მთავარი,სიახლეები

სასჯელი ცოლის ცემისთვის და სიმამრის ტელევიზორის დაზიანებისთვის

11.05.2018 • 2203
სასჯელი ცოლის ცემისთვის და სიმამრის ტელევიზორის დაზიანებისთვის
 მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ე.ჰ.-ს. მას ოჯახში ძალადობას, ასევე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებოდა გამოძიება.
გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 3 იანვარს ბრალდებულმა ქობულეთში, საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე. სამართალდამცველებმა ე.ჰ. 6 იანვარს დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდებული 4 თვეს  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 აპრილს მიიღო, თუმცა ამ განაჩენის შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ დღეს, 11 მაისს, გაავრცელა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები“.
მსჯავრდებული, ვისთვისაც რვა თვით პატიმრობის შეფარდებაზე დღეს გაავრცელა ინფორმაცია პროკურატურამ, უკვე გარეთაა.
„ის იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და განაჩენის გამოტანის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე მოუწია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნა. რამდენიმე დღის წინ ის ციხიდან გამოვიდა და დაუბრუნდა ოჯახს,“ – გვითხრა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული პირი სასამართლოს განაჩენის დადგომამდე შეურიგდა მეუღლეს და სიმამრს, რომელმაც კონფლიქტის შემდეგ პოლიციაში დარეკა და ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: