მთავარი,სიახლეები

ელექტრონული რეცეპტი ქაღალდის ნაცვლად

14.04.2016 • 2144
ელექტრონული რეცეპტი ქაღალდის ნაცვლად

მალე აფთიაქში წამლის შესაძენად ქაღალდის რეცეპტის წარდგენა საჭირო აღარ იქნება. საკმარისია ფარმაცევტს თქვენი პირადი ნომერი უთხრათ და აფთიაქის თანამშრომელი თავად ნახავს ელექტრონულ რეცეპტში იმ წამლების ჩამონათვალს, რომელიც ექიმმა გამოგიწერათ.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ელექტრონული რეცეპტის ასამოქმედებლად ემზადება. ზუსტი თარიღი, როდის ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტი, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ ელექტრონული რეცეპტის სისტემას რამდენიმე თვეში გაუშვებენ: „ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ ელექტრონული რეცეპტის დანერგვის საკითხზე, მუშავდება შესაბამისი ნორმატიული ბაზა. სისტემა, სავარაუდოდ, გაეშვება რამდენიმე თვე პილოტურ რეჟიმში და შემდეგ ამოქმედდება მთელ საქართველოში“.

პირველ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტი ქაღალდის რეცეპტის პარალელურად იმუშავებს. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს, ე.წ. გარდამავალი ეტაპი შესაძლოა რამდენიმე წელსაც გაგრძელდეს, სანამ სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილი არ იქნება საჭირო კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტითა და უნარ-ჩვევებით.

როგორ იმუშავებს ელექტრონული რეცეპტი? ნათია ნოღაიდელი განმარტავს: „ექიმი წერს რეცეპტს, შეჰყავს ჩვეულებრივ ფორმაში [კომპიუტერის საშუალებით] და რეცეპტი აისახება ელექტრონულ სისტემაში. როცა პაციენტი ან მისი ახლობელი მივა აფთიაქში წამლის შესაძენად, ფარმაცევტსაც ექნება წვდომა ამ რეცეპტზე. აფთიაქში მოხდება რეცეპტის, ასე ვთქვათ, „განაღდება“.

აფთიაქის მხრიდან გაკეთდება ჩანაწერი [გაცემული წამლის შესახებ]. ასე, რომ სისტემაში ინტეგრირებულია როგორც სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები, ასევე აფთიაქები.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა წარადგინოს პაციენტმა აფთიაქში: მუშავდება რამდენიმე ვერსია, ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პაციენტის პირად ნომერთან დაკავშირებული, თუმცა პირადი ნომრის კონფიდენციალობა იქნება დაცული“.

ელექტრონული რეცეპტი იმ ცვლილებების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც სამინისტრო გეგმავს. მეორე ცვლილება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას ელექტრონულ ფორმატში განთავსებას, ე.წ. „ელექტრონულ სამედიცინო ბარათს“ უკავშირდება. ეს იგივეა, რაც პაციენტის „მკურნალობის ისტორია“, მხოლოდ ციფრულ ფორმატში და არა ქაღალდზე.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა სამინისტრო ამ ცვლილების განხორციელებას არ ჩქარობს, რადგან პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათის ამოქმედება უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავებასთანაა დაკავშირებული.

„დღეს სამედიცინო დოკუმენტაცია იწარმოება ხელით და ექიმებს მონაცემები შეჰყავთ ქაღალდზე. ელექტრონული ფორმატი იქნება იმაზე გაცილებით მარტივი, ვიდრე შეავსო პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ. ექიმი შეიყვანს პაციენტის პირად ნომერს სისტემაში და პაციენტის შესახებ სხვა, საჭირო ინფორმაცია გენერირდება ინფორმაციის სხვა წყაროებიდან. ეს გაცილებით უფრო გაამარტივებს როგორც სამედიცინო დანიშნულების გაცემას, ასევე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, დიაგნოზის მარტივად დასმას და ა.შ.“ – ამბობს ნათია ნოღაიდელი.

მისივე თქმით, ელექტრონული სისტემა ასევე ხელსაყრელი იქნება პაციენტისთვისაც, რომელსაც ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების შეცვლის შემთხვევაში არ მოუწევს ყველა დიაგნოზის ან მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გახსენება. მისი ელექტრონული სამედიცინო ბარათი ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის სხვა ექიმს.

ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ ელექტრონული სისტემის დანერგვა გარდაუვალი პროცესია: „ეს არის საუკეთესო სისტემა, რომელიც დანერგილია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და ძალიან აადვილებს როგორც სამედიცინო სერვისის მიწოდებას, ასევე სწორ მკურნალობას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: