მთავარი,სიახლეები

პატიმრობა 7-დან 9 წლამდე არასრულწლოვან ცოლთან სექსუალური კონტაქტისთვის

11.04.2018 • 6284
პატიმრობა 7-დან 9 წლამდე არასრულწლოვან ცოლთან სექსუალური კონტაქტისთვის

“მე მხოლოდ ოჯახის შექმნა მინდოდა, სხვა განზრახვა არ მქონია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა აკაკი ძ.-მ. მას გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება, ასევე სექსუალურ კონტაქტს 16 წელს მიუღწეველ პირთან.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მარტს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გოგოს გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, “თმები მოქაჩა”.

ეზოში მისულ პოლიციელებს ნაცემმა გოგომ უთხრა, რომ ის 2012 წელს გაჰყვა ცოლად აკაკი ძ.-ს. ამ დროისთვის დაზარალებული 13 წლის იყო.

გამოძიებამ ბრალდებულს ოჯახში ძალადობის მუხლის გარდა, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევის მუხლითაც წაუყენა ბრალი.

“ეს მუხლი 7-დან 9 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას,” – განუმარტა მოსამართლემ ბრალდებულს.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. “წარდგენილ ბრალს სრულად ვაღიარებ,” – თქვა მან.

დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლო ამ საქმეზე ვერც ერთი მოწმის ჩვენებას ვერ მოისმენს, მათ შორის, ვერც  დაზარალებულად ცნობილი ქალის.

“თან მაქვს დაზარალებულად ცნობილი ქალის წერილი,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა შოთა ჯიბლაძემ. წერილში ეწერა, რომ დაზარალებული ქალი ქმართან შერიგებას აპირებს. კიდევ ის, რომ მათ უკვე 5 წლის შვილი ჰყავთ.

არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მოტივით სასამართლო სხდომის დახურვა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ითხოვა. შუამდგომლობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ “სხდომის დახურვისთვის მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობა არ არის საკმარისი”.

მოსამართლემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტს ეხება, მაგრამ ამ დროისთვის დაზარალებული უკვე 20 წლისაა და სხდომის დახურვის საფუძველი არ არსებობს.

“საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. სასჯელზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს,” – ამბობს ადვოკატი შოთა ჯიბლაძე.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მაქსიმუმ სამი წლით შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, რადგან 2012 წლისთვის, როცა ბრალდებული არასრულწლოვანზე არაფორმალურად დაქორწინდა, კანონი 7 წლამდე პატიმრობას არ ითვალისწინებდა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებულის დედაც. “სად იყო რეაგირება, როცა ბავშვი გაჩნდა სამშობიაროში, როცა დაბადების მოწმობა უპრობლემოდ გაიცა? მაშინ არ იყო ჩემი რძალი არასრულწლოვანი?”- იკითხა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: