ბათუმის ბულვარში „ალი და ნინოს“ სკულპტურაზე კაცი აძვრა

დაახლოებით 40 წუთის წინ ბათუმში „ალი და ნინოს“ მოძრავ სკულპტურაზე კაცი აძვრა. სკულპტურაზე აძვრომის დროს ის ბულვარის დაცვის პოლიციამ შენიშნა. თუმცა, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცი არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას.

„გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური, მოვიდა კრიმინალური პოლიციაც და კაცი უვნებლად ჩამოიყვანეს სკულპტურიდან“, – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში.

 

მთავარი ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

 

 

რა მოუვიდა ბათუმის საოცრებათა პარკთან მდებარე სუროშემოხვეულ ხეს

სუროშემოხვეული ხე, რომელიც ბათუმში, საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა და სანაპიროს ხედის განუყრელი ნაწილი იყო, ქარმა გადატეხა. ინფორმაცია ამის შესახებ  „ბათუმელებს”  შპს “რივიერას” წარმომადგენელმა დაუდასტურა. ტერიტორია, სადაც ხე იდგა, სწორედ  შპს “რივიერას” საკუთრებაშია.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „ხე გამხმარი იყო და ორი დღის წინ, ქარიშხლის დროს გადატყდა”.

სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხე ბათუმის მერიის სამსახურებმა მოჭრეს. მერიაში ამბობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მთავარი ფოტო: მარიამ მახარაძე

 

გემები ბათუმის პორტიდან დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში

ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში ბათუმის არაერთი კადრია შემონახული. პორტში გადაღებულ ამ ფოტოებზე ძირითადად  გემები ჩანს. პორტის ხომალდების, ნავებისა და კატარღების კადრები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა გადაღებული. ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციის გვერდზეა განთავსებული.

გემები ბათუმის პორტში

ურიკებით ზღვის ქვიშა გადააქვთ

ორთქლმავალი გემი და ღრუბლიანი ცა

ნავმისადგომი და ნავები

ნავი დარის მოლოდინში

ფრანგული გემი Loreley

იალქნიანი გემი ზღვაში ჭექა-ქუხილის დაწყების წინ

ნავი ზღვის მოქცევისას

იალქნიანი ნავი ზღვაში

 

გადაბრუნებული ნავი

 

პორტი

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ბავშვებმა პორნოგრაფიას რომ აღარ უყურონ – ახალი კანონპროექტი 

იმისთვის, რომ ბავშვებმა პორნოგრაფიას აღარ უყურონ, პარლამენტი ორი კანონის შეცვლას აპირებს. ცვლილება მშობლებისა და მასწავლებლებისთვის „გაიდლაინის“ მიწოდებას ითვალისწინებს „ცნობიერების ამაღლებისთვის“. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ე.წ. ფილტრის ან მსგავსი რეგულაციის ამოქმედებას, რომლითაც მშობელი ბავშვს პორნოსაიტებზე შესვლის გზას გადაუკეტავს.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრს – დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. „კანონპროექტის მომზადება განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინრისკებისაგან,“ – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ცვლილება ორ კანონში შევა. „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებიდან 6 თვეში ჯანდაცვის, ასევე განათლების სამინისტროებს სახელმძღვანელოს [გაიდლაინის] შექმნის ვალდებულება ექნებათ – „მშობლებისა და პედაგოგებისთვის ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის თაობაზე“.

იგივე კანონი პორნოგრაფიის გარდა „კიბერგრუმინგის“ წინააღმდეგ მუშაობასაც ითვალისწინებს. „კიბერგრუმინგი“ ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვებას გულისხმობს, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ახალი ჩანაწერი გაჩნდება კანონში „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“:

„ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციის, ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.“

კანონპროექტის ავტორი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ეს საკანონდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

„კანონის მიზნად განისაზღვრება არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას ან/და განვითარებას, რაც ამ დრომდე საქართველოს საკანონმდებლო აქტებში არ არის გათვალისწინებული.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ჩარჩოში მის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან და იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ონლაინსივრცეში ბავშვთა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სფეროში,“ – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს სიტუაციის შესწავლა, ანალიზი და შემდეგ ამოქმედდეს შესაბამისი მექანიზმები,“ – მიიჩნევს მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მას ვკითხეთ საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, რაც ინტერნეტსივრცეში არსებობს ბავშვების პორნოგრაფიისგან მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად.

მაია ქურციკიძე განმარტავს, რომ ბავშვების პორნოგრაფიის მავნე ზეგავლენისგან დასაცავი მექანიზმი სხვადასხვა შეიძლება იყოს და ევროპის ქვეყნების ნაწილი ე.წ. „ფილტრს“ იყენებს, ანუ მშობელს მოზარდისთვის კონკრეტული პორნოსაიტების დაბლოკვა შეუძლია.

„მექანიზმი კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. რამდენადაც ამ კუთხით კვლევა არ ჩატარებულა, კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ ვისაუბრებთ… უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგულაციებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოს მოზარდის წვდომა ინტერნეტთან. პირიქით, ინტერნეტი ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ბავშვს ხელი უნდა მიუწვდებოდეს მასზე.

პირველ რიგში, თავად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტსივრცეში, საუკეთესო იარაღი არის განათლება. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით არსებობს „ფილტრი“. საქართველოში როგორი უნდა იყოს – ეს დასკვნა ექსპერტებმა უნდა დადონ. შესწავლის შედეგად უნდა დაიდოს სამოქმედო გეგმა, რაც ამ დრომდე ქვეყანას არ აქვს,“ – გვითხრა მაია ქურციკიძემ.

 

„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ – კონკურსის გამარჯვებულები 3 ოქტომბერს გამოვლინდებიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ქართველი მწერლებისთვის გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, საკონკურსო კომისიაში სულ 72 მოთხრობაა შესული.

საუკეთესო ათეული 21 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებული ავტორები 3 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი მიმდინარე წლის 11 ივლისს გამოაცხადა.

 

2018 წლის სახელმწიფო გრანტი 297-მა სტუდენტმა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, 100 პროცენტიანი დაფინანსებით, 78-მა სტუდენტმა მოიპოვა, 70-პროცენტიანი გრანტი – 98-მა, ხოლო 50-პროცენტიანი დაფინანსება 121-მა სტუდენტმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სასწავლო გრანტი 154-მა სტუდენტმა გაიუმჯობესა. აქედან, 50-მა სტუდენტმა – 70 პროცენტით, დანარჩებმა კი – 50 პროცენტით.

 

 

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10-11 სექტემბერს ბათუმსა და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 9 – 14 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 26 გრადუსია,  ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ (2-3 ბალი).

13-14 სექტემბერს სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

პირველკლასელებისთვის დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, მათთვის, ვინც ვერ მოასწრო პირველკლასელთა რეგისტრაცია, განათლების სამინისტრო ორდღიან დამატებით რეგისტრაციას აცხადებს.

„პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 10 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი“.

ბრძანებაში რეგისტრაციის დაწყების და დასრულების საათები მითითებული არ არის. სამინისტროდან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, ამ დროისთვის რამდენი ადგილია საჯარო სკოლებში თავისუფალი პირველკლასელებისთვის.

თურქეთში ზღვაში დაკარგული ტრაილერის მძღოლის ცხედარი იპოვეს

ქემალფაშაში გუშინ, 9 სექტემბერს ზღვაში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე დღეს დილით მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

“საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნი იქნა თურქი მყვინთავების მიერ,” – ნათქვამია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე გუშინ დაახლოებით 13:30 საათზე გაუჩინარდა. ის  ტრაილერის მძღოლი იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოქალაქე ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 12 მყვინთავი და ორი კატარღა იყო ჩართული.

საქართველოს მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ქემალფაშაში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა

საქართველოს მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ქემალფაშაში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა

თურქეთის დაბა ქემალფაშაში მაშველები ზღვაში შესულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ცნობით, დაკარგული ტრაილერის მძღოლია, რომელიც დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა. ინფორმაცია მძღოლის გაუჩინარების შესახებ საკონსულოს სხვა, თვითმხილველმა მძღოლებმა მიაწოდეს.

“ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან. ხოფას გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩართულია სამსახურების სრული რესურსი, აგრეთვე ქართველი და თურქი სამაშველო სამსახურები მუშაობენ ერთობლივად და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები,” – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

ექიმამდელი სამედიცინო დახმარება – ახალი პროგრამა მაღალმთიანეთში მცხოვრებთათვის

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაღალმთიანეთში მუდმივად მცხოვრები პირები გადამზადდებიან და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ისწავლიან.

პირს, რომელიც მაღალმთიანეთში ცხოვრობს და აქვს სრული საშუალო განათლება, შეუძლია განაცხადი გააკეთოს პროგრამაში მონაწილეობაზე და მიიღოს განათლების ვაუჩერი.

განათლების ვაუჩერით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის ღირებულება 525 ლარს შეადგენს და მოიცავს სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების ღირებულებას. პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების სასწავლო პროცესი 4-დღიანი სწავლებაა. თუ პირი სასწავლო პროგრამას წარმატებით გაივლის, გადაეცემა დამატებით 250 ლარის ვაუჩერი  სამედიცინო ჩანთისათვის.

ახალი პროგრამა იმ მაღალმთიან დასახლებებზეა გათვლილი, რომლებიც  ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობენ. დასახლებაში უნდა ცხოვრობდეს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 100 მცხოვრები. არ ფუნქციონირებდეს სამედიცინო დაწესებულება ან არ იყოს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“კომპონენტის მიმწოდებლის ძირითადი განთავსების ადგილი. პროგრამის განხორციელებისათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 23 000 ლარი გამოიყო.

12-14 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართება

12-14 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პატრონაჟით, ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი “Georgia  International Maritime Forum 2018” მეორედ გაიმართება.

ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და პოპულარიზაციაა მსოფლიოს მასშტაბით.

საზღვაო ფორუმზე საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის პირები ჩამოვლენ: საერთაშორისო საზღვაო  ორგანიზაციის (International  Maritime  Organization)  მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის გენერალური  მდივანი, ბატონი ლიმ კიტაკი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, ევროკომისრები, სხვადასხვა საზღვაო სფეროსა და ტრანსპორტის მინისტრები და ამ სფეროს სხვა გავლენიანი პირები. ფორუმზე მოწვეული არიან წარმომადგენლები, როგორც სახელმწიფო (შავი ზღვის, კასპიის ზღვის  და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები), ასევე ბიზნეს წრეებიდან. ფორუმს გააშუქებს საერთაშორისო მედია.

პირველ საზღვაო ფორუმს ბათუმმა 2016 წლის სექტემბერში უმასპინძლა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანის შეფასებით – „2016 წლის ფორუმი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსგავს ფორუმებს შორის“. აღნიშნულ ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები, საზღვაო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის პირები.

ცნობისათვის, 2016 წელს ჩატარებული ფორუმის ხელშეწყობით:

[checklist]

  • გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების საზღვაო ადმინისტრაციებთან, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმების არეალის გავრცელებას;
  • საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში 2016 წელს რეგისტრირებული იყო საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 10 მცურავი საშუალება, დღეს ეს ციფრი 35 ერთეულამდე არის გაზრდილი;
  • უკრაინასთან გაფორმდა საბორნე მიმოსვლის შესახებ მემორანდუმი;
  • დაარსდა ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციის საქართველოს ფილიალი;
  • გაიზარდა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის ცნობადობა და ინტერესი მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში.

[/checklist]

12-14 სექტემბერს გასამართი ფორუმის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რიგი სემინარები და შეხვედრები:

[checklist]

  • „გლობალური საზღვაო ენერგო ეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის“ (GloMEEP) ეროვნული სემინარი ნავსადგურების გამონაბოლქვსა და ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით;
  •  რეგიონალური ვორქშოპი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამოქალაქო პასუხისმგებლობის  კონვენციების შესახებ;
  • ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) რიგით მეორე სადამკვირვებლო კომიტეტის შეხვედრა შავი და კასპიის ზღვების პროექტის ფარგლებში;
  • ხმელთაშუაზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ნავსადგურის სახელმწიფო სახელმწიფო კონტროლის შეხვედრა,
  • შავ ზღვაზე პატარა ზომის საკრუიზო ბიზნესში ინვესტირების შესახებ ვორქშოპი.

[/checklist]

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება .

 

შსს მატჩზე დასწრების მსურველებს: გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდეთ

დღეს, 9 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

4-ბალიანი შტორმი შავ ზღვაზე – ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. სანაპიროზე განთავსებულ სამაშველო კოშკურებზე  წითელი ალმებია აღმართული.  ამ დროისათვის [9:50] ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია დაფიქსირებული.  ტალღების სიმაღლე კი 3 მეტრს აღწევს.

10 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე შავ ზღვაში  აკრძალულია ბანაობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გუშინ, 8 სექტემბერს, 4 საათნახევარში [12:00-16:30] მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 17 ადამიანი გადაარჩინეს.

სამაშველო სამსახური მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

 

 

ქართული ფილმები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წელს 20-ზე მეტი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები ფესტივალის სხვადასხვა სექციაში.

მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ ერთი ქართული ფილმია – თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“. ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა. ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. „ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ. 

ქართული პანორამა“ – ამ არასაკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებული ქართული ფილმები.

[checklist]

  • „ანდრო“, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017, 25წთ.
  • „ბათუმის ერთი დღე“, საქართველო, 2018; 41 წთ.
  • „დევნილობის ცხრა წელიწადი“, თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018, 23 წთ.
  • „მეთევზე“, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017, 17 წთ.
  • „დიდუბე, ბოლო გაჩერება“, შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია, 2017, 64 წთ.
  • „ინსტიტუცია #16“, საქართველო, 2017; 64 წთ.
  • მოუსმინე სიჩუმეს“, მარიამ ჭაჭია, საქართველო, 2016, 80 წთ.
  • მტვრით მოწამლულები“, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ.
  • რეზო“, ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017, 63 წთ.
  • ჯარა“, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017, 52 წთ.
  • ჰამლეტი“, გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018, 110 წთ.

[/checklist]

წელს სექცია „ქართული კინოს კლასიკა“ ქართული კინოს 110 წლისთავს ეძღვნება. კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება რამდენიმე ფილმის აღდგენილი ვერსია.

[checklist]

  • „ალავერდობა“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1962, 52 წთ.
  • ჩემი ბებია“, კოტე მიქაბერიძე, საქართველო, 1929, 29 წთ.
  • ფიროსმანი“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969, 85 წთ.
  • მარილი სვანეთს“, მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930, 44 წთ.

[/checklist]

კადრი კოტე მიქაბერიძის ფილმიდან „ჩემი ბებია“

კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

_______________________

მთავარ ფოტოზე: კადრი თინათინ ყაჯრიშვილის ფილმიდან „ჰორიზონტი“. ფოტო: imdb.com 

ბათუმის მერი: დატვირთულ ქუჩებზე უნდა იყოს საათობრივი პარკირება და მაღალი გადასახადი

ძველ ბათუმში პარკინგისა ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვის გარდა მერია ნაკადის დასარეგულირებლად ცენტრალურ ქუჩებში საათობრივი პარკინგის დაწესებას გეგმავს, რომლის გადასახადიც, როგორც მერი ამბობს „ძვირი იქნება“. კიდევ რა გეგმები აქვთ და როგორ წარმოუდგენიათ მერიაში პრობლემის მოგვარება მაშინ, როცა პროტესტი პირველივე ცვლილებას მოჰყვა? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ესაუბრა.

  • ბატონო ლაშა, ბათუმში მოიწონეს ძველი ბათუმის ქუჩებში პარკინგისა და ავტომანქანით მოძრაობის შესაძლო შეზღუდვა, რამდენად რეალურია ეს?

ალბათ ესწრებოდით „ბათუმობის“ დღესასწაულს, ვფიქრობ, კარგი „ბათუმობა“ გამოგვივიდა, თუმცა არ ვიცი, როგორია თქვენი შეფასება. ძველ ბათუმში „ბათუმობის“ ჩატარებით  გვინდოდა ორი რამ გაგვეკეთებინა: პირველ რიგში, ზეიმი შემდგარიყო და ასევე, ეს იდეა დაგვეტესტა, გვეჩვენებინა, რა გამოვა.

არაერთხელ მითქვამს, რომ ძველ ბათუმს გააჩნია სერიოზული ტურისტული პოტენციალი, რომელსაც სრულყოფილად ვერ ვიყენებთ, ამიტომაც ეს იყო ძალიან კარგი დემონსტრირება იმისა, თუ რა შეიძლება გამოვიდეს ძველი ბათუმის სწორად გამოყენების შემთხვევაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, დაინახა მოსახლეობამ რას ნიშნავს უბრალოდ ჩაკეტილი ქალაქი კი არა, პირიქით, გაცოცხლებული, ხალხმრავალი, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ტარდება, დაინახა ის პოტენციალი, რომელიც აუცილებლად მოჰყვება ამ ღონისძიებების გატარებას. ეს საკითხი მოსამზადებელია, იდეის დონეზე კარგია, რა თქმა უნდა, და  ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ.

  • ვიცით, რომ UNDP-ის დახმარებით მომზადდა სატრანსპორტო სქემის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი. იდეებს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მაინც რა ვადაში განიხილავთ – 2018-2020 წლების გეგმაში შედის?

რატომაც არა,  ყველაფერი  დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გადავჭრით სხვა, მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ყველაფერი შესაძლებელია. მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხების მოგვარებას. ალბათ, თვალს ადევნებთ პროცესს, რაც მიდის მიკროავტობუსების სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და აქაც გვაქვს შედეგები, იმ გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება 480-დან 250-ერთეულამდე. უკვე ვაჩვენეთ შედეგი ქალაქს, გორგილაძის ქუჩას ბოლო დღეებში ვერ იცნობთ, გამოთავისუფლებულია და მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ეს პროცესი გრძელდება. იმავე საკითხების მოგვარებასთანაა დაკავშირებული რაიონიდან წამოსული ტრანსპორტის მოძრაობა. სიხალვათეა შესატანი ჭავჭავაძის ქუჩაზეც, ასე, რომ სატრანსპორტო კუთხითაც ბევრი რაღაც  გვაქვს ჩაფიქრებული, ჩვენ ამ გეგმას მივყვებით თანმიმდევრულად.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ სატრანსპორტო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების რამდენიმესაფეხურიანი გეგმა. მათ შორის იყო „ბას ლაინის“ გაკეთება, პარკინგების მოწყობა და ფასიანი პარკირების ზონების მოწყობა. დავყავით, რას ვაპირებდით 2018-2019 წლებში და შემდეგ. რამდენიმე პუნქტი უკვე შესრულებულია წარმატებით.

მივყვებით გეგმაზომიერად და, ვფიქრობ, 2019 წლის დასაწყისში  უკეთესი სატრანსპორტო სისტემა გვექნება. თუმცა, ამ ცვლილებების პროცესში შესაძლოა გარკვეული საკითხები მოითხოვდეს ცვლილებებს იგივე სამარშრუტო ხაზებთან დაკავშირებით. აქაც მოქნილები ვართ, გამოვდივართ იმ გადმოსახედიდან, თუ რა არის მოსახლეობისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი.

  • გულისხმობთ მოთხოვნებს, რასაც უკავშირდებოდა აქცია ბათუმის მერიასთან?

აქციასთან დაკავშირებით მე შევხვდი მოსახლეობას და როგორც ყოველთვის, ადგილი ჰქონდა კომუნიკაციის  ნაკლებობას, ამით იყო გამოწვეული მათი მღელვარება. როგორც კი შედგა კომუნიკაცია, დაწყნარდა სიტუაცია. მე მათ ავუხსენი და გასაგებიც გახდა, რომ ვერ ივლის ყველა სამარშრუტო ტაქსი ცენტრალური ქუჩით. გორგილაძის ქუჩა, რა თქმა უნდა, არის ყველაზე სასურველი, მაგრამ ფიზიკურად ვერ იტევს ამდენ ტრანსპორტს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სხვა მუნიციპალიტეტიდან მომავალი ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს მხოლოდ ბაგრატიონზე, მაგრამ ისევ მათი პირობების გაუმჯობესებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ ვიზიარებ, მოსახერხებელი უნდა იყოს მათთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე წვდომა, შევთავაზე სამი ქუჩა: ნაწილობრივ – ჭავჭავაძე, ძირითად ქუჩად პუშკინის ქუჩა და ნაწილობრივ – ბაგრატიონის ქუჩა.

ახლა მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ 300 მიკროავტობუსი ყოველდღიურად მოძრაობს ჭავჭავაძის ქუჩაზე და აქედან 150 მიკროავტობუსი არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხაზები. წესით, ეს 150 ავტომობილი უნდა მოძრაობდეს ბაგრატიონით. მე მათ შევთავაზე, რომ ჭავჭავაძეზე ამ 150-დან დავტოვოთ 30, პუშკინის ქუჩაზე გადავიყვანოთ 100, როგორც ძირითად ქუჩაზე და 20 – ბაგრატიონზე. ვფიქრობ, კარგი ვარიანტია და თუკი მივაღწევთ შეთანხმებას, უკვე ჭავჭავაძის ქუჩასაც დაეტყობა ის სიმსუბუქე, რაც სახეზე გვაქვს გორგილაძის ქუჩის შემთხვევაში.

  • რატომ არ სთავაზობს მერია ინვესტორებს პარკინგების აშენებას? 

ამაზე  იმდენად მარტივი პასუხია, რომ შეიძლება გაგეცინოთ. მერიას არ აქვს ქალაქის ტერიტორიაზე მიწები საკუთრებაში იმ ადგილებში, სადაც პარკირებაა საჭირო. ბევრი მასალა მაქვს დამუშავებული, არამხოლოდ მიწისქვეშა, არამედ ვერტიკალური პარკირების თვალსაზრისითაც, რომელიც  ყველაზე ოპტიმალურია. გრუნტის წყლების გამო ძვირი ჯდება მიწისქვეშ წასვლა. მაგრამ მიწის ზევითაც კი, ვერტიკალური პარკირების შემთხვევაში, რაც ძალიან ოპტიმალურია და ბევრ მანქანას იტევს [ამის მაგალითები თურქეთში, ქალაქ ბურსაში ვნახე, სადაც ვიყავი კომპანიის მიწვევით, რომელიც სიდიდით მეორე კომპანიაა პარკირების სისტემით მსოფლიოში], ამის განხორციელება დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოითხოვს და 40 მანქანას იტევს, რაც საკმაოდ ძვირია, დაახლოებით 200 000-დან ნახევარ მილიონ დოლარამდე ჯდება, გააჩნია მოცულობას. ასეთ სისტემებში ერთი ავტომანქანის საშუალო მოცულობა გამოდის რვიდან 12 000 დოლარამდე და ინვესტორებიც ბევრი არ არიან, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. გამოუთქვამთ სურვილი, რომ გააკეთებდნენ ადგილის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ინვესტორს ადგილის ყიდვაც უწევს, ან კერძო მესაკუთრის დაკმაყოფილება, აქ უკვე ყოყმანობს.

  • ხომ არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ სასტუმროები ან საზოგადოებრივი ობიექტები და არ აქვთ პარკინგის ადგილი,  კომფორტულად რომ მიიღონ სტუმრები. ისინიც არ არიან დაინტერესებული?

აინტერესებთ, თუკი მათ მივცემთ მიწას. სულ რამდენიმე საინვესტიციო ნაკვეთიღა გვაქვს და ისიც არა პარკირებისთვის საინტერესო მდებარეობით. გვიფიქრია იმ კუთხითაც, ჩვენ ხომ არ გამოვითხოვოთ მოსახლეობისგან და მივცეთ ინვესტორს, მაგრამ იცით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მესაკუთრე რამდენს ითხოვს 500 კვადრატული მეტრი მიწის დათმობაში? – 40 მანქანისთვის ამხელა ხარჯის გაწევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის არარენტაბელურია. თუმცა გეტყვით, რომ ახალი ბულვარის მიმართულებით არის მიწისქვეშა პარკირების გაკეთების წინადადება, წინასწარ არ დავასახელებ, სად, რა და როგორ, როგორც კი მიიღებს რეალურ სახეს, გაგებინებთ.

  • UNDP-ის კვლევის ხელმძღვანელმა ჩვენთან განაცხადა, რომ საკუთარი ტრანსპორტის პარკინგის ადგილზე დატოვებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის პირობას შექმნის მერია. ამით დააინტერესებთ მოქალაქეს?

ქუჩების გათავისუფლება მხოლოდ მიკროავტობუსებისგან გათავისუფლებას არ გულისხმობს, ეს გულისხმობს ასევე მსუბუქი ავტომანქანების ნაკადის შემცირებასაც. ეს შეიძლება მოხდეს ერთი გზით – თუკი გაძვირდება პარკირების გადასახადი ცენტრალური ქუჩების გასწვრივ, ანუ ჩვენ გადავალთ არა წლიური პარკირების გადასახადზე, ეს თავისთავად დარჩება, არამედ დატვირთულ ქუჩებზე იქნება საათობრივი პარკირება და მაღალი გადასახადი, ეს არ არის ხვალინდელი პერსპექტივა, მაგრამ აუცილებელი. პარალელურად იქნება მოწყობილი საპარკინგე ადგილები, მაგალითად, ჩვენ გავაკეთეთ მუნიციპალური პარკინგი თბილისის მოედანზე, დღეს გავიარე სპეციალურად, მაინტერესებდა და სავსე იყო ორი საათისთვის. იქ საათობრივი დგომა ღირს ერთი ლარი. ერთი მხრივ, ეს შემოსავლებია მუნიციპალურ ბიუჯეტში, მეორე მხრივ – ეს არის კარგი, იმ გაგებით, რომ ადრე იქ ადამიანები ტოვებდნენ მანქანებს განუსაზღვრელი დროით და ვისაც რეალურად სჭირდებოდა – სავაჭრო ცენტრში ან მაღაზიაში მისვლა, არ ჰქონდა გასაჩერებელი ადგილი და აჩერებდა მანქანას ტროტუარზე დარღვევით.

კვარიათში მაშველებმა სამი ადამიანი გამოიყვანეს ზღვიდან – ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 8 სექტემბერს, მაშველებმა კვარიათში, ზღვიდან, სამი მოქალაქე გამოიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს დილიდან აფრთხილებს, რომ ზღვაზე შტორმია, დამსვენებლები ზღვაში მაინც შედიან. საგანგებოს ცნობით, დღეს მაშველებმა ზღვიდან 15 მოქალაქე გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ წუთებში [16 საათზე], შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია და ტალღების სიმაღლე პერიოდულად 4 მეტრს აღწევს.

ვიდეო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბათუმის #1 სამმართველოს  და #6 სასაზღვრო სექტორის (ჩირუხი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

_________

მთავარი ფოტო: კადრი შს სამინისტროს ვიდეოდან 

საგანგებო: ზღვაში ბანაობა აკრძალულია, მოსალოდნელია შტორმი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფეისბუქგვერდზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

„დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე პერიოდულად 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა.

შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს.

გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს

აკრძალვა მოქმედებს 9 აგვისტოს 10:00 საათამდე“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება-ტრანსპოტირების სტატისტიკაში აჭარა მეორე ადგილზეა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 53 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, აჭარაში 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 29 ფაქტი, გურიაში – 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 32 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 5 ფაქტი, შიდა ქართლში – 23, ქვემო ქართლის მასშტაბით – 13 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 29 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 581 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 49 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

დეპარტამენტის ცნობით, მასალები შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„მტირალას“ პარკისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გაიხსნა

მტირალას პარკის მიმართულებით გზა რეაბილიტირებულია და ვიზიტორებს პარკამდე უკვე შეუძლიათ ავტომანქანით გადადგილება.

აჭარის მთავრობის ცნობით, ამჯერად ასფალტის საფარი 3 230 მეტრზე დაიგო. გზის რეაბილიტაცია გრძელდება და საბოლოო ჯამში პროექტი 12 548 მ2 გზის მოასფალტებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, გზისა მოასფალტების გარდა, მოეწყო ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონები, სამი ახალი ხიდი და ჩატარდა ორი ხიდის რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 234 ათას ლარამდე გამოიყო. ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს.

წელს მტირალას ეროვნულ პარკს 38 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია. როგორც პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, შიდა ტურისტებს უცხოელი ტურისტები ჭარბობენ. უცხოელი ტურისტების ხუთეული ასე გამოიყურება: I – ისრაელი, II – რუსეთი, III – საუდის არაბეთი, IV- უკრაინა, V – გერმანია.

ამავე თემაზე: 

შქერის ყვავილობა მტირალას ნაკრძალში

ქობულეთში მეათეკლასელი გოგო ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაიღუპა

დღეს, 7 სექტემბერს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მე-10 კლასელი გოგო ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

„ბლოკნოტს მოგცემთ და იკითხეთ“ – იტყუება თუ არა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 

დაერქმევა თუ არა ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას ამერიკელი კონგრესმენის, ჯონ მაკკეინის სახელი? – მსჯელობა ბათუმის საკრებულოს ჯერ არ დაუწყია. 31 აგვისტოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ ეს თემა გაააქტიურა, „ბათუმელებმა“ საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ განიხილა საკრებულომ მიმდინარე წლის მარტში გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის საკითხი.

„არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხზე მოსახლეობის საპროტესტო კოლექტიური წერილიც შემოვიდა საკრებულოში,“ – გვიპასუხა სულიკო თებიძემ 31 აგვისტოს. თუმცა, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ ვერ გაიხსენა, როდის, რამდენი ადამიანის ხელმოწერით ან ვისგან შევიდა წერილი საკრებულოში.

არსებობს თუ არა მოსახლეობის წერილი, სადაც მოქალაქეები გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევას აპროტესტებენ? – „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს კანცელარიას მიმართა.

მოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად დღეს, 7 სექტემბერს საკრებულოდან მოგვწერეს, რომ: „აღნიშნული წერილი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული კორესპონდენციების რეესტრში არ ფიქსირდება“.

საკრებულოდან მიღებულ წერილში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აწერს ხელს, ასევე წერია:

„არსებული ინფორმაციით, საკრებულომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  ალ.გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ზემოაღნიშნული მოთხოვნა წერილობით (თანდართული ხელწერებით), მაგრამ მოსახლეობის მიერ არაოფიციალური სახით, რეგისტრაციის გარეშე იყო წარდგენილი“.

იქედან გამომდინარე, რომ სულიკო თებიძე 31 აგვისტოს საკრებულოში შესულ საპროტესტო წერილზე გვესაუბრა, დღეს კი მოგვწერა, რომ მსგავსი წერილი ოფიციალურად არ შესულა საკრებულოში, მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ტელეფონზე და ვკითხეთ, სად და ვის შეხვდა სულიკო თებიძე? ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა, რომ მოქალაქეებს შეხვდა არა „ქუჩის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე“, არამედ საკრებულოში.

„მახსოვდა, რომ კანცელარიაში ჩააბარეს და ეტყობა, არ ჩააბარეს. მე ვნახე ეს წერილი… შეხვედრა იყო ჩემთან, საკრებულოში. წერილი მაჩვენეს და ვუთხარი, რომ ჩააბარეთ კანცელარიაში-მეთქი. მათი სახელები და გვარები არ მახოვს, მაგრამ მოვძებნი, ბლოკნოტში ჩავიწერე,“ – შეგვპირდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

სამუშაო დღის ბოლოს სულიკო თებიძემ გვითხრა, რომ ბლოკნოტი და იმ პირების საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც „საპროტესტო წერილი მოამზადა“, არ მოუძებნია: „არ მომიძებნია, ამ წუთას გავედი სამსახურიდან. არ მეგონა ასე სასწრაფო თუ იყო… იქ მაქვს ჩამოწერილი სახელი-გვარები და საკონტაქტო ინფორმაციაც, ვინც წერილი მოამზადა.“

საკრებულოს თავმჯდომარემ ბლოკნოტში ჩანაწერის ნახვა საკუთარ კაბინეტში შემოგვთავაზა. „მოგცემთ ჩანაწერებს, ბლოკნოტს მოგცემთ და იკითხეთ“, – გვითხრა მან შეხვედრის შესახებ შეთანხმების დროს და ტელეფონი გამორთო.

2018 წლის 30 მარტს საკრებულომ სულ სხვა მიზეზით თქვა უარი გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხის განხილვაზე. ამ სხდომაზე საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამთავრობო კომისიის დადებითი დასკვნა უნდა არსებობდეს, რაც იმ დროისთვის მომზადებული არ იყო – საკრებულოს სამთავრობო კომისიისთვის არ მიუმართავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ქუჩების სახელდების, მათ შორის, სახელის შეცვლის საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაა, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამთავრობო კომისიის დასკვნა სჭირდება მიზანშეწონილობის შესახებ. სამთავრობო კომისიისთვის საკრებულოს უნდა მიემართა შესაბამისი დასაბუთებული ინიციატივით.

2018 წლის 31 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის პროცედურა აღარ გაგრძელდა, რადგან მოსახლეობა იყო წინააღმდეგი.

რას ელოდნენ და რა მიიღეს სკოლებმა – პედაგოგები ახალი სახელმძღვანელოების შესახებ

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება. სკოლებში უკვე დაწყებულია ახალი სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი, ზოგიერთი სკოლა კი ჯერ კიდევ ელოდება ახალ სახელმძღვანელოებს.

„ბათუმელები“ ბათუმის საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგს ესაუბრა და იმ სახელმძღვანელოების შეფასება სთხოვა, რომელსაც განათლების სამინისტრომ გრიფი მიანიჭა.

ნანა სიხარულიძე  ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ის ამბობს, რომ  მათემატიკის ახალი სახელმძღვანელო ჯერ არა უნახავს,  თუმცა  „ფაქტობრივად იგივეა, რაც შარშან იყო“, რადგან  სკოლას ავტორი და გამომცემლობა არც წელს შეუცვლია.

„ჩვენ  საბაზო საფეხურზე უპირატესობა მივანიჭეთ გოგიშვილის სახელმძღვანელოს, მაგრამ მაინც რუხაძე გამოგვიგზავნეს, რომელსაც  გამომცემლობა „პედაგოგიკა“ ბეჭდავს. გოგიშვილი იმიტომ გვინდოდა, რომ მაღალ საფეხურზე ამ ავტორის სახელმძღვანელოს გავდივართ და როცა ავტორი იცვლება, ცდომილებას იძლევა წიგნი“ – გვეუბნება პედაგოგი.

ლეილა  გიგინეიშვილიც ამავე სკოლაში ასწავლის. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.  როგორც მისი კოლეგა, ახალ სახელმძღვანელოს ისიც ელექტრონულად გაეცნო.

„მე-5-6 კლასში, ჩვენ ავირჩიეთ როდონაია და ალბათ ეს სახელმძღვანელო მოვა. 1-4 კლასებში კი უპირატესობა მაღლაკელიძის სახელმძღვანელოს მივანიჭეთ“ – გვეუბნება ის.

ლეილა გიგინეიშვილის თქმით, ახალი წიგნები არსებითად არ განსხვავდება  ძველი სახელმძღვანელოსგან.

„ნაწარმოებები ერთი და იგივეა, უბრალოდ, კარგია ის, რომ ცალ-ცალკეა დახარისხებული  ენა და ლიტერატურა. ეს აქამდე პრობლემა იყო, რადგან ენა ლიტერატურის საკითხებში იყო ინტეგრირებული, ახლა კი  თანმიმდევრულად არის დალაგებული თემები და ამან განაპირობა ჩვენი არჩევანი. მასწავლებლის და მოსწავლის სამუშაო რვეულიც მოგვეწონა“.

ქართულის მასწავლებელი ამბობს, რომ იყო სხვა კარგი ავტორებიც,  თუმცა  უპირატესობა ეროვნულ კონტექტს მიანიჭეს.

„ძალიან ბევრი იყო უცხოური ლიტერატურიდან თარგმნილი მოთხრობები, ზღაპრები,  რატომღაც პატრიოტიზმიც უფრო მეტი დავინახე როდონაიას წიგნში და ვფიქრობ, ეს უფრო გვჭირდება.“

ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ მისმა სკოლამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბაკურ სულაკაურის  გამომცემლობა აირჩია. „კარგად ვიცნობთ ავტორებს, გამოცდილი სახელმძღვანელოა, არც მაშინ ვუჩიოდით და არც ახლა. განახლებულია, მაგრამ მნიშვნელოვანწილად არა. გადავხედე და არის მეთოდური სიახლეები შეტანილი“-გვეუბნება ის. დირექტორი, რომელიც სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურასაც ასწავლის, გვეუბნება, რომ მოსწონს ამ გამომცემლობის მოსწავლის და მასწავლებლის სამუშაო წიგნიც.

„მათემატიკაზე  სწყდებათ გული პედაგოგებს, რადგან გამომცემლობა „ელფის“ სახელმძღვანელო ჰქონდათ შერჩეული და მან გრიფირება ვერ გაიარა. გაუმართლაც იმაში, რომ 5-6 კლასში ძალიან მოსწონდათ „ტრიას“ სახელმძღვანელობი და გაუხარდათ, რომ ამ სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭა“ – გვეუბნება თამთა კვარაცხელია.

მისი თქმით, რადგან განათლების სისტემა თემატურ სწავლებაზე გადადის, მასწავლებელს აკადემიური თავისუფლების მეტი შესაძლებლობა  ექნება: „ამიტომ, მთავარია, სახელმძღვანელოში თემა იყოს მოცემული, კარგად იყოს თემები დაჯგუფებული და დანარჩენი უკვე პედაგოგის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული“.

თამთა მიიჩნევს, რომ გრიფირების პროცესი უფრო დასახვეწია, რომ პედაგოგებს შეეძლოთ იმ სახელმძღვანელოების შერჩევა, რომლებიც გრიფს მიიღებენ.

ბათუმის #14  საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გოგუაძე  გვეუბნება, რომ  სკოლამ ქართულში გამომცემლობა „მერიდიანის“ სახელმძღვანელო აარჩია, მაგრამ მიიღეს „დიოგენე“, რომელიც სკოლის მესამე არჩევანი იყოს, მათემატიკაში „ელფის“ სახელმძღვანელო აირჩიეს, თუმცა სახელმძღვანელოს გრიფი არ მიენიჭა.

 

 

ამავე თემაზე:

გამომცემლობა „ტრიასი“: ყველაზე მოთხოვნად სახელმძღვანელოს გრიფი მოულოდნელად მოუხსნეს

„დედამიწის ფოტო” – საუკეთესო კადრები 2018 წლის ბრიტანული კონკურსიდან

„დედამიწის ფოტო“  დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაარსებული ახალი საკონკურსო გამოფენაა, რომლის მიზანიც სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიული გარემოსა და პირობების ჩვენებაა. გთავაზობთ 2018 წლის კონკურსის შედეგად შერჩეულ კადრებს მთელი მსოფლიოდან.

კრისტობალ და ფრანჩესკო მანკანარესები ქოქოსის კაკალს აგროვებენ კომპანიაში ჩასაბარებლად, სადაც კარაქსა და ზეთს ამზადებენ პროდუქტისგან. მეხიკო / ფოტო: RUBEN SALGADO ESCUDERO

 

კო ვინ ზაუო – 38 წლის მეთევზე. მიანმარის მოსახლეობის მხოლოდ 26 %-ს მიუწვდება ხელი ელექტროენერგიაზე, მზე მოსახლეობის უმრავლესობისთვის ერთადერთ სასიცოცხლო ენერგიას წარმოადგენს. ნიანმარი, ბირმა / ფოტო: RUBEN SALGADO ESCUDERO

 

ზღვის სანაპირო. დორსეტი, დიდი ბრიტანეთი / ფოტო: DAVID JENNER

 

მონღოლები გაწვრთნილი არწივით. მონღოლეთი, ალთაის მთები / ფოტო: ROSAMUND MACFARLANE

 

გაწვრთნილი არწივის დაბრუნება. მონღოლეთი, ალთაის მთები / ფოტო: ROSAMUND MACFARLANE

 

პინგვინთა გუნდი ანტარქტიდაზე, წყალში მოცურავე კუნძულზე / ფოტო: CHRISTIAN ASLUND,

 

მარია მაგდალენა კარმენ მენდოსა საკუთარ სახლში, რომელიც მხოლოდ მზის პანელით გამომუშავებული ენერგიით თბება. მექსიკა / ფოტო: RUBEN SALGADO ESCUDERO

 

ზამთარი ბელგრადის ბარაკებში, სერბეთი / ფოტო: HANNAH MAULE-FFINCH

 

ბელგრადის ბარაკებში, სერბეთი / ფოტო: HANNAH MAULE-FFINCH

 

დატერასებული მინდვრები

 

გამძლეობის პორტრეტი, სოფელი აკჰა, ლაოსი / ფოტო: GLYN THOMAS

 

დედამიწის ძალა, ისლანდია / ფოტო: SUE JUGNARAIN

 

გეოთერმული სადგური, ისლანდია / ფოტო: GLYN THOMAS

 

სტუდენტები რეპეტიციას გადიან რეგიონულ კონკურსზე ტრადიციული სიმღერების წარსადგენად. მზის შუქის ლამფები აქაურობისთვის ბუნებრივ განათებად გამოიყენება, უგანდა / ფოტო: RUBEN SALGADO ESCUDERO

 

თევზაობისთვის საჭირო ხელშუბის მზადება / ფოტო: LUKE DUGGLEBY

 

წყარო: earthphoto.world

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ჰაერში აზოტის დიოქსიდის მომატებული კონცენტრაცია აღინიშნა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასული კვირის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია გაზომა.

სააგენტოს ცნობით, შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

გასული კვირის განმავლობაში ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, მომატებული იყო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული. იგივე სიტუაცია იყო თბილისში, წერეთლის გამზირზე.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება.

30 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლისა და ყაზბეგის გამზირზე დაფიქსირდა, ხოლო 31 აგვისტოდან კონცენტრაციების მატება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. მომატებული PM10-ის კონცენტრაციები ფიქსირდებოდა 1-ელი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში. აღნიშნული გადაჭარბება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით იყო გამოწვეული. კერძოდ, მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასებით.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერი მიიჩნევა.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული

„ექსკურსიაზე სკოლის მერე პირველად ვარ” – ყოფილი პატიმრების ერთობლივი ლაშქრობა იმერეთში 

იაკობ გრიგორიევი ერთადერთი არ არის, ვინც გვითხრა, რომ სკოლის მერე პირველად იყო ექსკურსიაზე, ამასვე ამბობს ნუგზარ ჩიბაძეც. ორივე „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტშია ჩართული. 6 სექტემბერს მათთან ერთად კიდევ 51-მა ყოფილმა პატიმარმა, პრობაციონერმა და მათმა ოჯახის წევრებმა დალაშქრეს პრომეთეს მღვიმე, მოწამეთა და ოკაცეს კანიონი. იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრები ექსკურსიაზე ჯგუფურად წავიდნენ

ოკაცეს კანიონზე მთებში გამოკიდებული ბილიკის გავლის შემდეგ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ბენეფიციარებმა მიწისქვეშეთში პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს, მერე კი მოწამეთა მოინახულეს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარები ექსკურსიაზე. ოკაცეს კანიონი.

საპატიმროდან ახალგათავისუფლებულებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ხშირად არ ხარჯავს დიდ ძალისხმევას, ამ ადამიანებისთვის ასეთი გასვლები უმნიშვნელოვანესია, ექსკურსიაზე ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ… ბევრ გახარებულ სახეს ვხედავ, დღევანდელი დღე ყველას კარგად დაამახსოვრდება“, – ამბობს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარი ნუგზარ ჩიბაძე.

ნუგზარ ჩიბაძე – ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარი

ალექს წეველიძეც ამ პროექტშია ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ უსინათლოა, ყველგან დადის, თან მეგობარი ახლავს და უხსნის, სად როგორი ხედებია.

„ასეთი ტურები სტრესგავლილი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია. ძალიან ბევრს დავდივარ უსინათლობის მიუხედავად და ექსპერტის თვალით ვაკვირდები, არის თუ არა ტურისტული ადგილები ადაპტირებული. მერე შშმ პირებს თავად ვუწევ კონსულტაციას და წინასწარ ვეუბნები, სად რა გარემო დახვდებათ, რომელი ადგილების მონახულება ღირს და რომლის არა“, – ამბობს ის.

ალექს წეველიძე, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარი

როგორც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორმა, ნინო ხაჩიძემ აღნიშნა, ეს არ არის პროგრამის ბენეფიციარებისთვის პროექტით გათვალისწინებული პირველი ექსკურსია. სამომავლოდაც ბევრი სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.

ნინო ხაჩიძე: „დაგეგმილი გვაქვს ინტელექტუალური თამაშების მოწყობა ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის. საპატიმროში ყოფნისას ბრალდებულები ბევრს კითხულობენ, ფიქრობენ. გვინდა მათი ეს უნარები ყურადღების მიღმა არ დარჩეს და თამაშების იდეაც ამიტომ გაჩნდა.

ასევე ვგეგმავთ ბენეფიციართა შვილების სასკოლო ნივთებით მომარაგებას სწავლის დასაწყისში.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის კოორდინატორი ვარ და ექსკურსიის დროს ზედამხედველობით ვიყავი დაკავებული, მაინც მესმოდა მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ბენეფიციარების აღტაცებული, კმაყოფილი შეძახილები. ზოგმა პირველად ნახა ოკაცეს კანიონი და ვერ მალავდნენ პირველი შთაბეჭდილებებით გამოწვეულ სიხარულს, ზოგი სელფის გადაღებას მთხოვდა, ზოგიც ჯგუფურ ფოტოებს და ფეისბუქზე იმ დღესვე განთავსებას“.

ოკაცეს კანიონი

ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს ხშირად აქვთ განცდა, რომ გადატანილი სტრესისა და პრობლემების ფონზე მათ არ აქვთ გართობისა და განტვირთვის უფლება. სინამდვილეში კი სტრესისა და მძიმე გამოცდილებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება სწორედ განტვირთვა, გართობა და დადებითი ემოციებია.

6 სექტემბრის ექსკურსია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაიგეგმა, პროგრამას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ფონდ აფხაზინტერკონტთან”, „თანაზიართან” და „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან” ერთად ახორციელებს.

პატიმართა გაძლიერების პროექტი ფინანსურად ევროკავშირის მიერაა უზრუნველყოფილი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ()იპდემოკრატიის ინსტიტუტი და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

ქედის სოფლებს მალე მესამე ნაგავმზიდი მოემსახურება

წელს ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ ავტოპარკს მეორე ავტომობილი შეუძინა. მიმდინარე წლის იანვარში მერიამ „მანის“ მარკის ნაგავმზიდი 280 000 ლარად იყიდა, ხოლო ამჯერად მცირეტვირთამწეობის სატვირთო მანქანა – 14 700 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები უკვე სისტემატიურად გააქვთ, ქედის მერია სერვისის გასაუმჯობესებლად კვლავ აქტიურად მუშაობს.

2015 წლიდან დღემდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კუთხით მერიამ 800 000 ლარამდე დახარჯა.
2015 წლიდან დღემდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კუთხით ქედის მერიამ 800 000-მდე ლარი დახარჯა.

ახალი ავტომობილი მალე იმ უბნებს მოემსახურება, საიდანაც ნარჩენების გატანა ვერ ხერხდებოდა ჩიხური მდგომარეობის გამო. ასეთი მუნიციპალიტეტში სულ რვა ადგილია. სპეცავტომობილი ასევე გამოიყენება ნაგვის ურნების დეზინფექციის ჩასატარებლადაც.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თვითმმართველობამ სპეცავტომობილი – 250 000 ლარად და ყველა სოფლისთვის ნაგვის კონტეინერები შეიძინა. მანამდე ქედის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 120 ნაგავშემკრები ურნა იყო განთავსებული, ამჟამად კი ქედის 64-ვე სოფელში, ჯამში, 310 კონტეინერია.

2015 წლიდან დღემდე ნაგვის მართვის კუთხით მერიამ 800 000-მდე ლარი დახარჯა.

„ხულოს სახელი უნდა შეეცვალოს და ეწოდოს დიდაჭარა“ – საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს

„ქართველ ხალხს გენში გვაქვს სიძველის პატივისცემა, უძველესი კულტურით და მიღწევებით სიამაყე… ვთვლით, რომ ხულოს რაიონს უნდა შეეცვალოს სახელი სიძველით და უნდა ეწოდოს დიდაჭარის რაიონი,“ – წერია წერილში, რომლის შეტანასაც საინიციატივო ჯგუფი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპირებს.

„არსად არ გვეჩქარება ჯერ, ხელმოწერებს ვაგროვებთ, იმდენია, ვეღარ ვითვლით. ჯერ ხალხმა კარგად უნდა გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. ექსპერტების დასკვნებსაც ველოდები, მათ შორის, ენათმეცნიერის – ლევან ღვინჯილიას,“ – გვითხრა ბიზნესმენმა გოჩა ირემაძემ, რომელიც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია.

გოჩა ირემაძე კონკრეტულ წყაროებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ანდრია პირველწოდებული პირველად დიდაჭარაში მივიდა. „ეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ასეა. სად მივიდა პირველად ანდრია პირველწოდებული? – დიდაჭარის ქვეყანასო, წერია,“ – ამბობს გოჩა ირემაძე.

საინიციატივო ჯგუფის წერილში, რომელსაც მოსახლეობა ხელს აწერს, აღნიშნულია ასევე, რომ „დიდაჭარა“ ანბანის შექმნის დასაწყის თარიღს ნიშნავს კოლხურად [ჭანურად].

„დიდაჭარა“ დედა წერას ნიშნავს და ანბანის საწყისია… იყო ახლო პერიოდი, როცა დიდაჭარის სამმართველო არსებობდა და მოიცავდა დიდ ტერიტორიებს,“ – ვკითხულობთ წერილში.

საინიციატივო ჯგუფის წერილი ხარჯებთან დაკავშირებული აღნიშვნით სრულდება: „ცვლილებებთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულყოფილად გაიღებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გოჩა ირემაძე.“

ხულოს საკრებულოში საკითხის განხილვის შემდეგ საინიციატივო ჯგუფი პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს.

ხულოს საკრებულოში აცხადებენ, რომ მათთვის ჯერ არ მიუმართავთ.

 

„სახალხო აფთიაქი“ საკუთარ ფილიალებში თქვენი პროდუქციის რეალიზაციას გთავაზობთ

შპს სახალხო აფთიაქი ყველა დაინტერესებულ კომპანიას სთავაზობს პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას ქვეყნის მასშტაბით 75 ფილიალში, მათ შორის ისეთ მოშორებულ ან ძნელად მისადგომ რეგიონებში, სადაც სხვა ფარმაცევტული ქსელიც არ არის და ზოგადად, ქსელური სავაჭრო ობიექტების ნაკლებობაცაა. მაგალითად, სტეფანწმინდაში, ლენტეხში, თიანეთში, თეთრიწყაროში, წალკაში, ცაგერში.

„სახალხო აფთიაქის” საუბნო ტიპის აფთიაქებში მედიკამენტების გარდა ჩვენს მომხმარებლებს ბევრ სხვა საინტერესო პროდუქციას ვთავაზობთ. მათ შორის განვიხილავთ ისეთ პროდუქციასაც, როგორიცაა ჯანსაღი კვების, ეკოლოგიურად სუფთა ან ჰიპოალერგიული მოვლის საშუალებები, სახლის მოვლის საშუალებები, საოჯახო ნივთები, ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, სავარჯიშო მოწყობილობები, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ადვილად მოსახმარი ტექნიკა, კოსმეტიკური, მოზრდილთა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პროფესიული ტანსაცმელი და აქსესუარები, სპეციალური ან საბავშვო კვება ან ნებისმიერი სხვა საინტერესო ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროდუქციის ასორტიმენტი.

თუ თქვენ შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა საინტერესო პროდუქციის შემოთავაზება და გაქვთ სურვილი გაზარდოთ თქვენი პროდუქციის რეალიზაცია, ჩვენი კომპანია საუკეთესო პარტნიორის სახით მზად არის არა მხოლოდ ჩვენი სივრცე და თაროები შემოგთავაზოთ, არამედ ჩვენი გუნდის ცოდნა და გამოცდილება თქვენი პროდუქციის უკეთ წარმოჩენისა და მომხმარებლების კმაყოფილების ზრდის მიმართულებით. გთხოვთ გამოგვეხმაურეთ ან დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ბმულზე და ჩვენ შეგეხმიანებით.“

სახალხო აფთიაქის ასორტიმენტის განვითარების დირექტორი, ეკა ნაცვლიშვილი

შპსსახალხო აფთიაქი“ ;ბოჭორიშვილის 88/15; ტელ.:0322485858 ; natsvlishvili@pp.ge

საკონტაქტო პირები: ეკა ნაცვლიშვილი: 592 222 555 ; ხათუნა დალაქიშვილი: 579 79 51 66; ირინა ტყემალაძე: 579 55 90 90

ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩისთვის სახელის შეცვლას კიდევ ერთხელ ითხოვენ

ელექტრონული პეტიცია – „ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩის სახელის გადარქმევა“- ბათუმის მინიციპალიტეტის პეტიციების გვერდზე 3 სექტემბერს გამოქვეყნდა და მას უკვე 481 ხელმომწერი ჰყავს.

მოქალაქე დავით ფარტენაძე პეტიციით ითხოვს სახელი გადაერქვას რუსთაველის და გორგილაძის ქუჩების შემაერთებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას და მას ქართველი ჯარისკაცის ქუჩა ეწოდოს.

წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ქუჩას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება. გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსული იყო ქალაქ იზმირში.

„გავრცელებული სამოქალაქო კულტურის მიხედვით, ქუჩისთვის სახელის მინიჭება ხდება კონკრეტული პიროვნების გლობალური, ეროვნულ-მოქალაქეობრივი დამსახურებისა და შემოქმედებითი ღვაწლის მიხედვით.

მაგალითად მოგვყავს ციტატა, რომელ არგუმენტზე დაყრდნობითაც მაშინდელმა საკრებულოს შემადგენლობამ იხელმძღვანელა: „მოქალაქე ნურეთინ ჩარმიქლის მიერ ქალაქ ბათუმში განხორციელდა ინვესტიცია, რის საფუძველზეც დღეისათვის ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N28-ში განთავსებულია უნიკალური, თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების ობიექტი, სადაც ფუნქციონირებს საერთაშორისო იმიჯის მქონე სასტუმრო “შერატონი”.

… ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი ასრულებდა კონკრეტული ფინანსური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რისგანაც მან მიიღო ფინანსური მოგება. ანუ, შესაბამისად ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი არ ახორციელებდა საზოგადოებრივ, კულტურულ, საგანმანათლებლო და/ან საქველმოქმედო საქმიანობას. მისი ღვაწლი უნდა შეფასდეს, როგორც კონკრეტული ბიზნესქმედება.

ჩვენ, პეტიციის ხელმომწერთ, მიგვაჩნია, რომ ქალაქ ბათუმში მდებარე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას გადაერქვას სახელი და დაერქვას „ქართველი ჯარისკაცის“ სახელი. თუმცა ამასთანავე, ვაცხადებთ სრულ მზაობას, მოცემული ქუჩის ახალი სახელის შესარჩევად იმსჯელოს ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოს, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიამ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ქუჩაზე ქალაქ ბათუმში არ არის რეგისტრირებული არც ერთი მოსახლე, შესაბამისად აღნიშნული ქმედება არ გამოიწვევს ფინანსურ ხარჯებს და ქალაქის მერიისთვის არ დადგება ბიუჯეტიდან გაუთვალისწინებელი ფინანსების გამოყოფის საჭიროება“, – აღნიშნულია პეტიციაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ. ბათუმის საკრებულოში პეტიცია ამ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით 2017 წლის იანვარში შევიდა, მაშინ საკითხი საკრებულომ განიხილა, თუმცა ქუჩას სახელწოდება არ შეცვლია.

___________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან 

კონკურსი რვა აღმზრდელისა და ერთი გამგის შესარჩევად ბათუმის საბავშვო ბაღებში

ბათუმის ბაღების გაერთიანება სხვადასხვა ბაღისთვის რვა აღმზრდელსა და ერთი ბაღის გამგეს კონკურსის წესით შეარჩევს. ბაღის აღმზრდელის ხელფასი 500 ლარია, ხოლო გამგის ხელფასი – 850 ლარი. გამარჯვებულებს სამსახურში ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დაასაქმებენ.

თითო აღმზრდელის პოზიციაა ვაკანტური ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის N65-ში მდებარე N15 საბავშო ბაღში, კოტე აფხაზის N4 -ში მდებარე [ადლიის დასახლება] N28, ბარცხანის დასახლებაში, იოსებ ნონეშვილის  N60-ში მდებარე N30 ბაღში, ფრიდონ ხალვაშის XII ჩიხში მდებარე N32 ბაღში, დავით აღმაშენებლის  N5-ში მდებარე N11 ბაღში, მამია ვარშანიძის I ჩიხში მდებარე N33-ე ბაღში, თამარის დასახლებაში მდებარე N34-ე და  თამარის დასახლებაში მდებარე, ახალაშენებულ N34-ე საბავშვო ბაღში.

ვაკანტურია თამარის დასახლებაში მდებარე ახალაშენებული, N34-ე საბავშვო ბაღის გამგის პოზიცია.

კონკურსი სამეტაპიანია. პირველი ეტაპი – განაცხადების გადარჩევაა, შემდეგი – წერითი დავალება, მესამე ეტაპი კი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაა.

კონკურსანტებს  მოეთხოვებათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის ცოდნა.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 14 სექტემბერია.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ მიმართულებაში, სკოლამდელი აღზრდის სფეროში პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და სკოლამდელ დაწესებულებაში ან სხვა დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად ან ადრეული ინტერვენციის სფეროში პრაქტიკოსად მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

 

ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ფოტოამბავი]

დღეს, 7 სექტემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ფოტო: „ბათუმელები“

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

„მუსიკა ჩართეთ, ვიცეკვო უნდა“, – მოხუცები ზრუნვის ცენტრიდან

„11 თვე, 3 კვირა და კიდევ 4 დღე აქ ვარ,“ – თქვა მან დამარცვლით და ფანჯარასთან ჩამოჯდა. მერე გაკვირვებით შემხედა, რადგან ვკითხე: რატომ ითვლით ასე დღეებს? ამბობს, რომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და იმ დღის გათენებას ელის, როცა შვილიშვილებს ნახავს. ნელი [სტატიაში სახელები შეცვლილია] ერთ-ერთია, ვინც ბათუმის სამედიცინო ცენტრში ფსიქიკური პრობლემის მქონე ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს. თავშესაფარში სულ 50 მოხუცის ადგილია. ერთი წლის წინ გახსნილ თავშესაფარში ყველა ადგილი დაკავებულია. 6 მოხუცი კი რიგში დგას.

„თავშესაფარს არ ვეძახით, ცუდად ხვდებათ ადამიანებს ყურში არსებული სტიგმის გამო. მოხუცებსაც არ მოსწონთ, არც მათ შვილებს. ეს ხანდაზმულთა სადღეღამისო ზრუნვის ცენტრია,“ – გვიხსნის ეკა ზოიძე, ბათუმის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. შენობის მესამე სართულზე ავდივართ, თეთრ ფოიეში ხანდაზმულები შეკრებილი უკვე გვხდებიან: მდივნებზე ჩამომსხდარან, ტელევიზორი ჩაურთავთ და დუმან.

„ლაპარაკით დაღლილები ვართ ჩვენ“, – ამბობს ერთი ირონიით და მიღიმის. მერე ვეკითხები, ტელევიზორის ყურების გარდა, კიდევ რას აკეთებთ-მეთქი. „ვცეკვავთ“, – ერთხმად მპასუხობენ ისინი და იღიმიან.

„ცეკვა თითქმის ყველას უყვარს, მუსიკაც ჩავუწერეთ ამას წინათ. ქართული მუსიკები მოითხოვეს,“ – მიყვება მომვლელი და მოხუცების გვერდით ჯდება. მოხუცები საუბარს იწყებენ. ყვებიან, როგორ ემადლირებიან ზრუნვის ცენტრს, როგორი სისუფთავე აქვთ, კარგი კვება…

მოხუცებს ზრუნვის ცენტრში რამდენიმე ექთანი და მომვლელია. ცენტრს ექიმი-ფსიქიატრის გარდა ნევროლოგი და კარდიოლოგიც ემსახურება. დღეში ცენტრის ბენეფიციარებს სამჯერადი კვება აქვთ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ხანდაზმულის აქ მოთავსება საპენსიო ასაკიდან შეიძლება. ერთი პაციენტის მომსახურების საფასური თვეში 750 ლარია. აჭარაში მცხოვრები მოხუცების ხარჯს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, სხვა რეგიონების მცხოვრებლებს კი ფულის გადახდა უწევთ. ასეთი ცენტრში სულ 4 მოხუცია.

„მუსიკა ჩართეთ, ვიცეკვო უნდა,“ – ამბობს ერთი და ფეხზე დგება. მუსიკა ირთვება. ის ნელი მოძრაობით იწყებს ცეკვას. მეორეც დგება, მესამეც. „ხომ ლამაზი გოგოები ვართ?“ – კითხულობს ერთი. „გთხოვთ, ჩემს დედამთილს აჩვენეთ ეს კადრები, ნახოს, როგორ ვცეკვავ,“ – ამატებს ისევ ის, ცეკვა პირველმა რომ დაიწყო და ფოიეს თეთრ კედლებზე გამოფენილი მოხუცების ნახატებისკენ აპარებს თვალს.

ნელი: აქ არ მინდა მნახონ შვილიშვილებმა

ნელი 70 წლისაა. ეს ის მოხუცია, დღეებს რომ ითვლის. მასთან ოთახში შევდივარ და ვუსმენ.

„შვილიშვილი მყავს ოთხი, უფროსი ბიჭი 20 წლის ხდება უკვე. იცი, როგორ მენატრება, ვერ გიხსნით… არა, არ მინდა, რომ მნახონ. რომ ვნახო შვილიშვილები, დამიბრუნდება ყველა ტკივილი. აქ არ მინდა, რომ მოვიდნენ. ასე რომ მოხდეს, აქ ვეღარ უნდა გავჩერდე მაშინ.

შვილიშვილები აფხაზეთში გავზარდე. იქ ჩემი მული ცხოვრობდა, გალში. ისინი პეტერბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად და გალის სახლში თავისი მული დატოვა, ავადმყოფობდა ის ქალი და მე ვუვლიდი. 40 კილო იყო რომ დამიტოვა, მე 70 კილო დავახვედრე. ყველას მოსწონდა ჩემი გაკეთებული საჭმელები. ჰოდა, იქ გადავდიოდი ფარული გზებით, წყალშიც გამიცურავს… ზუგდიდში არის „მარშუტკა“ და იმას გადავყავდი ფარულად.

ერთხელ, იქედან როცა ვბრუნდებოდი, რუსმა გენერლებმა გამაჩერეს. ვუთხარი, შვილიშვილია ჩემი და კბილი სტკივა, უნდა გამიშვა-მეთქი. ჩემს სიძეს იცნობდნენ და გამომიშვეს.

მეუღლე ოთხი წლის წინ მომიკვდა. ის რომ მოკვდა, მოკვდა ჩემი ცხოვრებაც… ძველებური წესით გამათხოვეს. სახეზე არც შემიხედია, ისე. გავყევი თუ არა, ჯარში გაიწვიეს. იქედან რომ დაბრუნდა, მე უკვე შვილი მყავდა. რა სჯობია ახალგაზრდობას, კარგად რომ ხარ, არ გგონია, ცუდი თუ იქნება რამე.

აქ კარგია ყველაფერი, ოჯახზე მეტია, მაგრამ ოჯახს მაინც ვერ სჯობია რამე.

 

ნატო: კარგი იქნება, აივნიანი სახლი…

„მოწყენილი ვარ, სულ მოწყენილი“ – გვითხრა ნატომ, რომელიც ნელისთან ერთად ცხოვრობს. ნატო ფიქრობს, რომ ხანდაზმულებს რამე საქმე უნდა ჰქონდეთ.

„10 წუთი რომ უსაქმოდ დავრჩე, უკვე ვერ ვისვენებ, რამე მინდა ვაკეთო… ხანდახან გოგოებს ვთხოვ და სარეცხს ვფენ. სხვა რა შეიძლება გავაკეთო აქ? ქსოვა შემიძლია, ძაფს დავართავ, გავჩეჩავ, დავართავ…

ახლა წინ რომ სახლი შენდება, იქ უნდა გადაგვიყვანონ. გვითხრეს, რომ იმ შენობას დიდი აივნები ექნება, ეს კარგია. ჩვენ ხშირად ეზოში ჩავყავართ სასეირნოდ, ზოგს უჭირს სიარული და აქ რჩება. აივანი როცა გვექნება, ისინი აივანზე მაინც გამოვლენ.

აქ გვივლიან, თმები შეგვჭრეს, მანიკურიც კი გამიკეთეს,“ – ამბობს ის და საკუთარ ხელებს აკვირდება.

ნატო მოხუცების ხელნაკეთ ნივთებს მაჩვენებს: ფერადი თვლებით მორთულ ნატვრის ხეს, თმის სამაგრებს, ასევე ფერადს.

 

ნუგზარი: ჩემ სანახავად არავინ მოდის

„აი, ნუგზარი ჩაწერეთ, მაგას ისეთი ენა აქვს…“ – მითხრეს მოხუცებმა, როცა ფოიეში დავბრუნდი.

ნუგზარი გურიიდანაა. მოხუცებს და მომვლელებს ის ერთნაირად უყვართ, რადგან იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ნუგზარი ქუდების სიყვარულითაც გამორჩეულია. ერთი ქუდი ახურავს, მეორე – ხელში უჭირავს. „აი „ზაპასიო“, – მიღიმის.

„ავტოელექტრიკოსი ვარ მე, პროფტექნიკუმი მაქვს მის დროზე დამთავრებული, 28 წელი ვიმუშავე. მერე მაცივრების ხელოსანიც ვიყავი, აქაც რომ გაფუჭდება რამე, მე მეუბნებიან.

უცოლშვილო ვარ. თავიდან მე დამიწუნეს, მერე მე დევიწუნე და დავრჩი ასე… მე რომ მომეწონა, ის გოგო მისმა მშობლებმა არ ქნეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მოხდა. ვარ ახლა აქ და ერთმანეთს ჩანაფიქრებს ვუზიარებთ?

ხანდახან მარტო ყოფნა მინდა, სიმშვიდე, ოთახში ვიკეტები, არავის ვუშვებ… მერე ვმშვიდდები.

არავინ მოდის ჩემს სანახავად, სულ არავინ.“

ნუგზარს მომვლელმა შეახსენა, რომ ძმა ნახულობს. „ჰო, იყო ამას წინათ, შემოიარა,“ – დასძინა მან და თავზე შემოიწყო ორივე ხელი.

საუბრის დროს ფოიეში მხოლოდ ერთი მოხუცი მოძრაობდა ხელში პარკით. მომვლელების თქმით, გურამს სახლში წასვლა უნდა და მუდმივად ემზადება, ყოველდღე.

„ჰო, მივდივარ. დამირეკეს და მოდიან უკვე, გზაში არიან… აქაც კარგია, მაგრამ სახლში მინდა, მანდარინში მაქვს სამუშაო,“ – გვითხრა მან აჩქარებით და ისევ დერეფანს გაუყვა.

 

სამედიცინო ცენტრის დირექტორი: სხვადასხვა კატეგორიის თავშესაფარი გვჭირდება

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის დირექტორი“ ეკა ზოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა კატეგორიის თავშესაფრის საჭიროება არსებობს. მისი თქმით, 6 მოხუცი ამჟამადაც ელის ზრუნვის ცენტრში მოხვედრას.

„ვარჩევთ დიაგნოზის მიხედვით… სხვადასხვა სახის პრობლემა იკვეთება. არსებობენ მოხუცები, რომლებიც შესაძლოა გაუშვა, თუ სახლში მომვლელი ჰყავს. ერთი მოხუცია, ვისი ყველა შვილი თურქეთშია წასული, სად გავუშვათ? ისინი ძალიან სენსიტიურები არიან, ყველაფერს გრძნობენ, ახლოს მიაქვთ გულთან,“ – გვიყვება ეკა ზოიძე.

სახელმწიფო ვაუჩერი ექვსთვიანია. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუკი სამედიცინო ჩვენება დადებითია, მოხუცს შეუძლია ცენტრი დატოვოს. ცენტრის დირექტორის თქმით, ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის სადღეღამისო ზრუნვის განყოფილებაში ის მოხუცები ხვდებიან, ვისაც ფსიქიკური დაავადება მწვავე ფორმით არ აქვთ და სტაციონარში განთავსება არ სჭირდებათ.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის შენობას არემონტებენ. აქ მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა უნდა გაიხსნას. ცენტრის დირექტორი, ეკა ზოიძე ამბობს, რომ მრავალპროფილურობა სტიგმის შემცირებას შეუწყობს ხელს. „არ მინდა, მუდმივად ფსიქიატრიულად მოიხსენონ ეს კლინიკა, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს ის.

ფსიქიკური პრობლემის მქონე რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში? – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გვითხრეს, რომ ამ მონაცემს პირდაპირ ვერ გვეტყვიან და საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

2014 წლის მონაცემებით კი, საქართველოში 85 ათასამდე ადამიანი იყო რეგისტრირებული, როგორც ფსიქიკური დაავადების მქონე. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის ზრუნვის ცენტრი ბათუმის გარდა ხონის ფსიქიატრიის ეროვნულ ცენტრშია, სადაც ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე 100 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.

 

 

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ პირველ ოქტომბერს დაიწყება

პირველი ოქტომბერს აჭარაში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყება. ფესტივალს ა(ა)იპ „ანიმაციის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „პერსონაჟი“ ჩაატარებს.

ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო და საინფორმაციო ჩვენებები გაიმართება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურისა და ქედის კულტურის სახლებში.

ამავე ფესტივალის ფარგლებში ბათუმის მერიამ არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 40 000 ლარია. სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, არასაკონკურსო პროგრამა 4ოქტომბრიდან  6 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს.

შესყიდვის პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზება ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებული პროგრამისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, კომპანიას უნდა ჰქონდეს 2017-2018 წლებში შექმნილი უცხოური ანიმაციური ფილმების ჩვენების უფლება [30 ფილმი], ამავე წლებში შექმნილი უცხოური ანიმაციური ფილმების თარგმნა – გახმოვანების უფლება [30 ფილმი] და შეეძლოს საფესტივალო ფილმების ჩვენებისთვის არანაკლებ 100 ადგილზე გათვლილი დარბაზით უზრუნველყოფა.

გასულ წელს იმავე ფესტივალის ორგანიზებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა, ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზება კი შპს „პროექციამ“ უზრუნველყო.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტზე იმუშავებს, უკვე გამოვლენილია.

სააგენტოს ცნობით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო ტენდერში გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ, CITYFORESTER-მა გაიმარჯვა, რომელიც პროექტს მოამზადებს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC-ი და IMAGINE STRUCTURE და ერთი ქართული ორგანიზაცია CENN-ი ჩაერთვება. 

პროექტის მომზადება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს სამხრეთ კავკასიაში (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა) და აღკვეთილს (4702 ჰა) მოიცავს.

__________

მთავარ ფოტოზე: ბილიკი კინსტერბოშის ბოტანიკურ ბაღში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 

Exit mobile version