„მარტო რეცეპტით განსაზღვრა რთულია“ – სპეციალისტები ექიმების „შავ სიაზე“

პირველი ივლისიდან საქართველოში ნებისმიერ პაციენტს შეეძლება ექიმთან ვიზიტის შემდეგ ე.წ. დანიშნულების გადამოწმება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან. ექიმი, რომელმაც პაციენტს შეუსაბამოდ ბევრი წამალი გამოუწერა, შესაძლოა „შავ სიაში“ მოხვდეს.

როგორ იმუშავებს ახალი მექანიზმი? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტმა რეცეპტი გადასამოწმებლად სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ელექტრონულად უნდა მიაწოდოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მიიტანოს ბეჭდური რეცეპტი. მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად სამედიცინო რეგულირების სააგენტოში ფარმაკოლოგებითა და ტექნიკური სპეციალისტებით შემდგარი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მიღებულ ინფორმაციას დაამუშავებს.

თუკი დადგინდება, რომ დანიშნულება გადამოწმებას საჭიროებს, პაციენტი ხელახლა მივა ექიმთან. ექიმმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არ სჭირდება შეცვლა მის მიერ ხელმოწერილ დანიშნულებას.

თუ ექიმის დასაბუთება პაციენტს დამაჯერებლად არ მოეჩვენება, მას შეუძლია ხელახლა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი დარგობრივ ექსპერტებს მოიწვევს და ექიმმა უკვე ამ ჯგუფს უნდა წარუდგინოს საფუძვლიანი არგუმენტაცია, რატომ არ შეუცვალა პაციენტს დანიშნულება. თუკი ექიმი არც ამ ჯგუფის დასკვნას არ გაითვალისწინებს, ექიმის სახელი და გვარი სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე არსებულ რეესტრში, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდება.

სამინისტროში ამბობენ, ჯგუფი, რომელიც რეცეპტების მიღებასა და დამუშავებაზე იმუშავებს, სამედიცინო რეგულირების სააგენტოში შეიქმნება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი შტატი იქნება დაშვებული სამუშაო ჯგუფისთვის. აქ ამბობენ, რომ თუ სამინისტროს მექანიზმზე დიდი მოთხოვნა იქნება, ჯგუფს გაზრდიან.

ჯანდაცვის სპეციალისტები „ბათუმელებთან“ სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა შენიშვნებიც აქვთ. მათი თქმით, ამ გზის გავლა პაციენტს არ დასჭირდებოდა, ქვეყანაში  ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა სრულად და გამართულად რომ მუშაობდეს.

„თუ ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა გამართულად იმუშავებს მთელს ქვეყანაში, ყველა მედიკამენტი, რასაც, მაგალითად, ოჯახის ექიმი გამოწერს, აისახება ელექტრონულ სისტემაში და შემდეგ კეთდება ანალიზი – თუ თითოეულ შემთხვევაზე რა მედიკამენტი გამოწერა, რამდენი, ხომ არ არის ეს ექიმი შეკრული რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთ ანალიზს სჭირდება გამართული ელექტრონული სისტემა.

ელექტრონულ ჯანდაცვაზე ღონისძიებები სამინისტრომ დაიწყო, მაგრამ ამან ეფექტურად ვერ იმუშავა, რადგან ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის სისტემისთვის.

როცა რაღაცას ვერ აკეთებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაშინ ალტერნატიული მეთოდი უნდა გამოიყენო. ეს შედარებით დაბალხარჯიანი მეთოდია, უფრო ჩვენნაირი, გაჭირვებული ქვეყნებისთვის, მაგრამ აუცილებელია, რაღაც გზით მაინც გაკონტროლდეს ეს სიტუაცია“, – ამბობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა.

იდეა მოსწონს ჯანდაცვის ექსპერტ ირაკლი სასანიას. თუმცა ეჭვობს, რომ ინფორმაციის დამუშავება რიგ შემთხვევებში შესაძლოა რთული აღმოჩნდეს:

„ყველა კონკრეტული შემთხვევა უნდა იქნეს განხილული, რიგ შემთხვევაში მარტო რეცეპტით განსაზღვრა რთულია, მნიშვნელოვანია პაციენტის სტატუსი. ვფიქრობ, ყველა შემთხვევის განხილვა ერთ ჭრილში რთული იქნება. ასევე, შეიძლება პაციენტმა ჩათვალოს, რომ მას ბევრი წამალი გამოუწერეს და შეიძლება ძალიან დიდი ინფორმაცია მიაწყდეს სამინისიტროს – ამ ინფორმაციის მართვა გაჭირდება.  არ ვიცი, რამდენად ეყოფა ადამიანური და ტექნიკური რესურსი სამინისტროს და ეს რესურსი რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულ შემთხვევებში, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება სამინისტროს, შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს“.

ირაკლი სასანია ამბობს, რომ უკეთესი გზა პოლიფარმაციის გასაკონტროლებლად ელექტრონული რეცეპტების ანალიზი იქნებოდა: „უბრალოდ, ეს უნდა იყოს დანერგილი ძალიან ინტენსიურად. ელექტრონული რეცეპტების სისტემის ანალიზით გამოჩნდება საერთო ტენდენცია, რა წამლებს წერენ, რომელი კლინიკები, რომელი ექიმები…  შემდგომ ალბათ უნდა ჩატარდეს საგანმანათლებლო კურსები, ტრენინგები, რომელიც გამოასწორებს ამ მდგომარეობას. ვფიქრობ ეს უფრო ეფექტური გზა იქნება. ასევე, რიგ შემთხვევაში ისევ ხდება ანტიბიოტიკების ურეცეპტოდ გაცემა აფთიაქებში, ისევ დაიწყო ეს მანკიერი წრე, ამიტომ ამაზე კონტროლის გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.“

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმის ამუშავების ერთ-ერთი მიზეზი სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომელმაც გამოავლინა შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით.

ამავე თემაზე:

ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სამი ატრაქციონი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით, სამართავი ჯიხურებითა და დამატებით 330 კვადრატული მეტრი ნაკვეთით, ერთი პირის – ეკატერინე ნიკოლაიშვილის ხელში გადავიდა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირის, ზაზა ჩხიკვაძის მეუღლეა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა.

ეკატერინე ნიკოლაიშვილი მის ბიზნესში მეუღლის რაიმე ფორმით მონაწილეობას  უარყოფს. ის ამ საკითხთან დაკავშირებული ეჭვების არსებობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რასაც იმით ხსნის, რომ ელექტრონულ აუქციონში, რომლის მეშვეობითაც მან ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ატრაქციონები იჯარის წესით მიიღო, სხვასაც შეეძლო მონაწილეობის მიღება:

„გარდა ამისა, მე მაქვს დაახლოებით შვიდწლიანი გამოცდილება ამ საქმეში. აბსოლუტურად მე თვითონ ვმარათავ ბიზნესს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საღამოს რაღაც ტექნიკურ საკითხებზე რჩევებს  ვთხოვ მეუღლეს.“

აუქციონში გამარჯვებულმა ეკატერინე ნიკოლაიშვილმა პარკში ახალი ატრაქციონები უნდა განათავსოს. მან ტერიტორია ათწლიანი ვადით მიიღო, წელიწადში 84 000 ლარის სანაცვლოდ.

ატრაქციონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ელექტრონულ აუქციონზე კონკურენტული გარემო არ შექმნილა. ცენტრალურ პარკში ქონების საწყისი საიჯარო ფასი 82 ათასი ლარი იყო – ეკატერინე ნიკოლაიშვილმა სააგენტოს ერთი ბიჯით მეტი შესთავაზა და აუქციონიც მოიგო. ცენტრალურ პარკს ბათუმის მერიის ა(ა)იპი  ტურისტული ობიექტების სააგენტოს განკარგავდა მანამდე, ვიდრე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

ატრაქციონები ათი წლის ვადით, იჯარის წესით, გაასხვისეს

წელს იჯარის წესით გასასხვისებელი ტერიტორიებიდან ატრაქციონები გამონაკლისი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე სააგენტოს ცენტრალურ პარკში სხვადასხვა დროს, ჯამში, მაქსიმუმ 200 კვადრატული მეტრი გაჰქონდა აუქციონზე. მაგალითად, წელს შპს „ატრაქციონთან“ სააგენტომ საიჯარო ხელშეკრულება ორჯერ გააფორმა, ერთხელ 50 კვადრატულ მეტრზე [19 კვადრატული მეტრი ფართობის ჯიხურის განთავსების პირობით] და დამატებით 128 კვადრატულ მეტრზე.

ამჯერად კი სააგენტომ ატრაქციონები და მასზე დამაგრებული ნაკვეთები გააერთიანა, ამას დაამატა 330 კვადრატული მეტრი [ორი ნაკვეთი] და ისე გაიტანა აუქციონზე. ამით სააგენტომ დაინტერესებულ პირს პარკში არსებული ატრაქციონების სრული პაკეტის შესყიდვის საშუალება მისცა. გარდა ამისა, ეკატერინე ნიკოლაიშვილი გახდა იმ ნაკვეთების მოიჯარეც, სადაც აუქციონის პირობების მიხედვით, მერია ახალი ატრაქციონების დადგმას ითხოვს.

საით მიანიშნებთ? – ასე უპასუხა სააგენტოს იურისტმა დავით ფუტკარაძემ „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ დაყო სააგენტომ აუქციონზე გასატანი ტერიტორიები ისევე, როგორც ეს სხვა შემთხვევაში გააკეთა. იურისტმა განაცხადა, რომ ეს კითხვა უჩენს განცდას, რომ მას შესაძლო გარიგებაზე მიანიშნებენ:

„.. თქვენ რაზეც მიანიშნებთ, ეს გამორიცხულია. მიანიშნებთ რაიმე  გარიგება ხომ არ ყოფილა თქვენსა და მას შორისო. ფართების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, განსათავსებელი ობიექტიდან გამომდინარე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ როგორ  ვმიჯნავთ აუქციონზე გასატან ტერიტორიებს, ამას ჩვენ დამოუკიდებლად არ ვაკეთებთ. ელექტრონული აუქციონი ცხადდება საიტზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ ვადგენთ პირობებს და ეს პირობები თანხმდება დამფუძნებელთან, ანუ მერიასთან და ამის შემდეგ ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე საბაზრო ღირებულებით გაგვაქვს ქონება აუქციონზე. არსებობდნენ მოქალაქეები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული, რომ იჯარით აეღოთ პარკში რაღაც ნაკვეთი. ამიტომაც მიიღო სააგენტომ გადაწყვეტილება და გაიტანა აუქციონზე, მათ შორის ატრაქციონების ტერიტორია.“

გასულ წელს სააგენტომ ბათუმის პარკთან დაკავშირებული რვა საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 434 კვადრატულ მეტრ ფართობზე. წლიური საიჯარო თანხა ჯამში 71 929 ლარი იყო. მოიჯარეს პარკში არსებული ატრაქციონები თავისი სამართავი ჯიხურებით გადაეცა.

საიჯარო პირობები

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსთან დადებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ატრაქციონები  ბათუმის პარკში საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან უახლოეს ორ თვეში უნდა დაემონტაჟებინათ, ხელშეკრულება 2018 წლის 19 აპრილს გააფორმეს, ამ დროისთვის პარკში მხოლოდ ერთი ახალი ატრაქციონია დამონტაჟებული.

ახალმა მმართველმა აიღო ვალდებულება ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების გამართულად მუშაობაზე, საჭიროების შემთხვევაში გამართვა-ჩანაცვლებაზე, ასევე უსაფრთხოებაზე.  მოიჯარემ ასევე უნდა დაშალოს ორი ძველი ატრაქციონი და გამოთავისუფლებულ ადგილზე ახალი ატრაქციონები განათავსოს. გარდა ამისა, მოიჯარემ ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ადგილზე სათამაშო მოედანი უნდა მოაწყოს, რომლის ესკიზიც სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს.

დასაქმება

რაც შეეხება პარკში დასაქმებულებს, სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობით, მოიჯარემ პარკში ატრაქციონებზე მომუშავე პირებისგან „საჭირო რაოდენობის“ თანამშრომელი უნდა შეინარჩუნოს. როგორც ადგილზე გვითხრეს, აქ 22 პირი მუშაობდა, ახალი მეიჯარე მათგან რვას შეინარჩუნებს, სხვები კი, სამსახურს დაკარგავენ.

იჯარის უფლების მქონე ასევე ვალდებულია ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს, ატრაქციონებით უსასყიდლოდ მოემსახუროს მსურველებს და არ გაზარდოს ატრაქციონებით სარგებლობის ფასი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეკატერინე ნიკოლაიშვილი ბათუმის ტურისტული ობიექტების სააგენტოს მოიჯარედ 2016 წლიდან ფიქსირდება. მაშინ საიჯარო ხელშეკრულება მასთან 193 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაუფორმებიათ. 2017 წელს მას კიდევ ორ ნაკვეთზე, ჯამში, 250 კვადრატულ მეტრზე გაუფორმეს ხელშეკრულება.

შპს „ორბიტა“

როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან ირკვევა, ეკატერინე ნიკოლაიშვილს გასართობი ბიზნესი აქვს ქობულეთისა და წყალტუბოს პარკებშიც.

ქობულეთის გამგეობას 2013 წელს გაუფორმებია საიჯარო ხელშეკრულება შპს „ორბიტასთან“, რომელიც იმავე წელს რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქიას დაუფუძნებია, ხოლო დირექტორი ეკატერინე ნიკოლაიშვილია. შპს „ორბიტას“ 2013 წელს ქობულეთის გამგეობამ ორი საიჯარო ხელშეკრულება გაუფრომა, რომლის შემდეგაც კომპანიამ მართვაში  ქობულეთის პარკში, ჯამში, 1800 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მიიღო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს „ორბიტას“ შორის კი ხელშეკრულება 2017 წელს გაუფორმებიათ, შედეგად კომპანიამ მართვაში მიიღო 8800 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე.

შპს „ ორბიტას“ ზემოთ ჩამოთვლილი საიჯარო ხელშეკრულებების გარდა კომპანიის სახელზე 2016 წელს ბათუმში, კახაბრის დასახლებაში არსებული 1286 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს.

ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ამ დროისთვის ფაქტობრივად ლიკვიდირებული ორგანიზაციაა, მისი სამართალმემკვიდრე, სავარაუდოდ, ის ორგანიზაცია იქნება, რომელსაც ბათუმის მერი მიაკუთვნებს.

სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორს და სკოლას დაეკისრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს არა მარტო სკოლის მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოებაზე, არამედ თვითორგანიზებულ ექსკურსიებზეც.

მინისტრის მოადგილე ლია გიგაური „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სკოლა ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება იმ კომპანიისგან იქირაოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  როგორც მძღოლის პროფესიონალიზმზე, ასევე მიაწვდის მათ ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ბევრი ბავშვი გადაადგილდება,  ტრანსპორტს ჰქონდეს წარწერა- „ბავშვები“, რაც არა მხოლოდ იმ მძღოლს, რომელიც მართავს ამ სატრანსპორტი საშუალებას, არამედ სხვებსაც გააფრთხილებს, დაიცვან მოძრაობის წესები.

სკოლამ უნდა შეამოწმოს არის თუ არა ტრანსპორტში ზუსტად იმდენი ადგილი, რამდენი ბავშვიც გადაადგილდება, ასევე, ახალი რეგულაციების მიხედვით,  ვითხოვთ, ჯგუფში იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამის ზომებს მიიღებს,“-ამბობს გიგაური.

მძღოლი ვალდებულია, კარგად იცოდეს ის მარშრუტი, რომელზეც გადაადგილდება. აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ნიშნული, რომელიც განთავსებულია გზაზე. თუკი მძღოლი არ ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, სკოლის წარმომადგენელი ვალდებულია გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება  და გამოიძახოს  შესაბამისი ორგანოები, ვინც რეაგირებას მოახდენენ,“-ამბობს ლია გიგაური.

მისი თქმით, თითოეული ადამიანი, რომელიც ჩართულია ექსკურსიის ორგანიზების პროცესში,  პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე.

ლია გიგაურის თქმით, თუკი სკოლის ადმინისტრაცია არ დაიცავს ექსკურსიებთან დადგენილ სტანდარტებს, პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციას  დაეკისრება, მათ შორის სკოლის დირექტორს და ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის ის შესაძლებელია თანამდებობიდან გათავისუფლდეს კიდეც.

ექსკურსიებთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციები სკოლებს ადრეც ჰქონდათ სამინისტროსგან მიწოდებული, თუმცა როგორც გიგაური ამბობს, ბოლო დროს  მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა  გამოიწვია  რეგულაციების გამკაცრება.

 

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

14 ივნისს  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი დააფიქსირეს.

კერძოდ, 1200 ღერი სიგარეტი „პირველი“ (PIRVELI) და 180 ღერი სიგარეტი „ზუმერიტი“ (ZUMERRET) კანონდამრღვევ პირს, კ.მ-ს, სხეულზე ჰქონდა დამაგრებული. ასევე, „სარფში“, მებაჟე ოფიცრებმა ამოიღეს 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი „პირველი“ (PIRVELI), რომელიც მოქალაქე ბ.ც-ს სხეულზე  წებოვანათი ჰქონდა დამაგრებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მ-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ პირებს  სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

სასწრაფოდ იყიდება ბინა ზესტაფონში

იყიდება ბინა ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, კეკელიძის ქ. # 5, მეცხრე სართულზე. ბინა ოროთახნახევრიანია, ჩეხური პროექტი, სამად გადაკეთებული, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, გათბობა (კარმა), ცხელი წყალი, წყლის რეზერვუარით სახლის თავზე, ავეჯით.

ფასი: 32 000 ლარი .

საკონტაქტო ნომერი 557129321

ბილიკი ცაში – გზა, რომელიც ხიხანის ციხემდე მიდის

მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური დანიშნულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ. ბათუმიდან XII-XIII საუკუნის ციხემდე 90 კილომეტრი სამანქანო გზის დაძლევა ნამდვილად ღირს. სანაცვლოდ გზად სამოთხეს გადიხართ: ამწვანებულ მთებზე შეფენილ ხისსახლებიან სოფლებს, გვირილების ვრცელ მდელოებს, მწყემსებსა და ვიწრო ბილიკებს, მთებში რომ იკარგება და უცნობი ადგილებისკენ გიხმობთ.

მარშრუტი ორდღიანია. პირველ დღეს მანქანით ხიხანის ციხესთან ახლოს, სოფელ ხიხაძირში დაბანაკდებით, კარავში ან საოჯახო სასტუმროში. მეორე დღეს კლდეზე აგებული ციხისკენ აიღებთ გეზს, რომელიც ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ბათუმიდან დაბა ხულოსკენ მანქანით მივდივართ, გზად ფურტიოს XII საუკუნის თაღოვანი ხიდი გვხვდება. აჭარაში არაერთი ასეთი ხიდია. ფურტიოდან სამანქანო გზა სამხრეთისკენ მიემართება და სხალთისწყლის ხეობაშიც შევდივართ. ფურტიოდან ათიოდე კილომეტრის შემდეგ სხალთის მონასტერი ჩნდება – შუა საუკუნეების არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუში ხულოს მუნიციპალიტეტში.

ფურტიოს თაღოვანი ხიდი

სანამ ფურტიოს ხიდამდე მიხვალთ, გზად შეგიძლიათ ფურტიოს წყაროსთან შეისვენოთ, იქვე მდებარე კაფეში მიირთვათ გამამხნევებელი ყავა, ცივი სასმელები  ან ახალდაკრეფილი ხილი.

 

ზაფხულის ულამაზესი პეიზაჟების გარდა გზადაგზა გხვდებიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გამოგელაპარაკებიან და გკითხავენ, საით მიდიხართ და რის ნახვას აპირებთ. ბაბუა და პატარა ბიჭი ფურტიოს წყაროსთან შეგვხვდნენ, ბაბუა ყურადღებით გვაკვირდება, ბიჭი ბურთის თამაშს თავს ანებებს და ფოტოს გადაღებაზე გვთანხმდება.

სხალთისწყლის ხეობიდან ვარდციხის გადასახვევამდე 17 კილომეტრს გაივლით და სხვადასხვა მარშრუტის მიმანიშნებელ აბრებს მიადგებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხიხანის ციხემდე მიმავალი გზა კარგადაა მარკირებული, შესაძლოა მაინც დაგჭირდეთ ჰკითხოთ ადგილობრივებს სამად გაყოფილი გზიდან რომელს უნდა დაადგეთ. აქაურები არ დაგზარდებიან და ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან.

ბაკიბაკოს მცხოვრები ჩვენს დაძახილზე „ტრანგალეტს” აჩერებს და გულდასმით გვიხსნის, ხიხანის ციხემდე რომელი გზით უნდა წავიდეთ.

აჭარისწყლის ხეობის შემდეგ რაც უფრო მაღლა ადიხართ მთებში, მით უფრო გეხშობათ ყურები, გიხშირდებათ სუნთქვა. სხეული ალპურ ზონას ნელ-ნელა ეგუება, სადმე გრილ წყაროსაც გადააწყდებით და ცოტა ხანში ღრმად იწყებთ სუნთქვას. სხვა სინამდვილეში ხართ, სადაც არ არის ნაცრისფერი შენობები, ირგვლივ სიმწვანე ბატონობს და ალაგ-ალაგ მხოლოდ ხის კოხტა, მოვლილი სახლებია მიმოფანტული.

 

ბაკიბაკოსა და ხიხაძირში ბევრი სახლი დაკეტილია, თუმცა კარმიდამოებს, სადაც ცხოვრობენ, თვალის ერთი შევლებითაც ეტყობა, რომ აქ მშრომელი ადამიანები სახლობენ. ლობიოსა და კიტრის ნარგავებს წითელხელთათმანებიანი ბებო უვლის.

სოფელ ხიხაძირამდე მისვლა ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეისვენოთ და ღამის გასათევი ადგილი მოძებნოთ: საკარვე ადგილი შეარჩიოთ ან საოჯახო სასტუმროს მიაშუროთ. ჩასვლის დღესვე ციხეზე ასვლას არ გირჩევთ, ზღვის დონიდან 2220 მეტრზე, კლდეზე მდებარე ხიხანის ციხემდე ციცაბო ბილიკებით 2 საათი უნდა იაროთ, რაც სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას და დიდ ენერგიას მოითხოვს.

ხიხაძირში იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ დარჩეთ. ეს სასტუმრო მხოლოდ სასტუმრო არ არის, ხიხაძირელ წყვილს 5 შვილი ჰყავს და მათთან დარჩენით ხედებით ტკბობისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნების გარდა ადგილობრივთა ყოფა-ცხოვრებას ეცნობით. იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმროში 30-40-კაციან ტურისტულ ჯგუფებსაც შეუძლიათ ერთდროულად უმასპინძლონ. ოჯახს გარდა ამ სახლისა, სხვა კოტეჯებიც აქვს სოფელში ტურისტების განსათავსებლად. ერთი ღამის გათევა აქ სამჯერადი კვებით 50 ლარი ღირს, კვების გარეშე – 15. საუზმედ, სადილად და ვახშმად აქ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილზევე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით და ოჯახის რძის პროდუქტებით გაგიმასპინძლდებიან.

ამ საოჯახო სასტუმროში დრო შეჩერებულია. ფიცრულ სახლს ოჯახის მეპატრონე სპეციალურად არ ცვლის: ნამდვილი აჭარული სახლი ხის უნდა იყოს და სუნთქავდეს. გარემო სადა და უბრალოა, ისეთი, როგორიც სოფლის სახლი უნდა იყოს – მყუდრო და მშვიდი.

კარგად გამოძინებისა და დასვენების შემდეგ მეორე დილით ხიხაძირიდან შეგიძლიათ ციხისკენ მიმავალ ტყის ბილიკს დაადგეთ. მაღალი გამავლობის მანქანა ტყისპირამდე მიდის, მერე გზას ფეხით უნდა გაუყვეთ. როგორც ჩვენმა ნაბიჯმთვლელმა გამოიანგარიშა, ციხეზე ასვლა-ჩამოსასვლელად 18 000 ნაბიჯი უნდა გადადგათ, ეს დაახლოებით 6 კილომეტრია: 3, 50 კილომეტრი ტყეში, 2,50 კილომეტრი კი – ციცაბო ბილიკზე, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიდის.

ციხეზე ასვლამდე შეგიძლიათ სხალთისწყლის ცივ ტალღებში გაიგრილოთ ფეხები.

აჭარა, ხულო, სხალთისწყალი

თუ მზის ქუდი და წყალი თან გაქვთ, ყველაფერი კარგადაა და შეგიძლიათ გზას გაუყვეთ. ნელ-ნელა საცალფეხო, მიხვეულ-მოხვეულ აღმართებს ფარავთ და ყოველი მოსახვევიდან სხალთისწყლის ხეობის ულამაზესი ხედები გეშლებათ თვალწინ. მთავარია, არ იჩქაროთ, ხშირ-ხშირად შეისვენოთ და თქვენს თვალსა და ყურს არაფერი გამოეპაროს.

კლდეებს ხასხასა, ალპური ყვავილები მოსდებია. ჰაერში იელის და როდოდენდრონის სუნი ტრიალებს. ღრმად სუნთქავთ, ოდნავ ბრუვდებით და გზას აგრძელებთ.

ხიხანის ციხის აგების ზუსტი თარიღი არავინ იცის, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხიხანის ციხე X-XIII საუკუნეში ააგეს. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.

ხიხანის ციხე  აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერიძეთა მთავარი რეზიდენცია ყოფილა. შემდეგ მას ოსმალები დაეპატრონენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი იყო გამაგრებული. ციხე შიგნიდან გატყდა. სელიმი ოსმალებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. ვიწრო და დამღლელი ბილიკი, რომელსაც თქვენ მიუყვებით, ციხის მისადგომი ერთადერთი, უძველესი გზაა.

ბილიკის დასასრულს ხიხანის ციხის კოშკები და უზარმაზარი კომპლექსი ჩნდება, სადაც ოდესღაც მიუვალი ნაგებობა იდგა, ახლა კი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

Khikhani Fortress / ხიხანის ციხე / Крепость Хихани / - 4K aerial video footage   DJI Inspire 1

დაიღლებით. ბევრსაც იწუწუნებთ გზაში და შეიძლება იფიქროთ აქ რამ წამომიყვანაო, მაგრამ მარშრუტის დასასრულს თქვენი დაღლილობა ბაბუაწვერას ბუსუსებივით ერთი სულის შებერვით გაიფანტება. დაგრჩებათ ორდღიანი აქტიური დასვენების მხიარული მოგონებები და აკვიატებული ფიქრი ზაფხულის მომავალ დღეებზე: „რა იქნება შემდეგი?”

ბაბუაწვერა

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15-16 ივნისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25  – 30  გრადუსი  
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ხელმძღვანელი განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე შეწამლულია 20 ათას ჰექტრამდე ფართობის  საკარმიდამო მიწები, ასევე მოიზიდე და მოკალის პრინციპით 8 ათასი ჰექტარი ფართობის ტყისპირები.

ფოტო: ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
რა გავლენა აქვს  ტემპერატურის მატებას აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის პროცესზე

 

ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება აზიური ფაროსანას გავრცელბასთან პირდაპირ კავშირშია, სპეციალისტი მავნებლის კიდევ ურო მეტად გააქტიურებას პროგნოზირებს. ნინო შეწირულის თქმით, აზიური ფაროსანას აქტივობის შეფასება მონიტორინგის სისტემებზე დაკვირვებით ხორციელდება.

მისი თქმით, რეგიონში 18 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ მავნებელთან ბრძოლის პროცესში დამატებითი ძალების მობილიზება გახდება საჭირო, მსგავს დახმარებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი განახორციელებს.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა ტემპერატურის მატებასთან ერთად ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველდღიური მონიტორინგი. დღეს თუ ფერომონზე 2 აზიური ფაროსანა დაფიქსირდა, ხვალ შეიძლება წამლობის მეორე ეტაპის დაწყების სიგნალის გაშვება გახდეს საჭირო.“ – აცხადებს  ნინო შეწირული.

 

N 1 ამოცანა – ქიმიური წამლობისას მოსახლეობის ინფორმირებულობა

 

გურიაში, სოფელ შემოქმედის ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ  მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებისას მათი წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.

„ჩვენს სოფელში არავის გავუფრთხილებივართ. წამლობა რომ დაიწყეს, დილით ბავშვები მოსახლეობას ბაღში მიჰყავდა და მათ თერმული ნისლის გავლა მოუწიათ. ამის შემდეგ ოზურგერთში გააფრთხილეს მოსახლეობა, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა.“- ამბობს სოფელ შემოქმედის მკვიდრი ცისანა ანდღულაძე.

მოსახლეობის ინფორმირების პროცესში რომ ხარვეზები იყო, ინფორმაცია აქვთ თავად სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც. ნინო შეწირულის თქმით, შეწამვლის პირველი ფაზის დროს მოსახლეობის ინფრომირება რთულად ხდებოდა, თუმცა მეორე ფაზის დაწყებამდე პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა გაზრდილია.

მისი  თქმით, გაფრთხილების შეტყობინება ყველა მუნიციპალიტეტებს წამლობამდე 24 საათით ადრე ეგზავნებათ. სპეციალისტს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა სოფლის რწმუნებულების პასუხიმსგებლობაა.

ნინო შეწირული მოსახლეობას კიდევ ერთხელ  ახსენებს უსაფრთხოების ნორმებს:

„შეწამვლითი სამუშაოების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეფუტკრე ფერმერებთან კომუნიკაცია იყო. გურიაში სპეციალური შეხვედრა მოეწყო, სადაც დარგის წარმომადგენლებთან ერთად წამლობის მექანიზმებსა და დროზე იმსჯელეს. სპეციალისტებმა მეფუტკრეთა რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინეს.“

მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ადგილობრივები წამლობის დაწყებამდე გააფრთხილეს,   ხოლო მეფუტკრეებს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაწოდეს ინფორმაცია.

„ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში ფართობების თერმული ნისლით დამუშავების დაწყებამდე, მოსახლეობას  ხმის გამაძლიერებლით, ე.წ. რუპორით ვაფრთხილებთ.“ – ამბობს ლაშა დუდუჩავა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  წამლობის განრიგის ნახვა ასევე შესაძლებელია საიტზე www.farosana.ge.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ზურაბ პატარაძე თავის გადადგომაზე

“დამერწმუნეთ, საიდუმლოს გეტყვით… პირველ რიგში, თქვენს სააგენტოს მივცემ კომენტარს, თუ რამეს დავაპირებ”, – უთხრა დღეს “ბათუმელებს”  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

“ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, საქართველოს მთავრობაში მიმდინარე  ცვლილებების პარალელურად ხომ არ იგეგმებოდა ცვლილება აჭარის მთავრობაშიც. მით უფრო, რომ ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მასთან ერთად გადადგა მინისტრთა კაბინეტიც.

 

სამაშველო: მდინარე ჭოროხში მამაკაცის ცხედარი ვიპოვეთ

სამაშველო სამსახურმა წუხელ, 14 ივნისს, გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი დღეს დილით მდინარე ჭოროხში იპოვა. როგორც სამაშველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ გარდაცვლილის ნათესავმა მიმართა.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქობულეთის მცხოვრებია. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადატანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თითქოს პოლიციელი უნდა ყოფილიყო, თუმცა შსს-ში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.

 

მთავარი ფოტო: გარდაცვლილის ცხედარს ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ექსპერტიზას უტარებენ.

 

მკვლელობა ქობულეთში – მოკლულია მუხაესტატეს პოლიციის უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, 14 ივნისს, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. სამინისტროში გვითხრეს, რომ დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა ბონდო თედორაძემ უთხრა, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი იმ დროს მოკლეს, როცა ის თავის მოვალეობას ასრულებდა.

წუხელ ქობულეთში დენდროლოგიურ პარკში ხე გადაჰქონდათ. პოლიცია ხეს მიაცილებდა. სწორედ ამ დროს მოხდა მკვლელობა. მკვლელობაში ბრალდებული სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებია.  როგორც სოფელში ამბობენ, პოლიციის უფროსს დანა გულის არეში ჩაარტყეს. პოლიციის უფროსი ქობულეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ფოტოზე: სოფელ მუხაესტატეს პოლიციის შენობა

ზურაბ პატარაძე: შეთანხმებული ვართ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს

დღეს, 15 ივნისს, რამადან ბაირამის ლოცვა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ ჩაატარეს. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას კი, ხელისუფლება მუსლიმებს ამ დრომდე არ აძლევს.

ბათუმის ძველ მეჩეთში რამადანი დღეს მუსლიმებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ისე, როგორც გასულ წელს, ზურაბ პატარაძეს”ბათუმელებმა” ჰკითხა, აპირებდა თუ არა ახალ მეჩეთში მისვლას და იქ შეკრებილი მუსლიმებისთვის დღესასწაულის მილოცვას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩვენს შეკითხვას ასე უპასუხა:

“ძირითად საკითხზე ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ უნდა აშენდეს მეჩეთი. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა არის ტექნიკური დეტალები. ჩვენ სამუფთო სამმართველოსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. უახლოეს პერიოდში გვექნება მორიგი შეხვედრა, სადაც შევთანხმდებით საბოლოო მოცულობაზე და ტექნიკურ დეტალებზე, რაც უშუალოდ მეჩეთთან არის დაკავშირებული. სამუფტო სამმართველო უშუალოდ ჩართულია. ჩვენ მზად ვართ, ყველა ჯგუფთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა საინიციატივო ჯგუფი იქნება თუ ნებისმიერი მრევლი, ყველამ თითო-თითო აგური უნდა დავდოთ იმისათვის, რომ ეს პროექტი იყოს მისაღები ქალაქისთვის, იყოს მისაღები ჩვენი მრევლისთვის, მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩვენ ძალიან მალე ამ კონსესუსს მივაღწევთ”.

“ბათუმელების” კითხვას, თუ როდის იქნება “მალე”, პატარაძემ  ასე უპასუხა:

“როგორც კი შევჯერდებით ტექნიკურ საკითხებზე, ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მე დღეს მრევლსაც ვუთხარი ეს. თქვენ ალბათ კითხვას სვამთ, შარშან ამ დროსაც, ბაირამობას იყო საუბარი. წელს ჩვენ საგრძნობლად  წინ წავიწიეთ. ფაქტობრივად, ძირითადი საკითხები გავლილი გვაქვს. გვრჩება რიგი ტექნიკური საკითხები, რომლებსაც ჩვენ დავხვეწავთ მრევლთან, სამუფთოსთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც დაინტერესებულია, აშენდეს მეჩეთი”.


ნახეთ რა თქვა ზურაბ პატარაძემ გასულ წელს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, როდესაც ის ბაირამის მისალოცად ამავე მეჩეთს ესტუმრა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ამავე თემაზე:

რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს – ერთთვიანი მარხვის დასასრულს  ზეიმობს. ბათუმის ორ მეჩეთში დღეს რამადანის ლოცვა ერთდროულად მიმდინარეობდა. ქუთაისის ქუჩაზე მისული მუსლიმების ნაწილი ტრადიციულად ქუჩაში ლოცულობდა, რადგან ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.

ღია ცის ქვეშ ილოცეს მუსლიმებმა გენერალ აბაშიძის ქუჩაზეც. იქ, სადაც მეჩეთის აშენება სურთ, დღემდე მხოლოდ ბრეზენტით გადახურული ხის კონსტრუქციაა. ხელისუფლება მათ მეჩეთის აშენების ნებართვას არ აძლევს.

მუსლიმები რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა ღია ცის ქვეშ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ლოცვის შემდეგ – ორთაჯამე, ბათუმი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ მიმართვა გაავრცელა და მუსლიმებს რამადანი მიულოცა.

„ეს დღესასწაული მორწმუნეთათვის რამადნის მთვარის ღირსეული საჩუქარია. დაე, მთელს მსოფლიოში დასრულებულიყოს არეულობა, ძალადობა, სისხლისღვრა, მშობლების წუხილი და ახალგაზრდების ტრაგედიები. დღესასწაული განაწყენებულთა შერიგების, ერთიანობის გაძლიერების და ურყევი ძმობის გამოვლინების საუკეთესო მომენტია“, – ნათქვამია მიმართვაში.

რამადან ბაირამი სამ დღეს გასტანს.

სარფში 1კვ/მ მიწას ზღვის ხედით სახელმწიფო აუქციონზე 35 ლარად ყიდის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფში მდებარე 1819 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე 64 000 ლარად ყიდის. ბიჯი 1 000 ლარია. ანუ, 1კვ/მ სახელმწიფო მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 35 ლარი და 70 თეთრია.

მიწის ნაკვეთი სარფში პირობების გარეშე იყიდება. აუქციონის დოკუმენტების მიხედვით, ნაკვეთი შემაღლებულ ადგილზეა, საიდანაც კარგად მოჩანს ზღვა და კვარიათი-გონიოს დასახლება.

აუქციონის პირობების თანახმად, „მკაცრად რეკომენდებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლის“  ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს [ფილიალს] აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“-ს [საგარანტიო] თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას“.

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე, სააგენტოს ინფორმაციით, განთავსებული მოძრავი ქონება – ბეტონის არმირებული ფილა, არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.

გასაყიდი ნაკვეთი სარფში / სააგენტოს ფოტო

გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავედ არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და ასევე დიმიტრი ტვილდიანის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, საერთო ფართობით 4309 კვ/მ, საიდანაც 2670კვ მეტრის მოაღნაგე არის შპს „კვარიათი პარადიზი“.

„კვარიათი პარადიზის“ კომპანიის დირექტორია თავად დიმიტრი ტვილდიანი, 100% წილის მფლობელი კი – შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“. ამ კომპანიის 100% წილის მესაკუთრეც და დირექტორიც ასევე არის დიმიტრი ტვილდიანი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეა.

დიმიტრი ტვილდიანმა სარფში მიწის  ნაკვეთი, რომელიც მის საკუთრებაშია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ადრე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან პროექტის შეთანხმების გარეშე დაიწყო. მან სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ისე დაასრულა, რომ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს არაფერი გაუგია. მოგვიანებით კი მხოლოდ 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვაც მისცეს.

გამორიცხული არაა, სახელმწიფოს მიერ გასაყიდად ამჯერად გამოტანილი ნაკვეთის ყიდვით, სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყოს დაინტერესებული. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 15 ივნისს დასრულდება.

ამ თემაზე:

ექიმი, რომელიც სასტუმროს უკანონოდ აშენებს, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვა მისცეს

 

აყალბებენ თუ არა პედაგოგები დოკუმენტებს? – ინტერვიუ სქემის მონიტორინგის მენეჯერთან 

არის თუ არა ინფორმირებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების მხრიდან „პრაქტიკის კვლევის“  სავარაუდო  ყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით და როგორ ამონიტორინგებს ცენტრი სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროგრამის მონიტორინგის მიმართულების მენეჯერი, კახა ჟღენტი საუბრობს.

ბატონო კახა, ბოლო პერიოდში პედაგოგები და განათლების სფეროში დასაქმებული პირები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პედაგოგები აყალბებენ დოკუმენტაციას. თუ ხართ ამის შესახებ ინფორმირებული და რა ზომებს მიმართავს ასეთ შემთხვევაში ცენტრის მონიტორინგის სამსახური?

ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველწლიურად 200 საჯარო სკოლას ამოწმებს. ეს ხდება გარკვეული პარამეტრებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ჩვენ გვაქვს ელექტრონულ სისტემაზე  წვდომა – როდესაც შეფასების პროცესი მთავრდება და ვავლენთ გარკვეულ ხარვეზებს,  ვუკავშირდებით სკოლებს და ვაძლევთ რეკომენდაციებს.

თუ დავინახავთ, რომ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურს ვაწვდით ინფორმაციას.

რაც შეეხება დარღვევებს, ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორი შემთხვევა, როცა სკოლის დირექტორებმა არ შეაფასეს მასწავლებლის გარკვეული აქტივობა. როცა მასწავლებელმა გაასაჩივრა ეს ფაქტი, ჩვენი მონიტორინგის სამსახური დაუკავშირდა სკოლას, ავიღეთ ინტერვიუ დირექტორისგან, დაველაპარაკეთ შეფასების ჯგუფის სხვა წევრებს და მათაც დაადასტურეს, რომ იმ მცირე დროში, რაც დროშიც იყო პედაგოგის მიერ წარმოდგენილი შედეგები, შეუძლებლად ითვლებოდა კვლევის ჩატარება.

შესაბამისად, სკოლის შეფასების ჯგუფმა არ ჩათვალა ეს აქტივობა შესრულებულად. შეფასების ინსტრუმენტებში წერია, რომ თუკი ჩნდება ეჭვი, რომ კვლევა არ არის ჩატარებული, მაშინ სკოლის შეფასების ჯგუფს აქვს უფლება არ შეაფასოს კვლევა.

თქვენ საუბრობთ ორ შემთხვევაზე. თუმცა სოციალურ ქსელებში პედაგოგები უფრო მეტ შემთხვევაზე საუბრობენ.

მეც ვკითხულობ ამ წერილებს. თუ ადამიანი რეკავს ტელეფონზე, ჩვენ ვეუბნებით, რომ დაგვისახელოს კონკრეტული მაგალითები, თუმცა არ ასახელებენ.

თუ ვსაუბრობთ პლაგიატზე, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში ვმუშაობდი და მინახავს სხვისი დაწერილი საკანდიდატოები, სამეცნიერო შრომებიც, რაზეც ხარისხები აქვთ მიღებული ადამიანებს და ეს შეიძლება ხდებოდეს სკოლაშიც. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა არსებობს ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე.

მსგავსი შემთხვევები არის ცოტა, რადგან მთავარი პრინციპი, რაც ახალმა სქემამ დანერგა არის ის, რომ პასუხისმგებლობა გადაეცა სკოლას. აქამდე საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ უნდა ვენდოთ სკოლას, რადგან ყველაზე კარგად, თუ როგორია მასწავლებელი, როგორ გაკვეთილს ატარებს, ხომ არ იტყუება, კეთილსინდისიერი არის თუ არა, ამის ცოდნა თბილისიდან შეუძლებელია, ეს იცის მხოლოდ სკოლის კოლექტივმა და მისმა დირექტორმა. შესაბამისად, სქემამ პასუხისმგებლობა გადასცა სკოლას.

არაკეთილსინდისიერებისგან დამცავი მექანიზმი არის სწორედ სკოლის კოლექტივი და თუ სკოლა არის წესიერი, ის არ დაუშვებს, რომ მასწავლებელმა სხვისი კვლევა გაასაღოს თავისად და ამაზე თვალი დახუჭოს შეფასების ჯგუფის ყველა წევრმა.

შეფასების ჯგუფში ხუთი-ექვსი კაცი მაინც არის და, იმედია, ამდენი ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ ტყუილის თანამონაწილე გახდეს.

პედაგოგები წერენ იმის შესახებ, რომ გახშირდა არა მარტო „პრაქტიკის კვლევის“ გაყალბების, არამედ ჩაუტარებელი გაკვეთილების გეგმების ატვირთვის შემთხვევებიცამის მონიტორინგის რა ბერკეტი აქვს ცენტრს?

ჩვენ გვაქვს ორი გაკვეთილი – ერთი, რომელსაც ესწრება შეფასების ჯგუფი და ამის გაყალბება გამორიცხულია, რაც შეეხება სამოდელო გაკვეთილს, აქაც იგივეს ვიტყვი რაც ვთქვი – მთავარი კონტროლის მექანიზმი გადაეცა სკოლას. თუ რომელიღაც სკოლაში მასწავლებელმა არ ჩაატარა გაკვეთილი, ისე შემოიტანა შეფასებაზე და შეფასების ჯგუფის არც ერთი წევრი არ გაერკვა, ეჭვი არ გაუჩნდა, რომ ეს არის ჩაუტარებელი გაკვეთილები, მაშინ საქმე გვაქვს ძალიან სამწუხარო ამბავთან – გვაქვს რომელიღაც სკოლა, რომლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი თანახმაა, რომ ასეთ პედაგოგიურ უნამუსობას ხელი მოაწეროს.

თუ ასეთ შემთხვევები გამოაშკარავდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მე მასწავლებლებზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს.

რაც შეეხება სამოდელო გაკვეთილს?

არსებობს უამრავი გაკვეთილის გეგმა, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალში, მასწავლებლის წიგნებში, ერთ-ერთმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა წიგნი – „მენტორი მასწავლებლების  საუკეთესო გაკვეთილები“. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ეს შაბლონები. მაგრამ თუ მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ მოიქცეს უნამუსოდ, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სკოლას.

შეფასება რომ ხდებოდეს ცენტრალიზებულად და მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდეს პასუხისმგებლობა, მაშინ რისკები იქნებოდა უფრო მაღალი. სამოქალაქო საზოგადოებებში შეფასების ჯგუფის არსებობა არის ერთ-ერთი ფორმა კორუფციის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, სკოლის შეფასების ჯგუფის შემოყვანა ამ სისტემაში არის სწორედ სიყალბისა და პლაგიატისგან დამცავი  მექანიზმი.

 

ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრობის 36 წლის კანდიდატი

დღეს, 14 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, 13 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 36 წლისაა. მან უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მაგისტრის ხარისხი ბახტაძემ მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მეორედ კი მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2010 წელს საფრანგეთში, ბიზნესის ადმინისტრირების ევროპულ ინსტიტუტში დაეუფლა.

მამუკა ბახტაძე 2005 წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო გამოცდილება “საქართველოს რკინიგზიდან” იწყება, სადაც ერთი წლის მანძილზე პროექტების მენეჯერი იყო. 2007 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ბახტაძე სასტუმროების ქსელის “რჩეული” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ასევე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორად.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, მალევე, 2013 წელს, ბახტაძე “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე თითქმის 4 წელი იმუშავა. ამ პოსტზე მას ოთხი წლის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული. 

საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულად მაღალანაზღაურებადი თანამდებობა მან ფინანსთა მინისტრის პოსტის სასარგებლოდ დატოვა. უკვე შვიდი თვეა ბახტაძე ქვეყნის ფინანსთა მინისტრია.

1 064 265 ლარი – საქართველოს რკინიგზის გენდირექტორის შემოსავალი ოთხი წლის განმავლობაში

უფასო ავტობუსი რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით

ხვალ, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, #12 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ავტობუსი თბილისის მოედნიდან ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩების გავლით, მახოს ხიდამდე მოძრაობს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა დილის 07:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე უფასო იქნება.

ექიმი, რომელიც სასტუმროს უკანონოდ აშენებს, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვა მისცეს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, რომელმაც სოფელ სარფში სასტუმროს მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო, მხოლოდ 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვაც მისცეს.

„დავაჯარიმეთ ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მე ჯარიმის გაზრდის უფლება არ მქონდა“, – განმარტა ხელვაჩაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ქურიძემ.

ხელვაჩაურის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით კი, უკვე გაცემული ნებართვის თანახმად, დიმიტრი ტვილდიანი სოფელ სარფში, კალენდერეს უბანში, საიდანაც ზღვის ხედით ულამაზესი პეიზაჟი იშლება, მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს:

„ ეს იქნება სამსართულიანი შენობა პირველ სართულზე პარკინგით, მეორე სართულის ნაწილს კაფე დაიკავებს, მესამე სართულზე კი სასტუმროს ნომრები განთავსდება.“

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

დიმიტრი ტვილდიანმა სარფში მიწის  ნაკვეთი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან პროექტის შეთანხმების გარეშე დაიწყო. მან სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ისე დაასრულა, რომ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს არაფერი გაუგია, ვიდრე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს ოპოზიციას არ მიმართა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2670 არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა.

დიმიტრი ტვილდიანი პროფესიით ექიმია და ის ამ დრომდე სამედიცინო ბიზნესით იყო დაკავებული. დიმიტრი ტვილდიანი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრისა და შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მფლობელია.

 

ავარია – კაბრიოლეტი მახინჯაურის გვირაბთან არხში ჩავარდა

ახლახან მახინჯაურის გვირაბთან, სავარაუდოდ საქორწილო ესკორტში მყოფი BMW-ს ტიპის კაბრიოლეტი, საპირისპირო მხარეს გადავიდა და არხში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მყოფების თქმით, კაბრიოლეტში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

დამტვრეულია ავტომანქანა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

 

 

ჯანდაცვის ხარჯების 69 პროცენტს ოჯახები წამლების შესაძენად ხარჯავენ

„იუნისეფის“ ახალი კვლევის თანახმად,  საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69 პროცენტს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ.

ჯანდაცვის ხარჯები მოიცავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას (ტრანსპორტის ხარჯის ჩათვლით), ექიმებთან ვიზიტს, სამედიცინო პროცედურებს, ქირურგიულ ოპერაციებს, ჰოსპიტალურ მომსახურებას, მშობიარობას, მედიკამენტების შეძენას და ა.შ.

ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს „იუნისეფი“ კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ  2017 წელს შინამეურნეობების (ოჯახების) დაახლოებით 27-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელთან შედარებით 2017 წელს საქართველოში ოჯახებმა ჯანდაცვაზე 16,4 პროცენტით მეტი დახარჯეს.

„ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებიდან მედიკამენტებზე დანახარჯი არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ ნორმალურ ქვეყანაში ეს არის 15 პროცენტი, ძალიან გაჭირვებულ ქვეყნებში არის 20 პროცენტამდე. ის, რაც ახლა გამოაქვეყნა „იუნისეფმა“, ნამდვილად არის კატასტროფა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მისი შეფასებით, ეს მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის „ლაკმუსის ქაღალდია“:

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს პირველადი ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა არ უნდა იყოს მხოლოდ მკურნალობაზე ორიენტირებული, ჯანდაცვა ნიშნავს პრევენციას და შემდგომ მკურნალობას, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს ძლიერი პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმის სისტემა. როცა ეს არ არის ქვეყანაში, ცხადია, იქ აქცენტი მკურნალობაზეა და მკურნალობა მოითხოვს მედიკამენტებს. ადამიანი ხშირ შემთხვევაში მიდის პირდაპირ აფთიაქში ან სპეციალისტთან, რომელიც შეკრულია ფარმაცევტულ კომპანიასთან და ეს ზრდის მედიკამენტებზე დანახარჯებს. ეს დიდ ტვირთად აწვება განსაკუთრებით ქრონიკულ ავადმყოფებს და ღარიბებს, რაც ასევე მოქმედებს ჯანდაცვის ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე.

რატომ არის 15 პროცენტი მედიკამენტებზე დანახარჯი განვითარებულ ქვეყნებში? იმიტომ, რომ ასეთ ქვეყნებში კარგად არის განვითარებული პირველადი ჯანდაცვის სისტემა, იქ ადამიანი პირდაპირ კი არ აკითხავს აფთიაქს, არამედ მიდის ოჯახის ექიმთან, რომელიც არის კარგად მომზადებული, მაღალი კვალიფიკაციით და პაციენტი იმყოფება უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ცხადია, ეს არის უფრო ხარჯთეფექტური სისტემა და უფრო ნაკლებ მედიკამენტებს მოითხოვს“, – ამბობს თენგიზ ვერულავა.

მედიკამენტებზე დანახარჯის ზრდის პარალელურად საქართველოში წამლის ფასი არ იკლებს და ბევრად მაღალია იგივე მეზობელ თურქეთში მედიკამენტების ფასთან შედარებით.  თენგიზ ვერულავა ამ ფაქტს პარადოქსულს უწოდებს.

„ჩვენთან რომ უფრო ძვირი ღირს მედიკამენტები, ვიდრე თურქეთში, რომელიც საქართველოზე მდიდარი ქვეყანაა, პარადოქსული სიტუაციაა. ამ დროს თითქოს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან არ რეგულირდება ჯანდაცვის სფერო, არ არის ბერკეტები, იგივე არც კონკურენციის მხრივ, მაინც ეკვრებიან ერთმანეთს საქართველოში ფარმაცევტული კომპანიები და ბაზარზე არ შემოდის არავინ, ვინც ამ ფასს დაწევს“, – ამბობს ის.

„აღნიშნულმა [სამედიცინო მომსახურების] ხარჯებმა მთლიანი ხარჯის 10 პროცენტზე მეტი შეადგინა შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 34.2%-ისთვის – რაც 2015 წლის მაჩვენებელს (29.8%) აღემატება. გარდა ამისა, შინამეურნეობების 26.4%-ისთვის, ჯანდაცვის ხარჯებმა არასასურსათო ხარჯის 25%-ზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემს (25.1%) აღემატება. აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მედიკამენტების ღირებულება სახელდება,“ – აღნიშნულია „იუნისეფის“ კვლევაში.

საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადის, რომ იაფად შეიძინოს საჭირო წამლები. „ბათუმელები“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე. მაშინ ფასთა ასეთი დიდი სხვაობა ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ ტურძილაძემ, ასე ახსნა: „თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს“.

საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს. „თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში,“ – აღნიშნა მან, თუმცა მინისტრს არ უთქვამს, გეგმავს თუ არა რაიმე სიახლეს მთავრობა ამ მიმართულებით.

თურქეთსა და საქართველოში მედიკამენტების ფასის სხვაობაზე მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ორი დიდი ფარმაცევტული კომპანია – „ავერსი“ და „PSP” გამოეხმაურა, თუმცა მათ არა ფასის დაწევაზე გააკეთეს აქცენტი, არამედ მომხმარებლებს აცნობეს, რომ საქართველოში სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით პატარაა, ვიდრე თურქეთში და მათ მომხმარებლებს თურქეთიდან წამლების ჩამოტანის სერვისი შესთავაზეს.

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის ჩანასახის ეპოპეა: შესავალი, კანონის მნიშვნელობა

ავტორი: ესმა გუმბერიძე

დაზარალებული ზაზა სარალიძის მე თავიდან ბოლომდე მჯერა, როცა ის ამბობს, რომ 6 თვეა, მაღალი თანამდებობის პირებთან ითხოვდა შეხვედრას თავისი შვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ინფორმაციის მისატანად და არავინ რომ არ მიიღო. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია: რამდენიმე თვის წინ ასევე ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ კი რეგულირების სააგენტოში მომიწია მისვლა, დიდუბეში. იქაც ერთი ადამიანი დაჟინებით ითხოვდა მინისტრთან შეხვედრას. ამბობდა, რომ მძიმე ავადმყოფ შვილს ოპერაცია სჭირდება. ეკუთვნის კიდეც დაფინანსება, მაგრამ 3 წელია დადის და ვერც დასაბუთებული უარი მიიღო და ვერც – დაფინანსება. თუმცა ამ ბლოგში დეტალურად ცოტა უფრო სხვა ამბავს აღვწერ, რომელიც, საბედნიეროდ, არავის სიკვდილს არ უკავშირდება, მაგრამ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

საქმე ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიას. ამ კანონის ტექსტი შეადგინეს საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და იუსტიციის სამინისტრომ. ეს საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი, ჩარჩო კანონი უნდა იყოს. მასში გაწერილი უნდა იყოს შშმ პირთა მიმართ დასამკვიდრებელი მიდგომები, მათი უფლებების დაცვის პრინციპები, მექანიზმები და მათი უფლებების პატივსაცემად, დასაცავად და უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ აღებული ძირითადი ვალდებულებები. შესაბამისად, თემისთვის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მის განმარტებით ბარათშიც წერია.

ამის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად ვიტყვი, რომ დღეს იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განმხილველ სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხება უსინათლო პირებისთვის სასამართლო სარჩელების ელექტრონული ფორმების არაადაპტირებულობას (ისეთი ფორმატია, რომ გამხმოვანებელი პროგრამა კარგად ვერ კითხულობს და უსინათლო მას დამოუკიდებლად ვერ ავსებს) და რომლის ერთ-ერთი მოსარჩელე მეც ვარ, მოპასუხე მხარის ადვოკატი გვიმეორებდა, რომ მალე ამოქმედდება შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი და ის მოაწესრიგებს სახელმწიფოს ყველა ვალდებულებას თქვენთან მიმართებაშიო. შშმ პირთა საყოველთაო, თანასწორობაზე დაფუძნებული და თავისუფალი ჩართულობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რომლებიც უშუალოდ მათს უფლებებს ეხება, გარანტირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადამიანის უფლებების კონვენციით, ასევე ქართული კანონმდებლობით. გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ევალება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებებითაც.

ბუნებრივია, შშმ პირთა, შშმ პირთა ორგანიზაციებისა და მათს უფლებებზე მომუშავე აქტივისტებს გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფდა ფართო ჩართულობას ამ კანონის შემუშავებაში (იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდებოდა კანონის სამუშაო ვერსია, რომელიც მასში ცვლილებების შეტანის პარალელურად განახლდებოდა, გამოქვეყნდებოდა კანონთან დაკავშირებული სამუშაო საკონსულტაციო შეხვედრების განრიგი. კონსულტაციები იქნებოდა საჯარო და იქნებოდა შესაძლებელი არამხოლოდ რეკომენდაციები, არამედ მათი განხილვაც დიალოგის რეჟიმში, კანონის შემუშავებაში ჩართულ საჯარო უწყებებთან).

ზემოთხსენებულთაგან არაფერი მომხდარა. მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს შევიტყვე ამ კანონის ჩაკეტილ კარებს მიღმა შემუშავების შესახებ, ეს ვთქვი ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის რადიო „თავისუფლების“ გადაცემაშიც. ჩემს შეშფოთებას შშმ პირთა უფლებების მიმართულებით მომუშავე სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციებიც იზიარებდნენ. თავდაპირველად კანონის სამუშაო ვერსიაც კი არ გვქონდა ხელთ, რომ გავცნობოდით. შემდეგ ის კანონის შემუშავებაში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინდივიდუალურად, დახურულ ჯგუფებში მოგვაწოდა. გვეუბნებოდნენ, რომ ვინც შეხვედრაზე მოვიდოდა, კარებს არავის ჩაუკეტავდნენ, თუმცა შეხვედრის დრო, ადგილი და თარიღი არ იყო იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე ოფიციალურად გამოქვეყნებული.

შშმ ქალთა საინიციატივო  ჯგუფმა „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“, რომლის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეც ვარ, ასევე გაავრცელა მაშინ შეშფოთების გამომხატველი საჯარო განცხადება. ამავდროულად აღმოვაჩინე, რომ ჩვენს საჯარო სტრუქტურებს შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას შშმ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფა ესმით, როგორც საჯარო სტრუქტურებში სხვადასხვა, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე დასაქმებული შშმ პირებისთვის მომავალი კანონის ტექსტის გადაგზავნა. ეს ცუდი არ არის – ყველა შშმ პირმა, რომელიმე დაწესებულებაში ოპერატორად რომც მუშაობდეს და შშმ პირთა უფლებებისგან სრულიად განსხვავებულ საკითხებზე სცემდეს მომხმარებელთა სატელეფონო ზარებს პასუხს, სულ რომ არასდროს ემუშავა შშმ პირთა უფლებების კუთხით (ეს შესაძლებელია) მაინც იცის თავისი საჭიროებები და მათგან გამომდინარე აქვს ამ საჭიროებების გაჟღერებისა და მათზე მორგებული, მათი გამთვალისწინებელი კანონის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება. მაგრამ სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოიფარგლოს მსგავსი კანონის ტექსტის მხოლოდ მათთვის გაცნობით და მათი ჩართულობის უზრუნველყოფით.


ავტორის შესახებ:

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბერიძე

მოულოდნელად მოვარდნილ ჭოროხში 14 წლის ბიჭი ჩარჩა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ტაოს ქუჩაზე არსებული პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 წლის ბიჭი  მდინარე ჭოროხის კალაპოტზე გავიდა და ცოტა ხნის წინ, მდინარის მოულოდნელად მოვარდნის გამო ყოველი მხრიდან წყლის გარემოცვაში აღმოჩნდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ახლახან ის სამაშველო სამსახურმა ნაპირზე გამოიყვანა.

საქმე იმაშია, რომ საქართველო-თურქეთის საზღვართან,  დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე  ჭოროხი ყოველდღიურად საათობით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით იკეტება. მდინარის გადაკეტვის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ჭოროხის კალაპოტის ძირითად ნაწილზე წყალი აღარ რჩება.

დამშრალი კალაპოტი მდინარის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის ხშირად არის გასართობი ადგილი. სავარაუდოდ, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

ეს არც ისე უსაფრთხოა, რადგან წყლის გამოშვების შემთხვევაში, ადგილი აქვს მდინარის მოულოდნელ და ელვისებურ მოვარდნას. ამ დროს კი მდინარის კალაპოტში ღრმად შესული ადამიანი, გამოსვლას ვეღარ ასწრებს.

მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ჯერ კიდევ 2010 წელს ითხოვდა მდინარეზე სპეციალური სასიგნალო მოწყობილობის დამონტაჟებას, მაგრამ მოწყობილობა დღემდე არ დაუმონტაჟებიათ.

ხმოვანი შეტყობინების დამონტაჟება იმას გულისხმობს, რომ თურქულმა მხარემ კაშხლებიდან მდინარის გამოშვებამდე ხმოვანი სიგნალით წინასწარ შეატყობინოს ქართულ მხარეს წყლის გამოშვების შესახებ.

 

დამშრალი მდინარე ჭოროხი
დამშრალი მდინარე ჭოროხი

მთავარი ფოტო: კუნძული ჭოროხზე, საიდანაც ბავშვი გამოიყვანეს

 

 

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში 4 წლამდე გოგო ცემით მოკლეს

ბათუმში 4 წლამდე ასაკის ბავშვი ცემით მოკლეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სხვადასხვა ინფორმირებულმა პირებმა დაუდასტურეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მოკლა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არც მკვლელობაში ბრალდებული და არც მოკლული ბავშვი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

ვინ მიიღებს ხე-ტყეს სამასალედ – „კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს“

ვის გამოუყოფენ ტყეში ხეებს სამასალედ – ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. მიზეზი მარტივია – არ არსებობს კრიტერიუმი, რომლითაც კონკრეტულ ოჯახს ტყის სპეციალური ფონდიდან სამასალე ხე-ტყეს გამოუყოფენ. ხულოს მერიის შესაბამის კომისიაში კი გვითხრეს, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე კომისია კი არა, მოსახლეობა იღებს.

სამასალე ხე-ტყის გამოყოფაზე მოთხოვნას მუნიციპალიტეტები პირველ მაისამდე თავად აყენებენ სატყეო სააგენტოში.

„მაგალითად, ქობულეთმა მოითხოვა 1300 კუბური მეტრი, შუახევმა და ხულომ – 2-2 ათასი… შესაძლებელია, სრულად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდეს. ჩვენ პირველ სექტემბრამდე ვახდენთ აღწერას და მივაწვდით ინფორმაციას მუნიციპალიტეტებს, სად არის შესაძლებელი სამასალე ხე-ტყის მიღება,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.

სამასალე ხე-ტყის გამოყოფის შემდეგ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტებში მოქმედი სპეციალური კომისიები განიხილავენ. აქ გვითხრეს, რომ მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე ტყის რესურსი არსებობს. მოთხოვნას მუნიციპალიტეტის კომისიები სატყეო სააგენტოსთან კონსულტაციის შემდეგ აყენებენ.

„მოთხოვნას ვაყენებთ იმდენს, რამდენის რესურსიც არსებობს, რასაც სააგენტო გვეტყვის… მაგალითად, წელს უკვე 1300 განაცხადია სამასალეს მიღებაზე, რაც  6 ათასი კუბური მეტრი გამოდის. ხულოს მოთხოვნა სამასალე ხე-ტყის გამოყოფაზე 2 ათასი კუბური მეტრია,“ – გვიყვება ხულოს მერიის მოსახლეობისთვის პირადი მოთხოვნის მიზნით სამასალე ხე-ტყის გაცემის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი, ზურაბ თავართქილაძე.

რა კრიტერიუმით არჩევს კომისია ოჯახს, ვინც სამასალე ხე-ტყე უნდა მიიღოს? – ზურაბ თავართქილაძე განმარტავს, რომ ამ პროცესს „სოციალური ჭრა“ ჰქვია და პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე თქმით, ხე-ტყეს სამასალედ სხვებიც ითხოვენ განცხადებით. დაკმაყოფილებულა მათი მოთხოვნაც.

როგორ იღებს გადაწყვეტილებას კომისია? – „კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს,“ – გვითხრა ზურაბ თავართქილაძემ, -„ჩვენთან შემოდის მოთხოვნები, რასაც ვაძლევთ მერის წარმომადგენელს. წარმომადგენელი მოსახლეობასთან ერთად წყვეტს, ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ ოჯახს სამასალე ხე-ტყე. ადგილზე დაათვალიერებენ და თუ აუცილებელია, ადგილზე გაფორმდება ოქმი,“ – ამბობს ის.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა და სოფლის რწმუნებული ჩათვლიან, რომ ყველა ოჯახს ერგება სამასალე ხე-ტყე, ვისაც მოთხოვნა დაწერილი აქვს? – ხულოს კომისიის თავმჯდომარემ ამ კითხვაზე კონკრეტულად ვერ გვიპასუხა.

კომისიაში ვერ გვითხრეს ასევე კონკრეტული მექანიზმის შესახებ შემთხვევაზე, როცა სამასალე ხე-ტყეს მოქალაქე საკუთარი სახლის მშენებლობისთვის არ იყენებს და ყიდის.

„ვამოწმებთ ადგილზე და ვიღებთ ზომებს… ეს არის სოციალური ჭრა და არა ის, რომ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ. ამდენს არ ვაძლევთ ჩვენ… არ გვქონია ასეთი შემთხვევა, რომ კომერციული მიზნებისთვის გამოყენება დადასტურებულიყო,“ – აღნიშნა ზურაბ თავართქილაძემ.

ხულოსგან განსხვავებით ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია იღებს. ზუსტი კრიტერიუმი ვერც აქ გვითხრეს, როგორ არჩევს კომისია ოჯახს, ვისაც სამასალე ხე-ტყეს მისცემენ. აქ განმარტავენ, რომ ჯერ ზუსტად უნდა დადგინდეს, რამდენი იქნება ტყის ფონდი.

„კომისია უპირატესობას ანიჭებს ხანძრის, ან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, სოციალურად დაუცველებს… კომისიაში შედიან ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელები და შემდეგ ისინი ადგილზე ამოწმებენ, რამდენად მიზნობრივად გამოიყენეს გამოყოფილი სამასალე ხე-ტყე, ისინი აწვდიან კომისიას ინფორმაციას,“ – აღნიშნეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში. კონკრეტულ კრიტერიუმებზე სასაუბროდ კომისიის წევრებმა ჩვენთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.

სამასალე ხე-ტყის რესურსი გასულ წელთან შედარებით ნაკლები იქნება. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, გასულ წელს 6749 კუბური მეტრი სამასალე ხე-ტყე გაიცა, წელს კი დაახლოებით 4500 კუბური მეტრი გამოიყოფა. ჯუმბერ აბულაძის თქმით, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რის გამოც ეს რაოდენობა შემცირდა. მისი განმარტებით, მეტყევეები აღწერენ, საიდან არის მიზანშეწონილი ხის გამოტანა.

ჯუმბერ აბულაძის თქმით, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება საშეშე მასალაზე. მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ოჯახი 15 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს, დაბლობში – 10-ს. ერთი კუბურ მეტრ საშეშე მასალაზე მოსაკრებელი 5-6 ლარს შეადგენს ხის ჯიშის მიხედვით.

რაც შეეხება სამასალე ხე-ტყის ფასს. ერთი კუბური მეტრი სამასალე ხე-ტყის ფასი 17 ლარია.

აჭარის რეგიონში კომერციული ჭრა დაშვებული არ არის. „ჩვენთან ტყეს ძირითადად ნიადაგდაცვითი ფუნქცია აქვს და მხოლოდ სოციალური ჭრა არის დაშვებული,“ – ამბობს აჭარის სატყეო საგენტოს უფროსის მოადგილე.

 

მთავარი ფოტო: ბიძინა ივანიშვილის პარკში ხეების გადატანის გამო მოჭრილი ხეები ჩაქვში.

 

ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრობამდე მიიყვანს საქართველოს ევროპული გზა – მიხეილ ჯანელიძე

“საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში. ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სხვა სფეროებში,  მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ევროკავშირის დახმარება – ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემრულებელმა, მიხეილ ჯანელიძემ, საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპულ გზა” გახსნის ცერემოანიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო განუხრელად მიუყვება ევროპულ გზას, რომელიც წინაპრებმა საუკუნეების წინ განსაზღვრეს. მისი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზეა და დღეს საქართველო ისე ახლოსაა ევროპულ ოჯახთან, როგორც არასდროს.

მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ევროპარლამენტში გაკეთებული მოხსენებისთვის, რომელიც შეეხებოდა რეზოლუციას სახელწოდებით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ”. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მოხსენებაში მკაფიოდ დაფიქსირდა ევროკომისიის ხედვა კონფლიქტთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც განაგრძობს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ერთსულოვანი მხარდაჭერით. არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლის ზრდა რეგიონში,” – თქვა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. მისი თქმით, ქვეყნის მოლოდინია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სანათადოდ იქნება შეფასებული და ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.

ბათუმის საერთაშორისო კონფერნციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში გამართული პირველი სესია აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას მიეძღვნა. ცოტა ხნის წინ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და მიზნებზე, ასევე აღიშნულ ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო განუხრელად მიუყვება ევროპულ გზას, რომელიც წინაპრებმა საუკუნეების წინ განსაზღვრეს. მისი შეფასებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზეა და დღეს საქართველო ისე ახლოსაა ევროპულ ოჯახთან როგორც არასდროს.

ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ „საგზაო რუკაზე“, რაც მისი თქმით საქართველოს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა ამ მიმართულებით გამოყენებული იქნება როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, ასევე ახალი შესაძლებლობები და გაკეთდება იმაზე მეტი, ვიდრე ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

სესიას სახელწოდებით “აღმოსავლეთ პარტნიორობა ბრიუსელის სამიტის შემდგომ – შესაძლებლობები მომავალი თანამშრომლობისთვის”  მოდერაციას უწევდა ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა  საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებში თომას ბუხსბაუმი. სიტყვით ასევე წარსდგნენ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი და ბელარუსის წარმომადგენლობითი პალატის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე საერთაშორისო საკითხებში ვალერი ვორონეცკი.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის მომავალი თავმჯდომარეობის ხედვაზე აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებით.  დისკუსიის დროს აქცენტი გაკეთდა 2020 წლისთვის ძირითად პრიორიტეტებსა და ხელშესახებ  შედეგებზე.
აღნიშნული სესია კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 14-15 ივნისს გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. კონფერენციაში მონაწლიეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები,  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

სააგენტომ ვაჟა-ფშაველას 13-ს შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოუხსნას

ვაჟა-ფშაველას 13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განიხილავს. სხდომა სააგენტოში გუშინ, 13 ივნისს, გაიმართა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

მე-19 საუკუნეში აგებული სახლი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, 2015 წლის ნოემბერში უკანონოდ დაანგრიეს. კომპანია „სლავა 2015“ აქ ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდა. ისტორიული მემკვიდრეობის უკანონო დემონტაჟის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა მოითხოვა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ბოლო სხდომა ვაჟა-ფშაველას 13-ზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასული წლის 5 ივნისს გაიმართა. მაშინ „სლავა 2015“-ის წარმომადგენელმა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს უთხრა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერების საკითხს. სასამართლომ დავის განხილვა შეაჩერა, რადგან თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას 13-ს სტატუსს მოუხსნის, ბათუმის სასამართლოში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სადავო არაფერი ექნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სლავა 2015“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სასამართლოს უარის შემდეგ კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. ეს სააგენტო წყვეტს კონკრეტული შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, ასევე მისი მოხსნის საკითხს.

„თუ მოეხსნება სტატუსი, აღდგენაზე შემდეგ დავილაპარაკოთ,“ – ეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსმა, გიორგი გაგოშიძემ გვითხრა. მისი თქმით, სააგენტო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა ვაჟა-ფშაველას 13-ზე დეტალურ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიიღებს. „მივიღებთ ამ დოკუმენტაციას და შემდეგ ვიმსჯელებთ. კომპანია ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს, რა მოხდება სამართლებრივად შემდეგ, ამას იურისტი გეტყვით,“ – გვითხრა მან.

ვაჟა-ფშაველას #13, ოქტომბერი. შენობას არ აქვს სახურავი, მოხსნილია აივნის მოაჯირი, მონგრეულია შიდა კედლები.

ალექსანდრე ჩიხრაძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტი: „თუ ძეგლის სტატუსი მოიხსნება,  პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოთხოვნაც გაუქმდება, სამართლებრივად ასეა“.

რა არგუმენტით შეიძლება იყოს ძეგლის სტატუსის მოხსნა გამართლებული, როცა სასამართლომ ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და ვაჟა-ფშაველას 13-ზე ძეგლის სტატუსის მოხსნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა?

„ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხი, რადგან კონკრეტულმა პირმა მოგვმართა. დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, რომ გვქონდეს სრული წარმოდგენა… ძეგლის სტატუსის გაუქმება ასე მარტივი არ არის, ეს რთული საკითხია. მე როგორც ვიცი, მანდ არის დანაშაული ჩადენილი, აღარ არის არაფერი დარჩენილი,“ – უთხრა გიორგი გაგოშიძემ „ბათუმელებს“.

ვაჟა-ფშაველას 13-ში ძეგლის დანგრევის გამო არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში. ძეგლის უკანონო დანგრევაზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს. რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძის თქმით, კონფერენციაზე იმსჯელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსა და პერსპექტივებზე, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე.

“აღსანიშნავია ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული განსაკუთრებული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ასევე ჩვენ დავიწყეთ ახალი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ევროკავშირთან პირველად შევქმენით უმაღლესი ფორმატი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. ეს არის სექტორალური თანამშრომლობის ფორმატი ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის კონფერენცია 14-15 ივნისს გაგრძელდება. ღონისძიების თემატური სამუშაო სესიების მონაწილეები იმსჯელებენ ევროპული  დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების,  ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის კონფერენცია უკვე დატოვეს საქართველოს პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს, 14 ივნისს, თბილისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერობის კანდიდატს დაასახელებენ.

ნურის ტბაში თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად სინჯებს დღეს აიღებენ [ფოტო]

რამდენიმე დღეა ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბის გამო მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. ორი დღის წინ კი ტბაში დახოცილი თევზები გამოჩნდნენ, რომლებსაც დასუფთავების სამსახური პერიოდულად იღებს წყლიდან, თუმცა მკვდარი თევზები ტბის ზედაპირზე კვლავ ტივტივებენ.

ნურეს ტბის პრობლემას რამდენიმე წელია იკვლევენ, თუმცა დაჭაობების თავიდან აცილების ზუსტი გზები ჯერაც არ არის ცნობილი. ტბის საკითხი ახლა ააიპ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრეროგატივაა, სადაც განგვიმარტეს, რომ ტბიდან სინჯს ლაბორატორიული კვლევისთვის დღეს აიღებენ, იქამდე კი თევზების დახოცვის სავარაუდო მიზეზებზე ვერ საუბრობენ:

“დღეს, პირველ საათზე, ლაბორატორია აიღებს სინჯებს უკვე შუა ტბიდან, ნავით შევლენ და ამის შემდეგ გვეცოდინება გამომწვევი მიზეზი. ჩვენც შეწუხებული ვართ… წესით, არ უნდა ყოფილიყო ის, რაც ხდება ტბაში. შესაბამისად, სინჯების პასუხების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზებსა და ალტერნატიულ გზებზე, რომ ამ ყველაფერს შევებრძოლოთ,” – გვითხრეს სააგენტოში.

ამერიკული კომპანია LAKE AND WETLAND MANAGEMENT [ტბისა და ჭაობის მართვა], რომელიც გარემოს რესურსების მართვის ჯგუფია 1992 წლიდან, ტბაში თევზების დახოცვის ყველაზე ხშირ მიზეზად ტბაში უჟანგბადობასა და ჟანგბადის ბრუნვის დარღვევას მიიჩნევს.

უსიამოვნო სუნისა და ტბაში მწვანე ნადების მიზეზი ციანობაქტერიაა, რომლის დონე ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში გაიზარდა.

ტბაში ციანობაქტერიების მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის მიმოქცევა დაასახელეს.

ლაბორატორიული კვლევების  საფუძველზე შემუშავდა ტბის პრობლემის მოგვარების რამდენიმეპუნქტიანი გეგმა, რომლითაც, პირველ რიგში, ტბაში სააერაციო სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. გარდა ამისა, სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ტბის გასუფთავების მიზნით, უნდა მოხდეს ტბის დათევზიანება სპეციალური ჯიშით, რომელიც წყალმცენარეებით იკვებება.

დახოცილი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

2016 წელს ნურიგელის ტბაში აერაციის სისტემა და აერაციის შადრევანი [აერაციის შადრევანი 50 მ სიმაღლის ჭავლს წარმოქმნის და ჟანგბადით ამდიდრებს წყალს] დაამონტაჟეს, რომელთა დანიშნულებაც ტბის წყლის ჟანგბადით გაჯერებით, ამცირებს ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს.

აერაციის სისტემის დამონტაჟების შედეგად, გასულ წელს სპეციალისტებმა თქვეს, რომ ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. “ბათუმელებთან” საუბრისას ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ციანობაქტერიების გამრავლებას ისეთივე ინტენსიური ფორმით, როგორც 2016 წელს იყო, აღარ მოელოდა.

 

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6, 3 მ. ზედაპირის ფართობი –  57 600 კვ.მ, ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობა 230 000 კუბური მეტრია.

ბათუმის თოჯინების თეატრის სარდაფში საბავშვო ელექტრომატარებელი იმოძრავებს

ბათუმის თოჯინების თეატრი მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე კუთვნილი შენობის სარდაფში საბავშვო ატრაქციონს – ელექტრომატარებელს დაამონტაჟებს. თეატრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობის სარდაფში დაგეგმილი აქვთ თოჯინების თეატრის მუზეუმის გახსნა, სადაც მოზარდები ელექტრომატარებლით გაისეირნებენ. მუზეუმის გახსნას თეატრი 2018 წლის სექტემბრისთვის გეგმავს.

„თეატრის შენობის სარდაფში მოეწყობა მუზეუმი იმ სპექტაკლების ძველი დეკორაციებით, რომლებიც მოქმედი აღარ არის და ამ დეკორაციებში გაივლის საბავშვო მატარებელი. ეს იქნება ერთგვარი ექსკურსია მუზეუმში ბავშვებისთვის. მუზეუმი ჩვენი ძალებით მოეწყობა – გვაქვს ძველი დეკორაციები, კოსტიუმები და განვალაგებთ“, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორმა თემურ მახარაძემ.

საბავშვო ატრაქციონის – ელექტრომატარებლის შესაძენად თეატრს 30 600 ლარი აქვს გამოყოფილი. მატარებელს ტენდერით შეიძენენ. მიმწოდებელი ვალდებული იქნება, თავად დაამონტაჟოს ატრაქციონი მითითებულ ადგილზე.

საბავშვო მატარებლის შემადგენლობაში იქნება ერთი ლოკომოტივი [2 ადგილით] და სამი ვაგონი [თითოეულში 4 ადგილი].

თეატრში აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე მატარებლით გასეირნება პატარებისთვის უფასო იქნება, შემდეგ კი დაითვლება ხარჯები და შესაბამისად, შესაძლოა ფასიანი გახდეს.

ადგილი თოჯინების თეატრში, სადაც უნდა განთავსდეს საბავშო ატრაქციონი / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი მეთერთმეტეკლასელი

ამ წუთებში სკოლებში მეთერთმეტეკლასელები ფიზიკაში საატესტატო გამოცდას აბარებენ.

მეთერთმეტეკლასელებმა უკვე ჩააბარეს გამოცდა გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიის გამოცდაზე მოსწავლეების 2 პროცენტი ჩაიჭრა, ბიოლოგიაში კი – 5 პროცენტი.

მეთერთმეტეკლასელები ხვალ, 15 ივნისს, ბოლო გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ.

სოფელ ცხმორისში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ცხმორისში ვასაძეების ოჯახის საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. ხის ერთსართულიანი სახლის და დამხმარე ნაგებობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ლევან ვასაძის ოთხწევრიან ოჯახში 1 მცირეწლოვანია.

 

მთავრობა გადადგა – ვინ გამოვა ხვალ საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში

ხვალ, 14 ივნისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპულ გზა“ იხსნება. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს  პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი უნდა გამოსულიყო. იმის გამო, რომ კვირიკაშვილი დღეს, 13 ივნისს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით ის აღარ გამოვა.

პროგრამის მიხედვით საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნდა გახსნას. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა.

საქართველოს მთავრობიდან კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას და სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლაა დაგეგმილი. როგორც „ბათუმელებს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ამ ეტაპზე კონფერენციის გეგმაში რაიმე ცვლილება არაა და ყოფილი მინისტრები მასში მონაწილეობას მიიღებენ.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კონფერენცია მონაწილეებისთვის წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ერთად იმსჯელონ ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და განიხილონ აღნიშნულ პროცესებში საქართველოს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლი.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოქმედ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება დაევალა.

„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 80(1) მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე,“ -წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.

რა მოხდება აჭარის მთავრობაში ქვეყნის მთავრობის გადადგომის შემდეგ

რა იცვლება აჭარის მთავრობაში ქვეყნის მთავრობის გადადგომის შემდეგ – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ სამართლებრივად აჭარაში არაფერი იცვლება.

„მთავრობის გადადგომა არ გამოიწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობა არის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უმაღლესი საბჭოს და პრეზიდენტის წინაშე. ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის საფუძველი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის,“ – ამბობს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 13 ივნისს, გადადგა. პრემიერის გადადგომის შემდეგ ავტომატურად უჩერდება უფლებამოსილება მთავრობას.

აჭარის კონსტიტუციის მიხედვით:

აჭარის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:

ა ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;

ბ ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისა;

გ ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას;

დ ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება:

ა ) გადადგომისას;

ბ ) გარდაცვალებისას;

გ ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

დ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას;

ე ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებულ  შემთხვევაში;

ვ ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას.

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა

დღეს, 13 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 13 ივნისს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

გიორგი კვირიკაშვილმა სანამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. მისი თქმით, ბევრი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ”მისცა საშუალება საქართველოსთვის ემსახურა”. კვირიკაშვილმა ივანიშვილს წარმატებებიც უსურვა.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისს დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმებოდა სამთავრობო ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს მმართველი პარტიის ლიდერებმა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა არ გამორიცხა ცვლილებები.

სად შეგიძლია ხვალ სისხლის დონორი გახდე – აქცია ბათუმში

14 ივნისს  სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამ დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქციას აწყობს. აქციაში სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

სისხლის ჩასაბარებლად მსურველები ხვალ, 14 ივნისს, 11:00 საათზე, სისხლის ბანკ „ჰემა 2012“-ში (მის: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N159ბ) უნდა მივიდნენ.

?სისხლის ჩაბარება ყველას შეუძლია, თუ კი:

  • დონორობის მსურველის ასაკი 18-დან 65 წლამდეა;
  • თქვენი წონა 55 კგ-ზე მეტია;
  • ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია;
  • არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).

?სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუ:

[crosslist]

  • გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
  • მკურნალობთ ანტიბიოტიკებით ან სხვა მედიკამენტებით;
  • გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმლის ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები;
  • უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
  • რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
  • იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს.

[/crosslist]

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

[checklist]

  • სისხლის დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი,
  • სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 1 თვე;
  • თუ აქვს ტატუ, გაკეთებიდან  6 თვე უნდა იყოს გასული;
  • არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში;
  • ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია;
  • დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალებისთვის და  60კგ-ზე მეტი კაცებისთვის.

[/checklist]

დონორობა არ შეუძლიათ  ორსულებს და მეძუძურ დედებს. ასევე, სისხლის გაღების დროს ქალს არ უნდა ჰქონდეს  მენსტრუალური ციკლი. დონორს 24 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი. სისხლის ჩაბარების დროს დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სისხლის გაღების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში აკრძალულია სიგარეტის მოწევა. დონორს განმეორებით სისხლის გაღება ორი თვის შემდეგ შეუძლია.

 

Exit mobile version