მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთი ახალი სკოლის გახსნა იზეიმეს

მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, ახალი სკოლა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ ფურტიოელებს ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის გახსნა მიულოცა
ზურაბ პატარაძემ ფურტიოელებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის გახსნა მიულოცა

ფურტიოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. აშენდა სპორტული დარბაზი. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობის ღირებულებამ  920 000 ლარი შეადგინა.

მშენებლობის ღირებულებამ 920 000 ლარი შეადგინა.
მშენებლობის ღირებულებამ 920 000 ლარი შეადგინა.

ზურაბ პატარაძემ ფურტიოელებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობაზე, რისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა იხარჯება. ჩვენი საზრუნავია როგორც სასკოლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ისე პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, რაც მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და სახელფასო დანამატებით გამოიხატება,“ – აღნიშნა ფურტიოს საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იქნებიან გამორჩეულები არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ფურტიოს მსგავსად, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურით შეხვდება სასწავლო წელს სოფელ მაწყვალთისა და სოფელ ჟანივრის მოსწავლეები.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ფურტიოს მსგავსად, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურით შეხვდებიან სასწავლო წელს სოფლების -მაწყვალთისა და ჟანივრის მოსწავლეები.

სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ამჟამად 129 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 33 პედაგოგი. 2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლას მიენიჭა დამსახურებული პედაგოგის, ლევან ბერიძის სახელი.

შუახევის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ფურტიოს მსგავსად, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურით შეხვდებიან სასწავლო წელს სოფლებში – მაწყვალთისა და სოფელ ჟანივრის მოსწავლეები.

2018 წელს აჭარაში 24 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა – წიგნი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ

ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიული წიგნი ცოტა ხნის წინ იანს ანდერსენმა გამოსცა სახელწოდებით „ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა

საბავშვო ავტორის დამაფიქრებელი ბიოგრაფია, მისი შეურიგებელი, ძლიერი ხასიათის შტრიხებს ავლენს. ასტრიდ ლინდგრენმა, რომლის სახალისო, საბავშვო წიგნებიც სხვადასხვა თაობის ბავშვებისთვის დღემდე ყველაზე საყვარელი ტექსტების სიაშია, ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი ტრაგედია გადაიტანა, ასტრიდის ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ისეთი ხალისიანი, როგორც ბიულერბიუელი ბავშვების ან პეპის ცხოვრება იყო ვილა ყიყლიყოში.

ლინდგრენმა საბავშვო ლიტერატურის მიმართულება რადიკალურად შეცვალა – ანარქიული, მეოცნებე, მდიდარი ფანტაზიის უსაზღვრო სივრცე შესთავაზა მეოცე საუკუნის თაობებს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები საბავშვო ლიტერატურაში ტრავერსის „მერი პოპინსით“ დაიწყო. „მერი პოპინსამდე“ საბავშვო ლიტერატურა არ იცნობდა კეთილ ჯადოქარს, რომელიც მთელი წიგნის სიუჟეტური ხაზის მთავარი პერსონაჟი იქნებოდა და უზარმაზარ თავისუფლებას მისცემდა ბავშვებს.

მნიშვნელოვანი სიახლე იყო მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ფინელი ტუვე იანსონის მუმინების იდუმალი, უცნაური სამყაროს გამოჩენაც საბავშვო ლიტერატურაში. მალევე გამოჩნდა ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდა“ – მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გოგო ჟღალი თმით, ჭორფლიანი სახით და კიკინებით, ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობით და ბავშვური, უშიშარი პირდაპირობით.

სუსტების დამცველი, პაციფისტი, ძლიერი, გოგოს ისტორია „პეპი გრძელიწინდა“ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წელს გამოიცა.

„პეპი გრეძელიწინდას” ერთ-ერთი პირველი გამოცემის ყდა/ ფოტო: astridlindgren.se/en

პეპი ბიუროკრატიულ შეხედულებებს თავდაყირა აყენებს, არაფრად აგდებს პოლიციელებს, ბალიშზე თავის ნაცვლად ფეხები უდევს, ცეკვავს ეკლესიის სკამებზე, დასცინის დიდების მოსაწყენ და მკაცრ სამყაროს. დიდებისთვის პეპი საშიში გოგოა და უზრდელს, შეშლილს, თავხედს უწოდებენ, თუმცა ის უყვართ ბავშვებს, რადგან პეპი სულ მათ მხარესაა და არ არის შეზღუდული უფროსების გავლენებით. მთელ მსოფლიოში არ წყდება სხვადასხვა თაობის ამ პერსონაჟით აღფრთოვანება.

ასტრიდი 1907 წელს დაიბადა და 2002 წელს, 94 წლისა გარდაიცვალა. იცხოვრა თითქმის მთელი მეოცე საუკუნე, ამ ხნის განმავლობაში ვრცელი გზა განვლო შვედურ სოფელში მცხოვრები ფერმერის შვილობიდან მარტოხელა დედობამდე, ბოლოს კი მისი სახელი და გვარი მსოფლიო ბრენდად იქცა.

ასტრიდი ერთდროულად იყო როგორც მსოფლიო ბესტსელერების ავტორი, ასევე პოლიტიკური აქტივისტი, ეკოლოგი, ფემინისტი და ბიზნესმენი. 2002 წლის 8 მარტს, მისი დაკრძალვის დღეს, სტოკჰოლმის ქუჩები სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც მწერალს ემშვიდობებოდნენ, მათ შორის იყო შვედეთის სამეფო ოჯახი და პრემიერ-მინისტრი, ბიუროკრატები, რომლებთანაც ლინდგრენს მთელი ცხოვრება დავა ჰქონდა შვედეთისთვის სტრატეგიულდ მნიშვნელოვანი ბევრი სხვადასხვა საკითხის გამო.

ბავშვობაში ასტრიდი მამასთან ერთად ყოველდღე მუშაობდა ფერმაში, უყვარდა კითხვა, ცეკვა, ჯაზი, ტყეში ხეტიალი და თავგადასავლები.

ლინდგრენს სკოლა ბოლომდე არ დაუმთავრებია – 16 წლისამ გაზეთში დაიწყო მუშაობა. 17 წლის იყო, როცა გაზეთის მფლობელისგან, 50 წლის ცოლიანი კაცისგან დაორსულდა. 18 წლისა უკვე მარტოხელა დედა იყო და სტოკჰოლმში სტენოგრაფისტად მუშაობდა, მისი შვილი, ლარსი, 3 წლამდე კოპენჰაგენში იზრდებოდა ერთ-ერთ ოჯახში.

მწერლის ამ რთული წლების შესახებ ბიოგრაფი იანს ანდერსენი წერს ლინდგრენის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ლარსის მამასთან, ბავშვის გაჩენის დამალულ ამბავზე, იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ლინდგრენი ამ კაცისგან სრულ დამოუკიდებლობას. როგორც წიგნშია აღნიშნული, მწერალს მუდმივად ტანჯავდა ბრალეულობის შეგრძნება, რომ ლარსი სამ წლამდე მისგან შორს, სხვა ქალაქსა და სხვა ოჯახში იზრდებოდა, მერე კი ასევე დამნაშავედ მიიჩნევდა თავს, რომ მოაშორა ოჯახს, რომელსაც პატარა თავიდანვე შეეჩვია.

ამ ისტორიების ანარეკლებია ლინდგრენის წიგნებში, სადაც ბავშვებს ხშირად არ ჰყავთ მშობლები, გოგო-ბიჭები მიტოვებულები არიან და მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლით წრეგადასულ მხიარულებასა და სიცოცხლის სიყვარულში. ამ მხიარული, ხშირად სასაცილო  ამბების მიღმა მარტოობისა და ცხოვრებისეული დანაკარგების ნამდვილი, სევდიანი ისტორიები იმალება.

1931 წელს ასტრიდი ცოლად მის დამსაქმებელს, სტურ ლინდგრენს გაჰყვა და ლარსის შინ დაბრუნება შეძლო. სამი წლის შემდეგ გოგონა, კარინა შეეძინა. ომის წლებში ასტრიდი დღისით შვედური დაზვერვის ფოსტის ინსპექტორად მუშაობდა, პეპის ამბებს კი საღამოობით, ლარსისა და კარინისთვის, ძილის წინ იგონებდა.

ასტრიდ ლინდგრენი შვილებთან, ლარსთან და კარინთან ერთად/ფოტო: astridlindgren.se/en

ომის დასასრულს, 1945 წელს, ლინდგრენმა გამომცემელი, ელზა ოლენიუსი იპოვა, „პეპი გრძელიწინდა“ გამოსცა და მას შემდეგ 10 წიგნი დაწერა. წერდა სატელევიზიო გადაცემების სცენარებს, ყოველდღიურად პასუხობდა მისი წიგნებით აღფრთოვანებული მკითხველების წერილებს. ათასობით ასეთი წერილი აქვს გაგზავნილი. ლინდგრენის წიგნები თავიდან შვედეთში, მერე დანიაში, ბოლოს კი მთელ მსოფლიოში გამოიცემოდა.

მონაწილეობდა ტელე-რადიოშოუებში, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, ინიციატორი იყო უამრავი ეფექტური და შედეგიანი კამპანიის: გამოდიოდა სელაპებზე ნადირობის, მაღალი კომუნალური გადასახადების, რასიზმის, ბიბლიოთეკების ნაკლებობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ.

ლინდგრენი მოესწრო შვილის, მეუღლის, დებისა და ძმების, ერთგულ მკითხველთა პირველი თაობის გარდაცვალებას, თუმცა ცხოვრების ყველა ეტაპზე ინარჩუნებდა პეპის ნაწილს საკუთარ თავში და არასდროს მოდუნებულა, ყოველთვის იყო ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პროცესების ეპიცენტრში.

ასტრიდ ლინდგრენი / ფოტო: astridlindgren.se/en

წიგნში „ქალი, პეპი გრძელიწინდას მიღმა“ იანს ანდერსენი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მხიარულებისა, პეპი მაინც მარტოსული პერსონაჟია, რომელმაც იცის, რომ ერთადერთი საყრდენი აქვს ცხოვრებაში – საკუთარი თავი. შემთხვევითი არ არის წიგნის დასასრულიც, როცა გოგო შინ მარტო რჩება, აქრობს სანთელს და სიბნელეში იკარგება.

კადრი ფილმიდან ,,პეპი გრძელიწინდა”

წყარო: publishersweekly

 theguardian.com

შშმ ბავშვების მშობლები ხელვაჩაურში შვილების გარეთ გამოყვანას ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ

38 წლის მაია ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში დაგეგმილ შეხვედრაზე შვილთან, 11 წლის ლუიზასთან ერთად მივიდა. ამ შეხვედრის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვების მშობლების დაახლოება, მათი კავშირის ჩამოყალიბებაა, გამოცდილების გასაზიარებლად.

მაიამ შეხვედრის მონაწილეებს უამბო, რა გზა გაიარა ლუიზას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მისი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. მან შეხვედრის მონაწილე მშობლებს შესთავაზა ერთიანი ჯგუფის შექმნა სოციალურ ქსელში, იმისათვის, რომ მათ შორის კონტაქტი გაადვილდეს.

მაიას მონაყოლით, ლუიზა დიდი ხნის განმავლობაში ვერ დადიოდა, გამართულად ვერ მოძრაობდა, არ საუბრობდა, ექიმები მდგომარეობის გაუმჯობესებას არ პროგნოზირებდნენ. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლუიზას ყველა საჭირო რეაბილიტაციის პროგრამაში მიეღო მონაწილეობა, გარდა ამისა, მისთვის მისაწვდომი გამხდარიყო ჯანდაცვის ყველა სერვისი, რაც ოდნავ მაინც შეცვლიდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

რამდენიმეწლიანი მცდელობების შემდეგ ლუიზას ოპერაცია სტამბოლში ჩაუტარეს. მან მოძრაობა, გავლა და დაჯდომა შესძლო. შემდეგ კი, უკვე ხუთი წლის ასაკში, პირველად თქვა სიტყვა დედა. ამიტომაც ურჩია ლუიზას დედამ შეხვედრაზე დამსწრე მშობლებს, რომ არ დანებდნენ და ყველა იმ პროგრამაში ჩართვა მოითხოვონ, რასაც მათ სახელმწიფო შესთავაზებს, მოითხოვონ ის პროგრამები და სერვისები, რასაც სხვა ქვეყნები სთავაზობენ მსგავსი ტიპის პრობლემების მქონე პაციენტებს.

„… ჩვენ ამის მისაღებად საზღვრის გადაკვეთა არ უნდა გვჭირდებოდეს“, – ამბობს მაია.

შეხვედრაზე მშობლებმა ისაუბრეს ასევე იმ სერვისებზე, რომლებიც მხოლოდ ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვისაა ხელმისაწვდომი. მსგავს პროგრამებს ხელვაჩაურის ბიუჯეტი არ აფინანსებს. მათ ხელვაჩაურის საკრებულოს წარმომადგენელმა, გურანდა დოლიძემ უპასუხა, რომ  ბიუჯეტებს შორის დიდი ფინანსური განსხვავებაა და ხელვაჩაურის მერიას არ აქვს ფინანსური საშუალება, ბათუმში მოქმედი ყველა იდენტური პროგრამა ჰქონდეს.

მშობლებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა გზით სცადეს  ბათუმის მერიის პროგრამებით ესარგებლათ, მაგრამ მათ უარი უთხრეს.

საუბარი იყო ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემაზეც. ერთ-ერთმა მშობელმა ისაუბრა იმაზე, რომ მათ არ იციან ვის უნდა მიმართონ, ვინ არის პასუხისმგებელი ყველა საჭირო კითხვას გასცეს პასუხი.

ამ შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები. მოძრაობის დამფუძნებლებსაც იდენტური პრობლემების გადალახვა მოუწიათ და ახლა ისინი სხვების გასაძლიერებლად გაერთიანდნენ. კოალიციის ერთ-ერთი წევრის, გია კაკაჩიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად თავადაც ვერ აწვდიან მოსახლეობას სრულ ინფორმაციას უკვე მოქმედ პროგრამებზე, რადგან რიგში დგას ათობით ბენეფიციარი:

„როცა ეტყვი, რომ ასეთი პროგრამა არსებობს და მშობელი ინტერესდება, მერე უკვე ჩიხში შედიხარ, რადგან პროგრამები გადაჭედილია და რეალურად ის მაინც პროგრამის მიღმა რჩება“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მშობლებმა ყურადღება გაამახვილეს, ეს საზოგადოების ცნობიერების პრობლემაა. რამდენიმე მშობელმა თქვა, რომ მისი შვილი ბაღში არ მიიღეს. მათივე მონაყოლით, ბაღების ადმინისტრაცია ხშირად პასუხობს, რომ ბავშვს ვერ მიიღებენ, რადგან შესაბამისი რესურსი არ გააჩნიათ: „ამბობენ, რომ არ ჰყავთ სპეცმასწავლებელი და ასე შემდეგ“.

შშმ პირების მშობლები დღეს შეხვედრაზე საუბრობდნენ, რომ დაუნის სინდრომით ბავშვის დაბადების შემდეგ დედისთვის სტრესი იწყება სამშობიაროშივე: „ექიმები ისე გატანენ ბავშვს საავადმყოფოდან, ისეთი ამბავი იწყება, რომ იმაზე ფიქრობ, ვინ მიგყავს სახლში.“

შეხვედრას შშმ ბავშვების 22 მშობელი ესწრებოდა. დედები სჭარბობდნენ, თუმცა შეხვედრაზე მამებიც მოვიდნენ.

 

საქართველოდან ქალები ემიგრაციაში ევროპაში მიდიან, კაცები – ძირითადად რუსეთში [ინფოგრაფიკა]

ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ემიგრანტი (21,7 %) ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში (15,9 %) და თურქეთში (11,2 %).

ბოლო საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. აღწერის შედეგებით საქართველოდან ემიგრაციაში 88,5 ათასი ადამიანი იმყოფება, მათ შორის 45,4 % კაცია, ხოლო 54,6 % – ქალი.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, 2016 წელს ემიგრანტთა რიცხვი 98,288-მდე გაიზარდა, თუმცა მათ შორის
საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა (64,705).

 

მოქანდაკე, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავი ნახევრად გადაიპარსა

დღეს, 12 აპრილს, მოქანდაკე თემურ მახარაძემ პროტესტის ნიშნად თავი ნახევრად გადაიპარსა და ბათუმის ბულვარში იმ ადგილას დადგა საპროტესტო ტრაფარეტით, სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა დაიდგას.

მოქანდაკის პროტესტის მიზეზი 9 აპრილის თემაზე შექმნილი მემორიალის ესკიზი გახდა. კონკურსში, რომელიც 9 აპრილის მემორიალის ესკიზის შესაქმნელად იყო გამოცხადებული, თემურ მახარაძის მიერ მომზადებულმა ესკიზმა გაიმარჯვა.

მოგვიანებით ბათუმის მერიის სატენდერო კომისიამ ესკიზის მიხედვით მემორიალის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში, რომელშიც ესკიზის ავტორიც მონაწილეობდა, სხვა კომპანიამ – “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” გაიმარჯვა. კომპანიამ 81 ათას ლარად მემორიალი უნდა ააგოს და მის ირგვლივ ტერიტორია კეთილმოაწყოს.

თემურ მახარაძე ამბობს, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. ის აპირებს ყოველდღე დილის ათი საათიდან ორ საათამდე ბათუმის ბულვარში დადგეს და სპეციალური ტრაფარეტით გააპროტესტოს  მერიის გადაწყვეტილება.

“ვაპროტესტებ იმას, რომ მინდა იყოს საავტორო უფლება დაცული. ვერც ერთი “გამდიდებელი” ჩემი ესკიზის, ჩემს საავტორო უფლებას ვერ დაიცავს. მით უმეტეს ეს კომპანია [“დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლი], რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, ფასის უაზროდ დაკლების გამო. სატენდერო ფასთან შედარებით, 25 %-ით ნაკლებ თანხაში აკეთებს მემორიალს. იმდენად დიდი თანხა დააკლო, რომ ამის გამო სამხარაულიდან აიღო ცნობა. შეუძლებელია მაგ თანხაში გააკეთოს მხატვარმა. კომპანიას ნამუშევრის შესრულება დაჰყავს ხელოსნობის დონეზე“.

თემურ მახარაძე ამბობს, რომ მას პროტესტისთვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს: „ამავე კომპანიას დაბა ქედაში დადგმული აქვს  ყადირ შერვაშიძის ბიუსტი, რომლის ავტორიც მე ვარ. ამ ტენდერშიც “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” გაიმარჯვა და დაბალი ხარისხის ბიუსტი დადგა. ეს არის საქართველოს მხატვართა კავშირის დასკვნა. ეს არის ძალზე ცუდად შესრულებული არამხატვრული ნამუშევარი, რომელიც შეიძლება დაიდგას მხოლოდ სასაფლაოზე, გამონაკლის შემთხვევაში და არა საჯარო სივრცეში”.

მახარაძის მიაჩნია, რომ მხოლოდ გამარჯვებულმა ავტორმა უნდა შექმნას მემორიალი: “20 სმ-ის ესკიზიდან როდესაც დიდდება ნამუშევარი, ავტორის გარდა ვერავინ გადაწყვეტს რა როგორ გააკეთოს. ავტორმა იცის თუ რა აქვს გათვალისწინებული. შეუძლებელია ამის განსაზღვრა ვიღაც გამდიდებლის მიერ, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს გარდა იმისა, რომ ქანდაკება არის მრგვალი. ტენდერში დადებულია მხოლოდ ერთი მხარე. არ არის უკანა და გვერდითი მხარე. მე არ ვარ ვალდებული და არც მივცემ [პროექტს], როგორც კონკურენტს“.

თემურ მახარაძის თქმით, ის ესაუბრა როგორც ქალაქის, ისე აჭარის ხელმძღვანელობას, მაგრამ არ მოუსმინეს: „ეს არ არის ასფალტის დაგება ან შენობის აგება, სადაც აქედან აქამდე უნდა გაკეთდეს. ეს არის შემოქმედებითი პროცესი. ეს ვერ გავაგებინე, ვერ ქალაქის მერს, ვერც მთავრობას. უახლოეს დღეებში საქართველოს მხატვართა კავშირი მიმართავს მთავრობას წერილით, რომ არ შეიძლება შემოქმედებითი ნამუშევრის ტენდერში გატანა და სხვის მიერ განხორციელება. ეს მთავრობა აღარ იქნება და სამი მეტრო ბრინჯაოში გადიდებული რაღაც  დარჩება. ვინც არ უნდა გაადიდოს, ავტორად მე ვითვლები, ამიტომ მე არ მინდა ვიღაცის შესრულებულ ნამუშევარზე პასუხი ვაგო, ვიყო ცუდი ქანდაკების ავტორი,” – ამბობს თემურ მახარაძე.

“ესკიზის  მიხედვით გამოცხადდა მონუმენტის დამზადებაზე ტენდერი. ტენდერში გაიმარჯვა სხვა კომპანიამ. ყველაფერი მოხდა კანონის სრული დაცვით,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ამავე თემაზე:

109 ათასი ლარი 9 აპრილის მემორიალისთვის ბათუმში – ესკიზი ცნობილია

2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია „ჯივილისგან“ 

„ჯივილიში“ უკვე შეგიძლიათ გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციიდან სასურველი მოდელების შეძენა.

გთავაზობთ მრავალფეროვან ასორტიმენტს ახალგაზრდა დედებისთვის, 0-14 წლამდე საბავშვო ტანსაცმლის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს, ბავშვთა ორთოპედიულ ფეხსაცმელს, საწოლებს, ჩანთებს, ეტლებს, ქვეშაგებს [ლეიბები, საბნები, თეთრეული და ბალიშები], მოვლისა და აბაზანის საშუალებებს.

და ბოლოს, აქ შეძენილი ყველა ნივთის გადაცვლა ან დაბრუნება არის შესაძლებელი, გარდა ჰიგიენური პროდუქციისა. ნივთის დაბრუნების დროს მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად უნაზღაურდება.

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

განთიადში, მახინჯაურსა და თამარის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა, რომლის შესაკეთებლად სარემონტო სამუშაოები ტარდება. სარემონტო სამუშაოების გამო  დღეს, 12 აპრილს, 17:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის, მახინჯაურისა და თამარის დასახლების ზოგიერთ აბონენტს.

 

გეგმა ბათუმისთვის: მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსებმა და ველოსიპედებმა უნდა ჩაანაცვლოს

„მერიამ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადაიყვანოს,“ – ეს გეგმის ავტორების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმში სატრანსპორტო სისტემა – სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს მოეწყო.

გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ექსპერტებმა შეიმუშავეს და იგი 2030 წლამდე კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

„პარკირება არის საცობის გამომწვევი მთავარი პრობლემა. როცა ადამიანმა იცის, რომ ქუჩებში არსებობს პარკირება, ის ყველგან კერძო ავტომობილით ცდილობს მისვლას,“ – ამბობს ლაშა ნაკაშიძე, გაეროს განვითარების პროექტის ხელმძღვანელი [პროექტის სახელწოდებაა „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“]. მისი თქმით, ბათუმმა ქუჩის გასწვრივ არსებული პარკირება ავტობუსების სამოძრაო ზოლებით უნდა ჩაანაცვლოს. კიდევ ერთი სიახლე – პარკირების საფასური უნდა გაძვირდეს.

„ძალიან ბევრმა ევროპულმა ქალაქმა დაუშვა შეცდომა, როცა პარკირების სივრცეები გაზარდა და ჩვენ ეს აღარ უნდა გავიმეოროთ,“ – გვიყვება ლაშა ნაკაშიძე. – „პარკირების სივრცის გაზრდა ავტომატურად ზრდის ავტომობილების მომხმარებლების რაოდენობას. ეს მხოლოდ მოკლე დროით ჭრის პრობლემას. ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ პარკირების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია საათობრივი გადასახადის შემოღება და მკაცრი რეგულირება“.

ლაშა ნაკაშიძის თქმით, გეგმა ითვალისწინებს პარკირების ადგილების გაზრდასაც, ოღონდ მხოლოდ ქუჩის მიღმა პარკირებების, მაგალითად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე. სტრატეგიული გეგმის მიხედვით, პარკირების ახალი სივრცე ქალაქის შემოსასვლელში უნდა მოეწყოს, სადაც ქალაქში შემოსულ ადამიანს ავტომობილის დატოვების საშუალება ექნება, შემდეგ კი, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.

კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბათუმის მერიამ? – ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს. სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციას, გადასასვლელი კვანძებისა და რეგიონული ტერმინალების მოწყობას… ამ დროისთვის ასევე უცნობია, რა თანხას დახარჯავს ამ სამუშაოებისთვის ბათუმის მერია. სტრატეგიულ გეგმაში წერია, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემის ოპტიმიზაციას 35-დან 100 მილიონამდე ევრო დასჭირდება.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ბათუმის სატრანსპორტო განვითარების გეგმა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე კომპანია A + S-მა შეიმუშავა. გეგმის შემუშავებაში ჩართული იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები, ასევე ბათუმის მერიის თანამშრომლები. გეგმა წელიწადნახევრის განმავლობაში მუშავდებოდა.

საჯარო განხილვას თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა, გადამზიდავი კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეკითხვები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დასვეს. მაგალითად, საკრებულოს წევრმა, ლევან ანთაძემ იკითხა, თუ რატომ არ ახლავს ამ გეგმას კონკრეტული ფინანსური გაანგარიშება, ასევე რატომ არ დევს საჯაროდ სტრატეგიული განვითარების გეგმა.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრს უპასუხა, რომ მათ დოკუმენტი მერიას მიაწოდეს და გასაჯაროების საკითხი მათზე დამოკიდებული არ არის.

საკრებულოს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ შეკითხვა მიკროავტობუსების შესახებ დასვა. „ისინი ნებისმიერ ადგილას აჩერებენ ქუჩაზე და რეგულაცია არ აქვთ“, – თქვა მან. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, ლაშა ნაკაშიძემ მას უპასუხა, რომ მიკროავტობუსების გაჩერებისთვის მკაფიოდ განსაზღვრული ადგილების გაჩენასაც ითვალისწინებს სტრატეგიული განვითარების გეგმა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

 

84 წლის გიდი აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარაში ერთ-ერთ პირველ გიდს, 84 წლის გუგული მახარაძეს, რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, გუგული მახარაძე 30 წლის განმავლობაში აჭარის სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული გიდი რეგიონში, რომელსაც 84 წლის ასაკშიც დეტალურად ახსოვს აჭარის კულტურული თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ისტორია და მნიშვნელობა.

პროფესიით ფილოლოგმა გიდად მუშაობა 25 წლის ასაკში დაიწყო. მისი, როგორც გიდის, პირველი სამუშაო დღე 1963 წლის პირველ მაისს იყო, როცა ბათუმის ნავსადგურში შემოსულმა გემმა “პენსილვანიამ” ტურისტების ჯგუფი შემოიყვანა.

დამსახურებულ გიდს მადლობის სიგელი და დეპარტამენტის მიერ დაბეჭდილი გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო – „გიდის პროფესია“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა და მისმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა გადასცეს.

ხმაურისთვის დაჯარიმებებს მერია ივლისიდან დაიწყებს

გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას აქვს.

“შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ჩვენი წარმომადგენლები სპეციალური ხმაურმზომი აპარატით დაადგენენ, ირღვევა თუ არა კანონით განსაზღვრული ნორმები,”- ამბობს ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ნუგზარ ცეცხლაძე.

გადაჭარბებული ხმაურისთვის დაჯარიმების უფლება ადგილობრივ თვითმმართველობებს გასულ წელს მიენიჭათ მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

ბათუმის მერიამ დღეს, 12 აპრილს, კანონში შესული ცვლილებები ბათუმში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს გააცნო. კერძო ობიექტების მესაკუთრეებს უთხრეს, რომ პირველი ივლისიდან მათ პატრულის ნაცვლად მერიის თანამშრომლები დააჯარიმებენ, თუკი გადაჭარბებული ხმაური დაფიქსირდება.

დასჭირდება თუ არა მერიას კადრების დამატება ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის? – სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა გვითხრა, რომ ეს დეტალი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ ჯარიმების დაწერის უფლება მის სამსახურს ექნება. სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში ამჟამად სამი ადამიანი მუშაობს.

გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

 

„ჩაინიკი“ არის ურთიერთობა

სად შეიძლება ბათუმში მეგობრებთან ერთად წავიდე? სად დავსხდეთ? სად ვერთობით? სად არის კარგი გარემო? – ამ კითხვებზე პასუხად კაფე „ჩაინიკს“ გირჩევთ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სახასიათო ადგილს ბათუმში, გოგებაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში.

განსხვავებული და მყუდრო სივრცე, გემრიელი სამზარეულო, მეგობრული გარემო და ხელმისაწვდომი ფასი მინიმუმია, რასაც  პირველივე სტუმრობის დროს აღმოაჩენთ. აქ ერთხელ ნამყოფი სტუმარი კი აუცილებლად ბრუნდება.

ჩაინიკის კონცეფცია საბჭოთა თემატიკით გამოირჩევა, რითაც ხშირად ერთობიან სტუმრები.
„ჩაინიკის“ კონცეფცია საბჭოთა თემატიკით გამოირჩევა, რითაც ხშირად ერთობიან სტუმრები.

გასული წლის ბოლოდან „ჩაინიკს“ ახალი მენეჯმენტი მართავს. ძველი „ჩაინიკიდან“ დარჩა კონცეფცია, პოპულარული მენიუ და ადგილმდებარეობა. რაც შეეხება ახალს – კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა პაბმენიუ, დაემატა პერიოდული ივენთები ბენდთან ერთად, ბიზნესლანჩი და კორპორატიული და ქეითერინგული მომსახურება აჭარის მასშტაბით.

ყველაზე პოპულარული კერძები მენიუდან – რეკომენდაცია

პოპულარული კერძების გარდა „ჩაინიკში“ არსებობს მენიუ, რომელსაც აქ მისული მომხმარებელი ყველაზე ხშირად ითხოვს. უფრო მეტიც, შეიძლება   ხშირად მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული კერძისთვის უყვართ აქ მისვლა:

„ლუდთან ასწორებს“ – ეს კერძი მენიუში სპეციალურად „ჩაინიკის“ მომხმარებლებისთვის დაემატა. სტუმრები პერსონალისგან ძალიან ხშირად ითხოვდნენ რამე ისეთის რჩევას, რაც ლუდთან „გაასწორებდა“, შესაბამისად, სპეციალურად ლუდის მოყვარულთათვის შეიქმნა კერძი, რომელიც შედგება სოსისების ასორტის, კარტოფილის და  შესაბამისი სოუსების ნაკრებისგან.

„ლუდთან ასწორებს“
„ლუდთან ასწორებს“

საფირმო კერძი „ჩაინიკი“ – ეს არაყთან მისაყოლებელი კერძია. შიდა კვლევების მიხედვით, ამ კერძს ხშირად უკვეთავენ მამაკაცები. კერძი მოცულობით დიდია, დაბალი ფასი  აქვს და ერთდროულად ბევრი განსხვავებული პროდუქტის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

კანჭ-მენიუ – ლუდთან მისაყოლებელი კერძი, დიდი, ექვს სტუმარზე გათვლილი ულუფაა. როგორც კაფეს სტუმრები ფეისბუქმიმოხილვებში აღნიშნავენ, ძალიან გემრიელია. რაც შეეხება ფასს, ბაზარზე არსებული შეთავაზებიდან ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა.

საფირმო  ჩიზბურგერი – ბათუმში ყველაზე პოპულარული და გემრიელი  ბურგერი სწორედ „ჩაინიკში“ მზადდება. გარდა ტრადიციული შემადგენლობისა, ბურგერი შეიცავს შეფმზარეულის საიდუმლო ინგრედიენტს, რომელიც გამორჩეულსა და პიკანტურს ხდის კერძს.

ჩაინიკის ჩიზბურგერი
„ჩაინიკის“ შეფმზარეულის საფირმო ჩიზბურგერი

შპიკი არაყთან მისაყოლებელი, ცნობილი სლავური სამზარეულოს „წარმომადგენელი“. გემრიელი პურის კუბიკები და სალა, რომლის აქ დაგემოვნების შემდეგ დარწმუნდებით, რომ ამ ნაცნობ კერძს „ჩაინიკში“ სულ სხვა, განსაკუთრებული გემო აქვს.

„ძალიან გვიხარია, რომ ბევრი ერთგული სტუმარი გვყავს, რომლებიც ხშირად დადიან კაფეში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უკვე ჩვენი მეგობრები არიან. ერთგვარ ლოზუნგად დავამკვიდრეთ, რომ „ჩაინიკი“ არის ურთიერთობა. როცა სავსეა ყველა მაგიდა, ხშირად დაინახავთ, სხვადასხვა მაგიდიდან უერთდებიან ერთმანეთის სადღეგრძელოებს, ერთად მღერიან, ხუმრობენ, ისტორიებს ყვებიან. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ნებისმიერი მომხმარებლის შენიშვნას და ვცდილობთ მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრათ ხარვეზი. ფასებიც საკმაოდ დაბალი და მეგობრული გვაქვს. ჩვენი საუკეთესო რეკომენდატორები ჩვენი ლოიალური მომხმარებლები არიან, ამიტომ, ვცდილობთ, ჩვენც ჩვენის მხრივ ყურადღებით და კარგი სერვისით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ყველას,“ – ამბობს ნანუკა გორგილაძე, „ჩაინიკის“ დირექტორი.

დამატებითი მომსახურება

„ჩაინიკში“ ახლახან დაამატეს ბიზნესლანჩი, რომელიც მრავალფეროვან და იაფ მენიუს გულისხმობს შუადღის შესვენებაზე აქ მისული მომხმარებლებისთვის.

გარდა არსებული ძირითადი მენიუსი, „ჩაინიკში“ დაბადების დღისა და ქეითერინგის სერვისისთვის სპეციალური, სასურველი მენიუს შეკვეთა შეგიძლიათ.

ბიზნეს-ლანჩი, კორპორატიული და ქეითერინგული მომსახურება აჭარის მასშტაბით.
შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ ბიზნესლანჩი, კორპორატიული და ქეითერინგული მომსახურება აჭარის მასშტაბით.

სამზარეულოს თანამდროვე აღჭურვილობის გათვალისწინებით, ქეითერინგის სერვისის მიწოდება მთელი აჭარის ტერიტორიაზეა შესაძლებელი წინასწარი დაკვეთის შემთხვევაში.

ერთგული მომხმარებლები სარგებლობენ ფასდაკლების ბარათით, რომელიც მიუხედავად არსებული დაბალი ფასებისა, გულისხმობს 20%-იან ფასდაკლებას.

საზაფხულო სეზონისთვის „ჩაინიკი“ სხვა სიახლეებსაც შემოგთავაზებთ: არსებულ სივრცეს დაემატება ღია ტერასა და კიდევ ერთი ახალი სივრცე არსებული ადგილის მეორე სართულზე, სადაც კონცეფცია არ შეიცვლება, თუმცა აქ ევროპული კერძების დაგემოვნება შეგეძლებათ.

ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიახლე  წელს „ჩაინიკისგან“ სამზარეულოში  საკუთარ მეურნეობაში მოწეული ჯანსაღი პროდუქტების დამატება იქნება. მიწა დამუშავებულია, ჩითილები – გამოყვანილი. სულ მალე, სეზონის დადგომისთანავე,  შეგეძლებათ ადგილზე მოყვანილი სხვადასხვა ბოსტნეულისა და მწვანილის დაგემოვნება თქვენთვის უკვე ნაცნობ კერძებთან ერთად.

გვეწვიე „ჩაინიკში“ და გახდი „ამხანაგი ჩაინიკელი“.

დაგვიმეგობრდი ფეისბუქზე და მიიღე მეტი ინფორმაცია ჩვენზე!

საფირმო კეძი „ჩაინიკი“
საფირმო კეძი „ჩაინიკი“
ერთერთი ყველაზე მსუყე და იაფი კანჭ-მენიუ ბათუმში
ერთ-ერთი ყველაზე მსუყე და იაფი კანჭმენიუ ბათუმში
ჩაინიკი არის ურთიერთობა
„ჩაინიკი“ არის ურთიერთობა

ხუთი ეზო ძველ ბათუმში


ბათუმური ეზოები ქალაქის იერსახეა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ეზოიანი სახლი დაანგრიეს და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსები ჩადგეს, ძველ ბათუმში მყუდრო ეზოები ნაწილობრივ შემორჩენილია, მათმა მეპატრონეებმა კარგად იციან სუფთა ჰაერის, ყოველდღიური ურთიერთობების და ეზოში საკუთარი ძალისხმევით გახარებული მცენარეების ფასი.

[red_box]გორგასლის 46[/red_box]

მანანა ბერიძე მუსიკის მასწავლებელია და აქ ცხოვრობს. უყვარს მცენარეები და ყველაფერს ტოტებით ახარებს. კორპუსშიც უცხოვრია, მაგრამ ყოველთვის ყვავილებიან, პატარა ეზოზე ოცნებობდა: „ახლა ვარდები ყვავის, მალე შროშანები წამოვა, თოვლში ენძელები და ეს ყვითელი ყვავილებიც ყვავის. მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს, ამ სახლს არაფერზე გავცვლიდი, მაგრამ თუ ინვესტორი მოვა და კარგ პირობებს შემოგვთავაზებს, მეზობლების სურვილების გათვალისწინება მომიწევს.

[red_box]გორგასლის 62[/red_box]

აქ 73 წლის მიხეილ მხითარიანი ცხოვრობს. მის გარდა ეზოს ექვსი ოჯახი იყოფს: „დიდ კორპუსში ახვალ და უკან ვეღარ ჩამოხვალ, ოთხ კედელში ხარ, სასაფლაოში. მზე არ ჩანს, არაფერი. მამაჩემი აქ ცხოვრობდა, მეც დაბადებიდან აქ ვცხოვრობ, სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოს და სახლის გარდა არსად ვიცხოვრებ, როგორი პირობებიც არ უნდა შემომთავაზონ,“ – ამბობს მიხეილ მხითარიანი.

გორგასლის 62 ნომერში მცხოვრები მიხეილ მხითარიანი

[red_box]ბარათაშვილის 10[/red_box]

აქ ნათია გეგენავა ცხოვრობს: „ეზო 1921 წლიდან ჩვენს საკუთრებაშია, ჯერ კიდევ ბაბუამ შეისყიდა. მუდმივად აქ არ ვცხოვრობთ, ზაფხულობით ჩამოვდივართ. ჩვენთვის ეს უსაყვარლესი ადგილია. სახლი და ეზო ძველი სახით შევინარჩუნეთ, ისეთად, როგორიც თავიდან იყო, თუმცა ამისთვის დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი სახლის მომიჯნავე ძველი ფოსტის შენობა დაანგრიეს, აქ მრავალსართულიანი სასტუმრო Wyndham-ი ჩადგეს, ჩვენი სახლიდან 50 სანტიმეტრის დაშორებით, არადა, წესით, ძველი სახლებიდან მინიმუმ 3-6 მეტრის დაშორებით უნდა აშენდეს ახალი ნაგებობები, ამხელა სასტუმრო წამოჭიმეს, მშენებლობისას სახურავი დაგვიზიანეს და ესეც დიდი ბრძოლის შემდეგ შეგვიკეთეს, სასამართლოს ჩარევის შემდეგ. გვინდა ძველი ბათუმი ისეთი შევინარჩუნოთ, როგორიც არის,” – ამბობს ნათია გეგენავა.

[red_box]ფარნავაზ მეფის 65[/red_box]

ამ  ეზოს მკვიდრი, ალბერტ მხითარიანი ამბობს, რომ ყველა ინვესტორს ტრასასთან ახლოს უნდა სახლის აშენება, ეს ორი ხე კი ყველას ხელს უშლის – მოჭრა არ შეიძლება. „ძველი მაგრამ ავარიული სახლია” – ამბობს ალბერტი – „ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ჭრიალებს, ამ სახლში დავიბადე, მაგრამ გარემონტებაც შეუძლებელია, ისე იშლება, ვიფიქრეთ ივანიშვილისთვის მაინც მიგვეყიდა ეს ორი მაგნოლია, მაგრამ პატარა ხეებს არ თხრის ის, რად უნდა ეს მაგნოლიები”.

 

[red_box]ვახტანგ გორგასლის 40[/red_box]

ბათუმის მერია შსს-ს 300 ათას ლარს ჩაურიცხავს – დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით

ბათუმის მერია აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს 301 500 ლარს ჩაურიცხავს. დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაა და სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ობიექტს იცავს. ბათუმის მერიამ ამ მომსახურების მისაღებად, პირდაპირი შესყიდვის ფორმით, ორი ხელშეკრულება გააფორმა.

ორივე ხელშეკრულებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ 29 მარტს მოაწერა ხელი. ერთი ხელშეკრულების ღირებულება 198 900 ლარია, მეორეს – 102 600. ერთი ხელშეკრულება ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობების დაცვას ითვალისწინებს, მეორე – მერიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების [ყოფილი სასტუმრო „მეზღვაური“ და მერიის საწყობი აეროპორტის გზატკეცილზე].

ხელშეკრულების მიხედვით, დაცვის პოლიციის ინსპექტორები პირველი აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 900 ლარს მიიღებენ, უმცროსი ინსპექტორები – 700 ლარს.

„გამოსასვლელი დღე – არა“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ეს გულისხმობს კვირაში შვიდი დღე 24-საათიან მომსახურებას. „რა პერიოდულობით იმუშავებენ დაცვის თანამშრომლები, ამას თავად დაცვის პოლიცია გადაწყვეტს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

რატომ არ გამოაცხადა მერიამ ტენდერი დაცვის მომსახურებაზე და რატომ გაფორმდა ხელშეკრულება პირდაპირი წესით?

ბათუმის მერია: „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებისა“ და ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.“

კანონმდებლობის მიხედვით, კერძო დაცვის სამსახურებს მხოლოდ გაზის, პნევმატური, ცივი იარაღის ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენების უფლება აქვთ. ცეცხლსასროლი იარაღის კი, მხოლოდ  დაცვის პოლიციას, რომელიც სახელმწიფო უწყებაა.

აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველო ბათუმის მერიას წინა წლებშიც იცავდა.

 

 

„ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – პროექტი აჭარის მთის სოფლებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პროექტებს განახორციელებს.

პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, აჭარის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ქედაში, ხულოსა და შუახევში, თითოეულ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ის პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასახელებს.

დღეს, 11 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში შერჩეულ ორ სოფელში, დოხოძეებსა და კანტაურში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროგრამა გააცნო და პროექტის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა.

დღესვე ორივე სოფელში შეიქმნა ხუთწევრიანი საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებმაც პროგრამის განსახორციელებლად აქტიურად უნდა იმუშაონ.

შეხვედრა ქედაში. ეკა ბარამიძის ფოტო

„სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა ჩვენთვის სასმელი წყალია. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, კარგი იქნება. სამჯერ გაკეთდა წყალი და სამივეჯერ უხარისხოდ,“ – თქვა სოფელ დოხოძეებში შეხვედრაზე ქემალ ვარშანიძემ.

სოფლები შერჩეულია შუახევშიც, აქ პროექტებს არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ ჭვანასა და ცხემლისში განახორციელებს. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, სამიზნე სოფლად ჯვარიქედია შერჩეული, მეორე სოფელს კი არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს დღეებში შეარჩევს.

ასლან ჭანიძის ინფორმაციით, თითოეული სამიზნე სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით 3 000-მდე ლარს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, მუნიციპალიტეტები მზაობას გამოთქვამენ, თანადაფინანსებით ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აღნიშნულ პროექტს აჭარის რეგიონის გარდა კიდევ სამ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.

პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World“-ი აფინანსებს.

შეხვედრა ქედაში. ეკა ბარამიძის ფოტო

შეამოწმე, როგორი მძღოლი იქნებოდი [ტესტი]

მანქანა რომ მართოთ, ჯერ მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ, სადაც საგზაო ნიშნების ცოდნა დაგჭირდებათ. ეს სახალისო ტესტი მომავალი მძღოლებისთვისაა განკუთვნილი და ასევე, იმათთვისაც, ვინც მანქანას უკვე მართავს.

______

წაიკითხეთ ამ თემაზე: სიკვდილი გზაში 

ბათუმის საკრებულომ ზოოპარკის გადატანის ინიციატივას მხარი დაუჭირა

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც  წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს წევრებმა მწუხარება გამოთქვეს 5 აპრილს ქ.ტყიბულის შახტში  მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით გაგრძელდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის განსაზღვრა და მშენებლობასთან დაკავშირებით, დაგეგმილი პროექტის განხილვა იყო.

საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხუთ აპრილს ტყიბულში დაღუპული მეშახტეების სხოვნას
საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხუთ აპრილს ტყიბულში დაღუპული მეშახტეების სხოვნას

ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შერჩეული იქნა ჩაქვის მხრიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ მდებარე ტერიტორია, რომლის ფართობი სულ შეადგენს 173338 კვ.მ.-ს. აღნიშნული ტერიტორიის შერჩევა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი იძლევა ზოოპარკის გაფართოების, ბინადართა შემატების, მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების საშუალებას. ბატანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორია ჩართული იქნება ბაღის დამთვალერებელთა მარშრუტში ერთიანი სერვისის მიწოდებით.

როგორც სხდომაზე ითქვა, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის გადატანა და ახალი ზოოპარკის მშენებლობა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს, ასევე  უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და  მშენებლობაში. ხოლო  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე ზოოკუთხე, რომელსაც უჭირავს 16000,00 კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 2070 კვ.მ. 18 შენობა-ნაგებობით, გამოთავისუფლდება პარკის შემდგომი განვითარების მიზნით.

საკრებულოს გადაწყევტილებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განისაზღვრა
საკრებულოს გადაწყევტილებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განისაზღვრა

საკრებულოს წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის  და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ,საკრებულოს დადგენილების პროექტი დაამტკიცეს, ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესზეც. ახალი დადგენილებით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმი დააკონკრეტდა და დეტალურად გაიწერა თუ როდის, რა პერიოდულობით და რა შემთხვევაში გაიცემა მოქალაქეებზე მატერიალური თუ სხვა სახის დახმარება.

სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება ისეთი გადასახდლები, რომელიც არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, მათ შორის: სტიქიური, ბუნებრივი და სხვა საგანგებო ხასიათის მოვლენებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები; სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების დროებით საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ქირის საფასურის გადახდა; ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ოპერაციული და სხვა ფორმით მკურნალობისთვის; ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის; ავარიული შენობების მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საკუთრებაში არსებული ფართის მონაცვლეობის საკომპენსაციო ხარჯები; ღონისძიებები, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადეობრივ ინტერესებს, ქონებას, ან ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.

ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები

ის 14 წლის გათხოვდა. ქორწილი იანვარში ჰქონდა. ახლა მე-15 წელშია და ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. გათხოვების შემდეგ სკოლა გამოიცვალა. ელზა [სახელი პირობითია] სკოლის მიტოვებას მეცხრეკლასის დასრულების შემდეგ აპირებს. ამბობს, რომ უნდა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს. გოგოს მეუღლე 19 წლისაა. ის ერთ-ერთი საჯარო უწყების დაცვის სამსახურში მუშაობს.

გოგო ამბობს, რომ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. „მშობლები არ ჩარეულან, პირველად  გაუკვირდათ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა“, – გვეუბნება გოგონა.

ქორწინების შემდეგ მან სოფლის სკოლა მიატოვა და სწავლა ქალაქ ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გააგრძელა, თუმცა ახლაც ამავე სოფელში ცხოვრობს.

„რადგან პროფესიულში მინდა სწავლის გაგრძელება და ჩემი მეუღლეც აქეთ მუშაობს, გადავწვიტე, რომ სკოლა გამომეცვალა. სკოლაში მიღებაზე პრობლემა არ შემქმნია, კარგად მიმიღეს და ხელს მიწყობენ სწავლაში“, – გვეუბნება ელზა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებთ განათლების მიღებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მომავალში? – ვეკითხებით მას. ელზა დარწმუნებულია, რომ მეუღლე და მისი მშობლები დაინტერესებული არიან, რომ ისწავლოს და ამაში ხელს არ შეუშლიან.

„ფარმაცევტობის შესწავლა მინდა და ვფიქრობ, ამაში ხელს არ შემიშლიან“, – გვეუბნება ის.

ელზა გვეუბნება, რომ სკოლაში სიარულს მეტ-ნაკლებად ახერხებს, ანუ კვირაში ოთხ დღეს დადის. მისი აზრით, ქორწინებამ მის ცხოვრებაში ის შეცვალა, რომ უფრო პასუხისმგებლიანი გახდა. გვარწმუნებს, რომ ის და მისი მეუღლე გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებენ. „თუმცა, მაინც ვთვლით, რომ მშობლებს ყველაფერი უნდა ვუთხრათ“, -გვეუბნება ის.

შეატყობინა თუ არა სკოლამ თქვენი ქორწინების შესახებ სოციალურ სააგენტოს? – ვეკითხებით მას. ელზა გვეუბნება, რომ სოციალურმა მუშაკმა მოინახულა და მისი საცხოვრებელი პირობები შეამოწმა.

„ნახა რა გარემოში ვცხოვრობდი და ხომ არ მიშლიდნენ ხელს სწავლაში“, – გვეუბნება ის.

ელზა გვეუბნება, რომ მეუღლე მუშაობს და ფინანსურად მშობლებიც ეხმარებიან, თუმცა სამომავლოდ უნდა, რომ მას საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის მონაცემებით, ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა „კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგონათა უფლებრივ მდგომარეობაზე“.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ადრეული ქორწინების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა 18 წლამდე პირების ქორწინების შემთხვევები მაინც ვლინდება. გასულ წელს არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის 173 შემთხვევაა გამოვლენილი, იძულებითი ქორწინების ექვსი და თავისუფლების აღკვეთის 41 შემთხვევა.

ქორწინების მიზეზით გასულ წელს 75-მა მოზარდმა მიატოვა სკოლა, 835 მოზარდი კი ადრეულ ასაკში გახდა მშობელი.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების საფუძველზე, აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითი გავლენა იქონია შემთხვევათა შემცირებაზე,

„თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები“, – ამბობს სახალხო დამცველი.

 

 

პატიმრობა 7-დან 9 წლამდე არასრულწლოვან ცოლთან სექსუალური კონტაქტისთვის

“მე მხოლოდ ოჯახის შექმნა მინდოდა, სხვა განზრახვა არ მქონია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა აკაკი ძ.-მ. მას გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება, ასევე სექსუალურ კონტაქტს 16 წელს მიუღწეველ პირთან.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მარტს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გოგოს გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, “თმები მოქაჩა”.

ეზოში მისულ პოლიციელებს ნაცემმა გოგომ უთხრა, რომ ის 2012 წელს გაჰყვა ცოლად აკაკი ძ.-ს. ამ დროისთვის დაზარალებული 13 წლის იყო.

გამოძიებამ ბრალდებულს ოჯახში ძალადობის მუხლის გარდა, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევის მუხლითაც წაუყენა ბრალი.

“ეს მუხლი 7-დან 9 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას,” – განუმარტა მოსამართლემ ბრალდებულს.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. “წარდგენილ ბრალს სრულად ვაღიარებ,” – თქვა მან.

დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლო ამ საქმეზე ვერც ერთი მოწმის ჩვენებას ვერ მოისმენს, მათ შორის, ვერც  დაზარალებულად ცნობილი ქალის.

“თან მაქვს დაზარალებულად ცნობილი ქალის წერილი,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა შოთა ჯიბლაძემ. წერილში ეწერა, რომ დაზარალებული ქალი ქმართან შერიგებას აპირებს. კიდევ ის, რომ მათ უკვე 5 წლის შვილი ჰყავთ.

არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მოტივით სასამართლო სხდომის დახურვა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ითხოვა. შუამდგომლობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ “სხდომის დახურვისთვის მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობა არ არის საკმარისი”.

მოსამართლემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტს ეხება, მაგრამ ამ დროისთვის დაზარალებული უკვე 20 წლისაა და სხდომის დახურვის საფუძველი არ არსებობს.

“საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. სასჯელზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს,” – ამბობს ადვოკატი შოთა ჯიბლაძე.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მაქსიმუმ სამი წლით შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, რადგან 2012 წლისთვის, როცა ბრალდებული არასრულწლოვანზე არაფორმალურად დაქორწინდა, კანონი 7 წლამდე პატიმრობას არ ითვალისწინებდა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებულის დედაც. “სად იყო რეაგირება, როცა ბავშვი გაჩნდა სამშობიაროში, როცა დაბადების მოწმობა უპრობლემოდ გაიცა? მაშინ არ იყო ჩემი რძალი არასრულწლოვანი?”- იკითხა მან.

იასონ გორდეზიანის ძეგლისთვის ბათუმის ბულვარმა 128 174 ლარი დახარჯა

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, შაბათს, 14 აპრილს, 13:00 საათზე, იასონ გორდეზიანის ძეგლის ოფიციალური გახსნა იგეგმება. იასონ გორდეზიანი ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო.

გორდეზიანის ძეგლი ბულვარში კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დგას. ძეგლის ესკიზისთვის ბიუჯეტიდან 4 200 ლარი იყო გამოყოფილი. ესკიზის ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა.

ბულვარის ინფორმაციით, იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების ჩამოსხმისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვისთვის ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 128 174 ლარი დაიხარჯა.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, გორდეზიანი 1876 წელს რაჭაში დაიბადა, 1911 წელს წარჩინებით დაამთავრა ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალური ინსტიტუტი და მიიღო სახელმწიფო ჯილდო, ოქროს მედალი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. პარიზში, მსოფლიოში ცნობილ სელექციონერ ველმორენის სატესლე-სანერგე მეურნეობაში იღრმავებდა ცოდნას. ევროპაში აღიარებულ სპეციალისტს სამუშაოდ იწვევენ ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორად.

„1913 წლის იანვარში ბრუნდება საქართველოში და მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის იდეის სულისჩამდგმელი და არქიტექტორია,“-ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

1916  წელს კი ის ინიშნება ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორად. „სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა“.

იასონ გორდეზიანი

DENTAL ROOM-სტომატოლოგია ევროპული ხარისხითა და ქართული ფასებით

სერვისების გარანტია, 100%-ით უსაფრთხო გარემო, კვალიფიციური, გამოცდილი ექიმების მომსახურება და მხოლოდ მაღალსტანდრტული, ევროპული მასალების გამოყენება პრაქტიკაში. ეს არის ბათუმში მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალრუმის“ ძირითადი განმასხვავებელი ნიშა ქალაქის უამრავ სხვა სტმატოლოგიურ კლინიკასთან შედარებით.

კლინიკის წარმატების საიდუმლო აქ დასაქმებული, სიახლეებზე ორიენტირებული ექიმების მუდმივი პროფესიული ზრდაა.
კლინიკის წარმატების საიდუმლო აქ დასაქმებული, სიახლეებზე ორიენტირებული ექიმების მუდმივი პროფესიული ზრდაა.

ორწლიანი არსებობის მანძილზე კლინიკამ პაციენტებს შორის დიდი ნდობის მოპოვება შეძლო. ეს „დენტალრუმის“ ექიმების პროფესიონალიზმითაა განპირობებული. თუმცა, მხოლოდ ეს ფაქტორი ვერ განსაზღვრავდა კლინიკის პოპულარობას, რომ არა უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი კაბინეტები და მასალების მაღალი ხარისხი.

სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები ვიწრო სპეციალიზაციაზე აკეთებენ აქცენტს და თითოეული მათგანი მხოლოდ საკუთარი მიმართულებით მუშაობს. დენტალრუმის ძირითადი მიმართულებებია:

[checklist]

  • ორთოდონტია: კბილების გასწორება.
  • ორთოპედია: პროთეზირება, კბილების ჩასმა.
  • თერაპია: ბჟენი, პირის ღრუს ჰიგიენა, წმენდა.
  • მხატვრული რესტავრაცია.

[/checklist]

კლინიკაში მიღებულ ყველა სერვისს აქვს გარანტიები. სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტალრუმში“ იყენებენ მხოლოდ გერმანულ, ამერიკულ და იტალიური ხარისხის ბჟენს. დაბალხარისხოვან და საეჭვო წარმომავლობის მასალებს კლინიკაში ვერ იპოვით.

„დენტალრუმის“ პაციენტებისთვის არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი. აქ 3-წლიდანვე უწევენ ბავშვებს პირველად კონსულტაციას. პრევენცია, პროფილაქტიკა და პირის ღრუს კონტროლი პატარა ასაკიდანვე არის საუკეთესო გარანტი მომავალში სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

„დენტალრუმის“ სტომატოლოგიური სერვისები საშუალებას გაძლევთ ქართულ, რეალურ ფასად მიიღოთ ევროპული მომსახურება.
„დენტალრუმის“ სტომატოლოგიური სერვისები საშუალებას გაძლევთ ქართულ, რეალურ ფასად მიიღოთ ევროპული მომსახურება.

ასევე არ არის კლინიკაში ასაკობრივი შეზღუდვა ორთოდონტიული მომსახურების თვალსაზრისით: ბრეკეტული სისტემით თანკბილვის გასწორება წარმატებითაა შესაძლებელი როგორც ბავშვების, ასევე 40-50 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის.

„დენტალრუმი“ თანამედროვე სტომატოლოგიის ტენდენციების შესაბამისად  ორიენტირებულია სწრაფ და ხარისხიან, პაციენტის დროის დაზოგვასა და, რაც მთავარია, უმტკივნეულო სამკურნალო მეთოდებზე.

სრული უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად „დენტალრუმში“ იყენებენ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც ერთჯერადადაა შესაძლებელი. მუდმივი გამოყენების გერმანული და იტალიური წარმოების ინსტრუმენტები კი, რასაც ერთჯერადი შემცვლელები არ აქვს, ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზდება.

„დენტალრუმი“ კლინიკების იმ იშვიათი გამონაკლისების ჩამონათვალშია, სადაც სტომატოლოგიური განყოფილებებისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი ოდნავადაც არ იგრძნობა, ეს კი მაღალხარისხოვანი სტერილიზაციის სანიმუშო მაგალითია. ოფიციალური შემოწმების შემდეგ არც ბათუმის მერიას გამორჩენია „დენტალრუმის“ მიღწევები და სტომატოლოგიურ კლინიკას მერიისგან მადლობის ექვსი ოფიციალური წერილი აქვს მიღებული.

კლინიკის წარმატების საიდუმლო აქ დასაქმებული, სიახლეებზე ორიენტირებული ექიმების მუდმივი პროფესიული ზრდაა. ექიმები სისტემატურად მონაწილეობენ თანამედროვე სტომატოლოგიის მასტერკლასებში, ვორქშოპებსა და სემინარებში. პრაქტიკული თუ თეორიული სწავლების შემდეგ ინოვაციებს პრაქტიკაში ამკვიდრებენ, თუმცა სიახლეების დანერგვამდე თითოეული დეტალი გადის ტესტირებას და კლინიკაში რეალიზდება მხოლოდ სხვა ქვეყნებში მრავალჯერ ნაცადი და წარმატებული ხერხები.

სიახლეების დანერგვამდე თითოეული დეტალი გადის ტესტირებას და კლინიკაში რეალიზდება მხოლოდ სხვა ქვეყნებში მრავალჯერ ნაცადი და წარმატებული ხერხები.
სიახლეების დანერგვამდე თითოეული დეტალი გადის ტესტირებას და კლინიკაში რეალიზდება მხოლოდ სხვა ქვეყნებში მრავალჯერ ნაცადი და წარმატებული ხერხები.

„დენტალრუმის“ გამოცდილი, პროფესიონალი ექიმები მიიჩნევენ, რომ სტომატოლოგიაში, ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში, სწავლის პროცესი უწყვეტია და მკურნალობის მეთოდები, რაც დღეს აქტუალურია, ხუთი წლის შემდეგ შესაძლოა მოძველებულად იქცეს, ამიტომ ძალისხმევას არ იშურებენ მუდმივი პროფესიული განვითარებისთვის.

„დენტალრუმის“ სტომატოლოგიური სერვისები საშუალებას გაძლევთ ქართულ, რეალურ ფასად მიიღოთ ევროპული მომსახურება.

 

ღია ჭები ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, სევასტოპოლის ქუჩის კვეთაში, ორი ჭა კვირაზე მეტია ღიაა. ამ ქუჩაზე გზა კეთდება, თუმცა ჭები სათანადოდ არ არის შემოსაზღვრული და ფეხით მოსიარულის ჩავარდნის საფრთხე არსებობს.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცხადდა სემინარი – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისთვის“.

პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია სემინარი მასწავლებლებისთვის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს საუკეთესო პროექტების გამოვლენას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

პირველი ეტაპი – სემინარი გაიმართება 2018 წლის 7-8 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ქართველ და უცხოელ საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

პროექტში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის (მათ შორის იმ პედაგოგებს, რომლებიც ქართულს მეორე ენად ასწავლიან), გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს.

რეგიონიდან ჩამოსული 60 პედაგოგისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, კვება, თბილისში შიდა ტრანსპორტირება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 24 აპრილის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების, საგნობრივი მიმართულებებისა და რეგიონული გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

პროექტის კოორდინატორები აპრილის ბოლომდე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სემინარში „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობა გულისხმობს პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც, რომლის მიზანია პედაგოგების მიერ საუკეთესო პროექტის, ინიციატივის გამოვლენა. კონკურსში ჩართვის მსურველ პედაგოგებს მიეცემათ კონკრეტული ინსტრუქცია და ვადა პროექტების, ინიციატივების მოსამზადებლად. მუშაობის პედიოდში პედაგოგებს გაეწევათ სათანადო კონსულტაციები.

„გათვალისწინეულია გამარჯვებული პროექტების, ინიციატივების დასაჩუქრება,“-ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით სხვადასხვა ელფოსტის მისამართებზე გაიგზავნა ე.წ. „ფიშინგზე“ მიმართული შეტყობინება, რომლის მიზანია თაღლითური გზით მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სენსიტიური, კონფიდენციალური საბანკო და/ან საგადახდო ინფორმაცია. წერილი იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის “განახლება” ან “გადამოწმება” ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებგვერდზე გადადის. ყალბ ვებგვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია თაღლითების ხელში ხვდება, რომელსაც ისინი თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.

“გაცნობებთ, რომ პროკრედიტ ბანკს მოცემული შინაარსის შეტყობინება არ გაუგზავნია თქვენს ელფოსტის მისამართზე. ასევე, პროკრედიტ ბანკი არასდროს მოითხოვს თქვენგან ელექტრონულ ფოსტაში მითითებულ ბმულზე დაწკაპუნებით ან ვებგვერდზე გადასვლის საშუალებით თქვენი პაროლის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას.

გაფრთხილებთ, რომ არ მოახდინოთ მოცემულ შეტყობინებაში ბმულებზე გადასვლა და მოთხოვნილი ინფორმაციის დაფიქსირება!

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე დააფიქსირეთ ინფორმაცია შეტყობინებაში არსებულ ბმულებზე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ სატელეფონო ზარით: 032 2 202 222 ან მოგვწეროთ ბანკის ვებგვერდზე არსებულ საფოსტო მისამართზე შემდგომი რეაგირებისთვის.

  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიყვანეთ ინტერნეტბანკინგის მომხმარებელი და პაროლი, გთხოვთ, დაუყონებლივ გამოცვალოთ ინტერნეტბანკინგის პაროლი სხვა კომპიუტერის მეშვეობით.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააფიქსირეთ პლასტიკური ბარათის მონაცემები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაბლოკოთ აღნიშნული პლასტიკური ბარათი”, – წერია პროკრედიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ უნდა ამოიცნოთ თაღლითური “ფიშინგ” წერილი? – “ფიშინგ” წერილი შეიძლება გამოიყურებოდეს ისე, თითქოს ის ნამდვილად „პროკრედიტ ბანკის“ ელექტრონული ფოსტის მისამართიდანაა მოსული. სამწუხაროდ, ინტერნეტფოსტის სტრუქტურის გამო, ფიშერებისათვის შედარებით ადვილია ყალბი ჩანაწერის შექმნა გამომგზავნის ველში. ელექტრონული მისამართი, რომელიც მითითებულია გამომგზავნის ველში, არ არის იმის გარანტია, რომ წერილი შეტყობინებაში მითითებული პირის ან ორგანიზაციისგანაა მოსული. ასეთი წერილები შესაძლოა არ იყოს გაგზავნილი საბანკო სისტემიდან.

ვისთვისაა განკუთვნილი ელექტრონული ფოსტა? – წერილები იგზავნება საერთო მისამართების სიაში მითითებულ ადრესატებთან. თაღლითებს ნაკლებად ეცოდინებათ თქვენი რეალური სახელი ან რაიმე სხვა ინფორმაცია თქვენ შესახებ, ასე რომ თქვენ ზოგადი სიტყვებით მოგმართავენ, მაგალითად, “ძვირფასო კლიენტო”.

ყურადღებით გაეცანით შეტყობინებას – აქვს თუ არა მას “ფიშინგის” ნიშნები? ველში “თემა” სავარაუდოდ იქნება უჩვეულო ან დიდი ზომის ასოები (ეს არის სპამ–ფილტრისგან თავის არიდების მცდელობა), მათ შორის გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.

სად გაიხსნება ჰიპერბმული? – სამწუხაროდ, ძალიან ადვილია ბმულის რეალური დანიშნულების დამალვა, ასე რომ თქვენი ელექტრონული ფოსტის სტატუსის ველში ჩასმული ბმულის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გაყალბება სირთულეს არ წარმოადგენს. ელექტრონულ ფოსტაში ჩასმულ ბმულზე დაწკაპუნებით ვებგვერდზე გადასვლისას, სამისამართო ველიდან ყალბი ვებგვერდის რეალური ადგილმდებარეობის დადგენის მრავალი საშუალება არსებობს. ვებგვერდის მისამართი შეიძლება იწყებოდეს ნამდვილი გვერდის დომენის სახელით, მაგრამ არ არის იმის გარანტია, რომ ეს გვერდი ნამდვილია.

ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ „პროკრედიტ ბანკის“ ოფიციალურ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, შეადარეთ უსაფრთხო კავშირის სიმბოლო. თქვენ გაქვთ საშუალება შეამოწმოთ „პროკრედიტ ბანკის“ უსაფრთხოების სერტიფიკატი ბრაუზერში არსებულ “ბოქლომის” ნიშანზე დაწკაპუნებით. ბოქლომზე დაჭერით ვებგვერდის უსაფრთხოების იდენტიფიცირების სერტიფიკატი გაიხსნება.

 

სახალისო-შემეცნებითი მარათონი მეგასკოლაში

მეგასკოლაში დილიდან უჩვეულო ფუსფუსი იყო. პირველკლასელები მოუთმენლად ელოდნენ, როდის დაიწყებოდა შეჯიბრება კლასებს შორის. სახუმარო საქმე როდი იყო, მშობლებთან ერთად უნდა ჩაბმულიყვნენ მხიარულ-შემეცნებით მარათონში.

და აჰა, დაიწყო. მშობლებსა და მოსწავლეებს მეგასკოლის პაწუა ეზოში მაგიდები დახვდათ კლასების მითითებით: ,,ფიროსმანის ბავშვები“, ,,რუსთაველის ბავშვები“, ,, ნობელის ბავშვები“, ,, რენუარის ბავშვები“, ,, ბოტიჩელის ბავშვები“.

მაგიდებზე ელაგა ფერადი ნაჭრები, მაქმანები, ღილები, ნემსი, ძაფი, ფერადი თვლები, წებო, მაკრატელი. ასევე ხილ-ბოსტნეული, სოუსი, წვენი, დანა, საჭრელი დაფები… ბავშვებს გარკვეული დროის მანძილზე უნდა მოემზადებინათ სხვადასხვა ექსრავაგანტური სალათი, სასმელი. მიეცათ გასაქანი ფანტაზიისთვის და შეექმნათ კრეატიული ნივთი თუ სუვენირი. მშობლები საოცარ ენთუზიაზმს ავლენდნენ. მათმა ჯადოსნურმა იდეებმა აღაფრთოვანა ყველა. ეს იყო ფერთა დღესასწაული, სილამაზის მარათონი. ურთულესი იყო, გამოგერჩია მათგან საუკეთესო… ოსტატურად გაფორმებული მაგიდები კი გულგრილს ვერ დატოვებდა ვერავის.

მარათონის ბოლოს მშობლებმა საოცარი პერფორმანსის მონაწილედ აქციეს იქ მყოფნი. ერუდიცია, მახვილგონიერება, პლასტიკა, არაორდინალური ხედვა, შესრულების სისადავე-ადვილად შეამჩნევდა ამას თვალი და ამ თავბრუდამხვევ  სანახაობას ვერ სწყდებოდა მნახველი.

რადგან შეჯიბრი იყო, გამარჯვებულიც უნდა ჰყოლოდა. ,,ბოტიჩელის ბავშვებმა“ აიღეს პირველი ადგილი. თუმცა ნომინაციებში გამარჯვებულნიც გამოვლინდნენ: ,,ყველაზე ორიგინალური კერძი“- ,,ნობელის ბავშვები“; ,,საუკეთესო კრეატიული გადაწყვეტილება“-,,რუსთაველის ბავშვები“; ,,ყველაზე ექსრავაგანტული კოქტეილი“-,,ფიროსმანის ბავშვები“;

,,საუკეთესო დიზაინი“-,,რენუარის ბავშვები“.

დიახ, ესენი მეგასკოლელები  არიან! მათ უყვართ სირთულე, წინაღობა, რადგან მათი დაძლევა ძალუძთ! და ესააა უმთავრესი ცხოვრებაში. სწორედ ამას აჩვევენ მეგასკოლაში თავიდანვე, დაბრკოლების გადალახვით ძლიერდება თითოეული მეგასკოლელის სული.

სკოლის დევიზიც ამას ემსახურება: ,,აღმოაჩინე საკუთარი თავი!“

ამიტომაც წელს მეგასკოლაში პირველ კლასში ჩასარიცხად პატარებს ტესტირების გავლა მოუწევთ. ეს დასაწყისია დიდი გზისა!

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

„დაზიანებული კედელი და აივანი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“

სოფელ ზედა სამებაში ქეთინო ბერიძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ლია დავითაძის თქმით, სახლის კედელი და აივანი დაზიანებულია და შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს.

კედლისა და აივნის გარდა დაბზარულია სახლის ეზოს ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია. ლია დავითაძე ამბობს, რომ  მათ დასახმარებლად ხელვაჩაურის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ რეაგირება არ აქვთ.

„კიბეზე ასვლა არის სახიფათო, დაზიანებულია აივანი, კედელი, ბავშვი გვყავს სახლში, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და ჩვენს სიცოცხლეს ექმნება საფრთხე.

ბერიძეების საცხოვრებელი სახლი

გამგეობაში ჯერ გვითხრეს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა გქონდეთ, რომ დაგეხმაროთო. დავწერეთ განცხადება, მაგრამ შესამოწმებლად არავინ მოსულა“, – გვეუბნება ლია დავითაძე.

მისი თქმით, სახლის დაზიანების მიზეზად გეოლოგები წყლის არხებს ასახელებენ, თუმცა ოჯახს სხვა ვერსია აქვს.

„არა მგონია მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, რადგან როცა მთაზე ეკლესია შენდებოდა,  გზაზე მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა და სახლი ხშირად ირყეოდა. იმ პერიოდში სახლის წინა კედელი ჩამოინგრა, მაგრამ გაამაგრეს. ახლა კი სხვა კედლები დაზიანდა“, – გვეუბნება დავითაძე.

ოჯახში ხუთი ადამიანი ცხოვრობს.

„ბათუმელები“  ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა. მერის პირველი მოადგილე, ზვიად ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბერიძეების პრობლემასთან დაკავშირებით მერიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„როცა არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უფლება, სამუშაოები მთლიანად დავაფინანსოთ. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ამ სახლთან აუცილებელია ფერდსამაგრის მოწყობა. დღე-დღეზე იგეგმება საპროექტო სამუშაოები, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი 9 ათას ლარზე და დაახლოებით შემოდგომისთვის, ბერიძეების სახლთან ფერდსამაგრი გაკეთდება“, – ამბობს ზვიად ხალვაში.

ოჯახის წევრების თქმით, დაზიანებულია არა მარტო სახლის კედელი და აივანი, სახლის ირგვლივ დაბზარულია მიწაც.

ავარია – დაღუპულია 4 წლის ბავშვი, ერთიც მძიმედ არის დაშავებული

შს სამინისტროში დაუდასტურეს „ბათუმელებს“ ინფორმაცია, გუშინ ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაღუპვის შესახებ. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა ამობრუნდა. მძღოლი ბავშვის ახალობელი იყო,

სასწრაფოს სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ამავე დღეს, კიდევ ერთი ავარია მოხდა, ამჯერად ქობულეთში, რის შედეგადაც რვა წლის ბიჭი დაშავდა. როგორც ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, დაშავებული არასრულწლოვანი ქუთაისშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც გამოძიება 267-ე მუხლით მიმდინარეობს. რვა წლის ბავშვს, სავარაუდიდ, დაცვის პოლიციის ავტომანქანა დაეჯახა.

 

საკრებულომ ზოოპარკის ჩაქვში გადატანას მხარი დაუჭირა

დღეს, 11 აპრილს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხანგრძლივი კამათი ზოოპარკის საკითხმა გამოიწვია. ზოოპარკის ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანას “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს.

ოპოზიციას კითხვები აქვს, ხომ არ აპირებს ამ ადგილიდან ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას, ან ხომ არ აშენდება რესტორნები ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოპარკის ადგილას.

“ხეები რა შუაშია,”- აღნიშნა მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომიძემ. რაც შეეხება რესტორნებს, მერიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

ბესარიონ გოგოტიშვილი, უმრავლესობის წევრი: მიმდებარე ტერიტორიაზე ვცხოვრობ და შემაწუხებელი სუნია, ასევე ხმაური, ბავშვებს ვერ აძინებენ.“

ნოდარ დუმბაძე, “ნაციონალური მოძრაობა”: აქამდე არ იყო შემაწუხებელი სუნი?

თამაზ სალუქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ეტაპობრივად კეთდება ყველაფერი.

მირდატ ქამადაძე, “ნაციონალური მოძრაობა”: არ დავუჭერთ მხარს ამ საკითხს, რადგან პროექტი მოუმზადებელია…

ირაკლი პატარაძე, უმრავლესობის წევრი:  კარგით რა, ასეთი სიკეთის არდანახვა შეიძლება?

ნოდარ დუმბაძე: გაუმარჯოს ბიძინას!

ნერიმან ცინცაძე, უმრავლესობის წევრი: არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი კარგ საქმეზე. რაც უფრო მეტი კარგი საქმე კეთდება, ოპოზიციას მეტი აგრესია უჩნდება, ჯობია გავჩერდეთ.

ოპოზიციას ასევე ჰქონდა კითხვა, როგორ არ დახარჯავს მერია ფულს ზოოპარკის გადატანაში, თუკი მოსახლეობა, რომელიც მიწის ნაკვეთებს დათმობს, კომპენსაციას მიიღებს.

“ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ისინი მიიღებენ კომპენსაციას… სახლი ამ მიწის ნაკვეთზე, სადაც ზოოპარკი უნდა მოეწყოს, არ დგას. გარკვეულ მოქალაქეებს იქ მხოლოდ ნარგავები აქვთ,”- განმარტა გოგა ლომაძემ, მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

საკრებულოს წევრების ყურადღება დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სტუდენტმა მიიპყრო, ვინც სხდომას ესწრებოდა. ოპოზიციამ მათ გასაგონად თქვა, რომ უმრავლესობას კითხვები არ უჩნდება, როცა საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება.

“აქ ახლა ესენი ხმაურობენ იმიტომ, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიიქციონ,”- მიმართა სტუდენტებს უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ნაკაიძემ.

რაულ თავართქილაძე, „ევროპული საქართველო“: კარგი თაობა მოდის, თვითონ გაიგებენ, რაა სიმართლე.

ომარ მახარაძე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე: მე მოვიყვანე ჩემი სტუდენტები. ისინი კარგად არჩევენ თეთრს და შავს.

საბოლოოდ საკრებულომ ზოოპარკის ჩაქვში გადატანას მხარი დაუჭირა.

 

 

ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქებული სახლის ადგილას ახალ კორპუსს ააშენებენ

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, აფეთქებული სახლის ადგილას ახალი კორპუსი აშენდება – გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აფეთქება ჯინჭარაძის ქუჩაზე გასული წლის 10 დეკემბერს მოხდა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ამ ადგილზე ახალ კორპუსს ის კომპანია ააშენებს,  რომელიც ბაგრატიონის 127-ში გამოცხადებულ აუქციონს მოიგებს.

“გამარჯვებულ კომპანიას მერია აღარ მოსთხოვს ბინების 10 პროცენტის საბინაო ფინდში გადაცემას. ამის სანაცვლოდ კომპანიას ექნება ვალდებულება, ააშენოს ახალი კორპუსი ჯინჭარაძის ქუჩაზე. კორპუსი იმავე მოცულუბის იქნება, რაც მანამდე იყო,”- უთხრა მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ “ბათუმელებს”.

გოგა ლომაძემ საკრებულოს წევრებს უთხრა, რომ აფეთქების შედეგად დაზარებულმა ოჯახებმა სხვა მისამართზე გადასვლა არ ისურვეს.

“ამიტომ შეარჩია ეს ფორმა მერიამ,”- დასძინა მან.

ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი მილიონ 49 ათასი ლარი იქნება.

________________________

მთავარ ფოტოზე: ხანძარი ჯინჭარაძის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

მწარმოებელი ითხოვს, აფთიაქებმა მედიკამენტები – „კეტოტიფენი“ და „მედაზეპამი“  ქსელიდან ამოიღონ

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აფთიაქებს პოლონური წარმოების ორი მედიკამენტის – „კეტოტიფენისა“ და „მედაზეპამის“ ამოღების მოთხოვნით მიმართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წამლები აფთიაქებში აღარ უნდა გაიყიდოს, სააგენტოში ერთი თვის წინ, მარტის დასაწყისში შევიდა. თუმცა ამ დრომდე ის ყველა აფთიაქიდან ამოღებული არ არის.

„სააგენტოში შემოსულია კომპანია სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“-ს და “Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” Join Stock Co”-ს შეტყობინებები, რომელთა თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან გამოთხოვას ექვემდებარება ფარმაცევტული პროდუქტები – „კეტოტიფენი“ [სერია  01LF0317;   ვარგისობის ვადა  03.2022წ] და „მედაზეპამი“  [სერია 11017;    ვარგისობის ვადა  10.2020წ.]. სააგენტო მიმართავს ფარმაცევტულ დაწესებულებებს (ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს), შეწყვიტონ აღნიშნული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან,“ – ეს განცხადება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე 2 მარტითაა დათარიღებული.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ამოიღეს თუ არა სრულად გაყიდვიდან აფთიაქებმა აღნიშნული მედიკამენტები.

„რამდენიმე ქსელიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ამოღებულია. მხოლოდ ერთი კომპანია არ არის მისი რეალიზატორი, რამდენიმე დაწესებულებაში გამოთხოვის პროცედურა მიმდინარეობს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს პროცედურა დასრულებული არ არის. შესაძლებელია დასრულდა, მაგრამ ჩვენამდე სრულად არ მოსულა ოფიციალური ინფორმაცია გამოთხოვასთან დაკავშირებით. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ სრულად იყოს ამოღებული ბაზრიდან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განგვიმარტეს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ვადა, რა დროში უნდა ამოიღოს ქსელიდან მედიკამენტები.

„ბათუმელები“ დაინტერესდა არის თუ არა სახიფათო მომხმარებლისთვის ისეთი წამლის შეძენა, რომელზეც მწარმოებელმა განაცხადა, რომ ნაკლი აქვს.

„სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პრობლემა ამ მედიკამენტებს არ ჰქონია. არის მცირე გადახრა სპეციფიკაციაში. უბრალოდ, მწარმოებელმა თავად მოითხოვა მისი ბაზრიდან ამოღება და გამოთხოვა,“ – განმარტა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა.

ბათუმი და ჭაობი

ქალაქი ზღვით იწყებოდა და რკინიგზის ხაზით მთავრდებოდა. იმას იქით ქვეყნიერების დასასრული იყო. თავი უნდა გადაგედო, პეტერბურგის ქუჩას რომ გადასცდენოდი. ჭაობში დაიხრჩობოდი და თუ არ დაიხრჩობოდი, ან ყაჩაღები მოგკლავდნენ, ანდა გაგძარცვავდნენო, ჰყვება დავით კლდიაშვილი. ყველაზე თავზეხელაღებულები სანადიროდ დადიოდნენ იხვზე, ტახსა და შველზეო.

ბათუმი აღარ იყო პორტო-ფრანკო. ქალაქის ძირითადი ნაწილი გაშენებული იყო, განაპირას უკვე იდგა ახალი რკინიგზის სადგური და კათოლიკური ტაძრის მშენებლობა იწყებებოდა. ქალაქს კედელთან ჰყავდა ჭაობი მიმწყვდეული, თუ პირიქით.

სხვა გზა აღარ იყო, იმსჯელეს ქალაქის სათათბიროში და გადაწყვიტეს, ჭაობზე იერიში მიეტანათ, მაგრამ ამისთვის დიდი ფული სჭირდებოდათ.

კნუტ ჰამსუნი ბათუმში

ბათუმში ჩამოსული კნუტ ჰამსუნი ქალაქის ქუჩებში სეირნობს, შედის რესტორნებსა და ბათუმის სავაჭრო დუქნებში. ქალაქის ცხოვრების რიტმი, ჩაცმულობა, მას ამერიკის სამხრეთის შტატებს აგონებს: „სასტუმროს რესტორანში ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი საზოგადოება იყრის თავს – ევროპულ კერძებს უკვეთავენ და შამპანურს სვამენ… სამხრეთის შტატების მცხოვრებთა ჩვევები აქ განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა სტუმრები რესტორანში ანგარიშს ასწორებენ. საჭიროა თუ არა, მსხვილი კუპიურებით უყვართ გადახდა. კელნერი იძულებულია, ეს კუპიურა რესტორნის პატრონს დაახურდავებინოს. სამაგიეროდ, მას უხვად ასაჩუქრებენ. ბოთლებსა და ჭიქებში უსათუოდ სასმელს ტოვებენ…“

54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები

სამშენებლო კომპანია „ალიანსი ფრივილიჯმა“ კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს 54-სართულიანი მრავლფუნქციური შენობის პროექტის შესათანხმებლად მიმართა. პროექტი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 172-მეტრიან მშენებლობას ითვალისწინებს.

ზონალურმა საბჭომ საკითხი სხდომაზე უკვე განიხილა და პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საგანგაშოდ არ მიიჩნია“.

ბოლო პერიოდში ეს იყო პირველი პროექტი, როცა საბჭოს სხდომაზე შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა დასვეს, ვიდრე ძეგლებთან მიმართებაში. ამ ტერიტორიაზე ორი ძეგლია – საზღვაო აკადემიისა და აკვარიუმის შენობები. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს შენობა ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება, ძეგლების აღქმას ის ხელს ვერ შეუშლის.

სამშენებლოდ მონიშნულ ტერიტორიას ერთი მხრიდან ზღვა, მეორე მხრიდან კი ნურიგელის ტბა ესაზღვრება, სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ კი კიდევ ერთი მაღალი შენობა – სასტუმრო „ჰილტონი“ მდებარეობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების საკითხებთან და ასევე შენობის მდგრადობასთან მიმართებაში კითხვები დასვა ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

ზონალური საბჭოს წევრი, პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი გიზო ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ პროექტის მიხედვით შენობა სწორადაა ორიენტირებული ზღვის მიმართულებით. როგორც ტექნიკური, ასევე საინჟინრო გადაწყვეტილება ისეთი ორიენტაციით, როგორიც მას აქვს, ხელს დიდად არ შეუშლის ჰაერის ნაკადების შემოსვლას ქალაქში. თუმცა, ის მაინც ურჩევს მერიას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გაანგარიშებას ამ მიმართულებით“ და შეისწავლოს პროექტის კონსტრუქციული მდგრადობა ნებართვის გაცემამდე.

საქართველოში ამ დროისთვის მაღლივ შენობებთან მიმართებაში განსაკუთრებული რეგულაციები დადგენილი არ არის. მაღლივ შენობებთან მიმართებაში კანონმდებლობა განსაკუთრებულ მოთხოვნებს რომ არ ადგენს, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც საუბრობს.

მირიან მეტრეველის განმარტებით, პროექტს კონსტრუქციულად მერია არ ითანხმებს 2006 წლიდან. თუმცა, ამბობს, რომ შპს „ალიანსი ფრივილიჯმა“, ამის მიუხედავად, ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში მერიას წარუდგინა როგორც კონსტრუქციული და საინჟინრო, ასევე გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები:

„გამომდინარე იქედან, რომ პროექტი მაღლივი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს, ჩვენ ის სწრაფად გადავაგზავნეთ ზონალურ საბჭოში. როგორც კი იქედან დაბრუნდება, ჩვენ მას დეტალურად შევისწავლით“.

ზონალურ საბჭოში გადაგზავნილი ე.წ. რენდერისა და განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის კ2 კოეფიციენტი 0,16-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი სამშენებლო ტერიტორიის 70%-ს აითვისებს. იმის დასადგენად თუ დარჩენილი ადგილი როგორ გადანაწილდება, „ბათუმელებმა“ კომპანიას მიმართა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მირიან მეტრეველის თქმით, პროექტმა საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებასაც უნდა უპასუხოს, რაც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ მოთხოვნებს აწესებს. ამიტომაც ზონალურ საბჭოზე მეტი ყურადღება სპეციალისტებმა პროექტთან მიმართებაში ჰაერის ნაკადების მოძრაობასა და მისგან გამომდინარე შესაძლო სირთულეებზე გააკეთეს.

„ჩვენ არ განვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებსა და ტექნიკურ დეტალებს, ჩვენ ვაფასებთ ძეგლთან მიმართებაში. თუმცა საბჭომ ჩათვალა რეკომენდაცია გაეცა ამ მიმართულებითაც, რომ ეს საკითხი მერიამ ნებართვის გაცემამდე გაითვალისწინოს“, – განმარტა საბჭოს ხელმძღვანელმა ლაშა ასლანიშვილმა. ამ საბჭოს წევრია მირიან მეტრეველიც.

„ალიანსი ფრივილიჯის“ 54-სართულიან შენობის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

„მულტიფუნქციური კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“ „ალიანს ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,“ – განაცხადა „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორმა, აკაკი სონგულიამ უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალის Property Georgia-სთან. შესაბამის ხელშეკრულებას „მერიოტ ინთერნეშენელთან“ კი ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა.

ამავე თემაზე: ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსი აშენდება – კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ

 

რატომ ისაუბრა პატრიარქმა პირველად ეპისტოლეში ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნაზე – ინტერვიუ

ეკლესია და სახელმწიფო – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან ძირითადად ამ საკითხმა გამოიწვია საჯარო დისკუსია. სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა თქვა, რომ „ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც“.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს პირველად პატრიარქის ეპისტოლეში ამ თემის გააქტიურება და რა გზავნილებია წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

ბატონო მირიან, თქვენთვის რა იყო მთავარი გზავნილი ახალ სააღდგომო ეპისტოლეში?

ეპისტოლე მხოლოდ ერთხელ წავიკითხე და რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ესაა მისი ეკლექტური წყობა, ძალიან არეულ-დარეული თემატიკა. პატრიარქს აქვს ასეთი სტილი, რომ წლის განმავლობაში, რასაც ის ჩათვლის მნიშვნელოვნად, ინიშნავს ამ თემებს და შემდეგ ცდილობს, ასახოს იგი ეპისტოლეში. პირველივე ხაზი, რაც მოსდევს სტანდარტულ შესავალს, არის ზნეობრივი ღირებულებების შესახებ, რომ ის რაც მცდარია, ცხადდება ნამდვილად, დაუშვებელი – დასაშვებად… ამჯერადაც ერთგვარად მორალურ დათრგუნვას ახდენს ეს წერილი.

შემდეგ ამას მალევე მოსდევს, მაგალითად, აბზაცი, სადაც წერია, რომ ადამიანები მდარე პროდუქტებით იკვებებიან. საერთოდ, საკვებთან მიმართებაში პატრიარქი ხშირად უშვებს ხოლმე მნიშვნელოვან შეცდომებს. გასაგებია, რომ ის იკვებება მაღალი დონის საკვებით, მაგრამ რაღაცნაირად შემხებლობაში ხომ უნდა იყოს საკითხთან, რაზეც საუბრობს? რამდენიმე წლის წინ სააღდგომო თუ საშობაო მარხვა ხსნილად გამოაცხადა ხიზილალით. ეს ხომ დაცინვაა მრევლის, სადაც ალბათ თაობები არსებობს, რომელმაც არც კი იცის, რა არის ხიზილალა და არასდროს გაუსინჯავს მისი გემო, ამ პროდუქტის ძვირდაღირებულების გამო. ამ ეპისტოლეშიც ისე საუბრობს პატრიარქი, თითქოს ადამიანებს აქვთ საშუალება და არ იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით.

 

შესაძლოა, ამ ფორმით საპატრიარქომ გააპროტესტა სურსათის ხარისხი…

მაშინ არ უნდა იწვევდეს ეს აზრი სხვადასხვა გაგებას. მას შეეძლო პირდაპირ ეთქვა, რომ ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს საქართველოში სურსათის ხარისხს, არ მუშაობს სათანადოდ და ასე შემდეგ. სურსათი ზოგადად ის თემაა, რაზეც პატრიარქი ხშირად საუბრობს ეპისტოლეებში. ერთხელ, მახსოვს, ხორბლის ჯიშებზეც კი დაწერა პატრიარქმა და დიდი ადგილი ეთმობოდა ამ საკითხს ეპისტოლეში. სინამდვილეში, ის უნდა შეიცავდეს რაღაც ტიპის სულიერ გზავნილს და უნდა ეძღვნებოდეს კონკრეტულ პრობლემებს. თუ გახსოვთ, პატრიარქს ერთ-ერთ წინა ეპისტოლეში ჰქონდა საუბარი ხელოვნურ განაყოფიერებაზე. ამ კონკრეტულმა ფრაზამ ახადა ფარდა ძალიან დიდ სფეროს. აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანები ქალებს ქირაობენ და ასე შემდეგ. ანუ თემა არსებობდა, მაგრამ ასეთი განხილვა მანამდე არ ყოფილა.

ეკლესია და სახელმწიფო – პატრიარქი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციურად ეს ორი ინსტიტუტი გამიჯნული უნდა იყოს და ასეც არის. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ საკითხის გააქტიურება ეკლესიის მხრიდან?

ეს საკითხი ამგვარი ფორმულირებით პირველად მოხვდა ეპისტოლეში, მაგრამ საკმაოდ მცირე დოზით. იმდენად მცირე აბზაცი ეთმობა მას, რომ დისკუსიის საგანიც ვერ გახდა. პატრიარქი წერს, რომ სტრუქტურულად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფო ეკლესიისგან. მანამდე ის სულ ერთიანობის შესახებ წერდა. ეტყობა, ვიღაცამ ურჩია, რომ პატარა ლუკმა დემოკრატიისთვისაც უნდა გადაეგდო. თუმცა იქვე, მეყსეულად აღნიშნავს, რომ საერთო საქმეში ეკლესია და სახელმწიფო ერთად უნდა იყვნენ.

ამავე აბზაცში აღნიშნულია, რომ „ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს“.

კი. ამით პატრიარქმა მიანიშნა, რომ ის შეეგუება სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნას მხოლოდ ფორმალურ დონეზე. თვისობრივად მას სურს, რომ იყოს მჭიდრო კავშირში ეს ორი ინსტიტუცია.

მასმედიაზე აქამდეც არაერთხელ უსაუბრია პატრიარქს ეპისტოლეებში. ამჯერად რა ჩანს მასმედიასთან მიმართებაში?

აქ საინტერესოა ორი მომენტი. ეკლესია დიდი ხანია ინარჩუნებდა საინფორმაციო შეუვალობას. აქამდე მიუხედავად პატარ-პატარა წაკბენებისა, ეკლესიას ჰმოსავდა ერთგვარი გარსი, რომელიც მას ინფორმაციის გავრცელებისგან იცავდა. „ციანიდის საქმის“ შემდეგ ეს გარსი მთლიანად ჩამოიშალა. ამის პარალელურად, საინფორმაციო საშუალებებს ეკლესიაში გაუჩნდათ მოკავშირეები. ეს არის აპოკალიფსური სურათი პატრიარქისთვის, რადგან იცის, რომ თუკი მასმედია რეალურად დაინტერესდება საპატრიარქოს შიგნით არსებული სიტუაციით, იქ ბევრ მნიშვნელოვან ამბავს წააწყდება. ან მოხდება მათი წარმოჩენა სხვაგვარად. მაგალითად, საუბარი საეკლესიო კორუფციაზე. ეკლესიას ხომ ფიქსირებული ქონება არ გააჩნია, არც საბანკო ანგარიშების ვალდებულება აქვს მას. სინამდვილეში არსებობს კორუფცია, მაგრამ ეკლესიას ეს სხვაგვარად ესმის.

მეორე მომენტი არის ის, რომ ეკლესია აქამდე იყო სერიოზული აქტორი შეხედულებების დამკვიდრების საქმეში, ეს იქნებოდა პოლიტიკური, სოციალური თუ მორალური შეხედულებები. მას უკვე გამოუჩნდა კონკურენტი მასმედიის და მათ შორის, სოციალური მედიის სახით. უკვე ერთმა ადამიანმაც კი შესაძლებელია გამოავლინოს ეკლესიის რომელიღაც მანკიერი თვისება სოციალური ქსელის დახმარებით. პატრიარქის კრიტიკა მთლად თითიდან გამოწოვილი არ არის, როცა იგი ავტორიტეტებზე საუბრობს. დღემდე ქართული მედია ვერ ახერხებს არსობრივად საკითხის განხილვას და ხშირად შეხლა-შემოხლის ორგანიზებით შემოიფარგლება. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ ეზარება ლაპარაკი და აქვს კავშირები ტელევიზიასთან, ახერხებს მისი აზრი გახდეს მნიშვნელოვანი. პატრიარქი უკვე გრძნობს ამ კონკურენციას.

აქ ჩნდება ასევე კითხვა: არის თუ არა რეალური ეკლესიის ძალაუფლება? აქამდე 10 წელია, თუ უფრო მეტი, ჩვენ გვესმოდა, რომ ეკლესია არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი და ჩვენ გვჯეროდა ამის…

ეს გამოკითხვებიდანაც ჩანდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობოდა ეკლესიას.

მეც მინდოდა, რომ თქვენ ეს ჯადოსნური სიტყვა – გამოკითხვა გეხსენებინათ. რას ნიშნავს გამოკითხვა? ის საქართველოში იმგვარად არის კონსტრუირებული და ისე ეკითხებიან, რომ რეალურად რთულია გამოკითხულის პოზიციის გაგება. ადამიანი, რომელსაც სურს სწრაფად გასცეს კითხვებს პასუხი, პირველი, რაც ჩამონათვალში თვალში ხვდება, არის ეკლესია. თუკი ადამიანს ეტყვი, რომელს უფრო ენდობი – ეკლესიას, იუსტიციის სამინისტროს თუ პატრულს, გეტყვის ეკლესიასო, რადგან ეკლესიას აქვს სიმბოლური ნდობა, ის უფრო პრეზენტატიულია, არსებობს ისტორიული მეხსიერება მის შესახებ. ამ ნაწილში, როცა პატრიარქი ამბობს, რომ მედიას შეუძლია დაამკვიდროს ღირებულებები, ეს არის კონკურენციის მძაფრი განცდის გამოძახილი. მან იცის, რომ მედიამ შეიძლება წაართვას ეს სიმბოლური კაპიტალი, რაც მას ჯერ კიდევ აქვს. ესაა ფუნქცია, რაზეც დგას საპატრიარქოს ფუყე ავტორიტეტი და ის შეიძლება ხელიდან გამოაცალოს სწორედ მასმედიამ. ავტორიტეტებს ებრძვიანო როცა ამბობს პატრიარქი, ის თავის თავს გულისხმობს პირველ რიგში. რამდენიმე წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ პატრიარქის მიმართ ასეთი კრიტიკა იქნებოდა შესაძლებელი, როგორც ახლაა.

ეპისტოლეში ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა ღირებულებებს. „ყველგან თვალშისაცემია ტრადიციული ღირებულებების მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებისა და ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

ამავე აბზაცს თუ დააკვირდებით, საინტერესოა ის, რომ პრობლემების ჩამონათვალი იწყება „აგრესიით“ . აგრესია არის თვისება, რომელიც ხშირად სწორედ ეკლესიასთან ასოცირდება. ბოლო წლებში ეკლესია გვესმის სწორედ ძალმომრეობის კონტექსტში იქნება ეს ფიზიკური დარბევა, კონცერტის ჩაშლა თუ კულტურულ ძეგლზე გამოვლენილი ძალადობა მისი გადაკეთების მიზნით. როცა ისტორიულ ძეგლს შენს ჭკუაზე ასხვანაირებ, ესეც აგრესიაა, ძალადობაა, რასაც ეკლესია აკეთებს. ეპისტოლე ისევ ატარებს საპატრიარქოს სრულიად მცდარ სტრატეგიას, რომ ხალხს რაღაცისკენ მოუწოდო, მაგრამ საამისოდ თავად არაფერი იღონო. პატრიარქი უკვე მერამდენედ, ალბათ მეოცე წელია, აპროტესტებს, მაგალითად, აბორტს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი ამას არ მოჰყოლია არასდროს მისი მხრიდან. კათოლიკური ეკლესიაც კრძალავს აბორტებს, მაგრამ ის ცდილობს ალტერნატიული გზები შესთავაზოს მრევლს. მაგალითად, არსებობს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მარტოხელა დედებს, რომ მათ შვილები გააჩინონ. არსებობს მონასტრები, სადაც შეუძლია ახალგაზრდა გოგოს შვილი გააჩინოს, თუ მას სირცხვილის გრძნობა აქვს კონკრეტული მდგომარეობის გამო და ა. შ. საქართველოში გსმენიათ მსგავსი პროგრამის შესახებ, რასაც ეკლესია ახორციელებს? ერთადერთი, ნარკომანიის რეაბილიტაციის ცენტრი არსებობდა და იმანაც არ იმუშავა. ეს არის უპასუხისმგებლობა. ეკლესიაც პასუხისმგებელია ნარკომანიაზე, აბორტზე და ნებისმიერ სხვა უმსგავსობაზე, რაც ერში ხდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ეპისტოლე ამახვილებს ყურადღებას: „დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნებს აღარ კითხულობს“.

არ არის ეს სიმართლე. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ აქვს და წიგნი ისევ რჩება მნიშვნელოვან პროდუქტად. ამაზე მეტყველებს ის, რომ წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს საქართველოში და ის იყიდება.

მედიაში დისკუსია ამჯერად ამ ეპისტოლეს არ მოჰყოლია. თავად საპატრიარქომ ხომ არ აარიდა თავი ახალი დისკუსიის წამოწყებას?

ეპისტოლე მაშინ არის რეზონანსული, როცა ის კონცენტრირებულია რაიმე ტიპის პრობლემაზე. რამდენადაც ეს ეპისტოლე ეკლექტიკურია, ის მედიის ინტერესის საგანი არ გამხდარა. მისი ძირეული ანალიზით არავის შეუწუხებია თავი… არა მგონია, რომ ეს შეგნებულად გათვალა პატრიარქმა. მას სურდა, რომ რაც შეიძლებოდა მეტი მნიშვნელოვანი საკითხისთვის გაესვა ხაზი და ამიტომაც საკმაოდ ვრცელი ეპისტოლეა, მეორე მხრივ, ეკლესია დაიღალა ამდენი ყურადღებით და ვეღარ უძლებს ზეწოლას.

კიდევ ერთი დეტალისთვის მინდოდა გამესვა ხაზი – თითოეულ ეპისტოლეში ეთნიკური უმცირესობის თითო ჯგუფი ჩნდება, როცა პატრიარქი ეპისტოლის დასასრულს საერთო მიმართვას აკეთებს. ამჯერად ამ ჩამონათვალს მიემატა: ასირიელები, ქურთები, ინგუშები, ჩერქეზები, ლეკები. ამ ეპისტოლეში ქურთული წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობების სრული პალიტრა მოხვდა, რაც არავის შეუმჩნევია. ესაა გამოძახილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესისა, სადაც ხსენებული ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ და თვითდამკვიდრების აქტიურ პროცესს გადიან.

 

 

 

 

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ფოტოგამოფენა ბათუმში

დღეს ბათუმში, ხელოვნების მუზეუმში, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის “რეფლექტორის” ამსახველი  გამოფენა მისმა გენერალურმა კონსტრუქტორმა, ელგუჯა მეძმარიაშვილმა გახსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კოსმოსური ობიექტის შექმნის ისტორია და ფოტოები.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ქართველმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა შექმნეს და 1999 წლის 23 ივლისს ორბიტაზე გაუშვეს. 28 ივლისს ობიექტი ორბიტულ სადგურს ჩამოსცილდა და მოძრაობა დედამიწის ირგვლივ თანამგზავრულ ორბიტაზე დაიწყო. კოსმოსური ობიექტი თბილისის საავიაციო ქარხანაში აიწყო.

“მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქართველის მიერ გაკეთებული კოსმოსური პირველი ობიექტი გავიდა დედამიწის მიზიდულობიდან, გასცდა მას და გავიდა უკიდეგანო სივრცეში. მანამ ქართველებს ყველაფერი ჰქონდათ, რაც მსოფლიო ცივილიზაციას გააჩნდა – იყო ხატვა, სიმღერა, ცეკვა, ხუროთმოძღვრება. ყველაფერი კეთდებოდა. მხოლოდ არ ჰქონდა კოსმოსური ობიექტი, 1999 წლიდან კი ის გვაქვს,” – თქვა დღეს ელგუჯა მეძმარიაშვილმა გამოფენაზე.

ორბიტაზე გასული კოსმოსური ობიექტის კადრები ასტრონავტ ჟან პიერ ენიერემის მიერაა გადაღებული.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი

 

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი

კუზიანი და გრენლანდიური ვეშაპები მღერიან

მეცნიერები ამბობენ, რომ ჩრდილოყინულოვან ოკეანეში მობინადრე ვეშაპები გრენლანდიის მახლობლად, პოლარული ღამეების დროს მღერიან და ეს მათი საყვარელი საქმიანობაა.

კუზიანი ვეშაპების სიმღერის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ გრენლანდიის პოლარულ ვეშაპებს უფრო მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვთ.

შპიცბერგენის არქიპელაგთან ახლოს მობინადრე ვეშაპებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მუსიკალური ხმები, რომლებსაც ისინი გამოსცემენ, ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მგალობელი ჩიტების ხმები.

მიიჩნევა, რომ სიმღერის უნარით გრენლანდიური ვეშაპები სხვა ვეშაპებსა და მთლიანად ძუძუმწოვრებს შორის უნიკალურები არიან.

სამი წლის განმავლობაში შპიცბერგენის მახლობლად მობინადრე ვეშაპებმა დაახლოებით 184 უნიკალური სიმღერა შეასრულეს. სიმღერა მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად გრძელდებოდა ზამთრის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში.

როგორც BBC-ის ვეშაპების კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროფესორმა კეიტ სტაფორდმა განუცხადა, გრენლანდიურ ვეშაპებს 1000-ზე მეტი სხვადასხვა ბგერის გამოცემა შეუძლიათ. მისივე ცნობით, კუზიანი ვეშაპების სიმღერა დაახლოებით 20-30 წუთს გრძელდება, გრენლანდიური ვეშაპები კი საშუალოდ 45 წამიდან 2 წუთამდე „მღერიან“.

კუზიანი ვეშაპები ერთი სეზონის განმავლობაში ერთსა და იმავე სიმღერებს ასრულებენ, მაშინ, როცა გრენლანდიური ვეშაპები ყოველდღიურად და რამდენიმე საათში ერთხელ ცვლიან რეპერტუარს.

გრენლანდიური ვეშაპების პოპულაციის შესახებ მეცნიერებისთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვეშაპები ძირითადად შეწყვილების სეზონზე მღერიან. მათ ნახევარმეტრიანი ყინულის კედლის გარღვევა შეუძლიათ და 200 წლამდე ცხოვრობენ.

გრენლანდიურ ვეშაპებს, სხვა ვეშაპებთან შედარებით, ცხიმის ყველაზე დიდი ფენით აქვთ სხეული დაფარული და ამიტომაც მათზე ნადირობა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დაიწყო. ამ პოპულაციის მცირე რაოდენობისა და  გრენლანდიის გაუსაძლისი, რთული ბუნებრივი პირობების გამო ამ ჯიშის ვეშაპების შესწავლას მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებდნენ.

წყარო: BBC

რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ ბაღები ავტორიზაციას – რას ითხოვს ახალი სტანდარტი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ავტორიზაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ. ავტორიზაცია მოიცავს როგორც ბაღების სანიტარულ-ჰიგიენურ და კვების, ასევე ინფრასტრუქტურისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტებს.

რა ხდება ბათუმის საბავშვო ბაღებში და შეესაბამება თუ არა მათი სტანდარტი ავტორიზაციის მოთხოვნებს? ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმში არსებული საბავშვო ბაღების შესახებ მერიას ანგარიში წლის ბოლოს ექნება.

„თუკი ეს საბავშვო ბაღები ვერ დააკმაყოფილებენ რეფორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ისინი პირობით ავტორიზაციას გაივლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციას მიიღებენ ინფრასტრუქტურული რეგლამენტის გავლის გარეშე,  2024 წლისთვის კი გამოასწორებენ ყველა ნაკლს,“ – გვეუბნება ის.

ლელა სურმანიძის თქმით, სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებენ ბათუმის პირველი და მეორე საბავშვო ბაღები, რადგან ისინი საცხოვრებელ კორპუსშია განთავსებული. „ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ 2024 წლამდე ამ ბაღებმა ეს კორპუსები დატოვონ,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

პირველ საბავშვო ბაღში 125 აღსაზრდელია, მეორეში კი – 140.

ლელა სურმანიძის თქმით, ახალაშენებული  ყველა ბაღი აკმაყოფილებს რეგლამენტს. თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე ბაღია ადაპტირებული და ისიც მხოლოდ პანდუსით არის აღჭურვილი, არ არის ადაპტირებული სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურა.

„აღმზრდელის სახელმწიფო სტანდარტი, ჰიგიენური და კვების სტანდარტი უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ, ველოდებით ინფრასტრუქტურული სტანდარტის დამტკიცებას. თუმცა პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

საბავშვო ბაღის შენობაში დაცული უნდა იყოს ბუნებრივი განათების სტანდარტი, „შიდა ეზო იმგვარად უნდა დაპროექტდეს, რომ პერიმეტრზე განთავსებულმა შენობებმა ხელი არ შეუშალოს მზის სხივის შეღწევას ეზოში“, გამწვანებას უნდა ეკავოს ნაკვეთი ფართობის არანაკლებ 40, ხოლო პარკირებისთვის ფართობის 5 პროცენტი უნდა იყოს გამოყოფილი. საბავშვო ბაღი არ უნდა იდგეს მაღალი ინტენსივობის მაგისტრალის, აეროპორტის, რკინიგზის, სხვა ხმაურიან ადგილზე, მაღალი ძაბვის გადამცემ და ინდუსტრიულ ზონებში.

შენობების მშენებლობის დროს არ უნდა იყოს გამოყენებული აზბესტის შემცველი და ფენოლის ფისზე დამზადებული მასალები.

შიდა ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ბავშვზე მორგებული. ცალ-ცალკე უნდა იყოს გოგონებისა და ბიჭების ტუალეტები, ერთი ტუალეტი მაინც უნდა იყოს ადაპტირებული.

ახალი სტანდარტი ითვალისწინებს კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოს შშმ ბავშვებისთვის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ბაღები ვერ დააკმაყოფილებს  მიწის ნაკვეთის და ა.შ. სტანდარტებს, რა ხერხს შეიძლება მიმართონ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად? ლელა სურმანიძე ამბობს, რომ „თუ ამას ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ სხვაგან უნდა გადავიდეს“.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სტანდარტებს, რეფორმის მიხედვით, 2024 წლის პირველ სექტემბრამდე დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას: ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

იგივე მოეთხოვება ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგსაც. მას უნდა ჰქონდეს პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს გადამზადება.

მაღალი კვალიფიკაცია მოეთხოვებათ მუსიკის პედაგოგებსაც. უნდა ფლობდნენ უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და უნდა იყვნენ გადამზადებული ზემოთ აღნიშნული მოდულების ფარგლებში.

დღეს დასაქმებული პერსონალი, როგორც ლელა სურმანიძე გვეუბნება, გადამზადდება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

ახალი სტანდარტის მიხედვით, ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში უნდა გამოიყოს ბავშვთა ძალადობის თავიდან აცილებისა და ძალადობისგან დაცვის პასუხისმგებელი პირი.  როგორც ლელა სურმანიძე გვეუბნება, ამისთვის არ არის გათვალისწინებული ცალკე შტატი: „ამ ფუნქციას რომელიმე აღმზრდელი შეითავსებს“.

 

Exit mobile version