მთავარი,სიახლეები

ჯანდაცვის ხარჯების 69 პროცენტს ოჯახები წამლების შესაძენად ხარჯავენ

14.06.2018 • 3438
ჯანდაცვის ხარჯების 69 პროცენტს ოჯახები წამლების შესაძენად ხარჯავენ

„იუნისეფის“ ახალი კვლევის თანახმად,  საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69 პროცენტს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ.

ჯანდაცვის ხარჯები მოიცავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას (ტრანსპორტის ხარჯის ჩათვლით), ექიმებთან ვიზიტს, სამედიცინო პროცედურებს, ქირურგიულ ოპერაციებს, ჰოსპიტალურ მომსახურებას, მშობიარობას, მედიკამენტების შეძენას და ა.შ.

ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს „იუნისეფი“ კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ  2017 წელს შინამეურნეობების (ოჯახების) დაახლოებით 27-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელთან შედარებით 2017 წელს საქართველოში ოჯახებმა ჯანდაცვაზე 16,4 პროცენტით მეტი დახარჯეს.

„ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებიდან მედიკამენტებზე დანახარჯი არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ ნორმალურ ქვეყანაში ეს არის 15 პროცენტი, ძალიან გაჭირვებულ ქვეყნებში არის 20 პროცენტამდე. ის, რაც ახლა გამოაქვეყნა „იუნისეფმა“, ნამდვილად არის კატასტროფა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მისი შეფასებით, ეს მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის „ლაკმუსის ქაღალდია“:

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს პირველადი ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა არ უნდა იყოს მხოლოდ მკურნალობაზე ორიენტირებული, ჯანდაცვა ნიშნავს პრევენციას და შემდგომ მკურნალობას, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს ძლიერი პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმის სისტემა. როცა ეს არ არის ქვეყანაში, ცხადია, იქ აქცენტი მკურნალობაზეა და მკურნალობა მოითხოვს მედიკამენტებს. ადამიანი ხშირ შემთხვევაში მიდის პირდაპირ აფთიაქში ან სპეციალისტთან, რომელიც შეკრულია ფარმაცევტულ კომპანიასთან და ეს ზრდის მედიკამენტებზე დანახარჯებს. ეს დიდ ტვირთად აწვება განსაკუთრებით ქრონიკულ ავადმყოფებს და ღარიბებს, რაც ასევე მოქმედებს ჯანდაცვის ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე.

რატომ არის 15 პროცენტი მედიკამენტებზე დანახარჯი განვითარებულ ქვეყნებში? იმიტომ, რომ ასეთ ქვეყნებში კარგად არის განვითარებული პირველადი ჯანდაცვის სისტემა, იქ ადამიანი პირდაპირ კი არ აკითხავს აფთიაქს, არამედ მიდის ოჯახის ექიმთან, რომელიც არის კარგად მომზადებული, მაღალი კვალიფიკაციით და პაციენტი იმყოფება უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ცხადია, ეს არის უფრო ხარჯთეფექტური სისტემა და უფრო ნაკლებ მედიკამენტებს მოითხოვს“, – ამბობს თენგიზ ვერულავა.

მედიკამენტებზე დანახარჯის ზრდის პარალელურად საქართველოში წამლის ფასი არ იკლებს და ბევრად მაღალია იგივე მეზობელ თურქეთში მედიკამენტების ფასთან შედარებით.  თენგიზ ვერულავა ამ ფაქტს პარადოქსულს უწოდებს.

„ჩვენთან რომ უფრო ძვირი ღირს მედიკამენტები, ვიდრე თურქეთში, რომელიც საქართველოზე მდიდარი ქვეყანაა, პარადოქსული სიტუაციაა. ამ დროს თითქოს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან არ რეგულირდება ჯანდაცვის სფერო, არ არის ბერკეტები, იგივე არც კონკურენციის მხრივ, მაინც ეკვრებიან ერთმანეთს საქართველოში ფარმაცევტული კომპანიები და ბაზარზე არ შემოდის არავინ, ვინც ამ ფასს დაწევს“, – ამბობს ის.

„აღნიშნულმა [სამედიცინო მომსახურების] ხარჯებმა მთლიანი ხარჯის 10 პროცენტზე მეტი შეადგინა შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 34.2%-ისთვის – რაც 2015 წლის მაჩვენებელს (29.8%) აღემატება. გარდა ამისა, შინამეურნეობების 26.4%-ისთვის, ჯანდაცვის ხარჯებმა არასასურსათო ხარჯის 25%-ზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემს (25.1%) აღემატება. აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მედიკამენტების ღირებულება სახელდება,“ – აღნიშნულია „იუნისეფის“ კვლევაში.

საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადის, რომ იაფად შეიძინოს საჭირო წამლები. „ბათუმელები“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე. მაშინ ფასთა ასეთი დიდი სხვაობა ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ ტურძილაძემ, ასე ახსნა: „თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს“.

საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს. „თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში,“ – აღნიშნა მან, თუმცა მინისტრს არ უთქვამს, გეგმავს თუ არა რაიმე სიახლეს მთავრობა ამ მიმართულებით.

თურქეთსა და საქართველოში მედიკამენტების ფასის სხვაობაზე მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ორი დიდი ფარმაცევტული კომპანია – „ავერსი“ და „PSP” გამოეხმაურა, თუმცა მათ არა ფასის დაწევაზე გააკეთეს აქცენტი, არამედ მომხმარებლებს აცნობეს, რომ საქართველოში სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით პატარაა, ვიდრე თურქეთში და მათ მომხმარებლებს თურქეთიდან წამლების ჩამოტანის სერვისი შესთავაზეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: