მთავარი,სიახლეები

შს სამინისტროს განმარტება პოლიციაში დაკავებულის ცემის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე

10.05.2018 • 2176
შს სამინისტროს განმარტება პოლიციაში დაკავებულის ცემის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე

მოქალაქე ეთერ დუმბაძემ დღეს განაცხადა, რომ მის ძმისშვილს, 40 წლის კაცს, პოლიციამ ისე სცემა, რომ „არ იცნობოდა – სახე დაუსახიჩრა და კბილები ჩაუმტვრია“. ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს, საიდანაც შემდეგი შინაარსის წერილობითი განმარტება მოგვაწოდეს:

„2018 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 00:05 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1978 წელს დაბადებული  რ.დ. ველოსიპედით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს, მ.ბ.-ს და ი.ბ.-ს, რის შემდეგაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.ბ.-ს მობილური ტელეფონი, ჩიბუხი და სათვალე დაუზიანა. შემოვლაზე მყოფი პოლიციელები  მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, პოლიციელების ადგილზე მისვლის შემდეგ,  რ.დ.-მ შეტყობინება გააკეთა, რომ თურქებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მან წინააღმდეგობა გაუწია  და ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რ.დ. დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 126-ე (ძალადობის) მუხლებით.

დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებოდა, რაზეც მიუთითა, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე, ქუჩაში ჩხუბის დროს მიიღო და სამართალდამცველთა მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს. სასამართლომ რ.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაკავებულის ახლობლის მიერ გაკეთებული შეტყობინების  საფუძველზე, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან დაკავებულის მიმართ შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხებოდა, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. თავის მხრივ, დაკავებულმა ანალოგიური განცხადებით აჭარის პროკურატურას მიმართა.

პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აჭარის პროკურატურაში დაწყებული გამოძიებიდან გამომდინარე, შსს-ს გენინსპექციის  სამსახურებრივი შემოწმების მასალები პროკურატურაში სისხლის სამართლის  საქმეზე დასართავად გაიგზავნება“.

 

გადაბეჭდვის წესი