მთავარი,სიახლეები

„დაზიანებული კედელი და აივანი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“

11.04.2018 • 1722
„დაზიანებული კედელი და აივანი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“

სოფელ ზედა სამებაში ქეთინო ბერიძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ლია დავითაძის თქმით, სახლის კედელი და აივანი დაზიანებულია და შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს.

კედლისა და აივნის გარდა დაბზარულია სახლის ეზოს ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია. ლია დავითაძე ამბობს, რომ  მათ დასახმარებლად ხელვაჩაურის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ რეაგირება არ აქვთ.

„კიბეზე ასვლა არის სახიფათო, დაზიანებულია აივანი, კედელი, ბავშვი გვყავს სახლში, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და ჩვენს სიცოცხლეს ექმნება საფრთხე.

ბერიძეების საცხოვრებელი სახლი

გამგეობაში ჯერ გვითხრეს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა გქონდეთ, რომ დაგეხმაროთო. დავწერეთ განცხადება, მაგრამ შესამოწმებლად არავინ მოსულა“, – გვეუბნება ლია დავითაძე.

მისი თქმით, სახლის დაზიანების მიზეზად გეოლოგები წყლის არხებს ასახელებენ, თუმცა ოჯახს სხვა ვერსია აქვს.

„არა მგონია მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, რადგან როცა მთაზე ეკლესია შენდებოდა,  გზაზე მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა და სახლი ხშირად ირყეოდა. იმ პერიოდში სახლის წინა კედელი ჩამოინგრა, მაგრამ გაამაგრეს. ახლა კი სხვა კედლები დაზიანდა“, – გვეუბნება დავითაძე.

ოჯახში ხუთი ადამიანი ცხოვრობს.

„ბათუმელები“  ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა. მერის პირველი მოადგილე, ზვიად ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბერიძეების პრობლემასთან დაკავშირებით მერიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„როცა არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უფლება, სამუშაოები მთლიანად დავაფინანსოთ. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ამ სახლთან აუცილებელია ფერდსამაგრის მოწყობა. დღე-დღეზე იგეგმება საპროექტო სამუშაოები, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი 9 ათას ლარზე და დაახლოებით შემოდგომისთვის, ბერიძეების სახლთან ფერდსამაგრი გაკეთდება“, – ამბობს ზვიად ხალვაში.

ოჯახის წევრების თქმით, დაზიანებულია არა მარტო სახლის კედელი და აივანი, სახლის ირგვლივ დაბზარულია მიწაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: