. აქედან მტრედის სილიზირებული ქანდაკება მთლიანად ბრინჯაოში იქნება ჩამოსხმული, რომელიც განასახიერებს როგორც 9 აპრილს დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნის დღეს, როგორც მტრედის (იგივე სულიწმინდის) მხატვრულ ფორმაში გადმოცემას, ასევე მტრედის, რომელიც აღიქმება მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ“ / მემორიალის განმარტებითი ბარათიდან.

ბათუმის მერიის სატენდერო კომისიამ მემორიალის ესკიზის შესყიდვაზე გამოცხადებული პირველი ტენდერი შეწყვიტა. შემდეგ ტენდერში კი სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიამ ერთს დისკვალიფიკაცია მისცა. დარჩენილ ორ პრეტენდენტს შორის კი გამარჯვებულად ის გამოაცხადა, რომელიც მომსახურებას გაცილებით [1355 ლარით] ძვირად სთავაზობდა.

კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებით, 9 აპრილის მემორიალი ბათუმში თეიმურაზ მახარაძის ესკიზის მიხედვით მოეწყობა. შესაბამისი ხელშეკრულება [დღგ-ს ჩათვლით] 7498,9 ლარზე გაფორმდა. მემორიალი ბრინჯაოში ჩამოისხმება და მისი წონა 1,2 ტონა იქნება.


ადგილი ბათუმის ბულვარში [ბსუ-ს წინ], სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა მოეწყოს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ნაკლებად ხილვადნი, ნაკლებად ხილულნი

ავტორი: ესმა გუმბერიძე, აქტივისტი

ამ ბლოგისთვის ეს სათაური იმიტომ შევარჩიე, რომ უსინათლოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა ჯგუფებს შორის ყველაზე ნაკლებად ხილვადნი ვართ. ყველაზე ნაკლებად განიხილება ჩვენი სპეციფიკა, ჩვენი საჭიროებები. ადამიანებს რომ ვეკითხები, შშმ პირები ვინ არიან-მეთქი, უსინათლოს ხშირად არცკი ასახელებენ. „და უსინათლოები“ – რომ კითხავ, კი ისინიცო, გიპასუხებენ შეყოვნების შემდეგ…

მე კი სასამართლოში მაქვს დავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სარჩელი იმის გამო შევიტანე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სამივე ინსტანციის (რაიონული/საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი) სასამართლოსთვის განკუთვნილი ყველანაირი ფორმის სარჩელ – შესაგებელ/შეგებებული, არ არის უსინათლოსთვის ხელმისაწვდომი: უსინათლო სხვისი დახმარების გარეშე სარჩელს ელექტრონული ფორმით ვერ შეავსებს.

დიდი ხანია არსებობს გამხმოვანებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უკითხავს უსინათლოს ყველაფერს, რაც ეკრანზე ხდება. თუმცა ეს პროგრამა ვერ კითხულობს/ვერ ახმოვანებს დასკანირებულ ტექსტს. გარდა ამისა, უსინათლო კარგად ვერ იყენებს მაუსს/თაჩ პანელს, რადგან ვერ ხედავს, სად უნდა მიიტანოს ის. კომპიუტერს ის იყენებს, ძირითადად, კლავიატურით. უსინათლომ უნდა იცოდეს, რომელი ისრის კლავიშით რას გააკეთებს, ამიტომ ტექსტი უნდა იყოს მარტივ ფორმატში, ვორდში, თანაც ზედმეტი სვეტებისა და ჩანართების გარეშე, რათა იოლი იყოს კლავიშებით  ერთი ველიდან მეორეზე გადასვლა.

ეს ნიუანსები არ იყო გათვალისწინებული სარჩელების ფორმების შექმნისას. შესაბამისად, საქმე გვაქვს უსინათლოს დისკრიმინაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სასამართლოსადმი მიმართვის ხელმისაწვდომობის კუთხით. სარჩელის შეტანის დროს, 2017 წლის გაზაფხულზე, გამხმოვანებელი პროგრამა საერთოდ ვერ ახმოვანებდა ელექტრონული სარჩელის ფორმებს. მე წერილით მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. პასუხი ვერ მივიღე კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, ამიტომ  სასამართლოში შევიტანე სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR]-ის ადვოკატის დახმარებით. იურიდიულ დახმარებას ამ საქმეში სწორედ PHR მიწევს.

მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 31 იანვარს ჩატარდა. მოპასუხე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით, მოითხოვდა საქმის შეწყვეტას დავის საგნის არარსებობის გამო, სარჩელის შინაარსობრივი განხილვის გარეშე. მხარემ განაცხადა, რომ ჩემს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მოხდა ფორმების ადაპტირება, საქართველოში უსინათლოთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მომუშავე ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის, უსინათლოთა კავშირის მიერ გაწეული რეკომენდაციით. სარჩელ–შესაგებლების ფორმები ვორდში გადაიყვანეს.

ის, რის შესრულებასაც მე სარჩელში მოვითხოვდი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, უკვე შესრულებულია, ფორმების ადაპტირება სარჩელის შეტანიდან პროცესის ჩანიშვნამდე ვადაში მოესწრო, შესაბამისად, საქმის სასამართლოში არსებით განხილვასა და დავის გაგრძელებასაც აზრი არ აქვს.

ცხადია, მე, პირადად, შევამოწმე და სხვა უსინათლოებსაც ვაჩვენე ახალი ფორმები. ახლა პროგრამა ფორმას მართლაც კითხულობს, თუმცა ძალიან ნელა და ხშირად ისე, თითქოს ის ლათინური ასოებით იყოს დაწერილი. ტექსტში მოძრაობა ისრებით, ისრის კლავიშით შესავსებ ველთან მისვლა შეუძლებელია. ისარი დახტის, გახმოვანება უსწრებს ისრის მოძრაობას. მოკლედ, მისი შევსება შეუძლებელია.

ჩვეულებრივი ვორდის დოკუმენტისგან განსხვავებით ამ ფორმებში მოძრაობა კლავიატურის მეშვეობით შეუძლებელია. ამაში პირადადაც დავრწმუნდი, გამოგზავნილი ფორმები რომ შევამოწმე და სხვებმაც მითხრეს, ვინც ჩემს მიერ გავრცელებული ფორმები ნახა. აღნიშნული განვაცხადე სასამართლო სხდომაზე და დავაყენე შუამდგომლობა – სასამართლომ დაიბაროს ამ ფორმების ადაპტირებაში ჩართული ტექნიკური სპეციალისტი, რათა სასამართლო სხდომაზევე აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია უსინათლოს ფორმის შევსება, ეს მაჩვენოს მე – უსინათლო მოსარჩელესაც. ამაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ IT სპეციალისტი უწყებას აღარ ჰყავს.

საქმის განმხილველმა მოსამართლე თამარ მეშველიანმა არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის თაობაზე და მორიგი სხდომა დანიშნა 14 მარტს 12.30-საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაინტერესებულ პირებს, აქტივისტებს, მოვუწოდებ დაესწრონ ამ სხდომას. კარგი იქნება თუ გამოჩნდება, რომ საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. სხდომა ღია იქნება.

მოსამართლემ  ასევე დაადგინა, რომ მთავარ სხდომაზე უსინათლო მოსარჩელეებმა უნდა მივიტანოთ კომპიუტერი შესაბამისი გამხმოვანებელი პროგრამით, ჩავრთოთ სარჩელის ფორმები და მოვახდინოთ იმის დემონსტრაცია, რამდენად არის შესაძლებელი ამ ფორმების დამოუკიდებლად შევსება უსინათლოსთვის ტექნიკური თვალსაზრისით. ეს საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ როგორც უსინათლო მოქალაქისა და აქტივისტისთვის, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს სასამართლოსთან ურთიერთობა, არამედ როგორც იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულისთვისაც. მე ან იურიდიულ ფაკულტეტის კიდევ რამდენიმე უსინათლო სტუდენტს და იმ უსინათლოებს, ვინც მომავალში აირჩევს იურისტის პროფესიას, ხომ უნდა შეგვეძლოს იურიდიული საქმიანობის განხორციელება, სასამართლოში სარჩელ-შესაგებლების შეტანა.

ავტორის შესახებ: ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტში და თსუ-ში.

ძეგლი ევროპის მოედანზე, რომელშიც წყალი დგას

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #32/34-ში, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო დრომდე საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი. დღეს შენობაში შესვლა შესაძლებელია არა იმიტომ, რომ მესაკუთრემ აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების შესრულება გადაწყვიტა და შენობის კარი გააღო, არამედ მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს შენობის ერთ-ერთი კარი წვიმამ დააზიანა.

ძეგლის პირველ სართულზე წყალი დგას, კედლები ზოგგან ჩამოშლილი, ზოგგან კი – დაბზარული და დაზიანებული. კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე ხავსია მოდებული. შენობაში სამშენებლო ნარჩენებია.

იმაზე, რომ ძეგლის სახურავი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს, 2015 წელს კომპანია „გეოგრაფიკიც“ წერდა თავის რეკომენდაციებში. ჩარევის სასურველ ფორმად კი კომპანიამ რეკონსტრუქცია-რესტავრაცია მიუთითა. სააღრიცხვო ბარათში ნათქვამია, რომ „გეოგრაფიკს“ ძეგლის ინტერიერი არ დაუთვალიერებია და სპეციალისტებმა შენობის მდგომარეობა მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით შეაფასეს, რადგან შენობა ჩაკეტილი იყო.

„გეოგრაფიკმა“  ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია 2015 წელს ჩაატარა ბათუმის მერიის დაკვეთით.

ძეგლის დაზიანებასა და იმაზე, რომ შენობაში გვიმრა გამრავლდა, „ბათუმელები“ 2016 წელსაც წერდა. მაშინ შენობაში შესვლა შეუძლებელი იყო.

ძეგლის ინტერიერი დღეს

რაც შეეხება შენობის არქიტექტურულ ღირებულებას, სპეციალისტების შეფასებით, მემედ აბაშიძის 32/34-ში, „ორი ქუჩის კუთხეში მდებარე ორსართულიანი მანსარდიანი შენობის ფასადები დატვირთულია ნალესობაში გამოყვანილი რენესანსულ-ბაროკული და მოდერნული სტილის დეკორატიული ელემენტებით. იგი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საყურადღებოა, როგორც დომინანტი და მაორგანიზებელი მოცულობა ამ უბნის განაშენიანებაში. “

შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო, რამდენიმე წლის წინ მას გუმბათებიანი მანსარდა დააშენეს.

#1 აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი, შპს „ჟასმინი“ სასტუმროს განთავსებას გეგმავდა. აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ჟასმინმა“ აიღო ვალდებულება ძეგლში სასტუმრო-კომპლექსის მოწყობაზე, სადაც სამი წლის განმავლობაში   საქართველოს არანაკლებ 200 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, შპს „ჟასმინმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის ფასადის უკან არსებულ ფართობზე 11-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის თხოვნით არაერთხელ მიმართა. თუმცა სააგენტომ პროექტი არ განიხილა და კომპანიისგან შენობის რეაბილიტაციის პროექტი მოითხოვა. ასეთი პროექტით სააგენტოს კომპანიისთვის ჯერ არ მიუმართავს. ინვესტორის გეგმებთან დაკავშირებით ბევრი არაფერია ცნობილი. ასევე უცნობია, შენობის ფანჯრები როდემდე იქნება გვიმრებით დაფარული.

აფთიაქის შენობა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, შპს „ჟასმინს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა.

 

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიას აღებული ვალდებულებებიდან მხოლოდ ნაწილი აქვს შესრულებული: გადაიხადა საპრივატიზებო საფასური – 1 მილიონი აშშ დოლარი, გამოისყიდა დუმბაძის ქ #16-18/მ.აბაშიძის ქ#34 მდებარე შენობაში არსებული კერძო ფართობი და სამინისტროში წარადგინა სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი, თუმცა კომპანიამ მშენებლობა ვერ დაიწყო, რადგან შენობა ძეგლია და მასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან ნებართვას საჭიროებს.

სამინისტროს განმარტება: „კომპანია ვალდებულია კომპლექსის მშენებლობისათვის აუცილებელი  ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან მიიღოს. სწორედ ხელშეკრულების აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო 1 675 000 აშშ დოლარი.“

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები კომპანიასთან პროექტის განხორციელების თაობაზე. კომპანია მზად არის წარმოადგინოს ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნებთან. ახალი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გამცემი უწყება იმსჯელებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

რა მოხდება, თუ კომპანია აღებულ ვადებულებებს ვერ შეასრულებს? – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება შესაძლოა გაუქმდეს.

წაიკითხეთ ამ თემაზე: პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები

ეს შენობა მემედ აბაშიძის გამზირზე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. თავიდანვე აქ ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“. ამ აფთიაქს მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, კნუტ ჰამსუნი წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ჰამსუნი ბათუმში 1899 წელს ჩამოვიდა, მწერალი ავად გამხდარა, ამიტომაც დასჭირვებია აფთიაქი.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა იყო ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი.

 

დღეს, წვიამიან ამინდში, ძეგლის მეორე სართულს თავს ძაღლები აფარებენ.

 

„მადაგასკარი“ – სითბო, სიყვარული და ოჯახური გარემო ბავშვებისთვის

საბავშვო ბაგა-ბაღი „მადაგასკარი“ უკვე მეხუთე წელია არსებობს. ბაგა-ბაღს დაარსების დღიდანვე 200 ბავშვის აღზრდა ანდეს მშობლებმა.

აქ მოსული მშობლები თავიდანვე ათვითცნობიერებენ რას ისწავლის ბავშვი მთელი წლის განმავლობაში და რა პერიოდში განვითარების რომელ საფეხურზე იქნება.

ბაღი მორგებულია მშობლების გრაფიკს და დღეში თერთმეტი საათი მუშაობს: დილის ცხრიდან საღამოს რვა საათამდე.

„მადაგასკარში“ ფუნქციონირებს ჩვილების ჯგუფი, სადაც 6 თვიდან ერთ წლამდე ჩვილებს გამოცდილი და პროფესიონალი ძიძები უვლიან.

1-დან 6 წლამდე ბავშვები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან ჯგუფებში. „მადაგასკარში“ ბავშვების 12 ჯგუფია, თითოეულში 15-დან 22-მდე ბავშვია.

ბაღის ყოველი ოთახის ფართობი 70 კვ/მ-ს შეადგენს. ჯგუფებს აქვთ ინდივიდუალური სველი წერტილები და საძინებელი ოთახები.

ბაგა-ბაღი მუშაობს პედაგოგებისა და მეთოდისტის მიერ შემუშავებული, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებული, სპეციალური პროგრამით. „მადაგასკარში“ ბავშვები 2 წლიდან იწყებენ ხატვას, ძერწვასა და თიხაზე მუშაობას, რაც მათ ხელის მოტორიკის დამუშავებაში ეხმარება.

ბაღში ყველა სათამაშო სპეციალური, ანტიალერგიული მასალისგანაა დამზადებული.

ბავშვები ეუფლებიან: ხელოვნებას, ისტორიას, ინგლისურ და რუსულ ენებს, ჭადრაკს, ცეკვას, მუსიკას. უტარდებათ კულინარიის გაკვეთილები. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ლოგოპედისა და ფსიქოლოგის მომსახურებითაც.

გაკვეთილები „მადაგასკარში“ არ გულისხმობს მხოლოდ ბაღის კედლებში მიღებულ ცოდნას,ხელოვნებისა და ისტორიის გაკვეთილების შემდეგ პატარები ხშირად მიდიან საბავშვო თეატრში, კინოთეატრსა და მუზეუმებში.

ბუნებასთან სიახლოვის მიზნით პატარები ხშირად დაჰყავთ ქალაქგარეთ, ბავშვები მონაწილეობენ აჭარის სოფლებში რთველისა თუ მანდარინის კრეფის პროცესში.

სითბო, სიყვარული და ოჯახური გარემო – ეს „მადაგასკარის“ მთავარი დევიზია. ბაგა-ბაღი მეხუთე წელია პატარებს უქმნის გარემოს, რომელიც მათ ყველაზე ლამაზ და ძვირფას პერიოდს, ბავშვობას კიდევ უფრო ალამაზებს.

ბაღში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ კვებას – საკვები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტისაგან.

„მადაგასკარში“ ბავშვების საათობრივად დატოვების რეჟიმიც მოქმედებს. 24-საათიანი ლაივკამერებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერ დროს ნახოთ, რითაა დაკავებული თქვენი პატარა.

ბაღი არ ისვენებს არდადეგებზე და მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. მოქმედებს 24 საათი მომსახურების სერვისი და შაბათის ჯგუფი.

ბაგა-ბაღი „მადაგასკარი“ აცნობიერებს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. „ლეოგრანდის ტრაგედიის“ შემდეგ ბაღის დირექციამ საკუთარი ინიციატივით მოიძია და ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიიღო ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების ბავშვები.

[highlight color=”red”]ბაღში სწავლის საფასური 6 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის ყოველთვიურად  250 ლარია, 3 წლიდან 6 წლამდე ბავშებისთვის კი – 200 ლარი.[/highlight]

„დინების მიმართულებით“-გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

10 მარტს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გაიხსნება გამოფენა – „დინების მიმართულებით“. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება  ნატო ბაგრატიონის, სოფო კობიძის, სანდრო სულაბერიძისა და ნინუცა შატბერაშვილის ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის 2017-2018 წლებშია შექმნილი.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ინფორმაციით, პროექტის განმავლობაში ხელოვანებს საშუალება მიეცათ, ეფიქრათ სხვადასხვა მიმართულებით და ემუშავათ განსხვავებულ მასალაში.

„ნამუშევრები შექმნილია ზღვისპირეთის კონტექსტში, რომლებსაც პირდაპირი კავშირები შესაძლოა არც ჰქონდეთ ზღვასთან. ასოციაციები, შთაბეჭდილებები, მოგონებები, შეგრძნებები, რომლებიც ამ გარემოს უკავშირდება, ოთხი ხელოვანის სამუშაო თემაა,“- ნათქვამია პრესრელიზში.

გამოფენა ათ მარტს, 17:00 საათზე გაიხსნება და 8 აპრილამდე გაგრძელდება.

პური, რომელსაც “ძველი სურნელი” ასდის

„საქართველოში განსაკუთრებით უყვართ პური, ეს მართლაც ჩვენი მთავარი პროდუქტი, არსობის წყაროა. შენ გამომცხვარ პურს რომ დააგემოვნებენ, მადლიერების სიტყვები უნდა აღმოხდეთ,“- ამბობს ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების ქარხნის დირექტორი, იაშა შერვაშიძე და გვაჩვენებს პურის უზარმაზარ ქარხანას, სადაც უკვე 50 წელია ყოველ დღე დიდი რაოდენობით ცხვება პური აჭარის რეგიონისთვის.

ცომის საზელი აპარატები აქ სულ ჩართულია, უზარმაზარი ღუმელები კი 24 საათის განმავლობაში გაუჩერებლად გიზგიზებს, ყველგან ახალგამომცხვარი პურის სურნელი ტრიალებს, აღარ გჯერა გავრცელებული აზრის, რომ „პურს ძველებური სურნელი აღარ აქვს“, ვისაც ხელვაჩაურის ქარხნის პური გაუსინჯავს, მისთვის ეს სურნელი არც არსად დაკარგულა: აქ პურს დღესაც ზუსტად ისე აცხობენ, როგორც  50 წლის წინ.

90-იან წლებში დიდი ქარხნები თანმიმდევრობით იხურებოდა და იგივე ბედი ელოდა ხელვაჩაურის პურის ქარხანასაც. თუმცა დირექტორის, იაშა შერვაშიძის დიდი ძალისხმევის შედეგად, ქარხანას არც ერთი დღით არ შეუწყვეტია მუშაობა და მეტიც: მან სამუშაო ადგილი შეუნარჩუნა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს საწარმოში 130-ზე მეტი მუშახელია დასაქმებული.

როგორ ცხვება პური, რომელსაც ძველი სურნელი ასდის

პურს რომ „ძველებური“ სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს და ყუათიანობით გამოირჩეოდეს, აუცილებელია ცომის მომზადებისა და ცხობის სრულფასოვანი, ხანგრძლივი ტექნოლოგიური ეტაპების გავლა. ნამდვილი პური მალე არ ცხვება. მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტის მისაღებად საფუარის მომზადებიდან გამოცხობამდე პროცესს 8-9 საათი სჭირდება.

ხელვაჩაურის პურის საწარმოში საფუარს ადგილზევე ამზადებენ და ძალიან მცირე რაოდენეობით ამატებენ ცომს, რომელიც დიდხანს ისვენებს, ოდნავ ფუვდება და მხოლოდ ამის შემდეგ ცხვება გავარვარებულ ღუმელში. ეს იმ ტრადიციული ტექნოლოგიის საიდუმლოა, რისი წყალობითაც ხელვაჩაურის პური „ძველ სურნელსა“ და ყუათიანობას ინარჩუნებს და მომხმარებელს მისი დაგემოვნების შემდეგ სხვა პურის ყიდვა უბრალოდ აღარ უნდა.

პური, ყველაზე სუფთა პროდუქტი

ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების ქარხანაში დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენასა და სანიტარული ნორმების დაცვას.

მიღებამდე ფქვილს სპეციალურ ლაბორატორიაში ამოწმებენ, შემდეგ  საცდელ ცხობას აწყობენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება ფქვილის დიდი რაოდენობა ქარხანაში. ლაბორატორიულ კვლევას გადის უკვე მზა პროდუქტიც.

სანიტარული ნორმების სრული დაცვა და ცომის მომზადება-ცხობის  8-10-საათიანი სრულყოფილი, ტექნოლოგიური პროცესი განაპირობებს იმას, რომ მაღალკონკურენტულ გარემოშიც ხელვაჩაურის პურ-პროდუქტები ბაზარზე საკუთარ მყარ ადგილს ინარჩუნებს.

ხელვაჩაურის ტრადიციული შავი ჭვავის პური

ხელვაჩაურის საწარმოს დირექტორი, იაშა შერვაშიძე შავ პურთან დაკავშირებულ უნდობლობას ეხმაურება და ამბობს, რომ მათთან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დააკვირდეს ცხობის პროცესს ნაწარმის ხარისხში დასარწმუნებლად. „საკვებში და მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტში, როგორიც პურია, საღებავის გარევა უპატიებელი დანაშაულია. ადამიანები იცავენ დიეტას, უფრთხილდებიან ჯანმრთელობას, შენ კი საღებავით ატყუებ, ეს ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა ჩვენთვის, მომხმარებლის ნდობაზე დგას ჩვენი ღირსება და იმიჯი“.

ბებიების რეცეპტები საკონდიტრო „თავადურისგან“

გარდა პურ-პროდუქტებისა, ხელვაჩაურის საწარმოშინა ნატურალური პროდუქტით  ამზადებენ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმს „თავადურს“ – კონდიტერი სემიკო ბერიძე უკვე 6 წელია აქ მუშაობს: „ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს ვაწვდით მომხმარებელს.  ვხელმძღვანელობთ ბებიების რეცეპტით: მხოლოდ სოდა, შაქარი, ფქვილი, მარილი, ნატურალური კვერცხი და კარგი ხარისხის კარაქი – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, რომლებითაც „თავადურის“ საკონდიტრო ნაწარმი მზადდება,“-ამბობს კონდიტერი.

„მახსოვს, 90-იან წლებში მთელ რეგიონში მარტო ჩვენი ქარხანა აცხობდა პურს და არ გაჩერებულა.  შავ პურს ვაცხობდით, სხვა ფქვილი  არ გვქონდა. ხალხს პური არ ჰყოფნიდა, უცებ ცარიელდებოდა დახლები,  ვფიქრობდი:  ნეტა, ისეთ დროს მოვესწრო, როცა ხალხს აღარ ეშიება და დახლებზე დღის ბოლოს პური შემორჩება-მეთქი,“- იხსენებს საწარმოს დირექტორი, იაშა შერვაშიძე. ამბობს, რომ მისი ოცნება ახდა და დახლებზე პური ხანდახან რჩება კიდეც.

ამჟამად ხელვაჩაურის საწარმოში 16  სახის პურ-პროდუქტსა და 35 სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ, ქარხანასთან ახლოს ახალგამომცხვარი პურეულის მაღაზია და საკონდიტროა, რომლის დახლებზეც ყოველთვის იპოვით პროდუქტს, რომელსაც ეძებთ.

Exit mobile version