მთავარი,სიახლეები

კაპიტან ანატოლი კაჭარავასა და ნატო ვაჩნაძის სიყვარულის ხანმოკლე ისტორია

10.05.2018 • 16058
კაპიტან ანატოლი კაჭარავასა და ნატო ვაჩნაძის სიყვარულის ხანმოკლე ისტორია

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან ერთი საფლავია, რომელთანაც ყოველ წელს მიდიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ყვავილებით ამკობენ. აქ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ანატოლი კაჭარავაა დაკრძალული, საქართველოში საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი.

ცნობილი კაპიტანი მეორე მსოფლიო ომის დროს ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვს“ მეთაურობდა, რომელიც 1942 წლის 25 აგვისტოს გერმანულ კრეისერ „ადმირალ შეერთან“ შეტაკებისას ჩაიძირა, ხოლო დაჭრილი ანატოლი კაჭარავა და მეზღვაურები ტყვედ ჩავარდნენ.

ანატოლი კაჭარავა – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ანატოლი კაჭარავამ სამი წელი გერმანიასა და პოლონეთში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. 1945 წლის გაზაფხულზე, როცა მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, იგი გაათავისუფლეს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გადასახლებაში, ამჯერად საბჭოთა ხელისუფლების მიერ. სტალინის რეჟიმი ეჭვის თვალით უყურებდა ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას გადაურჩა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ ანატოლი კაჭარავა ზღვას დაუბრუნდა და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა გემზე, მას იცნობდნენ როგორც პოლარულ წყლებში მცურავ კაპიტანს.

საქართველოს ნაოსნობის ისტორიის გარდა, კაპიტან ანატოლი კაჭარავას სახელი ქართული კინოს ვარსკვლავს, ნატო ვაჩნაძესაც უკავშირდება. ცნობილი კაპიტანი 42 წლის იყო, როდესაც ქართული კინოს ვარსკვლავზე, ნატო ვაჩნაძეზე იქორწინა. ეს ანატოლი კაჭარავასთვის პირველი ქორწინება იყო, ხოლო ნატო ვაჩნაძისთვის – მესამე. ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ, ნატო ვაჩნაძე ანატოლიზე ექვსი წლით იყო უფროსი.

ქორწინებამ მცირე ხანს, სულ რამდენიმე თვეს გასტანა. 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს, მოსკოვში, ანატოლი კაჭარავასთან მყოფი ნატო ვაჩნაძე საქართველოში გამოფრინდა და ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ნატო ვაჩნაძე, ანატოლი კაჭარავა და სერგო ცინცაბაძე. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ანატოლი კაჭარავამ რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ იქორწინა. სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი, დოდო კაჭარავა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. დოდო კაჭარავა იხსენებს, რომ მათი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვენენ ხელოვანები, რომელთაც განსაკუთრებით მოსწონდათ კაპიტანთან ურთიერთობა:

„ყველა ცდილობდა მის გაცნობას, მასთან ურთიერთობას. თავად დიდ პატივს სცემდა ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს. ვინ არ დადიოდა ჩვენთან: ელენე ყიფშიძე, ვასო გოძიაშვილი, ილია ვეკუა, ლადო გუდიაშვილი, ვლადიმერ ვისოცკი, მარინა ვლადი…

იცნობდა ჩე გევერას, ფიდელ და რაულ კასტროებს. ეს ადამიანები კუბაზე გაიცნო. რაულ კასტროს წერილიც გვაქვს, სადაც კასტრო წერს, ვერ ჩამოვედი, ვერ გნახეთო.

მიუხედავად ყველაფრისა, ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. საკონცენტრაციო ბანაკები გადაიტანა, სიკვდილს გადაურჩა, მთელი სიცოცხლე ყინულმჭრელებზე ცურავდა და ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში საზღვაო სანაოსნო დაარსებულიყო.“

დოდო ამბობს, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანატოლი კაჭარავა მოსკოვში იყო ჩასული, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთვის სამგზავრო გემის საკითხი მოეგვარებინა. მისი სურვილი იყო ამ გემისთვის „ნატო ვაჩნაძე“ ეწოდებინათ.

„უნდოდა, რომ ერთი გემის სახელი ყოფილიყო „ნატო ვაჩნაძე“. დედაჩემსაც უთხრა და ეს არ ყოფილა პრობლემა დედასთვის, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა მამას. ეს არ იყო ადვილი, მამა თვეების მანძილზე მუშაობდა და სახლში არ იყო. ძალიან გაუჭირდებოდა, დედა რომ არ შეხვედროდა.

როცა მამამ ინსულტი მიიღო და ლოგინად იყო ჩავარდნილი, დედას ნატოს ეძახდა ნაზოს ნაცვლად. მერე დედამ ბათუმში შეუკვეთა ნატო ვაჩნაძის ჭედური გამოსახულება, რომელიც დღემდე მაქვს სახლში.

მამა გარდაიცვალა 1982 წელს, 9 მაისს. დიდხანს ფიქრობდნენ სად დაეკრძალათ და პომპეზურად დაკრძალეს იქ, სადაც დღემდე ასვენია. ერთი წლის შემდეგ კი გააკეთეს გემი, რომელსაც მისი სახელი მიანიჭეს“.

ანატოლი კაჭარავა და ნაზო კაჭარავა

ტანკერი „ანატოლი კაჭარავა“

ანატოლი კაჭარავას მეუღლე, ნაზო კაჭარავა 2004 წელს გარდაიცვალა. დოდო კაჭარავა ამბობს, რომ მამის საფლავის ბედი აწუხებს:

„ძალიან მინდა, რომ იქ, სადაც მამის საფლავია, განათება მაინც იყოს.“

________________________________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: