მთავარი,სიახლეები

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარიდან ჯერჯერობით ორ პირს სურს – სირაბიძე&ლილუაშვილი

03.03.2018
საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარიდან ჯერჯერობით ორ პირს სურს – სირაბიძე&ლილუაშვილი

ვინ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველები, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 3 მარტს ბორდის წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია და არხის განვითარების კონცეფცია პარლამენტში შექმნილ სპეციალურ კომისიას უნდა გადაუგზავნონ. ბორდის ოთხი ასარჩევი წევრიდან ერთი კვოტა აჭარას ეკუთვნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ადგილის დასაკავებლად აჭარიდან განაცხადი ამ დროისთვის ორმა კანდიდატმა გააგზავნა – ბესიკ ლილუაშვილმა და ნათია სირაბიძემ.

ბესო ლილუაშვილი

ბესიკ ლილუაშვილმა გუშინ შეიჩერა უფლებამოსილება აჭარის მთავრობაში. იგი აქამდე მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. ბესიკ ლილუაშვილი ამბობს, რომ მას ტელევიზიაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და შეუძლია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას შეუწყოს ხელი.

„აქცენტი მაქვს საინფორმაციოს გაძლიერებაზე. ამ მოცემულობაში რაშიც ვართ და ზოგადად მსოფლიოში, საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან ერთადერთი ობიექტური და მიუკერძოებელი მედიასაშუალებები, საიდანაც ადამიანებს აქვთ საშუალება მიიღონ დაბალანსებული ინფორმაცია. ჩემი პრიორიტეტია ასევე საგამოძიებო ჟურნალისტიკის წინა პლანზე წამოწევა, კინოდოკუმენტალისტიკა და ზოგადად, კინოს მხარდაჭერა, ვებპლატფორმა და რადიოს განვითარება,“ – გვითხრა ბესიკ ლილუაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის სურვილი აქვს ნათია სირაბიძესაც. იგი აჭარის მთავრობის წინა თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის პრესსამსახურის უფროსი იყო. ნათია სირაბიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა იმ პერიოდს უკავშირდება, როცა იგი მთავრობაში მუშაობდა.

ნათია სირაბიძე

„მეამაყება, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობისას ვითვალისწინებდი მედიის ინტერესებს, ამის ნათელი მაგალითია აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა, რომელშიც დიდი წვლილი მიმიძღვის ტელევიზიის მენეჯმენტთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად. ჩემი აზრით, მაუწყებელი უნდა გამოირჩეოდეს სანდო, შემოქმედებითი, მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული და კონკურენტუნარიანი პროდუქციით, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს რეგიონებს, ქვეყნის 2/3 რეგიონში ცხოვრობს და მათი ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული გადაცემებით მაღალ რეიტინგს ადვილად მოიპოვებს,“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

სპეციალურმა კომისიამ 10 კალენდარულ დღეში უნდა შეისწავლოს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, აქვს თუ არა რომელიმე კანდიდატს ბმა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. შერჩეული კანდიდატების სია იმ უწყებებს გადაეგზავნება, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში კვოტა ერგებათ. კანდიდატები წარედგინება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, რომელმაც სამ დღეში უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატებს საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი არჩევს.

თუკი აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის არჩევაზე პარლამენტი უარს იტყვის, მაშინ საბჭომ ხელახლა უნდა შეარჩიოს სხვა კანდიდატი. თუ კენჭისყრა პარლამენტში ისევ ჩავარდება, ამ შემთხვევაში კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: