ბასიანის ბრძოლა

ავტორი: ანრი კიკნაველიძე

ყველაზე დიდი შეცდომა ახლა იმის გაფიქრება იქნებოდა, რომ წუხელ მომხდარი მხოლოდ კლუბების მფლობელებს, სტუმრებს, კლუბური ნარკოტიკის მომხმარებლებს ეხებათ. ასევე არ იყო ეს არც პოლიტიკური და რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი საკითხი.

ვერც ზიანი, რომელიც ამ შემთხვევამ უკვე მიაყენა ტურიზმს; ვერც საუბარი ნარკოდამოკიდებულების საფრთხეზე თუ გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ვერ ასახავს იმ პრობლემის სერიოზულობას და სიღრმეს, რომელიც ღამის კლუბების დარბევის აქტის უკან დგას და რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებებს უკავშირდება.

თუ შსს-ს მართლაც ჰქონდა უტყუარი საბუთები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები გასღებასთან დაკავშირებით, ეს მით უფრო საეჭვოს ხდის სპეცოპერაციის კლუბებში ჩატარების საჭიროებას. ერთადერთი ფუნქცია ამ სპეცოპერაციის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ძალის ჩვენება და მუშტის მოქნევა იყო.

საზოგადოების რეაქციით, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში, რომელიც ერის სარკეა, აშკარად გამოჩნდა, თუ რამდენად მახინჯია ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც დღეს დომინირებს (ან ცდილობს ამას) საქართველოში.

ამ ღირებულებათა მხარეს დგას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჯერ ვერ გარკვეულა, კარგი იყო თუ ცუდი საბჭოთა კავშირის დაშლა; ის ნაწილი, რომელმაც ლამის 30 წელია ვერ შეძლო ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელიც თავის ფუნდამენტურ ფუნქციას შეასრულებს – საკუთარ მოქალაქეს დაიცავს და ამასთან, თავის უწმინდეს მოვალეობად თვლის, ყველანაირად ხელი შეუშალოს ახალგაზრდა თაობას ასეთი სახელმწიფოს მშენებლობაში; პრეზერვატივებთან, კინოში სიგარეტის ჩვენებასთან და სიმსუქნესთან მებრძოლი ნაწილი; დავით აღმაშენებლის სახელით ქსენოფობიის მოქადაგე და ილიას სახელით ლიბერალიზმთან მებრძოლი ნაწილი; ქრონიკულად ალკოჰოლიკი და კლუბურ ნარკოტიკთან მებრძოლი ხალხი; სექსუალური განათლების მოწინააღმდეგე ვენერიულად დაავადებული ხალხი; ქალზე მოძალადეები; ტაბურეტკიანები; ხალხი გრძელი სადღეგრძელოებით და მოკლე ჭკუით, მაღალი ხმით და დაბალი ღირსებით.

წუხელ შესრულდა საზოგადოების ამ ბნელი, რეგრესული ნაწილის დაკვეთა და ეს იყო გასროლა იმ ომში, რომელსაც ის ამ საზოგადოების მეტწილად ახალგაზრდა, პროგრესული ნაწილის მიმართ დიდი ხანია ეწევა. ამ ომის ნაწილია დრაკონული ნარკოპოლიტიკაც, რომელიც ვერა და ვერ შეცვალა პარლამენტმა.

ყველანაირი ავტორიტარიზმი ცუდია, მაგრამ არსებობს მისი ყველაზე საზარელი ფორმა – ჩარევა ადამიანის ცხოვრების ყველაზე ინტიმურ, ყველაზე მგრძნობიარე, ყველაზე ძვირფას – პირად თავისუფლებაში, მაგალითად, იმაში, თუ რას უზამს ის თავის სხეულს. სწორედ ზემოხსენებული ხალხი თვლის, რომ უფლება აქვს, უკარნახოს ახალგაზრდას, როგორ გაერთოს, ვისთან, როდის და რა პირობებით ჰქონდეს სექსი, რა სწამდეს, რა უყვარდეს და რა სძულდეს. საზოგადოების ეს ნაწილი არის მოსე, რომელიც, რატომღაც, ცოცხალი გადარჩა და ახლა აღთქმული ქვეყნისაც უდაბნოდ გადაქცევა უნდა, რადგან თვითონ მარტო უდაბნოში შეუძლია გაიხაროს.

სწორედ ამიტომ არაა მთავარი ის, რომ ტურისტები შეაშინეს. ტურიზმზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველ ახალგაზრდას საქართველოში ჰქონდეს უფლება იყოს ის, ვინც არის და ვინც უნდა იყოს. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება არ არსებობს და ეს ბრძოლაც ამ ღირებულებისთვის არის.

გუშინ, როცა ახალ ამბებში ვკითხულობდი, თუ რამდენჯერ გააწყვეტინეს სიტყვა ტაშით პარტიის ყრილობაზე „პირველ მოქალაქეს“, კომუნიზმში ცხოვრების უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. დღეს ეს შეგრძნება ყველაზე ძლიერია, რადგან ბევრი დარბევა მინახავს, მაგრამ არცერთი ასე პირდაპირ მიმართული ადამიანის ყველაზე ძვირფასი, პირადი თავისუფლების წინააღმდეგ.

გვსურს თუ არა, მოგვწონს თუ არა, ღირებულებათა ბრძოლამ რეალური ბრძოლის სახე მიიღო. ვინც ამ ბრძოლის ერთ მხარეს დგას, მათზე ზემოთ დავწერე. მათ უნდა წააგონ.

ანრი კიკნაველიძე

 

 

ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

ამ წუთებში ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი გუშინ, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები გმობენ, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს და აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას.

„ვგმობთ გუშინდელ ფაქტს, ის რაც მოხდა „ბასიანში“ ვთვლოთ, რომ ამით გამოგვიცხადეს ბრძოლა და ომს ომით პასუხობენ ხოლმე“ – ამბობს  მარიამ ბეჟანიშვილი.

„ევროპის მოედანზე“ ახალგაზრდებმა ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე ანა ნინიძე ამბობს, რომ  პოლიცია უნდა ებრძოლოს ნარკორეალიზატორებს, მაგრამ არა ამ ფორმით. „არა ახალგაზრდების  დარბევით, იმიტომ, რომ ჩვენ ახალგაზრდებს ისედაც არაფერი გვაქვს გართობისთვის და ამ ფორმით ისინი გართობის საშუალებასაც გვართმევენ“-ამბობს ის.

საპროტესტო აქცია „ევროპის მოედანზე“

„ევროპის მოედანთან“  პოლიციაა მობილიზებული.

პოლიციელები საპროტესტო აქციაზე
პოლიცია საპროტესტო აქციაზე

„პირველი სვლა ბათუმში“ – მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება და დაგეგმილი ღონისძიებები

13 მაისს, 12:00 საათიდან, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდე-ს რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოეწყობა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“ მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულები: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი ნონა გაფრინაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადის მედია-ტურნირის – „ბათუმი 2018“ მონაწილეები: ტელე-რადიო კომპანიების, ასევე ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების წარმომადგენლები.

„სიმბოლური „პირველი სვლა ბათუმში“ -საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელი ღონისძიების მთავარი გზავნილი იქნება. გაიმართება ერთდროული თამაშის სეანსები დიდოსტატებსა და ადგილობრივ მოჭადრაკეებს შორის.

ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა:ორკესტრირებული მსვლელობა და შესრულდება სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ფლეშმობი, რომელიც მოახლოებულ საჭადრაკო ოლიმპიადას დააანონსებს; მოეწყობა ფოტო-გამოფენა, სახელდახელო ქვიზ-შოუ, მოწვეული მიმები იზრუნებენ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და სამახსოვრო ფოტო-სესიების მოსაწყობად. ღონისძიების დასასრულს კი, საჭადრაკო პროექტი, ონლაინ-პლატფორმა „მილიონი სვლა“ ჩაირთვება“ – აღნიშნულია 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი 2018“-ის პრეზენტაცია აპრილში, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ამავე თემაზე:

ყინულის ლომები ბათუმიდან

 

პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან

12 მაისს, აჭარის განათლების ფონდის მოწვევით, ფიზიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასებს ბერნის გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი ირმა მგელაძე ატარებს. ირმა მგელაძე შვეიცარიის ფიზიკის კომისიის (DPK) წევრია, მის მიერ მომზადდა და გამოიცა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც შვეიცარიის სკოლებში ასწავლიან.

„ფიზიკის სასწავლო პროგრამა ეთმობა ისეთ თემებს, რომლებიც შეიქმნა მე-17-მე-18, მე-19 საუკუნეებში, რაც წარმოადგენს სასწავლო ფიზიკის სწავლების უზარმაზარ დილემას. ბუნებრივია, ამ ფუნდამენტური საკითხების სწავლის გარეშე წარმოუდგენელია ფიზიკის, როგორც მეცნიერების აღქმა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ აღარ გვრჩება დრო ვასწავლოთ თემები, რომლებიც მოიზიდავს და დააინტერესებს ახალგაზრდებს,“ – ამბობს ირმა მგელაძე „ბათუმელებთან“.

ის საუბრობს იმაზე, რომ ფიზიკური მოვლენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ჩვენ სწორედ ამ მოვლენებით უნდა ავუხსნათ მოსწავლეებს ფიზიკური მეცნიერება.

„მაგალითად, როცა კლასში სიჩქარეზე ვსაუბრობდით, მოსწავლეებმა მაჩვენეს ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს ფოტო, სადაც ნაჩვენები იყო ბურთის თავზე დარტყმის სიძლიერე. ფოტოზე ჩანდა, რომ თავში მოხვედრის დროს იმდენად დიდი იყო სიჩქარის ძალა, რომ ბურთი 15 სმ-ით იყო შეკუმშული.

მოსწავლეებმა ადვილად გამოთვალეს ბურთის მოძრაობის საშუალო სიჩქარე საათში, შენელების ძალა დარტყმის დროს და ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბურთის სიჩქარე ფაქტობრივად იყო რეკორდული – 212 კილომეტრი საათში.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალგაზრდები გაკვეთილზე ძალიან ბევრი კითხვით მოდიან, ისინი ბევრი რამის მიმართ იჩენენ ცნობისმოყვარეობას, მაგრამ გაკვეთილზე რაღაც სინთეზურ  სამყაროში გადაგვყავს ისინი და ამ ყველაფერს ვაჩვენებთ ხელსაწყოებით, რომლებსაც მხოლოდ კლასში ხედავენ და რომელსაც არასდროს ხედავენ ცხოვრებაში.

სწორედ აქ არის პრობლემა. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღონ იქედან, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოადგენს,“ – ამბობს პედაგოგი.

ირმა მგელაძე ქართველ პედაგოგებს მასტერკლასს უტარებს

მისი აზრით, მობილური ტექნოლოგიების ბოლომდე მიტანა შეუძლებელია მოსწავლეებთან, მაგრამ შესაძლებელია იმის სწავლება, როგორ მოდის ინფორმაცია მათთან.

„და ეს ყველაფერი შეგვიძლია აღვწეროთ და მივიტანოთ ისე, როგორც შეესაბამება ფიზიკის სწავლებას და გეგმებს,“ – გვეუბნება ის.

მასტერკლასის ჩატარების დროს მან პედაგოგებს  აჩვენა, როგორ გადააქვს სინათლის სხივს ინფორმაცია.

„ჩვენ ჩავრთეთ მუსიკა  და ვნახეთ, რომ ლაზერის სხივმა წაიღო მუსიკა, ფოტოდეტექტორმა კი დააფიქსირა ეს მუსიკა, რომელსაც ჩვენ ახლა ვუსმენთ. სწორედ ეს შეგვიძლია ვაჩვენოთ მოსწავლეებს.

მათ უნდა იცოდნენ, როგორ მოდის ინტერნეტი სახლში, რომ ის ჩემოდნით არავის შემოაქვს და ის მოდის ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით.

ირმა მგელაძე. ექსპერიმენტის ჩატარების დროს

თუ ჩვენ ჰაერში გავუშვებთ ლაზერის სხივს, ის ვერ მოიტანს ინფორმაციას, რადგან მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება, მაგრამ თუ დავუყენებთ მას ოპტიკურ ბოჭკოს, ეს ბოჭკო მოიტანს ინფორმაციას,“ – ამბობს პედაგოგი.

მან მასტერკლასის დროს კიდევ რამდენიმე ექსპერიმენტი აჩვენა ფიზიკის პედაგოგებს. მაგალითად, ქვაბსა და ქურას შორის დაფენილი ქაღალდი რას ცვლის სითბური ენერგიის გადაცემის დროს და ა.შ.

ირმა მგელაძე ფიქრობს, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფიზიკური მეცნიერებებით ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება, სწორედ ინფორმაციის გადაცემის ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული.

„და არა მხოლოდ ამაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში იგივე მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში თითქოს ვერ ატარებენ გაკვეთილს, სახლში კარგი რეპეტიტორები არიან.

საქართველოში უზარმაზარი პრობლემაა სკოლის ღირებულების დაცემა. სკოლაში მოსწავლე არ უსმენს მასწავლებელს, მშობელი სკოლაში არ ენდობა მასწავლებელს, ეს ერთი ჯაჭვია და ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება,“ – მიაჩნია მას.

დეამედის უფასო კონსულტაციები ბათუმში თმის გადანერგვის მსურველთათვის

12-13 მაისს, ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალში, თმის გადანერგვის მსურველთათვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს „საქართველოს თმის ტრანსპლანტაციის და ტრიხოლოგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი პროფესორი, მედიცინის დოქტორი ალექსი მახარაშვილი.

ალექსი მახარაშვილი - მედიცინის დოქტორი, პროფესორი

ალექსი მახარაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“ და თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი წევრი (აშშ).

[highlight color=”red”]წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0422 27 25 88; 555 90 00 03[/highlight]

მის.: ქ. ბათუმი მელიქიშვილის #102

 

 

„ვიცეკვოთ ერთად“ – ბათუმში 15:00 საათზე ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ

დღეს, 12 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გაიმართება, სახელწოდებით “We Dance Together / We Fight Together”. აქცია თბილისში 11 მაისის ღამეს, ღამის კლუბებში პოლიციის რეიდს უკავშირდება, რომლის დროსაც 70-მდე ადამიანი დააკავეს.

„დუმილის დარღვევის დროა, ეს ყველა ჩვენგანს ეხება, ეს შენ გეხება, შენს მომავალს ეხება. ნუ დაჯდები სახლში, გამოდი გარეთ. ეხლა თუ გავჩუმდებით, სულ გაგვაჩუმებენ. დავგმოთ ხელისუფლების უმსგავსო საქციელი. დღეს 12 მაისს, გელოდებით ევროპის მოედანზე. ერთად ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


რა მოხდა 11 მაისის ღამეს:

  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია „გალერისა“ და „ბასიანში“ 12 მაისის, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
  • აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძელდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს.

ბარცხანის ხიდთან რამდენიმე საათით გზა ხვალ დილითაც გადაიკეტება

ბათუმში შემომსვლელი ავტომანქანებისთვის ბარცხანის ხიდთან მაგისტრალი დღეს, 12 მაისს, დილით, რამდენიმე საათით გადაიკეტა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარცხანის ხიდი [ნონეშვილის ქუჩა]-გოგოლის ქუჩა, აქედან კი მაიაკოვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მიმართულებით გადაერთო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის გადაკეტვა ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას უკავშირდებოდა.

ესტაკადის მშენებელი კომპანიის მენეჯერის, ნიკა გაბადაძის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა იგეგმება ასევე ხვალ, 13 მაისს, დაახლოებით დილის 8-ის ნახევრიდან დილის 10 საათამდე პერიოდში. დროის ამ მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტი ბარცხანის გადასასვლელი ხიდიდან იმოძრავებს.

ესტაკადის მშენებლობის გამო მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართულია მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ქალაქიდან, შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.

ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს და ქალაქიდან გამსვლელი ტრანსპორტი ბონი-ბარცხანის გავლით მოძრაობს.

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ 14 მილიონ 370 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ესტაკადაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.

ბარცხანის დასახლებაში ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბაქოს ქჩა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო / 12.05.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბარცხანის დასახლებაში ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბაქოს ქჩა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო / 12.05.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბარცხანის დასახლებაში ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბაქოს ქჩა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო / 12.05.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები

 

 

მუსლიმი გოგონები თავსაფრით და უთავსაფროდ

„ვატარო თავსაფარი, ჩემი არჩევანია“- გვეუბნება 19 წლის მუსლიმი გოგო. საკუთარ არჩევანზე საუბრობს მეორე მუსლიმიც, რომელიც თავსაფარს არ ატარებს. „მე მჯერა რომ ღმერთს ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“-მიაჩნია მას. 21-ე საუკუნეში საქართველოში მცხოვრები მუსლიმები გვიყვებიან რომ მათი თავისა თუ სხეულის დაფარვა ან არდაფარვა, მათი არჩევანია. ეს არჩევანი კი მათსავე რელიგიურ მრწამსს ემყარება.

თავსაფრიანი გოგონების აზრით, ატარო თავსაფარი საკმაოდ რთულია, რადგან  ამ ხილვადობის გამო ისინი ადვილად ხდებიან აგრესიის სამიზნე. უთავსაფრო მუსლიმები კი ადამიანების გაკვირვებას თუ აგრესიას, მათი რელიგიური კუთვნილების გაცხადების შემთხვევაში აწყდებიან. როგორ ცხოვრობდნენ მუსლიმი ქალები წლების წინ და რა შეიცვალა მუსლიმი ქალების, გოგონების ცხოვრებაში დღეს?

მუსლიმმა ქალებმა აჭარაში თავისდაფარვა ბოლო წლებში უფრო აქტიურად დაიწყეს. ბევრი ამ ფაქტს ე.წ. რადიკალური ისლამის გავრცელებას უკავშირებს.

მომავალი ფარმაცევტი – ჯილდა თავსაფრით
ჯილდა ხოზრევანიძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

„ხშირად მეუბნებიან, შენ ისტორია არ იცი? არ იცი რა გაუკეთეს მუსლიმებმა საქართველოს? ვიცი ისტორია და არანაკლებ მიყვარს ჩემი ქვეყანა“, – გვიყვება 19 წლის ჯილდა, რომელსაც თავსაფრის ტარების გამო არაერთხელ მოუსმენია მისი მისამართით ნათქვამი – „ტერორისტი“, „თურქი“, „რას ჰგავს“.

ჯილდა გვიყვება, რომ არის შემთხვევები, როცა თავად მუსლიმებიც კი ნეგატიურად რეაგირებენ ქალების თავდახურვაზე. „იცით რამდენს უთქვამს ჩემი მშობლებისთვის, „რაში გჭირდებათ“, „მოხსენით“.

ჯილდა გვესაუბრება მუსლიმ ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზეც: „მცდარი წარმოდგენაა თითქოს მუსლიმ ქალებს განათლების უფლება არ აქვთ. მე მყავს მამიდა, რომელსაც თავის სამ ძმაზე მეტი განათლება აქვს. ბაბუაჩემმა იცოდა სწავლის ფასი და მისი ფასი იცის მამაჩემმაც, ამიტომ ყველანაირად გვიწყობს ხელს, რომ ვისწავლოთ მე და ჩემმა დებმაც“.

ჯილდას თქმით, ხშირად საზოგადოება უფროა დამაბრკოლებელი, ვიდრე ოჯახი: „მამაჩემს სულ ეუბნებიან, რომ ტყუილად ფლანგავს ფულს ჩვენს სწავლაზე, რადგან თავსაფრიან გოგონებს საქართველოში მომავალი არ აქვთ“.

ჯილდას დებიც თავსაფრიანი სტუდენტები არიან. სანათესაოში მხოლოდ ჯილდა და მისი დები ატარებენ თავსაფარს.

ჯილდას დედა თავსაფარს არ ატარებს: „დედა მასწავლებელია, თავსაფრიანი მასწავლებელი კი სამცხე-ჯავახეთში წარმოუდგენელია“, – ამბობს ჯილდა. – „ჩემთვის დედა იყო სტიმული, მან მასწავლა რა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი. დედაჩემს ოთხი შვილი ჰყავდა, როცა უნივერსიტეტში ჩააბარა. რთული იყო, მაგრამ სწავლაზე უარი არ უთქვამს“.

ჯილდა ამბობს, რომ არ არის მარტივი მუდმივად დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება: „საავადმყოფოში ხარ თუ სხვაგან, პირველი რასაც გეკითხებიან არის – „ქართული იცი?“, შემდეგ მოდის კითხვები: „თურქზე ხარ გათხოვილი?“, „თურქეთში სწავლობ?“ სულ მიწევს იმის ახსნა, რომ ქართველი ვარ“.

ჯილდა ფარმაცევტობას აპირებს, მან იცის, რომ თავსაფრიანს დასაქმებაც გაუჭირდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ ვიდრე უნივერსიტეტს დაამთავრებს, თავსაფრიანი ადამიანების მიმართ საზოგადოების, დამსაქმებლის დამოკიდებულებაც შეიცვლება.

მოსწავლე გოგონა – თეა თავსაფრით
თეა სურმანიძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

თეა 17 წლისაა, ჯერ სკოლაც კი არ დაუსრულებია, თუმცა არჩევანი გააკეთა და თავზე დაიფარა. ის ამბობს, რომ თავსაფარი მისთვის თავისუფლებაა. მას მიაჩნია, რომ სხეულის დაფარვით მის სხეულზე თვითონ ამყარებს კონტროლს და არა სხვა. თეა ბათუმში ცხოვრობს და თავის გამოცდილებაზე ყვება:

ხულოდან ამერიკაში სასწავლებლად წასული ლია

ჯილდასა და თეასგან განსხვავებით, ლია დეკანაძე თავსაფარს არ ატარებს. ისიც გვეუბნება, რომ არ ატაროს თავსაფარი, მისი არჩევანია. ლიას აზრით, „ღმერთი მას ისეთს იღებს, როგორიც არის“.

თავსაფრის ტარებასთან დაკავშირებით მუსლიმ გოგონებს განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ლია, ისე როგორც სხვა მუსლიმი გოგონები, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში და, ზოგადად, პატრიარქალურ გარემოში, ქალებს მუდმივად უხდებათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

„ქალის ჩაგვრა, ეს არ არის რელიგიასთან კავშირში. ვფიქრობ, ეს არის კულტურული გარემოს ბრალი, რადგან ქალები, ზოგადად, იჩაგრებიან პატრიარქალურ გარემოში“, – გვეუბნება ლია. – „სქესის გამო ბარიერებს ქმნის საზოგადოება. ამიტომ, ჩვენ გოგონები ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ისევე შეგვიძლია სწავლა, კარიერის გაკეთება და წარმატების მიღწევა, როგორც ბიჭებს“.

ლია ხულოში გაიზარდა, მაგრამ მოახერხა ის, რაც, ჯერჯერობით, ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ვერცერთმა ბიჭმა ვერ შეძლო: მე-12 კლასში როდესაც გადავიდა, ერთ-ერთი პროგრამის რჩეული გახდა და ამერიკაში წავიდა. ლიამ სკოლა იქ დაამთავრა, ერთი წლის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა და ახლა თბილისში, თსუ-ში პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს.

ლია ამბობს, რომ მის განათლებაზე განსაკუთრებით დედა ზრუნავდა. „15 წლის ასაკში გაათხოვეს დედა, მას არჩევანი არ ჰქონია. მართალია, ჩემს მშობლებს ბედნიერი ოჯახი აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ თვითონ ვერ ისწავლა, ახლა ცდილობს ჩვენ, გოგოებს მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რაც მას არ ჰქონია“.

ლია დეკანაძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ლია ფიქრობს, რომ დღეს, აჭარაში მცხოვრები მუსლიმები – ქალები და გოგონები არ არიან ჩაგვრის ობიექტები იმაზე მეტად, ვიდრე არამუსლიმი ქალები და მათ აქვთ როგორც განათლების მიღების, ასევე სხვა თავისუფალი არჩევანის უფლება.

მომავალი იურისტი – ნესტანი 

მე არ ვატარებ თავსაფარს და ეს არის ჩემი არჩევანი“, –  ამას 19 წლის ნესტანი გვეუბნება. გოგონას თქმით, „ისლამში მნიშვნელოვანია ადამიანი ძალდატანებით აკეთებს ამას თუ საკუთარი არჩევანით“.

ნესტან ანანიძეც თსუ-ს სტუდენტია და იურისტის კარიერაზე ფიქრობს. მისი თქმით, რომ არა მშობლების მხარდაჭერა, მას ძალიან გაუჭირდებოდა განათლების მიღება. „ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ განათლება მივიღო და კარიერა მქონდეს. დედა 16 წლის გათხოვდა და ახლა უფრო კარგად ესმის განათლების მნიშვნელობა“, -გვეუბნება ის.

ნესტანი გვიყვება, რომ დედა ცდილობს ოთხივე გოგონას მისცეს დამოუკიდებელი ცხოვრების შანსი. „მას უნდა, რომ არ ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული, მათ შორის ფინანსურადაც“.

ნესტან ანანიძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის
მუსლიმი ქალების ხილვადობა იზრდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გვანცა ლომაია მიიჩნევს, რომ წინა წლებთან შედარებით მუსლიმ ქალებს დღეს უფრო მეტად აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა გარკვეულ საკითხებში, მათ შორის განათლებაშიც. მაგრამ, მისი აზრით, აუცილებლად უნდა შეფასდეს არა ის, ინდივიდუალურად რამდენი გოგოს ცხოვრება შეიცვალა, არამედ ტენდენცია როგორია.

გვანცას აზრით, დღეს ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ გოგოს უზღუდავს  განათლების მიღების შესაძლებლობას ან ნაადრევი გათხოვებისკენ უბიძგებს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მუსლიმ თემში არსებული პრობლემა.

„განათლების აუცილებლობა, ვფიქრობ, უკავშირდება იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი გასცდა თავიანთ ოჯახებს, დაბადების ადგილებს და მათ დაინახეს ბევრი რამის საჭიროება. ზოგ შემთხვევაში, სწორედ ბებიები, დედები გახდნენ გოგონების განათლების მოტივატორები, რადგან ისინი გულდაწყვეტილები არიან იმის გამო, რისი შესაძლებლობაც მათ არ მიეცათ“, – გვეუბნება გვანცა.

გვანცას აზრით, დღეს მუსლიმი ქალები უფრო მეტად ხილვადები არიან, მაგრამ მათი სამოქალაქო აქტივიზმი მაინც დაბალია. „მაგალითად, ჩვენ ვერ ვხედავთ მუსლიმ გოგონებს, ქალებს, იმ მუსლიმ კაცებს შორის, რომლებიც მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ ბათუმში. მათი ხმა იქ არ ისმის“.

ვინ და რატომ ვერ იტანს თავდახურულ ქალს საქართველოში

რელიგიური დოგმების გამო საქართველოში და სხვაგანაც თავს იხურავენ არამუსლიმი ქალებიც –  მაგალითად, მონაზვნები. მუსლიმებისგან განსხვავებით, საქართველოში ამ ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობა არსებობს. ხოლო იმ ქალების მიმართ, ვინც ისლამის გავლენით ატარებს თავსაბურავს, საპირისპირო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ქალების „ქართველობაც“.

ისლამის მიმართ სიძულვილი საქართველოში მის მეზობლებთან ისტორიულ კონფლიქტებს  – დაპყრობით ომებს, მათ შორის ოსმალეთის იმპერიის მიერ მე-16 საუკუნეში 300 წლით აჭარის ოკუპაციის ფაქტს უკავშირდება.

მოსაზრებას – ყველა აჭარელი „წინაპრების რელიგიას“ უნდა დაუბრუნდეს, დღემდე აქტიური მხარდამჭერები ჰყავს.

„დღეს აქ რომ ისლამზე ქადაგება მიდის, იმ ქვეყნის ინტერესში შედის, რომელსაც სურს, რომ შეინარჩუნოს გავლენა აჭარაზე. ეს არის ისტორიულად ნაცადი ხერხი. ამიტომ ჩვენ ქართველები ვართ და უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები“, – ამბობდა ერთ-ერთი მოქალაქე შეხვედრაზე, რომელიც „ბათუმის ამერიკულ კუთხეში“ გაიმართა და სადაც საუბარი იყო ქართველი მუსლიმების, კონკრეტულად კი ქალების უფლებებზე.

რელიგიის მიმართ მტრულ განწყობებს ქმნიდნენ კომუნისტები. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ისინი ხალხში რელიგიის მიმართ სიძულვილსა და აგრესიას აღვივებდნენ. ამკვიდრებდნენ სტიგმებს მორწმუნე ადამიანების მიმართ და ამბობდნენ, რომ ღმერთი მხოლოდ გაუნათლებელ, ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სწამდეს.

წყაროების მიხედვით, მაგალითად, როცა ხულოელმა ქალმა – ფემბე ხოზრევანიძემ ჩადრი სახალხოდ მოიხადა, მან თქვა: „ამ განათლებულ ქვეყანაში ჩადრი რად მინდა“.

ასევე წყაროების მიხედვით, 1929 წლის თებერვალში ქართველმა მუსლიმმა ქალებმა პირველ ყრილობაზე როცა ჩადრი დემონსტრაციულად მოიხადეს, გაიძახოდნენ: „გაუმარჯოს ქალთა თავისუფლებას, ძირს ჩადრი“.

ამ ქალებმა იატაკზე დაყრილ ჩადრებს ცეცხლი წაუკიდეს.

რელიგიური სტერეოტიპების გავრცელების პარალელურად, კომუნისტები აქტიურად ებრძოდნენ როგორც ქრისტიანობას, ასევე ყველა სხვა რელიგიას ქვეყანაში. შესაბამისად, იკრძალებოდა როგორ რელიგიური რიტუალები, ასევე რელიგიური სიმბოლოებისა და ატრიბუტიკის გამოყენებაც.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ათეისტობით ცნობილი საზოგადოება საქართველოში აქტიურად მიუბრუნდა ეკლესიას, ღვთისმსახურებას და დაიწყო ე.წ. „სულიერი გამოღვიძება“. ხილვადი გახდა მუსლიმების რელიგიური იდენტობაც.

ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი

პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი შოთა ფევაძე ამბობს, რომ მუსლიმებისა და, ზოგადად, ისლამის მიმართ შეუწყნარებლობა და სიძულვილი, დასავლეთში 11 სექტემბრის ტერორისტული აქტისა და რადიკალური ისლამის გააქტიურების შედეგად არის გამოწვეული.

„ისლამის დემონიზებას  განაპირობებდა მე-20 საუკუნეში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რომელსაც დასავლური მედია ცალსახად პროებრაული ჭრილით აშუქებდა, უფრო ადრე კი, ისლამის მიმართ სიძულვილს ხელი შეუწყო ისეთმა ისტორიულმა მოვლენებმა, როგორიცაა კონსტანტინეპოლის აღება ოსმალების მიერ.

„წმინდა მიწის“ მუსლიმების ხელში აღმოჩენაში, ევროპულ საზოგადოებებში განაპირობა  ისლამის როგორც სისხლითა და მახვილით მზარდი რელიგიის შესახებ წარმოდგენის გაჩენა“.

შოთა ფევაძის თქმით, არის თუ არა რომელიმე რელიგია ძალადობრივი, რთულია ამის თქმა, რადგან მნიშვნელოვანია, როგორ ინტერპრეტირებას გავაკეთებთ.

„ნებისმიერ რელიგიას შეიძლება მივაბათ ძალადობრივი ნიუანსები და გამოვიყენოთ ის ომის ლეგიტიმაციისთვის. იგივე ხდება ისლამთან დაკავშირებითაც. „მაგალითად, ISIS-ის აქვს პოლიტიკური მიზნები და ამის მისაღწევად ის იყენებს ამოგლეჯილ ფრაზებს ყურანიდან. თვით მუსლიმ მოსახლეობაშიც კი დიდი გაუგებრობაა ამ ფრაზებთან დაკავშირებით“, – გვეუბნება ის.

ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ისლამი სხვადასხვა კონტინენტზე, განსხვავებული ენისა და კულტურის ხალხშია გავრცელებული, რაც ყურანის სწორად წაკითხვის პრობლემას ქმნის.

რაც შეეხება საქართველოს, შოთა ფევაძის აზრით, საქართველოში ისლამის მიმართ სიძულვილს პოლიტიკური მოტივები განაპირობებს.

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმები კი იმედოვნებენ რომ წინააღმდეგობებისა და სიძულვილის ენის მიუხედავად, საზოგადოება მიეჩვევა განსხვავებულის მიღებას და ადამიანებზე მენტალური ძალადობის ფაქტებიც შემცირდება.

 

გამოიცანი მწერალი სასიყვარულო წერილის მიხედვით [ტესტი]

ცნობილი მწერლების წიგნების გარდა მკითხველებს მათი ბიოგრაფიები და პირადი ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებთ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რომელ მწერალს ეკუთვნის ესა თუ ის სასიყვარულო წერილი.

შაბათ-კვირის აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ 5-6 მაისის ბათუმის აფიშას. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ. შაბათ-კვირას, ტრადიციულად, ღიაა მუზეუმებიც.

კინოთეატრი „აპოლო“, 12-13 მაისი 

„იხვი, იხვი და ბატი“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 საათზე, 14:30 საათზე

„შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ [3D ქართულ ენაზე] – 16:30 საათზე

„ანონიმი“ [რუსულ ენაზე]  – 19:30 საათზე

„შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ [3D რუსულ ენაზე] –  22:00 საათზე

ბილეთის ფასი: 7-10 ლარი

 

ბათუმის დრამატული თეატრი, ახალი სცენა, 13 მაისი 

„თეთრი ბაირაღები“ [რეჟისორი გოგი ქავთარაძე] დასაწყისი: 20:00 საათზე,

ბილეთის ფასი: 8 ლარი

 

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი

კვირა, 13 მაისი – „ბატის ჭუკი“

დასაწყისი: 13 საათზე.

ბილეთის ფასი: 4 ლარი

 

თანამედროვე ხელოვნების სივრცე, შაბათი, 12 მაისი   

გამოფენა „ნახატები ბათუმის შესახებ“

დასაწყისი: 16 საათზე

დასწრება თავისუფალია

„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“, ერთმილიონიანი ტენდერის გამო, დავების საბჭოში უკვე ხუთჯერ უჩივლეს. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ „ბათუმის წყალი“ აფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივლებს.

ტენდერი „ბათუმის წყლის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეა გამოცხადებული და შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 50 ათას 700 ლარია. მომსახურება გულისხმობს ავტომანქანების „დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას“.

ტენდერი „ბათუმის წყალმა“ 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება ამ დრომდე ვერ მოახერხა. შესაბამისად, მეხუთე თვეა ავტომანქანების „დროული და სრულყოფილი შეკეთება“ ვერ ხერხდება.

„ბათუმის წყალს“ ყველაზე დაბალ ფასად მომსახურებას შპს „გ. დრაივი“ სთავაზობდა – 840 561 ლარად. აღსანიშნავია, რომ „გ. დრაივი“ ბათუმში 2017 წლის დეკემბერში, ტენდერის გამოცხადებამდე 23 დღით ადრე დაარეგისტრირა გიორგი თურმანიძემ, რომელიც ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. კომპანიის საქმიანობის საგნად წესდებაში ავტონაწილებით ვაჭრობაა მითითებული.

„ბათუმის წყალმა“ კომპანიას დოკუმენტების დაზუსტება მოთხოვა. ტენდერის სხვადასხვა ეტაპზე კი, დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების გამო, ეს კომპანია სატენდერო კომისიამ ორჯერ გამოავლინა გამარჯვებულად, ბოლოს კი იძულებული გახდა დისკვალიფიკაცია მიეცა. ერთმილიონიანი ტენდერი „ბათუმის წყალს“ ისე აქვს გამოცხადებული, რომ შეფასების კრიტერიუმებში პრეტენდენტის გამოცდილება ჩადებული არ არის.

მომჩივანი მხარე აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისია თავისი „სადაო  გადაწყვეტილებებით, არღვევდა თავისუფალი ვაჭრობის, ჯანსაღი კონკურენციისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს“.

„გ. დრაივი“-ის დისკვალიფიკაციის შემდეგ, სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება უკვე მეორე პრეტენდენტს, შპს „თაზუს“ მოსთხოვა, რომელიც წინა პრეტენდენტისგან განსხვავებით მომსახურებას გაცილებით მეტად – 989 ათას ლარად სთავაზობდა „ბათუმის წყალს“.

სწორედ შპს „თაზუ“ უჩივის „ბათუმის წყალს“, როგორც პირველი პრეტენდენტის, ასევე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასებების გამო. დავების საბჭომ დაავალა სატენდერო კომისიას „თაზუს“ დოკუმენტაციის შეფასება „განახორციელოს საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებითა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

„ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიამ განიხილა საკითხი და შპს „თაზუს“ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა. ოქმის მიხედვით, კომისიამ მიიჩნია, რომ „შპს „თაზუს“ მხრიდან ადგილი აქვს სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას“.

„თაზუში“ განმარტავენ, რომ მთავარი საკითხი ეხებოდა დოკუმენტში ტერმინების „მოიჯარისა“ და „მეიჯარის“ არევას, რასაც სატენდერო კომისიამ არ მიაქცია ყურადღება და პირიქით, მათ მიუთითეს შეცდომაზე და თხოვეს კომისიას ოქმში შესწორების შეტანა, რაც კომისიამ არ გაითვალისწინა. ამასთან, კომისიამ ჩათვალა, რომ „თაზუს“ მიერ წარდგენილი იჯარის ხელშეკრულება არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და მას არ ჰქონდა იურიდიული ძალა. „თაზუში“ კი აცხადებენ, რომ კომისიას რეგისტრაციის ცნობა უნდა მოეთხოვა.

„თაზუმ“ სატენდერო კომისიის აღნიშნული ოქმიც გაასაჩივრა და მიუთითა, რომ „მოცემულ ტენდერთან დაკავშირებით შპს „თაზუს“ მიერ წარდგენილი იქნა სამი საჩივარი და სამივე საჩივარი გადაწყდა პრეტენდენტის სასარგებლოდ, სატენდერო კომისიამ აღნიშნული საჩივრების გამო გაატარა სადამსჯელო ღონისძიება და სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინა „თაზუს“ დისკვალიფიკაცია ყველაზე მძიმე – არაკეთილსინდისიერი ქმედების საფუძვლით“.

არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო დისკვალიფიკაციით „თაზუ“ მოხვდება არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, რის გამოც მას ერთი წლით აეკრძალება სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულებების დადება და ტენდერებში მონაწილეობა. ამასთან, დაკარგავს მოცემულ ტენდერში წარდგენილ საგარანტიო თანხას – 10 500 ლარს.

დავების საბჭომ „თაზუს“ ბოლო საჩივარიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას კვლავ დაავალა „თაზუს“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება „განახორციელოს საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებითა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

დავების საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 3 მაისს მიიღო, სატენდერო კომისიას კი ამ საკითხზე დღემდე არ უმსჯელია. ტენდერს მინიჭებული აქვს სტატუსი – „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, სადაც მონაწილე პრეტენდენტებიდან „გ. დრაივი“ დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ხოლო „თაზუ“ – არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.

„ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ შეწყვეტილა, ელოდებიან შესყიდვების სააგენტოსგან ტენდერის სტატუსის შეცვლას და კომისია „თაზუს“ დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების მიზნით ხელახლა შეიკრიბება. „აქ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ შეკრებილა, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში შპს ,,ბათუმის წყლის“ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა მანუჩარ მანველიძემ.

„თაზუში“ კი აცხადებენ, რომ ტენდერისთვის სტატუსის შეცვლაზე სააგენტოსთვის „ბათუმის წყალს“ აქამდე უნდა მიემართა, თუმცა არ მიუმართავს.

„მიხედავად იმისა, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად და უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ, „ბათუმის წყალი“ დღემდე არ ახდენს გადაწყვეტილების შესრულებას, აღნიშნული ფაქტის შესახებ 2018 წლის 10 მაისს შევატყობინეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოვითხოვეთ საჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმის გამოყენება და შპს „ბათუმის წყალის“ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენება.

იმ შემთხვევაში თუ ბათუმის წყალი გააგრძელებს უკანონო ქმედებებს და შეაფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „თაზუს“ ადვოკატმა რუსლან ბერიძემ.

„ტენდერის დაუსრულებლობა არ წარმოადგენს პრობლემას „ბათუმის წყლისთვის“, ვინაიდან კომპანიას გააჩნია საკუთარი ავტოფარეხი, ხდება ნაწილების შესყიდვა სხვადასხვა ფორმით და ავტომანქანების შეკეთება საჭიროებისამებრ. ამ ეტაპზე ავტომანქანების ტექნიკურად გაუმართაობის პრობლემა კომპანიაში არ დგას“ – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

მიუხედავად ამისა, პრესსამსახურში ისიც დაგვიდასტურეს, რომ ის მომსახურება [ავტომანქანების შეკეთება], რაზედაც ტენდერია გამოცხადებული და რისთვისაც ერთ მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, აუცილებლად უნდა შესრულდეს ტენდერში გამარჯვებულის მიერ და ეს სამუშაოები „კომპანიის ავტოფარეხში ვერ შესრულდება“.

ტენდერი, კი როგორც მომჩივანი მხარე აცხადებს, იმის გამო ჭიანურდება, რომ „ბათუმის წყალმა“ სამ შემთხვევაში არ შეასრულა დავების საბჭოს გადაწყვეტილება.

„იმ შემთხვევაში თუ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიის წევრების მიმართ არ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენს  მსგავსად კეთილსინდისიერი კომპანიები დაუსრულებლად გაასაჩივრებენ საბჭოში მოგებული გადაწყვეტილებების არ შესრულებას და რეალურ შედეგს ვერ მიიღებენ, ეს იქნება ძალიან საშიში პრეცენდენტი, რადგან დავების საბჭოს მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, [რომელიც გამოხატულია საჩივრების რაოდენობაში] შემცირდება. „ბათუმის წყლის“ მსგავს შემსყიდველ ორგანიზაციებს და არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებს ექნებათ ე.წ „მწვანე შუქი“ მოკლან თავისუფალი კონკურენცია, შევიდნენ კორუფციულ გარიგებებში და დანაშაულებრივი გზით უპირატესობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში“ – აცხადებს იურისტი რუსლან ბერიძე.

„ბათუმის წყალის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ ქოქოლაძეა.

2017 წლის იანვრიდან დღემდე „ბათუმის წყალს“ დავების საბჭოში 30-ჯერ უჩივლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

დღეს 11 მაისს, 19:50 საათზე, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

 

ოთხი მუზეუმი ერთად – აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა

ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა №4 – ამ მისამართზე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი მდებარეობს, თუმცა პირველი ივნისიდან ეს ახალი ორგანიზაციის მისამართი იქნება.

აჭარის მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აჭარის მუზეუმი“ შექმნა, რომელიც ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს გააერთიანებს. აჭარის მუზეუმში გაერთიანდება ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმიც, რომელიც აქამდე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექვემდებარებოდა.

აჭარის მუზეუმის შექმნის შესახებ დადგენილება 2018 წლის 3 მაისსაა მიღებული და მას ხელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აწერს.

„აჭარის მუზეუმზე“ კონტროლს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი „აჭარის მუზეუმის“ მიზნობრივი დაფინანსება უნდა უზრუნველყოს.

მუზეუმის დირექტორს აჭარის განათლების სამინისტროს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე მთავრობა – მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

აჭარის მუზეუმის დირექტორს ორი მოადგილე ეყოლება, მუზეუმის საკონსულტაციო ორგანო კი მეცნიერთა საბჭო იქნება.

მუზეუმს, სამინისტროს თანხმობით, შეეძლება უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; სესხის აღება; თავდებობა; ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა და სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

მუზეუმის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; ბუკლეტების და სხვა თვალსაჩინო მასალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; შემოსავლები, რომლებიც მიიღება ექსპონატებისა და კოლექციების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სატელევიზიო და სხვა სახის ტრანსლაციით კომერციული მიზნებით გამოყენებით; შემოსავლები, რომლებიც მიიღება მუზეუმის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; გრანტები და შემოწირულობები და ა.შ.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, მუზეუმების გაერთიანებისა და მოსალოდნელი ცვლილებების თემაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, უკვე შედგა შეხვედრა მუზეუმების წარმომადგენლებთან, რომელზეც მოსალოდნელი ცვლილებები იყო განხილული.

ბათუმში, მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა

თვითმხილველის ინფრომაციით ბათუმში ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მაღლივ კორპუსში ბინა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიცია. ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო სამსახურში ადასტურებენ.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განაცხადეს, რომ ამ დრისთვის აბუსერისძის ქუჩიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი VOX-ის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის მე-8 სართულზე, ბინაში, სავარაუდოდ სამშენებლო ნარჩენებს გაუჩნდა და ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სასჯელი ცოლის ცემისთვის და სიმამრის ტელევიზორის დაზიანებისთვის

 მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ე.ჰ.-ს. მას ოჯახში ძალადობას, ასევე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებოდა გამოძიება.
გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 3 იანვარს ბრალდებულმა ქობულეთში, საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე. სამართალდამცველებმა ე.ჰ. 6 იანვარს დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდებული 4 თვეს  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 აპრილს მიიღო, თუმცა ამ განაჩენის შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ დღეს, 11 მაისს, გაავრცელა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები“.
მსჯავრდებული, ვისთვისაც რვა თვით პატიმრობის შეფარდებაზე დღეს გაავრცელა ინფორმაცია პროკურატურამ, უკვე გარეთაა.
„ის იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და განაჩენის გამოტანის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე მოუწია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნა. რამდენიმე დღის წინ ის ციხიდან გამოვიდა და დაუბრუნდა ოჯახს,“ – გვითხრა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული პირი სასამართლოს განაჩენის დადგომამდე შეურიგდა მეუღლეს და სიმამრს, რომელმაც კონფლიქტის შემდეგ პოლიციაში დარეკა და ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სწავლა საზღვარგარეთ – აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2018 წლის „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.

ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს საშუალოდ 12 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწარმოებს 2018 წლის 18 მაისის ჩათვლით.

 

მოსამართლის ჩარევის შედეგად, ექსპერტიზის გამქრალი დასკვნა „მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება

არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბავშვზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დასტურდება, „გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება 13 წლის არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს ედავება.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.

მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. გამოძიებას არც არასრულწლოვანი დაუკითხავს.

სასამართლოს წინა სხდომაზე მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა, თამაზ აბაშიძემ თქვა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კი არ დევს. პოლიციელი ამ ჩვენებით პროკურორს დაუპირისპირდა, რომელმაც მანამდე თქვა და წერილობითაც დაადასტურა, რომ ბავშვისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე.

გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მიიღო. მოსამართლემ ერთთვიანი ვადა მისცა პროკურორ დავით ხარძეიშვილს იმისთვის, რომ მან ექსპერტიზის დასკვნა არასრულწლოვნის მშობლებს გადასცეს.

„პროკურორმა ამჯერადაც უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მან თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნას არავითარი შემხებლობა არ აქვს მოსამართლის სიცოცხლის მუქარის საქმესთან. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამ დასკვნას შემხებლობა აქვს ამ საქმესთან. დასკვნის მიღების შემდეგ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას მისი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით. ამ დასკვნით დასტურდება, რომ ბავშვს კონკრეტულად იმ დღეს მიადგა ფიზიკური დაზიანებები და დედის გაღიზიანებაც მოსამართლის მიმართ ამ ფაქტმა გამოწვია,“ – ამბობს ბრალდებულების ინტერესების დამცველი, სულხან კაპანაძე.

ადვოკატმა სულხან კაპანაძემ უკვე შეიტანა საჩივარი პროკურატურის გენინსპექციაში პროკურორის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე, რაც სახელმწიფო მოხელის მხრიდან საბუთის და მონაცემების გაყალბებაში გამოიხატა.

როგორ დადასტურდება, რომ დაზიანებები არასრულწლოვანს მიაყენა კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძემ? – სულხან კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პროკურატურამ უნდა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისი მოწმეები დაკითხოს და ბავშვის ცემის ფაქტი გამოიძიოს.

„მაგრამ პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს. პროკურორებს ფაქტობრივად ალიანსი აქვთ გიორგი მიქაუტაძესთან და ამის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ ვეცდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მოწმეების დაკითხვით მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია, რომ ბავშვი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა,“ – გვითხრა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.

 

სოციალური შემწეობის მიღება სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეძლებათ

სოციალური შემწეობის მიღების უფლება იმ ოჯახებსაც ექნებათ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობენ – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

მოსარჩელე თამარ თანდაშვილმა სადავოდ გახადა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, რომლის თანახმად, „პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს.“

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო უთანასწოროდ ეპყრობა, რადგან სოციალურ შემწეობას იღებენ სხვა ადამიანები, ვინც ასევე უკანონოდ შესახლდა სახელმწიფო საკუთრებაში სადავო წესის ამოქმედებამდე. მოსარჩელეები ასევე მიიჩნევდნენ, რომ ეს წესი ლახავს ადამიანის ღირსებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებით სარგებლობის მიზნებისათვის თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენს ყველა ის პირი, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში, იმის მიუხედავად, როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი პირების ნაწილს ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, ნაწილს კი – არა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მოახდინოს საკუთარი ქონების ხელყოფის აღკვეთა, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ ხდიდა სადავოდ, თუმცა ქონების ხელყოფის აღსაკვეთად გამოყენებული ღონისძიების შერჩევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო.

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსების უფლებასთან მიმართებით შეაფასა იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობა და მიიჩნია, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენებით სახელმწიფო საკუთარი ქონების დასაცავად, მისი ხელყოფის აღსაკვეთად, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად, შესაბამისად იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.

საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.

კლინიკები, სადაც არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით კონსულტაცია უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით რვა სამედიცინო დაწესებულებაში  ექიმ-სპეციალისტები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით სამედიცინო გასინჯვებსა და კონსულტაციებს  უფასოდ ჩაატარებენ. აქცია მთელი მაისის თვე გაგრძელდება და ის ყოველ ხუთშაბათს – 17, 24 და 31 მაისს იქნება ხელმისაწვდომი.

აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო სერვისით სარგებლობა ბათუმში ორ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ – საოჯახო მედიცინის ცენტრში [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ ტბელ აბუსერიძის ქ. 2].

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ- ფაქტორის – არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

ამავე თემაზე: 

რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა – კვლევის შედეგები 

 

კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება

ქობულეთი იერსახეს იცვლის

მიმდინარე მშენებლობების მიხედვით, კიდევ ერთი ზღვის ქალაქი საქართველოში – ქობულეთი იერსახეს იცვლის, აქ დაბალ, ორსართულიან სახლებს ანგრევენ და მაღლივი კორპუსების მშენებლობას იწყებენ. ცენტრალურ ქუჩებში მდებარე ორსართულიანი სახლების აივნებიდან ისე აღარ ჩანს ზღვა, როგორც ადრე ჩანდა, ზოგიერთი აივნიდან კი ზღვას საერთოდ ვეღარ დაინახავ, – ზღვის ხედი ახალაშენებულმა ბეტონის კედლებმა გადაფარა.

განსაკუთრებული სამშენებლო ბუმი თამარ მეფის სანაპიროზეა. ეს ქუჩა ზღვას უყურებს, შესაბამისად, ბინა ზღვის ხედით უფრო ძვირად იყიდება. ამ ქუჩაზე ბევრი ორსართულიანი სახლის ადგილას უკვე სამშენებლო მოედანია. ბევრი სახლის მეპატრონესთან კი მშენებლებს მოლაპარაკება აქვთ წამოწყებული.

ქობულეთი, თამარის სანაპირო. ფოტო : ცაგო კახაბერიძე
მშენებლობები საინფორმაციო დაფის გარეშე

ქობულეთში დაინტერესებული პირი ვერ გაიგებს, რა სიმაღლემდე იზრდება ქალაქი. სამშენებლო მოედნებზე უმეტესწილად განთავსებული არ არის საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც შესაბამისი ინფორმაციის ამოკითხვა იქნებოდა შესაძლებელი. ამის უზრუნველყოფას ქალაქის მერიას კანონმდებლობა ავალებს.

„რა შენდება აქ? – სახლი.

რამდენსართულიანი?… [დუმილი ]

არ იცით რამდენსართულიან სახლს აშენებთ?… ისევ დუმილი

საინფორმაციო დაფა რატომ არ გაქვთ? – „ყველაფერი იქნება“

მშენებლობაზე ზედამხედველმა პირმა, რომელიც ქობულეთში, რუსთაველის #73-ში  საფუძვლის ჩაყრის მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებოდა, კითხვებზე პასუხები არ გაგვცა. მას დაავიწყდა კომპანიის სახელი, რომელშიც მუშაობს და ისიც, აქვს თუ არა ამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა.

ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა #73 ბ

ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყეს, მანამდე 1948 წელს აშენებული ისტორიული სახლი და ასევე, რამდენიმე ერთი და ორსართულიანი სახლი დაანგრიეს.

ინფორმაციისთვის ქობულეთის მერიას დავუკავშირდით. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, რუსთაველის #73-ში მშენებლობას საინფორმაციო ბანერის გარეშე „კაპიტალ სითი გრუპი“ აწარმოებს. „სამშენებლო ნებართვა გაცემულია, რაც შეეხება საინფორმაციო  ბანერს, ჩამოვარდაო და ახლა მიმდინარეობს მონტაჟი“, – გვითხრეს პრესცენტრში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „კაპიტალ სითი გრუპი“ ქობულეთში, რუსთაველის #73 გ-ში 810 კვადრატულ მეტრს ფლობს. უკვე წამოწყებული საძირკვლის ჩაყრის სამუშაოების მიხედვით, კომპანია სრულ ფართობს იყენებს სამშენებლოდ. შესაბამისად, გამწვანებისთვის ადგილი გათვალისწინებული არ უნდა იყოს. რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ამ ადგილის ყოფილ მესაკუთრეებს კომპანიამ ფულიც გადაუხადა და ახალაშენებულ სახლში ბინებსაც შეჰპირდა.

„კაპიტალ სითი გრუპი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას ქობულეთში მცხოვრები ავთანდილ ყურშუბაძე ფლობს.

ქობულეთის ცენტრალურ ქუჩებში რამდენიმე მიმდინარე მშენებლობის კარკასი ათ სართულს ითვლის და გრძელდება. რას ფიქრობენ ქობულეთში მცხოვრებლები წამოწყებულ მშენებლობებზე? – ადგილობრივებს ამაზე საუბარი დიქტოფონთან არ სურთ:

„აქ ყველა ერთმანეთის ნათესავი ან მეზობელია და ხელს ხომ არ შევუშლით ერთმანეთს“.

ინტენსიური მშენებლობებია სანაპიროს ქუჩაზე, სადაც ზღვა უფრო ახლოსაა – ამ ქუჩაზე მხოლოდ სამ კვარტალში სამშენებლო პროცესი ხუთ ადგილზეა წამოწყებული.

მათ შორისაა, მაგალითად, მიმდინარე მშენებლობა თამარ მეფის სანაპიროს #66-ში, რომელსაც შპს „ლუნა ბილდინგი“ აწარმოებს. ადგილზე მხოლოდ კომპანიის სარეკლამო ბანერია გამოფენილი. მშენებლები კი აქ, როგორც სხვა მშენებლობებზე, კითხვებს არ პასუხობენ – მათ არაფერი იციან. რეესტრის მონაცემებით, ამ ადგილზე „ლუნა ბილდინგმაც“ ძველი სახლები აითვისა.

ქობულეთი, თამარის სანაპირო. ფოტო: ცაგო კახაბარიძე

„ლუნა ბილდინგი“ 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა და უკრაინის მოქალაქეს, ალინა მარტინკოს ეკუთვნის.

საინფორმაციო ბანერი არც „ოლიმპი ჯგუფს“ აქვს გამოკრული, რომელიც მაღლივ კორპუსს თამარ მეფის სანაპიროს #46-ში აშენებს.

ქობულეთი. თამარის სანაპირო. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

საქართველოს კანონმდებლობა საინფორმაციო დაფის განთავსებას არამხოლოდ მიმდინარე მშენებლობის პროცესში, არამედ მშენებლობის დაწყებამდეც ითხოვს. კანონის მიხედვით, ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს ჯერ კიდევ დაგეგმილი პროექტის საჯაროობა და სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას საინფორმაციო დაფა, უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის შესახებ.

თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვას იღებს #57 დადგენილების შესაბამისად, იგი ვალდებულია საინფორმაციო დაფაზე დამატებით განათავსოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

გარდა ამისა, საინფორმაციო დაფაზე უნდა აისახოს სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

ათვისებული ტროტუარები

ისევე როგორც ბათუმში, მშენებლებს აქ საზოგადოებრივი სივრცეების, მათ შორის ტროტუარების ათვისებაც დაუწყიათ, ნებართვით თუ უნებართვოდ, ეს ჯერ ვერ გავარკვიეთ.

 

სამხრეთამერიკული კომპანიის სასტუმრო და კაზინო ბათუმის ცენტრში

Pasha Global-ი სამხრეთამერიკული კომპანიაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტის სასტუმროების, კაზინოების ქსელი აქვს. გვიანა, სურინამი, ბულგარეთი, ნიკარაგუა, უგანდა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც Pasha Global-ს მსოფლიოს სასტუმროებისა და კაზინოების ბაზარზე ხარისხის უმაღლესი ნიშნით ცნობენ.

კომპანია ბევრ სხვადასხვა საქმიანობას ეწევა. კაზინოებისა და სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

Pasha Global-ის ქსელის კომპანიების ნაწილი
Pasha Global-ის ქსელის კომპანიების ნაწილი

Pasha Global-ის სასტუმრო, კაზინო და ღია კაფე მალე ბათუმის მცხოვრებლებსა და უცხოელ ტურისტებსაც მოემსახურება.

სასტუმროს ქართულმა სახელწოდებამ – „ფაშა მედეა“ საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია. კომპანიის დირექტორი ორკუნ ასანსუ ამბობს, რომ ბრენდის სახელწოდებაა – „პაშა“ (Pasha), თუმცა ეს სახელწოდება ქართულად ითარგმნა, როგორც „ფაშა“.

„პაშა მედეათი“ კომპანიას სურდა კოლხი მედეას სახელით წარედგინა საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის, ხაზი გაესვა ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციებისთვის.

კომპანიის სასტუმროებისა და კაზინოების ქსელს უგანდაში, მაგალითად, „პაშა სიმბა“ ჰქვია, ლომი ამ ქვეყნის სიმბოლოა და კომპანიამ იქაც უგანდას ისეთ სიმბოლოზე გააკეთა არჩევანი, რასაც ყველა ტურისტი ადვილად ამოიცნობდა.

Pasha Global-ის ახალი სასტუმროსა და კაზინოს ფასადი ბათუმში ძვირადღირებული, ისტორიული და კულტურული დანიშნულების მინიატურებით იქნება მორთული. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს ტურისტებისთვის ქვეყნის გაცნობის ნაწილი იქნება.

ორკუნ ასანსუ, პაშა გლობალის გენერალური დირექტორი და ბაჰადირ გური, ბათუმის სასტუმროსა და კაზინოს გენერალური დირექტორი.
ორკუნ ასანსუ, პაშა გლობალის გენერალური დირექტორი და ბაჰადირ გური, ბათუმის სასტუმროსა და კაზინოს გენერალური დირექტორი.

ორკუნ ასანსუ – პაშა გლობალის გენერალური დირექტორი : „ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ გულით და არა მხოლოდ ფინანსური წარმატებისთვის. გვსურს ბათუმში იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, კომფორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცე ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენი წარმოსახვა, ფიქრები, ყველაფერია ჩადებული ამ კომპლექსის იდეაში. ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ეკუთვნის და გათვლილია ბათუმში იმ ტურისტების მოსაზიდად, ვისაც საქართველო არასდროს უნახავს“.

საქართველო – ბიზნესინვესტიციებისადმი მეგობრული ქვეყანა

ორკუნ ასანსუ ამბობს, რომ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი და ეს პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის, რეგიონის სწრაფად განვითარებას, ეკონომიკურ სიძლიერეს.

პაშა გლობალის სასტუმროსა და კაზინოს ინვესტიცია ბათუმში რამდენიმე მილიონი ლარია. აქ 200-ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული. კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბიზნესის წარმატების შემთხვევაში ეს ინვესტიცია ერთი-ორად გაიზრდება.

„სოლიდური გადასახადები, რომელსაც ჩვენ გადავიხდით საქართველოს ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. ჩვენთვის დიდი პატივია შევიტანოთ საკუთარი, მცირე წვლილი ამ უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი ორკუნ ასანსუ.

რას სთავაზობს Pasha Global-ი ბათუმს

Pasha Global-ს მთელ მსოფლიოში აქვს სასტუმროებისა და კაზინოების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ეს მათთვის კარგად ნაცნობი და წლების განმავლობაში შესწავლილი მიმართულებაა, კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაითვალისწინა და  საქართველოსთვის საუკეთესო სერვისების შეთავაზებას გეგმავს.

საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო ბათუმის ცენტრში ტურისტებს დიდ და მოსახერხებელ ოთახებს მოუმზადებს. აქ მოსულ სტუმრებს სასიამოვნო და გემოვნებიანი ატმოსფერო, ტრადიციული ქართული და სხვადასხვა ქვეყნის უგემრიელესი სამზარეულო დახვდებათ.

Pasha Global-ის ქსელის სასტუმროს ნომერი პარამარიბოში
Pasha Global-ის ქსელის სასტუმროს ნომერი პარამარიბოში

აღსანიშნავია ისიც, რომ Pasha Global-ის წარმომადგენლებს სურთ ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და არ იყოს გათვლილი მხოლოდ მდიდარ ტურისტებზე.

კომპანიის კაზინოები ერთ-ერთი საუკეთესო სერვისით გამოირჩევა მთელ მსოფლიოში, აქ ეწყობა მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირები პოკერში, რომლის რუკაზე სავარაუდოდ საქართველოც აღმოჩნდება.

სამხრეთამერიკულ კომპანიას ყველგან განსაკუთრებული მომხმარებელი ჰყავს. Pasha Global-ი მხოლოდ გარანტირებულ ხარისხზე აკეთებს არჩევანს.

Pasha Global-ის სასტუმრო, კაზინოს და ბისტრო ბათუმის ცენტრში რამდენიმე დღეში საზეიმოდ გაიხსნება. კომპანია  მსოფლიო მასშტაბით მარკეტინგულ კამპანია გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც საქართველოში ტურისტების მოზიდვა იქნება.

 

 

პოლიციის ცნობით, ბათუმში საბურავის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი – ამხილეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ და თ.დ.-მ, მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმში მოქალაქის კუთვნილი „INFINITI“-ს მარკის ავტომობილიდან საბურავები მოიპარეს. ნაქურდალი საბურავები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბათუმის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მეჩეთთან დაკავშირებით არ შეასრულა

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

2018 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მერიამ უარი თქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

სახალხო დამცველი წერს:

„მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუსლიმმა თემმა საკულტო ნაგებობის მშენებლობა მოითხოვა, საცხოვრებელ ზონა 6-ში მდებარეობს. ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მითითებულ ფუნქციურ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემა მხოლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების არსებობის პირობებშია შესაძლებელი. მუსლიმებს უარი ეთქვათ როგორც სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიაა.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბათუმის მერის უარყოფითი გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშეა მიღებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბათუმში მდებარე „ორთა ჯამე“ მლოცველებს ვერ იტევს და მათ ღია ცის ქვეშ უწევთ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. მუსლიმი თემი დიდი ხანია ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვს და ეს საკითხი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც აისახება.

საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ბათუმის მერიას არაერთგვაროვანი მიდგომა გააჩნდა სხვადასხვა კონფესიისადმი. კერძოდ, იმავე ფუნქციურ ზონაში, რომელშიც მეჩეთის მშენებლობა მოითხოვეს, დღესდღეობით რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია არის აშენებული, რომელზეც სათანადო წესით ნებართვა არ გაცემულა და არც სამართალდარღვევაზე დაწყებულა წარმოება. მაშინ, როცა მუსლიმებს, სამშენებლო სამართალდარღვევის – მეჩეთის თვითნებური მშენებლობის გამო, სახდელი დაეკისრათ და დემონტაჟის განხორციელება დაევალათ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ბათუმის მერს უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა. ბათუმის მერმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რაც კიდევ უფრო აჭიანურებს დარღვეული უფლების აღდგენას და არსებითად აზარალებს ადგილობრივ მუსლიმ თემს,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას ბათუმში

მაისის ხანმოკლე წვიმის სეზონი გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5  – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე უკვე 16,5 გრადუსია.

12-13 მაისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.

თბილისელი არტისტები ფინჯან ყავაზე აჭარელ ბეგთან

პირველი წარმოდგენის გამართვა 12 ივლისს დაიგეგმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასს აფიშები თან არ ჰქონდა წამოღებული, ბათუმში კი სტამბა არ იყო. გამოსავალი მაინც მოიძებნა: „ბათუმში დღესაც ზაფხულობით ქუჩა-ქუჩა დააქვთ ხოლმე ცივი წყაროს წყალი კოკებით ხის ფოთლებში გახვეული, ამას ეძახიან სოუხ-სუს. წყლის დამტარებელი დადის და ჰყვირის: „სოუხ-სუ!“ დავწერეთ რამდენიმე აფიშა სხვილის ხელით და ამ წყლის დამტარებლებს ზურგზე დავაკარით და თანაც დავარიგეთ, რაც უნდა ეყვირათ ქუჩაში. დადიოდნენ ეს ქართველი თათრები და დაზეპირებულ სიტყვებს გაჰკიოდნენ: „დღეს თრიათში ქააართული თრიათრიაააა! თამაშობენ: საფაროვა, გაბუუუნია, ყიფიააანი!“ (ავქსენტი ცაგარელი, „მოგონებებ“).

სასტუმრო „როსიაში“ გაჩერებულ არტისტ ქალებს ამაზე დიდი ამბავი ჰქონდათ. ჩამოუხტებოდნენ წყლის დამტარებლებს სასტუმროდან, შეაჩერებდნენ და აბაზს აძლევდნენ, რომ პირველად იმათი გვარი დაეძახათ.

შეკითხვა, რომელსაც ვერ იტანთ [გამოკითხვა]

ყოველდღიურად არა ერთი უსიამო შეკითხვის მოსმენა გვიწევს. ნაცნობი თუ უცნობები ინტერესდებიან პირადი ცხოვრებით, ანაზღაურებით, წონით და ა.შ. ასეთ შეკითხვებს ვერც ბავშვები არიდებენ თავს, როცა მათ სახალხოდ სთხოვენ დაასახელონ, რომელი მშობელი უფრო უყვართ ან ზუსტად რა ნიშნებზე სწავლობენ სკოლაში.

თქვენი აზრით, რომელია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე არასასურველი შეკითხვა? შეგიძლიათ მონიშნოთ სამი შეკითხვა და აქვე ნახოთ შედეგი, ყველაზე მეტად რა შეკითხვა არ მოსწონთ ადამიანებს.


11 უხერხული შეკითხვა

შს სამინისტროს განმარტება პოლიციაში დაკავებულის ცემის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე

მოქალაქე ეთერ დუმბაძემ დღეს განაცხადა, რომ მის ძმისშვილს, 40 წლის კაცს, პოლიციამ ისე სცემა, რომ „არ იცნობოდა – სახე დაუსახიჩრა და კბილები ჩაუმტვრია“. ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს, საიდანაც შემდეგი შინაარსის წერილობითი განმარტება მოგვაწოდეს:

„2018 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 00:05 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1978 წელს დაბადებული  რ.დ. ველოსიპედით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს, მ.ბ.-ს და ი.ბ.-ს, რის შემდეგაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.ბ.-ს მობილური ტელეფონი, ჩიბუხი და სათვალე დაუზიანა. შემოვლაზე მყოფი პოლიციელები  მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, პოლიციელების ადგილზე მისვლის შემდეგ,  რ.დ.-მ შეტყობინება გააკეთა, რომ თურქებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მან წინააღმდეგობა გაუწია  და ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რ.დ. დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 126-ე (ძალადობის) მუხლებით.

დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებოდა, რაზეც მიუთითა, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე, ქუჩაში ჩხუბის დროს მიიღო და სამართალდამცველთა მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს. სასამართლომ რ.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაკავებულის ახლობლის მიერ გაკეთებული შეტყობინების  საფუძველზე, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან დაკავებულის მიმართ შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხებოდა, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. თავის მხრივ, დაკავებულმა ანალოგიური განცხადებით აჭარის პროკურატურას მიმართა.

პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აჭარის პროკურატურაში დაწყებული გამოძიებიდან გამომდინარე, შსს-ს გენინსპექციის  სამსახურებრივი შემოწმების მასალები პროკურატურაში სისხლის სამართლის  საქმეზე დასართავად გაიგზავნება“.

 

კაპიტან ანატოლი კაჭარავასა და ნატო ვაჩნაძის სიყვარულის ხანმოკლე ისტორია

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან ერთი საფლავია, რომელთანაც ყოველ წელს მიდიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ყვავილებით ამკობენ. აქ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ანატოლი კაჭარავაა დაკრძალული, საქართველოში საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი.

ცნობილი კაპიტანი მეორე მსოფლიო ომის დროს ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვს“ მეთაურობდა, რომელიც 1942 წლის 25 აგვისტოს გერმანულ კრეისერ „ადმირალ შეერთან“ შეტაკებისას ჩაიძირა, ხოლო დაჭრილი ანატოლი კაჭარავა და მეზღვაურები ტყვედ ჩავარდნენ.

ანატოლი კაჭარავა – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ანატოლი კაჭარავამ სამი წელი გერმანიასა და პოლონეთში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. 1945 წლის გაზაფხულზე, როცა მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, იგი გაათავისუფლეს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გადასახლებაში, ამჯერად საბჭოთა ხელისუფლების მიერ. სტალინის რეჟიმი ეჭვის თვალით უყურებდა ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას გადაურჩა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ ანატოლი კაჭარავა ზღვას დაუბრუნდა და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა გემზე, მას იცნობდნენ როგორც პოლარულ წყლებში მცურავ კაპიტანს.

საქართველოს ნაოსნობის ისტორიის გარდა, კაპიტან ანატოლი კაჭარავას სახელი ქართული კინოს ვარსკვლავს, ნატო ვაჩნაძესაც უკავშირდება. ცნობილი კაპიტანი 42 წლის იყო, როდესაც ქართული კინოს ვარსკვლავზე, ნატო ვაჩნაძეზე იქორწინა. ეს ანატოლი კაჭარავასთვის პირველი ქორწინება იყო, ხოლო ნატო ვაჩნაძისთვის – მესამე. ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ, ნატო ვაჩნაძე ანატოლიზე ექვსი წლით იყო უფროსი.

ქორწინებამ მცირე ხანს, სულ რამდენიმე თვეს გასტანა. 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს, მოსკოვში, ანატოლი კაჭარავასთან მყოფი ნატო ვაჩნაძე საქართველოში გამოფრინდა და ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ნატო ვაჩნაძე, ანატოლი კაჭარავა და სერგო ცინცაბაძე. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ანატოლი კაჭარავამ რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ იქორწინა. სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი, დოდო კაჭარავა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. დოდო კაჭარავა იხსენებს, რომ მათი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვენენ ხელოვანები, რომელთაც განსაკუთრებით მოსწონდათ კაპიტანთან ურთიერთობა:

„ყველა ცდილობდა მის გაცნობას, მასთან ურთიერთობას. თავად დიდ პატივს სცემდა ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს. ვინ არ დადიოდა ჩვენთან: ელენე ყიფშიძე, ვასო გოძიაშვილი, ილია ვეკუა, ლადო გუდიაშვილი, ვლადიმერ ვისოცკი, მარინა ვლადი…

იცნობდა ჩე გევერას, ფიდელ და რაულ კასტროებს. ეს ადამიანები კუბაზე გაიცნო. რაულ კასტროს წერილიც გვაქვს, სადაც კასტრო წერს, ვერ ჩამოვედი, ვერ გნახეთო.

მიუხედავად ყველაფრისა, ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. საკონცენტრაციო ბანაკები გადაიტანა, სიკვდილს გადაურჩა, მთელი სიცოცხლე ყინულმჭრელებზე ცურავდა და ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში საზღვაო სანაოსნო დაარსებულიყო.“

დოდო ამბობს, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანატოლი კაჭარავა მოსკოვში იყო ჩასული, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთვის სამგზავრო გემის საკითხი მოეგვარებინა. მისი სურვილი იყო ამ გემისთვის „ნატო ვაჩნაძე“ ეწოდებინათ.

„უნდოდა, რომ ერთი გემის სახელი ყოფილიყო „ნატო ვაჩნაძე“. დედაჩემსაც უთხრა და ეს არ ყოფილა პრობლემა დედასთვის, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა მამას. ეს არ იყო ადვილი, მამა თვეების მანძილზე მუშაობდა და სახლში არ იყო. ძალიან გაუჭირდებოდა, დედა რომ არ შეხვედროდა.

როცა მამამ ინსულტი მიიღო და ლოგინად იყო ჩავარდნილი, დედას ნატოს ეძახდა ნაზოს ნაცვლად. მერე დედამ ბათუმში შეუკვეთა ნატო ვაჩნაძის ჭედური გამოსახულება, რომელიც დღემდე მაქვს სახლში.

მამა გარდაიცვალა 1982 წელს, 9 მაისს. დიდხანს ფიქრობდნენ სად დაეკრძალათ და პომპეზურად დაკრძალეს იქ, სადაც დღემდე ასვენია. ერთი წლის შემდეგ კი გააკეთეს გემი, რომელსაც მისი სახელი მიანიჭეს“.

ანატოლი კაჭარავა და ნაზო კაჭარავა
ტანკერი „ანატოლი კაჭარავა“

ანატოლი კაჭარავას მეუღლე, ნაზო კაჭარავა 2004 წელს გარდაიცვალა. დოდო კაჭარავა ამბობს, რომ მამის საფლავის ბედი აწუხებს:

„ძალიან მინდა, რომ იქ, სადაც მამის საფლავია, განათება მაინც იყოს.“

________________________________________________

„ჩემი მეუღლე ჯერ არ ჩამირთავს“ – რას უპირებს ინფექციური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ექიმებს

„ჯერ ჩემთან მოვიდნენ და დამელაპარკონ, ჟურნალისტებთან რომ მორბიან,“ – ეს რეაქცია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ახალ დირექტორს, ციური აბულაძეს ჰქონდა. მას ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ექიმის თქმით, საავადმყოფოში მუშაობის ახალი განრიგი დაწესდა და ვინც დამატებით ვერ იმუშავებს, მას ანაზღაურება შეუმცირდება, ხოლო საქმეს ახალი თანამშრომლები გააკეთებენ. ციური აბულაძე ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორად პირველ მარტს დანიშნეს. იგი პარლამენტარის – ილია ნაკაშიძის მეუღლეა.

„ასეთი ფრაზა მე არ მითქვამს. მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ ვინც არ შეასრულებს დავალებებს, ვინც არ გააკეთებს იმას, რაც პაციენტზეა ორიენტირებული და დაწესებულების დონის ამაღლებაზე, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს. მგონი, ნებისმიერ დაწესებულებაში ასეა. აბსოლუტურად არც ერთისთვის არ მითქვამს გაშვება, მაგრამ ის, რაც შინაგანაწესით არის დაწესებული, ყველა თანამშრომელმა უნდა შეასრულოს… არაფერი არ იცვლება, იქნება 24-საათიანი მორიგეობა სამი დღის დასვენებით და დილიდან მოვლენ ისევ სამუშაოზე. იყო ადრე, ზოგი დღისით მოდიოდა, ზოგი შუადღის შემდეგ მოდიოდა, ასე აღარ იქნება,“ – გვითხრა ციური აბულაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ვკითხეთ, ამ დროისთვის არსებობენ თუ არა თანამშრომლები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს განრიგი მათთვის მიუღებელია.

„იცით რა, დაწესებულება 200 კაცს ვერ მოერგება, 200 კაცი უნდა მოერგოს დაწესებულებას. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ხელი შევუწყო, მაგრამ მე მათ ვურჩევდი, რომ პირველად ჩემთან გაერკვიათ საქმე… თქვენ პროკურორის დაკითხვას მიწყობთ, მაინტერესებს, ვინ მოვიდა თქვენთან. მობრძანდით, გაარკვიეთ, ვინ რამდენ საათს მუშაობს და თუ ნახავთ, რომ ვინმეს ზედმეტად ვამუშავებთ, შეგიძლიათ დაწეროთ ამის შესახებ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზედმეტს ამუშავებს, მიმართოს სასამართლოს,“ – ამბობს ციური აბულაძე.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ასევე ვკითხეთ დარღვევებზე, რაც ამ დაწესებულებაში 2016 წელს დააფიქსირა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ. საავადმყოფოს წინა დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. იგი სასამართლომ მხოლოდ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

ციური აბულაძე ამბობს, რომ დანიშვნისთანავე მან აუდიტის სამსახური მოიწვია. „დასკვნა უკვე დაიდო, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ. მითხრეს, რომ უკვე მზად არის,“ – დასძენს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. მისი თქმით, საავადმყოფოს ამ დრომდე არ გადაუხდია 2016 წელს დაკისრებული ჯარიმა – 206 231 ლარი, რადგან ამ კუთხით ცალკე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და სამედიცინო დაწესებულება მის დასრულებას ელოდება.

ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ამოქმედდა ახალი ფლიგელი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს დაფინანსებით გარემონტდა. ციური აბულაძე განმარტავს, რომ მომავალი კვირიდან ახალ ფლიგელში მიმღები განყოფილება და სამორიგეო ამოქმედდება, ასევე ექოსკოპიისა და რენტგენის კაბინეტები.

სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს ციური აბულაძე პარტნიორად ისევ TIKA-ს ახსენებს და ამბობს, რომ „ყველაზე მწვავე საკითხებიდან“ იწყებს საქმეს. „მწვავე საკითხად“ ახალი დირექტორი ტუბერკულოზის დეპარტამენტის შენობას ასახელებს, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ციური აბულაძე მიიჩნევს, რომ ახალი ფინანსური რესურსების მოძიებას შეძლებს და  მხოლოდ ბიუჯეტში თანხის გაჩენას არ დაელოდება. მიაჩნია, რომ დაწესებულებას პროფესიონალი კადრები ემსახურებიან და მომსახურების სერვისის გაზრდით უფრო მეტი პაციენტი მიაკითხავს ამ კლინიკას.

„ძალიან ბევრი სამუშაოა. მინდა, რომ დაწესებულებამ დაიბრუნოს ძველი დიდება და ძველი ღირსება,“ – ამბობს ის.

აქვს თუ არა ციური აბულაძეს მეუღლის მხარდაჭერის იმედი, რომელიც პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია? – ციური აბულაძე შეკითხვას ასე უპასუხა:„ჩემი მეუღლე იმდენად დაკავებულია თავისი საქმეებით, რომ ჯერჯერობით ამ საკითხებში არ ჩამირთავს“.

 

 

 

 

 

 

 

რატომ ვერ იაზრებენ ქართველი ბავშვები წაკითხულს? – ფასილიტატორის შეფასება

PIRLS -ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების, ანალიზისა და გამართული კითხვის მაჩვენებელი. რატომ ვერ ახერხებენ ქართველი მოსწავლეები წაკითხულის გააზრებას, რატომ არ შეუძლიათ ანალიზი და ვის მიუძღვის დიდი წვლილი ამ პრობლემაში – მასწავლებელს, მშობელს თუ განათლების სისტემას? პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ფასილიტატორ მასწავლებელსა და ტრენერს, ია კუპრაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ია, შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც, თქვენი აზრით, ვერ ხდება ქართველ ბავშვებში ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა თუნდაც გამართული კითხვა და წაკითხულის გააზრება?

პრობლემის სათავე ცუდი კვება და ცუდი საცხოვრებელი პირობებია. წყალი უვარგისი, საკვები უვარგისი… ბავშვები არიან გამოფიტული, რაც პირდაპირ ურტყამს მათ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შესაძლებლობებს.  მე სულ ვთხოვ მშობლებს, რომ ვიტამინები მიაშველონ ბავშვებს. ბავშვებს აქვთ დამახსოვრების პრობლემა. მაგალითად, ორი მარტივი ვითარების შედგენა, გაანალიზება უჭირთ. დაწყებით საფეხურზე მეტი შრომა აქვს ბავშვს. ზედა კლასებში კითხვა იცი და უნდა გამოიტანო აზრი, მაგრამ პატარებმა კითხვაც არ იციან. სწავლის პროცესში ყველა ორგანო აქტიურად არის ჩართული. უჭირთ, რადგან არ არის ორგანიზმი გამოკვებილი.

მხოლოდ კვებითი დეფიციტის  ბრალია ის, რომ მეოთხეკლასელ ბავშვს წაკითხულის გააზრება არ შეუძლია?

წაკითხულის გააზრებას ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს. „წაკითხულის გააზრება“ ითხოვს ტექსტიდან, წაკითხულიდან გააზრებას. ბავშვები კი, როგორც წესი, როცა პასუხის გაცემას იწყებენ, არ ითვალისწინებენ ინსტრუქციას, რომ მათ მოცემული კონკრეტული ტექსტის მონაკვეთი უნდა გაიაზრონ და აქედან გასცენ პასუხი. ისინი კი ხშირად მთელი ტექსტის ცოდნიდან გამოდიან.

მაგალითად, თუკი მოცემულ მონაკვეთში ლუარსაბი ითვლის ბუზებს, ბავშვს ეკითხებიან, რა თვისებაა ეს ლუარსაბის? – ჩამოთვლილია: „გაუმაძღრობა“, „სიბრიყვე“, „უსაქმურობა“. როგორ ფიქრობთ, რომელი პასუხი შეესაბამება აქედან კითხვას? ვთქვათ, „სიბრიყვე“. რა თქმა უნდა, ბავშვი დაუფიქრებლად გპასუხობს, რომ „გაუმაძღრობა“, რადგან  ლუარსაბს, ზოგადად, ეს თვისება ახასიათებს.

ინსტრუქციებით მუშაობა ხომ მასწავლებელმა უნდა ასწავლოს?

აუცილებლად. სწორედ ეს არის პრობლემა. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ პირობის სწორად წაკითხვა. სხვათა შორის, მათემატიკაშიც გვაქვს ასეთი პრობლემები და გრამატიკაში. როცა ბავშვს ეკითხები, რომელ წინადადებაში არ არის დაშვებული შეცდომა? ის ეძებს, სადაც არის დაშვებული შეცდომა. ეს არის ინსტრუქციების პირობის წაკითხვის ამბავი და აქ არის ჩვენი სისუსტე.

მშობლის როლზე რას ფიქრობთ, რამდენად ეხმარებიან ისინი შვილებს?

მშობლის ჩართულობა აუცილებელია. 40 წუთი არ ეყოფა დაწყებითის მოსწავლეს სამუშაოდ. ამიტომ მშობელიც უნდა იყოს ჩართული შვილის განათლების პროცესში. მაგრამ რეალობა სხვა რამეს გვაჩვენებს – ჩვენი სოციალური პირობებიდან გამომდინარე რამდენად იცლიან ისინი შვილებისთვის. მხოლოდ ერთეულები მუშაობენ შვილებთან.

როგორ ფიქრობთ, გაკვეთილის დაგეგმვას თუ აქვს ამ პრობლემასთან კავშირი? სოციალურ ქსელებში ერთი მასწავლებელი წერდა, რომ  გაკვეთილის გეგმები საბჭოთა სტანდარტებს დაემსგავსა. ერთმა პედაგოგმა კი დაწერა, რომ  ახლანდელი საგაკვეთილო გეგმა 1918 წლის გეგმებს ჰგავს. რა მოცემულობა გვაქვს ამ მიმართულებით?

მასწავლებელი აბსოლუტურად თავისუფალია გაკვეთილის გეგმაში. თუ ვიღაც შაბლონებს ავსებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ასი წლის წინანდელის მსგავსი. თანამედროვე გაკვეთილები მთლიანად სააზროვნო უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. გაკვეთილი აუცილებლად უნდა პასუხობდეს კითხვას, – „რატომ?“. მსჯელობა, დებატი, ანალიზი და სინთეზი ეს  ყველაფერი მე-5, მე-6 კლასში უნდა ისწავლოს მოსწავლემ.

თქვენ ახსენეთ შაბლონი. ხშირია შაბლონების გამოყენების შემთხვევები პედაგოგების მხრიდან?

ნახეთ რა ხდება. ვიღაცამ დაწერა გეგმა, ეს გამოვიდა კარგი და შემდეგ სხვებმა გაიზიარეს. ჩვენ გეგმების ატვირთვის დროს არ გვაქვს არანაირი მითითება რა ფორმის უნდა იყოს გეგმა. შესაბამისად, მასწავლებელი თავისუფალია არჩევანში და როგორიც უნდა, ისეთს წერს.  სავარაუდო მინიშნებები, რა თქმა უნდა არის ის, რომ უნდა იყოს დაცული თემა, ინდიკატორები, მიზანი უნდა ჩანდეს და ეს გასაგებია. თუ მასწავლებელი ასი წლის წინანდელივით გეგმავს – ადექი, მოყევი, დაჯექი, – რა თქმა უნდა, ეს იქნება პრობლემა.

ვიცით, რომ პედაგოგები საკმაოდ დიდი სიხშირით გადიან ტრენინგებს. თქვენ ტრენერი მასწავლებელიც ხართ. არასდროს დაუყენებიათ ეს პრობლემა ტრენინგებზე?

ტრენინგებზე მასწავლებლების ორი კატეგორია გვხვდება, –  ერთნი, რომლებიც თვლიან, რომ უკვე ყველაფერი ისწავლეს და იციან, მეორე – რომლებიც დიდი სიამოვნებით ითვისებენ სიახლებს.

ჩვენ, მასწავლებლები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენც გვჭირდება ცოდნის განახლება და განვითარება. ეს სტერეოტიპი, რომ რადგან გავხდი მასწავლებელი ყველაფერი ვიცი და ყველაფერი ხელმეწიფება, თუ არ მოირღვა, წინ ვერ წავდგამთ ნაბიჯს.

როგორც ვიცი, თქვენ გიწევთ თქვენი კოლეგების  გაკვეთილების შეფასება. მოგისმენიათ ისეთი გაკვეთილები, რომელიც აზროვნების განვითარებაზე, ანალიზზეა ორიენტირებული?

ჩემს სკოლაში ეს გაკვეთილები არ არის სპექტაკლი და ძალიან მიხარია. მეორე, – შეინიშნა ასეთი ტენდენცია, რომ მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან ღია გაკვეთილებში და მესამე, – მასწავლებლები კეთილსინდისიერად გეგმავენ და აკეთებ გაკვეთილს და ამან ძალიან დიდ შედეგებზე გაგვიყვანა.  დღეს დავესწარო, მაგალითად, სამოდელო გაკვეთილს, თემა იყო „უპატრონო ცხოველები“. მასწავლებელი აძლევდა მოსწავლეებს ისეთ დავალებებს, რომლებიც გამოცანებით, ლექსებით აბოლოვებდა სიტყვებს – ძაღლი, ლეკვი, უპატრონო ცხოველი და ა.შ.

შემდეგ დასვა საკითხი, თუ რა პრობლემას ქმნის უპატრონო ძაღლები საზოგადოებას და ამაზე იმსჯელეს მოსწავლეებმა. შემდეგი კითხვა იყო, რა შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს უპატრონო ძაღლებისთვის. აქ ბავშვებმა საოცრად იმსჯელეს. ინტეგრირებული გაკვეთილი მოვისმინე ქართულში, ფრაზეოლოგიური ზმნები ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენაში.

მასწავლებელმა დასვა კითხვა, – რა საჭიროა ენებში ფრთიანი გამონათქვამების (იდიომების ცოდნა) და საუბარი წავიდა უკვე მულტიკულტურულ ურთიერთობებზე და ა.შ. რა ქნას მეტი იმ ბავშვმა.

ცუდი გაკვეთილის მაგალითი შეიძლება დაგვისახელოთ?

ცუდი შეიძლება არ იყო, მაგრამ მოსწავლეების ერთ ჯგუფს მისცა დიდი რაოდენობით დავალება, რის გამოც მოსწავლეთა მოტივირება და ჩართულობა აღმოჩნდა მიღმა. აი, ეს იყო ძალიან  კარგად გასათვლელი. ერთი მეთოდი უნდა დაანაწევრო რამდენიმე აქტივობად და ასეთი რჩევა ძალიან კარგად მუშაობს.

თუ მასწავლებელი ხედავს, რომ არჩეული მეთოდი არ მუშაობს, აუცილებლად უნდა შეცვალოს. მაგრამ თუკი 25-დან 5 არ აჰყვა მეთოდს, მაგრამ ჩვენ გვეზარება მათთან მუშაობა. ეს ხუთი კი მნიშვნელოვანია, რადგან ისინიც არიან ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი მომავალი.

ამას კი სჭირდება დაჯდომა, მოფიქრება და ცალკე მუშაობა. თუ ამაზე მიუთითებ მასწავლებელს, ის მოგიბრუნდება და დაგიწყებს ხელფასზე ლაპარაკს და ესეც იქნება სამართლიანი.

საბოლოოდ, ეს დამოკიდებულება ფაქტია, რომ აზარალებს მოსწავლეებს.

მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი და სამინისტროც – ყველა თანაბრად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ერთმანეთზე გადაბრალების ნაცვლად პასუხისმგებლობის გადანაწილება უნდა შევძლოთ.

არის კიდევ ერთი პრობლემა. მასწავლებელს ევალება ერთი ან ორი სამოდელო გაკვეთილის ჩატარება და გეგმის დაწერა. მითხარით, 1-2 გეგმით რა შედეგის მიღწევა გვინდა. თუ სამოდელო გაკვეთილებით შეაფასებთ მასწავლებლის საქმიანობას, ეს არის იდეალური, მაგრამ ასეთი გაკვეთილი სამ წელიწადში ორჯერ აქვს ჩასატარებელი. დანარჩენი ორი წელი  შიდა სამზარეულოში მუშაობს. აი, აქ უნდა გავიგოთ რა ხდება, როგორც ჩანს, აქ გვიჭირს. ყოველდღიურ ურთიერთობაში და მუშაობაში გვიჭირს.

 

როგორ უთვალთვალებენ ჩვენს მიმოწერებს ინტერნეტში – სააგენტოს განმარტებები სასამართლოში

როგორ აკვირდებიან მიმოწერას ინტერნეტში – ეს სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა აღწერა. ამ სააგენტოს სუსი აკონტროლებს. საკონსტიტუციო სასამართლო “ფარული მოსმენების საქმის” არსებით განხილვას განაგრძობს.

მოსამართლე თემურ ტუღუშმა სააგენტოს წარმომადგენელს ჰკითხა, რატომ შეიძლება იყოს გამართლებული თვალთვალი ინტერნეტმიმოწერის დროს.

“თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ კუთხით მუშაობა მაინცადამაინც ტექნიკურად ეფექტური არ არის,” – თქვა მოსამართლემ.

“არ მითქვამს, რომ ამას არა აქვს საერთო ეფექტი. ჩვენ ვერ ვხედავთ მიმოწერას, როცა მომხმარებელი იყენებს დაშიფრულ პროგრამას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ვისა და ვის შორის არის კომუნიკაცია, რომელ სოციალურ ქსელს იყენებს ადამიანი… ცნობილი ხდება ამით, რომელ საიტებს იყენებს ადამიანი,” – უთხრა მოსამართლეებს დავით გაბეხაძემ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.

“თქვენ ირწმუნებით, რომ ეს სააგენტო მხოლოდ ტექნიკურ დავალებას ასრულებს. როგორც ჩანს, ინფორმაციებსაც ამუშავებთ,” – ჩაერთო დიალოგში მოსამართლე მაია კოპალეიშვილი.

“როცა დაშიფრულია მაშინ და აიფონტელეფონებზეც არ ჩანს ხომ მიმოწერა?” – ჩაეკითხა სააგენტოს წარმომადგენელს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

“დიახ, ასეა,” – თქვა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა.

“არსებობს თუ არა პრევენციული კონტროლის მექანიზმი, მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მიერ?” – იკითხა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, არსებობს მონაცემთა ბანკი, სადაც სააგენტოს აქტიურობა ფიქსირდება.

“თუ ამ აქტივობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ინსპექტორმა უნდა მიგვითითოს დანაშაულზე,” – აღნიშნა დავით გაბეხაძემ.

სააგენტოს მიერ მოპოვებული მონაცემებიდან სააგენტო რომელ ინფორმაციას ინახავს და რომელს არა, ასევე რა ვადით? – ამ საკითხით მოსამართლე ირინა იმერლიშვილი დაინტერესდა.

“ასეთი აქტი არ არსებობს… დამკვიდრებული პრაქტიკაა,” – უპასუხა მოსამართლეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა.

“ვინ დაადგინა ეს პრაქტიკა თქვენ, თუ სუს-მა?” – იკითხა ისევ ირინა იმერლიშვილმა, მაგრამ ამ კითხვაზე მას არ უპასუხეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ფარული მოსმენების შესახებ არსებულ საკანონმდებლო ნორმასთან დაკავშირებულ საჩივარს. საჩივრის ავტორები არიან სახალხო დამცველი და კიდევ 326 მოქალაქე.

 

 

ბათუმში ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ორი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია ექვსი ადამიანი

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ადგილიდან ექვსი დაშავებული პირი გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების სამსახურის თქმით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით პლაჟთან მდებარე ნაკვეთს აუქციონზე არ გაიტანენ

ქობულეთის საკრებულომ დღეს, 10 მაისს, უარი თქვა პლაჟთან მდებარე იმ ნაკვეთის აუქციონზე გატანაზე, რომელსაც შპს „ჰავანა“ ითხოვდა. საკრებულომ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იკეტება ზღვაზე გადასასვლელი.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, მერია საკრებულოს ამ ქონების გადაცემას ორი წლის ვადით, იჯარის წესით, გასასხვისებლად ითხოვდა. მერის მიმართვაში ასევე ნათქვამი იყო დაინტერესებული პირის – „ჰავანას“ შესახებ. თუმცა, დღეს, როგორც საკრებულოზე ითქვა, მერიამ ნაკვეთის გასხვისება გადაიფიქრა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა, სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია ითხოვს დიდ ტერიტორიას [1500 კვ.მ], რაც ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავს: „მოსახლეობის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ“.

სხდომაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ კომპანიას უკვე აქვს აღებული იჯარით ნაკვეთი, სადაც სანიაღვრე სისტემა ვერ მოაწესრიგა და ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერ შექმნა: „დავუმატოთ კი არა, დასაჯარიმებელია“.

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან“ არჩილ დუმბაძემ. მან თქვა, რომ ამ ნაკვეთთან მიმართებაში შეიქმნა კონკურენტული გარემო და იქცა „ყბადაღებულ თემად“. საკრებულოს წევრის თქმით, ის ამ თემას „ბოლომდე და ვაჟკაცურად“ მიყვება: „კონკურენტული გარემოს შექმნა ქონების აუქციონის წესით გაცემის მიზანია, რომ ქონება მაქსიმალურად მაღალ ფასად გასხვისდეს“.

თავმჯდომარის განცხადებით, კი ის საკითხიც გადასაწყვეტია – ზღვისპირა ზოლში მიწის ნაკვეთები გაიცეს იჯარით, თუ გაიყიდოს.

შპს „ჰავანა“ ქობულეთის მერიისგან აღმაშენებლის გამზირის #279/285-ის მიმდებარედ 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს მასზე მსუბუქი შენობა-ნაგებობის განთავსებისა და ტურისტულ გასართობი კომპლექსის მოწყობის მიზნით ითხოვს. კომპანია ამ ადგილზე კლუბის, კაფეს, რესტორნის, საბილიარდოს, ღია აუზის, სატრენაჟორო დარბაზისა და ბავშვთა გასართობი კუთხის მოწყობას გეგმავს.

ამავე თემაზე:

კვადრატული მეტრი 110 ლარად – ქობულეთის მერია ზღვასთან ტერიტორიების გასხვისებას გეგმავს

11 მაისს ბათუმში EXPO BATUMI TRAVEL 2018 იხსნება

ხვალ, 11 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა EXPO BATUMI TRAVEL 2018 გაიხსნება.

EXPO BATUMI TRAVEL 2018-ში  მონაწილეობას  ადგილობრივი და უცხოური კომპანიები მიიღებენ, რომლებიც სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში მუშაობენ.

გამოფენაში მონაწილეობენ  კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსი და გერმანია.  გამოფენის მიმდინარეობისას მონაწილეებისათვის იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და პრეზენტაციები.

გამოფენა სასტუმრო „შერატონში“ 12:00 საათზე  გაიხსნება. მასზე  მისვლა მსურველებს 13 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. დასწრება თავისუფალია.

„ჩემმა ძმისშვილმა პოლიცია დასახმარებლად გამოიძახა, მაგრამ მას სცემეს და კბილები ჩაუმტვრიეს“

მოქალაქე ეთერ დუმბაძე აცხადებს, რომ მის ძმისშვილს, 40 წლის კაცს, პოლიციამ ისე სცემა, რომ „არ იცნობოდა – სახე დაუსახიჩრა და კბილები ჩაუმტვრია“. ქალის თქმით, მოქალაქე ბათუმში 27 აპრილს, 23:30 საათზე დააკავეს. „ღამის ოთხ საათამდე სცემდნენ ჩემს ძმისშვილს ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში, არადა, პოლიცია თავად გამოიძახა დასახმარებლად“, – უთხრა ეთერ დუმბაძემ „ბათუმელებს“.

დაკავებულის მამიდას, ეთერ დუმბაძის თქმით, მისი ძმისშვილი 27 აპრილს პოლიციამ ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე დააკავა. „ის ჩემთან იყო. ველოსიპედით წავიდა და ქუჩაზე გადასვლისას ვიღაცას მხარი გაჰკრა. მერე ამას მოჰყვა ჩხუბი. ისინი მამა-შვილი იყვნენ და ჩემს ძმისშვილს დაუწყეს ცემა. მან პოლიცია გამოიძახა დასახმარებლად, მაგრამ პოლიციამ პირიქით, ჩემი ძმისშვილი დააკავა დაუმორჩილებლობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის. ვითომ იმ კაცის სათვალე დაიმტვრა შეხლა-შემოხლის დროს“.

მამიდა ამბობს, რომ პოლიციას დაკავებულის ახლობლებისთვის არაფერი შეუტყობინებია. „ჩემი ძმისშვილი მარტო ცხოვრობს. მამიდებმა გავზარდეთ. სახლში არავინ ჰყავს, ამიტომ მოდიოდა ჩემთან, ჭამდა და მიდიოდა თავის სახლში. ასე იყო იმ დღესაც. ჩვენ დაკავების შესახებ არაფერი ვიცოდით. პირიქით, დამსხვრეულია მისი ტელეფონი, რომელიც 1200 ლარად იყიდა განვადებით ერთი თვის წინ. ჩემმა ძმისშვილმა სასამართლოში თქვა, რომ პოლიციაში ფეხებით დაამტვრიეს ტელეფონი. მას არც ადვოკატი ჰყავდა“.

ეთერ დუმბაძე ამბობს, რომ სასამართლოში ძმისშვილის ნახვის შემდეგ ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას და საქმის მასალების გადაცემას, მაგრამ დღემდე მისი მოთხოვნა არ სრულდება. „უცდიან როდის მოუშუშდება სახეზე ღია ჭრილობები, რომ მერე ჩაატარონ ექსპერტიზა. მაგრამ ჩამტვრეულ კბილებს რას უზამენ?“

ეთერ დუმბაძის თქმით, მან ძმისშვილის საქმესთან დაკავშირებით დარეკა როგორც მთავარ პროკურატურაში, ისე გენინსპექციაში, მაგრამ ეს ორი უწყება საკითხით არ დაინტერესებულა – ის დღემდე არ გამოუკითხავთ.

ეთერ დუმბაძე აცხადებს, რომ დახმარება სახალხო დამცველსაც სთხოვა.

ქალის ინფორმაციით, დაკავებული ამ დროისთვის გადაყვანილია ქუთაისის საპყრობილეში. მისივე ინფორმაციით, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ.

ეთერ დუმბაძის თქმით, მის ძმისშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. „ის ვერ იტანს უსამართლობას და შეიძლება იმ ღამეს ამის გამოც კი ჩავარდნილიყო აფექტში“.

„ბათუმელები“ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მისი გადამოწმებისთანავე მოგვაწვდიან.

ეთერ დუმბაძე დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამ საკითხზე ბრიფინგის გამართვას აპირებს.

დაკავების შესახებ ბრიფი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

უმაღლეს საბჭოში სამ თვეში ხელფასებსა და საწვავში 845 ათასი ლარი დაიხარჯა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმაღლეს საბჭოში ხელფასებში, ჯამში, 817 994 ლარი დაიხარჯა, რაც 4 598 ლარით მეტია გასული წლის ამავე პერიოდში გაცემულ ხელფასებთან შედარებით.

უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის ხელფასი – 5 750 ლარი, მისი მოადგილის – 4 900, კომისიის თავმჯდომარის – 4 700, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრის – 3 900 ლარია. უმაღლეს საბჭოში ხელფასების რაოდენობის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2018 წლის იანვარ-მარტში უმაღლესმა საბჭომ ჯამში 27 175 ლარის საწვავი გახარჯა, რაც 168 ლარით მეტია გასულ წლის პირველ კვარტალში მოხმარებულ საწვავთან შედარებით.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში კი, უმაღლეს საბჭოზე რიცხულ ავტომანქანებზე ჯამში 5 ტონამდე საწვავი დაიხარჯა. ყველაზე მეტი საწვავი იმ ავტომანქანებზე გაიცა, რომლებიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ემსახურება – 563 ლიტრი:

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენახვა მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტს ჯამში 4 846 800 ლარი დაუჯდება, საიდანაც პირველ კვარტალში საბჭომ უკვე გახარჯა 1 157 955 ლარი. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 71 208 ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

ამავე თემაზე:

ვის გაეზარდა და ვის შეუმცირდა ხელფასი უმაღლეს საბჭოში

 

 

Exit mobile version