ბათუმის მერია შსს-ს 300 ათას ლარს ჩაურიცხავს – დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით


ბათუმის მერია აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს 301 500 ლარს ჩაურიცხავს. დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაა და სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ობიექტს იცავს. ბათუმის მერიამ ამ მომსახურების მისაღებად, პირდაპირი შესყიდვის ფორმით, ორი ხელშეკრულება გააფორმა.

ორივე ხელშეკრულებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ 29 მარტს მოაწერა ხელი. ერთი ხელშეკრულების ღირებულება 198 900 ლარია, მეორეს – 102 600. ერთი ხელშეკრულება ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობების დაცვას ითვალისწინებს, მეორე – მერიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების [ყოფილი სასტუმრო „მეზღვაური“ და მერიის საწყობი აეროპორტის გზატკეცილზე].

ხელშეკრულების მიხედვით, დაცვის პოლიციის ინსპექტორები პირველი აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 900 ლარს მიიღებენ, უმცროსი ინსპექტორები – 700 ლარს.

„გამოსასვლელი დღე – არა“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ეს გულისხმობს კვირაში შვიდი დღე 24-საათიან მომსახურებას. „რა პერიოდულობით იმუშავებენ დაცვის თანამშრომლები, ამას თავად დაცვის პოლიცია გადაწყვეტს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

რატომ არ გამოაცხადა მერიამ ტენდერი დაცვის მომსახურებაზე და რატომ გაფორმდა ხელშეკრულება პირდაპირი წესით?

ბათუმის მერია: „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებისა“ და ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.“

კანონმდებლობის მიხედვით, კერძო დაცვის სამსახურებს მხოლოდ გაზის, პნევმატური, ცივი იარაღის ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენების უფლება აქვთ. ცეცხლსასროლი იარაღის კი, მხოლოდ  დაცვის პოლიციას, რომელიც სახელმწიფო უწყებაა.

აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველო ბათუმის მერიას წინა წლებშიც იცავდა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი