სიახლეები

პური, რომელსაც “ძველი სურნელი” ასდის

05.03.2018 • 1309
პური, რომელსაც “ძველი სურნელი” ასდის

„საქართველოში განსაკუთრებით უყვართ პური, ეს მართლაც ჩვენი მთავარი პროდუქტი, არსობის წყაროა. შენ გამომცხვარ პურს რომ დააგემოვნებენ, მადლიერების სიტყვები უნდა აღმოხდეთ,“- ამბობს ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების ქარხნის დირექტორი, იაშა შერვაშიძე და გვაჩვენებს პურის უზარმაზარ ქარხანას, სადაც უკვე 50 წელია ყოველ დღე დიდი რაოდენობით ცხვება პური აჭარის რეგიონისთვის.

ცომის საზელი აპარატები აქ სულ ჩართულია, უზარმაზარი ღუმელები კი 24 საათის განმავლობაში გაუჩერებლად გიზგიზებს, ყველგან ახალგამომცხვარი პურის სურნელი ტრიალებს, აღარ გჯერა გავრცელებული აზრის, რომ „პურს ძველებური სურნელი აღარ აქვს“, ვისაც ხელვაჩაურის ქარხნის პური გაუსინჯავს, მისთვის ეს სურნელი არც არსად დაკარგულა: აქ პურს დღესაც ზუსტად ისე აცხობენ, როგორც  50 წლის წინ.

90-იან წლებში დიდი ქარხნები თანმიმდევრობით იხურებოდა და იგივე ბედი ელოდა ხელვაჩაურის პურის ქარხანასაც. თუმცა დირექტორის, იაშა შერვაშიძის დიდი ძალისხმევის შედეგად, ქარხანას არც ერთი დღით არ შეუწყვეტია მუშაობა და მეტიც: მან სამუშაო ადგილი შეუნარჩუნა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს საწარმოში 130-ზე მეტი მუშახელია დასაქმებული.

როგორ ცხვება პური, რომელსაც ძველი სურნელი ასდის

პურს რომ „ძველებური“ სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს და ყუათიანობით გამოირჩეოდეს, აუცილებელია ცომის მომზადებისა და ცხობის სრულფასოვანი, ხანგრძლივი ტექნოლოგიური ეტაპების გავლა. ნამდვილი პური მალე არ ცხვება. მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტის მისაღებად საფუარის მომზადებიდან გამოცხობამდე პროცესს 8-9 საათი სჭირდება.

ხელვაჩაურის პურის საწარმოში საფუარს ადგილზევე ამზადებენ და ძალიან მცირე რაოდენეობით ამატებენ ცომს, რომელიც დიდხანს ისვენებს, ოდნავ ფუვდება და მხოლოდ ამის შემდეგ ცხვება გავარვარებულ ღუმელში. ეს იმ ტრადიციული ტექნოლოგიის საიდუმლოა, რისი წყალობითაც ხელვაჩაურის პური „ძველ სურნელსა“ და ყუათიანობას ინარჩუნებს და მომხმარებელს მისი დაგემოვნების შემდეგ სხვა პურის ყიდვა უბრალოდ აღარ უნდა.

პური, ყველაზე სუფთა პროდუქტი

ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების ქარხანაში დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენასა და სანიტარული ნორმების დაცვას.

მიღებამდე ფქვილს სპეციალურ ლაბორატორიაში ამოწმებენ, შემდეგ  საცდელ ცხობას აწყობენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება ფქვილის დიდი რაოდენობა ქარხანაში. ლაბორატორიულ კვლევას გადის უკვე მზა პროდუქტიც.

სანიტარული ნორმების სრული დაცვა და ცომის მომზადება-ცხობის  8-10-საათიანი სრულყოფილი, ტექნოლოგიური პროცესი განაპირობებს იმას, რომ მაღალკონკურენტულ გარემოშიც ხელვაჩაურის პურ-პროდუქტები ბაზარზე საკუთარ მყარ ადგილს ინარჩუნებს.

ხელვაჩაურის ტრადიციული შავი ჭვავის პური

ხელვაჩაურის საწარმოს დირექტორი, იაშა შერვაშიძე შავ პურთან დაკავშირებულ უნდობლობას ეხმაურება და ამბობს, რომ მათთან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დააკვირდეს ცხობის პროცესს ნაწარმის ხარისხში დასარწმუნებლად. „საკვებში და მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტში, როგორიც პურია, საღებავის გარევა უპატიებელი დანაშაულია. ადამიანები იცავენ დიეტას, უფრთხილდებიან ჯანმრთელობას, შენ კი საღებავით ატყუებ, ეს ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა ჩვენთვის, მომხმარებლის ნდობაზე დგას ჩვენი ღირსება და იმიჯი“.

ბებიების რეცეპტები საკონდიტრო „თავადურისგან“

გარდა პურ-პროდუქტებისა, ხელვაჩაურის საწარმოშინა ნატურალური პროდუქტით  ამზადებენ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმს „თავადურს“ – კონდიტერი სემიკო ბერიძე უკვე 6 წელია აქ მუშაობს: „ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს ვაწვდით მომხმარებელს.  ვხელმძღვანელობთ ბებიების რეცეპტით: მხოლოდ სოდა, შაქარი, ფქვილი, მარილი, ნატურალური კვერცხი და კარგი ხარისხის კარაქი – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, რომლებითაც „თავადურის“ საკონდიტრო ნაწარმი მზადდება,“-ამბობს კონდიტერი.

„მახსოვს, 90-იან წლებში მთელ რეგიონში მარტო ჩვენი ქარხანა აცხობდა პურს და არ გაჩერებულა.  შავ პურს ვაცხობდით, სხვა ფქვილი  არ გვქონდა. ხალხს პური არ ჰყოფნიდა, უცებ ცარიელდებოდა დახლები,  ვფიქრობდი:  ნეტა, ისეთ დროს მოვესწრო, როცა ხალხს აღარ ეშიება და დახლებზე დღის ბოლოს პური შემორჩება-მეთქი,“- იხსენებს საწარმოს დირექტორი, იაშა შერვაშიძე. ამბობს, რომ მისი ოცნება ახდა და დახლებზე პური ხანდახან რჩება კიდეც.

ამჟამად ხელვაჩაურის საწარმოში 16  სახის პურ-პროდუქტსა და 35 სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ, ქარხანასთან ახლოს ახალგამომცხვარი პურეულის მაღაზია და საკონდიტროა, რომლის დახლებზეც ყოველთვის იპოვით პროდუქტს, რომელსაც ეძებთ.

გადაბეჭდვის წესი